შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

ტერმინი ,,რემედიაცია“ — ამოქაჩვა თუ ვატერ(პო)ლოოს აღდგენითი სამუშაოები?!

0

აჯობებს გაბედულად თქმა იმისა, რომ ტერმინი „რემედიაცია“ ქართულისთვის ახალი და თავსმოხვეული ნასესხობაა. იგი ინგლისური remediation-ის პირდაპირი შესატყვისია და აღდგენას ნიშნავს. ტერმინი ქართულ საგანმანათლებლო ლექსიკაში ახალი შემოსულია და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, „ინკლუზიისა“ არ იყოს, კვლავ ახალ უცხოურ ბარბარიზმს დავამკვიდრებთ თუ მშობლიური ქართულით უფრო მარტივად და მიმღებლურად ვიტყვით, მაგალითად: ცოდნის „აღდგენას“, ბავშვის „ამოქაჩვას“  ჩართულობის გზით, თანაც იმ იმედით, რომ თუ ნასესხებმა სიტყვა  „ინკლუზიურმა“, ნაცვლად კარგისა, უარყოფითი სემანტიკური  პრიმიტივები შემოიწება, ასე არ იქნება „აღდგენის“, როგორც საგანმანათლებლო ტერმინის დამკვიდრების შემთხვევაში, და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში კვლავ  უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილება იმ მოსწავლეთა დახმარება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სათანადოდ ვერ ივითარებენ ფუნდამენტურ აკადემიურ უნარებს. სხვათა შორის, ე. წ. რემედიაციის პროგრამა ინდივიდუალური გეგმით მოსარგებლე ბავშვებისთვის არ განსაზღვრულა, ზემოთ დასახელებული ორივე ტერმინიც კვლავ აქტუალური და ურთიერთმკვეთია, რამდენადაც თუ მოსწავლემ ამა თუ იმ წინააღმდეგობის (ავადმყოფობის, სხეულის დაზიანების, სოციალური თუ ეკონომიკური პირობების, ორენოვნების, არასაკმარისი სასკოლო მზაობის, დეკოდირების პრობლემის, წაკითხულის გააზრების და სხვ.) გამო ჩამორჩენა ვერ დაძლია, ვერც სასწავლო პროცესს ჩაერთვება და აჰყვება კლასსა თუ მასწავლებელს სრულფასოვნად.

,,აღდგენა“ იმთავითვე გამოტოვებული მასალის, დავიწყებული, მაგრამ საჭირო ცოდნის აღდგენას გულისხმობს სასიამოვნოდ დაგეგმილი სასწავლო პროცესისა და კლასის შიგნით თუ გარეთ მიზნობრივი აქტივობების საშუალებით, ისე, რომ არსებული პრობლემა შემცირდეს ან სრულად გადაიჭრას, თან იმგვარად, რომ არც მშობელს უხდებოდეს დამატებითი გადასახადის ხდა და არც ბავშვი დაიტრავმოს. ხომ ვიცით, არასწორი დამოკიდებულებები როგორი დამანგრეველი და დამღუპველია!

ყველას გვახსოვს გურამ დოჩანაშვილის არაჩვეულებრივი ნოველა – ,,ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები”, რომელიც ავტორმა, ვინძლო პროტესტის ნიშნად უძღვნა თავის თანამედროვე, ბურუსითმოცულ საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომელსაც უთხრა, აღზრდისადმი დამახინჯებული, დიქტატორული დამოკიდებულებები ისეთივე ჩიხია, როგორი ჩიხიც აღმოჩნდა ნაპოლეონისთვის ვატერლოოს ბრძოლა, რაგინდ ფიზიკური სიჯანსაღის ნიღბით არ შევფუთოთ იგი და თუნდაც „ვატერპოლო“ დავარქვათო.

ყველა მოსწავლეშია პატარა ბესამე კარო, რომელსაც შეიძლება ესა თუ ის ნიჭი აღმოაჩნდეს, ამ ნიჭს კი კალაპოტის მიცემა სჭირდება, შრომის სწავლება, თუნდაც პატარა წინააღმდეგობის შემთხვევაში – ხელის წაშველება და, რაც არ უნდა პატარა ბეჭები ჰქონდეს — დიდი მხარდაჭერა.  მიჩნეულია, რომ ეს ყოველივე დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემის დროულად აღმოჩენა და სათანადო ჩარევა სასურველი შედეგის მიღწევას მნიშვნელოვნად აადვილებს. სხვა არაერთი, ძალიან სასარგებლო პროექტის მსგავსად, დაწყებით საფეხურზე სარემედიაციო/აღდგენითი პროგრამის პილოტირებაც საქართველოში ამერიკელი ხალხის კეთილი ნებით, 2017-2018 სასწავლო წელს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) გზით განხორციელდა, თუმცა საბოლოო დანერგვისა თუ დამკვიდრებისთვის აღნიშნული ნება არ აღმოჩნდა საკმარისი. არადა, მოსწავლეზე მორგებული, ინდივიდუალური სასწავლო პროცესის პირობებში, არსებობს საფეხურის მიხედვით გაწერილი საერთო სტანდარტი, რომლის მიღწევა მასწავლებელს ევალება მოზარდის ინდივიდუალობის გათვალისწინებითა და  სწავლების სხვადასხვა მეთოდების შეთავაზებით, სწავლების ჰუმანისტურ მიდგომებზე დაყრდნობით.

თუკი აღარ გახსოვთ, აქვე მოვიტან ამონარიდს დანიელ პენაკის „სკოლის სევდისგან“: მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ მათ იმისთვის ამზადებდნენ, სწავლას მოწყურებული ბავშვებისთვის ესწავლებინათ და არა ისეთებისთვის, რომლებსაც სწავლა არ სურთ, მოკლედ, ამბობენ, რომ მათთვის ასეთი მოსწავლეების მოძებნა და ამოქაჩვა” არავის უსწავლებია, და რომ ,,ეს” მათი საქმე არ არის. ,,ეს”, მხოლოდ და მხოლოდ ,,ეს” გაისმის აქედანაც და იქიდანაც.  — და, როგორ დავძლიოთ ,,ეს”, თუ ემპათია არ გამოგვადგება?.. რა არის სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდი? არსებობს კი ისეთი მეთოდი, ,,ეს” რომ დავძლიოთ?  — აქ მეთოდების სიმცირეზე ნამდვილად არ ღირს ლაპარაკი; რამდენიც გინდა, იმდენია! თქვენც ხომ სხვას არაფერს აკეთებთ, იმის გარდა, რომ რომელიმე მეთოდს ამოეფაროთ. თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული ხართ, რომ აქ მეთოდი საქმეს ვერ უშველის, იმიტომ, რომ მას ყოველთვის რაღაც აკლია.

და, ვერ იტყვი, რა აკლია?

 ვერა?

რატომ?

– უწმაწური სიტყვაა.

ემპათიაზე უარესი?

ნამდვილად. ეს ისეთი სიტყვაა, რომლის წარმოთქმის უფლებას შენ თავს ვერც სკოლაში მისცემ, ვერც ლიცეუმში, ვერც უნივერსიტეტში და ვერც რომელიმე სასწავლო დაწესებულებას მიმსგავსებულ ადგილას.

და, მაინც?

არა, არა, მართლა არ შემიძლია.

მიდი ახლა, თქვი!

ხომ გითხარი. არ შემიძლია-მეთქი. ისე, განათლებაზე საუბრისას ეს სიტყვა თუ წამოგცდა, ლინჩის წესით დასჯა არ აგცდება.

… – … – … – სიყვარული!

დიახ, სიყვარული რემედიაციის, ცოდნის აღდგენის თუ „ამოქაჩვის“ (მგონი, ეს ცნება ყველაზე უკეთ იმუშავებს!) უპირველესი ინსტრუმენტია! დანარჩენი, თუ მასწავლებელს კომპეტენცია გააჩნია, ისედაც მოვა.

 

 

 

 

 

 

სიმწვანე ქალაქში: რატომ არის აუცილებელი ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება?

0

პარკი ქალაქში ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტია, რადგან იქ მისვლა და ბუნების სიკეთეებთ ტკბობა ერთნაირად შესაძებელია მდიდრისა და ღარიბის, ახალგაზრდისა და მოხუცის, ჯანმრთელისა და ავადმყოფისათვის“.

ფრედერიკ ლო ოლმსტედი,

(ლანდშაფტის დიზაინერი და არქიტექტორი,

ქ. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის შემოქმედი და პროექტის ავტორი)

დღეს სამეცნიერო განხილვა და კამათი ხე-მცენარეებისა და ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის შესახებ ყველა შესაძლებელ დონეზე მიმდინარეობს – ქალაქებში, ქვეყნებში, აკადემიურ ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებზე თუ გაეროს ან ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით. მიუხედავად „ურბანული ბუნების“ თემატიკის მრავალფეროვნებისა, კომპლექსურობისა და მრავალგანზომილებიანობისა, ამ სფეროში მომუშავე მეცნიერთა და პრაქტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება რამდენიმე მთავარ საკითხზე, რომლებიც ყველაზე კარგად აღწერენ ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და მის ღირებულებას, ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურისა და ხე-მცენარეების გარემოსდაცვითი სიკეთეები

  1. ჰაერის ხარისხი: ხეები მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი ფილტრები და შთანთქავენ ჰაერში არსებულ დამაბინძურებელ, ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის მქონე ნივთიერებებს: აზოტის ორჟანგს, გოგირდოვან ოქსიდებს, მიწისზედა ოზონს(O3) და რაც მთავარია, ფილტვებისთვის ყველაზე დამაზიანებელ სახიფათო, უხილავ მყარ ნაწილაკებს (ე.წ. particulate matter PM₁₀, და PM₂.₅), 10 მიკრონზე ნაკლები ზომის (მიკრონი, მიკრომეტრი, μm – 0.001 მმ) ჰაერში არსებული მყარ ნაწილაკებს, რომლებიც მოიცავენ მრავალგვარი შემადგენლობის (ნიტრატები, სულფატები, ორგანული ნივთიერებები, მეტალები, ნიადაგი, მტვერი,ალერგენები, სპორები, ჭვარტლი, სხვა) მყარ და თხევად ნაწილაკებს.
  2. ტემპერატურის რეგულაცია: ქალაქებში არსებული მწვანე ნარგავები ხელს უწყობენ ურბანული „სიცხის კუნძულის“ ეფექტის შერბილებას. განმარტება: ტერმინი „სიცხის კუნძული“, ან „ურბანული თბური კუნძული“, ინგლ. Urban heat island“, აღწერს მოვლენას, როდესაც ტემპერატურა ქალაქის განაშენიანებულ ადგილებში, იქ არსებული ბეტონის, ასფალტის, პლასტმასის, შემინული ზედაპირებისა და სხვა სითბოტევადი მასალების გამო, უფრო მაღალია, ვიდრე ახლო მდებარე არაურბანულ ტერიტორიებზე. ხეები იძლევიან ჩრდილს და ჰაერში უშვებენ ხეებში არსებულ წყალს, ტრანსპირაციის პროცესის მეშვეობით. ყველაფერი ეს საგრძნობლად ამცირებს ტემპერატურას ხეების ქვეშ და სასიამოვნოს ხდის ქალაქში ყოფნას, ცხელი დღის პირობებშიც კი.
  3. ბიომრავალფეროვნება/ჰაბიტატების ჩამოყალიბება: ქალაქებში არსებული მწვანე სივრცეები და ხეები ხელს უწყობენ ბუნების მრავალფეროვნებას. კერძოდ, ისინი საცხოვრებლად შესაფერის გარემოს (ჰაბიტატს) ქმნიან სხვადასხვა სახეობის ფრინველების, მწერებისა და ველური ბუნების სხვა მცხოვრებთათვის. ჰაბიტატებისა და ბიოლოგიური სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების არსებობა ხელს უწყობს სისტემის ეკოლოგიურ სიჯანსაღესა და აუმჯობებსებს საცხოვრებელ პირობებს ქალაქებში.

ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა:

  1. ფსიქიკური ჯანმრთელობა: მწვანე და ბუნებრივ გარემოში ყოფნა დადებითად მოქმედებს ადამიანზე. სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ მწვანე გარემო ამცირებს სტრესს, დადებითად მოქმედებს გაწყობაზე და მთლიანობაში, ხელს უწყობს ჯანმრთელ ფსიქიკურ მდგომარეობას. ქალაქში არსებული პარკები, მწვანე ხეივნები თუ კორიდორები დადებითად მოქმედებენ ადამიანზე და ხელს უწყობენ მის რელაქსაციას.
  2. ფიზიკური ჯანმრთელობა: ქალაქების მწვანე ინფრასტრუქტურა წაახალისებს პარკში მოსეირნე ადამიანს ფიზიკური აქტივობისკენ და სთავაზობს მას სივრცეებს სიარულისთვის, სირბილისათვის და ზოგადად, უბიძგებს ადამიანს სპორტული აქტივობებისკენ. პარკებში დროის გატარება ხელს უწყობს ადამიანთა შორის სოციალურ ურთიერთობას, საუბარს, დროის ერთად გატარებას მწვანე გარემოში, რაც ერთობლივად და ცალ-ცალკე, დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და მენტალურ მდგომარეობაზე.

ეკონომიკური სარგებელი და მნიშვნელობა:

  1. ქონების ფასი და ღირებულება: მწვანე სივრცეებთან ახლოს მდებარე სახლების ან საცხოვრებელი კორპუსების ფასი (ყველგან, გამონაკლისის გარეშე) უფრო მაღალია, ვიდრე სხვაგან. პარკებთან და მწვანე სივრცეების მიმდებარედ უძრავი ქონების ფასები, გლობალური კვლევების მიხედვით (Crompton, 2001), სულ მცირე 10-20%-ით მაღალია. ჯამურად, „ახლო მდებარეობის“ ეფექტი, პირდაპირ აისახება უბნის ლოკალურ ეკონომიკაზე, რადგან „ძვირიანი“ ქონების მფლობელნი, ქონების გადასახადსაც მეტს იხდიან, რაც დამატებითი დადებითი ფაქტორია ეკონომიკის ზრდისთვის. ნიუ-იორკულ მანჰეტენზე არსებული გაუქმებული მეტროს ხაზის ტერიტორიამ, ე.წ. High-line-ის გამწვანებით, ათასობით ახალი დამთვალიერებელი და ტურისტი მიიზიდა, რაც დადებითად აისახა ადგილობრივ ეკონომიკაზე. მეტიც, „ჰაილაინ“ პარკის მახლობლად, უძრავი ქონებისა და საცხოვრებელი ბინების ფასებმა მატება დაიწყო და თითქმის 10%-ით გაძვირდა (!), მანჰეტენის ვესტ-საიდის ეს ერთ დროს დეპრესიული, პოსტ-ინდუსტრიული რაიონი, დღეს ერთ-ერთ პოპულარულ და საკმაოდ ძვირიან ადგილად ითვლება. როგორც ერთ-ერთი ნიუ-იორკულ გამოცემა წერს, „უძრავი ქონების ფასების ზრდის ნიშნულმა მოლოდინს გადააჭარბა. კონდომინიუმის ფასები $2000-3000 დოლარამდე გაიზარდა (ერთი კვადრატულ ფუტისთვის), მაშინ, როდესაც ეს ფასი ადრე $1000 ვერ აღწევდა“, ამბობს სტივენ კლიგერმანი, ერთ-ერთი ნიუ-იორკული უძრავი ქონების ფირმის თანამშრომელი (www.mansionglobal.com, 06.08.2016).

ინფორმაცია: High Line/ჰაი-ლაინი — 2.33კმ. სიგრძის აწეული გაუქმებული რკინიგზის ხაზი; დღეს, სასეირნო, გამწვანებული სივრცე (პრომენადი) ნიუ-იორკში, მანჰეტენის უბანში, ქვემო უესტ საიდის გასწვრივ (გრინიჩ-ვილიჯის, დასავლეთ ჩელსის და ჰადსონ-იარდის უბნებში), მიწის ზედაპირიდან დაახლ. 10მ-ის სიმაღლეზე. აიგო 1930-იან წლებში ნიუ-იორკ ცენტრალ რეილროუდისთვის და 1980-იან წლებამდე რკინიგზის ფუნქციას ასრულებდა.

  1. ხარჯების შემცირება და ეკონომია: როგორც ურბანული გამოცდილება გვიჩვენებს, მწვანე ნარგავებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ქალაქის ბიუჯეტის სახარჯო ნაწილი სანიაღვრე ინფრასტრუქტურის, ნიაღვრული წყლების მართვისა და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მოცულობების შემცირებით. გამჭოლი ზედაპირების ფართობის ზრდა ქალაქებში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წვიმის წყლის ინფილტრაციას ნიადაგში, მის შთანთქმას ნიადაგისა და ხე-მცენარეების მიერ. ზოგადად, ღია გრუნტსა და გამჭოლ ზედაპირს შეუძლია წვიმის წყლის 60-დან 80%-მდე შთანთქმა – ეს კი პირდაპირი ეფექტია ქალაქის ძვირადღირებულ, ხშირად მიწისქვეშა სანიაღვრე ინფრასტრუქტურაზე „დაწოლის“ შესამცირებლად. ქ. ბერლინის სტრატეგიული განვითარების გეგმა პირდაპირ აღნიშნავს, რომ ბერლინი აპირებს ქალაში არსებული წყალგაუმტარი, „დახშული“ ზედაპირების (სახლები, ქუჩები, სხვა არაგამჭოლი ზედაპირები) ფართობის შემცირებასა და მწვანე ნარგავების რაოდენობის გაზრდას, სულ მცირე, წელიწადში 3,300 ახალი ხის დარგვითა და „დახშული“ ზედაპირების გამოთავისუფლებით. გარდა წყლის ნიაღვრული ნაკადების მოცულობის შემცირებისა, წყლის მასის ოპტიმალური მართვა ქალაქში მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის იმ ხარჯებს, რომლებიც ხელს უწყობს წყლის ინფრასტრუქტურული ნაგებობების (სატუმბი სადგურები, სანიაღვრე-საქაჩი სადგურები, სხვა) ფუნქციონირებას.

კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილება (მიტიგაცია)

  1. წყალდიდობების მართვა და მათი ზემოქმედების შერბილება: ხეებსა და სხვა მწვანე ნარგავებს ქალაქისათვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, სანიაღვრო წყლების შთანთქმით, ინფილტრაციითა და შედეგად, ნიაღვრული წყლის მოცულობის შემცირებით. ეს არა მხოლოდ ამცირებს წყალდიდობის, ან წყალმოვარდნის დროს ქალაქის კონტურში მოსული წყლის მოცულობას, არამედ მნიშვნელოვნად არბილებს ზეწოლას ურბანულ სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემებზე, სტიქიური მოვლენების დროს (თავსხმა წვიმები, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყრული მოვლენებით გამოწვეული ჰიდროლოგიური კატასტროფები, სხვა).

თბილისელებისთვის ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ჩვენში ჯერ კიდევ არ განელებულა ის ტკივილი, რომელიც 2015 წლის ივნისის მოვლენებმა გამოიწვია – თბილისსა და მის გარეუბნებში 13 ივნისს მოსულმა თავსხმა წვიმამ, რომელსაც მდ. ვერეზე დამანგრეველი წყალმოვარდნა მოჰყვა, მთლიანად გაანადგურა ვერეს ხეობაში მდებარე თბილისის ზოოლოგიური პარკი. წყალდიდობას ადამიანთა და ზოოპარკის ცხოველების მსხვერპლიც მოჰყვა. ეს ტრაგიკული მაგალითი წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ მცენარეული საფრის უკონტროლო ჭრას, სხვადასხვა მიზნით მის უგულებელყოფას, სავალალო შედეგები მოჰყვება-ხოლმე. მსგავსი შემთხვევაა მდ. ვერეს ხეობაში 2009 წელს გაყვანილი ახალი მაგისტრალი (ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილი), რომლის მშენებლობამ იქ არსებული 700-ზე მეტი ხე შეიწირა. სამწუხაროდ, სხვა, ბუნებრივ თუ ხელოვნურად წარმოქმნილ მიზეზებთან ერთად, მიზეზებთან ერთად, მაგისტრალის გაყვანას კატასტროფული შედეგი მოჰყვა (როგორც ეს უკვე 2015 წლის წყალმოვარდნამ აჩვენა). მაგისტრალის მშენებლობამ და იქ არსებული ბუნებრივი ეკოსისტემაში უხეშად ჩარევამ, მნიშვნელოვნად გააუარესა და დაარღვია მდ. ვერეს ხეობის მთელი რიგი ეკოსისტემური მაჩვენებლები: ხეობის ჰიდროლოგიური რეჟიმი, წყლის ტემპერატურული რეჟიმი, მდინარის ხეობის ბუნებრივი ჭალის მიერ წყლის დონის კონტროლი და მცენარეების მიერ ნიაღვრული წყლების შთანთქმის შესაძლებლობები (მელქაძე, 2012). კანადელი მკვლევარი-ანთროპოლოგი, პოლ მენინგი თავის საჯარო ლექციაში აღნიშნავს რომ თბილისი, „მისი დაარსების დროს მწვანე [ადგილი] იყო, თუმცა ისტორიის უკუღმართობით, ის ტყეები, რომლებიც ერთ დროს თბილისის ტერიტორიას ფარავდნენ ან გადაწვეს, ან მოჭრეს“. მკვლევარი განსაკუთრებით უსვამს ხაზს მე-18 საუკუნეში, დამპყრობელთა მიერ, საქართველოს მეფეებისა და დიდებულების მიერ თბილისში გაშენებული ბაღების განადგურებას.

