ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
24 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

შოთა ჩანტლაძე – განთიადის პოეტი

0

„პოეზიის სინათლე უნდა უნათებდეს

ყველას დედამიწაზე,

ყველგან დედამიწაზე,

ყველამდე აღწევდეს“.

 

მასწავლებლები წუხან, რომ ახალ თაობას არ ესმის და არ აინტერესებს ქართული მწერლობა, ჩვენი დიდებული ლიტერატურული მემკვიდრეობა. ეპოქალური სიშორე და დროებათა განსხვავებულობა ხშირად იწვევს მოსწავლეებში სკეპტიციზმს და აქრობს ინტერესს. ყველაზე მძაფრად ეს ძველი ქართული მწერლობის სწავლებისას იჩენს თავს – თანამედროვე მოზარდისთვის გაუგებარია, რისთვის წირავდნენ თავს ძველი დროის გმირები და წმინდანები.

ყველაფერი გამარტივდება, თუ ქართულ მწერლობას ეპოქის ისტორიის პარალელურად ვასწავლით. რა ხდებოდა იმ დროს საქართველოში? რა განწყობები ტრიალებდა, რა პროტესტები?

ჩვენს დიდ, მრავალფეროვან და უაღრესად საინტერესო მწერლობაში იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც თავისთვის, ჩუმად, ცენზურისა და დამკვიდრებული წესების მიღმა, ქმნიდნენ არაჩვეულებრივ პოეზიას, საოცარ ტექსტებს, რომლებიც თავიანთ დროს ელოდნენ და ელიან. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით და ვუყვებით დიდ მწერლებზე, გენიალურ პოეტებზე, რომლებმაც შექმნეს ისტორია და რომელთა მემკვიდრეობა იქცა დიდებულ კლასიკად. მაგრამ თუ გვინდა, ცოდნა ღრმა იყოს, თუ გვინდა, მთელი სისრულით გაიაზრონ ლიტერატურა და უფრო მეტიც – გაიაზრონ საქართველო, აუცილებლად უნდა გავაცნოთ ის პოეტები და მწერლებიც, რომლებმაც წითელი ხაზების რღვევით, წითელი მუშტების გვერდის ავლით, ქართულ ლექსს დაუბრუნეს ის ევროპული და ამავე დროს ქართული სული, რომელიც გასაბჭოების შემდეგ კომუნისტების მიერ შემოთავაზებული ლექსით ჩანაცვლდა: რითმი – ბანალური, თემა – დიდი ბელადის ბავშვობა ან ფსევდოპატრიოტიზმი.

ასეთი გახლდათ შოთა ჩანტლაძე, დიდებული პოეტი და ადამიანი, მოკრძალებული ცხოვრების წესითა და არამოკრძალებული ლექსებით, ლექსებით, რომლებიც სილის გაწვნა იყო არა მხოლოდ წყობისთვის, არამედ იმ პოეტებისთვისაც, მშვენივრად რომ მოერგნენ სტალინურ შაბლონებსა და სტილს.

„იმათთვის, ვინაც წინ მოგვიძღვოდა ჩვენ,

პოეზია გახლდათ ფუფუნება,

ჩვენთვის კი იგი პური და წყალია

და წარმოუდგენელია ცხოვრება უმისოდ“.

/მანიფესტი/

შოთა ჩანტლაძე ქართველი პოეტია, ევროპული სულითა და ევროპული გემოვნებით. სწორედ მან აღადგინა ცისფერყანწელების ტრადიცია, მან დააბრუნა ვერლიბრი, მაგრამ დიდი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე. მისი ხმა ისმოდა, თუმცა ცდილობდნენ, არ გაეგონათ. როდესაც სხვა პოეტები კარიერის ზენიტში ბრწყინავდნენ, შოთა ჩანტლაძემ მასწავლებლობა აირჩია. უნივერსიტეტის ბაღში შემოიკრებდა ხოლმე მსმენელებს და იწყებოდა დაუვიწყარი, ნამდვილი პოეზიის საღამოები. იქნებ ამიტომაც შეარქვეს მუდმივი „რექტორი“.

შოთა ჩანტლაძემ რომ მასწავლებლობა არჩია, ამაშიც ჩანს მისი ბუნება და მისი მიზნები – ის ხომ ყველაზე ახლოს მივიდა იმ თაობასთან, რომელიც მომავალს შექმნიდა, მათით და მათი გავლით საოცნებო თავისუფლების სიოს შემობერვა უკვე შესაძლებელი ხდებოდა. დიახ, შოთა ჩანტლაძე ნამდვილად იდგა სამომავლო ქარტეხილების სათავესთან, ოღონდ ისე, როგორც წარმოედგინა, როგორც ხედავდა.

შოთას პოეზია მუსიკასავითაა, ვერლიბრისა და თეთრი ლექსის მიღმა გასაოცარი ჰარმონია და რიტმია. ეს ლექსთა წყობა იდეალურად ეხამება შინაარსს – ძველის რღვევასა და ახლის დაწყებას.

„ასეთია ვითარება:

სანამ ისინი აფუძნებდნენ

შებინდების პოეზიას,

ღამის პოეზიას,

ჩვენ ვიცავდით

განთიადის ლექსებს,

ცისკრის პოეზიას“.

/მანიფესტი/

ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად წავაკითხებდი მცირე პოემას: „ტრამვაის“, რომელიც საოცარი მხატვრული სახეების, სიმბოლოების, ბგერწერისა და რიტმის მწვერვალია.  მკითხველს თვალწინ გადაეშლება იმდროინდელი თბილისის ქუჩები, ამბები, ისტორიები, სახეები… თითქოს ტრამვაი ის მაგიური დროის მანქანაა, რომელსაც მგზავრი ალუზიებისა და მეტაფორების სამყაროში გადაჰყავს.

შოთა ჩანტლაძესა და მის პოეზიაზე ძალიან კარგად ჰყვება სალომე ასათიანი საკუთარ პოდკასტში:

https://www.radiotavisupleba.ge/a/29864685.html

შოთა ჩანტლაძე იყო პოეტი, რომელსაც არ დაუწერია არცერთი ლექსი სოციალისტური წყობის ქება-დიდებაზე, კომუნისტებისთვის არასდროს მიუძღვნია დითირამბები, არასდროს წასულა კომპრომისზე. ამიტომ მის სიცოცხლეში მისი არცერთი ლექსი არ დაბეჭდილა. რა თქმა უნდა, ასე ხდება ხოლმე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.

„შოთა ჩანტლაძე არ არის ოთახის, კაბინეტის, ტყე-ველების, ზღვის, მოედნის ან შრომის პოეტი. იგი ქუჩების და ბაღების პოეტია, რომელიც დადის და დაატარებს ფეხებს ქალაქში, დაატარებს „ნელა და შეჩერებით“, კითხულობს ამ ქალაქს, დეტალურად ეცნობა ადამიანებს და ყოველდღიურად იმეორებს დაგროვილ მასალას“, – წერს მალხაზ ხარბედია.

https://arilimag.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%ae/

ჩვენს მოსწავლეებს, ვფიქრობ, დააინტერესებთ ის ფაქტიც, რომ სიტყვა როკენროლი ჩვენთან პირველად შოთა ჩანტლაძემ ახსენა შესანიშნავ ლექსში: „სიკვდილის როკვა ანუ სხეულის აგონია ანუ მიზეზი მოკვდინების“:

„სხეულში როკავდეს სიკვდილი,

თითქოსდა სიკვდილი როკავდეს როკენროლს.

როკენროლს როკავდეს სიკვდილი“.

ლექსში მთელი სიცხადითაა წარმოდგენილი სიკვდილის ბრძოლა სხეულის დასამრჩილებლად. ადამიანის ყველა უჯრედი სიკვდილის ცეკვას მოუცავს. ეს ცეკვა უჩვეულოა. ის გიჟურია, თავბრუდამხვევია – ისევე, როგორც როკენროლი.

კომუნისტების მიერ აკრძალული და დაცინვის საგნად ქცეული ქრისტე მთელი თავისი სათნოებითა და სიცხადით ცოცხლდება ჩანტლაძის პოეზიაში და ეს რელიგიური მოტივები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, განსაკუთრებულ სულს შთაბერავს მის შემოქმედებას. შეიძლება ვთქვათ, რომ შოთა ჩანტლაძემ ქართული პოეზია თავის სათავეებთანაც მიაბრუნა, დავიწყებული მოტივები გაიხსენა და ღმერთი ხელახლა აღმოაჩინა, ოღონდ უხმაუროდ, იმდენად უხმაუროდ, რომ დღესაც კი მხოლოდ ერთეულების პოეტად რჩება.

„წმინდაო ქრისტევ! შენ სხეულის იგრძენ დაფლეთა

და ე. ი. ხორცით ევნე, ხორცით ეწამე,

მაგრამ სულს თურმე უეცარი ძალუძს გაფრენა

და უეცრადვე გააფრინე მეცხრე ზეცამდე“.

/მე რომ მიყურებ, მეც ღმერთი ვარ/

იმ დროს, როდესაც დასავლეთში ძალას იკრებდა ბიტნიკების მოძრაობა, ჩვენთან შოთა ჩანტლაძე ქმნიდა თავის განსაკუთრებულ პოეზიას და დიახ, შეიძლება ვთქვათ, რომ ის ქართველი ბიტნიკი იყო, თავისუფალი ყოველგვარი საზოგადოებრივი პირობითობისაგან. ბიტნიკები ხომ უარს ამბობდნენ ტაბუებზე, კორუმპირებულ საზოგადოებაზე: „მათ სურთ მარტივი, ბუნებრივი ცხოვრება. გამოდიან მატერიალიზმის, ერთფეროვნების, ზედაპირულობის წინააღმდეგ. სურთ შექმნან მარტივი, ყოველგვარი ცრურწმენებისგან თავისუფალი საზოგადოება. ბიტნიკთა სახასიათო ნაწარმოებები არის კერუაკის „გზაზე“ და გინზბერგის „ჰოლი“. ტერმინი „ბიტნიკები“ პირველად ჩნდება 1958 წელს, ჰერბ კენის სან ფრანცისკოს ქრონიკებში. ტერმინი წარმოდგება რუსული სატელიტის – სპუტნიკის სახელისგან, თავიდან დამამცირებელ კონოტაციას ატარებდა და აღნიშნული მიმდინარეობის წარმომადგენლებს კომუნისტებთან აიგივებდა, დღეს კი რჩება ახალგაზრდა, გრძელთმიანი და თავისუფალი ადამიანების ემბლემად. 1967 წელს ლეო ფერე წერს სიმღერას, რომლის სახელწოდებაა: „გამარჯობა, ბიტნიკო!“ –  ვკითხულობთ ქართულ ვიკიპედიაში.

 

ჩვენს მოსწავლეებს ბიტნიკების შესახებაც მოვუყვებოდი,  ვაჩვენებდი მათზე ფილმებს, წავაკითხებდი ნაწყვეტებს კერუაკის რომანიდან „გზაზე“ და ამ ფონზე შოთა ჩანტლაძის, ჩვენი მოკრძალებული პოეტის აღმოჩენა კიდევ უფრო შთამაგონებელი იქნებოდა.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ საოცარი პოეტი იზა ორჯონიკიძეც, რომელიც შოთა ჩანტლაძის მეგობარი იყო და რომლის რედაქტირებით გამოიცა შოთას პირველი კრებული. იზა ორჯონიკიძის დამსახურებით შეგროვდა შოთა ჩანტლაძის არქივიც და აი, უკვე შეგვიძლია, იზა ორჯონიკიძე და მისი შესანიშნავი შემოქმედებაც გავაცნოთ ჩვენს ბავშვებს.

დიახ, ქართული მწერლობა მხოლოდ გალაკტიონ ტაბიძით და აკაკი წერეთელით არ შემოიფარგლება, არც მხოლოდ „ვეფხისტყაოსნითა“ და „შუშანიკის წამებით“, დროა, გავცდეთ კლასიკას და აღმოვაჩინოთ ძალიან კარგი, უსამართლოდ მივიწყებული პოეტებიც. ჩვენ შეგვიძლია, ახალ ეპოქას, ახალ კლასიკას ჩავუყაროთ საფუძველი, ქართული სიტყვისა და ქართული ლექსის წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი შესაძლებლობები ვაჩვენოთ ჩვენს ბავშვებს, ვუთხრათ, რომ მხოლოდ ტრადიციული რითმა არ არის ლექსი, რომ ლექსი, უპირველეს ყოვლისა, სულის გამოძახილია და მხოლოდ შემდეგ – ფორმა; რომ ლექსი პროტესტია და შესაძლოა, ბრძოლაში დროშადაც იქცეს:

„ალქიმიკოსი როდია პოეტი,

იგიც სხვასავით ადამიანია,

იგი კალატოზია, სახლის მშენებელი,

იგია მშენებელი, რომელიც კედელში

ფართო კარებს და ფანჯარას ჰკვეთს.

ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ

ჩვენი დღეების უბრალო ენაზე,

კაბალისტიკის არ გვწამს არაფერი.

და კიდევ ერთი:

დედამიწაზე იმისათვის არსებობს პოეტი,

რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს“.

