შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

„ვინ“ იმალება E-ს უკან? (ჩანაწერები საკვები დანამატების შესახებ)

0

სადმე სუპერმარკეტში კალათასთან ჩამოყრდნობილ და პროდუქტების ეტიკეტების მკითხველ ქალბატონს თუ მოჰკარით თვალი, დიდი ალბათობით მე ვარ. შერჩევის პროცესს დიდ დროს ვანდომებ. ამიტომ საყიდლებზე წასვლა, ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეზარება.

არა, არც მთლად ასე ფრთხილი ვარ და ზოგჯერ „ნაგავს“ სრულიად შეგნებულად გეახლებით. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში ვენეციაში პროექტის ფარგლებში ვიყავი. ჩვენი ჯგუფი ხუთ მონაწილეს ითვლიდა. ისე დავგეგმეთ, რომ ორი დღე სრულად თავისუფალი გვქონოდა. ერთი – შეხვედრის დასაწყისში, მეორე კი – ბოლოში. ჰოდა, იმ პირველივე დღეს, მთელი დღის ფეხით ნასიარულები, სასტუმროს წინ, წყლის ნაპირას ჩამოვსხედით და ვახშმამდე რაღაც ადგილობრივი კოქტეილის წრუპვა დავიწყეთ. მერე ერთი ჩვენიანი გაიქცა (არავის უთხოვია, თავისით) და იქვე სუპერმარკეტიდან ყველას სათითაოდ ჩიფსი მოგვიტანა. ამითაც შევიქციოთ თავი და ჩვენი დაჯავშნილი ვახშმის დროც მოვაო.

და რას ფიქრობთ, რა გავაკეთე? ის ერთი შეკვრა ჩიფსი სრულიად შეგნებულად მივირთვი… უბრალოდ, როდესაც ასეთ ჯგუფურ სიტუაციაში ხვდები და უმრავლესობას „არაჯანსაღი“ პროდუქტის ჭამა სურს, თან მთელი გულით გეპატიჟებიან, უხერხულია „შეხტე“ რომელიმე ამაღლებულ ადგილას და მინი-ლექცია წაუკითხო, რა ცუდია არაჯანსაღი კვება. ამას სჯობს, ყველასთან ერთად შენც გემრიელად მიირთვა. ოღონდ, ნახეთ, ეს ამბავი 2022 წელს იყო. ახლა 2024 წელია და მას შემდეგ მე ჩიფსს აღარ გავკარებივარ. რის თქმა მსურს, მიხვდით ალბათ. ძალიან იშვიათად, ორგანიზმი როგორმე „ნაგავსაც“ გადაიტანს.

თუმცა, მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ. დღეს პროდუქტების უმეტესობას ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს და ეს კონსერვანტების წყალობით ხდება. ამ მიზნით უამრავი ქიმიური ნივთიერება ემატება საკვებს და ეტიკეტზე E სიმბოლოთი გამოისახება, რომელსაც ნომერი-კოდი მოსდევს.

E100-109-მდე საკვების ყვითელი საღებავია; E110-119-მდე – საკვების ნარინჯისფერი საღებავი; E120-129 – წითელი;E130-139 – ლურჯი და იისფერი; E140-149 მწვანეა, E150-159-ყავისფერი და შავია; E160-199 კი ყველა სხვა დარჩენილ ფერს მოიცავს.

გამოდის, რომ ერთი და იმავე ფერის მისაღებად სხვადასხვა ნივთიერების გამოყენებაა შესაძლებელი. მაგ. E100 ბუნებრივი საღებავია და კურკუმინი ეწოდება. მას კურკუმის ფესვიდან იღებენ.

ავიღოთ სუპერმარკეტში ნაყიდი კურკუმას ფხვნილი და დავასხათ სპირტი. დაყოვნებისა და მორევის შედეგად საღებავი გამხსნელში გადაინაცვლებს. გავფილტროთ, სითხე გავაცხელოთ და დაველოდოთ სპირტის აორთქლებას. შედეგად დაგვრჩება სწორედ ის საღებავი, რომელსაც E100 შეიცავს და რომლის მეშვეობითაც ყვითელ შეფერილობას აძლევენ ყველეულს, ნაყინს, ტორტებს, კანფეტებს. სუფთა სახით კურკუმინი აფთიაქებში იყიდება, ის ძალიან სასარგებლო ანტიოქსიდანტია და მეც წლებია, მისი მომხმარებელი ვარ.

სხვათა შორის, ასევე აფთიაქში იპოვით შემდეგ საღებავს – E101-რიბოფლავინს, იმავე B2 ვიტამინს. ჩვენს ორგანიზმს ის ძირითადად ერითროციტების სინთეზისთვის ესაჭიროება. ის ფლავინდამოკიდებული ფერმენტების კოფერმენტების შემადგენლობაშიც შედის. გვხვდება კვერცხში, ხაჭოში, ღვიძლში. ამ პროდუქტებს თავად ბუნებამ დაუმატა. სპეციალურად კი ამატებენ კარაქს, საბავშვო კვებას.

ავიღოთ ამპულა ვიტამინ B2-ით, გავხსნათ წყალში. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როგორ შეიფერება წყალი მომწვანო-მოყვითალოდ. თუ ულტრაიისფერ სინათლეს დავასხივებთ, მკვეთრი ყვითელი უფრო ნათლად გამოჩნდება.

თუმცა… E101-ს დანამატად იშვიათად იყენებენ, ძვირი ჯდება. უფრო ხშირად E102-ს შევხვდებით. ეს სინთეზური საღებავი ტარტრაზინია. ყვითელი ფერის გაზიანი სასმელები, ჟელე, მდოგვი, ნაყინი, იოგურტი, კონფეტები და კრემიანი ნამცხვრები, სწრაფი მომზადების პიურე, დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული-ყველაფერი ძირითადად ტარტრაზინს შეიცავს.

არადა, ბავშვებში ჰიპერაქტიურობას იწვევს… მაგრამ იაფია.

არადა, ასთმისა და ალერგიის მიზეზადაც შეიძლება იქცეს… არადა იაფია.

ბევრ ქვეყანაში ერთი პერიოდი აკრძალეს კიდეც, მაგრამ სამეცნიერო კვლევების არასაკმარისი მონაცემების გამო, აკრძალვა გაუქმდა. უბრალოდ, სავალდებულოა, რომ ეტიკეტზე მწარმოებელმა მიაწეროს პროდუქტში მისი არსებობის შესახებ.

E103-ალკანინი, მისი ფერი pH გარემოზეა დამოკიდებული და შეიძლება იყოს ოქროსფერი, წითელი და იისფერიც კი. ახლა მისი გამოყენება იკრძალება, რადგან დამტკიცდა, რომ სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. თუმცა, ადრე იაფფასიან ღვინოებში იყენებდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი სახეობის ფურისულას ფესვებიდან მოიპოვებენ.

ახლა აგვისტოა და ყველაზე მეტად ნაყინზეა მოთხოვნა. ბევრი ფერადი ნაყინი იყიდება, არა? რას უმატებენ ფერის მისაცემად? ავიღოთ თბილი წყალი და მასში გავხსნათ სოდა, ანუ შევქმენით ტუტე გარემო. დავამატოთ ოდნავ გამდნარი წითელი ფერის ნაყინი. თუ წითელი ფერი ლურჯით შეიცვალა, ნაყინში ანტოციანები ყოფილა. ანუ, მართლაც ხილის ექსტრაქტით ყოფილა შეღებილი. E163 ასევე ანტოციანია, ესეც ბუნებრივი გზით მიღებული. თუმცა, თუ მწარმოებელს იაფად სურს თავის დაძვრენა, მაშინ E124-ს დაამატებს (პონსო) ან E122-ს (აზორუბინი/კარმაზინი) გამოიყენებს. პონსო ყოველთვის წითელია, აზორუბინი კი ტუტე არეში ყავისფერ შეფერილობას იღებს.

ნამცხვრების თეთრი კრემის, საღეჭი რეზინის კაშკაშა თეთრ ფერს E171 უზრუნველყოფს და ეს ტიტანის დიოქსიდია. ავიღოთ სამი ჭიქა, ერთში დაქუცმაცებული თეთრი საღეჭი რეზინი მოვათავსოთ, მეორეში თეთრი კრემი, მესამეში კი არაჟანი, თითოეულს დავამატოთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა. ტიტანის დიოქსიდი გოგირდმჟავასთან ნელა შევა რეაქციაში და წარმოიქმნება ტიტანის სულფატი:

TiO2+2H2SO4=Ti(SO4)2+2H2O

მჟავასთან ასევე რეაქციაში შევა პროდუქტებში არსებული სხვა ორგანული ნივთიერებებიც, მაგ. შაქარი. შედეგად წარმოიქმნება ნახშირი, გოგირდის დიოქსიდი, წყალი და ნახშირორჟანგი. ამიტომ, ჭიქების შიგთავსი ჯერ ყვითლდება, შემდეგ ნელ-ნელა მუქდება, შავ ფერამდე. სამივე ჭიქის შემცველობა გავფილტროთ, მიღებულ სითხეს დავუმატოთ სისხლის წითელი მარილი. წარმოიქმნება მუქი ყავისფერი ნალექი, რადგან ოთხვალენტიანი ტიტანი კალიუმის ჰექსაციანო (III) ფერატთან შევა რეაქციაში:

Ti4++K4[Fe(CN6)]=Ti[Fe(CN6)]+4K+

თუ ფილტრატს სისხლის წითელი მარილის ნაცვლად, ნატრიუმის თიოსულფატს დავამატებთ, მაშინ შავი ფერის მეტატიტანის მჟავა წარმოიქმნება. გამოდის, რომ საცდელად აღებულ ყველა პროდუქტში ტიტანის დიოქსიდი შედის.

Ti(SO4)2+2Na2S2O3+H2O=H2TiO3+2SO2+2S+2Na2SO4

 რამდენად უვნებელია ტიტანის დიოქსიდი, საკამათოა. არსებობს მონაცემები, რომ ის ვნებს თირკმელებს და ღვიძლს (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3423755/ https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2666911023000114).

ჰოდა, ხომ შეიძლება საღეჭ რეზინს თეთრი ფერი E170-ით შესძინონ? ეს ცარცი, იგივე კალციუმის კარბონატი გახლავთ. ხასხასა თეთრი ვერ, თუმცა უსაფრთხო იქნება.

ახლა, კიდევ ერთი ცდა. ჭიქაში მოვათავსოთ ორი კვერცხის ნაჭუჭი და დავამატოთ ტკბილი, მუქი, გაზიანი სასმელი. მოკლედ, ხვდებით, რომელიც… დავივიწყოთ ეს ჭიქა 24 საათით და მეორე დღეს ნაჭუჭი ამოვიღოთ. დავინახავთ, რომ ის შეიფერება. ზუსტად ასე ფერავს მუქი გაზიანი სასმელების უმრავლესობა ჩვენს კბილებსაც. ამ ტიპის სასმელებში კონსერვანტებსაც მოვიძიებთ – E200-299. ამ დანამატების მიზანია, მიკროორგანიზმების პროდუქტში გამრავლების შეფერხება და ვარგისიანობის გაზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ნახშირორჟანგიც კონსერვანტია E 290, თუმცა ძლიერი ვერ არის და ამიტომ უმატებენ სხვა ნებადართულ დანამატებს. მაგ. E202 კალიუმის სორბიტი, E211 ნატრიუმის ბენზოატი. ამ უკანასკნელის აღმოჩენა შემდეგი რეაქციით შეგვიძლია. ავიღოთ სინჯარა, ჩავასხათ რაიმე გაზიანი სასმელი და დავამატოთ რკინის (III) ქლორიდის ნაჯერი ხსნარი. შეინიშნება ოქროსფერი ნალექის წარმოქმნა. ეს რკინის ბენზოატია.

FeCl3+3C6H5COONa=Fe(C6H5COO)3+3NaCl

აი, ეს ნატრიუმის ბენზოატი კვლევების თანახმად, შეიძლება ნეიროდეგენერაციული დაავადებების გამომწვევი იყოს. არადა, იგივე ნივთიერება მოცვსა და სხვა კენკროვანებში შედის და ეს პროდუქტი ვიცით, რომ სასარგებლოა. საქმე რაოდენობაშია. ანუ, ამ უდავოდ სასარგებლო კენკროვანებში მცირე რაოდენობით არის და გაზიან სასმელებში უკვე ბევრი გამოდის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი უკონტროლოდაც მიირთმევს.

E240 ფორმალდეჰიდი აკრძალულია. ადრე ძეხვეულსა და შებოლილ პროდუქტებში იყენებდნენ, ახლა აღარ, თუმცა იაფფასიან წითელ ხიზილალაში შესაძლოა შეგვხვდეს.

E260 ჩვეულებრივი ძმარია. ასევე ნატრიუმის ქლორიდი, რომელიც დანამატებში არ შედის, თუმცა უდავოდ ეფექტური კონსერვანტია. ბევრი მარილი პროდუქტს ინახავს, თუმცა ბევრი მარილი დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

აქვე ისიც უნდა დავწერო, რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ თანამედროვე კვების წარმოება დანამატების გარეშე ვერ იარსებებს. თუმცა, ალბათ ზომიერებაა დასაცავი და სანამ მწარმოებელი ამაზე იფიქრებს, მანამდე თავად ვიფიქროთ – რა, როგორ და რამდენი ვჭამოთ.

მათემატიკა მწვანე მინდორზე (შემოქმედებითი დავალება)

0

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლება ხშირად ასოცირდება მოსაწყენ და აბსტრაქტულ ამოცანებთან, მაგრამ როდესაც მათემატიკურ კონცეფციებს ვუკავშირებთ რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს, სწავლა საინტერესო და მოტივირებული ხდება. ჩემს მე-5 კლასში მართკუთხედის ფართობის სწავლებისას სწორედ ამ მიდგომას მივმართე. სკოლის სტადიონის ხელოვნური მინდვრის საფარის შეძენის პრობლემამ მოსწავლეები აქტიურად ჩართო სწავლის პროცესში და დაეხმარა მათ, უკეთ გაეაზრებინათ ფართობის კონცეფცია.

საგანი: მათემატიკა

კლასი: მე-5

სამიზნე ცნება:

მათემატიკური მოდელი:

გეომეტრიული მოდელი (მართკუთხედი. ფიგურის ელემენტები), ფართობის ერთეული.

კანონზომიერება:

შესაბამისობა (გეომეტრიულ ფიგურასა და მის ელემენტებს შორის), სიდიდეებს შორის დამოკიდებულება.

ლოგიკა მსჯელობა, დასაბუთება

საკითხი: მართკუთხედის ფართობი. კავშირი სიგრძისა და ფართობის ერთეულებს შორის

ესგ-ს მიხედვით მისაღწევი შედეგი: მათ. დაწყ (II). 4, 5.

  • ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ცნებების, მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა, მათი თვისებების გამოყენება მათემატიკური მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას;
  • პრობლემის გადასაჭრელად მათემატიკური მეთოდების საშუალებით ზუსტი ან მიახლოებითი გამოთვლების შესრულება და შედეგის შეფასება.