  1. ხე-მცენარეების მიერ ნახშირბადის ჰაერიდან სეკვესტრირება და მისი შთანთქმა-შენახვა ხეების სხეულში: ნახშირბადის (C) ჰაერიდან სეკვესტრაცია (შთანთქმა) წარმოადგენს ატმოსფეროდან ნახშირბადის შთანთქმისა და ხე-მცენარეების სხეულში დაგროვების პროცესს. ურბანული ტყეების მიერ, წლის განმავლობაში, ატმოსფერული ჰაერიდან ნახშირბადის შთანთქმული (სეკვესტრირებული) რაოდენობა „წითელ ბაღსა“ და „ექსპო ჯორჯიას“ პარკში შეადგენდა 4.6 და 4.7 ტონას (ლ. ალფაიძე, 2022).

ამავე დროს, დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილი ჯანსაღი ეკოსისტემების განხილვისას (მაგალითად ნაკრძალებში არსებული ტყეების), საინტერესოა ქალაქური (ურბანული) და ბუნებრივი ეკოსისტემების შედარება ბუნებრივთან. მაგალითად, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ფიჭვის ტყეებს (6,983 ჰა), შეუძლია 767,250 ტონა ნახშირბადის აკუმულირება (დაახლოებით 110 ტონა/ჰა-ზე). ჰაერიდან ნახშირორჟანგის წლიური შთანთქმა (სეკვესტრაცია) ამ ტყეებში შეადგენს 7.3 ტ/ჰა-ს, ანუ მთლიანობაში 50,976 ტონას (საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ, 2021). თუ ამ მონაცემებს თბილისის ურბანული პარკების მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ბუნებრივ ცენოზებში, ნახშირბადის აკუმულირება უფრო ინტენსიურია და სამჯერ აღემატება ურბანული ტყეებისას (ბორჯომის ნაკრძალი – 109 ტ/ჰა და 62 ტ/ჰა და 38 ტ/ჰა, „ექსპო ჯორჯიას“ და „წითელ ბაღში“, შესაბამისად, ალფაიძე, 2022). რაც შეეხება ჰაერიდან ნახშირბადის შთანთქმა-სეკვესტრაციასს, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ხეები თითქმის რვაჯერ მეტი (!) ნახშირბადის სეკვესტრირებას ახდენენ ატომსფეროდან (9.2 ტ/ჰა), ვიდრე ქალაქების პარკების ხე-მცენარეები (1.4 ტ/ჰა).

  1. სოციალური თანასწორობა: ქალაქში მწვანე სივრცის მთავარი სიკეთე ის გახლავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, საჯარო საქალაქო პარკები ყველასთვის ღიაა და ხელმისაწვდომი (თბილისში, ვაკის პარკი, კიკვიძის პარკი, ექსპო-ჯორჯიას პარკი, ალექსანდრეს ბაღი და სხვა). ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სოციალურ თანასწორობას, ინკლუზიურობას და ნებისმიერი მოქალაქისა თუ საზოგადოების წევრისათვის, ურბანული მწვანე სივრცეებისადმი და მისი დადებითი გავლენებისადმი თავისუფალ წვდომას.

ბოლო წლებში სულ უფრო საქმიანი და პრაქტიკული ხდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის სიკეთეების სწორად და ეფექტურად გათვალისწინება, ურბანული განვითარებისა და გეგმარების პროცესში და ურბანული განვითარების გეგმებში. აქ საყურადღებოა ერთი საკითხიც: ურბანული მწვანე სივრცეები არა მხოლოდ უნდა არსებობდეს ქალაქებში, არამედ უნდა ხდებოდეს მათი ეფექტური და სწორი მართვა (თუ ეს აუცილებელია) და ისინი, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის!

კითხვის სტრატეგიები

0

ვაგრძელებთ კითხვის სტრატეგიების განხილვას და წინამდებარე წერილში შედარებით მოკლედ წარმოვადგენთ კითხვის კიდევ ათ სტრატეგიას. ხოლო მანამდე ჩამოვთვალოთ პირველი 10 სტრატეგია, რომლებზეც წინა წერილებში ვისაუბრეთ: 1. საუბარი ყდაზე, 2. მოდი გავიხსენოთ (წინარე ცოდნის გააქტიურება), 3. ვარაუდების გამოთქმა, 4. შეკითხვების დასმა, 5. წარმოსახვა (ვიზუალიზაცია), 6. ხელახლა წაკითხვა, 7. ხმამაღლა ფიქრი, 8. შეჯამება, 9. სიტყვებზე დაკვირვება, 10. მინიშნებებზე დაკვირვება.

შეგახსენებთ, რომ ამ სტრატეგიების მოკლე ვერსიები ,,მშობელთა ბარათების” ფორმატში დამზადებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში და გამოქვეყნებულია პორტალზე  chemiskola.emis.ge. იმ ბარათებს თან ახლავს, რასაკვირველია, კონკრეტული მაგალითები, თუმცა ჩვენს წერილებში უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეულ სტრატეგიას და აუცილებლად კონკრეტული ტექსტის დამუშავების კონტექსტში. წინა წერილებში შემოგთავაზეთ ,,კომბლესა” და ,,ნაცარქექიას” ჩვენი ვერსიები ამ ვერსიებში ჩავნერგეთ კითხვის თითოეული სტრატეგია.

ამჯერად გავეცნოთ ჩვენ მიერ განსახილველ ტექსტს, რომელიც გახლავთ ,,ვეფხისტყაოსნის” დასაწყისის ადაპტირებული ვერსია ,,თინათინი და ავთანდილი”. სანამ ტექსტის ვერსიას წავიკითხავთ, მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ,,ვეფხისტყაოსნის” სწავლების ერთ-ერთი პრობლემა მოსწავლეთა არასათანადო მზაობაა. და ამ მზაობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ძალისხმევა უნდა იყოს ტექსტის ადაპტირებული ვერსიების შეთავაზება არამხოლოდ სკოლის დაწყებით საფეხურზე, არამედ სკოლამდელ ასაკშიც — როგორც მოთხრობილი ზღაპარ-ამბები. ცხადია, აქ შემოთავაზებულ ვერსიას არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია და ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გასაწევი ქართველ ავტორთა მიერ. 

თინათინი და ავთანდილი

  1. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მორჭმული ხელმწიფე. ამ ხელმწიფეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც მეფე მოხუცდა, დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა:

— მე დავბერდი და დროა ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ ტახტზეო.

ვეზირებმა გაიოცეს:

— რას ამბობთ, მეფეო, თქვენი მოხუცება ვინ გაიგონაო?!

მეფემ თავისი არ დაიშალა და თინათინის გამეფების დღე დანიშნა. სწორედ თინათინი ერქვა მეფის ასულს, ხოლო თავად ხელმწიფეს ერქვა: მეფე არაბეთისა — როსტევანი.

  1. თინათინი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ მისი სილამაზე მზესაც კი თვალებს სჭრიდა. იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალს, ავთანდილს. ავთანდილის სილამაზე და ვაჟკაცობა მთელს სამეფოში იყო ცნობილი. მას არ ჰქონდა ნათქვამი თინათინისთვის, მიყვარხარო, მაგრამ თურმე ქალი ამას მაინც ხვდებოდა.

თინათინის გამეფებამ დიდი ზარზეიმით ჩაიარა. მეორე დღეს მეფე როსტევანმა სანადიროდ წასვლა ბრძანა. მეფესთან ერთად ავთანდილიც იყო და იმდენი ნადირი მოინადირა, მეფესაც კი აჯობა.

  1. მეფესა და მის ამალას ნადირობის ამბავი სულ გადაავიწყდათ, როდესაც იდუმალი რაინდი ნახეს. ეს რაინდი მდინარის პირას იჯდა, ცალი ხელით შავი ცხენის აღვირი ეჭირა, მეორეზე კი თავი ჩამოედო და ტიროდა.

როდესაც მეფის მხლებლები მასთან მივიდნენ, შეებრძოლა და გაიქცა. გაეკიდნენ, მაგრამ ვერ დაეწივნენ. ცამ ჩაყლაპა თუ — დედამიწამ, ვერაფერი გაიგეს. დაბრუნდნენ შინ დაღონებულები.

  1. როდესაც იდუმალი რაინდის ამბავი თინათინმა გაიგო, ავთანდილი დაიბარა. ახალმა დედოფალმა მისალმების შემდეგ ჭაბუკს უთხრა:

— დანამდვილებით ვიცი, რომ გიყვარვარ და, რაღა დაგიმალო, მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ. ჰოდა, თუ გინდა შენი ცოლი გავხდე, წადი და ის იდუმალი რაინდი მოძებნე. სამ წელიწადს დაგელოდები და იმედია, გამარჯვებული დაბრუნდებიო.

ავთანდილს თან გაუხარდა, თინათინი რომ სიყვარულში გამოუტყდა, თან დადარდიანდა საყვარელი ადამიანის დატოვება რომ მოუწევდა. თუმცა იდუმალი რაინდის მოძებნა მასაც ძლიერ უნდოდა.

რაღას იზამდა ავთანდილი?!  მოემზადა და გაუდგა გზას იდუმალი რაინდის საძებნელად.

  • – – – – – –

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ტექსტი მხოლოდდამხოლოდ მცდელობაა, ვერსიაა და, რასაკვირველია, შესაძლებელია მისი უკეთესი ვარიანტის მოფიქრება. რაც მთავარია, ასეთი ზღაპარ-ამბები ბევრია დასაწერი ,,ვეფხისტყაოსნის” მიხედვით.

ზემოთ მოცემული ტექსტი დაყოფილია ოთხ პირობით ნაწილად და ეს ნაწილები დაგვეხმარება ქვემოთ წარმოდგენილი სტრატეგიების შინაარსობრივ კონტექსტში წარმოსადგენად. შევთანხმდეთ, რომ სტრატეგიის განხილვისას ჯერ მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ მათგანს, შემდეგ კონკრეტულ ნიმუშებს წარმოვადგენთ ,,თიანთინი და ავთანდილის” მაგალითზე.

  1. რა გაიგე წაკითხულიდან? (გაგების გადამოწმება)

წიგნის ხმამაღლა წაკითხვის დროს პერიოდულად უნდა გადავამოწმოთ, თუ რამდენად კარგად აღიქვამს ბავშვი იმ ყველაფერს, რასაც ვუკითხავთ. ამ მიზნითაც საუკეთესო და უმარტივესი საშუალებაა შეკითხვების დასმა. წიგნის ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და დავუსვათ ბავშვს შეკითხვები და უნდა მოვუსმინოთ მათს პასუხებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არც მასწავლებლები ვართ და არც ჩვენი პატარაა სკოლის მოსწავლე (ისე, ეს მასწავლებლბემაც უნდა გავითვალისწინოთ!) — შეკითხვებით არ უნდა გავაბეზროთ ბავშვი, ზომიერება და ტაქტი აქაც აუცილებელია.

თუ რა და როგორ გაიგო ბავშვმა უნდა გადავამოწმოთ, როგორც ზედაპირული, ასევე სიღრმისეული შეკითხვებით. ზედაპირული (ექსპლიციტური) შეკითხვები შეიძლება შეეხებოდეს, თუ რა ჰქვია ამა თუ იმ  პერსონაჟს, პერსონაჟის დედას, მეგობარს. ან  სად, ვისთან წავიდა და რა წაიღო თან პერსონაჟმა და ა. შ.

სიღმისეული შეკითხვები შეიძლება შეეხებოდეს, თუ რატომ წავიდა პერსონაჟი სახლიდან, როგორ იპოვა პერსონაჟმა თავისი მეგობარი, რა დაეხმარა გმირს გაარჯვებაში და ა. შ.

ვნახოთ შეკითხვების მაგალითები ჩვენ მიერ ზემოთ შემოთავაზებული ვეფხისტყაოსნისეული ტექსტის დაყოფილი მონაკვეთების მიხედვით:

ზედაპირული შეკითხვების მაგალითები

I მონაკვეთი II მონაკვეთი III მონაკვეთი IV მონაკვეთი
●                       რა ერქვა ხელმწიფეს? მის ქალიშვილს?

●                       ვინ დაიბარა ხელმწიფემ და რა უთხრა მათ?

●                       ვის უყვარდა თინათინი? ვინ იყო იგი?

●                       სად წავიდნენ მეორე დღეს როსტევანი და ავთანდილი?

●                       ვინ ნახეს მონადირეებმა? სად იყო იდუმალი რაინდი?

●                       რა ქნა იდუმალმა რაინდმა მეფის მხლებლების დანახვისას?

●                       ვის საძებნელად წასვლა დაავალა თინათინმა ავთანდილს?

●                       რა გაუხარდა ავთანდილს?

სიღრმისეული შეკითხვების მაგალითები    

I მონაკვეთი II მონაკვეთი III მონაკვეთი IV მონაკვეთი
●                       რატომ უნდოდა მეფეს თავისი ქალიშვილის გამეფება?

●                       პირველად რატომ იუარეს ვაზირებმა მეფის შეტავაზება?

●                       როგორ ფიქრობ, საიდან იცოდა თინათინმა, რომ ავთანდილს უყვარდა?

●                       რატომ ვერ ეუბნებოდა ავთანდილი თინათინს, მიყვარხარო?

●                       როგორ ფიქრობ, რატომ ტიროდა იდუმალი რაინდი?

●                       რამ დააღონა მეფე და მისი ამალა?

●                       რა უთხრა თინათინმა ავთანდილს პირველად?

●                       როგორ ფიქრობ, წავიდოდა ავთანდილი იდუმალი რაინდის მოსაძებნად, თინათინს რომ არ ეთხოვა?

თუკი ბავშვი დაბრკოლდება პასუხის გაცემისას, არ უნდა ვინერვიულოთ, მით უმეტეს, არ უნდა ვანერვიულოთ პატარა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ერთად მოვძებნოთ სწორი პასუხები. ამისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება ჩვენ მიერ წინა წერილში განხილული ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიის ჩართვა.

ამ სტრატეგიის, წაკითხული ტექსტის გაგების გადამოწმების, ერთგვარი მოდიფიცირებაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუკი ბავშვს მეორედ (მესამედ…) ვუკითხავთ რომელიმე კონკრეტულ წიგნს. მახსოვრობის გადასამოწმებლად კარგი იქნება წინადადების დასრულების შეყოვნება და ბავშვისთვის მისი დასრულების საშუალების მიცემა. შედარებით უფროსებისთვის, ასე, 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის, კარგი იქნება ტექსტის პირველივე წაკითხვისასაც გამოვიყენოთ ასეთი შეყოვნებები და ბავშვის გონება ამ მხრივაც გავავარჯიშოთ — ეს ძალიან კარგია სიტყვების ძიების უნარის ჩამოყალიბებისთვის. ვნახოთ მაგალითები ჩვენი ვეფხისტყაოსნისეული ტექსტის მიხედვით:

  • მე დავბერდი და დროა ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ… (ტახტზე)
  • იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალ… (ავთანდილს)
  • იდუმალი რაინდი მდინარის პირას იჯდა და… (ტიროდა)
  • ავთანდილი გაუდგა გზას იდუმალი რაინდის… (საძებნელად/მოსაძებნად)
  1. რა თქვა პერსონაჟმა? (პრიფრაზირება)

ტექსტის შინაარსის გადმოცემას ბავშვები უკვე მცირე ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ეს იგივე ცხოვრებისეული ამბების გადმოცემაა. რა თქვა დედმ/მამამ? რა გააკეთე დილით? და სხვა შეკითხვებზე ბავშვები უკვე სამი წლის ასაკიდან შეზღუდული ლექსიკითა და მარტივი სინტაქსური წყობით, მაგრამ სრულიად გასაგებად და გამართულად საუბრობენ. ამ უნარებს წიგნების ხმამაღლა კითხვისას თუ გადმოვიტანთ, წიგნის წაკითხვაც უფრო საინტერესო და სასარგებლო გახდება და თავად ეს უნარიც კიდევ უფრო განვითარედება.

კითხვის დროს შიგადაშიგ (და ზომიერები დაცვით!) უნდა შევეკითხოთ ხოლმე ბავშვს:

– რაო, რა თქვა ნაცარქექიამ (ან სხვა პერსონაჟმა)?

– რა უპასუხა დევმა ნაცარქექიას?

ასეთი შეკითხვები ბავშვს უბიძგებს გაიხსენოს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს სხვისი (ამ შემთხვევაში, წიგნის პერსონაჟის) ნათქვამი.

გასათვალისწინებელია, რომ პირველ ეტაპზე ბავშვის პასუხები შეიძლება

ერთსიტყვიანი იყოს და/ან სრულად არ ასახავდეს პერსონაჟის ნათქვამს. მეტიც,  შეიძლება ვერც მიხვდეს ბავშვი, თუ რას მოვითხოვთ მისგან. ამ შემთხვევაში ჩვენვე უნდა ვუპასუხოთ,  გავიმეორეთ პერსონაჟის სიტყვები და გადასამოწმებლად, ხელახლა წასაკითხად კიდევ ერთხელ  მივუბრუნდეთ იმ ადგილს. (ამ შემთხვევაშიც კითხვის სხვა სტრატეგიას — ხელახლა წაკითხვა — გავააქტიურებთ.)

ცოტა გახალისებისთვის, შეიძლება შეცდომით გავიმეოროთ პერსონაჟის ნათქვამი და ბავშვმა  ამოიცნოს ეს შეცდომა. კარგი იქნება, თუ პირიქით სტრატეგიასაც მივმართავთ: ჩვენ ვიტყვით პერსონაჟის ფრაზას და ბავშვმა უნდა ამოიცნოს პერსონაჟი ან ბავშვი იტყვის სიტყვებს და ჩვენ ამოვიცნობთ პერსონაჟს. შეიძლება ცოტა გავართულოთ და პერსონაჟს ჩვენ მოვუფიქროთ ის სიტყვები, რომლებიც მას პირდაპირ არ უთქვამს ტექსტში, თუმცა იგულისხმება.

ვნახოთ შესაბამისი მაგალითები ,,თინათინი და ავთანდილის” მიხედვით, თმცა, მანამდე აღვნიშნოთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონაჟების გახმოვანებისას სიტყვების შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმა.

 

# შეკითხვა პასუხი
1 რაო, რა თქვა მეფემ? ჩემი ქალიშვილი გავამეფოთო.
2 რატომ გავამეფოთ ჩემი ქალიშვილიო? მე უკვე მოხუცი ვარო.
3 რა უპასუხეს ვეზირებმა? რას ამბობ, მეფეო?! რა დროს თვენი მოხუცებააო?!
4 რა ბრძანა როსტევანმა თინათინის გამეფების მეორე დღეს ? ყველანი სანადიროდ წავიდეთო.
5 ვინ იტყოდნენ ამ სიტყვებს? გამარჯობა, უცნობო რაინდო!
6 ვინ იტყოდა ამ სიტყვებს? საღამო მშვიდობისა, ჩემო ავთანდილ!
7 რა დაავალა  თინათინმა ავთანდილს? თუ გინდა ცოლად გამოგყვე, იდუმალი რაინდი მოძებნეო.
8 სწორია თუ არა: როსტევანმა ავთანდილს უთხრა, სანადიროდ წავიდეთო. სწორია.

 

  1. დაკვირვება მოვლენათა თანამიმდევრობაზე

ერთ-ერთი მიზანი, რომელიც შეიძლება დავისახოთ ბავშვებში კითხვის სტრატეგიების გამომუშავებისას, არის მოვლენათა თანამიმდევრობის ამოცნობა. ამის მიღწევა სამი წლის ასაკიდან წიგნის წაკითხვის დროს უკვე შეიძლება. ამ ასაკის ბავშვები ასახელებენ, თუ რომელი მოვლენა რომელი მოვლენის შემდეგ/წინ მოხდა თავიანთ საყვარელ (განსაკუთრებით, ხშირად წაკითხულ) ზღაპარში/ამბავში.