/მანიფესტი/

დიახ, შოთა ჩანტლაძე იყო და არის პოეტი, რომელიც მრუდედ ამოზრდილ ხეებს საკუთარი პოეზიით ასწორებდა და თავად ზრდიდა მაღალ, აშოლტილ თავისუფლების ნერგებს… ვაჩვენოთ, გავაცნოთ ეს ნერგები ჩვენს მოსწავლეებს, მათ ისინი ხეებად უნდა აქციონ.

აქვე – შოთა ჩანტლაძის ლექსების კრებული:

https://poetry.ge/poets/shota-chantladze/poems

„არა კი რ-ი“ – და სხვა თამაშები ზეპირმეტყველების გასაუმჯობესებლად

0
  • დავალება შეასრულე?
  • ცხადია… თუმცა, უკეთაც შემეძლო.
  • რთული იყო?
  • საკმაოდ. გონების დაძაბვა მომიწია…
  • რამდენი დრო დაუთმე?
  • 30 წუთზე ნაკლები.
  • რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად გაგიჭირდა?
  • სიტყვების მოძიება. ძნელია ხოლმე ზუსტი შესატყვისების პოვნა.
  • რა უნდა გააკეთო, შენი აზრით, რომ ლექსიკური მარაგი შეივსო? მხოლოდ კითხვა საკმარისი იქნება?
  • კითხვა აუცილებლად. ამასთან – სიტყვების ამოტივტივება და გამოყენებაა მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მუშაობა დაუღალავად. გახსენება-გამოყენება.
  • რა დაგეხმარება ამ მიმართულებით ყველაზე მეტად?
  • თამაში. აი, ეს თამაში, მაგალითად, ასეთია.
  • როგორი?
  • დიალოგია. ვმეტყველებთ. ამისთვის სიტყვებს წინადადებებად ვკინძავთ. ვიცავთ წესს. ოღონდ წესი შენ უნდა ახსნა. მე შეზღუდვები მაქვს და ძნელია. შეუძლებელიც.
  • შეზღუდვები და წესები ასეთია: დასმულ კითხვაზე არ უნდა გასცე „კი/არა“ პასუხი და პასუხებში არ უნდა გამოიყენო სიტყვები, რომლებიც „რ-ს“ შეიცავს. გაგიჭირდა პასუხების გაცემა ამ წესების დაცვით?
  • ძნელია. მუდმივად უნდა იფხიზლო. და ვხედავ, მნიშვნელოვან სიტყვათა დიდი ნაწილი შეიცავს ამ ასოს, წესებში ნახსენებს. და მიხდება სხვა სიტყვების მოძიება. განსხვავებულად დალაგება, წინადადება გასაგები ხომ უნდა იყოს…
  • მოგწონს ეს თამაში?
  • სახალისოა. თან ხვდები, როგორ მუშაობს გონება.
  • კიდევ ვითამაშოთ?
  • შეგვიძლია შემდეგაც ვცადოთ, ოღონდ ადგილები შევცვალოთ. მე ის ვიქნები, ვისაც შეზღუდვა მოხსნილი ექნება. წესები შენ უნდა დაიცვა…

 

***

გადახედეთ დიალოგს და მეორე პირის რეპლიკები ყურადღებით გადაიკითხეთ. მის რეპლიკებში ვერ ნახავთ „კი/არა“ პასუხს, ვერ ნახავთ „რ-ს“ სიტყვებში.

 

ამ დიალოგის წერისას საკმაოდ ბევრჯერ წავბორძიკდი, ძალიან მინდოდა იმ სიტყვების გამოყენება, რომლებიც „რ-ს“ შეიცავდა, მაგრამ რაკი წესი უნდა დამეცვა, ვცდილობდი, შესატყვისები მომეფიქრებინა.

პასუხი ისე ამეგო, რომ წესები დამეცვა.

ეს არის ძალიან სახალისო და სასარგებლო თამაში, რომელიც ქართულის გაკვეთილებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ საბაზო და საშუალო საფეხურზე. ზოგიერთ შემთხვევაში, დაწყებით საფეხურზეც დასაშვები იქნება. სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გამოიკვეთა ამ თამაშის პრაქტიკაში გამოყენებისას ისაა, რომ მოპასუხე პასუხის გაცემამდე იღებს პაუზას, აწყობს წინადადებას, გონებაში წარმოთქვამს მას და მხოლოდ ამის შემდეგ ახმოვანებს. ეს ნამდვილადაა ის უნარი, რომელიც ასე გვაკლია. დასმულ კითხვაზე სხაპასხუპით, ბორძიკით პასუხის გაცემის ნაცვლად – დაფიქრება, მოსაზრებების თავმოყრა, რევიზია, მოწესრიგება და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოთქმა.

 

დავარქვათ ამ თამაშს „არა კი რი“ წესების უკეთ დამახსოვრებისთვის.

და… ითამაშეთ სიამოვნებით.

 

ზეპირი მეტყველების გაუმჯობესება და ლექსიკური მარაგის შევსება მნიშვნელოვანი უნარებია. სისტემატური ვარჯიში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ნათლად და მკაფიოდ მოსაზრებების გადმოცემაში გასაწაფავად კარგი აქტივობაა თამაში „შიკრიკი და მწერალი“.

 

მითითებები მასწავლებლისთვის:

თავი მოუყარეთ რომელიმე მწერლის (ისტორიული პირის, საინტერესო, გამოჩენილი ადამიანის) ბიოგრაფიიდან 10-მდე საინტერესო ფაქტს. ამ გმირის შესახებ მოსწავლეებს გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ. მოღვაწეობის სფერო ან რაიმე საბაზისო მონაცემებიც საკმარისია. მოძიებული უტყუარი ფაქტების გარდა, მოიფიქრეთ 5-დან 10-მდე ისეთი ცნობა, რომლებიც არ შეიძლება მიემართებოდეს გმირს. მომზადებული ცნობები ფურცლებზე ამობეჭდეთ და კლასის კედლებზე გააკარით.

ნიმუში:

უტყუარი ფაქტი: ილია თავის მოსამართლეობრივ პრაქტიკაში ხშირად იყენებდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. ყველა საქმეზე, რომელიც დასახიჩრებას, დაჭრას და სხვა ასეთებს ეხებოდა, ილია ნიშნავდა სასამართლო ექსპერტიზას.

გამოგონილი ფაქტი: ილია ჭავჭავაძე თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ტყეში განმარტოვდა, ქოხი აიშენა და იქ განდეგილივით ცხოვრობდა. ის უარს აცხადებდა გადასახადების გადახდასა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე.

 

თამაშის დაწყებამდე დაყავით კლასი ჯგუფებად, ისე, რომ ის 4-5 მოსწავლისგან შედგებოდეს. ჯგუფმა უნდა აირჩიოს შიკრიკი და მწერალი.

მწერალს დასჭირდება კალამი და ფურცელი.

შიკრიკის ამოცანაა – დაიაროს კლასი, წაიკითხოს კედლებზე გამოქვეყნებული ცნობები და როგორც კი, მისი აზრით, უტყუარ ცნობას წააწყდება, დაიმახსოვროს, მიუბრუნდეს ჯგუფს, გაუზიაროს მოპოვებული ცნობა. ცნობის ნამდვილობაზე ჯგუფი იმსჯელებს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მწერალი ფურცელზე დაიტანს.

საბოლოოდ თითოეულ ჯგუფს უნდა დაუგროვდეს საკმარისი მასალა პრეზენტირებისთვის.

ჯგუფის წევრების ამოცანაა, სათქმელი დაალაგონ ქრონოლოგიური ან რაიმე სხვა პრინციპით (მოიფიქრონ ქვესათაურები, წარდგენის ფორმატი…) და მოამზადონ კლასის წინაშე წარსადგენად. წარდგენისას ყურადღება მიექცევა მეტყველებას პარაზიტი ჩანართების გარეშე. პრეზენტირების უნარებს. მასწავლებლის დახმარებით მოხდება გაცხრილვა – თუ მოსწავლეები გამოგონილ ფაქტს მოახვედრებენ ბიოგრაფიაში, ეს კარგი საბაბი იქნება საუბრის წამოსაწყებად. რეალური ფაქტებისა და მოვლენების გასახსენებლად ან დასასწავლად.

 

ამ თამაშის მოდიფიცირება მრავალნაირად შეიძლება. ძიებისა და დამოუკიდებლად ამოცანების გადაწყვეტის უნარის განსავითარებლად მოსწავლეებს შეიძლება წინასწარ მივცეთ რამდენიმე პირის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტების მოძიების დავალება. ეს საშუალებას მისცემს მათ, მოემზადონ თამაშისთვის, ზოგადი წარმოდგენა შეიქმნან მოღვაწეზე.

 

შესაძლოა, ვთხოვოთ მოსწავლეებს აბზაცების ლექსიკურად ზუსტად აღდგენა ან – პირიქით, საკუთარი სიტყვებით მთავარი აზრის გადმოცემა. ბიოგრაფიების გარდა, შესაძლებელია პუბლიცისტური წერილების ამ მეთოდით დამუშავებაც.

სასურველია, თამაშის ბოლოს გამოვლინდეს გამარჯვებული გუნდი. ეს ის გუნდი იქნება, რომელმაც ფაქტობრივი სიზუსტის დაცვით აღადგინა ტექსტი და რომელმაც განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინა ის. წარდგენისას არ გამოიყენა პარაზიტი ჩანართები. წარდგენის სტილი და ფორმატი იყო ჯეროვანი.

 

ერთი წუთი

 

ზეპირმეტყველებას კარგად ამუშავებს ერთი წუთის განმავლობაში ერთი სიტყვის მიხედვით თემაზე საუბარი. სიტყვების მარაგი წინასწარ უნდა გაკეთდეს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსწავლე იღებს სიტყვას და მოუმზადებლად იწყებს საუბარს. ამ შემთხვევაში შინაარსობრივად ერთადერთი ამოცანა უნდა გადაწყვიტოს – ისაუბროს მოცემულ თემაზე და არ გამოიყენოს პარაზიტი ჩანართები. მსმენელებს კი შეგვიძლია, ვთხოვოთ დაკვირვება სხეულზე. როგორ დგას მომხსენებელი? რამდენად თავდაჯერებულია მეტყველებისას? აკონტროლებს თუ არა ჟესტიკულაციასა და მიმიკას? ამყარებს თუ არა აუდიტორიასთან კონტაქტს?

ეს სავარჯიშო ხშირად გამომიყენებია და მეც მიმიღია მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად. შესრულება საკმაოდ რთულია, მაგრამ ხალისი და სარგებელი კი ბევრი მოქვს.

 

მოდიფიცირებული „ფრანკლინის მეთოდი“

 

წერილობითი უნარის განმავითარებელი მეთოდი, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინმა შეიმუშავა, ამ წერილში დეტალურად მიმოვიხილეთ. მისი მოდიფიცირება შესაძლებელია ზეპირმეტყველების განსავითარებლადაც. შეგვიძლია მოსწავლეებს კარგი პოდკასტი ან საინტერესო ვიდეოლექცია მოვასმენინოთ ნაწილ-ნაწილ და მოსმენილის მიხედვით ზეპირად აღდგენა ვთხოვოთ, რაც შეიძლება ახლოს ორიგინალთან.

 

ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ზეპირმეტყველების გასაუმჯობესებლად და ლექსიკის გასამდიდრებლად, ასევე საკუთარ ზეპირ გამოსვლაზე დაკვირვებისა და გაუმჯობესების ტექნიკის შემუშავებისთვის არის ვიდეოჩანაწერი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ერთგვარი „გამოწვევა“ – ადამიანები ყოველდღიურად 30 დღის განმავლობაში აკეთებენ 3-5 წუთამდე ვიდეო-ჩანაწერებს ნებისმიერ თემაზე. მონტაჟის გარეშე აქვეყნებენ და აკვირდებიან საკუთარ გამოსვლას. ასევე კომენტარებში სთხოვენ მაყურებლებს რჩევებს. 30 ვიდეო-ჩანაწერის შემდეგ ძალიან საინტერესო დასკვნა კეთდება – პირველი და ბოლო ჩანაწერი, უმეტესწილად, რადიკალურად განსხვავებულია ხოლმე. ადამიანები იუმჯობესებენ ზეპირი გამოსვლის უნარს, დგომას, პოზას, ლექსიკას, ჟესტიკულაციას. ეს ერთგვარ პროექტადაც შეიძლება მიეცეს მოსწავლეს. შედეგიცა და პროცესიც საინტერესო, სახალისო და ბევრის მომცემი იქნება.

 

ზეპირი გამოსვლისას სხეულის ფლობას, ორ ფეხზე მყარად დგომას, სხეულებრივ სიფხიზლეს (რას „აკეთებენ“ ხელები? ფეხები? თავი? თვალები საით იმზირებიან?) დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით საუკეთესო მასწავლებლებად კარგი ორატორები გამოგვადგებიან. ინტერნეტში უამრავი ვიდეოა, რომლებშიც გამოცდილი გამომსვლელები სხვადასხვა თემას მიმოიხილავენ, თავიანთი საქმიანობისა და სფეროს სიახლეებს ან მიღწევებს გვაცნობენ. საუკეთესო პრეზენტაციები, გლობალური მასშტაბის პლატფორმებზე დიდ აუდიტორიებთან ზეპირი გამოსვლების ჩანაწერები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. ნამდვილად ღირს დროის გამოყოფა იმისთვის, რომ შევისწავლოთ კარგი გამომსვლელების სხეულის ენა. ამ შემთხვევაში პრეზენტაციის შინაარსზე მეტად სწორედ ეს უნდა იყოს დაკვირვების ობიექტი – როგორ გამოიყურებიან, როგორ მოძრაობენ, რა ჟესტიკულაციას იყენებენ, როგორი მიმიკა და კონტაქტი აქვთ აუდიტორიასთან საუკეთესო გამომსვლელებს. ერთობლივი ყურება და საერთო განხილვაც ერთ-ერთ სამარჯვად შეგვიძლია ვაქციოთ. სხვათა შორის, ცუდი პრეზენტაციების, პარაზიტი ჩანართებით სავსე მეტყველების, ხმოვნებით შევსებული პაუზებით (ააა…მმმ…აააამმმმ…) მეტყველების ნიმუშებიც მნიშვნელოვანი განსახილველია.