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მსჯელობა იმის შესახებ, რომ:

  • ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს;
  • გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან განირჩევა თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნებით – ფორმით, ზომით;
  • გეომეტრიული ფიგურების თვისებების ცოდნა გვეხმარება გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგებაში;
  • სტანდარტული ერთეული საშუალებას გვაძლევს, აღვწეროთ, შევადაროთ, შევაფასოთ ობიექტი, მოვლენა, სიდიდე, მახასიათებელი;
  • გაზომვების შედეგად მიიღება ობიექტის მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით;
  • გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება.

თემა დავიწყე სადისკუსიო კითხვით:

– სკოლის სტადიონს სჭირდება ხელოვნური მინდვრის საფარი. როგორ დავადგინოთ რა რაოდენობის საფარი დასჭირდება სკოლის სტადიონს?

კლასში გაიმართა მცირე დისკუსია. ბავშვებმა იმსჯელეს, რომ გაზომვებისა და გამოთვლების შედეგად უნდა ვიპოვოთ, რა რაოდენობის საფარი დასჭირდება სკოლის სტადიონს. სწორედ აქ ვაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და მიზანს: შევისწავლით მართკუთხედის ფართობის გამოთვლას და თემის ბოლოს შევძლებთ დასმული ამოცანის გადაწყვეტას (იხ. შემოქმედებითი დავალება).

2-3 გაკვეთილი დასჭირდა ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით მართკუთხედის ფართობის ცნების გააზრებას.  მოსწავლეები გამოთვლიან მართკუთხედის ფართობს კვადრატული ერთეულების დათვლით და სიგრძისა და სიგანის გადამრავლებით. აკავშირებენ სიგრძისა და ფართობის ერთეულებს. რეალურ გარემოში ცოდნის ტრანსფერისთვის კი უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება, რომელიც თემის დასაწყიში გავაცანი:

შემოქმედებითი/კომპლექსური დავალება

(ეს ინდივიდუალური დავალებაა და მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ 2-3 გაკვეთილის შემდეგ. შეიძლება, აზომვითი სამუშაოები შესრულდეს ჯგუფურად)

ჩვენი სკოლის ეზოში მართკუთხა ფორმის სტადიონია

სკოლის დირექციას სურს, სტადიონზე დააგოს ხელოვნური მინდვრის საფარი, ამიტომ აუცილებელია სტადიონის ზუსტი ფართობის გაზომვა.

დაეხმარე დირექციას სტადიონის ფართობის გამოთვლაში (შესაბამისი ოდენობის მასალების შეძენის მიზნით).

შენი დავალებაა :

  1. გააანალიზო რეალური პრობლემა: სკოლის სტადიონი როგორც მართკუთხედი, რომლის ფართობის გამოთვლაც აუცილებელია ხელოვნური მინდვრის საფარის შესაძენად.
  2. ჩაატარო გაზომვები: ფართობის გამოსათვლელად საჭიროა სტადიონის სიგრძისა და სიგანის გაზომვა.
  3. გამოთვალო ფართობი: მიღებული მონაცემების საფუძველზე უნდა გამოიყენო ფართობის ფორმულა (S = a * b) და გამოთვალო სტადიონის ფართობი.
  4. შედეგის ინტერპრეტაცია: მიღებული პასუხი უნდა გადაიყვანო რეალურ ერთეულებში (მაგალითად, კვადრატულ მეტრებში) და მოიფიქრო, რამდენი საფარი იქნება საჭირო.
  5. შეასრულო დამატებითი ამოცანა: შეადარო სხვადასხვა სახის საფარის ფასები და გამოთვალო საჭირო ბიუჯეტი.

პრაქტიკული აქტივობები:

  • სკოლის სტადიონზე გასვლა და გაზომვების ჩატარება;
  • სამშენებლო მასალების ფასების შედარება და ბიუჯეტის შედგენა;
  • სტადიონის გაუმჯობესების საკუთარი პროექტის შექმნა. (სურვილის შემთხვევაში).

პრეზენტაციის წარდგენა: შექმენი პრეზენტაცია ან პოსტერი, სადაც წარმოადგენენ  გამოთვლებს და დასკვნებს.

 

პრეზენტაციისას:

·         წარმოადგინე სკოლის სტადიონის მოდელი/ ნახაზი, (კვადრატული ბადით დაფარული);

·         ახსენი, როგორ იპოვე სკოლის სტადიონის სიგრძე და სიგანე, ვინ დაგეხმარა გაზომვების ჩატარებაში;

·         როგორ გამოთვალე, რამდენი კვადრატული მეტრი ხელოვნური ბალახის საფარია საჭირო;

·         როგორ მოიპოვე ინფორმაცია  ბაზარზე ხელოვნური ბალახის საფარის ფასების შესახებ;

·         როგორ გამოთვალე ბიუჯეტი.

 

ამგვარად, მართკუთხედის ფართობის გამოთვლის ჩვეულებრივი ამოცანა შეიძლება საინტერესო და პრაქტიკულ შემოქმედებით დავალებად იქცეს.

ამგვარი დავალებები:

  • მოსწავლეებს დაანახებს, როგორ გამოიყენება მათემატიკური ცოდნა რეალურ ცხოვრებაში. ისინი ხედავენ, რომ მათემატიკა მხოლოდ აბსტრაქტული ცნებები კი არ არის, არამედ ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შეიძლება გადაიჭრას სხვადასხვა პრობლემა.
  • ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. მათი შესრულებისას მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ პრობლემა, განსაზღვრონ საჭირო მონაცემები, შეარჩიონ შესაბამისი ფორმულები და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები;
  • ხელს უწყობს მოსწავლეებში პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას. ბავშვები სწავლობენ, როგორ დაყონ პრობლემა ნაწილებად, შეადგინონ გეგმა და მიაღწიონ მიზანს;
  • შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოიჩინონ შემოქმედებითობა და მიიღონ სხვადასხვა გადაწყვეტილება. ისინი არ იზღუდებიან სტანდარტული მეთოდებით და შეუძლიათ, გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია.
  • მოსწავლეებს ასწავლის ერთმანეთთან თანამშრომლობას, იდეების გაზიარებას და კონსტრუქციულ კრიტიკას;
  • უფრო საინტერესო და მიმზიდველია, ვიდრე ჩვეულებრივი აბსტრაქტული ამოცანები. მოსწავლეები ხედავენ, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს სახალისო და სასარგებლო, რაც მოტივაციას ამაღლებს.
  • ხელს უწყობს მათემატიკის მნიშვნელობის გააზრებას და რეალურ ცხოვრებასთან მის დაკავშირბას.

ჯამში, შემოქმედებითი დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას და ამზადებს მათ წარმატებული მომავლისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნულისასწავლოგეგმა

https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

  1. მათემატიკის გზამკვლევი, მე-5 კლასი, შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/mekhute-klasi/

პრეტესტების როლი სკოლებში: გამოცდებისთვის მომზადების ეფექტური სტრატეგიები

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სკოლების წინაშე დგას არა მხოლოდ ცოდნის სწორად გადაცემის გამოწვევა, არამედ იმის უზრუნველყოფაც, რომ მოსწავლეებმა ეს ცოდნა ეფექტიანად აითვისონ და წარმატებით გამოიყენონ გამოცდებზე. ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მეთოდია პრეტესტები – ტესტები, რომლებიც ტარდება რეალურ გამოცდამდე, რათა შემოწმდეს მოსწავლეების ცოდნის დონე. პრეტესტების მნიშვნელობა სცდება მარტივი შეფასების ფარგლებს და მოიცავს სასწავლო და პედაგოგიური პრაქტიკის სხვადასხვა ასპექტს.

 

გამოცდებზე არასასურველი შედეგების მიღების თავიდან ასაცილებლად, მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს ადრეულ ეტაპზევე დაეხმარონ. ხარვეზების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებით; კერძოდ, პრეტესტის შედეგების ანალიზით, მათ შეუძლიათ დაადგინონ, რა ცოდნა და უნარები აკლიათ მოსწავლეებს. ეს საშუალებას აძლევს მათ, მიმართონ მიზანმიმართულ ინტერვენციებს, რათა აღმოფხვრან ეს ხარვეზები.

 

პრეტესტის დროს უნდა მოხდეს მოსწავლეებისთვის საგამოცდო ფორმატის ანალოგიური დავალებების შეთავაზება და ის უნდა იმეორებდეს ზუსტად იმ სტრუქტურას, რომელიც აქვს რეალურ გამოცდას. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გამოცდებამდე კარგა ხნით ადრე იცოდნენ საგამოცდო თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები.

 

 რატომ არის პრეტესტები მნიშვნელოვანი?

 

  • ცოდნის ხარვეზების და ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება:

პრეტესტები ეხმარება მასწავლებლებს, განსაზღვრონ მოსწავლეთა როგორც ცოდნის დონე, ასევე შეაფასონ მათი ცოდნა და უნარები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ამის საფუძველზე, მათ შეუძლიათ, უკეთ მოარგონ გაკვეთილები მოსწავლეთა საჭიროებებს. გამოცდის ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე, ზუსტად გამოცდის სიმულაციის გზით, მიღებული შედეგების ანალიზის შედეგად, მასწავლებელი დაადგენს, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან.

 

  • სწავლის ინდივიდუალიზება:

წინასწარი ტესტირების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს დიფერენცირებული სასწავლო გეგმები, რომლებიც ეფუძნება მოსწავლეთა არსებულ ცოდნას. ეს საშუალებას აძლევს მას, გაკვეთილები უკეთ მოარგოს მოსწავლის სხვადასხვა საჭიროებას. პრეტესტების შედეგებზე დაყრდნობით, მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთი გაკვეთილების ადაპტირება, რათა მეტად დააკმაყოფილონ მოსწავლეთა საჭიროებები. ეს შეიძლება მოიცავდეს დამატებით ახსნა-განმარტებებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს ან დიფერენცირებულ სასწავლო მასალებს, რომლებიც მიზნად ისახავს უპასუხოს თითოეული მოსწავლის წინაშე არსებულ სპეციფიკურ გამოწვევას.

 

  • დამატებითი მხარდაჭერის დაგეგმვა/მიზნობრივი მომზადება:

მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ, პრეტესტები იძლევა ადრეული იდენტიფიცირების საშუალებას. ეს საშუალებას აძლევს სკოლებს, დაგეგმონ მიზნობრივი მხარდაჭერის ღონისძიებები კონკრეტული ჯგუფებისთვის.

 

  • გამოცდის ფორმატების გაცნობა:

პრეტესტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, მოსწავლეების მომზადება საგამოცდო სიტუაციებისთვის. პრეტესტების გავლისას მოსწავლეებს შეუძლიათ, უკეთ გაიგონ, თუ როგორ არის სტრუქტურირებული საგამოცდო კითხვები და რა ტიპის ცოდნაა საჭირო წარმატების მისაღწევად. ეს ზრდის მათ თავდაჯერებულობას, რადგან ისინი იცნობენ გამოცდის ფორმატს და შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო სასარგებლო სტრატეგიები რეალურ სირთულეებთან გასამკლავებლად.

 

  • საგამოცდო შფოთვის შემცირება:

პრეტესტების გავლისას მოსწავლეები იძენენ მსგავს სიტუაციებთან გამკლავების გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და აუმჯობესებს მათ ემოციურ მომზადებას. ისინი იღებენ რეალისტურ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ გამოცდაზე, რაც ამცირებს საგამოცდო შფოთვას და საშუალებას აძლევს მათ, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ დრო.

 

  • გამოხმაურება/უკუკავშირი და რეფლექსია:

პრეტესტები წარმოადგენს ასევე უკუკავშირის მექანიზმს მოსწავლეებისთვის, რათა შეამოწმონ საკუთარი სწავლის პროგრესი. იმის გაგებით, თუ რომელ სფეროს უკვე დაეუფლნენ და რომელ სფეროში სჭირდებათ გაუმჯობესება, მათ შეუძლიათ სწავლის სტრატეგიების ადაპტირება. ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში თვითრეგულირებისა და თვითმართვის უნარების განვითარებას და ეხმარება მათ სწავლის პროცესზე პასუხისმგებლობის აღებაში.

 

  • სასწავლო გეგმის/კურიკულუმის შემოწმება:

პრეტესტებს შეუძლიათ მასწავლებლებს დაეხმარონ იმის გაცნობიერებაში, რამდენად კარგად არის შემუშავებული სასწავლო გეგმა/კურიკულუმი, ან სჭირდება თუ არა გარკვეულ საგნებს/საკითხებს მეტი ყურადღება.

 

  • სწავლის შედეგების გაუმჯობესება:

სხვადასხვა სკოლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ სკოლები, რომლებიც ახორციელებენ პრეტესტებს, გამოცდებზე უკეთეს შედეგებს აღწევენ. სასწავლო პროცესის სტრუქტურირებითა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პრეტესტებს შეუძლიათ დაეხმარონ მოსწავლეებს, გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი და მიაღწიონ უკეთეს შედეგს.

 

პრეტესტების დანერგვა სკოლებში

 

პრეტესტების წარმატებით განხორციელება მოითხოვს სტრატეგიულ დაგეგმვას და მკაფიო მითითებებს. აქ მოცემულია განხორციელების დეტალური თანმიმდევრობა:

 

ნაბიჯი 1: მიზნების დასახვა და დაგეგმვა

 

მიზნის განსაზღვრა: მკაფიოდ განსაზღვრეთ პრეტესტების მიზნები და მოლოდინები. შესაძლო მიზნები შეიძლება იყოს: გამოცდის შედეგების გაუმჯობესება, ცოდნის ხარვეზების გამოვლენა, მოსწავლეებში თვითრეფლექსიის ხელშეწყობა.

 

რესურსების დაგეგმვა: განსაზღვრეთ საჭირო რესურსები, როგორებიცაა – დრო, პერსონალი და ტექნიკური მხარდაჭერა პრეტესტების ჩასატარებლად და შედეგების შესაფასებლად.

 

განრიგი: მიზანშეწონილია სასწავლო წლის განმავლობაში პრეტესტების ჩატარების განრიგის შემუშავება. გაითვალისწინეთ სილაბუსი და მნიშვნელოვანი გამოცდების თარიღები.

 

ნაბიჯი 2: მასწავლებელთა გადამზადება

 

მასწავლებელთა ინფორმირება და ჩართვა: მასწავლებლებს უნდა ეცნობოთ პრეტესტების მიზნებისა და საკლასო სარგებლობის შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, როგორ იქნება გამოყენებული შედეგები სწავლების მოსწავლეთა საჭიროებებზე უფრო მოხერხებულად მორგებისთვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ მასწავლებლებს ესმოდეთ ტესტების არსი და შეეძლოთ მათი წარმატებით ჩატარება.

