ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

,,ლურჯი ია და მაია’’ – მოთხრობის მონაკვეთის დახატვა/ გამოძერწვა

0

პირველ კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის განსაზღვრულია სამი პერიოდი: წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდგომი.

გთავაზობთ საანბანო პერიოდის სახალისო დავალებას, რომელიც შექმნილია პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსთვის ,,მშობლიური ენის კვალზე’’ (ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი; თანაავტორი ლელა მანგოშვილი; მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას და ამავდროულად მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

რესურსები და აქტივობები იმგვარად არის შერჩეული, რომ საანბანო პერიოდის პირველი დავალების შესრულება შეუძლია ნებისმიერ პირველკლასელს, მიუხედავად იმისა, რომელი სახელმძღვანელოთი სწავლობს.

 

თემა ბავშვი და გარემო.

ძირითადი რესურსი მოთხრობა ,,ლურჯი ია და მაია’’ (ავტორი – ლელა მანგოშვილი).

გრძელვადიანი მიზანი სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

დავალებმოთხრობის მონაკვეთის დახატვა/ გამოძერწვა.

დახატე/გამოძერწე მოთხრობის („ლურჯი ია და მაია“) ის მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. ნახატი დაასათაურე.

შეფასების კრიტერიუმები

დავალების წარდგენისას ისაუბრე:

  • რით არის ეს მონაკვეთი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი.
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ მონაკვეთში ყველაზე მეტად. რატომ დაასათაურე ასე.

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები:

რესურსი  1. თოჯინური ფილმი ,,ბომბორა სწავლას იწყებს’’.

ილუსტრაციები

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენებთ თოჯინურ ფილმს „ბომბორა სწავლას იწყებს“. მასწავლებელს შეუძლია, შეჩერებებით ამოაცნობინოს ეპიზოდები, ასევე, შესაძლებელია, პროექტორის საშუალებით ეკრანზე გააშუქოს მოცემული ილუსტრაციები ან ამობეჭდოს.

  • რას ხედავთ პირველ ნახატზე? ეს არის პირველი მონაკვეთი.
  • დააკვირდით მეორე ნახატს. რა მოინდომა ბომბორამ? ეს უკვე მეორე მონაკვეთია.
  • რატომ უსაყვედურა მეეზოვემ მესამე მონაკვეთში? რა ეწერა კარზე? რატომ ვერ
  • წაიკითხა ბომბორამ?
  • რა მოხდა მეოთხე მონაკვეთში, რატომ უკბინა ძაღლმა ბომბორას? შეიძლება ნებართვის გარეშე სხვის ეზოში შესვლა და ვაშლის მოწყვეტა?
  • გაიხსენეთ შემდეგი მონაკვეთი, რა აჩვენა გოგონამ, რა ეწერა ჭიშკარზე? შეძლო ბომბორამ წაკითხვა?
  • დააკვირდით მეექვსე მონაკვეთს. რატომ აღმოჩნდა ბომბორა კარის ქვეშ?
  • მეშვიდე მონაკვეთში რა შესთავაზა გოგონამ ბომბორას? რა წერია დაფაზე?
  • როგორ მოიქცა ბომბორა მერვე მონაკვეთში და რა უთხრა გოგონას?

 

აქტივობა 2. მოსწავლეებს გავაცნოთ და გავააზრებინოთ დავალების პირობა.

 

  • თოჯინური ფილმის რომელი ადგილი, რომელი მონაკვეთი მოგეწონა ყველაზე მეტად, მხატვარი რომ იყო, რომელს დახატავდი?
  • როგორ ამოიცანით მონაკვეთები? (ნახატების დახმარებით).
  • სწორედ ასე უნდა გამოიცნოთ ახალი მოთხრობის – „ლურჯი ია და მაია“ – მონაკვეთები და ერთ-ერთი დახატოთ.

რესურსი 2. ია – ილუსტრაცია წიგნიდან (მოსწავლის წიგნი გვ. 28).

რესურსი 3. ია (აღწერა – იაკობ გოგებაშვილი) მასწავლებლის წიგნი გვ. 183,  მოსწავლის რვეული გვ. 56)

ია (აღწერა)

ეს იაა. იას ყვავილი ასხია. ყვავილი ამოსულია ყლორტზე. ყლორტი ამოსულია ღეროზე. ყლორტებს და ღეროს ფოთლებიც ასხია. ღერო ამოსულია ფესვებზე. ფესვები მიწაშია. ია ფესვებით იწოვს მიწიდან საკვებს და იზრდება. მისი ყვავილი ლურჯია. სურნელი ნაზი აქვს. ია გაზაფხულის დამდეგს აყვავდება ხოლმე.

იაკობ გოგებაშვილი

 

აქტივობა 3.  მოსწავლეები ას აღწერენ ნახატის მიხედვით.

აქტივობა 4. წავუკითხოთ  შემეცნებითი ტექსტი ,,ია’’.

აქტივობა 5. დავამუშაოთ ახალი სიტყვები (ყლორტი, ღერო, ფესვი.)

  • როდის ამოდის ია? რას უწოდებენ მას?
  • სად აქვს ფესვები იას?
  • რა არის ფესვებზე ამოსული? ღეროზე?
  • როგორი სურნელი აქვს იას?
  • რა ფერის არის მისი ყვავილი? გული რა ფერის აქვს? ფოთლები?

რესურსი 4. მოთხრობ„ლურჯი ია და მაია“ (მოსწავლის წიგნი გვ.136 ).

ლურჯი ია და მაია

მაიას დიდედამ ლურჯყვავილებიანი კაბა შეუკერა.

გოგონას კაბა ძალიან მოეწონა, დიდედას ჩაეხუტა, მადლობა გადაუხადა და ჰკითხა:

– დიდედა, რა ჰქვია ამ ლამაზ ყვავილს, ჩემს კაბაზე რომ ხატია?

– შვილო, ეს არის ია, ტყეში ამოდის და გაზაფხულის მოსვლას გვახარებს.

მაიამ დიდედის ნათქვამი დაიმახსოვრა და გაზაფხულზე პაპას სთხოვა, ტყეში წაეყვანა.

იქ გოგონამ ძალიან ბევრი ლურჯი ია ნახა, სწორედ ისეთი, როგორიც მის კაბაზე იყო დახატული. გახარებული ხან ერთ ყვავილთან მირბოდა, ხან – მეორესთან. გადაწყვიტა, მოეკრიფა და დიდედისთვის ეჩუქებინა.

შეშინებულმა იამ კანკალი დაიწყო, თავი მორცხვად დახარა და კიდევ უფრო დაპატარავდა.

– ნახე, როგორ შეეშინდა, მიხვდა, რომ უნდა მოწყვიტო. რამდენიმე დღე იცოცხლებს,

მერე კი გახმება, არ გეცოდება? – ჰკითხა პაპამ გოგონას.

– აბა, დიდედას როგორ მივუტანო ია?– მოიწყინა მაიამ.

– მოდი, ყვავილების მაღაზიაში წავიდეთ და ქოთანში ჩარგული ია ვუყიდოთ – შესთავაზა პაპამ.

– რა კარგია, პაპიკო! წავიდეთ! – სიხარულით ხტუნავდა გოგონა.

მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ძალიან ბევრი ყვავილი იყო.

უცებ მაიამ ლურჯი ია დაინახა და ხმამაღლა შესძახა:

– პაპიკო, შეხედე, აი, ია!

გამყიდველმა გოგონას გაუღიმა და ქოთანში ჩარგული ია მისცა.

გახარებულმა მაიამ პაწაწინა ხელები შემოხვია ქოთანს და ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა დიდედასთან.

 

აქტივობა  6. სათაურზე და ნახატზე დაკვირვებით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.

 

-როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება  მოთხრობა? საიდან მიხვდით?

 

აქტივობა  7. წავუკითხოთ ტექსტი მთლიანად.

 

რესურსი 5. ვიდეობმული ,,ლურჯი ია მაია’’.

https://drive.google.com/file/d/19ReIWc5N9tJeY8iXjcjLKUsHH1KttfaS/view?usp=drive_link

 

აქტივობა 8. მოსწავლეებს ვაჩვენოთ ვიდეობმული.

 

აქტივობა  9. წავუკითხოთ ტექსტი პაუზებით.

 

I პაუზა:  …. გაზაფხულზე პაპას სთხოვა, ტყეში წაეყვანა.

  • როგორი კაბა შეუკერა დიდედამ მაიას?
  • როგორ გამოხატა გოგონამ მადლიერება?
  • რა ჰკითხა მაიამ დიდედას? რით დაინტერესდა?
  • რა უპასუხა დიდედამ, რის მოსვლას გვახარებს ია?

 

II პაუზა:   …. გადაწყვიტა, მოეკრიფა და დიდედასთვის ეჩუქებინა.

  • რა ნახა მაიამ ტყეში? მითხარით, როგორი განწყობა დაეუფლა იების დანახვაზე?
  • რა გადაწყვიტა გოგონამ? ვისთვის უნდოდა იების მირთმევა?
  • რატომ დაიწყო იამ კანკალი?
  • რა რჩევა მისცა პაპამ გოგონას? მოგწონთ პაპის რჩევა?

 

III პაუზა: …. აბა, დიდედას როგორ მივუტანო ია?– მოიწყინა მაიამ.

  • რატომ მოიწყინა გოგონამ?
  • თქვენ როგორ მოიქცეოდით, მაიას ადგილზე რომ ყოფილიყავით? მოწყვეტდით იებს?

 

IV პაუზა: …. მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ძალიან ბევრი ყვავილი იყო.

  • რა შესთავაზა პაპამ მაიას? მოეწონა გოგონას მისი რჩევა? რატომ მოეწონა?
  • იპოვეს მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ლურჯი ია? რა ქნა მაიამ?
  • თქვენ გაქვთ სახლში ქოთნის ყვავილები? როგორ უვლით მათ?
  • რა ისწავლეთ ამ მოთხრობიდან? რატომ არის მნიშვნელოვანი, გავუფრთხილდეთ ბუნებას და ვიზრუნოთ მშვენიერ ყვავილებზე, ხეებზე, მცენარეებზე?

 

რესურსი 6. მონაკვეთების ამსახველი ილუსტრაციები (მოსწავლის რვეული, გვერდი 57.

  1. დიდედა და მაია ლურჯყვავილებიანი კაბით; 2. პაპა და მაია ყვავილების მაღაზიაში; 3. მაია და ტყის ლურჯი იები; 4. გოგონას საჩუქარი დიდედას ).

 

აქტივობა 10. მოსწავლეები თანამიმდევრობით დანომრავენ მონაკვეთების ნახატებს და პატარა ამბავს გადმოსცემენ.

 

  • რას ხედავთ პირველ ნახატზე? სად არიან მაია და დიდედა? მომიყევით, რა მოხდა ამ მონაკვეთში?
  • რომელი იქნება შემდეგი ნახატი, სწორად არის მოცემული რვეულში მეორე მონაკვეთი?
  • რატომ ფიქრობ ასე? (არ არის, რადგან ჯერ ტყეში წავიდნენ მაია და პაპა, სულ ბოლოს კი – ყვავილების მაღაზიაში) ნახატს დააწერეთ შესაბამისი ციფრი.
  • გაიხსენეთ, რა მოხდა მესამე მონაკვეთში (მაიამ გადაწყვიტა იების მოკრეფა…) მომიყევით, რატომ გადაიფიქრა?
  • რომელია ამბის ბოლო მონაკვეთი? რატომ ფიქრობ ასე?
  • რის მიხედვით დაალაგე ნახატები თანამიმდევრულად?

 

შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია, მოცემული ილუსტრაციები პროექტორით გააშუქოს ეკრანზე და ამგვარად შეასრულოს ეს აქტივობა.

 

აქტივობა 11. საუბარი პერსონაჟების შესახებ.

 

  • როგორი ადამიანია დიდედა? პაპა? (მოსიყვარულე, კეთილი, მზრუნველი) საიდან ჩანს?
    • როგორი გოგონაა მაია? საიდან ჩანს, რომ ის ყურადღებიანია? (დაიმახსოვრა, რომ ია გაზაფხულზე ამოდის.)
  • საიდან ჩანს, რომ მოსიყვარულე და მზრუნველია? (გადაწყვიტა დიდედისათვის იების მირთმევა.)
  • როგორი გოგონაა მაია, დამჯერი თუ ჯიუტი? საიდან ჩანს? (მან პაპას დაუჯერა, არ მოწყვიტა ია და ქოთნის ყვავილის ყიდვა გადაწყვიტა.)
    • კიდევ რა თვისება ჩანს, როცა მან ია არ მოწყვიტა? (გაუფრთხილდა ბუნებას.)
    • სწორად მოიქცა მაია? თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე? ხომ არ გახსენდებათ მსგავსი ამბავი, რომელიც თქვენ გადაგხდათ თავს?

 

აქტივობა  12. გოგონას განცდები/გრძნობები – მონაკვეთების ამსახველი ნახატების ქვეშ

მოსწავლეები დახატავენ ღიმილის კაცუნას, როცა მაია გახარებულია, როცა მოწყენილია – მოწყენილ კაცუნას.

 

შენიშვნა: მოსწავლეები, რომლებიც სხვა სახელმძღვანელოთი სწავლობენ, ამ აქტივობას ასე შეასრულებენ: მასწავლებელი პროექტორით გააშუქებს ეკრანზე  ილუსტრაციებს, მოსწავლეები შესაბამის ღიმილის კაცუნას დახატავენ სახატავი რვეულის ფურცელზე ან აჩვენებენ შესაბამის ბარათს. სასურველია, ეს ბარათები ჰქონდეთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს და საჭიროებისამებრ გამოიყენებენ ტექსტების წაკითხვის დროს.

როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს და განიცდის გოგონა პირველ ნახატზე? მოწყენილია თუ გახარებული? რატომ? მეორეზე? მესამეზე? მეოთხეზე?

 

აქტივობა 13. მოსწავლეები დახატავენ ამბის შერჩეულ მონაკვეთს, წარადგენენ და ნახატებს გამოფენენ საკლასო გალერეაში.

 

  • ყველაზე მეტად რომელი მონაკვეთი მოგეწონა? (დიდედამ მაიას ლურჯყვავილებიანი კაბა შეუკერა; პაპა და მაია ტყეში არიან; შეშინებული ია; მაია და პაპა ყვავილების მაღაზიაში).
  • რით უკავშირდება ეს მონაკვეთი შენს პირად გამოცდილებას, ხომ არ გაგახსენდა მსგავსი ამბავი?
  • რით არის ის შენთვის საინტერესო? რომელ მონაკვეთს დახატავ/გამოძერწავ?
  • ამ მონაკვეთში რომელი სიტყვა ან გამოთქმა მოგეწონა ყველაზე მეტად?

 

 

ხელოვნური ინტელექტი და განათლება

0

ქართული გამოცემა მომზადდა ევროპის საბჭოს თანხმობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროგრამა eTwinning-ის მხარდაჭერით. 

წიგნის ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან 

ხელოვნური ინტელექტი და განათლება

მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით

0

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის „ყვითელი ნახევარმზე“

 

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ასეთი ეპიზოდია: ფოტოგრაფი ვასიკო კეჟერაძე კორესპონდენტთან საუბარში ნიგერიას ახსენებს. ინტერვიუერს უკვირს – ნიგერია საიდანღა იციო. ნიგერიაში, ჩემო ბატონო, სამი კარგი მწერალიაო, – მშვიდად პასუხობს ვასიკო კეჟერაძე, – შიიონკა, ჩინუა აჩებე და გაბრიელ ო’ჰარაო.

დარწმუნებული ვარ, იმ დროს, როცა ეს მოთხრობა იწერებოდა, დაბადებული რომ ყოფილიყო, დოჩანაშვილი აუცილებლად მოიხსენიებდა მეოთხე მწერალსაც – ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის – ნიგერიელ ქალს, რომელმაც, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსები ამბობენ, ახალგაზრდა თაობას ყველაზე მძლავრად გააგონა აფრიკული ლიტერატურის ხმა.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი 1977 წელს ნიგერიაში, უნივერსიტეტის პროფესორისა და რეგისტრატორის ოჯახში დაიბადა. ნიგერიის სამოქალაქო ომმა მისი ოჯახის ცხოვრებაში საბედისწერო კვალი დატოვა – ორი ბაბუა ომში დაეღუპა, ოჯახმა კი ყველაფერი დაკარგა.

ბუნებრივია, ეს ტრაგედია ადიჩის უმძაფრეს შთაბეჭდილებად და, შეიძლება ითქვას, შემოქმედებით ინსპირაციადაც იქცა. სწორედ ნიგერიის სამოქალაქო ომის ფონზე იშლება მთავარი ამბავი მწერლის თითქმის ყველა მხატვრულ ტექსტში. ეს ომი განმსჭვალავს პერსონაჟთა ცხოვრებას თუ სულიერ მდგომარეობას, მათ პიროვნულ აქტებს, პოზიციებს, დამოკიდებულებებს… ამდენად, ადიჩის რომანები დიდწილად დოკუმენტური და ავტობიოგრაფიულია, მიუხედავად იმისა, რომ მწერლის უსაზღვრო ფანტაზია და მდიდარი წარმოსახვა მკითხველის წინაშე ავთენტურ მხატვრულ სამყაროებს ქმნის.

ნიგერიის სამოქალაქო ომი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფად არის მიჩნეული. სამი წლის განმავლობაში (1967-1970) ასი ათასზე მეტი ჯარისკაცი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო ორ მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე შიმშილმა იმსხვერპლა. სწორედ ეს შემზარავი ომი იქცა იმდროინდელი კაცობრიობის მთავარ თავსატეხად, რამაც მსოფლიოს უმაღლესი ხელისუფალნი აიძულა, კიდევ ერთხელ გადაეხედათ ჰუმანიტარული დახმარების სისტემისთვის.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანებს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს. „იისფერი ჰიბისკუსი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) და „ამერიკანა“ (გამომცემლობა „პალიტრა L“) ქალის თვალით დანახული შემზარავი თანამედროვე სამყაროს რეტროსპექტივაა, ქალის ხმით მოყოლილი ამბებია მჩაგვრელი სახელმწიფოებრივი თუ რელიგიური სისტემების, სტერეოტიპების ჩარჩოებში მომწყვდეული ცხოვრების, თავისუფლების წყურვილის შესახებ. ამ რომანებში, ისევე როგორც არამხატვრულ ტექსტებში, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი მძლავრად გამოხატავს სამოქალაქო პროტესტს. ეს ტექსტები მისი სამოქალაქო აქტივიზმის ნაწილია, დაუღალავი და შეუპოვარი ბრძოლის გაგრძელებაა. ადიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ანგარიშგასაწევი აქტივისტი ფემინისტია, რომელიც მუდმივად საუბრობს ქალთა მიმართ ჩაგვრისა და ძალადობის, თანასწორობისა და თავისუფლების შესახებ. მისი ესე „ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ“, რომელშიც ეს იდეები მკაფიოდ და გასაგებად არის გაშუქებული, ქრესტომათიულია ყველა სამოქალაქო აქტივისტისთვის.

ადიჩის აქტივიზმის ასეთი წარმატებისა და პოპულარობის საიდუმლო ისიც არის, რომ მწერალი ყოველგვარ სტერეოტიპს ებრძვის, მათ შორის – სტერეოტიპულ აქტივიზმსაც (ფემინისტურ თუ სხვა სოციალურ-საზოგადოებრივ ტენდენციებში). მისთვის მთავარია არა რომელიმე ლოკალური, კონკრეტული სოციალური ჯგუფი (თუმცა, ცხადია, ამ ჯგუფების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს), არამედ, საზოგადოდ, ადამიანი. ადამიანი თავის მთლიანობაში, სიცოცხლის საზრისებში, ავთენტურ პატერნებში.

რომანი „ყვითელი ნახევარმზე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) ადიჩისთვის რიგით მეორეა „იისფერი ჰიბისკუსის“ შემდეგ. მისი სიმძიმის ცენტრი, ვფიქრობ, მოდის არა რომელიმე პერსონაჟზე (მიუხედავად იმისა, რომ რომანს შთამბეჭდავი, მკაფიო და დაუვიწყარი პერსონაჟები ჰყავს), არამედ უშუალოდ ომზე – ნიგერიის სამოქალაქო ომზე, რომელიც თავად გვევლინება მთავარ გმირად. ომის ხმა და ინერცია განსაზღვრავს ტექსტის ყველა დანარჩენ შრეს.

ეს აზრი სათაურშივე იკვეთება – ყვითელი ნახევარმზე ბიაფრის არაღიარებული რესპუბლიკის ემბლემაა. სწორედ ბიაფრის რესპუბლიკასა და ნიგერიას შორის იყო გაჩაღებული ის სასტიკი სამოქალაქო ომი, რომელშიც ხუთასი ათასამდე ბავშვი შიმშილით დაიღუპა.