 

ზეპირი გამოსვლა თვითგამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა და სკოლაში ამას საკმარისი დრო უნდა ეთმობოდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადატვირთული საპროგრამო მასალის მიღმა, რასაკვირველია, არაა მარტივი დამატებითი აქტივობების განხორციელება, მაგრამ აქ მასწავლებლებიც „ვცოდავთ“. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა იმ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, რომლებიც ხელს გვიშლის სასკოლო სწავლება გავხადოთ თანადროული, პრაქტიკული, საინტერესო, მიმზიდველი და სასურველი.

 

 

 

 

თუ ბავშვი უარს ამბობს საკვების მიღებაზე

0

 

არიან მშობლები, რომელთათვისაც ბავშვის კვება სერიოზულ პრობლემად არის ქცეული. „არ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვს, ძალით თუ არ ვაჭამე, ლუკმას არ ჩაიდებს პირში და მთელი დღე მშიერი იქნება. ვერ ვხვდები, როგორ არსებობს“. ვფიქრობ, ამა თუ იმ მშობლის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზები ნებისმიერ ჩვენგანს ექნება მოსმენილი. ისევე როგორც სხვა პრობლემებს, აღნიშნულ პრობლემასაც თავისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემის დაძლევა მისი გამომწვევი მიზეზების დაძლევით უნდა დავიწყოთ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმ მიზეზებში გარკვევა, რატომ შეიძლება ამბობდეს ბავშვი უარს ჭამაზე და რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ კონკრეტული მიზეზის შემთხვევაში:

  • შეიძლება ბავშვი უარს ამბობდეს ჭამაზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არის მშიერი. მაშინაც კი, თუ საკვების ბოლო მიღებიდან დიდი დრო გავიდა, სრულიად შესაძლებელია, რომ ბავშვი ჯერ კიდევ დანაყრებული იყოს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ მიღებული საკვების კალორიულობა და ბავშვის მიერ დახარჯული ენერგიის ოდენობა. თუ მიღებული საკვები საკმაოდ კალორიული იყო და ჭამის შემდეგ ბავშვი დიდხანს იჯდა უძრავ მდგომარეობაში ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, რის გამოც ვერ დახარჯა ენერგია, შეიძლება მას დიდხანს არ მოუნდეს ჭამა. ფიზიკური აქტივობა აღძრავს ორგანიზმს ენერგიის დასახარჯად და ბავშვს სწრაფად შივდება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ საყვედურების ნაცვლად იმაზე ვიზრუნებთ, რომ ბავშვმა დიდი დრო არ გაატაროს უძრავ მდგომარეობაში და უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვროს;
  • ბავშვს არა აქვს გარკვეული, ჩამოყალიბებული დღის რეჟიმი. სასურველია, რომ მოზარდი იკვებებოდეს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. გარდა ამისა, საჭიროა, რომ ის ყოველდღე სუფთა ჰაერზე ატარებდეს დროს, დროულად იძინებდეს. თუ ბავშვს დარღვეული აქვს დღის რეჟიმი, არასოდეს იცავს მას, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ის ცუდად ჭამდეს;
  • ბავშვის ავადმყოფობა. უმადობა შეიძლება გამოწვეული იყოს ავადმყოფობით. პატარა იწყებს ცუდად ჭამას ასევე მაშინ, როცა კბილები ამოსდის. ხშირად ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, როცა ტემპერატურა უმატებს. სანამ ვაიძულებთ პატარას, დაასრულოს შეთავაზებული კერძი, დავრწმუნდეთ, რომ მას არაფერი სჭირს და ჯანმრთელადაა;
  • ბავშვი შეიძლება უარს ამბობდეს ჭამაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სადილამდე ან ვახშმამდე ტკბილეული – ნამცხვარი, ან კანფეტი მიირთვა. ამიტომ, უკეთესი იქნება უარი ვთქვათ ბავშვის ტკბილეულით გამასპინძლებაზე, თუ მალე ვაპირებთ ვასადილოთ ის;
  • ბავშვს არ მოსწონს კონკრეტული კერძი. მან შეიძლება საერთოდ არ თქვას უარი საკვებზე, მაგრამ არ მიირთვას რძიანი ფაფა, ამ ბოსტნეულის წვნიანი. თითოეული ჩვენგანი რაიმე კონკრეტულ საკვებს ვანიჭებთ უპირატესობას და პატარებსაც აქვთ თავიანთი საყვარელი კერძები. ამიტომ, კონკრეტული ბავშვისთვის მენიუს შედგენის დროს ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სასურველია, რომ ახალ საკვებს პატარა ნელ-ნელა შევაგუოთ. ბავშვები ხშირად უხალისოდ იღებენ ახალ, მათთვის მანამდე უცხო საკვებს, მაგრამ, თუ ამ საკვებს ხშირად და მცირე დოზებით მივცემთ, დიდი ალბათობით, შეეგუებიან.
  • ბავშვს აქვს ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები. პატარები მტკივნეულად აღიქვამენ ოჯახში არსებულ რთულ, დაძაბულ მდგომარეობას – დედა და მამა ჩხუბობენ, დაცილებას აპირებენ. ქცევითი პრობლემები და კვებაზე უარის თქმა ბავშვის პროტესტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ზრდასრული ადამიანებიც კი ხშირად პროტესტს შიმშილით გამოხატავენ. ქვეტექსტი მარტივია – „მე მოვკვდები, თუ თქვენ არ გააკეთებთ იმას, რაც მე მინდა. მომაქციეთ ყურადღება“ – ბავშვები არცთუ იშვიათად მიმართავენ მსგავს შანტაჟს. ჭამაზე უარის თქმა მშობლების ყურადღების მიპყრობის მიზნით შეიძლება მაშინაც დაფიქსირდეს, თუ ისინი მთელი დღე სამსახურში არიან და ძალიან ცოტა დროს უთმობენ შვილს – „მე შევწყვეტ ჭამას და ისინი აუცილებლად შემამჩნევენ“. პროტესტს ბავშვი შეიძლება მაშინაც მიმართავდეს, თუ მას ოჯახში აღმერთებენ, ანებივრებენ, ის ჭირვეული, ეგოისტურია და მიეჩვია, რომ შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც სურს, მაინც აპატიებენ. ან შესაძლოა ბავშვს ძალიან მკაცრად და სასტიკადაც კი ეპყრობიან – ყველაფერს უკრძალავენ, ყველაფრისთვის ეჩხუბებიან. როგორ შეიძლება პატარამ ასეთი დამოკიდებულების გამო „დასაჯოს“ მშობლები. მას ამისათვის საკუთარი ხერხები აქვს – არ დაიძინებს, საჭმელს არ შეჭამს. კარგი იქნება, თუ აღნიშნულ შემთხვევებში არ გამოვხატავთ შიშს, არ დავუწყებთ ბავშვს ხვეწნას და არ შევუსრულებთ ყველაფერს, რასაც ითხოვს, ნურც დავემუქრებით. შევეცადოთ, გავარკვიოთ, რას აპროტესტებს ბავშვი, რა არის მისი ასეთი ქცევის მიზეზი და ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ მასთან შემდგომი ურთიერთობისას;
  • შეიძლება ბავშვი ცოტას ჭამს იმიტომ, რომ თანატოლებთან შედარებით ტანით პატარაა, გამხდარია, როგორც მისი მშობლები და მას უბრალოდ არ სჭირდება ბევრი საკვები. თითოეული ბავშვი განსხვავებულია, ყველას თავისი ფიზიოლოგიური თავისებურებები აქვს. ამიტომ, არ არის სასურველი ბავშვის შედარება თანატოლებთან – „ნახე, გიო რა გემრიელად მიირთმევს, რა კარგად ჭამს და შენ რა დაგემართა!“. ასეთმა შედარებებმა შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს პრობლემა. თუ ბავშვი ცოტას ჭამს, მივცეთ საკვები მცირე ულუფებად, მაგრამ მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტებისგან მომზადებული და შევეცადოთ ამ მცირე რაოდენობის საკვებში „ჩავდოთ“ ყველა საჭირო ვიტამინი. ნუ ვაიძულებთ ჭამოს იმაზე მეტი, ვიდრე მას სურს;
  • შესაძლოა ბავშვი თავს არიდებდეს ჭამას იმიტომ, რომ სუფრასთან კომფორტულად ვერ გრძნობდეს თავს – მუდმივად საყვედურობენ იმის გამო, რომ ულამაზოდ და არააკურატულად ჭამს, სათანადოდ არ იყენებს დანა-ჩანგალს. მუდმივად შენიშვნების მოსმენისას ბავშვს შესაძლოა მადა დაეკარგოს და საერთოდ უარი თქვას ჭამაზე. ბავშვს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ასევე ისიც, თუ სუფრასთან, სადილის დროს მშობლები ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევას იწყებენ. კარგი იქნება, თუ გავაკონტროლებთ ჩვენს ქცევას და ყველა უსიამოვნებას, უკმაყოფილებას გვერდზე გადავდებთ. მოვერიდოთ ყველაფერზე ჩხუბსა და საყვედურებს, პირიქით, შევაქოთ ბავშვი, როცა ლამაზად უჭირავს ჩანგალი, ან კოვზი. ნუ ვეჩხუბებით ბავშვს, თუ საკვები ძირს დაუვარდება, მოითხუპნება ან წვნიანი დაეღვრება. გავითვალისწინოთ, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. მივცეთ საშუალება პატარას, დატკბეს საჭმლის გემოთი ეტიკეტის წესებზე ფიქრის გარეშე;
  • შესაძლოა ბავშვს კვების პრობლემა აქვს იმიტომ, რომ ის არასოდეს ყოფილა მშიერი, არ იცის, რას ნიშნავს სადილის მოლოდინი, არ უოცნებია რაიმე საჭმელზე, რადგანაც მშობლები მუდმივად „ტენიან“ საკვებს პირში და მოშიების საშუალებას არ აძლევენ. შევეცადოთ არ ვაჭამოთ ბავშვს, თუ მას არ სურს, მივიღოთ მისი უარი საკვებზე. დაველოდოთ როდის მოითხოვს ის ჭამას. შეგვიძლია სადილის დრო ერთი-ორი საათით გადავწიოთ, რომ ბავშვს უფრო მოშივდეს. აჯობებს მოგვიანებით გემრიელად ჭამოს, ვიდრე ახლა ძალდატანებით. ბავშვი სუფრასთან მოშივებული უნდა დაჯდეს. მხოლოდ ასე შეიძლება ჩამოვუყალიბოთ მას დადებითი დამოკიდებულება საკვების მიმართ.

დაბოლოს, ნუ აღვიქვამთ ბავშვის უარს ჭამაზე დაუმორჩილებლობად და ახირებად. შევეცადოთ, გავიგოთ, რაშია პრობლემა და მოვაგვაროთ ის. თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებდით, გამოვასწოროთ შეცდომა. თუ ბავშვი ნორმალურად იზრდება და ვითარდება, მოვერიდოთ ჭამის დაძალებას. მივცეთ საშუალება, მიირთვას რაც უნდა და რამდენიც უნდა. ბავშვისთვის ჭამის დაძალებით შეიძლება ადვილად დავარღვიოთ მისი ბუნებრივი ზომიერების გრძნობა, რის გამოც მოგვიანებით საჭირო გახდება უზომო ჭამასთან და ჭარბ წონასთან ბრძოლა. ყველა ბავშვი განსხვავებულია და მნიშვნელოვანია მივცეთ მას საკვების ის რაოდენობა, რომელიც სწორედ მის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

 

ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა  გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

 შესავალი

ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში რაიმე მარშრუტის დასადგენად ადამიანის ტვინი და ქაღალდის რუკები გამოიყენებოდა. პერიოდულად ხდებოდა ახალი საგზაო ატლასების ყიდვა და სატრანსპორტო კვანძებისა და მოძრაობის გზების შესწავლა.  ჩემს ბიბლიოთეკაში ახლაც მოიძებნება მამაჩემის ნაყიდი სხვადასხვა წლის საგზაო ატლასები, რომელთა დახმარებითაც ვმოგზაურობდით ოჯახი სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში.

დიდ ქალაქებში დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ალტერნატიულ  გზებს პოულობდნენ  საცობების თავიდან ასარიდებლად. რადიოსა და ტელევიზიაში ხშირად მოისმენდით განცხადებებს გზების სხვადასხვა მონაკვეთების ჩაკეტვის შესახებ. უცნობ დასახლებულ პუნქტში საჭირო მისამართზე მისასვლელად ადგილობრივ მოსახლეობას მივმართავდით დასახმარებლად.

