შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

რატომ არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს სოციალურ ქსელებში ანგარიშები

0

ჩემი არცერთი შვილი ჯერ არ არის 13 წლის, ანუ იმ ასაკის, როცა ლეგალურად შეუძლია სოციალურ ქსელებში ანგარიშის შექმნა – მე ამ წესს მკაცრად ვიცავ და ყოველ ჯერზე, როცა მთხოვენ, რომ სჭირდებათ ექაუნთი კლასელების მესენჯერჯგუფში გაერთიანებისთვის, ან რაიმეს გამოსაწერად, ან სურთ, იუთუბერობა სცადონ, ვეუბნები, რომ ჯერ არა, ჯერ უნდა გაიზარდონ.

მიზეზები, რის გამოც მათ სოციალურ ქსელებში ანგარიშების გაკეთებაზე უარს ვეუბნები, ბევრია და ისინი ჩემს შვილებთან ერთად არაერთხელ განგვიხილავს, მაგრამ რადგან უფრო და უფრო მეტი ბავშვი ჩემ გარშემო თავისუფლად დანავარდობს სოციალურ ქსელებში, საჭიროდ მივიჩნევ ამ საკითხზე ოჯახის მიღმა საუბარსაც. მიზეზებს შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ფიზიკური უსაფრთხოება და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის თავია, როგორც ამბობენ ხოლმე დიდ პრობლემაზე საუბრისას. აი სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები:

 

  • ფსიქოლოგიური ზეგავლენა: ბავშვების ფსიქიკა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, და სოციალური ქსელების გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს თვითშეფასების პრობლემები და გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია.
  • კიბერბულინგი, შეურაცხყოფა და სექსუალური შევიწროება: სოციალური ქსელები ხშირად ხდება კიბერბულინგის ადგილი, რაც განსაკუთრებით საზიანოა ახალგაზრდა ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ემოციური მდგრადობა, რომ ასეთ სტრესს გაუმკლავდნენ. სოციალურ ქსელებში ბავშვები მოწყვლადები არიან როგორც თანატოლების მხრიდან მომდინარე საფრთხეების, ასევე ზრდასრულებისგან ზეწოლის, სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შემთხვევების მიმართ. საქართველოში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მოზარდებს ასაკით გაცილებით უფროსები სთხოვენ შიშველი ფოტოების გაგზავნას, აბამენ მათთან ეროტიკული შინაარსის მიმოწერას, აშანტაჟებენ ამ მიმოწერით და მათი ნების საწინააღმდეგო ქმედებების გაკეთებას სთხოვენ.
  • პირადი მონაცემების დაცვა: გამოქვეყნებული ფოტოებით მათ შეიძლება ადვილად გასცენ ინფორმაცია იმ სკოლების შესახებ, რომლებშიც სწავლობენ; მარშრუტზე, რომელსაც დღის განმავლობაში გადიან; თავიანთ ინტერესებსა და ემოციებზე რიგი საკითხების მიმართ, რაც მათ მავნე პირებისთვის მოწყვლადს ხდის და მონაცემთა მოპარვის რისკის წინაშე აყენებს. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვების შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების გავრცელებისას უფროსებსაც გვმართებს სიფრთხილე.
  • დამოკიდებულების რისკი: სოციალური ქსელების ალგორითმები განკუთვნილია მომხმარებლების ყურადღების ხანგრძლივი დაკავებისთვის, რაც ბავშვებში იწვევს დამოკიდებულებას და ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებასა და სწავლის პროცესს.
  • აკადემიური შედეგების გაურესება: სოციალური ქსელების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კონცენტრაცია, რაც უარყოფითად აისახება სასკოლო დავალების შესრულებაზე. სოციალურ მედიაში გატარებული დრო ბავშვების დასვენებისთვის, გართობისა და მეცადინეობისთვის წართმეული დროა – მოზარდებისთვის ფუჭად დროის კარგვა კარგი მოვლენა არ არის. სჯობს მათ ხარისხიან გართობასა და დასვენების უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ;
  • არასათანადო შინაარსთან წვდომა: ბავშვები ადვილად შეიძლება წააწყდნენ ძალადობრივ, სექსუალურ ან სხვა არასასურველ კონტენტს, რაც აზიანებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
  • კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა: 13 წლამდე ბავშვები ჯერ კიდევ არ ფლობენ კრიტიკული აზროვნების ისეთ უნარს, როგორიც აუცილებელია დეზინფორმაციისა და მანიპულაციური კონტენტის ამოსაცნობად. მაგალითად, 2020 წელს ტიკ-ტოკზე გავრცელებულ „Benadryl Challange”-ს რამდენიმე ბავშვის სიცოცხლეც კი ემსხვერპლა. გამოწვევის ფარგლებში მოზარდები წამალ ბენადრილის გადაჭარბებულ დოზას იღებდნენ, რომელსაც ე.წ. „ჰალუცინაციების“ გამოწვევა შეეძლო. დასვენებისა და ფიზიკური აქტივობის დეფიციტი: სოციალური ქსელების გადაჭარბებული გამოყენება ამცირებს ფიზიკურ აქტივობას, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობასა და ზოგად განვითარებაზე.
  • სოციალური უნარების დაქვეითება: ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონლაინ, ხშირად ნაკლებად ვითარდებიან სოციალურ ურთიერთობებსა და რეალურ კომუნიკაციაში. დროთა განმავლობაში ხდებიან ჩაკეტილი ან ცოცხალ ურთიერთობებს ვირტუალური ნაცნობებით ანაცვლებენ, რაც მათ მოწყვლადს ხდის და გარკვეულწილად პარალელურ რეალობაში აცხოვრებს.
  • ეგატიური როლური მოდელები: სოციალურ ქსელებში ხშირად ხდება არასათანადო ქცევის პროპაგანდა, მაგალითად, აგრესია ან ზედმეტი მატერიალიზმი, რაც გავლენას ახდენს ბავშვების ღირებულებებზე. „ინფლუენსერების” გაზრდილი როლის პირობებში მათი ცდუნება ეფემერული წარმატებებითა და მყიფე პოპულარობით შესაძლოა, უფრო მიმზიდველი იყოს, ვიდრე ღირებულებებზე დაფუძნებული აკადემიური განათლება და ბეჯითი შრომით მიღწეული წარმატება.
  • ემოციური რეგულაციის უნარის დაქვეითება: მუდმივი „ლაიქებისა“ და „კომენტარების“ რაოდენობის კონტროლი ბავშვებში იწვევს ემოციურ დამოკიდებულებას გარეგანი აღიარების მიმართ.

სოციალური ქსელების შეზღუდვის ალტერნატივად მოზარდებს შეგვიძლია შევთავაზოთ ინტერნეტისა და ეკრანების გამოყენება ისეთი საქმეებისთვის, რაც მათ გაართობს, დააინტერესებს და დანაკლისის განცდას არ გაუჩენს. შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, სხეულზე ზრუნვის პრაქტიკის გამოსამუშავებლად და თვითგანათლების პროცესის დასაორგანიზებლად განკუთვნილი ონლაინკურსების, აპლიკაციებისა და გზამკვლევების გამოყენება მათ უნარებს გაცილებით სანდო კალაპოტში ჩასვამს და ტექნოლოგიების სამყაროში ნავიგაციასაც უფრო უსაფრთხო გზებით ასწავლის.

 

 

 

სიახლის შიში და ლიტერატურა

0

 

ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია, ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით. თითქოს იცვლება სამყარო, კონსტანტინე გამსახურდიას თქმისა არ იყოს, იცვლება ქვეყანა, მაგრამ ბევრი რამ უცვლელი რჩება, თითქოს წრეზე ტრიალებს ყველაფერი. უცვლელია გრძნობები, უცვლელია ემოციები, უცვლელია „მრავალსაუკუნოვანი სისულელის სურათები“, უცვლელია დამოკიდებულებები და უცვლელია ჩვენი შიშიც შეუცნობლის, უცნობისა და შესაცნობის მიმართ. ყველას გვახსოვს ილია ჭავჭავაძის მგზავრის სიტყვები:

„თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ… იმიტომ, რომ მეორედაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ… იმიტომ… იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას“ (ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“).

ეს შიში ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში იჩენს თავს. სამყაროს დასაბამიდანვე ადამიანებს გვეშინია უცნობი ნივთების, რისკის, უცნობი ცხოველების, უცნობი დაავადებების, ბუნების მოვლენების… ინსტინქტურად უკუვაგდებთ ყოველგვარ ახალს, და ეს ინსტინქტი კაცობრიობისთვის თვითგადარჩენის ერთგვარ გასაღებად იქცევა. ეს ინსტინქტი დღეს ცვლილებების, ნორმიდან გადახრის შიშია. ჩვენ გვეშინია ახალი ტექნოლოგიების, ტექნოლოგიური პროგრესის, ახალი სოციალური გამოცდილების, კომფორტის ზონიდან გამოსვლის… რატომ? ამაზე პასუხი, თერგდალეულების შიშისა არ იყოს, არ გვაქვს, მაგრამ გვეშინია. გვეშინია და, შესაბამისად, არც გვინდა. შესაძლოა, წინასწარ გვეშინია მარცხის, წარუმატებლობის, შეცდომის, ან ადრე განცდილი მარცხის გამო – იმედგაცრუების…

ცვლილების შიში უფლებას არ გვაძლევს, სიახლის მიღებით გამოწვეული სიამოვნება განვიცადოთ, შესაბამისად, ჩვენს პიროვნულ განვითარებასაც უშლის ხელს.

სამყაროში, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება, ინოვაცია ხშირად განიხილება როგორც პროგრესის გასაღები. ახალი ტექნოლოგიები, იდეები და წინსვლა აყალიბებს ინდუსტრიებს, საზოგადოებებს და ჩვენს ცხოვრებასაც კი. სიახლეების მიმართ შიში (ნეოფობია) ფესვგადგმულია ადამიანის ცნობიერებაში.

ეს ფესვგადგმული სიფრთხილე უცნობის მიმართ თანამედროვე სამყაროშიც გავრცელდა მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები დღეს სრულიად განსხვავებულია, – ძირითადად არამატერიალური, მაგალითად, სამუშაო ბაზრის მოშლა ან სოციალური სტრუქტურების დაკარგვა, – ფსიქოლოგიური რეაქცია მსგავსია. როგორც წესი, უხერხულობას ვგრძნობთ, როდესაც ვაწყდებით ახალ იდეებს, ტექნოლოგიებს ან ცხოვრების წესს, რომლებიც ბოლომდე არ გვესმის ან ვერ ვაკონტროლებთ.

ადამიანები გაურბიან სიახლეებს, რადგან ბუნებრივად ერიდებიან გაურკვევლობას. სიახლესთან შეჯახებისას ადამიანმა შეიძლება ინსტინქტურად იგრძნოს, რომ რისკი აჭარბებს სარგებელს, მაშინაც კი, თუ ეს ობიექტურად სიმართლეს არ შეესაბამება. დანაკარგის შიში ამძაფრებს ამ ეფექტს. უფრო მეტიც, ინდივიდები კომფორტს პოულობენ ნაცნობ რუტინაში, რწმენასა და ტექნოლოგიებში.

სიახლეების შიშს ხშირად კვებავს სოციალური და კულტურული ფაქტორები – ნორმები, ღირებულებები და ტრადიციები.

როდესაც ინოვაციები მოდის გარე წყაროებიდან – უცხო ქვეყნებიდან, უცნობი ინდუსტრიებისგან ან ტექნოლოგიური გიგანტებისგან, შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივი ეჭვი ან შიში „უცხოობისა“. ამან შესაძლოა შექმნას დაუცველობის განცდა.

სიახლეებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი შიშია სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაკარგვის შიში. ბევრს ეშინია, რომ ინოვაციები მათ უნარებს გამოუსადეგრად აქცევს, ეს კი საბედისწერო გავლენას ახდენს განვითარებაზე. დღესაც ბევრი ეჭვობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს და ფუნქციას დაუკარგავს ბუნებრივი გონს, თუმცა ამაზე საუბარი სხვა დროს განვაგრძოთ.

