ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი

0

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი https://grammar.emis.ge/

აერთიანებს ინტერაქციულ სავარჯიშოებს, სასწავლო ვიდეოებსა და ჩეთბოტს. პროექტის მიზანია საბაზო და საშაულო საფეხურის მოსწავლეებისთვის ქართული ენის გრამატიკაში ცოდნის გაღრმავება (იდეის ავტორი – სანდრო ასათიანი).

მოცემული სასწავლო რესურსით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, მოსწავლეს, მასწავლებელს,  დაინტერესებულ ადამიანს.

პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია: გრამატიკული საკითხები, პრაქტიკული სავარჯიშოები და  ტესტები.

რესურსის გამოყენებით შეგვიძლია, ავირჩიოთ საჭირო საკითხი ქართული ენის გრამატიკაში, გავეცნოთ თეორიულ მასალას და შევასრულოთ შესაბამისი სავარჯიშოები.

თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საკუთარ სივრცეში თვალი ადევნოს პროგრესს, ნახოს სტატისტიკა და უკეთ განსაზღვროს, რომელ საკითხებში სჭირდება მეტი მუშაობა და რომელი აითვისა სრულად.

მორფოლოგიის სექციაში განხილულია გრამატიკული საკითხები:  არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა – პირი და რიცხვი, ზმნა – ზმნისწინი, ზმნა – უღლება, ზმნა – თავისებური ზმნები, ზმნიზედა,  თანდებული, უცხო სიტყვათა მართლწერა, კავშირი,  ნაწილაკი,  რთული სიტყვები, ზმნა – წარმოქმნა, შორისდებული.

სინტაქსის სექციაში განხილულია გრამატიკული საკითხები: წინადადების წევრები, შეთანხმება, მართვა, მირთვა, წინადადება მოდალობის მიხედვით, წინადადება აგებულების მიხედვით, განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, პირდაპირი და ირიბი ნათქვამი.

სასურველი საკითხის გახსნის შემდეგ ეკრანზე ჩნდება დეტალური ინფორმაცია, სასწავლო ვიდეო, სასიამოვნო მუსიკისა და ვიზუალური ეფექტების თანხლებით, რომელიც უფრო თვალსაჩინოს ხდის და ამარტივებს საკითხის შესწავლა/გამეორებას.

https://youtu.be/-0TonHyeiQM

თეორიული საკითხების შესწავლა/გამეორების შემდეგ შეგვიძლია, შევასრულოთ პრაქტიკული სავარჯიშოები.

სავარჯიშო # 1 – ზედსართავ სახელთა ბრუნება არსებითთან ერთად

მოცემულ წინადადებაში აღნიშნეთ არასწორი ფორმით მოცემული ზედსართავი სახელები და გაასწორეთ (თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით).

სიხარულით მთვრალი ქალი ჩამოვიდა ხიდან, როდესაც შორეულ ნისლმა დაფარა მეფეც და მისი ჯარიც.

სავარჯიშოს შესრულების შემდეგ პლატფორმაზე შესაძლებელია შემოწმება, რომელსაც თანდართული აქვს განმარტება:

ამავე პრინციპზეა აგებული ტესტირების პროცესი. შემოწმებისას მყისიერად,  მწვანე შეფერილობით დასტურდება სწორი პასუხი.

პლატფორმაზე შეგვიძლია, შევქმნათ კლასები, ელექტრონული ფოსტით მოვიწვიოთ მოსწავლეები და დავაკვირდეთ მათ პროგრესს.

 

გამოყენებული რესურსი:

https://grammar.emis.ge/

„ვისწავლო? ნერდი ხომ არ ვარ?!“

0

„რატომ უნდა ვისწავლო ან ვიმეცადინო? ჩემს კლასში ბიჭები აღარ სწავლობენ, მე რატომ უნდა ვიცოდე ყველა გაკვეთილი, ნერდი ხომ არ ვარ?!“

ცოტა ხნის წინ ერთ მოზარდთან განათლების თემაზე მომიწია საუბარი. იმდენად აბსურდული მომეჩვენა არგუმენტების ძებნა და მოზარდის დარწმუნება საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებაში, რომ სასკოლო განათლება მნიშვნელოვანია, გადავწყვიტე, არ შევპასუხებოდი.

შინ დაბრუნებულმა კი მოვიძიე ინფორმაცია ნერდების შესახებ. აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ, როგორი ბავშვები იდგნენ ამ ტერმინის მიღმა. რა სუბკულტურას წარმოადგენენ? რა შინაარსი აქვს ამ სიტყვას? რატომ დაიმკვიდრა მოზარდებში უარყოფითი კონოტაცია და რატომ გაურბიან ისინი „ნერდობას“?