რომანის გმირები – ოლანა და მისი მეუღლე ოდენიგბო, თეთრკანიანი რეპორტიორი რიჩარდი, ოლანას ტყუპისცალი და, ოლანას და ოდენიგბოს მსახური უგვუ – ომისგან არიან დევნილნი.

ომი განდევნის მათ არა მხოლოდ საკუთარი სახლებიდან, არამედ საკუთარი თავებიდანაც. კაცობრიობის ეს მთავარი მონსტრი ქმნის რომანის ტექსტში მძლავრ ბარიერებს – ადამიანებსა და სახელმწიფოებს, ენებსა და გულებს შორის, რომელთა გადალახვაც მხოლოდ ყველაზე ძლიერთა ხვედრია.

ძალა „ყვითელი ნახევარმზის“ ერთგვარად საკულტო აქცენტია. ძალა როგორც დეკონსტრუქციის საშუალება და, იმავდროულად, მკვდრეთით აღდგომისა და გამარჯვების წყაროც. ნკალი – ასე წარმოითქმის იგბოს (ერთ-ერთი დიდი ეთნიკური ჯგუფი ნიგერიის კოლონიაში) ენაზე „ძალაუფლება“, რაც ნიშნავს – „იყო უფრო ძლიერი, ვიდრე სხვა“. ყველაფერი ძალით იწყება და ძალით მთავრდება – როცა ქვეყნები ერთმანეთს ძალას უპირისპირებენ, ადამიანებს ისღა დარჩენიათ, ძლიერებით გადარჩნენ. ცხადია, ამ ძალაში სიყვარულიც იგულისხმება, სიკეთეც და ყველა ფასეულობითი კატეგორიაც, მაგრამ ეს უპირველესად სიცოცხლის ძალაა – გადარჩენის, ცოცხლად დარჩენის, სიკვდილისგან გათავისუფლების ძალა, რომელიც ამ რომანში ერთი შეხედვით ყველაზე უმწეოს/უძლურს აღმოაჩნდება.

ცხოვრების დრამატურგიაც ალბათ ეს არის – უზენაესის წინაშე ამგვარი პარადოქსი გაითამაშო. მაშინ, როცა მშვენიერ და ღონიერ ოლანას და მის განათლებულ მეუღლეს, ოდენიგბოს, სამუდამოდ უწევთ უშვილობასთან შეგუება (ოლანამ ომში დაჩეხილი ორსული რომ ნახა, მას შემდეგ დაკარგა შვილოსნობის უნარი), მათი მოსამსახურე უგვუ არა მხოლოდ ფიზიკურად გადარჩენას, არამედ იმგვარი სულიერი ძალისხმევის გამოვლენასაც ახერხებს, რომ რომანის მთავარ გმირადაც გვევლინება ომის შემდეგ… როგორც სახარებაშია: „ყოველნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან და ყოველნი უკანასკნელნი – პირველნი“.

ომი უნაყოფობას ბადებს, ის სიცოცხლეს ჩანასახში სპობს – ფიზიკურადაც და სულიერადაც. ოლანასთან ერთად ომის ამ საბედისწერო თვისების მსხვერპლია რეპორტიორი რიჩარდიც. მთელი სიუჟეტის განმავლობაში ის წიგნს წერს ნიგერიის სამოქალაქო ომზე. წიგნს რეფრენად გასდევს ფრაზა „მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“. რიჩარდის აზრით, ეს უნდა იყოს სასტიკი წიგნი, წიგნი-მანიფესტი, რომელსაც ულმობელ და მოძალადე მსოფლიოს ააფარებს თვალებზე. მაგრამ ომი რიჩარდსაც გამოაცლის ამ უნარს და მასაც უნაყოფოდ ტოვებს… სამაგიეროდ, მის მწერლურ საქმეს მსახური უგვუ აგრძელებს, ერთ დროს წერა-კითხვის უცოდინარი უგვუ, რომელიც 13 წლისა დაუდგა მსახურად ოლანას და ოდენიგბოს და უკიდურესი ძალისხმევით შეიძინა ყველა სასიცოცხლო ცოდნა და უნარი, მათ შორის – ენა.

ენა, რომელიც ამ ტექსტში ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს – როგორც ძალადობის იარაღი და როგორც დიდი მადლი.

მსახური უგვუ ორივეს ფლობს – ძალასაც და მადლსაც. ის ახალი აფრიკის სახეა, ახალი სიცოცხლის ნაყოფია. ამდენად, ის იმსახურებს, იყოს ახალი ტექსტის, ახალი წიგნის ავტორიც.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანი „ყვითელი ნახევარმზე“ ქართულად ანი კოპალიანმა თარგმნა. მნიშვნელოვანი წიგნია, რადგან მასში ერთ ქვეყანაში/კონტინენტზე მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე ზოგადსაკაცობრიო ამბავია მოთხრობილი, თანამედროვე და არქეტიპული ტენდენციებით, ადამიანური ვნებებით და პატერნებით.

როგორც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში ნახსენები ნიგერიელი მწერალი ჩინუა აჩებე იტყოდა: „წესისამებრ, სიჭაბუკეს სიბრძნესთან არავინ აიგივებს, მაგრამ ამ ახალგაზრდა მწერალს უძველეს მთხრობელთა ნიჭი გადმოსცემია… რომ არა მისი უშიშრობა, ვერაფრით მოჰკიდებდა ხელს ნიგერიის სამოქალაქო ომის სულისშემძვრელი საშინელების აღწერას“.

„ყვითელი ნახევარმზის“ მკითხველი ამ უშიშრობის მისტერიას თავადაც იგრძნობს.

 

 

„ვწერ მასწავლებლისთვის“ სკოლის მთავარ გმირებთან

0

გამოცხადდა თუ არა ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“, ვიცოდი, რომ ჩავუსაფრდებოდი ათ საუკეთესო მოთხრობას, რადგან გამოცდილებამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ მაჩვენა: დიდია ინტერესი, როცა პერსონაჟის თანატოლი მკითხველი ხარ.

მოსწავლეებმა ჯერ ჩემ მიერ ჩამორიგებული მოთხრობების გვერდები გადაითვალეს, მერე კი კითხვას შეუდგნენ. ჩუმი კითხვის წუთებია. მათ სახეზე გაკვირვებას, ღიმილს, ირონიას, შეშფოთებასაც კი ვხედავ… ეს უკვე კარგია – ვფიქრობ ცოტათი კმაყოფილი. კითხვა დაასრულა ერთმა, მეორემ მთხოვა: მასწ, სახლში გამატანთ? აქ ვერ მოვასწრებ, მესამემ მაგიდაზე უტყვად დამიდო თაბახზე ამობეჭდილი მოთხრობა, მეოთხემ თავი ჩაღუნა და ელოდება ჩემს რეაქციას, რომელსაც არ ვჩქარობ. ბოლოს ვეუბნები მათ, რომ რამდენიმე გამარჯვებულ ავტორს შევახვედრებდი. უკვირთ და თან მოსწონთ ეს მათთვის ახალი ამბავი. ავტორებს ძალიან უხარიათ, თუ ვინმემ, მით უფრო, პატარა ასაკის მკითხველმა მისი წიგნი წაიკითხა, მის დაწერილზე იფიქრა. ამიტომ მოსწავლეებს ვთხოვე: თუ სურვილი გექნებათ, გავახაროთ მოწვეული ავტორები, გავუზიაროთ მათ თქვენი ემოცია, რეაქცია, შთაბეჭდილება, მერე კი ამ შთაბეჭდილებას საშინაო დავალებების რვეულში გადაიტანთ-მეთქი. საღამოს მოსწავლის ბებიის მოკლე ტექსტური შეტყობინება მომდის: შვილიშვილთან ერთად მეც დავინტერესდი და დიდი სიამოვნებით წავიკითხე მოთხრობაო. ჩვენ ერთმანეთის პატრონები ვართ, მე მის გარდა აქ არავინ მყავს, მისი მშობლები ემიგრაციაში არიან და მახარებს, რომ მისი გულის კარი ასე ადვილად და თბილად შეაღეთო. მან მოინდომა რომელიმე თანამედროვე მოთხრობის გადმოგზავნა, თუ არ შეწუხდებითო… მეტი მეც რა მინდოდა… უკვე კარგი დასაწყისი იყო პროექტისა, რომელიც წლების წინაც ვცადე სხვა სკოლის ბაზაზე.

ახალი სკოლა, ახალი გარემო, რაც არ უნდა ვთქვათ და როგორც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი უაღრესად პასუხისმგებლობიანი საქმე, მაინც გამოწვევაა. ეს ის მომენტია, როცა გეოგრაფიულ არეალს მნიშვნელობა არ აქვს და მიზანი კვლავ იგივეა: თინეიჯერი კითხვის სიყვარულთან მიაახლოვო. არაა მარტივი გზა, მით უფრო თბილისში, მაგრამ ეს ხომ ჩემი არჩევანია?!. თან რომ ვერ წყდები და დღითიდღე მარტივად ახერხებ „ჯერ კიდევ ახალი“ მოსწავლე-მეგობრების შეყვარებას.

სამი მოთხრობის ავტორს იმ საღამოსვე დავუკავშირდი. აქედან ორი მწერალი-მასწავლებლები – თამთა დოლიძე და ნინო ქადაგიძე ვიდეო-ჩართვაზე დავითანხე (ფრიად ობიექტური მიზეზების გამო ფიზიკურად ვერ მოვიდოდნენ). ხოლო ერთს – ათეულის გამარჯვებულს, პირველადგილოსან ნათია როსტიაშვილს კი უკვე წუთი-წუთზე ველოდით. მართალია, მოსწავლეებმა ათივე მოთხრობა წაიკითხეს, გაიაზრეს. ამ ყველაფერს ყველაზე საინტერესო პროცესიც მოჰყვა: ერთმანეთს გაუზიარეს. თითქოს, სურვილი კითხვისა აღძრულია. ყველაზე ონავარმა ბიჭებმა კლასშივე გადახედეს ტექსტებს, თუმცა ვერ ვიცრუებ – მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამიზიარეს საკუთარი დამოკიდებულებები. ესეც ბუნებრივია, როცა ასეთი რამ მათ თავს არ მომხდარა. ღელავდნენ, თუმცა ეს გადაჭარბებული ემოციურობა თავად ავტორმა პირველივე წუთებიდან ჩააშოშმინა. აღარც ფასილატატორი სჭირდებოდათ უკვე ჩემი სახით, იმდენად გაუშინაურდნენ, გულწრფელი აზრები შეაგებეს უცნობ მწერალს. ნათია როსტიაშვილმა ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ფუტკარი ბარამბოს ტოტზე“, „ამ ომში არავინ დაბერდება“ და „ანიკო მასწავლებელი“ – ამ სამი მოთხრობის გარშემო გავერთიანდით. მსჯელობა, რამდენად რეალური ისტორიებია ან რატომ მოუნდათ სკოლაზე, მასწავლებელზე წერა – ამ ყველაფერზე უკვე პირისპირაც და ვიდეო-ჩართვიდანაც მიიღეს სათანადო უკუკავშირი ავტორებისგან. მათ მოსწავლეების წინაშე საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, მოსწავლეობის პერიოდზე და ბევრ აქტუალურ საკითხზე, რაც მკაფიოდაა გაშლილი ათივე ავტორის ნაწერში. ვინმეს სასკოლო ცხოვრების ამრეკლავი კვლევის ჩატარება რომ მოუნდეს, საკმარისია ამ მოთხრობებში ასახული ამბებით რეალური დასკვნები დაიწეროს.

ქვევით გთავაზობთ რამდენიმე მოსწავლისა და მოწვეული სტუმრის უკუკავშირს:

ანდრია ცქვიტიშვილი, ახალი გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: მოთხრობა ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი ეპიზოდი იყო მოსაწონი, ბევრიც – მეტ-ნაკლებად. რა მასწავლა ამ მოთხრობამ? ის, რომ არ უნდა იყო მორცხვი, თამამად, თავდაჯერებულად გამოთქვა აზრი. კარგია, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი ყოველთვის მისმენს; მიღებს ისეთს, როგორიც ვარ. ავტორთან შეხვედრა უჩვეულო და დაუვიწყარი იყო, რადგან მომეცა საშუალება, შეუზღუდავად მესაუბრა ჩემი სასკოლო დღეების რეალობაზე.

ანა-მარია ფერიაშვილი, ახალი ქართული გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: ინტერესით და ძალიან მოკლე დროში წავიკითხე მოთხრობა. პირველ რიგში, ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა. ავტორი ცდილობს, დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ერთიც და მეორეც; რომ დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმ დეტალის გათვალისწინებით, როცა კექსს ერთად მიირთმევენ. ბევრი ბავშვის პრობლემაა დღეს ჩაკეტილობა. ნდობა იმდენად დაბალია, რომ პედაგოგთან ვერც იხსნები… ეს კვლავ მასწავლებელმა უნდა შეძლოს! რითი? ასე მიმაჩნია, რომ ერთმა სწორმა ქცევამ, სწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება სასიკეთოდ შეცვალოს ადამიანების ურთიერთობა, „მოგიხსნას ჩარჩოები“.

ანასტასია ტაბატაძე, ახალი ქართული გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: სტრეოტიპული აზროვნება, რომელიც ამ მოთხრობაში ნათლად ჩანდა, ჩემთვისაც თვალში საცემი იყო: თუ ვერ იტირე, გრძნობები ხმამაღლა თუ ვერ გამოხატე, დამკვიდრებული მორალის მიხედვით, ე.ი. არ გადარდებს შენთვის ძვირფასი ადამიანის დაკარგვა. ან კიდევ – დავალება მშვენივრად გიწერია და გრცხვენია კლასის წინაშე წაკითხვა. მეც მქონია ასეთი არაერთი შემთხვევა და განსაკუთრებით ადვილად წარმოვიდგინე თავი. ასაკს ალბათ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არადა, დღემდე მიუღებლად მიგვაჩნია ბევრი რამ, რის გამოც საზოგადოება „ავად“ შეგაფასებს.

ანანო გორდელაძე, ახალი გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: მოთხრობაში „ამ ომში არავინ დაბერდება“ კარგადაა აღწერილი პერსონაჟები. სკოლა არის ადგილი, სადაც წყდები გარე სამყაროს და შეაბიჯებ თუ არა შენობაში, ყველაფერი იცვლება. მასწავლებელი ამხიარულებდა ბავშვებს, ზრუნავდა მათ უსაფრთხოებაზე და აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან – ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მუსიკა რომ ალამაზებს ცხოვრების ყველა წამს, ეს ცხადია, მაგრამ ავტორს შევეკითხებოდი – დღემდე ასეა თქვენთვის? რაც შეეხება მოთხრობას „ანიკო მასწავლებელი“, ყველაზე მთავარი აქ მასწავლებლის სიტყვა და შეხედულებაა სამშობლოზე, რომელსაც ასე ცხადად, დღისით, მზისით რუსები დაეპატრონენ. ანიკო მასწავლებელი რომ ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო, აუცილებლად შევიყვარებდი მას. მისთვის მიუღებელია დასჯა.

ნათია როსტიაშვილი, „ვწერ მასწავლებლისთვის“ კონკურსის გამარჯვებული ავტორი: ნეტავ, ბავშვებიც ისეთივე განწყობით დაბრუნდნენ სახლებში, როგორც მე? ბევრი რამ მკითხეს, ვკითხე. ფინალისტების მოთხრობებზე განხილვები დაუწერიათ. სულ გულიდან ამოსული აზრები. ხელში შემოგვადნა მთელი ორი საათი გულწრფელ საუბარში. გასახარია, როცა მთავარი ხაზი შეხვედრისა იყო კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“. მთავარია, ბავშვებთან იყოს ლიტერატურაზე შეყვარებული პედაგოგი. ამ კუთხით მათ ძალიან გაუმართლათ.

ვიცი, არ გაგიკვირდებათ – შეხვედრის დასრულება არცერთ მხარეს არ უნდოდა… ჩვენი თანამშრომლობა აქ არ დამთავრებულა. სხვა წიგნებთან, სხვა ლიტერატურულ ამბებთან ერთად კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ასეა, როცა სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც დიდი დღესასწაულია! სტატიის დაწერამდე ყველაზე მაგარი სიახლეც წამოგვეწია: მასწავლებელზე მოთხრობები ერთ წიგნად აიკინძა და ეს სიხარული, როგორც რიგითმა მკითხველმა, მოსწავლეებს გავუზიარე, რომლებთან ერთადაც თბილისის წიგნის დღეებიც მოვიარე. თანამედროვე სკოლის თანამედროვე მასწავლებელს სჭირდება ამგვარი წიგნები, როგორც რესურსი, როგორც გზა შემოქმედობითობის უნარის გასავითარებლად, ფიქრის ბილიკზე გასაყვანად.

 

მშობლები – მაინც რა სურთ მათ?

0
Daughter Accompanied By Her Mother To Visit A Woman Child Therapist. Counselor Counselee. Full Length, Isolated On Plain Color Background. Vector, Illustration, Flat Design, Character.

მშობლებს სურთ, რომ შვილებმა დაიცვან მათთვის დაწესებული საზღვრები. საზღვრები, რომლებიც ბუნებრივად ყალიბდება, მშობლების მოთხოვნილებებისა და უნარების შესაბამისად ერთგვარი აუცილებელი „ფარია“. ასე ფიქრობს გერმანელი ავტორი, რომელსაც მკითხველი წინა სტატიებში უკვე გაეცნო. Susann Mierau-ს ნაშრომი „ბავშვთა აღზრდისადმი განსხვავებული მიდგომები, უპირობო მიმღებლობის საფუძველზე“ არის ძალიან საინტერესო და მრავალ განსხვავებულ მოსაზრებას მოიცავს. გერმანელი პედაგოგი და ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტი ქალბატონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია ოჯახური ურთიერთობების, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების სფეროში. კარიერის დასაწყისში სუზან მირაუ ასწავლიდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, შემდეგ მშობლებისა და სპეციალისტებისთვის კერძო პრაქტიკა დაიწყო. ის არის ბლოგერი, ატარებს სემინარებს. ესწრება და სპიკერობას უწევს კონფერენციებს, სადაც განიხილავენ ოჯახის მხარდაჭერისა და გაძლიერების საკითხებს. 1980 წელს დაბადებული სამი შვილის დედა Susann Mierau ცხოვრობს ბერლინის გარეუბანში.

ჩვენი შვილები, – ფიქრობს ავტორი, – ყოველდღიურად მრავალ შეზღუდვას აწყდებიან. აი მაგალითად: „მე არ შემიძლია შენთვის ამ ნივთის ყიდვა, რადგან ფული არ მაქვს“; „ამ საღამოს ვერ გამოგყვები სათამაშო მოედანზე, რადგან ძალიან დაღლილი ვარ“; „არ იხმაურო, შენს პატარა დაიკოს სძინავს“… მსგავსი შეზღუდვების/საზღვრების არსებობა და მათი დაცვა სოციუმში ურთიერთობის სრულიად ნორმალური მოვლენაა. საზღვრების დაწესება სულაც არ არის ძალადობა, როცა ისინი ბავშვების აღზრდის „კეთილშობილურ მიზნებს“ ემსახურება. აუცილებელია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანებს, ნივთებსა და სოციალურ სისტემებს აქვთ საზღვრები. მათი დაცვის აუცილებლობაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა: მშობლებმა მტკიცედ და მკაფიოდ უნდა აუხსნან პატარას, რომ, მაგალითად, სულაც არ არის სასაცილო, როდესაც ის უფროსებს მტკივნეულად ქაჩავს თმებზე. ეს ქცევა სასწრაფოდ უნდა შეაწყვეტინოთ ბავშვს. თუ თავად მშობელი გაიზარდა ისეთ გარემოში, სადაც მისი საზღვრები მუდმივად ირღვეოდა, ის დიდი ალბათობით ვერ შეძლებს საკუთარ შვილს მტკიცედ მოსთხოვოს, არ დაარღვიოს ისინი. ასე არ უნდა ხდებოდეს, – მიიჩნევს სუზან მირაუ, – უფროსებმა თავად უნდა მოახერხონ საკუთარი საზღვრების გაფრთხილება აქ და ამჟამად, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მშობელს ძალიან უჭირს „არა“-ს თქმა და ეს ხარვეზი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა უფროსებს სურთ შვილები განსხვავებულად აღზარდონ, ვიდრე ისინი თავად აღზარდეს საკუთარმა მშობლებმა. „არა“-ს თქმას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უფროსებისთვის ასევე მათი შვილებისთვის, რადგან თუ პიროვნებას სამართლიანი „არა“-ს თქმა შეუძლია, მას არც სამართლიანი თანხმობა გაუჭირდება.

