კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

საიდუმლო, რომელიც მარტო ჩვენთვის გაჩნდა მარადისობიდან

0

ნინია სადღობელაშვილის „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“

 ნინია სადღობელაშვილის ამ შესანიშნავი ლიტერატურული ზღაპრის სათაურშივე იკვეთება ორი მაგისტრალური თემა, რომლებიც ნაწარმოებში იგავარაკული ფორმით გაშლილა. ეს არის ჩვენი, ქართველების, ისტორიული პრობლემა საზღვრებისა, მათი დაცულობისა თუ შენარჩუნებისა და ამ უდიდესი ეროვნული სატკივრის ასე ოსტატურად „გახვევა“ ენობრივ ქსოვილში, რომელიც გენიალურად, როგორც ჩვენს „ბრძენ“ ენას სჩვევია, წარმოაჩენს ადამიანური სამყაროს დასაზღვრულობის ორ თუ ორაზროვან ასპექტს სიტყვათა შეთანხმებაში „უსაზღვროდ შერიგებული“, რომელიც დიდი ჰუმანიზმის, სიყვარულის ქვეტექსტსა თუ კონტექსტშია ჩასმული – „რა დიდებულია ეს დალოცვილი ენა და რამდენ უფლებას გაძლევს მაშინ, როცა ამ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვსპობთ და ვანადგურებთ“ (26) – ეს უკვე ამ უნიკალურ ენაზე ნიჭიერად და სრულიად გამორჩეულად ამეტყველებული მწერლის სიბრძნეა.

„სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“.

გალაკტიონმა კარგად იცოდა კაცთა ბუნება, მათი დაუოკებელი სურვილი სივრცისა თუ თუნდაც აზრის დასაზღვრისა. იქნებ ამაშიც ღმერთს ვედრებით, რომელმაც სწორედ ინდივიდუალური დასაზღვრით შეგვქმნა პიროვნებებად, ერებად, ქვეყნებად? ჩვენი გონებაც (გული კი შეიძლება იყოს „უნაპირო“ ალბათ) გარკვეულ სამანს იქით ვეღარ მიდის და ესეც ღვთის, ბუნების კანონია. ოქსიმორონია ისიც, რომ კაცი თუ საკუთარ კარ-მიდამოსაც ღობეს ავლებს, მკაცრად გამოყოფს სხვისაგან, იდეაში აკრძალული ზღვრების გადალახვისკენ ისწრაფვის სულ, ესეცაა მისი ბუნება: სამოთხიდან წუთისოფელშიც ამიტომ გამოგვაძევეს, რომ იმის გაგება და გასინჯვა ვისურვეთ, რაც ჩვენი სააზროვნო ჰორიზონტების მიღმაა, რაც აკრძალულია, არ ხელგვეწიფება, მკრეხელობაა და ა.შ. თავისუფლებაც ჩვენი, კაცთა, მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტი, როცა ზნეობრივადაა დასაზღვრული. მაგრამ უფალი დიდ ჰუმანიზმად გვითვლის უ ს ა ზ ღ ვ რ ო სიყვარულს; შერიგებასაც, როგორც ნინია სადღობელაშვილს ძალიან ჭკვიანურად უფიქრია… მოდი, აქ ბარათაშვილისეულიც, ამაოების სიბრძნე, ჩავურთოთ:

„და აღიძვრიან იმავ მიწისთვის,

რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..“

სევდიანი აკორდია, მაგრამ გარდაუვალი ყოველი ჩვენგანისთვის.

მოკლედ, ჩვენი წუთისოფელი უსაზღვრობისკენ საზღვრებით სვლაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზღვრები პანაცეად ვაქციოთ, მეტადრე მაშინ, როცა უკვე გვბოჭავს, სულს გვიხუთავს – სული მარადისობაში საფრენადაა მაინც, საბოლოო ჯამში.

ნაწარმოების მთავარი გმირები არიან ბუ ბუჩაჩი, თავზე თმის ჩაჩით და ზღარბუნია, რომლესაც მამისგან, ჯონდი ბატონისგან, ერგო „საზღვართმოშიშობა“ – „ცოტა პირქუში არსება გხალდათ (ჯონდი ბატონი), დიდად არც ვინმეს გაუცინებდა, არც დაელაპარაკებოდა, როგორც კი დაინახავდა, ვინმე უახლოვდებოდა – მაშინვე შეყოფდა ცხვირ-პირს თავის ეკლებში და იქამდე არ გახსნიდა ეკლების გორგალს, ვიდრე ის ვინმე თვალს საბოლოოდ არ მიეფარებოდა“(9). მოკლედ, ჯონდი ბატონი მთლად ნიჭიერიც ვერაა კომუნიკაციაში, რომელიც ესოდენმნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მეზობელ მაჩვთან უთანხმოების გამო თხრილის თხრას დაიწყებს – მამული უნდა გავყოო: ასაზომად კი თეთრ ძაღლს, ღუნღულიას, მიადგებიან: „იმდენი თვლა პითაგორას არ ეცოდინებოდა, რამდენჯერაც ღუნღულიას ეს ეზო ექნებოდა შემორბენილი, ამიტომ ყველა გოჯი ზეპირად იცოდა და მის აზომვაშიც დიდი წვლილი შეიტანა“ – აქ შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მწერლის მსუბუქი, მთლად პეპელასავით „მოფარფატე“ იუმორი კონფლიქტების მოგვარებაში ნაქები ღუნღულიას დახასიათებისას. მაჩვი კი, თხილისფერთათება, კონფლიქტოლოგია მთლად, თუმცა ხან ეშვება ამას, ხან – არა. ყველაფერ ამაზე მაღლა დგას მისი მშვენიერი ქალიშვილი მაშო, რომლისადმიც ჩვენი ზღარბუნია არ არის გულგრილი. ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ მაჩვის ოჯახი ბეწვის ჩამბარებლთა დინასტიაა, მაშოც ფუნჯებს აკეთებს და ხატავს: „შენ ოღონდ ხატვის სურვილი გაგჩენოდა, მაშოს სოროში ფუნჯების მეტს რას ნახავდი“(14). მერკანტილიზმისგან თავისუფალ მაშოს ასე მიმართავს მასზე გულშევარდნილი ზღარბუნია: „შენ რა გესმის, დაფრინავ, საზღვარი იმათთვისაა, ვინც მიწაზე დავდივართ!“ (140) – ეს საყვედური ნუ გეგონებათ, მოწონებაა „კაკალ გულში“, აღფრთოვანება…

ზღარბუნიას მენატურედ წაიყვანენ სკოლაში, ზის ბიოლოგიის გაკვეთილზე და ბავშვები ხატავენ. მას უნდა, მაშოც ბავშვებს შორის იჯდეს და თავისი ფუნჯით ხატავდეს მას. აქ არის ნახატი ზღაბუნიას ამ ფიქრისა… აი, ამ წიგნის კიდევ ერთ დიდ ღირსებას მივადექით – მისი ილუსტრაციების ავტორი მეუფე ისაიაა (ჭანტურია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, რომელმაც ეს ჩვენი დიდი ტკივილის, კონფლიქტური რეგიონი სულიერ ოაზისად აქცია. ყოველი მათგანი ისეთი ეგზიუპერისეული უბრალოებით, მადლით არის შესრულებული, გული აგიჩუყდება კაცს… იმ ბიჭუნასი არ იყოს, პატარა ზღარბის ნაცვლად მის ნაფეხურებს რომ დახატავს – მოსწყინდა მენატურეობა და წავიდაო. მასწავლებელს, მართალია, ეს ნახატი არ მოეწონება, ცარიელი ფურცელი ჰგონია, მაგრამ ბუჩაჩი აღფრთოვანდება: „იცი, ნამდვილი მხატვარი ვინაა? ვინც მაშინაც გხედავს, როცა უკვე წახვედი“ (20).

მაშო, რომელიც სანათესაოს ბეწვს მზეზე აშრობს ფუნჯების დასამზადებლად, თავისი თაფლისფერი კაბით, ცეკვავს კიდეც, მღერის კიდეც… ნუ დაგვავიწყდება ბატი ბეტიც, ნუშის ღვეზელებს რომ აცხობს; ნურც შვიდ ჭუკზე ახალმოლოგინებული ინდაური დორა, სულ რომ დიეტობს და გრამსაც ვერ იკლებს; ნურც მეტისმეტად ბრაზიანი შავი კატა ცოფა; ჰო, არაჩვეულებრივი რკოს ყავა – ყველაფერი ეს ისეთი საოცარი, ბავშვური გულუბრყვილობით არის შესრულებული (დაწერილიც და დახატულიც), რომელიც ყოველთვის შიგნიდან მოდის, თავმდაბლობის სიმაღლის მარგალიტივით მფლობელი მდიდარი სულიერი სამყაროდან.

„მე კიდევ ყოველთვის მჯერა, რომ კეთილი კაცი ტყეში ზუსტად იმ დროს ჩამოივლის, როცა ის ყველაზე მიტოვებულ ბუს სჭირდება“, – ამბობს ბუჩაჩი. კეთილი კაცი იგივე „მწყემსი კეთილია“ ყოფიერების, ბედისწერისა თუ მთლად განგების ამ ეზოთერიკაში, ნათქვამის სიღრმე კი ჯადოსნური ან, თუ გნებავთ, ბიბლიური და გენიალურია… აი, ამ წიაღსვლის გაგრძელებაც: „ბოლოს და ბოლოს, მე რომ მშობლებს ხეზე არ დავეტოვებინე, ხის ძირში კეთილ კაცს აბგა არ გაეშალა, იმ აბგით აქამდე არ მოვეყვანე, შენც ხომ ვერ გაგიცნობდი და, აბა, უმეგობროდ როდემდე იქნებოდი, ზღაბუნიავ?“ (35) ეს ყოველივე დიდი რა-ბუს წიგნის შესაფერისი აღმოჩენებია. ეს ზღაპარი კი ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, როგორც ზრდასრული, ისე პატარა გულების შესაყვარებელი. თუნდაც ბუჩაჩის სიზმარი რად ღირს, რომლის პოეტური სულისა დიდი მეზღაპრეებსაც შეშურდებოდათ კეთილი შურით. მოდი, დავაინტრიგოთ მკითხველი და ამ ლამაზი პროზის ციტირების მაგივრად, წიგნის წაკითხვის დაუოკებელი სურვილი გავუჩინოთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „იქ“ მოცვის ჩაით სავსე ჩაიდანი თუხთუხებს, ამიტომ დიდი მაგიური სიმყუდროვეა. ჯადოსნური და მყუდროო?! – მკითხავთ. დიახ, ასეა და ამ ორის შერწყმას მწერლური ოსტატობის გარეშე ვერავინ მოახერხებს.

ცხოვრების, წუთისოფლის, გნებავთ, ყოფიერების, თუნდაც ყოფის არსებობის მადლი რა არის? დიდი შერიგება, როგორც მიწიერი სამოთხე ან უფლის მიერ წარღვნის შემდეგ მოვლენილი ცისარტყელა, ნიშნად მიტევებისა, სინანულისა, სიყვარულის წინაპირობად რომ იქცევა ხოლმე ყოველთვის. „იდეები გვჭირდება! ყველამ თქვენი აზრი თქვით, ეს მოჩხუბარი ადამიანები ერთმანეთში როგორ მოვარიგოთ!“ – ეს, ისევ და ისევ, დიდი სიბრძნეების მფლობელი ბუჩაჩია ანუ ბუჩიკო, როგორც სიზმარში დედა ბუ მიმართავს („პლანეტები არ ვართ ერთმანეთისთვის, აბა, რა ვართ?“).

დამატყვევებელია ამ ლიტერატურული ზღაპრის მხატვრული მხარე, ფორმით თუ აზრობრივი სიღრმით, ორიგინალური ტროპებითა თუ იდიომებით:

„ხსოვნის სინაზისგან დაცვარული გული“;

„დუმილი ლოკოკინას კვალივით გაიწელა“;

„ჩიტებით აჭიკჭიკებული და ყვავილებით გადაპენტილი დღე“;

„ფარფარა, ბავშვის სუნთქვაზე გამჭვირვალე დღეები“;

„ჩვენი ხმები, ერთმანეთის პეპლებივით დამჭერი უსასრულო, ბრჭყვიალა, ხმაურიან სივრცეებში“;

„კიპარისების უკვდავ წიწვებზე აკრული ჩვენი თვალების ნაპერწკლები“;

„ყველა კარგი ბარათი კარგი მკითხველის ღირსია“.

ბარათების დამტარებელი კაცი ყველა მწერლის ალტერ ეგოა. ეს ბარათებიც, „ზამბახის ყვავილთა და ზღვის სუნით“ – მოწყვეტილი ვარსკვლავებია, რომლებიც ასე აღაფრთოვანებდა იმანუელ კანტს, ჩვენი ნუგეში და მოლოდინი… ჩვენი ცხოვრებაც სხვა რა არის, თუ არა „ჩიტის ბუდეების მცველობა, კენჭით აშენებული სასახლეები, განძით სავსე კუნძულების გამოგონება“, გულით სასურველის ნაფეხურები ოქროს ქვიშაზე და ეს ქვიშა – დ რ ო, ხელში ჩამოცრილ, ჩამოცლილი უძვირფასეს თუ უმტკივნეულეს მარცვალ-წამებად, ბოლოს ერთ წუთად დარჩენილი და თავმოყრილი.

წაიკითხეთ ეს მშვენიერი წიგნი – ერთი ადამიანი-ბავშვით მეტი, დიდი გახდებით!