ტერმინი „ნერდი“ 1950-იან წლებში გაჩნდა. ოფიციალურად ის პირველად ნახსენებია დოქტორ სეუზის (Dr. Seuss) წიგნში „iF Ran the Zoo“ (1950), სადაც ნერდი უცნაური არსებაა. 1951 წელს კი ეს სიტყვა „ბეჯითი, მაგრამ უსუსური“ ადამიანის აღმნიშვნელ ტერმინად დამკვიდრდა ამერიკულ სკოლებში. უარყოფითი კონოტაცია მან 1960-1990-იან წლებში შეიძინა. ამ პერიოდში „ნერდი“ იყო შეურაცხმყოფელი ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა არაპოპულარული ინტელექტუალების, „შკოლნიკების“ და სოციალურად გაუცხოებული პირების დასაცინად. ხშირად ეს ადამიანები ამ ტერმინით ბულინგის მსხვერპლებიც ხდებოდნენ.

გარდატეხა 2000-იან წლებში მოხდა. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, ტერმინმა პოზიტიური შინაარსი შეიძინა. IT-ინდუსტრიის, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტკულტურის განვითარებამ, სადაც სწორედ ნერდული ინტერესების მქონე ადამიანები დომინირებენ, გამოიწვია ის, რომ ნერდობა წარმატებასა და მაღალ ინტელექტთან ასოცირდებოდა. ნერდული სუბკულტურის არსებობას განაპირობებს ის, რომ ასეთ ადამიანებს აერთიანებთ არა მხოლოდ ინდივიდუალური ინტერესები, არამედ საერთო ღირებულებები, გარკვეული სოციალური ნორმები და სპეციფიკური გატაცებების ფართო სპექტრი.

სუბკულტურის ინტერესები ფოკუსირდება მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე:  პროგრამირებაზე, ასტროფიზიკაზე, რობოტიკაზე, ფანტასტიკასა და ფენტეზიზე (Star Wars, Star Trek, Doctor Who, ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა, კომიქსები და ანიმე, სამაგიდო და როლური თამაშები და ა.შ.).

აი ის ნერდები, რომლებმაც თავიანთი გატაცებით, მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, განვითარებაზე ფოკუსირებით და სიახლეების ძიებით შეცვალეს საკუთარი და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება:

ბილ გეითსმა, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა, მოწაფეობისას სკოლის კომპიუტერების კოდში შეცდომები იპოვა და საკუთარი პროგრამა 13 წლისამ დაწერა.

ელონ მასკი, Tesla-ს, SpaceX-ის, Neuralink-ის დამფუძნებელი, ბავშვობაში ვიდეოთამაშებს წერდა და „nerd sci-fi“ წიგნებს კითხულობდა. დღეს მისი სახელი ყველა ბავშვმა იცის.

მარკ ცუკერბერგმა უნივერსიტეტის ოთახში შექმნა სოციალური ქსელი, რომელმაც ინტერნეტით კომუნიკაცია თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.

სტივ ჯობსმა 20 წლის ასაკში ააწყო თავისი პირველი კომპიუტერი და კორპორაცია Apple დააფუძნა.

ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, Google-ის დამფუძნებლებმა, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შექმნეს საძიებო სისტემა, რომელმაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რევოლუცია მოახდინა.

ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი, ბავშვობაში კომპიუტერებს აწყობდა და კოსმოსით იყო გატაცებული. ახლა Blue Origin-ის მფლობელია.

მიუხედავად ნეგატიური დატვირთვისა, დღეს ნერდის იარლიყს ბევრი საპატიოდ მიიჩნევს და სიამაყითაც მოიხსენიებს თავს ნერდად, თუმცა მოზარდები და ახალგაზრდები მას მაინც ხშირად იყენებენ „ბეჯითი მოსწავლის“ ან სოციალურად არც ისე აქტიური ადამიანის სინონიმად.

ნერდების სია შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს იმ ადამიანთა სახელებით, რომლებიც ბევრს არ ხმაურობდნენ – სწავლობდნენ, იკვლევდნენ, ვითარდებოდნენ და რომელთა მგზნებარე გატაცებამ მსოფლიო შეცვალა.

ვფიქრობ, მოზარდებთან განათლების თემაზე გაჯიუტება და ცხარე დისკუსია არ ღირს – დარწმუნებული ვარ, თინეიჯერული ამბოხის მიუხედავად, მათ იციან, რომ განათლება ცხოვრების გაუმჯობესების უტყუარი გზაა და ამ გზით სიარული ყველაზე გამართლებული ნაბიჯია მათ ცხოვრებაში.

