სამშაბათი, ივლისი 22, 2025
22 ივლისი, სამშაბათი, 2025

ექსტრაკურიკულარული აქტივობები STEM მიმართულებით

0

STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლება დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება  მომავალი თაობისთვის. ჩვენი სკოლის კლუბი სწორედ ამ მიმართულებას ეხმარება მოზარდებს განვითარებაში და სთავაზობს მათ მრავალფეროვან ექსტრაკურიკულარულ აქტივობებს, რომლებიც აუმჯობესებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას.

STEM პროექტების განხორციელება მოსწავლეს ეხმარება აღმოაჩინოს და შეისწავლოს ბუნების კანონზომიერებები, იმისათვის რომ ეს ცოდნა ადამიანების საკეთილდღეოდ გამოიყენოს.

ტექნოლოგიების შექმნა ამარტივებს ყოველდღიურობას და ხელშესახებს ხდის იმას, რაც ადამიანისთვის მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი შეიძლება ყოფილიყო.

ინჟინერია ბუნების კანონზომიერებების პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენებასა და შესაბამისი ტექნოლოგიების შექმნაში გვეხმარება.

მათემატიკური უნარები და ლოგიკური აზროვნება  ბუნების მოვლენების აღწერის,  ალგორითმების შემუშავებისა და ინჟინრული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას  იძლევა.

კლუბის წევრები კლუბში მუშაობისას ეცნობიან ელექტრობის საწყისებს: ელექტრული მუხტი და ელექტრული დენი, ელექტრული ძაბვა, წინაღობა, ომის კანონი, ელექტრული სიმძლავრე, ელექტრული წრედის კომპონენტები, მიმდევრობითი და პარალელური შეერთება, შერეული შეერთება, ნახევარგამტარები და მათი გამოყენება ტექნოლოგიებში.

ხდება, საჭირო პლატფორმის შესწავლა და გამოყენება: ელექტრული წრედის კომპონენტების შესწავლა და საზომი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპის გაცნობა Tinkercad-ში, მიკროკონტროლერ arduino-ს მუშაობის პრინციპის შესწავლა, პროგრამული კოდებისა და ალგორითმების შესწავლა.

კლუბში, მოსწავლეების ეცნობიან მიკროკონტროლერი arduino და მის კომპონენტებს: წნევის, ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორებით ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ეკრანზე გამოტანა, ულტრაბგერითი სენსორით ინფორმაციის მიღება და პროცესების მართვა, ფოტორეზისტორით ინფორმაციის მიღება და პროცესების მართვა

Arduino-ს გამოყენება იტალიური სკოლის  რობოტოტექნიკის კლუბში ხელს უწყობს ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სწავლებას პრაქტიკული და ინტერაქტიული გზით. ეს მიკროკონტროლერი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რეალურ სამყაროში გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და შექმნან ინოვაციური პროექტები, რომლებიც მათი ფანტაზიით და კრეატიულობით არის გაჯერებული.

რატომ Arduino?

  1.  Arduino არის ხელმისაწვდომი და მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებს სწრაფად შეუძლიათ აითვისონ.
  2. Arduino-ს უამრავი გამოყენების შესაძლებლობა აქვს, დაწყებული მარტივი პროექტებიდან რთულ სისტემებამდე.
  3. Arduino-ს დიდი და აქტიური მომხმარებელი ყავს და  უამრავი რესურსი და იდეა შეიძლება მოიძებნოს.

Arduino- გამოყენების გზები სკოლის კლუბებში

  1. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება

Arduino-ს გამოყენება სხვადასხვა პროექტებში მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაიგონ და განავითარონ თავიანთი ცოდნა ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. კლუბში ხშირად ხორციელდება შემდეგი პროექტები:

შუქნიშნის აწყობა –  მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მართონ LED შუქნიშანი მიკროკონტროლერის მეშვეობით.

ლიფტის სისტემა – Arduino-ს გამოყენებით ლიფტის პროტოტიპის შექმნა, რომელიც გადატვირთვის ტესტს გაუძლებს.

გარე განათება-  მიკროკონტროლერით გარე განათების სისტემების მართვა, რომელიც რეაგირებს სინათლისა და სიბნელის დონეზე.

ხაზზე მავალი რობოტი- პროექტი, სადაც მოსწავლეები ქმნიან რობოტს, რომელიც განსაზღვრული ხაზის მარშრუტს მიჰყვება.

გალვანური ელემენტები –  ექსპერიმენტები, სადაც ელექტროქიმიური ელემენტების საშუალებით სტუდენტები ქმნიან ენერგიის წყაროებს.

  1. შემოქმედებითი პროექტები

Arduino საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია და შექმნან უნიკალური და შემოქმედებითი პროექტები:

ინტერაქტიული ხელოვნება –  მოსწავლეები  ქმნიან ინტერაქტიულ ხელოვნების ნამუშევრებს, რომლებიც რეაგირებენ მოძრაობაზე ან ხმაზე.

მუსიკალური ინსტრუმენტები –  Arduino-ს გამოყენებით შექმნილი ელექტრონული ინსტრუმენტები, რომლებიც ქმნიან განსხვავებულ ხმებსა და მელოდიებს.

  1. STEM განათლება და ექსპერიმენტები

Arduino-ს გამოყენება STEM განათლებაში მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაიგონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური პრინციპები:

  • სიმკვრივის დადგენა: Arduino-ს სენსორების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ნივთიერებების სიმკვრივის განსაზღვრა.
  • საპნისა  წარმოება: მოსწავლეები სწავლობენ საპნის წარმოების პროცესს და მასთან დაკავშირებულ ქიმიურ რეაქციებს.
  • ფერადი რეაქციები: ექსპერიმენტები ინდიკატორებით, რომლებიც ქმნიან ფერად რეაქციებს და მოსწავლეებს  აჩვენებენ ქიმიური პროცესების მიმდინარეობას.
  1. ინჟინერიის პროექტები

Arduino-ს დახმარებით, მოსწავლეები სწავლობენ ინჟინერიის პრინციპებს და ქმნიან სხვადასხვა კონსტრუქციებს:

  • ხის ჩხირებისგან ხიდის გაკეთება: მოსწავლეები ქმნიან ხიდს, რომელიც კონკრეტული წონის ტვირთს გაუძლებს.
  • ლიფტის შახტის კონსტრუირება: ლიფტის შახტები, რომლებიც კონკრეტული წონის ტვირთს გაუძლებს და ფუნქციონალურად იმუშავებს.

Arduino- გამოყენება სკოლის კლუბებში ხელს უწყობს მოსწავლეთა  ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ინჟინერიული უნარების განვითარებას, ამავდროულად მათ აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია და კრეატიულობა. ეს მიკროკონტროლერი ქმნის მრავალფეროვან და ინტერაქტიულ სასწავლო გარემოს, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ და შექმნან ახალი და საინტერესო პროექტები.

ეს კადრები ასახავს სკოლის კლუბში 2023-2024 სასწავლო წელს მიმდინარე მეცედინეობებს.

ჩვენი სკოლის კლუბი უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობებს ბავშვებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ინტერესების განვითარება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება STEM მიმართულებით.

ტრანსდისციპლინური ინტეგრირებული გაკვეთილი

0

 ,,ქმედება იწვევს უკუქმედებას

 საერთაშორისო კვლევების თანახმად, საგანთა ინტეგრირება ეფექტურია ცოდნის შეძენისა და სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. მოზარდისთვის სამომავლოდ მეტად ნაყოფიერია სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნისა და უნარების ურთიერთდაკავშირება და გამოყენება. ინტეგრირებული მიდგომები, სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, უფრო ნაყოფიერ სასწავლო შედეგს იძლევა. ეხმარება მოზარდს ცნებების გააზრებაში, თემისადმი ინტერესის გაზრდაში და სხვადასხვა საგნის კორელაციაში. ინტეგრირებული სწავლება ასევე ხელს უწყობს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, თვითშემეცნებას, სწავლისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

ნტეგრირებული სწავლება კვეთს საგნობრივ ხაზებს, აერთიანებს სასწავლო გეგმის სხვადასხვა ასპექტ. ფოკუსირება ახდენს დასწავლის ფართო სფეროებზე. სწავლება ხდება ჰოლისტური გზით და ასახავს რეალურ სამყაროს, რომელიც ინტერაქიულია.

 ინტეგრირებული სწავლება ბავშვებს ეხმარება წინა ცოდნისა და გამოცდილების სიღრმისეულად გააზრებაში. წაახალისებს თანატოლებს შორის ჯგუფურ მუშაობას. ის პირდაპირ კავშირშია რეალურ სამყაროსთან, ხელს უწყობს მოზარდის სოციალური და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას.

 სასწავლო ინტეგრაცია შეიძლება გავყოთ სამ ტიპადსაგნობრივი, საგანთაშორისი და საგანთა მიღმა.

 

საგნობრივი, ინტრადისციპლინარული სწავლის ფორმა საგნის ან საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში ამთლიანებს ერთ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ცნებას. ამ ტიპის მიდგომით, ჩვენ ერთი საგნის ფარგლებში ვაერთიანებთ განსხვავებულ თემას, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ცნების გააზრებასა და დასწავლის ეფექტურობას. თემატურ კავშირთან ერთად ყურადღება ექცევა საერთო უნარ-ჩვევების ინტეგრირებულ განვითარებასაც.

საგნებს შორის ინტეგრაცია დაყოფილია ორ მიდგომად – მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური. აქ აქცენტი დაისმის ინტერდისციპლინური უნარების განვითარებასა და ცოდნის მრავალმხრივ გააზრებაზე. ამ ტიპის მიდგომით სწავლა-სწავლების პროცესში საგანთა შორის მყარდება გარკვეული მნიშვნელოვანი კავშირები, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ერთი გაკვეთილის ფარგლებში გააერთიანონ სხვადასხვა საგანში ნასწავლი საკითხები. მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური მიდგომები თითქმის იგივეა – გულისხმობს სასწავლო პროცესში ერთი საგნის დაკავშირებას ბევრ სხვა საგანთან. მულტიდისციპლინური მიდგომა გულისხმობს საგნების თემატურ გაერთიანებას. დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემოც.

საინტერესოა ინტეგრაცია საგნობრივი სფეროების მიღმა, ანუ ტრანსდისციპლინური მიდგომა. საგანთა მიღმა ნიშნავს, რომ მოზრდებს შეუძლიათ, დააკავშირონ მიღებული ცოდნა რეალურ სამყაროსთან, ყოველდღიურობასთან, ისწავლონ საკუთარი გამოცდილებიდან. მოსწავლეს უჩნდება შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება დაუკავშიროს საგნობრივ სფეროებს. ტრანსდიციპლინური მოდელი იგება მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით და პასუხობს მათ მიერ დასმულ კითხვებს. აქ აქცენტი დაისმის არა კონკრეტულ საგანთან დაკავშირებულ ცოდნებსა და უნარებზე, არამედ ცნებებსა და კონცეფციებზე, რომლებსაც მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინაში არსებული ცოდნებისა და უნარების მოძიება-დაუფლების გზით შეისწავლიან. ამ ტიპის ინტეგრაციის მთავარი მახასიათებელია ყოველდღიური ცხოვრების ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს სწავლის ჰოლისტური გზის ჩამოყალიბებას.

დამებადა იდეა, განმეხოციელებინა ინტეგრიებული გაკვეთილი ნიუტონის კანონებსა და ადამიანის ქცევას შორის ურთიერთობის ანალიზის შესახებ.

წინამდებარე სტატიაში მინდა, შემოგთავაზოთ ტრანსდისციპლინური მოდელის გაკვეთილის გეგმის იდეა. თემა გახლავთ ნიუტონის მესამე კანონი, რომელიც განმარტებაშივე საინტერესოდ ჟღერს – ,,ქმედება ყოველთვის იწვევს საპირისპირო უკუქმედებას“. ამ საკითხის ინტეგრაცია შესაძლებელია ბევრ საგანთან, მაგ: ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა და სხვა. მე ავირჩიე ისტორია, (აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სსიპ წალკის N1 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვან მასწავლებელს, მარეხ წერედიანს, რომელიც მუდამ მზად არის ინოვაციურ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად), რადგან ინტეგრაციის მიზნად დავისახე ადამიანთა ქცევის ანალიზი და მისი გააზრება. ეს კი ყველაზე მკაფიოდ სწორედ ისტორიულ ჭრილშია თვალსაჩინო. კონკრეტულად, რა იწვევს პიროვნებისა თუ საზოგადოების ამა თუ იმ საპასუხო ქცევას. ზოგადად, რა შედეგებს იძლევა ნებისმიერი ქმედება. როგორც ხედავთ, განსახილველი საკითხი სცდება სასწავლო საგნებს და მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა იფიქროს, იმსჯელოს, გამოხატოს და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები. მსგავს გაკვეთილზე უმნიშვნელოვანესია მასწავლებელთა შემოქმედებითობა, რათა მოსწავლემ მკაფიოდ დაინახოს ინტეგრირების არსი.

1687 წელს ისააკ ნიუტონმა საზოგადოებას წარუდგინა სამი კანონი. ეს კანონები განსაზღვრავენ სხეულთა უძრაობის და მოძრაობის პირობებს – ,,მოძრაობის ცვლილებისთვის აუცილებელია ძალა“. ნიუტონის მესამე კანონის არამატერიალურთან დასაკავშირებლად უპირველესად ვცადე მომეპოვებინა სხვა ავტორების მიერ მსგავს საკითხებზე დაწერილი მოსაზრებები. მეტად საინტერესო აღმოჩნდა ალინ ჰოლცვარტის (Aline Holzwarth) შეხედულებები. ის გახლავთ გამოყენებითი ქცევის მეცნიერი, Pattern Health-ის ქცევის მეცნიერების ხელმძღვანელი, დიუკის უნივერსიტეტის Advanced Hindsight ცენტრის დირექტორი. გამოყენებითი ქცევითი მეცნიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

განვმარტოთ ნიუტონის კანონები მარტივი ენით:

  1. უძრავი სხეული დარჩება უძრავ მდგომარეობაში, ხოლო მოძრაობაში მყოფი სხეული დარჩება მოძრაობაში, თუ მასზე არ მოქმედებს გარე ძალა.
  2. ობიექტის მიერ შეძენილი აჩქარება ტოლია ამ ობიექტზე მოქმედ ძალთა ჯამისა და თავად ობიექტის მასის განაყოფის.
  3. ყველა მოქმედება იწვევს თანაბარ და საპირისპირო უკუქმედებას.

ნიუტონის კანონები ზუსტად აღწერს ობიექტების მოძრაობას – თუკი არ ვსაუბრობთ კვანტურ ნაწილაკებზე ან უკიდურესად მასიურ სხეულებზე.

ამ გაკვეთილით მოსწავლე გაიღრმავებს ცოდნას ფიზიკის მიმართულებით, რაც დაეხმარება მას სხეულთა ურთიერთქმედების კანონზომიერების დადგენასა და აღწერაში; გაკვეთილის პროცესში ჩაატარებს რეალურ და ვირტუალურ ცდებს ნიუტონის მესამე კანონის მართებულობის შესამოწმებლად; გააანალიზებს მიღებულ შედეგებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს; გაიზიარებს ნიუტონის მესამე კანონის ფიზიკურ შინაარსს; გაკვეთილის სტრუქტურიდან გამომდინარე განაზოგადებს ნიუტონის მესამე კანონის შედეგებს საზოგადოებაში ინდივიდთა ურთიერთობების ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით.

მასწავლებელსა და მოსწავლეს ალბათ ხშირად უფიქრიათ და შესაბამისად გაუვლიათ კიდეც პარალელები ფიზიკის კანონებსა და საზოგადოების ან პიროვნების ქცევას შორის. ალინ ჰოლცვატის ადამიანის ქცევის კანონები მიზნად ისახავს ზოგადი მოდელის შექმნას, თუ როგორ იქცევიან ადამიანები. ალინ ჰოლცვარტის აზრით –

  • ხალხი მიდრეკილია სტატუსკვოსკენ, თუ მაპროვოცირებელი ძალები არ გვაშორებს ჩვენი გზიდან;
  • ქცევა არის ადამიანისა და მისი გარემოს ფუნქცია;
  •  ყველა გადაწყვეტილება მოიცავს კომპრომისებს და არასასურველი შედეგების პოტენციალს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ქცევა რთულია, ამ კანონებს შეუძლიათ ქცევის ძალიან ზოგადი ტენდენციების დაფიქსირება.

სოციალურ მეცნიერთა ნაშრომებში ხშირია ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური საკითხების განხილვა ფიზიკის უნივერსალურ კანონებთან მიმართებაში. ჩვენი გაკვეთილი მიზნად ისახავს ნიუტონის მესამე კანონის ტრანსფერს ადამიანისა და ზოგადად საზოგადოების ქცევის კანონზომიერებების ჭრილში. ამ საკითხის განხილვა მარტივად თვალსაჩინო იქნება ისტორიულ ფაქტებთან მიმართებაში.

ისტორიის მასწავლებელმა აღნიშნული საკითხი მიუსადაგა ჩარლზ I-ის ეპოქას ინგლისში. ჩარლზ I-ის ქმედებები გახდა ინგლისში მიმდინარე შესაბამისი უკუქმედების მიზეზი.