ვთანხმდებით, რომ ლიტერატურა ერთგვარი სარკეა, ასახვაა ჩვენი ცხოვრებისა თუ ქვეცნობიერისა. ჰოდა, ლიტერატურაში უამრავი მაგალითია იმისა, რა დამოკიდებულება აქვთ სიახლეების მიმართ საზოგადოებაში. ასეა ქართულ ლიტერატურაშიც და ასეა ყველგან. სულ რამდენიმე მაგალითი გავიხსენოთ: რეი ბრედბერის წიგნში „451ფარენჰეიტით“ სწორედ იმისთვის წვავენ წიგნებს, რომ ადამიანებს ფიქრის, განვითარების შესაძლებლობა არ მისცენ, გააქრონ ინდივიდუალური აზროვნება და პიროვნება ბრბოს ნაწილად აქციონ. ახალი იდეები, მათი აზრით, დამღუპველია კაცობრიობისთვის. ოლდოს ჰაქსლის ტექსტშიც „მშვენიერი ახალი სამყარო“ საზოგადოებას სწორედ ქაოსისა და დისკომფორტის მოლოდინის გამო ეშინია სიახლეების.

თემაზე საუბარს ორუელის უკვდავი „1984-ის“ გარეშე ვერ განვაგრძობთ: პარტია ხელს უწყობს სიახლეების, ცვლილებების შიშის დანერგვას, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს რომანი თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებაში არსებული შიში სიახლეების მიმართ.

მსგავს თემებს ეხება კაფკას არაერთი ტექსტი („პროცესი“, „მეტამორფოზა“) და სხვა მწერალთა უკვდავი ნაწარმოებები.

დროის ცვლილება და განათლების მიმართ ახლებური დამოკიდებულება აწუხებს „კაცია-ადამიანის“ ლუარსაბს. რატომ? იმიტომ, რომ კომფორტის ზონაში მის დარჩენას ეწინააღმდეგება.  „რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა… რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, – ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი“.

თუმცა ცვლილების, სიახლისკენ ლტოლვის გარეშე განვითარება სად გაგონილა?!

ისევ ილიას დავესესხოთ: „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო“ – ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა“… არც ყოფილა ქართული და ტრადიციული.

გიორგი ლეონიძის ციციკორე გავიხსენოთ, როგორ ებრძვის რკინიგზის შემოყვანას: „-აგიჟინიათ, მატარებელი, მატარებელიო! აქებთ რკინიგზას და იმას კი არა ფიქრობთ, რა უნდა ჰქნას ხარ-კამეჩმა, ცხენმა? მაშ, ურმები უნდა გადავყაროთ? მერედა უურმოთ ქართველი კაცი გაგონილა? ან ღვინის ქირაზე რით წავიდეთ, ან ცხენს რა ვუყოთ? ამას რატომ არ უფიქრდებით?.. ჰაერი გაფუჭდება, პური და მტევანი მოიწამლება, ხალხი იავადმყოფებს, უნამუსობა ჩამოვარდება! განა გოგოები ეგრე თავისუფლადღა გაივლიან?.. ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი!“

ჰო, სიახლეს და განსხვავებულობას საზოგადოება ხშირად (თუ ყოველთვის არა) ხვდება სკეპტიკურად, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ეს სიახლე აუცილებელია განვითარებისთვის. თავის დროზე „ვეფხისტყაოსნის“ მთელი ტირაჟი გაანადგურეს როგორც ბილწების მასწავლებელი წიგნი, ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს…

საზოგადოებას არ უყვარს სიახლე, არ უყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ამის გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. მასწავლებლებიც სწორედ ამას ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს.

პერსონაჟების სახლები და ოთახები საბავშვო წიგნებიდან

0

საბავშვო ლიტერატურაში პერსონაჟების ოთახებს განსაკუთრებულად ვაკვირდები. თავგადასავლებთან ერთად ისიც მაინტერესებს, სად არის სივრცე, რომელიც მკითხველს მყუდროებას შეუქმნის და თავს იმ სამყაროს ნაწილად აგრძნობინებს, რომლის შესახებაც კითხულობს. პერსონაჟების ოთახები მკითხველს თამაშისკენ, ფანტაზიორობისა და შემოქმედებითობისკენ უბიძგებს. მკითხველსაც შეუძლია, იატაკზე მაჭკატები გააბრტყელოს, ეზოში სტუმრად მოიწვიოს მეგობრები, მერე კი უზარმაზარი ხის ფუღუროში ყავაც მიირთვას მათთან ერთად ან ფარდებისგან მოჩვენებები გამოჭრას.

„შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში ერთი ძალზე მოუვლელი ბაღია. ბაღში ძველისძველი ჩაშავებული სახლი დგას. აი, სწორედ ამ სახლში ცხოვრობს პეპი გრძელწინდა. ეს ძველისძველი სახლი, რომელსაც მოუვლელი ბაღი ერტყა გარშემო, პეპის მამამ იყიდა დიდი ხნის წინათ. ფიქრობდა, როცა მოვხუცდები და ხომალდის მართვას ვეღარ შევძლებ, აქ მე და პეპი ვიცხოვრებთო. ვილა „ყიყლიყო“, ჰო, ასე ეძახდნენ იმ ძველ სახლს. ოთახებში ავეჯი იდგა, ხოლო სამზარეულო ჯამ-ჭურჭლით იყო სავსე. იფიქრებდით, პეპისთვის საგანგებოდ მოუწყვიათ ეს ბინაო“.

პეპის სახლი პეპისავით არაორდინარულია, უსისტემო და მოუწესრიგებელი, ხალისიანი დაუდევრობით სავსე. პეპი იმდენად ლაღი ბუნების პერსონაჟია, არც კი გვიკვირს, რომ მის ტერასაზე ცხენი ცხოვრობს, სახლში კი – მაიმუნი, თავად პეპი კი სკოლაში არ დადის და უზარმაზარი ფეხსაცმელებით დააბოტებს ქუჩებში. ვის არ მოუნდება ისეთ ეზოში თამაში, სადაც უზარმაზარი მუხა ლიმონათებს „ისხამს“?

„ვილა ყიყლიყო“ ის ადგილია, სადაც პეპი არაჩვეულებრივად ერთობა, სტუმრად მისულ მეგობრებს სიხარულით უმასპინძლდება, ქურდებს, რომლებსაც მისი ოქროების ხელში ჩაგდება სურთ, ისე აბრიყვებს და აბიაბრუებს, „ვილა ყიყლიყოსკენ“ გახედვის სურვილსაც უკარგავს. გახსოვთ, პოლიციელები რამდენი არბენინა? ბოლოს ისე დაღალა, უიმედოდ ჩაიქნიეს ხელი პატარა ობოლ გოგოზე, რომელსაც სკოლაში სიარული არ სურდა.

პეპის დამოუკიდებლობისა და ძლიერების მიზეზი მისი სახლიც იყო, რომლის ყოველ კუთხე-კუნჭულს ხუთი თითივით იცნობდა.

„ლამაზი იყო პეპის ბაღი. მართალია, მოვლა-პატრონობა აკლდა, მაგრამ, სამაგიეროდ, აბუჩქული გაზონები ამშვენებდა. თეთრ, ყვითელ და წითელ ვარდებს მიწამდე დაეხარათ ბებერი ტოტები. იქნებ არც ისე რჩეული ჯიშისა იყვნენ, რაოდენ დამათრობელი სურნელიც ასდიოდათ. ხეხილიც იდგა ამ ბაღში და ტოტებგაბარდნილი მუხა და თელაც, რომლებზეც სულ ადვილად ადიოდნენ ბავშვები. მუხა ზემოთ ორად იტოტებოდა და შუაში ისე იყო მწვანე ტოტებით გადახურული, გეგონებოდა, ქოხიაო“.

ბავშვებისთვის „ვილა ყიყლიყო“ ჯადოსნური ადგილია, სადაც მხიარულად თამაშობენ პეპი და მისი მეგობრები – ტომი და ანიკა. პეპი ყოველთვის ახერხებს მათ გაკვირვებას, რადგან მის სახლში უამრავი ისეთი რამაა, რაც ცნობისმოყვარე ბავშვებს აინტერესებთ: „უცნაური ნიჟარები, მარგალიტის მძივები, ფერად-ფერადი ზღვის კენჭები, პატარა კოლოფები, ვერცხლის ჩარჩოში ჩასმული სარკეები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი პეპის და მამამისს ეყიდათ დედამიწის გარშემო მოგზაურობის დროს“. ტომისა და ანიკას სახლისგან განსხვავებით, პეპის სახლში თავისუფლება და ვეებერთელა სივრცეა გართობისა და ხალისიანი თამაშებისთვის. აქ არ არსებობს შემზღუდავი წესები, პირიქით, „ვილა ყიყლიყოში“ თამაში საოცარი თავგადასავალია. ასეთ საოცარ სივრცეში რომელი ბავშვი არ მოიწვევს მეგობრებს და სიხარულით არ გაუმასპინძლდება?!

„ვილა ყიყლიყო“, ეს ჭრელი, სასაცილო და ცოტა მოუწესრიგებელი სახლი, შეიძლება საოცნებო ადგილი გახდეს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კითხვა და წიგნებთან განმარტოება უყვართ.

 

საინტერესო ოთახებზე საუბრისას, წარმოუდგენელია, არ მოგვაგონდეს სახურავის ბინადარი კარლსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს. კარლსონის სახლი ნამდვილად შთამბეჭდავია, თანაც ყველაზე მყუდრო, ყველაზე დაცულ და ყველასგან თვალს მოფარებულ ადგილას დგას. ის პატრონის უნიკალურ, არაორდინარულ და უცნაურ ხასიათზეც მიუთითებს. სად უნდა იცხოვროს პატარა, პროპოლერიანმა კაცუნამ, თუ არა სახურავზე, სადაც ვერავინ შეამჩნევს?

კარლსონის სახლში უამრავი უცნაური ნივთია მიმოფანტული, პატარა ფანჯარა კი ქალაქს გადაჰყურებს და კარლსონიც ისეთ რამეებს ამჩნევს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და ისეთ ოინებს იგონებს, რასაც სხვები ვერც კი გაბედავდნენ.

კარლსონის ოთახი არ არის ტიპური საცხოვრებელი სივრცე; ეს არის განსაკუთრებული ადგილი განსაკუთრებული პერსონაჟისთვის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც თავად სურს.

 

წიგნში „ლიონელბერგელი ემილის თავგადასავალი“ აღწერილია შვედური სოფლის გარემო. ავტორი გვიხატავს ხუტორ კატხულტისა და კატხულტელების ცხოვრებას. სწორედ იქ ცხოვრობს ემილი მშობლებსა და დაიკო იდასთან ერთად. როგორც ბავშვების უმეტესობა, ემილიც ცელქობს, თანაც ხშირად ცელქობს, ამიტომ უამრავ დროს ატარებს ფარდულში, სადაც ჩადენილი ცელქობისთვის გამოკეტავენ ხოლმე და ემილსაც სხვა რა დარჩენია, ზის და საყვარელ ხის კაცუნებს თლის.

 

სივრცე, რომელიც პერსონაჟებს ეკუთვნით, კითხვისას ცოტა ხნით ჩვენი, მკითხველების კუთვნილებაც ხდება. ასეთი ადგილები ძალიან ჰგვანან პატრონებს ხასიათით, განწყობით, ატმოსფეროთი და ალბათ ეს საოცარი მსგავსება გვიქმნის ჯადოსნურ განცდას, რომ ჩვენც იქ ვართ.

თქვენ რომელი ოთახი გაგახსენდათ საბავშვო ლიტერატურიდან?