ყოფითი სტატისტიკა ბავშვებისთვის

0

ჩემი შვილების კლასებში გოგოები უმცირესობაში არიან  – ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველ კერძო საბავშვო ბაღს ვარჩევდი უფროსი შვილისთვის, მითხრეს, რომ ოჯახებს ბიჭების განათლებაში ფულის გადახდა ბევრად უფრო საჭირო საქმედ მიაჩნიათ, ვიდრე გოგოების.

 

ჩემი შვილების მასწავლებლების უმეტესობას ახალგაზრდა აღარ ეთქმის, გამოცდილები და სოლიდურ ასაკს მიღწეულები არიან  – სკოლებში ახალგაზრდა კადრების მიზიდვა წლიდან წლამდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. 30 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც მასწავლებლობას იწყებენ, ამ პროცესიაში იშვიათად თუ რჩებიან დიდხანს – დღეს საქართველოში ყველაზე მცირე ხელფასი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ.

 

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში ყოველდღიურად 7-8 საათს ატარებენ, სტანდარტული ხუთწუთიანი დასვენებების გარდა მხოლოდ ორი თხუთმეტწუთიანი შესვენება  აქვთ – ეს დრო საკმარისი არ არის არც კვებისთვის, არც კომუნიკაციისთვის და, მით უმეტეს, არც მეგობრობისთვის – სკოლას ხომ, გარდა სასწავლოსი, სოციალური ფუნქციაც აქვს. ასეთი დღის რეჟიმი კი სოციალიზაციისთვის სივრცეს თითქმის არ ტოვებს.

 

იმ პატარა სკვერში, რომელსაც სახლიდან სკოლამდე მიმავალ გზაზე თითქმის ყოველდღე ვკვეთთ, ცოტა ხნის წინ ოცდაათამდე სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს – საჯარო სივრცეებს სრულიად აკონტროლებს სახელმწიფო. არც ბავშვებმა და არც უფროსებმა არ იციან, როგორ გროვდება მათ შესახებ პერსონალური მონაცემები და სად მიდის ეს ინფორმაცია.

 

თითქმის სამასბავშვიან სკოლაში მხოლოდ ჩემი შვილები დადიან ველოსიპედით – მწვანე ტრანსპორტთან დამეგობრებამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

 

ჩვენს ქუჩაზე დიდი და მწვანე ეზო მხოლოდ ერთ სახლს აქვს – აქ რომ დავსახლდით, ამ ეზოში საბავშვო მოედანიც იყო და სტადიონიც.  ქალაქის მთავრობამ რამდენიმე წლის წინ მათი განახლების პირობა დადო, მაგრამ სულ ტყუილად – ერთადერთი, რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთეს, ისეთი კორპუსის აშენების ნებართვის გაცემაა, რომელმაც შეიძლება ამ სტადიონის სივრცე ჩაყლაპოს – ბავშვებისთვის უსაფრთხო მწვანე სივრცეები ამ ქალაქში უფრო და უფრო მცირდება და რაც არის, ისიც ძალიან ერთფეროვანი, მოსაწყენი და ხშირად მოუვლელია.

 

რიცხვებით ბავშვების გართობა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, როცა გრძელი გზა გვქონდა გასავლელი ან საცობებში ვიჭედებოდით, ვთავაზობდი, დაეთვალათ, როგორი სახლი უფრო მეტი შეგვხვდებოდა – ძველი თუ ახალი, მანქანებში რა ფერი ჭარბობდა, გზის პირას ჩამწკრივებული იდენტიფიცირებადი ბიზნესებიდან რა უფრო მეტი იყო – მაღაზია, აფთიაქი, საცხობი თუ რამე სხვა, ქვეითად მოსიარულეებს, რომლებიც ძაღლებს ასეირნებდნენ, რა ჯიშის ოთხფეხა მეგობრები ყავდათ და ა.შ. თავიდან ეს პრიმიტიული და ზედაპირული თვლა იყო, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდით, რომ გარემოს ამ გზით “აღწერა” საკმაოდ საინტერესო სურათს გვაწვდიდა იმ რეალობის შესახებ, რომელშიც ვცხოვრობდით, რაოდენობრივ აზროვნებასაც ავითარებდა და მონაცემების ანალიზის მარტივ უნარებსაც. მე, რომელსაც სკოლაში მათემატიკა არ მიყვარდა, მაგრამ ახლა რიცხვებს ზოგჯერ ადამიანებზე მეტადაც კი ვენდობი, ვცდილობ, ბავშვებს ვასწავლო მყარი არგუმენტებით მსჯელობის ხელოვნება და რეალობაში ისეთი ტენდენციების დაჭერა, რომლებიც შესაძლოა მოუხელთებელი ან შეუმჩნეველი იყოს სხვებისთვის.

სტატისტიკასთან  მეგობრობა ორივე გზაზე სასარგებლო რამაა – საინტერესოა იმის ყურებაც, მცირე პრაქტიკის შემდეგ როგორ იწყებენ ბავშვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, იმაზე დაკვირვებას, რამდენი სახეობის ცხოველია ჩვენი ქალაქის ზოოპარკში, დღის განმავლობაში რამდენ დროს ატარებენ გარე სივრცეში, როგორია მათ დღიურ რაციონში ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და ცომეულის წილი, რომელ საგანში რამდენი ხანი სჭირდება საშუალოდ დავალებების შესრულებას, როგორი დაშორებით ცხოვრობენ სკოლიდან მათი მეგობრები, რამდენი ქუჩაა ისეთი, სადაც უსაფრთხოდ შეიძლება ველოსიპედით სიარული, რამდენ პარკშია სკეიტებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცე, როგორ ნაწილდება საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებს შორის, რა მცენარეები ხარობს თბილისში, რამდენი წიგნის საყიდლად არის საკმარისი ის ფული, რომელსაც ბებია და ბაბუა პენსიის სახით იღებენ, რამდენი თვის ხელფასია საჭირო იაპონიაში ორი კვირით დასასვენებლად, რომელი ფრინველები შეიძლება შეხვდეს ადამიანს თბილისში და ასე შემდეგ.

აბრეშუმის ჭიის ამბავი

0

ისეთი დროც იყო, აბრეშუმის ჭიას ვამრავლებდი. ერთ ზაფხულს, ბებიასთან სტუმრობისას, მეზობელმა მიწილადა თავისი ჭია და მეც დიდი გულისყურით ვუვლიდი. ჭიების ოთახში მუდამ ხრაშუნი იდგა – თუთის ფოთლებს მიირთმევდნენ. თავიდან სულ პაწაწინები იყვნენ, მერე დასუქდნენ, ბოლოს მრგვალი პარკები მოიქსოვეს და შიგნით შეიმალნენ. ბებომ ამიხსნა, რომ ცოტა ხანში ჭიები პეპლებად ქცეულები გამოვიდოდნენ პარკიდან. მხოლოდ ორი ცალი დავიტოვე ცნობისმოყვარეობის გამო. დანარჩენი ბებომ მეზობელს ჩასაბარებლად დაუბრუნა. მოგვიანებით იმ ორი პარკიდან სასაცილო პეპლები გამოიჩეკნენ.

ერთხელ იმპერატორ ხუან-ძის მეუღლემ თუთის ძირას ჩაის დალევა მოისურვა. უცებ ხიდან ფინჯანში რაღაც მრგვალი თეთრი საგანი ჩავარდა. სანამ იმპერატორის ცოლი გონს მოვიდოდა და იდუმალ საგანს ფინჯნიდან ამოიღებდა, ის გაფუვდა და იქცა წებოვან მასად, რომელიც ძაფებად იშლებოდა. ქალმა ძაეს ფები ქმარს აჩვენა. იმპერატორმა ცოლს ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა დაავალა. ქალმაც არ დააყოვნა, მოაგროვა ჭიის პარკები, მოიმარაგა თუთის ფოთლები და დაკვირვებას შეუდგა. ისწავლა ძაფის მიღება, მერე კი ეს ძაფები ქსოვილად აქცია.

ლეგენდის თანახმად, ასე გაჩნდა აბრეშუმი. თუმცა არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნიმუშები ხუან-ძის ზეობაზე გაცილებით ადრეული პერიოდით თარიღდება.

ნატურალური აბრეშუმი განსაცვიფრებლად მდგარდი ქსოვილია. მართალია, სიცხის ეშინია, მაგრამ თუ გრილ და ბნელ ადგილას შეინახავთ, განუსაზღვრელად დიდხანს გაძლებს. მისი უძველესი ნიმუშები 4000 წლისაა. ჩინური დამწერლობის უძველეს ნიმუშებზე ჭიის პარკისა და პეპლის აღმნიშვნელი იეროგლიფებიც არის შემონახული.

ჩინელებმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს და მწერი მოიშინაურეს. ამის სულ ორი პრეცედენტი არსებობს: ფუტკარი და აბრეშუმის ჭია. მოშინაურება გულისხმობს პრინციპულად ახალი სახეობის გამოყვანას, რომელიც ველურ ბუნებაში ადამიანის გარეშე ვერ იარსებებს.

აბრეშუმის ჭია ჭამს თუთის ფოთოლს, იზრდება და 7 სმ-ს აღწევს. ამ ხნის განმავლობაში ის თავისივე ნერწყვისგან ქსოვს პარკს, რომელიც ჰაერზე მყარდება. ბოლოს თავადაც ამ პარკში თავსდება და პეპლად ქცევისთვის ემზადება.

როდესაც ჩინელები ველური ჭიის პარკებს აგროვებდნენ, პეპლები უკვე გამოსული იყვნენ იქიდან. გამოსასვლელად ისინი პარკს გლეჯდნენ და ძაფის ხარისხიც იკლებდა. ჭიის მოშინაურების შემდეგ კი პარკებს უკვე მანამდე ყრიდნენ მდუღარე წყალში, სანამ პეპელა გამოსვლას მოასწრებდა. ცხელ წყალში პარკი რბილდებოდა და მისგან უწყვეტი ძაფის მიღება იყო შესაძლებელი.

ჩინეთში აბრეშუმი ვალუტის დანიშნულებასაც ასრულდებდა. მაგალითად, ჩინოვნიკებს გასამრჯელოს აბრეშუმით უხდიდნენ. ქალებს მზითვად აბრეშუმს ატანდნენ. მეზობელი ქვეყნების მეთაურებს საჩუქრად აბრეშუმს უძღვნიდნენ. აბრეშუმით ყიდულობდნენ აზიურ ბედაურებს. აბრეშუმის პერანგები ეცვათ ჯარისკაცებს, რადგან ეს ქსოვილი არა მხოლოდ ლამაზი და რბილი, არამედ ფოლადივით მტკიცეც იყო და ფაქტობრივად დამატებითი აბჯრის როლს ასრულებდა. ხმალი თუ ისარი აბრეშუმს ვერ გლეჯდა და მისიანად შედიოდა ჭრილობაში, რისი წყალობითაც მეომარი ინფექციისგან დაზღვეული იყო.

აბრეშუმის წარმოების ტექნოლოგიას ჩინელები საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ თავად ქსოვილმა ნელ-ნელა გაიკვალა გზა ევროპისკენ – იმპერატორის სასახლიდან ჩინეთის დიდ კედლამდე, იქიდან – თაკლამაკანის უდაბნოში და პამირის უღელტეხილზე, ტიან-შანის გასწვრივ, სამარყანდსა და ბუხარაში, იქიდან – სპარსეთსა და მცირე აზიაში, საბოლოს – ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისკენ. ასე გაიჭიმა 6500 კმ სიგრძის სავაჭრო მაგისტრალი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აბრეშუმის დიდი გზა უწოდეს.

ქიმიური აგებულების მიხედვით, აბრეშუმს ცილოვანი შემადგენლობა აქვს. აბრეშუმის ჭიის პარკი შედგება უწყვეტი ძაფისგან, რომლის სიგრძე დაახლოებით 1 კმ-ის ტოლია. ძაფის შიგნითა ნაწილი შედგება ფიბროინისგან, რომელიც ფიბრილურ ცილას წარმოადგენს, ხოლო ზედაპირი – ცილა სერიცინისგან, რომლის მეშვეობით ძაფის ცალკეული ნაწილები ერთმანეთს ეწებება და შედეგად პარკი ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ფორმას. სერიცინი, ფიბროინისგან განსხვავებით, კარგად იხსნება წყალში, განსაკუთრებით – სუსტ ტუტე ხსნარებში, ამიტომ ფიბროინის გამოყოფა სუფთა სახით ადვილია.

ავიღოთ აბრეშუმის პატარა ნაჭერი და დავწვათ. ვიგრძნობთ დამწვარი ცილის სუნს. ეს ცილა ფიბროინია. ის არც წყალში, არც ბენზინში, არც სპირტსა და აცეტონში არ იხსნება. სამაგიეროდ, შეგვიძლია, სპილენძის ამიაკურ ხსნარში გავხსნათ.

სპილენძის ამიაკური ხსნარის მოსამზადებლად შაბიამნის ხსნარს ვუმატებთ ნიშადურის სპირტს. ჯერ გამოიყოფა სპილენძის ჰიდროქსიდის ნალექი, რომელიც ჭარბი ამიაკის თანაობისას გაიხსნება და წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთი. თუ ამ ხსნარს დავუმატებთ ცოტაოდენ ნატრიუმის ტუტეს და ცოტაოდენ გლიცერინს, მივიღებთ სპილენძის ამიაკურ ხსნარს, რომელშიც უნდა გაიხსნას აბრეშუმი.

ხელოვნური აბრეშუმი მასში ვერ გაიხსნება.