მსგავს გაკვეთილებზე მოზარდები გრძელვადიან პერსპექტივაში გაიუმჯობესებენ დაკვირვების, აღწერის, შედარების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის, წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევებს. საკითხის გააზრების, ინსცენირებისა და იმიტაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარებს, გაიუმჯობესებენ ეპოქის განცდის, შემოქმედებითი აზროვნების, როლური ქცევის, შეჯამების, ანალიზისა და მსჯელობის უნარებს.

სამიზნე ცნებები ფიზიკასა და ისტორიაში:

ფიზიკა: მატერია, ძალა, ფიზიკური პროცესი

ისტორია: ძალაუფლება, საზოგადოება, ისტორიული მოვლენა/პროცესი

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ესგ მოთხოვნებთან ფიზიკასა და ისტორიაში:

 ფიზ.საბ.1.2.4.6.10.11.

ისტ.საბ. 3.5.6.

გაკვეთილის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან:

მიზანი 4.ხარისხიანი განათლება

ფიზიკის მასწავლებელი უკვე ნასწავლი საკითხის ირგვლივ სვამს განმამტკიცებელ კითხვებს. ინტერესის გაღვივების მიზნით, მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში იხსენებენ ნიუტონის კანონებს.

ნიუტონის მესამე კანონი ამბობს, რომ ძალები, რომლითაც სხეულები ურთიერთქმედებენ, მოდულებით ტოლია და მიმართულია ერთი წრფის გასწვრივ, ურთიერთსაპირისპიროდ. ეს ძალები ერთდროულად წარმოიქმნება და მუდამ ერთნაირი ბუნებისაა. მაგალითად, თუ ერთ სხეულზე მეორის მხრიდან მოქმედებს ხახუნის ძალა, მაშინ პირველი სხეულიც მეორეზე აგრეთვე ხახუნის ძალით იმოქმედებს. უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, ეს ძალები იმიტომ არ აწონასწორებენ ერთმანეთს, რომ მოდებული არიან სხვადასხვა სხეულზე.

განვიხილოთ მაგალითები, რომლებიც დაგვეხმარება ნიუტონის მესამე კანონის ფიზიკური არსის გარკვევაში:

  • ვთქვათ, მაგიდაზე ჩაქუჩით ვაჭედებთ ლურსმანს. რომელი მოქმედებს მეტი ძალით, ჩაქუჩი ლურსმანზე თუ ლურსმანი ჩაქუჩზე?

 

  • ვთქვათ, რაიმე მსუბუქ სხეულს ვისვრით ხელით. რომელი მოქმედებს მეტი ძალით ჩვენ სხეულზე თუ სხეული ჩვენზე?

 

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჩაქუჩის მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე ლურსმნის; ასევე ადამიანის მხრიდან მოქმედება მეტია გასროლილ მსუბუქ სხეულზე. სინამდვილეში ძალები, რომლითაც სხეულების ერთმანეთზე მოქმედებენ, ერთმანეთის ტოლია.

 

გავარკვიოთ რა ხდება, რატომ იღებენ ურთიერთქმედი სხეულები სხვადასხვა აჩქარებას. გამოვიყენოთ უკვე ნასწავლი ნიუტონის მეორე კანონი ორი ურთიერთქმედი სხეულისთვის. საქმე ის არის, რომ აჩქარება მარტო ძალაზე არ არის დამოკიდებული, ის ასევე დამოკიდებულია სხეულის მასაზე.  შესაბამისად, მეტ აჩქარებას იღებს უფრო მსუბუქი სხეული.

 

როგორც ვხედავთ, ურთიერთქმედი სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ ტოლი და საპირისპიროდ მიმართული ძალებით, მიღებული აჩქარებები კი განპირობებულია მათი მასებით.

ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც რაკეტა მოძრაობს გამოტყორცნილი აირის მეშვეობით. უკვე გასაგებია, რომ რაკეტა და აირი, ორივე მოქმედებენ ერთმანეთზე ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით. რაკეტა აირს გაისვრის ქვევით, ხოლო აირი კი იმავე ძალით მოქმედებს რაკეტაზე, ამიტომაც რაკეტა იწყებს მოძრაობას ზევით.

განვიხილოთ საინტერესო მაგალითი: ვთქვათ, მაგიდაზე დევს წიგნი. ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, ძალა, რომლითაც წიგნი მოქმედებს მაგიდაზე, ტოლია ძალისა, რომლითაც მაგიდა მოქმედებს წიგნზე. ეს ძალები სხვადასხვა სხეულებზეა მოდებული, წიგნი კი წონასწორობაშია. რატომ არის წიგნი წონასწორობაში? ძალა, რომლითაც წიგნი მოქმედებს მაგიდაზე, მაგიდაზეა მოდებული. ხოლო ძალა, რომლითაც მაგიდა მოქმედებს წიგნზე – წიგნზეა მოდებული. უკვე გასაგებია, რომ ეს ძალები ერთმანეთს არ აწონასწორებს. წიგნი წონასწორობაშია, რადგან მასზე მოქმედი სიმძიმის ძალა და მაგიდის მხრიდან მოქმედი დრეკადობის ძალა მოდულით ტოლია, აქვთ ურთიერთსაპირისპირო მიმართულება, ორივე ძალა ერთსა და იმავე სხეულზეა მოდებული, ამიტომაც აწონასწორებს ერთმანეთს.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეთა ჩართულობით ატარებს მარტივ ექსპერიმენტს:

ცდა 1. ორი ერთნაირი დინამომეტრი გადავაბათ კაუჭებით და გავქაჩოთ საპირისპირო მიმართულებით. დინამომეტრის ჩვენება ერთნაირი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ძალები მოდულით ტოლია. თუ დინამომეტრებს მეტი ძალებით გავქაჩავთ, ორივე დინამომეტრის ჩვენება ერთნაირად გაიზრდება და კვლავ ერთმანეთის ტოლი იქნება. ეს ექსპერიმენტი თვალნათლივ ადასტურებს ნიუტონის მესამე კანონის სამართლიანობას.

ცდა 2. ვთხოვოთ ორ მოსწავლეს, თოკი გაჭიმონ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით. ამ შეჯიბრში საბოლოოდ ერთი ბავშვი იმარჯვებს.

მოსწავლეებთან ერთად, კითხვა-პასუხის რეჟიმში ავხსნათ ამ ცდის შედეგი.

შეჯიბრის მონაწილეებზე, ბაგირის გარდა, მოქმედებს დედამიწა, რომელსაც მოთამაშეები ფეხით ეყრდნობიან. პირველი მოთამაშე დედამიწაზე მოქმედებს მისი შესაძლებლობის მაქსიმალური F1 ძალით, დედამიწა კი მასზე მოქმედებს მოდულით ისეთივე, მაგრამ საპირისპიროდ მიმართული ხახუნის ძალით.

 

მეორე მონაწილე აგრეთვე მოქმედებს დედამიწაზე მისი შესაძლებლობის მაქსიმალური  ძალით ისე, რომ

 

გაიმარჯვებს ის მოთამაშე, რომელიც შეძლებს დედამიწაზე იმოქმედოს მეტი ძალით. მთელი სისტემა, ორივე მოთამაშე ბაგირთან ერთად ამოძრავდება გამარჯვებული მოთამაშის ძალის მიმართულებით.

და  ძალები დედამიწაზეა მოდებული. ამ ძალების ტოლქმედი დედამიწასაც ანიჭებს აჩქარებას, მაგრამ ის უმნიშვნელოა დედამიწის უდიდესი მასის გამო.

ცდა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ვირტუალურ ექსპერიმენტს.

https://rb.gy/owuq98

ამ ექსპერიმენტით გემბანზე ქვემეხის და ჭურვის ურთიერთქმედების მაგალითით თვალსაჩინო ხდება ნიუტონის მესამე კანონის სამართლიანობა. ექსპერიმენტში ჩანს გემზე მყოფ ყველა სხეულზე მოქმედ ძალთა ვექტორები.

ნიუტონის მესამე კანონის გამოყენების შესწავლა ასევე შესაძლებელია ცხენისა და საზიდრის მოძრაობის კლასიკური მაგალითით. როგორ მოძრაობს ცხენისა და საზიდრის სისტემა, თუ ეტლი და ცხენი ტოლი, მაგრამ საპირისპირო ძალით მოქმედებენ ერთმანეთზე? ამ ექსპერიმენტის ჩატარებისას მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, რომ ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ნიუტონის მესამე კანონი სამართლიანია წყვილი ძალებისთვის, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვა სხეულზე.

https://rb.gy/fq2jji

ბოლოს მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ წარმოდგენებს ნიუტონის მესამე კანონის შესახებ.

შემდეგ ფიზიკის მასწავლებელი იწყებს საუბარს იმის შესახებ, რომ ნიუტონის კანონები სამართლიანია მატერიალური სხეულებისთვის, რომლებიც არსებობენ ჩვენ ირგვლივ. საინტერესოა დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ, არსებობს თუ არა მსგავსი კანონზომიერება ადამიანთა ქცევას შორის; უფრო კონკრეტულად, რა შემთხვევაში იმყოფება ინდივიდი სტაციონარულ მდგომარეობაში და რა ზემოქმედებები იწვევენ მისი ქცევის ცვლილებას.

ადამიანის რაიმე ქცევას განაპირობებს გარკვეული ზემოქმედება. ქცევა სწორედ რომ მაპროვოცირებელი ძალის ბუნებით არის განსაზღვრული. ქცევა ასევე დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე და მის პიროვნულ ფასეულობებზე, რწმენაზე, გამოცდილებაზე და ა.შ., კონკრეტულ გარემოზე, რომელშიც ის იმყოფება. ეს მოიცავს ფიზიკურ გარემოს, სენსორულ ელემენტებს, მის სოციალურ წრეს და ნებისმიერ სხვა გარე ფაქტორს. ყველა შემთხვევაში, ადამიანის ქცევა ხასიათით უკავშირდება ამ ქცევის გამოწვევის მიზეზს.

ამ საკითხის განხილვა საინტერესოა ისტორიულ ჭრილში, უკვე ნასწავლი საკითხით ისტორიაში – ,,ინგლისის რევოლუციები XVII საუკუნეში; როგორ დაიბადა პოლიტიკური მმართველობის ახალი ფორმა ინგლისში?’’

საინტერესოა და შთამბეჭდავი უკვე ნასწავლი საკითხის როლური თამაშით უფრო სიღრმისეულად გააზრება. როლური თამაშის მეშვეობით მოზარდები გააცოცხლებენ XVII საუკუნეში, ჩარლზ I სტიუარტის მმართველობისას ინგლისში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს; ასევე, ამავე დროის ინგლისის სხვადასხვა ისტორიულ პიროვნებას. დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში, განიხილავენ ჩარლზ I-ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებს, პარლამენტის როლსა და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზებსა და მის შედეგებს. სხვადასხვა მხრიდან შეხედავენ და შესაბამისი არგუმენტებით გაამყარებენ მეფის სიკვდილით დასჯის ფაქტს და მის მნიშვნელობას.

მეფის რა ქმედებებმა გამოიწვია უკუქმედება?

  • მეფის მიერ პარლამენტის უფლებამოსილების უგულებელყოფამ;
  • რელიგიური უმცირესობების დევნა-შევიწროებამ;
  • ნაცვლად პარლამენტთან თანამშრომლობისა, ერთპიროვნული დიქტატურის დამყარებამ;
  •  ოპოზიციის მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებამ (დაჭერა-დაპატიმრება და ა. შ.);
  •  სამოქალაქო ომის პროვოცირებამ;
  • უცხო ქვეყნების წინააღმდეგ ინგლისისთვის წამგებიანი საომარი კონფლიქტების წარმოებამ.

 

რა უკუქმედება/ შედეგები გამოიწვია მეფის ზემოხსენებულმა პოლიტიკამ?

  • პარლამენტის გაღიზიანება და პროტესტი;
  • ქვეყნის ეკონომიკური და რეპუტაციული ზარალი;
  • მეფისგან დევნილი რელიგიური უმცირესობების მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება;
  • სამოქალაქო ომის გაჩაღება ინგლისში;
  • მოსახლეობის უკმაყოფილებისა და ანტიპათიის გაზრდა მეფის ხელისუფლებისადმი და თავად მეფის პიროვნების მიმართ;
  • მეფე ჩარლზ I ის სიკვდილით დასჯა და მონარქიის გაუქმება.

 

ადამიანის ქცევა ფიზიკის კანონებისგან განსხვავებით ყოველთვის შეიძლება იყოს კონკრეტული კანონის მიღმა, ინდივიდუალური – მატერია კი გარკვეულ წესებს იცავს ზუსტი კანონზომიერებით. ადამიანის საპასუხო ქცევას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, სიტუაცია, საკუთარი განწყობა, ხასიათი და შესაძლებლობები. ინგლისის ისტორიის მაგალითზეც ჩანს, რომ უკუქმედება შესაძლებელია განხორციელდეს არა მყისიერად, ისე, როგორ ეს ფიზიკის კანონების შესაბამისად ხდება, არამედ დროში განვრცობილად, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება თუნდაც სახეცვლილი საპასუხო რეაქციით. ერთი რამ არის ცხადი, ქმედება ყველა შემთხვევაში იწვევს უკუქმედებას, ოღონდ შესაძლებელია ეს მოხდეს ტრანსფორმირებულად, სხვა სახით, სხვა კონტექსტში, მაგრამ აუცილებლად მოხდება.

გაკვეთილის იდეის წარმატებით განსახორციელებლად სასურველია, შემაჯამებელ ეტაპზე გაიმართოს დისკუსია, მოსწავლეებს უნდა მივცეთ საკუთარი აზრის გამოხატვისა და არგუმენტირებულად დასაბუთების შესაძლებლობა.

მატერიალურ სხეულებს, ფიზიკის მესამე კანონის თანახმად, ქმედებაზე მყისიერი უკუქმედება აქვთ. ადამიანთა ქცევას კი უკუკავშირის მისაღებად შეიძლება დრო დასჭირდეს, რადგან საპასუხო ქცევას განაპირობებს ადამიანის გონება და მისი გონების სენსორული პასუხებისთვის საჭირო დრო. ასევე, შესაძლებელია საპასუხო უკუქმედება ადამიანმა განახორციელოს ცნობიერად ან ქვეცნობიერად.

რაიმე ქცევაზე საპასუხო რეაქციამ და შედეგმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთზე მეტ ადამიანზე, ისევე, როგორც ფიზიკურმა კანონზომიერებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ერთზე მეტ ობიექტზე.

საბოლოო ჯამში, ფიზიკის კანონები და ქცევა შეიძლება ერთმანეთს დავაკავშიროთ მრავალ ასპექტში. მოქმედება და რეაქცია, იქნება ეს ფიზიკაში თუ ადამიანის ქცევაში, ცვლის შედეგს (ან ქცევას).

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ქმედების გამომწვევი ძალა და მის შედეგად წარმოქმნილი ძალა მუდამ ერთნაირი ბუნებისაა. ხახუნი იწვევს ხახუნის ძალას, დრეკადობის ძალა, ასევე დრეკადობის ძალას და ა.შ. ასევეა სამყაროშიც, რა ხასიათის ქცევასაც განახორციელებს ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი, იმავე ხასიათის იქნება უკუკავშირიც.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვხედავთ ქმედებისა და შესაბამისი უკუქმედების უამრავ მატერიალურ თუ არამატერიალურ მაგალითს. საბოლოოდ შეიძლება განზოგადებულად ითქვას, რომ ქცევა ფაქტობრივად ექვემდებარება ფიზიკურ კანონებს.

 

 გაკვეთილის გეგმა და პრეზენტაცია:

https://rb.gy/o4gz0n

https://rb.gy/4jm4w1

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://rb.gy/yn77r6

https://rb.gy/hsmejf

https://rb.gy/e01jlv

https://rb.gy/1g3h8e

https://rb.gy/vn3bao

https://ck12.edu.ge/

. გედენიძე, . ლაზარიშვილი – მასწავლებლის წიგნი, მე-9 კლასი;

. ნატრიაშვილი, . ტუღუში, . შენგელია, შენგელია, . ლომიძე – მოსწავლის წიგნი, მე-9 კლასი;

. ტატიშვილი -მასწავლებლის წიგნი, მე-9 კლასი

 

 

 

სხვა სამხრეთი

0

არაფერი ვიცით. გადამწვარი ქვეყნიერების ერთ-ერთ კუთხეში, ფერფლის სქელი ფენით დაფარულ მიწაზე ვდგავართ და მხრებს უმწეოდ ვიჩეჩთ: როგორ შეიძლება გაგრძელდეს აქ დაწყებული ამბავი? სადამდე მიიყვანს მწერალს ეს უცნაური არჩევანი?
წიგნი კი გზაზეა, მრავალგვარი განსაცდელის დაძლევასა და გულში მოგიზგიზე ცეცხლის გადარჩენაზეა. სასიკვდილო საფრთხისგან თავდახსნილს ყველა საყრდენი ხელუხლებლად უნდა დახვდეს, ნაკვერჩხალს სულის ერთი შებერვა უნდა ეყოს.
მამა და შვილი. მამაშვილობის სიმართლე შემზარავად სახეშეცვლილ სამყაროში.
კორმაკ მაკართის „გზა“ ძალიან ნელა უნდა წაიკითხო – სიტყვები, ფრაზები გონებაში უნდა დააყოვნო, მოულოდნელად გაჩენილ აზრს კი ბოლომდე მიჰყვე, თუნდაც ყველაზე შემაძრწუნებელს, გულისგამხეთქავს. მხოლოდ ასე თუ ჩასწვდები, რატომ აიძულებს ავტორი მთავარ გმირებს გამუდმებით სიარულს, მეტ-ნაკლებად უსაფრთხო თავშესაფრების სწრაფად მიტოვებას, ერთ ადგილას ჩასუნთქვას და სხვაგან ამოსუნთქვას.