ციფრულმა ტრანსფორმაციამ შეცვალა ყველაფერი, მათ შორის გეოგრაფია და კარტოგრაფიაც. ჯერ გამოჩნდა GPS-ნავიგატორი, სადაც ატვირთეს რუკები, ხოლო  შემდეგ ქალაქებში  სმარტფონებზე გადაერთნენ. ახლა ტაქსის, სახანძრო და სასწრაფო მანქანების  მძღოლები, საპატრულო ეკიპაჟები არც კი ფიქრობენ მარშრუტზე. ისინი მთლიანად ეყრდნობიან  google.maps-ის  აპლიკაციას და იმედოვნებენ, რომ ის ოპტიმალურად დაგეგმავს მარშრუტს, საცობების, ავარიების და სარემონტო გზის მონაკვეთების გათვალისწინებით.

რა არის ხელოვნური ინტელექტი?

ხელოვნური ინტელექტი გულისხმობს კომპიუტერული სისტემების განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ ამოცანები, რომლებიც, როგორც წესი, მოითხოვს ადამიანის ინტელექტს. ეს ამოცანები შეიძლება მოიცავდეს პრობლემის გადაჭრას, სწავლას, აღქმას და გადაწყვეტილების მიღებას. ხელოვნური ინტელექტის სისტემები შექმნილია მონაცემების გასაანალიზებლად, კანონზომიერებების ამოსაცნობად და, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფორმირებული პროგნოზების ან გადაწყვეტილებების მისაღებად.

ხელოვნური ინტელექტის მზარდი მნიშვნელობა განათლებაში

ტექნოლოგიების სწრაფი  განვითარებით, ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი მნიშვნელობა  შეიძინა განათლების სფეროში. ის გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობებს სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მოსწავლეების ჩართულობისა და პერსონალიზებული განათლების უზრუნველყოფისთვის. გეოგრაფიული განათლების კონტექსტში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით  შესაძლებელია, მოსწავლეებმა უფრო ღრმად გაიცნონ და შეისწავლონ  გეოგრაფიული გარემო, ადგილები, პროცესები და, რა თქმა უნდა, საზოგადოება.

ხელოვნური ინტელექტი  და მისი როლი გეოგრაფიის სწავლებისას

ხელოვნური ინტელექტი (AI) ბოლო წლებში ძალიან მოდური გახდა, მაგრამ საინტერესოა, კონკრეტულად რა არის ის და როგორ უკავშირდება გეოგრაფიულ განათლებას? ამ წერილში შევეცდები, გაგაცნოთ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და მისი როლი სკოლებში გეოგრაფიის შესწავლისას.

დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციამ რევოლუცია მოახდინა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის განათლებაში. ერთ-ერთი სასწავლო დისციპლინა, სადაც ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არის  გეოგრაფია. ხელოვნური ინტელექტის ძალის გამოყენებით, მოსწავლეებს  ახლა შეუძლიათ, ისეთი გზებითა და საშუალებებით  შეისწავლონ გეოგრაფიული ადგილები, მოსახლეობა და კულტურები, რაც ადრე სრულიად  წარმოუდგენელი იყო.

ხელოვნურ ინტელექტს აქვს უნარი, გააუმჯობესოს მოსწავლეების ცოდნა სხვადასხვა ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ანალიზის მიწოდებით. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების წყალობით, ხელოვნურ ინტელექტს  შეუძლია, შეაგროვოს და დაამუშაოს დიდი რაოდენობით გეოგრაფიული მონაცემები, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ჩაუღრმავდნენ სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტებსა თუ ადგილებს მთელ მსოფლიოში, იქნება ეს მთების გეოლოგიური წარმონაქმნების გაგება, კლიმატის ნიმუშების ანალიზი თუ მოსახლეობის დემოგრაფიის კვლევა. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, მოსწავლეებს შეუქმნას  კომპლექსური წარმოდგენა  მსოფლიოს შესახებ.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი ფასდაუდებელი საშუალებაა სხვადასხვა ხალხთა კულტურის შესასწავლად. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით, მოსწავლეებს შეუძლიათ, ღრმად  ჩაიხედონ  საზოგადოებების ტრადიციებში, ენებში, ადათ-წესებსა და შეხედულებებში. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს შეუძლიათ გააანალიზონ კულტურული მონაცემები და ნიმუშები, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაიაზრონ  ადამიანური ცივილიზაციის სიმდიდრე და მრავალფეროვნება.

სასკოლო გეოგრაფიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას თავისებური გამოწვევებიც  ახლავს თან. ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამაში ინტეგრირება მოითხოვს სიფრთხილეს, მასწავლებლების მომზადებას და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას ყველა მოსწავლისათვის. თუმცა ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და პედაგოგების, პოლიტიკის შემქმნელებისა და ტექნოლოგიების შემქმნელების კოლექტიური ძალისხმევით.

საერთაშორისო გამოცდილება: როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გეოგრაფიის სწავლებაში სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გეოგრაფიულ განათლებაში არ შემოიფარგლება ერთი ქვეყნით ან რეგიონით.  გაგაცნობთ, თუ როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია გეოგრაფიულ განათლებაში გლობალური პერსპექტივით; განვიხილავთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას, თუ როგორ ნერგავენ ისინი ხელოვნურ ინტელექტს გეოგრაფიის სასწავლო გეგმაში, გაგაცნობთ წარმატების ისტორიებს და გამოვყოფთ ღირებულ გაკვეთილებს და საუკეთესო პრაქტიკას.

  1. შეერთებული შტატები: შეერთებულ შტატებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება გეოგრაფიულ განათლებაში ისეთი ინიციატივებით ხდება, როგორიცაა National Geographic Geo-Inquiry Process. ეს პროცესი აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა GIS და დისტანციური ზონდირება, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლასთან ერთად, რათა გააძლიეროს მოსწავლეების სივრცითი აზროვნება და ანალიზის უნარები.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია  National Geographic Geo-Inquiry Process-ის შესახებ იხილეთ ბმულზე. https://www.nationalgeographic.org/wp–content/uploads/2023/08/Geo–Inquiry_Educator_Guide_K–2.pdf

 

  1. გაერთიანებული სამეფო: გაერთიანებულმა სამეფომ გეოგრაფიულ განათლებაში ხელოვნური ინტელექტი კრიტიკული აზროვნებისა და მონაცემთა ანალიზის უნარების გასაუმჯობესებლად დანერგა. ინიციატივები, როგორიცაა Ordnance Survey’s GeoDataViz Toolkit და გაერთიანებული სამეფოს Geospatial Commission’s Geospatial for All პროგრამა აძლევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს რესურსებსა და ინსტრუმენტებს გეოგრაფიული მონაცემების შესასწავლად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

  1. ავსტრალია: ავსტრალიამ ხელოვნური ინტელექტი გეოგრაფიულ განათლებაში ისეთი პროექტების საშუალებით ჩართო, როგორიცაა Spatial Hub ინიციატივა. ეს პროგრამა იყენებს ხელოვნური ინტელექტისა  და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიებს სივრცითი მონაცემების გასაანალიზებლად, რაც საშუალებას აძლევს  მოსწავლეებს, გამოიკვლიონ რეალური გეოგრაფიული საკითხები და მიიღონ გადაწყვეტილებები.

წარმატების ისტორიები: ქვეყნები, სადაც წარმატებით მოხდა გეოგრაფიულ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა

  1. ფინეთი: ფინეთი ცნობილია მოწინავე განათლების სისტემით და მან გეოგრაფიულ განათლებაში წარმატებით დანერგა ხელოვნური ინტელექტი. ფინეთის განათლების ეროვნულ სააგენტოს ინტეგრირებული აქვს ხელოვნური ინტელექტის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ვირტუალური რეალობა და მანქანური სწავლება, რათა გაზარდოს სტუდენტების ცოდნა როგორც ფიზიკური, ასევე საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესახებ.

შენიშვნა:  მანქანური სწავლება (ინგლ. Machine Learning, შემოკლებით ML)  კომპიუტერული პროგრამის უნარია, ავტომატურად განვითარდეს არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ის განიხილება, როგორც ხელოვნური ინტელექტის ქვეჯგუფი. მანქანური სწავლების ალგორითმები ადგენენ მაგალითის საფუძველზე შექმნილ მოდელს, რომელიც ცნობილია როგორც „ტრენინგის მონაცემები“, იმისთვის, რომ მოახდინონ პროგნოზირება ან მიიღონ გადაწყვეტილებები უშუალოდ ამ საკითხზე დაპროგრამების გარეშე.

  1. სინგაპური: სინგაპური განათლებაში, მათ შორის გეოგრაფიაში, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით მოწინავე ქვეყანაა.  განათლების სამინისტრომ  გეოგრაფიის სწავლის მხარდასაჭერად ხელოვნური ინტელექტის მომუშავე ინსტრუმენტები და პლატფორმები დანერგა. მოსწავლეები  AI ტექნოლოგიებს მონაცემების გასაანალიზებლად, გეოგრაფიული პროცესების სიმულაციისთვის და ვირტუალური საველე მოგზაურობისთვის იყენებენ.

ჩემი გამოცდილება

როცა ამ  მასალას ვამზადებდი, გადავწყვიტე, თავად მესარგებლა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით. ვებგვერდზე   https://chat.openai.com/ ხელოვნურ ინტელექტს  ვკითხე,  როგორ შეიძლება  მასწავლებელმა  ხელოვნური ინტელექტი გეოგრაფიის გაკვეთილზე გამოიყენოს.

მან კი ასე მიპასუხია:

ხელოვნური ინტელექტი (AI) შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი გეოგრაფიის გაკვეთილების საინტერესოდ  და სხვა ფორმატში ჩასატარებლად, ამისათვის გთავაზობთ რამდენიმე  გზას:

  1. მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია: ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმებს შეუძლიათ დიდი რაოდენობით გეოგრაფიული მონაცემების დამუშავება, მათ შორის სატელიტური სურათების, ამინდისა და კლიმატური მონაცემების, მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემებისა და სხვა. ამ მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია შესაძლებელია სხვადასხვა  გზით, რაც დაეხმარება  მოსწავლეებს გეოგრაფიული  კანონზომიერებებისა და ტენდენციების გაგებაში.

 

  1. გეოსივრცული ანალიზი: ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე გეოსივრცითი ანალიზის ხელსაწყოებს შეუძლიათ, დაეხმარონ მოსწავლეებს, გააანალიზონ რთული სივრცითი ურთიერთობები, როგორიცაა, მაგალითად, მიწათსარგებლობის ნიმუშები, ურბანული განვითარება, გარემოს ცვლილებები და ბუნებრივი კატასტროფები. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უფრო ღრმად გაიაზრონ  გეოგრაფიული ცნებები და ფენომენები.

 

  1. ინდივიდუალური სწავლება: ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოარგოს გეოგრაფიის გაკვეთილები მოსწავლეების ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებს. მოსწავლეების ძლიერი, სუსტი მხარეების და სწავლის სტილის ანალიზით ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე საგანმანათლებლო პლატფორმებს შეუძლიათ, უზრუნველყონ პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილება, მათ შორის ადაპტირებული ვიქტორინები, ტესტები, ინტერაქტიური რუკები და მათზე მორგებული სასწავლო მასალები.

 

  1. ვირტუალური საველე მოგზაურობები: ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიებს შეუძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზონ ვირტუალური საველე მოგზაურობები მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას, წყალქვეშ. ეს ვირტუალური გამოცდილება მათ საშუალებას აძლევს, შეისწავლონ სხვადასხვა ლანდშაფტები, ეკოსისტემები და კულტურები, გააძლიერონ გლობალური გეოგრაფიის გაგება საკლასო ოთახიდან გაუსვლელად.

 

  1. დარგობრივი ენით საუბარი: ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩეთბოტებს და ვირტუალურ ასისტენტებს შეუძლიათ, დაეხმარონ მოსწავლეებს  გეოგრაფიულ  შეკითხვებთან დაკავშირებით და გასცენ  მყისიერი პასუხები გეოგრაფიული კონცეფციების, მდებარეობების, ობიექტების, მოვლენების, ტურისტული ღირსშესანიშნაობების  და სხვ. შესახებ დასმულ კითხვებზე. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თვითმართულ სწავლებას და წაახალისოს მოსწავლეები, შემდგომში დაინტერესდნენ და უკეთ  შეისწავლონ გეოგრაფიული საკითხები და თემები.

 

  1. პროგნოზირებადი მოდელირება: ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა გეოგრაფიული მოვლენისა და პროცესის  პროგნოზირებადი მოდელების შესაქმნელად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ურბანიზაცია და ბუნებრივი კატასტროფები. ისტორიული მონაცემებისა და გარემო ფაქტორების ანალიზით, ამ მოდელებს შეუძლიათ, დაეხმარონ მოსწავლეებს, გააცნობიერონ ადამიანის საქმიანობის პოტენციური მომავალი ზემოქმედება გარემოსა და საზოგადოებაზე.

