ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ყოველდღიური ევოლუცია- რესურსი ბიოლოგიის გაკვეთილებისთვის

0

უკანასკნელი 105 წლის განმავლობაში მსოფლიომ ხუთი პანდემია გადაიტანა:

  • 1918 წელი – ესპანური გრიპი – ე.წ. ისპანკა;
  • 1958 წელი – აზიური გრიპი – H2N2;
  • 1968 წელი – გრიპი H3N2;
  • 2009 წელი – ღორის გრიპი H1N1;
  • 2019 წელი – კოვიდ-19.

ხუთივე სხვადასხვა სახეობის გრიპის ვირუსით იყო განპირობებული. სეზონური გრიპის წინააღმდეგ აცრა ყოველ წელს უნდა ჩაიტაროს ადამიანმა, განსხვავებით დიფთერიის, ტეტანუსისა და სხვა მიკრობებით გამოწვეული დაავადებებისგან. ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული კოვიდის ვირუსის შტამების სახელები – ბრიტანული, დელტა – ინდური, ომიკრონი და სხვა. ე.წ. ომიკრონის შტამის ვირუსი ათზე მეტი ცილით განსხვავდება პირველი შტამის ვირუსისგან. რა არის ასეთი სწრაფი ცვლილების მიზეზი? რა თქმა უნდა, ევოლუცია.

როცა სიტყვა „ევოლუციას“ ახსენებენ, უმრავლესობა ძალიან ხანგრძლივ პროცესს წარმოიდგენს, რომელიც უხსოვარ დროში მოხდა. სინამდვილეში იმ ორგანიზმების ევოლუცია, რომლებსაც ძალიან სწრაფი გამრავლება ახასიათებთ, ჩვენს თვალწინ ხდება, როგორც კოვიდ-19-ის შემთხვევაში.

ბიოლოგიის მასწავლებლისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ამ თემაზე შეადგინოს დავალება, ან დაგეგმოს სასწავლო პროექტი. ჩემი დავალება გათვლილია მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებზე, თუმცა ბიოლოგიის სტანდარტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ის მეათე კლასშიც განხორციელდეს.

თემა: ევოლუცია;

საკითხები:

  • ევოლუციის თეორიები (ლამარკი, დარვინი, უოლესი);
  • სახეობა, სახეობის კრიტერიუმები;
  • მიკროევოლუცია და მაკროევოლუცია;
  • ბუნებრივი გადარჩევა და სახეობათა წარმოშობა;
  • შეგუებულობების ჩამოყალიბება;
  • ევოლუციის მტკიცებულებები.

მოსწავლე მოამზადებს სტატიას სახელწოდებით ,,ყოველდღიური ევოლუცია“.

 

ინტერესის აღძვრის მიზნით მოსწავლეები ნახულობენ სურათს:

მასწავლებელი დასვამს შეკითხვებს (შეკითხვები სავარაუდოა):

  1. რა არის გამოსახული სურათზე?
  2. სხვა რა საშუალებები არსებობს მწერებთან საბრძოლველად?
  3. ყოველ წელს ერთსა და იმავე საშუალებას იყენებთ? რატომ?

(მოსწავლეები უნდა მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მწერებზე დროთა განმავლობაში აღარ მოქმედებს წამალი. ამ ეტაპზე შესაძლოა მეათე კლასიდან გაიხსენონ ტერმინი ,,შეგუებულობა“, ,,ადაპტაცია“).

როცა ახსენებ ევოლუციას, ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად ჩარლზ დარვინს გაიხსენებს. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ შეიძლება ჯერ კიდევ ჰქონდეთ განსხვავებული წარმოდგენა დარვინის თეორიასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ განწყობილიც ბევრია. მასწავლებლის არგუმენტაციას, ტონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს. როცა დარვინის თეორიას სწავლობენ, მშობლების დამოკიდებულებაც განსხვავებულია. მათთან კონსტრუქციული კომუნიკაციისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

რაც არ უნდა ვთქვათ, ვიფიქროთ, დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, ჩარლზ დარვინი ინგლისის მეფეებისა და დედოფლების გვერდითაა დაკრძალული ვესტ მისტერის სააბატოში. მან აჩვენა სამეცნიერო ეთიკის საოცარი მაგალითი, როცა უოლესის თეორიასთან დაკავშირებით მეგობრებს მიმართა: „საერთოდ დავწვავ მთელ წიგნს, თუ ვინმე, მით უმეტეს უოლესი, იფიქრებს, რომ არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი“.

ჩარლზზე საკუთარ მამასაც არ ჰქონდა სერიოზული წარმოდგენა. „თოფის სროლის, ძაღლებთან თამაშისა და ვირთხების დევნის მეტი არაფერი გაინტერესებს – ასე თავსაც მოიჭრი და ოჯახსაც შეარცხვენ“ – ასე მიმართა 16 წლის დარვინს მამამ.

„კემბრიჯში გატარებული სამი წელი ჩემთვის… ისევე უაზროდ გაფლანგული დრო იყო, როგორც მანამდე – ედინბურგსა და სკოლაში“.

,,ჩემნაირი საშუალო შესაძლებლობების კაცისგან მართლაც გასაკვირია, რომ მოვახერხე და საგრძნობი გავლენა მოვახდინე მეცნიერებაზე და მათ შეხედულებებზე ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“ – ჩარლზ დარვინი, 3 აგვისტო, 1876 წელი (წყარო: სახეობების წარმოშობა/დარვინი, გამომცემლობა დიოგენე 2022 წელი).

ჩარლზ დარვინის გავლენა იმდენად დიდი იყო არა მხოლოდ მეცნიერებაზე, არამედ საერთოდ კულტურაზე, რომ რამდენიმე ფილმიც გადაიღეს, სიმღერებიც ჩაწერეს:

https://www.youtube.com/watch?v=r547erujr9Y ჰეი ჩარლი (სუზი კუატრო).

„გას ვან სენტის ფილმი „არ დანებდე (ინგლ. ,,Restless”) 2011 წელს გამოვიდა და ორი ახალგაზრდის – ანაბელისა და ენოქის – ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ორივე ეგზისტენციალურ კრიზისშია. რაც, სავარაუდოდ მათი ურთიერთმიზიდულობის მიზეზი ხდება. ერთ-ერთ ეპიზოდში ენოქი ანაბელის ჩანთაში ხედავს წიგნს დარვინის პორტრეტით. ამას მოჰყვება დიალოგი:

  • რას კითხულობ?
  • დარვინის ბიოგრაფიაა, ახალი გამოცემა.
  • ევოლუციონისტის?
  • ჰო, ჩემი კერპია.
  • რატომ?
  • რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი იდეის ავტორია, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ისეთი ნიჭიერი იყო, შეძლო დაენახა, როგორ არის მოწყობილი სამყარო, ან შეიძლება იმიტომაც, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ მეცნიერთაგან, ვინც კი ოდესმე ყოფილა ისტორიაში“.

(წყარო: სახეობების წარმოშობა/დარვინი, გამომცემლობა დიოგენე 2022 წელი). რესურსები მასწავლებლისთვის:

 

 დავალების პირობა

ამ თავში გაეცნობი

სავარჯიშოები

დასკვნა

ევოლუციის თეორია

ლამარკი, დარვინი, უოლესი

ბუნებრივი გადარჩევა

პირველი ორგანული მოლეკულა

პირველი უჯრედი

ევოლუციის მტკიცებულებები

ნამარხები

მოლეკულური მტკიცებულებები

მიკროევოლუცია და მაკროევოლუცია

სახეობის წარმოქმნა

ეუკარიოტების ევოლუცია

გეოლოგიური დროის სკალა

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://publika.ge/article/bolo-100-wlis-yvelaze-cnobili-pandemiebi/

რა ვიცით ომიკრონის შესახებ;

სახეობების წარმოშობა/დარვინი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2022 წელი

სალიტერატურო სპორტი

0

ამ წერილის სათაური ერთი უჩვეულო პოეტური ტექსტიდან ავიღე, დათო ბარბაქაძემ რომ წაიკითხა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე. პოეტური ტექსტი მისი რედაქტორობით გამოცემული ჟურნალის წინასიტყვაობაა. არ ვიცი, გრაფიკულად როგორ გამოიყურება, ამიტომ სტრიქონებად იმის მიხედვით ვანაწილებ, როგორც წაკითხვისას მესმის (შეგიძლიათ, თქვენც მოისმინოთ: https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=211073818479758 ):

„ჟურნალი გამოდის არარეგულარული პერიოდულობით.

გამოქვეყნებული ტექსტები არაჰონორირებადია.

ჟურნალი არაკომერციულია და მისი ტირაჟი ამოწურვამდე

საჩუქრად ურიგდება ავტორებს, მკითხველებს და ბიბლიოთეკებს.

ჟურნალი არ თანაუგრძნობს სალიტერატურო სპორტის არცერთ სახეობას

და განკუთვნილი არ არის სამწერლო ბიზნესში დასაქმებული ავტორებისთვის.

ის არც არასრულწლოვანი და ყველა ჯურის მეინსტრიმზე ორიენტირებული მკითხველისთვის არის განკუთვნილი.

რედაქტორი, შესაძლებლობისამებრ, განაგრძობს თავდაცვას მატერიალისტური მოტივაციით მებრძოლთა დაუნდობელი მონდომებისგან,

მაღალი იდეალებით შენიღბულ მათ ბიზნესგეგმებს

ნებისმიერი მოყვასი სიყვარულით დაექვემდებაროს

და მათი მომხმარებლური მიზნების სამსახურში იქნას ჩაყენებული

ნებისმიერი არამატერიალისტური პლატფორმა.“

ვუსმენდი და ვფიქრობდი, ღმერთო-მეთქი, ეს ხომ მე ვარ?! მე ვარ ეს – „სალიტერატურო სპორტში“ ჩართული. მანამდე დათო ბარბაქაძემ ისიც თქვა, ჩემს ლექსებს მხოლოდ ახლობლები კითხულობენ და საკმარისიაო. არასდროს მქონია იმისი ამბიცია, მრავალ ენაზე თარგმნილი ავტორი ვყოფილიყავიო. ამ წინასიტყვაობის წაკითხვამდე კი აღნიშნა, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ციფრული ტექნოლოგიების აღზევებას მოვესწარი – ახლა ყველა ეს ლიტერატურული პრემია და ჯილდო ამ ტექნოლოგიებს დარჩებათ, პოეზიაში კი ის ადამიანები იქნებიან, ვინც სიგიჟემდეა შეყვარებული ამ საქმეზე და ისინი, უბრალოდ, ლექსებს დაწერენო.

შემშურდა – რა იქნებოდა, მეც ასე დაცლილი ვყოფილიყავი ეგოსგან, ფუჭი ამბიციებისგან?

საერთოდ, რაც ლიტერატურაში ფეხი შემოვდგი, განდეგილ მწერლებს („ბოჰემურ მწერლებსაც“ რომ უწოდებენ) შევნატრი. იქნებ ნამდვილი ხელოვნება სწორედ ჯილდოებისა და ზიზილპიპილოების მიღმაა, სისტემის მიღმა? იქნებ იყო ხელოვანი, ნიშნავს, გარკვეული თვალსაზრისით, იყო აუტსაიდერი, მარგინალი? სულ მაქვს ეს ფიქრი. ამიტომაა, რომ ჩემთვის მოსაწონ წიგნებს არ ვარჩევ ლიტერატურული წრის მიერ ნაქებ და ატაცებულ წიგნებს შორის. ამიტომაა, რომ რეცენზიებს სრულიად განზრახ იმ რომანებსა და პოეტურ კრებულებზე ვწერ, რომლებიც, ჩემი აზრით, ვერაა დაფასებული სათანადოდ.

მეორე მხრივ, შეჯიბრები ისედაც სულ მძულდა, ინტელექტუალური თამაშებით დაწყებული (რომლებშიც მონაწილეობას ყველა მავალდებულებდა, როგორც კარგ მოსწავლეს, მაგრამ მე ჯიუტად ჩემს აზრზე ვიყავი) სტუდენტურ-ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსებით დამთავრებული. ეს კიდევ ერთი სენია: ჩვენში რატომღაც მიიჩნევა, რომ ლიტერატურაში აუცილებლად რომელიმე კონკურსის გავლით უნდა მოხვიდე – ასე გაგიცნობს ლიტერატურული წრე, ასე იშოვი გამომცემელს და მერე შეიძენ მკითხველსაც.

სინამდვილეში, შემოქმედებასთან კონკურსებს კავშირი არა აქვს. ამას მაშინღა მივხვდი, როცა შემოქმედებითი წერის ბანაკში წავედი უკრაინელ, სომეხ, რუს და თურქ მწერლებთან ერთად. აღმოჩნდა, რომ კონკურსები კი არა, სწორედ ეს მჭირდებოდა – ადამიანები; ადამიანები, რომლებიც იმავე ცხოვრებისეულ ეტაპზე არიან, რომელზეც მე და იმავენაირ პრობლემებთან უხდებათ გამკლავება. იმ დროს უკვე ვმუშაობდი „აკუმზე“. არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა ამხელა ტექსტისთვის, რომლის მეოთხედიც არ დამეწერა ჯერ და არც ის ვიცოდი, რა მომეხერხებინა ჩემი ცხოვრებისთვის. ჩემი ცხოვრება კი ერთგვარად ჩიხში იყო – ძველი ჩამოინგრა, ახალი ჯერ არ ჩანდა. ჰოდა, სწორედ ბანაკში ვიპოვე ის ხალხი, ვისაც ამაზე დაველაპარაკებოდი. ამ საუბრებმა მიმახვედრა, რომ არაფერი ანომალიური მე არ მჭირდა. ლიტერატურაში მოსასვლელად კი უკვე გატკეპნილ ბილიკს არ უნდა გავყოლოდი, ჩემი გზა უნდა მეპოვა, ოღონდ ნაღდ შემოქმედებაში, კონკურსებში კი არა.

ჩამოსულმა ჩემს მაშინდელ მეგობრებს გავუზიარე ეს დამოკიდებულება – ყოველწლიურად მონაწილეობდნენ რომელიღაც კონკურსში და სიტყვამ მოიტანა. მათგან ერთმა ასე მითხრა, ჰო, რა თქმა უნდა, ნანა, შენ უდაბნოში განრიდებული ბრძენი ხარ და ეს ყველაფერი არ გეხებაო.

„უდაბნოში განრიდებული ბრძენი“! და ახლა? აქამდე როგორ მოვედი? ეს ხომ არ ყოფილა ჩემი მიზანი: პატივი, დიდება, ჯილდოები და ეთერიდან ეთერში სიარული? ამისთვის ხომ არ მინდოდა ლიტერატურაში მოსვლა? ჩემი მიზანი თავისუფლების განხორციელება იყო, ჩემი თავისუფლების მანიფესტაცია ლიტერატურის მეშვეობით. ამის ნაცვლად კი შეჯიბრსა და იერარქიაზე დამყარებული სისტემის ნაწილი გავხდი, მის შუაგულში ვტრიალებ. ეს სწორია? ასე უნდა იყოს? იქნებ – არა, და პირიქით, დიდი შეცდომაა, ამ ორომტრიალში თავით რომ ვარ გადაშვებული?

თქვენ, ალბათ, არ გესმით, მაინც რატომაა სისტემის ნაწილად ყოფნა ასე ცუდი. შევეცდები, პუნქტებად ჩამოგიყალიბოთ:

 

  1. შემოქმედებითი თავისუფლება მეზღუდება

ბოლოს როდის დავწერე ის, რაც მე მინდოდა და არავის დაუვალებია? ბოლოს როდის ვიმუშავე ჩემთვის მშვიდად, შინ, არც რამე პროექტის და არც რამე პროგრამის ფარგლებში? არ ვიცი. თითქოს ეს არ კმაროდეს, ყოველი გამარჯვების მოლოცვისას, აუცილებლად მოადევნებენ: „არ გაჩერდე!“ „სულ წინ უნდა იარო!“

სინამდვილეში, თუ შემოქმედება გინდა და არა – დიდება, სწორედაც უნდა გაჩერდე და ხანდახან უკანაც უნდა დაბრუნდე. ავტორი არ ირჩევს სათქმელს, არც – ტექსტს, ტექსტი და სათქმელი თავად ირჩევენ ავტორს და ირჩევენ სწორედ მაშინ, როცა ის მათ მისაღებად მზადაა, არც ამაზე ადრე და არც – გვიან. მზაობის შეგრძნება მნიშვნელოვანია. ამ შეგრძნებას უნდა დაელოდო.