ძვირფასო უფროსებო, თუ თქვენ შემთხვევით ამგვარ შეკითხვას დაგისვამენ: „იყენებთ თუ არა საკუთარ ძალაუფლებას ძალადობისთვის?“ მე დარწმუნებული ვარ, – ამტკიცებს გერმანელი ავტორი, – უმრავლესობა იმ მშობლებისა, რომლებიც ამ ფრაგმენტს კითხულობს, უარყოფით პასუხს გასცემს ამ შეკითხვაზე. სინამდვილეში, მშობლები არიან უფროსები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ბავშვებზე, მიუხედავად იმისა, რომ რთულ სიტუაციებში ზოგჯერ ისინიც უსუსურად გრძნობენ თავს. მშობლები ადგენენ დღის განრიგს; განსაზღვრავენ, რა რაოდენობის თანხების დახარჯვის უფლება შეიძლება ჰქონდეთ შვილებს; რა ტიპის სოციალური განწყობები უნდა იყოს მისაღები ბავშვებისთვის. შვილები მშობლებისგან დაცვასა და მზრუნველობას მოითხოვენ, ისინი მათ თვალში ბრძენი, ძლიერი, კეთილი და საიმედო ადამიანები არიან. ავტორი ფიქრობს, რომ იქნებიან თუ არა მშობლები ასეთები, დამოკიდებულია მათ მიმართებაზე ძალაუფლებასთან: ანუ იმაზე, თუ როგორ იყენებენ უფროსები საკუთარ ძალაუფლებას. ისეთ სიტუაციებში, როდესაც მშობლები უსუსურობის განცდით იტანჯებიან, მატულობს იმის რისკი, რომ ისინი შეეცდებიან საკუთარი ძალის დემონსტრირებას, რაც მათი მხრიდან შვილების მოთხოვნილებებისა და სურვილების უგულვებელყოფაში გამოიხატება. როგორც წესი, მშობლები, მიიჩნევენ, რომ მათ მიერ ცხოვრების მანძილზე მრავალ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე დაგროვილი გამოცდილება უფლებას აძლევთ, პრივილეგირებულები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ, რა და როგორ უნდა გააკეთოს პატარამ. საბოლოო ჯამში მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ თანდათანობით ბავშვებიც კი იჯერებენ მშობლების „ყოვლისმცოდნეობას“.

ანამ მეორე შვილი მაშინ გააჩინა, როდესაც უფროსი გოგონა უკვე თინეიჯერი იყო. თავიდან დედა მეორე გოგონასაც იმავე პრინციპებით ზრდიდა, როგორითაც უფროსს, მაგრამ შემდეგ ანა სოციალური ქსელების მეშვეობით გაეცნო აღზრდის განსხვავებულ მიდგომებს. კერძოდ: „მოთხოვნილებებზე ორიენტაცია“ და „აღზრდის ტრადიციულ შეხედულებებზე უარის თქმა („არა აღზრდას“)“. გარკვეული დროის შემდგომ დედამ გადაწყვიტა, გამოეცადა ეს ახალი მიდგომები, რადგან ჩათვალა, რომ ისინი მისთვის უფრო მისაღებია. ამ დროისთვის პატარა კატოს უკვე ოთხი წელი შეუსრულდა. ის საკმაოდ ძლიერი ბავშვია და დედას მუდმივად კონფლიქტებს უწყობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, საჭმლის ჭამა, დაძინება და გართობა. აღმოჩნდა, რომ პატარას თავგზა აებნა, როდესაც მას ნება დართეს, თავად გადაეწყვიტა „სადავო საკითხები“. კატოს სულაც არ მოეწონა დედის შეთავაზება, რომ თავად დაედო საკუთარ თეფშზე კერძი, (ამ თემაზე მუდმივი დაძაბულობა წარმოიშობოდა დედა-შვილს შორის. კატო თვლიდა, რომ საჭმელი ძალიან ბევრი იყო და მას იძულებულს ხდიდნენ ბოლომდე შეეჭამა მთელი ულუფა). დედა აღიარებს, რომ შვილისთვის ვერც დაძინების შესახებ დამოუკიდებლად მისაღები გადაწყვეტილება აღმოჩნდა ადვილი შესასრულებელი. ეს კონკრეტული ექსპერიმენტი იმით დასრულდა, რომ ანა დარწმუნდა: ახალი კონცეფცია ან პრინციპულად არ არის სწორი, ან ის მათი ოჯახისთვის შეუფერებელია.

ამ ოჯახის ისტორიის მაგალითზე მინდა გითხრათ, – ამბობს გერმანელი ექსპერტი, – პატარა კატო ძალიან დაიბნა. ანას საკუთარი მშობლური გამოცდილება იმდენად აქვს შესისხლხორცებული, რომ ვერ გადალახა იმის „ცოდნა“, თუ რამდენი უნდა მიირთვას, როდის დაიძინოს და, საერთოდ, რა აკეთოს შვილმა. სულაც არ არის ადვილი, ახალი მიდგომების გათავისება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შვილების აღზრდას, მათი კეთილდღეობის შესახებ წლების განმავლობაში გამჯდარი შეხედულებების ცვლილებებს ეხება. ცვლილებები უჭირთ შვილებსაც. ძნელია, ერთ მშვენიერ დღეს გამოუცხადო ბავშვებს, რომ „ხვალიდან მოთხოვნილებებზე ორიენტირებული მშობლები ვხდებით და თქვენ შეგიძლიათ, თავად გადაწყვიტოთ, რა და როგორ აკეთოთ“. მკითხველი მიხვდება, რომ ბავშვებს სჭირდებათ დრო და მუშაობა, რათა თანდათანობით და თანამიმდევრულად გააცნობიერონ საკუთარი მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებას უმეტესად თვითონაც შეძლებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშობლებსა და შვილებს შორის ძალთა დისბალანსის სრულად აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ მშობლები პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, რათა შვილებს დაუთმონ სიტუაციის მართვის შესაძლებლობა ან სურვილი აქვთ მათ თანასწორებივით მოექცნენ. ეს ერთი შეხედვით კეთილშობილური განზრახვები, სავარაუდოდ, პატარის პიროვნებისა და ფსიქიკის ზედმეტად გადატვირთვას იწვევს.

მშობლებს ხომ შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. სწორედ ასეთი სურვილითაა გამსჭვალული დარეჯანი, რომელსაც თავად მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ამიტომ, სურდა მისი სამი წლის გოგონა ლიზა „სულ სხვანაირად აღეზარდა“. დედამ მიზნად დაისახა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ემოქმედა. მას სურდა ლიზას მოთხოვნილებებისთვის პატივი ეცა, რისთვისაც ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში მათზე კონცენტრირდებოდა. მიუხედავად ამისა, გამუდმებით წარმოიქმნებოდა კონფლიქტები დედა-შვილს შორის სულ სხვადასხვა საკითხებზე. დარეჯანი თვლის, რომ მისი გოგონა ცოტათი ინდიფერენტული და ცვალებადი ხასიათისაა. როდესაც საბავშვო ბაღიდან დაბრუნებულ ლიზას დედა ეკითხება, რის გაკეთება სურს, ბავშვს, როგორც წესი, ზუსტი მკაფიო პასუხი არ აქვს. როცა, მაგალითად, პატარას სათამაშო მოედანზე უშვებენ, მას სხვაგან წასვლა ურჩევნია. იგივე ხდება საკვებთან დაკავშირებითაც. ამის გამო დედა ვეღარ იგებს, როგორ მოიქცეს. ერთი მხრივ, მას უნდა შვილის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, ამიტომ მუდამ რამდენიმე კერძს აკეთებს, რომელთაც საბოლოოდ ლიზა მაინც არ ჭამს და დარეჯანს უწევს, გადაყაროს დარჩენილი საკვები. დედა ძალიან დაძაბულია, ის განიცდის საკუთარ „მარცხს“ და თვლის, რომ არაკომპეტენტურია. მამაც ძალიან შეწუხებულია, მას მიაჩნია, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება.

 Susann Mierau ამ ოჯახის მაგალითის განხილვისას ამბობს, რომ: „დედას, რომელსაც სურდა ყველაფერი საუკეთესოდ ეკეთებინა, უკიდურესობაში გადავარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიზას ძალიან დიდი არჩევანის წინაშე აყენებს და საერთოდ არ ეხმარება, თანადგომას არ უწევს გადაწყვეტილების მიღებისას, რაც პატარას უსაფრთხოების განცდას ვერ უყალიბებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვების მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის. აი ახლა, თხრობა უბრუნდება სტატიის დასაწყისში ხაზგასმით ნახსენებ საზღვრებს. სწორედ მათი დაწესებაა აუცილებელი, განსაკუთრებით ლიზას ასაკის ბავშვებისთვის. განმარტებისთვის: ლიზას შეუძლია, აირჩიოს ვახშმად ან სენდვიჩი ან ბოსტნეულის სალათა. მაგრამ დედამ არავითარ შემთხვევაში დამატებით არ უნდა მოხარშოს მაკარონი, თუ შვილი მოულოდნელად უარს იტყვის პურის მირთმევაზე.

მშობლებისა/უფროსების როლი შვილებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი დაცვისა და ზრუნვის თვალსაზრისით. მაგრამ პრობლემა ისაა, როგორ იყენებენ უფროსები მათთვის მინიჭებულ ასეთ მძლავრ შესაძლებლობებს. მშობლებისთვის, საკმარისია კეთილგანწყობილი, თანამგრძნობი, ბუნებრივად დიდი ავტორიტეტის მქონე უფროსის პოზიცია. „მე ასე მსურს“ და „ჩემს შვილს სრულიად სხვა რაღაც უნდა“-ს შორის ბრძოლა არ უნდა გამართოს მშობელმა და მით უმეტეს გამარჯვებულის დაფნის გვირგვინის დადგმა არ უნდა მოიწადინოს.

ძვირფასო მშობლებო, ფსონის დადება ურთიერთგაგებასა და კრეატიულ გადაწყვეტილებებზე უნდა მოახდინოთ. სწორედ ასეთია ბრძენი, ძლიერი და კეთილი მშობლის როლი.

 

 

 

მსოფლიოს ცხრა აკრძალული მწვერვალი – ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილისთვის

0

(პირველი ნაწილი)

 „მე ბედნიერი კაცი ვარ. მქონდა ოცნება, რომელიც განხორციელდა. ეს კი ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება. ევერესტზე ასვლა – ჩემი ხალხი მას ჯომოლუნგმას ეძახის – ჩემი ცხოვრების სანუკვარი ოცნება იყო. შვიდჯერ ვცადე, ყოველ ჯერზე უშედეგოდ, მაგრამ კვლავ ვცდილობდი, კიდევ და კიდევ, მაგრამ არა ისეთი გაცხარებით, რომლითაც ჯარისკაცი მტერზე მიდის, არამედ სიყვარულით, როგორც ბავშვი, რომელიც მშობელი დედის მუხლებზე მიცოცავს ზევით“.

თენცინგ ნორგეი, ეროვნებით ტიბეტელი შერპა, ნეპალელინდოელი მთამსვლელი, პირველი ადამიანი (ედმუნდ ჰილარისთან ერთად), რომელმაც 1953 წლის მაისში, მსოფლიოს უმაღლესი მთის, ჯომოლუნგმას/ევერესტის (სიმაღლე: 8 848 მეტრი) მწვერვალზე დადგა ფეხი.

 

„მიწა, რომელზეც ვდგავართ, წმინდა მიწაა. იქ ჩვენი წინაპრების სისხლია“.

ალაქჩილია აჰუ, მონტანის შტატის აბსაროკას/„ქროუს“ ხალხის ბელადი (ანგლიზებული სახელი, Plenty Coups)

ადამიანი და მთა – ეს წარმოუდგენლად დიდი სივრცეა, რომელშიც ადამიანები და მთები ერთად არსებობენ და ერთმანეთთან ურთიერთობას ცდილობენ. ადამიანს, ასეთ მცირესა და უძლურს – ორფეხა და ორხელა არსებას, რომელიც საათში სულ რამდენიმე კილომეტრს თუ გადის, და რომელიც გიგანტურ მწვერვალებთან შედარებით ჭიანჭველაზე პატარა ჩანს, ყოველთვის რაღაც იზიდავდა მთებისკენ – მთებისკენ, რომელთა სიმაღლე ათასჯერ აღემატება ყველაზე მაღალი ადამიანისას; მთებისკენ, რომელთა მყინვარებიც შობენ ამაზონის, განგის, იანცზის, ხუანხეს, მეკონგისა თუ ბრაჰმაპუტრას მღვრიე წყლებს; მთებს, რომელთა ფერდობებზე მოსული წვიმა ასაზრდოებს მიწას, რომელიც თავის მხრივ, მილიარდობით ადამიანს ჩუქნის საკვებს; მთებს, რომელთა საძოვრებზე ბალახს ძოვს მილიარდობით ცხვარი, ძროხა, თხა, იაკი თუ ლამა-ვიკუნია; მთები, რომელთა ჩრდილშიც სახლობს ასობით მილიონი ადამიანი აზიაში, ევროპასა თუ ამერიკაში. „თუ დაბლობის დანახვა გინდა, მთაზე უნდა ახვიდე“, გვეუბნება ძველი ჩინური ანდაზა და მთაზე ასვლისკენ გიბიძგებს, თითქოს ძალდაუტანებლად…

და მაინც, რა იზიდავს ადამიანს, ამ მოუსვენარ და ცნობისმოყვარე არსებას, მთის მწვერვალისკენ, ზეცისკენ, მყინვარებისკენ, მრავალსაათიანი დამქანცველი ზესვლისკენ წელამდე თოვლში, ქარსა და მომაკვდინებელ ყინვაში?

ადამიანმა ეს ბოლომდე არ იცის. მას იზიდავს მთა, ან შეიძლება, თვითონ მთა, თავისი სიდიადითა და სილამაზით და ჩვენთვის გაუგებარი ბუნებრივი მანქანებითა და ზემოქმედებით, თვითონაც იზიდავს ადამიანს, თავისი საიდუმლო სანახებისკენ. ესეც არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ მყინვარწვერის პირველად დანახვისას, გული სხვაგვარად იწყებს ძგერას; თოვლით დაფარული, მზისგან აბრჭყვიალებული მწვერვალისთვის თვალის შევლებისას, მაშინვე გიჩნდება სურვილი „ის“ მწვერვალი ნახო, ან „იმ“ მწვერვალზე შეიგრძნო ის აქედან მიუღწეველი იქაურობა… „ნეტა, იქ, ზემოთ, როგორია? ნეტა, იქ რა ხდება?“.

„მწვერვალს ვერასდროს დაიპყრობ. შეიძლება მასზე რამდენიმე წუთი იდგე. შემდეგ, ქარი წაშლის შენს ნაკვალევს“, ამბობს ამერიკელი ქალი მთამსვლელი, ქ-ნი არლენ ბლუმი. ამ ქალბატონს კი მერწმუნეთ, მართლაც დაეჯერება, რადგან სწორედ ის „რამდენიმე წუთით“ მდგარა ანაპურნას, დენალის თუ ჯომოლუნგმას მწვერვალებზე და როგორც თვითონ ამბობს, „შემდეგ ქარს თან წაუღია მწვერვალზე მყოფთა ნაკვალევი“.

მსოფლიოში, გარდა ალპინიზმისა და მთამსვლელობის მოყვარული ხალხის სანუკვარი მთებისა და მწვერვალებისა, არსებობს რამდენიმე მთა, რომლებზე ასვლა არც შეიძლება და როგორც ძველნი იტყოდნენ, „არც ეგების“. მოკლედ, არსებობს მთები, რომლებზე ასვლა და მით უმეტეს მათი „დალაშქვრა“ აკრძალულია. დიახ, მკაცრად აკრძალული. ქვემოთ გთავაზობთ ამბებსა და ისტორიებს მსოფლიოს რამდენიმე „აკრძალული“ მთის შესახებ.

#1. ნომერ პირველად წარმოგიდგენთ ტიბეტში მდებარე მწვერვალ კაილაშს (სიმაღლე: 6656 მეტრი) – ჰინდუთა, ბუდისტთა, ჯაინთა და ბონის მიმდევართა წმინდა მთას. ეს მწვერვალი, ან უფრო სწორად, ეს წმინდა მთა, ალბათ, ყველაზე იდუმალი ადგილია დედამიწაზე. კაილაშს სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელს ეძახიან: განგ რინპოჩე, ტიბეტურად; განგ რენ-ბო ცი ფან, ჩინურად; კიელას, ჰინდიზე.

მთა კაილაში წმინდა მთაა ოთხი რელიგიის მიმდევართათვის: ტიბეტური ბუდიზმისთვის, ინდუისტებისა და ჯაინებისთვის და ადგილობრივი ტრადიციული რელიგიის, ბონის მორწმუნეთათვის, რომელთაც ბონპოებს ეძახიან.

ბუდისტებისთვის, მთა კაილაში, საკუთრივ ბუდას განსახიერებაა; ერთ-ერთი ბუდისტური ტრადიციით (ვაჯრაიანას ბუდიზმი, გავრცელებულია ტიბეტში, ნეპალში, ჰიმალაის პროვინციებში, აღმ. აზიასა და მონღოლეთში).

ჰინდუთათვის (ჰინდუიზმის მიმდევრებისთვის), კაილაში შივას ღვთაების ადგილსამყოფელია (ინდური გადმოცემებით, შივა (იგივე მაჰადევა, ან „მთავარი ღმერთი“), ჰინდუთა სამი ღმერთიდან ერთ-ერთია და იგი, შივა – „დამანგრეველი ღმერთი“, სწორედ კაილაშზე ცხოვრობს.

ჯაინებისთვის ამ მთას (კაილაშს) აშთაპადა ჰქვია და მათთვის ეს ის ადგილია, სადაც ჯაინიზმის პირველმა მეფე-ღვთაებამ, რიშაბჰანატამ, პირველად განიცადა მოკშა, ანუ სულის სრული გათავისუფლება დაბადება-სიკვდილის ციკლიდან; ჯაინიზმი – უძველესი რელიგია, ჰინდუსტანის ნახევარკუნძულიდან, რომელსაც ჰინდუზმთან ბევრი საერთო ნიშანი აქვს. თუმცა ამ ორ უძველეს რწმენაში განსხვავებები ტაძრებში, პანთეონში, რიტუალებსა თუ სამარხო წესებში, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება, ლ.ა.).

კაილაშის წმინდა მთის ასეთი მრავალსახოვანი რელიგიური აღქმის გამო, კაილაშის მიდამოები, მუდმივად მორწმუნეთა თაყვანისცემის ადგილია და ათი ათასობით ჰინდუ, ბუდისტი, ჯაინი თუ ბონპოს მომლოცველი, მთელი წლის განმავლობაში მოილოცავს ამ წმინდა მიწას. შესაბამისად, კაილაშის მთაზე ფეხის შედგმა და მით უმეტეს მასზე აცოცება, სერიოზული უპატივცემულობის გამოხატვაა. სწორედ ამიტომ, ამ მთაზე ასვლა აკრძალულია ჩინეთის მთავრობის მიერ და სხვა ვერსია არც კი განიხილება. გარდა, რელიგიური მოსაზრებებისა. მთის პირამიდისებურ-გუმბათოვანი აგებულება და ოთხივე მხრიდან თითქმის ვერტიკალური, ყინულით დაფარული ქარიანი კედლები, ფაქტობრივად გამორიცხავს ამ მთაზე ასვლას.

 

#2. წმინდა მთა ნანდა დევი – (სანსკრიტ. नन्दा देवी, Nanda Devi) – ინდოეთის სიმაღლით მეორე მწვერვალია (სიმაღლე: 7,816 მ). ინდოეთის უმაღლეს წერტილად ითვლება ინდოეთი-ნეპალის საზღვარზე მდებარე მწვერვალი კანჩენჯანღა (8,585 მ, სიმაღლით III მსოფლიოში). ნანდა-დევის მწვერვალი ინდოეთში, უტტარაკანდის შტატში მდებარეობს, ნეპალის დასავლეთით და ტიბეტის ავტონომიური რეგიონის სამხრეთით.

 

„ნანდა დევი” ინდურ პანთეონში ნეტარების მომცემ ქალღმერთს ჰქვია. ეს მწვერვალი, ჰინდუთა უწმინდეს მთად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძნელადმისაღწევ ადგილად ითვლება.

 

მწვერვალის ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით, 1983 წელს, ინდოეთის მთავრობამ ნანდა დევის მწვერვალზე ასვლა აკრძალა და იგი ეროვნული პარკის ფარგლებში მოაქცია.