 

  1. გეოგრაფიული თამაშები და სიმულაციები: ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს საგანმანათლებლო თამაშები და სიმულაციები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ, ინტერაქტიურად შეისწავლონ გეოგრაფიული ცნებები, ობიექტები, მოვლენები და პროცესები. ამ თამაშებს შეუძლიათ გეოგრაფიის სწავლა უფრო საინტერესო და სახალისო გახადონ, რაც ხელს შეუწყობს გეოგრაფიული კანონზომიერებებისა და პროცესების უფრო ღრმა გაგებას.

გადავწყვიტე, უფრო კონკრეტული კითხვა დამესვა ხელოვნური ინტელექტისთვის და ვთხოვე, მოეცა რეკომენდაციები, თუ როგორ მიმეწოდებინა  მე-10-11 კლასის მოსწავლეებისთვის  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე:

კლიმატის ცვლილების სწავლება სოციალურ მეცნიერებაში შეიძლება ჰოლისტური და ინტერდისციპლინური მიდგომებით და მეცნიერული ცოდნის ინტეგრირებით სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პერსპექტივებთან. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, თუ როგორ  ასწავლოთ ეფექტიანად  ეს თემა:

მეცნიერების გაგება:  მოსწავლეებს მიაწოდეთ  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული  ისეთი ცნებები, როგორიცაა სათბურის აირები და სათბურის  ეფექტი, ნახშირბადის ციკლი, ნახშირბადის ნაკვალევი და კლიმატის უკუკავშირის მექანიზმები. გამოიყენეთ ვიზუალური საშუალებები, სიმულაციები და რეალურ სამყაროში არსებული მაგალითები, რათა რთული მეცნიერული კონცეფციები უფრო ხელმისაწვდომი გახადოთ.

ინტერდისციპლინური მიდგომა: ყურადღება გაამახვილეთ კლიმატის ცვლილების ინტერდისციპლინურ ხასიათზე და მის კავშირზე სხვადასხვა სფეროსთან, კერძოდ,  გარემოსდაცვით მეცნიერებებთან, გეოგრაფიასთან, ქიმიასთან, ბიოლოგიასთან, ეკონომიკასთან  და პოლიტიკურ მეცნიერებებთან. ეს მიდგომა დაეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ სოციალური და გარემოსდაცვითი სისტემების ურთიერთკავშირები.

ისტორიული კონტექსტი: სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოიკვლიონ კლიმატის ცვლილების ისტორიული კონტექსტი, მათ შორის ინდუსტრიალიზაციის, კოლონიალიზმისა და გლობალიზაციის როლი ნახშირბადის ემისიებსა და გარემოს დეგრადაციაში. მოაწყვეთ დისკუსია, თუ  რა გავლენა მოახდინა საზოგადოების წარსულმა არჩევანმა დღევანდელი კლიმატის  ფორმირებასა და დაუცველ თემებზე.

გავლენა და დაუცველობა: მოსწავლეებს ყურადღებაა გაამახვილებინეთ  კლიმატის ცვლილების ზემოქმედების არათანაბარ განაწილებაზე, როგორც გლობალურად, ისე საზოგადოებებში. იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ განიცდიან დაუცველი თემები, ადგილობრივი მოსახლეობა, დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა და სანაპირო რეგიონების მოსახლეობა კლიმატის ცვლილების არაპროპორციულ ზემოქმედებას ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.

შერბილების და ადაპტაციის სტრატეგიები: მოსწავლეები გაეცნონ შერბილებისა და ადაპტაციის სტრატეგიებს, რომლებიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილებას ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე. ეს სტრატეგიებია განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების, მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის, კლიმატისადმი მდგრადი ინფრასტრუქტურისა და ისეთი პოლიტიკის ინტერვენციების განხილვა, როგორიცაა ნახშირბადის ფასები და საერთაშორისო კლიმატის შეთანხმებები.

ეთიკური და სოციალური სამართლიანობის მოსაზრებები: წაახალისეთ კრიტიკული აზროვნება კლიმატის ცვლილების ეთიკური განზომილებების შესახებ, მათ შორის თაობათაშორისი სამართლიანობის, გლობალური თანასწორობისა და გარემოსდაცვითი ეთიკის შესახებ. ხელი შეუწყვეთ დისკუსიებს ეთიკური პასუხისმგებლობის შესახებ მომავალი თაობებისა და მარგინალიზებული თემების მიმართ, რომლებიც კლიმატის  ცვლილების ზემოქმედებას განიცდიან.

პოლიტიკური განზომილებები: მოსწავლეებმა გააანალიზონ კლიმატის ცვლილების გარშემო არსებული პოლიტიკური დინამიკა, მათ შორის მთავრობების, კორპორაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი კლიმატის პოლიტიკისა და მმართველობის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. შეისწავლონ  წინააღმდეგობები, დაინტერესებული მხარეების ინტერესები და ბარიერები ეფექტური კლიმატური მოქმედებისთვის.

მედიაწიგნიერება და კომუნიკაციის უნარები: კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის წყაროების, მათ შორის მედიის, სამეცნიერო ანგარიშების და სოციალური მედიის პლატფორმების კრიტიკული შეფასებით, მოსწავლეებს განუვითარეთ მედიაწიგნიერების უნარები. წაახალისეთ ისინი კლიმატის ცვლილების შესახებ ეფექტური პრეზენტაციების წარდგენით, ასევე დებატებისა და წერილობითი დავალებების საშუალებით.

ადგილობრივი შემთხვევის შესწავლა და თემის ჩართულობა: გამოიყენეთ ადგილობრივი შემთხვევები და საზოგადოების ჩართულობის აქტივობები, რათა მოსწავლეებმა გააცნობიერონ კლიმატის ცვლილების გავლენა საკუთარ ცხოვრებასა და საზოგადოებაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს საველე ვიზიტებს, ლექციებსა  და საუბრებს მოწვეულ ადგილობრივ ექსპერტებთან, პროექტებს, რომლებიც კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებს აგვარებენ მათ თემსა და საზოგადოებაში.

გაძლიერება და მოქმედება: მიეცით მოსწავლეებს უფლება, მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებაზე ადვოკატირების, აქტივიზმისა და მდგრადი ქცევის ცვლილების შესაძლებლობის მიცემით. წაახალისეთ ისინი, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობებში, შეუერთდნენ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს და მხარი დაუჭირონ პოლიტიკის ცვლილებას, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის მდგრადობას.

რეალურად ეს არის  მასწავლებლის სამოქმედო გეგმა, სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა  თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით მოგვცა რჩევები, თუ რა უნდა ვაკეთოთ და  განსახორციელებელი აქტივობებიც კი შემოგვთავაზა. ახლა ჯერი მასწავლებელზეა, რომელმაც ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და  მოცემული აქტივობები საკლასო ოთახში გადაიტანოს. ასეთი ყოვლისმომცველი და ინტერდისციპლინური მიდგომით მასწავლებლებს შეუძლიათ, ეფექტურად ასწავლონ კლიმატის ცვლილება სოციალურ მეცნიერებებში, ხელი შეუწყონ  მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას და  აქტიურ მოქალაქეებად  ჩამოყალიბებას.

ხელოვნური ინტელექტის სარგებელი  გეოგრაფიის სწავლებისას

გეოგრაფიული განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტი გადამწყვეტ როლს ასრულებს სწავლის ტრადიციული მეთოდების გაფართოებაში. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გეოგრაფიული გარემო, ადგილები,  გეოგრაფიული პროცესები, მოსახლეობა უფრო საინტერესო  და ინტერაქტიური გზებით შეისწავლონ. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან საინტერესო სასწავლო გამოცდილება, რომელიც სცილდება სახელმძღვანელოებსა და ტრადიციულ საკლასო რესურსებს.

გეოგრაფიულ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას უამრავი სარგებელი მოაქვს. პირველ რიგში, ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სწრაფად და ეფექტურად მიიღონ დიდი რაოდენობით გეოგრაფიული მონაცემები და ინფორმაცია, რაც მათ ეხმარება, უფრო სრულყოფილი  წარმოდგენა  შეიქმნან სხვადასხვა ადგილისა და ხალხის შესახებ. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს შეუძლიათ სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი, რაც მოსწავლეებს  ეხმარება, მიიღონ ინფორმაცია და დაადგინონ კავშირები, რომელთა დამოუკიდებლად მიგნებაც  საკმაოდ რთული იქნებოდა.

მეორეც,  ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უზრუნველყოს ინდივიდუალური  სასწავლო გამოცდილება, რომელიც მორგებულია მოსწავლეების  ინდივიდუალურ  საჭიროებებზე. მოსწავლეთა მონაცემებისა და ქცევის გაანალიზებით, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლიათ კურიკულუმისა და სასწავლო მასალის ისე ადაპტირება, რომ ისინი მათ სპეციფიკურ ძლიერ და  სუსტ მხარეებს, ასევე  ინტერესებს  შეესაბამებოდეს. ეს ინდივიდუალური  მიდგომა ხელს უწყობს უკეთ ჩართულობას და გაგებას, რაც საბოლოოდ  სწავლის უფრო ეფექტურ შედეგებს იძლევა.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, როგორიცაა ვირტუალური რეალობა (VR) და გაძლიერებული რეალობა (AR), გვთავაზობს განსაცვიფრებელ გამოცდილებას, რომელიც მოსწავლეებს  მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ამოგზაურებს. ვირტუალური საველე მოგზაურობისა და ინტერაქტიური სიმულაციების საშუალებით, მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ ადგილების ფიზიკური და კულტურული ასპექტები, მაშინაც კი, თუ მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ მათი მონახულება.

ზემოთ ჩამოთვლილ  სარგებელთან ერთად ხელოვნური ინტელექტი ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობასა და პარტნიორობას: ხელოვნური ინტელექტის წარმატებული დანერგვა გეოგრაფიულ განათლებაში ხშირად გულისხმობს თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სამთავრობო უწყებებს შორის. პარტნიორობა იძლევა რესურსების, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საშუალებას, რაც გეოგრაფიული განათლების ხარისხს ამაღლებს.

რა არის გასაკეთებელი?

  1. მასწავლებელთა ტრენინგები და მხარდაჭერა: მასწავლებელთა ადეკვატური ტრენინგითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფა გადამწყვეტია ხელოვნური ინტელექტის ეფექტური ინტეგრაციისთვის. უნდა განხორციელდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამები, ჩატარდეს სემინარები და ვორკშოპები, რათა მასწავლებლები იმ ცოდნითა და უნარებით აღიჭურვონ, რომლებიც გეოგრაფიულ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებისთვისაა საჭირო.
  2. სასწავლო გეგმის მოქნილობა: გეოგრაფიის სასწავლო გეგმები უნდა იყოს საკმარისად მოქნილი, რათა მოერგოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ინტეგრაციას. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ინტერდისციპლინური პროექტების, პრაქტიკული აქტივობებისა და სიმულაციების გამოყენებით, მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან საინტერესო სასწავლო გამოცდილება, რომელიც შეესაბამება სასწავლო მიზნებს.

ეთიკური მოსაზრებები და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენება გეოგრაფიულ განათლებაში

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი საინტერესო შესაძლებლობებს გვთავაზობს, აუცილებელია ეთიკური შედეგების გათვალისწინება და გეოგრაფიის განათლებაში მისი პასუხისმგებლობით გამოყენების უზრუნველყოფა. კონფიდენციალურობის, მონაცემთა უსაფრთხოებისა და AI ალგორითმებში მიკერძოების პოტენციალის პრობლემები ისეთი ეთიკური საკითხებია, რომლებიც აუცილებლად  უნდა იქნას გათვალისწინებული. პედაგოგებმა და  განათლების პოლიტიკის შემქმნელებმა ისე უნდა ჩამოაყალიბონ  სახელმძღვანელო რეკომენდაციები და ჩარჩოები, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას  არ დაირღვეს  კონფიდენციალურობა, ხელი შეეწყოს  ინკლუზიურობას და უზრუნველყოფილი იქნეს ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია.

დასკვნა

გეოგრაფიის გაკვეთილებზე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით მასწავლებლებს შეუძლიათ, გაიუმჯობესონ პრაქტიკული გამოცდილება, უზრუნველყონ პერსონალიზებული ინსტრუქციები და მისცენ მოსწავლეებს შესაძლებლობა, ინოვაციური გზებით შეისწავლონ მათ გარშემო არსებული სამყარო.

თემატური კვლევების, წარმატების ისტორიების, ჩატარებული გაკვეთილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლით, მასწავლებლებს შეუძლიათ, მიიღონ ღირებული ინფორმაცია, რაც მათი შთაგონების წყარო გახდება სკოლასა და საკლასო ოთახში გეოგრაფიის გაკვეთილებზე ხელოვნური ინტელექტის დასანერგად.

და ბოლოს, გვახსოვდეს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას მეტად მნიშვნელოვანია მისთვის სწორი დავალების მიცემა – რაც უფრო დეტალურად აღუწერთ ამოცანას, რაც უფრო დაწურულ და დაკონკრეტებულ პირობას მისცემთ, მით უფრო  კარგად შეასრულებს თქვენს დავალებას.

 

 

 

 

 

 

ეძღვნება მასწავლებლებს, რომლებმაც საკუთარი თავები გამოზარდეს.