მეორე მხრივ, შემოქმედებითი ენერგიის არასწორად გადანაწილებამ შეიძლება, ფატალურ შედეგამდეც მიიყვანოს ადამიანი. ამას წინათ ალექსეი სულთანოვზე ვნახე დოკუმენტური ფილმი. მას შემდეგ სულ მახსოვს მისი მაგალითი. სულთანოვი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი პიანისტი იყო. მისი კარიერა ბრწყინვალედ გაგრძელდა ჯერ ამერიკაში, შემდეგ – იაპონიაში. გიჟური რეჟიმი ჰქონდა – ყოველკვირა კონცერტი, ზოგჯერ – კვირაში ორჯერაც და მოკლე-მოკლე შუალედებით, დღეგამოშვებით, მაგალითად. მისი ძმა ჰყვება, კონცერტებზე ემოციურადაც და ფიზიკურადაც ბოლომდე იხარჯებოდა, ყველაფერს გასცემდაო. ოცდაათ წელს გადაცილებულმა ორჯერ გადაიტანა ინსულტი. მეორე ინსულტმა პარალიზება გამოიწვია და მისი მუსიკალური კარიერაც დასრულდა. ამის შემდეგ რამდენიმე თვეში გულის შეტევით გარდაიცვალა, მხოლოდ 35 წლისა.

  1. ა რ ა ვ ი ნ უფრთხილდება ჩემს დროს

ეს იმით გამოიხატება, რომ ძნელად ან საერთოდ არ ესმით ჩემი უარი. ხან კი ცდილობენ, თავიანთი საქმეც მე გამაკეთებინონ: ერთ გადაცემაში უნდა მივსულიყავი. ჟურნალისტმა მომწერა, შეკითხვები წინასწარ ხომ არ გავიაროთო. ავუხსენი, საჭირო არაა ჩემთვის, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, გავიაროთ-მეთქი. როგორ გგონიათ, შეკითხვების წინასწარ გავლა რას ნიშნავდა? ღამით დამირეკა და საათ-ნახევარი მალაპარაკა ჩემი წიგნების შინაარსზე. მეორე დღეს კი წარდგენისას ის თქვა, რაც წინა საღამოს ვუთხარი. ის ჟურნალისტია, მისი მოვალეობა და საქმე ინფორმაციის მოძიებაა. ყველაფერი ეს, რაც მე გამომკითხა და რაშიც დრო დამაკარგვინა, მისი დასაძებნი და წასაკითხი იყო.

  1. ჩემი სტატუსი განსაზღვრავს ადამიანების დამოკიდებულებას ჩემდამი

ისინი, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ჩემი მთავარი საქმისადმი და პირდაპირაც მეუბნებოდნენ, რა ლიტერატურა, ვის სჭირდება შენი ლიტერატურა, ჯერ საქმე აკეთე და მერე ის, რაც შენს გულს უხარიაო, დღეს მეუბნებიან, შენით ვამაყობთო. მე იგივე დავრჩი და ჩემი ტექსტებიც იგივე დარჩა. მხოლოდ სტატუსი შემეცვალა – ახლა ცნობილი ვარ.

ცნობილი ვარ და ამიტომ – ყველასთვის პატივსაცემი და საყვარელი. ჩემი საქმე კი უცებ დასაფასებელ და მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცა.

  1. ყოველი წარმატება წინას ებმის ანუ თუ არ იქნა პირველი, საერთოდ არაფერი იქნება

„აკუმი“ რომ გამოვიდა, პირველ ხუთ თვეს მასზე დამაყრუებელი დუმილის მეტი არაფერი მსმენია. დარდისგან კინაღამ ხელი ჩავიქნიე. წელი გავიდა და წიგნმა ორივე ლიტერატურული პრემია მიიღო (ერთადერთი შემთხვევა ქართული ლიტერატურის ისტორიაში). „საბას“ მერე მთელმა კვირამ ინტერვიუებში გაიარა და მე კი სულ იმას ვფიქრობდი: „სად იყავით აქამდე?! თავად წიგნი ხომ ჯილდოთიც და უმისოდ ერთი და იგივე იყო? ახლა გახდა „აქტუალური“, პრემიების მიღების შემდეგ?“

ქართველი მწერლის მთელი სიმბოლური კაპიტალი ერთ „საბაზე“ რომაა მიბმული, დამეთანხმებით, ესეც პრობლემაა. წლევანდელი „საბას“ შემდგომ ვნებათაღელვას ბოსტონში გავასწარი, მაგრამ ჩემამდე მაინც მოაღწია კმაყოფილთა და უკმაყოფილოთა ხმებმა, ათასგვარმა დაპირისპირებამ და გულისტკენამ. არადა, ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ფუჭი ალიაქოთია და ნებისმიერი ჯილდოს შემთხვევაში ეს ასეა. სანაქებო და სანატრელი ნობელის პრემია ბორხესისთანა მწერალს არა აქვს – რაზეღა შეიძლება აქ მსჯელობა? ისიცაა, რომ ჩვენი ლიტერატურული წრის მცირერიცხოვნება კიდევ უფრო საგრძნობს ხდის ამ ფუჭ ალიაქოთს – ძნელად წარმომიდგენია, ამერიკის წიგნის ეროვნული ჯილდოს შედეგებს ფეისბუქპოსტებითა და კომენტარებით ეხმაურებოდნენ გამარჯვებულები და ნომინანტები, ჟიურისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ან იმას ჩიოდნენ, უსამართლოდ დაგვჩაგრესო. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი არც ერთმანეთს იცნობენ და არც ჟიურის წევრებს. და ეგებ არც ისეთი გულის ფანცქალით მოელიან ჯილდოს შედეგებს – ამერიკაში ხომ ლიტერატურული პრემიები სხვაც უამრავია.

  1. ამ სისტემის უბედურებებთან მარტო რჩები

მახსოვს, „აკუმის“ გამოცემა რომ გადაწყდა და პირველად ვბრუნდებოდი გამომცემლობიდან, უცებ გავიაზრე, როგორ დავშორდი ჩემი თაობის სხვა ახალგაზრდებს: ისინი ახლა შეყვარებულებს ებუტებიან, ახალ სამსახურს შოულობენ, საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად, მე კი გამომცემლობაში დავდივარ და იქ ტირაჟზე, ჰონორარზე და ასეთ გაუგებრობებზე ველაპარაკები ხალხს. ჩემსა და ჩემს ტოლებს შორის თითქოს უფსკრული გაჩნდა. ამის გააზრებამ დამასევდიანა. მოგვიანებით, როცა ეს ერთ ახლობელ ადამიანს გავუმხილე, მითხრა, ეგრე რატომ ფიქრობ, ეს ხომ (ჩემი წიგნი ასწია) საჩუქარიაო.

ახლობლებთან არაერთხელ მიცდია ლაპარაკი იმ ყველაფერზე, რაც ზემოთ დავწერე. უფრო ზუსტად, იმისი ახსნა მიცდია, ეს შეჯიბრი და წარმატებაზე გამოდევნება რომ მძულს და რომ დავიღალე ამით. მინდა, აქ მათი პასუხების ტოპხუთეული წარმოგიდგინოთ:

1.„ასეც უნდა იყოს!“

2.„მერე ეგ ხომ მაგარია!“

  1. „ჩვენ რომ ვამაყობთ და გვიხარია?“ (ეს ჩემი ფავორიტია ამ სიაში)

4.„რეკლამა და ცნობადობა საჭიროა!“

  1. „რას ამბობ, მაგაზე ოცნებობს ხალხი და შენ წუწუნებ?!“

მე კი ხანდახან თავი ზაზუნა მგონია, რომელიც გალიაში ბორბალზე დარბის…

მაშინ რატომღა ვაკეთებ ამ ყველაფერს?

იმიტომ, რომ ეს ავადსახსენებელი პატივი და დიდება პირდაპირაა დაკავშირებული მკითხველთან – იმისთვის, რომ მკითხველები გყავდეს, ცნობილი უნდა იყო, სხვა გზა არ არის. მე კი სულ მინდოდა, მკითხველი მყოლოდა და დღესაც ჩემი მთავარი ბედნიერება სწორედ მკითხველებთან შეხვედრა და მათი შეკითხვებისა და შეფასებების მოსმენაა – ურთიერთობის ის ალალი ფორმა, რომლის შექმნაც მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია.

მეორე მხრივ, ამდენმა პროექტმა, პროგრამამ და ფესტივალმა უამრავი რამ მასწავლა. მათი სრული გამორიცხვა ცხოვრებიდან მე, როგორც მწერალს, განვითარების საშუალებას მომისპობდა. პრობლემა უკონტროლო ტემპია და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშია. და კიდევ ის, რომ ჩვენ წარმატებული ადამიანი არ გვიყვარს – მისი პიროვნება არაფერია ჩვენთვის, მისი წარმატება კი – მხოლოდ სეირი, რომელიც ხვალ თუ აღარ იქნა, ადამიანს დაუნდობლად გადავუვლით და გავქელავთ.

მეორე უკიდურესობაც მიგრძნია: რომ თითქოს წარმატება გამართლების, პრივილეგიის შედეგი იყოს და ნაკლებად – შრომისა. ამას წინათ, კემბრიჯში, ირვინგ ჰაუსის მისაღებში, ვიჯექი და იელის ჟურნალს ვფურცლავდი. ეს ჟურნალი კურსდამთავრებულებზეა. მათზე იწერება სტატიები, არის მათთან ინტერვიუები და ყოველთვის მითითებულია, რომელ წელს დაამთავრეს იელი.

ვფურცლავდი და ვფიქრობდი, რა მაგარია-მეთქი. ჯერ ის, რომ უნივერსიტეტს ამდენი პროფესიონალი და შემდგარი ადამიანი ეყოლება და მერე ის, რომ ყველას ამბავს ასე გულდასმით მოიკითხავს და გაავრცელებს (აქვე ვიტყვი, რომ ჟურნალი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი).

სულ შევნატროდი ასეთ ხალხს და იმედი მქონდა, ერთხელაც მეც ვიქნებოდი მათ შორის. ახლაც ამ ჟურნალის გადათვალიერებამ სასიამოვნოდ დამმუხტა, ჩემი თავისა და შესაძლებლობების რწმენა გამიმყარა იმით, რომ სხვა ადამიანების ტალანტები და მიღწევები მაჩვენა. იმასაც ვხვდები, რა გზის გავლა მოუწიათ ამ ადამიანებს, რა წინააღმდეგობების გადალახვა, რა სირთულეებთან გამკლავება…

მაგრამ ჩემ ირგვლივ სხვა დამოკიდებულებაც არსებობს: წარმოვიდგინე, ჩემი სანაცნობოს ნაწილი როგორ დაიწყებდა მათზე ქილიკს, როგორც მდიდრებსა და პრივილეგირებულებზე.

ისინი ამ ჩემს სტატიაშიც, ალბათ, პრივილეგირებული ადამიანის დრტვინვას ამოიკითხავენ, რომელსაც ამდენი რამ მიეცა და იმის ნაცვლად, რომ მადლობელი იყოს, წუწუნებს.

მაგრამ მე საწუწუნოდ არ დამიწერია ეს წერილი. იმისთვის დავწერე, რომ პოპულარობისა და „სანატრელი“ ცხოვრების მეორე მხარე მეჩვენებინა, ის მხარე, რომელიც თავისთავად არ ჩანს. მგონია, რომ მწერლის საქმე სწორედ ესაა – ასეთი მხარეების ჩვენება.

„დიდობის გრძნობა“ მოზარდებში 

0

ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც გარდატეხის, გარდამავალ ასაკში მყოფ ბავშვთან ჰქონია ურთიერთობა, დამეთანხმება, რომ „დიდობის გრძნობა“ მოზარდებში სწორედ ამ ასაკის დადგომას უკავშირდება. „მე უკვე დიდი ვარ, ბავშვივით ნუ მექცევი“; „ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შემიძლია“; „მე რაც მინდა, იმას გავაკეთებ“; „თქვენ ვერ მიბრძანებთ“; „მე დამოუკიდებელი ვარ“; „მე თვითონ გავარკვევ“ – ხშირად სწორედ ამ ფრაზებით ხვდებიან მშობლები, რომ მათ შვილს გარდატეხის ასაკი დაეწყო. მართალია, ჩვეულებრივ გარდამავალი ასაკი დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება, მაგრამ არსებობს, როგორც გენდერული – გოგონებში უფრო ადრე იწყება, ბიჭებში შედარებით გვიან – ასევე ინდივიდუალური განსხვავებებიც. თუმცა, რომელ ასაკშიც არ უნდა დადგეს გარდამავალი ასაკის კრიზისი, ის ერთნაირად ვლინდება – საკუთარი „დიდობისა“ და „ავტონომიის“ გამოცხადებით. ის გრძნობა, რომელიც ბავშვს ამისაკენ უბიძგებს სწორედ „დიდობის გრძნობის“ სახელით არის ცნობილი. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გრძნობის აღმოცენება ამ პერიოდში შემთხვევით და უსაფუძვლოდ არ ხდება. ამჩნევს რა დიდ ცვლილებებს, როგორც ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ, ისე ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაში, მოზარდი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ის უკვე ბავშვი აღარ არის და უფროსებისაგან მოითხოვს, რომ მას პატარად აღარ თვლიდნენ და მოეპყრონ, როგორც დიდს. დიდობის გრძნობა ვლინდება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაშიც, მშობლების ჩარევისაგან საკუთარი ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის დაცვის სურვილში. მოზარდი საკუთარ თავს დიდად, ზრდასრულად აღიქვამს და სურს, რომ უფროსებიც ზრდასრულად მიიჩნევდნენ. ყველაზე მეტად მისთვის მიუღებელი ხდება ის წესები, რომლებიც ბავშვებისთვის არსებობს და რომლებსაც აქამდე სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდა. მას სურს უფროსების თანასწორი უფლებები. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მართალია, მოზარდი ცდილობს ზრდასრულთა სამყაროში დამკვიდრებას, მაგრამ ფსიქიკური შესაძლებლობები ამისათვის მას ჯერ კიდევ არ გააჩნია. ის აცნობიერებს, რომ მართალია, ბავშვი აღარ არის, მაგრამ ჯერ არც ზრდასრულია. ამ პერიოდში მოზარდები აქტიურად ჰბაძავენ უფროსებს, ყველანაირად ცდილობენ, დაემსგავსონ მათ, გოგონები იწყებენ მაკიაჟის გამოყენებას, ბიჭებში კი ფიქსირდება მოწევისა და ალკოჰოლისადმი ინტერესი. ისინი ცდილობენ, გადაიღონ უფროსების ქცევისა და საუბრის მანერები, იწყებენ მეტყველებისას ვულგარული სიტყვების გამოყენებას, რადგანაც აღნიშნულს დიდობის აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევენ.

 

გარდატეხის ასაკიდან იწყება მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც უმტკივნეულოდ ნამდვილად არ მიმდინარეობს. თითქოს მშობლები ელიან ბავშვისგან დამოუკიდებლობის გამოვლენას, მაგრამ როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, ისინი ყოველთვის არ არიან ფსიქოლოგიურად მზად ამისათვის. უფროსებს არ შეუძლიათ მოზარდის ბევრი ისეთი ქმედების მიღება, რომლითაც ის მათ თავს ზრდასრულად აგრძნობინებს. გაუგებრობებით გამოწვეული უთანხმოება აფუჭებს ურთიერთობას მშობლებსა და შვილებს შორის, რაც ორივე მხარეს ტკივილსა და ტანჯვას აყენებს. ასეთ დროს მოზარდი სულ უფრო ხშირად წარმოთქვამს ფრაზას – „მე უკვე დიდი ვარ“. ბევრი მშობელი ცდილობს, დათრგუნოს, ჩაახშოს მასში „დიდობის გრძნობა“ შემდეგი სიტყვებით: „აი, როდესაც გახდები ნამდვილად დიდი და დამოუკიდებელი, მაშინ ილაპარაკე ამაზე, მანამდე კი გაჩუმდი და მოისმინე, რას გეუბნებიან“. ასეთმა ურთიერთობამ შეიძლება მიგვიყვანოს გარდამავალი ასაკის კრიზისის გამწვავებამდე.