 

მასწავლებელთა ტრენინგი: აუცილებელია მასწავლებელთა გადამზადების უზრუნველყოფა, რათა ხელი შეეწყოს მათ პრეტესტების ეფექტურად გამოყენებასა და შეფასებაში. ეს შეიძლება მოიცავდეს ტრენინგს ტესტის დიზაინში, ტესტის შედეგების გამოყენებას ინსტრუქციის ადაპტაციისთვის და შედეგების ინტერპრეტაციას.

 

შეფასების კრიტერიუმების შემუშავება: საჭიროა მკაფიო კრიტერიუმების ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების შეფასება და შედეგების ინტერპრეტაცია თანმიმდევრული შეფასების უზრუნველსაყოფად.

 

ნაბიჯი 3: ტესტის დიზაინი და შესრულება

 

ტესტის შემუშავება: შეიმუშავეთ პრეტესტები, რომლებიც ზუსტად ასახავს სასწავლო გეგმასა და გამოცდის მოთხოვნებს.

 

ტექნიკური ასპექტები: დარწმუნდით, რომ ტექნიკური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა კომპიუტერული ლაბორატორიები ან ონლაინპლატფორმები, ხელმისაწვდომი და ფუნქციონალურია ტესტების ჩასატარებლად.

 

კომუნიკაცია მოსწავლეებთან: დროულად აცნობეთ მოსწავლეებს პრეტესტების მიზნის, განრიგის შესახებ.

 

ნაბიჯი 4: ტესტის შესრულება და გამოხმაურება

 

პრეტესტების ჩატარება: ჩაატარეთ პრეტესტები დადგენილი გრაფიკის მიხედვით. დააკვირდით პროცესს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია ტესტის სამართლიან პირობებში გავლა.

 

უკუკავშირის მექანიზმები: მნიშვნელოვანია ტესტის შედეგების შეგროვებისა და ანალიზის მექანიზმების ჩამოყალიბება. ეს შეიძლება გაკეთდეს ელექტრონული შეფასების ხელსაწყოების, მოსწავლე-მასწავლებლის დისკუსიის ან უკუკავშირის სპეციალური ფორმატების გამოყენებით.

 

ნაბიჯი 5: მონაცემთა ანალიზი და კორექტირება

 

შედეგების ანალიზი: მნიშვნელოვანია ტესტირების შედეგების სწორი ანალიზი ცოდნის ხარვეზების ან ტენდენციური შეცდომების დასადგენად. შეადარეთ შედეგები სხვადასხვა კლასში ან მოსწავლეთა ჯგუფებში.

 

გაკვეთილის კორექტირება: შემდეგი ეტაპია პრეტესტების შედეგების მიხედვით გაკვეთილის კორექტირება. მიეცით მიზანმიმართული მხარდაჭერა მოსწავლეებს იმ სფეროებში, რომლებშიც ისინი ნაკლებად არიან კომპეტენტური, რათა უზრუნველყოთ სასწავლო მიზნების შესაბამისად მორგება.

 

ნაბიჯი 6: უწყვეტი გაუმჯობესება და შეფასება

 

გამოხმაურება: შეაგროვეთ უკუკავშირი მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისა და მშობლებისგან პრეტესტების ეფექტურობის შესახებ. გამოიყენეთ ეს გამოხმაურება პროცესის მუდმივად გასაუმჯობესებლად.

განხორციელების შეფასება: ჩაატარეთ რეგულარული მონიტორინგი, რათა შეამოწმოთ, მიღწეულია თუ არა პრეტესტების მიზნები და საჭიროა თუ არა კორექტირება ან გაუმჯობესება.

როგორც ვხედავთ, სკოლებში პრეტესტების განხორციელება მოითხოვს სწორ დაგეგმვას და სტრუქტურირებულ მიდგომას. მკაფიო მიზნების დასახვის, მასწავლებლის პროფესიული მომზადების, ტესტის სწორად შემუშავებისა და უწყვეტი შეფასების საშუალებით, სკოლებს შეუძლიათ, პრეტესტები ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი მოსწავლეების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად.

ამრიგად, პრეტესტების დანერგვა სკოლებში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ღონისძიება. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციისა და მოსწავლეების წარმატების შანსების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. მკაფიო წარმოდგენით, თუ რას მოელიან მათგან გამოცდებზე და როგორ მოემზადონ მათთვის, პრეტესტები არა მხოლოდ მხარს დაუჭერს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, არამედ ხელს უწყობს სწავლის უფრო გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებას.

პრეტესტების ინტეგრირება საგანმანათლებლო სისტემაში უზრუნველყოფს არა მხოლოდ მოსწავლეების ინდივიდუალურ განვითარებას, არამედ აძლიერებს მთლიანად სასწავლო პროცესის ხარისხს. სკოლებს, რომლებიც სტრატეგიულად იყენებენ პრეტესტებს, საგანმანათლებლო მიზნებს უფრო ეფექტიანად აღწევენ და სტაბილურად აუმჯობესებენ თავიანთი მოსწავლეების მომზადებას თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებისა და მომავალი გამოწვევების შესაბამისად.

დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების საგნის კავშირი სახალისო აქტივობებით

0

 

მდგრადი განვითარების N6 მიზანთან, სუფთა წყალი და სანიტარია

ბუნებისმეტყველების სწავლების დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვაში. ეს ასაკი არის იდეალური პერიოდი, როდესაც ბავშვები ყველაზე მარტივად ითვისებენ ახალ უნარებს და იღებენ ცოდნას. მდგრადი განვითარების მიზნებიდან (SDGs) მე-6 მიზანი სუფთა წყლის უზრუნველყოფას ეხება, რაც თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომ, სასწავლო პროცესში სახალისო აქტივობების ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბავშვების ამ საკითხისადმი დაინტერესებისა და ჩართულობისთვის.

სახალისო აქტივობები ხელს უწყობს ბავშვების მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესის გამარტივებას. როდესაც ბავშვები თამაშობენ და ერთვებიან პრაქტიკულ დავალებებში, ისინი უკეთ ითვისებენ ახალ ინფორმაციასა და უნარებს. ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე, აქტივობები, რომლებიც სუფთა წყლის მნიშვნელობას ეხება, ბავშვებს უფრო მრავალმხრივი შესწავლის შესაძლებლობას აძლევს ამ რესურსის მნიშვნელობისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.

მდგრადი განვითარების N6 მიზნის, „სუფთა წყლის უზრუნველყოფის“ მიღწევა აუცილებელია ჯანმრთელობის, განათლების, სიღარიბის შემცირებისა და ეკოსისტემების დაცვისთვის. დაწყებით საფეხურზე ეს თემები უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე, მარტივად წარმოდგენილი.

შემოგთავაზებთ პრაქტიკაში განხორციელებულ რამდენიმე აქტივობას:

N1 აქტივობა: დიორამების შექმნა წყლის მოძრაობა

წყლის ციკლის მოდელირება: ბავშვები ამზადებენ წყლის ციკლის მოდელებს. შეიძლება გამოყენებული იყოს ხელნაკეთი მოდელები ან სამეცნიერო თამაშები, სადაც ისინი ხედავენ, როგორ იწმინდება წყალი ბუნებაში და როგორ ბინძურდება ის.

მოსწავლეები ქმნიან წყლის წრებრუნვის ამსახველ დიორამას. დიორამის შესაქმნელად მთავარია მეორადი მასალების გამოყენება.

საჭირო მასალები:

  • ფეხსაცმლის ყუთი ან ნებისმიერი პატარა ყუთი;
  • ლურჯი ქაღალდი ან საღებავი;
  • ბამბის ბურთულები;
  • ღრუბლების, მზის, მთების, ხეების, მდინარეების და ოკეანეების მცირე პლასტმასის ან ქაღალდის აპლიკაციები;
  • წებო;
  • მაკრატელი;
  • მარკერები ან ფანქრები.

საკვანძო კითხვები:

  • როგორ ბრუნავს წყალი დედამიწაზე?
  • რა არის აორთქლება და როდის ხდება ეს?
  • რა ემართება წყალს აორთქლებისას?
  • როგორ წარმოიქმნება ღრუბლები ცაში?
  • რა იწვევს ღრუბლებიდან წვიმას?
  • როგორ მოძრაობს წყალი მდინარეებსა და ნაკადულებში?
  • რა არის მიწისქვეშა წყლები და როგორ მოხვდება იგი იქ?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის წყაროების დაზოგვა და დაცვა?
  • რა გზებით იყენებენ ადამიანები წყალს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

აქტივობა N2. გასეირნება ადგილობრივი წყლის ობიექტთან. ვიზიტი დავგეგმეთ მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

საკვანძო კითხვები:

  • საიდან მოდის წყალი ამ მდინარეში?
  • როგორ გავიგოთ მდინარის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო?
  • რა არის მდინარის სხვადასხვა ნაწილი, როგორიცაა, მდინარის ნაპირი, კალაპოტი და დინება?
  • რა მცენარეებისა და ცხოველების ნახვა შეგიძლიათ მდინარის შიგნით და მის გარშემო?
  • შეგიძლიათ, იპოვოთ რაიმე ნიშნები დაბინძურების ან ადამიანის ზემოქმედების მდინარეზე?
  • რა გზებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ მდინარის სისუფთავე?
  • როგორ მოქმედებს ამინდი მდინარის დინებასა და ვიზუალზე?
  • თუ შენიშნეთ რაიმე საინტერესო ან უჩვეულო რამ დღეს მდინარეზე?

აქტივობა N3. სტუმარი მომხსენებელი წყლის კონსერვაციის ექსპერტი

მოვიწვიეთ წყლის ადგილობრივი ექსპერტი, მშობელი, ისაუბრა კლასში წყლის ხარისხის მონიტორინგისა და წყლის რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე. მოწვეულმა სპიკერმა ბავშვებს გაუზიარა იდეები, რეალური მაგალითები და პრაქტიკული რჩევები წყლის რაციონალური გამოყენებისთვის.

საკვანძო კითხვები:

  • ვინ მოიხმარს ყველაზე ნაკლებ წყალს კლასში? რატომ?
  • ვინ მოიხმარს ყველაზე მეტ წყალს კლასში? რატომ?
  • ვინ მოიხმარს ერთნაირი რაოდენობის წყალს კლასში?
  • როგორ შეიძლება დავზოგოთ წყალი?
  • გამოთვალე, რა რაოდენობის წყალს ხარჯავს შენი ოჯახი დღის განმავლობაში? წლის განმავლობაში?
  • წარმოიდგინე, რომ სახარჯოდ მხოლოდ 10ლ. წყალი გაქვს. ახსენი, როგორ გაანაწილებ მას: ჩამოწერე, რამდენი წყალია საჭირო სხვადასხვა მიზნისთვის? შეადარე შენი მონაცემები სხვისას და დაადგინე, რა დაემთხვა და რა არის განსხვავებული.

აქტივობა N4. საკლასო წყლის აუდიტი ნორჩი ელჩები

ჩავატარეთ წყლის აუდიტი კლასში, სკოლაში, რათა დაგვედგინა ის ადგილები, სადაც წყალი იკარგება. ვთხოვე მოსწავლეებს, თვალყური ედევნებინათ წყლის მოხმარებაზე მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის საპირფარეშოების რეცხვა, იატაკის დასუფთავება, ხელების დაბანა და მცენარეების მორწყვა. ვიმსჯელეთ წყლის მოხმარების შემცირების გზებზე, როგორებიცაა: გაჟონვის გამოსწორება, წყლის ეფექტური მოწყობილობების გამოყენება და წყლის მოხმარების შესახებ ყურადღების გამახვილების პრაქტიკა.

დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების სწავლებაში სახალისო აქტივობების ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით სუფთა წყლის უზრუნველყოფის მიღწევისთვის. ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ამაღლებენ ბავშვების ცოდნასა და ცნობიერებას, არამედ აძლევენ მათ პრაქტიკულ უნარებს, რათა მომავალში აქტიურად იყვნენ ჩართული გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პროცესებში. დაწყებით საფეხურზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებასა და ქცევას მომავალში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს სუფთა წყლის უზრუნველყოფას გლობალურად.

 

 

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი

0

ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი ნებისმიერი ასაკის ადამიანის საქმიანობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს. ის გვეხმარება დავალების ეფექტიანად, სრულფასოვნად შესრულებაში და წარმატების მიღწევაში. გარდა ამისა, ის გვიზოგავს დროს, გვაძლევს დროის ეკონომიის საშუალებას, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, აუცილებელი ელემენტია არა მხოლოდ პროფესიულ ან სასწავლო საქმიანობაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

ინსტრუქცია არის მოქმედებების თანმიმდევრობის ახსნა. მკაფიო და ნათელი, ცხადი ინსტრუქციები სწავლა-სწავლებაში წარმატების მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი საშუალებას აძლევს მოზარდს სასწავლო საქმიანობაში თავი კომპეტენტურად იგრძნოს, რამდენადაც შეთავაზებული მითითებების გამოყენებით მან იცის, რა უნდა გააკეთოს. ინსტრუქცია შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი. ხანდახან, ინსტრუქციის მიწოდებისას შეიძლება გამოვიყენოთ თანმიმდევრული სურათები ან სიმბოლოები. ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარის გამომუშავებით ჩვენ ვასწავლით ბავშვებს „გააზრებულ“ მოსმენას, გააზრებულ კითხვას და ფაქტობრივად მოქმედებას ალგორითმის მიხედვით.