„რით განსხვავდება ყოვლად შეუძლებელი არასოდეს არსებულისგან?“
„მაინც ვინ აქცია ეს სამყარო მხოლოდ ტყუილად და სიყალბედ?“

შეკითხვას შეკითხვა მოსდევს, მთავარი ეჭვი კი მაინც ბავშვის პირით გაცხადდება: „მაგრამ ჩვენ ისევ კარგი ადამიანები ვართ?“ რა თქმა უნდა, მამა ბიჭუნას დარწმუნებას შეეცდება – არ შევცვლილვართ და ეს არც მერე დაგვემუქრებაო, თუმცა მათ საუბარს რაღაც ისეთიც ახლავს, რაც ჩრდილქვეშ აქცევს ყველა იმედიან ვარაუდს.
გეზი სამხრეთისკენ აუღიათ. ზღვის სანაპიროსკენ. ჩრდილოეთში გადარჩენას ვერ მოახერხებდნენ, რა ღონეც უნდა ეხმარა უკვე ჯანმრთელობაშერყეულ კაცს, რომლის გონებაც გამალებით მუშაობს შესაძლებლობებისგან ყველაზე ხელსაყრელის გამოსარჩევად. ისეთი წამიც დგება, როცა ნაცრისფერი დღის შუქში „მთელი სამყაროსეული სიმართლის დასანახი თვალი“ ეხილება: „გათოშილ უსასრულობაში უანდერძოდ გადაგებული დედამიწის უაზროდ ბრუნვის, მარადიული უსულგულო წყვდიადის, უმზეობაში ბრმად და ალალბედზე გაუთავებელი წანწალის, სულშემხუთავი შავი უჰაერობის“ ერთ მოცემულობად აღქმა და გაცნობიერება რთულ ამოცანას აღარ წარმოადგენს. ნაცნობი გამოსახულებებიც მკაფიოდ ჩანს სურათში: „და ამის ფონზე საბოლოოდ ყველა გზამოჭრილი მამა-შვილი ცახცახებდა სადღაც, ორ მელიასავით სოროში მომწყვდეული“.

მაინც რა ძალა აიძულებს კაცს, რომ უმომავლო სამყაროში განთიადს დაელოდოს, წამოდგეს, წყალი მოსვას, შვილის გაღვიძებამდე სასოწარმკვეთი ფიქრები თავიდან მოიშოროს, მერე კი გასამხნევებელ სიტყვებს მიაგნოს – სწორსა და უბრალოს? იმედს მხოლოდ პატარა არ ეძებს – უფრო და უფრო გულდამძიმებული მკითხველიც ნატრობს, რომ სინათლის სხივმა ამ უღრანში შემოაღწიოს. თუნდაც მცირე ხნით. თუნდაც ყველაზე მოკლემ. რაღაც სასწაულის მსგავსიც ხომ მომხდარა – კონსერვის ქილებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით სავსე სამალავისთვის მიუგნიათ, მიტოვებულ გემზე ასპირინსა და სხვა წამლებს გადასწყდომიან, გაბოროტებულ, გამხეცებულ ადამიანებს ხელიდან დასხლტომიან…

ბოლოს კი ის დროც დგება, როცა შვილის შეკითხვას – ყველაზე დიდი ვაჟკაცობა რა ჩაგიდენიაო? – კაცი გულახდილად პასუხობს: ამ დილით ადგომა იყო დიდი ვაჟკაცობაო.
მელიები. ვიწრო სოროში ერთმანეთს მიკრულნი, თვალებში შიშჩამდგარნი.
„თუ უნდა მოვკვდეთ, წინასწარ ხომ მეტყვი?

არ ვიცი. არ მოვკვდებით“.

როცა ზღვის სანაპიროს მიაღწევენ, ცხადი ხდება, რომ გზა უნდა გააგრძელონ, სხვა სამხრეთი უნდა მოძებნონ. იქ კი, ვინ იცის, რა დახვდებათ, რა ქარ-წვიმა და ძნელად წარმოსადგენი განსაცდელი…
მთავარია, რომ ისევ კარგი ადამიანები არიან, გულში ცეცხლის შემნახველნი.

რა არის AI ჩატბოტები და როგორ ცვლიან ისინი სწავლების ფორმებს

0

გასაოცარ სამყაროში გვიწევს ცხოვრება: ერთი მხრივ, სოციალური გარემო თავისი ყოველდღიური პრობლემებით და, მეორე მხრივ, ციფრული ეპოქა და ტექნოლოგიები, რომლებიც გვთავაზობენ განუსაზღვრელ შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, არსებობს ტექნოლოგია, რომელიც დაგვეხმარება, ხშირად უფროსი თაობა თავს იკავებს  მისი გამოყენებისგან.

ციფრული თაობა კი ამასობაში უკვე გაწაფულია AI პლატფორმებზე. მახსოვს, პირველად რომ ChatGPT და მსგავსი ჩატბოტები გამოჩნდა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა სწრაფად აიტაცეს მათი გამოყენება. TikTok-სა   და Facebook – ზე ხშირად მხვდებოდა ვიდეოები, რომლებშიც სტუდენტები და მოსწავლეები აცხადებდნენ, რომ „მასწავლებლებს და ლექტორებს ამის შესახებ, გთხოვთ, არ  გააგებინოთო.  ეს, ერთი შეხედვით, ირონიული განაცხადი, სიმართლესთან ახლოს იყო, რადგან „ხელოვნური ინტელექტი დაგვიპყრობს“, „მერე ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ, თუ ისინი ამდენ რამეს გააკეთებენ?“ – არსებობდა/არსებობს ასეთი შიშები. უმრავლესობა ელოდება, როდის ეტყვიან: რომ ეს კარგი და სასარგებლოა მისი საქმიანობისათვის. ეს კი შეიძლება, არასდროს მოხდეს… ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად გამოვცადოთ ეს სიახლეები და მერე გადავწყვიტოთ, გვჭირდება თუ არა? მით უფრო, გასათვალისწინებელია ეს ამბავი, რომ AI ჩატბოტები ქართულად გაწაფულად ამეტყველდნენ! ასეთებია, მაგალითად: ChatGPT და  Claude.ai . ისინი არა მხოლოდ საუბრობენ ქართულად, არამედ, ქართულ ტექსტებსაც დაგირედაქტირებენ და წიგნებსაც შეგიფასებენ.

და მაინც, რას წარმოადგენენ  AI ჩატბოტები?

AI ჩატბოტები არის პროგრამები, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანებთან ტექსტური დიალოგისთვის. ისინი აანალიზებენ  ტექსტს, იგებენ კონტექსტს და შინაარსს, და პასუხობენ ბუნებრივი ენის მსგავსად. ძირითადი მახასიათებლები: ენის გაგება და გენერირება, კონტექსტის შენარჩუნება, საუბრისას სწავლა და ადაპტირება ინტერაქციებიდან. გამოიყენება: კლიენტთა მომსახურებაში, ინფორმაციის მიწოდებაში, პერსონალურ ასისტენტებად და ასე შემდეგ.

როგორ მუშაობენ ჩატბოტები?

მონაცემთა დასწავლა: AI ჩატბოტები სწავლობენ დიდი  მოცულობის ტექსტური მონაცემებს, რათა გაიგონ კონტექსტი და უპასუხონ კითხვებს ადექვატურად.

ბუნებრივი ენის დამუშავება: AI ჩატბოტები აანალიზებენ ბუნებრივ ენას, მათ შორის, ტონს, იუმორს და კონტექსტს..

ტექსტის გენერირება: AI ჩატბოტები ქმნიან გააზრებულ და კონტექსტურ პასუხებს ღრმა  სწავლების მოდელის გამოყენებით;

თუ ჰკითხავთ Claude.ai-ს, გაგეცნოთ, ის დაგიწერთ: „მე შემქმნა კომპანიამ Anthropic-მა, შევიქმენი იმისთვის, რომ დავეხმარო ადამიანებს სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში – ინფორმაციის მოძიებაში, ანალიზში, კითხვებზე პასუხის გაცემაში, წერაში და ა.შ. ჩემი ცოდნის ბაზა ბოლოს განახლდა 2023 წლის აპრილში;  მე ვარ Claude 3.5 Sonnet-ის ვერსია, რომელიც არის Claude 3-ის მოდელების ოჯახის ნაწილი“.

ChatGPT – მ კი ასე მიპასუხა: „მე ვარ ChatGPT, დიდი ენის მოდელი, შექმნილი OpenAI-ს მიერ. ჩემი მიზანია მომხმარებლებს დავეხმარო სხვადასხვა დავალებაში, როგორიცაა: კითხვებზე პასუხების მიცემა, ტექსტების შედგენა, თარგმნა, რედაქტირება და სხვა…“

დამერწმუნეთ, რომ ციფრული ტექნოლოგიები, მათ შორის, AI ჩატბოტები, ფუნდამენტურად ცვლიან ჩვენს ცხოვრებას და სამუშაო გარემოს. ისინი ქმნიან ახალ შესაძლებლობებს განათლებაში, ჯანდაცვაში, ფინანსებსა და სხვა სფეროებში. ამ ტექნოლოგიების ცოდნა და გამოყენება ხდება აუცილებელი უნარი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად თანამედროვე შრომის ბაზარზე – ეს კი ყველასთვის სასარგებლოა.

დღეისთვის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გამოყენების ცოდნა აღარ არის ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის. ეს ტექნოლოგია გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს პირადი განვითარებისთვის, კარიერული წინსვლისთვის და ინოვაციური იდეების რეალიზებისთვის – ამაზე უარს კი ვერავინ იტყვის! ხოლო ის, ვინც დროულად აითვისებს ამ ინსტრუმენტებს, მოიპოვებს მნიშვნელოვან უპირატესობას სწრაფად ცვალებად, ტექნოლოგიებით მართულ მსოფლიოში.

ახლა კი ჩამოგითვლით, რაში შეუძლიათ გამოიყენონ მასწავლებლებმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები:

1. ინტეგრირება სხვადასხვა საგნებში:
– ენის გაკვეთილებზე AI-ს გამოყენება წერის უნარების გასაუმჯობესებლად;
– მათემატიკაში პრობლემების გადაჭრის ახალი მეთოდების დემონსტრირება;
– ისტორიაში ისტორიული სცენარების სიმულაცია და ანალიზი;

2. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება:

– სტუდენტების წახალისება, შექმნან AI-ზე დაფუძნებული პროექტები;
– ჯგუფური მუშაობა AI ინსტრუმენტების გამოყენებით;

3. კრიტიკული აზროვნების განვითარება:
– AI-ს პასუხების ანალიზი და შეფასება;
– ეთიკური დისკუსიების წამოწყება AI-ს გამოყენების შესახებ;

4. პერსონალიზებული სწავლების ხელშეწყობა:
– AI-ს გამოყენება ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესაქმნელად;
– სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი AI ანალიტიკის საშუალებით;

5. კვლევითი უნარების გაუმჯობესება:
– AI-ს გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის პროცესში;
– წყაროების სანდოობის შეფასების სწავლება AI კონტექსტში;

6. ინტერდისციპლინური სწავლება:
– AI-ს გამოყენება სხვადასხვა საგნის დასაკავშირებლად;
– კომპლექსური პრობლემების გადაჭრა AI-ს დახმარებით;

7. ციფრული მოქალაქეობის სწავლება:

– ონლაინ ეთიკისა და უსაფრთხოების სწავლება AI კონტექსტში;
– დეზინფორმაციის ამოცნობის უნარების განვითარება;

8. კრეატიულობის სტიმულირება:
– AI-ს გამოყენება ხელოვნების, მუსიკის და ლიტერატურის შექმნაში;
– ინოვაციური იდეების გენერირება AI-სთან თანამშრომლობით;

9. პრაქტიკული უნარების განვითარება:

– რეზიუმეების შექმნა და სამუშაოს ძიების პროცესის სიმულაცია AI-ს დახმარებით;
– ბიზნეს გეგმების შემუშავება AI ანალიტიკის გამოყენებით;

10. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა:
– AI-ს გამოყენება, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი უწყვეტი განათლებისთვის;
– ახალი უნარების სწრაფად ათვისების სტრატეგიების სწავლება;

ხელოვნური ინტელექტი და AI ჩატბოტებიც ელვის უსწრაფესად ვითარდება. შესაძლოა, ამ სტატიის დაწერიდან გამოქვეყნებამდე დროშიც კი შეიცვალოს. ისინი ცხოვრების ყველა სფეროსთვის ხსნიან ახალ შესაძლებლობებს.

რა ტრენდებია და როგორი იქნება ახლო მომავალი? რა მიმართულებები განვითარდება?

მულტიმოდალურობა: ხმოვანი, ვიზუალური და ტექსტური ფორმების ინტეგრაცია მოხდება და კომუნიკაცია გახდება უფრო ბუნებრივი და მრავალმხრივი;

პერსონალიზაცია: AI ჩატბოტები მომხმარებელთა მოთხოვნების სულ უფრო სიღრმისეულ ანალიზს გააკეთებენ და   შესთავაზებენ მათ  ინდივიდუალურად შერჩეულ მომსახურებას და რეკომენდაციებს;

ემოციური ინტელექტი: AI ჩატბოტები ამოიცნობენ მომხმარებელთა ემოციებს, ექნებათ მათზე რეაგირება და დიალოგიც უფრო მეტად ემპათიური და ბუნებრივი გახდება;

პროგნოზირება: AI ბოტები გამოიყენებენ მონაცემებს მომხმარებლის ქცევის პროგნოზისთვის, შესთავაზებენ პროაქტიულ გადაწყვეტილებებს და გაფრთხილებებს.

 

 

“უმაღლესი განათლების მუდმივად ცვალებად ლანდშაფტში, Chat GPT-ის შემოსვლა წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს, რაც სწავლა-სწავლების ახალი ერის დასაწყისს მოასწავებს. ეს რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ლინგვისტური პროგრამირების დახვეწილ ნაზავს წარმოადგენს,  აფართოებს სწავლის, სწავლებისა და აკადემიური კვლევის საზღვრებს. Chat GPT, თავისი შესაძლებლობით დაამუშაოს და შექმნას ადამიანის მსგავსი ტექსტი, წარმოუდგენელ პერსპექტივებს სთავაზობს როგორც მასწავლებლებს, ისე სტუდენტებს, რათა მათ აღმოაჩინონ ცოდნის შეძენისა და გავრცელების ახალი ჰორიზონტები.”[1] (Richard La Faber)

 

AI ჩატბოტების „ჰალუცინაცია“

უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხების გენერირებისას AI ჩატბოტებმა შეიძლება „აურიოს“. ამ პროცესს „ჰალუცინაცია“ ეწოდება.

“ჰალუცინაცია” ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში ნიშნავს, რომ AI სისტემა, როგორიცაა ჩატბოტი, აგენერირებს ინფორმაციას, რომელიც არასწორია ან არ შეესაბამება რეალობას. ეს ხდება მაშინ, როცა სისტემა ქმნის ტექსტს, რომელიც გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია, მაგრამ შინაარსობრივად მცდარი ან გამოგონილია.

თუ აღმოაჩენთ ასეთ ტექსტებს, შეამოწმეთ ინფორმაცია სანდო წყაროებში ყურადღება მიაქციეთ უჩვეულო ან საეჭვო დეტალებს დასვით დამაზუსტებელი კითხვები, რომლებზეც თავად ჩატბოტი გიპასუხებთ, რომ მცდარია (როცა მცდარია).

Vectara-ს 30-კაციანმა გუნდმა,  28.5 მილიონი დოლარის საწყისი დაფინანსებით, გამოიკვლია წამყვანი ჩატბოტები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა OpenAI, Google, Meta და Anthropic.  კვლევამ აჩვენა, რომ OpenAI-ის ChatGPT-ს ყველაზე დაბალი ჰალუცინაციების მაჩვენებელი აქვს – 3%, ხოლო Google-ის Palm-ში ეს მაჩვენებელი 27%-მდეა. Meta-ს და Anthropic-ის ჩატბოტები შუა მაჩვენებლებში აღმოჩნდნენ 5-8%-ის შუალედში.[2]

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ AI სისტემები, მიუხედავად მათი სიძლიერისა, არ არიან უცდომელნი. კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის გადამოწმება აუცილებელია მათი გამოყენებისას.