 

ნანდა დევის უკავშირდება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და გასაიდუმლოებული ავანტიურა – 1965-1968 წლებში აშშ-ს მთავრობამ, ინდოეთთან თანამშრომლობით, სცადა მწვერვალზე პლუტონიუმის ბატარეებით მომუშავე ტელემეტრული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება, ჩინეთის ატომური პროგრამის გამო.

 

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო მისიამ, რომელშიც აშშ-სა და ინდოეთის ყველაზე გამოცდილი მთამსვლელები შედიოდნენ, მკაცრი ამინდის გამო, ვერ შეძლო მწვერვალზე ასვლა. მეტიც, ზვავის გამო, ამერიკელებს, 2 კგ-მდე პლუტონიუმის (Pu 238 და Pu 239) აკუმულატორების და SNAP-ის სადაზვერვო სისტემის იქვე, ყინულებში დატოვება მოუწიათ. მეორე წელს, განმეორებითმა ექსპედიციამ მოსასმენი აპარატურის კვალსაც კი ვეღარ მიაგნო.

 

ასე დამთავრდა აგენტი-007-ის მსგავსი ავანტიურა ინდოეთის ჰიმალაებში იმ მწვერვალის მყინვარზე, რომლებიც ინდოეთის წმინდა მდინარეს, განგს აძლევს დასაბამს. ჰინდუთა ლეგენდის თანახმად, ქალღმერთ ნანდა დევის შეუძლია „დურგად“ – 16-ხელიან, მიუწვდომელ, შურისმაძიებელ ღვთაებად გადაიქცეს და თვით ვიშნუსა და შივას ძალა მიიღოს, კამეჩისსახიანი დემონის – მაჰიშას დასამარცხებლად, რომელიც მსოფლიოს დაღუპვით ემუქრება.

 

#3. აღმოსავლეთ ტიბეტის, კჰამის, მისადგომებთან მდებარე მთა გონგგა-შანი (ჩინური დასახელება), ან მინია კონკა, (ტიბეტურად) გამორჩეულია როგორც თავისი სილამაზით, ისე – სიმაღლით (ინგლ. Mount Gongga/Minya Konka, 7,556 მ).

 

გონგგა-შანი, გეოგრაფიულად მთლიანად სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს და მისი მყინვარები მდინარე იანძის აუზს კვებავენ. ადრე, ჩინეთის პროვინციების ტერიტორიულ რეფორმამდე, გონგგა-შანი, იგივე მინია-კონკა, ტიბეტის კჰამის პროვინციაში შედიოდა. გონგგა-შანი, თავისი მებარეობით, დედამიწის ყველაზე მაღალი აღმოსავლეთით მდებარე მთაა (მის აღმოსავლეთით, მასზე მაღალი მთა აღარ გვხვდება). მას ჩინელები „სიჩუანის მთების მეფეს“ უწოდებენ. მთა გონგგა-შანი, ჰიმალაი-ყარაყორუმის მასივის გარეთ მდებარე სიმაღლით მესამე მთაა, ტირიჩ მირისა (Tirich Mir, 7708 მ, ჰინდიყუში, პაკისტანი) და კონგურ-ტაღის შემდეგ (Kongur Tagh, 7,649 მ, ჩინეთის პამირი) და უმაღლესია, წყნარი ოკეანის სადრენაჟო აუზის ფარგლებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ გონგგა-შანი, ჯომოლუნგმას (ევერესტს) სიმაღლეში 1,292 მ-ით ჩამორჩება, ამ მწვერვალზე ასვლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრა.

 

როგორც ალპინისტები ამბობენ, გონგგ-შანი, ალბათ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე რთული მწვერვალია, თვით ცნობილ, თოთხმეტ 8,000-იან პიკზე უფრო რთული! მას ხშირად უწოდებენ „ველურ მთას“, რომელზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს!

 

ცნობილი ჩეხი მთამსვლელი, პაველ კორჟინეკი (Pavel Kořínek), რომელმაც მინია-კონკა 2017 წელს დალაშქრა, წერდა: „მადლობა ღმერთს რომ მინია-კონკაზე ასვლამდე არავის უთქვამს ჩემთვის, რამდენი ადამიანი შეიწირა ამ მწვერვალმა! ეს რომ მცოდნოდა, შეიძლება მასზე ასვლა ვერც კი გამებედა!“.

 

ამ მთის დალაშქვრას, სიმაღლისა და უმეტესად არასტაბილური ამინდის გარდა, ართულებს მისი ფორმა და ე.წ. ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე – საუკუნეების განმავლობაში, მთის მთავარი პიკი, კონუსის ფორმის, 60-70-გრადუსიანი დახრის გვერდების მქონე კედელი, ყინულოვან მასივად ჩამოყალიბდა, სადაც უხვადაა სერაკები და მუდმივად არის ზვავების საშიშროება. ალბათ სწორედ ამიტომაც, 2017 წლის მონაცემებით, მწვერვალზე წარმატებით მხოლოდ 32 ალპინისტი ავიდა. გონგგა-შანის დალაშქვრის მცდელობების სიკვდილით დამთავრებული შემთხვევების სტატისტიკა კი ერთ-ერთი ყველაზე საშინელია მსოფლიოში – „სიჩუანის მთების მეფემ“ 21 ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა და იგი სიჩუანის მთამსვლელთა ასოციაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მწვერვალს წარმოადგენს! ადგილობრივების თქმით (სიჩუანის ამ მხარეში, გარძეს ავტონომიურ ოლქში, უმეტესად ტიბეტელები ცხოვრობენ), მინია-კონკა ბუდისტების წმინდა მთაა და მასზე ასვლა არ შეიძლება.

სკოლაში დატრიალებული ვაფლის გულების სურნელი

0

მარია ფარის „ვაფლის გულები“ ოთხი წლის წინ წავიკითხე. ჩემი მესამე შვილის დაბადებისას ვიფიქრე, უფროსი გოგონასთვის წამეკითხა, ყურადღების ნაკლებობა რომ არ ეგრძნო. კითხვისას ფურცლის არშიებზე თეკლას მინაწერებს ვუტოვებდი და ვაფიქრებდი ლამაზ წინადადებებზე, სიტყვებზე, ღირებულებებზე, პარალელებზე. შემდეგ მან წაიკითხა და შთაბეჭდილებები გამიზიარა. „ვაფლის გულების“ პირველი გამოცემა ჩვენი ოჯახის ბიბლიოთეკის გამორჩეული წიგნი გახდა.

ამ ზაფხულს ჩემი წიგნიერების ჯგუფში ნორვეგიიდან შემოგვიერთდა 9 წლის ანაკო, რომელიც „ვაფლის გულების“ მთარგმნელის, თამარ ტაბახმელაშვილის, შვილი აღმოჩნდა. თამარს რომ ვაჩვენე თეკლასთვის წაკითხული წიგნი, ძალიან გაუხარდა. მაშინ მთარგმნელს დავპირდი, რომ „ვაფლის გულებს“ ჩემს მოსწავლეებს წავუკითხავდი.

წიგნის კითხვა იანვარში დავიწყეთ. ბავშვებს „ვაფლის გულებს“ სამი თვის განმავლობაში ხმამაღლა ვუკითხავდი. ეს იყო ჯადოსნური თავგადასავალი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. კითხვისას მრავალგვარ მეთოდს ვიყენებდი, მაგალითად, ვარაუდების გამოთქმა, სიტყვის რუკა, ვენის დიაგრამა, ეპიზოდის დახატვა და არჩევანის წერილობით დასაბუთება, მკითხველის თეატრი, თავისუფალი თემა, პირადი წერილი, პერსონაჟების დახასიათება, თხრობა სამი სიტყვის – თავიდან… შემდეგ… ბოლოს… – გამოყენებით.

ამ ყოველივეს გარდა, მოვაწყვეთ ფეხტური უბანში და ბავშვები შემხვედრ ადამიანებს წიგნის შესახებ უამბობდნენ, „მეორადი“ ტანსაცმლის მაღაზიაში კი პერსონაჟებისთვის ტანისამოსი შევარჩიეთ. წიგნის კითხვისას ყველაზე კაშკაშა ამბად გვექცა ნორვეგიიდან მარიამის სტუმრობა. მარიამი კლასის დამრიგებლის, დალი მასწავლებლის, პირველი სადამრიგებლოს მოსწავლე იყო და ბავშვებისთვის ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო მისი სტუმრობა, დაინახეს, რომ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ამდენი წელი გრძელდება და დიდი სიყვარულით არის გამყარებული. მარიამი თავის ორ ბიჭთან – დანიელთან და ჰერიოლფთან – ერთად გვესტუმრა, საჩუქრად „ვაფლის გულების“ ნორვეგიული გამოცემა ჩამოგვიტანა და ერთი ეპიზოდი ნორვეგიულად წაგვიკითხა. მეოთხეკლასელებმა თანატოლ ბიჭებს ბევრი რამ ჰკითხეს. ბოლოს მათ წერილები მისწერეს, დანიელმა და ჰერიოლფმა კი შთაბეჭდილებები პოსტერზე ნორვეგიულად დაგვიწერეს. მაშინ მარიამს ვუთხარით, რომ წიგნის დასრულების შემდეგ ვაფლის გულების გამოცხობას ვაპირებდით. მარიამი მეორე დღეს ოსლოში გაფრინდა, მე კი  კურიერმა რამდენიმე დღეში შინ მომიტანა ვაფლის გულების საცხობი, რომელმაც მარიამმა ჩვენთვის გამოიწერა. ერთი სული გვქონდა, როდის დავასრულებდით წიგნის კითხვას. ბოლო თავის წაკითხვისას ცრემლები მოგვადგა, გვენანებოდა წიგნთან გამომშვიდობება. შთაბეჭდილებების კითხვარის ერთ-ერთი კითხვა ამგვარი იყო, უნდა გაეხსენებინათ წიგნის კითხვისას ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები. ბავშვები წერდნენ, რომ ამ წიგნს მგონი ყურები აქვსო, რადგან ხმამაღალი კითხვისას გაჟღერებული სიტყვები და ფრაზები მყისიერად ცოცხლდებოდა ხოლმე, მაგალითად, ერთხელ ლენა და თრილე ფეხბურთის საყიდელი ფულის შესაგროვებლად ქალაქში წავლენ, მოედანზე ბლოკფლეიტაზე უკრავენ და ზუსტად ამ დროს პარალელური კლასიდან ფლეიტის ჯადოსნური ხმა გავიგონეთ. ხმა კედელს არღვევდა და ჩვენთან შემოდიოდა. ბავშვებს ვთხოვე, დამელოდეთ-მეთქი და პარალელურ კლასში შევიხედე. მუსიკის მასწავლებელი, მარიამი, ბავშვებისთვის ფლეიტაზე უკრავდა.

კიდევ ბევრი რამ დაემთხვა – წელიწადის დროები, კვირის დღეები, პერსონაჟების ასაკი. „მე კი საუკეთესო მეგობარი მყავს“, ვფიქრობდი ბედნიერი“. – წიგნის ბოლო წინადადება წავიკითხე და გაკვეთილის გამოსვლის ზარიც გაისმა.

„ვაფლის გულები“ 9 წლის გოგო-ბიჭის არაჩვეულებრივ მეგობრობაზეა. თრილეს დიდი ოჯახი ჰყავს, ლენას კი დედა ზრდის. არა მარტო ბავშვებისთვის, ზრდასრულების საკითხავია „ვაფლის გულები“. ლენა და თრილე ცელქობენ, მუდამ ხიფათში ებმებიან და უფროსების სწორი უკუკავშირი პირად მაგალითად იკითხება. ლენას და თრილეს ცნობისმოყვარეობა და სურვილები მშობლებისთვის, ნათესავებისთვის, მასწავლებლისთვის მისაღებია, რადგან ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს კარგად იცნობენ. მკითხველისთვის მათილდეს ყურეს მაცხოვრებლების მაღალი ცნობიერება, მიმღებლობა, ჰუმანურობა, ერთიანობა, ცხოვრების წესი დადებითი იმპულსების მომტანია.

ავტორი მხატვრულ ხერხად იყენებს იუმორს, რაც ბავშვებს ყველაზე მეტად მოსწონთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რაც წიგნის სიუჟეტს ბოლომდე გასდევს, ლენას და თრილეს პაპიდასთან და პაპასთან მეგობრობაა. ამგვარი ღირებულებების მქონე წიგნის წაკითხვა ბავშვების გულს სითბოთი, სინათლით, სიყვარულით ავსებს. ისინიც ფიქრობენ საკუთარ ბებიებსა და პაპებზე, მათაც სურვილი უჩნდებათ უფროსებთან მეგობრობის.

წიგნში კი ვაფლის გულების მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს.

„პაპიდას მშვენიერი სახე აქვს, რადგან სულ იღიმება. როცა ჩვენთან მოდის, ყველას გვიხარია და ხუმრობის გუნებაზე ვდგებით. ლუდოს ვთამაშობთ, კარამელს ვწუწნით, და პაპიდას და პაპას მოყოლილ ამბებს ვისმენთ. შემდეგ პაპიდა ვაფლებს აცხობს. ბევრ რამეზე ამბობენ, მსოფლიოში საუკეთესოაო, მაგრამ დამიჯერეთ, პაპიდას ვაფლს დედამიწის ზურგზე მართლა ვერაფერი შეედრება“. – ამბობს მთხრობელი, 9 წლის ბიჭი, თრილე.

ვაფლის გულები თრილესა და ლენასთვის ოჯახური სიმყუდროვის, ზრუნვის, უფროსებთან ურთიერთობის, სიხარულის სიმბოლოა. გადავწყვიტე, პაპიდას მსგავსად, მეც გამეხარებინა ჩემი მეოთხეკლასელი მოსწავლეები და მათთან ერთად კლასში გამომეცხო ვაფლები.

მხოლოდ ნამცხვრის გამოცხობით რომ არ შემოვფარგლულიყავი, რაც თავისთავად მრავალ უნარს ავითარებს, გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის მცირე ზომის ტექსტის მახასიათებლები გამეცნო და რეცეპტის გამოყენებით გრამატიკის საკითხებსაც შევხებოდი. ეს სურვილი გამიჩინა ჩემი კოლეგის, ლია მეტივიშვილის, მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა, რომლის შესახებ სოციალურ ქსელში გავეცანი.

გაკვეთილს, რომლის შესახებ გიამბობთ, კარგი მომზადება სჭირდება. ფიქრები ნელ-ნელა ებმოდა ერთმანეთს და საბოლოოდ ამგვარი სახე მიიღო:

სახალისო რეცეპტის დაწერა

ინტერნეტში მოვიძიე ვაფლის რეცეპტი, რომლის მიხედვით ჯერ შინ გამოვაცხვე ვაფლის გულები, შემდეგ დღიურში დავწერე საჭირო მასალა და მომზადების წესი და პოსტერზე გადავიტანე.

საჭირო მასალა

  • 4 მრგვალი კვერცხი
  • 2 ჩაის ჭიქა თეთრი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 400 მლ. ფითქინა რძე
  • 100 მლ. ყვითელი ზეთი
  • 1 შეკვრა სურნელოვანი ვანილი
  • 2 სუფრის კოვზი ფიფქოვანი გამაფხვიერებელი
  • 3 ჭიქა ფქვილი

 

მომზადების წესი

თასში სიმღერ-სიმღერით ჩაყარე ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი, ვანილი, მწიკვი მარილი და მოურიეთ.

რობოტივით მშვიდად გატეხეთ კვერცხი და ცილა გულისგან გამოაცალკევეთ, კვერცხის გულს დაუმატეთ ზეთი, რძე და ცეკვა-ცეკვით მოურიეთ.

ცალკე თასში ბზრიალ-ბზრიალით გათქვიფეთ ცილა იმდენ ხანს, სანამ ფაფუკ ღრუბელს არ დაემსგავსება. ფხვიერ მასას შეურიეთ თხელი მასა და ლამაზი სიტყვების ჩურჩულით მოურიეთ, ბოლოს კი ამოფუებული ცილა შეურიეთ.

ვაფლის გულების ცომი მზად არის!

ახლა საცხობი გაახურე, სამი სუფრის კოვზი ცომი დაასხი და 5 წუთი დაელოდე, თან მგელივით იყმუვლე. ცომი რომ ყავისფერი გახდება, საცხობიდან ფრთხილად ამოიღე, გააგრილე, წაუსვი ხილფაფა ან შოკოლადის კარაქი და ნება-ნება შესანსლე.

სკოლაში წასაღები ნივთები

ეს ყველაზე შრომატევადი ნაწილია, რადგან უამრავი დეტალის გათვალისწინება გიწევს. შინ გამომცხვარი ვაფლების პროცესი ნივთების შერჩევისას ძალიან დამეხმარა, რადგან პრაქტიკულად გავთვალე, რა დამჭირდებოდა.

სამი თასი, მიქსერი, ორი დიდი თეფში გამომცხვარი ვაფლებისთვის, სუფრისა და ჩაის რამდენიმე კოვზი, ჩაის ტილო, მაგიდის გადასაფარებელი, ცელოფნის პარკი, ხის კოვზი ვაფლების ამოსაღებად, საზომიანი ჭიქა, ძველებური სათქვეფელა, კონტეინერში დაფასოებული საჭირო ინგრედიენტები, ვაფლის საცხობი, რეცეპტის პოსტერი, დღიურში ჩანიშნული საშინაო დავალების ინსტრუქცია, ცელოფნის პარკი ნარჩენებისთვის, დამაგრძელებელი საცხობებისთვის.

ამ ყოველივესთან ერთად, წასაღებად მოვამზადე ფირსაკრავი და ფირფიტები, რადგან წიგნის ბოლო ეპიზოდში თრილე და ლენა ვაფლის გულებს აცხობენ, პაპა ყავას სვამს და ბავშვებთან ერთად ყოფნისას შვიდი ფირფიტის მოსმენას ასწრებს. წიგნიდან გაცოცხლებულმა ნივთებმა, სურნელმა და მუსიკამ ჩვენი დღე გაალამაზა.

ვაფლების გამოსაცხობად სამი გაკვეთილი დაგვჭირდა. ნივთების სკოლამდე წაღებასა და ცხობის პროცესში ერთი მშობელი დამეხმარა. ისე დაემთხვა, რომ ნუციკოს დედას, ხათუნას, დაბადების დღე ჰქონდა და  ბოლოს სიურპრიზი მოვუწყვეთ – ვაფლის გულებში შუშხუნა ჩავარჭვეთ და ამგვარად მივულოცეთ ხათუნას დაბადების დღე, დახმარებისა და ჩვენთვის დათმობილი დროისთვის მადლიერება გამოვხატეთ.

 

გაკვეთილის ფაზები კი ამგვარი იყო:

 

  • გავიხსენეთ ფორმითა და ზომით განსხვავებული ტექსტები;
  • დაფაზე გაკრული პოსტერიდან საგულდაგულოდ წავიკითხეთ რეცეპტი, დავაკვირდით მის მახასიათებლებს – საჭირო მასალას, მომზადების წესს, მოქმედებათა თანმიმდევრობას. პოსტერზე ნივთების გვერდით პიქტოგრამები დავხატე, მაგალითად, „რობოტივით მშვიდად გატეხე კვერცხი“ – ამ წინადადებაში ჩავხატე რობოტი და ეს იქცა ცნობისმოყვარეობის აძვრის საუკეთესო საშუალებად, ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ, რა დატვირთვა ჰქონდა რეცეპტში ჩახატულ რობოტს;
  • რადგან გრამატიკის საკითხები უნდა მიმოგვეხილა, ამიტომ რეცეპტი გავახალისე დამატებითი სიტყვებით – მოვიფიქრე ზედსართავი სიტყვები (თეთრი, ფიფქოვანი, მრგვალი… ), ხოლო მომზადების პროცესის გასახალისებლად კი მოქმედებები (ცეკვა, სიმღერა, ბზრიალი, ლამაზი სიტყვების ჩურჩული, ყმუილი…) მივუთითე. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიგნებამ გაკვეთილს სულ სხვა ელფერი შესძინა;
  • რეცეპტის ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ, დაფაზე დავხაზე ცხრილი:

 

არსებითი სახელი

რა? ვინ?

რიცხვითი სახელი?

რამდენი?

ზედსართავი სახელი

როგორი?

ზმნა

რა ქენი?