კიდევ ერთი სცენარი სასკოლო ღონისძიებისთვის

0

ჯადოსნური თილისმები წარსულიდან – ქართული მითოლოგიის სამყაროში

დამეთანხმებით, რომ ბავშვები გიჟდებიან მითოლოგიაზე, განსაკუთრებით კარგად კი ბერძნული მითოლოგია იციან და მოსწონთ. ქართულ მითოლოგიაზე მწირი ინფორმაცია აქვთ, ამირანით და დალით შემოიფარგლებიან. არადა მითები, ისევე როგორც ხალხური ზღაპრები, ჩვენი იდენტობის მთავარი წყაროა, ჩვენი არსებობის, ყოფნისა და ეროვნულობის განმაპირობებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს მეოთხე კლასთან პატარა სპექტაკლი დამედგა და პერსონაჟებად ქართული მითოლოგიის გმირები გამომეყვანა. ვფიქრობ, ბავშვებს მოეწონებათ, იხალისებენ კიდეც და ბევრსაც გაიგებენ ჩვენს ძალიან, ძალიან შორეულ წარსულზე.

 

სცენა მოწყობილია როგორც ძველი დარბაზული სახლი. სასურველია, ბორჯღალებითა და მზის სიმბოლოებით იყოს გაფორმებული. კერასთან სხედან პაპა და ბებია. იქვე თამაშობს მათი ორი შვილიშვილი: მზექალა და ხვთისო.

ოჯახს გარშემო უვლის თეთრებში ჩაცმული სამი გოგონა (კერის ანგელოზები) და უმღერის: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო“. გულზე დიდი მზეები ჰკიდიათ. (https://youtu.be/YnD6JewYjSc)

ხვთისო: რა ბნელი ღამეა, მთვარეც არ ჩანს, გარეთ გასვლა ახლა საშიშია…

მზექალა: ამბობენ, ამ დროს ჭინკები და დევები გამოდიან სანადიროდო.

ხვთისო: რას ამბობ, მზექალავ, ეგენი აღარ არსებობენ და საერთოდაც, მოგონილი მგონია.

მზექალა: ხვთისო! შენ გინდა თქვა, რომ პაპა გვატყუებდა?! ბებოს მოყოლილი ამბები მხოლოდ ზღაპრები იყო?!

ხვთისო: არ ვიცი, მგონი, მეშინია, რომ ნამდვილი არ აღმოჩნდეს…

პაპა (ჩაიცინებს): ბავშვებო, ბავშვებო, თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, უხსოვარ დროს რა ამბები ტრიალებდა ჩვენთან.

ბებო: უნდა მოვუყვეთ, კაცო, ხომ უნდა გაიგონ უკვე, დიდები არიან, მგონი, უკვე დროა.

პაპა: ჰო, მეც ასე მგონია, დრო მოვიდა, ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადოს.

ბავშვები (ერთხმად): რას ამბობთ! გვითხარით დროზე! რას გვიმალავთ!

პაპა: ახლა, სწორედ ახლა, იღება დროის კარიბჭე!

ბავშვები (გაოცებით): რაააააა?..

ბებო: როგორც უხსოვარი დროიდან შემორჩენილი ლეგენდა გვეუბნება, ყველაზე, ყველაზე ბნელ, უმთვარო ღამეს, როცა ძალიან ცივა და მკაცრი ქარი ქრის, ათასწლეულების შემდეგ, ბოროტებას ისევ მოუნდება დედამიწაზე დაბრუნება.

პაპა: ისევ შეებრძოლება სიკეთეს. სწორედ ამ დროს მთვარე გაწითლდება, თითქოს გველეშაპმა გადაყლაპაო, ჰოდა წარსულის გმირები, ღმერთები და ქალღმერთები ჩვენს დასახმარებლად გადმოლახავენ უამრავ წელსა და საუკუნეს…

ბებო: ამ დროს გაიღება წარსულის კარიბჭე, ოღონდ მზე-ლილეს უნდა შევთხოვოთ, დაგვეხმაროს და დაგვიცვას! თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი ისტორია, ახალი ერა! თქვენ ხართ გმირების შთამომავლები, მათი საქმეების გამგრძელებლები! უნდა დაამარცხოთ სიბნელე და სინათლე მოჰფინოთ ქვეყნიერებას!

პაპა: მზად ხართ წარსულიდან საჩუქრების მისაღებად? მზად ხართ შორეული წარსულის გასაცნობად?

ბავშვები (ერთხმად): მზად ვართ!

მზექალა:

ლილევოდა, დიდება შენდა,

დიდება შენდა, ზეციერო!

ოქროსი გიდგას სრა-სასახლე,

გარს აკრავს ოქროს გალავანი,

გალავნის ძირას ირმებია,

ქიმ-ქონგურებზე – შევარდნები.

ხვთისო:

შენს საღმრთო ხარებს, მეუფეო,

რქები ადგათ – რქები ოქროსი,

იალაღებზე ბუღრაობენ,

ირყევიან დიდი ქედები.

ბებო:

ნებიერი შენი ვერძები

რქებით ერთმანეთს აწყდებიან,

მთათა იმსხვრევა ხერხემალი,

ქანაობენ მძიმე ბურჯები.

პაპა:

ლილევოდა, დიდება შენდა,

ბნელი ახლოს ვერ გეკარება,

ზღვასა და ხმელზე დაგიყრია

მოელვარე სამკაულები.

ლილევოდა, დიდება შენდა,

დიდება შენდა, ზეციერო!

 

სამი ანგელოზი ტრიალებ მათ გარშემო და ჩრჩულებ:  – მოდიან, მოდიან, იწყება, იწყება!

უცებ გრუხუნია, შეიძლება, ბოლიც ავარდეს, იღება პორტალი და იქიდან კოპალა გადმოხტება.

 

კოპალა: აქეთ დევებს ხომ არ ჩამოუვლიათ? რაღაც ხმა მომესმა! რაღაც ძალამ გადმომისროლა!

პაპა: ეს ხომ კოპალაა!

კოპალა: დიახ, კოპალა ვარ! პატარა ბიჭი ვიყავი, არაგვის ხეობაში ვცხოვრობდი. დევებმა მომიტაცეს და თავად გამზარდეს. უამრავი დამცირება და სისასტიკე ავიტანე მათგან! ხან წყალს მაზიდვინებდნენ, ხან შეშას, თავშიც მიბარტყუნებდნენ, მაგრამ ვითმენდი და ვიზრდებოდი. ერთხელაც გავიპარე. გადავიარე მთები, ტყეები და თიანეთში, იხინჭის ეკლესიაში მივედი ბერებთან. დილიდან საღამომდე ღმერთს ვევედრებოდი, იმდენი ძალა მოეცა ჩემთვის, რომ დევებისთვის ხალხის ხოცვა-ჟლეტა არ შემერჩინა. ღმერთმა იცოდა, ფშავ-ხევსურებს როგორ აწიოკებდნენ დევები, ჰოდა, ისმინა ჩემი ვედრება და დიდი ძალ-ღონე მომცა. ვიგრძენი ძალა, იფნის ხე ამოვგლიჯე ცალი ხელით. მაშინვე წავედი დევებთან საბრძოლველად. უამრავი ამაბავი გადამხდა თავს, ჩემი თილისმა ჩემი ლახტი იყო – რომელიც მეხივით ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.

სამი ანგელოზი გარს უვლის კოპალას.

პირველი ანგელოზი: კოპალას ნასროლი ქვა დევების ნასროლ ლოდებზე უფრო სწრაფად გაფრენილაო!

მეორე ანგელოზი: კოპალას ლახტით დევები სულ გაუწყვეტიაო!

მესამე ანგელოზი: კოპალას დევებისთვის ციხეგორა წაურთმევიაო!

კოპალა: საოცარი ღამეა! ჩემს ლახტს ახლა თქვენ დაგიტოვებთ, ვიცი, ჩვენი გვარისა ხართ, ახლა ჯერი თქვენზეა, ბოროტება უნდა დაამარცხოთ!

კოპალა ლახტს აძლევს ოჯახს. ოჯახი მადლობას ეუბნება და ცეცხლთან ეპატიჟებ.

ამასობაში ისევ საშინელი გრუხუნია, ისევ იღება პორტალი და  გადმოდის ქალღმერთი დალი.

ცეცხლის გარშემო ჩურჩულია: ეს ხომ დალია! დალია, დალი!

ანგელოზები ერთად შეჯგუფდებიან და გაკვირვებულები იყურებიან: დალი, დალი!

ქალღმერთი დალი: ოჰ, ჩემო საყვარელო ცხოველებო! ჩემო ოქროსრქიანო ირმებო! სად დამეკარგეთ, სად ხართ?!

ანგელოზები (ერთხმად): „დალაი თქვით, დალაი, მხედრებო, დალაი, დალაი,

ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!“

პაპა, ბებია, შვილიშვილები, კოპალა (ერთხმად): „დალაი თქვით, დალაი, მხედრებო, დალაი, დალაი,

ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!“

დალი: როდესაც დიდი გასაჭირი დაგადგეს,

მაშინ ჩემი სახელი ახსენე,

მხარში ამოგიდგები,

ჯიხვსა და არჩვს არ დაგიძვირებ!

უძველესი ქალღმერთი ვარ, სალ კლდეებში ვცხოვრობ, როცა მომინდება, ირმად ვიქცევი, როცა მომინდება – ჯიხვად. ერთი კლიდან მეორეზე გადავფრინდები და მონადირეებს ხელს მოვუმართავ, თუ მონადირეები პატივს მცემენ. ფრთებიც მაქვს! ყოველ ნაბიჯზე სახლის სიმაღლე ნახტომის გაკეთება შემიძლია! ჩემი ფრთის შეხება ჭრილობას ამრთელებს! თუ ვინმეს დავასაჩუქრებ, მისი ოჯახი კარგ ბედსა და იღბალს ეწევა, ოღონდ თუ გამაბრაზეს… ო, მოდი, ამაზე დღეს არაფერს ვიტყვი.

მზექალა: რა ლამაზი ხართ! რა ძლიერი!

დალი: მე შენ თილისმას გაჩუქებ. აი, გამომართვი. ეს ჯადოსნური ირემია, სულს შეუბერავ და მაშინვე შენთან გაჩნდება ჩემი ძალა, ბოროტებას ერთად დავამარცხებთ!

ხვთისო: დალ, ჩემო ქალღმერთო!

ბებო: გმადლობთ, ქალღმერთო!

ანგელოზები (გარს უვლიან და თმას ვარცხნიან, თან ღიღინებენ): ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!

დალს ცეცხლთან ეპატიჟებიან, ისიც ჩამოჯდება.

ამასობაში ისევ გრუხუნია, პორტალიდან იახსარი გადმოხტება.

ბებო: ეს ხომ იახსარია, იხსარ ღვთისშვილი!

იახსარი: იახსარი ვარ! ფშავის საყმოს, ქისტაურთა მფარველი ღვთისშვილი!

კოპალა (დაინახავს იახსარს, იცნობს და წამოხტება): იახსარ, ძმაო!

იახსარი: ძმაო კოპალა!

გადაეხვევიან ერთმანეთს, მოიკითხავენ. კოპალა უბრუნდება ადგილს.

იახსარი (აგრძელებს): დევებს, ქაჯებს, ეშმაკებსა და მაცილებს ვებრძოდი! ვიცავ ყველას, ვისაც შველა სჭირდება! ზეციური მოქალაქეც ვარ! დედამიწაზე სვეტის ან ჯვრის სახით ჩამოვდივარ! მორიგე ღმერთთან ადამიანების სათხოვარი მიმაქვს! მორიგე ღმერთმა მშვილდ-ისარი მიბოძა და დამლოცა. დევებს სადაც შევხვდები, მუსრს ვავლებ, ავიკეცავ ჩოხის კალთებს, დავტაცებ ხელს ქვას და ვესვრი! დევებს ეშინიათ, გამირბიან. სოფელ როშკას ზემოთ, აბუდელაურის ტბაში შეაფარა თავი ჩემგან გაქცეულმა უკანასკნელმა დევმა. მეც ჩავყევი, მაგრამ დევის სისხლმა ტბა შეკრა, მე ტბაში ჩავრჩი. ტბის პირი მხოლოდ მაშინ გაიხსნა, როცა მის ნაპირზე ოთხყურა და ოთხრქა ცხვარი მოიყვანეს. როგორც იქნა, ხმელეთზე ამოვედი, მტრედად ამოვფრინდი. მას შემდეგ ლიქოკის თავს, კარატის წვერზე ვსახლობ და ვიცავ ხალხსა.