მითითებების მიხედვით მოქმედების უნარი საკვანძო მომენტია სწავლებაში. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ სასკოლო სწავლებისთვის მზაობის დიაგნოსტირებისას სხვა უნარებთან ერთად ისიც უნდა შემოწმდეს, თუ როგორ ახერხებს ბავშვი მარტივი ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებას.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვში ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებას – რეკომენდაციები:

  • ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში უნდა დავიწყოთ. ბევრი თვლის, რომ ამაზე სკოლამ უნდა იზრუნოს მათი აზრით, „წავა ბავშვი სკოლაში და იქ მიხედავენ ამ საქმეს“. რა თქმა სკოლაში გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ თუ ადრეულ ასაკშივე არ დავიწყებთ ბავშვში ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებაზე ზრუნვას, მოგვიანებით სასკოლო სწავლებისას ბევრ სირთულეს შევხვდებით. უნდა ითქვას, რომ ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავებას ადრეულ ასაკში სერიოზული ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდება. შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ ჩვენ ამ უნარის განვითარებაზე უკვე მაშინ ვიწყებთ მუშაობას, როდესაც განვითარების ადრეულ პერიოდში მყოფ ბავშვს თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს ვუმუშავებთ, რასაც ნებისმიერი მშობელი უნდა აკეთებდეს. სკოლაში წასვლამდე ბავშვს უნდა შეეძლოს თვითმომსახურება – ჩაცმა, გახდა, დამოუკიდებლად ჭამა, საკუთარი ნივთების, სათამაშოების დალაგება. სკოლის წინარე პერიოდში ბავშვს უნდა ესმოდეს ინსტრუქციები, რომელიც მისგან სამი მოქმედების ერთმანეთის მიყოლებით შესრულებას მოითხოვს. მას ასევე უნდა შეეძლოს ისეთი ინსტრუქციების გაგება, რომლებიც მოიცავს სივრცესთან და დროსთან დაკავშირებულ ცნებებს, მაგ. „გთხოვ, მომიტანო წიგნი, რომელიც დევს პირველ თაროზე მარჯვენა მხარეს“; ან „ხვალ საბავშვო ბაღიდან რომ გამოგიყვან, მე და შენ გასართობ ცენტრში წავალთ, ამიტომ დილითვე შეარჩიე რის ჩაცმა გსურს“. წინასასკოლო პერიოდში ბავშვს უნდა შეეძლოს აღნიშნული ფრაზების შინაარსის გაგება და შესაბამისად მოქმედება;
  • იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, მისი შესრულება, მან თავდაპირველად უნდა გაიგოს ის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუქციები ადაპტირებული, მორგებული იყოს ბავშვის გაგების დონეზე. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივი, მოკლე და კონკრეტული ინსტრუქციები უნდა მივაწოდოთ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებს შეუძლიათ გაიგონ უფრო რთული ინსტრუქციებიც;
  • თავდაპირველად საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი გვისმენს და ისე მივაწოდოთ ინსტრუქცია. შემდეგ კი შევამოწმოთ შეძლო თუ არა მისი გაგება;
  • იმისთვის, რომ ბავშვს ინსტრუქციის მიხედვით მოქმედება მოვთხოვოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, ესმის თუ არა, რას მოვითხოვთ მისგან;
  • დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი მზადაა ინსტრუქციის მოსასმენად. მეზობელი ოთახიდან ან სამზარეულოდან მისთვის მიწოდებული მითითებები ვერ იმუშავებს. მშობლის მიერ მეზობელი ოთახიდან წამოძახებული ფრაზა – „სწრაფად მოდი აქ, მე შენ ახლა აგიხსნი როგორ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი“ – ნებისმიერ ასაკში იწვევს მოზარდის ბუნებრივ რეაქციას – „დედა, დამანებე თავი, შემეშვი“. მნიშვნელოვანია, ბავშვთან ერთსა და იმავე სივრცეში ვიმყოფებოდეთ, ამასთან მისი მხედველობის არეში ვიყოთ და შორიდან ყვირილი არ გვიწევდეს;
  • ინსტრუქციის გაცნობისას ვიზრუნოთ, რომ ახლომახლო არ იყოს ყურადღების გამფანტველი ნივთები: სათამაშოები, ტელევიზორი, სმარტფონი, პლანშეტი;
  • ვილაპარაკოთ მშვიდად. თუ გაღიზიანებული ვართ, ჩვენი ინსტრუქციები და მითითებები ბავშვმა შეიძლება სასჯელად აღიქვას, თავდაცვის პოზიციაში გადავიდეს და აღარც კი შეეცადოს მათ შესრულებას. საუბრის და სწავლების წინ ჯობია თავად დავმშვიდდეთ;
  • გამოვიყენოთ ჟესტები იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ იმას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ბავშვს გაუადვილდეს ამის შემჩნევა;
  • თანდათან უარი ვთქვათ ზოგიერთ ინსტრუქციასა და შეხსენებაზე, თუ ბავშვმა დაიმახსოვრა, როგორ შეასრულოს დავალება. ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ფრაზა: „შესანიშნავია, ამას შენ უკვე თავად გაუმკლავდები“!;
  • თვალსაჩინო მასალა, ბარათები, სურათები ინსტრუქციის მიწოდებისას შეიძლება დაეხმაროს ბავშვს, დაიცვას მოქმედებების საჭირო თანმიმდევრობა. ამასთან, სურათების გამოყენებით ის უკვე დამოუკიდებლადაც შეძლებს საკუთარი თავის შემოწმებას, როცა ჩვენი დახმარების გარეშე შეეცდება ინსტრუქციის შესრულებას. სურათებით მიწოდებული ინსტრუქცია დაეხმარება იმ ბავშვებსაც, რომელთაც პრობლემები აქვთ სიტყვების გაგებაში;
  • ხშირად დემონსტრირება საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს, თუ რას მოვითხოვთ მისგან. ასეთ დროს ჩვენ საკუთარ მაგალითზე ვაჩვენებთ, რა უნდა გააკეთოს. ცალკეულ შემთხვევებში დემონსტრირება ბევრად უკეთესად მუშაობს, ვიდრე ინსტრუქციის უბრალოდ სიტყვიერად, ან წერილობით მიწოდება. ყოველთვის, როცა შესაძლებელია, შევეცადოთ ვუჩვენოთ, თუ რას მოვითხოვთ მისგან და ნაკლები ველაპარაკოთ, ან სიტყვიერადაც გავაცნოთ ინსტრუქცია და ამავდროულად ვუჩვენოთ რა უნდა გააკეთოს. დემონსტრირების დროს წინასწარ ავუხსნათ ბავშვს, რას ვაპირებთ; ვთხოვოთ, დააკვირდეს ჩვენს ქმედებებს; ვიმოქმედოთ ნელა, რათა მან კარგად დაინახოს და გაიაზროს, როგორ ვასრულებთ ამა თუ იმ მოქმედებას. მივუთითოთ ჩვენი ქმედებების მნიშვნელოვან დეტალებზე, მაგ. ნახე როგორ მიჭირავს ავტოკალამი და საიდან ვიწყებ ასო „დ“-ს წერას. მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გაიმეოროს ის, რაც ვუჩვენეთ ჩვენი მოქმედებით – „კარგი, ახლა შენ თავადაც შეგიძლია ამის გაკეთება“. – ჩვენ მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა მას გამბედაობას შემატებს;
  • მუშაობის პროცესში უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ ბავშვის წარმატებულ ნაბიჯებს. შევაქოთ და მხარდაჭერა გამოვხატოთ მის მიმართ. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები უკეთესად სწავლობენ უფროსების მხრიდან მხარდაჭერის პირობებში. მოვერიდოთ ნეგატიურ კომენტარებს. შენიშვნებისა და საყვედურების ნაცვლად გავამარტივოთ ინსტრუქცია, გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხი, დავეხმაროთ, ერთად შევასრულოთ მიწოდებული დავალება. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ზრდასრულთა მხარდაჭერის ნაკლებობა ბავშვს უმწეოდ აქცევს მაშინაც კი, თუ მას საჭირო ცოდნა და უნარები აქვს.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გამოყენებით სწავლა-სწავლების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც კი ბავშვები გააცნობიერებენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია  წარმატების მისაღწევად ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, ისინი ბევრად ადვილად შეძლებენ დამოუკიდებლად მოქმედებას ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას. ასეთ დროს ძლიერდება საკუთარი ძალების რწმენა და ბავშვი უფრო ეფექტიანი და წარმატებული ხდება სასწავლო პროცესში.

ამგვარად, ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი წარმოადგენს საკმაოდ აქტუალურს მოსწავლეთა სასწავლო დამოუკიდებლობის განვითარებისათვის, რაც ასეთი მნიშვნელოვანია თანამედროვე სკოლაში.

 

კითხვის სწავლა სწავლებამდე – შეჯამება, დაკვირვება სიტყვებსა და მინიშნებებზე

0

წინამდებარე წერილში კითხვის სამი სტრატეგიის: 8. შეჯამების, 9. სიტყვებზე დაკვირვებისა და 10. მინიშნებებზე დაკვირვების – შესახებ ვისაუბრებთ. სანამ სამიზნე სტრატეგიებს განვიხილავდეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი ჩვენს წინა წერილებში აღწერილ სტრატეგიებს და აქვე ჩავსვათ ამ წერილის სამიზნე სტრატეგიებიც, ჯერჯერობით სულ 10 სტრატეგია.

 

# კითხვის სტრატეგია სტრატეგიის მოკლე აღწერა
1 საუბარი ყდაზე წიგნის გადაშლამდე ყურადღებით ვათვალიერებთ ყდას და ვსაუბრობთ მასზე განთავსებული ინფორმაციის (სათაური, ავტორი, ილუსტრაცია…) მიხედვით.
2 მოდი, გავიხსენოთ… წაკითხვამდე გავიხსენებთ, რა ვიცით ან ამ ავტორის შესახებ, ან/და მსგავსი სათაურის სხვა წიგნის შესახებ, ან/და წიგნის ყდის ილუსტრაციაზე გამოსახული პერსონაჟის შესახებ, ან/და წიგნის თემატიკის შესახებ.
3 ვარაუდების გამოთქმა ისევ წაკითხვამდე გამოვთქვამთ ვარაუდებს, რა მოხდება ამ წიგნში, ვინ იქნებიან მისი პერსონაჟები, როგორ განვითარდება და დასრულდება ამბავი. ვარაუდები უნდა დაეყრდნოს წიგნის სათაურსა და ყდის ილუსტრაციას. ზოგჯერ შეიძლება, წიგნის შიდა ილუსტრაციებიც გადავათვალიეროთ კითხვის დაწყებამდე.  ვარაუდები თანდათან უფრო საინტერესო გახდება კითხვის პროცესში გაკეთებული პაუზების დროს. რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს გამოთქმული ვარაუდების გადამოწმებაც.
4 შეკითხვების დასმა სხვადასხვა სიღრმის შეკითხვებს ვსვამთ როგორც წიგნის წაკითხვამდე, ისე კითხვის პროცესშიც და წაკითხვის შემდეგაც. შეკითხვების დასმა გადაჯაჭვულია, ფაქტობრივად, ყველა სხვა სტრატეგიასთან.
5 წარმოსახვა (ვიზუალიზაცია) ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვის დროს მნიშვნელოვანია წაკითხულის წარმოსახვა, დანახვა, გაგონება. დავხუჭოთ თვალები და აღვწეროთ, როგორია პერსონაჟი, რა გარემოში ხდება მოქმედება, რა ხმები „გვესმის“ და სხვ.
6 ხელახლა წაკითხვა აქ ბავშვისთვის საყვარელი წიგნის ხელახლა წაკითხვა არ იგულისხმება. უფრო სწორად, მხოლოდ ეს არ იგულისხმება. წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს დროდადრო უნდა დავუბრუნდეთ წინა აბზაცებს, გვერდებს და კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ. აქ დაგვეხმარება ჩვენ მიერ დასმული კითხვებიც, რომლებზე პასუხსაც მივაგნებთ ან გადავამოწმებთ ხელახლა წაკითხვის დროს.
7 ხმამაღლა ფიქრი ამ დროს ხმამაღლა გამოვთქვამთ იმ აზრებს, რომელთა საშუალებითაც ვახერხებთ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხის გაცემას. ეს ბავშვებს მაგალითს აძლევს და უადვილებს, თავადაც მიეჩვიონ ასეთ ფიქრს.
8 შეჯამება ყოველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ გაწაფული მკითხველები შეყოვნდებიან, თვალს გადაავლებენ წაკითხულს და მოკლედ შეაჯამებენ. ბავშვებს უნდა დავეხმაროთ წაკითხულის მოკლედ შეჯამებაში, რეზიუმირებაში.
9 სიტყვებზე დაკვირვება სიტყვებზე დაკივრვებით მდიდრდება ბავშვების ლექსიკური მარაგი და მათ უადვილდებათ წაკითხულის გააზრება. სიტყვებზე სავარჯიშოდ შეგვიძლია სხვადასხვა სახალისო დავალება შევთავაზოთ ბავშვებს.
10 მინიშნებებზე დაკვირვება ყველაფერი ტექსტში არ წერია, ზოგიერთი რამ მინიშნებებით უნდა ამოვიცნოთ. წიგნის კითხვის დროს მინიშნებებზე ყურდღების გამახვილება ერთ-ერთი სასარგებლო სტრატეგიაა.

 

 

  1. შეჯამება – შევაჯამოთ წაკითხული

რა არის ეს?

წაკითხულის შეჯამება ერთ-ერთი სასარგებლო სტრატეგიაა, რომელსაც კარგი მკითხველები იყენებენ. ამიტომ მასწავლებლები პირველივე კლასიდან ცდილობენ მოსწავლეებისთვის ამ უნარის გამომუშავებას. შეგვიძლია თუ არა, ჩვენ, მშობლებმაც, შევაჯამოთ ხოლმე ტექსტის ხმამაღლა წაკითხული მონაკვეთები? რასაკვირველია.

შეჯამება გულისხმობს წიგნის/ტექსტის გარკვეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ შეჩერებას, წაკითხულის გახსენებას, მის მოკლედ, შეკუმშულად გადმოცემას. ამ დროს მკითხველი ყურადღებას ამახვილებს ტექსტის უკვე წაკითხული ნაწილის ან მთელი ტექსტის მთავარ ინფორმაციაზე.

რატომ უნდა შევაჯამოთ?

თუ ბავშვებთან ხშირად მივმართავთ ამ სტრატეგიას – ტექსტის ხმამაღლა კითხვისას შევჩერდებით და შევაჯამებთ წაკითხულს, თანდათან ამას ბავშვებიც მიეჩვევიან და უკვე სკოლაში, კითხვის სისტემური შესწავლის პროცესში, ადვილად მოახერხებენ, დროთა განმავლობაში კი ჩვევადაც ექცევათ.

კითხვის პროცესში შეყოვნება და წაკითხულის მოკლედ გახსენება, მკითხველისთვის (განსაკუთრებით – პატარა მკითხველისთვის) მეტად საინტერესო და სასარგებლოა. ამ პროცესში მისი აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება კითხვაში გაწაფულობის ხარისხის მატებასთან ერთად და საბოლოო ჯამში ავტომატიზებულ სტრატეგიად ჩამოყალიბდება. წაკითხული ტექსტისა და მისი ცალკეული მონაკვეთების ავტომატიზებული შეჯამება, როგორც უკვე ვთქვით,  ეფექტური მკითხველის ერთ-ერთი აუცილებელი მახასიათებელია.

როგორ და როდის შევაჯამოთ წაკითხული ტექსტი?

ნახევარი ან ერთი გვერდის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და გავიხსენოთ, რა იყო წაკითხულ მონაკვეთში მთავარი. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ მოსწავლეებიც.

ტექსტის შეჯამებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ ფრაზები: ესე იგი… ასე რომ… როგორც აღმოჩნდა… გამოდის, რომ…

უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტის შეჯამება უფრო სასარგებლოა, როცა მას ვიყენებთ კითხვის სხვა სტრატეგიების (მაგალითად, კითხვების დასმის, ვარაუდების გამოთქმა-გადამოწმების და ა. შ.) პარალელურად.

ნიმუში:

ვთქვათ, ბავშვებს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“. რომელი მონაკვეთები შეიძლება შევაჯამოთ ამ ზღაპარში? პირობითად შეიძლება მოვნიშნოთ რამდენიმე ადგილი: 1. ნაცარქექიას სახლიდან გაგდება; 2. ქვისთვის წყლის გამოდენა; 3. დევთან ერთად დევის სახლში წასვლა; 4. ვახშმის სამზადისი; 5. დევის გაქცევა და ზღაპრის დასასრული.