ხელოვნურ აბრეშუმზე ფიქრი პირველად რობერტ ჰუკმა დაიწყო. 1665 წელს იგი წერდა: „ხშირად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გამოინახოს გზები ისეთი წებოვანი მასის მისაღებად, რომელიც აბრეშუმის ჭიის წებოვანი მასის მსგავსი იქნება. როცა ასეთი მასა გვექნება, მისგან ძაფის მიღებას იოლად მოვახერხებთ“. სამოცდაათი წლის შემდეგ იგივე მოსაზრება გამოთქვა ფრანგმა ფიზიკოსმა და ბიოლოგმა რეომიურმა, ხოლო 1883 წელს ინგლისელმა სვენიმ პირველად მიიღო ხელოვნური ძაფი. 1885 წელს ინგლისში, სამრეწველო გამოფენაზე, წარადგინეს ამ ძაფისგან მოქსოვილი საწოლის გადასაფარებლები და ხელსახოცები. სვენის პირველი ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ ფრანგებმა გილიარმა და შარდონემ ჩამოაყალიბეს სააქციო საზოგადოება ამ მეთოდის სამრეწველო მასშტაბით დანერგვისთვის. 1891 წელს ბეზანსონში ამუშავდა მსოფლიოში პირველი ხელოვნური ბოჭკოს ქარხანა, რომელიც ე.წ. ნიტროაბრეშუმს ამზადებდა.

ადრინდელ სტატიაში ჰუკის აბრეშუმის ექსპერიმენტი გაგაცანით. ამჯერად ბუნებრივი აბრეშუმის ჭიის პარკი ავიღოთ და მისგან ფიბროინი გამოვყოთ. ოღონდ, ვინაიდან  ჭიის პარკი იოლი საშოვნელი არ არის, ამ ყველაფრის წარმოსახვით გაკეთება მოგვიწევს.

პარკს წონიან ანალიზურ სასწორზე (ჭიას წინასწარ ამოიყვანენ), ათავსებენ 100 მლ-იან ჭიქაში და ამატებენ 50 მლ კარბონატ-ჰიდროკარბონატულ ბუფერულ ხსნარს (ნატრიუმის კარბონატისა და ჰიდროკარბონატის 0,5M ხსნარების თანაბარი მოცულობის ნარევს). ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში. სითხის ნაწილი გადააქვთ სინჯარაში და ბიურეტის სინჯის (აიღეთ საკვლევი მასალა და დაამატეთ ნატრიუმის ტუტის 30%-იანი ხსნარის 2-3 წვეთი, მოურიეთ და დაამატეთ სპილენძის 1%-იანი ხსნარი იმავე მოცულობით. თუ საკვლევი ხსნარი ცილაა ანუ პეპტიდურ ბმებს შეიცავს, ხსნარი მოიისფრო შეფერილობას მიიღებს) მეშვეობით ადგენენ ხსნარში ცილა სერიცინის არსებობას. დანარჩენ სითხეს გადაწურავენ და გადაასხამენ. ფიბროინს გამოხდილი წყლით სამჯერ ჩარეცხავენ. მოათავსებენ საათის მინაზე და საშრობ კარადაში (60 გრადუსზე ცელსიუსით) გამოაშრობენ. გაცივებულ ფიბროინს წონიან სასწორზე. ბოლოს გამოითვლიან ფიბროინისა და სერიცინის მასურ წილს პარკში.

ახ. წ. მეოთხე საუკუნეში იაპონელებმა ჩინური აბრეშუმის საიდუმლოც გაიგეს და აბრეშუმის მქსოველი ოთხი ქალიც გააყოლეს ხელს. მეექვსე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინემ ჩინეთში მისიონერებად გადაცმული სამი ჯაშუში შეაგზავნა, რომლებმაც არა მხოლოდ საიდუმლოს გაგება მოახერხეს, არამედ აბრეშუმის ჭიის კვერცხების გამოტანაშიც იმარჯვეს. შედეგად ბიზანტიაშიც დაიწყო საკუთარი აბრეშუმის ერა.

მერე კი აბრეშუმის წარმოებამ გზა გაიკვალა იტალიისა და საფრანგეთისკენ. ლიონში აბრეშუმის ქსოვის მთელი ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელსაც მასალით პროვანსი ამარაგებდა.

მეცხრამეტე საუკუნეში აბრეშუმზე მოთხოვნამ იკლო. იმდროინდელმა მმართველმა კლასმა აბრეშუმი გადაიყვარა. 1770-1826 წლები მოდის სამყაროში „დიადი მამაკაცური უარის“ სახელით არის ცნობილი. სწორედ ამ პერიოდში თქვენს კაცებმა უარი შუა საუკუნეების აბრეშუმისგან შეკერილ უცნაურ სამოსსზე, რომელიც ზედმეტად იყო დატვირთული სხვადასხვა დეტალებით და სადად შეკერილი კოსტიუმები არჩიეს. სამაგიეროდ, აბრეშუმისგან პარაშუტების კერვა დაიწყეს, რადგან ეს ქსოვილი, როგორც გითხარით, ფოლადივით მტკიცეა.

მოგვიანებით, როცა პოლიმერების ეპოქა დადგა, მასობრივად დაიწყო ხელოვნური აბრეშუმისმაგვარი ქსოვილების გამოყენება, თუმცა ნატურალურ აბრეშუმს მაინც ვერაფერი შეედრება, რადგან ამ პატარა ბუთქუნა ჭიის ნერწყვში არის რაღაც განუმეორებელი, რომლის ხელოვნურით ჩანაცვლება ვერ ხერხდება!

ილიას „განდეგილის“ მწყემსი ქალის სახის გარშემო

0

ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მწყემსი ქალის მხატვრული სახე მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების ობიექტი ყოფილა. მასში ზოგი სრულქმნილ არსებას ხედავს, ზოგი – მაცდურს, სატანისეულს. პოემის ფინალში, როცა ღვთის სასწაულისა და მადლისგან განძარცული მეუდაბნოე სულს განუტევებს, მწყემსი ქალი აღარ ჩანს. ავტორმა მასზე ფიქრი ჩვენ მოგვანდო. მსურს, გაგიზიაროთ ჩემს ფიქრებში გაცოცხლებული მწყემსი ქალის სახე. მსგავსი დავალება შეგვიძლია, მოსწავლეებს მივცეთ კომპლექსური დავალების სახით. მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვანაირი განვითარება მოუძებნონ პოემის ფინალიდან გამქრალი პერსონაჟის თავგადასავლებს.

მწყემსი ქალის ფიქრები განდეგილზე:

ყველას ჰგონია, რომ ჩვენს საუკუნეში გლეხები წერა-კითხვის უცოდინრები ვართ, მაგრამ ასე არაა. ეს მაშინ იყო, 1861 წლამდე, სანამ ილია სამშობლოში დაბრუნდებოდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შექმნიდა. ახალი საუკუნე ახლოვდება, ქალაქური ცხოვრება მალე დაიპყრობს ყველაფერს. რკინიგზები გაჰყავთ და ფაბრიკა-ქარხნებს აშენებენ. სამყარო მალე შეიცვლება. მე და მამა ჯერ ისევ ცხვრებს ვმწყემსავთ ყაზბეგის მთიანეთში, მაგრამ ორივე ვხვდებით, რომ გვიახლოვდება რაღაც ახალი. წერა-კითხვა მამას პაპამ ასწავლა. პაპა მღვდელი იყო, მაგრამ ბეთლემის გამოქვაბულის განდეგილივით არ ჩაკეტილა, ხევის სოფლებში დადიოდა, ქადაგებდა, წერა-კითხვას ასწავლიდა ყმაწვილებს. მამასაც შეაყვარა წიგნები. ბიბლია და „ვეფხისტყაოსანი“ მამამ ზედმიწევნით კარგად ისწავლა და ცხვარშიც თავისი ბიბლიოთეკა მიაქვს. წიგნები არ იშოვება, სამწუხაროდ, თორემ წაუკითხავს არაფერს დავტოვებდით მე და მამა. ილიას „ივერია“ ჩამოაქვს ხოლმე მამას თბილისიდან და კი არ ვკითხულობთ, ვნთქავთ ორივე. ან რა ლექსები და პოემები იბეჭდება, ან რა წერილებს წერს ჩვენი ილია?! მარტო მისი „შინაური მიმოხილვა“ რომ წაიკითხო, ყველაფერს გაიგებ, მთელი საქართველოს სატკივარს, სად ვის რა აწუხებს. საიდან მისდის ამ საოცარ კაცს ეს ამბები? თუმცა რა? როცა რაღაც გწყურია, სამყარო იმას გიგზავნის, ახალ მზერას გიხელს.

კითხვის მოყვარული ადამიანი ხარბია სამყაროს შემეცნებაში. იმ ღამესაც, ბეთლემის გამოქვაბულში რომ აღმოვჩნდი ჩემდა უნებურად, ზეციური სასწაულით ვერ დავიოკე სული და ამან მიმიყვანა იმ უბედური ბერის სავანემდე. ნეტავ ასე არ ყოფილიყო და იმ ქვაბში არ შევსულიყავი. არ გამეცნო ის ბედკრული კაცი.

მამამ თქვა, აქ ადრე ერთი ასკეტი ბერი იყო, რომელთანაც მწყემსი ქალი შევიდა და ბერი აცდუნაო. ბერმა ეს თავს ვერ აპატია და გული გაუსკდაო. ახლა ახალი მეუდაბნოე ბერი დადგა იქ და ლოცვაში ათენ-აღამებსო. ღვთის ძალას და ხევის მიწის მადლს ვფიცავ, გულში არაფერი გამივლია, იმ მწყემსი ქალის ვნებების მსგავსი. ან რანაირად შეიძლებოდა? მე მხოლოდ თავი უნდა გადამერჩინა იმ საღამოს. ცხვარი კი დავღუპე.

ეს იყო სასწაული… დაისის მეტი რა მინახავს მთაში? მზის ჩასვლას თან მიჰყვება ხოლმე ჩემი სული. მზე ხომ სულეთში ჩადის ჩვენს მიცვალებულებთან! დედასთან ვატან ჩემს სურვილებს მკვდართა მზეს, მაგრამ იმ საღამოს ეს ენით აღუწერელი სანახაობა იყო… მზე ჩადიოდა მთელი მედიდურობით, მისი ოქროსფერი შლეიფი ნელ-ნელა მეწამული გახდა, მაგრამ იმდენ ფერს ირეკლავდა, გავშტერდი. რამდენნაირი წითელი კრთოდა ცაზე, ნელ-ნელა ლურჯდებოდა, შავდებოდა. ისე მომნუსხა ნანახმა, ყველაფერი დამავიწყდა, გონება გაითიშა და სული ჩამავალ მზესთან ერთად სულეთში მიფრინავდა თითქოს. ვიღას ახსოვდა ცხვარი ან თავი? და უცებ… ასე წამებში ის ოქროსფერ-მეწამული სიდიადე როგორ იქცა კუპრივით შავ ჯოჯოხეთად, ვერ ამიხსნია! ცხვარი წამებში გაფრთხა. ფარის განწირული ბღავილი იმ ჯოჯოხეთურ გრუხუნში დანაწევრებულ ბგერებად აღწევდა ჩემამდე. ისე დაბნელდა, ვერაფერს ვხედავდი. საით წავსულიყავი? იელვა და გზას დავადექი. ტყვეობიდან გაპარული დავით გურამიშვილის სასოწარკვეთილი ფრაზები მიტრიალებდა თავში: „ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა“… „მივადეგ კარს მთა-ხვრელს ლოდგაძრობილსა“… „ვმადლობდი მხოლოდშობილსა“… აბა, სხვას ვის უნდა ვუმადლოდე, რომ იმ წყვდიადში ელვის კლაკნილებს მივუყვებოდი, გზა ამერია, მონასტრის ზღუდეს მივადექი და ჩემი ხსნის მაცნე, ჯაჭვი მომხვდა ხელთ… მამა ხშირად მიამბობდა ბეთლემის გამოქვაბულის მკვიდრ განდეგილზე და სულ მიკვირდა: ღმერთო, ამ ცის თაღამდე ასროლილი ყინულეთში რა უნდა ადამის ნაშიერს? ნუთუ უფალს რომ ლოცვა გავაგონოთ, საამისოდ ცაში ფიზიკურად ასვლაა საჭირო? მაგრამ ამ ცხოვრებისას ჩვენ რას გავიგებთ? ყველას თავისი გზა აქვს. იმ უბედური განდეგილის სათნოებებში ჩემი ხსნა ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი იქნება. განწირული ხმით ვკიოდი. მწირი თავიდან არ მიშვებდა, ალბათ ეშმაკის მოციქული ვეგონე. რამდენჯერმე მკითხა, „ვინა ხარ, კაცი თუ მავნე, აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“. არ ვიცი, იმ სენაკში წლობით ყოფნაზე საშიში რა უნდა იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ განდეგილი უცნაურად შეცბა, როცა ცეცხლის შუქმა სენაკი გაანათა და ჩემი სახე დაინახა. ვიფიქრე, ალბათ კაზლოვის „შეშლილის“ მთავარი პერსონაჟივით გამოვიყურები-მეთქი, ილიამ რომ ასე გაათახსირა, რევაზ ერისთავის თარგმანზე როცა წერდა. მარტო სველი კი არა, ერთიანად დამზრალი ვიყავი. ცეცხლი უკვე მინავლული იყო. ალბათ დაძინებას აპირებდა. შეშა ვთხოვე. თან წარმოვიდგინე, როგორ წვალობდა, რომ ამ ჯაჭვის კიბით შეშა აეზიდა. დავპირდი, ოღონდ ახლა გავშრე და გავთბე და ხვალ შეშას მე ამოგიტან-მეთქი. ესეც ეუცნაურა. არ სურდა ადამიანებთან არანაირი კავშირი. მიკვირდა ეს ამბავი, ისე მიკვირდა, რომ კითხვები დავაყარე. ჩემთვის ყველაზე უცნაური აი, რა იყო: ის ამბობდა, რომ სული წუთისოფლის ტყვეა და სამყარო თავისი მშვენიერებით, საყვარელი ადამიანები, მშობლიური გარემო მისთვის მხოლოდ ბორკილებია. გაოგნებულს ეს კითხვა აღმომხდა: „მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით, ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?“ მისი პასუხი კი მოულოდნელი იყო: „ხსნა ყველგან არის, ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე… უბედურსა“… ეს უკანასკნელი სიტყვა კენჭივით დავარდა ქვის იატაკზე. მწირმა მიმოიხედა და მის მზერაში ისეთი უმწეობა, ისეთი სასოწარკვეთილება ვიგრძენი, გული დამეთუთქა. ეს ადამიანი მეცოდებოდა და მიყვარდა. არა, არა, არ იფიქროთ, რომ მასში კაცს ვხედავდი, ჩემს ტოლსა და სწორს… უბრალოდ, ადამიანურად, ეს სათნო სახე, ეს ჩამქრალი თვალები, ეს გაძვალტყავებული სხეული მებრალებოდა ისე, რომ მეგონა ცეცხლის ალი შემინთეს გულში… სულო ცოდვილო, ისიც კი გავიფიქრე: ასე მყინვარივით რომ არ იყო, წაგიყვანდი ჩემთან და გაბრიელ სალოსივით სამზეოზე დაიწყებდი ღვთისმსახურებას, სასწაულმოქმედებას. მე აგიყვანდი მთაზე სამწყემსურში და ერთად დავტკბებოდით დაისის სასწაულით, ჩიტების ჭიკჭიკით, ხეების შრიალით, ხოლო როცა სოფელში ვინმეს განსაცდელი დაატყდებოდა, მე და შენ მივიდოდით იმედის მზის სხივად… როგორ უთხრა ადრე ჩაფერფლილმა ტატო ბარათაშვილმა თავის სატრფოს? „მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო, საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო. მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი, მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი, რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი”…