ნიუტონის მეორე კანონის პრაქტიკული დემონსტრირება ატვუდის მანქანით

0

ციფრული ეპოქა ფიზიკოსებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპიუტერული სიმულაციები, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა უდიდესი ელექტრონული ბაზა იძლევა ყველაზე კომპლექსური სისტემების მოდელირების შესაძლებლობას, ეს იქნება უმცირესი კვანტური ნაწილაკები თუ გიგანტური გალაქტიკები. ამ ტექნოლოგიური რევოლუციის ფონზე, რეალური ფიზიკური ექსპერიმენტები კვლავინდებურად რჩება ზუსტ მეცნიერებათა საფუძვლად. ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ თეორიულ პროგნოზებს და აფიქსირებენ ისეთ აღმოჩენებს, რომელთა დაკვირვება და ფუნდამენტური შესწავლა მხოლოდ ციფრული მოდელებით შეუძლებელია.

ყველაზე დიდი გარღვევები მეცნიერებაში – გალილეო გალილეის ტელესკოპური დაკვირვებები თუ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა – ყოველთვის ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე იყო დაფუძნებული. 2012 წელს CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში (LHC) ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ცხადყოფს, რომ რეალური ექსპერიმენტები უპირობოდ მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი. თუმცა, ამ შედეგების სანდოობა და დამუშავება უზრუნველყოფილ იქნა მასშტაბური კომპიუტერული სისტემებით – მონაცემთა გლობალური ქსელით (Worldwide LHC Computing Grid), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით კომპიუტერს აერთიანებს. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე მეცნიერებაში რეალური, ფიზიკური დაკვირვება და ვირტუალური ანალიზი, მონაცემთა მოდელირება, სიმულაცია და სტატისტიკური დამუშავება ურთიერთშემავსებელია და მხოლოდ ორივეს გამოყენებითაა შესაძლებელი სანდო შედეგის მიღება.

ციფრულ ეპოქაში, როდესაც სიმულაციები სულ უფრო ზუსტი ხდება, მათი შედეგების შემოწმებას რეალური ექსპერიმენტები განაპირობებენ, აღმოფხვრიან მოდელების შეცდომებს და უზრუნველყოფენ შედეგებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ახალი თეორიების შექმნის შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ სიმულაციები და ვირტუალური რესურსები სასწავლო გარემოში თანდათანობით ფართოდ ინერგება, რეალური ლაბორატორიული მუშაობა მაინც რჩება სწავლა-სწავლების აუცილებელ და შეუცვლელ ნაწილად. თუნდაც იდეალური წარმოსახვითი მოდელებით ფიზიკური მოვლენები სრულად ვერ აღიწერება – არსებობს ხახუნით, ჰაერის წინააღმდეგობითა და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გაზომვის ცდომილება. სწორედ ამიტომ იკვეთება ფიზიკის, როგორც სამყაროს შემსწავლელი მეცნიერების ნამდვილი არსი – რეალური ექსპერიმენტებით, მონაცემთა შეგროვებით, ცდომილებათა შეფასებით, რაც ხელს უწყობს მოზარდის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

სასკოლო პრაქტიკაში ექსპერიმენტების ჩატარება წარმოადგენს ფიზიკის სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტს, განაპირობებს თეორიული ცოდნის ემპირიულ საფუძვლებთან დაკავშირებას და სწავლებას კვლევით ხასიათს ანიჭებს. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეთა მეცნიერული მსჯელობისა და დამოუკიდებელი კვლევის უნარების განვითარებას, ამაღლებს ფიზიკის შესწავლის ხარისხს და უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესრულებას.

წინამდებარე სტატია სწორედ მსგავსი ექსპერიმენტის ანალიზს წარმოადგენს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რაიმე ფიზიკურ მოვლენაზე ვიზუალური დაკვირვება, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, შეუცვლელია მეცნიერული პრინციპების ღრმა გააზრებისა და კვლევითი უნარების ჩამოსაყალიბებლად.