ბებო, პაპა, შვილიშვილები, კოპალა, დალი (ერთხმად): დიდება იახსრის დროშას, ზარსა და საზარეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ლაღ იახსარს, დევკერპთ ამომწყვეტს და გადამსხვავებელს. გაუმარჯოს ავის გორს უფალმა ღმერთმა!

იახსარი: ბოროტებასთან ბრძოლაში ჩემი ქვა გამოგადგებათ!

ოჯახს ქვას სჩუქნის და თავად ცეცხლთან ჯდება.

გრუხუნია, პორტალიდან გადმოვა ბარბალე.

დალი: ბარბალე, მზის ქალღმერთო და გველეშაპის დამამარცხებელო! კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ ეპოქაში!

ბარბალე: დალ! კოპალა! იახსარ! თქვენც აქ ყოფილხართ! პირდაპირ მზის სასახლედან მოვედი.

ანგელოზები გარს ევლებიან ბარბალეს.

პირველი ანგელოზი: მზის ოქროს სხივით მოსილი,

ცაში აგიზგიზდი, ბარბალე,

შენი ნათელი მოსავალი

მიწას აკურთხებს მარადვე.

 

მეორე ანგელოზი:

შენი ღიმილი – დღევანდელია,

შენი მზე – მარად ანათებს,

ხორბლის თავთავში ლოცვას ვხედავ,

ღვინოში – შენს ნაკვალევს.

 

მესამე ანგელოზი:

გზას დაგილოცავს მთვარე ღამით,

მზე დაგიკრავს ოქროს ზარს,

ღმერთთა შორის კვლავ გაბრწყინდი –

სიცოცხლე მოჰფინე მიწას დღესაც!

 

ბარბალე: ვმფარველობ: დედებს, ქალებს, საქონელს, მოსავალს… ვდგავარ მზისა და სინათლის მხარეს, ვებრძვი სიბნელეს, ბოროტებას. ვამარცხებ გველეშაპს, რომელსაც მზისა და მთვარის ჩაყლაპვა და დედამიწის ბნელში მოქცევა სურს! როდესაც გველეშაპი მთვარეს ყლაპავს, მთვარე სისხლისფერი ხდება, მაგრამ ამ დროს მე გველეშაპს ვანადგურებ და მთვარე გვიბრუნდება! ვანადგურებ მზის სსხივებით, მზის სხივები ხომ სიბნელეს ფანტავს. განსაკუთრებით სვანებს ვუყვარვარ, ასე მიმღერიან: „მზე შემოაქვთ რქებით ხარებს! მზე შენია, ბარბარ დოლაშ!“ ხაჭაპურებს და ლობიანებს მიცხობენ დღესაც… მე მზე მოგიტანეთ, როდესაც დაგჭირდებათ, თქვით ჩემი სახელი, მზე აკაშკაშდება და სიბნელეს დაამარცხებს!

ბარბალე მზეს აძლევს ოჯახს და თავად კოცონთან ჯდება.

ისევ გრუხუნია. პორტალი იღება და გადმოდის მინდია – ხოგაის-მინდი.

ყველა (ერთხმად): მინდია, ხევსური მინდია, ბუნების მცველი!

მინდია: ყველა აქ შეკრებილხართ! შორიდან, ათასწლეულების მიღმიდან მოვდივარ. მესმის, რაზე ჩურჩულებს ბალახი და რაზე ტირიან ხეები… ქაჯეთის ტყვე ვიყავი, შემზარავი და საშინელი ქაჯების. მათთან ყოფნას სიკვდილი მერჩივნა, ამიტომ შევჭამე ქაჯების საკვები – გველის ხორცი.  სიკვდილის ნაცვლად კი უზარმაზარი ძალა მივიღე! ბუნების საიდუმლოება მესმის, მესმის მცენარეების, ფრინველების, ცხოველების ენა. ვიცი, რომელი მცენარე რას კურნავს და რა დაავადებას არჩენს.

„უნდა იცოდეთ, ჰხედავდეთ

თავთვების ყელის წევასა,

ათი-ათასი ყოველ მხრივ

რომ დაიქუხებს ერთადა, –

ხელ-ნამგლიანი როცა ვარ,

მნახავენ თავის ღმერთადა: –

„არა, მე მომჭერ, მინდიავ,

ნუ მტოვებ, შენი კვნესა-მე!“

ყვავილი მოგიტანეთ, როგორც კი სიახლოვეს ბოროტებას იგრძნობს, მაშინვე შავდება, დააკვირდით, ის მნიშვნელოვანი მაცნეა!

მინდია სხვებთან ერთად ჯდება.

გრუხუნი. პორტალიდან გამოდის აშექალი.

ყველა ჩურჩულებს: – აშექალი მოვიდა, აშექალი!

აშექალი: რამ შეგაშინათ?! სამტროდ არ მოვუსლვარ, სამოყვროდ მოვედი. ქაჯავეთიდან მოვდივარ. ყველაფერი წინასწარ ვიცი, ყველას ბედს ვიგებ! სამ წელიწადს ხახმატის ჯვრის მეჯინიბე ვიყავი, ხახმატის გიორგის წითელი ცხენი ჰყავდა და შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, ყველგან თან დაჰყვებოდა გიორგის. იმ ცხენს მე ვუვლიდი, სხვა ვერავინ ეკარებოდა და ვერც ვერავინ ხედავდა, მხოლოდ მე. როგორც კი წმინდა გიორგის ვინმე შველას სთხოვდა, მაშინვე ვაღებდი საჯინიბოს კარს, ცხენი ელვასავით გამოვარდებოდა და გიორგიც ისე სწრაფად მოევლებოდა ზურგზე, თვალს ვერ შეასწრებდი. ადამიანებს წინასწარ ვატყობინებ, რა ელით, საფრთხეს თავი რომ აარიდონ. აი, ამ სარკეს გიტოვებთ, თქვით: „სარკევ, სარკევ, აშექალის ხათრით, გვითხარ, რა გველის?“ სარკეშიც მაშინვე გამოჩნდება მომავალი! ოღონდ ტყუილად არ მოაცდინოთ, მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტება გააქტიურდება!

აშექალი სარკეს სჩუქნის ოჯახს და იქვე ჯდება. ანგელოზები გარშემო უვლიან.

ისევ გრუხუნია, ამჯერად პირქუში გამოჩნდება.

ყველა: პირქუშია, ნამდვილად პირქუში!

პირქუში: პირქუში ვარ! ხევსური მჭედალი! ადამიანობაში დავითი მერქვა, ნაწილიანიც ვიყავი. როცა მეძინა, ბეჭებს შუა შუქი ამომდიოდა და ირგვლივ ღვთაებრივ ნათელს აფრქვევდა. ერთ დღეს ჩემს გრდემლზე წარწერა გაჩნდა და ჩემი ბედი ამოვიკითხე. ვერაფრით ვერ ამოვშალე ეს ავის მომასწავებელი წარწერა, რომ წინასწარმეტყველება გამეუქმებინა. მაგრამ რადგან პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით ვცხოვრობდი, მორიგე ღმერთმა ხვთისშვილობა მიბოძა. ადამიანების მცველად ვიქეცი. დევები სოფლებს აწიოკებდნენ, ხალხს ხოცავდნენ. მათ წინააღმდეგ მეც ვიბრძოდი, ტყვედაც კი ჩავვარდი, მაგრამ კოპალამ მიხსნა (კოპალასთან მიდის და გადაეხვევა).

თქვენ კი ჩემ მიერ გამოჭედილ პატარა ჩაქუჩს გიტოვებთ, როცა დრო მოვა, ჩაიფიქრებთ და ჩაქუჩი უზარმაზარ იარაღად გადაიქცევა ბოროტების დასამარცხებლად.

პირქუში ჯდება. გრუხუნი. პორტალიდან ადგილის დედა გადმოდის.

ყველა გაინაბება. ანგელოზები ადგილის დედას გარს შემოერტყმებიან და ფერხულს უვლიან.

ადგილის დედა: ჩემო შვილებო! როგორ მიხარია თქვენი ერთად დანახვა! როგორც ჩანს, მოსულა ის დრო, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებოდით. ადგილის დედაც შემოგიერთდით! მე ყველა ქართველის მშვიდობიან ცხოვრებაზე ვზრუნავ. კალთის ქვეშ ვიფარებ ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს! ზოგჯერ ყვავილების მფარველსაც მეძახიან. ჩემს დღესასწაულზე სანთლებს ანთებენ, კვერებს აცხობენ, ცეკვავენ და მღერიან. ვპატრონობ ჩვენს მიწას. ჩემი ხალხი გულიან ქადებსაც მიცხობს. არ შეგეშინდეთ, მაგრამ ხანდახან გველად ქცევაც კი შემიძლია! სახლის საძირკველში ვიდებ ბინას და სახლის პატრონები ყოველ დილით რძეს მასმევენ! იციან, რომ არაფერს დავუშავებ, ამიტომ არ მერჩიან, პირიქით – ოჯახებისთვის ბედნიერება მომაქვს.

სანთელი მოგიტანეთ, უბრალო არ გეგონოთ, როგორც კი დაანთებთ, მაშინვე ისე აგიზგიზდება, ყველანაირ წყვდიადს გაფანტავს და ბოლოს მოუღებს!

ყველა მადლობას უხდის. ადგილის დედა კოცონთან ჯდება.

გრუხუნი.

„ნეტავ ახლა ვინ არის? ნეტავ ვინ? ნეტავ ვინ?“ – ისმის ჩურჩული.

პორტალიდან გამოდის ოჩოპინტრე. ისმის შეძახილი: „ნადირთ პატრონი!“

ოჩოპინტრე: ოჩოპინტრე ვარ, ნადირთ მწყემსი და ნადირთ მფარველი! როდესაც მონადირე ჩემს ტყეებში გამოჩნდება, მაშინვე შევძახებ: „აბა, გაიქეცით, მონადირე გეპარებათ!“ ქალღმერთ დალის ვეხმარები გარეული ცხოველებისა და ფრინველების მწყემსვაში, უხილავი ვარ, სანამ ასე მსურს, როდესაც მოვინდომებ, ხილული ვხდები. როდესაც უხილავი ვარ, პატარა ნაფეხურებს ვტოვებ. ხალხი პაწაწინა პერანგებს მჩუქნის და ხის კენწეროებზე კიდებს. ძალიან მიყვარს ცხოველები, თუ სადმე პაწაწინა ბელი ან მგლის ლეკვი ვიპოვე, რომელსაც მონადირემ დედა მოუკლა, ვზრდი და მერე ისევ ტყეს ვუბრუნებ. ფრინველებსაც მე ვეხმარები ბუდის აშენებაში. მონადირეები ხშირად მთხოვენ დახმარებას, თუმცა მათი დახმარება არ მიყვარს. ძველად, როდესაც ადამიანებს სხვა საჭმელი არ ჰქონდათ, ხელს ვუმართავდი, მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, სულაც არ არის აუცილებელი ცხოველების სიკვდილი, რომ ადამიანებმა არ იშიმშილონ.

მე გიტოვებთ ამ მგლის ფიგურას. როცა დაგჭირდებით, ჩასჩურჩულეთ: „ოჩოპინტრე, გვჭირდები!“  – და ჩემი ერთგული თეთრი მგლები თქვენთან გაჩნდებიან!

ოჩოპინტრე ჯდება სხვებთან ერთად.