ღმერთო, რამდენი მიოცნებია, ჩემი საწყალი ხალხისთვის მესია-გმირი ვყოფილიყავი, შემძლებოდა სასწაულმოქმედება, კურნება, გაჭირვებულთათვის ხელის გაწოდება. როცა ილია პეტერბურგიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, განა ამაზე არ ოცნებობდა: „მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო“…

ეს ყველაფერი კი გავიფიქრე, მაგრამ, იცის ღმერთმა, განდეგილისადმი ვნება გულში არ გამივლია. მე რომ ამ ფიქრებში ვიყავი, ის ღვთისმშობლის ხატის წინ იყო დამხობილი და გულმხურვალედ ლოცულობდა, მაგრამ თან მეჩვენებოდა, რომ ენა ებმებოდა.

მამაჩემსა და დაღუპულ ცხვარზე დარდმა, გადატანილმა შიშმა, დაღლილობამ თავისი ქნა. სველი კაბა და თმები გამიშრა. ცეცხლის პირას მკვდარივით ჩამეძინა.

მეზმანა: გამოქვაბულის ზღუდესთან ვიდექით მე და განდეგილი. ღია კარებში ვიყურებოდით, დაბლა ჩასვლა გვსურდა, მაგრამ ჯაჭვის კიბე სადღაც გამქრალიყო. გარეთ მზე ჩახჩახებდა და ტყიდან ყვავილების გამაბრუებელი სურნელი მოჰქონდა ნიავს. გუგულის ხმა საამურად ისმოდა ტყის შრიალში. უცებ გამოქვაბულს ქუნქულა ღრუბელი მოადგა, მოადგა კი არა, ნავივით მოცურდა. განდეგილმა უცებ ხელში ამიტაცა და ღრუბლის ნავში ერთად გადავეშვით. ეს ისეთი საამური განცდა იყო. ღრუბელს მუშკისა და დარიჩინის გამაბრუებელი სურნელი ასდიოდა. ღრუბლის ნავი ჯერ ცაში აიჭრა. განდეგილმა ხელი მომხვია და თვალებში ჩამხედა. სადღა იყო მისი მცხრალი თვალები? ახლა მის მზერაში ვარსკვლავები კიაფობდნენ. გაოცებული შევყურებდი და ვფიქრობდი: ნუთუ ეს ის კაცია, ცოცხლად მკვდარი ლეშივით რომ დამხვდა წარღვნას გადარჩენილს. ის ჩემკენ გადმოიხარა და გაშმაგებული მკოცნიდა. თავიდან გავუძალიანდი, მაგრამ ეს კოცნა ისეთი ტკბილი იყო, ისეთი უცოდველი, ისეთი მათრობელა…

მაშინ გამოვფხიზლდით, როცა დაბლიდან ადამიანთა ხმები მოგვესმა. ღრუბლის ნავიდან გადავიხედეთ. ჩემი სოფლის გზაზე ვიყავით. მამაჩემი ჩემკენ მოემართებოდა. საოცარი შვება ვიგრძენი. გამომეღვიძა. გათენებულიყო. სენაკში მზის სხივი უღონოდ იპარებოდა. სასწრაფოდ წამოვდექი. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ განდეგილი არსად ჩანდა. მასზე ფიქრის დრო არ მქონდა. ვიფიქრე, რომ ტყეში წავიდოდა კენკრის მოსაგროვებლად. ის ხომ ჩიტივით მხოლოდ ტყის კენკრითა და ველური ხილით იკვებებოდა? სიზმრით დამფრთხალმა ჯაჭვის კიბე რომ ვიხილე, გამიხარდა, სასწრაფოდ დავეშვი და გიჟივით გავრბოდი სოფლისკენ, რომ ჩემი საწყალი მამა გამეხარებინა! მე ხომ უვნებელი გადავურჩი წარღვნას!

მამაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ცხვარზე არ დარდობდა საერთოდ. ბიძაჩემმა დაამშვიდა: ნუ დარდობ, დათა, მთავარია ბალღი გადაგირჩა. ოც სულ თოხლს მე გაჩუქებ ჩემი ფარიდან. შენ და შენი თეკო ისეთი ყოჩაღები ხართ, ოც სულს სულ მალე ორასად აქცევთო.

მამა მადლიერი იყო განდეგილის.

  • წამო, შვილო, ხორბალი და საზედაშე ღვინო ავუტანოთ. სხვა მაინც არაფერი უნდა იმ დალოცვილს, თანაც შეშას ბლომად ავუტან, შემოდგომა ძალაში შედის და ზამთარში როგორ აიტანს ქვაბში შეშას ის უბედური?!

ნეტა არ ავსულიყავით მე და მამა ბეთლემის მღვიმეში. ზღუდის ძირას ბევრი ვეძახეთ, მაგრამ ვერაფერი გავაგონეთ. კარი ღია იყო და მამა დაეჭვდა. ავად ხომ არ გახდა, ხომ არ დაუძლურებულაო? ჯერ მე ავედი და მამაც გამომყვა. გულგახეთქილი შევვარდი სენაკში. მწირი სარკმლის მხარეს ეგდო ქვის იატაკზე. მარცხენა ხელი თავთან ედო, თითქოს თავში უნდა წაიშინოსო, ხოლო მარჯვენაში ლოცვანი ეპყრა. სული ვერ მოვითქვი. ცრემლებმა დამახრჩო. არ მეგონა, თუ მიცვალებულთან ერთად იმ უკაცრიელ ქვაბში გაჩერება შემეძლო, მაგრამ მასთან სიახლოვის არ მეშინოდა, მინდოდა გაყინულს ჩავხუტებოდი, გამეთბო და გამეცოცხლებინა.

მამა სოფლისკენ დაეშვა და მეზობლები ამოიყვანა. მწირის ოჯახი მალე მოძებნეს მამამ და ბიძაჩემმა. ღვთისმშობლობა დღეს გაასვენეს მამა ათანასე. ალბათ იესოს მოწყალე დედამ გულში ჩაიკრა თავისი წამებული შვილობილი. ამ წუთისოფელში, ღვთისმშობლის ხატის გარდა, არც არავის ახსოვდა ის უბედური. დამარხეს მამა ათანასე სოფლის სასაფლაოზე, ხის სამლოცველოს სიახლოვეს, სადაც ყველას შეეძლო ცოცხლადვე დამარხული ასკეტის სახელის ამოკითხვა. ხშირად ავდივარ მის საფლავზე. კანკეშებს ან გულყვითელებს დავუკრეფ ხოლმე, სანთელს დავუნთებ, ჩამოვუჯდები საფლავზე და ვესაუბრები. ალბათ ახლა უფრო ცოცხალია მამა ათანასე სოფლისთვის. სიცოცხლეში ის მკვდარი იყო.

ოლია – გვიმრის ყვავილი

0

– უკაცრავად, შეიძლება წიგნი გამოვცვალო?

– რა სჭირს?

– როგორც ჩანს, ვიღაცას დიდხანს ჰქონდა ერთ გვერდზე გადაშლილი.

 

ცოტა ხნის წინ ერთი ლამაზი წიგნის პრეზენტაციაზე ასეთ საუბარს მოვკარი ყური და თავადაც 89-ე გვერდზე ცირცელის წითლად დახუნძლულ ტოტს, ზედ შემომჯდარი შავი ჩიტით, თვალს ვერ ვწყვეტდი. იქვე ამოვიკითხე, რომ ნაყოფს ყინვის მერე კრეფენ, მასზე ბევრი სიმღერაც არსებობს და ყოველდღე სამი ცალიც რომ შეჭამო, ზამთარში ვირუსი აღარ მოგეკარება.

„ჯავახეთის მლხენელები“ ილუსტრირებული წიგნია, სადაც ნინოწმინდის სოფლებში საველე კვლევის შედეგად შეკრებილი ამბებია თავმოყრილი. ეთნოგრაფებისგან, ეთნობოტანიკოსებისგან, მხატვარ-ილუსტრატორებისგან და ფოტო-ვიდეო ხელოვანებისგან შემდგარმა ექსპედიციამ 25 სამკურნალო მცენარის შესახებ არსებულ ხალხურ ცოდნას მოუყარა თავი. პროექტის ავტორის, ნინი ხუროშვილის თქმით, „აჭარელი მლხენელების“ შემდეგ ეს მათი გუნდის მიერ მომზადებული მეორე წიგნია. კრებული, ასევე, შეიცავს ექსპედიციის დღიურს, საველე კვლევის რუკასა და ისტორიულ მიმოხილვას ნინოწმინიდის ეთნიკურ-რელიგიურ მრავალფეროვნებაზე.

30-მდე დუხობორი, სომეხი, აჭარელი და მესხი მლეხნელებისგან მოსმენილ ამბებს გამოცდილებაც აერთიანებს და რწმენაც, რომ არ არსებობს დაავადება, რომელიც არ იკურნება და არც მცენარე არსებობს, რომელსაც განკურნების უნარი არ გააჩნია. საიდან იციან ეს ყველაფერი? ლეგენდის თანახმად, გვიმრა ტყის ყველაზე ჯადოსნურ ადგილას იმალება და წელიწადში ერთხელ მხოლოდ მზებუდობის ღამეს ყვავის. ვინც მას იპოვის და მოსწყვეტს, განსაკუთრებული სიბრძნით დასაჩუქრდება და მლხენელი გახდება. გორელოვკელებს ისიც სწამთ, რომ ოდესღაც ერთმა მოხუცმა მკურნალის ცოდნა სწორედ გვიმრის ყვავილის მეშვეობით შეიძინა.

წიგნიდან შეიტყობთ, რომ აბზინდას, ბალბას თუ დაფნას როგორც სამკურნალოდ, ისე  ავი სულებისგან დასაცავად იყენებენ; ასკილს მოყინვამდე აგროვებენ; უკვდავას უფესვოდ იღებენ; ბაბუაწვერას ყვავილებისგან თაფლს ამზადებენ; ბეგქონდარა ჩაის დილაობით სვამენ; გვირილას შეყვარებულის დასაბრუნებელ რიტუალებშიც მიმოაბნევენ; თავშავათი გულს,  შავბალახათი კი სულს იმშვიდებენ; თეთრი ნაღველათი კანს იბზინებენ; ლენცოფათი ტკივილს იყუჩებენ; მრავალძარღვათი და ფარსმანდუკით ჭრილობებს იშუშებენ;  პირშუშხას სახსრებზე იფენენ; ფურისულათი ხველას, ხოლო პიტნით მუცლის ტკივილს იამებენ; ჭინჭარს, მატიტელასა და ღოლოს საჭმელადაც იყენებენ; კრაზანით სამოცამდე დაავადებას მკურნალობენ; დუხობორები შავ ჩაის კი არა, ივან ჩაის (თხაწართხალა) სვამენ:

„ივან ჩაი ისე კეთდება, როგორც შავი ჩაი. ადრე ევროპაში სულ ამ ჩაის სვამდნენ, გვერდითი ეფექტი საერთოდ არ აქვს და ყველა ვიტამინს შეიცავს. კარგია იმუნიტეტისთვის, წნევის რეგულაციისთვის, აუმჯობესებს სისხლის უჯრედების შემადგენლობას, აძლიერებს თმის ფესვებს, აწესრიგებს ძილს, არ შეიცავს კოფეინს, ეხმარება მონელების სისტემას და შეიცავს B და C ვიტამინებს. შავ ჩაის ბევრი უკუჩვენება აქვს, კალციუმს გიკლებს და კბილებს აფუჭებს, ივან ჩაი კი, პირიქით, ეხმარება აღდგენაში და რეგენერაციაში. ჩემი ძმის ცოლმა, ივან ჩაით იმკურნალა ავიტამინოზი, ექვს თვეში,“ – ამბობს მხლენელი სლავა.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. მას შემდეგ, რაც 1895 წელს დუხობორებმა უარი თქვეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე და პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვეს, ყოველ წელს,  12 ივლისს მშვიდობის მანიფესტის ადგილას, ორლოვკასთან ახლოს, პეტრე-პავლობას აღნიშნავენ და სამლოცველოში წინაპრებს ახსენებენ. სწორედ ამის შემდეგ, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმლით შემოსილნი, მინდვრებს ეფინებიან და სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ.