0

შავი  წიგნი ჩემი ბავშვობიდან

ძალიან ბევრი წლის წინ, მაშინ, როდესაც სულ რაღაც 7-8 წლის ვიქნებოდი, საქართველოში დიდი ამბები ტრიალებდა. საქართველო ისტორიის ბეწვის ხიდს გადიოდა და დიდი მღელვარება იყო. მიტინგი ჩემს ცხოვრებაში და ცნობიერებაში სწორედ იმ დროიდან შემოვიდა და, რატომღაც, რაღაც ძალიან ამაღელვებელს დაუკავშირდა. მე რაიონში ვცხოვრობდი. მახსოვს, ზვიად გამსახურდია იყო ჩამოსული და ზღვა ხალხი მოვიდა მის მოსასმენად. წვიმდა. მახსოვს უამრავი ფერადი ქოლგა და მუშტებად შემართული ხელები. მახსოვს დედას მონაყოლი – სტუდენტი იყო ცხრა აპრილის დარბევისას, ჰოდა, მიტინგზე წასულან ის და მამიდაჩემი, მათ გამოუსწრიათ იმ საშინელი ამბებისთვის, მეგობარი კი დაჰკარგვიათ და საავადმყოფოებში დავეძებდით გიჟებივითო. აი, ასეთი ამბები იყო, ემოციებისა და გრძნობებისა, შიშებისა და მღელვარებისა.

სწორედ ამ ამბების შემდეგ ჩვენს უზარმაზარ ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილი დაიკავა სქელმა წიგნმა, შავი ყდით: „9 აპრილი“.  ეს იყო წიგნი გლოვისა და წიგნი სიხარულისა. შიგნით საოცრება ხდებოდა. მთელი დღე შემეძლო მეთვალიერებინა და თან მეტირა. ეს წიგნი ნამდვილი იყო, რაც კი აქამდე მენახა და გამეგო, ყველაზე ნამდვილი და ყველაზე სასტიკიც. შიგნით შიშველი ემოციები და გრძნობები მოექციათ. აი, ასე, აეღოთ, დაეპატარავებინათ და წიგნში ჩაედოთ. ეს ყველაფერი მაშინ გამახსენდა, როდესაც „ჰარი პოტერის“ სამყაროს გავეცანი, ჯადოქრების გაზეთებსა და სურათებში რომ მოძრაობენ გამოსახულებები – სწორედ ასეთი ეფექტი ჰქონდა ჩემთვის ცხრა აპრილის შავ წიგნს, საიდანაც ადამიანები მესაუბრებოდნენ და მიყვებოდნენ, რა მწარეა, როდესაც სამშობლოს გართმევენ! როდესაც არ გისმენენ და შენ მაგივრად, შენი ქვეყნის ბედს სხვა წყვეტს! ამ წიგნში იყო უზარმაზარი ტრაგედიაც და უზარმაზარი სიხარულიც, ზუსტად ისეთი, როგორი დღეებიც ჩვენს ქვეყანას სჩვევია. ალბათ, ამ დროდან დავიწყე ფიქრი სამშობლოზე, სწორედ ამ წიგნიდან შემჯავრდა რუსეთი, კი არ შემჯავრდა, უფრო სწორედ, ძალიან გავბრაზდი! ეს გაბრაზება, რაც დრო გადიოდა და ვიზრდებოდი, მით უფრო იზრდებოდა და დროდადრო ამოხეთქავდა ხოლმე, მაგალითად, მაშინ, როდესაც პაპაჩემი სტალინს ხოტბას ასხამდა, ან უკვე მერე მამაჩემი კონსერვატორთა მხარეს დგებოდა.

რაიონებში კიდევ სხვა სიტუაციაა, სხვა ამბებია. თბილისელი შესაძლოა ვერასდროს მიხვდეს, რა ხდება იქ, რა ფიქრები და რა ვნებები დუღს, რა მისწრაფებები აქვთ, როგორ ზემოქმედებს პროპაგანდა, როგორი მითები იქმნება და რა შიშები ინერგება.

აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ან ნათესავია, ან მეგობარი, ან კიდევ კარგი ნაცნობი. ამიტომ ხათრიც ბევრ რამეს წყვეტს. ხათრის გამო ადამიანები ჩუმად არიან, ხმას არ იღებენ და ყლაპავენ ძალადობებს და უსამართლობებსაც.

ჰოდა, ასეთ გარემოში ეს შავი წიგნი აფეთქება იყო, აფეთქება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ხასიათი,  გაბრაზება მასწავლა და გაბრაზებას მიმაჩვია.

დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ ამ წიგნმა მასწავლა სამშობლო, როგორც ასეთი – სამშობლო ძალიან ხელშესახები, რეალური და არა განყენებული ცნება.

ამ წიგნის ფოტოებმა, ნიჩბებით თავგაჩეხილმა ადამიანებმა მითხრეს, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლის გაღება დიდი სახელია, დიდი პატივიც. ამ წიგნში თვალებანთებულმა პატარა გოგოებმა ჩამჩურჩულეს, რომ ღირს, ღირს სამშობლოსთვის ტანჯვაც და გასაჭირის ატანაც; რომ გაბრაზება სამართლიანია, რომ ეს გაბრაზებაა, აქამდე რომ მოგვიყვანა.

ეს შავი წიგნი ჩემთვის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის სიმბოლოა ისევე, როგორც ახლანდელი თაობისთვის – „ჰარი პოტერი“, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ამ წიგნში მოყოლილი ამბები შემზარავად ნამდვილი იყო, ბოროტება კი – შემზარავად ხელშესახები.

ტიტები, ტიტები…  უამრავი შავ-თეთრი ტიტა შავ-თეთრ ფოტოებზე, როგორც ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო, ოღონდ მწარე, ცრემლიანი გამარჯვების.

წიგნები გვაყალიბებდნენ, გვზრდიდნენ, ქმნიდნენ ჩვენს თვალსაწიერსა და ღირებულებებს. არცთუ გადაჭარბებული იქნება, თუ ვიტყვით: წიგნები იყვნენ ჩვენი მასწავლებლები და ჩვენი დამრიგებლებიც, რადგან იმ ცივ და ბნელ 90-იანებში ჩვენი გაზრდისთვის თუ აღზრდისთვის არავის ეცალა.

ისე კარგად მახსოვს, როგორ ჩამოყალიბდა ჩემი ღირებულებები,  სულ დამოუკიდებლად, სულ თავისით: წიგნიდან წიგნამდე, კომუნისტური ცხოვრებით მოხიბლული, როგორ ვიქეცი მის მოსისხლე მტრად.

ჩვენ ვიყავით ის თაობა, რომელმაც საკუთარი თავი თავად გამოზარდა, ზოგმა არცთუ ისე კარგად, ზოგმა არცთუ ისე ცუდად. ჩვენ დავიბადეთ და ვიზრდებოდით თავისუფლებასთან ერთად. დღეს საქართველოს თავისუფლება ჩვენი ტოლია, სადღაც 40 წლისა, გარდამტეხ ასაკშია. ახლა ის ჩვენ უნდა გავზარდოთ, უნდა შევუდგეთ მხრებში.

ჩვენ  გავხდით მასწავლებლები იმიტომ, რომ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ჩვენ ხომ საკუთარი თავები გავზარდეთ, საკუთარი თავების მასწავლებლები ვიყავით, შემდეგ ეს გამოცდილება პროფესიად ვაქციეთ და მზად ვართ, სკოლებში თავისუფლების ქარბუქი დავატრიალოთ. აი, ამ ქარბუქში გამოზრდილი ბავშვები კი კიდევ უფრო სხვანაირად მოუფრთხილდებიან ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას, ჩვენს თვითმყოფადობას.

ჰოდა, გამარჯობა და გამარჯვება მასწავლებელო, 90-იანებგამოვლილო. შენი გაბრაზება, შენი წარსული განცდები ახლა შენი ძალაა, შენი თილისმა. ამიტომ ხარ ასეთი გამორჩეული, ასეთი საოცარი და ასეთი მებრძოლიც.

 

 

 

კარვის სკოლა

0

აზერბაიჯანელი მწერლის, გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ მოსალოდნელზე მძიმე საკითხავი გამოდგა – ძველი მოგონებები, 90-იანი წლების გაუსაძლისი ყოფის სურათები ერთიანად წამომიშალა. მერე რა, რომ დევნილი არასდროს ვყოფილვარ და არც მთავარი გმირივით მიცხოვრია კარვების სოფელში. ჩემი თვალთახედვის არეშიც მოხვედრილა „ტექსუნის“ ქილაში გახარებული ოთახის მცენარე თუ ის რეკლამა, საპონ „ქემეის“ სანატრელ საჩუქრად რომ აქცევდა… ა

თუმცა დევნილების ჯოჯოხეთი სხვაა, უფრო მწველი ცეცხლით. ამ წიგნის მთხრობელის სატანჯველს კი ისიც ემატება, რომ მშობლები კითხვის ჩვევას არ უწონებენ, სულაც სახიფათოდ და ქალიშვილისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. „ყოველ ჯერზე, როცა კი წიგნს ვიღებდი ხელში, რაღაცას მავალებდნენ და თუ ჯეროვნად ვერ ვასრულებდი, წიგნს მართმევდნენ და ხევდნენ“, – ჰყვება გიუნელ მოვლუდი, რომლის გულახდილობაც უფრო და უფრო დამზაფვრელი, რთულად გასააზრებელი ხდება. დიახ, ჩვენ წინ ავტობიოგრაფიული ტექსტია, მტკივნეული თერაპიის მწარე ნაყოფი.

მამაჩემი ბავშვობაშივე არ მიყვარდაო, აღიარებს ის და მალევე გვარწმუნებს, რომ საამისოდ საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს. თუთის ბაღში „საათობით ჩამომჯდარი მის სიკვდილსა და ჩვენთვის თავის დანებებას“ ვნატრობდიო. ძალადობის ჯაჭვში ჩაბმული ოჯახის წევრები, ახლობლები, ბანაკის ნაცნობი თუ უცნობი მოსახლეები ამ მოცემულობას თითქმის ბუნებრივად, ყოველდღიური ყოფის ჩვეულებრივ ნაწილად მიიჩნევენ. სხვა არც რა ყოფილა და არც რა იქნება იქ, სადაც მთავარი ამოცანა ნებისმიერ ფასად გადარჩენაა, მთავარი საფიქრალი ხვალინდელი დღის პური და მარგარინია.

ბანაკში ათ-თხუთმეტ კარვად გაშლილი სკოლაც აქვთ, სადაც მოზარდები ხეირიანად წერა-კითხვასაც ვერ სწავლობენ. უფრო იმისთვის დადიან, რომ უფროსების მტანჯველ კონტროლს, შემაწუხებელ საოჯახო საქმეებს ცოტა ხნით მაინც დააღწიონ თავი, ამოისუნთქონ. „ზამთრის ტანსაცმელი გვეცვა, თუმცა კარვის კლასში მაინც ვიყინებოდით, – იხსენებს ავტორი. – ღუმელის ანთება კი იყო საჭირო, მაგრამ სკოლისთვის გამოყოფილ შეშაზე არაფერი ისმოდა. დიდი ალბათობით, გაყიდული და შეჭმული იყო. ამიტომაც ღუმელის ასანთებად გამხმარ ეკლიან ბუჩქებს, ნაძვის გირჩებს, მუყაოს ვიყენებდით“. ამ ყველაფერს, ცხადია, ბავშვები აგროვებენ, ყინვისგან გაწითლებული, შრომისგან გაუხეშებული ხელებით.

თორმეტი-ცამეტი წლის გოგონა ყველას უსმენს, ყველას აკვირდება და არც დასკვნების გამოტანა, გარემოებებისა თუ მოვლენების სწორად შეფასება უძნელდება. დრო გადის და ხვდება, რომ მოჯადოებული წრე უნდა გაარღვიოს, თავდახრილი ქალიშვილის ხვედრის გაზიარებაზე უარი ჯიუტად უნდა თქვას. ერთ კარავში ბიბლიოთეკასაც აღმოაჩენს, საიდანაც ეზიდება და ეზიდება რომანებს – სინამდვილე ცოტა უფრო ასატანი რომ გახადოს, მზის შუქს კარვის ბნელ კუთხეებშიც რომ შეაღწევინოს.

ყველასგან სწავლობს.

ყველაფრისგან სწავლობს.

„არ იყო არსად წვეთი სიხარული, შუქი, იმედი, არც წარსულში და არც მომავალში“, – ამას კი მთელი სიმძაფრით სწორედ მაშინ განიცდის, როცა მისი ოჯახი ბოლოს და ბოლოს ბანაკს თავს დააღწევს, როცა ხუთწლიან ტანჯვა-წამებას სუმგაითში, ახლად ნაყიდ პატარა ბინაში გატარებული დღეების უღიმღამობა შეენაცვლება. დევნილობის დამღა უფრო რთულად ასატანი ხდება. სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებს, მაგრამ მის ფანჯრებსაც სასოწარმკვეთად ჩაშავებია აქა-იქ შემორჩენილი მინები: „ოთახებში მუდამ ბნელოდა და კედლებს თითქოს უნდა ჩაეყლაპე. გათბობის სისტემა არ მუშაობდა. გაკვეთილზე ქურთუკებით ვისხედით, მაგრამ მაინც გვციოდა. ნორმალურ სახელმძღვანელოებზე, სასკოლო ინვენტარზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო“.