ჰალუცინაციების შესამცირებლად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გენერაციული AI ხელსაწყოები უნდა იყოს დაკავშირებული ფაქტების შემმოწმებელ სისტემებთან, რათა არცერთი ჩატბოტი არ დარჩეს ზედამხედველობის გარეშე.[3]

 

P.S. და ბოლოს, ამ შესავლის შემდეგ, შეგვიძლია დავიწყოთ AI ჩატბოტებთან კომუნიკაცია. ამისათვის კი მოგვიწევს ვისწავლოთ ის ენა და ალგორითმები, რომლებიც განაპირობებენ ეფექტურ კომუნიკაციას. იმის გათვალისწინებით, რა გვჭირდება, AI ჩატბოტებს ვაძლევთ ტექსტურ დავალებას, რომელსაც ეწოდება: ინსტრუქცია, მითითებები ან უნივერსალურ ენაზე რომ ვთქვათ, პრომპტები/prompts. შემდეგ წერილში ვისაუბრებთ ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციის ენობრივ მოდელებზე.

 

[1] https://www.linkedin.com/pulse/ai-chat-gpt-higher-education-richard-la-faber-wdccc

 

[2] https://news.outsourceaccelerator.com/chatbots-prone-to-hallucination/

 

[3] https://www.scientificamerican.com/article/chatbot-hallucinations-inevitable/

 

შორენა ფხაკაძის ავტოლოგიური პოეზია

0

 შორენა ფხაკაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, თან სკოლაშიც ასწავლის. ჩვენი მრავალწლიანი ფეისბუქმეგობრობის მანძილზე არც ვიცოდი, რომ ის ლექსებს წერდა. ერთხელაც რამდენიმე ლექსი გამომიგზავნა შესაფასებლად. ზოგადად, როცა საკუთარ ტექსტებს გიგზავნიან წასაკითხად (ძირითადად – ახალგაზრდა ავტორები), ე. ი. შენი აზრი მათთვის რაღაცას ნიშნავს და ეს სასიამოვნოა, მაგრამ მე კრიტიკული შენიშვნებისგან თავს ვიკავებ, რადგან მტკიცედ მწამს, რომ რჩევები ამ საქმეში არაფრის მომცემია, ლიტერატურა სპორტი არ არის, გამოცდილმა სპორტსმენმა გამოცდილება გაგიზიაროს. ავტორი თავისით უნდა მივიდეს რაღაცამდე, რჩევა და შენიშვნა შეიძლება, გულსატკენიც კი იყოს, ამიტომ მე მხოლოდ კარგს ვეუბნები ყველას. შორენას ლექსები კი ჩემთვის აღმოჩენა იყო, ძალიან აღვფრთოვანდი ამ მოულოდნელობით.

ვიცი, რომ ის ბავშვობიდან წერს და ძველი ლექსები გაანადგურა, მე კი ვგიჟდები ავტორებზე, რომლებსაც განადგურება შეუძლიათ, დოსტოევსკის თქმის არ იყოს, “ვისაც განადგურება შეუძლია, ბევრს მიაღწევს”, და შორენამ მიაღწია კიდეც – ის სრულიად უნიკალურ პოეტად ჩამოყალიბდა. ამ ბლოგის დაწერამდე, თავისი ყველა ლექსის გამოგზავნა ვთხოვე, კრებული არ აქვს გამოცემული, ამიტომ ვორდის ფაილით გამომიგზავნა. ვორდის ფაილის 41 გვერდი – აი, ეს არის მთელი მისი პოეტური შემოქმედება. ასე, ერთიანად წაკითხულმა ამ ლექსებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ყველა ლექსი შესანიშნავია, მაგრამ რამდენიმე ლექსი ნამდვილი პოეტური მარგალიტია.

შორენა საერთოდ ცოტას წერს, წერს მხოლოდ შინაგანი აუცილებლობის შემთხვევაში, როცა სათქმელი წარმართავს შემოქმედებით პროცესს. ლექსის დაწერის მოთხოვნილება ერთია, მაგრამ ეს აღტკინება კოჰერენტულ თანხვედრაში თუ არ არის სათქმელთან, მკვდრადშობილ პოეტურ ბოდვას ვიღებთ, რომლისგანაც სრულიად ემისირებულია ემოციაც, ექსპრესიაც და კონცეპტიც. შორენა კი ელოდება ჭეშმარიტ სუგესტიურ ნაპერწკალს, რომელიც ლექსს დააწერინებს, სწორედ ამიტომაა მისი ყველა ლექსის სათქმელით და ემოციით სავსე. ამ მხრივ მე მას ბიშოპს და შიმბორსკას შევადარებდი, რომლებიც ასევე ცოტას წერდნენ. არა მხოლოდ – ამ მხრივ, ხსენებულ ორ კლასიკოსს შორენას პოეზია აზრის სინათლითაც და მხოლოდ და მხოლოდ სათქმელზე ორიენტირებითაც ენათესავება. შორენას პოეზია კონცეპტუალური პოეზიაა, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის პოეზია. მისი პოეტური მეტყველება მთლიანად ავტოლოგიურია, სრულიად ან თითქმის სრულიად გამორიცხავს ტროპულ აზროვნებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ლექსებში ბიჟუტერიის ადგილი არ არის. პოეტური მეტყველების თვალსაზრისით, ოცდამეერთე საუკუნის პოეტს ორი გზა აქვს: ან მთლიანად ავტოლოგიურობას, უმეტაფორობას მიჰყვეს, ან შექმნას ორიგინალური პოეტიზმების თუ ტროპების სისტემა (ათასჯერ გადამღერებული სახე-მეტაფორების მუდმივი რეპრეზენტაცია და ორიგინალურობას მოკლებული ინტერპრეტაცია თანამედროვე პოეზიის პრობლემაა). შორენა პირველ გზას ირჩევს – მისი პოეტური ხედვა მთლიანად სათქმელზეა ზუმირებული და შედეგად ვიღებთ კომპოზიციურად უნაკლო ლექსებს, რომლებსაც დასაწყისი, ლოგიკური განვითარება და ლოგიკური კადენციურ-საფინალო აკორდი აქვთ, ეს განსაკუთრებული ნიჭია. ვერლიბრში (შორენა ვერლიბრებს წერს) ზოგიერთ პოეტს, რომელიც ლექსს კონცეპტუალური აუცილებლობით კი არა, უბრალოდ, ხელოვნურად წერს, უჭირს თავის მოთოკვა და შედეგად ვიღებთ უშველებელ, თავისუფალი ლექსის გრაფიკის მქონე, სრულიად უინტერესო ფსევდომედიტაციურ და ფსევდოინტროსპექციურ წუწუნს, რომელსაც არც თავი აქვს, არც – გაგძელება და არც – ბოლო. შორენას ლექსებში კი საგრძნობია ემოციურ-აზრობრივი დინამიკა და ამით მოტივირებული რეგლამენტურობა, მათში არც ერთი ზედმეტი სიტყვა და ფრაზა არ არის.

“… ხანდახან გჭირდება განმარტოება,
ყოველდღიური საქმეებისაგან თავის დაღწევა.
მერე იბადებიან ლექსები, რომლებიც,
როგორც ამბობენ,
„მშვენიერია“. – წერს ის ერთგან. დიახ, მისი ლექსები ნამდვილად მშვენიერია. ესაა რიტმული ვალდებულებებისგან თავისუფალი ვერლიბრები, რომლებსაც გასდევს ინტიმურ-მონოლოგური, უპრეტენზიო ინტონაციები და სწორედ ეს ქმნის მათ უნიკალურობას. ავტორს აშკარად ტკივილები და დისკომფორტი აწერინებს ლექსებს, ზოგიერთი ლექსიდან პირდაპირ – ადამიანური ტრაგედია, ზოგიერთიდან კი პატარა თუ დიდი ყოფითი ტკივილები ილანდება. ლამის ლექსიდან ლექსში გადადის გარდაცვლილი მამის აჩრდილი, ერთი ბრწყინვალე ლექსი კი მთლიანად მამის გასვენების დღის ტრაგიკულ-წარუშლელი ქრონოლოგიაა:

***

მამაჩემმა ვერ მოასწრო დაბერება,
გაჭაღარავდა, როგორ არა,
ცოტა მოიხარა კიდეც
მაგრამ ეს არ იყო ის სიბერე,
რომელიც ელოდა,
როგორიც ელოდა,
რომ მოეთმინა,
რომ მოეცადა
და არ ეჩქარა მეორე ნაპირზე გასვლა.

მეორე ნაპირი უფრო ახლოს აღმოჩნდა,
ვიდრე გვეგონა,
იოლად მიაგნო
და მარტივად გადაწყვიტა წასვლა.

ვზივარ, უჩვეულოდ მუქ კუბოს ვუყურებ
(არც კი ვიცი, რატომ წარმომედგინა ღია ფერის),
სუდარის მიღმა სახეწაშლილი მამაჩემია,
ძნელი წარმოსადგენია და კიდევ უფრო
ძნელი დასაჯერებელი.

„ვერ დავატევ ყვავილებს მანქანაზე“ – ამბობს კატაფალკის მძღოლი
და მე ახალი საზრუნავი მიჩნდება –
სხვა მანქანა უნდა მოიძებნოს.
„კიბეზე ჩაყვანისას სუდარა არ დაცურდეს“ – ღმერთო,
საიდან შემრჩა ამდენის ფიქრის თავი. . .

წავიდა მამაჩემი.
„სხვების მამებიც მიდიან.“
„ყველას მამა წავა.“
„მამები უნდა წავიდნენ.“
კიდევ რას მეტყვით, მეგობრებო,
მეზობლებო, ნათესავებო,
კოლეგებო?

ყველას მამა წავა,
ოღონდ,
მამაჩემმა ვერ მოასწრო დაბერება.

გარდაცვლილი მამის გარდა, სხვა ძვირფასი გარდაცვლილებიც შემოდიან ლექსებში, მიღმიერზე, ტრანსცენდენტურზე ფიქრი არ ასვენებს ავტორს. ამ და სხვა ონტოლოგიურ საფიქრალში თუ რუტინაში ზოგჯერ ასეთი ირონიულ-თვითირონიული მოტივიც გაკრთება (ამ შესანიშნავ ლექსსაც თავიდან ბოლომდე მოვიყვან):

***
ბატონებო და ქალბატონებო,
მინდა შეგახსენოთ, რომ
ყველა გოგოს აქვს
გოგოდ დარჩენის უფლება.
ნუ დაგვამძიმებთ
ისეთი სიტყვით, როგორიცაა
„ქალბატონო!“
ჩვენ, გოგოებად დარჩენილებს
გარკვეული შეღავათები უნდა გაგვიწიოთ ამ მხრივ.
უნდა გვაპატიოთ ასაკის შეუფერებელი სამოსი
და სამკაული.
რა ვუყოთ, რომ სამეგობროდაც უმცროსებს ვირჩევთ
და არა მხოლოდ სამეგობროდ.
რა ვუყოთ, რომ არ გვიყვარს ჩვენი დაბადების დღეები?
ყოველი განვლილი წელი ხომ კიდევ უფრო გვაშორებს გოგოობას.

ბატონებო და ქალბატონებო,
გთხოვთ, მოგვიტევოთ,
გვეპატიება ნამდვილად
გოგოობა.
არ გვინდა ეს შლეიფიანი „ქალბატონო“,
ადრეა ჯერ,
ძალიან ადრე.

ასეთია შორენა ფხაკაძის პოეზია, შეუძლებელია, წაკითხვის მერე გულგრილი დარჩეს მკითხველი-რეციპიენტი. ამ ბოლო დროს მისი ლექსები “ლიტერატურულ გაზეთში” დაიბეჭდა, ეჭვიც არ მეპარება, მალე სხვა ჟურნალ-გაზეთებიც დაბეჭდავენ, და, საერთოდაც, დროა, მისი ლექსები წიგნად გამოვიდეს, ეს ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენა იქნება თანამედროვე ქართული პოეზიისთვის.

ვისწავლოთ და ვასწავლოთ ბავშვებს სიყვარული

0

ალბათ, ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ადამიანთა წინაშე დგას, სიყვარულის დეფიციტია; სიყვარულის, თანაგანცდის, თანაგრძნობის, ემპათიის ნაკლებობა და ადამიანთა შორის გაუცხოება. სმარტფონებში თავჩარგულები და საკუთარ ცხოვრებისეულ პრობლემებში ჩაძირულები ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რომ აქვე, ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანი, რომელიც შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეც კი იყოს, წამალივით საჭიროებს ჩვენს ყურადღებას, სითბოს, სიყვარულს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ერთი სატელეფონო ზარი, ჩვენი ხმის გაგონება ასეთი ადამიანისათვის იმედის და ცხოვრებისკენ შემობრუნების უძლიერეს ფაქტორად იქცეს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობებს ხომ საზღვარი არა აქვს, ცნობილია უამრავი შემთხვევა, როცა სრულიად უიმედო სიტუაციიდანაც კი გამოსულა ადამიანი და ექიმები გაოცებული დაუტოვებია. ფსიქიკის შესაძლებლობები ხომ მედიცინისთვის დღემდე ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორად ნათქვამმა სიტყვამ, ემოციების ადეკვატურად გამოხატვამ, სიყვარულმა, თანადგომამ, თანაგანცდამ ნამდვილად შეიძლება სასწაული მოახდინოს. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი პრობლემებით დატვირთული, ამისთვის ვერ ვიცლით და ამის კეთებას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა ადამიანი ჩვენ გვერდით უკვე აღარ არის. ასეთ დროს ჩვენი გამოხმაურებებით თითქოს ვცდილობთ, ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენგან წასული ადამიანისათვის ჩვენ ყველაზე ახლობელი, ძვირფასი და საყვარელი ვიყავით, ჩვენ მასთან ყველაზე მეტი რამ გვაკავშირებდა. რამდენისგან მსმენია ასეთი ფრაზა – „ამ ადამიანს რომ სცოდნოდა ნაცნობ-მეგობრების მისდამი ასეთი დამოკიდებულება, შეიძლება, ეპოვა საკუთარ თავში სასიცოცხლო ძალები და დღესაც ჩვენ გვერდით ყოფილიყო“.

ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ჩვენს ქცევას, ჩვენს საუბარს, სიტყვას, ემოციების გამოხატვის ფორმებს ყოველდღიურად, ყოველ წუთს „გამადიდებელი ლუპით“ აკვირდებიან ბავშვები და, თუ მათი ემოციური ინტელექტით უკმაყოფილო ვრჩებით, ცუდი არ იქნება ჩავიხედოთ საკუთარ თავში, დავუკვირდეთ ჩვენს ქცევას, იმას, თუ როგორ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს, ემოციებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვი უფრო მოსიყვარულე, ემპათიური, თანამგრძნობი აღიზარდოს. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ბავშვს გამოავლინოს ყურადღება, სითბო, სიყვარული გვერდით მდგომის მიმართ, თუ თავად დაბადებიდან არასოდეს უგრძნია ეს ახლობლებისაგან და, პირველ რიგში, მშობლებისაგან. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ეპოქაში, გარკვეული მიზეზების გამო, ბავშვის ემოციური განვითარება ყველაზე საყურადღებო მიმართულებად არის მიჩნეული და მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში გამოვუმუშაოთ ბავშვს სიყვარულის, ემპათიის, თანაგანცდის, თანაგრძნობის უნარი.