***

წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩვენი ოჯახის გვიმრის ყვავილსაც მივაკვლიე. ოლია ჭელიძეს, ჩემი დიდი ბაბუის დას, მცენარეებით წამლობა სცოდნია. მოხუცებულს ჩანაწერების წიგნი ორად გაუყვია და ერთი ნაწილი თავისი ძმისშვილისთვის, ჩემი ბებიისთვის გადაულოცავს. ოლიას კვალდაკვალ იულიასაც დაუწყია მლხენელობა და სიცოცხლის ბოლომდე უანგაროდ კურნავდა თანასოფლელებს. ოლიას ფურცლებს ჩემამდე არ მოუღწევია, თუმცა ჩვენი ოჯახის ჩვეულების თანახმად, ყოველი ზაფხულის ბოლოს ფარსმანდუკის ხმელი კონები ჩემს აივანსაც ამშვენებს.

 

 

 

 

ციფრული ჩვევები და მათი შემოწმება

0

ტექნოლოგიების განვითარებისა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, მოზარდებში თავს იჩენს სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება. ჩვენი მოსწავლეები ეკრანებთან დიდ დროს ატარებენ. ზოგს შეუძლია აამოქმედოს თვითკონტროლის მექანიზმები, ნაწილს მშობლები ეხმარებიან დროის კონტროლში. გვრჩება კიდევ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, რომელთაც სჭირდებათ დახმარება დამოკიდებულების შემცირების, შესაბამისი ჩვევების გამომუშავებისა თუ განმტკიცების კუთხით. ამავდროულად ვიცით, რომ სოციალურ ქსელებში და ვიდეო-თამაშებთან განუსაზღვრელი დროის გატარება მოზარდის ფსიქიკასა და კეთილდღეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

როგორ დავაფიქროთ მოსწავლეები იმ დროზე, რომელსაც ახალგაზრდები ჭკვიან მოწყობილობებთან ატარებენ? როგორ ჩამოვუყალიბოთ ციფრული ჩვევები? რა და როგორ შევთავაზოთ სანაცვლოდ?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება ციფრული ჩვევების გამოვლენისა და შემოწმების ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ რესურსის გამოყენებით მოზარდებს ვუბიძგებთ, თვითონ გაწერონ გეგმა-ნაბიჯები, რათა გამოიმუშაონ შესაბამისი უნარები ან უფრო განიმტკიცონ სასურველი ციფრული ჩვევა.

როგორ გამოვიყენოთ რესურსი?

შემოთავაზებული რესურსი შედგება რამდენიმე ნაწილისგან. მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად ან წყვილში. მასწავლებელი ფასილიტატორის როლში გვევლინება და მკაფიო ინსტრუქციებით ეხმარება მათ აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლაში.

შეამოწმე

ჩამოთვალეთ თქვენი ციფრული ჩვევები და გვერდით დახატეთ შესაბამისი ემოცია (ციფრული ჩვევა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი).

არასასურველი ციფრული ჩვევების მაგალითი:

  • ყოველდღე 4-5 საათს სოციალური ქსელში ვატარებ;
  • დაუფიქრებლად ვაზიარებ სენსაციურ ამბებს/ფოტოებს;
  • მეგობრებს ვხვდები მხოლოდ ონლაინ;
  • გათენებისას და ძილის წინ ვამოწმებ ინსტაგრამს, ტიკ-ტოკს და ა.შ.;
  • მუდმივად ჩართული მაქვს ინტერნეტი/WiFi;
  • როცა მძინავს ტელეფონი მიდევს ახლოს/ბალიშის ქვეშ.

სასურველი ჩვევის მაგალითი:

  • სპეციალურ ვებგვერდებზე ვამოწმებ საეჭვო სურათებსა და ვიდეოებს;
  • ყოველდღე ვსწავლობ 10 ახალ უცხო სიტყვას აპლიკაციის დახმარებით;
  • ყოველკვირეულად ვკითხულობ სამეცნიერო სტატიას;
  • ვიყენებ მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც მეხმარება დროის დაგეგმვაში.

ინსტრუქცია მასწავლებელს

დაფაზე/დიდი ზომის ქაღალდზე დაწერეთ ციფრული ჩვევის მაგალითები. შეიძლება დასაწყისში მოსწავლეებს გაუჭირდეთ ქცევის იდენტიფიცირება, ამიტომ გონებრივი იერიშით ერთობლივად გამოავლინეთ რამდენიმე მაგალითი.

შეარჩიე

შეარჩიე ერთი ან რამდენიმე ციფრული ჩვევა, რომელიც გინდა, რომ შეცვალო ან გააუმჯობესო. რატომ არის ამ კონკრეტული ჩვევის/ჩვევების შეცვლა/გაუმჯობესება მნიშვნელოვანი?

ინსტრუქცია მასწავლებელს

დასაწყისისთვის რთულად მისაღწევი მიზნის დასახვა არ არის სასურველი. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განუმარტოთ, რომ შეარჩიონ ისეთი ჩვევა, რომლის შეცვლა ან გამტკიცება არ არის დაკავშირებული დიდ სირთულეებთან. აქვე მათ მკაფიოდ უნდა დაასაბუთონ, რატომაა შერჩეული ციფრული ჩვევების შეცვლა ან გაუმჯობესება მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

გამოიწვიე

გამოიწვიე საკუთარი თავი. შეადგინე/ჩამოაყალიბე მკაფიო გეგმა და აღწერე, როგორ აპირებ ჩვევის შეცვლას/ჩანაცვლებას/განმტკიცებას. იფიქრე, როდის გააკეთებ რაღაც განსხვავებულს და რის გაკეთება შეგიძლია არასასურველი ციფრული ჩვევის სანაცვლოდ. რით ჩაანაცვლებ უარყოფით ჩვევას?

ინსტრუქცია მასწავლებელს

ამ ნაწილში, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, თუ რის შეცვლა გვინდა, არამედ მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ ისინი სანაცვლოდ. ამით ჩვენ ვუბიძგებთ მათ ფიქრისა და მოქმედებისკენ.

გაამყარე/გააძლიერე შენი გამოწვევა

არასასურველი ციფრული ჩვევის შეცვლა დამატებით სტიმულს საჭიროებს. იფიქრე იმაზე, რა შეგიძლია გააკეთო, რომ უკან არ დაუბრუნდე ჩვევას. საკუთარ თავს მიეცი პირობა და დაწერე მისი შესრულების თარიღი.

ინსტრუქცია მასწავლებელს

მავნე ჩვევებზე უარის თქმა უფროსებსაც გვიჭირს. რამდენჯერ დაგვიწყია დიეტა, ვარჯიში, უარი გვითქვამს ალკოჰოლის მიღებაზე… მაგრამ, ნებისყოფა ბოლომდე არ გვყოფნის. ამიტომ, მოზარდებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებთან ერთად განიხილოთ ის ბარიერები, რომელთაც შეიძლება წააწყდნენ/შეეჯახონ ჩვევაზე უარის თქმის ან დადებითი ჩვევის განმტკიცების პროცესში. ამიტომ, შესთავაზეთ მოსწავლეებს, უარი თქვან ჩვევაზე სამი დღით, შემდეგ ერთი კვირით, გაზარდონ ორ კვირამდე და ა.შ. თუ ვერ შეძლებენ, განმარტონ – რატომ? თუ შეძლებენ, განმარტონ – როგორ? რით ჩაანაცვლებენ? ასეთ შემთხვევაში, შეიძლება შესთავაზოთ შემდეგი: ხომ არ აჯობებს გადახედოთ/დაუბრუნდეთ თავდაპირველ ჩამონათვალს და შეარჩიოთ ისეთი, რომელიც უფრო დაძლევადია/რომელზე უარის თქმაც უფრო მარტივია.

სავარჯიშოს შესრულებისა და შემდგომი დისკუსიების/განხილვების დროს შეიძლება გამოვლინდნენ მოსწავლეები, რომლებსაც მსგავსი ციფრული ჩვევები აქვთ შერჩეული. მეტი მდგრადობისთვის შესაძლებელია, შესთავაზოთ დაწყვილება და პარტნიორთან ერთად დაგეგმვა.

თვალ-ყური ადევნე „მოგზაურობას“

ციფრულ ჩვევებზე უარის თქმა ან დადებითი ჩვევის უფრო განმტკიცება ხანგრძლივი პროცესია. ის მოკლე დროში ვერ მიიღწევა. მნიშვნელოვანია, გავზომოთ ჩვენი პროგრესი. ყოველდღე დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • როგორ ასრულებ გამოწვევას და გეგმას?
  • რამ გაართულა დღეს გამოწვევის შესრულება ან რამ გააადვილა?
  • რა შეიძლება გააკეთო ხვალ უკეთ?

ინსტრუქცია მასწავლებელს

მოსწავლეებმა თვითდაკვირვებისთვის შეიძლება აწარმოონ დღიური, გააკეთონ ჩანაწერები, ჩაწერონ დოკუმენტური ხასიათის ვიდეო-ჩანაწერები. ჩანაწერები მნიშვნელოვანია შედარებისთვის. დათქმული დროის შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ საკუთარი პროგრესის შეფასება და კლასში გაზიარება.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ მათ აქვთ ძალა, შესაძლებლობა და ნებისყოფა წინ აღუდგნენ ისეთ ციფრულ ჩვევებს, რომლებიც არ მოსწონთ ან დავანახოთ სასურველი ციფრული ჩვევების განმტკიცების გზები. გამხნევების მიზნით, ვუთხრათ, რომ დაიწყონ პატარა ნაბიჯებით. პირველ ეტაპზე, საკუთარ თავზე გამარჯვების კარგ მაგალითად გამოდგება სასურველი ჩვევის განმტკიცება.

შემოთავაზებული რესურსი მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის ვებგვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით და ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. ორიგინალურ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულით:

https://pz.harvard.edu/resources/digital-habits-checkup

მოსწავლეებისთვის დასარიგებელი მასალის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ.

მეთერთმეტე ჟამის შემდეგ

0
„სამყარო, მსგავსი სამკაულის,
ვარსკვლავთა ხომლით შემკულია,
დავეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ,
თუმცა ეს ძებნაც მეფურია“.
დიმიტრი წიკლაური, „ქორების მიწა“
 