რასაკვირველია, ამაზე ყურადღების მიქცევა საჭიროა უფროსი ასაკის ბავშვებისთვის წიგნის წაკითხვის დროსაც. ამისთვის უნდა დაუსვათ ისეთი შეკითხვები, როგორიცაა:

  • რა მოხდა ზღაპრის/ამბის/წიგნის დასაწყისში? რა მოხდა ამის შემდეგ?
  • რა მოხდა ამა თუ იმ მოვლენის წინ?
  • რა მოხდა ამბის დასასრულს? რა უძღოდა წინ ამას?
  • ეს ფაქტი უფრო ადრე/გვიან მოხდა თუ ეს ფაქტი? (ამ დროს დავასახელებთ კონკრეტულ ფაქტს ზღაპარში/მოთხრობაში. მაგალითად, ,,წიქარას” კითხვისას შეიძლება შევეკითხოთ: ჯერ სარკე გადააგდო ბიჭმა თუ სალესი ქვა? ,,კომბლეს” კითხვისას: ჯერ მელია შეხვდა ცხვრებს თუ დათვი?)
  • როდის ხდება ეს ფაქტი (დაასახელებთ კონკრეტულ ფაქტს, მაგალითად, წიქარასა და ბიჭის გაქცევა.) — ზღაპრის დასაწყისში, შუა ნაწილში თუ ბოლოში?

ვნახოთ კონკრეტული ნიმუშები:

# შეკითხვები
1 ვინ და ვინ ხვდებიან ამბის დასაწყისში?
2 როდის მიდიან სანადიროდ მეფე და მისი ამალა: ამბის დასაწყისში, შუა ნაწილში თუ ბოლოს?
3 რომელი ამბავი მოხდა ჯერ: თინათინის გამეფება თუ ნადირობა?
4 რომელი ამბავი მოხდა ჯერ: თინათინის გამეფება თუ იდუმალი რაინდის გამოჩენა?
5 რომელი ამბავი მოხდა ჯერ: იდუმალი რაინდის გამოჩენა თუ თინათინისა და ავთანდილის შეხვედრა?
6 რა მოხდა ამბის ბოლოს: ავთანდილის წასვლა იდუმალი რაინდის საძებნად თუ თინათინისა და ავთანდილის სიყვარულში გამოტყდომა?

ამ შინაარსის უფრო მარტივი ვერსია

რა მოხდა ამბის ბოლოს: ავთანდილი წავიდა იდუმალი რაინდის საძებნად თუ თინათინი ავთანდილის სიყვარულში გამოუტყდა?

 

  1. როგორ ამოვიცნოთ მიზეზი და შედეგი?

— რატომ? რატომ? — ხშირად კითხულობს ბავშვი, მათ შორის, წიგნის ხმამაღლა წაკითხვისას.

მისი ეს სწრაფვა უნდა გამოვიყენოთ, რათა, ერთი მხრივ, პატარას ცნობისმოყვარეობა

დავაკმაყოფილოთ, მეორე მხრივ, აღმოვაჩენინოთ, რომ ყველა შედეგს გარკვეული მიზეზი

აქვს.

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ორი რამ:

  1. თუ რას იწვევს ესა თუ ის ქმედება, საქციელი, მოვლენა, ფაქტი.
  2. თუ რა იწვევს ამა თუ იმ ქმედებას, საქციელს, მოვლენას, ფაქტს.

უნდა დავაკვირვოთ, რა შედეგი მოიტანა გარკვეულმა ქმედებამ და რამ გამოიწვია ესა თუ ის  შედეგი, რა იყო ამის მიზეზი.

ვნახოთ შეკითხვებისა და პასუხების ნიმუშები ,,წიქარას” ზღაპრის მაგალითზე:

  • რატომ გაიქცნენ წიქარა და ბიჭი? იმიტომ, რომ დედინაცვალს ბიჭის თავიდან მოშორება უნდოდა.
  • რა მოხდა სავარცხლის გადაგდების შემდეგ? Სარკის გადაგდების შემდეგ?
  • რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ბიჭი სალამურს უკრავდა ხოლმე?

შეიძლება დავუსვათ უფრო მეტად დამაფიქრებელი შეკითხვებიც. მაგალითად, გაიქცეოდნენ თუ არა ბიჭი და წიქარა, დედინაცვალს ბიჭი ძალიან რომ ჰყვარებოდა? რატომ?

აქვე შევნიშნოთ, რომ მიზეზისა და შედეგის (მიზნის) გამიჯვნა პატარებისთვის არცთუ მარტივი ქმედებაა და თუკი ბავშვი ამას ისე ვერ მოახერხებს, როგორც ჩვენ გვინდა, არ უნდა დავიძაბოთ. ბავშვიც არ უნდა დავსტრესოთ. მოზრდილებიც კი ხშირად ვერ ვარკვევთ ხოლმე რა განსხვავებაა, როგორ იმიჯნება ერთმანეთისგან ორი შეკითხვა: რატომ ვაკეთებთ? (ანუ რა გვიბიძგებს, რა არის ჩვენი ქმედების მიზეზი, საბაბი, ბიძგი?) და რისთვის ვაკეთებთ? (ანუ რა არის ჩვენი ქმედების მიზანი, რა შედეგს მოველით, რისკენ ვისწრაფვით?)

მიზეზსა და შედეგზე დასაკვირვებლად კარგ საშუალებას იძლევა ჩვენი ,,თინათინი და ავთანდილიც” და ქვემოთ შემოთავაზებულია შეკითხვებისა და პასუხების ნიმუშები. აქვე გავიხსენოთ, რომ კითხვა-პასუხის ენა, ლექსიკა, სტილი დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ ჩვენი ბავშვის მიმღებლობაზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავამძიმოთ მისთვის გაუგებარი ლექსიკითა და რთული სიტაქსით, ღვარჭნილი წინადადებებით. მაგალითად, თუკი ბავშვისთვის გაუგებარი იქნება ქვემოთ მოცემული ,,სურვილის გამხელა” უნდა გამოვიყენოთ ,,სურვილის თქმა” და ა. შ.

 

# შეკითხვა პასუხი
1 რატომ აღარ უნდოდა როსტევანს მეფობა? რა იყო ამის მიზეზი? იმიტომ, რომ როსტევანი მოხუცდა, აღარ შეეძლო მეფობა.
2 რისთვის დაიბარა მეფემ თავისი ვaზირები? რა იქნებოდა ამ საუბრის შედეგი? იმისთვის, რათა, თავისი ქალიშვილის გამეფების სურვილი გაემხილა. (შედეგი: ვაზირებმა უკვე იციან, რომ მეფეს თავისი ქალიშვილის გამეფება უნდა.)
3 რატომ არ ეუბნებოდა ავთანდილი თინათინს, მიყვარხარო? რა იყოს ამის მიზეზი? ●                       ალბათ, რცხვენოდა.

●                       ალბათ, შესაფერისი მომენტი არ დაუდგა.

 

4 რისთვის, რა მიზნით დაიბარა თინათინმა ავთანდილი? რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამ შეხვედრას? ●                       იმისთვის, რათა სიყვარული აეხსნა. (შედეგი: ავთანდილმა უკვე იცის, რომ თინათინსაც უყვარს.)

●                       იმისთვის, რათა იდუმალი რაინდის საძებნად გაეგზავნა. (შედეგი: ავთანდილი იდუმალი რაინდის საძებნად წავიდა.)

 

  1. აბსურდული წინადადებების მოფიქრება

გელა ჩარკვიანი თავის მოგონებებში აღწერს, თუ როგორ ეთამაშებოდა პატარა ირაკლის, მომავალ გენიალურ ,,მეფეს”, სხვადასხვა შემეცნებითი თამაშით. და ერთ-ერთი თამაში იყო შეუსაბამო, აბსურდული სიტყვათა წყვილების მოფიქრება. სწორი პასუხები და სწორი აზრები კარგი რამეა, მაგრამ ბავშვებს განსაკუთრებით ახალისებთ სისულელების გამოგონება. და ასეთი სისულელები წარმოუდგენლად ავარჯიშებთ მათს შემოქმედებით უნარებს.

კარგი იქნება, თუკი ბავშვს გავახალისებთ წიგნის ხმამაღლა წაკითხვის პროცესში და ისეთ წინადადებებს მოვიფიქრებთ, რომლებიც სასაცილო იქნება თავისი აბსურდულობით. პატარა მსმენელს უნდა ვთხოვოთ ხოლმე, რომ შეცვალოს წაკითხული წინადადება ისე, რომ უაზრობა გამოვიდეს.

ტექსტისეული წინადადებების აბსურდულობის მისაღწევად კარგი იქნება შემდეგი ინტრუქციების გათვალისწინება:

  • შეცვალე წინადადებაში პერსონაჟი. (მაგალითად, ,,წიქარას” მიხედვით: დედინაცვალმა ცხრაკლიტულს რქები დაარტყა.)
  • შეცვალე წინადადებაში მოქმედების ადგილი (მაგალითად, ,,ნაცარქექიას” მიხედვით: დევმა ნაცარქექია ზურგზე შეისვა და კინოთეატრში შეიყვანა.)
  • შეცვალე წინადადებაში მოქმედება. (მაგალითად, ,,წითელქუდას” მიხედვით: მგელმა პირი დააღო და სიმღერა დაიწყო.)

პირველ ეტაპზე ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ ასეთი წინადადებების მოფიქრება. კარგი იქნება, თუკი ამ დროს ჩვენვე შევადგენთ აბსურდულ წინადადებებს და ბავშვს ვთხოვოთ, რა არის მასში უშვეულო, არასწორი, შეუსაბამო. აქვე, შესაძლებელია პატარას ჩვენ მიერ წარმოთქმულ წინადადებებში სიტყვები დავამატებინოთ.

ვნახოთ ასეთი წინადადებები ჩვენი ტექსტის მიხედვით:

# აბსურდული (სულელური) წინადადება
1 მეფემ თქვა, ჩემი ბებია დავსვათ ტახტზეო.
2 თინათინი ისეთი ლამაზი იყო, რომ მთვარესაც კი თვალებს სჭრიდა.
3 თინათინი უყვარდა ამავე სამეფოს ჟურნალისტს, ავთანდილს.
4 იდუმალი რაინდი მდინარის პირად იჯდა და გიტარაზე უკრავდა.
5 თინათინმა დაიბარა ავთანდილი და უთხრა, ნამცხვარი მომიტანეო.
6 ავთანდილი დაემშვიდობა თინათინს და ფეხბურთის საყურებლად წავიდა.

 

  1. წაკითხულის დახატვა

ბავშვებს უყვართ ხატვა და ყველა ბავშვი ხატავს, თუკი წავახალისებთ.

უნდა ვთხოვეთ ბავშვს დახატოს ის პერსონაჟი, რომლის შესახებაც წიგნი წავიკითხეთ  (მაგალითად, ნაცარქექია, დევი, წიქარა, მზეთუნახავი…). ამაში ისიც დაგვეხმარება, რომ საბავშვო წიგნები, როგორც წესი უხვადაა ილუსტრირებული.

ხატვის დაწყებამდე ბავშვს შეიძ₾ება ვკითხოთ:

  • რის დახატვას აპირებ? როგორი იქნება? როგორი თმები ექნება? რა ეცმება?
  • როგორი იქნება გარემო? Რა ადგილი უნდა დახატო?
  • რა დაგჭირდება ხატვისას?

ხატვის დასრულების შემდეგ კი შეგვიძლია ასეთი შეკითხვები დავუსვათ:

– რატომ დახატე მზეთუნახავი წითელ კაბაში? ასე ეწერა წიგნში?

– შენ თვითონ მოიფიქრე, წითელქუდას რომ მწვანე ფეხსაცმელები ჩააცვი?..

თუკი ბავშვი არაა მიჩვეული ხატვას და უჭირს ან იძაბება ხატვის დროს, კარგი იქნება, თუკი ჩვენ თვითონ გადავიქცევით მხატვრებად. ამ პროცესს ბავშვი სიამოვნებით დააკვირდება და, რაც მთავარია, ჩაერთვება კიდეც ჩვენთან ერთად ხატვაში, გაფერადებაში. დროთა განმავლობაში კი იგი დამოუკიდებელ მხატვრადაც ჩამოყალიბდება. არ უნდა დავიზაროთ და უნდა ვალაპარაკოთ საკუთარი ნახატების შესახებ, გულწრფელად უნდა აღვფრთოვანდეთ მისი ნამუშევრებით და საინტერესო შეკითხვებიც უნდა დავუსვათ მას თავის ნახატებზე.

  1. დასკვნების გაკეთება

ტექსტის კითხვისას ყველა შეკითხვაზე პასუხს ტექსტში პირდაპირ ვერ ვიპოვით. ზოგჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ და ისე ამოვიცნოთ პასუხები. ეს არცთუ იოლი პროცედურაა, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ბავშვებს ასეთ დაკვირვებას პატარაობიდანვე მივაჩვევთ.

ბავშვი თვითონ სვამს ხოლმე იმ შეკითხვებს, რომლებზე პასუხიც ასეთ დაკვირვებას მოითხოვს და ჩვენ სწორედ ამ ინტერესის გამოიყენებე შეგვიძლია. ამ დროს პირდაპირ კი არ უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას, არამედ პასუხის ძიებაში თავად ბავშვი უნდა ჩავრთოთ. გავიხსენოთ კიდევ ერთი ბრწყინვალე სტრატეგია — ხმამაღლა ფიქრი — დასკვნების გაკეთების უნარის გამომუშავებისთვის ბავშვთან ერთად ხმამაღლა ფიქრი კარგი მხარდამჭერია. აქვე დავამატოთ, რომ დასკვნების გაკეთება მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სტრატეგიებთანაც, მაგალითად, მიზეზისა და შედეგის (მიზნის) ამოცნობასთან, თუნდაც წაკითხულის დახატვასთან და სხვ.

დასკვნების გასაკეთებლად უნდა გამოვიყენოთ ე. წ. ,,რატომ” შეკითხვები. ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის, მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და ბავშვს დავუსვათ ასეთი შეკითხვები:

  • რატომ ეგონა დევს, რომ ნაცარქექია ძლიერი იყო?
  • როგორ გაადენინა ნაცარქექიამ ქვას წყალი?
  • როგორ მოიშორეს თავიდან ბიჭმა და წიქარამ დედინაცვალი?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასკვნების გაკეთების უნარის გამომუშავებისთვის სასარგებლოა სხვა შეკითხვებიც, ე. წ. ,,ვინ”, ,,რა”, ,,სად”, ,,როდის” შეკითხვები. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მასზე პასუხს გარკვეული დაკვირვება და მიხვედრა დასჭირდება. მაგალითად, ,,წიქარას” კითხვისას ბავშვს შეიძლება შევეკითხოთ, ვისთან ერთად გაიქცა წიქარა შინიდან. მაგრამ ეს შეკითხვა მას ვერ გამოუმუშავებს დასკვნის გაკეთების უნარს, რადგან ამ შეკითხვაზე პასუხი პირდაპირ წერია ტექსტში. მაგრამ თუკი ვკითხავთ: რატომ გაიქცა ბიჭი წიქარასთან ერთად, ბავშვმა უნდა დაასკვნას, რომ ბიჭს წიქარა უყვარდა, მასთან მეგობრობდა და ამიტომ შეარჩია თავის გადამრჩენლად წიქარა.

ერთიც აღვნიშნოთ, რომ ნუ გამოვეკიდებით სწორი დასკვნების ძიებას. რასაკვირველია, დასკვნების გაკეთება ის კომპეტენციაა, რომელზეც ზრდასრული ადამიანები ყველაზე ხშირად ვკამათობთ ხოლმე. მთავარია, ბავშვმა ეს პროცედურა — არასაკმარისი ინფორმაციის შევსება — გამოიმუშაოს თავის გონებაში. ხოლო სწორი დასკვნების გაკეთებაში გაწაფულობა თანდათან მოვა, მათ შორის, ბევრი საინტერესო წიგნის კითხვის პროცესშიც.

ვნახოთ შეკითხვები და დასკვნები ,,ავთანდილი და თინათინის” მიხედვით:

# შეკითხვა დასკვნა-პასუხი
1 რატომ არ დაეთანხმნენ ვაზირები მეფის წინადადებას? იმიტომ, რომ მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი მეფე.
2 რატომ გადაწყვიტა როსტევანმა თინათინის გამეფება თავის სიცოცხლეშივე? ალბათ, უნდოდა თავისი თვალით ენახა, როგორ კარგად მართავდა თინათინი სამეფოს.
3 რატომ აუხსნა თინათინმა ავთანდილს სიყვარული პირველმა? იმიტომ, რომ დავალება მისცა, რომელსაც გახარებული ავთანდილი უფრო ყოჩაღად შეასრულებდა.
4 ვისთან ერთად წავიდოდა ავთანდილი იდუმალი რაინდის საძებნად? ალბათ, რამდენიმე მეგობარს წაიყვანდა. აბა, სამი წლის განმავლობაში მარტო ხომ ვერ ივლიდა?!

 

  1. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა

რა განსხვავებაა ფაქტსა და მოსაზრებას შორის? როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს განსხვავება? ამაზე ხომ ზრდასრული ადამიანებიც კი ხშირად ვკამათობთ ხოლმე… შეგვიძლია თუ არა ამ უნარზე ვიზრუნოთ ბავშვობის ადრეული ასაკიდანვე?

რასაკვირველია. ეს არათუ შესაძლებელია, არამედ სწორედაც რომ ადრეული ასაკიდანვე, ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვის დროს უნდა ვიზრუნოთ ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავების აღმოსაჩენად. უბრალოდ, ეს ,,ადრეული ასაკი”, რასაკვირველია, 3-4 წელი ვერ იქნება და პატარები ამის გამო ფრუსტრაციაში არ უნდა ჩავაგდოთ, არ უნდა გავაწბილოთ.

როგორ მოვიქცეთ ამ უნარის გამოსამუშავებლად? ჯერ თვითონ ეს ტერმინები უნდა გავააზრებინოთ ბავშვს, მაგალითად, ასეთი მსჯელობით:

— რა არის ეს, რასაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ? წიგნი. ვისაც არ უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა, ყველა გვიპასუხებს, რომ ,,ეს არის წიგნი”. მაგრამ თუ ვიკითხავთ, როგორია ეს წიგნი, სხვადასხვა რამეს გვიპასუხებენ: ერთი იტყვის, რომ საინტერესო წიგნია, მეორე იტყვის, რომ კარგია, მესამემ შეიძლება თქვას, რომ ლამაზი წიგნია, მეოთხემ შეიძლება დაიწუნოს და გვითხრას, რომ არაა საინტერესო და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ.

ასეთი მსჯელობის შემდეგ, თავად ტექსტების მიხედვით უნდა შევარჩიოთ ხოლმე დებულება და დავაფიქროთ ბავშვი, ფაქტია ეს, დებულება თუ მოსაზრება. ასეთი დებულებები შეიძლება იყოს:

  • ,,ნაცარქექიაში” მთავარი პერსონაჟები ნაცარქექია და დევია. (ფაქტი)
  • ნაცარქექია კეთილი პერსონაჟია, ხოლო დევი — ბოროტი. (მოსაზრება)
  • ბიჭმა დედინაცვლისგან თავის დასაღწევად ბოლოს სარკე გადააგდო. (ფაქტი)

ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ამ დროს ბავშვებს დავაკვირვებთ არასწორ მაგალითებზეც ანუ არასწორ მოსაზრებებზე. ცხადია, ვტანხმდებით, რომ წინადადებების შეთავაზებისას ჩვენ დაგვჭირდება ტექსტისეული წინადადებების შეცვლა, გადაკეთება, სრულიად ახლის მოფიქრებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ჩვენი მთავარი შეთანხმება, რომ ბავშვები არ უნდა დაიღალონ, გადაიტვირთონ — მთელი წიგნის წაკითხვისას მხოლოდ ერთ წინადადებაზე თუ დავაფიქრებთ ამ სტრატეგიის კონტექსტში, ეს სრულიად საკმარისი იქნება. ჩვენ მიერ შმოეთავაზებული მაგალითები არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც ყველა ნიმუში უნდა გამოვიყენოთ ერთი წაკითხვის დროს.