რა შეიძლება გავაკეთოთ აღნიშნული მიმართულებით – რეკომენდაციები:

  • გამოვხატოთ, გამოვავლინოთ, გამოვამჟღავნოთ სიყვარული ბავშვის მიმართ, ნუ დავმალავთ ამ გრძნობას, ნუ მოგვერიდება, ნუ შევიკავებთ თავს ალერსისა და მოფერებისაგან – შევაქოთ საჭირო დროს და ვიყოთ მგრძნობიარე ბავშვის ემოციური მოთხოვნილებების მიმართ. ეს ხელს უწყობს თვითრეგულაციის განვითარებას, რამდენადაც, როცა ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, მას უყალიბდება სამყაროს, როგორც უსაფრთხო და სასიამოვნო ადგილის აღქმა; ეს საშუალებას აძლევს მას, იმოქმედოს მშობლებისგან დამოუკიდებლად და არ ეშინოდეს, რომ ყოველ კუთხეში მას საფრთხე და უსიამოვნებები ელის. თუ მშობლების ქცევა ცივი, დისტანციური და არათანმიმდევრულია ბავშვთან გრძნობების გამოხატვისას, პატარა თავს დაცულად ვერ გრძნობს, ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, უჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა, უქვეითდება თვითშეფასება;
  • გვახსოვდეს, რომ სიყვარული ბავშვის მიმართ არასოდეს შეიძლება იყოს ზედმეტად ბევრი – ბავშვს ნამდვილად არ დააზარალებს, თუ ყოველდღე ვეტყვით, რომ ჩვენ ის გვიყვარს, რომ ის არის ჩვენი უსაზღვრო სიხარულის წყარო. მას ნამდვილად არ ავნებს ასევე ჩახუტება და გულწრფელად შექება. არ ღირს შევიკავოთ ჩვენი დადებითი ემოციები, გრძნობები და ვიყოთ ცივი, უგრძნობი იმის გამო, რომ გვეშინია არ „გავაფუჭოთ“ ბავშვი ზედმეტი ყურადღებით. ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ სიმკაცრე აყალიბებს მტკიცე ხასიათს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა; როცა ბავშვები გრძნობენ გულწრფელ, ნამდვილ სიყვარულს ისინი, როგორც წესი, ნაკლებ მოთხოვნებს აყენებენ და ბევრად უფრო მეტი სიმტკიცით გამოირჩევიან;
  • ნუ მოგვერიდება ბავშვის მიმართ ჩვენი სიყვარულის ფიზიკურად გამოვლენის – ბავშვისთვის აუცილებელია მშობლების მხრიდან სიყვარულის ფიზიკურად გამოხატვა არა მხოლოდ ჩვილობაში, არამედ მოგვიანებითაც, ადრეულ ბავშვობაში და მოზარდობის ასაკშიც. ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, ვერ ხვდებიან, რომ მათი შვილებისთვის ეს აუცილებელია მაშინაც კი, როცა ისინი იზრდებიან და უხერხულობას გრძნობენ მოფერების, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის გამო. ხანდახან სასურველია, ვიყოთ უფრო დელიკატური გრძნობების გამოხატვისას მოზარდის მიმართ და ვიცოდეთ, სად და როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ემოციები. ნუ გავამახვილებთ საგანგებოდ ამაზე ყურადღებას – ბავშვისთვის უკეთესი იქნება, თუ ეს ჩვენი მასთან ურთიერთობის ბუნებრივ და ყოველდღიურ ნაწილად იქცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვისწავლოთ ბავშვისადმი სიყვარულის გამოვლენა გულწრფელად და არა საჩვენებლად, სხვებისთვის იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ გვიყვარს ჩვენ ის. საკმარისი იქნება უბრალოდ სწრაფად ვაკოცოთ მას, როცა ის დილით სკოლაში მიდის, მოვეხვიოთ, ჩავეხუტოთ, როცა სკოლიდან ბრუნდება. ასეთი ფიზიკური კონტაქტი, როგორი უეცარი და მოულოდნელიც არ უნდა იყოს ის, აძლიერებს, განამტკიცებს ჩვენს ემოციურ ურთიერთობას;
  • შევეცადოთ გავიგოთ ბავშვის ემოციური მოთხოვნილებები და საჭიროებები – ეს არ ნიშნავს ბავშვის უბრალოდ ნუგეშისცემას და დამშვიდებას, როცა ის ტირის, ან, როცა ეშინია. აუცილებელია ყურადღებით დავაკვირდეთ მის განწყობა-დამოკიდებულებებს და ისეთი რეაგირება მოვახდინოთ, რომ დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ მის ემოციურ განვითარებას. ბავშვის ემოციური მოთხოვნილებები იცვლება ასაკის მატებასთან ერთად. ჩვილობის პერიოდში პატარას უნდა გავუჩინოთ უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა. ადრეულ ბავშვობაში მისი ქმედებების წახალისებით საჭიროა, დავეხმაროთ ბავშვს გახდეს შედარებით დამოუკიდებელი. დაწყებით კლასებში, როცა ბავშვები ხშირად იწყებენ დაეჭვებას საკუთარ შესაძლებლობებში, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ბავშვმა დაიჯეროს საკუთარი ძალების და მიაღწიოს წარმატებას. გარდატეხის ასაკში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დავეხმაროთ მოზარდს იყოს თავდაჯერებული და დამოუკიდებელი მოქმედებაში;
  • გადავაქციოთ სახლი ბავშვისთვის ნავსაყუდლად – მოზარდი უნდა გრძნობდეს, რომ სახლი ის ადგილია, სადაც მას შეუძლია უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი ყოველდღიური ცხოვრებისეული სირთულეებისაგან. შევქმნათ სახლში ისეთი ატმოსფერო, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვს, მოეშვას, მოდუნდეს, დაივიწყოს თავისი პრობლემები და დაისვენოს. შევეცადოთ შევამციროთ მისთვის სტრესის დონე იმით, რომ სახლში არ იყოს ჩხუბი, კამათი, დაპირისპირება, ურთიერთობების ემოციურად გარკვევა. ბავშვს სჭირდება სიმშვიდის „კუნძული“ სკოლაში გატარებული რთული დღის, ან სათამაშო მოედანზე მომხდარი არასასიამოვნო შემთხვევის შემდეგ, როცა მეგობრებმა უღალატეს, ან როცა ის ეჩხუბა საყვარელ ადამიანს. შეიძლება ჩვენს ძალებს აღემატებოდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება, მაგრამ შესაბამისი ატმოსფერო სახლში ერთგვარი შვება იქნება და მოზარდს განტვირთვაში დაეხმარება;
  • ნუ ვიქნებით ზედმეტად მომაბეზრებელი და შემაწუხებელი ბავშვისთვის – რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ მშობლები ყოველთვის მის გვერდით არიან და მზად არიან დასახმარებლად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის იმის გაცნობიერება, რომ მას შეუძლია უამრავ რთულ სიტუაციას დამოუკიდებლადაც გაუმკლავდეს. თუ ჩვენ ვცდილობთ, ბავშვის ყველა ნაბიჯი გავაკონტროლოთ და არ ვაძლევთ შესაძლებლობას დამოუკიდებლად იმოქმედოს, დამოუკიდებლად აკეთოს საქმე, მას არასოდეს განუვითარდება საკუთარი ძალების რწმენა, ნდობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა ბავშვში თვითკონტროლის უნარის განვითარებისთვის არის მისთვის თავისუფლების მიცემა გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინაც კი, თუ ეს გადაწყვეტილება მას წარუმატებლობამდე და იმედგაცრუებამდე მიიყვანს.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ გარშემომყოფი ადამიანების, უპირველეს ყოვლისა კი მშობლების სიყვარული და ყურადღება, მისდამი გულისხმიერი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ბავშვს კომფორტის, სიმყუდროვის, უსაფრთხოების, დაცულობის გრძნობას უჩენს. ბავშვს მშობლებში საყრდენი სჭირდება. მშობლების სიყვარული ასწავლის მოზარდს, იყოს დამოუკიდებელი, იმსახურებდეს პატივისცემას, შეეძლოს პატიება, დახმარება, თანაგრძნობა, თანაგანცდა. ყურადღებისა და სიყვარულის ნაკლებობა კი გავლენას ახდენს ბავშვის როგორც სოციალურ-ემოციურ, ისე ინტელექტუალურ განვითარებაზე.

.

რატომ გვჭირდება სასკოლო პროექტები ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

0

ჩვენს სკოლაში ისტორიას ერთი მაღალი, ოდნავ გამხდარი და ბეჭებში მოხრილი ცოლშვილიანი კაცი ასწავლიდა. ყოველ დილით მისი მოდური ალუბლისფერი „რენოდან“ ორნი გადმოდიოდნენ – ის და ლამაზი მეათეკლასელი გოგო. იმ მაღალ  კაცზე ცუდი ხმები დადიოდა და მალე სკოლიდან გაუშვეს, თუმცა წასვლამდე თავი ორი რამით დამამახსოვრა: ერთხელ, გარდერობის რიგში დგომის გამო, დილის გამამხნევებელ ვარჯიშზე 5 წუთით დამაგვიანდა და ამისთვის ყველას თვალწინ მთელი ძალით გამაწნა სილა, მეორედ კი, გამოცდაზე თავმდგმურობისას, ჩემს თანაკლასელ სავსე გოგოს მოზრდილი ასოებით მერხზე წარწერილ სიტყვაზე მიანიშნა და ხმამაღლა ჰკითხა, შენზე წერიაო? გოგო აილეწა, წერა ვეღარ დაამთავრა, ბოლოს კი ვნახეთ, რომ ინგლისურად „სექსბომბა“ ეწერა…

რამდენიმე წლის შემდეგ, მუშაობა რომ უნდა დამეწყო, იმ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ მომევლინა. უარი ვთქვი, თუმცა თავშეკავებაც ძვირი დამიჯდა, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და მშობლიურ ქალაქში ქართულის მასწავლებლობა ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.  ვინ იცის, კიდევ რამდენი ქალის ცხოვრებაში დატოვა უარყოფითი კვალი, რომლებმაც ჩემსავით ვერ ამოიღეს ხმა და დაზარალდნენ.

ასეა! არსებობს მტკივნეული გამოცდილებები, სტატისტიკაც მძიმე სურათს გვიჩვენებს და რაც უნდა ვმალოთ, ფაქტია – ქალებზე ძალადობის, მათი სექსუალური შევიწროებისა და მკვლელობის მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხმის ამოღების გამო ერთმანეთს კი არა, ძალადობას ვებრძოდეთ, ქალები კაცებს დამსახურებისამებრ ვაფასებდეთ და პირიქით!

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ურთიერთდაფასებას სწავლა-სწავლება სჭირდება, უპირველეს ყოვლისა, მაგალითით. და თუ საკუთარი თავისთვის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით არაფრის ახსნა არ გჭირდება, თუ ხარ მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი ან მშობელი, უთხარი ბავშვს, რომ:

* ჩვენს ქვეყანაში ბოლო ექვს წელიწადში ორასზე მეტი  ქალი მოკლეს  ოჯახში ძალადობის გზით;

* გაცილებით მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილ ძალადობათა რიცხვი;

* რომ პოლიცია, უმეტესად, იყენებს დაცვის ღონისძიებებს, თუმცა, სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის პრევენცია ვერ ხერხდება და დანაშაულის მატების რისკიც მაღალია;

* ამ საკითხებთან დაკავშირებული ცნობიერება კი არის ძალიან დაბალი.

რა ვქნათ? რა ვიღონოთ? საიდან უნდა დაიწყოს ამ საკითხებზე ზრუნვა? ჯერ სათავე უნდა გაიწმინდოს თუ საძირკველში  მტკიცე ფუნდამენტი ჩაიდოს?

ფუნდამენტად ნამდვილად გამოდგებოდა ემოციების რეგულაციის[1], ბრაზის მართვის  სწავლების პოლიტიკის დანერგვა, მაგრამ პროპაგანდაც და მაგალითებიც სათანადო და თვალსაჩინო უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გაცნობიერება და სწავლა-სწავლება იმისა, რომ ძალადობა არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონიმიკურ, ფიზიკურ ან სექსუალურ იძულებას, დათრგუნვასა თუ ზიანს. ძალადობის სახეებად განიხილება:

* ფსიქოლოგიური, ფიზიკური,  ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა;

* იძულება;

* უგულებელყოფა;

* განმეორებითი ჩაგვრა/ ბულინგი.

ემოციური ძალადობა სიძულვილის ენით იწყება. კარგი იქნებოდა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეებში როგორც სიძულვილის ენის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოება, ისე ღირებულებებზე დაფუძნებული ენობრივი თუ საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვაც. ერთი მარტივი აქტივობის შთაგონება ყველგან, ზეპირ კომუნიკაციასა თუ სოციალურ ქსელებში, ქალებისადმი მიმართულ ლანძღვის, ბრაზის თუ სიძულვილის ენასთან დაპირისპირება, არათუ არად ჩაგდება და შეგუება. საგანმანთლებლო სივრცეებში T- ან სხვაგვარდიაგრამებიანი პოსტერების შექმნა და გამოფენა, მაგალითები კი უხვადაა მოქმედი პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების განცხადებებსა და კომენტარებში. მოკლედ, დახაზეთ, ჩაწერეთ, უვარგისი ფორმები წითლად გადახაზეთ, კარგები კი დატოვეთ და დიდი ფორმატით გამოფინეთ ყველგან: დერეფნებსა თუ სკოლის ეზოებში, ქუჩებსა თუ ინტერნეტში…

გაეცანით და სხვებსაც გააცანით სპეციალური ლიტერატურა, რომელშიც თეთრზე შავით წერია, რომ:

* ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსური მოვლენაა, ფესვები ღრმად აქვს გადგმული კულტურასა თუ  რწმენებში, გამოხატულია სქესთა შორის ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებით;

* გენდერული ნიშნით ძალადობენ ყველა საზოგადოებაში და ეს მიზნად ისახავს ერთი სქესის (უმეტესად ქალების) სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ დაქვემდებარებას მეორე სქესისადმი;

* ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური ფენომენია, რომელიც დამახასიათებელია სხვადასხვა რასის, ეთნოსის, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანებისთვის[2].

 

ძალადობის შემთხვევაში არსებობს სამი კომპონენტი: 1. მსხვერპლი; 2. მოძალადე; 3. ქმედება (ძალადობა). საქართველოს კანონმდებლობით, მსხვერპლი არის პირი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე თავად აიძულებს ან ჩადის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ თუ სექსუალურ ძალადობას. ეს უკანასკნელი სექსუალური შევიწროებით იწყება და  შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა/ერთი და იმავე სქესისა თუ გენდერული იდენტობის ადამიანებს შორის.

დღესდღეობით სექსუალური შევიწროების სამ ძირითად ფორმას გამოყოფენ – ­ ვერბალურს, არავერბალურსა და ფიზიკურს, თუმცა თითოეული მათგანი პრაქტიკაში ქცევათა და ქმედებათა მრავალფეროვნებით ხასიათდება, რომელთა ამომწურავი ჩამონათვალი არც არსებობს. ამდენად, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, არის თუ არა ქმედება არასასურველი სექსუალური კონოტაციის მატარებელი.

სპეციალურ ლიტერატურაში[3] ვერბალურად გამოხატული სექსუალური შევიწროების რამდენიმე სახეს გამოყოფენ. ვერბალურ სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა:

  • სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი სიტყვები/ტერმინები;
  • ფამილარული, ცხოველის/ფრინველის სახელით მიმართვა, მაგალითად, „თოჯინა“, „პატარა“, „საყვარელო“, „ტკბილო“, „ჩიტუნა“, და ა.შ.;
  • არასასურველი კომენტარები, კომპლიმენტები ან/და ხუმრობა გარეგნობის, სხეულის ან/და ჩაცმულობის შესახებ, მაგალითად, აქცენტის დასმა ქალის წონაზე, ტუჩებზე, მკერდზე, საჯდომზე ან/და სხეულის სხვა ნაწილზე მითითება;
  • კანის ფერსა და სხეულის სუნის მიმზიდველობაზე ყურადღების გამახვილება;
  • არაკორექტული კითხვები ან/და კომენტარები ადამიანის პირადი და ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრების შესახებ;
  • სექსუალური დატვირთვის მქონე ეპითეტები და მეტაფორები, მაგალითად, ქალისა და მამაკაცის გენიტალიების, სექსუალური ურთიეთობების სხვა სიტყვებით გამოხატვა;
  • სექსუალურ ფანტაზიებზე, გამოცდილებასა თუ შესაძლებლობებზე საუბარი;
  • სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება ან/და ზეწოლა სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით;
  • სექსუალური ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება;
  • სექსუალური კონოტაციის შემცველი, არასასურველი დაპატიჟება პაემანზე;
  • სექსუალურად ჩაცმის მოთხოვნა/მინიშნება.

არავერბალურ სექსუალურ შევიწროებად ითვლება:

  • სექსუალური მზერა და ყურადღება;
  • სტვენა; ხვნეშა;
  • სექსუალური კონოტაციის მქონე ჟესტიკულაცია და მიმიკა, მათ შორის – თვალის ჩაკვრა, ტუჩების გალოკვა;
  • გენიტალიების ჩვენება;
  • პორნოგრაფიული მასალის დემონსტრაციული ყურება/ბეჭდვა;
  • პორნოგრაფიული ან/და სექსუალური შინაარსის ფოტო- ან ვიდეომასალის ტირაჟირება;
  • პირადი სივრცის, მათ შორის გასახდელი ოთახების, ვიდეოკამერით თვალთვალი;
  • სექსუალიზებული გარემოს შექმნა, მაგალითად, მაცდუნებელი მუსიკით, მქრქალი განათებით, სანთლებით, ბუხრით;
  • სექსუალური შინაარსის მქონე, არასასურველი წერილების გაგზავნა.

ფიზიკური სექსუალური შევიწროება გულისხმობს მსხვერპლის სხეულზე არასასურველ შეხებას. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • ჩქმეტა; ხელის წამორტყმა (slapping);
  • კუთხეში მიმწყვდევა (cornering);
  • ხახუნი (rubbing);
  • ხელის გადახვევა ან/და ჩაკიდება; ჩახუტება; მოფერება; კოცნა/კოცნის მცდელობა;
  • სხეულის ინტიმური ნაწილებით ან/და ნაწილებზე შეხება;
  • სხეულის ინტიმურ ნაწილებზე არასაჭირო და არასასურველი მასაჟის გაკეთება;
  • სხეულის ინტიმური ნაწილების არასაჭირო და არასასურველი სამედიცინო შემოწმება;
  • იძულებით/შანტაჟით სექსუალური კავშირის დამყარება.

მიჩნეულია, რომ სექსუალური შევიწროება შეიძლება გამოვლინდეს როგორც ერთი, ცალკე მდგომი შემთხვევით, ისე მოიცავდეს სხვადასხვა სახის ქცევათა კასკადს. სექსუალურ შევიწროებად შეიძლება ჩაითვალოს მტრული გარემოს შექმნაც, რაც, როგორც წესი, ხასიათდება მრავალჯერადი შეურაცხმყოფელი ინციდენტით, რომელთა ინდივიდუალური შეფასებისას შესაძლოა ვერც კი შევამჩნიოთ სექსუალური შემადგენელი.

იმის მიხედვით, რა სახით ვლინდება სექსუალური შევიწროება, გამოყოფენ სერიოზულობის სხვადასხვა ხარისხის ქმედებებს. „სერიოზულია“ ქცევა, რომელიც ფიზიკურ შეხებას, კონტაქტს მოიცავს, მაგალითად, შეხება, კოცნა, მოფერება, ჩახუტება და სხვა, ხოლო „ნაკლებად სერიოზულად“ შეიძლება მივიჩნიოთ ვერბალური და არავერბალური ფორმით გამოხატული ქცევა. მიჩნეულია, რომ ამგვარი დაჯგუფება შედარებით მსუბუქი და მძიმე ფორმით გამოხატული ქმედების პროპორციულად პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას ემსახურება[4].