 

იმისათვის, რომ მოზარდთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა ავიცილოთ თავიდან, გავითვალისწინოთ, რომ „დიდობის გრძნობა“ მოზარდის პიროვნების განვითარების წყაროდ და მისი აქტივობის მთავარ მოტივად ითვლება. მაგრამ რა გზით წავა განვითარება, ბევრად არის დამოკიდებული უფროსებზე. იმის გაგება, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი დიდობის გრძნობა მოზარდის სრულფასოვანი განვითარებისთვის, ადვილი იქნება, თუ გავიხსენებთ მოზარდის განვითარების ძირითად ამოცანას – დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირება.

 

უნარები, რომელთა გამომუშავება მოზარდებში არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა და რომელთა ფორმირებაში ძალიან დაგვეხმარება დიდობის გრძნობა:

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება;
  • საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა და სხვების საზღვრების პატივისცემა;
  • თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა ზრდასრულთა სამყაროსთან, პირველ რიგში მშობლებთან და მასწავლებლებთან;
  • საკუთარი მიზნების დასახვა და მათი მიღწევა.

 

ყველა ზემოაღნიშნულ უნართან ერთად, სრულფასოვანი განვითარებისთვის მოზარდს ესაჭიროება საკუთარი ღირებულებების სისტემა. ღირებულებათა ეს სისტემა შეიძლება იყოს მშობლების ღირებულებათა სისტემის მსგავსი, ან მისგან სრულიად განსხვავებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სწორედ მოზარდის ღირებულებათა პირადი სისტემა და არა სხვა ადამიანების ღირებულებების ნაკრები. ადამიანმა შეიძლება სხვისი ღირებულებები საკუთრად მიიჩნიოს, მაგრამ ღირებულებების, ფასეულობების მხოლოდ დამოუკიდებლად გააზრებამ, მათმა შეფასებამ და შემდგომში მიღებამ ან უარყოფამ შეიძლება უზრუნველყოს ადამიანის პიროვნების შინაგანი მთლიანობა. ღირებულებათა საკუთარი სისტემის არსებობა არის სიმშვიდის, საკუთარ თავში დარწმუნებულობის, სტრესგამძლეობის და წარმატების წინაპირობა.

 

 რეკომენდაციები – როგორ მოვიქცეთ, როგორ წარვმართოთ მოზარდთან ურთიერთობა, რა გავაკეთოთ, რომ „დიდობის გრძნობამ“ თავისი დადებითი როლი შეასრულოს მოზარდის განვითარებაში:

  • უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინოთ, რომ მოზარდის სურვილი, მოიპოვოს ზრდასრული ადამიანის სტატუსი, სრულიად ბუნებრივია. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი წინააღმდეგობა გავუწიოთ „დიდობის გრძნობის“ გამოვლენას, მით უმეტეს, რომ ეს წინააღმდეგობა ბადებს პროტესტს მოზარდში, რამაც შეიძლება საკმაოდ გაგვირთულოს ურთიერთობა აღსაზრდელთან და ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს;
  • გვახსოვდეს, რომ მარტო ასაკი ბავშვს ზრდასრულად არ აქცევს. ერთი და იმავე ასაკის ადამიანები შეიძლება სხვადასხვანაირად მსჯელობდნენ, სხვადასხვანაირად ცხოვრობდნენ და სხავადასხვანაირად იქცეოდნენ გარშემომყოფებთან. ამდენად, ასაკობრივ თავისებურებებთან ერთად აუცილებელია მოზარდის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებაც;
  • გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო გაგებით მოვეპყრობით მოზარდის დიდობის გრძნობას და რაც უფრო მეტად მივცემთ მას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას, მით ნაკლებად ექნება მას ეპატაჟური გამოხტომების დემონსტრირების სურვილი;
  • გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ პიროვნებად მოზარდი შეიძლება ჩამოყალიბდეს სიტუაციის შეფასებით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებით და მათ შესაბამისად მოქმედებით. დამოუკიდებელი მოქმედებებით წარმატებების მიღწევით, შეცდომების დაშვებითა და მათი შედეგების გამოსწორებით მოზარდი იძენს შეუცვლელ გამოცდილებას და სწორედ ეს გამოცდილება აყალიბებს მას დამოუკიდებელ ადამიანად, უჩენს რწმენას, რომ დამოუკიდებლად მოქმედება უსაფრთხოა;
  • იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები მოზარდთან, რომელიც თავს უკვე დიდად, ზრდასრულად თვლის, მოგვიწევს მასთან ურთიერთობის სტილის შეცვლა. მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ მოზარდთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა, როგორც „ზრდასრული-ზრდასრულთან“ ჩვეულებრივი „ზემოდან – ქვევით“ კომუნიკაციის ნაცვლად. გავითვალისწინოთ, რომ მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა, მაგრამ ის არ იღებს იმ ურთიერთობას, რომელიც რაღაცნაირად ამცირებს მის „დიდობის გრძნობას“;
  • გავითვალისწინოთ, რომ „დიდობის გრძნობა“ ჯანსაღი და არსებითად ღირებული გრძნობაა. ამიტომ, ის კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ შევეცადოთ, სწორი მიმართულებით წარვმართოთ. მოზარდის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღიარება გონივრულ ფარგლებში უნდა მოხდეს. ხელმძღვანელობისა და კონტროლის სრულ გაუქმებაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან მოზარდს ზრდასრულის დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება. უბრალოდ ის უნდა გავათავისუფლოთ წვრილმანი მეურვეობისა და ზედმეტი კონტროლისაგან, თავსმოხვეული მზრუნველობისაგან, ყველაფერ იმისაგან, რაც გარკვეულწილად გამართლებული იქნებოდა სკოლამდელი ან უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მიმართ. თავი შევიკავოთ კატეგორიული ტონის, განკარგულებების, ბრძანებების, უაპელაციო მოთხოვნების ბოროტად გამოყენებისაგან. საუბარია არა ზოგადად მტკიცე მოთხოვნების უარყოფაზე, არამედ მათი უხეში და მკაცრი ფორმების უარყოფაზე, რომლებიც შეურაცხყოფს მოზარდის ღირსების გრძნობასა და პატივმოყვარეობას;
  • მივიღოთ მოზარდი ისეთი, როგორიც არის. მოზარდობის პერიოდის ყველა გამოვლინება გაივლის, მთავარია არ გავიფუჭოთ მოზარდთან ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში.

 

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ „დიდობის გრძნობა“ გარდატეხის ასაკის ძალიან მნიშვნელოვანი წარმონაქმნია, რომლის მხარდაჭერა ყოველმხრივ მიზანშეწონილია, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ვებრძოლოთ მოზარდის ამ გრძნობას, შევეცადოთ მხარი დავუჭიროთ მას. მოზარდთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც განამტკიცებს „დიდობის გრძნობას“ და ჩამოაყალიბებს ნდობით განმსჭვალულ დამოკიდებულებას, მთელი ხელოვნებაა. ამ ხელოვნების დაუფლება კი, სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია.

 

 

 აფხაზეთი ქართულ პრესაში

0

სულ უფრო თვალსაჩინოა, რომ სოციალურ ქსელებში აფხაზეთზე საუბარი გააქტიურდა. ლაპარაკობენ, წერენ, მსჯელობენ, კამათობენ განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მოჰყავთ მეცნიერული თვალსაზრისები; ისეც ხდება, რომ ზოგჯერ განგებ და ზოგჯერ უნებლიეთ ამახინჯებენ ფაქტებს; ჩხუბობენ, ოღონდ ხშირად უსაგნოდ და მთავარი თემისგან გადახვევით… მაგრამ ალბათ ყველას (უსახელო ტროლ-ბოტების გარდა) მაინც საერთო ძალა ამოძრავებს – გულწრფელი სიყვარული და მონატრება აფხაზეთისა. ძალა, რომელიც უკვე 30 წელია ვერც საქმედ ვაქციეთ, ვერც ნაყოფიერ სიტყვად, არამედ ჯერჯერობით მხოლოდ გვსრესს და დროში გაწელილი სევდის ჭავლში გვხვევს…

ძალა, რომელსაც, აღმართის ასახნავად, უპირველეს ყოვლისა, ცოდნა სჭირდება. ისტორიის, თემის, არსის ცოდნა და პირუთვნელი გააზრება. ხოლო ყველა საქმე თუ წამოწყება, რომელიც ამ ცოდნის შესაძენისკენ/გახსნისკენაა მიმართული, საზოგადოების მხრიდან ინტერესს და ყურადღებას იმსახურებს. მით უფრო საშურია ეს საქმე მომავალი თაობებისთვის, ვინც დროთა განმავლობაში კარგავს ემოციურ კავშირს აფხაზეთთან და ყოველგვარი მეტაფორის გარეშე – მართლაც ახალი/სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს ურთიერთობა აფხაზებთან.

„აფხაზეთი ქართულ პრესაში“ – ასე ჰქვია ვრცელ კრებულს, რომელიც მკითხველის წინაშე სულ ცოტა ხნის წინ წარადგინეს შემდგენელ-გამომცემლებმა და რომელიც ზუსტად ამ მიზნებს ისახავს – აფხაზეთის შესახებ ცოდნის დაგროვებას, მის გაცნობა/შემეცნებას, უტყუარ წყაროებში დადასტურებული ისტორიის გააზრებას.

კრებულში თავმოყრილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში (1866-1899) ქართული პერიოდული გამოცემების ძირითადი მასალები აფხაზეთთან დაკავშირებით („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „მწყემსი“, „აკაკის თვიური კრებული“). ეს არის გაზეთები და გამოცემები, რომლებიც იმდროინდელ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებას ასახავდნენ; თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ – ეს იყო იმდროინდელი კრიტიკული მედია, სანდოობის მაღალი ხარისხით და სანიმუშო პროფესიონალიზმით.

ამ მნიშვნელოვანი საქმის მოთავე და კრებულის შემდგენელ-რედაქტორი ანა ბაქანიძეა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის მეცნიერთა პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა.

1866-1899 წლები ის უმძიმესი პერიოდია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას მოჰყვა. აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა 1864 წელს, რის შემდეგაც გააქტიურდა რუსული კოლონიზატორული პოლიტიკა: აფხაზეთის სამთავრო სოხუმის ოკრუგად გადაიქცა, მოხდა ორი აჯანყება, დაიწყო თურქეთში მუჰაჯირობის მტკივნეული პროცესი. ანა ბაქანიძემ კრებულს აფხაზი მწერლის – მიხეილ ლაკერბაის ციტატა წარუმძღვარა: „თუ თავის დროზე მეფის რუსეთს დამსახურებულად უწოდებდნენ „ხალხთა უზარმაზარ საპყრობილეს“, ამ საპყრობილეში ტანჯვის ყველაზე უფრო მკაცრი საკანი აფხაზეთი იყო“. ამ სიტყვებში ეპოქის ტრაგიკული სულია აღბეჭდილი, რაც კრებულის შინაარსსაც მსჭვალავს. ამ ტრაგიზმის შუქზე იკითხება თითქმის ყველა სტატია, რეცენზია თუ ესეი. თემები მრავალფეროვანია: პოლიტიკა, კულტურა, განათლება, ეთნოგრაფია, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა და ა.შ.

სტატიების ავტორები არიან როგორც იმ დროისთვის ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები (თედო სახოკია, აკაკი წერეთელი, გიორგი შარვაშიძე, პეტრე ჭარაია), ასევე უცნობი ავტორები. აფხაზეთის თემაზე აქტიურად წერდა ჟურნალისტი და პედაგოგი სერგეი მესხი.

600-გვერდიანი კრებულისთვის თვალის ზერელე გადავლებითაც იგრძნობს მკითხველი, რომ საქმე მხოლოდ აკადემიურ პუბლიცისტურ ტექსტებთან არ აქვს. ეს წერილები თვალმოუწყვეტლად იკითხება, მთლიანობაში კი კრებული ერთი გრძელი და დრამატული რომანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შემდგენელ-რედაქტორმა მართლაც დიდი შრომა გასწია მათი კვლევისა და თავმოყრისათვის.

„აბხაზეთი და საზოგადოთ მთელი ეს კავკასიის ნაპირი შავის ზღვისა ერთი მშვენიერთაგანი და უმდიდრესთაგანი კუნჭულია დედა-მიწისა. უხვ ბუნებას დაუზოგავად მოუფენია აქ თავის ყოველგვარი სიმდიდრე: თვალგადუწვდენელი საბალახე ადგილები, მთები ტყით მოფენილნი, მინდვრები, რომელზედაც პური, სიმინდი, ღომი, თამბაქო, მშვენიერი ღვინო და თვით ჩაის მცენარეც კი ხარობს… მაგრამ რამდენადაც ეს ბუნება ბედნიერი და მდიდარია, იმდენად ხალხი, რომელიც აქ ესახლა, ძველადგანვე იყო უბედური და ღარიბი“. 1878 წლით დათარიღებული სტატიის ეს ფრაგმენტი მწვავე არგუმენტია, რომელსაც იმდროინდელ საზოგადო მოღვაწეთაგან განათლებისთვის, სოციალური განვითარებისთვის მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა დაუპირისპირდა. ეს რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი პრესაშიც თვალსაჩინოდ აისახა.

თქვენ წინაშე საუკუნე-ნახევრის წინანდელი ისტორია იშლება, „თვითმხილველთა“ მიერ მონათხრობი, არა მშრალად და უემოციოდ, არამედ მკაფიო ლიტერატურული ვნებით. მიჰყვებით ქრონოლოგიური სიზუსტით დალაგებულ ამ წერილებს და თქვენს თვალწინ იფურცლება წლები – სავსე ადამიანური და ეროვნული ტკივილებით, ბრძოლებით, მარცხითა და გამარჯვებებით. გესმით აფხაზეთის სხვადასხვა კუთხიდან „პირდაპირ რეჟიმში ჩართულ“ ავტორთა ხმები – ისინი საუბრობენ პრობლემებზე, ყოფით თუ საქვეყნო გასაჭირზე, ლოკალურ თუ გლობალურ გამოწვევებზე; ისინი ჰყვებიან ამბებს პორტიდან და უკიდურესი მთიანეთიდან, აკეთებენ რეპორტაჟებს ზღვისპირეთიდან, ნამდვილი მხატვრებივით ქმნიან ვრცელ პანოებს, სადაც მთის თუ ქალაქის ყოფაა ასახული. ამ 30-წლიან ისტორიაში თქვენს თვალწინ შენდება ახალი გზები და შენობები, სალოცავები და სკოლები, ჩამოდიან სტუმრები, საომრად იძაბება სიტუაცია, თვალს მოვკრავთ დევნილებსაც, ელვის სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს რუსი მოხელეები თუ ეგზარქოსები, მათ შორის მარგალიტებივით გაიელვებენ ნამდვილი სასულიერო პირები, ნამდვილი მოძღვრები, მაგალითად – ეპისკოპოსი გაბრიელი…

მთელი კრებულის შინაარსის ერთ წერილში ჩატევა წარმოუდგენელია, მხოლოდ ჭაშნიკად გამოვყოთ რამდენიმე წერილი: გაზეთ „დროების“ 1872 წლის ნომერში ვრცელი სტატია ეძღვნება ორ აფხაზურ ტრადიციას (რომელსაც ზნეობით კანონს უწოდებს ავტორი) – გაძიძავებისა და მინდობის. საერთოდ, აფხაზეთში შემორჩენილ წეს-ჩვეულებებს დიდი ყურადღება ეთმობა პრესაში. რამდენ საინტერესო ამბავს შეიტყობთ, რამდენ აქამდე უცნობ ადათსა თუ ტრადიციას ამოიკითხავთ! მაგალითად, „ჟინის-ხვამა“, რომელიც კორესპონდენტმა სამურზაყანოს სოფელ ჯიბურ-ხინჯში აღმოაჩინა – მეხის (ჰაერის) ღვთაებისადმი აღვლენილი რიტუალი.