ვნახოთ ეს ნიმუშები ჩვენი ტექსტის ,,თინათინი და ავთანდილის” მიხედვით:

  # წინადადება   ფაქტი   სწორი  

  მოსაზრება

  არასწორი

  მოსაზრება

 1  მეფე როსტევანმა თავისი შვილი, თინათინი აიყვანა ტახტზე. *    
2 თინათინი ძალიან ლამაზი იყო.   *  
3 ავთანდილს ძალიან უყვარდა თინათინი.   *  
4 ნადირობისას როსტევანმა ავთანდილზე მეტი ცხოველი მოინადირა.     *
5 ავთანდილს ძალიან არ უნდოდა იდუმალი რაინდის საძებნად წასვლა.     *

 

  1. შედარება და განსხვავებების აღმოჩენა

კიდევ ერთი სასარგებლო უნარი, რომელიც ბავშვებს უნდა გამოვუმუშაოთ წიგნების კითხვის პროცესში, საგნებისა და მოვლენების ერთმანეთთან შედარებისა და განსხვავებების აღმოჩენის უნარია. ამისთვის სხვადასხვა რამე შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს:

  • პერსონაჟები (როგორც ერთი ტექსტის ფარგლებში, ასევე სხვადასხვა ტექსტის პერსონაჟები)
  • ერთი პერსონაჟი — ტექსტის დასაწყისში და ტექსტის დასასრულს (მაგალითად, როგორი იყო ნაცარქექია ზღაპრის დასაწყისში და როგორ შეიცვალა იგი ზღაპრის ბოლოს?)
  • ადგილები (მაგალითად, სოფელი ვაშლოვანი, დევის ეზო…)
  • სახლები/ოთახები (მაგალითად, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ნაცარქექიასა და დევის სახლები?)
  • სხვადასხვა ტექსტის დასაწყისი/დასასრული
  • სხვადასხვა, მაგრამ ერთი ჟანრის (ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი…) ტექსტები
  • სხვადასხვა ჟანრის ტექსტები…

ამ უნარის გამომუშავების მიზნით დაგვეხმარება ისეთი შეკითხვები, როგორიცაა:

  • რით განსხვავდება ერთმანეთისგან დევი და ნაცარქექია? ან ნაცარქექია და კოკროჭინა? ავთანდილი და როსტევანი? თინათინი და როსტევანი?
  • როგორ დაეხმარნენ თავიანთ ძმებს ნაცარქექია და კოკროჭინა? რომელი პერსონაჟის ქცევა უფრო მოგწონს, რატომ? რომელი იქნება სამეფოსთვის უკეთესი მმართველი — როსტევანი თუ თინათინი? რატომ?
  • შეადარე ნაცარქექიასა და დევის ურთიერთობა წიქარასა და ბიჭის ურთიერთობას. რა განსხვავებაა მათ შორის? შენ რომელი უფრო მოგწონს? რატომ?

 

  1. კავშირების დამყარება

როდესაც ბავშვს ტექსტს ვუკითხავთ, საშუალება გვეძლევა ეს ტექსტი დავაკავშიროთ სხვადასხვა რამესთან. მაინც რა კავშირები შეიძლება გაიბას ამ პროცესში?

პირველ რიგში, დასაკავშირებელი ობიექტები თვითონ ამ ტექსტში უნდა მოვძებნოთ:

  • დასაწყისი დავაკავშიროთ შუა ნაწილსა და დასასრულთან;
  • ერთი პერსონაჟი დავაკავშიროთ მეორესთან და/ან მესამესთან;
  • ტექსტში აღწერილი გარემო დავაკავშიროთ განვითარებულ ამბავთან ან პერსონაჟის ხასიათთან…

კარგი იქნება, თუ იმჟამად წაკითხულ ტექსტს დავაკავშირებთ ადრე წაკითხულ ტექსტთან, კერძოდ:

  • გავახსენებთ სხვა პერსონაჟს და აღმოვაჩენთ მსგავსება-განსხვავებას;
  • გავახსენებთ ასეთივე პრობლემას ან სიტუაციას სხვა ტექსტში;
  • მოვაგონებთ, კიდევ რომელ ტექსტში შეხვედრიათ ესა თუ ის სიტყვა;
  • დავაკავშირებთ ამავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებთან, აღმოვაჩენინებთ მათ შორის მსგავსებას…

არ უნდა დაგვავიწყდეს ტექსტები დავაკავშიროთ ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთანაც. უნდა ვკითხოთ მას, ხომ არ აგონებს ესა თუ ის პერსონაჟი ვინმეს ან საკუთარ თავს. ხომ არ ახსენდება, მასაც ენახოს ისეთი ადგილი, როგორიც ტექსტშია აღწერილი ან ასეთივე პრობლემური სიტუაცია ხომ არ გადახდენია თავს?

ვნახოთ შეკითხვები, რომლებიც დაგვეხმარება კავშირების დამყარების სტრატეგიის გამომუშავების მიზნით ,,თინათინი და ავთანდილის” მაგალითზე:

  • კიდევ რომელ ამბავში/ზღაპარში გახსენდება მეფე? როგორია ის მეფე? რით ჰგავს როსტევან მეფეს? რით განსხვავდება? (აქ ყურადღებას ვამახვილებთ შედარებაზეც.)
  • ქალი მეფე, დედოფალი ხომ არ გახსენდება კიდევ?
  • ჩვენს ქვეყანაში ვინაა მთავარი მმართველი? თუ გინახავს სადმე? როგორ ფიქრობ, როგორ მართავს ქვეყანას?
  • ვაზირები თუ არიან დღეს? როგორ ფიქრობ, რას აკეთებდნენ ისინი როსტევანის სამეფოში? დღეს ვინ აკეთებს ჩვენთან ასეთ საქმეებს?..

 

SOLO ტაქსონომიის გამოყენების ასპექტები

0

SOLO ტაქსონომია  ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, ინოვაციურ და დინამიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც მოსწავლის ცოდნის შეფასებისა და განვითარებისთვის შეუცვლელია. მისი უნიკალური სტრუქტურა საშუალებას იძლევა, შეფასება მოერგოს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

SOLO ტაქსონომიის გამოყენებით, მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, რომ შეფასების რუბრიკა აქციოს მრავალფუნქციურ ინსტრუმენტად, რომელიც  ხელს უწყობს მოსწავლის პროგრესს.  SOLO ტაქსონომიით რუბრიკის შედგენა შინაარსობრივად ამდიდრებს შეფასების პროცესს და ხელს უწყობს მასწავლებელს  და მოსწავლეს  ახალი გამოწვევების გაცნობიერებასა და დაძლევაში.

SOLO ტაქსონომია ხელს უწყობს მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას, რადგან მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, შეაფასოს და ხელი შეუწყოს სხვადასხვა ცოდნის მქონე მოსწავლეს შემდგომ განვითარებაში. ტაქსონომიის მეშვეობით, შესაძლებელია თითოეული მოსწავლის უნარებსა და ცოდნაზე მორგებული შეფასების რუბრიკის შექმნა. ეს მიდგომა  ამაღლებს  მოტივაციას, რადგან მოსწავლე ხედავს, რომ მისი ინდივიდუალური პროგრესი აღიარებულია და დაფასებული.

SOLO ტაქსონომიის გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ტაქსონომიის მაღალი დონეები, როგორიცაა მიმართებითი და აბსტრაქტული დონე მოითხოვს, რომ  მოსწავლეები  მარტივი ფაქტების დასწავლიდან უფრო ღრმა და კომპლექსური კონცეფციების შექმნაზე გადავიდნენ. ეს მიდგომა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, განიხილონ და გააანალიზონ მასალა სხვადასხვა კუთხით, შექმნან ახალი იდეები და იპოვონ ინოვაციური გადაწყვეტილებები.

SOLO ტაქსონომია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თვითშეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გააცნობიერონ საკუთარი პროგრესი და ცოდნის დონის ზრდა. როდესაც მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება, თვითონ შეაფასონ თავიანთი ნამუშევრები  ტაქსონომიის მიხედვით, ისინი უფრო მეტად აცნობიერებენ, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი ცოდნის გაღრმავება და განვითარების მიმართულების განსაზღვრა. ეს მიდგომა აძლიერებს მოსწავლეების დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას სწავლის პროცესში.

SOLO ტაქსონომია ხელს უწყობს დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის დანერგვას, სადაც ერთსა და იმავე კლასში სხვადასხვა დონის დავალებები გათვალისწინებულია მოსწავლეების უნარების მიხედვით. ტაქსონომიის მეშვეობით, მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან გაკვეთილები, რომლებიც მოიცავს როგორც მარტივ, ისე უფრო რთულ კონცეფციებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის აქტიურ ჩართულობას. ეს მიდგომა განსაკუთრებით სასარგებლოა  საკლასო ოთახში  თანაბარი ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნისთვის, სადაც მასწავლებლებს სჭირდებათ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს წარმატების მიღწევა.

პედაგოგიკაში გამოიყენება როგორც  SOLO ტაქსონომია  ასევე მისი  მისი შებრუნებული ვარიანტი (სხვა სიტყვებით,  საწყისი აბსტრაქტულიდან – პრესტრუქტურული დონისკენ), რაც განსხვავებულ პედაგოგიურ მიზნებს ემსახურებიან:

  1. SOLO ტაქსონომია (ტრადიციული):
    • პროცესის გასაუმჯობესებლად: მოსწავლეების ცოდნის პროგრესი პრესტრუქტულარული დონისგან გაფართოებული აბსტრაქტულისკენ წარმართავს. ეს ეტაპობრივად ამაღლებს მოსწავლეთა გაგებასა და კომპეტენციას.
    • შეფასებისთვის: ეხმარება მასწავლებლებს, შეფასებისას განსაზღვრონ, რა დონეზეა მოსწავლე და როგორ შეიძლება მასთან მუშაობა ცოდნის გაღრმავებისთვის.
    • კონსტრუქციული სწავლებისთვის: სწავლების პროცესში SOLO ტაქსონომია  ხელს უწყობს იდეების თანდათანობით გამდიდრებასა და ინტეგრაციას.
  2. შებრუნებული SOLO ტაქსონომია:
    • კრიტიკული შეფასებისთვის:  SOLO ტაქსონომის შებრუნებული ვარიანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როცა ყურადღება უნდა გამახვილდეს, ცოდნის ხარისხზე.
    • გამარტივების პროცესის დემონსტრირება: ეხმარება სწავლებისას რთული იდეების მარტივად ახსნას და დაკონკრეტებას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ახალი თემების შესწავლისას ან რეფლექსიისთვის.
    • ზრდის პროგრესირების საჭიროების გაცნობიერება: შებრუნებული SOLO ტაქსონომის გამოყენებით სწავლება აჩვენებს, რა მოხდება, თუ მოსწავლეები ვერ აითვისებენ ცოდნის უფრო მაღალ დონეს.

 ტრადიციული SOLO ტაქსონომია ძირითადად გამოიყენება მოსწავლეების პროგრესის შესაფასებლად  და სიღრმისეული ცოდნის  ხელშესაწყობად.

 შებრუნებული  SOLO ტაქსონომიის ვერსია შეიძლება გამოყენებულ იქნას:  კრიტიკული აზროვნების, რეფლექსიისა და სწავლების გამარტივებისთვის.

ორივე მოდელი გარკვეულ კონტექსტებში ეფექტურია და მათი არჩევა უნდა მოხდეს საგანმანათლებლო მიზნების შესაბამისად.

SOLO ტაქსონომიის (Structure of Observed Learning Outcomes) შებრუნებული ვარიანტი ხშირად გამოიყენება დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის დანერგვისას, რადგან შებრუნებული დიზაინის კონცეფცია მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად მართოს სასწავლო პროცესი.

  1. გაფართოებული (Extended Abstract):
    • მნიშვნელობა: მოსწავლე ახერხებს მიღებული ცოდნის ახალ კონტექსტებში გამოყენებას, ქმნის ახალ იდეებსა და კონცეფციებს.
    • გამოყენება: ეს დონე გამოიყენეთ, როცა მოსწავლეს აძლევთ შემოქმედებით და კრიტიკულ დავალებებს, სადაც მათ მოუწევთ სხვადასხვა კონცეფციის დაკავშირება და ახლებური ხედვის განვითარება.
  2. მიმართებითი (Relational):
    • მნიშვნელობა: მოსწავლე აკავშირებს სხვადასხვა იდეებსა და კონცეფციებს, ქმნის ერთიან გაგებას.
    • გამოყენება: გამოიყენეთ ეს დონე, როცა მოსწავლეებს აძლევთ დავალებებს, სადაც მათ მოუწევთ ცოდნის კონტექსტუალურად გამოყენება და სხვა ცნებებთან დაკავშირება.
  3. მულტისტრუქტურული (Multistructural):
    • მნიშვნელობა: მოსწავლე ახდენს რამდენიმე იდეის იდენტიფიკაციასა და განხილვას, თუმცა მათ შორის კავშირი არ არის აშკარა.
    • გამოყენება: ეს დონე გამოიყენეთ, როცა მოსწავლეებს აძლევთ დავალებებს, რომლებიც მოიცავს რამდენიმე თემას, თუმცა ამ თემებს შორის კავშირის დასაკავშირებლად საჭიროა შემდგომი ფიქრი.
  4. უნისტრუქტურული (Unistructural):
    • მნიშვნელობა: მოსწავლე იდენტიფიცირებს და ხსნის მხოლოდ ერთ ან ორ იდეას, ცოდნა ზედაპირულია.
    • გამოყენება: ეს დონე გამოიყენეთ მარტივი თემების შესასწავლად, სადაც მოსწავლეს მხოლოდ ძირითადი ცნებების გაგება უწევს.
  5. პრესტრუქტურული (Prestructural):
    • მნიშვნელობა: მოსწავლე ჯერ არ ფლობს საკმარის ცოდნას თემის გასაგრძელებლად.
    • გამოყენება: პრესტრუქტურული დონე გამოიყენეთ, როცა მოსწავლეები ახლად იწყებენ ახალ თემაზე მუშაობას.

რა როლი აქვს სოლო ტაქსონომიის შეცვლილი დიზაინის გამოყენებას  დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის დანერგვისას?

SOLO ტაქსონომიის გამოყენება დაჩქარებული სწავლებისას საშუალებას იძლევა სწრაფად იდენტიფიცირდეს მოსწავლის ცოდნის დონე და  მოხდეს  მიზნობრივი მხარდაჭერა. მაგალითად:

  • გაფართოებული დონე – გამოიყენეთ კომპლექსური პროექტები, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ცოდნა გაავრცელონ ახალ კონტექსტებში.
  • მიმართებითი დონე –  მოსწავლეებს მიეცით დავალებები, სადაც ისინი სხვადასხვა თემებს ერთმანეთთან დააკავშირებენ.
  • მულტისტრუქტურული დონე: გამოიყენეთ თემატური დავალებები, რომელიც მოიცავს რამდენიმე საკითხს.
  • უნისტრუქტურული დონე: მიეცეთ მარტივი დავალებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ერთ თემას შეისწავლიან.
  • პრესტრუქტურული დონე: გამოიყენეთ საწყისი აქტივობები, რათა გააძლიეროთ მოსწავლის ცოდნის საფუძველი.

SOLO ტაქსონომიის გამოყენება მასწავლებელს ეხმარება, უფრო ეფექტურად მართოს სასწავლო პროცესი, სწრაფად შეაფასოს მოსწავლის ცოდნა და განავითაროს ადაპტირებული და პერსონალიზებული სწავლების სტრატეგიები. ეს მიდგომა ხელს უწყობს  სწავლების პროცესის ოპტიმიზაციას და მოსწავლეთა მოტივაციას.

სოლო ტაქსონომიის შებრუბნებული ვარიანტის პრაქტიკული გამოყენება

 სოლო ტაქსონომიის შებრუნებული დიზაინის გამოყენების   არსი – შებრუბნებული მიდგომის გააზრება, რომლის დროსაც შეფასების პროცესს იწყებენ გაფართოებული დონიდან ,  ეხმარება ცოდნისა და უნარების სრული სპექტრის შეფასებაში.

მაგალითი: მათემატიკის გაკვეთილზე, მოსწავლეებს შეიძლება მივცეთ რთული ამოცანა, მაგალითად, ფუნდამენტური თეორემის გამოყენება ახალი კონცეფციის გამოსათვლელად (გაფართოებული დონე). შემდეგ, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს  ამოცანა მარტივ ნაწილებად  განიხილოს, რათა განსაზღვროს რომელ დონეზე იმყოფებიან და რა დონეზე სჭირდებათ მუშაობა.

 სწავლების პროცესის ორგანიზება – შებრუნებული ტაქსონომიის გამოყენება სწავლის პროცესში,  მოიცავს გაკვეთილის დაწყებას მაღალი დონის ამოცანებით და შემდეგ თანდათანობით  რთულიდან მარტივისკენ გადაადგილებას.

მაგალითი: ინგლისურ ენაში, მოსწავლეებს შეიძლება მიეცეთ ტექსტის ანალიზი, რომელიც მოითხოვს მაღალი დონის კრიტიკულ აზროვნებას (გაფართოებული დონე). ამის შემდეგ, მასწავლებელი ანაწილებს ტექსტს ნაწილებად და თითოეულ ნაწილს ურთავს შესაბამის კითხვებს,  სქემებს რომლებიც მოიცავს ტექსტის მახასიათებლებს (მულტისტრუქტურული დონე) და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის უმარტივესი კითხვებისკენ, როგორიცაა „რა არის ტექსტის ძირითადი თემა?“ (უნისტრუქტურული დონე).

 სწავლის შედეგების შეფასება – მოსწავლის პროგრესის შეფასება და ანალიზი ხდება  იმის მიხედვით როგორც ახერხებენ ისინი რთული ამოცანების შესრულებას და შემდეგ  უფრო მარტივი ამოცანების გადაწყვეტას.

მაგალითი: ისტორიაში, მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს შებრუნებული სოლო ტაქსონომია მოსწავლის პროგრესის შესაფასებლად. მაგალითად, მასწავლებელი აძლევს დავალებას, რომ მოსწავლეები შეაფასოს. დავალება –  რომელიმე ისტორიული მოვლენის გრძელვადიანი შედეგების გაანალიზება (გაფართოებული დონე). შემდეგ უბრუნდება უფრო მარტივ ამოცანებს, როგორიცაა კონკრეტული მოვლენის დათარიღება და ძირითადი ფაქტების ჩამოთვლა (უნისტრუქტურული დონე).

დიფერენცირებული სწავლება – შებრუნებული სოლო ტაქსონომიის გამოყენება დიფერენცირებული სწავლებისთვის,  საშუალებას აძლევს მასწავლებელს ადაპტირდეს სხვადასხვა ცოდნის დონეზე მყოფი მოსწავლის საჭიროებებზე. სწავლების პროცესი შეიძლება ისე იყოს ორგანიზებული, რომ თითოეული მოსწავლე  მიიღებს მისთვის შესაფერისი დონის აქტივობასა და შეფასებას.

მაგალითი: ბუნების გაკვეთილზე, მოსწავლეებს შეიძლება მიეცეთ ეკოსისტემის ამოცანა, სადაც თითოეულ მოსწავლეს აძლევენ სხვადასხვა დონის ამოცანებს: ერთ ჯგუფს შეუძლია ეკოსისტემის კონკრეტული ელემენტის აღწერა (უნისტრუქტურული დონე), მეორე ჯგუფს ეკოსისტემის რამდენიმე ელემენტის ურთიერთკავშირის განმარტება (მულტისტრუქტურული დონე), ხოლო მესამე ჯგუფს შეუძლიათ გააანალიზონ ადამიანის საქმიანობის გავლენა ეკოსისტემაზე (გაფართოებული დონე).

მოტივაციის მართვა –  მოსწავლეთა  მოტივაციის მართვა, რათა თითოეული მოსწავლე მაქსიმალურად დაინტერესდეს და მოტივირებული იყოს სწავლის პროცესით.

მაგალითი: მოსწავლეებს შეუძლიათ შაბლონური ნაწარმოების დაწერა (უნისტრუქტურული დონე) და შემდეგ გადააქციონ ეს ნაწარმოები რთულ წერით ამოცანად, სადაც ისინი იკვლევენ და აღწერენ ნაწარმოების შინაარსობრივ დეტალებს (გაფართოებული დონე). ამის შემდეგ, მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა პროგრესს და ეხმარება მათ, რომ დაინტერესდნენ უფრო რთულ ამოცანებში ჩართულობით.

შებრუნებული SOLO ტაქსონომიის (Reversed SOLO Taxonomy) გამოყენებაზე ინფორმაცია შედარებით შეზღუდულია, რადგან ეს მიდგომა შედარებით ახალს წარმოადგენს და ძირითადად უფრო კონკრეტული კვლევებისა და პედაგოგიური ინოვაციების ფარგლებში განიხილება. თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი წყაროები, რომლებიც დაკავშირებულია შებრუნებული სწავლების დიზაინთან, რაც დაკავშირებულია SOLO ტაქსონომიის შებრუნებული ვარიანტის კონცეფციასთან:

  1. Wiggins, G., & McTighe, J. (2005). Understanding by Design (Expanded 2nd ed.). Association for Supervision and Curriculum Development (ASCD).
  2. Biggs, J., & Tang, C. (2011). Teaching for Quality Learning at University: What the Student Does (4th ed.). Open University Press/McGraw-Hill Education.
  3. Wiliam, D. (2011). Embedded Formative Assessment. Solution Tree Press.
  4. Bransford, J. D., Brown, A. L., & Cocking, R. R. (Eds.). (2000). How People Learn: Brain, Mind, Experience, and School (Expanded ed.). National Academy Press.
  5. “The Community of Inquiry Framework Meets the SOLO Taxonomy: A Process-Product Model of Online Learning” by Shea et al. (2011)
  6. “Assessing the Quality of Essays Using the SOLO Taxonomy” by Munowenyu (2007)
  7. “Advancing the Skill Set of SCM Graduates – An Active Learning Approach” by Scholten and Dubois (2017)

 

აახენის ტაძარი – ინტერდისციპლინური მიდგომა გერმანულის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე

0

რამდენიმე წლის წინ გერმანიაში სტუმრობისას, შესაძლებლობა მომეცა მომენახულებინა ქალაქ აახენის ტაძარი, ეს არის დასავლეთ გერმანიაში არა მარტო შთამბეჭდავი არქიტექტურული შედევრი, რომელიც ისტორიკოსებსა და მომლოცველებს ხიბლავს, არამედ უამრავი ადამიანისთვის დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი თავისი უნიკალური რელიკვიებით და ძვირფასი სიწმინდეებით, რომლებიც ტაძარს  სულიერების და ისტორიის უნიკალურ საგანძურად აქცევს. შთამბეჭდავი დარბაზების თვალიერებისას, ვიგრძენი განსაკუთრებული ატმოსფერო – ადგილი, რომელსაც კარლოს დიდმა მერვე საუკუნის ბოლოს ჩაუყარა საფუძველი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ არქიტექტურულმა ბრწყინვალებამ, არამედ ისტორიისა და ხელოვნების ერთობლიობამ, რომელიც ყველა დეტალში იგრძნობა.