აქვე ნიმუშად გთავაზობთ წინადადებებს, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ თითოეული მონაკვეთის შეჯამებისას. არც აქ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტრატეგიის მოდელირებისას აუწონელი სარგებლის მომტანია ხმამაღლა ფიქრის მიდგომა.

თითოეული მონაკვეთი და მისი შეჯამება წარმოვადგინოთ ცხრილის სახით:

 

# ზღაპარ „ნაცარქექიას“ მონაკვეთი შეჯამება
1 ნაცარქექიას სახლიდან გაგდება ესე იგი, ნაცარქექია გააგდეს საკუთარი სახლიდან და თან გაატანეს რამდენიმე ნივთი.
2 დევთან შეხვედრის შემდეგ ქვისთვის წყლის გამოდენა გამოდის, რომ ნაცარქექიამ დევი მოატყუა და დააჯერა, რომ მასზე ღონიერია.
3 ნაცარქექიას გამარჯვება სირბილში, მდინარეზე გადასვლისას ნაცარქექიას „ძალის“ გამოჩენა ესე იგი, ნაცარქექიამ კიდევ უფრო დაარწმუნა დევი, რომ სასწაული ძალის მქონეა.
4 დევთან ერთად დევის სახლში წასვლა გამოდის, დევს ისე შეეშინდა, რომ ნაცარქექიას ყველა სურვილს ასრულებს.
5 ვახშმის სამზადისი როგორც აღმოჩნდა, ნაცარქექია ბევრჯერ გადაურჩა თავისი ნამდვილი სახის გამოჩენას. ნეტავი დევი ბოლომდე მოტყუებული დარჩება?
6 დევის გაქცევა და ზღაპრის დასასრული ასე რომ, ნაცარქექიამ დევი საბოლოოდ მოატყუა და მის ქონებას დაეპატრონა.

 

  1. სიტყვებზე დაკვირვება

რა არის ეს?

წიგნის კითხვისას ტექსტში შეხვედრილი საინტერესო სიტყვები არ უნდა გავატაროთ მხოლოდ ერთი წაკითხვით. მათზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, განვმარტოთ და ჩავატაროთ ისეთი თამაშები, რომლებიც უფრო უკეთ გააცნობს ამ სიტყვებს ბავშვებს. რაკი თამაში ვახსენეთ, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ბავშვისთვის, განსაკუთრებით – სკოლამდელ ასაკში, წიგნის კითხვა მოსაბეზრებელ აქტივობად არ უნდა იქცეს.

რომელ და როგორ სიტყვებზე იქნება კარგი ყურადღების გამახვილება? რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს იქნება უცნობი სიტყვები (აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და გავიხსენებთ ამ სერიის პირველი წერილის მსჯელობას, სადაც ხაზი გავუსვით, რომ წიგნის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ სათანადო დოზით უცნობი სიტყვების არსებობაა) და მნიშვნელოვანი სიტყვები.

რატომ უნდა დავაკვირდეთ სიტყვებს?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი, რაც წიგნის კითხვიდან შეიძლება მიიღოს ბავშვმა, არის ახალი სიტყვების შესწავლა და ამ გზით ლექსიკური მარაგის გამდიდრება. წიგნის კითხვისას ბავშვები ხშირად კითხულობენ, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. უფროსები მათ გასაგებად ავუხსნით ხოლმე ამ სიტყვის მნიშვნელობას. უმჯობესია, თუკი თვითონვე ჩავეკითხებით და გამოვათქმევინებთ ვარაუდს, რას უნდა ნიშნავდეს ესა თუ ის სიტყვა.

გარდა იმისა, რომ ამით ბავშვები ლექსიკურ მარაგს გაიმდიდრებენ, წაკითხულ ტექსტსაც უკეთ გაიაზრებენ და კითხვის პროცესიც უფრო სასარგებლო გახდება.

როგორ დავაკვირდეთ სიტყვებს?

მასწავლებელს წინასწარ აქვს შერჩეული ტექსტში ისეთი სიტყვები, რომლებზეც მოსწავლეებს ყურადღებას გაამახვილებინებს, სთხოვს მათ განმარტებას თუ განსახიერებას, სინონიმის ან ანტონიმის დასახელებას, ამ სიტყვებზე წინადადებების მოფიქრებას, დახატვას და სხვ. ჩამოთვლილი აქტივობები მშობლებსაც გამოგვადგება, როდესაც არასასწავლო სიტუაციაში ვუკითხავთ ხოლმე ბავშვებს, მაგრამ წინასწარ ტექსტების შესწავლა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ნამდვილად არ არის საჭირო და არ უნდა დავფრთხეთ, საქმე არ უნდა გავირთულოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის საჭირო წამდაუწუმ კითხვის შეწყვეტა სიტყვებზე კონცენტრირების მიზნით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წიგნის/ტექსტის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რამდენად შეესაბამება ის ჩვენი პატარების კითხვის დონეს – კითხვის პროცესში მკითხველების ნაცვლად სიტყვათა განმმარტებლებად არ უნდა ვიქცეთ. ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი დაკვირვება და გარკვეული დასკვნაც გამოვიტანოთ: ბავშვები არ ბრკოლდებიან მათთვის უცნობი სიტყვების მოსმენით და უდრტვინველად გაატარებენ ხოლმე ასეთ სიტყვებს, თუ მთლიანი თხრობა, ამბის მდინარება მათთვის გასაგებია. გაგების დაბრკოლების ან უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ისინი დროდადრო შეგვაჩერებენ ხოლმე და ჩაგვეკითხებიან ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას. სწორედ ასეთ შემთხვევებში უნდა მოვახერხოთ ამ სიტყვებზე სათანადო დაკვირვება და მსჯელობა. რასაკვირველია, ჩვენი ინიციატივითაც უნდა შევთავაზოთ ხოლმე ბავშვებს სიტყვებზე თამაშ-ვარჯიშები.

სიტყვებზე დასაკვირვებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი კითხვები:

  • რას ნიშნავს ეს სიტყვა? რომელ სიტყვას გაგონებს?
  • ხომ არ იცი მსგავსი მნიშვნელობის სხვა სიტყვა? საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვა?
  • ხომ არ შეგიძლია, ამ სიტყვის გამოყენებით სხვა წინადადება მოიფიქრო?
  • ხომ არ „იმალება“ ამ სიტყვაში სხვა სიტყვა? (მაგალითად, ნაცარქექია – ნაცარი, ქექია, ია… ქარი… ქერქი…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვის თანარიტმულ სიტყვას? (ბუხარი – მსუქანი, ძმა – მთა…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვისთვის შესაფერისი შინაარსის სიტყვას? (სადგისი გაუყარა, ჭიშკარი გააღო, მდინარე ადიდდა…)
  • ხომ ვერ მოიფიქრებ ამ სიტყვისთვის შეუფერებელი შინაარსის სიტყვას? (სადგისი მოხარშა, ჭიშკარი გადაშალა, მდინარე შეჭამა…)

ნიმუშები:

განვიხილოთ წინადადება ზღაპრიდან „ნაცარქექია“ და ვნახოთ, რა კომენტარები შეიძლება გავაკეთოთ ზოგიერთ სიტყვაზე:

„მობეზრდათ ძმებს ნაცარქექიას უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან“.

– რას ნიშნავს უსაქმურობა? უსაქმურობა… ანუ საქმე როცა არ აქვს ადამიანს… ასეთი ადამიანი იქნება უსაქმური, ხოლო როდესაც ადამიანი საქმეს არ აკეთებს, ესე იგი, ის უსაქმურობს. კიდევ რა სიტყვა შეიძლება ვთქვათ უსაქმურ ადამიანზე? (ამ შემთხვევაში სკოლის მასწავლებელი ასე ჰკითხავდა მოსწავლეებს: „რა სიტყვაა „უსაქმურის“ სინონიმი?) „ზარმაცი“. „უსაქმურობა“ იქნება „სიზარმაცე“.

თუ გვინდა, ანტონიმიც ვათქმევინოთ ბავშვს, შევეკითხებით:

– „უსაქმურისგან“ განსხვავებით, რა ჰქვია ადამიანს, რომელიც სულ შრომობს, მუშაობს? „მშრომელი“, „გამრჯე“…

ვნახოთ კიდევ ერთი მონაკვეთი იმავე ზღაპრიდან:

ძმებმა მართლა მისცეს ნაცარქექიას ერთი გუდა ნაცარი, ერთი ჭყინტი ყველი და სადგისი. აიღო ნაცარქექიამ თავისი ავლადიდება, გამოიხურა ეზოს ჭიშკარი და გაუდგა გზას“.

ამ წინადადებებში შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ სიტყვებზე: გუდა, ჭყინტი, სადგისი, ავლადიდება, ჭიშკარი.

გავითვალისწინოთ, რომ ყველა სიტყვის ერთბაშად განხილვა დამღლელია და ბავშვს კითხვისადმი ინტერესს ჩაუკლავს – მთავარი ხომ ის ამბავია, რომელსაც ვკითხულობთ. შესაბამისად, ერთ წაკითხვაზე განსახილველი სიტყვების რაოდენობა უნდა შევარჩიოთ. რამდენია ეს, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, უნდა მივხვდეთ სიტუაციისდა მიხედვით.

მივუბრუნდეთ გამოყოფილ სიტყვებს.

გუდა

– რა სიტყვებს გაგონებს? (გუნდა, ბუდა, გუფთა…)

– დაუკვირდი, წინადადებაში როგორაა გამოყენებული: ერთი გუდა ნაცარი. ანუ ნაცარი ყრია გუდაში. ესე იგი, გუდა არის რაღაც ჩანთასავით, რომელშიც შეიძლება ნაცარიც ჩავყაროთ… მოკლედ, გუდა არის ცხვრის ან ხბოს მთლიანი ტყავისგან გაკეთებული ჩანთასავით ნივთი, რომელშიც წინათ პროდუქტებს, მაგალითად, ყველს ინახავდნენ.

– ხომ არ იცი ისეთი სიტყვები/გამოთქმები, რომლებშიც გუდაა გამოყენებული? (გუდასტვირი, ძილისგუდა… აიკრა გუდა-ნაბადი, გუდიანი კაცი, გუდის ყველი, ტყუილების გუდა, გუდას პირი მოხსნა…)

– ხომ არ შეგიძლია მსგავსი მნიშვნელობის სიტყვების დასახელება? (ჩანთა, ტომარა, პარკი…)

– ხომ არ შეგიძლია, სხვა წინადადება შეადგინო? (კაცმა გუდა გახსნა და ყველი ამოიღო.)

 

ჭყინტი

– რა სიტყვებს გაგონებს? (ჭინჭარი, ჭრიჭინა, ბინტი, ყანწი…)

– რომელ სიტყვას ახლავს წინადადებაში და რას შეიძლება ნიშნავდეს? ჭყინტი ყველი… როგორი შეიძლება იყოს ყველი?.. ახალი, ძველი, მარილიანი, გემრიელი… მოკლედ ჭყინტი ნიშნავს ახალ, რბილ ყველს. ასევე შეიძლება ვთქვათ სიმინდზეც. როგორი იქნება ჭყინტი სიმინდი?

 

სადგისი

– სადგისი არის წვეტიანი ლითონის ჩხირი, რომელსაც აქვს ხის ტარი. მისი დახმარებით ადამიანები ხვრეტენ ტყავს: ჯერ სადგისისთ გახვრეტენ მას საჭირო ადგილზე და შემდეგ მახათით გაუყრიან მაგარ ძაფს. გამოიყენება ფეხსაცმელების, ჩანთების კერვისას. ნაცარქექია, მაგალითად, სადგისით ნაცარსაც კი ქექავდა. შესაძლოა, ამიტომაც მოითხოვა სადგისი გამატანეთო… კიდევ რისთვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ნაცარქექიას სადგისი?

– ხომ არ გახსენდება ისეთი სიტყვები, რომლებიც სადგისს ჰგავს? (სადგური, საწყისი…)

 

ავლადიდება

– მოდი, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ წინადადება, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული: აიღო ნაცარქექიამ თავისი ავლადიდება. რა იგულისხმება ავლადიდებაში? სულ სამი ნივთი. ანუ აიღო ყველაფერი, რაც გააჩნდაო. ავლადიდება ნიშნავს მთელ ქონებას. ნაცარქექიას სამ ნივთს ქონებას ძნელად ვუწოდებთ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრის ავტორი ამას დაცინვით ამბობს.

– ხომ არ შეგვიძლია, სხვა წინადადება შევადგინოთ ამ სიტყვის გამოყენებით? (ოჯახის მთელი ავლადიდება ერთ ურემზე დაეტეოდა.)

– ხომ ვერ მოძებნი ამ სიტყვაში სხვა სიტყვებს? (დიდება, დილა, ბელადი, ბალი, ვალი, დედა, დედალი…)

 

ჭიშკარი

– სანამ წინადადებაში დავაკვირდებით ამ სიტყვას, თვითონ სიტყვას დავაკვირდეთ. რომელიმე სიტყვა ხომ არ იმალება ამ სიტყვაში? კარი. წინადადებაშიც თუ ვნახავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს სიტყვა კარს უნდა ნიშნავდეს. ოღონდ ეზოს კარს. ანუ განსხვავება კარსა და ჭიშკარს შორის ისაა, რომ ჭიშკარი ეზოს კარია. მაგრამ ჭიშკარი, ამასთან ერთად, დიდი კარიც უნდა იყოს, ხშირად მას ორი ფრთა აქვს.

 

  1. მინიშნებებზე დაკვირვება

რა არის მინიშნება?

კითხვის დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ სხვადასხვა ოპერაციას მივმართავთ: ვიხსენებთ წაკითხულს, ვუბრუნდებით მას, ვაკვირდებით ილუსტრაციას და/ან სხვა მინიშნებებს.

ეს არის ისეთი სიტყვა, დეტალი, ადგილი ტექსტში, რომელიც პირდაპირ არ სცემს პასუხს ჩვენს კითხვას, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, გვიბიძგებს სწორი პასუხისკენ. გარდა ტექსტში მოცემული სიტყვებისა და წინადადებებისა, კარგ მინიშნებებს გვაძლევს ილუსტრაციებიც. იქნებ ამიტომაც არის, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა.

რატომ უნდა დავაკვირდეთ მინიშნებებს?

ბავშვები სასკოლო ასაკამდე უნდა მივაჩვიოთ, რომ წიგნებში ყველაფერი პირდაპირ არ არის ნათქვამი და ხშირად ჩვენ სხვადასხვა დეტალზე დაკვირვებით უნდა გამოვიცნოთ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი. სწორედ ამაში დაგვეხმარება მინიშნებებზე დაკვირვება.