 

 

 

 

 

 

 

     

 

  • ცხრილის გადახაზვის შემდეგ გავახსენე თითოეული მეტყველების ნაწილის მახასიათებელი, მათთან ერთად თითო სიტყვა ჩავწერე, შემდეგ კი წყვილებში იმუშავეს და თითოეულ გრაფაში სათანადო მეტყველების ნაწილი ჩაწერეს;
  • სანამ ბავშვები მუშაობდნენ, მე და ნუცას დედამ დაფის წინ რამდენიმე მერხი შევაერთეთ და ცხობისთვის საჭირო ნივთები და მასალა ამოვალაგეთ. მარიამის ნაჩუქარი საცხობის გარდა მშობლებმა ორი საცხობი გვათხოვეს, რამაც ცხობის პროცესი დააჩქარა;
  • შემდეგ დაიწყო ყველაზე სახალისო ეტაპი. გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვანაწილებდი საქმეს – ჩაყარეს ფქვილი, მწიკვი მარილი, გახსნეს ვანილისა და გამაფხვიერებლის პაკეტები, ჩაასხეს რძე და ზეთი, გავტეხეთ კვერცხები და გამოვაცალკევეთ გულა ცილისგან,პარალელურად, ნარჩენებს ცელოფნის პარკში ვათავსებდით, გამოყენებულ ნივთებს ვინახავდით, დასვრილ ნივთებს ვრეცხავდით; გავახურეთ საცხობები, თან ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვბზრიალებდით… 26 მოსწავლე იყო კლასში და ვაფლის გულების გამოცხობაში ყველამ მიიღო მონაწილეობა. სამ საცხობში ერთდროულად ჩაასხეს ბავშვებმა მომზადებული ცომი და სანამ ცხვებოდა, მგლებივით აყმუვლდნენ. მომზადების წესში მითითებული იყო, რომ ცილის ძირითადი მასისთვის შეთქვეფისას ლამაზი სიტყვები უნდა გვეჩურჩულა, თუმცა, ცილას კვერცხის გულები შეერია და ფაფუკი ღრუბლის მსგავსად ლეგა ღრუბელი გამოგვივიდა. არაფრით ერეოდა ცილა ცომს. დავიძაბეთ, დაგვავიწყდა ლამაზი სიტყვების ჩურჩული და ამ დროს მესმის საბას ხმა, გთხოვ, გთხოვ, შეერიეო. ზუსტად ამ დროს სხვამ დაიძახა, ლამაზი სიტყვების ჩურჩული დაგვავიწყდაო და საბას „გთხოვ, გთხოვ, შეერიე“ ულამაზეს შელოცვად გაჟღერდა. მერე ავჩურჩულდით, ვიძახდით ლამაზ და ჩვენთვის ძვირფას სიტყვებს –  დედა, ოჯახი, სიყვარული, მამა, შვილები… ერთი სახალისო ამბავი ის იყო კიდევ, რომ საჭირო მასალაში ფქვილის დაწერა დამვიწყებია და ესეც ბავშვებმა შენიშნეს;
  • სანამ ვაფლის გულები ცხვებოდა, რამდენიმე წყვილმა ცხრილში მოთავსებული სიტყვები წაიკითხა. ყველაზე მეტად ზმნის გრაფის შევსება გაუჭირდათ. სათითაოდ გავხაზეთ ყველა ზმნა მომზადების წესიდან და ესეც ადვილად აითვისეს;
  • ვაფლის საცხობებიდან კი ორთქლი ამოდიოდა და ვანილის სურნელი მთელ სკოლას მოსდებია. შესვენებაზე მოგვაკითხეს სხვა საგნის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და როცა მეექვსე კლასთან გაკვეთილის ჩასატარებლად მესამე სართულზე გავიქეცი, საკლასო ოთახში შემყვა ვაფლის გულების სურნელი, რომლითაც ჩემი ლაბადა გაჟღენთილიყო. მეშვიდე გაკვეთილზე მერვეკლასელებმა მითხრეს, ჩვენც ვიგრძენით საოცარი და სკოლისთვის უცხო სურნელი და მათემატიკის მასწავლებელმა გვითხრა, თუ შეიტყობთ, საიდან მოდის, მეც გამაგებინეთო;
  • ვაფლის გულებს, ბავშვების სურვილისამებრ, სათითაოდ წავუსვი შოკოლადის კარაქი და ნება-ნება კი არა, ელვის უსწრაფესად შესანსლეს.

 

საშინაო დავალება:

„ვაფლის გულების“ დამთავრების შემდეგ „სალამურას თავგადასავლის“ კითხვა დავიწყეთ. საშინაო დავალების ინსტრუქციაც ამ წიგნს დავუკავშირე:

მოიფიქრე სალამურასთვის საჭმლის ან დესერტის რეცეპტი. ჩამოწერე საჭირო მასალა და   მომზადების სახალისო წესი.

გასასვლელი ბილეთების კითხვა ახალი ძალებით მავსებს ხოლმე:

ამჯერად, შევთავაზე სურვილისამებრ შეერჩიათ სამი საკითხიდან რომელიმე და დაეწერათ, კერძოდ:

  1. ჩემი შთაბეჭდილებები
  2. 5 რამ, რაც დამამახსოვრდა
  3. რისი თქმა მსურს ლელა მასწავლებლისთვის

5 რამ სალომეს ბარათიდან:

  1. ვაფლის გულების გამოცხობა!
  2. ხათუნა დეიდას მოსვლა.
  3. სურათები რომ გადავუღეთ მე და ნატამ ლელა მასწავლებელს და დალი მასწავლებელს!
  4. ლელა მასწავლებლის რეცეპტი.
  5. მთელი კლასის მხიარულება და სიყვარული.

 

სალიტა:

  1. როცა ლელა მასი შემოვიდა მთელი სახლის ნივთებით.
  2. როდესაც გაბრიელი სპეციალისტივით ურევდა.
  3. როდესაც ლელა მასმა დიდი ფურცელი გაშალა.
  4. როცა ლელა მასწავლებელმა დავალება მოგვცა.

 

დემეტრე:

  1. ვაფლის გულები, საცხობი, მუსიკა, რეცეპტი და გართობა.

ანი:

  1. ნუცას სიმღერა.
  2. ცილისგან გაკეთებული ქაფი.
  3. კვერცხების გატეხა.
  4. ის, რომ ხათუნა დეიდას დაბადების დღე ვაფლების გამოცხობას დაემთხვა.
  5. მუსიკის მოსმენა.

ბარბარე:

  1. მე და სოფო რომ ვრეცხავდით ჭურჭელს.
  2. ყველა ჩართული ვიყავით.
  3. რომ გავდიოდით გასარეცხად, გაოცებულები გვიყურებდნენ.

სოფო:

  1. როცა ნუცამ და დაჩიმ წინსაფარი გაიკეთეს.

ცოტნე:

  1. თავი რესტორანში მეგონა.
  2. მეუბნებოდნენ, ნამდვილი მცხობელი ხარო.

 

ანდრია:

  1. ტატოს კვერცხი სხვა ჯამში ჩაუვარდა.
  2. ნატა რომ ცილას ურევდა.

ლიზი:

  1. ეს ჩემი საუკეთესო დღეა.

თედო:

  1. ნუცა რომ თქვეფდა და მე და საბას ცომი რომ შეგვასხა და დაგვთხვარა.
  2. მასწავლებლებმა რომ შემოიხედეს, რადგან ძალიან მაგარი სუნი მოდიოდა.
  3. ხათუნა დეიდას დაბადების დღე რომ იყო და მაინც რომ მოვიდა და ჩვენთან ერთად იყო და გვეხმარებოდა.

 

ნუცას შთაბეჭდილებები:

„ლელა მას, ძალიან კარგი დღე იყო. ძალიან გვასიამოვნეთ. დედას რომ ვუყურებდი, მასაც ჩვენსავით უხაროდა.

ლელა მას, რატომ გადაწყვიტეთ ასეთი გიჟური გაკვეთილი?“ – მწერს ბოლოს ნუცა.

ჩემო საყვარელო ნუციკო, ძვირფასო კოლეგებო, მკითხველებო, ამ „გიჟური“ გაკვეთილის ჩატარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი უდიდეს სიხარულად და სიამოვნებად მექცია, წიგნის კითხვა შემეყვარებინა, კეთებით სწავლებით სხვადასხვა პროფესიის შესახებ გვესაუბრა, კოლეგის გამოცდილება გამეზიარებინა, მცირე ზომის ტექსტი დაგვემუშავებინა, გრამატიკის რთული საკითხები თამაშ-თამაშით დაგვემახსოვრებინა, ყველა ბავშვი ჩაბმულიყო საერთო საქმეში.

ჩემი ჩანაფიქრის პასუხად, მთელი სკოლა ვანილის სურნელში გაეხვა, ადამიანების ფიქრები გავაერთიანეთ, ნორვეგიაში მყოფ მარიამს, ჰერიოლფსა, დანიელს, მთარგმნელს სიყვარული და მადლიერება გავუგზავნეთ.

ვიცი, რომ ამ წიგნის ირგვლივ დაწყებული თავგადასავალი არ დასრულებულა და ხშირად შეგვახსენებს თავს. ბათუმში მცხოვრებ ლეა ბაკურაძეს, რომელიც გადაცემა „ბიბლიოთეკის“ საბავშვო რუბრიკის ავტორია, წერილები უნდა მივწეროთ და „ვაფლის გულები“ უნდა გავაცნოთ, ბათუმში ცხოვრობს ამ კლასიდან გადასული ორი მოსწავლე – მეგი და ნიკოლოზი – და ლეასთან ერთად მათაც მივწერთ პირად წერილებს.

ასევე, ვაპირებთ, რომ კლასში მოვიწვიოთ პაპები და კითხვები დავუსვათ.

 

 

სულიერი მეტამორფოზის გზა

0
Open book.

ზურაბ ლავრელაშვილის რომანი მღვიძარება

„მინდა ჯურღმულში შევიხედო,

ადამიანის სულის ჯურღმულში“.

„მღვიძარება“

 

`უდიდესი სიამოვნება ძალაუფლება ან ვნებათა დაცხრომა კი არა, ადამიანებზე დაკვირვებაა”, _ ამბობს ზურაბ ლავრელაშვილის რომან „მღვიძარების“ ერთი პერსონაჟი. ვფიქრობთ, ეს სიტყვები კარგად გამოხატავს მწერლობის არსს და ზურაბ ლავრელაშვილიც თავისი შემოქმედებით შესანიშნავ დამკვირვებლად წარმოგვიდგება. მიხეილ ჯავახიშვილი კარგი მწერლის ერთ-ერთ თვისებად სწორედაც დაკვირვებას მიიჩნევდა: „ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებსო”. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში უდავოდ გამორჩეულია ზურაბ ლავრელაშვილი. მას აქვს თავისი თხრობის სტილი, ექსპრესია, ამბების გადმოცემის საინტერესო მანერა. იგი თავისი ნაწარმოებების ენობრივი ქსოვილით, მდიდარი ლექსიკით, ზუსტად წარმოაჩენს თანამედროვეობის სულისკვეთებას, მეტაფიზიკურისაგან დაცლილ რაციონალურ სამყაროს, იდენტობადაკარგული ადამიანის კრიზისს.

 

რომანის სათაურის მრავალმნიშვნელოვნებასთან ერთად ყურადღებას იქცევს ეპიგრაფიც. ეს არის ფსევდოაპოკრიფული სახარებიდან ის ფრაგმენტი, გეთსიმანიის ბაღში იუდა ამბორით რომ გასცემს უფალს. მაცხოვარი იუდას მარადის გამცემად წარმოაჩენს. ასე რომ, მწერალი თავიდანვე მიანიშნებს სახარებისეული ამბების მარად გამეორებაზე ყოველდღიურობაში და მკითხველს წასაკითხი ამბების სიმბოლური და ალეგორიული აღქმისთვის განაწყობს. ადამიანთა მოჩვენებითი და ფარისევლური რწმენა იუდას ღალატს ემსგავსება. კანონიკურ სახარებებში აღწერილ ამ ეპიზოდს წინ უძღვის ამბავი, თუ როგორ წაიყვანა ქრისტემ გეთსიმანიის ბაღში პეტრე და ზებედეს ორივე ძე და უთხრა: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”. ლოცვის შემდეგ დაბრუნებულს მოწაფენი ჩაძინებული დახვდა, ასე განმეორდა სამჯერ. მაშინ უთხრა: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და და კაცის ძეE მიეცემა ცოდვილთ ხელში” (მათე, 26, 36_45). მარკოზის სახარებაში იმავე ეპიზოდის აღწერისას ქრისტე ეუბნება მოწაფეებს: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში, სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური” (მარკოზი, 14, 38). რომანის სათაური სწორედ ამ ეპიზოდის კონტექსტში გაიაზრება. მარადის მღვიძარე უნდა იყოს ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს არის გადაძახილი ქრისტეს სხვა იგავებთანაც, უპირველესად, „ათ ქალწულთან“. სიძის მოლოდინში ჩაძინებულ ხუთ უგუნურ ქალწულს სამოთხის კარი ჩაეკეტა და ვეღარ გახდა ქორწილის ღირსი.

 

როგორ შეიძლება მარადის მღვიძარების მიღწევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, რომელსაც კი აქვს რწმენა და სურვილი ცხონებისა თუ გადარჩენისა, მაგრამ სულის ძალა და ნებისყოფა ღალატობს. სწორედ ამ შინაგან ბრძოლაზე, ვნებებსა და სულიერ მისწრაფებებს შორის წინააღმდეგობაზეა ეს რომანი. როგორ ეჭიდებიან სხვადასხვა მხარეს ადამიანს გული, სული და გონება, რა ძნელია მათი მორიგება, შეთანხმება, სულიერი წონასწორობისა და სიმშვიდის მოპოვება. ასე რომ, რომანი ერთი პერსონაჟის სულიერ ცვალებაზეა, ამიტომაც ტექსტი ლირიკულ აღსარებას წააგავს. რომანს წრიული სტრუქტურა აქვს. დასაწყისი დასასრულს იმეორებს, ოღონდ ახალ განზომილებაში.

 

რომანს ერთგვარი სიმბოლურ-მისტიკური დასაწყისი აქვს. პერსონაჟი იბადება ჩვენ თვალწინ, როგორც მოცემული მხატვრული დრო-სივრცის „შემოქმედი“, რადგან იგი მთხრობელი-პერსონაჟია და მისი თვალთახედვით გადმოცემულ ამბებს მივადევნებთ თვალს. სიბნელიდან გამოდის მისი სახება, თუმცა მწერალი აღნიშნავს, რომ დაუსაბამო სიბნელე და სინათლე ერთმანეთს ჰგავს, ან ერთი და იგივეაო. დასაწყისი და დასასრული – „ორივე ბნელში მყოფობს”. ეს თვალსაზრისი შესაქმის დასაწყისს იმეორებს: „ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი” (დაბადება, 1, 2-3). სიბნელისა და სინათლის იდუმალი სიღრმეები გალაკტიონსაც აწამებდა: „წმინდა ნათელში ამბობს ჰეგელი,/ წმინდა სინათლის დიად ბადეში, / ისე ცოტაა გასაგებელი,/ როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში”.

 

„კმარა“ _ გაისმის უჩინარი ხმა, რაც სიმბოლურად მიანიშნებს ძველის უარყოფაზე, ახლის დაწყების სურვილზე. ამავე დროს, ამ სიტყვაში ირეკლება აქამდე განვლილი ცხოვრების მიმართ უკმაყოფილება და პროტესტი. დასაწყისშივე იქმნება მტანჯველი სიმბოლო დროის წარმავლობისა: დიდი ციფერბლატიანი საათი, რომლის გრძელი ქანქარა ჩამოხრჩობილის თოკს ჰგავს და ზედ ვიღაც ჰკიდია: „რომელსაც თუ კარგად დააკვირდები, იოლად იცნობ, მაგრამ სწორედ ეს გაშინებს”. პერსონაჟის ხილვაში აღიბეჭდება მისი სულიერი მდგომარეობა. დროის მკაცრ მდინარებაში ის საკუთარ თავს ვერ მოიხელთებს. აქ გადაძახილია გამსახურდიას ნოველასთან „მკვდართან შეხვედრა”. გმირი ქალაქგარეთ ტყეში გადაეყრება ხეზე თოკით ჩამოხრჩობილს. შინ მისული კი გაიაზრებს, რომ ის სწორედ თვითონაა: „ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღედაღამ და გამვლელ-გამომვლელს ვეღრიჯებით: „ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო”.

 

რომანის დასაწყისშივე იქმნება ის რიტმი და კოლორიტი, რომელიც შემდეგ მთელ ტექსტს გაჰყვება. მთავარ გმირს სურს თავის შეცნობა იმ ახალ რეალობაში, რომელიც იხატება რომანში. სიმბოლურად, მწერალი ქმნის პერსონაჟის ნიღაბს, ირგებს, მერე შეჰყავს წარმოსახულ სამყაროში და აკვირდება, სხვადასხვა სიტუაციაში რას მოიმოქმედებს, რა არჩევანს გააკეთებს: „შენ ფანტომი ხარ, ეული ცთომილი ალი, ცივი ნათება, კოსმოსის ჯურღმულში მობორიალე და არც ქრები და არც ენთები, არამედ დაუსრულებლად დაბორიალობ ბნელში და არავინ იცის, სად მიგიყვანს ეს მარადიული მოგზაურობა”.… სათქმელს მოაქვს რიტმი და ამიტომაც დასაწყისი პოეტური პროზასავითაა. აქ დახატულია, ზოგადად, ადამიანი, როგორც სამყაროში დაკარგული, მარადი მოგზაური ჭეშმარიტების ძიებაში.

 

საგულისხმოა, რომ რომანი იწყება გმირის ფიზიკური გამოღვიძებით და სულიერი გამოღვიძებით მთავრდება. ალბათ, შემთხვევითია, მაგრამ სწორედ ამგვარად იწყება და მთავრდება გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული”. იქაც გამოტანჯული გმირი ბოლოს იწყებს ახალ ცხოვრებაზე ფიქრს. რომანის ბოლო თავს სწორედ ასე ჰქვია „გზა Vita nuova_სკენ”: „თამაზი აღარ იყო, იგი სხვა იყო… მის წინ დიდი ძლიერი სინათლე გამოჩნდა”. აქამდე მას აწუხებდა კითხვა: „სად ხარ, ღმერთო?” ახლა კი ბუნების წიაღში გასხივოსნებულმა სივრცეებს გასძახა: „შენ ხარ! შენ ხარ! შენ ხარ!” თამაზი უსახელოს უყვიროდა” (გრ. რობაქიძე, `ჩაკლული სული~). ზურაბ ლავრელაშვილის გმირიც ბუნებაში, სინათლის ავსებული ფიქრობს: „რაც უნდა გადამხდეს, ვიცი, რომ ის მოვა. ვისაც სახელი არა აქვს”.

 

მათე მახარებელი წუხდა: „მელთა ხურელი უჩნთ და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძისა კაცისასა არარაი აქუს, სადა თავი მიიყუდნესო”. ამ შემთხვევაში, გმირი მზადაა, რომ ღმერთი მას ჩამოეყრდნოს: „და ვეტყვი: აჰა, მზად ვარ შენს შესახვედრად! წამოდი და ერთად ვიაროთ”.

 

ეს რომანი ერთგვარად ჰერმეტულია, გმირის მეტამორფოზი ხდება გარკვეულ ჩაკეტილ სივრცეში, საიდანაც გამოდის ახლად შობილივით. ამგვარი ლიტერატურული მოდელის პარადიგმაა თომას მანის „ჯადოსნური მთა”. რა თქმა უნდა, არის გადაძახილ პლატონისეულ მღვიმესთანაც, საიდანაც გამოსვლას ცდილობს პერსონაჟი. რომანში ერთმანეთს უპირისპირდება: გონება და ინსტინქტი, ბუნებრიობა და ხელოვნურობა. ნიცშე აღიარებდა სულის სამ ცვალებას, რომელთაც მეტაფორულად უწოდებდა აქლემის, ლომისა და ბავშვის „მდგომარეობას“. აქლემი სიმბოლურად მოვალეობებით შებორკილი, ღვთისმოსავი, მცნებათა აღმსრულებელი ადამიანია, ლომი ილაშქრებს და უარყოფს ტრადიციულ ღირებულებებს, ნიჰილისტია, ბავშვი ახლის დასაბამია, შემოქმედებაა, პოზიტიური თავისუფლებაა („ესე იტყოდა ზარატუსტრა”).

 

რომანის დასაწყისში პერსონაჟი ლომს შეესაბამება, თუმცა არის მინიშნება, რომ იგი ისევე ცხოვრობდა, როგორც სხვები (ე.ი. აქლემის მდგომარეობაც ირეკლება: „შენ მოვალე ხარ“ – მისთვისაც იყო ცხოვრების წესი) და აღწერილია, როგორ, რა გზით გადადის ბავშვის მდგომარეობაში, სულიერი სისუფთავისა და უმანკოების სტადიაში, როცა ეხსნება შინაგანი მზერა და ხედავს დაფარულს, რაც იწვევს სამოთხის მონატრებას, ბუნებასთან შერწყმის წყურვილს. სახარებისეული „სასუფეველი გულთა თქვენთა შინა არს” გმირისთვის ცოცხალ განცდაში ეწერება.