ბევრს და ხშირად წერენ ინფრასტრუქტურაზე, ვაჭრობაზე. ყურადღებას ამახვილებენ რკინიგზის და გზების გაყვანაზე.

შეგხვდებათ სტატიები აფხაზეთის კლიმატზე, ლანდშაფტსა და რელიეფზე. იქაური მზისა და ზღვის შეჯერებით ექიმებს სოხუმისთვის ნიცაც კი დაურქმევიათ, თუმცა არცთუ ისე იშვიათი ყოფილა შემთხვევები, როცა სწორედ ამ ჰავას გამოუწვევია ტუბერკულოზის აფეთქება მოსახლეობაში, გავრცელებულა ინფექციები და ა.შ. ამას ექიმებში დიდი და „მელნის მღვრელი“ ბრძოლა მოჰყოლია, ზოგი მაინც ჯიუტად ეპატიჟებოდა ფილტვებით დაავადებულებს სოხუმში, ზოგიც კი მკურნალობის ამ ვერსიას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა. ამ ხელჩართულ დისკუსიაში კი, რომელსაც კორესპონდენტიც აშკარა სიხალისით აღწერს, უცებ ასეთი ფრაზა გაიელვებს:

„სოხუმში ჯერ ვარდები ისევ ყვავიან. ზოგიერთ ქუჩებში ისე სახლს ვერ ნახავ, რომ ღობესთან არ უდგეს რამდენიმე ხის სიმაღლე ვარდის ბუჩქები“…

საუკუნის მიწურულს, 1890-იან წლებში, პრესაში პოზიტიური სულისკვეთება მატულობს: გაცილებით მეტს წერენ ცალკეულ მიღწევებზე, ლოკალურ წარმატებებზე, ქალაქსა და სოფელში გააქტიურებულ ცხოვრებაზე, სწავლისა და შრომის წყურვილზე. იშვიათად, მაგრამ მაინც შენდება სკოლები, ბიბლიოთეკები, დასასვენებელი პარკებიც კი ჩნდება, ევროპულ ნიცად წოდებული სოხუმი მართლაც წალკოტს ემსგავსება. და ისევ კორესპონდენტის ხმა: „თუმცა ჩვენი ქალაქი თავისთავად ედემს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ, სოხუმელი ქართველობა (სოხუმი თითქმის ქართველებითაა დასახლებული), ვერა ვართ კარგნი გამრჯენი და მუყაითნი საზოგადო საქმეებში. თუმცა თითოეული ჩვენგანი დილიდგან საღამომდის ფუსფუსებს, დარბის, ჰშრომობს და აკეთებს რაცხას, მაგრამ ეს „რაცხა“ სულ საპირადოა და არა საზოგადო. ჩვენი შრომა და ჯაფა მიმართულია პირად სარგებლობისკენ, რის გამოც, აქაური ქართველობა, ცოტად თუ ბევრად, ქონებრივად წელში გამართულია, მოღონიერებულია“.

ამ „რაცხას“ კეთება, როგორც ჩანს, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის ნაწილია, ოღონდ ეს ისეთი ღრმად საფიქრალი და საკვლევი თემაა, რომ ამ წერილში ამგვარ აღმართს ვერ შევეჭიდებით. თხრობაც აქ დავასრულოთ, ამ ორაზროვან ბგერაზე, როგორც ბედისწერის ნიშნულზე, საიდანაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს ჩვენი ეროვნული ცოდვა-მადლი, ჩვენი ხასიათი, ტალანტიც და სასჯელიც.

ამგვარ საჩინო წყაროთა სიმრავლე ისტორიის არამხოლოდ წაკითხვაში, არამედ მასთან ერთად თანაცხოვრებაში გვეხმარება. „აფხაზეთი ქართულ პრესაში“ ამ წყაროდ იქცა და ალბათ ბევრსაც დააინტერესებს, თუ სად შეიძლება, მოიძიოს კრებული. როგორც წიგნის წარდგენისას გვითხრეს, დაბეჭდვით მხოლოდ რამდენიმე სასაჩუქრე ეგზემპლარი დაიბეჭდა, ელექტრონული ვერსია კი ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ გვერდზე დევს. დღესდღეობით, ინტერნეტ-პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მთავარია, ინტერესმა იარსებოს. ინტერესმა და ძალამ, რომელსაც წარსულის აწმყოდ, მომავლის კი სიყვარულად ქცევა შეუძლია.

 

 

ადამიანები არქივიდან

0

„ვერბლუდი“

მენახირეს „ვერბლუდს“ ეძახიან სოფელში, ლაპარაკის დროს დორბლებს რომ ისვრის იმის გამო. სახლი დაეწვათ და ლოთ მოგვარესთან არიან მიკედლებული ის და დედამისი. გოგო მოსწონდა დიდი ქალაქიდან, ისიც ერთობოდა. როცა ამან ცოლობა სთხოვა, გოგონამ უთხრა ცოლად როგორ გამოგყვე, წერა-კითხვა არ იციო… „ვერბლუდმაც“ ბებერ მსხალზე ჩამოიკიდა ბაწრით თავი, ბეწვზე მიუსწრეს..

ამბობს, რომ ნანობს, რაც გააკეთა… თუმცა ის შედეგი ახარებს მისმა თოკზე ჩამოკიდებამ რომ მოუტანა. დედამისი მყვირალა ქალი ვეღარ დაჰყვირის შეშა დაჭერი და წყალი მოზიდეო… სალოცავივით უვლის გარშემო.

ვეღარც შემფარებელი ელაპარაკება აგდებით, შემოკედლებული ხარო… იმასაც ეშინია „ვერბლუდმა“ ისევ არ ჩამოიკიდოს, თავი საბაბი თვითონ არ გახდეს. „ვერბლუდი“ საქონელსაც აღარ უვლის, ხალხიც ვერ ეუბნება ვერაფერს, მათაც ეშინიათ.

წაბლისფერთმიანი, ჭრიანტელთვალება ლამაზი კაცი იყო. სოფელ ბზაში ქალის წამოსაყვანად მისულმა იქაურებთან იჩხუბა. დინამიტი ესროლა მოწინააღმდეგეებს და თავადვე მოიწყვიტა ხელი. მკლავმოწყვეტილმა წამოიყვანა ქალი. უმკლავობა ხელს არ უშლიდა კარგი მიწის მუშა ყოფილიყო. ცელს მკლავის მონარჩენზე იბამდა და ისე თიბავდა. თუ ვინმე გაანაწყენებდა და ვერ მოერეოდა, ცალმკლავა მაწყეინებლის ცხენს ან ძროხას ფეხის ძარღვს უჭრიდა და კლდიდან სჩეხდა. ერთხელაც ისეთმა აწყენინა, რომელსაც არაფერი ჰყავდა გადასაჩეხი… ცალმკლავამაც იმის დასანახავად თივის ღვარეულში დაწვა ცოლთან, რომელსაც მისთვის საჭმელი მოეტანა სათიბში… მის მტერს ცოლი გაჰქცეოდა მეზობელ სოფელში ფერმის ბრიგადირთან, ცალმკლავამაც აყურებინა მტერს, თუ როგორ ეალერსებოდა ცოლს, რომელიც არსად არ იყო გამქცევი… ეგ იყო მისი შურისძიება…

მათი სოფლის სასაფლაო ქვიან გორაზე იყო, საფლავს ვერ ამოთხრიდი ბარითა და წერაქვით. ცამკლავა აფეთქებდა ხოლმე  სიხარულით. ის ხომ ნახევარ სოფელთან იყო დამდურებული, სიკვდილი კი საუკეთესო საშუალებაა ჯავრის ამოყრის. ამან შეიწირა კიდეც, სიპი კლდის ანატეხი მოხვდა შუბლში.

ომისხანი ერქვა, ომიანობის დროს გაჩნდა და ამიტომ დაარქვეს. ის და მისი ძმა ობლები იყვნენ და მშივრები. მისი თანასოფლელები ნახშირს ამზადებდნენ და მეზობელ დაბაში მოაგარაკეებზე ჰყიდდნენ. ომისხნასა და მის ძმას მძიმე მორების თრევა არ შეეძლოთ. ამიტომაც ობოლმა ბიჭმა მღვდლის მიტოვებულ სახლს მოუკიდა ცეცხლი, ასე მას ნახშირი ექნებოდა პურზე გადასაცვლელად. როცა ალი მოედო სახლს, შეეშინდა, ცეცხლის ჩაქრობა სცადა, შიგ ჩავარდა. გადარჩა კია, მაგრამ ერთი ფეხი სამუდამოდ დაუმოკლდა.

კარგად ხატავდა. შეეძლო ნახშირით აალებული სახლი დაეხატა. ბოლოს თავისსავე სოფლის სკოლაში ხაზვის მასწავლებელი გახდა. არ უყვარდა ეგ საქმე. ბავშვებიც სიარულში აჯავრებდნენ და მწარედ დასცინოდნენ.

მას უპატრონო ძაღლივით უყვარდა ქელეხები და ორმოცები. უზომოდ სჭამდა ნამლევა კოჭლი კაცი. თუმცა საიმისო აღარაფერი სჭირდა, მონარჩენ საჭმელს გაცვეთილი პიჯაკის დიდ ჯიბეებში ილაგებდა. სახლში მომავალს ჯიბიდან ჩამოსდიოდა ხორცის წვენი.

 

 

კითხვები, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა დასვას ხელოვნური ინტელექტის შესახებ

0

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უფრო და უფრო ჩვეულებრივი ამბავი ხდება. ათობით ჩემი ნაცნობი და მეგობარი იყენებს ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად ჩატბოტ ChatGPT-ს, რომელიც, ალბათ, ამ დროისთვის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაა. ხელოვნურ ინტელექტს პროფესიული წრეები წლებია იყენებენ სხვადასხვა მიზნით, მაგრამ მისი საყოველთაო მოხმარება მენიუს შესადგენად, ვარჯიშის დასაგეგმავად, მარკეტინგული ტექსტებისა თუ ესეების დასაწერად შედარებით ახალი ამბავია. დროსთან ერთად ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები, ალბათ, მხოლოდ მოიმატებს, მათი გამოყენება კი უფრო და უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს. ამიტომ ჯობია, მზად ვიყოთ იმისთვის, რაც გარდაუვალია.

 

საგანმანათლებლო საკითხებზე მომუშავე არაერთი პლატფორმა მსჯელობს იმაზე, რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რათა მომზადებულები შეხვდნენ ახალ გამოწვევებს.

 

„რამდენიმე კვირაში დაიწყება ახალი სასწავლო წელი და ხელოვნური ინტელექტი შეცვლის სასწავლო გარემოში თამაშის წესებს. მასწავლებლებს მოუწევთ, იყვნენ მზად და იცოდნენ, როგორ იყენებენ სტუდენტები და მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს, როგორ გადააწყონ სასწავლო კურსები ახალი გამოწვევების შესაბამისად, როგორ იყენებენ ახალგაზრდები ჩეტბოტებს დავალებების შესასრულებლად და როგორია იმ ინსტიტუტების პოლიტიკა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რომლებსაც წარმოადგენენ“, – წერს ენდრიუ მეინარდი, მეცნიერი, ავტორი, მოწინავე ტექნოლოგიებზე გადასვლის სპეციალისტი და არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

ის ჩამოთვლის კითხვებს, რომლებიც ყველა მასწავლებელმა და პროფესორმა უნდა დასვას ხელოვნური ინტელექტის შესახებ:

 

  • სად ვიპოვო საბაზისო ინფორმაცია ChatGPT-სა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ და რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათ სასწავლო პროცესზე?
  • სად ვიპოვო მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იმის შესახებ, რა მიდგომა და პოლიტიკა აქვს ჩემს სკოლას/უნივერსიტეტს/კოლეჯს ხელოვნური ინტელექტის გავლენებისა და შესაძლებლობების მიმართ?
  • რა საკითხები შევიტანო ჩემს სასწავლო გეგმაში/სილაბუსში ხელოვნური ინტელექტის შესახებ და როგორ განვსაზღვრო ჩემი სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესები?
  • სწორი იქნება, თუ სწავლებაში ხელოვნურ ინტელექტს არ გამოვიყენებ და არ მივცემ სტუდენტებს უფლებას, ის სასწავლო მიზნებისთვის მოიხმარონ?
  • მაქვს თუ არა სათანადო აკადემიური და ინტელექტუალური თავისუფლება, რათა თავად განვსაზღვრო, რა დონით გამოვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს სწავლებისას?
  • როგორ მოვემზადო სწავლებისთვის იმ გარემოში, სადაც სტუდენტების/მოსწავლეების უმეტესობა უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს?
  • როგორ მოვიქცე, თუ ვეჭვობ, რომ ჩემი სტუდენტები დავალებების შესასრულებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და ეს თავის მოტყუებად მიმაჩნია?
  • უნდა გამოვიყენო თუ არა დავალებების შემოწმებისას ხელოვნური ინტელექტის დეტექტორები? და თუ კი, როგორ გავაკეთო ეს ისე, რომ ამან დადებითი შედეგი გამოიღოს?
  • სწორი იქნება, თუ სტუდენტები/მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს საკლასო ოთახში გამოიყენებენ? თუ კი, რა შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს?
  • შეიძლება თუ არა, ChatCPT სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მისაცემად გამოვიყენო? თუ ასე მოვიქცევი, ვუთხრა მათ, რომ ეს ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა?
  • ჩემი საგნისთვის მნიშვნელოვანია დავალებები, რომლებიც წერითი უნარების გაუმჯობესებას და დემონსტრირებას ემსახურება – როგორ მოვიქცე?
  • როგორ შევცვალო სასწავლო გეგმა ისე, რომ მიზანს მივაღწიო, მაშინ როდესაც უფრო და უფრო მეტი მოსწავლე/სტუდენტი იყენებს წერითი დავალებებისთვის ხელოვნურ ინტელექტს?
  • შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენება ჩემს საგანში?
  • როგორ ვასწავლო ჩემს სტუდენტებს/მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა დონის გონივრულად გამოყენება, რაც მათ აუცილებლად დასჭირდებათ მომავალში წარმატებისთვის?

 

ქართულ ენაზე, ქართველი მასწავლებლებისთვის ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ჯერჯერობით არც ChatGPT ფლობს ქართულ ენას, თუმცა საქართველოს შესახებ ცნობები აქვს და რამდენიმე კითხვასაც სცემს პასუხს. როცა ამ ჩატბოტს რაღაცას ეკითხები, ხაზგასმით გაფრთხილებს, რომ ის მხოლოდ ინფორმაციას ფლობს და არც მოსაზრება გააჩნია რაიმე საკითხზე, არც დამოკიდებულება, არც ინტერპრეტაციის უნარი შესწევს. კითხვებზე ძირითადად ვრცლად, მაგრამ მკაფიოდ პასუხობს იმ დათქმით, რომ მისი პასუხები არ უნდა განზოგადდეს და თუ რაიმე საკითხზე მეტის გაგება გვინდა, უმჯობესია, ინფორმაცია თავად მოვიძიოთ.

მას ვკითხეთ, მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს საფრთხედ სასწავლო პროცესისთვის. ის ამბობს, რომ არც მასწავლებლებისთვის და არც მოსწავლეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი გამოყენებისას ყველას უნდა ახსოვდეს, რომ:

 

  • მნიშვნელოვანია, გადამოწმდეს ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტისგან მიიღებენ.
  • ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს დამხმარე ინსტრუმენტი სწავლებისთვის, მაგრამ არა მთავარი აქტორი.
  • არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩატბოტები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის პროდუქტია და არა ადამიანის ნააზრევი. ეს „არსებები“ უბრალოდ აერთიანებენ, ახარისხებენ და გასცემენ იმ ინფორმაციას, რაც მათ დაასწავლეს.
  • ჩატბოტების გამოყენება კრიტიკული მიდგომის გარეშე სასურველი არ არის. მასწავლებლებს შეუძლიათ, სტუდენტები/მოსწავლეები ავარჯიშონ ხელოვნური ინტელექტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყაროების დადგენაში, ვერიფიკაციასა და ანალიზში.
  • ჩატბოტების გამოყენება ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად შესაძლებელი და რეკომენდებულია – მას შეუძლია შეცდომების გასწორება და გრამატიკის წესების ახსნა.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ  შემიძლია ვიყო დამხმარე ინსტრუმენტი მასწავლებლებისა და პროფესორებისთვის, აუცილებელია ჩემი გამოყენება გააზრებულად და პასუხისმგებლობით, ტრადიციული სწავლების მეთოდებსა და კრიტიკული აზროვნების პრაქტიკასთან ერთად“, – ესეც ChatGPT-ს პასუხია.