გრუხუნი. პორტალიდან გადმოდის კვირია.

ყველა: ხვთისშვილების წინამძღოლი მოვიდა, კვირია მოვიდა!

კვირია: დიახ, კვირია ვარ! უამრავი სახელი მაქვს: კვირიაე, კვირაე, კვირეე… მე ვარ ღმერთი, სამართალი მაბარია და სამართლიანობას ვამყარებ. მე შემთხოვენ ბედსა და იღბალს. მორიგე ღმერთთან ერთად ამინდსაც განვაგებ, ტაროსს. ასე მეხვეწებიან: „მორიგეს ღმერთსა და დიდ კვირაეს გახვეწებთ, თქვენ უშველეთ თქვენს მეხვეწერთ. ეს ზაფხული მშვიდობით დამდგარ, მშვიდობით გადააყენეთ“. მეც, როცა საჭიროა, წვიმა მომყავს, როცა საჭიროა – მზეს ვუხმობ. ხალხი ღვთის კარზე მოარულ ღვთაებასაც მიწოდებს, რადგან დამბადებლის ხშირი სტუმარი ვარ.

„პირველად ღმერთი ვახსენოთ, ის უფრო დიდებულია,

მემრე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარაღვთისია,

მემრე ვადიდოთ ფიწალე, ლაშქრისა წინამძღვარია,

მემრე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია“.

მე ცისკრის ვარსკვლავსაც მეძახიან, ამიტომ ვარსკვლავი მოგიტანეთ. როგორც კი სიბნელე დაისადგურებს, ვარსკვლავს სული შეუბერეთ – მაშინვე მილიონ ვარსკვლავად იქცევა და აკიაფდება, სიბნელეს სინათლე დაამარცხებს!

კვირია ჯდება სხვებთან ერთად.

ისევ გრუხუნია. გადმოდის თორღვა.

ყველა: მამაცი თორღვა, ვაჟკაცი თორღვა!

თორღვა: სულ ვიბრძვი და ვებრძვი ბოროტებას! თორღვას მეძახიან, ხანდახან თორღვა ძაგანსაც. როგორც კი დავბადებულვარ, იქიდანვე მქონია ბეჭებზე გამოსახული მზე და მთვარე, ასევე ჯვარიც. მარჯვენა ხელი დაბადებიდანვე სისხლისფერი მქონია. ვებრძოდი ყველა მოძალადეს და ავსულს. ქვესკნელშიც კი ვიყავი, თეთრ ყორანს გამოვეკიდე, რომ ნატვრისთვალი წამერთმია. მყინვარის ნაპრალში ჩავვარდი. იქ ვეშაპმა ჯადოსნური ჯაჭვი მაჩუქა. ამ ჯაჭვის მფლობელს, ვერანაირი მახვილი ვეღარ მეკარებოდა! ჩემზე დაწერეს:

„ჯაჭვის პერანგი მის ტანზე გველის ქერეჭივით ჭვივოდა

და იცავდა მას ავი თვალისაგან,

მახვილისაგან,

და ხორციელი შიშისაგან…

პერანგი თორღვა ძაგანს ბეჭზე გამოსახულ თილისმებს უმალავდა:

მზე და მთვარე იყო თორღვას საიდუმლო ნიშნები

და ჯვარი, რომელიც ხერხემალზე ეხატა“.

ნატვრისთვალი მოგიტანეთ, გველს რომ წავართვი. ინატრებთ და ბოროტება ნისლივით გაიფანტება, ამოვა მზე და თავის სხივებში გაგვხვევს.

 

მუსიკა ირთვება, ყველა ნელ-ნელა დგება და ხელიხელჩაკიდებული, ერთად დგება. წინ მზექალა და ხვთისო გამოდიან:

მზექალა: მაშ, გადავრჩებით!

ხვთისო: ბოროტებას დავამარცხებთ. ჩვენი გმირები, ჩვენი წინაპრები ზურგს გაგვიმაგრებენ!

ბებია: წინასწარმეტყველება აცხადდება!

პაპა: კარიბჭე ღიაა, ყველა აქაა! სიკეთე იზეიმებს!

ბოლოს ყველა მღერის:

https://www.youtube.com/watch?v=EXb45BggC_I

https://youtu.be/4izt5l5bqqA

 

მოგონებანი სკოლაზე – სიხარული თუ ტკივილი?

0

„განათლება არ ახდენს ცვლილებას სამყაროში. განათლება ცვლის ადამიანს. ადამიანი კი ცვლის სამყაროს”.

პაულუ ფრეირი (XX საუკუნის ბრაზილიელი მოაზროვნე, განმანათლებელი)

 

„განათლება არ გახლავთ ფაქტების შესწავლა, ის გონების სავარჯიშოა, რომელიც გვასწავლის ფიქრს“.

ალბერტ აინშტაინი (XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე,

ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი)

 

ფსიქოლოგიის პროფესორები, პიტერ გრეი და კირსტენ ოლსენი, სასკოლო გამოცდილებასა და მოგონებებზე

ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ტექსტიდან, რომლებიც სკოლასა და სასკოლო მოგონებებს შეეხება. ეს მოთხრობა, ბოსტონის კოლეჯის პროფესორმა (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ), ფსიქოლოგიის დოქტორმა, პიტერ გრეიმ შემოგვთავაზა თავის ბლოგში – Psychology Today (https://www.psychologytoday.com/). დოქტორი გრეი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს, თავის კოლეგასთან, დოქტორ კირსტენ ოლსონთან (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი) შეხვედრის შესახებ.

 საკითხი, რომელსაც დოქტორი გრეი ეხება, საჭირბოროტო და ყურადსაღებია:

  • რა კვალს ტოვებს სკოლა და სასკოლო წლები ადამიანზე?
  • რამდენად კარგია სასკოლო გამოცდილება ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სკოლას ამთავრებს და „ზრდასრულ“ ცხოვრებაში მიდის?
  • რამდენად საჭიროა „სასკოლო გამოცდილება“ მომავალი ცხოვრებისთვის?

ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომლებსაც ეხებიან ავტორი და მისი რესპონდენტი, დოქტორი ოლსონი.

პიტერ გრეი: გაიცანით დოქტორი კირსტენ ოლსონი. ის არის განათლების მკვლევარი, აქტივისტი, კონსულტანტი და მწერალი, რომელსაც გულით აწუხებს ბავშვების, სწავლებისა და ჩვენი სკოლების მდგომარეობა. ის, სხვათა შორის, გახლავთ IDEA-ს (ამერიკის ინსტიტუტი დემოკრატიული განათლებისთვის) დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი.

მე მას პირველად ორი კვირის წინ შევხვდი ლანჩზე, შემდეგ კი დიდი ინტერესით წავიკითხე მისი ბოლო წიგნი „სკოლით დაჭრილნი: როგორ დავიბრუნოთ სწავლების სიხარული და დავუპირისპირდეთ ძველი სკოლის კულტურას” [1]. თუ ოდესმე სკოლაში გივლიათ, გყავთ სკოლის მოსწავლე ბავშვი ან უბრალოდ ზრუნავთ სკოლაში მყოფ ბავშვებზე, ამ წიგნის წაკითხვას გირჩევთ.

წიგნი „სკოლით დაჭრილნი“ არის კვლევის შედეგი, რომლის წერაც ოლსონმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, განათლების კურსის დოქტორანტურაში სწავლისას დაიწყო. როგორც ადამიანს, რომელიც დიდად აფასებდა სწავლასა და განათლებას, ოლსონს სურდა, გამოეკვლია სასწავლო პროცესში მიღებული სიხარული და შთამაგონებელი გამოცდილებები, დაკავშირებული სწავლისა და სწავლების პროცესებთან. მაგრამ როდესაც მან დაიწყო ადამიანების გამოკითხვა მათი დადებითი სასკოლო გამოცდილების შესახებ, აღმოაჩინა, რომ ისინი უფრო მეტად სკოლით მიყენებულ ტკივილზე საუბრობდნენ…

აი, როგორ აღწერს ამას კირსტენ ოლსონის დისერტაციის ხელმძღვანელი, სარა ლოურენს-ლაიტფუტი, წიგნის წინასიტყვაობაში: „პირველად ამ თემაში ღრმად ჩასახედად ავტორმა სიღრმისეული ინტერვიუები ჩაატარა გამოჩენილ არქიტექტორთან (რომელიც საერთაშორისო არქიტექტურული პრემიის ლაურეატია), ღვაწლმოსილ პროფესორთან, გამოჩენილ მწერალთან და დიდი კორპორაციის მარკეტინგის დირექტორთან. ოლსონი, უდავოდ, ელოდა რომ მათგან მოისმენდა საინტერესო და ხალისიან ისტორიებს ნაყოფიერ სწავლებაზე, რომლის დროსაც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული სერიოზულობა და თავგადასავალი, სიამოვნება და შრომა, სურვილი და საქმისადმი ერთგულება… ამ ყველაფრის ნაცვლად, დოქტორი ოლსონი, მისთვის მოულოდნელად, რესპონდენტთა მიერ გადმოცემულ მკვეთრ და ხატოვან სასკოლო მოგონებებში, დაეჯახა ტკივილით, იმედგაცრუებითა და ზოგჯერ, ცინიზმით გაჯერებულ აჩრდილებს. იგი ელოდა ნათელს და შეეჯახა ბნელს. თან, ეს მონათხრობი არ გახლდათ ძველი, დიდი ხნის დავიწყებული და უკვე შეხორცებული ჭრილობების გახსენება! ძველი, სასკოლო ისტორიები რესპონდენტს ახსენებდნენ იმ ღრმა იარებს, რომლებიც ჯერ კიდევ იწვევდნენ ტკივილს.

თავისი პროექტის გაფართოებისას, ოლსონმა დაიწყო ინტერვიუების ჩატარება ყველა ასაკის ადამიანთან – დაწყებული სკოლის მოსწავლეებიდან დამთავრებული ბებია-ბაბუებით – რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფისა და განსხვავებული პროფესიული გამოცდილების ადამიანები იყვნენ.

დოქტორი ოლსონი გაოცებული იმ გულწრფელობითა და ემოციურობით, რომლითაც ადამიანები სკოლის წლების შემდეგ დარჩენილ ჭრილობებზე საუბრობდნენ. ის, ფაქტობრივად შეუდგა ახალ, უცნობ გზას, რომელიც საშუალებას იძლეოდა გაგვეცნობიერებინა, როგორ მოქმედებს სკოლა ადამიანის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. მსგავსი გამოცდილების რესპონდენტებს პირდაპირ უსვამდა კითხვას: როგორ იმოქმედა სკოლამ მათზე?

„საშუალო ბავშვი, რომელიც სკოლაში არ იღებს სპეციალურ ინსტრუქციას, ან სათანადო ყურადღებას, ალბათ, ჩვენი სკოლის სისტემაში ყველაზე ნაკლებად იდენტიფიცირებული, [სისტემის გულგრილობით] „დაჭრილი“ ბავშვია. ბევრი მოსწავლე, სკოლას იმ შეგრძნებით ტოვებს, რომ ის არ არის ჭკვიანი და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი განიცდის სირცხვილის გრძნობას, რაც ტკივილად და მწველ მოგონებებად რჩება მის გონებაში. ბევრს ეუფლება ბრაზი და რისხვა, მასწავლებლებისა და ხელისუფლების მიმართ. „სწორად“ მოქცევა და რისკის თავიდან აცილების გრძნობა, ბავშვს მარტივი დავალების შესრულებისკენ უბიძგებს, რაც დაბალი მოთხოვნებით დაკმაყოფილებას იწვევს…  განათლებისა და სწავლის ირგვლივ დაუმუშავებელი, ძლიერი გრძნობები მოსწავლეებში რჩება და ისინი ამ შეგრძნებებით შედიან ზრდასრულ სამყაროში. ეს ჭრილობები, ძირითადად არსად არ განიხილება და ყურადღების მიღმა რჩება სკოლის განვითარებისა და განათლების რეფორმის დისკურსში. მოსწავლეები კარგავენ ხალისს სწავლის მიმართ და ამ საკითხებთან შეხებისას თავს უხერხულად გრძნობენ. ისინი ადვილად კარგავენ მოტივაციას და მოკლებულნი არიან სწავლისგან მიღებულ სიამოვნებას“, – წერს წერს თავის მიმოხილვაში, ბლოგერი და მწერალი, დაგ უილიამ გრინი, კირსტენ ოლსონის წიგნის ერთ-ერთ მიმოხილვაში.