 
„ზეშთაგონება ვეება არწივს ჰგავს, დასაფრენ ადგილს რომ დაეძებს კუშტი მზერით. ადგილს თუ ვერ დაახვედრებ, სხვაგან გაეშურება“, – ეს სიტყვები, წერილის კამერტონად, თავად მიკარნახა დიმიტრი წიკლაურის რომანის გმირმა – მალქოზმა. ამ მეტაფორულ აზრში ჩემს სათქმელსაც დავამკვიდრებ – წიგნი, რომელზე ფიქრი და საუბარიც მსურს, სწორედ ზეშთაგონების არწივის დასაფრენი ადგილია, და რაც მთავარია – ავტორიც მისი მასპინძელია და მკითხველიც. ეს წიგნი დიდი შეხვედრის ადგილიცაა, სადაც ზეშთაგონების ცეცხლოვანი ფრინველის ფრთებქვეშ ერთდროულად რწყულდება მწერალიც და მკითხველიც.
იშვიათად ცოცხალი წიგნია, თითქოს შენს თვალწინ ახლა, კითხვის მომენტში იწერება, ამოწმებ კიდეც შემდგომ ფურცლებს – წარმოიდგენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ცარიელია. სტიქიური სუბსტანციაც აქვს – მედინია, როგორც წყალი და სივრცეში მქროლავიც, როგორც ქარი. ეს სტიქიები შენში იღვრებიან და გრძელდებიან კიდეც. ზეშთაგონების ვეება არწივი ავტორის ხმას აგადევნებს. როგორც თავად ავტორია თავის ხმებს ადევნებული, თავის ღონიერ ფრინველს, დიდ სულს, სულიწმიდას.
დიმიტრი წიკლაურს დიდი ხანია ვიცნობ, როგორც პოეტს. გამორჩეულ, თვითმყოფად პოეტს, რომლის პოეზიაც პოლარულ ნათებაში სამყაროს უცხო ხმების შესაკრებელს ჰგავს. ცოტა ხნის წინ ამ ხმებმა პროზაულ ტექსტებშიც გადაინაცვლა. „ქორების მიწა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) კი მისი პირველი რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა. ეს რომანი მისი სულიერი ცხოვრების გამოცდილებაცაა, ერთგვარი ლიტურგიკული აქტი, პოეტური მედიტაცია. ის მწერლის საჯილდაო ქვაა, საკუთარი თავისთვის ამოცანის გართულება („მოშაირე არა ჰქვია, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“). თავადვე განმარტავს – „გრძელ ამბავს როცა ჰყვები, თითქოს ვრცელ დარბაზს ალაგებდე“, მწერალიც მეფური სიდინჯით და სკრუპულოზურად იწყებს „დარბაზის დალაგებას“.
ეს დარბაზი კი მართლაც ვრცელია, თუმცა ამ რომანშიც, ისევე როგორც დიმიტრი წიკლაურის მთელ შემოქმედებაში, მეტადრო და მეტასამყაროა – არც მოვლენა კონკრეტდება და არც ადამიანი, ისინი არქეტიპული სახეები და პატერნებია. „ქორების მიწა“ არაქანსა და შავრაზე მოგვითხრობს, მდინარე ქორიშაზე, კეშეს ციხეზე. ამ სამყაროში ფულს უნციით ითვლიან, ხორცს დერვიშების სამოსით იფარავენ… ყველაფერი გამოგონილია, წარმოსახული, მაგრამ ეს მაინც არაა მაგიური რეალიზმი, ეს კიდევ რაღაც სხვაა, ქართული ლიტერატურისთვის სრულიად ახალი მხატვრულ-სააზროვნო სივრცეების მოხელთება, სადაც ერთმანეთს ნატიფი საზღვრებით ერწყმის ღვთაებრივი და ადამიანური პლასტები, სიბრძნისა და სისულელის მაგია. რომანში ცნაურდება ბიბლიური/სახარებისეული ალუზიები, სივცობრივადაც და აზრობრივადაც ამ სამყაროს პირველსამშობლო სწორედ ბიბლია და სახარებაა – მზის ჭავლში გამლღვალი პეიზაჟები, ხრიოკი და უდაბური ლანდშაფტები, ღონივრად მოშრიალე სიმწვანეები… ეს დიმიტრი წიკლაურის პოეტური ლანდშაფტია – ადამიანის ფიზიკური და მეტაფიზიკური მოგზაურობის კონტურებით დატეხილი.
რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ხატმწერი ბეზაროა, რომელიც ბიძასთან, ქალაქ არაქანში, მეთერთმეტე ტაძრის მხატვრად ჩავიდა. თერთმეტი – ესაც სიმბოლური რიცხვია, მასაც მკაფიოდ განმარტავენ წიგნის გმირები – „ჩვენ მეთერთმეტე ჟამის მცხოვრებნი ვართ“. მეთერთმეტე, ანუ უკანასკნელი ჟამის ბინადრობა მწირი სულიერი ღვაწლის მფლობელობას ნიშნავს, ის ყველაზე უკეთ თანამედროვე ადამიანს ერგება – სულიერად დამცრობილს, ღვთის მოშურნეობისგან შორს მყოფს, რომელსაც ღვთის სამკალში მუშაკობის მხოლოდ მეთერთმეტედი მოუსწრია. „ქორების მიწაც“ სულდაწრეტილ ადამიანებზეა, ცოდვის კალოზე, სადაც სიცოცხლის საზრისებისთვის კუდის ხელში წავლება მოსასწრებია.
ბეზარო ხატმწერი არაქანში დარბაიძეების საგვარეულო ამბების მომსწრე გახდება. გერა, გაბრიელი და გობრონი – სამი თაობის ოჯახია, კაცობრიული გზის მიკრომოდელი – ადამიანური ვნებებით, აღზევებით და დაცემით. ოჯახის უფროსი გერა ახალი ქალაქის აშენების, სიმდიდრის მოხვეჭის, ფლობის და მართვის ვნებითაა შეპყრობილი. ეს ვნება კი დიდი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ იქცა მის პირად ჯვარცმად – გერას შვილიშვილი, ანგელოზური მშვენიერების და უმანკოების მქონე გოგონა, გვანცა, მდინარეში დაიღუპება. გვანცას მამა და გერას ვაჟი – გაბრიელი სულით მეომარია და სულ ომს მიელტვის. გვანცას ძმა, გობრონი კი, პაპამ რომ ოჯახის მემკვიდრედ დაასახელა და მთელი თავისი ტანჯვა-წვალებაც მას მიუძღვნა, უკანასკნელი ცოცხალი რჩება დარბაიძეების ძველი და მძლავრი გვარიდან და მის ბედსაც წინაპრების ცოდვა-ბრალი განაპირობებს…
მიუხედავად იმისა, რომ „ქორების მიწა“ მრავალფეროვანი სიუჟეტით არ გამოირჩევა (ეს არაა ე.წ. სიუჟეტური რომანი), თხრობის დინამიკა მაინც მძლავრია, გულისცემასავით მკაფიო, ამის მიზეზი კი არაერთია – უპირველესად, შინაგანი თხრობის სივრცეები, ერთდროულად პოეტურ-მეტაფორულიც და კონკრეტულიც, უბრალოც და ძვირფასიც. „ფერდობი შეკითხვებით მომავალ მომლოცველთა კიბეს ჰგავდა“ – თუნდაც ამ ფრაზაში რამდენი ფერი და აზრია ჩამუხტული! დიმიტრი წიკლაურის თხრობის მაგია ამ მეტააზროვნებაშია, მდუღარე რეფლექსიაში, რომელიც სამყაროსეულ ცოდნას (ჭეშმარიტებას) მოიხელთებს და აქცევს მას ლიტერატურად, იმ ძალად და სიტყვად, მეთერთმეტე ჟამის მცხოვრებთ რომ მოხვდებათ გულზე!..
საოცრად სახიერი და მეტყველია თითოეული პერსონაჟი, თავიანთი ხასიათით, მონოლოგებით, ცხოვრების ფილოსოფიით. მათ ერთმანეთისგან ასაკი, გამოცდილება და ძალაუფლების ვნების ხარისხი ყოფთ. „ქორების მიწა“ ძველი და ახალი სამყაროების კონფლიქტსაც აღწერს, ძველი და ახალი თაობების ბრძოლას, ფასეულობათა რღვევას, ხრწნისა და დაცემის რეტროსპექტივას. ოღონდ, ეს ის შემთხვევა არაა, როცა ძველს უპირობოდ ახალი სჯაბნის, ანდა სჯობნის. დიმიტრი წიკლაურს ამგვარი ტრივიალური „ჭეშმარიტებებისთვის“ არ სცალია, მისი ფიქრის და ძიების საგანი სხვა სიმართლეებია, უფრო შორი და რთული, ამავდროულად საოცრად მარტივი და ნამდვილი. სწორედ ამ სიმართლეთა გამოსათქმელად შემოჰყავს მას სცენაზე სალოსი ბერი მალქოზი – ეს სრულიად გამორჩეული სახე ქართულ თანამედროვე მწერლობაში. მალქოზის სალოსური „პირისქარი“ მამხილებელიცაა და თანამლმობელიც. მისი სიბრძნე (ადამიანთა ენაზე სისულელე) რომანის აღმავალი დინამიკაა, და თუ სცენოგრაფიულად შევხედავთ, სწორედ მალქოზის გმირის გადაკვეთა ტექსტის სივრცესთან, ქმნის ჯვრის ალუზიას, სამყაროს ოთხი მხარის ჯვრულ არქიტექტურას, რომელიც ამ სამყაროს სახე-სიმბოლოცაა და საიქიო სამეფოსიც. მალქოზი რომანის მთავარი არტერიაა, მის სიტყვაში, როგორ ემბაზში, უნდა გაივლოს ყველა კითხვა და პასუხი, მან უნდა „გააგრილოს“ ენისწვერზე ანგელოზებისგან დაღვენთილი მდუღარე სიბრძნე, რომ ადამიანებს პირი არ დასწვას. „ცა ოქროს სამჭედლოა მდიდრული წიაღით, მონეტების სალარო გეგონება წკრიალა ვარსკვლავებით, სადაც უკიდურესი სიძველეც ახალივით ბრჭყვიალებს“; „კაცს ცოდვების გამო კი არ უნდა აქციო ზურგი, არამედ ღირსების გამო გვიყვარდეს!“; „ჩვენ რომ გამოცდილებას ვუწოდებთ, სინამდვილეში იმედგაცრუება ეწოდება. ნამდვილ მებადურს ოქროს თევზის მოლოდინი აქვს, ამიტომაც უფრთხილდება ბადეს“; „ფსკერისთვის განკუთვნილი ქვებით განა ზედაპირს აპირკეთებენ?“; „ვინც ჩარჩოებს წარმატებით ამსხვრევდა, ამაგის ნიშნად ჩარჩოში ჩასვამენ“ – და ასე შემდეგ…
ამ რთულ და უძირო ფიქრებში, სიტყვებში, სენტენციებში მაინც ღონივრად მოჩანს მწერლის გამჭვირვალე ღიმილი. ამაში მას იუმორიც ეხმარება. დიმიტრი წიკლაურს ოსტატური იუმორი აქვს – ჩქერში გამსხლტარი თევზივით თვალმოკვრით დასაგემოვნებელი. დიალოგებიც სხარტი და საზრიანია. აი, მაგალითად:
„- ორი დღე მომეცი. ორი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
– დღეში ერთ საქმეს აგვარებ?“.
„ქორების მიწა“ კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს უტრიალებს – დავარქვათ მას პირობითად, სულის ეკოლოგია. ადამიანის დაცემა ბუნებაში აირეკლება, მით უფრო მაშინ, როცა ძალაუფლებისთვის ქალაქის იერსახესაც შებღალავ და მდინარეს კალაპოტს შეუცვლი. ბუნება პასუხ(ებ)ს იძლევა და ეს ადამიანს ძვირად უჯდება. „ამ ქვეყანაზე ყველაფრის მოსწრება მთავარი საქმე სულაც არ ყოფილა“ – ეს რომანის ერთ-ერთი ფინალური ფრაზაა, იმ შეკითხვებისა და პასუხების ზარდახშასავით სავსე, რომლებითაც მთელი წიგნია მოკირწყლული.
დიდი მოგზაურობის ნისლებიდან ცხოვრების უკანასკნელი ეპიზოდისკენ მიიწევს ბეზარო ხატმწერი – მეთერთმეტე ტაძრის მხატვარი.
ზეშთაგონების ვეება არწივიც ამ უკანასკნელ ფურცლებთან ჩამოდებს ფრთებს, ჩამოისვენებს, რათა ახალი აღმაფრენისთვის მოემზადოს. ნეტა მას, ვისაც ამ ფრთებით აიყოლებს და ნეტა მას, ვინც თავს, როგორც დასაფრენი ალაგი, ისე დაუთმობს!.. დიმიტრი წიკლაურის „ქორების მიწა“ მომავალი შეხვედრების ადგილიცაა, ახალ ტექსტებში, ახალ ფიქრებში, ბოლოს და ბოლოს, ახალ ჟამში შეხვედრის ადგილი, მეთერთმეტე ჟამის ვნებაგადალახული, ახალი სამეფოების მოხილვის, ფრენის ვნებით სავსე, მართალი და ნამდვილი!

გაზომვები

0

გაზომვის უნარებს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ყოფა-ცხოვრებაში, მეცნიერებაში, თამაშში, სპორტსა და სხვა სფერებში. გაზომვის ცოდნა მნიშვნელოვანია მათემატიკის სხვადასხვა მიმართულების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მაგალითად, ის უზრუნველყოფს მდიდარ და მნიშვნელოვან კონტექსტს რიცხვითი უნარებისა და სივრცითი ცნებების გამოსაყენებლად. გაზომვა ასევე უზრუნველყოფს კავშირს მათემატიკასა და სხვა სასკოლო საგნებს შორის. საზომი ხელსაწყოების, გამოყენებისა და ამ ხელსაწყოებით შეფასების უნარი აუცილებელი უნარებია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ ჩვენ გარშემო არსებული „სამყარო“. ყოველდღიურ ცხოვრებაში მანძილების გასაზომად ვიყენებთ სხვადასხვა ერთეულს. იმისათვის, რომ საგანი შეფასდეს, ის უნდა გაიზომოს სტანდარტული ერთეულით. ამრიგად ზომა და ზომის ერთეულები მეტად აქტუალურია. მოგითხრობთ, როგორ შეასრულეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკულად გაზომვები. გთავაზობთ, რამდენიმე აქტივობას გაზომვის სასწავლო გეგმაში ჩართვის მიზნით.

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა

თემატური ბლოკი: გაზომვა

თემა: სიდიდე

საკითხი: სიგრძე. სიგრძის ერთეულები

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა. მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება;
  2. საზომი ხელსაწყოების გამოყენება და შედეგების შეფასება;
  3. რეალური სიტუაციის ან პრობლემის გადაჭრის დროს ნაშთით გაყოფის გამოყენება ზომის მოცემულ ერთეულებში მონაცემის სხვა ერთეულით გამოსახვისას.

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

  • სტანდარტულიერთეული საშუალებას გვაძლევს, აღვწეროთ, შევადაროთ, მოვლენა, სიდიდე სხვადასხვა მახასიათებლით.
  • გაზომვის შედეგად მიიღება სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით.
  • გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულითა და სტანდარტული ხელსაწყოთი ხორციელდება.

საკვანძო შეკითხვა: როგორ ვიყენებ სიგრძის ერთეულებს და მათ შორის კავშირებს ჩვენ ირგვლივ არსებული საგნების გასაზომად?