მთავარია, ადამიანებს კარგად ესმოდეთ სექსუალური შევიწროების ან ძალადობის დანაშაულებრივი არსი, რაც ზოგჯერ ძნელად მისაღწევია, რადგან შესაძლოა ჰქონდეთ, მაგალითად, რწყილების, სტოკჰოლმის ან მზეთუნახავის სინდრომი[5], ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ადრევე გამოვუმუშაოთ ასერტული ჩვევები. ასერტულობა თავდაცვის ინსტრუმენტია, რომელიც ვლინდება საკუთარი აზრის სხვისი შეურაცხყოფის გარეშე გამოხატვის უნარით, რათა სხვებთან ეფექტური კომუნიკაცია შევძლოთ.

. ასერტული ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს და სხვებს.

. ასერტულობა აძლევს ადამიანს სხვებთან ღია კომუნიკაციის საშუალებას.

. ასერტული ქცევა ადამიანს აძლევს საშუალებას, დაიცვას საკუთარი პოზიცია, მაშინაც კი, როცა სხვებს განსხავებული აზრი აქვთ.

ასერტული ქცევა გულისხმობს:

  • უარის თქმას შესატყვის სიტუაციაში და შესატყვის დროს;
  • საკუთარი პოზიციის გამოხატვას – „არა, არ შემიძლია“.
  • მიზეზის ახსნას – „დღეს დაკავებული ვარ“.
  • გაგებას – „იმედი მაქვს, თქვენთვის შესაბამის სხვა საქმეს მოძებნით“;
  • გრძნობების გამოხატვას. დადებითი გრძნობების გამოხატვა: „შენ ძალიან კარგად შეასრულე დავალება“; უარყოფითი გრძნობების გამოხატვა: „შენმა საქციელმა გული მატკინა“;
  • ინფორმაციის, განმარტების თხოვნა: „თქვენ მე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დავალება მომეცით; თუ შეიძლება, ზუსტად ამიხსენით, რა გსურთ, რომ გავაკეთო?“

ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ სექსუალური შევიწროება და ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდანაც ხდება არასრულწლოვან ოჯახის წევრზე, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ბავშვებს მცირე ასაკიდანვე ვასწავლოთ თავდაცვითი ჩვევები, კერძოდ: არ დავემორჩილოთ მოძალადეს;  თავიდან ავირიდოთ და გავაპროტესტოთ არასასურველი შეხება; გავუზიაროთ დედას თუ მაწავლებელს; ვაცნობოთ პოლიციას და სხვა.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კარგი იქნებოდა ამ დღისადმი მიძღვნილ პროექტებზე წინდაწინ ფიქრი იმის გაცნობიერებით, რომ აღნიშნული პრობლემისთვის ყოველი დღე ერთნაირად მნიშვნელოვანია და აუცილებლად ითხოვს განათლებაში ჩართული პირებისგან ჯეროვან ყურადღებას.

[1] მარიამ გოდუაძე, 2018, https://mastsavlebeli.ge/?p=17124;

ანა ღვინიანიძე, 2023, https://azrakibooks.ge/%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98/ ;

[2] https://ombudsman.ge/res/docs/2019040811551549604.pdf, გვ. 6.

[3] https://ombudsman.ge/res/docs/2021031110082436854.pdf, გვ. 20.

[4] იქვე, გვ. 22.

[5] გოდუაძე, https://mastsavlebeli.ge/?p=24555

ჩვენ – წარსულსა და მომავალს შორის გამომწყვდეულები

0

(მარტინ ჰაიდეგერის „დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა“ და რიუნოსკე აკუტაგავას „ხელოვნებით შეპყრობილი“)

 

„რაღაცის დასაბამი არის მისი არსების წარმომავლობა (Ursprung)“– წერს ჰაიდეგერი. ქმნილება წარმოდგება ხელოვანისგან, მაგრამ ეს უკანასკნელი? „მხოლოდ ქმნილება აძლევს დასაბამს ხელოვანს, ვითარცა ხელოვნების ოსტატს“, – ანუ ესაა ურთიერთგანპირობებული არსებობა – ერთი არაა მეორის გარეშე. თუმცა დამოუკიდებლად ისინი ერთმანეთს ვერ წარმოშობენო, ვერ იარსებებენო… და „მესამეც“, ანუ პირველი – ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა!

 

სადა ჰგიებს და როგორ ჰგიებს ხელოვნება? შეუძლია თუ არა მას, იყოს დასაბამი? იქნებ ის მხოლოდ კრებითი წარმოდგენაა? რა არის ხელოვნება? ხელოვნება დაუნჯებულია ხელოვნების ქმნილებაში; მოკლედ, წრეში ტრიალს ჰგავს ეს…

 

„სურათი ისე ჰკიდია კედელზე, როგორც სანადირო თოფი ან ქუდი. მაგ., ვან გოგის ის ნახატი, რომელზეც ერთი წყვილი ყელიანი წაღაა გამოსახული, გამოფენიდან გამოფენაზე მოგზაურობს. ლაშქრობის დროს ჰილდერლინის ჰიმნები ზუსტად ისევე ჩააგდეს ზურგჩანთაში, როგორც იარაღის საწმენდი ხელსაწყო. ბეთჰოვენის კვარტეტები ისევე ალაგია გამომცემლობათა სათავსოებში, როგორც კარტოფილი სარდაფში.

 

ყველა ქმნილებას აქვს ნივთიერი სახე, მაგრამ ჩვენ გვეჩოთირება მათზე ასე ზერელედ საუბარი, ამგვარი წარმოდგენები დაკნინებად მიგვაჩნია. მათში ხომ ესთეტიკური ტკბობაცაა? განცდები, მათგან მოგვრილი? ჩვენ ხომ თუნდაც მუზეუმებისა და საექსპედიციო კანტორათა დამლაგებელი ქალებივით ვერ ვიმსჯელებთო, ჰაიდეგერმა. ნივთიერება მათი, ხელოვნების, გამოსახვის საშუალებაა – ფერი, ბგერა, ჩუქურთმა, მერქანი. ეს ქმნილებები ალეგორიებია, სიმბოლოები, ხოლო ნივთიერი სახე ამ უკანასკნელთა გამჟღავნება.

 

მოკლედ, ძნელია თქმა, რომ ხელოვნების ქმნილება მარტოოდენ ნივთია…

 

ნივთი და ქმნილება

 

რა არის ნივთი? ნივთია გოროხი მიწაში, მაგრამ ღრუბელი ცაში? შემოდგომის ფოთოლი ქარში? ბუ ტყეში?

 

თუმცა, კანტის მიხედვით, ღმერთიც ნივთიაო, რადგან ყოფაშიც ვლინდება. ამ კონცეფციით უკანასკნელი ნივთები იქნება: სიკვდილი და სამსჯავრო. ამ მნიშვნელობით ხელოვნების ქმნილებაც ნივთია, რადგან რაღაცა ყოფიერიცაა მასში. თუმცა, ვშიშობთ, ნივთად მივიჩნიოთ ღმერთი, გვეუხერხულება ნივთად მივიჩნიოთ ყანაში მომუშავე გლეხი, ტყის განაკაფში მობალახე შველი ან თუნდაც მასწავლებელი სასწავლო ოთახში. „ადამიანი არ არის ნივთი“ – ასკვნის ჰაიდეგერი. მაგალითად, ნივთია მარმარილოს ლოდი, მაგრამ მიქელანჯელოს „დავითი“?!

 

„მასალასა და ფორმას შორის განსხვავება, ამასთან მთელი მისი ძალზე სხვადასხვაგვარი ნაირსახეობები, არის ხელოვნების ყველა თეორიისა და ესთეტიკის ცნებითი სქემა“ (31) – ფორმასა და შინაარსში, ამ სამყაროსეულ საყოველთაო ცნებებში, შეიძლება გაერთიანდეს ყველა და თითოეული.

 

გამოსადეგობა, ანუ მოხმარების ხარისხი ის ძირითადი ნიშანია, რომლიდანაც ყოფიერება შემოგვყურებს. თუმცა არის ცოტა განსხვავებული ყოფიერებაც – ბიბლიური რწმენის საფუძველზე ბევრი ყოფიერი არის ქმნილი და არა დამზადებული, როგორც, მაგალითად, დოქი, ნაჯახი ან ფეხსაცმელი. ღვთის მთელი შესაქმე სხვანაირად წარმოსადგენია, ვიდრე ხელოსნის მიერ რაიმეს კეთება; თუმცა ესაა „სამყაროს განჭვრეტა მასალისა და ფორმის მიხედვით“(35).

 

ჰაიდეგერი განმარტავს ე.წ. „შიშველ“ ნივთს, რომელსაც ჩამორთმეული აქვს გამოსადეგარ-ხელოვნურობა და განძარცვულია „ხელსაწყური ყოფიერებისგან“. ხელსაწყო გამოსადეგია და საიმედო. ის ცვთება და იხარჯება. ამ გაცვეთილი ჩვეულებრიობის შემდეგ გვრჩება გაცვეთილი ნივთი, თუმცა მასში უკეთ ვხედავთ, რა არის ხელსაწყო ჭეშმარიტად; ანუ ჩვენ მოვიპოვეთ ხელსაწყოს ხელსაწყური, უფრო არსობრივი ყოფიერება.

 

მოდი, ვთქვათ ახლა ქმნილების ქმნილებრივ ყოფიერებაზეც. ჩვენ უკვე რაღაცა გავიგეთო ამ უკანასკნელზე, ჰაიდეგერმა – ხელსაწყოს ხელსაწყური ყოფიერება აქაც მოვიპოვეთო – არა ყელიანი წაღების დამზადების პროცესზე ინფორმაციის შეგროვებით; არა ფეხსაცმლის ნამდვილ, სადმე მოხმარებაზე დაკვირვებით, არამედ მხოლოდ იმის შემწეობით, რომ დავდექით ვან გოგის ნახატის წინაშე და იგი ამეტყველდა!!! ანუ ჩვენ ქმნილების სიახლოვეს უცებ არა იქ აღმოვჩნდით, სადაც ჩვეულებრივ ვართ ხოლმე, არამედ „სხვაგან“. ხელოვნების ქმნილებამ გვამცნო, რა არის ჭეშმარიტად ფეხსაცმელი და მეტიც, მან შეიძლება სრულიად ყოფიერების არსშიც და მის სიღრმეებშიც „გვაყურყუმალაოს“; – ქმნილებამ, ნახატმა! აქ ჩანს, ვან გოგის წაღებში, ის, რაც ყოფიერების გარეთ გამოვიდა, ანუ თავისი ყოფიერების დაუფარაობაში, როგორც წერს ჰაიდეგერი; ამას ბერძნები alelheia-ს უწოდებენ. ჩვენ ვამბობთ, ჭეშმარიტებაო. გამოდის, ქმნილებაში ხორცშესხმულია ჭეშმარიტების ხდომილება, გნებავთ, ყოფიერების ჭეშმარიტება, ყოფიერების „შუქი“.

 

ხელოვნებას საქმე აქვს მშვენიერებასთან. ეს კაზმული ხელოვნებაა და არა კუსტარული, რომლითაც ხელსაწყოები მზადდება. კაზმული ხელოვნება კი მშვენიერებას წარმოშობს. ჭეშმარიტება კი ლოგიკის კუთვნილებააო, ხოლო მშვენიერება ესთეტიკას რჩება.

 

ხელოვნება ასახავს არსებულს, ყოფიერებასთან შესაბამისობაში, homoiosis – როგორც იტყვის უკვე არისტოტელე. ჭეშმარიტების არსებაც ყოფიერებასთან შესატყვისობაა.

 

ასე რომ, ვან გოგის ნახატი არის არა მხოლოდ ყოფიერის ასახვა, არამედ მასში გადმოცემულია ნივთის საყოველთაო არსი, იდეა, ხელოვნებაში დავანებული.

 

„ხელოვნების ქმნილებაში დადგენილია ყოფიერების ჭეშმარიტება. ხელოვნება არის ჭეშმარიტების მიერ თავისი-თავის-თვით-დადგინება-ქმნილებაში. მაგრამ რა არის თვითონ ჭეშმარიტება, რომ ის ჟამიდან ჟამს ხელოვნების ქმნილებაში ხვდება? რას მოასწავებს თავის-თავის-თვით-დადგინება-ქმნილებაში?“ – ეს უკვე სხვა საუბრის თემაა…

 

მოდით, ახლა ვნახოთ, ყოველივე ზემოთქმული როგორაა გაშლილი ლიტერატურაში, მხატვრული და არა ლოგიკური აზროვნებით.

 

რიონოსკე აკუტაგავა „ხელოვნებით შეპყრობილი“

 

მოთხრობის მთავარი გმირია ცნობილი იაპონელი მწერალი ბაკინ საკიტაი ტაძიკავა. ეს გმირი, ვგონებ, მწერლის ფანტაზიის ნაყოფია და ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია, რომ სხვა პერსონაჟებად აკუტაგავს გამოყვანილ/მოხსენიებული ჰყავს რეალური ხელოვანნი, მწერლები და მხატვრები. ეს მეთოდი, თითქოს, წარმოაჩენს იმ ზღვრის ეფემერულობასა და პირობითობას, რომელიც რეალურსა და შემოქმედებითად გამოგონილ სამყაროებს შორის არსებობს, ისე, რომ ვერ იგებ კაცი, რომელი უფრო ნაღდი და რეალურია („სინამდვილეს არ ვემდური:/ არ ყოფილა თითქმის./არყოფილზე საყვედური არასდროს არ ითქმის“).

 

ბაკინი ხელოვნებითაა შეპყრობილი იმდენად, რომ თუნდაც პოეზიას ქედმაღლური ზიზღით უყურებს და ძალიან მცირედად მიაჩნია საკუთარი ნააზრევის დასატევად. იგი პოეზიას მეორეხარისხოვან ხელოვნებად თვლის, თუმცა „ლექსების წერისას იმ ბრმად მიაჩნდა თავი, ღობის ჭუჭრუტანაში შეხედვას რომ ცდილობს“(9).

 

ხელოვნება ცხოვრების რეალისტური, ზოგ შემთხვევაში, ნატურალისტურიც, ასახვაა? თუ ამ ცხოვრების გამხატვრულება, იდეებთან გატოლება? რა მოეთხოვება ხელოვანს? სვამს ქვეტექტურად კითხვას იაპონელი მწერალი და იქვე აღწერს „კეთილშობილ ყაჩაღს“, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ცხოვრების (და არა ხელოვნების) რომანტიკაა: „ცნობილი ყაჩაღი იყო, ვაჟკაცობით მთელ ქვეყანაში სახელგანთქმული. ამ წლის მეხუთე თვეს დაიჭირეს, მერვე თვის შუა რიცხვებში კი ყაჩაღის თავი ციხის კარიბჭეზე გადმოკიდეს ხალხის დასანახავად. ყაჩაღი მხოლოდ თავადებს ძარცვავდა და ნაძარცვს ღარიბებს ურიგებდა“ (23) – ხალხი ამ ყაჩაღზე შეყვარებულია, ისევე, როგორც დათა თუთაშხიასა ან არსენა ოძელაშვილზე. ცხოვრებაც სამართლიანიცაა ზოგ შემთხვევაში და უსამართლოც, როგორც ყოფიერება: ლოტოსის ყვავილების, ზეთისხილის მდელოების სურნელთან ერთად, თუნდაც ბავშვების ცრემლს, შიმშილსა და სიკვდილს რომ გვთავაზობს. რა არის ნიშანდობლივი ხელოვანისთვის სიცოცხლის, წუთისოფლის ამ „ოქსიმორონების“ აღსაწერად? ალბათ გულწრფელობა და ზომიერება. ისიც, ვინ მოიაზროს აუდიტორიად: მასა თუ ელიტარული მკითხველი, ლიტერატურის შემთხვევაში. „ხელოვნება მასებსო“, როგორც გაჰკიოდა საბჭოთა პროპაგანდის წყეული მუშტებშემართული „მანქანა“, სრული „ბლეფი“ და მარაზმი იყო ან „ოპიუმი“, როგორაც ისინი რელიგიას მოიხსენიებდნენ უდიერად. ეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე მკაცრად განსაზღვრო, ვისთვის იქმნება ხელოვნება – მაგალითად, ჯეიმს ჯოისსი „ულისეს“ კი გაიგებს უკეთ ელიტარული, განათლებული მკითხველი, ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მცოდნე; მაგრამ ვაჟა ამბობდა, რომ ერთმა უსწავლელმა მთიელმა ასე შთააგონა: განა, საქართველოს მომავალს არ გულისხმობო, როცა ამბობ: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შედგომა“. არის ხელოვნების ნაწარმოებები, რომელთა მშვენიერება ისეთივე, თუ ინტელექტუალურად არა, ინტუიციურად მაინც, საყოველთაო, უმაღლესი სიამოვნებაა, როგორც თუნდაც ულამაზესი ედელვაისის ხილვა კლდის ქიმზე – ჭეშმარიტება თუნდაც, განა, ყველაზე უკეთ ბავშვებისთვის არაა საცნაური, როგორც ბიბლიური სენტენცია ამბობს?! სულის სისუფთავეს გააჩნია და „ღიაობას“ დიდი ხელოვნებისადმი.