ვერ ვიტყვით, რომ უცხო სურათია, რომ მსგავსი არაფერი გვინახავს. გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ კი იმიტომაც არის კარგი წიგნი, რომ იმ ყველაფრის დავიწყების შეუძლებლობას შეგვახსენებს, რაც ათასწლეულთა მიჯნაზე მიღებული ახალი გამოცდილებებით, ყოველდღიურად თავგასართმევი ამოცანებით, ხმამაღლა დასახული გეგმებით გადავფარეთ. ალბათ გვჯეროდა, რომ ცხოვრებიდან რაღაცას მართლაც ამოვშლიდით, რომ ასე უფრო ადვილად გავიმარჯვებდით.

იდეიდან ტექსტამდე

0

(მეორე ნაწილი)

შიში იდეასთან ერთად ჩნდება და ტექსტის ბოლო წერტილამდე არ გტოვებს. მას სხვადასხვა ფორმა აქვს. დასაწყისში ესაა: „თემა რომ ვერ დავძლიო?“, მერე: „რომ ვერ განვაგრძო წერა? ბოლომდე რომ ვერ მივიყვანო?“.

ეს შეუცნობლის შიშია. შიში იმისა, რომ როგორი დისციპლინირებულიც არ უნდა იყოს წერის პროცესი, რამდენიც არ უნდა დაგეგმო წინასწარ, როგორი ყურადღებითაც არ უნდა მიჰყვე ამ გეგმას, შეიძლება, ერთ დღეს მაინც არაფერი გამოვიდეს. ასე, უბრალოდ, გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ ეს ტექსტი აღარ დაიწერება.

ცალკეა თავად ტექსტთან დაკავშირებული შიშები, რომლებიც მოკლედ გამოითქმის ფრაზით: „იქნებ არ ვარგა?“ მე ეს ეჭვი მანამ არ მტოვებს, სანამ ტექსტს გამომცემელს არ ჩავაბარებ. როცა ტექსტი უკვე რედაქტორმა უნდა ნახოს, ეჭვიც კვლავ ბრუნდება, ოდნავ სახეცვლილად: „რამე სულელური ენობრივი უხერხულობები ხომ არ მოგსვლია?“, სანამ რედაქტორი უკუკავშირს მომცემს, ერთ სიკვდილს ვათავებ.

ამიტომ როცა მეკითხებიან, წერისას ყველაზე რთული რა არისო, დაუფიქრებლად ვპასუხობ: ჩემს შიშებსა და ეჭვებთან ბრძოლა. ეს ბრძოლა ყოველდღიურად უნდა მოვიგო. ყოველ დილით მაცახცახებს მაგიდისა და თეთრი ეკრანის დანახვაზე. როცა „აკუმს“ ვწერდი, გაღვიძება მეზიზღებოდა, რომ ვიცოდი, წერა უნდა გამეგრძელებინა; განსაკუთრებით, თუ საწვალებელი ეპიზოდი მქონდა დასაწერი, მაგალითად, სამედიცინო თემაზე. მეორე ნაწილის ბოლო ოცდაათი გვერდი წაშლილი და ხელახლა დაწერილი მაქვს – მივხვდი, რომ დასრულება ვიჩქარე და მივაფუჩეჩე, ეს კი ტექსტს არ წაადგებოდა. ვერც ვერაფერს ჩავასწორებდი – მონათხრობის ფორმა სხვა უნდა ყოფილიყო. ამიტომ წავშალე. ნაწერი ერთიორად გაიზარდა. გვარიანად გავწვალდი. არ მინდოდა, მეშინოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა ტექსტი ტექსტად ვარგა.

ეს შიში, რომელზეც ახლა ვმსჯელობ, უფრო ფორმასთან, ჩანაფიქრის რეალიზებასთან დაკავშირებული შიშია. ბოლო დროს მივხვდი, რომ სხვა შიშიც არსებობს – შინაარსის შიში.

იდეა მაქვს. უკვე დიდი ხანია, მაქვს და აი, როგორც იქნა, გადამხდა რაღაც, რამაც საბოლოოდ შემამზადა მის დასაწერად. მაგრამ რომ დავწერო, ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდე, ჩემს პირად ჯოჯოხეთში. წარმოუდგენელ საშინელებას უნდა გავუსწორო თვალი და ის, რაც ერთხელ უკვე გავიარე ცხოვრებაში, ხელახლა უნდა გავიარო ლიტერატურაში.

ნორმალური ადამიანი ფსიქოთერაპევტთან მივიდოდა, მაგრამ მე სხვა პასუხისმგებლობები მაქვს – მჭირდება, რომ მტკიოდეს, ეს ტკივილი ცინცხალი უნდა იყოს, ბრაზი ყრუდ უნდა მიხრავდეს ძვლებს. წერამდე განკურნება დაუშვებელია, რადგან ეგ თუ მოხდა, თუ ამისგან გავთავისუფლდი, როგორღა დავწერ? დაწერით კი აუცილებლად უნდა დავწერო – უნდა ვუთხრა სხვებს, რომ მარტო არ არიან.

აქვე გეტყვით: საამისო მხნეობა უკვე მოვიკრიბე. ეს 8 ივნისს მოხდა, სრულიად მოულოდნელად. გავიღვიძე და ცხადად დავინახე დასაწყისიც და ცალკეული ეპიზოდებიც. გამოცდილების ლიტერატურაში გადათამაშების აღარ მეშინია, მაგრამ ფორმის შიში, რა თქმა უნდა, მაქვს – ეს დაუძლეველი რამაა. ამ შემთხვევაში მას კიდევ ერთი კომპონენტი შეემატა – ვგრძნობ, რომ, შესაძლოა, სხვანაირი ტექსტი გამომივიდეს, უფრო მეტად უბრალო, მეტად ამბავზე ორიენტირებული, ინტერტექსტუალური და მეტაფიქციური ილეთების გარეშე, შეიძლება, პოლიფონიურობის გარეშეც. ალბათ, იცით: ეს ჩემი სტილი არ არის. სტილი, საერთოდ, არ ვიცი მაქვს თუ არა, მაგრამ აქამდე მეგონა, რომ ჩემი ნაწერის ეს მახასიათებლები უცვლელი იყო, რომ, ამ თვალსაზრისით მაინც, რაღაც მოსტილო ნაპოვნი მქონდა. თურმე – სულაც არა.

მე დიდხანს ვერ ვჩერდები ერთ ადგილას, თუმცა ცვლილებებიც ძალიან მაშინებს. მით უმეტეს, ასეთი – სრულიად უცხო, უნაპირო ზღვაში უნდა შევცურო. არ დავიხრჩობი, მაგრამ იქიდან გამოსული ისიც აღარ ვიქნები, რაც შესვლამდე. აბა, ეს საშიში არაა?

არის კიდევ მესამე შიშიც – თავად ამ შიშის შიში. კარგა ხანს მეგონა, რომ პრობლემა ჩემშია – ალბათ, ძალიან გამოუცდელი ვარ და დროსთან ერთად ეს შიშიც გაქრება. ან იქნებ, უბრალოდ, ცოტა უნიჭო ვარ? სხვა მწერლები სიხარულით ეკვეთებიან საწერ მაგიდას და მე კი ასეთი უნიათო ვყავარ გამჩენს, რომ ჩემი ცხოვრების საქმე მიპოვია და იმისი ფხაც არა მაქვს, თავდადებით ვაკეთო.

ეს ფიქრები მქონდა, სანამ ერთ ძალიან საინტერესო პანელურ დისკუსიაზე ერთმა ჩემმა საყვარელმა და ჩვენში გამორჩეულმა მწერალმა არ თქვა, რომანის იდეა მაქვს და პატარა გოგოსავით მეშინიაო.

უიმე-მეთქი, აბა, ასეთ ავტორსაც თუ ეშინია, მე რაღა უნდა ვთქვა?!

ჰოდა, მას მერე ვიცი, რომ შემიძლია, თამამად მეშინოდეს, ჩემს გემოზე, როგორ იტყვიან…

გაგრძელება იქნება

სპორტული თამაშების მნიშვნელობა სკოლაში

0

სპორტული თამაშები  მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდების განვითარებაში. ის ეხმარება მათ არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, არამედ ფსიქოლოგიურ და სოციალურ უნარ-ჩვევების განვითარებაშიც. სპორტული თამაშები არის ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში ყოველდღიურ ცხოვრებას ამდიდრებს და მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური აქტიურობის მაღალი დონეს უზრუნველყოფენ.  განვიხილოთ სპორტული თამაშების  როლი და  მნიშვნელობა.

ფიზიკური განვითარებასპორტული თამაშები ეხმარება ბავშვს ფიზიკური განვითარების გაუმჯობესებაში. ის ხელს უწყობს კუნთების, ძვლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას. ბავშვები, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ სპორტულ თამაშებს, ფიზიკურად უფრო აქტიურები და ჯანმრთელები არიან. სპორტული თამაშები ასევე ეხმარება მოზარდს მოძრაობის კოორდინაციისა და მოქნილობის გაუმჯობესებაში.

ფსიქოლოგიური სარგებელისპორტული აქტივობა ხელს უწყობს მოზარდებში სტრესის შემცირებას და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ვარჯიში ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს კარგ განწყობას და ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებას. სპორტული თამაშები ეხმარება ბავშვებს თვითშეფასების ამაღლებაში და წარმატების განცდაში.

სოციალური უნარჩვევები – სპორტული თამაშები უზრუნველყოფენ უნიკალურ გარემოს, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ გუნდური მუშაობა, ლიდერობა და თანამონაწილეობა. ის ეხმარება მოზარდს სოციალურ ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. სპორტული თამაშები ხელს უწყობს ბავშვებს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში და უზრუნველყოფს მოზარდებს შორის  ურთიერთპატივისცემის გრძნობების გაძლიერებას.

დისციპლინა და პასუხისმგებლობასპორტული თამაშები ეხმარება ბავშვებს დისციპლინისა და პასუხისმგებლობის  განვითარებაში.  ისინი  სწავლობენ მიზნების დასახვას და მათ მიღწევას, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული ცხოვრებისათვის. ბავშვები, რომლებიც მონაწილეობს სპორტულ თამაშებში, სწავლობენ დროის მართვასა და შრომისმოყვარეობას.

კოგნიტიური სარგებელიკვლევები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს კოგნიტიურ უნარ-ჩვევებზე. სპორტული თამაშები ეხმარება ბავშვებს ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას.

მოტივაცია და ჩართულობასპორტული თამაშები ეხმარება ბავშვებს სკოლაში სწავლის მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდაში. სპორტული აქტივობები ქმნიან მხიარულ და ინტერაქტიულ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობას. სპორტული თამაშები ასევე ეხმარებიან ბავშვებს ისწავლონ გუნდური მუშაობა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერება.

რეკომენდირებული სპორტული თამაშები სკოლაში

 ფეხბურთიფეხბურთი ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, სტრატეგიული აზროვნებისა და ფიზიკური გამძლეობის განვითარებას. ის პოპულარული თამაშია, რომელიც აერთიანებს ბავშვებს და ეხმარება მათ სოციალურ ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

კალათბურთიკალათბურთი ასწავლის ბავშვებს სისწრაფეს, კოორდინაციას და გუნდური მუშაობას. ის ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობის და სტრატეგიული აზროვნების განვითარებას.

 ფრენბურთი ფრენბურთი ეხმარება კოორდინაციის, მოქნილობისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. ის ასევე ხელს უწყობს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას.

ბეისბოლიბეისბოლი ეხმარება ბავშვებს კოორდინაციის, სისწრაფისა და სტრატეგიული აზროვნების განვითარებაში. ის ასწავლის მოთამაშეებს გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

 ჩოგბურთი ჩოგბურთი ხელს უწყობს კოორდინაციის, სისწრაფისა და გამძლეობის განვითარებას. ის ასევე ეხმარება ბავშვებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და სტრატეგიული აზროვნების გაუმჯობესებაში.

სპორტული თამაშები სკოლაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებაში. ის ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას და სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ამიტომ, სკოლებში სპორტული თამაშების ინტეგრაცია უნდა იყოს პრიორიტეტული და მათ უნდა მიექცეს შესაბამისი ყურადღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვების სრულფასოვანი განვითარება.

 

აქტივობები დასუფთავების აქციების გამხიარულებისთვის

0

 

დასუფთავების აქციებს სკოლებში და მის გარეთ ხშირად ვატარებთ. ხშირ შემთხვევაში სცენარი იდენტურია. დათქმულ დროს ვიკრიბებით, ვირგებთ ხელთათმანებსა და სხვა აღჭურვილობას, გავდივართ შერჩეულ ლოკაციაზე გარემოდან ნარჩენების ამოსაღებად…

მოსწავლეები დასუფთავების აქციებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.  განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევიან დაწყებითი საფეხურის ბავშვები. მოზარდებთან უკვე გვიწევს ახსნა, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რომ გაიზარდოს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინტერესები, ასეთ აქტივობებში მონაწილეობის თვალსაზრისით?

მიმდინარე წლის ივნისში ლიეტუვაში, პატარა ქალაქ სკაუდვილეში, პროგრამის ერაზმუს+ მოკლევადიანი ტრენინგ კურსი გაიმართა ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროგრამის  მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ინოვაციური გზების ძიება და მათი დამკვიდრება. ერთ-ერთ აქტივობა მოიცავდა დასუფთავების აქციის ისეთი გეგმის შემუშავებას, რომელშიც ინტეგრირებული იქნებოდა მხიარული და შემეცნებითი აქტივობები.