მოსწავლეები და მშობლები დაკარგული დროის ძიებაში

0

ყოველი ახალი სასწავლო წლის დადგომა საინტერესო და სასიხარულოა, მაგრამ, ამავე დროს, გამოწვევებით სავსეც თითოეული სასწავლო რგოლისთვის. ამ გამოწვევებსა და სირთულეებთან გამკლავებას მოსწავლეც, მშობელიც და მასწავლებელიც თავისებურად ვცდილობთ, თუმცა ზოგჯერ, ობიექტური მიზეზების გამო, არ გამოგვდის.

ჩემი მესამეკლასელი და მეექვსეკლასელი შვილები საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. წელს მათი სკოლაში წასვლის დროები ისე გადანაწილდა, ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ გონებაში ერთი დღე მაინც სრულად დამელაგებინა რას როგორ გავაკეთებდი, როგორი გეგმით ვიმოქმედებდი, რომ, როგორც დასაქმებულ ადამიანს და ორი მოსწავლის მშობელს, შემრჩენოდა ფიზიკური ძალა ყველაფერთან გასამკლავებლად.

ანდრიას დილის ცხრის ნახევარზე ეწყება სწავლა, ხოლო ანასტასია პირველის ოც წუთზე იწყებს. ანდრიას გაკვეთილები პირველ საათზე უმთავრდება, ანასტასიას ხუთ საათზე. ასეთი რეჟიმის წყალობით, აღმოჩნდა, რომ ანდრიას, როგორც იქნა, თავისუფალი დრო რჩება დასვენებისთვის, სწავლისთვის, ეზოს აქტივობებისთვის, საყვარელი საქმიანობისთვის და დროულად დაძინებასაც ახერხებს, განსხვავებით წინა წლისგან, როდესაც, სკოლიდან გვიან დაბრუნებულს, ხანმოკლე საუბრის დროც აღარ რჩებოდა, ღამის პირველ საათამდე მეცადინეობდა და დილით გამოფიტული იღვიძებდა. ახლა მისი რეჟიმი დაფიქრების და დასვენების საშუალებას იძლევა, ხოლო ანასტასიას შემთხვევაში, თუ სკოლის დამთავრებისთანავე სახლში არ გამოვიქცევით, არც მეცადინეობისთვის და არც მცირეოდენი განტვირთვისთვის დრო აღარ გვრჩება.

„ვერც ცეკვაზე ვივლი, იმიტომ, რომ როდესაც სახლში გვიან მივალ, მეცადინეობისთვის დაღლილი ვიქნები და არაფრის თავი არ მექნება“, – გულდაწყვეტით შეაფასა პირველი სასწავლო დღე ანასტასიამ და დავალებების შესრულებას სწრაფად შეუდგა, რომ დროულად დაეძინა და სკოლისთვის მომზადებული ყოფილიყო.

ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ისეთი ყოველდღიური სასწავლო რუტინის შექმნა, სადაც გათვალისწინებულია მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მზაობა და ასაკობრივი მონაცემები, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება თავისუფალი დრო, რაც, სამწუხაროდ, ამ რეჟიმით სრულიად წარმოუდგენელია. საბოლოოდ, ვიღებთ განერვიულებულ ბავშვს, რომელიც შფოთავს, თუ გაკვეთილების მომზადება ვერ მოასწრო; დარდობს იმაზე, რომ მისი განრიგი ვერანაირად ვერ ეთავსება სკოლისგარე აქტივობებს და ვერ ახერხებს შემოქმედებით წრეზე სიარულს; დამოუკიდებლად მეცადინეობა და ასე მეცადინეობის ჩვევის ჩამოყალიბებაც ვერ ხერხდება, რადგან ფიქრისთვის, შეცდომების დაშვებისა და გამოსწორებისთვის დრო შეზღუდულია და ბავშვი ხვდება, რომ ასეთ პირობებში ბევრი რამ საკმაოდ მოუხერხებელია.

ექვსი წელია, მოსწავლეების მშობელი ვარ და ვხედავ, როგორ ერიდებიან მშობლები ასეთ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს, როგორ არ აპროტესტებენ, როგორ ნებდებიან და როგორ იპყრობთ უიმედობა, რომ მაინც არაფერი შეიცვლება და ცდას აზრი არ აქვს, აზრი არ აქვს რამის მოთხოვნას სისტემისგან, სკოლის ადმინისტრაციისგან… განწყობა, რომ მშობლების აზრი, მშობლების პრობლემები არავის აინტერესებს, საკმაოდ ძლიერია.

მშობლები სისტემისგან პასუხს და უკუკავშირს არ ელიან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გადაწყვეტილება არ არის ბავშვებს მორგებული, ბავშვების კეთილდღეობით ნაკარნახევი და მათი მიღებისას მოსწავლისა და მშობლის საჭიროებებით არ უხელმძღვანელიათ. ამიტომ ჭარბობს მშობლებში ნიჰილიზმი, რადგან სისტემას, ერთგვარ ყრუ კედელს, მაინც ვერაფერს შეასმენ, ვერ მოსთხოვ პასუხს ისეთი გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც ბავშვისა და ოჯახის ინტერესებსა და კეთილდღეობას აზიანებს.

ათასობით ბავშვისა და მშობლისთვის ასეთი დღის რეჟიმი დამთრგუნველია. ბავშვებს ის ხელს უშლის სასწავლო პროცესში, სასწავლო მიზნების მიღწევაში და არც სკოლის გარეთ დამატებითი მეცადინეობისთვის უტოვებს დროსა და ენერგიას. ასეთი რეჟიმი არაჰუმანურია მშობლისთვისაც, რომელიც, თუ ერთზე მეტი ბავშვი ჰყავს, ქუჩაშია გამოკიდებული და ეფექტურად ვეღარ მუშაობს, რაც ასევე აზიანებს ოჯახის ეკონომიკურ ინტერესებს.

მასწავლებლების პროფესიული განვითარება – ხედვა საკლასო ოთახიდან

0

მასწავლებლების მონდომება – განვითარდნენ, სურვილი ისწავლონ, რათა უკეთ ასწავლონ, ამოუწურავია. ამის დასტურია ის, რომ არასტაბილურ და ქაოსურ რეფორმებში უცვლელი რჩება სწორედ მასწავლებელთა უმრავლესობის მოტივაცია გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები.

თვითგანვითარებისთვის, პროფესიული ზრდისთვის, სასწავლო შედეგების გასაუმჯობესებლად მასწავლებლები შრომობენ სკოლაშიც და სკოლის გარეთაც. ეს ნიშნავს, რომ ისინი პირადი დროის დიდ ნაწილს უშურველად, ხშირად განუსაზღვრელად ახმარენ პროფესიულ საქმიანობას.

თავისუფალ დროს მე და ჩემი კოლეგები ხშირად ვიყენებთ მოსწავლეებზე ზრუნვისთვის, რესურსების მოსამზადებლად, პროფესიული ლიტერატურის საკითხავად. ეს დრო არასდროს ანაზღაურდება და არც საათობრივ ბადეშია გათვლილი.

პროფესიული განვითარების მცდელობები ზოგჯერ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელია, ზოგჯერ ამის საგანგებო შესაძლებლობა გვიჩნდება და ხელიდან არ ვუშვებთ, ზოგჯერ ეს წინასწარ არის დაგეგმილი.

ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებიც სათვალავშია მისაღები ზოგჯერ სახელმწიფო გვიყენებს მოთხოვნებს, ზოგჯერ არაფორმალური განვითარების შესაძლებლობით თავად ვინტერესდებით. აქ შევყოვნდეთ და კვლავ აღვნიშნოთ მასწავლებელი მიილტვის თვითგანვითარებისკენ და ამას აკეთებს შინაგანი და გარეგანი მოტივაციით, „გულით და გონებით“.

კიდევ რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება

მასწავლებელი სკოლის საყრდენია, განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი, და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებელი სათანადოდ იქნება მომზადებული, თუ მიიღებს სათანადო მხარდაჭერას პროფესიული ზრდისთვის, ღირსეულ სამუშაო პირობებს, ღირსეულ ანაზღაურებას.

უდავოა, რომ მაღალი სასწავლო სტანდარტის უზრუნველყოფას მხოლოდ მომზადებული და მხარდაჭერილი მასწავლებელი შეძლებს.

როდესაც სისტემა მასწავლებელს საცდელი კურდღლის მდგომარეობაში აყენებს ან დაუსრულებლად ცდის, ამტკიცებინებს მას, რომ ამ საპატიო წოდების „ღირსია“, როდესაც მასწავლებელს გამუდმებით უწევს დოკუმენტაციის წარმოება ამის დასადასტურებლად, მას ნაკლები დრო რჩება მოსწავლისთვის. როდესაც ბიუროკრატია, ცენტრალიზებული, სტანდარტიზებული მოთხოვნები მძლავრობს, როდესაც სწორედ აქეთ მიემართება მასწავლებლის ენერგია და სასიცოცხლო ძალები, მოსწავლე რჩება ქაღალდებს მიღმა.

ამაზე ბევრი ჩემი კოლეგა წუხს. ერთმანეთთან გულახდილი საუბრისას ამას ხშირად აღვნიშნავთ.

მასწავლებელი მხოლოდ მაშინ შეძლებს მოსწავლეებისთვის საუკეთესო თვისებებისა და უნარების გადაცემას, თუ თავად იქნება სწავლის ჟინით, უწყვეტი განათლების მიღებით დაინტერესებული.

უწყვეტი განვითარება მნიშვნელოვანია, თუ მასწავლებელს სურს, ფეხი აუწყოს დროს. პრაქტიკის გადახედვა, განახლება, კოლეგების გამოცდილების გაზიარება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის პროფესიის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

ეს უნდა იყოს არა ერთჯერადი ფორმალური კონფერენციები, საიდანაც მაქსიმუმი, რის წამოღებასაც მასწავლებლები შეძლებენ, ჩანაწერები და თეზისებია, არამედ თანამშრომლობის ცოცხალი პროცესი. არა ტრენინგები და სულის შემხუთველი ონლაინ შეხვედრები, რომლებიც ძირითადად მასწავლებლების პირადი დროის ხარჯზე ინიშნება, მათი ძილისა და დასვენების ხარჯზე, არამედ სასიამოვნო, განმავითარებელი, დასამახსოვრებელი, შთამაგონებელი შეხვედრები, სადაც კი არ ცდიან ან მოძღვრავენ, არამედ უზიარებენ. ერთმანეთს უზიარებენ.

რა ავითარებს მასწავლებელს? რა ეხმარება მას პროფესიული უნარების დახვეწაში? თვითგანვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში? რა უწყობს ხელს პროფესიულ განვითარებას?

სეგრეგაცია? მასწავლებლების დაყოფა-დანაწევრება? სხვადასხვა სტატუსის მოსაპოვებლად შესავსები დოკუმენტაცია ან ამ დოკუმენტაციის ჯეროვნად წარმოებაში გაწაფვა? სტანდარტიზებულ სქემაში ჩართვა? სახელფასო დანამატი? მაკონტროლებელი მექანიზმების შემუშავება  კონტროლი და შეცდომების აღმოჩენა-დიაგნოსტირება? ონლაინ ტრენინგები?

მოქმედი პროფესიონალისთვის სამი ძირითადი  მიმართულება იკვეთება[1]:

  1. პირდაპირი სწავლა-სწავლება კონფერენციები, კურსები, საკონსულტაციო ფორმატი, ვორკშოპები პროფესიონალები ასწავლიან ერთმანეთს და სწავლობენ  ერთმანეთისგან;
  2. სკოლაში ურთიერთთანამშრომლობა ურთიერთდასწრება, კათედრების ქმედითი (და არა ფორმალური) საქმიანობა, მიმართული პროცესისკენ და არა ქაღალდთწარმოებისკენ, მუდმივი შეკრებები, სადაც პედაგოგიურ და მეთოდურ საკითხებზე მსჯელობენ;
  3. სკოლისა და პარტნიორების ურთიერთობა სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პარტნიორული-საგანმანათლებლო ურთიერთობა სასკოლო საზოგადოების მიღმა მდგარ ინსტიტუტებთან: პროფსასწავლებლებთან, უნივერსიტეტებთან, კვლევით ორგანიზაციებთან, არაფორმალური და ფორმალური განათლების ორგანიზაციებთან. ეს ურთიერთობა ერთჯერადი ტრენინგებითა და კონტროლით კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს, არამედ ცოცხალი სამუშაო პროცესი უნდა იყოს.

ამას აუცილებლად და საგანგებოდ უნდა დაემატოს სწავლება საკლასო ოთახში მოსწავლეებთან თანამშრომლობა, მათი ხმის გაგონება, მათთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მათი მონაწილეობითა და ორგანიზებით. თუ დააკვირდებით, სკოლაში მოზარდი დღეს მეტწილად პასიური მიმღებია იმისა, რასაც სთავაზობენ და თუმცაღა თვითმმართველობა ფორმალურად არსებობს, მოსწავლეს იშვიათად უსმენენ.

ისევ და ისევ, ენთუზიასტი, საუკეთესო მასწავლებლების  მიერ განხორციელებული პროექტების წყალობით კი ვხედავთ აქა-იქ ამის მაგალითებს, მაგრამ ესეც მეტწილად ინდივიდუალური და კერძო შემთხვევებია, უფრო – გამონაკლისები. და ეს კარგი მასწავლებლები ამბობენ:მოსწავლეებისგან ვისწავლეთ; მოსწავლეებისგან და მათთან ერთად ვსწავლობთ და ვქმნით!

ჩვენ დღეს ვასწავლით მუდმივად და სწრაფად ცვალებად სამყაროში. მასწავლებელი მხოლოდ მაშინ შეძლებს საუკეთესო უნარების განვითარებას, გადაცემას და საუკეთესო ცვლილებების განხორციელებას პროფესიაში, ქვეყანაში, თუ თავად ექნება უწყვეტი, მუდმივი განვითარების, თვითგანვითარების მოტივაცია.

ეს მოტივაცია მასწავლებლებს აქვთ. სისტემის პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ იმპულსების მოფრთხილება და ხელშეწყობაა.