 

თუმცა არიან ხელოსნებიც, რომელთა შემოქმედება მასაზეა გათვლილი. ამას ამბობს სწორედ მოთხრობის ერთ-ერთ პერსონაჟად რეალობიდან გამოხმობილი იაპონელი მწერალი ტამენაგა სუნსუი (1789-1844), პროზაიკოსი – „მე მწერალი არ გახლავართ. მხოლოდ ხელოსანი ვარ, რომელიც ბრბოს მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად წერს სასიყვარულო წიგნებს“(24). თუმცა „კვლა აქაცა ეამებისო“, კი თქვა დიდმა რუსთველმა და მისმა პოემამ ეს კონცეფციაც დაიტია…

 

მწერალი იმითაც იზომება, რამდენად ასხვავებს და წარმოაჩენს ამ განსხვავებულობას – იდეალურსა და რეალურს შორის, – რომლებიც ასე შეზრდილია, უმეტესწილად, წუთისოფელში; – „ბაკინმა ანაზდად განსაკუთრებული სიცხადით შეიგრძნო ადამიანთა არასრულყოფილება, ესოდენ რომ არ ეხმიანებოდა ბუნების ამ სურათს. მიწაზე მცხოვრებ ადამიანთა უბედურების სათავე ხომ ის არის, რომ სამყაროს არასრულფასოვნება ტანჯავთ და, მაინც, მისი ზემოქმედებით წამოისვრიან ხოლმე ავ სიტყვას ან საძრახის საქციელს ჩაიდენენ“(26). ადამიანი უნდა ამაღლდეს ბუნებამდე, ღმერთამდე. ხელოვნება კი სწორედ ამისი საუკეთესო საშუალებაა.

 

ახლა უკვე პრინციპზე ხელოვნებისა და, ზოგადად, საკაცობრიო კულტურის განვითარებისა, რომელსაც რიუნოსკე აკუტაგავა ამ მოთხრობაში გვთავაზობს: „წინ თუ არ წახვალ, აუცილებლად დაეცემი“(33). ანუ თუ არ ამაღლდები ყოფიერებაზე, მისი მსხვერპლი ხარ, ბიბლიური იონასავით გადაგსანსლავს ის. ამას აკუტაგავა ძალდაუტანებელი, ფილოსოფიური და ოსტატური თხრობით, ჩუმად „გვაპარებს“ სიღრმისეულ სათქმელად.

 

ბოლოსკენ ვთქვათ, რომ არის ამ სამყაროში ისეთი მოცემულობები, რომლებშიც მხოლოდ ადამიანის ხელი ურევია და განმკარგავიც ისაა. ესააო თუნდაც სიკვდილით დასჯა ან ლიტერატურული ცენზურა – ისინი იარსებებს, სანამ იქნება კაცთა მოდგმა. ხოლო როცა ღმერთის ხელიც გაერევა, უკვე ადამიანიც შთაგონებულია და ქმნის კიდეც ამაღლებულს, რითაც ფასდება კაცობრიობა – ესაა ხელოვნება. ბიკინიც, ხანდახან ხვდება, რომ ღმერთისგან „იცლება“, მისი სამწერლობო თხრობა ხდება მოუხერხებელი, ქაოსურად მიმოფანტული: „ეს იყო პეიზაჟი, არანაირ ხილულ სახეს რომ არ იწვევდა, იყო აღფრთოვანება, ჭეშმარიტ გრძნობას რომ არ გადმოსცემდა, იყო კამათი, აზროვნების ლოგიკას რომ არ ემორჩილებოდა. ყოველივე, რასაც ამ ბოლო ხანს წერდა, ახლა სიტყვების უაზრო რახარუხად ეჩვენა. ენით გამოუთქმელი ტანჯვით შეეკუმშა გული“(37). მაგრამ მოდის შთაგონებაც მასთან, ვინც ამისი ღირსია და ხელიც შეუჩერებლივ „მიუსრიალებს“ ქაღალდზე, თითქოს „ღმერთი და კაცი შერწყმოდა მასში ერთურთს“. ესაა კალმის სტიქიონი, რომელში ჩაშვებაც ამქვეყნიურ სიბნელეებს გვავიწყებს, ზეციური სიხარულით „გვიციმციმებს თვალებს“ მწერალსაც და მკითხველსაც.

 

„ვისაც მსგავსი აღმაფრენა არ განუცდია, ვერაფრით მისწვდება იმ საოცრებას, ხელოვნებით პყრობა რომ ეწოდება… სწორედ ამგვარ წამს სწვდება მწერლის მზერა ყოველგვარი ზედმეტობისა და ზიზილ-პიპილებისგან გათავისუფლებული ცხოვრების არსს, ესოდენ რომ ჩამოჰგავს ახლად დაბადებულ, ძვირფას ქვას…“(44). ესეც ჰაიდეგერისეული ქმნილება და ჭეშმარიტება.

 

  1. S. თუმცა ბოლოში გამოკრთება აკუტაგავას რომანტიკულ-ამაღლებულში მოქნილად, მაგრამ ძალიან სევდიანად შეპარებული „მჭრელი“ რეალიზმი:

„– რა ბედენაა! ოჯახისთვის რიგიანი შემოსავალი რომ მაინც მოჰქონდეს…“

ამას ამბობს ბაკინის შვილი, ალბათ მამაზე პრაგმატული.

რას ვიზამთ, ეს მარადი პრობლემაა. თუ ხელოვნებას შესჭიდებიხარ, ყოფაც უნდა დაამარცხო. ხშირად სიკვდილიც გამარჯვებაა ხოლმე ამ „ბრძოლაში“ – ნაღვლიანი, მაგრამ მოზეიმე გამარჯვება…

 

ციტატები: ფილოსოფიური კრებული „ლარი“, ხელოვნება, 1991;

რიუნოსკე აკუტაგავას „ხელოვნებით შეპყრობილი“, პალიტრა, 2021

 

 

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისთვის – შეუძლია ვირუსს, გამოიწვიოს დიაბეტი?

0

ქეისი: შეუძლია ვირუსს, გამოიწვიოს დიაბეტი?

დიაბეტის დღე 14 ნოემბერს აღინიშნება. მისი სიმბოლოა ლურჯი წრე. შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთ გავრცელებულ დაავადებად ითვლება. კვლევები ადასტურებს, რომ კოვიდ-ვირუსმა ხელი შეუწყო დიაბეტის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში დაავადების ჩამოყალიბებას. შაქრიანი დიაბეტით ბავშვებიც ავადდებიან და მსოფლიოში დაავადებულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. დიაგრამაზე წარმოდგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის მონაცემები.

 

რა კავშირი შეიძლება იყოს დიაბეტის ჩამოყალიბებასა და ვირუსულ ინფექციებს შორის, მოცემულია ანას ქეისში. დავალება სამი ნაწილისგან შედგება. პირველია სიტუაციის ანალიზი, მდგომარეობის განხილვა და რამდენიმე მარტივ კითხვაზე პასუხი. მეორე ნაწილი მონაცემების ანალიზს მოიცავს. მონაცემები ორი სახისაა. ერთ ცხრილში რაოდენობრივი ანალიზისთვის საჭირო მასალაა მოცემული, მეორეში კი ადამიანების ქეისების შედეგები. ბოლოს მოცემულია მმმ სტრატეგიის შესაბამისი ცხრილი, სადაც მოსწავლე წარმოადგენს მტკიცებას, მტკიცებულებას და მსჯელობას. შეფასების რუბრიკით შესაძლებელია როგორც ცალკეულ ცხრილზე მუშაობის შეფასება, ისე ერთიანად სიტუაციის ანალიზი. რესურსის გამოყენება შეიძლება მეცხრე კლასში, როცა ისწავლება კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა და მეათე კლასში – ვირუსების აგებულებისა და გამრავლების სწავლებისას.

 

ნაწილი I – ანას მდგომარეობის აღწერა

ანა 8 წლის ჯანმრთელი ბავშვი იყო. უფროს დასთან ერთად ფეხბურთსა და ცეკვაზე დადიოდა. მესამე კლასში სკოლის შეცვლა მოუწია. დედამ შეამჩნია, რომ ანამ წონის კლება დაიწყო, სულ დაღლილის შესახედაობა ჰქონდა. თავიდან დედას ეგონა, რომ სკოლის შეცვლამ გამოიწვია ბავშვის უხასიათობა და მოდუნება. როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, ანა ნორმალურად იკვებებოდა. მნიშვნელოვანი ცვლილება წყურვილის გაძლიერება იყო. დედა ხედავდა, რომ გოგონა ღამითაც დგებოდა და მთელ ფინჯან წყალს სვამდა. საუზმეზე ნახევარი ლიტრი წყლის დალევის შემდეგ ისევ მწყურიაო, ამბობდა. ერთ დღეს ანა სკოლაში წავიდა. დედამ ექიმთან დანიშნა ვიზიტი. როცა გოგონა სკოლიდან გამოვიდა, ცუდ გუნებაზე იყო, დაღლილი ჩანდა. კანიც ფერმკრთალი და გამომშრალი ჰქონდა.

ექიმი გაეცნო ანას ისტორიას.

ექიმი: – როგორც ვხედავ, გასული წლის მიწურულს გაიკეთე მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი;

ექიმი: – თქვენს დას რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა ხელის-ფეხის-პირის ინფექცია.

(ვირუსული ინფექციაა, ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. ვირუსი ენტეროვირუსების ოჯახს მიეკუთვნება და კოქსაკის ვირუსს უწოდებენ)

ოჯახში სხვა ვინმესაც ხომ არ ჰქონდა იგივე ვირუსი?

ანამ სახე მოიფშვნიტა, ხელები გაშალა, კანი დაითვალიერა და თქვა: მგონი, მამას გადაედო, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.

ექიმმა პატარა მობილურის მსგავსი ნივთი აიღო.

ექიმი: – ეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გასაზომი აპარატია.

ანას ნერვიულობა დაეტყო.

ანა: – რა არის გლუკოზა?

ექიმი: – ის შაქრის ერთ-ერთი ფორმაა.

ანამ ხელი უხალისოდ გასწია ექიმისკენ. ექიმმა უჩხვლიტა და სისხლის წვეთი გლუკომეტრის ჩხირზე მოათავსა. ეკრანზე რაღაც დაიწერა.

ექიმი: – 260 მგ/მლ ძალიან დიდი რიცხვია, ეს შაქრის მაღალ კონცენტრაციაზე მიუთითებს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ანას დიაბეტი აქვს, თუმცა დასადასტურებლად სხვა ანალიზების ჩაბარებაც არის საჭირო.

ანამ არ იცოდა, რა ხდებოდა, თუმცა დედის შეშფოთებული სახე აფიქრებდა.

დღის ბოლოს დადგინდა, რომ ანას დიაბეტი ტიპი I ჰქონდა და ინსულინის ინექცია დასჭირდებოდა.

შვილის დიაგნოზით შეშფოთებული დედა მთელი ღამე კომპიუტერთან იჯდა და ამ დაავადების შესახებ კითხულობდა სტატიებს. ვერ ხვდებოდა, საიდან შეიძლება დამართოდა ანას დიაბეტი. მემკვიდრეობითი დაავადება იყო თუ არა, ისიც ვერ გაიგო. მის ოჯახში დიაბეტი არავის ჰქონია. ახლა კიდევ ერთი კითხვა აწუხებდა: დანარჩენი ორი შვილიც რისკის ქვეშ ხომ არ იყო.

  1. ჩამოთვალე ანას სიმპტომები;
  2. რა არის გლუკომეტრი?
  3. რომელ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს ეფუძნება ხელსაწყოს მოქმედება?
  4. რატომ იყო გლუკომეტრის ჩვენება შემაშფოთებელი? რას უდრის გლუკოზის კონცენტრაცია ჯანმრთელი ადამიანის სისხლში?

 

ნაწილი II – რა არის დიაბეტი?

პანკრეასი შერეული სეკრეციის ჯირკვლებს მიეკუთვნება, მისი ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ ინსულინს. ჰორმონი გლუკოზის სისხლიდან უჯრედებში გადასვლას და იქ შემდგომ გარდაქმნას ასტიმულირებს. მკურნალობის გარეშე ადამიანი კარგავს წონას, უზიანდება ტვინი და სხვა ქსოვილები. მკურნალობა მოიცავს ინსულინის ინექციას. ჰორმონის ზემოქმედებით იხსნება უჯრედების გამტარი არხები და სისხლიდან გლუკოზა ღვიძლისა და კუნთების უჯრედებში გადადის, იქ გლიკოგენად გარდაიქმნება ან იშლება. დიაბეტით დაავადებულებისთვის აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.

ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი აუტოიმუნურ დაავადებად ითვლება. ამ დროს იმუნური უჯრედები უტევენ პანკრეასის ბეტა უჯრედებს. იმუნური სისტემის გაუმართაობის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის. ის შეიძლება იყოს გენეტიკური, გარემოს მხრიდან რაიმე აგენტის ზემოქმედების შედეგი ან ორივე ერთად.

უცნობია დიაბეტის გამომწვევი გენი, მაგრამ არსებობს გარკვეული ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა. თუ ის აქვს ადამიანს, დიდია ალბათობა, დიაბეტი დაემართოს.

ბოლო წლებში იკვლევენ კავშირს ვირუსებით ინფიცირებასა და დიაბეტის ჩამოყალიბებას შორის. კოქსაკის ვირუსები უგარსოა, აქვს ერთძაფიანი ხაზოვანი რნმ. ვირუსები ორ ჯგუფად იყოფა. A იწვევს კანისა და ხელის-ფეხის-პირის ინფექციებს, B – გულისა და ღვიძლის ინფექციებს.

კოქსაკის ვირუსით ინფიცირება მრავალ შემთხვევაში არც გამოვლინდება და უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

  1. გაიხსენე უჯრედის აგებულება, ბეტა უჯრედების ფუნქცია და ივარაუდე, რომელ სტრუქტურებს უტევს იმუნური სისტემა. დაასაბუთე შენი არჩევანი.
  2. ჩამოაყალიბე ჰიპოთეზა ვირუსით ინფექციასა და დიაბეტს შორის კავშირის შესახებ. გაითვალისწინე, რომ ჰიპოთეზა შემოწმებადი უნდა იყოს.

გაითვალისწინე, რომ ადამიანის დაინფიცირება (ეთიკის ნორმების მიხედვით) არ შეიძლება.

 

ნაწილი 3 – მონაცემების შეგროვება

  1. იკვლევენ, კოქსაკის ვირუსით ინფიცირებულებსა და იმავე რაოდენობის არაინფიცირებულ ადამიანს შორის რამდენ პროცენტს გამოუვლინდება პირველი ტიპის დიაბეტი.
  2. ქეისების შესწავლა – აკვირდებიან იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს კოქსაკის ვირუსული ინფექცია, სწავლობენ მათი ჯანმრთელობის ისტორიას, ითვლიან, გამოკვლეული ადამიანების რამდენ პროცენტს ჩამოუყალიბდა დიაბეტი.

ცხრილში დაუმუშავებელი მასაალაა წარმოდგენილი. გადაამოწმე მომდევნო გვერდზე მოცემული ინფორმაცია. B ანტისხეულები სისხლში მიუთითებს, რომ ადამიანს გადატანილი აქვს კოქსაკის ვირუსული ინფექცია.

  1. რა მნიშვნელობა აქვს და-ძმის ქეისების განხილვას?
  2. უფრო ხშირად რა ასაკში ვითარდება შაქრიანი დიაბეტი?
  3. რომელი უკეთესია – ქეისის კვლევა თუ ადამიანების ჯგუფის რაოდენობრივი კვლევა? რატომ?

10.

  დაავადება + დაავადება  
ინფიცირება + A b (a+b)
ინფიცირება – C d (c+d)
ჯამი (a+c) (b+d)  

 

დიაბეტის განვითარების სიხშირე გამოითვლება ფორმულით: = (ad) / (bc)

 

მტკიცება:

 

 

მტკიცებულება:

 

 

 

მსჯელობა:

 

 

 

 

 

 

შეფასების რუბრიკა:

კომპონენტი მესამე დონე მეორე დონე პირველი დონე ნულოვანი დონე
მტკიცება მტკიცება სრულყოფილად პასუხობს შეკითხვას, სრულად აღწერს დამოკიდებულების ტენდენციას ორ ცვლადს შორის. მტკიცება შეესაბამება პასუხს, თუმცა შეიცავს უზუსტობებს ან დაუსრულებელია. მტკიცებულება არ პასუხობს შეკითხვას. მტკიცება არ არის ჩამოყალიბებული.
მტკიცებულება მტკიცებულებები ამყარებს მტკიცებას, მონაცემების ანალიზი სრულყოფილია. მტკიცებულებები არასაკმარისია, ან მოყვანილია შეუსაბამო მტკიცებულებები. მტკიცებულებები ვერ ამყარებს მტკიცებას, მტკიცებულებები არასათანადოა. არ მოჰყავს მტკიცებულებები.
მსჯელობა ლოგიკურად აკავშირებს მტკიცებასა და მტკიცებულებას ერთმანეთთან, მსჯელობისას იყენებს სიტყვებს: რადგან… იმიტომ, რომ… ცდილობს, იპოვოს ლოგიკური კავშირი მტკიცებასა და მტკიცებულებას შორის, თუმცა მსჯელობა არ არის არგუმენტირებული. ლოგიკურად ვერ ამყარებს კავშირს მტკიცებულებასა და მტკიცებას შორის. ვერ მსჯელობს.