ეს მეტად საჭირო უნარია და სულაც არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ან სკოლამდე, ან სასკოლო ასაკში ადამიანი სრულყოფს ამ უნარს. ხშირად სწორედ მინიშნებების სხვადასხვაგვარად გაგების გამო კამათობენ ხოლმე არათუ ახალბედა, არამედ გამოცდილი, ღრმად განსწავლული მკითხველებიც კი. ცხადია, ბავშვების ამ უნარში გავარჯიშების დროს ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით მარტივ და ზედაპირულ მინიშნებებზე, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია.

როგორ დავაკვირდეთ მინიშნებებს?

მინიშნებებზე დაკვირვებისას უნდა ვუპასუხოთ შემდეგი ტიპის კითხვებს:

  • რაზე მიგვანიშნებს ესა თუ ის დეტალი (სიტყვა, ილუსტრაციის საგანი, ფერი…)?
  • რა დეტალი მიგვანიშნებს ამა თუ იმ მოსაზრებაზე?

მინიშნებებზე დაკვირვებისკენ ყველაზე მეტად გვიბიძგებს ღრმა შეკითხვები ანუ შეკითხვები, რომელთა პასუხებიც ტექსტში პირდაპირ არ წერია. მოსწავლეებთან ერთად ასეთ შეკითხვებზე პასუხების ძიება ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და ტექსტის გააზრების უნარებს. მინიშნებად შეიძლება გამოგვადგეს:

  • სათაური;
  • ილუსტრაცია და მისი რომელიმე დეტალი;
  • პერსონაჟის სახელი;
  • პერსონაჟის ქცევა/სიტყვები;
  • ტექსტის რომელიმე წინადადება ან სიტყვა.

კითხვის დაწყებისას ჩვენ ვარაუდებს სწორედ სათაურისა და ილუსტრაციების მიხედვით გამოვთქვამთ ხოლმე. კითხვის პროცესში კი შეიძლება შევამჩნიოთ ისეთი წინადადება, სიტყვა ან პერსონაჟის ქცევა, რომელიც კონკრეტულ დასკვნაზე მიგვანიშნებს. ბავშვების ჩართულობით ამ მინიშნებებზე დაკვირვება, მათზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა კითხვის პროცესს უფრო საინტერესოს და სასარგებლოს ხდის. თავდაპირველად შესაძლოა ბავშვმა არც იაქტიუროს, მაგრამ უფროსის სამოდელო ქცევებზე დაკვირვების შემდეგ თანდათან მიეჩვევა ამას და მისთვის ეს ჩვეულებრივი გონებრივი საქმიანობა გახდება.

ნიმუშები:

განვიხილოთ „ნაცარქექიას“ კითხვის პროცესი და ვნახოთ, როგორ შეიძლება წარიმართოს ინტერაქცია წიგნის მინიშნებების მიხედვით.

– რა ხდება ყდის ილუსტრაციაზე? ვინ არის მასზე გამოსახული? რას აკეთებენ ეს პერსპნაჟები?

(დავუშვათ, წიგნის ყდაზე გამოტანილია სწორედ ეს ილუსტრაცია – არჩილ კუხიანიძის მიერ „ახალი დედაენისთვის“ შექმნილი ნახატი.)

რასაკვირველია, წიგნის წაკითხვამდე ბავშვები ვერ გამოიცნობენ, რა ხდება აქ, მაგრამ ილუსტრაციის მინიშნებებით შეიძლება დაასკვნან:

  • დევი შეწუხებულია, რომ დიდი კეცის ქვეშ ადამიანია მოქცეული.
  • ბუხარში პურს (ან ხაჭაპურს) აცხობს დევი, რადგან მზარეულის ქუდი სწორედ მას ახურავს.

თამაშის გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე

0

თამაშით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელთა გარეშე ცხოვრებაც დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია.  უდიდესი  ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის მიხედვით – „თამაშის საშუალებით ვითარდება ის ძალები და შესაძლებლობები, რომლებიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება“.

მოსწავლე ცოდნას თამაშის საშუალებით იღრმავებს და ივითარებს. თამაშით სწავლება არის ძალიან სახალისო, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლეს სკოლასთან შეგუება უწევს. ამ დროს სწავლება განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას შეუძლია, განუვითაროს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. ის დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა თანამშრომლობითი და ჯგუფური მუშაობის განვითარებაში.

სწავლების დროს თამაშის გამოყენებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლების  სფეროს მეცნიერ-მკვლევრები. ისინი საუბრობენ სასწავლო პროცესში თამაშის უპირატესობაზე, რაც აისახება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

„ენის შესწავლა რთული ამოცანაა და მიზნის მისაღწევად მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. კარგად შერჩეული თამაშები ფასდაუდებელია, რადგან მოსწავლეებს ეძლევათ შესვენების საშუალება და ამ დროს ისინი იყენებენ სხვადასხვა ენობრივ უნარებს“. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

შესაბამისად, თამაშით სწავლება სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

ყველა თამაში, რომლებსაც მოსწავლეები თამაშობენ, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძალიან ბევრი სავარჯიშო. ჯგუფური თამაშები კიდევ უფრო სასარგებლოა. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

„ენობრივი თამაშები საკლასო ოთახში არის სასიამოვნო აქტივობა წესებით, რომლებიც მიზანმიმართულად არის შემუშავებული მოსწავლეებში სწავლის დონის ასამაღლებლად, ჰალდფილდი (1999) ამტკიცებს, რომ თამაშები გართობასთან ერთად გულისხმობს მიზნებსა და წესებს“. (Abdullah, Karim, 2020)

მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო აქტივობებით დატვირთული. დაწყებით საფეხურზე თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის. უცხო ენის კათედრის სხდომებსა და მასწავლებლების შეხვედრებზე ხშირად განვიხილავთ, რომელი აქტივობაა შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისად, ვთანხმდებით, რომ თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ, მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, დავალებებს  უფრო გააზრებულად და ყურადღებით ასრულებენ.

სტატიაში შევეცდები, მოგაწოდოთ რამდენიმე თამაშის ინსტრუქცია, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

  1. Run to the board – ეს თამაში კარგი გზაა იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგად იმახსოვრებენ მოსწავლეების წინა გაკვეთილზე ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია:  ეს თამაში შეიძლება გამოყენებულ იქნას გრამატიკის, ლექსიკის ან მართლწერაში სავარჯიშოდ. მაგალითად, ლექსიკაში სავარჯიშოდ, მოსწავლეებს სთხოვეთ, დაწერონ ცხოველების სახელები. ისინი წერენ, რაც შეიძლება მეტ მაგალითს. ასევე ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დიაგნოსტიკური ტესტი იმის გასარკვევად, თუ რა იციან მოსწავლეებმა სემესტრის დასაწყისში.

ვყოფთ კლასს ორ ჯგუფად (დიდი კლასის შემთხვევაში შესაძლებელია მეტი ჯგუფის შექმნა). დავყოთ დაფა ორ (ან მეტ) ნაწილად, გუნდების რაოდენობის მიხედვით. მოსწავლეებს ვუნიშნავთ დროს, რამდენ ხანში შეასრულონ დავალება (4 წუთი, 5 წუთი ა.შ.). დაფაზე ვწერთ კატეგორიას, ან რომელიმე საკითხს, გრამატიკულ მასალას. მოსწავლეები კი წერენ სიტყვებს, რომლებიც ამ თემაზე საუბრისას გამოიყენება. ვთხოვთ თითოეულ გუნდის თითოეულ წევრს სწრაფად დაწერონ დაფაზე ეს სიტყვები. მოსწავლეები შემდეგ მოსწავლეს გადასცემენ ცარცს და ასე გრძელდება დროის ამოწურვამდე. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხი აქვს.

 

  1. The ballgame (Hello, my name is..) – ეს თამაში განსაკუთრებით კარგია დაბალ კლასებში. მისი მეშვეობით მოსწავლეები ივითარებენ საუბრისა და გუნდური მუშაობის უნარს. ერთადერთი რესურსი, რომელიც საჭიროა, არის ბურთი (ან რბილი სათამაშო).

ინსტრუქცია: მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ წრე, მასწავლებელი იღებს ბურთს და წარადგენს საკუთარ თავს, შემდეგ გადასცემს ბურთს მოსწავლეს, რომელმაც უნდა წარადგინოს საკუთარი თავი, მოსწავლე სხვა მოსწავლეს გადასცემს. და ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ წარადგენს საკუთარ თავს.

 

  1. Flyswatter game – ეს თამაში ძალიან სახალისოა, მოსწავლეები ივითარებენ ლექსიკას და მოსმენის უნარ-ჩვევებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, დავწეროთ 10-20 სიტყვა დაფაზე. პირველი ორი მოსწავლე გადის დაფასთან და თითოეულს ეძლევა თითო ბუზის საკლავი. მასწავლებელი აძლევს მინიშნებებს ერთ-ერთ სიტყვაზე, იწყებს ზოგადი მინიშნებით და მიდის უფრო კონკრეტულამდე. მასწავლებელს შეუძლია დაახლოებით 3-ჯერ მიანიშნოს, სანამ პირველი მოსწავლე გამოიცნობს სიტყვას. მოსწავლემ, რომელმაც იცის პასუხი, თავისი ბუზის საკლავით ურტყამს სიტყვას. თუ სწორია მისი გუნდი იღებს ქულას და შემდეგი ორი მოსწავლე მოდის დაფასთან. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც მეტი სწორი პასუხი ექნება.

 

  1. Throwing ball – ამ აქტივობით მოსწავლეები იმეორებენ ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 (ან მეტ) ჯგუფად.  ვირჩევთ თემას ცხოველებზე. მასწავლებელი დაფაზე წერს ასო-ბგერებს.  თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. მოსწავლე ისვრის ბურთს დაფისკენ, რომელ ასო-ბგერასაც ბურთი მოხვდება, ამ ასოზე უნდა დაასახელოს ცხოველი.

 

  1. Pictionary race – ამ თამაშით მოსწავლეები ვარჯიშობენ ლექსიკაზე.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. ვაჩვენებთ სიტყვას, მოსწავლეები ხატავენ. რომელი გუნდის მოსწავლეც გამოიცნობს სიტყვას, ის გუნდი იგებს.

 

  1. Running dictation – ეს თამაში მოსწავლეებს უვითარებს წერის, მოსმენის, მეტყველებისა და კითხვის უნარებს. ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ინგლისურის ცოდნის ნებისმიერ დონეზე.

ინსტრუქცია: მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოსწავლეს. ავირჩიოთ პატარა ტექსტი, წინადადებები ან დიალოგი, განვათავსოთ საკლასო ოთახის კედელზე. მწერლები სხდებიან სკამებზე, მკითხველები მიირბენენ, წაიკითხავენ კედელზე დაწერილ  წინადადებას, მოირბენენ და უკარნახებენ მწერლებს, შემდეგ ისინი ცვლიან როლებს. გამარჯვებული არის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს, თუმცა თუ მათ შეცდომები ექნებათ, ისევ უნდა გააგრძელონ.

 

  1. Roll the dice – ამ თამაშის გამოყენება ძალიან ბევრი სახით შეიძლება. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს.

ინსტრუქცია: მასწავლებელი დაფაზე წერს ექვს წინადადებას, რომელიც ერთიდან ექვსამდეა დანომრილი. მოსწავლე გამოდის აგორებს კამათელს, რომელი ციფრიც ამოდის, კითხულობს წინადადებას და შეუსაბამებს შესაბამის ილუსტრაციას.

 

  1. Category writing game – ეს თამაში ძალიან კარგია ლექსიკის გასამეორებლად და მართლწერის შესამოწმებლად.

ინსტრუქცია: კლასს ვყოფთ ორ ან სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს კაპიტანს. მასწავლებელი მაგიდაზე დებს ფურცელზე ჩამოწერილ კატეგორიებს (მაგ. საჭმელი, ცხოველები, ტრანსპორტი და ა. შ.), რომლებიც დაფარულია და კაპიტნები ირჩევენ კატეგორიებს. თითოეულმა ჯგუფმა თავის კაპიტანს უნდა უთხრას და დაწეროს ამ კატეგორიის შესაბამისი, რაც შეიძლება მეტი სიტყვა. მათ აქვთ დროის ლიმიტი, შეიძლება მივცეთ 3 ან 4 წუთი. თითოეული ჯგუფი ყოველი სიტყვისთვის იღებს თითო ქულას. ამ თამაშში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწერა.

 

 

გეოგრაფიის შურისძიება

0

2003 წლის 15 მარტს ჟურნალმა „ეკონომისტმა“ გამოაქვეყნა სტატია პროვოკაციული სათაურით „გეოგრაფიის შურისძიება“.

გულუბრყვილო იყო იმის ვარაუდი, რომ ინტერნეტის გლობალური წვდომა გეოგრაფიას არარელევანტურს გახდიდა. ტექნოლოგიები ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროებს უფრო მეტად აკავშირებს, ვიდრე ოდესმე. ინტერნეტის ბუმის პირველ დღეებში ბევრს ლაპარაკობდნენ „დისტანციის სიკვდილზე“, რომ გლობალური ციფრული ქსელის გაჩენა ბოლოს მოუღებდა ფიზიკურ თუ გეოგრაფიულ შეზღუდვებს. იყო ამაში გარკვეული სიმართლეც. ელექტრონულმა ფოსტამ იაფი და მარტივი გახადა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, თუ  სად ცხოვრობდნენ ისინი, თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს. კომპანიებს შეეძლოთ მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან უკვე შეეძლოთ ონლაინ რეჟიმში შეკრება და აზრის გაზიარება. გეოგრაფიული მდებარეობა შეიძლება განისაზღვროს GPS-ის საშუალებით. ვირტუალურმა სამყარომ გადაფარა და გადაკვეთა რეალური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

სინამდვილეში, გეოგრაფია შორს არის სიკვდილისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სასარგებლოა ინტერნეტის, როგორც პარალელური ციფრული სამყაროს გამოყენება, მისი მომხმარებლები ცხოვრობენ რეალურ სამყაროში, სადაც გეოგრაფიის საზღვრები ჯერ კიდევ მოქმედებს, და ეს საზღვრები ვრცელდება ონლაინ. კონკრეტული ადგილის შესაბამისი ინფორმაციის, ან კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებული მდებარეობის მოძიება ყოველთვის  არ არის ადვილი. ამან გამოიწვია ინოვაციების მოზღვავება, განვითარდა ახალი ტექნოლოგიები ვირტუალური და ფიზიკური სამყაროების დასაკავშირებლად.

ზემოთაღნიშნული სტატია ძირითადად ეხება იმას, თუ რა როლი შეასრულა ტექნოლოგიების გამოყენებამ „გეოგრაფიის გადარჩენაში“. მე სხვა მიმართულებით მინდა ავხსნა გეოგრაფიის გაცოცხლება და აქტუალობა. ჩემთვის გეოგრაფიის „შურისძიება“ ბუნების „შურისძიებასთან“ ასოცირდება, ბუნებრივი კატაკლიზმებით რომ არის გამოხატული. გეოგრაფია არის მეცნიერება, რომლის გამოც მოსწავლეებს (ადამიანს) უწევთ გაუმკლავდეთ უზარმაზარ და მრავალფეროვან საგანს, რისთვისაც აუცილებელია იდეების ანალიზის, სინთეზის, ასოციაციისა და კლასიფიკაციის უნარები.