აქტივობები, რომლებიც დასუფთავების აქციის პარალელურად შეიძლება გამოვიყენოთ.

სტატიის ამ ნაწილში, შემოგთავაზებთ სავარაუდო აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასუფთავების აქციის/ლაშქრობის პარალელურად ჩატარდეს. გაითვალისწინეთ, რომ ისინი უნდა მოარგოთ ჯგუფის ინტერესებს, ასაკს, შესაძლებლობებს და ა.შ. რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი მოფიქრებული აქტივობა, რადგან ქვემოთ მოცემული მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მისიები გუნდებისთვის

დასუფთავების აქციის დაგეგმვისას მონაწილეები გადაანაწილეთ მცირე ჯგუფებში. ჯგუფებს შეიძლება დავუსახოთ ერთნაირი, ან განსხვავებული მისია. მაგალითისათვის:

  • გადაუღეთ ფოტო, დაბინძურებულ ადგილს, გაიმეორეთ აღნიშნული ნარჩენების ამოღების შემდეგ;
  • შეაგროვეთ პლასტმასის ბოთლის ასი თავსახურავი;
  • შეაგროვეთ 10 სხვადასხვა ნივთი, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს მეორეული გამოყენებისთვის;
  • შექმენით/გააკეთეთ მარტივი აპლიკაცია მათი (შეგროვებული მეორეული ნივთების) გამოყენებით;
  • შეადგინეთ ლექსი/მიმართვა/სლოგანი, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებ რომ არ დაყარონ ნარჩენები;
  • შექმენით სამაჯური ხის დრეკადი ტოტებისგან, სამკაულებად გამოიყენეთ ყვავილები, ფოთლები, მცენარეების ნაყოფი/თესლი და ა.შ.

გაითვალისწინეთ არ დაუსახოთ ისეთი მისია, რომელიც სახიფათო ნარჩენთან შეხებას მოიაზრებს.

პარტიზანული მებაღეობა

ეს აქტივობა დასუფთავების აქციის მოწყობამდე სხვადასხვა სახის მცენარის (ყვავილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები) თესლების შეგროვებას მოითხოვს. სასკოლო თემის ჩართულობით შეაგროვეთ ყვავილის, ბოსტნეულის, პარკოსანი მცენარეების თესლები და დაურიგეთ ჯგუფებს. წინასწარ რუკაზე მონიშნეთ გაჩერების ადგილები და ის ლოკაციები, სადაც შეიძლება დაითესოს ისინი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შედეგების გასაცნობად ახალგაზრდებთან ერთად გადით იმ კონკრეტულ ლოკაციაზე და ნახეთ შედეგი.

ბინგო ბუნებაში

თამაში ბინგო სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. ჩვენ შევქმენით თამაშის ისეთი ვერსია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ბუნების წიაღში სეირნობის, დასუფთავების აქციის მოწყობის დროს და ა.შ.

თამაშის წესი მარტივია. გუნდი, რომელიც პირველი იპოვის ფურცელზე განთავსებულ წარწერებს/ნახატებს იქნება გამარჯვებული. ამისათვის მათ უნდა მონიშნონ ყველა უჯრა. შესაძლებელია ტელეფონით დაფიქსირების წესის შემოტანაც.

თუ არ გვაქვს ამობეჭდვის საშუალება, შესაძლებელია მოსაძებნი ობიექტების სახელები დაწეროთ ქაღალდზე და ასეთი მარტივი ფორმატით შესთავაზოთ ახალგაზრდებს ბინგოს შევსება.

გასამხიარულებელი თამაშები

ახალგაზრდები დიდი სიამოვნებით ერთვებიან გასამხიარულებელ და ენერგიის აღსადგენ აქტივობებში. გთავაზობთ ორ მარტივ თამაშს, რომელიც წარმატებით გამოიყენება დიდ და მცირე ჯგუფებში.

„ჰი, ჰა, ჰუ“

მონაწილეები დგებიან საერთო წრეზე. ისინი ხდებიან სამურაები და უნდა ისწავლონ რამდენიმე მარტივი მოძრაობა. მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე დაიმახსოვრებს მოძრაობებსა და პირობებს, შეგიძლიათ შემოიტანოთ გავარდნის წესი.

თამაშს იწყებს წამყვანი, რომელიც აირჩევს რომელიმე მონაწილეს, უმიზნებს შეტყუპებულ ხელებს და როგორც ხმლით, ზემოდან ქვემოთ იშვერს არჩეულისკენ და ყვირის „ჰი“. ის, ვისაც უმიზნებენ, რაც შეიძლება სწრაფად სწევს მაღლა შეტყუპებულ ხელებს და ყვირის „ჰა!“, ამავდროულად მის გვერდზე მდგომები, მარჯვნიდან და მარცხნიდან ყვირილით „ჰუ!“ და უმიზნებენ შეტყუპებულ ხელებს მუცლისკენ.  შუაში მდგომი სამურაი სწრაფად იშვერს ხელს რომელიმე მონაწილისკენ და მას გადასცემს მუხტს შეძახილით – „ჰი!“ და ასე გრძელდება წრეში.

როდესაც ყველა გაერკვევა თამაშის წესებში, მონაწილეები იწყებენ თამაშს გავარდნაზე. ვისაც შეეშლება მოძრაობის გაკეთება (ან დაავიწყდება დროზე მისი გაკეთება), ან არასწორად დაიყვირებს (ან საერთოდ არ დაიყვირებს), ის ვარდება თამაშიდან; თამაში სრულდება მაშინ, როდესაც დარჩება 4 გამარჯვებული სამურაი. მეტი თვალსაჩინოებისთვის უყურეთ ვიდეოს.

„ჯეირანი“

თამაში ჯეირანი ყველას გვითამაშია. ის ძირითადად რაიმე პრობლემური საკითხის მოკლე დროში გადასაწყვეტად გამოიყენება. როგორ შეიძლება მოვაწყოთ ჯეირანის ჩემპიონატი?

თავდაპირველად მონაწილეები წყვილდებიან და თამაშობენ კლასიკურ ჯეირანს. დამარცხებული მონაწილე ხდება გამარჯვებულის გულშემატკივარი,  ვაგონის პრინციპით ებმის მას ზურგიდან და ყვირის მის (გამარჯვებულის) სახელს.

გამარჯვებული ხვდება სხვა წყვილში წარმატებულს, ხოლო მათ შორის დამარცხებული, საკუთარ ქომაგთან ერთად უერთდება გამარჯვებულს. საბოლოოდ ფინალში ხვდება ორი წარმატებული მონაწილე, რომელთაც ზურგს უმაგრებს გულშემატკივრების მთელი არმია.  მეტი თვალსაჩინოებისთვის უყურეთ ვიდეოს.

 

ასეთი ტიპის დასუფთავების აქციები წინასწარ მომზადებას, დაგეგმვას და როლების გადანაწილებას მოითხოვს. სასურველია ჩამოყალიბდეს საორგანიზაციო ჯგუფი. ჯგუფში წინასწარ გადანაწილდეს როლები, მოინიშნოს მარშრუტი, განისაზღვროს გაჩერებების ადგილები, თამაშისა და შესვენების ლოკაციები და ა.შ.

ზემოთ აღწერილი აქტივობები ასევე შეიძლება გამოიყენოთ ექსკურსიებისა და ლაშქრობების დროსაც. აქტივობების დასაფიქსირებლად გამოიყენეთ სხვადასხვა პლატფორმა. ეს შეიძლება იყოს დახურული ფეისბუქ ჯგუფი, გაზიარებული საქაღალდე რომელიმე საცავში (google drive, one drive), GooseChase (ამ პლატფორმის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ სტატიაში – მოდი, დავიკარგოთ, ანუ ეკოლაშქრობა ბუნების წიაღში) და ა.შ. ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში, ეფექტურია მისიებისა და დავალებების ერთობლივი ყურება.

 

 

მწვანე ბარათების სისტემა

0

საკლასო წესების შემუშავება და მათი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებლები ხშირად მივმართავთ სხვადასხვა ხერხს კლასში წესრიგის დასამყარებლად. ჩემი მასწავლებლობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მწვანე ბარათების სისტემა გახლავთ. ამ წერილში გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას მწვანე ბარათების სისტემასთან დაკავშირებით. ის არის  კლასის  მართვის ინსტრუმენტი, რათა შემცირდეს საკლასო წესების დარღვევის რაოდენობა. მწვანე ბარათების სისტემა მოიცავს ორ ძირითად იდეას: პირველი დისციპლინის საკითხების შემცირება და მეორე პოზიტიური სასწავლო გარემოს წახალისებას.

პირველ ეტაპზე მწვანე ბარათების სისტემა გავაცანი მშობლებს და ვთხოვე მხარდაჭერა, ვინაიდან მნიშვნელოვანია მოსწავლე მშობლისგან გრძნობდეს ბარათების სისტემაზე ინტერესს და ახალისებდეს მას. შემდეგ  თავად მოსწავლეებს გავაცანი.

სულ არის სამი ფერის ბარათი: წითელი, ყვითელი და წითელი. ბარათებს ვამზადებდი თავად. ვბეჭდავდი შესაბამისი ფერის ქაღალდზე და შემდეგ ვჭრიდი. ავირჩიე მწვანე ბარათების დარიგების დღე-პარასკევი. მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ პარასკევს მწვანე ბარათები რიგდებოდა. თავდაპირველად ავიღე ჩემი დაკვირვების დღიური და დღის განმავლობაში თითოეული მოსწავლის ქცევას ვინიშნავდი, რაც პარასკევს მეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში,მიმეცა თუ არა მწვანე ბარათი.

თითოეულ ბარათზე წერია ის პუნქტები. მწვანე ბარათზე ასახულია პუნქტები, რომლის შესრულების შედეგადაც მოსწავლე კვირის ბოლოს იღებს მას. მწვანე ბარათის გადაცემის უფლება აქვს დამრიგებელს. ეს პუნქტებია:

ცხადია,შესაძლებელია ეს პუნქტები შეცვალოთ და თქვენი კლასის საჭიროებას მოარგოთ.

ყვითელი ბარათის გადაცემის უფლება აქვს ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, რომ მის გაკვეთილზე რომელიმე პუნქტი დაირღვა მონიშნავს მას. ყვითელი ბარათის პუნქტებია:

წითელი ბარათის შემთხვევაში, მოსწავლე წერს რეფლექსიას არასასურველ ქცევაზე. რეფლექსიის დაწერის დროს ჩართულია მშობელი და მასწავლებელი ერთდროულად. ხდება გასაუბრება სკოლის ფსიქოლოგთან. ასევე, შესაძლებელია თავად განსაზღვროთ  რა მოჰყვება წითელი ბარათის მიღებას.

ბარათების გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი რაოდენობაა. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს მწვანე ბარათის რა რაოდენობის შემდეგ მიიღებს მოსწავლე ჯილდოს  და რამდენი ყვითელი ბარათის შემდეგ მიიღებს წითელს.

ჩემს შემთხვევაში თუ მოსწავლე დააგროვებდა ათ მწვანე ბარათს, მას გადავცემდი ჯილდოს. ეს იყო მის ინტერესზე მორგებული სათამაშო და მადლობის წერილი მშობელს. თქვენ შეგიძლიათ ლავირება გაუკეთოთ მწვანე ბარათების რაოდენობასა და ჯილდოს შინაარსს.

ყვითელი ბარათის შემთხვევაში, მოსწავლეს ჯერ სიტყვიერად ვაძლევდი გაფრთხილებას, თუმცა თუ ვგრძნობდი არ ითვალისწინებდა, შემდეგ ყვითელ ბარათს გადავცემდი. მოსწავლეს ვთხოვდი ყვითელი ბარათის მიღება მშობელს დაედასტურებინა ხელმოწერით. ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ვინაიდან მას ეგრძნო პასუხისმგებლობა და თავად მოეხდინა არასასურველი ქცევის რეფლექსია მშობელთან.

ბარათების სისტემის თვალსაჩინოებისთვის, შეგიძლიათ გააკეთოთ ქცევის პირამიდა, რომელსაც კლასში ხელმისაწვდომ ადგილას გააკრავთ. პირამიდაში თითოეულ მიღებულ ფერში წერთ მოსწავლის სახელსა და გვარს. ეს მოსწავლეს უმარტივებს მარტივად აკონტროლოს რამდენი ფერის ბარათი აქვს მიღებული.

ჩემი მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთნენ ბარათების სისტემაში. ითვლიდნენ და ელოდებოდნენ როდის მიაღწევდნენ სასურველ რაოდენობას,რათა მიეღოთ ჯილდო. ცხადია, მშობლების მაღალი ინტერესისა და მხარდაჭერით ამ სისტემამ კიდევ უფრო ეფექტიანად იმუშავა.

მწვანე ბარათების სისტემაზე ჩატარებულია კვლევა, რომელიც მის ეფექტიანობას ხაზს უსვამს. თქვენ შეგიძლიათ მოსწავლეების საჭიროებას მოარგოთ და მოდიფიცირება გაუკეთოთ ისე, როგორც მე მოვიქეცი.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...