განსაკუთრებით მომხიბლა ბრწყინვალე გუმბათის ხილვამ, რომელიც ქმნის ტაძრის გულს, ასევე რომაული და გოთიკური ელემენტების დახვეწილმა დეტალებმა, და  მოზაიკებმა, რომლებიც კედლებში ანათებდნენ და წარსულის ისტორიებს ყვებოდნენ. მნახველს შეუმჩნეველი ვერ დარჩება  ფრიდრიხ I  ბარბაროსას მიერ მე-12 საუკუნეში სპეციალურად ამ ტაძრისთვის წმინდა მარიამის საპატივცემულოდ შეწირული ე.წ. ბარბაროსას ჭაღი, რომელსაც  4,16 მეტრის დიამეტრი აქვს და  დაახლოებით 27 მეტრი სიგრძის ჯაჭვზეა მიმაგრებული კაროლინგური რვაკუთხედი გუმბათის ქვეშ.

ტაძრის მონახულებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული ადგილების პირვანდელი სახით შენარჩუნება და მათ მიერ მოყოლილი ამბების მოფრთხილება წარსულის უკეთ გააზრებისთვის.

აახენის ტაძარი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ ევროპის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი სიმბოლოცაა. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას 1978 წელს დაემატა. საკათედრო ტაძარი საუკუნეების განმავლობაში იყო გერმანელი მეფეების კორონაციის ადგილი და ასახავს მთელი ეპოქის პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ მნიშვნელობას. კარლოს დიდის განსასვენებლის გარდა, ამ ტაძრისკენ პილიგრამებს წლების განმავლობაში იზიდავდა ის ქრისტიანული სიწმინდეები, რომლებიც აქ მარიენშრაინში (Marienschrein) ანუ რელიკვარიუმში ინახება – ესენია ჩვილი მაცხოვრის სახვევები, ჯვარცმული ქრისტეს თეძოს სახვევი, ღვთისმსობლის კაბა, იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავის სახვევი ტილო და სხვა.  ტრადიციის მიხედვით, 1349 წლიდან (მას შემდეგ, რაც შავი ჭირი მოედო ევროპას) ამ რელიკვარიუმს 7 წელიწადში ერთხელ ხსნიან, როდესაც  ამ სიწმიდეებთან მიახლება შეუძლიათ მომლოცველებს.

მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ამ ისტორიული ფაქტების ყოვლისმომცველი გაგება. ინტერდისციპლინური მიდგომით ამ მოვლენების შესწავლა ეხმარება მათ დაინახონ კავშირები არქიტექტურას, ისტორიასა და ხელოვნებას შორის და ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის უფრო ღრმა გაცნობიერებას. ამ ძეგლზე ინფორმაციის მიღებით, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ გააფართოვონ თავიანთი ცოდნა ისტორიისა და ხელოვნების შესახებ, არამედ გაიაზრონ ისტორიული შენობების მნიშვნელობა და გავლენა თანამედროვე სამყაროზე.

ჩემთვის, როგორც გერმანული ენის მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია გაკვეთილის ისეთი დიზაინის შექმნა, როცა ის არა მხოლოდ ენის უნარების განვითარებას, არამედ კულტურული და ისტორიული თემების უფრო ღრმა კონტექსტუალურ გაგებას უზრუნველყოფს.

ამრიგად, აახენის საკათედრო ტაძარი თავისი მდიდარი ისტორიით და უნიკალური არქიტექტურით გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას დააკავშიროთ გერმანული ენის გაკვეთილები ისტორიასა და ხელოვნებასთან და შექმნათ ჰოლისტური სასწავლო გარემო. ასეთი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას, მნიშვნელოვანია,  მოსწავლეებს მივცეთ დამოუკიდებლად კვლევისა და შემოქმედებითად მუშაობის შესაძლებლობა ღრმა და გრძელვადიანი გაგების ხელშეწყობისთვის.

ამ სტატიაში მე ვაჩვენებ, თუ როგორ შეიძლება ამ ტაძრის თემის ინტეგრირება სხვადასხვა საგნებში და რომელი კონკრეტული მეთოდებია გამოსადეგი.

იდეები გერმანული ენის გაკვეთილებისთვის

ა. კონტექსტუალიზაცია და მოტივაცია:

გერმანული ენის გაკვეთილებზე აახენის ტაძრის თემის შემოტანა საინტერესო კონტექსტუალიზაციით დაიწყეთ. აუხსენით მოსწავლეებს, რატომ არის ტაძარი ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიულად და კულტურულად. ხაზი გაუსვით მის როლს, როგორც კორონაციის ადგილს და მის შთამბეჭდავ არქიტექტურას. ეს შესავალი მიზნად ისახავს მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას და შემდგომი სამუშაოს მყარი საფუძვლის შექმნას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ვებ -გვერდი თემის ინტეგრირებისთვის:

https://kinder.wdr.de/tv/die-sendung-mit-der-maus/av/video-sachgeschichte-aachener-dom-100.html

თუ გაკვეთილების ციკლს ისტორიის მასწავლებელთან ერთად დაგეგმავთ, შესაძლებელია თემის შესახებ ინფორმაცია ისტორიის გაკვეთილზე მიიღონ მოსწავლეებმა, გერმანული ენის გაკვეთილზე კი მოხდეს თემის შესახებ ინფორმაციის გაღრმავება ან გერმანულენოვანი გადაცემების ნახვა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწვალეებში საკითხით დაინტერესებას.

ბ. ტექსტური მუშაობა:

გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის ტექსტი საკათედრო ტაძრის სხვადასხვა პერსპექტივიდან

სანახავად:

არამხატვრული ტექსტები: იმუშავეთ სტატიებით და აღწერილობებით, რომლებიც დეტალურად ხსნიან საკათედრო ტაძრის ისტორიასა და არქიტექტურას.

ისტორიული დოკუმენტები: გამოიყენეთ ნაწყვეტები შუასაუკუნეების მატიანეებიდან, რომლებიც ასახავს ტაძრის კორონაციებისა და ისტორიული მოვლენების შესახებ მოვლენებს.

ინტერდისციპლინური აქტივობები

შემოქმედებითი წერა და როლური თამაში

  • გამოგონილი დღიურები: მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ გამოგონილი დღიურის ჩანაწერები იმ ადამიანების პერსპექტივიდან, რომლებიც ტაძარს შუა საუკუნეებში ან დღეს სტუმრობენ. ეს შეიძლება შეიცავდეს კარლოს დიდის ან თანამედროვე ვიზიტორების პერსპექტივას.
  • წერითი სამუშაო: მოსწავლეები წერენ საკუთარ ტექსტებს, მაგ. მოხსენება საკათედრო ტაძარში გამოგონილი ვიზიტის შესახებ ან წერილი ისტორიული მოღვაწის პერსპექტივიდან.
  • როლური თამაშები: შექმენით როლური თამაშები, რომლებშიც მოსწავლეები ქმნიან აახენის ტაძრის ისტორიულ სცენარებს. ეს შეიძლება მოიცავდეს მეფეთა კორონაციას, ან სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს.

იდეები ისტორიის გაკვეთილებისთვის

ისტორიული ფონი:

ისტორიის გაკვეთილებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ აახენის ტაძარი, როგორც ცენტრალური თემა სხვადასხვა ისტორიული ასპექტის განსახილველად.

დაარსება და არქიტექტურა: განიხილეთ კარლოს დიდის დროს ტაძრის მშენებლობა და მისი არქიტექტურული მნიშვნელობა.

კორონაციები: გაანალიზეთ ტაძრის, როგორც კორონაციის როლი და მისი მნიშვნელობა გერმანიის მეფეებისთვის.

ამ ინფორმაციების სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ აახენის ტაძრის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც მნიშვნელოვან ინფორმაციებს იხილავთ: *

https://www.aachenerdom.de/ort-der-geschichte/der-koenigsthron/

ამ საიტზე მოსწავლეები ნახავენ ტაძრის ავთენტურ გარემოს, ნივთებს, რელიკვიებს და მათთვის ისტორიული მოვლენები უფრო ხელშესახები გახდება. 

რესტავრაცია და თანამედროვე დრო: გამოიკვლიეთ ცვლილებები საკათედრო ტაძარში საუკუნეების განმავლობაში.

შექმენით მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონიკა/დროის რუკა: მოსწავლეები ქმნიან აახენის ტაძრის გარშემო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონიკას. ეს ხელს უწყობს ისტორიული განვითარების ნათლად ილუსტრირებას. შეუძლიათ გამოიყენონ აპლიკაცია Lucidchart.com ან https://www.canva.com/templates/s/timeline/ ასეთი მოვლენების ქრონიკის შესაქმნელად, სადაც მოსწავლეები დაახარისხებენ ინფორმაციას: მნიშვნელოვანი თარიღი, მისი დასათაურება, მოვლენის მოკლე აღწერა, სურვილისამებრ შეუძლიათ მოვლენის ამსახველი ფოტოც დაურთონ თვალსაჩინოებისთვის. ისტორიული ფაქტების ასეთი დახარისხება ხელს უწყობს არა მარტო მათ ადვილად დამახსოვრებას, არამედ მოსწავლეებს უწევთ ინფორმაციის გაფილტვრა და მოკლედ გადმოცემა, რაც განავითარებს ანალიტიკურ/კრიტიკულ უნარებს.

გამოიყენეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლის მიდგომები

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების დამოუკიდებლობას და შემოქმედებითობას.

კვლევითი პროექტები: სთხოვეთ მოსწავლეებს გამოიკვლიონ და წარმოადგინონ ტაძრის ისტორიის კონკრეტული ასპექტები, როგორიცაა:  მნიშვნელოვანი მეფეები თუ არქიტექტურული განვითარება. 

ვირტუალური ტური: გამოიყენეთ ონლაინ რესურსები და ვირტუალური ტურები, რათა მოსწავლეებს მიაწოდოთ დეტალური და განსაცვიფრებელი გამოცდილება აახენის ტაძრის შესახებ.

ამ საიტებზე მოსწავლეებს შეუძლიათ ვირტუალურად დაათვალიერონ აახენის ტაძარი და შეიქმნან უნიკალური შთაბეჭდილება ისეთ დეტალებზე, როგორცაა ტაძრის დარბაზები, კარლოს დიდის სამლოცველო, სამეფო ტახტი, სადაც მეფეებს აკურთხებდნენ, რელიკვარიუმი, კაპელა და სხვ. *

https://erleben.aachenerdom.de/dom-erlebnis/virtueller-3d-rundflug/

https://www.nrw-tourismus.de/panoramen/aachen_1_5_1s_VR/aachen.html?fbclid=IwY2xjawEmfZ5leHRuA2FlbQIxMQABHX2fLGQLjTm5rebJZ-vVUQguxAsDsI-t7qbxsniUgMbpVIGABiYvbsTkww_aem_QA_WtFih7mhkG7KhuoSpEg

ვიზიტის დოკუმენტაცია: მოსწავლეები  ვირტუალური ტურის დროს აწარმოებენ ჩანაწერებს და შემდეგ წერენ მოხსენებას ან დღიურს თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ.

პრეზენტაცია: მოსწავლეები იყენებენ საკათედრო ტაძრის ვირტუალურ ტურს, რათა შექმნან პლაკატი ან ციფრული პრეზენტაცია საკვანძო ინფორმაციით.

პროექტის პრეზენტაციები: მოსწავლეები იკვლევენ აახენის ტაძრის სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა მისი ისტორიული მნიშვნელობა, მისი როლი არქიტექტურის ისტორიაში და სხვ. შედეგები წარმოდგენილია პრეზენტაციების, პლაკატების ან გამოფენების სახით./კვლევის მოხსენებები: მოსწავლეები წერენ კვლევით მოხსენებებს ახენის ტაძართან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე და წარუდგენენ მათ კლასს. 

შედარებითი კვლევები: მოსწავლეები ადარებენ აახენის ტაძარს სხვა მნიშვნელოვან შუა საუკუნეების შენობებს, რათა დაადგინონ მსგავსება და განსხვავებები.

 კავშირი მიმდინარე თემებთან

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ ისტორიული შენობების აქტუალობა, როგორიცაა აახენის ტაძარი დღევანდელ კონტექსტში.

დისკუსია „ისტორიულ ძეგლთა დაცვა დღეს“:

  • ამოცანა : მსჯელობა ძეგლთა დაცვის მნიშვნელობასა და ისტორიული შენობების შენარჩუნების გამოწვევებზე.
  • მასალები: სარესტავრაციო პროექტების მაგალითები, სტატიები ძეგლთა დაცვის შესახებ.
  • აქტივობა: მოსწავლეები ჯგუფურად განიხილავენ ძეგლის დაცვის აქტუალობას, შესაძლო პრობლემებსა და გადაწყვეტილებებს და შეიმუშავებენ წინადადებებს სამომავლოდ ტაძრის დაცვის შესახებ.

კვლევა „თანამედროვე აახენის საკათედრო ტაძარი“: 

  • ამოცანა: გამოიკვლიეთ ტაძრის როლი დღევანდელ ურბანულ საზოგადოებაში.
  • მასალები: გაზეთების სტატიები, ინტერვიუები ადგილობრივ ექსპერტებთან, ტურიზმის სტატისტიკა.
  • აქტივობა: მოსწავლეები აანალიზებენ ტაძრის, როგორც ტურისტული ადგილისა და კულტურული მემკვიდრეობის როლს და წარმოადგენენ მიგნებებს პრეზენტაციის სახით.

სარესტავრაციო პროექტების გამოკვლევა: აახენის საკათედრო ტაძრის მიმდინარე სარესტავრაციო პროექტების კვლევა. მოსწავლეებს შეუეძლიათ გაერკვნენ, თუ როგორ ხდება ტაძრის მოვლა, რა თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები გამოიყენება და რა გამოწვევები ჩნდება. 

მდგრადობა ძეგლთა დაცვაში: განიხილეთ, თუ როგორ იმართება აახენის ტაძარი მდგრადობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების კუთხით. მოსწავლეებს შეუძლიათ შეიმუშავონ წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ისტორიული შენობების დაცვა და წარადგინონ პროექტი.

ინტეგრაცია ხელოვნების გაკვეთილებზე

საკათედრო ტაძრის კედლებსა და თაღებში აღმოჩენილი რთულად დაპროექტებული დეტალები აჩვენებს შუა საუკუნეების ხელოსნების გასაოცარ ოსტატობას. ლამაზი მოზაიკა და რთული არქიტექტურული ელემენტები, როგორიცაა გუმბათი და რომაული სვეტები, არა მხოლოდ ესთეტიურად შთამბეჭდავია, არამედ იწვევს ინტერესს. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის ვირტუალური ტურით (იხ. დანართი) ამ ტაძრის დათვალიერება შთაგონების წყარო გახდება.

ა. არქიტექტურული ანალიზი:

ხელოვნების გაკვეთილზე შეგიძლიათ შეისწავლოთ აახენის ტაძრის არქიტექტურა. მოსწავლეები ეცნობიან რომაულ კონსტრუქციას და ტაძრის სხვადასხვა არქიტექტურულ ელემენტებს.

ვირტუალური ტურები: სთხოვეთ მოსწავლეებს მონაწილეობა ვირტუალურ ტურებში, რათა შეისწავლონ ტაძრის სხვადასხვა ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კონკრეტული ამოცანები ან კითხვები, რათა ყურადღება მიიპყროთ კონკრეტულ არქიტექტურულ მახასიათებლებზე ან ხელოვნების ნიმუშებზე.

ინტერაქტიული რუკები: გამოიყენეთ ინტერაქტიული რუკები, რათა ნათლად აუხსნათ მოსწავლეებს ტაძრის მდებარეობა და სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტები.

ნახატი: მოსწავლეები ხატავენ ტაძრის სხვადასხვა ნაწილს, როგორიცაა რვაკუთხედი ან საძვალე. ეს ხელს უწყობს მათ არქიტექტურის დეტალების გაგებას.

მოდელის დამზადება: მოსწავლეები ქმნიან აახენის ტაძრის მაკეტებს მუყაოსგან ან სხვა მასალისგან. ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც ჯგუფური პროექტი გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის წახალისებისთვის.

საპროექტო სამუშაო “ტაძარი მინიატურაში”:

– ამოცანა : ტაძრის არქიტექტურული თავისებურებების ანალიზი, როგორიცაა   რვაკუთხედი, ბიზანტიური და გოთური ელემენტები.

– დავალება: მასწავლებელი განმარტავს ტაძრის მხატვრულ სტილებს, როგორიცაა რომაული და გოთური ელემენტები. მოსწავლეები ირჩევენ სტილს და ქმნიან ნამუშევარს, რომელიც ასახავს მას. მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ აახენის ტაძრის მაკეტის აგებაზე.

– მასალები: მუყაო, წებო, საღებავი, მოდელის ნაკრები.

– გამოფენა: მოდელი შექმნილია დეტალურად, მოსწავლეები ყურადღებას აქცევენ სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს და დეტალს. დასასრულს ისინი წარმოადგენენ თავიანთ მოდელებს და განმარტავენ მათ მიერ განხორციელებულ არქიტექტურულ მახასიათებლებს.

ბ. ხელოვნების ისტორიული პერსპექტივა:

ხელოვნების ნიმუშების შესწავლა: შეისწავლეთ ხელოვნების ნიმუშები ტაძრის შიგნით, როგორიცაა მოზაიკა, სამლოცველო და რელიკვიები. ეს იძლევა შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის შესწავლის საშუალებას.

https://www.aachener-domschatz.de/  *

მხატვრული პროექტი: მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ნამუშევრებს, შთაგონებული აახენის საკათედრო ტაძრით, მაგ.  მოზაიკა ან სკულპტურის ნიმუშები.

იდეები ციფრული პროექტებისთვის:

– 3D მოდელირება: სტუდენტები ქმნიან საკუთარ 3D მოდელებს ან ტაძრის ნაწილების ციფრულ ნახატებს. პროგრამები, როგორიცაა Tinkercad, შეიძლება სასარგებლო იყოს ამისთვის.

მულტიმედიური პრეზენტაციები:

მოსწავლეები  ქმნიან მულტიმედია პრეზენტაციებს, რომლებიც აერთიანებს ტექსტს, სურათებსა და ვიდეოებს ახენის ტაძრის შესახებ. ამ პრეზენტაციების ჩვენება შესაძლებელია სკოლის ღონისძიებაზე ცოდნის გასაზიარებლად.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია სასწავლო მიზნების შეფასება და სწავლის გამოცდილების გაზიარება.

რეფლექსია სასწავლო მიზნებზე:

საკლასო დისკუსიები: გამართეთ საკლასო დისკუსია, რათა შეკრიბოთ და განიხილოთ მოსწავლეების მრავალფეროვანი პერსპექტივები და შეხედულებები.

უკუკავშირის რაუნდები: ჩაატარეთ უკუკავშირის რაუნდები, სადაც მოსწავლეები აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შეხედულებებს. ეს ხელს უწყობს იმის შეფასებას, თუ რამდენად კარგად არის მიღწეული სასწავლო მიზნები.

თვითშეფასება: სთხოვეთ მოსწავლეებს შეაფასონ საკუთარი პროგრესი და დაფიქრდნენ იმაზე, რაც ისწავლეს ახენის ტაძრის შესახებ.

ასეთი ჰოლისტური მიდგომა გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება აახენის საკათედრო ტაძრის თემის ეფექტიანად ინტეგრირება სწავლებაში. გერმანულის, ისტორიისა და ხელოვნების კომბინაციით, ასევე ციფრული მედიის, პროექტზე დაფუძნებული სწავლის მიდგომების და კვლევითი აქტივობებით, მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან საინტერესო და სიღრმისეული სასწავლო გარემო, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში და აღძრავს მათ ინტერესს კულტურული და ისტორიული მოვლენების მიმართ.