 

ბოლო ეპიზოდში გმირი ტანსაცმელსაც იხდის. სამოსის გახდა _ დედიშობილა ყოფნა _ მიანიშნებს როგორც სულიერი სამოსის წყურვილზე, ღმერთით შემოსვაზე, უძღები შვილივით მამასთან დაბრუნების წყურვილზე (როგორც გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველშია”), აგრეთვე, ცივილიზებულობისაგან განძარცვაზე, მატერიალური სამყაროს დაძლევაზე.

 

გმირის მეტამორფოზის სქემა ნაცნობია. იგი გადის შინიდან სიახლის საძებნელად, უპირველესად, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის შესაცნობად. „შინ” არ არის მისი საყრდენი. ე. ი. ეს არის ადამიანი, რომელსაც მეტის დანახვა, შეცნობა სწყურია, ამიტომაც მცირე ბარგის მეტი არაფერი მიაქვს: „არც სინანული, არც მონატრება ვინმესი”. ეს რომ სხვაგვარი სურვილია, მჟღავნდება გმირის ფიქრში: „ერთი სული მაქვს, აქაურობას გავეცალო, თუნდაც ერთი დღით, ერთი კვირით, ერთი სიცოცხლით…”. აქაც მოგზაურობის პარადიგმული მოდელი გათამაშდება, გმირს უნდა გადახდეს გარკვეული ხიფათები, რათა საკუთარი თავი გამოცადოს. „ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და ღმერთს მიაგნოს ბოლოს” (კონსტანტინე გამსახურდია, „დიდოსტატის მარჯვენა”). „იყო კი ეს მგზავრობა გაქცევა? ხსნა? რაღაცის დასაწყისი თუ დასასრული? გაუთავებლად უნდა ვიბორიალო, სანამ რაიმე ნავსაყუდელს არ მივადგები”, _ ფიქრობს გმირი. ამ რომანში ეს ხიფათი უფრო შინაგანია. პერსონაჟი ებრძვის საკუთარ ხორციელ ინსტინქტებს. საფიქრებელია, რომ ის სწორედ ამ ინსტინქტებს გაექცა, მაგრამ ბრძოლა, პირიქით, უფრო გაუმძაფრდა. ვნებებთან ჭიდილი ერთ-ერთ უმთავრესი თემაა ლიტერატურაში. მწერალი ახერხებს დამაჯერებლად წარმოაჩინოს ყოველი ნიუანსი.

 

ეს არის ინტელექტუალური რომანი, სავსე რემინისცენციებითა და ალუზიებით. მიუხედავად ამისა, მსუბუქად იკითხება, რადგან ქვეტექსტებშია გადატანილი აზრის სიმძიმე და მისტიკურობა. ასე რომ, თხრობის თვალსაზრისით, ნამდვილად მაღალ ოსტატობას ავლენს ზურაბ ლავრელაშვილი.

 

რომანის დრო-სივრცული მოდელი სავსებით რეალისტურია. მწერალს მოქმედება გადააქვს მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციების ხანაში, რითაც ამძაფრებს ქაოსურობის შეგრძნებას და ადამიანის დაკარგულობას. ამით მოჩვენებითად დისტანცირებას ახდენს თავისი თავისა თუ დღევანდელობისაგან: „გაზეთი გავშალე _ ომი საზღვარგარეთ, მღელვარება რუსეთში, რაბინდრანათ თაგორი ევროპაში”. ამავე დროს, სწორედ ამ დროს მსჭვალავდა ახალი იდეოლოგიების დაბადების ხანა, რომელთაც ფესვები საუკუნეთა სიღრმეში ჰქონდათ გადგმული. უპირველესად, ეს არის ნიცშეანური Uუღმერთობის ხანა.

 

რომანში თხრობა წარიმართება აწმყოში, თითქმის არ ჩანს წარსული. გმირი მართლაც ჩვენ თვალწინ იბადება და იცვლება. რომანის მთავარი გმირი ექიმი ბარჯაძეა. იგი ბოლომდე უსახელოდ რჩება, ასევე უსახელოა მისი ანტითეზა პერსონაჟი ლომოური. სახელის დარქმევა ნიშნავს მისი რეალური მყოფობის აღიარებას, რადგან მას თავი არა აქვს ნაპოვნი, ალბათ ამიტომაცაა უსახელო.

 

ექიმი უკავშირდება მწერლობას, რადგან მწერლის ფუნქცია და მოვალეობა ხშირად გაიაზრება, როგორც ადამიანთა სულის მკურნალისა. აქედან მინიშნება მაცხოვარზე, რომელიც ადამიანთა სულების უპირველესი მხსნელი და მკურნალია. რომანში თვითონ ცივილიზებულობა გააზრებულია, როგორც სნეულება. ექიმის ამგვარ სახეს ხატავს ფრანც კაფკა მისტიკურ ნოველაში „სოფლის ექიმი”. აქ მთხრობელი სოფლის ექიმია, რომელსაც ზამთრის ერთ პირქუშ დღეს ავადმყოფთან გამოიძახებენ. პაციენტის მშობლები ვერაფერს გააგებინებენ. ექიმი ვალს იხდის და ავადმყოფს გასინჯავს, ერთი შეხედვით, სასიკვდილოს ვერაფერს აღმოაჩენს, თანაც, ავადმყოფი ბიჭი შეევედრება, თავი დამანებე, დაე, მოვკვდეო. ყველაფერი იხატება რეალისტურად, ბუნებრივად, ყოფითი დეტალებით, მაგრამ მკითხველს არ ტოვებს უჩვეულოს შეგრძნება. „მეც კი მინდა სიკვდილი. რას ვაკეთებ ამ უსასრულო სუსხიან გაუთავებელ ზამთრის დღეებში“, _ ფიქრობს ექიმი. ჩნდება მაცხოვრის ალუზია. „რეცეპტების გამოწერა ადვილია, მაგრამ ადამიანების შეცნობა რთული“ _ ექიმის ეს ფიქრი ამხელს ცხოვრების პარადოქსულობას. ადამიანებმა იციან, როგორ მოიქცნენ, მათ აქვთ ამის მზა „რეცეპტები“ ბიბლიური მცნებების სახით, მაგრამ მაინც გამუდმებით ცდებიან. იმედგაცრუებული მშობლები ექიმს არ უშვებენ და ბიჭის კიდევ გასინჯვას სთხოვენ. ექიმი ხელმეორედ გასინჯვისას აღმოაჩენს, რომ ბიჭს მარცხენა ფერდთან თეფშისოდენა გახსნილი ჭრილობა აქვს, საშინლად გახრწნილი და მატლებით მოფუთფუთე (ისევ მინიშნებაა სახარების ეპიზოდზე, მაცხოვარს რომ ფერდში შუბი ჩასცეს). მოულოდნელად იცვლება ავადმყოფის განწყობილებაც, იგი ექიმს გადარჩენას სთხოვს, თითქოს მასში ჩვეულებრივ ექიმს კი არა, მაცხოვარს შეიცნობს. ექიმი საგონებელში ვარდება, რადგან გრძნობს, ბიჭის გადარჩენა შეუძლებელია, ახლობლები კი ექიმის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვენ. გარედან ისმის სოფლის გუნდის ხმა:

 

„გააძრეთ ტანზე, მან უნდა განკურნოს სნეული,

და თუ არ განკურნავს, მოკალით.

ის ხომ ექიმია, ის ხომ ექიმია მხოლოდ“.

 

კვლავ ჩნდება ადამიანთაგან ჯვარცმული მაცხოვრის სახე. კაფკა ხატავს ფანტასმაგორიულ სურათს. ექიმს აწვენენ ავადმყოფის ლოგინში ჭრილობის მხარეს, მაგრამ ექიმი კი არ კრთება, პირიქით, სიამოვნებს სითბოს შეგრძნება. „აბა მე რა შემიძლია? ეს არც ჩემთვისაა იოლი“, _ ასე უპასუხებს ბიჭს განკურნების თხოვნაზე. „გინდა მაგ ბოდიშით მომიქონო თავი და მე გიშველო? მე, რომელიც ამ მშვენიერი ჭრილობით დამასაჩუქრა ცხოვრებამ? და მხოლოდ ეს გამაჩნია ამქვეყნად?“ – ასე უცნაურად იწყებს ბიჭი ლაპარაკს, ექიმი კი აქაურობიდან თავის დაღწევას ცდილობს. მოახერხებს კიდეც, ცხენები კვლავ უეცრად ჩნდებიან და კაცი სახლიდან გამოიპარება, მაგრამ თავდახსნამდე შორია, ცხენები იღლებიან, ქურთუკი რაღაცას გამოედება და ექიმი უკაცრიელ სითეთრეში მარტოდმარტო რჩება. შორიდან კვლავ ჩაესმის სიმღერა: „გაიხარეთ, ავადმყოფებო, ექიმი თქვენსავე საწოლშია“. მოთხრობა სასოწარკვეთილი ექიმის გოდებით სრულდება: „ვინ შეიწუხებს ჩემთვის თავს! როგორ მოვტყუვდი! ვიღაცის ცრუ გამოძახილს ავყევი და დავღუპე ყველაფერი“. ასე გამოხატა კაფკამ ადამიანთა ურწმუნოებითა და უღმერთობით გამოწვეული სულიერი სიცარიელის ტკივილი. ექიმიც ისევე განწირულია, როგორც ავადმყოფნი. ადამიანი თითქოს თვითვე დევნის და ჯვარს აცვამს თავის მკურნალს.

 

მსგავსი განცდები და ასოციაციებია ზურაბ ლავრელაშვილის რომანშიც. აქ რეალურად ერთი პერსონაჟის თავგადასავალია, რომანისთვის თითქოს ცოტაა, მაგრამ სისავსის შეგრძნება მაინც არის. პერსონაჟი ლომოური, სიმბოლურად, ექიმის ბნელი მხარეა, არაცნობიერი, ოღონდ პერსონიფიცირებული. ერთგან ეუბნება კიდეც ლომოური ბარჯაძეს: „მე და თქვენ ერთნი ვართ, ეს არ დაგავიწყდეთო”.

 

„ღვთის ქმნილებათა შორის მხოლოდ ადამიანს შეუძლია ცოდვის ჩადენა. რას ნიშნავს ეს? ჰარმონიის რღვევას” (ნიკოს კაზანძაკისი, „აღსარება გრეკოსთან“, გვ. 443). დარღვეული ჰარმონია აღელვებს ბარჯაძესაც, რომელიც ეძებს „ხიდებს“ ჰარმონიულობის აღსადგენად. ფრედიმ კი თავისთვის მიაგნო ამ ხიდს, ამიტომაც იზიდავს ბარჯაძეს იგი. არადა, სწორედ იმიტომ მიიწვიეს, რომ გაქცეული ამქვეყნიურ ცხოვრებას დაუბრუნოს. ამას ფრედი სიკვდილს არჩევს, რომანის გმირისთვის კი ფრედის სიკვდილი მხოლოდ ხორციელი ცხოვრების დასასრულად გაიაზრება.

 

მთავარი გმირის სულის ხატვისას არის გადაძახილი ფროიდთანაც. ზიგმუნდ ფროიდი „ფსიქოანალიზის ნარკვევში” საუბრობს „მეს” უმთავრეს მახასიათებლებზე. მემკვიდრეობით მიღებულ, უპირველეს ყოვლისა კი, სხეულის ორგანიზაციიდან მომდინარე ლტოლვებს უწოდებს „იგის”. დროთა განმავლობაში ტვინში შეიქმნა განსაკუთრებული სტრუქტურა, რომელიც შუამავლობს „იგისა” და გარე სამყაროს შორის. სულიერი ცხოვრების სწორედ ამ სფეროს უწოდებს მეცნიერი „მეს”. „მეს” უპირველესი ამოცანა თვითდაკვირვებაა. გამოცდილება კი გროვდება მეხსიერებაში. „იგის” შინაგანად უპირისპირდება იმით, რომ აღწევს ლტოლვების მოთოკვას, მათზე გაბატონებას. „მე” წყვეტს, შეიძლება თუ არა მათი დაკმაყოფილება – გადაიწიოს დროში თუ საერთოდ დაითრგუნოს. ფროიდის აზრით, ბავშვობის პერიოდის ნალექი „მეში” წარმოქმნის განსაკუთრებულ ინსტანციას, რომელშიც არსებობას განაგრძობს მშობელთა ზემოქმედება და მას უწოდებს „ზე-მეს”, რომელსაც „მე” ანგარიშს უწევს. „მეს” მოქმედება, ფროიდის მიხედვით, მაშინაა სწორი, როცა ის ერთდროულად აკმაყოფილებს იგი-ს, „ზე-მესა” და რეალობის მოთხოვნებს. „იგი” და „ზე-მე”, განსხვავების მიუხედავად, მსგავსნიც არიან: ისინი წარმოადგენენ წარსულის ზეგავლენას. „იგი”-სთან დაკავშირებულია ლტოლვები – სხეულებრივი მოთხოვნები. ფროიდმა ორი უძირითადესი ლტოლვა გამოარჩია – ეროსი და დესტრუქცია (სიყვარულისა და სიკვდილის ლტოლვები), ამიტომაც პერსონაჟის არსებაში ერთმანეთს გადაეწვნება სიყვარული და სიკვდილი. რომანში მწერალი ხატავს ბარჯაძის სულში მიმდინარე კონფლიქტს: „მე”-ს. „ზე-მე”-სა და „იგი”-ს შორის.

 

„მე“ ხშირად უძლურია: „გონებას მხოლოდ სურვილების მოთოკვა ძალუძს, მაგრამ ქვეყნიერებასთან ვერ შემარიგებს”, „ილუზიების ტყვე ვარ”. ცნობილია ის ფაქტი, რომ ფროიდი აღიარებდა და წუხდა, მის მიერ ადამიანის შინაგანი სამყაროს ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის შედეგად მიღებული ცოდნა არტურ შნიცლერს (ავსტრიელ იმპრესიონისტს) ამ გზის გაუვლელად, შემოქმედებით პროცესში ეძლეოდა. ერთ წერილში, 1922 წელს ფროიდი წერდა შნიცლერს, რომ მას თავის ორეულად აღიქვამდა. იგი მწერლის ნაწარმოებებში თავის ნააზრევსა და კვლევის შედეგებს ხედავდა. ფროიდის აზრით, მწერალი იმავე მასშტაბითა და სიღრმით, როგორც თვითონ, სწვდებოდა და გადმოსცემდა არაცნობიერს ადამიანში. ზუსტად ასახავდა მასში მიმდინარე შინაგან ფსიქიკურ პროცესებს და მათ განპირობებულობას ორი ძირითადი ძალის – სიყვარულისა და სიკვდილის მიერ“.

 

ზურაბ ლავრელაშვილის რომანში ლომოური დაახლოებით ამასვე ეუბნება ექიმს: „ვინმე პროვინციელი მწერალი შესაძლოა უკეთ იცნობდეს ადამიანის ზნეს, ვინემ მთელი თქვენი ექსპერიმენტული ფსიქოლოგია”. დარღვეული მთლიანობის აღსადგენად რომანში ბუნებასთან სიახლოვის გზაა დახატული: „ხე, ქვა, ჩიტი, ღრუბელი და ვარსკვლავები ჩვენი მასწავლებლები არიან”, „მინდა ჰაერს შევერიო და მზეში გავლღვე”. გმირი ნამდვილ ნეტარებას მხოლოდ ბუნებაში შეიგრძნობს. იგი მთელ წარსულს არარაობად მიიჩნევს და იჯერებს „უმიზეზო არსებობის” სიხარულს. უკვირს, აქამდე სად იყო? ტანას წყალში მობანავე კი თითქოს ახლად იშობა, თავისუფლდება წარმავალი ღირებულებებისაგან: „მოწყვეტილ ფოთოლს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვიდრე რუსეთ_გერმანიის ზავს“. საერთოდ, რომანში ბუნებასთან სიახლოვისას განცდილი წუთები შთამბეჭდავადაა აღწერილი. აქ არის აღიარებაც იმისა, თუ როგორ ძარცვავს და ანადგურებს ქალაქი (სიმბოლურად, ცივილიზაცია) ადამიანის სულს, ართმევს თავისუფლებას, ღვთის ყველაზე დიდ საჩუქარს. პერსონაჟი ბუნების ნაწილად როცა შეიგრძნობს თავს, აღარც სიკვდილის ეშინია და აღარც სინდისი _ „ყველაზე დიდი მაჯლაჯუნა“ _ ტანჯავს. მხოლოდ ამის შემდეგ განიცდის ბარჯაძე ადამიანებთან ახლო ყოფნის სურვილსაც, რადგან კაციც ბუნების ნაწილია. თუმცა სანეტარო წამები დიდხანს არ გრძელდება და სინამდვილე კვლავ ძალადობს, რასაც მოაქვს მარტოობის მტანჯველი განცდა. ადამიანი ბუნების, რწმენის გარეშე მარტოა. ბუნების აპოლოგიაა რომანის ბოლოსაც, როდესაც გმირი მუხას ეხვევა; „ამიტომაც მიყვარს ხეები: არასოდეს გკითხავენ, ვინა ხარ და რა გინდა; უნდა მიხვიდე და შველა სთხოვო”. კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილში” ერთ თავს ჰქვია „ჰიმნები ხეებისადმი”. სავარსამიძე ხეებს ევედრება: „მასწავლეთ, ჩემო კარგებო, როგორ უნდა იცოცხლო უჩივლელად, უდარდელად, უშიშრად და როცა ჟამი მოვა… იქვე წაიქცე… და შენივ ცხედრით დაფარო ეს შენივე მიწის ნაჭერი”.

 

რომანში ძალიან სუფთად და ლამაზად იხატება ბუნება: „თბილი და ვარსკვლავიანი ღამე იყო. აბრეშუმის ჰაერს სიგრილე ექსოვებოდა. მთების წვერებზე მთვარე ამოცურდა, სხივები დაღვარა”. ამგვარად იქმნება ტრადიციული კონტრასტი შეურყვნელ ბუნებასა და ადამიანის შერყვნილ სულს შორის.

 

რომანის სიუჟეტი ზომიერადაა ჩახლართული. ექიმი ატენში ჩადის საქმოსან სიეზმანთან, რომელსაც სურს, ექიმმა მისი ოჯახიდან გაქცეულ ძმისშვილს უმკურნალოს, რეალურ ცხოვრებას დაუბრუნოს. ეს ძმისშვილი, სახელად, ფრედი, უცნაურია, სექტისმაგვარი აქვს ჩამოყალიბებული. სწორედ მასთან ურთიერთობა შეცვლის გმირს, რომლისთვისაც ფრედისთან და მარიასთან შეხვედრა იქცა ერთგვარ კატალიზატორად (მარია და ფრედი, სიმბოლურად, ღვთისმშობელსა და ძე ღვთისაზე მიანიშნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ცასა და დედამიწასავით განსხვავდებიან თავიანთი პარადიგმებისაგან (როგორც ცნობილია, სიმბოლოებისთვის დამახასიათებელია მხატვრულ სივრცეში ამგვარი ტრანსფორმაცია). ფრედი უნებურად გვახსენებს ფიოდორს, ე. ი. დოსტოევსკის და მიანიშნებს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ მწერალმა მასზე სულიერი ძიებების თვალსაზრისით. ლომოური ფრედიზე ამბობს: „სწორედ მეორედ მოსული ქრისტეა… ნამდვილი ლიტერატურული ტიპი…“.

 

სამყაროსთან გაჩენილი უფსკრულის ამოსავსებად ბარჯაძეს ძიების გზაზე შემოეყრება მარია და მოეჩვენება, რომ მისი სიყვარული იხსნის, რადგან ქალის თვალებშიც „ზეცის წიაღი ჩანს”: „გონებით შევთხზე და შეთხზულს მარია ვუწოდე… ცხოვრება სხვაა, ის ჩვენს წარმოსახვას არ ემორჩილება”.

 

XX საუკუნის ლიტერატურაში აქტიურად შემოიჭრა ქალის, როგორც ერთდროულად, მეძავისა და წმინდანის სახება. გავიხსენოთ ფოლკნერის რომანი „რეკვიემი მონაზვნისთვის”. ამ რომანშიც მეორდება ეს ლიტერატურული პარადიგმა. მარია, ერთი მხრივ, ბარჯაძეს გზას უხსნის ბუნებისკენ, მეორე მხრივ, მრუშობის ჭაობში ითრევს: „მარიასადმი ჩემი ლტოლვა ნაზი და წმინდაა. წმინდა?! ავაზა ისევ აბორგდა ჩემს სულში”.