გეოგრაფიის და ზოგადად სოციალურ მეცნიერებათა სწავლება ჯერ კიდევ ძალიან არის დაკავშირებული სწავლა-სწავლების ტრადიციულ პროცესებთან, სადაც მოსწავლეებმა უნდა დაიმახსოვრონ ახალი შინაარსი, მდინარეები, მთები, ქვეყნები, ბრძოლები, რევოლუციები, მეფეები ან დედოფლები. ზოგჯერ მოსწავლეები ფიქრობენ, რომ გეოგრაფია მოსაწყენია, რადგან ის საერთოდ არ არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან და არ ხსნის რეალურ პრობლემებს. სოციალურ მეცნიერებათა განათლებამ უნდა დაუკავშიროს გეოგრაფიული ცოდნა ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დგას რეალური საზოგადოება (Osler and Starkey, 2005).

თითქმის 80 წლის წინ სმიტმა (ციტატა 1945) განიხილა გეოგრაფიის გაკვეთილების ფარგლებში გეოგრაფიული აზროვნების ჩამოყალიბება და თქვა, რომ ეს დაეხმარება მოსწავლეებს გახდნენ მიზანმიმართული მოაზროვნეები, წარმატებულები და არა „ანიმაციური საცნობარო წიგნები“. მან აღწერა შეერთებულ შტატებში მოსწავლეთა გეოგრაფიული აზროვნების ცუდი მდგომარეობა და წუხდა იმის გამო, თუ როგორ ისწავლებოდა გეოგრაფია. ჩვენ როგორ ვასწავლით? რას ვასწავლით და რატომ? კვლავ ისმის წუხილი იმის შესახებ, რომ აღარ ვასწავლით ქვეყნებს, დედაქალაქებს … არ მოგვწონს სახელმძღვანელოები, ვიწუნებთ ეროვნულ სასწავლო გეგმას (თუ კი ვიცნობთ საერთოდ)…

დამსაქმებლები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების ცოდნითა და უნარებით, მათგან მოელიან, რომ მონაწილეობა მიიღონ არსებითად უწყვეტი სწავლის პროცესში. ცოდნა და უნარები უნდა შენარჩუნდეს, განახლდეს და შეიცვალოს.

ვირტუალური სამყაროს ხელმისაწვდომობა და ინტელექტუალური გამოყენება დიდ უპირატესობას ანიჭებს სივრცით აზროვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამუშაო ადგილზე და მეცნიერებაში.

დღესდღეობით მეცნიერები დიდწილად თანხმდებიან გეოგრაფიული აზროვნების მნიშვნელობაზე. მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ გეოგრაფიული აზროვნება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამყაროს კონცეპტუალიზაციაში (ჩანაფიქრის განხორციელებაში), რადგან გვეხმარება გავიგოთ მისი სირთულე და უკეთ გავიგოთ მისი განუზომელი კანონზომიერებები. ამგვარ აზროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ის  ითვლება ბუნებრივად (Brooks et al., Citation2017).

გეოგრაფიული აზროვნება ხშირად განიხილება, როგორც გეოგრაფიის განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი.

გეოგრაფიული აზროვნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ანთროპოგენურ კონტექსტში. ამ ეპოქაში, რომელიც განპირობებულია ადამიანური საქმიანობით, გეოგრაფიული აზროვნება გვაძლევს ძალას, ხელი შევუწყოთ უფრო მდგრად მომავალს. ამრიგად, გეოგრაფიული აზროვნების შეფასება და განვითარება პრიორიტეტული უნდა იყოს. (ლამბერტი, Citation2023).

გარდა ამისა, სკოლებში გეოგრაფიული აზროვნების დანერგვა ერთ-ერთი მიდგომაა გეოგრაფიის აღწერითი, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსახულების ჩანაცვლებისთვის. როგორც ჯექსონმა (Citation2006) აღნიშნა, გეოგრაფიული აზროვნების ძალის დემონსტრირება შეიძლება ასევე შეეხოს გეოგრაფიის მოძველებულ შინაარსს, შეცვალოს სტუდენტების რაოდენობის მზარდი ვარდნა და გეოგრაფიის შესახებ მცდარი წარმოდგენები.

მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული აზროვნების კვლევის სფერო საკმაოდ განვითარდა სმიტის სტატიის შემდეგ (1945), მისი ზოგიერთი გადამწყვეტი კითხვა გადაუჭრელი რჩება. გეოგრაფიული აზროვნების მნიშვნელობის მიუხედავად, არ არსებობს თანმიმდევრული კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა არის ის სინამდვილეში ან როგორ უნდა განვითარდეს და შეფასდეს სკოლებში. შესაბამისად, მრავლადაა გეოგრაფიული აზროვნების გარშემო განსხვავებული განმარტებები, მიდგომები და კონცეპტუალიზაცია  (მაგ., ბრუკსი და სხვ., Citation2017).

ზოგადად გეოგრაფიის სფეროში, გეოგრაფიული აზროვნება ჩვეულებრივ ასოცირდება გეოგრაფიის პარადიგმების ცვალებადობასა და განვითარებასთან და ძირითადად დაკავშირებულია ისეთ სახელებთან, როგორებიცაა კარლ რიტერი, ფრიდრიხ რატცელი, რიჩარდ ჰარტსორნი, ვიდალ დე ლა ბლაშე და ა.შ., გეოგრაფიულ განათლებაში გეოგრაფიული აზროვნება უმეტესად გეოგრაფის მსგავსად აზროვნების შემეცნებით პროცესს გულისხმობს.

გეოგრაფიული აზროვნება ხშირად მოიხსენიება სხვა ცნებების კონტექსტში, როგორიცაა სივრცითი აზროვნება (მაგ., Metoyer & Bednarz,ციტატა2017 ), ურთიერთობით აზროვნება (მაგ., Karkdijk et al.,ციტატა2019a ), სისტემური აზროვნება (კოქსი და სხვ.,ციტატა2019b ,ციტატა2019a ), გეოგრაფიული მსჯელობა (Karkdijk et al.,ციტატა2019b ), გეოგრაფიული წიგნიერება (Favier & Van der Schee,ციტატა2014 ). მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული აზროვნება ამ ცნებებთან საერთო მახასიათებლებს იზიარებს, ის მაინც განიხილება, როგორც თვითკმარი კონცეფცია, რომელიც დამოუკიდებლად დგას.

ვინაიდან გეოგრაფიული განათლება ფოკუსირებულია ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებებზე და იმაზე, თუ როგორ იცვლება მდებარეობის მიხედვით (van der Schee et al. 2014 ), იგი შეესაბამება ჰოლისტიკურ (ელემენტარული კავშირები), დროით (განვითარების ცვლილებები) და სივრცით (რეგიონული მახასიათებლები) მახასიათებლებს, რომლებიც ხაზგასმულია გეოგრაფიული სინთეზური აზროვნებით. (ვეი და ჟუ, 2018 ). გეოგრაფიული განათლების კონტექსტში, გეოგრაფიული სინთეზური აზროვნების განვითარება საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაიგონ რთული გეოგრაფიული სისტემები, ასევე გარემოსდაცვითი მდგრადობისა და ადამიანის კეთილდღეობის მდგრადობის საკითხები და ეხმარება მოსწავლეებს გაუმკლავდნენ სწრაფად ცვალებად, ურთიერთდამოკიდებულ და რთულ სამყაროს (Bednarz et al. 2013 ). ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიული სინთეზური აზროვნების განვითარებას.

გეოგრაფიული აზროვნების უნარების განვითარება აქტუალურია საშუალოდან უმაღლეს განათლებამდე (Karkdijk et al., 2013), რადგან ისინი ეხმარებიან სტუდენტებს გააუმჯობესონ და გადალახონ გეოგრაფიის უბრალო აღწერა (არაია და კავალკანტი, 2018). განსაკუთრებით მას შემდეგ რაც კლიმატის ცვლილებისა და გარემოს განადგურების აქტუალური საკითხების შესწავლა დაიწყეს.

მკვლევართა ყურადღება მიიპყრო საზოგადოების განვითარებასა და ეკონომიკას შორის არსებული სივრცითი ურთიერთკავშირმა;

გეოგრაფიული აზროვნების ცნებები შეიძლება განახლდეს.

გეოგრაფიული აზროვნების კონცეფციებით სწავლა-სწავლის მნიშვნელობა განპირობებულია ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გახსნას: სოციალური მეცნიერების განათლების ახალი მეთოდოლოგიების შემუშავება, როგორც გლობალური პროექტები, რთული პროცესების გაგება მონაცემთა დამახსოვრების ნაცვლად, სკოლის ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურობასთან, ცხოვრებასთან, საველე სამუშაოების ხელშეწყობა, თანამშრომლობა და კვლევა გეოგრაფიის გაკვეთილებზე და სკოლებში მიმდინარე სოციალური საკითხების განხილვა, როგორიცაა ომები, პოლიტიკური პოპულიზმი, ლტოლვილები, კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური კრიზისი, მასობრივი ტურიზმი, გარემოს განადგურება, დაბინძურება, მიგრაცია, მემკვიდრეობის შენარჩუნება, სიღარიბე ან შიმშილი განვითარებად საზოგადოებებში.

ასეთია გეოგრაფიის „შურისძიება“, რომელიც ჩვენგან მოითხოვს სიყვარულსა და მზრუნველობას იმ გარემოს მიმართ, რომლის გადარჩენაც ჩვენი და მომავალი თაობების ვალდებულებაა.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/10382046.2024.2354097?src=exp-la#d1e277

https://viva.pressbooks.pub/humangeog/chapter/thinking-geographically/

https://www.jstor.org/stable/40571301 ; https://www.nature.com/articles/s41599-024-03312-x

https://nap.nationalacademies.org/read/11019/chapter/7#111

 

 

 

იდეიდან ტექსტამდე

0

(მესამე ნაწილი – მარტოობის აპოლოგია)

წერისთვის აუცილებელია განმარტოება. არიან მწერლები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილასაც მშვენივრად მუშაობენ, მაგრამ მე აშკარად არ ვარ ერთ-ერთი მათგანი. ყოველთვის ჩემს ოთახში ვწერ. ეს ოთახი შეიძლება ჩემს სახლში არ იყოს (თუ, მაგალითად, სარეზიდენციო პროგრამით ვარ სადმე), მაგრამ ჩემი უნდა იყოს. სამუშაოდ კაფეებში არასდროს მივდივარ. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მთხოვა, რეპორტაჟისთვის ჩაგწერთო. დავთანხმდი და მკითხა, იქნებ თქვენ გვითხრათ, სად გირჩევნიათ ჩაწერაო. იქნებ საყვარელი კაფე გაქვთ ან მედიათეკა, სადაც მუშაობთო. რომ ვუპასუხე, სახლში ვმუშაობ-მეთქი, არ დაიჯერა, სულ სახლში ხომ არ იქნებით, როგორ, არსად გადიხართო?

არა, არ გავდივარ. უცხო გარემო გონებას მიფანტავს – მე ხომ დაკვირვება მიყვარს ნივთებზე, ადამიანებზე. რომ გავიდე, თვალიერებას გადავყვები და წერა უკან მომრჩება.

გამონაკლისი კი დამიშვია მეც ერთხელ: აიოვაში რომ ვიყავი, კვირაში ერთ დღეს ოთახს გვილაგებდნენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანმა კონკრეტული დღე აირჩია, ვერ გავიგეთ, ვისთან როდის მოდიოდნენ. ზოგი დილაობით საწოლიდანაც წამოუგდიათ. მე არ მახსოვს, რომელი დღე ავირჩიე, მაგრამ მახსოვს, რომ იმ დღეს მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ. მერე დალაგების დრო თვითნებურად შეცვალეს. ამიტომ დალაგების სავარაუდო დღეებში წამოვკრეფდი ჩემს მაკბუკსა და სამუშაო ჩანაწერებს, მოვიგდებდი მხარზე ჩემს წითელ პიჯაკს (ამერიკელებს ძალიან უყვართ კონდიციონერი, შესაბამისად, ყველგან ყინავს) და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მთავარი შენობისკენ გავწევდი. ლურჯ სამუშაო სივრცესთან ვჯდებოდი, ცენტრალური შესასვლელიდან და საგამოფენო დარბაზიდან მარცხნივ. ჩემ ირგვლივ ზოგი პრეზენტაციას ამზადებდა, ზოგი ნაშრომს წერდა, ზოგიც კითხულობდა. მხოლოდ მე ვბეჭდავდი რაღაცას გამალებით გაურკვეველ ანბანზე და გაურკვეველ ენაზე ვბუტბუტებდი (როცა ვერ ვწყვეტ, როგორ სჯობს წინადადებაში სიტყვების დაწყობა, ფრაზის სხვადასხვა ვარიანტებს ჩურჩულით ვკითხულობ. რომლის ჟღერადობაც მომეწონება, საუკეთესოც ისაა).

პირველად სწორედ მაშინ დავფიქრდი: იქნებ არც ისე საჭიროა, სამუშაო სივრცე შემოვზღუდო? მაგალითს მაძლევდა რეზიდენციის ერთი მონაწილეც, ბრწყინვალე პოეტი გაიათ ალმადუნი. ერთხელ გვითხრა, როცა ხელნაწერის ჩაბარების ბოლო ვადა კარზე მომადგება, ასე ვმუშაობო: მივდივარ კაფეში, ვწერ სამ-ოთხ საათს, რომ ვატყობ, იქ აღარ გამომდის, მეორე კაფეში გადავდივარ და ახლა იქ ვწერო. შემდეგ – კიდევ სხვა კაფეში, მერე – კიდევ სხვაში და ასე – სანამ ჩასაბარებელი გვერდების რაოდენობას არ მოვასრულებო.

როგორც ჩანს, გარემოს გამოცვლა გონებასაც აახლებს. როგორ ხდება ეს, არ ვიცი – მე არ მიცდია, მაგრამ მაინც გაგიზიარეთ – იქნებ თქვენ სცადოთ?

მე ელენ სიკსუს მუშაობის სტილის უფრო მესმის – ერთ-ერთ ლექციაში ამბობს, როცა რამეს ვწერ, სხვა ყველაფერს უნდა შევეშვა და მხოლოდ წერით დავკავდეო. ეს რთულია, რადგან საწერად წელიწადში რამდენიმე თვის გამოყოფა მიწევსო:

„მე ვმუშაობ დღეში რვა-ათ საათს გაუჩერებლად, როგორც მარათონის მორბენალი. და მერე მარათონის მორბენალივით ვეცემი. თუ ამდენი დრო არ მაქვს, წერას არც ვიწყებ. ვწერ ისე, როგორც ფრანგი კლასიკოსების უმრავლესობა, ანუ განუწყვეტლივ. თუ არ ვწერ, მძინავს, თუ მძინავს, სიზმარს ვხედავ – ესე იგი, ვწერ. მე წერის სხვადასხვა სახეს ვუნაცვლებ ერთმანეთს: დღის წერა, ღამის წერა და ასე გაუჩერებლად, რადგან წერა მოგზაურობაა და როცა გემზე ან თვითმფრინავზე ხარ, შეუძლებელია, ადგე და გადმოხვიდე ბორტიდან“[1].