* შენიშვნა: სტატიაში გამოყენებული გერმანულენოვანი ოფიციალური ვებ-საიტები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს თემის უკეთესად  შესასწავლად; გერმანული ენის მასწავლებლისა და გერმანული ენის შემსწავლელი მოსწავლეების ჩართულობით მათი გამოყენება მნიშვნელოვნად გაამდიდრებს როგორც ისტორიის ისე ხელოვნების გაკვეთილებს.

გამოყენებული ონლაინ რესურსები აახენის ტაძრის ვირტულაურად დათვალიერებისთვის და ტაძარში არსებული/და მასთან დაკავშირებული კოლექციის დეტალურად გაცნობისთვის:

https://www.aachenerdom.de/

https://erleben.aachenerdom.de/dom-erlebnis/virtueller-3d-rundflug/

https://www.nrw-tourismus.de/panoramen/aachen_1_5_1s_VR/aachen.html?fbclid=IwY2xjawEmfZ5leHRuA2FlbQIxMQABHX2fLGQLjTm5rebJZ-vVUQguxAsDsI-t7qbxsniUgMbpVIGABiYvbsTkww_aem_QA_WtFih7mhkG7KhuoSpEg

https://www.aachener-domschatz.de/

https://www.aachenerdom.de/ort-der-geschichte/der-koenigsthron/

https://kinder.wdr.de/tv/die-sendung-mit-der-maus/av/video-sachgeschichte-aachener-dom-100.html

https://www.aachener-domschatz.de/der-aachener-domschatz/

„წყვილები“ და „მარტოხელები“

0

ისეთი მათემატიკური ცნებების გააზრება, როგორიცაა კენტი და ლუწი რიცხვები, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საკმაოდ რთულია. პრაქტიკული აქტივობები, თვალსაჩინო მასალები, ვიზუალიზაცია და თამაშები ამ გამოწვევას კარგად უმკლავდება, ეხმარება მოსწავლეებს ცნების უკეთ გააზრებაში.

გთვაზობთ მეორე კლასში დაგეგმილი გაკვეთილის რამდენიმე საინტერესო აქტივობას.

თემა: კენტი და ლუწი რიცხვები

მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები

ქვემიმართულება: რიცხვები, მათი გამოყენება და რიცხვის წარმოდგენის საშუალებები

სამიზნე ცნება:

მათემატიკური მოდელი: ლუწი და კენტი რიცხვები

კანონზომიერება: კენტი და ლუწი რიცხვების განსხვავება, მათი მახასიათებლების ახსნა

ლოგიკა: მსჯელობა

ესგ-ს მიხედვით მისაღწევი შედეგები:

მათ. დაწყ. (I). 1. მოსწავლე უნდა ფლობდეს და იყენებდეს რიცხვის ცნებას და რიცხვის წარმოდგენის საშუალებებს. მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვების შედარება და კლასიფიცირება.

თემის ფარგლებში შედეგის მიღწევის ინდიკატორები: 

  • რიცხვის ცნების გააზრება, ფლობა და გამოყენება;
  • ყოფითი ან მათემატიკური პრობლემის განხილვისას რაოდენობათა წარმოდგენა შესაბამისი რიცხვის, სიმბოლოს და თვალსაჩინო მოდელების გამოყენებით;
  • კანონზომიერების აღმოჩენა მიმდევრობაში, მისი გაგრძელება და სიტყვიერი ჩამოყალიბება;
  • შესაბამისობის გარკვევა რიცხვებსა და წერტილებს შორის რიცხვით ღერძზე;
  • რიცხვების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ლუწი და კენტი რიცხვების ცნებებს. შეძლებენ განასხვაონ ლუწი და კენტი რიცხვები და ახსნან მათი მახასიათებლები. შეძლებენ განსაზღვრონ, რომელი რიცხვია ლუწი და რომელი – კენტი. განუვითარდებათ დაკვირვებისა და მსჯელობის უნარი.

აქტივობა1: წყვილებად დაყოფა

მოსწავლეებს ვურიგებ ღილების გროვას (შეიძლება სხვა საგნებიც – კენჭები, მარცვლები, ფანქრები), ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალურად მანიპულატივის გამოყენების საშუალება.

 

მოსწავლეები, ვიდრე მანიპულატივების მათემატიკურად გამოყენებას დაიწყებენ, ისინი ეცნობიან რესურსს, ათვალიერებენ, აკვირდებიან, თამაშობენ და სხვა. დაწყებით კლასში თამაში ფორმალურ სწავლებამდე აუცილებელია.
დავალება: დაყონ წყვილებად ღილები.

 

დამოუკიდებლად მუშაობისას ვახალისებ მოსწავლეებს, ვთხოვ მაჩვენონ, როგორ დააწყვილეს ღილები, ასევე – ახსნან თავიანთი მსჯელობა.
დამოუკიდებლად მუშაობისას ვახალისებ მოსწავლეებს, ვთხოვ მაჩვენონ, როგორ დააწყვილეს ღილები, დარჩა თუ არა დაუწყვილებელი, „მარტოხელა“ ღილი, ასევე – ახსნან თავიანთი მსჯელობა.
დაწყვილების შემდეგ შემომაქვს კენტი და ლუწი რიცხვების ცნება. თუ ყველა საგანი წყვილადაა, რიცხვი ლუწია.

თუ ერთი საგანი დაუწყვილებელი დარჩა, რიცხვი კენტია.

 

მოსწავლეებს საშუალება აქვთ, აქტივობის დასასრულს თავისუფლად გადაადგილდნენ კლასში, მივიდნენ თანაკლასელების სამუშაო მაგიდებთან, დაათვალიერონ ერთმანეთის ნამუშევრები. დაასახელონ, ლუწია თუ კენტი ღილების რაოდენობა.

 

აქტივობა 2: რომელი დაწყვილდა?

 

კენტი და ლუწი რიცხვების გამოსაკვლევად მოსწავლეებს ვაძლევ წინასწარ გამზადებულ ჩარჩოებს,  რომელთა გასწვრივ წერია რიცხვები (მოსწავლეთა დონის მიხედვით, რიცხვის ჩარჩოები განსხვავებულია – 1-6, 1-10, ან 1-20). ეს კიდევ ერთი გზაა „ერთი დარჩენილის“ იდეის გასაგებად.

მე შევთავაზე მოსწავლეებს სხვადასხვა მანიპულაციები ამ აქტივობისთვის, როგორიცაა ღილები, სიმინდის ან ლობიოს მარცვლები, კენჭები და სხვა

 

პრეზენტაცია:

მოსწავლეებს ვავალებ, საპრეზენტაციოდ მოამზადონ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

·         რომელი რიცხვების შესაბამისი გროვები დაწყვილდა და რა ვუწოდეთ ასეთ რიცხვებს?

·         რომელი რიცხვების შესაბამის გროვაში დარჩა დაუწყვილებელი „ღილი/მარცვალი…“ და რა ვუწოდეთ ასეთ რიცხვებს?

·         რომელი რიცხვის შესაბამისი გროვების დაყოფა  შეიძლება ორ თანაბარ ჯგუფად?

(მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას, ჩაატარონ ექსპერიმენტები, შეიმუშაონ საკუთარი სტრატეგიები და გამოიკვლიონ მრავალი რიცხვი)

 

პრეზენტაცია იძლევა იმ იდეების სინთეზის საშუალებას, რომლებიც კვლევის დროს გამოითქვა. ვთხოვ მოსწავლეებს, აირჩიონ ერთი რიცხვი, რომელიც გამოიკვლიეს და ჩაატარონ პრეზენტაცია, აუხსნან კლასს, როგორი რიცხვია ის. შემდეგ კითხვას მთელ კლასს ვუსვამ: ვინმემ გამოიკვლია  თუ არა ეს რიცხვი და იგივე შედეგი მიიღო თუ არა? (ეს მნიშვნელოვანია, რადგან კლასში შესაძლოა გვყავდეს რამდენიმე მოსწავლე, რომლებმაც არაზუსტად დათვალეს. როდესაც შეცდომას შევამჩნევთ, ვაგრძელებთ მსჯელობას  ამ რიცხვის შესახებ მთელ ჯგუფთან ერთად)

 

 

აქტივობა 3: კენტი და ლუწი რიცხვები ბანქოზე

ბანქო სახალისო და საინტერესო სავარჯიშოა მოსწავლეებისათვის – მისი მეშვეობით შეუძლიათ დაინახონ, როგორ არის წარმოდგენილი კენტი და ლუწი რიცხვები ყოფით ობიექტებში. ზოგიერთმა მოსწავლემ შეამჩნია, რომ  კენტრიცხვებიან ბანქოს ქაღალდებზე შუაში აქვთ ნახატი, ხოლო ლუწრიცხვებიანს – არა.

ეს სავარჯიშო წყვილებში შეასრულეს.

 

აქტივობა 4: კენტი და ლუწი რიცხვები რიცხვით ღერძზე

ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს დავურიგე რიცხვითი ღერძის სქემას  და ვთხოვე, მასზე შესაბამისად  განელაგებინათ მარცვლები. დაკვირვებისა და მსჯელობის  შედეგად მოსწავლეებმა დაინახეს კენტი და ლუწი რიცხვების კანონზომიერი სვლა (წინ და უკან).

ამის შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს, დაესახელებინათ ლუწი რიცხვები (2, 4, 6, 8, 10), კენტი რიცხვები (1, 3, 5, 7, 9).

* 2-ის მომდევნო რიცხვი კენტია თუ ლუწი?

* 5-ის წინა რიცხვი კენტია თუ ლუწი?

* ლუწი რიცხვის მომდევნო რიცხვი როგორია – კენტი თუ ლუწი?

მსგავსი კითხვებით დავეხმარე საკითხის გააზრებასა და აღმოჩენილი კანონზომიერების სიტყვიერად ჩამოყალიბებაში.

გავაფართოეთ რიცხვითი ღერძი

აქ მოსწავლეებს ვთხოვე, დაკვირვებოდნენ ლუწ რიცხვებს, იქნებ კვლავ აღმოეჩინათ კანონზომიერება. გაუჭირდათ. შემდეგ ვთხოვე, შემოეხაზათ ლუწი რიცხვები და დაკვირვებოდნენ ბოლო ციფრებს: რომელი ციფრებით მთავრდება ლუწი რიცხვები? ერთობლივად დავადგინეთ, რომ ლუწი რიცხვები ყოველთვის მთავრდება 0, 2, 4, 6 ან 8-ით. ასევე ვიმსჯელეთ კენტი რიცხვების თვისებაზეც, რომელიც უკვე მინიშნებებისა და დამხმარე კითხვების გარეშე ამოიცნეს.

 

აქტივობა 5: მასალის განმტკიცება

თამაში: ჯგუფური ბინგო

მოსწავლეები ჯგუფებად დავყავი. თითოეულ ჯგუფს დავურიგე ბინგოს ორი ბარათი (რომლის მზა ვერსიები ხელმისაწვდომია  ინტერნეტში). ჯგუფის წევრები  ერთად მუშაობენ ბარათის რიცხვების დასაფარავად. მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ, რომელი რიცხვებია ლუწი და რომელი – კენტი მასწავლებლის მიერ მოცემულ ბარათზე წარმოდგენილ რიცხვთა ნაკრებიდან. ერთ ბარათზე უნდა დაფარონ ( დააწყონ კენჭები/მარცვლები…) ლუწი რიცხვები, მეორეზე – კენტი.

 

აქტივობა 6. ინდივიდუალური მუშაობა

    • თითოეულ მოსწავლეს მივეცი დავალება – პატარა ბარათები, რომლებზეც ეწერა რიცხვები. მათ უნდა განესაზღვრათ, რომელი იყო ლუწი და რომელი – კენტი.

გაკვეთილის შეჯამება / შეფასება

კითხვა-პასუხით ვაჯამებ გაკვეთილს:

    • რა არის ლუწი რიცხვი?
    • რა არის კენტი რიცხვი?
    • როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ლუწი და კენტი რიცხვები?

აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა

  • მოსწავლეებმა უნდა დაწერონ 5 ლუწი და 5 კენტი რიცხვი.
  • შემოქმედებითი დავალება:
სათაური: რიცხვების ქალაქის არქიტექტორი

შენ ხარ ცნობილი არქიტექტორი და გევალება, შექმნა ფანტასტიკური ქუჩა, სადაც ყველა კენტი ნომერი იქნება ერთ მხარეს, ხოლო ლუწი – მეორე მხარეს. შენობების სართულების რაოდენობაც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესს (მაგ., ორსართულიანი სახლი, ხუთსართულიანი სასტუმრო). გამოიყენე შენი ფანტაზია და შექმენი უნიკალური ქუჩა!

შეფასების კრიტერიუმები:

1)          ქუჩის გეგმის სისწორე (ყველა ნომერი და სართული უნდა შეესაბამებოდეს დავალებას)

2)          შენობების მრავალფეროვნება და ორიგინალობა

3)          ქუჩის აღწერა და დამატებითი დეტალები

 

მოკლედ, ლუწი და კენტი რიცხვების შესწავლა მოსწავლეებს ეხმარება, განავითარონ მათემატიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, რაც მათ ეხმარება როგორც სკოლაში, ასევე ცხოვრებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა – https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი, მე-5 კლასი, შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში – https://math.ge/mekhute-klasi/

საგუნდო სიმღერის როლი მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში

0

საგუნდო სიმღერა არის მოსწავლეთა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ამავე დროს შემოქმედებითი საქმიანობა მათი მუსიკალური განათლების კუთხით, რაც დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა ესთეტიკურ განვითარებაზე. იგი ხელს უწყობს სასიმღერო კულტურისა და მუსიკალური წიგნიერების განვითარებას, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და, საბოლოოდ, მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბებას.

საგუნდო სიმღერა, როგორც მოსწავლეთა შემოქმედებითი საქმიანობის სახეობა, ავითარებს  მხატვრულ გემოვნებას, მნიშვნელოვნად აფართოებს და ამდიდრებს მათ ჰორიზონტს და ასევე აყალიბებს პოზიტიურ დამოკიდებულებას როგორც მუსიკის, ისე ზოგადად ხელოვნების მიმართ, რაც ხელს უწყობს მუსიკის გაკვეთილებისადმი ინტერესის ზრდას. სიმღერით ადამიანი გამოხატავს თავის გრძნობებს, აზრებს, სამყაროსადმი დამოკიდებულებას.

მუსიკალური განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბავშვო გუნდებს, რომელიც შეიძლება შედგებოდეს უმცროსი, საშუალო ან უფროსკლასელი მოსწავლეებისგან.

საგუნდო სიმღერის როლი მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელია, რადგან საგუნდო ხელოვნებაში მუსიკა და სიტყვა ერთად არის შერწყმული. პოეზიით გამდიდრებული მუსიკა უფრო ღრმა გავლენას ახდენს მოსწავლის ფსიქიკაზე, მის მხატვრულ აღქმასა და განვითარებაზე, ფანტაზიასა და მგრძნობელობაზე.

საგუნდო ნაწარმოების დაუფლების პროცესი მოიცავს შრომატევად სამუშაოს, რომლის წყალობითაც დაძლეულია მხატვრული, საშემსრულებლო და ტექნიკური სირთულეები. ეს უნერგავს მოსწავლეებს შრომისმოყვარეობას და უნარს, გუნდის ინტერესები დააყენოს პირად ინტერესებზე მაღლა.

საგუნდო ჯგუფის ხელმძღვანელის მუშაობის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმად ესმის საგუნდო სიმღერის საგანმანათლებლო მნიშვნელობა, ფლობს   მუსიკალურ-სასიმღერო განვითარების მეთოდებსა და ტექნიკას, იცის მოსწავლის ხმის მახასიათებლები, იცის მოსწავლეთა მხატვრულ- საშემსრულებლო შემოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება.

საგუნდო სიმღერა ხელს უწყობს მუსიკალური მეხსიერების განვითარებას, ავითარებს მხატვრულ გემოვნებას და არის თვითგამოხატვის საშუალება. ეხმარება მოსწავლეებს  ეზიარონ მუსიკალური ხელოვნების სამყაროს, განავითარონ მუსიკალური მეხსიერება, მხატვრული გემოვნება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საგუნდო რეპერტუარის შერჩევას, რომელიც შედგენილია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ განმასხვავებელ მახასიათებლებთან შესაბამისობა;
  • მუსიკალური ნაწარმოების მაღალი დონე;
  • სამუშაოს უმნიშვნელო მოცულობა;
  • შერჩეული ნაწარმოებების ჟანრული კონტრასტები;

სიმღერაზე მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელს შეუძლია თქვას შესავალი სიტყვა ან რაიმე საინტერესო ფაქტი შესასწავლ  სიმღერის შესახებ. მოსწავლეების აქტიურ საქმიანობაში ჩართვა (ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა იმპროვიზაცია, სხეულის მოძრაობების გამოყენება  სიმღერის დროს).

მნიშვნელოვანია:

  • მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა საგუნდო სიმღერის პროცესში;
  • მონდომება წარმოშობილი საგუნდო სირთულეების დაძლევაში;
  • ამაღლებული ემოციური დამოკიდებულება ნასწავლი სიმღერის შესრულებისას.

საგუნდო მუშაობა იწყება  სუნთქვითი  სავარჯიშოებით . შემდეგ, მასწავლებელთან ერთად,  მოსწავლეები მუშაობენ დიქციაზე, გამოთქვამენ  რამდენიმე ენის გასატეხს, ყოველ ჯერზე იზრდება გამოთქმის სიჩქარე. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მღერის მარტივ  სიმღერას . სიმღერაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად უნდა გაანალიზონ  სიმღერა, თუ რომელი  ფრაზები ისწავლეს , პლასტიკური ინტონაციის გამოყენებით.

გარდა მუსიკის გაკვეთილებისა, სკოლის დირექციის ხელშეწყობით კლუბურ მუშაობის ფარგლებში სკოლაში ჩამოვაყალიბე  ვოკალური  გუნდი ,, პატარა ვირტუოზები“, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო აქტივობა. გუნდის შედგება 48 წევრისგან.

(ფოტო და ვიდეო მასალა გასაჯაროებულია მშობლების თანხმობის საფუძველზე)

საგუნდო სიმღერის, როგორც შესრულების კოლექტიური ფორმის სპეციფიკა დიდად უწყობს ხელს იმ ფაქტს, რომ მორცხვი მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ  ინდივიდუალურად სიმღერა, ხალისით უერთდებიან გუნდის წევრებს. საერთო საქმეში მონაწილეობა მოსწავლეს უვითარებს კომუნიკაციის, მისი მოქმედებების ობიექტურად შეფასების უნარს და ეხმარება გააცნობიეროს არსებული შეცდომები, როგორც მუსიკალური (სმენისა და ხმის ხარისხის, სიმღერის უნარები), ასევე ქცევითი.

გუნდური სიმღერა სასარგებლოა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ბავშვები, რომლებიც მღერიან, განსხვავდებიან თანატოლებისგან პოზიტიური ემოციურობითა და თავდაჯერებით. საყვარელი საქმიანობიდან კმაყოფილება არის კარგი განწყობის სტიმულირება .

საგუნდო სიმღერის სპეციფიკა, როგორც შესრულების კოლექტიური ფორმა, ხელს უწყობს კარგი ადამიანური თვისებების განვითარებას: თავდაჯერებულობა, სიმშვიდე, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, კეთილგანწყობა. გუნდში მეგობრულად და შეკრული ცხოვრების უნარი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა დაეხმარება მოზარდის მომავალ ცხოვრებას და მის ადაპტაციას საზოგადოებაში.

მოსწავლეთა აქტიური,  დაინტერესებული დამოკიდებულება საგუნდო მუსიკისადმი მთლიანად დამოკიდებულია მასწავლებლის მუშაობის მეთოდზე. მთავარი მოთხოვნაა ბავშვებისადმი სიყვარული, პროფესიისადმი ფართო ერუდიცია, პედაგოგიური ინტუიცია, კომუნიკაციისა და ზნეობის მაღალი დონე,  სწავლების სხვადასხვა მეთოდების პროფესიული ცოდნა.

სიმღერა მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტყველებასთან, ისინი ერთი და იგივე ვოკალური აპარატის ფუნქციებია და ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ამ ფუნქციებიდან ერთის გაუმჯობესების პროცესში მეორეც ხარისხობრივად შეიცვლება. სიმღერის სწავლის პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაა, დავეყრდნოთ მოსწავლეთა მეტყველებას, როგორც ონტოგენეტიკურ განვითარების პროცესში უკვე დაუფლებულ ვოკალურ აქტივობას.