 

მარია, საზოგადოდ, გარდა ზემოხსენებულისა, ლიტერატურაში ხშირად არის მარადქალურობის, მშვენიერების, ბუნებრიობის, ამაღლებულობის სიმბოლო. აქ კი მარია ექიმის ხორციელი ინსტინქტების ბრძოლის ასპარეზზე მთავარი მეტოქეა, იგი ერთდროულად განასახიერებს ეროსსაც და თანატოსსაც. მწერალი ეროსის, ხორციელი ლტოლვის, მეტაფორულ სახეს ქმნის. ეს არის ავაზა. პანთერა, ავაზა, ლეოპარდი და ვეფხვი ერთი რიგის სიმბოლოები არიან და განასახიერებენ, საზოგადოდ, ამქვეყნიურობის, ხორციელების, მატერიალურის ძალადობას ადამიანის სულიერებაზე, ირაციონალურზე. გმირი გამუდმებით ცდილობს ინსტინქტის, ავაზის დამორჩილებას (დანტესაც „ღვთაებრივ კომედიაში“ სულიერი განვითარების გზაზე მგელსა და ლომთან ერთად, ლეოპარდიც გადაეღობება). მხატვრულად საინტერესოდ და ოსტატურადაა დახატული ეს ბრძოლები. გმირი ხან იმარჯვებს, ხან მარცხდება: „ჩემი მეობა შელახულია. სამარცხვინო გრძნობების მონა ვარ”. „ორად გავიხლიჩე”. „სიკვდილზე უძლიერესი ინსტინქტი” ჯაბნის და გონების მოჩვენებით ძლიერებას ნიღაბს ხდის. რომანში ერთგვარი დეტექტიური ხერხიცაა გამოყენებული მარიას აგენტობაზე ეჭვის თვალსაზრისით.

 

სიეზმანის ოჯახში ერთმანეთს ხვდებიან ექიმი და ლომოური და მსჯელობენ როგორც პოლიტიკურ, ასევე, უმთავრესად ფილოსოფიურ-რელიგიურ თემებზე. ამ მსჯელობებზე რომანში დიდი აქცენტია გაკეთებული. მიხეილ ჯავახიშვილმა „ჯაყოს ხიზნებში” მსგავს თემებზე სასაუბროდ თეიმურაზს მოპაექრედ ნახუცარი ივანე დაუყენა. ლომოურიც ოდნავ სქემატური სახეა, რადგან ის მხოლოდ ბნელი ფონია, გმირის შიდა მხარეა ზედაპირზე წამოტივტივებული.

 

საინტერესოა ლომოურის აფორისტული გამონათქვამები: „თავისუფლად რომ ვაზროვნებ, პოლიტიკაში ამიტომაც არ ვერევი”. მის მიერ რევოლუციის კრიტიკას („ეგ თქვენი რევოლუციაც ისეთივე წყლის ნაყვაა, როგორც კაცობრიობის მთელი ისტორია”…) მოჰყვება თანასწორობის იდეის აპოლოგია _ „ვინ გამოიცნოს, როგორ და რისთვის შექმნა უფალმა ყოველი ჩვენგანი თავისივე მსგავსად, თუკი თანასწორობა არ ექნებოდა ნიმუშად”.…

 

ლომოური, უმეტეს ინტელექტუალთა მსგავსად, ნიჰილისტია, ცინიკოსი და ტრადიციულ ღირებულებათა უარმყოფელი, ერთგვარი მეფისტოფელური სახეა. ქართველებს სიზარმაცეს უკიჟინებს; „ტექნიკური პროგრესი გვეხამუშებაო, მოძალადეები ვართ, ყოველი ჩვენგანი თავის ბუნებაზე ძალადობსო“. ლომოური ამბობს, რომ ნიცშე წაუკითხავს. ეს უთქმელადაც იგრძნობა მის საუბარში. მისთვისაც ადამიანი ავადმყოფი ცხოველია, რომლის ევოლუცია ჯერ არ დასრულებულა. ეს სენი კი ნიჰილიზმია. მისთვის მიუღებელია ადამიანის მოქცევა ცივილიზაციის მიერ შემოთავაზებულ მორალურ ღირებულებათა მარწუხებში. იგი მეტაფიზიკურ სკეპტიკოსად მიიჩნევს თავს და სწამს სიცოცხლე ღმერთის გარეშე, იგი „არაფრობის მაღიარებელი” ტრაგიკული, მარტოსულია. იგი თავისებურად იაზრებს სახარებისეულ ამბებს. მისი მტკიცებით, ჯვარცმის შემდეგ მოციქულებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან აღარავინ მოუწოდებდა, „იფხიზლეთო”, იუდასა და პეტრეს ქცევა ესახება პარადიგმებად: „თითოეული ჩვენგანიც ამ ორ არჩევანს შორის მერყეობს: ან გასცეს თავისი ღმერთი, ან უარყოსო”.

 

რომანში ცივილიზაცია და რწმენა დახატულია როგორც ცეცხლი და ყინულივით შეუთავსებელი. ეს აწამებს ბარჯაძეს და საფიქრალს უჩენს. ლომოური წამოსწევს წინ თემას ილუზიისა და სინამდვილის ურთიერთმიმართების შესახებაც. ეს მწერლის მთავარი საფიქრალია. პერსონაჟის მსგავსად, თვითონაც „ნაკითხია და თითოეულ საგანსა თუ მოვლენას აუცილებლად ლიტერატურულ შესატყვისს მოუძებნის… თითქოს განუზრახავს, ქვეყნიერება მხოლოდ ლიტერატურულ ფაქტად აქციოს”.

 

ცხოვრება, ქვეყნიერება, მწერლისთვის მეტატექსტია _ რომელშიც ჩაწერილია სხვა ტექსტები. ზურაბ ლავრელაშვილი თავის პერსონაჟებსაც სწორედ ამ მეტატექსტის კონტექსტში წარმოაჩენს.

 

„სიმბოლო ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს რაციონალურ სამყაროსა და მისტიკურ სამყაროს შორის“ (იური ლოტმანი, „სიმბოლო კულტურის სისტემაში“), ამიტომ მწერალი ხშირად მიმართავს სიმბოლოებს. რომანში გმირი მიატოვებს ყველაფერს და მთებისკენ გარბის. სიმბოლურად, ეს ნიშნავს, რომ ბუნებაში უნდა დასრულდეს მისი სულის მეტამორფოზი, თუმცა გმირის ტანჯვა არ მთავრდება სრული სინათლის მიღწევით. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ეს არის სწორედ მღვიძარება. როდესაც პერსონაჟი ბოლოს ტყისკენ აღმართს აუყვება, იგი ნაცნობ ადგილას საყდარს ვეღარ დაინახავს. ის მან ახლიდან უნდა ააგოს თავის სულში. სიფხიზლე ტკივილთანაა დაკავშირებული. ცნობილ მითში პრომეთეს არწივი ღვიძლს უკორტნის, რომ მღვიძარე იყოს. ეს მისი სასჯელია. ბარჯაძე გრძნობს, როგორ ღვივდება მის სულში სიცოცხლისა და თავისუფლების მცენარე, ამიტომაც აღარც ლოდინისა და აღარც დამარცხების აღარ ეშინია: „რაც უნდა გადამხდეს, ვიცი, რომ ის მოვა. ვისაც სახელი არა აქვს. ვინც ჩვენ გვგავს და ჩვენზე მეტია”. რომანის მთავარი სათქმელიც ესაა: მწერალს სჯერა და მკითხველსაც არწმუნებს: „სიბნელეში სინათლე იმალება. სინათლე უნდა დაინახო. ამისთვის უნდა იფხიზლო”.

 

 

აკვიატებულ ფიქრთა საქმე # 2

0

აკვიატებული ფიქრების შინაარსი, ობსესიური აშლილობისას, არის პავლე მოციქულის მიერ აღწერილი ჯოჯოხეთის ცოდნა და განცდა ზეპირად. ან შეიძლება მეტიც.

 

საზარელი აზრები შენს გონებაში დაუსრულებელ ბოლთას სცემენ და კარი კიდევ ჩარაზულია, ხელი რომ კრა და სადღაც გაუშვა. მაგ კარის გასაღები ზღვის ფსკერზეა. ზღვა კიდევ ბევრია და რომლის ფსკერზე? სხვა დროს მოგიყვებით.

 

ეჭვი, ძიება, ჭიდილი, შეპყრობის განცდა, დაბრალების ფობია, არარსებული დანაშაულის შიში.

 

იწყება ეს გზა დაავადებების გადამოწმებით და ბავშვობიდან – ხან სიმსივნე გჭირს, ხან კუჭის წყლული, ხან შიდსი, ხან ცოფი. აი, ძაღლი, რომელმაც უბრალოდ შენს მანქანას ჩაუარა და ღამით დაფიქრდი – კარი ხომ არ იყო ღია? მგონი ფეხზე ამლოკა? შარვლის ტოტი აწეული მქონდა? ერთხელ სოფელში ვიყავი და თაგვმა გადაურბინა ჩემს ლოგინს. მეტი არაფერი. არც ნაკაწრი. არც შეხება. დილით ბევრი ვეძებე, ბოლოს კოღოს ნაკბენი ვიპოვე მგონი, მაგრამ რადგან გონებამ უმცირესად მაინც დაუშვა, რომ თაგვმა გამკრა კბილი, ადრიანადვე ავდექი, ჩოხატაურიდან თბილისში ჩამოვედი და აცრა გავიკეთე. აცრა ალბათ იქაც იყო, მაგრამ ხომ გსმენიათ პაკაზუხა გურული კაცის ამბავი. თან ობსესიურის. ჰოდა, ეგ არის.

 

ეჭვი საშინელი რამაა. საშინელი და თან აუცილებელი. ეჭვმა დანიშნა ადამიანი დედამიწის მეფედ, თორემ ისე ერთი უბრალო კარისკაცი იქნებოდა – რადგან ეჭვი ბადებს კითხვას, კითხვის დასმა კიდევ საუკეთესო საწვავია განვითარების.

 

თუმცა ეჭვი, რომელიც ობსესიური აშლილობის დროს მოდის, საშინელს მიღმაა – მანდ სიტყვები არ მოუგონია ადამიანს ამ განცდის შესაგებებლად.

 

თავის მხრივ – ბატონი, ან ეგებ ქალბატონი კომპულსია არის დათქმული და დამახსოვრებული ქმედება ავი აზრის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს მომხდარის გაქარწყლება ან წინასწარი, პრევენციული მცდელობა – ლოცვა და შელოცვა, უზუსტესი, დეტალური ცოდნისა და შეცნობის სურვილი, რიტუალი და ჩვევა. კომპულსია არის საყრდენი ადამიანის. რწმენა. იოლად რომ ვთქვათ; სიზმრის წყლისთვის მოყოლა კომპულსიაა, რომელიც ამ ზმანების ახდენის შიშისგან გათავისუფლებს.

 

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომელსაც დიდწილად სტრესი იწვევს ობსესიისკენ მიდრეკილ ადამიანებში, ერთობ რთულად მისადგომი შფოთვითი განხრა გამოდგა. იწურება მელატონინი, სეროტონინი, D ვიტამინი – უმაგათობა კიდევ ავი ფიქრების საუკეთესო ნიადაგია – სარეველესავით მრავლდებიან. უკვლევიათ და ვიცით – აფრიკაში ყველაზე ცოტა ადამიანი იტანჯება ამ სენით, რადგან ისინი ასწლეულობით ნაგროვები მზის სხივის ჯამი არიან ბიოქიმიურად. ადამიანი მკაცრად განსაზღვრული ბიოქიმიაა, ოღონდ ეგ არის, რომ ფიქრიც ამ საქმის ნაწილია და ფიქრის ქიმიური ანალიზი კიდევ ჯერ არ მოუგონია კაცობრიობას. ფიქრი კი ობსესიებისას არის ფიქრთაგან უჯიუტესი რამ – კლდეზე გასულ თხას ჰგავს, შეუმჩნეველ, გამხმარ ბალახს რომ წიწკნის და ქვევით თივის გორას ახვედრებ და მაინც არ ჩამოდის. ნებისმიერი ლოგიკა კარგავს ყოველგვარ აზრს არსებობისას, უბრალოდ ქრება.

 

კომპულსიების შესაგებელი კი იწურება. უფრო სწორედ, ადამიანი ირთულებს ტანჯვას – ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იგონებს ფიქრს, რომელიც ძნელად ექვემდებარება რიტუალურ პასუხს ან დამამშვიდებელ ცოდნას. მედგრად ჩიხისაკენ საკუთარი ნებით! არცერთი ნაბიჯი უკან! – ხან წარმოიდგენს რომ ახალშობილ შვილს კლავს, ხან მძიმე სექსუალურ ტაბუს არღვევს გონებაში და კითხვები – „ხომ არ ვიზამ?“ ან „ხომ არ დამაბრალებენ“? – ალან პოს „ყორნის“ პარტიასავით მეორდება. ტანჯავს ადამიანს ეს წარმოდგენა, განა უნდა და სიამოვნებს – რადგან იმაზე ფიქრობს, რის ჩამდენიც ყველაზე მეტად არ არის. ვერ კი არა – არ. ვიცით, რომ ეს ფიქრები პირობითია – შენ იგონებ. პირობითია, თუმცა ცხადი. მაგრამ შეგეშინდებოდა კი იმგვარივე ფიქრის, მაგალითად, ქვის ხანაში, გამოქვაბულში რომ ცხოვრობდე? ან ტყეში იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული, ადამიანთა გაკიცხვისგან სამუდამო მანძილით შორს? თანაც, ინკვიზიცია ხომ არსად გამქრალა. მან სახე იცვალა და მოულოდნელად, სულაც უკანა რიცხვით გთხოვს პასუხს თანამედროვე ადამიანს. ოცდაათი წლის წინანდელი ეთიკური წესები და დღევანდელი, კაცმა რომ თქვას, ორივე მწირი ტვინის მოფიქრებული, საკმაოდ სხვაობს. მაგრამ დღევანდელი საჯარო სამართალი დაბეჯითებით გთხოვს პასუხისგებას იმის გამო, რასაც ამ „სამართლის“ დამდგენი და ახლა სხვისი მძაგებელი ადამიანებიც აკეთებდნენ მაშინ დიდი სიხარულით. და წარმოიდგინეთ სრულიად დაბნეული, ობსესიური გონება ამ დროს – მისი ისედაც გაწყვეტამდე დაჭიმული მორალი.

 

და აჰა, მთავარი კითხვა: მაინც, რა არის მორალი? ადამიანის ღვთიურობის ნიშანი და უპირატესობა ცხოველთაგან თუ სხვა ადამიანთა მიერ დროდადრო შექმნილი და შემოთავაზებული უგისოსო ვირტუალური ციხე?

 

გახსოვთ ტომ სოიერი? მურაბას რომ მოიპარავს და კუნძულზე რაღაც უცნაური განცდა აღვიძებს და აწუხებს. დეიდამ ეგ ამბავი ჯერ არ იცის, მისგან დასჯის რომ ეშინოდეს, არც ქალაქის მღვდელმა – თუმცა ტომი დიდად რელიგიური არ გახლავთ, არც შერიფისგან გაკიცხვას უნდა ელოდოს მაინცდამაინც – თუ მოქალაქეთა სამართალია. კი, მისი დანაშაული თუ „დანაშაული“ კონკრეტულ სასჯელს არ მოელის იმ სასჯელთაგან, რომელიც საზოგადოებამ დაუწესა საკუთარ თავს. და მაშ რა აწუხებს? სინდისი! – გვპასუხობს მარკ ტვენი. და რა არის სინდისი? ადამიანში არსებული გარდაუვალი წესრიგი თუ ამოვარდნა და დიდი გაკვირვება? აი, ის, რაც კანტს აოცებდა: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავს ზემოთ და მორალური კანონი მასში. ეს სასტიკი ქენჯნა ხომ ცხოველური ლოგიკის მიღმაა – კაცმა რომ თქვას არაფრად გვჭირდება – მხოლოდ გვაწვალებს. ეს წვალებაა ადამიანი. ეს წვალება გვიწესებს საზღვრებს და ალბათ აუცილებელი ტანჯვაც არის, მაგრამ როცა ულმობელი დაავადების ფორმას იღებს, სრულიად გაუსაძლისია. ჩემი თუ არ გჯერათ და წიგნების კითხვა გეზარებათ, სკორსეზეს „ავიატორი“ მაინც ნახეთ, ჰოვარდ ჰიუზის დიკაპრიოსეული წარმოდგენით ან რა ვიცი, ცნობილი სერიალის – „უმჯობესია დაურეკოთ სოლს“ – ის პირველ სეზონში, მთავარი გმირის ძმას დააკვირდით.

 

მაგრამ იარსებებს კი სინდისი დათქმების გარეშე, რომელიც წინაპართა წარსულმა გვიმემკვიდრევა ან გარემომ შემოგვაპარა? არავინ იცის. ამიტომაც არის ღრმა და საინტერესო ადამიანი. ყველაზე საინტერესო. ყველაზე ღრმა. ვარსკვლავიან ცაზეც კი.

 

 

///

 

ბავშვობისას, ძილის წინ, საწოლის ქვეშ სამჯერ შეგიხედავთ? ხოლმე კი არა – სულ, დღეარგამოშვებით. ფილებს თუ წააწყდებოდით, თითო ფილა გამოტოვებით გიზომავთ ნაბიჯები? ყოველი მეათე ფურცლის წაკითხვისას წიგნზე წკიპურტი დაგირტყამთ? მე – კი. სხვანაირად არ შემეძლო. სხვანაირად მეგონა დედამიწა გაჩერდებოდა. ერთხელ, შუაღამე იქნებოდა, ავიკვიატე, რომ სათხილეში ბოლო ხისთვის ხელი უნდა მიმედო და უკან დავბრუნებულიყავი. ძალიან მეშინოდა, მაგრამ უფრო ჩათქმის არაღსრულების, ვიდრე უმთვარო ცისა და ავსულების. წამოვდექი, ჩუმად ჩავიპარე და წავედი. მივრბოდი – თან კანკალით და თან სიხარულით. მივადე ხელი, გამოვიქეცი და ამოვისუნთქე. დავწექი და საკუთარი თავისგან დაცულის სიმშვიდით დავიძინე. ეგ არის ყველაზე დიდი სიმშვიდე სიმშვიდეთაგან – უბრალოდ, მერე იზრდები და სხვა ადამიანები გებრძვიან და შენს თავსაც უფრო დიდი ძალით აქეზებენ შენივე წინააღმდეგ.

 

რა არის ის შიშები, ტკივილები, განცდები, დათქმები, აკრძალვები, რაც საუკუნეების მიღმიდან წინაპრებმა გვიმემკვიდრევეს? რისგან თავის დაცვას ვცდილობთ ჩვენ, პატარა ბავშვები, ერთი შეხედვით უმიზეზო სიხარულებითა და წუხილებით. არავინ იცის. თუ იციან, სხვადასხვაგვარია ეს ცოდნა და უფრო ჰგონიათ, რომ იციან, ვიდრე იციან.

 

ხოლო შიშთაგან მთავარი ამბავი ფიქრის შიში მგონია და ფიქრის შიშთაგან აკრძალულზე ფიქრის შიში ყველაზე საშინელი და სასტიკი ფიქრია, ვფიქრობ. გამოცდილებები, რომლებიც რელიგიამ და მითოლოგიამ დაგვახვედრა, კარგს არაფერს გვიქადის – ადამი და ევა სწორედ აკრძალული ვაშლის გამო გამოაძევეს, ზღაპრებში კიდევ იმ ოთახის კარის შეღება, რომელზეც მიგვითითეს, რომ არ შეგვეღო – უბედურებათა და სირთულეთა ლაშქარს მოგვისევს ხოლმე.

 

„ვაშინერს“ – იტყვიან მეგრელები ამაზე. „ვამკანონა“ – პასუხობენ თვითონვე საკუთარ შფოთვას.

 

ტაბუმ შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის და ტაბუვე ანადგურებს.

 

ბევრი წამიკითხავს ობსესიების წარმოშობაზე – ცხადია, რომ ზუსტი ვერცერთი. ან კი – როგორ უნდა იყოს ზუსტი ბუნდოვან, უშორეს წარსულზე მკითხაობა. როგორ მივაგნებთ ათიათასწლეულების ჯურღმულში წამს, სადაც ადამიანი და შიში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. და მერე ადამიანმა ისწავლა ლოცვა და შელოცვა – როგორც თილისმა ანაც მცდელობა ფიქრისგან დაცვის –

რადგან პირველად იყო სიტყვა, სიტყვები კი შობენ შიშებს. სიტყვები ახანგრძლივებენ მათ და სიტყვები ამსუბუქებენ. უსიტყვო ფიქრი იოლია, რადგან უსიტყვო მეხსიერება მოიკოჭლებს, სიტყვაა მისი ყავარჯენი. ხსოვნის საშენიც სიტყვაა. ტკივილებს კიდევ ხსოვნა კვებავს – სხვა არაფერი.