[1] Developing Teachers – The Challenges of Lifelong Learning,  Chris Day, 2002

არჩევანი, რომელიც ცხოვრებას ცვლის

0

ადამიანის არჩევანს – გაბედულს, საბედისწეროს, ჭკვიანურს, სულელურს – ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. არჩევანი განსაზღვრავს გზასა და მიზანს. ის გამოავლენს ადამიანის ბუნებასაც, ხშირად – შენიღბულსა და შეუმჩნეველს. არჩევანი ადამიანს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სამყაროს შემეცნებაშიც ეხმარება. ის არის ერთგვარი ბიძგი თუ იმპულსი მოძრაობისა, განვითარებისა, დაცემისა თუ წამოდგომისა. მხატვრულ ლიტერატურასა თუ ისტორიაში ბევრი გამორჩეული, მშვენიერი და ძლიერი ქალია, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს თავიანთი პიროვნული არჩევანით, ნებისყოფით, თავისუფლების სიყვარულითა და პრინციპულობით. მათ შორისაა მარსელა, სერვანტესის „დონ კიხოტში“ გაელვებული ქალი, რომელიც მწუხარე სახის რაინდს ცხოვრების გზაზე გადაეყრება. იმ მშვენიერ წარმოსახულსა თუ რეალურ ქალებს, რომელთაც იგი ეთაყვანებოდა, დაემატა მარსელა, რომელმაც რაინდი მოხიბლა თავისუფლების წყურვილით, სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ პროტესტით, ბრძოლის სულისკვეთებითა და დაუმორჩილებლობით. დონ კიხოტმა მასში მონათესავე სული ამოიცნო და მისი დაცვა და მსახურება გადაწყვიტა, მაგრამ მარსელა ისევე მალე გაქრა თვალსაწიერიდან, როგორც გამოჩნდა. მან პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის თავისუფლებაზე ხმა ამოიღო და არა მხოლოდ თეორიულად გააკრიტიკა არსებული გენდერული იერარქიები, არამედ პროტესტი პრაქტიკულადაც განახორციელა. ის თავისი თამამი და საზოგადოებისთვის მოულოდნელი თვალსაზრისებით თანამედროვე ფემინისტურ შეხედულებებს ეხმიანება. რაც მთავარია, მის მხარეს დგება დონ კიხოტი, რომელიც სწორედ იმისთვის გამოვიდა სახლიდან, წიგნების ემბაზში მონათლული, რომ თავისუფლების რაინდული იდეალები დაებრუნებინა სამყაროში. ამიტომ მარსელათი მოიხიბლა, როგორც სულით, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასა თუ საზოგადოებრივ შეხედულებებზე მაღლა პიროვნულ არჩევანსა და თავისუფლებას აყენებდა და მზად იყო, მათთვის სიცოცხლეც გაეწირა. მისთვის მთავარი იყო, თავის გულისხმას მიჰყოლოდა და სხვათა შეხედულებათა მონურ მორჩილებაში არ გაეტარებინა სიცოცხლე.

ვირჯინია ვულფი წერდა თავის სახელგანთქმულ ესეში „საკუთარი ოთახი“: „კანონი ქალებს უფლებას არ აძლევდა, ყოფილიყვნენ თუნდაც საკუთარი შრომის შედეგად ნაშოვნი ფულის პატრონები. საუკუნეების განმავლობაში, ყველაფერი ქმრის საკუთრებად ითვლებოდა“. „ქალები საუკუნეების განმავლობაში იმ მაგიური სარკეების როლს ასრულებდნენ, რომლებშიც მამაკაცები ბუნებრივზე ორჯერ უფრო მაღლები ჩანდნენ. ამ მაგიური ძალის გარეშე დედამიწა ალბათ დღემდე გაუვალი ჭაობებითა და ჯუნგლებით იქნებოდა დაფარული“; „მას (კაცს) სჭირდება სარკეები გარშემო, საუზმესა და სადილზე, რომ საკუთარი თავი, სულ მცირე, ორჯერ უფრო მაღალი დაინახოს, ვიდრე სინამდვილეშია“. ამ მსჯელობისას ვირჯინია ვულფი ირონიულად შენიშნავს: „ნაპოლეონი და მუსოლინი ასე კატეგორიულად აცხადებენ ქალების არასრულფასოვნების შესახებ, რადგან თუ ისინი არ იქნებიან არასრულფასოვნები, თავადაც შეწყვეტენ სიმაღლეში მატებას“.

მარსელა „დონ კიხოტის“ პირველი ნაწილის მხოლოდ ორ თავში (მეცამეტესა და მეთოთხმეტეში) გვხვდება, მაგრამ მკითხველს ამახსოვრდება მისი ელვარე ხასიათი, ნებისყოფა, საკუთარ თვალსაზრისთა მჭევრმეტყველურად დაცვის უნარი, წინააღმდეგობის ენერგია, რომელიც ყველა ხიფათს გადალახავს. საქმე კი ის გახლდათ, რომ მწყემსმა-სტუდენტმა ქრიზოსტომმა მზეთუნახავ მარსელას უპასუხო სიყვარულის გამო მოიკლა თავი. სწორედ ამ ამბავს მოუყვნენ დონ კიხოტს მწყემსები, რა თქმა უნდა, თავიანთი ინტერპრეტაციებით. დონ კიხოტმა კი, რომელიც დრამატული ამბების მიმართ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა, ქრიზოსტომის დაკრძალვაზე დასწრება გადაწყვიტა. სწორედ ამ დაკრძალვისას გამოჩნდება „დამნაშავე“ მარსელა, რომელიც მჩქეფარე მონოლოგით ყველას დაუსაბუთებს თავის სიმართლეს. რადგან ქრიზოსტომმა თავი მარსელას გამო მოიკლა, ე.ი. ქალია დამნაშავე – ასე ფიქრობს საზოგადოება და თხზავს ათასგვარ ბინძურ ჭორს, რათა დაამციროს, შეურაცხყოს ახალგაზრდა მარსელა, რომელმაც უარი გაბედა. მწყემსებისთვის მარსელა ალქაჯია, რადგან სხვებს არ ჰგავს. იგი მდიდარი ოჯახის შვილია, გამორჩეული სილამაზის პატრონი, ამიტომ ბევრი ეტრფის, მაგრამ მარსელას სხვა მიზნები აქვს. გათხოვებას ის სხვა მწყემსი ქალებივით იალაღებზე ხეტიალს და ცხვრის მწყემსვას არჩევს და მწყემსები, კაცები, თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევენ, – როგორც ვირჯინია ვულფი შენიშნავს: „ძალაუფლების მქონე კაცი შეიძლებოდა გაბრაზებული ყოფილიყო ქალზე. ან იქნებ გაბრაზება, როგორღაც, ძალაუფლების თანმხლები ემოციაა? („საკუთარი ოთახი“). ისინი ბრაზობენ მარსელაზე, რომელმაც უარი გაბედა და საკუთარ არჩევანს მისდია. მათთვის მარსელა გულქვაა, რადგან ქრიზოსტომის შეთხზულმა ლექსებმაც კი ვერ მოულბო გული. მიუხედავად იმისა, რომ ქრიზოსტომი სტუდენტი იყო და ათასგვარ სიბრძნეს ეუფლებოდა, ის თავისუფლება არ ჰქონდა, რომ საკუთარი თავი ემართა და სხვისი თავისუფლების საზღვრები არ დაერღვია. ერიხ ფრომი წერს: „თუკი შენ ისე გიყვარს, რომ ვერ იწვევ საპასუხო სიყვარულს, თუ შენი სიყვარული სხვაში ვერ ბადებს იმავე გრძნობას, თუკი ვერ ახერხებ, რომ შენც შეგიყვარონ, მაშინ შენი სიყვარული უძლურია და იგი ტრაგედიად გადაიქცევა“ („სიყვარულის ხელოვნება“).

მარსელამ დაძლია უმთავრესი: შიში, რომლის სპექტრი ცისარტყელასავით ფერადოვანი იყო. ეს იყო შიში განკერძოებულობისა, განსხვავებულობისა, გაკიცხვისა, შეურაცხყოფისა. ის დაკრძალვაზე გამოჩნდა და მონოლოგით არა მხოლოდ თავი დაიცვა, თავისი პიროვნული არჩევანი გაამართლა, არამედ საზოგადოებაც დაადანაშაულა უსულგულობასა და უმეცრებაში. მან თქვა: „ჩემი სილამაზე რომ ჩემს თავს აყვარებს ხალხს, განა მე ყველა უნდა შევიყვარო, ვისაც ვუყვარვარ? ჩემი ჭკუით ვიცი, ყველა მშვენიერი ჩემთვის საყვარელია, მაგრამ აქაო და მშვენიერი ყველას თავს გვაყვარებსო, განა სამართლიანი იქნება, მასაც სამაგიერო სიყვარული მოვთხოვოთ ყველამ?“ მას მსმენელი ნელ-ნელა შეჰყავს ფიქრის ლაბირინთებში და მწყობრი ლოგიკით გზას უნათებს, რათა ჩასწვდნენ სიცოცხლის ჭეშმარიტ კანონს: ყველას თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს, განურჩევლად სქესისა: „ვის შეუძლია ძალად შემაყვაროს თავი, თუ მისკენ გული არ მიმიწევს? სიყვარული თავისუფალი უნდა იყოს და არა ძალდატანებითი. თუ ეს ასეა, მაშ ძალას რად მატანთ, შეგიყვაროთ? ერთი მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, გონჯი რომ გავჩენილიყავი, სიმართლე იქნებოდა დაგმდურებოდით, რატომ არ გიყვარვართ-მეთქი? თუ ღმერთმა ლამაზი გამაჩინა, რა შუაში ვარ, მე ხომ არ მითხოვია? განა გველს დანაშაული აქვს, ნესტარში რომ შხამი უდგას და თავის გარშემო სიკვდილსა ჰფენს? მაშ, ჩემი სილამაზის გამო ჩემი გაკიცხვაც არ შეიძლება“. მარსელას გამჭრიახობა და გულისხმიერება წარმოჩნდება, როდესაც ის პრობლემას ფილოსოფიურად განსჯის, მის ეგზისტენციალურ სიღრმეებს წარმოაჩენს: „ნამდვილი ჩვენი სილამაზე სულის ღირსებაა: უამისოდ შეიძლება ლამაზიც ვიყოთ, მაგრამ ლამაზებად კი არ უნდა ვითვლებოდეთ“. ეს ის დროა, როდესაც „ქალიშვილი, რომელიც უარს განაცხადებდა, ცოლად გაჰყოლოდა მშობლების მიერ შერჩეულ კაცს, შეეძლოთ ოთახში გამოეკეტათ, ეცემათ და თმებით ეთრიათ, რასაც საზოგადოების მხრიდან არავითარი პროტესტი არ მოჰყვებოდა. ქორწინება არა პიროვნული გრძნობების, არამედ ოჯახური გამორჩენის საქმე იყო, განსაკუთრებით – „სარაინდო“ მაღალ კლასებში“ (ვირჯინია ვულფი).

მარსელა ცდილობს, იქ შეყრილ საზოგადოებას ნამდვილი თავისუფლების არსი განუმარტოს: „თავისუფლად დავიბადე და რადგან ამ თავისუფლებას ძვირად ვაფასებ, ამიტომაც ველად გამოველ: ჩემი მესაიდუმლენი ამ მთის ტყეებია და ანკარა წყაროები“. მას უგუნურებად მიაჩნია ქრიზოსტომის სიკვდილში მისი დადანაშაულება, რადგან არასოდეს დალაპარაკებია, არც ფიცი მიუცია სიყვარულისა. მარსელა ცდილობს, თვალი აუხილოს საზოგადოებას, რომელიც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ქალის ამგვარ არჩევანზე განრისხებული. მარსელას კი სულ სხვა ფიქრები აქვს: „ჩემი სურვილები ამ მთებს იქით არ გადიან და თუ ხანდახან იმათ აღმაც ფრენენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ზეცის უკუნითი მშვენიერებით დატკბნენ, იმ პირველყოფილი სავანის მშვენიერებით, საიდანაც ჩვენი სული ჩამოსულა და სადაც კვლავ უნდა ავიდეს“. ამიტომაც არის, რომ მისით მოხიბლული დონ კიხოტი ყველას გასაგონად ხმამაღლა იტყვის: „არავინ გაბედოთ მარსელას უკან გამოდგომა, ვისაც არ გინდათ, ჩემი რისხვა გამოიწვიოთ; მან ცხადი საბუთით დაამტკიცა, რომ ქრიზოსტომის სიკვდილში არავითარი ბრალი არ უდევს და პირდაპირ თქვა, რომ არავინაც არ უნდიხართ. ამიერიდან თავისი სიყვარულით მისთვის თავის მობეზრება აღარავინ გაბედოს. ყველა კეთილგონიერმა კაცმა იმას მხოლოდ პატივი უნდა სცეს, რადგან მთელ ქვეყანაზე, მგონია, მარტო ეგ არის, რომ უმანკო ცხოვრებითა ცხოვრობს“.

ანტონიო მუნიოს მოლინა თავის წერილში „დონ კიხოტი ანუ ქმნადობის ხელოვნება“ პერსონაჟთა თავისებურ კლასიფიკაციას გვთავაზობს. ის ყველა პერსონაჟს ორ კატეგორიად ყოფდა: „ქმნადნი“ და „მყოფნი“. ქმნადებად მიიჩნევდა ისეთ პერსონაჟებს, რომლებიც ნაწარმოების განმავლობაში იცვლებოდნენ, ხოლო „მყოფებად“ – ისეთებს, რომლებიც ერთგვარ სტატიკურ ხასიათებს ინარჩუნებდნენ, ასეთად მიაჩნდა, მაგალითად, შერლოკ ჰოლმსი, ხოლო „ქმნადად“ – დონ კიხოტი და მარსელა. იგი იმ გარემოში, რომელშიც იზრდებოდა, მორჩილ ქალად უნდა ჩამოყალიბებულიყო, საზოგადოების ადათ-წესებსა და კანონებს მიჰყოლოდა, მან კი სულ სხვაგვარი გზა აირჩია, რთული, სახიფათო, მაგრამ თავისუფალი: „როდესაც მარსელა წინ აღუდგება საზოგადოებას, რომელიც ცდილობს, მას საკუთარი ნება მოახვიოს თავს, ის წარმოგვიდგება თანამედროვე ქალად, თანამედროვე პერსონაჟად. მარსელას სურს, დამოუკიდებლად იპოვოს თავისი ადგილი რეალურ ცხოვრებაში“.

ამ თვალსაზრისით, მარსელა ენათესავება ქართული ლიტერატურის იმ გამორჩეულ ქალ პერსონაჟებსაც, რომელთათვისაც პიროვნული თავისუფლება უპირველესი სასიცოცხლო ღირებულებაა (აღაზა, ლელა, ნესტან-დარეჯანი, ტერეზა და სხვ.). გურამ დოჩანაშვილის მეტაფორული თქმისა არ იყოს: „თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია“ („სამოსელი პირველი“).

„არ არსებობს კარიბჭე, არ არსებობს საკეტი და ბოქლომი, რომელსაც ჩემი გონების თავისუფლებას დაადებთ“, – წერს ვირჯინია ვულფი და თითქოს მარსელას სულისკვეთებას გამოხატავს. „შევეცადოთ, ადამიანებს არ ვხედავდეთ ყოველთვის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, არამედ ზოგჯერ ვხედავდეთ მათ დამოკიდებულებას რეალობასთან, ცასა და მიწასთან და ნებისმიერ რამესთან, რაც თავისთავადია“ (ვირჯინია ვულფი). მარსელამ სწორედ ეს მოიპოვა – დამოუკიდებლობა, რომ რეალობასთან, ცასთან, დილასა თუ საღამოსთან, მზესა და ვარსკვლავებთან თავისი ლაღი, თავისუფალი დამოკიდებულება ჰქონოდა.

ვაჟასა და გოეთეს გმირები

0
hand drawn sketch stack from two oldest books isolated on white background vector illustration.

ვაჟა-ფშაველას ლირიკაში მნიშვნელოვანია ლირიკული გმირის პიროვნება, თავისთავადობა. ხოლო პანთეიზმში, სპინოზას აზრით, ინდივიდუალიზმი, ინდივიდის აღიარება გამორიცხულია. იქ ყველაფერი ბუნებაშია გათქვეფილი, „ერთია ყოველი“. ამიტომ უსუსურად მიმაჩნია მკვლევარ ლ. თეთრუაშვილის მტკიცება, რომ ეს თავისთავადი სახე ყოველი მოვლენისა აუცილებელი არგუმენტია, რათა ვაჟა გოეთესეული პანთეიზმის თანამოაზრედ მივიჩნიოთ, რადგან ეს „თავისი ბუნების ყმობა“, თავისი წესის უმტყუნველობა, იგივე „რჯულის დაუკარგველობაა“ ვაჟას გმირი-ინდივიდუალობათა უზოგადესი თვისება. თუმცა გოეთესეული „მშვენიერი ადამიანის“ იდეალი ძალიან ჩამოჰგავს ვაჟას ,,დიდებულ ადამიანს“. აქვე უნდა ითქვას, რომ რაღაც ნიცშეანული არის იმის მტკიცებაში (რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ), თითქოს ეს სამყაროს მიმართ სიყვარულით განმსჭვალული ადამიანური იდეალი – „კაი ყმა“, გოეთეს „მშვენიერი ადამიანის“ მსგავსად, ისეა აღსავსე ამაღლებული მისწრაფებებით, რომ ბუნება-ღმერთთან მისი სხვაობა მინიმალურია.

