სამშაბათი, ივნისი 9, 2026
9 ივნისი, სამშაბათი, 2026

“წილადების სამზარეულოში გადატანა”

მათემატიკის მასწავლებლების ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, მათემატიკური კონცეფციები მოსწავლეებისთვის უფრო გასაგები და მიმზიდველი გახადონ. წილადების შეკრება-გამოკლების შესასწავლად არსებობს უამრავი საინტერესო მეთოდი და სტრატეგია, მე კი ამჯერად წილადები „სამზარეულოში“ გადავიტანე. რატომ სამზარეულოში? სამზარეულო არის ის ადგილი, სადაც ბავშვი ყოველდღე ატარებს განსაზღვრულ დროს და მათემატიკაც ყოველდღიურად გამოიყენება. ინგრედიენტების დათვლა-აწყვა, რეცეპტების მიხედვით კერძების მომზადება, სუფრის გაწყობა – ეს ყველაფერი მოითხოვს მათემატიკურ უნარებს, მათ შორის – წილადების გაგებასა და გამოყენებას.

გიზიარებთ მეექვსეკლასელებისთვის დაგეგმილ ერთ საინტერესო აქტივობას, რომელმაც მოსწავლეები გაახალისა. „სამზარეულოს“ პრაქტიკული ამოცანების შესრულებისას მოსწავლეებმა ვიზუალურად და პრაქტიკულად დაინახახეს, როგორ გამოიყენება წილადები და მათზე მოქმედებები რეალურ ცხოვრებაში.

 

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა: მოქმედებები არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე

საკითხი: მოქმედებები წილადებზე (წილადების შეკრება-გამოკლება)

სამიზნე ცნება:

მათემატიკური მოდელი: წილადების შეკრებისა და გამოკლების მოქმედებათა დემონსტრირება მოდელისა და თვალსაჩინოებების გამოყენებით

კანონზომიერება: წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებათა შესრულება წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით

ლოგიკა: მსჯელობა, დასაბუთება

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით (მათ. მოდ., კანონზ. ლოგ);
  2. წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების დემონსტრირება მოდელისა და თვალსაჩინოებების გამოყენებით (მათ. მოდ., კანონზ.ლოგ);
  3. მათემატიკური მეთოდების ან თვალსაჩინო მოდელების საშუალებით ზუსტი ანმიახლოებითიგამოთვლების შესრულება და შედეგის შეფასება (მათ. მოდ., კანონზ. ლოგ);
  4. რეალურ საყოფაცხოვრებო სიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის დროს მთელისა და ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება და შესაბამისი შეფარდების წარმოდგენა (მათ. მოდ., ლოგ.).

საკვანძო კითხვა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წილადები და მათი თვისებები რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისას?

ერთი აქტივობა გაკვეთილისთვის „წილადების შეკრება-გამოკლება“

აქტივობა: პრაქტიკული ამოცანები ჯგუფური მუშაობისთვის

ამოცანები დაკავშირებულია წილადების შეკრებისა და გამოკლების ოპერაციებთან. ისინი ფორმალიზებულია ყოველდღიური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი სიტუაციების სახით სამზარეულოდან, რაც წილადებზე მოქმედებებს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.

აქ გაზიარებული ამოცანები მხოლოდ მაგალითებია. შეიძლება მათი ადაპტირება თქვენი კლასის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად.

ჯგუფური მუშაობის ორგანიზება:

კლასი დავყავი ხუთ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივეცი სხვადასხვა სირთულის ამოცანა, რომელიც დაკავშირებულია წილადების შეკრება-გამოკლების მოქმედებებსა და სამზარეულოსთან.

გიზიარებთ ამოცანების ნაკრებს და მოსწავლეთა ჯგუფების მიერ ამ ამოცანების ამოხსნის გზებს ფოტოების სახით:

დაბალი მზაობის მოსწავლეებისთვის

 

(I ჯგუფი)

თამარმა სალათისთვის გამოიყენა 1/2 კილოგრამი პომიდორი, 1/4 კილოგრამი კიტრი და 1/8 კილოგრამი ხახვი.

ა) რამდენი კილოგრამი ბოსტნეული გამოიყენა თამარმა სალათისთვის?

ბ) თუ თამარი დაამატებს 1/3 კილოგრამ წიწაკას, რამდენი კილოგრამი ბოსტნეული გამოვა საბოლოოდ?

საშუალო მზაობის მოსწავლეებისთვის

 

(II ჯგუფი)

ნანამ გამოაცხო ერთი დიდი ნამცხვარი. მან მეგობრებთან ერთად ნამცხვრის 1/4 ნაწილი საუზმეზე მიირთვა, 1/3 ნაწილი – სადილზე, დანარჩენი – სამხარზე.

ა) რა ნაწილი დარჩა შესაჭმელი სამხარზე?

ბ) თუ ნამცხვარი 24 ნაჭრად იყო დაჭრილი, რამდენი ნაჭერი დარჩა სამხრისთვის?

 

(III ჯგუფი)

თეამ ნამცხვრის მოსამზადებლად გამოიყენა 2  ჭიქა ფქვილი. მან ნახევარი ჭიქით მეტი ფქვილი აიღო, ვიდრე რეცეპტში იყო მითითებული.

ა) რამდენი ჭიქა ფქვილი იყო მითითებული რეცეპტში?

ბ) თუ თეას დედა კიდევ 1/4 ჭიქა ფქვილს დაამატებს, რამდენი ჭიქა ფქვილი გამოვა სულ?

(IV ჯგუფი)

ვთქვათ, გამოაცხვეთ პატარა ხაჭაპური. გამოიყენეთ სხვადასხვა ინგრედიენტი და გამოთვალეთ:

ერთი ხაჭაპურისთვის:

ა) თუ 1 კილოგრამ ცომს გავყოფთ 8 თანაბარ ნაწილად, რამდენი გრამი იქნება თითო ნაწილი?

ბ) თუ დავამატებთ 1/4 კილოგრამ ყველს და კიდევ 1/5 კილოგრამ სულგუნს, რამდენი კილოგრამ ყველს გამოვიყენებთ სულ?

გ) გამოცხობამდე რას იწონის ხაჭაპური (ცომი და ყველი)?

 

მაღალი მზაობის მოსწავლეებისთვის

 

(V ჯგუფი)

ანამ მოამზადა 2 ლიტრი ფორთოხლის წვენი. მან 1  ლიტრი წვენი დალია, დანარჩენი კი მაცივარში შეინახა.

ა) რამდენი ლიტრი წვენი შეინახა ანამ?

ბ) თუ მეორე დღეს ანა დალევს შენახული წვენის 2/3 ნაწილს, რამდენი ლიტრი წვენი დარჩება?

 

 

ეს უბრალო აქტივობა, წილადების სამზარეულოში გადატანა, შესანიშნავი გზა აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის შესასწავლი საკითხისადმი ინტერესის გასაღვივებლად და სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად. ეს მიდგომა მხოლოდ წილადების უკეთ გაგებას კი არ უწყობს ხელს, არამედ სხვა ისეთ უნარებსაც ავითარებს, რომელბიც მნიშვნელოვანია როგორც სკოლაში, ისე ცხოვრებაში. გირჩევთ, გამოიყენოთ მსგავსი პრაქტიკული აქტივობები თქვენს გაკვეთილებზე, რომ მათემატიკა მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აქტუალური გახადოთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა – https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის ინდიკატორებით – https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი, მეექვსე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში – https://math.ge/meegvse-klasi/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“