დრო: 4-5 სთ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო აქტივობას, რაც ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ, გაიზარდა მოტივაცია, ჩართულობა; ამაღლდა საკითხის გაგების ხარისხი:

აქტივობა1: სიგრძის საზომი ერთეულები

თემას ვიწყებ შეკითხვით, ხომ ვერ მეტყვით, რა სიგრძისაა თქვენი მათემატიკის სამუშაო რვეული? მოვისმინე სხვადასხვა პასუხი – ზოგი სიზუსტესთან მიახლოებული, ზოგიც ძალიან დაშორებული. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე რვეულის სიგრძე თავიანთი გოჯით გაეზომათ. შევახსენე, რომ გოჯი უძველესი საზომი ერთეულია და ცერა თითის სიგრძეს ნიშნავს მისი ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. გაზომვის შედეგები, რასაკვირველია, სხვადასხვა იყო. შემდეგ გავმართეთ მცირე დისკურია, მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებს:

  • ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რვეულის სიგრძე 7 გოჯია? – რატომ მივიღეთ რვეულის სიგრძე სხვადასხვა?
  • რა უნდა ვქნათ, რომ რვეულის გაზომვისას ყველამ ერთნაირი სიგრძე აჩვენოს? – რა ხელსაწყოა თქვენ წინაშე?
  • რა არის სახაზავზე გამოსახული და რას გვიჩვენებს ის?
  • შესაძლებელია თუ არა რვეულის ზუსტი სიგრძის დადგენა სახაზავის გარეშე?

ამის შემდეგ ვთხოვ მათ, სახაზავით გაზომონ რვეულის სიგრძე, თუმცა უჭირთ სიგრძის შესაბამის რიცხვებსა და ერთეულებში გამოსახვა/წაკითხვა. სწორედ ამ დროს ვაცნობ თემატური ერთეულის დასახელებასა და მიზანს: გავეცნობით სიგრძის ერთეულებსა და მათ შორის თანაფარდობას. დიდ საზომ ერთეულებს გადავაქცევთ მცირედ და პირიქით, ასევე დავამზადებთ სახაზავს. სახაზავის დახმარებით გავზომავთ სხეულის სიგრძეს.

შემდეგ ვეცნობით მასის ერთეულებს და მათ შორის კავშირებს. სქემა მოსწავლეებს ეხმარება მასალის აღქმასა და დამახსოვრებაში.

აქტივობა 2. ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება

საკლასო სივრცეში ვაკეთებთ სავარჯიშოებს, მოსწავლეთა საერთო საკლასო ორგანიზებით, ასევე ინდივიდუალურს: 32 მ=…სმ; 5000კმ=…მ; 8დმ=…სმ 3500მ =… კმ…მ და ა.შ.

აქტივობა 3. ქვიზი

ამის შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ ინდივიდუალურ სამუშაოს, ქვიზის სახით.

 

ქვიზი

1. რამდენია სურათზე გამოსახული ფანქრის სიგრძე?

ა) 11სმ. ბ) 5სმ. გ) 6სმ. დ) ჩამოთვლილთაგან არცერთი

2. თუ გიომ ფეხით გაიარა 5კმ. და 300მ., რამდენი მერტი გაიარა მან?

ა) 3500მ; ბ) 530მ; გ) 5300მ; დ) 350მ.

4.    18 მმ. იგივეა, რაც – – –

ა) 18სმ; ბ) 180სმ; გ)1სმ 8მმ; დ)8სმ.

5.    ჩამოთვლილთაგან რომელია რიგით უმცირესიდან უდიდესამდე?

ა) მილიმეტრი, მეტრი, სანტიმეტრი, კილომეტრი;

ბ) კილომეტრი, მეტრი, სანტიმეტრი, მილიმეტრი;

გ) მილიმეტრი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი;

დ) სანტიმეტრი, მილიმეტრი, მეტრი, კილომეტრი.

6.    დავითი 102სმ. სიმაღლისაა, ანი 1020მმ.-ის. რომელია უფრო მაღალი?

ა) დავითი; ბ) ანი; გ) არც ერთი მათგანი.

7. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულში

ა) 5სმ=…; მმ ბ) 8სმ=…მმ; გ) 5სმ3მმ=…მმ; დ) 10სმ6მმ=…მმ.

8. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულში

ა) 400სმ=…მ; ბ) 850სმ=…მ…სმ; გ) 1200სმ=…მ; დ) 765სმ=…მ…სმ.

9. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულში

ა) 8კმ580მ=…მ; ბ) 8კმ 58მ=…; გ) 4500მმ=…მ…სმ; დ) 9მ1სმ=…სმ.

 

ქვიზის ანალიზის შემდეგ მსგავს სავარჯიშოს ვუბრუნდებით. ამჯერად მეტი წახალისებისათვის ვიყენებთ ონლაინქვიზს, რომელიც იქვე ამცნობს მოსწავლეს სწორ პასუხს, შეცდომის შემთხვევაში კი იძლევა უკუკავშირს საკითხის ახსნა-განმარტების სახით.

https://www.turtlediary.com/quiz/metric-units-of-length.html

აქტივობა 4: გამოვთქვათ ვარაუდი, გავზომოთ:

მოსწავლეებს ვაძლევ ასეთ დავალებას: ზოგიერთი საგნის სიგრძე გაუზომავად, „ვარაუდით“ დაასახელონ. შემდეგ კი ზოგიერთი (რომლის გაზომვას შეძლებენ საკლასო სივრცეში) გაზომონ ხელსაწყოებით და მონაცემები ჩაწერონ გაზომვის „შედეგებში“. შეადარონ მათი ვარაუდები გაზომვის შედეგს და გააკეთონ დასკვნები.

 

აქტივობა 5: შექმენი სახაზავი.

მოსწავლეებმა მუყაოს ქაღალდზე, ხის ჩხირებსა და სხვა საგნებზე, რომელთაც სახაზავის ფორმა მისცეს, დაიტანეს სკალა მილიმეტრებისა და სანტიმეტრების სტანდარტული ზომებით. წარმოადგინეს საკლასო სივრცეში. ისინი შექმნილ სახაზავებს იყენებენ მონაკვეთების გასაზომად.

 

აქტივობა 6: სახაზავის გამოყენება.

მოსწავლეები ეუფლებიან მონაკვეთების გაზომვას სახაზავის გამოყენებით და შედეგის შეფასებას. ასევე ვიყენებთ ელექტრონულ სახაზავს. პატარა ბარათებზე ინდივიდუალურად ასრულებენ მონაკვეთის გაზომვისა და დახაზვის სავარჯიშოებს, რომლის შედეგების საფუძველზე თითოეულს ვაძლევ შესაბამის განმავითარებელ შეფასებას.

 

აქტივობა 7: გაზომე საგნები შენ ირგვლივ.

დიდი ზომის საგნების გასაზომად გამოვიყენეთ სახაზავის ლენტი, ასევე ტელეფონებში ჩამოტვირთული აპლიკაცია, რომელიც სწრაფად ზომავს სიგრძეებს ტელეფონის ეკრანის დიაპაზონში, წერტილიდან წერტილამდე. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა: https://play.google.com/store/apps/details?id=org.nixgame.ruler&hl=en_US

მოსწავლეებს ისევ გამოვათქმევინე ვარაუდი საკლასო ოთახის, დაფის, მაგიდის სიგრძეების შესახებ. შემდეგ კი მათ გაზომეს სიგრძეები და გამოსახეს შესაბამის ერთეულებში.

აქტივობა 8: თემის შეჯამება

თემის დასასრულ, მოსწავლეებს ვთხოვე, გაეზიარებინათ, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად. უმრავლესობამ აპლიკაციის გამოყენებით საგნების სიგრძეთა გაზომვა დაასახელა, რამდენიმემ – სახაზავის შექმნა.

თემის შეჯამებამ აჩვენა, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს საკითხი, შეუძლიათ ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება; საზომი ხელსაწყოების გამოყენება და შედეგების შეფასება. გაზომვა არის სახალისო, საინტერესო ფუნდამენტური საკითხი და ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ამ თემასთან დავაშირებული უნარების განვითარებაში, არამედ სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo;
  2. მათემატიკის გზამკვლევი მე-5კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/mekhute-klasi/.

 

სიმსივნე და თამბაქოს მოხმარება

0

მასწავლებლობა ძალიან საინტერესო, რთული, საპასუხისმგებლო, კომპლექსური პროფესიაა. მარტო საგნის ცოდნა არ კმარა, მოსწავლეებთან ურთიერთობისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის უნარი. ფიზიკაც უნდა აუხსნა, მოაწონო, დააინტერესო, გარდატეხის ასაკში მისი თავისებურებებიც გაითვალისწინო, ხმის ტემბრი აკონტროლო, ყველა სიტყვა და წინადადება წინასწარ აწონ-დაწონო. მოსწავლის მრჩეველიც უნდა იყო და… კიდევ უამრავი მოვალეობა უნდა შეასრულო. ყველა ასაკში სხვადასხვა სირთულეა, მერვე-მეცხრე კლასი განსაკუთრებით იმატებს პრობლემები. ახალგაზრდა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ერთ დღეს ხელებზე „ქურდული“ ნიშნების ხატვა დაიწყოს, მეორე დღეს თამბაქოს სუნი აუვიდეს, მესამე დღეს გაკვეთილების სწავლას დაანებოს თავი და კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, ჩვენ კი ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. დიდი პრობლემაა მოზარდებში თამბაქოს მოხმარება. მანდატურის სამსახური სხვა მეთოდებით „ებრძვის“ ამ პრობლემას, მასწავლებელი – სხვა. მოსწავლე სიგარეტის მოწევით „დიდობას“ ამტკიცებს. მოწევის თემაზე მათთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რთულია გადავაფიქრებინოთ, თუმცა საუბარს ალტერნატივა არ აქვს. იმაშიც უნდა დავარწმუნოთ, რომ მის საქციელს არ ვამართლებთ, მაგრამ არც ვბრაზობთ. მთავარია, არ დავაფრთხოთ. მშობელთან საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო 2021 წლიდან ჩაერთო კამპანიაში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ეს დღე 31 მაისს აღინიშნება. დამრიგებლისთვის, ბიოლოგიის მასწავლებლისთვის კარგი იქნება საუბარი ამ დღეს დაუკავშიროს, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაც.

აქტივობა 1: სამეცნიერო ტექსტის დამუშავება და ანალიზი

კორელაცია მეცნიერებაში ორ ცვლადს შორის დამოკიდებულებაა. თამბაქოს მოხმარებასა და სიმსივნის გამოვლენას შორის დამოკიდებულება კორელაციის ერთ-ერთი მაგალითია. არსებობს ორი სახის კორელაცია. კორელაცია დადებითია, როცა ერთი ფაქტორის გაზრდით მეორეც იზრდება და უარყოფითია, როცა ერთის გაზრდით მეორე ცვლადი მცირდება ან პირიქით. სიმსივნით გარდაცვალების სიჩქარესა და თამბაქოს მოხმარებას შორის დადებითი კორელაციაა.

ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში მეტი სიგარეტის მოწევა ზრდის სიმსივნით გარდაცვალების სიჩქარეს. ასევე იკვეთება, რომ სწრაფია სიკვდილიანობა, თუ ადამიანი ეწეოდა და უცებ შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება. გამოკითხვის მიხედვით განსაკუთრებით იზრდება პირის ღრუს, ხორხის, ხახის, ფილტვის კიბოს გამო გარდაცვალების სიხშირე. ეს მოსალოდნელია, რადგან სიგარეტის კვამლი კონტაქტში შედის სხეულის ნაწილებთან. ასევე დადებითი კორელაცია არსებობს მოწევასა და საყლაპავის, კუჭის, თირკმლის, საშვილოსნოს ყელის, პანკრეასისა და შარდის ბუშტის კიბოს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა კიბოების შემთხვევაშიც მაღალია, მწეველსა და არამწეველს შორის განსხვავებას ცხრილის მონაცემები არ აჩვენებს. იქ ჩანს, რომ მწეველები რამდენჯერმე უფრო ხშირად იღუპებიან ყველა სახის სიმსივნის შემთხვევაში, ვიდრე არამწეველები.

მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განასხვაო კორელაცია და მიზეზი. იმის აღმოჩენა, რომ დადებითი კორელაციაა მოწევასა და სიმსივნით გარდაცვალებას შორის, არ ნიშნავს, რომ მოწევა სიმსივნეს იწვევს.

სიგარეტის კვამლი მრავალ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ოცი მათგანი შეისწავლეს და გამოცადეს ლაბორატორიულ ვირთაგვებზე, ყველა მათგანმა გამოიწვია სიმსივნე. ამას გარდა, თამბაქოს კვამლში 40 კანცეროგენია. შესაბამისად, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მოწევა კიბოს რისკფაქტორია.

1951-2001 წლებში სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევები სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანი/წელიწადში
არამწეველი მწეველი დღე-ღამის განმავლობაში მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა
1-14 15-24 >25
ყველა სიმსივნე 360 466 588 747 1061
ფილტვის კიბო 17 68 131 233 417
პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის 9 26 36 47 106
სხვა ყველა სახის 334 372 421 467 538

 

სიგარეტის გავლენა ჯანმრთელობაზე

ყველაზე დიდი გამოკითხვა სიგარეტის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე ჩატარდა ბრიტანელ მამაკაც ექიმებში. 1951-2001 წლებში გამოჰკითხეს 34 439 ადამიანი. შეისწავლეს რამდენი ხნის განმავლობაში მოიხმარდნენ თამბაქოს და როდის გარდაიცვალნენ.