„თავის ახალ და პროვოკაციულ წიგნში, განათლების სფეროს მკვლევარი და კრიტიკოსი, კირსტენ ოლსონი ააშკარავებს იმ დამანგრეველ შედეგებს, რომლებიც თან ახლავს განათლების სფეროში გაბატონებულ ისეთ მიდგომებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კონფორმიზმს; თრგუნავს სტუდენტთა ინტერესებს და აქრობს განსხვავებებს მოსწავლეებს შორის. ის ასევე გვიზიარებს იმ მოსწავლეთა გამოცდილებებს, რომლებმაც შეძლეს ამ მტკივნეული განცდების დაძლევა. ოლსონი გვიჩვენებს, თუ რის გაკეთება შეუძლიათ მასწავლებლებს, მშობლებსა და სტუდენტებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ წონასწორობა და დარჩნენ საღი, – წერს თავის მიმოხილვაში დოქტორი ოლსონი წიგნის გამომცემელი, Teachers College Press (ნიუ იორკი, ნიუ იორკი, აშშ).

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

[1] Wounded by School: Recapturing the Joy in Learning and Standing Up to Old School Culture. იხ. ბმული: https://www.amazon.com/Wounded-School-Recapturing-Learning-Standing/dp/0807749559

„გუშინდელი“ ბავშვი „ის“ ბავშვი აღარ არის – მოზარდობა და მისი გამოწვევები

0

მოზარდობა – მტკივნეული, რთული და გამოწვევებით სავსე ეტაპია თავად მოზარდისთვის, ოჯახისთვის, სკოლისა და იმ სოციალური გარემოსთვის, რომელშიც მოზარდს უწევს ყოფნა. მოზარდის წინაშე ამ პერიოდში რთული გამოწვევები იჩენს თავს – მან უნდა გაიცნოს საკუთარი თავი, უნდა გაიცნოს სხვები და სხვებსაც უნდა გააცნოს სხვა „მე“, სხვა პიროვნება, ვიდრე აქამდე იყო და ვინც უნდა, რომ იყოს მომავალში – ახალი სურვილებით, ინტერესებითა და გატაცებებით სავსე ადამიანი.

ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი გზა ზრდასრულობის პასუხისმგებლობიან პერიოდამდე, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქიც და შეიძლება იყოს მოულოდნელობებით, სირთულეებით სავსე.

მოზარდი ამ პერიოდში იწყებს საკუთარი ადგილის ძებნას და ცდილობს, გააცნობიეროს თავისი როლი ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში. ამ დროს მისი მთავარი ინტერესია, იმ გარემოში, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია – იპოვოს „მთავარი პერსონაჟის“ ადგილი, რომელსაც აღიარებენ, მოუსმენენ და მის სიტყვას ანგარიშს გაუწევენ.

ერთ საღამოს, როდესაც სამუშაო შეხვედრიდან სახლში დავბრუნდი, ჩემმა 12 წლის შვილმა ასეთი კითხვა დამისვა – „ვინ იყო შეხვედრის მთავარი პერსონაჟი?“ – ამ კითხვას ახლდა მოზარდული ირონიაც და გულწრფელი ინტერესიც ადამიანური ურთიერთობების შესახებ. ამ კითხვამ დამაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, იყვნენ აღიარებული, იყვნენ დაფასებული, პატივს სცემდნენ მათ შეხედულებებს და ინტერესით უსმენდნენ მათ აზრებს.

მოზარდობის პერიოდში, როდესაც ბავშვი პატარა აღარაა, ის აქტიურად ეძებს უნიკალურ ნიშას, მისთვის შესაფერის ადგილს, ერთგვარ პლატფორმას, სადაც საკუთარი უნარების, ცოდნის, გამოცდილებებისა და მისწრაფებების აქტუალიზებას შეძლებს. მას ახლა მნიშვნელოვანი გზები აქვს გასასვლელი – საცალფეხო გზები, ე.წ. ბეწვის ხიდები – ზრდასრულობამდე. მოზარდობის გზა ცოტათი ჰგავს იმ ბეწვის ხიდებს, რომლებზე სიარულისას საჭიროა წონასწორობის შენარჩუნება, შიშების გადალახვა, თავის გამხნევება, ყურადღების კონცენტრაცია, თავდაჯერების მოპოვება და მოქნილობა.

ბეწვის ხიდზე სიარულისას მოზარდს სჭირდება „დამჭერი“, ერთგვარი ყავარჯენი ისეთი ადამიანის სახით, რომელიც მას უპირობო სიყვარულს, მიმღებლობასა და სითბოს აჩვენებს; რომელშიც ბოლომდე იქნება დარწმუნებული, რომ შეცდომების მიუხედავად, არასდროს მიატოვებს, მასთან ერთად ეცდება პრობლემების გადალახვას და არ დადგამს „დრამას“. როგორც ვხვდები მოზარდები ყველაზე ცუდ გამოცდილებას, ყველაზე ცუდ გაკვეთილს, სწორედ მშობლების მიერ „დრამის დადგმის“ დროს იღებენ და გულგრილად ისხლეტენ მათ გადაჭარბებულ ემოციურ რეაქციებს.

მოზარდს გვერდით სჭირდება ყურადღებიანი, ჩართული, მოსიყვარულე, სანდო ზრდასრული, რომელიც ამ ბეწვის ხიდზე უშიშრად გაჰყვება, იქნება მისი შემწე, უშიშრად გაატარებს განსაცდელებს, გადაიყვანს სამშვიდობოს და ყველა მის უნარს, ნიჭსა და გამოცდილებას წარმართავს სწორი მიმართულებით. მოზარდობის ბეწვის ხიდზე სიარული მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდაა მშობლისთვისაც და მოზარდისთვისაც და ორივე მათგანისთვის თანაბრად საპასუხისმგებლო ცხოვრებისეული მარშრუტია.

ეს პერიოდი განსაკუთრებით უნდა გვაფიქრებდეს არა მარტო მშობლებს, ასევე დამაფიქრებელი უნდა იყოს პედაგოგებისთვის, დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი. საკლასო გარემოში, ისევე როგორც ოჯახში, ხშირია შეცდომები, ზოგჯერ ეს შეცდომები შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ძალიან დიდი ბზარი გააჩინოს ურთიერთობებში, პიროვნებაში და მოზარდის მომავალიც კი განსაზღვროს.

მოზარდები განსაკუთრებით მწვავედ და კრიტიკულად აღიქვამენ ამ დროს თითოეულ უხეშ სიტყვას, თითოეულ „გადაკრულ“ ფრაზას, უადგილო ირონიას, რომელიც საშინლად შეურაცხმყოფელია მათთვის და ანგრევს მათ თვითშეფასებას.

მშობლებსაც და მასწავლებლებსაც, გვჭირდება განსაკუთრებული საკომუნიკაციო ენის შესწავლა, რომელსაც გულწრფელი სიყვარულის ენა ჰქვია, რომელიც გულისხმობს ლმობიერებასაც, რაციონალურ კრიტიკასაც, საყვედურსაც, თანამგრძნობ დამოკიდებულებსაც, მაგრამ არა შეურაცხყოფას, დამცირებასა და თანატოლთა წინაშე შერცხვენას.

რა თქმა უნდა, მოზარდსაც აქვს პასუხისმგებლობები, მასაც ევალება, იყოს თანამგრძნობი, იყოს რაციონალური, იყოს მომთმენი, იყოს ლმობიერი და გამოირჩეოდეს მისაღები ქცევით, თუმცა ამის მაგალითი ჯერ ზრდასრულებმა უნდა მივცეთ მას.

 

ზემელი

0

„ქუჩაზე დადიან ტრამვაები, ავტობუსები და ხალხი. ჩვენც მივდივართ. მერე ვჩერდებით. რატო ვჩერდებით, არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ აქ საათია, რომლის პირდაპირაც, რუსთაველის გამზირისა და ბარნოვის ქუჩის კუთხეში რომ წყლებია, ის არის. ამ ადგილს ზემელი ჰქვია. აქ ვჩერდებით ყოველთვის. აქ გავჩერდით ახლაც“ – ეს ფრაგმენტი გურამ რჩეულიშვილის ნოველიდანაა. ნოველას ჰქვია „საშინლად იკბინება მზე“. გურამს თბილისი ძალიან უყვარდა და, რაც მთავარია, კარგად იცნობდა მას. გურამს ეს კონკრეტული ადგილიც უყვარდა – ზემელი, ამიტომ ხშირად ჩერდებოდა იქ, ცხოვრებაშიც და მოთხრობებშიც.

ზემელი – ეს სახელი დღემდე შემორჩა თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მეტრო რუსთაველის მიმდებარე უბანს. დღემდე შეგხვდებათ ვინმე, ვინც გეტყვით – ზემელზე შევხვდეთო. ძველებმა იციან, ახალმა თაობამ ალბათ არა, თუ რატომ ჰქვია ამ უბანს ზემელი.

ყველაფერი მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. 1881 წელს თბილისში გერმანელი აფთიაქარი, ევგენი ზემელი ჩამოვიდა და დასახლდა. მისი ნამდვილი სახელი იულიუს იოალან იუგენი იყო. მისი უძველესი გვარი ისტორიულ წყაროებში მე-13 საუკუნიდან მოიხსენიება. ზემელი 1858 წელს ლატვიაში დაიბადა, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადასახლდა და სახელი ევგენიც მაშინ მიიღო. თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი, ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვით, დღევანდელი პირველი რესპუბლიკისა და კოსტავას ქუჩის კუთხეში, აფთიაქი გახსნა.

იმ დროს, სააფთიაქო ბიზნესში, გერმანელების გარდა, მრავლად იყვნენ სომხები და რუსებიც. მოგვიანებით, ეს საქმე ქართველებმაც იტვირთეს. ევგენი ზემელი ცნობილი ჰომეოპათიც იყო და თავისი აფთიაქის პოპულარიზაციაზე თავადაც ზრუნავდა. თბილისში დიდხანს დადიოდა ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ „დაუკვეთა“ მან ტრამვაის ვატმანებს, მის აფთიაქთან მიახლოებისას ხმამაღლა დაეყვირათ: „ზემელის აფთიაქი!“.

უხვი გასამრჯელოს ფასად, ალბათ ვატმანებიც სიამოვნებით შეასრულებდნენ ამ შეკვეთას. თუმცა, ბევრი იმასაც მიიჩნევს, რომ ეს ამბავი გაზვიადებულია. მაშინ წესად იყო, კონკისა და შემდეგ ტრამვაის ვატმანებს ყოველ გაჩერებაზე უნდა დაეძახებინათ იმ ადგილის სახელი, სადაც ჩერდებოდნენ. ერთ-ერთი გაჩერება ზემელის აფთიაქის წინ იყო და, ბუნებრივია, ზემელის აფთიაქის სახელი ისედაც ცხადდებოდაო, გეტყვიან.

ევგენი ზემელს სამი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მამის საქმე გააგრძელა. ისინი პირველი გილდიის ვაჭრები იყვნენ. ვორონცოვზე წამლის საწყობი ჰქონდათ, სადაც მინერალურ წყალსაც ყიდდნენ. უზნაძეზე ფლობდნენ სახლს, სადაც ბინებს აქირავებდნენ. შემოსავლიანი სახლი იმ დროს ბევრ ვაჭარს ჰქონდა, მათ შორის სარაჯიშვილსაც და ზუბალაშვილებსაც.