 

 

N დედმამიშვილები ინსულინდამოკიდებული დიაბეტით კოქსაკის ვირუსის ანტისხეულები ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ასაკი (რა ასაკშიც განვითარდა პირველი ტიპის დიაბეტი
1 +  
2 + + + 11
3 +  
4 + + + 9
5 +  
6 + + 8
7  
8 + +  
9 + + 10
10 + + 7
11 + + + 12
12  
13 + + + 8
14 + + 9
15 + 8
16  
17 + + 11
18 + +  
19 + + 10
20 +  
21 +  
22 + + + 9
23  
24 + + 8
25 + + + 11
26 +  
27 +  
28  
29 + + 7
30 + + + 12
31 + + 8
32 +  
33  
34 + + + 10
35 +  
36 + + 9

 

დამხმარე რესურსი:

მტკიცება:

• რაიმე საკითხის შესახებ გამოტანილი დასკვნა;

• პოზიცია, რომელსაც იცავენ დისკუსიის/დებატების დროს;

• კითხვაზე პასუხი ან პრობლემის გადაჭრის შედეგად მიღებული პასუხი;

• თეზისი ან დებულება, რომლის დამტკიცებასაც აპირებენ;

• დებულება, რომელიც აზუსტებს ამა თუ იმ კანონზომიერებას (მაგ., ცვლადებს შორის დამოკიდებულებასა და კორელაციას, პროცესებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს).

მტკიცებულება:

• დეტალები, რომლებიც ასაბუთებს მტკიცებას:

• რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები;

• ის, რაც ნამდვილად ჭეშმარიტებაა;

• ის, რასაც იმავე პირობებში დაინახავს/მიიღებს ნებისმიერი;

• ის, რაც მუდმივად მეორდება;

• ნებისმიერი სანდო ინფორმაცია, რომელიც გაამყარებს მტკიცებულებას.

მსჯელობა

• ახსნა იმისა, თუ რატომ ასაბუთებს კონკრეტული მტკიცებულება მტკიცებას;

• მტკიცებასა და მტკიცებულებებს შორის კავშირის ახსნა;

• მონაცემების ინტერპრეტაცია;

• ისეთი სამეცნიერო პრინციპის, კანონის, თეორემის მოყვანა, რომელიც ხსნის მტკიცებულებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/activephysics.pdf მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ფიზიკაში
  2. https://triasi.ge/upload/biologia9-masw-wigni.pdf მასწავლებლის წიგნი, ზაალიშვილი, ზარდიაშვილი, გამომცემლობა „ტრიასი“
  3. ენდოკრინული ჯირკვლები

„ბატონი ტორნადო“

0

– „გოგო, ნახე რა მომხდარა?“

– „გოგო, „იმან“ რა დაწერა, წაიკითხე?“

– „გოგო, უყურე ამ ვიდეოს?“

 

ასე, როგორც წესი, ჩემი მეგობარი მწერს ხოლმე, რაღაც დრამატულ ამბებს მიზიარებს. არადა, ვერაფრით ისწავლა, რომ მე უკვე აღარაფერზე ვქოთქოთებ. ცხოვრების იმ ეტაპს მივაღწიე, როცა ქოთქოთს შევეშვი და ვცდილობ, ყველაფერს წყნარად ვადევნო თვალი. აი, ჩვენი პორტუგალიასთან გამარჯვება ხომ გულით გამიხარდა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამის შემდეგ ქუჩებში ყიჟინით მერბინა. არა, სიხარულით გამოწვეული ხმაურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მე უხმაუროდ გახარებულმა დავიძინე.

 

თუმცა, კვლავ ჩემს მეგობარს დავუბრუნდეთ. იმ დღესაც ჩვეულებისამებ მომწერა, არ არის ეს კარგი ნიშანი და მეშინიაო. გამოგზავნილი ლინკის გახსნა ჯერ დამეზარა, შემდეგ მაინც გავხსენი და მეც რაღაცნაირად ნირწამხდარი დავრჩი…

 

ალავერდში ტორნადო დატრიალებულა, ტაძრისთვის გუმბათიც შემოუძარცვავს და ჯვარიც დაბლა ჩამოუგდია.

მეწყინა…

ამ ადგილთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ძალიან ადრეულ ბავშვობაში ყველას ვარწმუნებდი, რომ ალავერდი კოტე პაპამ ააშენა.

დიახ, დიახ, არ მოგესმათ. ჩემმა კოტე პაპამ ააშენა!

კოტე პაპას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავიბადე. სიკვდილის წინ უთქვამს, რა მოხდებოდა ეს მესამეც დამეჭირა ხელშიო („ორში“ ჩემზე უფროსი ორი დეიდაშვილი იგულისხმა). იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი ქეთო ბებოს მონდომებით, ფაქტობრივად ყველაფერი ვიცოდი მასზე და კითხვაზე: დედა უფრო გიყვარს თუ მამა, დაუფიქრებლად ვპასუხობდი -კოტე პაპა-მეთქი.

ჰოდა, ალავერდის მიმდებარედ რაღაც დანგრეული მეურნეობა ჩაუბარებიათ მისთვის. აღუდგენია, აუმუშავებია და არაერთი მადლობაც დაუმსახურებია. ეტყობა, ეს მითხრა ბებომ. მე კი გადავწყვიტე, რომ ალავერდიც მან ააშენა.

 

1974 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატის ერთ პატარა ქალაქში მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, რომელიღაც მიუზიკლის რეპეტიციას გადიოდნენ. დღის მეორე ნახევარი იყო და ქალაქი ნელ-ნელა სამუშაო დღის დამთავრებისთვის ემზადებოდა. ამ დროს ერთი პატარა ბიჭი ყიჟინით შევარდა დარბაზში და დაიყვირა: ტორნადოს ნახვა გინდათ? მასწავლებლიანად ყველა ფანჯრისკენ გაიქცა და მათკენ წამოსული შავი ფერის მბრუნავი სვეტი დაინახეს. რამდენიმე წამში ტორნადო სკოლაში შემოიჭრა და ყველაფერი ყირაზე დააყენა. სკოლის სამი დიდი ავტობუსი ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა. აქედან, ერთი პირდაპირ სკოლის სააქტო დარბაზის სცენას დაანარცხა. სკოლის ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ ქალაქში 32 ადამიანი დაიღუპა, მთლიანად შტატში – 39; ქვეყანაში კი, 24 საათის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის სიძლიერის ტორნადოს 335 ადამიანი შეეწირა. ამ 24 საათში ამერიკის 13 შტატში და კანადის ონტარიოში 148 ტორნადო დაფიქსირდა, მათ შორის შვიდი მაქსიმალური სიძლიერის იყო, F5. ხოლო, უშუალოდ ამ ტორნადოს, სკოლა და მთელი ქალაქი რომ აათამაშა, ჯერ F6 სტატუსი მიანიჭეს. შემდეგ, კვლავ F5-ზე ჩამოიყვანეს, რადგან F6 უბრალოდ არ არსებობს.

 

როდესაც ყველაფერი მიწყნარდა, გამოჩნდნენ ექიმები, მაშველები, მოხალისეები და მათთან ერთად ხანში შესული იაპონელი, რომელიც თავიანთი ყოფილი სახლების ნანგრევებთან მჯდომ გაოგნებულ ადამიანებთან მიდიოდა და ეკითხებოდა, სად იყვნენ ისინი ტორნადოს დაწყებისას, რას აკეთებდნენ, რამდენად დაზიანდნენ, დაიღუპა თუ არა ვინმე მათი ოჯახიდან. ხალხიც ყველაფერს უყვებოდა, ესეც ყველაფერს იწერდა და მაშინვე სხვებთან გადადიოდა. ეს კაცი პროფესორი ტედ ფუძიტო ამ დღიდან მომავალი ექვსი თვის განმავლობაში თავის მასშტაბურ გამოკვლევას დაასრულებს ტორნადოების შესახებ. სწორედ ამ ნაშრომზე დაყრდნობით უზარმაზარ ნახტომს გააკეთებს განვითარებაში მეტეოროლოგია და საფუძველი ჩაეყრება ტორნადოს შესაძლო წინასწარმეტყველებას. თავად კი ისტორიაში შევა მეტსახელით „ბატონი ტორნადო“.

 

ტორნადოს ჩამოყალიბებისთვის ამინდის რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა არის საჭირო. ყველაფერი იმით იწყება, რომ ცივი, მშრალი ჰაერის უზარმაზარი მასა სწრაფად გადაადგილდება ნოტიო თბილი ჰაერის მასებისკენ. ნოტიო ჰაერის მასებს შორის სხვაობა იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვაობა ტემპერატურას შორის. როდესაც ცივი ჰაერი ეჯახება თბილს ჰაერს, მას ნელ-ნელა ზემოთკენ წევს. უბერავს ქარი, ნელ-ნელა აცივდება, ცა ღრუბლებით იფარება, იწყება წვიმა ან თოვლი. თუ თბილი მშრალი ჰაერი სწრაფად ავა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, იქ სწრაფადვე ცივდება და დაბლა იწყებს დაშვებას. თან გზაზე თბილ ნაკადებს ანაცვლებს. თუმცა, თუ ეს ჰაერი დაშვებას ტროპიკულ ადგილებში იწყებს, მაშინ გაჯერდება დიდი რაოდენობის წყლის ორთქლით. ეს ორთქლი კონდენსირდება, წარმოქმნის წყლის წვეთებს. ამ დროს გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც გარემოს ათბობს. როცა ნოტიო ცხელი ჰაერი ზევით მიდის, კიდევ უფრო ცხელდება, მასში ნესტის კონდენსაციის გამო. ძალიან დიდ სიმაღლეზე ასვლა შეუძლია. წარმოიქმნება მძლავრი აღმავალი ნაკადები, ვერტიკალური ქარები, რომლებსაც, უფრო მაღლა, გარეთ გამოაქვს ეს ნოტიო თბილი ჰაერის მასები. წარმოიქმნება გიგანტური ღრუბლები, რომლებიც შეიძლება ჰორიზონტალურად გაბრტყელდეს. ეს ნიშნავს, რომ ღრუბელი ტროპოსფეროსთან არის მიახლოებული. იქ ტენი ჩერდება, რაც ნიშნავს – ელოდე წვიმებს, ჭექა-ქუხილსა და სეტყვას. თუმცა, ეს ტორნადოსთვის საკმარისი არ არის. აი, თუ ამ დროს ამ ტერიტორიაზე ცივი მასები შემოიჭრება, ცივი ჰაერი ქაოსურად ჩაანაცვლებს თბილს. ატმოსფერო ძალიან არასტაბილური გახდება. დიდ სიმაღლეზე სხვადასხვა ქარი სხვადასხვა მიმართულებით ქრის და ერთმანეთს ანაცვლებს. ამ ერთმანეთის საპირისპიროდ მორბენალ ქარებს შორის წარმოიქმნება ატმოსფერული მორევი. მათ შორის მოძრავი ჰაერი იხვევა, დაახლოებით ისე, როგორც პლასტილინი დაიხვევა ორივე ხელით რომ გავაბრტყელოთ/დავაგორგოლაოთ. მაღლა ჰორიზონტალური საჰაერო მორევი წარმოიქმნება. თუ ასეთი ჰორიზონტალური მორევი აღმავალ ნაკადს შეეჯახება და თუ ეს აღმავალი ნაკადი ძლიერია, მორევი მას უერთდება და ვერტიკალურად დატრიალდება. მომენტი, როდესაც ამ სვეტის თავზე ძაბრივით ჩაღრმავება გაჩნდება, იმის მაუწყებელია, რომ შიგნით წნევა მკვეთრად შეიცვალა და ის „გიგანტურ საჰაერო მტვერსასრუტად“ გარდაიქმნა, რომელიც ყველაფერს შეიწოვს ქვემოდან და ზემოთ ძალიან მაღლა ატყორცნის. შეიწოვს მტვერს, ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს, რასაც კი ზედ გადაუვლის და გაანადგურებს. ტორნადოს წარმოქმნის მექანიზმი სრულად ამოცნობილი არ არის. თუ ვინმემ იცის, რომ არსებობს, წერილის კომენტარში მიუთითეთ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ ეს თეორიები ჯერ კიდევ ვითარდება და რაც მე დავწერე, ეს სწორედ ტედ ფუძიტოს ვერსიაა, ისიც ძალიან შემოკლებით და პოპულარულ ენაზე აღწერილი.

 

ტეცუე ფუძიტო 1920 წლის 23 ოქტომბერს იაპონიაში დაიბადა. 1944 წელს პატარა ქალაქ კიტაკუსუს უნივერსიტეტში ფიზიკის დოცენტად აირჩიეს. სხვათა შორის, ამერიკელებს ბომბის ჩამოგდება სწორედ ამ ქალაქში სურდათ (მაშინ კოკურა ერქვა), თუმცა ღრუბლიანობის გამო სამიზნე შეცვალეს და ნაგასაკისკენ გადაინაცვლეს. მოგვიანებით, დანგრეული ქალაქების შესასწავლად ფუძიტოც წავა, რათა გამოიკვლიოს, როგორ იმოქმედა დაზიანების ტალღამ კონსტრუქციებზე. შემდეგ ტაიფუნების მექანიზმით ინტერესდება. სწორედ მან შექმნა ქარიშხლების პირველი მეტეოროლოგიური რუკები. მოგვიანებით, კვლევებსა და განვითარებას ამერიკაში აგრძელებს. „ბატონი ტორნადოსაც“ აქ შეარქმევენ.

 

 

ყოველ 40-50 წელიწადში ერთხელ ტორნადოთა მძლავრი სერიები იწყება. ამას სუპერ-აფეთქებას უწოდებენ. ამ დროს რომელიღაც ადგილას დღეში შეიძლება 50-მდე ტორნადომ „ჩამოიაროს“. ასეთმა „აფეთქებამ“ შეიძლება მინიმუმ 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. აღარაფერს ვამბობ, დანგრეულ და განადგურებულ სახლებზე, მანქანებზე და ა.შ. ტორნადოების ასეთი სერია სულ სამჯერ არის დაფიქსირებული: 1932 წლის 21 მარტს, 1974 წლის 3 აპრილს, 2011 წლის 27 აპრილს.

 

თუმცა, ერთი სხვაც აღსანიშნავია, 1965 წლის ტორნადოს მეორენაირად „ბზობის“ ტორნადოსაც უწოდებენ, რადგან ბზობის დღეს მოხდა ოჰაიოში, ინდიანასა და აიოვაში.

 

მკაცრი ზამთრის შემდეგ, აპრილში გამოიდარა და ადამიანებმაც გაიხარეს. მექსიკის ყურიდან წამოსული ჰაერის ნოტიო თბილმა მასებმა ჩრდილოეთით საკმაოდ შორ მანძილზე გადაინაცვლეს. ქვეყნის ცენტრში წარმოიქმნა დაბალი წნევის მასიური უბანი. უცებ ამ ჰაერს ზემოდან გადაეფარა მშრალი და კიდევ უფრო თბილი ჰაერის მასები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა ინვერსიას, ტემპერატურული ფენების ნორმალური ურთიერთგანლაგება ამოყირავებულია და თბილი ჰაერი ცივზე უფრო მაღლაა.

 

11 აპრილს, ბზობის კვირას, ცივმა ქარმა თბილი ჰაერის მასა გვერდით მოისროლა, რის შედეგადაც მის ქვეშ არსებული ღრუბლის მასები წინ წამოვიდა, გამოვარდა უძლიერესი აღმავალი ნაკადი, რომელიც ჰორიზონტალურს შეუერთდა და პირველი ტორნადოც აიოვაში მზად გახლდათ. აქ და სხვა ტერიტორიებზე, 16 საათის განმავლობაში 55 ტორნადომ გაიარა. გარდაიცვალა 266 ადამიანი. ზარალზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

შემდეგ დღეებში პროფესორი ფუძიტო პატარა თვითმფრინავით შემოივლის მთელ ტერიტორიას, ყველაფერს სურათს გადაუღებს, ჩაინიშნავს, ციფრებად, გრაფიკებად და ცხრილებად აქცევს და მრავალგზის გაანალიზების შემდეგ გამოიყვანს ტორნადოს ინტენსივობის შკალას. ამ შკალას ფუძიტის შკალა ეწოდება და ტორნადოს დამანგრეველი ხასიათი სწორედ მისით განისაზღვრება.

 

F 0 – სუსტი ქარიშხალი, ხეები დაამტვრია, სადმე სახლს სახურავი ახადა;

F 1 – სტაბილური სიძლიერის;

F 2 – მნიშვნელოვნად ძლიერი და დამაზიანებელი;

F 3 – ძალიან ძლიერი;

F 4 – დამანგრეველი;

F 5 – კატასტროფული.

 

დღეს უკვე ტორნადოს წინასწარმეტყველებაც შეიძლება, რადგან შექმნილია გაფრთხილების სისტემები.

მაგრამ… მაინც რა ესაქმებოდა კახეთში ტორნადოს?… ეგ მიკვირს…

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...