ცხრილში წარმოდგენილია ადამიანების დაავადებების გამოვლენის სიხშირე

დაავადების ტიპი არამწეველი 1-14 ღერი 15-24 ღერი >25
რესპირატორული (ფილტვები, ჰაერგამტარი გზები) 107 237 310 471
გულ-სისხლძარღვთა 1037 1447 1671 1938
კუჭი და თორმეტგოჯა 8 11 33 34
ღვიძლის ციროზი 6 13 22 68
პარკინსონის დაავადება 20 22 6 18

 

ცხრილის მიხედვით უპასუხე შეკითხვებს:

  1. დაადგინე, არის თუ არა დადებითი კორელაცია მოწევასა და სიკვდილიანობას შორის ცხრილში მოცემული ყველა დაავადების შემთხვევაში?
  2. როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდ გავლენას თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე ახდენს. ახსენი მიზეზი.
  3. ცხრილში მოცემული ინფორმაცია მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ მცირე რაოდენობის თამბაქოს მოხმარება უსაფრთხოა? პასუხი დაასაბუთე.
  4. ადასტურებს თუ არა ცხრილში მოცემული მონაცემები, რომ ღვიძლის ციროზის გამომწვევი თამბაქოს მოხმარებაა? რატომ?
  5. ცხრილი არ შეიცავს მონაცემებს ადამიანების გარდაცვალების შესახებ. სულ შვიდი სახის სიმსივნეა მოწევასთან დაკავშირებული, დაასახელე სამი მათგანი.

აქტივობა 2. მოაწყვეთ დისკუსია კლასში, სადაც განიხილავთ სტატიებს „თამბაქო – გლობალური საფრთხე“ და „მოწევა კლავს – ნუ წაართმევ შვილებს მომავალს“. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან მწეველი, არამწეველი და ყოფილი მწეველების მოსაზრებებს.

აქტივობა 3. მოსწავლეები მონაცემების გასაანალიზებლად დაამუშავებენ კვლევის შედეგებს, რომელიც ESPAD-ის მიერ 2019 წელს ჩატარდა.

აქტივობა 4: მოაწყვეთ ბროშურების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების ნამუშევრები თემაზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“.

აქტივობა მშობელთა საათისთვის – მშობლებს გააცანით ირმა კახურაშვილის წერილი „თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო“. მასში ისინი წაიკითხავენ სასარგებლო რჩევებს მშობლებისთვის. (სკოლის როლი მშობელთა საზოგადოების გაძლიერებაც არის, ამიტომ, ვფიქრობ, ეს აქტივობა მშობლებთან დიალოგს შეუწყობს ხელს).

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მსოფლიო თამბაქოს გარეშე – იხ. საქართველოს პარლამენტის04.2021 წ. დადგენილება 455-IVმს-Xმპhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/5148191?publication=0;
  2. ,,თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო“ – ირმა კახურაშვილი https://mastsavlebeli.ge/?p=33845 , 2023 წლის 3 აგვისტო;
  3. Oxford IB Diploma Programme – 2014.

 

 

მშობლები და მოსწავლეთა შეფასება

0

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, შეფასება შეიძლება იყოს განმსაზღვრელი და განმავითარებელი. თუმცა მოსწავლეთა მშობლების საზოგადოებას რომ ჰკითხოთ, აბსოლუტური უმრავლესობა გეტყვით, რომ სკოლა მოსწავლის ცოდნას ქულებით აფასებს. განმავითარებელი შეფასების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრმა მშობელმა არ იცის. ოჯახისთვის ქულები ხშირად ერთადერთი ინდიკატორია იმის გასაზომად, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე.

ამ მოცემულობაში ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მშობელი შვილის ქულებით ინტერესდება. პირველი, რასაც ბევრი დედა თუ მამა შვილის შესახებ ეკითხება მასწავლებელს, ქულებია. ყველაზე მეტი უკმაყოფილება და ყველაზე მაღალი სასკოლო ჯილდოებიც ქულებს უკავშირდება.

პირად საუბრებში პედაგოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ აწუხებთ მშობლების გადაჭარბებული ინტერესი ქულების მიმართ. ზოგჯერ იმასაც მოისმენთ, რომ მშობლებს მხოლოდ ქულები აინტერესებთ და არა ბავშვის რეალური ცოდნა.

დავუშვათ, რომ ცალკეულ შემთხვევაში ეს ასეც არის და ჩავუღრმავდეთ, რა სავარაუდო მიზეზით შეიძლება ითხოვდეს მშობელი უმაღლეს ქულებს?

  1. ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი საუკეთესოდ სწავლობს, ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს შეფასებებს და გვერდში უდგას ბავშვს, რომ უსამართლობის განცდა არ ჰქონდეს.
  2. ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილი ბევრ საგანს კარგად სწავლობს და ამიტომ იმ საგნის მასწავლებელმაც უმაღლესი ქულა უნდა დაუწეროს, რომელსაც ბავშვი საუკეთესოდ არ თუ ვერ ძლევს.
  3. ზოგიერთ მშობელს აქვს ამბიციური მოლოდინი, რომ მისმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს წითელი ატესტატი, ოქროს მედალი და სახელმწიფოსგან კომპიუტერი. სკოლის დასრულების განსხვავებული სცენარი ვერ წარმოუდგენია, რადგან თავისი და შვილის შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს, ხოლო უმაღლესი ქულები და ჯილდოები მშობლის სიამაყის განცდის ლეგიტიმაციისთვის სჭირდება.

ჩვენს ყოველდღიურობაში სამივე შემთხვევის უამრავი მაგალითი არსებობს. ამიტომ, სკოლას, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სამივე ვარიანტის მართვის სტრატეგია. დაწყებული პრევენციიდან, დასრულებული დამდგარი რისკის მართვამდე. თუ ამაზე პროფესიონალებს წინასწარ არ ექნებათ ნაფიქრი, ნამსჯელი, გრძელვადიან პერსპექტივაშიც მიიღებენ ისეთივე ქაოსს, რაც დღეს არის, რადგან სხვანაირად მშობლების დამოკიდებულება ქულების მიმართ არ შეიცვლება. გავრცელებული მიდგომა კი სასკოლო საზოგადოების უამრავი წევრის დროსა და განწყობას იწირავს.

ცოტა ხნით, გვერდზე გადავდოთ მშობლის სამართლიანი პრეტენზია, რაც, რა თქმა უნდა, ასევე არსებობს და განვიხილოთ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მშობლის არაადეკვატური მოთხოვნით ბავშვს. როცა დედას/მამას აქვს შვილის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები და მოლოდინები, როცა ოჯახი ბავშვისგან მუდმივად ითხოვს ათიანებს:

  • ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მაღალი შფოთვა, რაც შეამცირებს მის პროდუქტიულობას და უარყოფითად იმოქმედებს ემოციურ წონასწორობაზე. შესაძლოა, დაუქვეითოს თვითშეფასება და გამოიწვიოს დემოტივაცია სწავლაში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის სოციალური უნარების განვითარებაზეც.
  • მასწავლებელს, შესაძლოა, დაემატოს პროფესიული სტრესი. მას შეიძლება გაუჭირდეს მოსწავლის შეფასება ობიექტური კრიტერიუმებით, რადგან ექნება მოლოდინი, რომ მას ან მოსწავლეს დაწერილი ქულების გამო მშობელთან მოუვა უკმაყოფილება.
  • თავად მშობელიც შესაძლოა იყოს სტრესში. მაღალი მოთხოვნების გამო ურთიერთობის ხარისხი გაუუარესდეს შვილთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ასევე, სკოლის თანამშრომლებთან.

 

რა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებლებმა, იმისთვის, რომ მშვიდობიანად მართონ ეს პროცესები და ყოველ ჯერზე ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

  1. მნიშვნელოვანია, სკოლამ წარმატებით დანერგოს განმავითარებელი შეფასების სისტემა, რომელიც მშობლებს დაეხმარება, უკეთ განსაზღვრონ შვილების შესაძლებლობები. დაინახონ ძლიერი და სუსტი მხარეები, ის სტრატეგიები, რომლებსაც სკოლა იყენებს მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად; ის ძალისხმევა, რომელიც მოსწავლემ დახარჯა; და პროგრესი, რომელსაც მიაღწია.
  2. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციამ და კლასის დამრიგებლებმა V-XII კლასის მოსწავლეთა მშობლებს ერთჯერადად ელ. ფოსტით ან სხვა, მათთვის უფრო მოსახერხებელი საშუალებით პერსონალურად გაუზიაროს ინფორმაცია განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მიზნების, ამოცანების, კრიტერიუმებისა და აკადემიური მიღწევის დონის შესახებ, რათა მშობლებს შეექმნათ სრული წარმოდგენა.
  3. სკოლის ადმინისტრაციამ სხვადასხვა ფორმატში (პირისპირ შეხვედრა, მშობელთა კრება, საინფორმაციო ბიულეტენის გაგზავნა, სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე ინფორმაციის განთავსება, საინფორმაციო დაფის გამოკვრა და სხვა) გააცნოს, რა კომპონენტებში დაიწერება მათ სკოლაში ქულები, რათა ყველა მშობლისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, რას აფასებს მათი სკოლა განმსაზღვრელი შეფასებით.
  4. დამრიგებლებმა წინასწარ შეთანხმებულ დროს პირისპირ ან online-ფორმატში შეახვედრონ მოსწავლეთა მშობლები საგნის მასწავლებლებს, რომლებიც გააცნობენ მათ საგნის წლიურ სტანდარტებს, ზოგად ინფორმაციას პროგრამის მოცულობის, სამუშაო ფორმატების შესახებ. ასევე, მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. ეს პროცესი ერთმანეთს უკეთ გააცნობს მშობლებსა და საგნის მასწავლებლებს, რაც ორივე მხარეს დაეხმარება მომავალში ეფექტიან თანამშრომლობაში.
  5. მართალია, მოსწავლის ცოდნის შეფასება საგნის მასწავლებლის პრეროგატივაა, მშობელს ამ სფეროში შედარებით არასაკმარისი კომპეტენცია აქვს, მაგრამ მას აქვს თავისი წარმოდგენები შვილის შესაძლებლობების შესახებ. მშობელი და მასწავლებელი ბავშვის ცოდნას განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ფონზე ამოწმებენ – მშობელი სახლში, ბავშვისთვის კომფორტულ გარემოში, ხოლო პედაგოგი – საკლასო ოთახში, საქმიან სივრცეში, სადაც როგორ გამოავლენს ბავშვი მიღებულ ცოდნას არაერთ გარემო ფაქტორზეა დამოკიდებული. სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ნაფიქრი უნდა ჰქონდეთ ამ საკითხზე და პრეტენზიის მქონე მშობელთან დიალოგი სწორედ ამ განსხვავების გამორიცხვით უნდა დაიწყონ. ეს არაერთ მოსალოდნელ კონფლიქტს აარიდებთ თავიდან.
  6. სკოლამ უნდა შექმნას სივრცე და გამოყოს საგანგებო დრო მასწავლებლებისა და მშობლების შეხვედრებისთვის, სადაც მათ ექნებათ აქტუალურ თემაზე მშვიდად საუბრის შესაძლებლობა. სივრცის არსებობა წაახალისებს დიალოგს, რაც სკოლასა და ოჯახს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის წინაპირობაა.
  7. სკოლის დირექციამ მშობელსა და მოსწავლეს პრეტენზიის შემთხვევაში შესთავაზოს ალტერნატიული შეფასების შესაძლებლობა, რომელშიც ჩართული არ იქნებიან ინტერესთა კონფლიქტში მყოფი პედაგოგები. და რაც მთავარია, ალტერნატიული შეფასების გამოყენება არ გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას მოსწავლეს, მის ოჯახსა და პედაგოგს შორის.
  8. სკოლის ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს მშობელთა ფსიქოლოგიურ განათლებაზე – რეგულარულად გამართოს მშობელთა ჯგუფური შეხვედრები სკოლის თუ მოწვეულ ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტებთან, რომლებიც დაეხმარებიან მშობლებს, უკეთ დაინახონ მათი შვილების განსხვავებული შესაძლებლობები და დანერგონ შესაბამისი მიდგომები.
  9. კლასის დამრიგებლებმა მშობლებისთვის მოაწყონ არსებული ვიდეორესურსების ჩვენება-განხილვები. მაგალითისთვის, ასეთი რესურსია – ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ლექციების ციკლი თემაზე „შვილის მხარდაჭერა სწავლის პროცესში“ (https://mshobeltaskola.ge/?p=991) (https://mshobeltaskola.ge/?p=988) (https://mshobeltaskola.ge/?p=970) ასეთი რესურსები მშობლებს მიზნის სწორად ფორმირებაში დაეხმარება, დამრიგებლებს კი მშობლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. სხვა რესურსები იხილეთ ვებგვერდზე: mshobeltaskola.ge
  10. სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია გამართოს მოსწავლეთა ყოველწლიური დაჯილდოება, სადაც მადლობის სიგელებს გადასცემს არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, არამედ სხვა ბავშვებსაც. მაგალითად, ჯანსაღი ღირებულებების მქონე, მზრუნველ, მეგობრულ, მხიარულ, კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეებს, ან ხელოვნებასა და სპორტში წარმატებულ ბავშვებს. ამ ნაბიჯით სკოლა წაახალისებს მშობლებს, დაინახონ შვილის შესაძლებლობებში უფრო მეტი, ვიდრე ეს ქულებით იზომება.

სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ყველა მშობელთან წარმატებული თანამშრომლობა შედგება. ცხადია, მაინც აღმოჩნდებიან იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვილის ქულების გამო, თუმცა ეს პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი არ უნდა გახდეს. სკოლის ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში, მშობლები მეტად გაცნობიერებულნი და მიმღებნი გახდებიან. ნაკლებად მოითხოვენ შვილისგან ყველა საგანში ყოველთვის იდეალურ ცოდნას, გაუჩნდებათ სხვა შეკითხვებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული მხოლოდ ქულებთან და მიიღებენ შვილებს თავიანთი წარმატებითა და წარუმატებლობებით.

 

სტატიაში გამოყენებულია

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის

მიერ გამოცემული სახელმძღვანელო

„მასწავლებლის პროფესიული ეთიკა“

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...