პირველი გილდიის ვაჭრები იმდროინდელ საზოგადოებაში დიდი გავლენით სარგებლობდნენ. დაახლოებით ოცნი იყვნენ. მათ შორის იერარქიაც დაცული იყო. ისინი ყოველ წელს იკრიბებოდნენ და იღებდნენ საერთო ფოტოს, სადაც ეს იერარქია ყველაზე მკაფიოდ ჩანდა – პირველ რიგებს აუცილებლად პირველი გილდიის ვაჭრები იკავებდნენ, უკან კი მეორე გილდიის ვაჭრები განლაგდებოდნენ ხოლმე. ფოტოებში დავით სარაჯიშვილთან ერთად, პირველი გილდიის ვაჭართა შორის ზემელსაც იხილავთ.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზეზით, აფთიაქი დაანგრიეს. თუმცა თბილისის მეხსიერებაში დღემდე შემორჩა უძველესი უბნის სახელი – ზემელი, როგორც თანაქალაქელების პატივისცემა და მადლიერება წარმატებული აფთიაქარის მიმართ.

 

 

წიგნი მშობლებისთვის და მოზარდებისთვის

0

ახალგაზრდა ვ-ს ახალი ვნებები

(წერილი მოზარდებზე ულრიხ პლენცდორფის წიგნის მიხედვით)

 ეს წიგნი მშობლებისთვისაცაა და მოზარდებისთვისაც.

კლასიკის მოყვარულებისთვისაც და პოსტმოდერნისტული ტექსტების მკითხველებისთვისაც.

აქ შეხვდებით გოეთეს ვერთერის აჩრდილს, სელინჯერის კოლფილდს, დეფოს რობინზონს.

ასე უცნაურად აერთიანებს პოლარულად განსხვავებულებს (მშობლებსა და შვილებს) და დრო-სივრცითა და რეალობებით (მხატვრულით) დაშორებულებს.

 

ტექსტი კოლაჟივია – შიგნით „ჩაწებებულია“ ცნობები, ინტერვიუები, მოგონებები, ციტატები გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებებიდან“ და რაც ყველაზე მთავარია:

 აქ ისმის მოზარდის ხმა.

ისმის ხმამაღლა, აღტაცების მომგვრელი უტიფრობით, თავხედურად. მოზარდი გვესაუბრება მისთვის ჩვეული ჟარგონებითა და ფრაზებით, ცინიკურად, ყველაფრის უარყოფის ჟინით შეპყრობილი.

საკუთარ თავში დაურწმუნებლობას, აუღიარებელი გენიოსის ტკივილს, უგულებელყოფილი სიყვარულის დარდსა და წუხილს ცინიზმის ყოვლისწამლეკი ტალღა ფარავს.

მაგრამ ამის მიღმა, ამ საფარველის ქვეშ, მთელი ეს გადმონთხეული ნაკადი რომ ჩაიწრიტება, რჩება ზღვის ფერადი კენჭებივით სუფთა და ძვირფასი რამეები:

მოყვარული გული,

ამბოხებული შინაგანი მე,

სილამაზის, მშვენიერების, ხელოვნების დამფასებელი, რომელსაც რომ დასცლოდა, ახალ სამყაროს შექმნიდა ან არსებულს შეცვლიდა უკეთესობისკენ.

 

რა ცოდვა და მადლი ტრიალებს მოზარდის სულსა და გულში და როგორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მშობლები მოეშვან ყოვლისმცოდნე დემიურგების როლის თამაშს – ამაზეცაა ეს წიგნი.

 

კონტროლი ენურეზამდე

„მგონი, ჯერ არ მითქვამს, ცაცია რომ ვიყავი. ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც დედიკო ვიბაუმ ვერა და ვერ გადამაჩვია. რას არ ჩალიჩობდა, რომ გადავჩვეოდი და მე იდიოტიც, ხო აზრზე ხართ, ყველაფერს ვასრულებდი. მანამდე ვიჩალიჩეთ ორივემ, სანამ ბლუკუნი და ლოგინში ჩასველება არ დავიწყე. მაშინ კი თქვეს ექიმებმა, კმარაო, ნება დამრთეს, ისევ მარცხენით მეწერა. ბლუკუნსაც მოვრჩი და ლოგინიც გამიშრა“…

მშობლებს ისე სჭირდებათ „იდეალური“ შვილები, რომ ზოგჯერ მათი „შეკეთებისა“ და ნორმა-სტანდარტებთან მისადაგებისას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს უგულებელყოფენ – ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. შეზღუდვა, მუდმივი კონტროლი, სრულყოფილებისკენ სწრაფვა, შეცდომების უპატიებლობა, უამრავ წრესა და კლუბში გაწევრიანება ისე, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ რჩებოდეთ – ეს „სიკეთეები“ მცირე ჩამონათვალია ამ გზაზე. ედგარ ვიბოს დედა ქალაქში ცნობილი ქალი გახლდათ, მისი შვილი იდეალური, სანიმუშო, თითით საჩვენებელი უნდა ყოფილიყო. ამ წნეხს ბიჭი უძლებდა მანამ, სანამ გაუსაძლისი არ გახდა.

„ისე ნუ გამიგებთ, თითქოს კაუჭზე ჩამოვეკიდებოდი და ეგეთები, ეგ არა, მაგრამ მიტენბერგში კი მართლა აღარასდროს დავბრუნდებოდი. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ დარტყმებს ვერ ვუძლებდი, უბრალოდ, მარცხის მონელება არ შემეძლო. მე იდიოტს მინდოდა, მუდამ გამარჯვებული ვყოფილიყავი…“.

 

თანამედროვე სამყაროში უნართაგან უმნიშვნელოვანესი მარცხთან გამკლავება, შეცდომების გზით სწავლა, აღმოჩენებით შემეცნების უნარია. სრულყოფილი და საუკეთესო შედეგების ან წარმატებების მოთხოვნა ჩიხისკენ მიმავალი გზაა. საერთოდ, შევყოვნდეთ და დავაკვირდეთ, რამდენად ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს ამ „წარმატებებს“ და რა გავეშებით ვთხოვთ ბავშვებს, მოსწავლეებს „წარმატებებს“. ამ რბოლაში პროცესით სიამოვნების მიღების, შეცდომებზე დაკვირვებისა და აღმოჩენების ადგილი სადღაა?

 

პლენცდორფის გმირს „აცოფებს“, რომ უფროსები მხოლოდ წარმატებულებსა და დაწინაურებულებს, წარჩინებულებსა და მუყაითებს სწყალობენ.

„ერთი რამ მაცოფებდა: თუ დაინახეს, კაცს გრძელი თმა აქვს, შარვალი გატკიცინებული არ აცვია, ხუთ საათზე არ დგება, მაშინვე ონკანს არ ეცემა, ცივი წყლით ტანს არ დაიბანს და აქედანვე არ იცის, ორმოცდაათი წლისას ხელფასი რამდენი ექნება, მაწანწალას თუ არა, უსაქმურს ხომ ნაღდად შეარქმევენ“…

 

ამიტომაა, თავად მხოლოდ ჯინსებს „აღმერთებს“, ხელობად ხან მხატვრობას ირჩევს, ხან მშენებლობას, ხან გამომგონებლობა სურს და ხანაც არაფერი.

 

წიგნის ყურადღებით წაკითხვა მშობლებს ბევრი მიზეზის გამო უღირთ და ერთი მიზეზი ესეცაა – შესანიშნავად შეიძლება ყველა წითელი ხაზის, აკრძალული მშობლური ილეთისა და დაუშვებელი მეთოდების აღრიცხვა და ამოგდება საკუთარი არსენალიდან. მამის განზე დგომა და არარსებობა შვილის ცხოვრებაში, დედის დაუოკებელი სურვილი, „გააუმჯობესოს“ და სრულყოს მოზარდი, აქციოს ის საამაყო ობიექტად, მისი წარმატების საზომად იწვევს იმ ქარაშოტს, კორიანტელს, ფორიაქსა და სიმძიმეს, რაც ახალგაზრდა ვ-ს ვნებებადაა მონათლული.

უფროსები თავდადებით, ხმალამოღებული, მძვინვარედ ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, რომლებიც, რა თქმა უნდა, გველახება ყოველთვის, როცა არ გვიჯერებენ, ხელს გვიშლიან, ცუდად იქცევიან, ჩვენს მაღალ მოლოდინებს არ ამართლებენ. ამიტომ ვეძებთ და ვპოულობთ ეფექტიან მეთოდებს უზადო დისციპლინის დასამყარებლად. კონტროლი და სასჯელი (ძალაუფლების გამოყენება) ყველაზე სწრაფი და შედეგიანია, მაგრამ სანიმუშო მოზარდები ამის საფასურს ან საკუთარი „მეს“ დაკარგვით ზღავენ, ან ჯანსაღი ფსიქოემოციური მდგომარეობის დათმობით.

მერე კიდევ – კონტროლი ყოვლისმომცველი ვერ იქნება და არც ჩვენ ვართ ღმერთივით ყველგან მსუფევი. კონტროლს მიღმა გაღწეული მოზარდი რას ჩაიდენს ან პირიქით, არ ჩაიდენს – დიდი საიდუმლოა. საშიში და ამოუცნობი.

 

„უცბად დამარტყა თავში, ახლა რის ხოშიც მექნება, ის შემეძლო მეკეთებინა. ჭამის წინ ხელებსაც არ დავიბანდი, თუ ხოში არ მექნებოდა… მთელი ბარგი-ბარხანა მივყარე ოთახში. ნასკები მაგიდაზე დავყარე. ეს იყო ყველზე მაგარი…“, – ამბობს კონტროლისგან სრულიად გათავისუფლებული გმირი და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას ისე, როგორც შეუძლია. მანამ, სანამ კატასტროფამდე არ მივა. მანამ, სანამ სასიკვდილო დარტყმამდე არ მიიყვანს საკუთარ თავს.

 

რა ჭრის და მუშაობს ფეთქებადსაშიში ასაკის ადამიანთან ურთიერთობისას? (სწორედ ასეთია ადამიანი გარდატეხის ასაკში)

აი, ეს:

მოზარდის „შემჩნევა!“, მისი დაფასება, იმით დაინტერესება, რაც მას აინტერესებს, მისი მოსმენა, მასთან მოლაპარაკების ხელოვნების დაუფლება, საკუთარი თავისთვის მრავალგზის და მუდამ შეხსენება სასარგებლო შეძახილის:

„ნუ გაუჭირვე საქმე! თვითონ მიხედავს!“.

უმეტესწილად, მოზარდები მართლაც თავად მიხედავენ მშვენივრად თავიანთ ცხოვრებას.

უფროსებისგან კი მხუთავი სიყვარულისა და საყოველთაო კონტროლის ნაცვლად უპირობო მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდებათ.

 

მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში

0

ჩემი მასწავლებლობის ისტორიაში ძალიან საინტერესო გამოწვევა და შემოთავაზება მივიღე, რომელიც სტუდენტებთან მუშაობას ეხებოდა. სტუდენტებისთვის უნდა გამეზიარებინა, მეჩვენებინა და მესწავლებინა ჩემი პრაქტიკული გამოცდილება. მოსწავლეებთან მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა სტუდენტებთან მუშაობა არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. მქონდა ბედნიერება მოწვეულ ლექტორად მეთანამშრომლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან და მომავალი წლიდან მასწავლებლის სტატუსით წარდგებიან სასკოლო საზოგადოებაში. მათთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. გაკვეთილის დამოუკიდებლად ჩატარების ეტაპზე ერთ-ერთი გამორჩეული დღე დამამახსოვრდა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ.

სტუდენტებმა დაგეგმეს გაკვეთილი თემაზე – „მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში“.