სამყაროს მიმართ უდიდესი სიყვარული ვაჟას ფილოსოფიის საძირკველია, მრწამსის ერთგულება და კაცურკაცობის ტვირთის ზიდვის მოვალეობის შეგრძნება – მისი გმირის პიროვნულობისა თუ ზნეობრივი „მეს“ უძირითადესი თვისებაა. „…ვაჟას ლირიკულ გმირს „ღმერთთან ლაპარაკის“, მასთან სიახლოვის მთავარ პირობად, ვითარცა ჭეშმარიტ ერეტიკოსს, ღმერთისადმი მონური მორჩილება კი არ ესახება მართლმორწმუნე ორთოდოქს-ქრისტიანის მსგავსად, არამედ იდეალურ მისწრაფებათათვის ბრძოლა, ან „ქვეყნის საკეთილდღეოდ“ სიცოცხლე-სიკვდილის „რჯულად დადება“. აქ დავძენთ, რომ ქრისტიანობა არც არის „ღმერთისადმი მონური მორჩილება“, – ეს სიყვარულია, თუნდაც სიცოცხლისა, სამშობლოსი და მოყვასისა და შინაგანი, ღმერთში თავისუფლება.

რაც შეხება თანხვედრას, ამ მხრივ საინტერესოა, რომ ვაჟას ლირიკული გმირის სილაღე და სიჯიუტე (ლექსში „დამსეტყვე, ცაო“), გამჟღავნებული გულის სწორის ტრფობასა თუ მტრისადმი შეუგუებლობაში, ჩამოჰგავს გოეთეს ლირიკულ გმირთა უჯიათობას („იგივე მიყვარს, იგივე,/ ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი,/ ისევ მტერი ვარ იმისა,/ ვისაც დღესნამდე ვმტერობდი“).

ვაჟასთან უფრო ქრისტიანული რწმენის სიმტკიცე ჩანს, ვიდრე „ჭირიან ცხოვრებასთან“ შეგუება, უფრო „ოხერი წუთისოფლის“ სიყვარული, ვიდრე მისგან განდგომა და სამდურავი: „შამირცხვა, ვინაც სიცოცხლე/ უმადლოდ გააჩანჩალა/ მწადის, სიცოცხლეს ვმსახურო,/ თუმც ბევრი მასვა სამსალა,/ ვერ მომკლა უგუნურთ ძრახვამ,/ ვერც გრძნობათაგან დამცალა“.

რა შეიძლება ითქვას ბუნება-ღვთაების იგივეობის ტენდენციაზე „გველის მჭამელისა“ და „ფაუსტის“ მიხედვით და ე.წ. ერეტიკული პანთეიზმის მეორე ძირითად ასპექტზე – ადამიანისა და ღვთაების სწორფრობის თვალსაზრისზე?

ვაჟა გადაულახავ ზღვარს დებს ბუნებასა და ღვთაებას შორის და ღვთაება მიაჩნია „დამბადებლად“, „ციდამ ცა-ქვეყნის გამგედ“. ის, რომ ვაჟა-ფშაველასთან აშკარად არ არის გამოკვეთილი ქრისტიანული განწყობილებები და სიტყვა „ღმერთის“ გაგება ტრადიციული-ორთოდოქსულად სუსტია, არ ნიშნავს მწერალთან ღვთისა და ბუნების იგივეობას.

საინტერესოა არა მარტო ის გარემოება, რომ ყვავილთა ზნე, ხეთა „ხასიათი“, თავთავთა სწრაფვა, როცა არცერთი სხვას არ ჰგავს, თუმცა თითოეული ესწრაფვის, მთელი სისავსით გამოავლინოს თავისი არსი, რადაც განხორციელდა მათში ბუნება და ამ გამოვლენით, გოეთეს თქმის არ იყოს, „მთელს შეეთვისოს ვითარც მისი მარგი ნაწილი“, არამედ ისიც, რომ მინდია ბუნებასთან ზიარია, მისი ენა იცის, მას „ვაშას“ შესძახის ბუნება, თავიანთ საიდუმლოზე ელაპარაკებიან ყვავილები, ქვები, ხეები, ბალახები. ხევსურნი განცვიფრებულნი არიან მინდიას ამ მაგიური „ცოდნით“: „ნუთუ ასეთი ცოდნაო/ იქნება კაცის ძალისა?“ ხოლო ბუნება „მეცანსა“ და „არსთა მხედ“ მინდიას მიმართავს: „ჩვენა გვწამ, შენაც ხომ იცი, რომ ჰლაპარაკობ ღმერთთანაო“. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვაჟა აიგივებს ან ერთმანეთს შეუნაცვლებს „ღმერთისა“ და „ბუნების“ ცნებებს. მინდიას, რაც „დაცარიელდა ცოდნითა“, „გონება დაკარგა“ და „წინანდებური ცნება აღარ აქვს თავშია“, ფუჭად ესახება ბუნების წიაღს მოწყვეტილი სიცოცხლე, თავი კი დამნაშავე ჰგონია, „ცოდვიანი“ უფლის წინაშე: „თქვენგან მჭირს ჭირი უწამლო,/ უფალს თქვენგანა ვცოდიაო“, ცოლ-შვილს რომ მიმართავს. მაგრამ „მინდიამ სცოდა ბუნების წინაშე“ კი არა, როგორც ამას ლ. თეთრუაშვილი ხსნის, არამედ ღმერთს სცოდა ბუნების ჰარმონიულობასთან თანაზიარობის, ბუნების არსის შემეცნების უნარის, მისი თითოეული ინდივიდის მიერ ბრძენკაცი გრძნეულისთვის განდობილი საიდუმლოს წვდომის ნიჭის დაკარგვით, თავისი რწმენის, მრწამსის ღალატით.

ზუსტად ვაჟასებურად წერს გოეთე ბუნების თავისთავადობის, მკაცრად განსაზღვრული კანონზომიერებების შესახებ „პოეზიასა და სიმართლეში“: „ბუნება მოქმედებს მარადიული, აუცილებელი, იმზომ ღვთაებრივი კანონების შესაბამისად, რომ თვით ღვთაებრიობასაც არ ძალუძს მასში რამის შეცვლა“ (GoethesWerke in 10 Banden, II, B; 1962). „ფაუსტის“ პროლოგში მთავარანგელოსნი – რაფაელი, მიქაელი და გაბრიელი – ხოტბას აღავლენენ მეუფის მიმართ: „შენი ჭვრეტა სძენს ანგელოსთ ძალას, ვერვინ ჩასწვდება თუმცა შენს სიღრმეს“(გოეთე, „ფაუსტი“, თარგმანი დ. ონიაშვილისა). ასევე განადიდებს მზეს, სამყაროს მაორგანიზებელ ძალას, მთავარანგელოსი რაფაელი. უნდა ითქვას, რომ აქაც ბუნების ხოტბაა და არა მისი ღვთაებასთან გაიგივება.

ფაუსტი, მეფისტოფელს თავს რომ დააღწევს, ღმერთს უბრუნდება და წარდგება მის წინაშე არა როგორც გმირი მეუფის წინაშე, არამედ „მარადქალურის“ თუ მთელი სამყაროს გამაერთიანებელი სიყვარულის ძალით. „სინათლით აელვარებულ კოსმოსს, – როგორც გოეთე ამბობს, „უმაღლეს ატმოსფეროს“, – ბუნება-სამყაროს ერწყმის. ხოლო ,,მარადქალურის“ სიმბოლიკის შესახებ გოეთელოგიაში აღნიშნულია: „ძლიერი ტრაგედიის ნათელ, დამამთავრებელ აკორდად ჟღერს ჰიმნი მარადქალურისა, რომელიც ღვთისმშობლისა და გრეთჰენის „ციურ“ სახეებთან ერთად გალათეასა და ელენეს წარმართულ, ამიერ-მიწიერ მშვენებასაც გულისმობს. იგი გვევლინება ყოფიერების, სიცოცხლის მადგინებელ წარმომშობ ძალად და ამ ძალით ადამიანურობისა და სიყვარულის უწმინდესი იდეალის შემქმნელ-დამბადებლად“ (ლეილა თეთრუაშვილი). განა ეს ქრისტიანობა არ არის, რომელიც წარმართული კულტურითაა ნასაზრდოები?

„ვაჟა გოეთეს მსგავსად ეძებს ბუნების სიდიადის განმსაზღვრელ ძალას. ამ ძიების ონტოლოგიური ცენტრი, მისი სიღრმე და სივრცე ბუნების როგორც მთლიანობის ცნებაშია მოქცეული. ბუნებისა და ადამიანის გარეშე ვაჟასთვის არავითარი არსებობა არ იგულისხმება. მათი ჰარმონიული ერთიანობა ქმნის ამქვეყნიურ იდეალს. ვაჟას ფაუსტური ძიებაც აქეთკენაა მიმართული“ (მ. კვესელავა).

მინდია „არსთა მხედი“, ბუნებასთან თანაზიარია. ის ფაქტი, რომ ბუნება „ვაშას უძახის“ მის თანამოძმე ბრძენკაცს მათ შორის არსებული სიყვარულის ძალით, პანთეიზმის „საფანელად“, „სარჩულად“ მიაჩნია ლ. თეთრუაშვილს. ჩემი აზრით კი, მინდია არა ღმერთკაცია, არამედ ღმერთთან თანაზიარი, როგორც მისი საიდუმლოს პატრონი და მიმდევარი. როგორც ვაჟა წერს: „ხევი მთას მონებს, მთა – ხევსა, წყალნი – ტყეს, ტყენი – მდინარეს, და მე ხომ ყველას მონა ვარ, შუბლზე ოფლ-გადამდინარე“. უნდა ითქვას, რომ ეს თანაზიარობა, სიყვარული არ ნიშნავს ყურმოჭრილ მონობას. ეს იმას ჰგავს, ფაუსტს ღმერთი „ჩემს მონას“ რომ უწოდებს მეფისტოფელთან საუბარში. აქ უნიათო მორჩილება როდი იგულისხმება. „ფაუსტის“ პროლოგის ღმერთი გონიერი და მოსიყვარულეა, სამყაროს კანონზმომიერებათა მაორგანიზებელი და ტოლერანტი: იგი მეფისტოფელს ნებას რთავს, თავის ნებაზე ატაროს გმირი, მაგრამ ეშმაკის ამ უფლებით აღჭურვა ჰუმანური, ამაღლებული მოსაზრებითაა გამოწვეული: არსთა მხედს, ჯერ ერთი, სწამს ადამიანის კეთილი ზრახვებისა, მეორეც, ბოროტი სული საჭიროდ მიაჩნია, როგორც კაცისთვის სიფხიზლის შემმატებელი. ბუნების გამმსჭვალავი გრძნობა, ვაჟას შემოქმედებაში რომაა, „ფაუსტის“ ფინალშიც იჩენს თავს – ყრმა ანგელოზთა ქორო ზეცაში აიტაცებს გმირს, შერთავს სამყაროს იმ ძალას, რომელიც მას ღვთის სიყვარულის სახით სწყალობდა და თანაუგრძნობდა და რომელთან თანაზიარობაზე მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ოცნებობდა ფაუსტი. ესაც სხვა არაფერია, თუ არა ქრისტიანობა.

„სიცოცხლე სიყვარულით და სიყვარული სიცოცხლით“ – ესაა ვაჟასთვის კოსმიური მთლიანობის წინაპირობა. როცა ეს ერთიანობა აღარაა, გული იმსხვრევა, „ვეღარ არის ბიჭადა“, მაშინ „დაბნელდეს სამყარო თავის მთვარით და მზიანად“. თითქმის იმავეს ამბობს ჭაბუკი გოეთე რომანში „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“: „რაღაა სოფელი უსიყვარულოდ! ჩამქრალი ჯადო-ლამპარი“ ან „ქვეყნად არაფერი ისე არ ამართლებს ადამიანის არსებობას, როგორც სიყვარული“.

ღმერთი ყველგანაა და იგი ბუნებაშიცაა. მისი ხატი და მსგავსება განსახიერებაა ცალკეულთა, ინდივიდთა, რომელთა ერთობლიობა, მქმნელ-გარდამქმნელი, თავად ბუნებაა. ამ უკანასკნელში კი თითოეული სხვათაგან გამორჩეულია თავისთავადობით, ისე კი, როგორც მთელს, ბუნება ღვთაებას ჰგავს თავისი ამ განსაკუთრებულობითა და დამოუკიდებლობით, ვაჟას თქმით, „წესითა და რიგით“, ხოლო გოეთე მიაჩნია („,ქსენიები“): „ნურც ერთი ნურვის დაემგვანება, ყველა ემსგავსოს ოღონდ უმაღლესს./ ეს ვით შევიძლოთ? – სრულქმნას ყველამ თავისი თავი“.

ვაჟა-ფშაველასთანაც, ისევე როგორც, საზოგადოდ, მთაში, თუ მის მითოლოგიასაც გავიხსენებთ, ნაზავია ქრისტიანულისა და წარმართულისა (როგორც ქრისტიანულის წინამორბედი კულტურისა თუ ტრადიციებისა) და ეს ქმნის საოცარი ძალმოსილების რელიგიურობას. თითქოს ასევე განსხვავდება „ორთოდოქს“ მორწმუნეთა შეხედულებისგან ფაუსტის დამოკიდებულება საკუთარი ღვთაებისადმი. ამ მხრივ საყურადღებოა „ფაუსტის“ პირველი ნაწილი, როცა ფაუსტი თავის „არაინტელექტუალურ“ სატრფოს – გრეთჰენს უხსნის ამას და მადლს აღავლენს „მიწის სულისადმი“, რომელმაც მას გრეთჰენის სიყვარულით მთელი სამყაროს არსში ჩახედვის ბედნიერება არგუნა და თავისი „სულის დიადი სასწაული გაუმხილა“. ვაჟას მინდიასაც, ფაუსტის მსგავსად, ბუნება თავის სარკეში ახედებს, „გაამეცნიერებს“ და ისიც ჩასწვდება ბუნების შემადგენელ ინდივიდუალობებს, თუმცა მთელისგან, ბუნებისგან, მათი გამოკლება უფლის წინაშე ცოდვად ესახება.

ვაჟა წერს: „ამ პატარა არსებას, ადამიანს, თითქოს მთელი ბუნება თავის ვინაობაში მოუთავსებია… ყველა დიდებული ადამიანი თვით ბუნებას ჰგავს ღირსებითა და ნაკლით“. ვაჟას „დიდებული ადამიანი“, იგივე „კაი ყმა“, დიდი შემოქმედის უნიათო მონა-მორჩილად როდია წარმოდგენილი, არამედ პიროვნებად („წარბშეუხრელად ვყუდივარ, ჩემთა წადილთა ბედადა“). მსგავსადვე, გოეთეს „დიდკაცი“ არც მხოლოდ „სულის გმირია“, არც წმინდანი, ამ ცნებათა რელიგიურ-მისტიკური გაგებით. „სულის გმირის“ მოდელი, კონცეფცია, ქსენოფონტემ და პლატონმა წარმოადგინეს სოკრატეს სახით. ამ უკანასკნელს სხეული სულის დილეგად მიუჩნევია და მისგან თავის დასაღწევად, იდეალურთან და მეტაფიზიკურთან საზიარებლად სიკვდილს ესწრაფვის. ამ მხრივ სრულიად საწინააღმდეგო განწყობილებებია გოეთესთან, რომელიც ჰერდერს სწერს: „არ ვიცი, ის თუ შემიძლია, კერპის თაყვანებიდან, რომელიც პლატონმა შეაფერადა, ოქროსფრად მოავარაყა და რომელსაც გუნდრუკს უკმევდა ქსენოფონტე, ჭეშმარიტ რელიგიამდე აღვმაღლდე, სადაც წმინდანის ადგილზე იდგომება დიდი ადამიანი, ვისაც სიყვარულითა და აღტაცებით მივიკრავდი მკერდზე და აღფრთოვანებით შევძახებდი: „ჩემო ძმაო და მეგობარო!“(Goethes Werke, IV, Abteilung, H.B, Weimar 1887). მსგავსადვე, ვერც ვაჟას სიცოცხლის მოყვარულ, სისხლსავსე და სოციალურ გმირებს დავაკავშირებთ „სულის გმირებთან“.