საგუნდო სიმღერა ხელს უწყობს  საგანმანათლებლო ამოცანების გადაჭრას:

  • შემოქმედებით წარმოსახვას, მუსიკალური მეხსიერების განვითარებას;
  • მოსწავლის გონებრივი და ემოციური განვითარება;
  • მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, მუსიკისადმი მდგრადი ინტერესის ზრდა;
  • მუსიკალური სმენის განვითარება;
  • მოსწავლეთა მუსიკალური შესაძლებლობებისა და სასიმღერო ხმის განვითარება;
  • სასიმღერო ხმის ფორმირება, დიაპაზონის გაფართოება;
  • სასიმღერო არტიკულაციის ფორმირება, სასიმღერო სუნთქვის განვითარება.

საგუნდო სიმღერის შესრულებით ბავშვები უფრო ღრმად აღიქვამენ მუსიკას, აქტიურად გამოხატავენ გრძნობებსა და განწყობას; მუსიკალური ბგერების სამყაროს გააზრებით, ისინი სწავლობენ გარშემომყოფთა მოსმენას,  შთაბეჭდილებების გამოხატვას.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საკონცერტო აქტივობებს. მოსწავლეები გამოდიან სხვადასხვა კონცერტებსა თუ კონკურსებზე. ეს პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს გუნდის გაკვეთილებს. საგუნდო პრაქტიკა არის საგანმანათლებლო ცოდნის კომპლექსი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული მუსიკალური, ესთეტიკური და ზოგადი განათლების ციკლების სხვა საგანმანათლებლო დისციპლინებთან. საგუნდო ნაწარმოების გაცნობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ისტორიული პერიოდი (ეპოქა, სტილი), რომელშიც ის დაიწერა. ეს მნიშვნელოვანია საგუნდო ნაწარმოების ინტერპრეტაციისთვის და იწვევს მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას.

სასკოლო კლუბის ფარგლებში შევიმუშავე პროგრამა , რომელის მიმართულება  შინაარსობრივად  არის მხატვრულ- ესთეტიკური; ფუნქციური დანიშნულებით – ზოგად კულტურული; ორგანიზაციის ფორმის მიხედვით – ჯგუფური; პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და იძლევა ინდივიდუალურ-შემოქმედებითი მიდგომის საშუალებას.

პროგრამის აქტუალობა განპირობებულია მოსწავლეების საგუნდო სიმღერის გაცნობის აუცილებლობით, ვინაიდან საგუნდო სიმღერა უნიკალური შესაძლებლობების მქონე ხელოვნებაა, როგორც საშემსრულებლო, ასევე საგანმანათლებლო. საგუნდო სიმღერა, თავისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, ღრმა სულიერი შინაარსით და უზარმაზარი ზემოქმედებით, როგორც შემსრულებლის, ისე მსმენელის ემოციურ და მორალურ სტრუქტურაზე, რჩება მუსიკალური განათლების მნიშვნელოვან საშუალებად. მუსიკალური ნაწარმოების შესრულებით მოსწავლე უერთდება მუსიკალურ კულტურას და  თავად ქმნის მუსიკალურ კულტურას , მხატვრულ ღირებულებებს.

მოსწავლეების ესთეტიკურ განვითარებას საგუნდო სიმღერით, აქვს არაერთი უპირატესობა, რაც აიხსნება მრავალი მიზეზით:

  • საგუნდო სიმღერის ხელმისაწვდომობა (თითქმის ყველა ბავშვს აქვს  ვოკალური და სმენის უნარი, რაც არსებითად საკმარისი და აუცილებელი პირობაა სასიმღერო განათლებისთვის);
  • საგუნდო სიმღერის ადეკვატურობა ბავშვების ფსიქოლოგიურ და ასაკობრივ მახასიათებლებთან, კერძოდ, ხელოვნების დაუფლების აქტიურ ფორმებთან;
  • საგუნდო ხელოვნების განსაკუთრებული ხელმისაწვდომობა პოეზიის და მუსიკის სინთეზის აღქმისთვის;

საგუნდო სიმღერის  დროს სასწავლო პროცესი ასრულებს სამ ფუნქციას: საგანმანათლებლო, აღმზრდელობით და განმავითარებელს.

საგანმანათლებლო ფუნქციაა ასწავლოს მოსწავლეებს მათთვის ხელმისაწვდომ თეორიული ცოდნას და პრაქტიკული უნარებს.

თეორიული ცოდნა მოიცავს: ადამიანის ხმის ბუნების გაგებას, მის შესაძლებლობებს, სიმღერის წესების ცოდნას, შესრულებული ნაწარმოებების მხატვრულ სტრუქტურას, მუსიკალური ენის ელემენტებს, სიმღერაში ემოციური ექსპრესიულობის ნიმუშებს.

ყველაზე რთული ამოცანაა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის აუცილებლობა, მისი გამოყენება ვოკალური სავარჯიშოების პროცესში.

პროგრამა შემუშავებულია თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რაც აისახება:

  • სწავლების პრინციპები:
  • დიდაქტიკური პრინციპების განხორციელება: ხელმისაწვდომობა, თანმიმდევრულობა, სისტემატურობა, უწყვეტობა.
  • რეპერტუარის არჩევის თავისუფლება;
  • სწავლების ფორმები:
  • გაკვეთილი (ჯგუფური – საგუნდო რეპეტიცია);
  • კონცერტი;
  • კონკურსი;
  • ვოკალურ-საგუნდო მუშაობის მეთოდები:
  • ვერბალური;
  • ვიზუალური;
  • პრაქტიკული;
  • საკონცენტო;
  • გონებრივი სიმღერა;
  • შედარებითი ანალიზი;
  • იმპროვიზაცია;
  • პლასტიკური ინტონაცია;
  • მუსიკალური-დიდაქტიკური თამაშები;
  • სუნთქვის ვარჯიშები.
  • შემოწმების მეთოდები:
  • კონკურსის შედეგების ანალიზი;
  • საკონცერტო გამოსვლის ანალიზი;
  • სასწავლო რესურსები:
  • მულტიმედიური დამხმარე საშუალებები;
  • DVD, CD – აღჭურვილობა;
  • კომპიუტერი;
  • მუსიკალური ინსტრუმენტი-ფორტეპიანო;

პროგრამის მიზანი: მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა ვოკალური-საგუნდო ხელოვნების საშუალებით.

გუნდში მსურველებს ვთხოვთ იმღერონ თავიანთი საყვარელი სიმღერა ინსტრუმენტის  გარეშე. სიმღერის შესრულება ინსტრუმენტული თანხლების გარეშე საშუალებას იძლევა შეფასდეს მოსწავლის ხმის ხარისხი და სმენის შესაძლებლობები.

დიდი მნიშვნელობა აქვს საკონცერტო გამოსვლებს, რომლებიც საშემსრულებლო აქტივობების განუყოფელი ნაწილია.ისინი ააქტიურებენ და ასტიმულირებენ ვოკალურ-საგუნდო მუშაობას, საშუალებას აძლევს მათ უფრო სრულად წარმოაჩინონ შეძენილი ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები.

საგანმანათლებლო მუშაობა ეფუძნება განათლების ზოგად მიზნებს. აქაც მთავარი ადგილი ეთმობა რეპერტუარს, რომლის დაუფლების პროცესში ბავშვები იძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს და იღებენ მხატვრულ და ესთეტიკურ განათლებას.

სიმღერის დროს აქტიურდება გონებრივი შესაძლებლობები. ბავშვები უსმენენ სიმღერის მელოდიის ჟღერადობას, ადარებენ მსგავს და განსხვავებულ ბგერებს, ეცნობიან მათ გამომხატველ მნიშვნელობას, აღნიშნავენ მხატვრული გამოსახულების დამახასიათებელ სემანტიკურ მახასიათებლებს და სწავლობენ სიმღერის სტრუქტურის გაგებას. მასწავლებლის კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ შინაარსის შესახებ, ბავშვი აკეთებს პირველ განზოგადებებს და შედარებებს: ის განსაზღვრავს სიმღერის ზოგად ხასიათს, ამჩნევს, რომ სიმღერის ლიტერატურული ტექსტი მკაფიოდ არის გამოხატული მუსიკალური საშუალებებით.

სიმღერა გარკვეულწილად გავლენას ახდენს ბავშვების ფიზიკურ განვითარებაზეც. სიმღერა ზრდის სუნთქვის ამპლიტუდას, ფილტვის ვენტილაციას, ამაღლებს ემოციურ ტონუსს და აუმჯობესებს სხეულის მუშაობას.

ამრიგად, საგუნდო სიმღერა დადებითად მოქმედებს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ამდიდრებს მის შინაგან სამყაროს, ავითარებს მხატვრულ გემოვნებას და ნერგავს სიყვარულს მუსიკის ხელოვნებისადმი.

შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნა, ურთიერთდახმარება და ყველას პასუხისმგებლობა საერთო საქმის შედეგებზე გუნდში ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბებას, ეხმარება მას საკუთარი თავის რწმენაში და ხელს უწყობს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

სიმღერას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვის ყოვლისმომცველ განვითარებაზე. მხატვრულ ლიტერატურასთან, თეატრთან და სახვითი ხელოვნებასთან ერთად საგუნდო სიმღერა ასრულებს მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას. საგუნდო სიმღერით ბავშვები ერთვებიან კულტურულ ცხოვრებაში და ეცნობიან მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენებს. საგუნდო საქმიანობის პროცესში მათ უვითარდებათ შემეცნებითი ინტერესი, ესთეტიკური გემოვნება, ფართოვდება მათი ჰორიზონტი, ბავშვები მგრძნობიარენი ხდებიან სილამაზის მიმართ ხელოვნებასა და ცხოვრებაში.

დაწყებითი სკოლის ასაკი მნიშვნელოვანია ადამიანის მუსიკალური კულტურის შემდგომი დაუფლებისთვის.  მუსიკალური საქმიანობის პროცესში ბავშვების მუსიკალური და ესთეტიკური ცნობიერება განვითარდება, რაც წარუშლელ კვალს დატოვრბს  მათ შემდგომ განვითარებასა და სულიერ ჩამოყალიბებაზე. ამრიგად, საგუნდო სიმღერის გაკვეთილები ხელს უწყობს დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვის ჰარმონიულ ფიზიოლოგიურ და გონებრივ განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა. 2018-2024
  2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
  3. ი.ბასილაძე,,… სწავლების მეთოდები, სტრატეგიები, პედ.ტექნოლოგიები, ცოდნის შემოწმება-შეფასების საკითხები, 2016წ
  4. ჭკუასელი ქ., ჭკუასელი ივ., პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები, თბილისი, 2012
  5. მალაზონია შ. პედაგოგიკა, თბილისი 2001 წ.
  6. მაღრაძე მ., ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხები, ქუთაისი, 1998 წ
  7. ი.ე. უნტი. განათლების ინდივიდუალიზაცია და დიფერენციაცია – მ. პედაგოგიკა, 1990 წ.;
  8. . თ. გაგოშიძე, თ. ჭინჭარაული, თ. ფილაური, მ. ბაგრატიონი. ინკლუზიური განათლების საფუძვლები (2008)
  9. Dewey, J. (1938). Experience and education.New York: Macmillan
  10. ამონაშვილი, თანამშრომლობის პედაგოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
  11. აბრახამია შიო. სიტყვის მნიშვნელობა და მისი მუსიკალური მოდიფიკაციები
    ქართულ კინო-სათეატრო მუსიკაში (იოსებ კეჭაყმაძის მუსიკის მაგალითზე)
  12. https://tscopus.blogspot.com/2021/07/a-cappella.html

 

 

ციფრული სიბრძნის ბალანსი – AI-ს როლი თანამედროვე განათლებაში

0

ორი წლის წინ განათლებისა და მეცნიერების მიერ დაგეგმილ კონფერენციაზე მქონდა ასეთი თემა, „კომპლექსური დავალება, როგორც ტექნოლოგიების განფარვის საშუალება“. ფაქტობრივად ეს იყო მცდელობა ძიებისა, როგორ გამოგვეყენებინა სკოლაში ტექნოლოგიები გონივრულად, რომ სუბიექტი ადამიანი ყოფილიყო და არა ტექნოლოგიები. მარტინ ჰაიდეგერი ამბობდა: „პრობლემა ის კი არაა, რომ ტექნოლოგია აბუნდოვანებს, ან ხელს გვიშლის ამ არეალის წვდომაში, არამედ ის, რომ ტექნოლოგია საერთოდ გვავიწყებს ასეთი არეალის არსებობას“. თუმცა გვინდა-არ გვინდა, ტექნოლოგიები, ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი, ცხოვრების ნაწილი გახდა და შიში ჩვენი სუბიექტურობის დაკარგვისა იმ ქართულ ანდაზას მაგონებს, მგლის შიშით რომ ცხვრის გაწყვეტა გაკვირვებისა და უგუნურების განცდას ტოვებს.

ამ რამდენიმე დღის წინ სოცქსელებში იყო დადებითი და უარყოფითი გამოხმაურებაც სკოლაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ განწყობის საფუძველზე ვისაუბრებთ, რაციონალურად შევხედოთ საკითხს. ვისაუბროთ AI-ს  როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე და პოტენციური საფრთხის პრევენციაზე.

ხელოვნური ინტელექტი (AI) დადებითი მხარე

ხელოვნური ინტელექტი (AI) რომ რევოლუციური მოვლენაა განათლების სფეროში, განსაკუთრებით სკოლებში,  არავინ დავობს. მისი გამოყენება ქმნის ინოვაციურ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც სწავლება და სწავლა ხდება უფრო ინტერაქციული, მოსწავლეთა ინდივიდუალიზმზე მორგებული და ეფექტური. AI-ს გონივრულ გამოყენებას სკოლაში შეუძლია, დადებითად იმოქმედოს საგანმანათლებლო პროცესზე. რა  სიკეთე ახლავს ხელოვნური ინტელექტის სკოლაში გამოყენებას?

  • AI ხელს უწყობს ინდივიდუალურ სწავლებას;
  • აუმჯობესებს ადმინისტრაციულ ეფექტურობას;
  • ავითარებს ციფრულ წიგნიერებას;
  • ხელს უწყობს ინკლუზიურ განათლებას.

AI ხელს უწყობს ინდივიდუალურ სწავლებას

AI-ს გამოყენება სკოლებში ინდივიდუალური სწავლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესი მორგებული იყოს თითოეული მოსწავლის უნიკალურ საჭიროებებზე, ინტერესებსა და სწავლის ტემპზე.

AI-ს შეუძლია სწრაფად გააანალიზოს დიდი მოცულობის მონაცემები მოსწავლის პროგრესის შესახებ და შექმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ეს გულისხმობს სწავლების ტემპის, სირთულის დონის და მიდგომების ადაპტირებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. მაგალითად, თუ მოსწავლეს უჭირს კონკრეტული თემის ათვისება, AI შეიძლება ავტომატურად შესთავაზოს დამატებითი სავარჯიშოები ან ალტერნატიული ახსნის მეთოდები.

გარდა ამისა, AI-ს შეუძლია დაეხმაროს მასწავლებლებს მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგში და სწრაფად გამოავლინოს ის სფეროები, სადაც დამატებითი ყურადღებაა საჭირო. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, უფრო ეფექტურად გადაანაწილონ დრო და რესურსები.

AI-ს ასევე შეუძლია შექმნას ინტერაქციული და ჩართული სასწავლო გამოცდილება გეიმიფიკაციის ელემენტების გამოყენებით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც უჭირთ ყურადღების კონცენტრირება ან მოტივაციის შენარჩუნება ტრადიციულ საკლასო გარემოში.

აუმჯობესებს ადმინისტრაციულ ეფექტურობას

AI-ს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სკოლის ადმინისტრაციული ეფექტურობა სხვადასხვა გზით. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, სწრაფად დაამუშაოს დიდი მოცულობის მონაცემები და გამოავლინოს ტენდენციები, რომლებიც შეიძლება გამოგვრჩეს ადამიანურ ანალიზში. ეს საშუალებას აძლევს სკოლის ადმინისტრატორებს, მიიღონ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები რესურსების განაწილების, სასწავლო პროგრამების ოპტიმიზაციის და მოსწავლეთა მხარდაჭერის შესახებ.

AI ეხმარება ისეთი რუტინული დავალებების შესრულებაში, როგორებიცაა: ცხრილების შედგენა, დასწრების აღრიცხვა და ანგარიშების გენერირება. ეს ათავისუფლებს ადმინისტრატორებს და მასწავლებლებს, რათა მათ უფრო მეტი დრო დაუთმონ მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობას.

შეუძლია გააუმჯობესოს სკოლის უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის სისტემების, წვდომის კონტროლის და პოტენციური საფრთხეების ადრეული გამოვლენის გზით, რესურსების ოპტიმიზაცია, დაწყებული ენერგიის მოხმარებით, დამთავრებული სასწავლო მასალების განაწილებით. ეს ამცირებს ხარჯებს და ზრდის სკოლის ოპერაციების მდგრადობას.

ავითარებს ციფრულ წიგნიერებას

როგორც აღვნიშნეთ, AI-ზე დაფუძნებული პროგრამები ადაპტირდება თითოეული მოსწავლის სწავლის ტემპთან და სტილთან, რაც ხელს უწყობს უკეთეს გაგებას და უნარების ათვისებას. ამასთან, AI ინსტრუმენტები, როგორიცაა ჩეტბოტები და ვირტუალური ასისტენტები, აჩვევს მოსწავლეებს ციფრულ ინტერაქციას და ინფორმაციის ძიებას. პროგრამირების და მონაცემთა ანალიზის საფუძვლების სწავლებით, AI ეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ თანამედროვე ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპები, მისი გამოყენება კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში ეხმარება მოსწავლეებს, რაც აუცილებელია ციფრულ სამყაროში ნავიგაციისთვის. ეს ყველაფერი ერთად ქმნის მრავალმხრივ მიდგომას ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის.

ხელს უწყობს ინკლუზიურ განათლებას

ხელოვნური ინტელექტი (AI) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინკლუზიურ განათლებას სკოლებში, განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) მოსწავლეებისთვის. AI-ს შეუძლია შექმნას პერსონალიზებული სასწავლო გეგმები, რომლებიც მორგებულია თითოეული მოსწავლის უნიკალურ საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და სწავლის ტემპზე. მაგალითად, მხედველობის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის AI იყენებს ხმოვან ტექნოლოგიებს, ხოლო სმენის პრობლემების მქონეთათვის – ვიზუალურ მასალებს. AI-ზე დაფუძნებული ასისტენტური ტექნოლოგიები, როგორებიცაა მეტყველების ამოცნობა და ტექსტის წაკითხვის პროგრამები, ეხმარება მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლაში. ამასთან, AI ალგორითმები აანალიზებენ მოსწავლის პროგრესს და ავტომატურად ცვლიან სასწავლო მასალას საჭიროებისამებრ, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ სწავლის გამოცდილებას. AI ასევე ეხმარება მასწავლებლებს, ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ სწავლის სირთულეები და შეიმუშაონ მიზნობრივი ინტერვენციები. ეს ყველაფერი ერთად ქმნის უფრო ინკლუზიურ საკლასო გარემოს, სადაც ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა, აქვს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება.

ეს ძალიან ზოგადი ინფორმაციაა იმ სიკეთეზე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოუტანოს სკოლას. თუმცა სამყაროში აბსოლუტიზმი არ არსებობს და არც ხელოვნური ინტელექტის დადებითი ასპექტები იქნება გამონაკლისი.

ხელოვნური ინტელექტის სკოლაში შემოტანის პოტენციური უარყოფითი შედეგები

ხელოვნური ინტელექტის (AI) სკოლაში ინტეგრაცია, მიუხედავად მრავალი პოტენციური სარგებლისა, შეიძლება გარკვეულ რისკებთან და გამოწვევებთან იყოს დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ ამ ტექნოლოგიის შემოტანის შესაძლო უარყოფითი შედეგები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარების შესუსტება;
  • სოციალური უნარების შეზღუდვა;
  • პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები;
  • ციფრული უთანასწორობის გაღრმავება. 

კრიტიკული აზროვნების უნარების შესუსტება

AI-ზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ შეიძლება შეასუსტოს მოსწავლეების კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების უნარები. თუ AI ყოველთვის აწვდის მზა პასუხებს, მოსწავლეებს შეიძლება აღარ განუვითარდეთ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. ეს განსაკუთრებით პრობლემატური იქნება მომავალში, როდესაც მათ მოუწევთ რთულ და არასტანდარტულ სიტუაციებთან გამკლავება.