მიზანი:

  • მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს და შეისწავლიან მათ ღირსშესანიშნაობებს, დამახასიათებელ კულტურულ ძეგლებს, ტრადიციებს.
  • მოსწავლეები განივითარებენ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება…

თავდაპირველად კლასი გაიყო სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფს შემთხვევითობის პრინციპით დაურიგდა ბარათები კუთხეების მიხედვით: კახეთი, აჭარა, სვანეთი. ბარათზე მოცემული იყო მცირე ინფორმაცია თითოეულ კუთხეზე. მასალა შეიცავდა შემდეგს:

  • ტრადიციები: დღესასწაულები;
  • კულინარია: ყველაზე ცნობილი კერძები;
  • ტანსაცმელი: ტრადიციული სამოსი;
  • ღირსშესანიშნაობები: ცნობილი ადგილები;
  • ცნობილი გმირები: ისტორიული ფიგურები.

ჯგუფებმა წაიკითხეს ბარათზე მოცემული ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით შექმნეს თემატური მაკეტები. ჯგუფიდან ერთი ბავშვი „ტურის გიდი“ იყო. მან კლასს გააცნო შექმნილი მაკეტის შინაარსი. მუშაობის პროცესში მოხდა ცოდნის ტრანსფერი, კეთებით სწავლება, რამაც ხელი შეუწყო ახალი მასალის განმტკიცებას.

პრეზენტაციის ნაწილი ძალიან საინტერესო იყო: ჯგუფიდან ერთი მოსწავლე იყო გიდი, რომელიც „დამთვალიერებლებს“ – ამ შემთხვევაში თანაკლასელებს – უყვებოდა კუთხის საინტერესო ფაქტების, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. სტუდენტებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული საჭირო ატრიბუტები: ფოტოაპარატი, გიდის საკიდი, ტურისტის ქუდი, რომელიც მათ მიერ იყო დამზადებული.

თითოეული ჯგუფი ამბობდა: „გამარჯობა! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება (ამა და ამ კუთხეში)! მე ვარ თქვენი გიდი (სახელი) და იწყებდა მაკეტის აღწერას, სადაც გამოყენებული ჰქონდა შემდეგი:

ტრადიციების აღწერა:
„აქ ადამიანები ხშირად ზეიმობენ (დღესასწაულს) და ამ დღეს აკეთებენ…“.

საჭმლის შემოთავაზება:
„ჩვენი მოგზაურობის დროს შეგიძლიათ დააგემოვნოთ (კერძი), რომელიც მომზადებულია…“.

ღირსშესანიშნაობები:
„ახლა ჩვენ ვხედავთ (ღირსშესანიშნაობას), რომელიც ცნობილია თავისი…“.

თითოეულ „ტურის ბოლოს“ გიდს თანაკლასელები შეკითხვებს უსვამენ.

აღნიშნულმა გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა განსხვავებულად გადასცეს ერთმანეთს ახალი ინფორმაცია. განუვითარდათ გუნდური მუშაობის ჩვევა. შემოქმედებითაც წარმოადგინეს გაკვეთილის თემა. რაც შეეხება მომავალ მასწავლებლებს, ეს გაკვეთილი ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო, რადგან მათაც გაიარეს პრაქტიკული გამოცდილება და უკეთ გაიგეს, როგორ შეიძლება დაეხმარონ მოსწავლეებს, აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში.

მარტის ფიქრები #1

0

ბავშვობისას, ძილის წინ, საწოლის ქვეშ სამჯერ შეგიხედავთ? ხოლმე კი არა – სულ, დღეარგამოშვებით. ფილებს თუ წააწყდებოდით, თითო ფილა გამოტოვებით მოგიმართავთ ნაბიჯები? ყოველი მეათე ფურცლის წაკითხვისას წიგნზე წკიპურტი დაგირტყამთ? მე – კი. სხვანაირად არ შემეძლო. სხვანაირად მეგონა დედამიწა გაჩერდებოდა. ობსესიურობა იყო ჩემი ნიშანი, განაწესიც, რწმენაც და ზოდიაქოც.

მერე სახლიდან რომ გადიხარ და ყველაფერს ამოწმებ და საკუთარ მეხსიერებას კვებავ სამომავლო სიმშვიდისთვის ხმამაღალი გამეორებით – „დაკეტილია!“ „გამორთულია!“. ეგ თუ არა, შეიძლება ასი კილომეტრიდან მოგაბრუნოს უკან გადამოწმების დაუნდობელმა მაგნიტმა.

ყველაფერი საკუთარ ადგილზეა!

წესრიგი და დალაგება არის ობსესიური ადამიანის ერთი სასჯელთაგანი. რადგან წესრიგი, საკუთარი არსით, უდრის სივრცის კონტროლით გამოწვეულ სიმშვიდეს და თუ უწესრიგობაა, უწესრიგობა უნდა იყოს სრული, როგორც თავისებური წესრიგი.

ქაოსის შიში არქაული შიშია ადამიანის – რაც ანტიკურ მითებშიც იოლად სჩანს და გილგამეშიანშიც – აბანოს ეპიზოდისას; გახსოვთ, ალბათ, კანონთა დაფის გატაცება და სამყაროს არევა. ამიტომაც, თავს დავდებ – კონსტიტუცია ობსესიური ადამიანის შექმნილია და ობსესიურებივე ცვლიან, როგორც ერთმანეთისგან დაცვის და მანძილის შენარჩუნების იძულებას. მაგვარი წესრიგის მიზანიც სიმშვიდეა. და საერთოდ, ადამიანის მთავარი ლტოლვაც ხომ ეგ არის – ყველაზე დიდი ფათერაკების მაძიებლისაც კი, რადგან სიმშვიდე სხვადასხვაობს თავისი ფორმით – ერთს მღელვარე ზღვის ცქერა აწყნარებს, მეორეს – პირიქით.

ბებია ამბობდა ხოლმე – „მოვკვდები და დავისვენებ!“. რადგან სიკვდილი, თავის მხრივ, არის საყოველთაო წესრიგს შეერთება და ადამიანთაგან სრული დაცულობის უტყუარი საბუთი.

სათავგადასავლო რომანებში, კაპიტანი რომ გემბანზე გამოდიოდა და ბოცმანს შესძახებდა: „ჯო! ყველაფერი წესრიგშია?!“. იყო პასუხი: „დიახ, სერ! წესრიგშია! ცაზე ღრუბლის ნატამალიც არ ჩანს!“.

დიახ, თუ ნატამალია, უკვე გაღელვებთ. ნატამალიც არ უნდა იყოს.

მაგრამ ვინ გადაამოწმებს, იმას, რაც თვითონ არის გადამოწმებისას მთავარი ძალა და ყავარჯენი? ფიქრს ვინ დაარწმუნებს? ჯიუტს და მოუხელთებელს? ფიქრს ვინ დააჯერებს, ფიქრი არ იყოს?

შენ მიილტვი ტანჯვისკენ და რახან მიილტვი, სიმშვიდე გსურს და თანაც გაუსაძლისია შენთვის. ამიტომაც უსხლტები და ყოველ ჯერზე ართულებ ამოცანას, ეძებ ჩიხებს, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია. „დამაბრალებენ!“, „შემემთხვევა!“, „მომიწყობენ!“, „მოხდება რაღაცნაირად და!“.

აუცილებლად გამოიგონებ ფიქრს და შიშს, რომელიც ადამიანთა მიერ დადგენილ წესთა საზღვრებს ცდება. სულ ერთია, ეს საზღვარი გუშინ გაავლეს თუ ათასი წლის წინ, თუ ახლაც საზღვრად მიიჩნევა. და ამონაგონი გტანჯავს – იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება მომხდარს დაეტანჯე.

თუ ვინმეა წმინდანი – შენ ხარ. რადგან გაფიქრებაც კი ისე გაშინებს, ჩადენას ვერასდროს მიუახლოვდები.

ასე უცოდველი გაურბი დასჯის შიშს – კაცთაგან თუ სინდისისგან? ციხისგან თუ სირცხვილისგან? ეგ სულერთია.

მძიმეა ობსესიური ტვინის ტვირთი, ხან ისე მძიმე, შეიძლება სადღაც ჩაიმუხლო კიდეც და ვეღარ წამოდგე. თუმცა ეგეც არის, რომ სადღაც, გულის კუნჭულში, ამ სიმძიმით ამაყობ და ამბობ – ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანი არის დარდი იმაზე, რაზე დარდიც საჭირო არ არის. ჰოდა, მაშინ შეიძლება ობსესიურად დარჩენა სჯობდეს.

ვინ იცის ეგ? ყველამ და არავინ.

///

ერთხელ, ღრმა ბავშვობისას, შუაღამე იქნებოდა, ავიკვიატე, რომ სათხილეში, ბოლო ხისთვის ხელი უნდა მიმედო და უკან დავბრუნებულიყავი. ძალიან მეშინოდა, მაგრამ უფრო ჩათქმის არაღასრულების, ვიდრე უმთვარეო ცის და ავსულების. წამოვდექი, ჩუმად ჩავიპარე და წავედი. მივრბოდი – თან კანკალით და თან სიხარულით. მივადე ხელი, გამოვიქეცი და ამოვისუნთქე. დავწექი და საკუთარი თავისგან დაცულის სიმშვიდით დავიძინე. ეგ არის ყველაზე დიდი სიმშვიდე სიმშვიდეთაგან – უბრალოდ, მერე იზრდები და სხვა ადამიანები გებრძვიან და შენს თავსაც უფრო დიდი ძალით აქეზებენ შენივე წინააღმდეგ.

რა არის ის შიშები, ტკივილები, განცდები, დათქმები, აკრძალვები რაც საუკუნეების მიღმიდან წინაპრებმა გვიმემკვიდრევეს? რისგან თავის დაცვას ვცდილობთ ჩვენ, პატარა ბავშვები, ერთი შეხედვით უმიზეზო სიხარულებითა და წუხილებით. არავინ იცის. თუ იციან, სხვადასხვაგვარია ეს ცოდნა და უფრო ჰგონიათ, რომ იციან, ვიდრე იციან.

ხოლო შიშთაგან მთავარი ამბავი ფიქრის შიში მგონია და ფიქრის შიშთაგან აკრძალულზე ფიქრის შიში ყველაზე საშინელი და სასტიკი ფიქრია, ვფიქრობ. გამოცდილებები, რომლებიც რელიგიამ და მითოლოგიამ დაგვახვედრა ობსესიურ ადამიანებს, კარგს არაფერს გვიქადის – ადამი და ევა სწორედ აკრძალული ვაშლის გამო გამოაძევეს, ზღაპრებში კიდევ იმ ოთახის კარის შეღება, რომელზეც მიგვითითეს რომ არ შეგვეღო – უბედურებათა და სირთულეთა ლაშქარს მოგვისევს ხოლმე.

„ვაშინერს“ – იტყვიან მეგრელები ამაზე. „ვამკანონა“ – პასუხობენ თვითონვე საკუთარ შფოთვას.

ტაბუმ შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის და ტაბუვე ანადგურებს.

ბევრი წამიკითხავს ობსესიების წარმოშობაზე – ცხადია, რომ ზუსტი ვერცერთი. ან კი – როგორ უნდა იყოს ზუსტი ბუნდოვან, უშორეს წარსულზე მკითხაობა. როგორ მივაგნებთ ათიათასწლეულების ჯურღმულში წამს, სადაც ადამიანი და შიში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. და მერე ადამიანმა ისწავლა ლოცვა და შელოცვა – როგორც თილისმა ანაც მცდელობა ფიქრისგან დაცვის –

რადგან პირველად იყო სიტყვა, სიტყვები კი შობენ შიშებს. სიტყვები ახანგრძლივებენ მათ და სიტყვები ამსუბუქებენ. უსიტყვო ფიქრი იოლია, რადგან უსიტყვო მეხსიერება მოიკოჭლებს, სიტყვაა მისი ყავარჯენი. ხსოვნის საშენიც სიტყვაა. ტკივილებს კიდევ ხსოვნა კვებავს – სხვა არაფერი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...