ამ მხრივ საინტერესოა ვაჟას „კაი ყმა“, რომელშიც მწერალი, გვთავაზობს რა იდელური გმირის მოდელს, ბრძოლისთვის განგვაწყობს. ეს ბრძოლა არ მიმდინარეობს ვიწრო მოედანზე, მისი არენა სამყაროა, ხოლო დაპირისპირებული მხარეები – კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი, სიკვდილი და სიცოცხლე, „ავსული და კაი ყმა“. აქვე უნდა ვახსენოთ მეფისტოფელისა და ფაუსტის თავზარდამცემი დაპირისპირებულობაც („მიდით, იქ მიდით, სადაცა/ ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,/ მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ – მტერსა,/ ხმლები, ხანჯლები ელავდეს,/ ფარების იდგეს ჯღრდეები,/ თვალები თვალებს სწველავდეს,/ სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,/ ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს,/ მოციქულობდნენ ტყვიანი,/ შუბები შუბებს სწვერავდეს,/ ჭიაფრად მუზარადებსა/ სისხლის წვიმაი ჰფერავდეს,/ დაგელაობდეს სიკვდილი;/ სუდარაებსა ჰკერავდეს“).

ვაჟას გმირი „კარგი საქმისად“ ბრძოლით მოიპოვებს ცოცხალი დღეგრძელობას და მკვდარი – შენდობას. აქვე გავიხსენოთ ფაუსტის ცად ამაღლება, სადაც გრეთჰენთან მის საბოლოო შეუღლებას დიდი დედა-ღვთისმშობელი ლოცავს, მისივე კეთილ სწრაფვათა წილ. „კარგ გულს არა ჰკლავს ბუნება,/ თან დააქვს ძველისძველადა“ – ვაჟასი არ იყოს. ფაუსტის ეს ე.წ. „სულის ცხონება“ უკარგავს მეფისტოფელს იმედს, აისხრულოს თავისი ბოროტი ზრახვა – დაეუფლოს ფაუსტის სულს, ისევე როგორც ვაჟას „ალ-ქაჯნი“ გაუნაწყენდებიან კაი ყმას მაშინ, როდესაც უფალი ხარობს („ანგელოსები ხარობდნენ, ალქაჯნი იყვნენ წყენითა“).

ბუნების თავისთავადობა ყოველ ქმნილებაშია განხორციელებული დამოუკიდებელი ღირებულებოვნებით, რომლითაც ყოველი ქმნილება თავად ბუნებას ჰგავს. ამგვარად, ყოველ არსშია ღმერთი და ბუნება, არაფერია ნაკლებღირებული. ამიტომ განიცდის მინდია კაცთა ზემოქმედებას ბუნებაზე, გამოხატულს ხეების ჭრითა თუ ნადირთა ხოცვით („მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა,/ ნუ მასჭრით ხესა, დევჯერდეთ/ ჯოყრებს, ხმელ წიწკრებს ცოტასა“), თუმცა მას არავინ უსმენს. სწორედ აქ იბადება წინააღმდეგობა საზოგადოებასა და პიროვნებას შორის, აქ ჩნდება ცხოვრების მკაცრი მათრახის ძალა, რომელზეც ფაუსტი ამბობს: „აგვედევნება შინ და გარეთ ცოლად და ბავშვად/ მოგვევლინება საწამლავად/ ცეცხლად, წყლად, დაშნად“, რომელიც მძიმეა როგორც მინდიასთვის, ისე გოეთეს გმირისთვის, იმ განსხვავებით, რომ პირველს ის ამარცხებს, მეორეს კი აძლიერებს და აღამაღლებს საკუთარ თავზე.

ასე რომ, მინდია, რომელმაც „ვეღარ იბიჭა“, კარგავს ამაღლებულ მრწამსსაც და ტრაგიზმსაც, რადგან ამაღლებული ტრაგიკულს ახლავს მუდამ. „არსთა ძმა იყო იგი… მაგრამ მის გარშემო ჩვეულებრივი ყოფა ყოველდღიური – მისთვის ძნელ შეხედულებაზედ იყო მოწყობილი… ზეგარდმო სიბრძნეს ნაზიარები მინდია ვერღა მოჰყვებოდა ამგვარ ცხოვრებას. მისთვის ყოველი არსი მოყვასი იყო მახლობელი… მინდია ნელ-ნელა გადავიდა ჩვეულებრივ სადინელზედ… ბოლოს გაქვავდა გული, ჩაქრა სასწაულებრივი ნათელი და გარდაიქმნა დიდი მეცანი ჩვეულებრივ ხევსურად…“ (ვ. ბარნოვი).

ს. დანელია წერს: „არაბების ფილოსოფოსის იბნ როშდისა და ჰოლანდიელი ებრაელის ბარუხ სპინოზას მსგავსად, ვაჟა ფიქრობს, რომ პიროვნული სიცოცხლე უბრალო მოდუსია ბუნების უპიროვნო სიცოცხლისა. პიროვნება არ არის სუბსტანცია, რომელიც არ კვდება არასდროს. პიროვნება მხოლოდ ბუშტია მსოფლიოს უძირო ოკეანის ზედაპირზე: ოკეანე დუღს, მის ზედაპირზე ამოხტებიან ბუშტები, ცოტა ხანს ითამაშებენ, შემდეგ გასკდებიან ერთმანეთთან დაჯახების გამო და სამუდამოდ, უკვალოდ, უნაშთოდ, ჩაინთქმებიან ოკეანეში, რათა კვლავ სხვა ბუშტები ამოხტნენ, იმათაც ცოტა წაითამაშონ და შემდგომ გასკდნენ ასე დაუსრულებლად… არც ერთ ინდივიდუალისტს ვაჟას პოემებში გამარჯვება არ რჩება. დამარცხდა ალუდა ქეთელაური, დამარცხდნენ ჯოყოლა და აღაზა. დამარცხდა მინიდაც… დასკვნა ცხადია: ვაჟას ადამიანის ინდივიდუალობის გამარჯვებისა არ სწამს… ბუნება ვაჟასთან იმდენად დიდია, რომ ადამიანის ხელოვნება მასთან შედარებით ფუჭი ოცნებაა, ლანდია, სიყალბეა, სიცრუეა“ (ს. დანელია).

ვაჟას გმირები იხოცებიან ფიზიკურად როგორც საზოგადოებისგან განწირული მარტოკაცნი, მაგრამ სულიერი უპირატესობა, სიმართლე და მწერლის თანაგრძნობა მათ მხარესაა. განა შეიძლება, ეს დამარცხებად ჩაითვალოს? ეს ხომ, რ. როლანის გამოთქმისამებრ, რომელსაც მ. კვესელავაც მოიხმობს, „დამარცხებით გამარჯვებაა“. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყოფიერების წინაშე დამარცხებული მინდია ეთიკურ სფეროშია გამარჯვებული. მინდია დამარცხდა, რადგან ამ „ომში“ გამარჯვებული არ არსებობს, თუმცა მისი ფაქიზი იდეალები მარადიულია და განაგრძობს სიცოცხლეს. „დამარცხებით გამარჯვება“ ყოფიერების ტრაგიკული, წინააღმდეგობრივი არსის შეცნობაცაა, რაც გოეთეს ფაუსტის მსგავსად, ამ წინააღმდეგობრიობის დაძლევის ცდითაც ვლინდება, მისწრაფებით, არასდროს მოაკლდეს სიკეთისთვის ბრძოლის სურვილი, მისთვის „შეძრწუნების“ მიმნიჭებელი, და სიკვდილამდე შენარჩუნებული განწყობილებითაც: „რწმენას ვერ შემაცვლევინებ/ მოზღვავებულის ავითა“.

გოეთეს მსგავსად, არც ვაჟასთან იკარგება „ცალკეული“, არ ითქვიფება ყველა დანარჩენში, თუმცა არც ბატონდება. ვაჟა წინ აღდგომია ამ „გაბატონებას“ და ის „კაცთა უმსგავს ადათად“ მიაჩნია („…ბატონობასა,/ ერთი-მეორის ჩაგვრასა/ ვერ მოვიწონებთ ვერასდროს/ აშკარად ვამბობ ამასა“). საინტერესოა, რომ ვაჟა თავისუფლების პრინციპსაც აღიარებს და „მონებასაც“, რაც კოსმიური „მთელის“ შინაგანი ორგანიზაციის წინააღდეგობრიობაზე, დაპირისპირებაზეც მიუთითებს და ერთიანობა-მთლიანობაზეც.

თანამედროვე გოეთოლოგიას მიაჩნია: „სამყარო თუმცაღა გაერთიანებულია უნივერსალურად განფენილ-რალიზებული „ღვთაებრივი“ არსით, მაგრამ თავად ეს ერთიანობაა შინაგანად წინააღმდეგობრივი… კონკრეტულად წარმოადგენს პოლარულ საწყისთა – კეთილისა და ბოროტის, ნათელისა და ბნელის, მშვენიერისა და მახინჯის, სრულისა და ნაკლოვანის, – მარადიულ ჭიდილს, რომელიც თავად ბუნების დინამიკური პოტენციით ისაზღვრება და ამავე ფაქტორის ძალით თავის ყოვლადობაში ქმნის საბოლოოდ სრულქმნისკენ, ამაღლებისაკენ მიმსწრაფ ერთიან ჰარმონიას“ (ო. ჯინორია). ფაუსტიც დიალექტიკური ყოფიერების ორეულად წარმოგვიდგება, როცა თავისი ტრაგიკული გაორების შესახებ საუბრობს. ურთიერთდაპირისპირებულ საწყისთა წინააღმდეგობა მასშიცაა მოცემული: „აჰ, ორი სული ცოცხლობს მუდამ ამ ჩემს გულმკერდში,/ ორივე ლამობს ურთიერთისგან გათიშვას, გაყრას:/ ერთი ესწრაფვის უხეშ ტრფიალს, ტლანქსა განცხრომას,/ ებღაუჭება ხორციელსა მძლავრი ხელებით,/ ხოლო მეორე ესწრაფება ზენარულ გრძნობას,/ გატაცებული დიდ წინაპართ სასუფეველით“.

ვაჟასთანაც ბუნება, მიუხედავად ამ დაპირისპირებულობისა („ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა,/ საცა პირიმზეს ახარებს,/ იქვე მთხრელია ზვავისა,/ ერთპირად მტვირთველი არის/ საქმის თეთრის და შავისა“), მაინც ჰარმონიულია, „მაინც სიტურფით ჰყვავისა“. ვაჟა წერს: „მთათ შორის, თუ კარგად განვსჯით,/ არსად არ არის მონება“ (ეს არ გულისხმობს იმ „მონობას“, როცა „ხევი მთას მონებს, მთა – ხევსა… მე კი ყველას მონა ვარ, შუბლზე ოფლ გადამდინარეო“ – ეს თავისი წესისა და რჯულის მიხედვით ქცევაა, ერთურთის შველა და ასე სიყვარულით თანაარსებობა). გოეთეს ფაუსტის მსგავსად, ტრაგიკულნი არიან ვაჟას ალუდა და ჯოყოლა, გოგოთური და ზვიადაური. თუმცა ზნეობრიობით ვაჟას გმირები გოეთესას აღემატებიან. გოეთეს პერსონაჟები ხანგრძლივი ევოლუციის შემდეგ აღწევენ ამაღლებას და დიდ, ღვთის სწორ პიროვნებებად ჩამოყალიბებას, ხოლო ვაჟას გმირები იმთავითვე არიან ასეთები. კიდევ ერთი განსხვავება – გოეთეს გმირი მაკროსამყაროს გადასხვაფერებისკენ მიილტვის, მას „თავგასული სტიქიონის“ დამორჩილება და სათანადო კალაპოტში მოქცევა სურს, ვაჟას გმირები კი ეთოსის, ზნეობის სფეროში არიან რევოლუციონერები. თუმცა სამყაროს ზნეობრივი სრულქმნა ორივე შემოქმედის საერთო მრწამსია.

ვაჟას პოემებში არ არის სოციალურ-გარდამქმნელი ტენდენცია, თუმცა მისი წერილები გამოირჩევა მსგავსი პრობლემატიკით: „ვაჟა დაინტერესებულია სოციალურისა და ინდივიდუალურის შევსება-შერწყმის პრობლემით; იგი ისეთ სოციალურს მოითხოვს, რომელიც ინდივიდუალობას გაუწევს ანგარიშს“ (გრ. კიკნაძე).

ვაჟას და გოეთეს გმირები სხვა ადამიანებსაც ჰგვანან თავიანთი თვისებებით. მაგალითად, ფაუსტი, ზემოთქმულიდან გამომდინარე, საოცრად ცოცხალი და ნამდვილი სახეა, მაგრამ ისიც და ვაჟას გმირებიც საოცრად გამორჩეულნი არიან თავიანთი დამოკიდებულებით ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციისადმი და თითქმის სრულყოფილი, იდეალური ადამიანები არიან, რომელთა „სულიერი არსება ძლევამოსილად შესჭიდებია… ემპირიული ყოფიერების ვიწრო, სივრცით და დროით შეზღუდულ ფარგლებს“ (ო. ჯინორია).

დავუბრუნდეთ იმას, რითაც ეს ორი ავტორი ერთმანეთისგან განსხვავდება. სად გადის ზღვარი ქმედებასა და ცოდვას შორის, რამდენად გამართლებულია მიზნის მიღწევა ცოდვის გზით? ფაუსტისთვის უფრო ღირებულია ცოდნა, ინტელექტუალური ღირებულებების მნიშვნელოვნების პრიორიტეტით ის მიდის სულის დაღუპვამდე. გოეთესთან გასათვალისწინებელია კონტექსტი: დასავლური კულტურა გონების პრიმატზეა დაფუძნებული (ჰეგელი აღიარებდა ღმერთს როგორც აბსულუტურ გონს), ვაჟასთან კი გულის პრიმატია, სამყაროს სიყვარულის საგალობელს ისმენს და ემსახურება მინდია.

რაც შეეხება მსგავსებას: ღვთაებრივი ცოდნისა და ცხოვრებისეული რეალობის შეუთავსებლობაა მინდიასა და ფაუსტის დამარცხების მიზეზი. ფაუსტი შეგნებულად მიდის ცოდვიანი გზით, მინდია შეუგნებლად, უნებლიეთ, ნელ-ნელა შორდება ღმერთს. ასე რომ, ღვთებრივ ცოდნას ყოველთვის არ მოაქვს სიკეთე, ყოველთვის არ არის ადვილად სატარებელი ადამიანის დროითა და სივრცით შემოსაზღვრული სულისთვის.

ვაჟას და გოეთეს გმირები პირადი ინტერესების დათრგუნვის სანაცვლოდ ზოგადსაკაცობრიო იდეალისკენ სწრაფვით და ამ გზაზე ბოროტ ძალებთან შებრძოლების პათოსით, ცხოვრების სიმკაცრისა თუ სიდუხჭირის ჭირთათმენითაც ჰგვანან ერთმანეთს. საოცრად ფაუსტურია ვაჟას გმირების სიკვდილიც. თვალსაჩინოებისთვის თუნდაც ზვიადაურის „ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადაც“ კმარა. ის კვდება ფიზიკურად, მაგრამ სულიერად გამარჯვებულია. მეფისტოფელიც ზიზღითა და ჯიბრით ცდილობს ფაუსტის რწმენისა და გამორჩეული პიროვნულობის დანგრევას, ეს არის მისი მიზანი ჯერ ღმერთთან სანაძლეოს, მერე კი ფაუსტთან „ხელშეკრულების“ დადებისას. მას ფაუსტის სულის დამორჩილება სურს. აქვე გავიხსენოთ ალუდა ქეთელაურის სამშობლოსთან გამოთხოვებაც, რომელიც სულაც არ არის სიბეჩავე, პირიქით, ამ წასვლაში იგრძნობა განსაცდელისთვის ძლიერი ადამიანის დარბაისლური მზადყოფნა, – როგორც „ვილჰელმ მაისტერში“ წერს გოეთე ღვთის სწორფერ კაცზე: „მოკრძალება საკუთარი სიდიადისა და მასზე დაკისრებულ ამოცანათა უსაზომობის წინაშე“.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...