 

 

////

 

ახლა მოგიყვებით, როგორ დავბრუნდი. ანუ იმის მიღმა, რაც მითქვამს და იცით. აქამდე სულ ტანჯვაზე ვწერდი და მერე გადარჩენაზე გიყვებოდით. გადარჩენა ექიმებისა იყო. დაბრუნება – ჩემი.

 

ორი გადამწყვეტი ნაბიჯია: ნება და მოძრაობა. ნებას სიცოცხლის სურვილი ბადებს, მოძრაობას კი ნება გაიძულებს.

 

წესი ჩემეული. პირველი და უკანასკნელი:

 

შეცურე იმ მდინარეში, რომელიც იცი, რომ შენზე ღრმა არ არის, მაგრამ მაინც გგონია, რომ დაიხრჩობი. აკვიატებული ფიქრები, შფოთვა, ობსესიები, ფობიები ხომ სხვა არაფერია, თუ არა განცდა შიშისა, რომელიც ცოდნით უსაფუძვლოა. „სხვა არაფერია“ – ცოტა ისეთი ნათქვამია, იოლი. მთელი უბედურებაც ეგ არის, რომ განცდა და ცოდნა ვერ რიგდებიან ხოლმე და ეგ ტოლია ჯოჯოხეთის. შენ უნდა შეარიგო. ხოლო შერიგება დიდი და ხანგრძლივი ვარჯიშია.

 

წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელიც სიარულს და სამყაროს სწავლობს. არა. წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი დიდი სხეულითა და უზარმაზარი ვალდებულებებით. და იმავე მისიით. კომპიუტერი სადღაც მედო და უბრალოდ, ჩართვა მეშინოდა. ელექტრონულ ფოსტაში და სოციალურ ქსელში შესვლა ხომ საერთოდ – „პაროლი შემეშლება!“, „დამბლოკავენ!“ და მერე უარესი – „იქ რა დამხვდება!“.

 

ჰოდა, ვთქვი – „რადგან გადავრჩი – მე შევძლებ!“, „მე ვარ ადამიანი – ყველაზე გამძლე და ჯიუტი არსება დედამიწაზე!“, „მე შემიძლია ფერისცვალება – უპირატესობა ადამიანად ყოფნის!“. ახლა მართლა ასე ფრთიან ფრაზებად რომ არ შემოვძახე, კი ხვდებით, უბრალოდ განწყობა მართლა ამგვარი იყო.

 

და დავიწყე:

 

ოცჯერ დავაზუსტე ფინანსური დეკლარაცია. ასჯერ გამოვცვალე სოციალური ქსელის პაროლი დავიწყების რისკთან ახლოს მყოფი კომბინაციებით. ყოველდღე ჩავდიოდი სავაჭრო ცენტრების პარკინგზე და ნაძალადევი ღიღინით ვიღებდი დგომის საშვებს. ვდგებოდი საშინელ საცობებში. შევდიოდი ჩიხებში, სადაც მანქანის მობრუნებას საათი სჭირდება და ნიუანსური, ნელი მანევრები. საშინელი სიმშვიდის დაძალებით ვრეცხავდი თეფშებს. უმცირესი ნაკეცების გათვალისწინებით ვაუთოებდი – ღმერთო ჩემო! მაგრამ კიდევ უფრო, ღმერთო ჩემო! – ცალი თვალით ვიქტორ ფრანკლს ვკითხულობდი და ცალით Prime-House-ს ვუყურებდი – მერწმუნეთ, ძალიან ჰგავს ცივი და ცხელი აბაზანის ლამის ერთდროულ მიღებას და ეს უკანასკნელი კიდევ, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, დიდად სასარგებლოა. მოკლედ, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მანამდე ნერვებს კაწრავდა – შფოთვებისას კი არა, დეპრესიამდეც კი. საზარელი ძალისხმევით ვცდილობდი, რომ ტვინი ყოფას დაჰბრუნებოდა და დაემახსოვრებინა ძველებურად ყოფნა.

 

მეორე სართულის აბაზანაში, სადაც სიცოცხლესთან გამოსალმება ვცადე და მისი კარის შეღებაც მზარავდა, შუაღამისას ვდგებოდი და შევდიოდი. მერე წყალს ვავსებდი, ვეფლობოდი – სანამ გაგუდვის განცდა არ შემეგებებოდა და ჰოპ! ამოვიყვინთავდი და ჰაერს ვჭამდი, კი არ ვსუნთქავდი. საბოლოოდ, ასე დავაჯერე თავს, რომ იმ ოთახში სიცოცხლე უფრო მიცდიდა, ვიდრე სიკვდილი.

 

ყოველ მომდევნო წუთს ვაიძულებდი მიებაძა წინა, ძველებურისთვის.

 

გვიანამდე ვუცქერდი ვარსკვლავებს და ფიქრებში ვუშვებდი ყველაზე საშინელ სცენარებს, რომლის პროლოგიც კი მზარავდა მანამდე. მივყვებოდი ფიქრებს ბოლომდე, სულ ბოლომდე და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ვარსკვლავებს კი აღარ ვუმზერდი, ვარსკვლავებიდან ვიყურებოდი და ეს ფიქრები, ეს გამოგონილი შიშები, ძალიან ცუდი ადამიანების მიერ ცილისწამებებით მორწყული, ძალიან სასაცილოები და პატარები ჩანდნენ ასე შორიდან. და მერე ახლოდანაც სასაცილოები გახდნენ.

 

რადგან ადამიანი ვარჯიშია, ადამიანი არის გამეორება.

 

და ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდი შეშლილ რეჟიმს.

 

და კიდევ. იმთავითვე – ადამიანი უდრის ბაძვას. ის ჰბაძავს საკუთარ რაობას – გარდაუვალ რუტინას ადამიანად ყოფნის. არ ვიცი, იყო თუ არა ვინმე ბარათაშვილზე ზუსტი, როცა ეკლესიასტესეული ამაოების საპირწონედ ამოთქვა, დაუკვირვებელი გაფიქრებით უიმედო და შემგუებელი სიტყვები: „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა”. არადა, თუ დააკვირდებით, ყველაზე იმედიანი ეს ფრაზაა – ცხოვრებას გვაიძულებს და ყველაზე შეუგუებელიც – „მერანი“ დაწერა ამ კაცმა ბოლო-ბოლო. ვიღაც ზედაპირულმა, შეიძლება ეგრეც გვითხრას, მშობელს კი არ უნდა დაუჯერო, უნდა განვითარდე და შეცვალოო. კაი, კაცო! და ოლოლო მას! არ ერგება გამოცანა! „გვესმას მშობლისა“ მისი ქმედებების კი არა, რაობის გამეორებაა – ცოცხლად ყოფნის მისტერიის, რომელიც მერე შეიძლება სწორედაც რომ შეცვალო და განავითარო. ეგ შეცვლა კიდევ, ადამიანობიდან ამოვარდნამდეც მიგვიყვანს, თუ საქმე გენიოსთან გვაქვს. ანუ „ბედის სამძღვარს“ გადალახავთ – თუმცა მანამდე არ გვეტკინოს არაფერი მე და თქვენ – მოდი, ჯერ აქაურ საქმეს მივხედოთ.

 

ტვინიც ასე ჰბაძავს საკუთარ თავს, ფიქრს ფიქრის ასლად ჭრის და იმეორებს. ძნელია ავ აზრებში გაჯიუტებული გონების მოთვინიერება, მაგრამ ძნელია და არა შეუძლებელი – ახალი მეხსიერება უნდა დაიბადოს!

 

ხოლო ბაძვის შემჩნევა ძველი ამბავია და პლატონისეული მიმეზისის არისტოტელესეული გაგება არის ის ბაძვა, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ანუ ქმნა. მოძრაობა შესაბამისად. ვიცი, გგონიათ, დავიღალე ამდენი წერით, გამოვფილოსოფოსდი და უკვე ვახურებ, მაგრამ მერწმუნეთ – არა. ადამიანები სულ აკვირდებოდნენ საკუთარ თავს და ჩვენ ყველა დაკვირვებას უნდა დავაკვირდეთ. გამოგვადგება. ძალიანაც.

 

და განა ყველაფერი დასრულდა. ჩემს სხეულს დამახსოვრებული აქვს საშინელი შეგრძნებები და იმეორებს. ხან ტურბულენტური ჩავარდნებიც არის, ოღონდ მხოლოდ ტურბულენტური და არა ავიაკატასტროფა – ეს ზუსტად ვიცი. მაგალითად, თუ მძღოლის გვერდით ვზივარ და თუ დღეა თანაც და ამ დროს ჩამეძინა – საზარელი განგაშით მეღვიძება ორიოდ წამში, ლამის ყვირილით და ღამემდე მოწამლულის შეგრძნება მაქვს, ჩხვლეტა და ჭიანჭველები. ხან უამისოდაც. და ახლა ვსწავლობ ბიოქიმიას, სხეულს, მის პასუხებს ფსიქიკის კითხვებზე, ძილის ალგორითმს, სიზმრების ექოს, გამას და ბეტას, სიტყვების და სინაფსების ნეირონულ კავშირებს. მოკლედ, ათას საჭირო აბდაუბდას. მერე ამაზეც მოგითხრობთ.

 

 

ნაადრევი ქორწინების საფრთხე

0

2023 წელი, ნოემბერი, დილის შვიდი საათი. „ქალაქ X-ში 13 წლის გოგომ შვილი გააჩინა“.

დილა ასეთი შემაშფოთებელი ამბით რომ დაიწყება, კარგად როგორ უნდა გაგრძელდეს!

თუმცა სკოლაში, მეათე კლასში, ბიჭებისა და გოგოებისთვის დაბეჭდილი ბროშურები რომ დავინახე, თანაც მერხებზე ფორმალურად კი არ ელაგა, კითხულობდნენ კიდეც, იმედი მომეცა. ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს ეხებოდა. ეს ის თემებია, რომლებზეც მოზარდები მშობლებთან ვერ საუბრობენ, დამრიგებელთანაც იშვიათად თუ იტყვიან რამეს. საბედნიეროდ, მეცხრე კლასის ბიოლოგიისა და მოქალაქეობის სტანდარტი მოიცავს ნაადრევ ქორწინებასა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მიმაჩნია, რომ საუბარს ალტერნატივა არ აქვს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა იმდენად მოქნილია, რომ მასწავლებელს შეუძლია, საკითხი როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მიმართულებითაც დაამუშაოს. პროექტის შესრულება შესაძლებელია როგორც საკლასო, ისე სასკოლო დონეზე.

წერილში გთავაზობთ მეათეკლასელების ანასა და მარიამის მოსაზრებებს. ანა „ჰერა XXI-ის“ თანასწორ-განმანათლებელი აქტივისტი, მოხალისე, თბილისის ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერია, მარიამი კი ახალგაზრდული ლიდერი, სკოლის კლუბ „იდეაფიქსის“ წევრი. ისინი, უბრალოდ, აქტიური მოქალაქეები არიან. საუბრისას აქცენტს მასწავლებლისა და სკოლის უმნიშვნელოვანეს როლზე სვამენ. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს ნაადრევ ქორწინებასა და მისი თავიდან აცილების გზებზე:

 

  1. რა შემთხვევაში ითვლება ქორწინება ნაადრევად?

მარიამი: კანონით, ქორწინება ნაადრევად 18 წლამდე ითვლება, მაგრამ ვფიქრობ, ვიდრე მზად არ იქნება ადამიანი ფსიქოლოგიურად, ემოციურად და ფიზიკურად, ქორწინება მაინც ნაადრევია.

ანა: ქორწინება ნაადრევად ითვლება მაშინ, როდესაც წყვილიდან ერთ-ერთი მაინც არის სრულწლოვანების ასაკს მიუღწეველი. საქართველოს კანომდებლობის მიხედვით, ახალგაზრდა არასრულწლოვანია 18 წლამდე.

  1. რა საფრთხეს უქმნის მოზარდს – გოგოს, ბიჭს – ნაადრევი ქორწინება?

ანა: ნაადრევი ქორწინება, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობას ანადგურებს, შესაძლოა, უფრო დიდ ზიანს აყენებდეს ფსიქიკას, რადგან ახალგაზრდა ადამიანის გონება არ არის სრულად ჩამოყალიბებული და ხშირად ჩვენდა უნებურად ვუშვებთ შეცდომებს. ნაადრევად დაქორწინებულ ახალგაზრდას უწევს, დატოვოს სასწავლებელი, რაც შემდგომში უმაღლესი განათლების მიღებას შეუშლის ხელს, ეს კი პირდაპირ აისახება მის მომავალ საქმიანობაზე, შემოსავლის წყაროზე. ის პირდაპირ დამოკიდებული ადამიანი ხდება, რადგან მომავალში ვერ შეძლებს, თავად დაფაროს ხარჯები. ვერ გაერთობა თანატოლებთან, რადგან ეყოლება ოჯახი, რომლის ყოლასაც თან სდევს უამრავი მოვალეობა. ვერ რეალიზდება გარემოში, მით უმეტეს, თუ ნაადრევად გახდება მშობელი და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აიღებს.

მარიამი: ნაადრევი ქორწინება როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ ზიანს აყენებს ორივე სქესის ადამიანს. შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, ასევე ვეღარ შეძლონ განათლების მიღება და, შესაბამისად, სამსახურის შოვნაც.

  1. რა შეიძლება გახდეს ნაადრევი ქორწინების მიზეზი?

ანა: ნაადრევ ქორწინებას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზებს შორისაა სიღარიბე და დაბალი სოციალური სტატუსი (გათხოვება როგორც გამოსავალი). ზოგჯერ ფიქრობენ, რომ თუ ნაადრევად იქორწინებენ შედარებით მდიდარ ადამიანზე, უფრო ბედნიერები იქნებიან. ხშირად ნაადრევ ქორწინებაში ხედავენ გამოსავალს და სოციალურ სივრცეში ვრცელდება „სახალისო“ პოსტები, – თუ შეიძლება, ამას სახალისო ეწოდოს, – რომლებშიც ეროვნული გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში გამოსავლად წარმოჩენილია თეთრი კაბა და ფატა. უფრო სერიოზული მიზეზებიც არსებობს, მაგალითად, ინფორმაციის ნაკლებობა. მოზარდებმა უბრალოდ არ იციან, რა რისკის ქვეშ დგებიან, როდესაც ამ ასაკში ქორწინდებიან. ვერ გაიაზრებენ, რა დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, როდესაც ოჯახსა და შვილებზე ბედნიერები საუბრობენ. თუმცა ერთია, როდესაც თავად გსურს ქორწინება და ფიქრობ, რომ სამუდამოდ იპოვე ცხოვრების მიჯნური და უარესია, როდესაც ვინმე გაძალებს ქორწინებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და როგორ ცდილობს შენს ნაადრევად დაქორწინებას – იმოქმედე, ილაპარაკე და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარება.

მარიამი: ნაადრევი ქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს ზეწოლა ოჯახის ან პარტნიორის მხრიდან, ინფორმაციის უქონლობა, განათლების დაბალი დონე.

  1. რა პრევენციული ღონისძიებების გატარება შეუძლიათ სკოლას, მასწავლებელს და მშობელს ნაადრევი ქორწინების თავიდან ასაცილებლად?

მარიამი: მოზარდის ინფორმირება და პრობლემაზე ღიად საუბრის შესაძლებლობის მიცემა.

ანა: პრევენციის მრავალი გზა არსებობს. სკოლამ უნდა წაახალისოს აქტივობები, სადაც ამ თემებზე ღიად საუბრობენ; მოუწოდოს მასწავლებლებს, რომ ამ თემებზე ისაუბრონ და გულდასმით განიხილონ ისინი. თუ შენ, მასწავლებლმა, შეამჩნიე მსგავი ფაქტი, დაიწყე ღიად საუბარი ნაადრევი ქორწინების ცუდ მხარეებზე, ნუ დაასახელებ დაზარალებულ ახალგაზრდას, ზოგადად ილაპარაკე ამ თემებზე და არ აგრძნობინო მოსწავლეს, რომ მას გულისხმობ. თემები, რომლებიც ბიოლოგიის წიგნში გვხვდება, გულდასმით გაიარე და თუ ვინმე გააპროტესტებს, აუხსენი, რომ ეს ყველა ადამიანისთვის ბუნებრივი მოვლენაა, რომ ადრე თუ გვიან ყველა განიცდის გარდატეხას. მშობლებისთვის ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, მართოთ ემოცია, არ იყოთ მეტისმეტად მკაცრი, არ აჰყვეთ საზოგადოების აზრს და ჭორებს. თქვენი შვილი ყველაზე დაუცველია და ერთადერთი მტკიცე საყრდენი მისთვის თქვენ ხართ. მიეცით საშუალება, დაგეყრდნოთ. მოუსმინეთ და თუ საჭირო გახდა, სხვა უწყებებიც ჩარიეთ საქმეში, რათა მოძალადე დაისაჯოს. თუ ნებაყოფლობით გადაწყვიტა თქვენმა შვილმა ქორწინება, ბუნებრივია, გაბრაზდებით. აჩვენეთ გაბრაზება, მაგრამ ისე, რომ მომავალში, სხვა პრობლემის შემთხვევაში, არ შეეშინდეს თქვენთან მოსვლისა და პრობლემის გაზიარების. ამ მომენტში ყველაზე ძნელი ემოციის მოთოკვაა, მაგრამ უნდა ეცადოთ, შვილს სწორი დამოკიდებულება აჩვენოთ.

  1. რა დამოკიდებულება აქვთ შენს თანატოლებს ნაადრევი ქორწინების მიმართ?

ანა: ჩემი თანატოლები, საბედნიეროდ, ჯანსაღად ეკიდებიან საკითხს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნაადრევ ქორწინებას. ჩვენს თაობას ეს აქვს ძალიან დადებითი. არ ვუშინდებით ინფორმაციის მიღება-გაცემას და ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ. ვცდილობთ, ვიპოვოთ სწორი დამოკიდებულება და მას მივყვეთ ბოლომდე. როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, ყველა ამბობს, რომ ნაადრევად დაქორწინება ცუდია, მომავლის დანგრევის ტოლფასია და მე ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა, რადგან ვხვდები, რომ ჩემს თემში ახალგაზრდების 90% არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

მარიამი: ვფიქრობ, იციან, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ნაადრევ ქორწინებას, მაგრამ ზოგს მაინც მიაჩნია, რომ ნორმაა და ამით არაფერი შავდება.

  1. როგორ შეიძლება, მიიღოს ახალგაზრდამ ინფორმაცია მსგავსი საკითხების შესახებ?

ანა: დღეს ადვილია, შენთვის საინტერესო თემაზე ინფორმაცია მიიღო, მაგრამ ამას თან სდევს სირთულეებიც. შესაძლოა, ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში წაიკითხოს ყალბი ინფორმაცია და ვერ გაფილტროს, ამიტომ ჩვენ სკოლიდანვე უნდა ვიზრუნოთ, რომ ამომწურავი ინფორმაცია გავცეთ. ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო გზად მიმაჩნია არაფორმალური განათლება, თანასწორ-განმანათლებლობა, როდესაც შენს თანატოლს უხსნი და აცნობ სხვადასხვა საკითხს, ასევე – სკოლაში სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება, სადაც მოსწავლე თავს უშუალო მონაწილედ იგრძნობს და არა უბრალო მსმენელად.

მარიამი: ვინაიდან ყველა წყარო სინამდვილეს არ ასახავს, ჩვენ ბევრ მცდარ ინფორმაციას ვიღებთ, ამიტომ თუ ამას კომპეტენტური ადამიანი ითავებს, კარგი იქნება. მსგავს თემებზე კი სკოლაშიც უნდა ხდებოდეს ინფორმირება.

  1. რას ურჩევდი მასწავლებლებს საკითხის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ჩასატარებელ ღონისძიებებზე?

მარიამი: რაც უფრო თავისუფლად ილაპარაკებენ მასწავლებლები, მით უფრო შეძლებენ მოსწავლეები საკითხის სწორად გაგებას (ის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც სამარცხვინო საქციელი ან სამარცხვინო თემა).

ანა: პირველ რიგში, უნდა მოვწყდეთ ფორმალურ გარემოს და თავი ვიგრძნოთ ერთ სივრცეში, თანატოლებად. შევთავაზოთ მოსწავლეებს ახალი აქტივობები, თუნდაც ის, რომ ერთი გაკვეთილი წრეზე ისხდნენ და არა მერხთან. დავანახოთ, რომ ჩვენ ნამდვილად გვესმის და ვცდილობთ მათ დახმარებას. მოვაწყოთ დისკუსიები, დებატები, ტრენინგები, გასვლითი ღონისძიებები. დავაინტერესოთ ბავშვები, ჩავთესოთ მათში ის მარცვალი, რომელიც გაღვივდება, ამოვა, გაიზრდება და ბოლოს მწვერვალზე ასვლის საშუალებას მოგვცემს.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...