ჩვენი დროის გავლენიანი ფსიქოლოგისა და  ნობელის პრემიის ლაურეატის, დანიელ კანემანის, ორი სისტემის თეორიის საფუძველზე მოსწავლეები შეიძლება მიეჩვიონ სწრაფი, მზა პასუხების მიღებას, რაც შეამცირებს სისტემა 2-ის  ნელი, დელიბერაციული და ანალიტიკური აზროვნების გამოყენების საჭიროებას. ეს ტენდენცია შეიძლება გაძლიერდეს “კოგნიტური სიზარმაცით”, რისკენაც ადამიანები ისედაც ბუნებრივად არიან მიდრეკილნი და თავი აარიდონ კოგნიტურ ძალისხმევას.  გარდა ამისა,  “ჰალო ეფექტი” შეიძლება გავრცელდეს ხელოვნურ ინტელექტზე. მოსწავლეებმა შეიძლება განავითარონ ზედმეტი ნდობა ხელოვნური ინტელექტის მიმართ, რაც გამოიწვევს მის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის კრიტიკის გარეშე, უპირობოდ მიღებას.

ასე რომ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს კოგნიტური მიკერძოებები და შეამციროს კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების საჭიროება, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ამ უნარების შესუსტებას.

სოციალური უნარების შეზღუდვა

სოციალური ინტერაქცია ფუნდამენტია კოგნიტური და სოციალური განვითარებისთვის. ხელოვნური ინტელექტის სკოლაში შემოტანამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ეს დინამიკა და გამოიწვიოს სოციალური უნარების შეზღუდვა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ენა არის მთავარი კულტურული იარაღი, რომელიც აყალიბებს აზროვნებას და სოციალურ ინტერაქციას. ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაცია, მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ დიალოგს მისი კომპლექსურობით, ემოციური ნიუანსებით და კონტექსტური მრავალფეროვნებით. პირველ რიგში, ადამიანური ურთიერთობა მოიცავს ემოციურ და არავერბალურ ელემენტებს – სახის გამომეტყველებას, ხმის ტონს, ჟესტიკულაციას,  რომლებიც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს შეტყობინების სრული მნიშვნელობის გადაცემაში. მეორე, ადამიანებს შორის დიალოგი დინამიკურია და სპონტანურად ვითარდება კონტექსტის, გამოცდილების და კულტურული ნიუანსების გათვალისწინებით, რაც ხელოვნურ ინტელექტს უჭირს სრულად გაითავისოს. მესამე, ადამიანური ურთიერთობა ხშირად მოიცავს იუმორს, ირონიას, მეტაფორებს და სხვა რთულ ლინგვისტურ კონსტრუქციებს, რომელთა გაგება და გამოყენება ხელოვნურ ინტელექტს უჭირს და ბოლოს, ადამიანებს შორის დიალოგი ხელს უწყობს ემპათიის, ურთიერთგაგების და სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას, რაც ფუნდამენტია ადამიანის სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. 

პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების რისკები

ხელოვნური ინტელექტის სკოლაში შემოტანას შეიძლება თან ახლდეს მოსწავლეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევის  რისკი. პირველ რიგში, არსებობს მონაცემთა შეგროვებისა და შენახვის საკითხი – ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება შეაგროვოს დიდი რაოდენობით სენსიტიური ინფორმაცია მოსწავლეების შესახებ, მათ შორის აკადემიური მოსწრების, ქცევის და პირადი მახასიათებლების შესახებ. ამ მონაცემების არასათანადო დაცვამ ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელყოფა. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის სისტემები შეიძლება მოწყვლადი იყოს კიბერშეტევების მიმართ, რაც ქმნის მოსწავლეთა მონაცემების გაჟონვის რისკს. ასევე არსებობს ალგორითმული მიკერძოების საფრთხე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცდარი შეფასებები ან გადაწყვეტილებები ცალკეული მოსწავლეების ან ჯგუფების მიმართ.

ციფრული უთანასწორობ

ხელოვნური ინტელექტის სკოლაში შემოტანამ შეიძლება გააღრმაოს ციფრული უთანასწორობა. სკოლები, რომლებსაც აქვთ მეტი ფინანსური რესურსი, შეძლებენ უფრო თანამედროვე და ეფექტური ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვას, რაც მათ მოსწავლეებს სხვებთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებს. იმავდროულად, ნაკლები რესურსის მქონე სკოლები შეიძლება ჩამორჩნენ ან საერთოდ ვერ შეძლონ ამ ტექნოლოგიის დანერგვა. გარდა ამისა, მოსწავლეები, რომლებსაც სახლში აქვთ წვდომა კომპიუტერებსა და ინტერნეტზე, უფრო ადვილად შეძლებენ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობას და მისგან სარგებლის მიღებას, მაშინ როცა ნაკლები წვდომის მქონე მოსწავლეები შეიძლება ჩამორჩნენ. ეს უთანასწორობა შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაში, არამედ ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებაშიც, რაც გავლენას მოახდენს მათ კარიერულ შესაძლებლობებზე.

ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენება სკოლებში: პრევენციული ზომები

ხელოვნური ინტელექტის (AI) სკოლებში დანერგვა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, მაგრამ, იმავდროულად, გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. იმისათვის რომ, მაქსიმალურად ავიცილოთ პოტენციური საფრთხეები და ეფექტურად გამოვიყენოთ AI-ს უპირატესობები, აუცილებელია გონივრული და დაბალანსებული მიდგომის შემუშავება. ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან პრევენციულ ზომას, რომელიც დაგვეხმარება AI-ს უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებაში საგანმანათლებლო სფეროში.

პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია AI-ს დანერგვის პროცესში ბალანსის დაცვა ტექნოლოგიასა და ადამიანურ ელემენტს შორის. AI უნდა განვიხილოთ როგორც მასწავლებლის დამხმარე ინსტრუმენტი და არა მისი ჩამნაცვლებელი. ამისათვის, საჭიროა შემუშავდეს AI-ს გამოყენების მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს, რა როლი უნდა ჰქონდეს AI-ს სასწავლო პროცესში და როდის  არის საჭირო მასწავლებლის უშუალო ჩართულობა. მაგალითად, AI შეიძლება გამოვიყენოთ რუტინული დავალებების ავტომატიზაციისთვის, მაგრამ კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარება კვლავ მასწავლებლის ხელმძღვანელობით უნდა ხდებოდეს.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია მოსწავლეთა პრივატულობისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა. ამისათვის აუცილებელია მკაცრი უსაფრთხოების პროტოკოლების დანერგვა. ეს მოიცავს მონაცემთა შიფრაციას, წვდომის კონტროლს და რეგულარულ აუდიტს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა – მშობლებს და მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემები გროვდება და როგორ გამოიყენება ისინი.

ციფრული უთანასწორობის პრობლემის მოსაგვარებლად, სკოლებმა უნდა უზრუნველყონ თანაბარი წვდომა AI ტექნოლოგიებზე ყველა მოსწავლისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო ტექნიკით იმ სკოლებს და მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსები. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი AI ინსტრუმენტების შემუშავება, რომლებიც მუშაობენ ნაკლებად მძლავრ მოწყობილობებზეც.

სოციალური უნარების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, AI-ს გამოყენება უნდა მოხდეს ჯგუფური პროექტების და კოლაბორაციული სწავლების ხელშეწყობისთვის. მაგალითად, AI შეიძლება გამოვიყენოთ ვირტუალური სასწავლო სივრცეების შესაქმნელად, სადაც მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ პროექტებზე, რაც ხელს უწყობს როგორც ტექნოლოგიური, ისე სოციალური უნარების განვითარებას.

კრიტიკული აზროვნების უნარების შენარჩუნებისთვის, მნიშვნელოვანია AI-ს გამოყენება არა მხოლოდ პასუხების მისაღებად, არამედ პრობლემების გადაჭრის პროცესის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, AI შეიძლება გამოვიყენოთ სიმულაციებისა და სცენარების შესაქმნელად, სადაც მოსწავლეებს მოუწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება და შედეგების ანალიზი.

მასწავლებლების როლის მნიშვნელობის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია მათი უწყვეტი პროფესიული განვითარება AI-ს სფეროში. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, აითვისონ ახალი ტექნოლოგიები და ისწავლონ მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს, არამედ უზრუნველყოფს მასწავლებლების როლის რელევანტურობას AI-ს ეპოქაში.

AI-ს შესაძლო შეცდომების და მიკერძოებულობის პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია კრიტიკული მიდგომის სწავლება. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, რომ ყოველთვის გადაამოწმონ AI-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და არ მიიღონ ის ბრმად. ასევე, საჭიროა რეგულარული აუდიტი AI სისტემების მიკერძოებულობის გამოსავლენად და გამოსასწორებლად.

ასე რომ, AI-ს უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება სკოლებში მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიურ, ეთიკურ და პედაგოგიურ ასპექტებს. ბალანსის დაცვა ინოვაციასა და უსაფრთხოებას შორის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თანასწორობის ხელშეწყობა და კრიტიკული აზროვნების წახალისება – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ AI-მა ნამდვილად გააუმჯობესოს განათლების ხარისხი და არ გამოიწვიოს არასასურველი შედეგები. მხოლოდ ასეთი გონივრული და დაბალანსებული მიდგომით შევძლებთ AI-ს პოტენციალის სრულად გამოყენებას საგანმანათლებლო სფეროში, რაც საბოლოოდ მოემსახურება ჩვენი მოსწავლეების უკეთეს მომზადებას მომავლის გამოწვევებისთვის.

P.S.

ახალგაზრდა ქალი მაგიდასთან იჯდა და ეკრანს გაურკვეველი ემოციით მისჩერებოდა, რადგან ახალი AI ასისტენტი უნდა გაეცნო.

“ნუთუ თავს დავკარგავ?” – გაიფიქრა და ცრემლები თვალებთან შეიშრო.

“იქნებ ეს ჩემი შანსია, მეტი დრო დავუთმო თითოეულ ბავშვს?” – გაეღიმა.

ღრმად ამოისუნთქა და ღილაკს თითი დააჭირა.

_ დროა, ახალ რეალობას შევხვდე!

მომავალი გაურკვეველი ჩანდა, მაგრამ იმედიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” 2024 წლის მეოთხე ნომერი გამოიცა!

0

ახლა არდადეგების დროა. ზაფხულის რამდენიმე დღე მასწავლებლებისთვის ნამდვილად შეიძლება იყოს  დასვენებისთვის. დასვენება  ნებისმიერ პროფესიაში აუცილებელია, მაგრამ მასწავლებლის პროფესიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რთულია მასწავლებლობა. პროფესია მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს მასწავლებელს. ხანგრძლივი სტრესი გადაღლას და, საბოლოო ჯამში, პროფესიულ გადაწვას იწვევს და მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა ერთ-ერთი სერიოზული საკითხია განათლებაში.

გადაწვა – ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ადამიანური რესურსების გამოფიტვას იწვევს. ეს პროცესი ნელა და თითქოს შეუმჩნევლად  მიმდინარეობს, თუმცა ადამიანის შინაგან სამყაროს  სერიოზულ ზიანს აყენებს.

პრევენციისთვის ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ან მოვისმინოთ  ფსიქოლოგების რჩევები და სტრატეგიები, მათ შორის, როგორ  გამოვიმუშაოთ სტრესის პოზიტიური დაძლევის უნარები – სირთულეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, მაღალი თვითშეფასება, ოპტიმიზმი, ინიციატივიანობა, როგორ გავმიჯნოთ სამსახური და პირადი სამყარო, როგორი მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. აუცილებელია, ვისწავლოთ სამუშაოს დროულად დამთავრება. წესები წასაკითხად და მოსასმენად მარტივია, შესასრულებლად− რთული.

ჩვენი დაღლილობის კოეფიციენტის გასაზომად გვთავაზობენ ტესტებს, რომლებიც დაგვეხმარება,  შევაფასოთ საკუთარი თავი, რამდენად თვალსაჩინოა პროფესიული გადაღლა: გრძნობთ, რომ დაქანცული, ფიზიკური და ემოციური ენერგიისგან დაცლილი ხართ? ამჩნევთ თუ არა, რომ ზოგჯერ სამსახურზე უარყოფითად ფიქრობთ, ხალხის მიმართ უფრო მკაცრი და ნაკლებად თანამგრძნობი ხართ, ვიდრე ისინი იმსახურებენ? ადვილად გაღიზიანებენ თანამშრომლები და გუნდის წევრები?  გაქვთ განცდა, რომ თანამშრომლებს არ ესმით თქვენი ან არ გაფასებენ?  თქვენს საწუხარზე ვერავის ესაუბრებით? ფიქრობთ, რომ იმაზე ნაკლებს აღწევთ, ვიდრე შეგიძლიათ? წარმატების მისაღწევად უსიამოვნო წნეხის ქვეშ ხართ? სამსახურისგან იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ? გაქვთ განცდა, რომ შეუსაბამო ორგანიზაციაში, შეუსაბამო პროფესიაში ხართ? სამსახური თქვენში ერთგვარ იმედგაცრუებას იწვევს? ორგანიზაციული პოლიტიკა ან ბიუროკრატია ხელს გიშლით კარგად მუშაობაში? სამუშაო იმაზე მეტია, ვიდრე პრაქტიკულად მისი შესრულების უნარი გაქვთ? ფიქრობთ, რომ დრო არ გყოფნით იმ საქმეებისთვის, რომელთა შესრულება ხარისხიანი მუშაობისთვისაა საჭირო?

თუ ამ კითხვებზე ჩვენი პასუხები გულწრფელი იქნება, ვაღიარებთ, რომ ჩვენც სადღაც ახლოს ვართ პროფესიული გადაწვის ზღვართან.

მასწავლებლები უნდა ახერხებდნენ  მოსწავლეებისადმი და საკუთარი თავისადმი პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, არდადეგები მართლაც დასვენებისთვის იყოს. ღირსეულად და სრულყოფილად დასვენებისთვის კი მასწავლებელი  ფინანსურად  უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეიშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:

მაია ფირჩხაძე, ნესტან მიქაძე, ინა იმედაშვილი, ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი,
ქრისტინე სურგულაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ლელა კოტორაშვილი,
ცირა ბარაბაქაძე, მეგი კავთუაშვილი, მარიამ გოდუაძე, ქეთევან კუპატაძე, ირმა ტაველიძე, ნანა აბულაძე, ლევან ლორთქიფანიძე, შორენა ტყეშელაშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან: 

ჟურნალი “მასწავლებელი” #4

ბულერბიდან ფხვენისამდე

0

მე ანა მქვია. ფხვენისის სკოლაში ვმუშაობ. ახლა მესამე კლასის დამრიგებელი ვარ. გამოუცდელი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ეს-ესაა გადავითვალე – უკვე, არც მეტი, არც ნაკლები, ცხრამეტი წელია ვასწავლი, თუმცა რაც დრო გადის, მით მეტ აღმოჩენას ვაკეთებ და ახალბედასავით მიცემს გული, როცა რაღაც კარგად გამომდის.

ჩემი წერილის შესავალიც იმ წიგნის დასაწყისს ჰგავს, რომელმაც ჩემი მოსწავლეები პატარა მწერლებად აქცია და წერა დააწყებინა.

ვისაც გიყვართ „ბულერბიელი ბავშვები“, შესაძლოა გახსოვდეთ, როგორ გვაცნობს თავს მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ლიზა, რომელსაც ვერ გაუგია, დიდია თუ პატარა და ამის შემდეგ გვიყვება თავისი სოფლის, ოჯახისა და მეგობრების ისტორიებს. გვიყვება სახალისოდ, მარტივი ენით, გულწრფელად. გვიყვება ისე, რომ შეუძლებელია, პირველი წინადადებიდან კავშირების ქსელში არ გაება, საკუთარი ცხოვრებიდან გამოძახილი არ უპოვო.

ყველაფერი დაიწყო ასე:

წასაკითხად ასტრიდ ლინდგრენის „ბულერბიელი ბავშვები“ შევარჩიეთ და კიდეც გამოვიწერეთ. ჩვენი შეკვეთა სულ რამდენიმე დღეში მოვიდა. მანამდე მოვასწარით, ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიას გავცნობოდით და შვედეთშიც გვემოგზაურა, სხვენებიანი სახლებიც გვენახა, ხიდებიც და იუნიბაკენიც დაგვეთვალიერებინა. ვირტუალურად, რაღა თქმა უნდა.

ისღა დაგვრჩენოდა, კითხვის სტრატეგია შეგვერჩია. ვფიქრობდით, დაგვესურათებინა ეპიზოდები თუ სამახსოვრო ჩანაწერები გაგვეკეთებინა, კითხვები დაგვესვა თუ პერსონაჟები შეგვეგროვებინა, ან სულაც ყურადღებიანი მკითხველის გამოსავლენი თამაში ხომ არ მოგვეწყო, როგორც აქამდე.

გადავწყვიტეთ, კითხვა დაგვეწყო და მერე აგვერჩია გამოხმაურების ფორმა.

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეთ პირველი თავი. ვხედავთ, რომ წიგნში გასაფერადებელი ილუსტრაციებია. ძნელია, გაუძლო ცდუნებას და არ შემოგეფერადოს. დედიკოებისგან ნებართვა ავიღეთ, ყველა თანახმაა. ასე რომ, გადაწყდა. გზადაგზა ვაფერადებთ ილუსტრაციებს.

ვგრძნობთ, რომ ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ ლაპარაკის საღერღელი გვეშლება, ყველა  იხსენებს რაღაც მსგავსს ან განსხვავებულს. ჩნდება იდეა, ჩვენც ხომ არ დაგვეწერა ლიზის მსგავსი ამბები, ხომ არ გვექცია საკუთარი ისტორიები წიგნად.

ვის უნდა, დღეიდან მწერალი გახდეს? იქნებ გამოსცეს კიდეც წიგნი, როგორც ერთ დროს ასტრიდმა. რა დავარქვათ წიგნს?

კითხვები იქცევა იდეად, იდეა – სტრატეგიად და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვწერთ საავტორო წიგნებს. წიგნის სათაური ყველასთვის საერთოა – „ფხვენისელი ბავშვები“, თუმცა ზოგს „ფხვენელი ბავშვები“ უფრო მოსწონს და ასეც არქმევს.

თავების სათაურები შეიძლება ლინდგრენის წიგნისას ემთხვეოდეს ან სრულიად განსხვავდებოდეს მათგან – გააჩნია, რას დაწერ, სათაურსაც იმის მიხედვით მიუსადაგებ.

ასე იწყება მწერლობანა ჩვენს კლასში. წერს ყველა, ზოგი – ინტენსიურად, ზოგი – დროგამოშვებით, ზოგიც – იშვიათად. ვწერ მეც… ბავშვები უფრო და უფრო თამამდებიან. ნინის უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ როცა დიდი გაიზრდება, თავისი ამბები წიგნად გამოსცეს, ჯერჯერობით კი ყველა ამბის წაკითხვის ნებას არ გვაძლევს. მხოლოდ მე მაქვს ამის უფლება. თავიდანვე ასე შევთანხმდით: მასწავლებელს ყველა ამბის წაკითხვის უფლება ექნებოდა, ხოლო ავტორის თანხმობის შემთხვევაში საჯაროდაც წავიკითხავდით.

ერთად გულიანად ვიცინეთ ბარბარეს ისტორიებზე, სანდროს პაპის ახალგაზრდობის მოგონებებზე, ლუკას თხებზე…

არც კი ვიცით, გვიხარია თუ გვწყინს, რომ წიგნი თვალსა და ხელს შუა მთავრდება. არც მეტი, არც ნაკლები – 268 ვერდი წავიკითხეთ. თავიდან ეს რიცხვი ძალიან დიდი გვეგონა, ახლა კი ყველას გვეღიმება და თავდაჯერებასაც გვმატებს.

ჰო, მართლა – ბოლოსკენ ასეთი რამ მოვიგონეთ: წიგნიდან უნდა შეგვერჩია ერთი პერსონაჟი, დაგვეხატა და კლასისთვის წარმოგვედგინა გამოსაცნობად. ისეთი მინიშნებები უნდა მოგვეფიქრებინა, რომ ბავშვებს მყისიერად გამოცნობა გასჭირვებოდათ, თუმცა საბოლოოდ გამოეცნოთ. ასე შევქმენით პერსონაჟების პოსტერი. მგონი, ერთი ეპიზოდური პერსონაჟიც კი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, პოსტერზე ყველაზე ბოლოს მთავარი პერსონაჟები გაჩნდნენ, რადგან ყველა ცდილობდა, მივიწყებული, უმნიშვნელო პერსონაჟი გაეხსენებინა, რომ თანაკლასელები დიდხანს ეწვალებინა. თავიდანაც კი გადაიკითხეს ზოგიერთი თავი. ძალიან სახალისო იყო.

ეს ჩემი კლასის მკითხველთა კლუბის ერთი ისტორიაა. მკითხველთა და მწერალთა კლუბის – ეს სახელი უფრო უხდება. მომინდა, ამის შესახებ დამეწერა. მე სამახსოვროდ დამრჩება ეს წერილი, ბავშვებს კი – თავიანთი ისტორიები. ვინ იცის, რომელიმემ, ბულერბის მსგავსად, მთელ ქვეყანასაც გააცნოს თავისი მშობლიური სოფლის სახელი.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...