პირველი წიგნის წერისას მეც სწორედ ასე ვიყავი: უშუალოდ წერას მაქსიმუმ ორ საათს ვუთმობდი დღეში, მაგრამ მთელი დღე ვფიქრობდი დაწერილზე. ამგვარად თავში მომდიოდა ხოლმე აზრები ცალკეულ სიუჟეტურ ხარვეზებზე. ამ აზრებს ვინიშნავდი და მეორე დღეს მუშაობას უკვე დაწერილის შესწორებით ვიწყებდი. ზოგადი რეკომენდაცია სხვაა: ჯერ უნდა დაასრულო ტექსტი და მერე გაასწორო. ენობრივი შეცდომები მართლაც ბოლოსთვის მოვიტოვე, მაგრამ აი, სიუჟეტურ ხარვეზებს კი ასე ვერ უგულებელვყოფდი – „აკუმში“ ხომ რამდენი პერსონაჟიცაა, იმდენივე პერსპექტივა და სიუჟეტური ხაზია, თხრობა არასწორხაზოვანია, ეს ყველაფერი ძალზე ართულებს ტექსტის სტრუქტურას. ამგვარ ტექსტში თუ ეს სტრუქტურა თავიდანვე მათემატიკურად გამართული არ არის, თუ მწერალმა თავიდანვე ზუსტად არ გათვალა დროის მიმდინარეობა, ბოლოს ყველაზე გამოცდილი რედაქტორიც კი ვერაფერს მოუხერხებს. დიახ, საწვალებელი ნამდვილად იყო, სასიამოვნო სამუშაო არ ეთქმოდა, მაგრამ მე უნდა შემესრულებინა და შევასრულე კიდეც.

მეორე წიგნზე მთლად გამოკეტილი არ ვყოფილვარ – თან სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი და თან პირველ მოთხრობაზე ვმუშაობდი. მესამე წიგნი მხატვრული არაა, როგორც იცით, და გამოკეტვა არ სჭირდებოდა, რადგან გადასამუშავებელი იყო და არა – დასაწერი. აი, ახლა მეოთხეს ჯერი მოვიდა და არ ვიცი, როგორ იქნება. გული კვლავ გამოკეტვისკენ მიმიწევს, მაგრამ მოვახერხებ? საჯარო ღონისძიებები და ინტერვიუები მექნება, როგორ უნდა შევუთავსო ეს ყველაფერი ერთმანეთს?

აქ კიდევ ერთი საკითხია: მარტო ყოფნა უნდა გიყვარდეთ. სხვაგვარად მწერლობაში გაჩერება გაგიჭირდებათ. მას შემდეგ, რაც „აკუმი“ დაიბეჭდა, ჩემს თავს შევურიგდი. ამაზე არასდროს მილაპარაკია (უფრო სწორად, ვილაპარაკე სულ ახლახან, ფრანგ ჟურნალისტებთან, მაგრამ სტატია ჯერ ხელთ არა მაქვს), „აკუმი“ ჩემს თავთან შერიგების წიგნი იყო, გამთლიანების წიგნი. სწორედ მისი გამოცემის მერე შევიყვარე მარტოობაც. და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება. წესად დავიდე, ღონისძიებებზე მარტო სიარული: ლიტერატურულ საღამოებზე, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე (განსაკუთრებით, საორღანო მუსიკის კონცერტებზე კათოლიკურ ეკლესიაში – ამაზე ოდესმე სხვა დროს და სხვა ფორმით მოგითხრობთ) და კაფეებშიც. წესად მაქვს, ზოგჯერ გავიდე მარტო, დავჯდე „დანკინ დონატსში“, დავლიო სეზონური ყავა (ჯანჯაფილის ნამცხვრის სუნელებით ზამთარში და გოგრის სუნელით შემოდგომაზე) და ვჭამო ბოსტონკრემიანი დონატი – ამ ქსელის პირველი კაფე ხომ სწორედ ბოსტონში გაიხსნა, ბოსტონკრემიან დონატსაც ამერიკაში სულ სხვა გემო აქვს. ვზივარ ხოლმე ასე ჩემთვის, სულში სიმშვიდე მაქვს, გულში – ჩუმი სიხარული, ვიხსენებ ამერიკას, რომელიც ჩემი სახლი გახდა, ჩემს ბავშვობას, რომელიც მუდამ ჩემი სახლია და ვტკბები იმ ლამაზი თავისუფლებით, რომელიც ლიტერატურამ თავის მიღმაც მაპოვნინა…

გაგრძელება იქნება

[1] ლექციის ეს ნაწყვეტი შეგიძლიათ, აქ იხილოთ: https://www.youtube.com/watch?v=evT0gGJ5Oms

საგანთა შორის ინტეგრირება – დაეხმარე სალამურას ჭიამაიების პოვნაში

0

რითია განსაკუთრებული ამა თუ იმ საკითხის ინტეგრირებულად სწავლება?

კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: საგანთა შორის ინტეგრირება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული საკითხი შეისწავლონ არა დაცალკევებულად, ფრაგმენტულად, არამედ გააერთიანონ ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა და სამიზნე ცნებებზე დაყრდნობით მთლიანობითად წარმოიდგინონ საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული ურთიერთკავშირი.

მულტიდისციპლინური მიდგომა საგნების თემატურ გაერთიანებას გულისხმობს. დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემოც. სწავლება მიმდინარეობს სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში, თუმცა თითოეული გაკვეთილი ქმნის ერთგვარ ჯაჭვს, ანუ ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს შერჩეული თემის ამოწურვამდე. თუ სასწავლო ფოკუსს რომელიმე ცნების გააზრებისკენ მივმართავთ, ამ შემთხვევაშიც ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა საგანი მისივე შინაარსის ფარგლებში შეეცდება ცნების მნიშვნელობის გააზრებას (მ. ბოჭორიშვილი).

გთავაზობთ მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი მარტივი, სახალისო, შემოქმედებითი დავალების დაეხმარე სალამურას ჭიამაიების პოვნაში სარეკომენდაციო სცენარს, რომელიც ხუთი საგნის ინტეგრირებით არის წარმოდგენილი და შესაძლებელია, შემაჯამებელ დავალებადაც გამოვიყენოთ.

ძირითადი რესურსი არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ (სახელმძღვანელო: ქართული, IV კლასი. ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე).

გრძელვადიანი სამიზნე ცნებები:

ქართული ენა და ლიტერატურა – ტექსტი; გრამატიკა.

ბუნებისმეტყველება – სივრცეში ორიენტირება.

მათემატიკა – მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა.

ხელოვნება სახვითი ხელოვნების მხატვრულგამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები); სახვითი ხელოვნების ტექნიკა; სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები;

ისტ ინფორმაცია, ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი.

დავალების პირობა – გაიხსენე არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“. წარმოიდგინე, რომ სალამურას შენ უნდა დაეხმარო დაკარგული ჭიამაიების პოვნაში. ამისთვის უნდა შეასრულო რამდენიმე დავალება და მოგზაურობის დღიურის ჩანაწერების სახით წარუდგინო თანაკლასელებს. სურვილისამებრ, შეგიძლია ჩანაწერები გააკეთო პროგრამა word-ში, ნახატები – პროგრამა Paint-ში და შეინახო ელექტრონულ დღიურში.

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • წერილობით გადმოეცი მოგზაურობის დროს თავს გადახდენილი საინტერესო ამბები, შენი გრძნობები, ფიქრები. მიუთითე ადგილი, დრო (დაწერის თარიღი) აღწერე გარემო, პერსონაჟები, როგორ გამოიყურებიან, რას აკეთებენ.
  • გამოიყენე სხვადასხვა შინაარსის წინადადებები, სწორად დასვი სასვენი ნიშნები.
  • პირობითი ნიშნების გამოყენებით შექმენი ადგილის გეგმა.
  • გამოთვალე მანძილი შენი სახლიდან მეცხრე მთამდე.
  • წარმოადგინე, რომელ მინიშნებებს დაეყრდენი ჰორიზონტის მხარეების ამოცნობისა და ვარსკვლავებზე დაკვირვების დროს.
  • შექმენი ნახატები (მოგზაურობის ამსახველი პეიზაჟები და საინტერესო ადგილები).

წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების პირობის გაცნობა და გაცნობიერება:

  • დაგიწერიათ თუ არა ვინმეს დღიური?
  • რომელ პირში უნდა იყოს დღიური დაწერილი?
  • თქვენი აზრით, რატომ უნდებათ ადამიანებს დღიურის ჩანაწერების გაკეთება?
  • სად მწყემსავდა სალამურა ჭიამაიებს?
  • რატომ დაიკარგნენ ჭიამაიები?
  • სად ეძებდა მათ სალამურა? რა გზა გაიარა?
  • საით მიდიოდა მარჯვენა გზა? მარცხენა?
  • რატომ იდგა სალამურა დაფიქრებული?

 

დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები და აქტივობები:

რესურსი ჰორიზონტის მხარეების ილუსტრაცია

აქტივობა – გაიხსენე ჰორიზონტის მხარეები. დადექი ხელებგაშლილი სახით ჩრდილოეთისკენ. რა იქნება შენ უკან? (სამხრეთი). რას გვიჩვენებს მარჯვენა ხელი? (აღმოსავლეთს) მარცხენა? (დასავლეთს)

 რესურსი – პირობითი ნიშნები

აქტივობა – გაიხსენე, რას ვუწოდებთ ადგილის გეგმას (ხმელეთის გარკვეული ნაწილის გამოსახვას პირობითი ნიშნების საშუალებით ადგილის გეგმას ვუწოდებთ).

გამოიყენე პირობითი ნიშნები და შექმენი ადგილის გეგმა, რომ ადვილად იპოვო სალამურას ადგილსამყოფელი.

 

რესურსი – სქემა (დრო – სიჩქარე – მანძილი)

აქტივობა – დაადგინე მანძილი შენი სახლიდან მეცხრე მთამდე, თუ იცი, რომ გზის გასაყარამდე მატარებლით უნდა იმგზავრო 2 საათი 70 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო შემდეგ მეცხრე მთამდე 1 საათი ფეხით 3 კმ/სთ სიჩქარით.

 

აქტივობა – ორი საათი მატარებლით უნდა იმგზავრო. დააკვირდი ბუნებას, გაიხსენე, როგორ თამაშობენ ხელოვანები ხაზებით, ფერებითა და ფორმებით. ჩახატე შენს წიგნაკში პეიზაჟი. გამოსახე სივრცე შენთვის ნაცნობი ხერხებით. გამოსახულებები კომპოზიციურად გაანაწილე ფურცელზე, ანუ შექმენი გაწონასწორებული კომპოზიცია. შეგიძლია, ნახატები შეასრულო პროგრამა paint-ში.

 

აქტივობა – ერთხელ კიდევ გაიხსენე:

  • რატომ ერქვა სალამურას ეს სახელი?
  • რა ძალა ჰქონდა მის სალამურს?
  • როგორ ეხმარებოდნენ ჭიამაიები ხალხს ამინდის პროგნოზის გაგებაში?
  • რატომ გაუბრაზდა მათ სალამურა?

აქტივობა – მატარებლით მგზავრობა დასრულდა. შენ უკვე დიდი გზის გასაყართან ხარ. ახლა ფეხით უნდა გაიარო 3 კილომეტრი, რომ მეცხრე მთასთან მიხვიდე. იმისთვის, რომ მალე იპოვო სალამურა, გაიხსენე ტექსტის მე3 თავი (გრიგალი. შეხვედრა ტყის პირას) და მონიშნე სწორი პასუხი, სად იმყოფება ის ახლა.

  1. მაღალი მთიდან ტყისკენ დაეშვა.
  2. მდინარის ნაპირს მიუყვება.

 

აქტივობა – შეისვენე, დააკვირდი ტყეს, როგორია? წიწვოვანი, შერეული თუ ფოთლოვანი? წიგნაკში გააკეთე ნახატები და ჩანაწერები.

 

რესურსი – გადაჭრილი კუნძის, ხავსისა და ჭიანჭველების ბუდის ილუსტრაციები

 

 

აქტივობა – აი, უკვე სალამურას შეხვდი ტყეში. ახლა ჩრდილოეთით უნდა წახვიდეთ. მართალია, კომპასი დაგავიწყდა, მაგრამ შენ ხედავ ხის გადაჭრილ კუნძს, ხავსს და ჭიანჭველების ბუდეს. მათი დახმარებით შეძლებ, წაიყვანო სალამურა ჩრდილოეთით.

  • გაიხსენე, რას გვანიშნებს ხის გადაჭრილ კუნძზე გამოსახული წლიური რგოლები?
  • რომელ მხარეს ირჩევს ზრდა-განვითარებისთვის ხავსი?
  • რის მაჩვენებელია ჭიანჭველების ბუდის შესასვლელი? ხის რომელ მხარეს აშენებენ ისინი ბუდეს?

(ხის გადაჭრილ კუნძზე გამოსახული წლიური რგოლები ანუ წრეები გვანიშნებს ჰორიზონტის მხარეებს. ფართო, განიერი რგოლების წყება სამხრეთის ნიშანია, ხოლო წვრილი და ერთმანეთთან ახლოს მიჯრილი ჩრდილოეთის; ხავსი ზრდა-განვითარებისთვის ჩრდილოეთის მხარეს ირჩევს; ჭიანჭველები ბუდეს ყოველთვის ხის სამხრეთით აშენებენ და ბუდის შესასვლელიც სამხრეთის მაჩვენებელია).

აქტივობა – დაღამდა, მაგრამ არ შეშინდე, ვარსკვლავებიან ცაზე დააკვირდი პატარა დათვის თანავარსკვლავედს, გაიხსენე და იპოვი, რომელი ვარსკვლავი გვიჩვენებს ჩრდილოეთის მხარეს.

 

ჩრდილოეთის მიმართულებას გვიჩვენებს პოლარული ვარსკვლავი, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედის ბოლოშია).

აქტივობა – შენ და სალამურამ ყველაფერი სწორად გამოიცანით და ჭიამაიები იპოვეთ. ახლა დროა, დაემშვიდობო მას და შინ დაბრუნდე.

შეამოწმე, დღიურში შენი მოგზაურობის ყველა ჩანაწერია?

ერთხელ კიდევ ყურადღებით წაიკითხე, დააკვირდი სასვენ ნიშნებს და მოემზადე, რომ მოგზაურობის ჩანაწერები თანაკლასელებს წარუდგინო.

შენიშნვნა: ყველა აქტივობა რამდენიმე დღის განმავლობაში შესრულდება კლასში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...