წარმოგიდგენთ ატვუდის მანქანის მაგალითს, რომელიც სასკოლო ლაბორატორიაში ექსპერიმენტის ჩასატარებლად ერთ-ერთ საინტერესო მოწყობილობას წარმოადგენს. ატვუდის მანქანა თავისი სიმარტივით მოზარდს უქმნის შესაძლებლობას, მარტივად შეისწავლოს ნიუტონის მეორე კანონი. დააკვირდეს ნელ, თვალისთვის იოლად აღსაქმელ ცვლილებებს და ამ გზით უკეთ გაიაზროს ფიზიკური პროცესების ბუნება. ეს ხელსაწყო უზრუნველყოფს აჩქარებული მოძრაობის კანონების ვიზუალურ პროცესს; მოსწავლეს შეუძლია, თავად მოაგროვოს მონაცემები, შეასრულოს შესაბამისი გამოთვლები, გააანალიზოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

rebrand.ly/tbc764a

ატვუდის მანქანა მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოიგონა ინგლისელმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა ჯორჯ ატვუდმა. ატვუდის შექმნილი მოწყობილობა ფიზიკის სწავლებაში დღემდე წარმოადგენს საინტერესო ინსტრუმენტს. მას იყენებენ ასევე, ენერგიისა და იმპულსის შენახვის კანონების შესასწავლადაც.

ატვუდის მანქანა შედგება უჭიმავ თოკზე მიმაგრებული მასით მცირედ განსხვავებული ორი ტვირთისგან, რომელთაც შეუძლიათ ბრუნვა უმნიშვნელო ხახუნის მქონე ბორბალზე. ბორბალი წარმოადგენს ამ მოწყობილობის ძირითად ნაწილს. ატვუდის მანქანა აჩვენებს, როგორ იცვლება სისტემის პოტენციური და კინეტიკური ენერგიები და როგორ არის ეს ენერგიები დაკავშირებული მიმდინარე პროცესის სიჩქარესა და აჩქარებასთან.

ატვუდის მანქანით სხეულთა სისტემის აჩქარების გამოსათვლელი ფორმულა მარტივად მიიღება ნიუტონის მეორე კანონის გამოყენებით:

სადაც m1 და m2 არის ტვირთების მასები, ხოლო g კი – გრავიტაციის აჩქარება.

კლასიკური ექსპერიმენტი, რომელიც დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობასა და ღირებულებას, არის ატვუდის მანქანის საშუალებით სიმძიმის ძალის აჩქარების, g-ის განსაზღვრა. როდესაც მასები ოდნავ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, უფრო მძიმე სხეული იწყებს მოძრაობას ქვევით, ხოლო მსუბუქი – ზევით. შედეგად, სისტემა მოძრაობს მცირე აჩქარებით, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს სიმძიმის ძალის აჩქარება (g), ამასთანავე, მოხდეს ნიუტონის მეორე კანონის სამართლიანობაზე პრაქტიკული დაკვირვება. მასების მცირე სხვაობა განაპირობებს ნელ მოძრაობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაზომვის ცდომილებას და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, აჩქარებული მოძრაობა შედარებით ზუსტ პირობებში შეისწავლოს.

ატვუდის კლასიკური მექანიკური მანქანა თანამედროვე ლაბორატორიებში ხშირად განახლებულია ციფრული სენსორებით, ტაიმერებითა და მოძრაობის დეტექტორებით, რაც ზრდის ექსპერიმენტის სიზუსტეს და ამასთანავე შენარჩუნებულია გადაბმული სხეულების მოძრაობაზე ვიზუალური დაკვირვების შესაძლებლობა. ატვუდის ხელსაწყოს აწყობა თავად მასწავლებელსა და მოსწავლეებს შეუძლიათ, ამისთვის საჭიროა უჭიმავი ძაფით გადაბმული ორი ტვირთი და შტატივი ჩამაგრებული მბრუნავი ბორბალი.

ატვუდის მანქანა შეიძლება შედგებოდეს ორი თანაბარი მასის მქონე ტვირთისგან. თანაბარი მასების გამო, სისტემა თავდაპირველად იმყოფება წონასწორობის მდგომარეობაში. თუ ერთ-ერთ ტვირთზე მოვათავსებთ m მასის მქონე დამატებით სხეულს, მაშინ გადაბმული სხეულები დაიწყებენ თანაბარაჩქარებულ მოძრაობას; სისტემა თანაბარაჩქარებულად მოძრაობს S1 მანძილზე; შტატივზე ჰორიზონტალურად მიმაგრებული რგოლის საშუალებით ხდება m მასის ტვირთის სისტემიდან მოცილება, ამიტომ S2 მანძილზე მოძრაობა გრძელდება მუდმივი სიჩქარით. ცხადია, თანაბარი მოძრაობის სიჩქარე ტოლი იქნება იმ მყისი სიჩქარისა, რომელიც შეიძინა სისტემამ S1 გზის ბოლოს.

მიღებული ფორმულა ამარტივებს ექსპერიმენტის ჩატარებას. საკმარისია – M, m მასების, S1, S2 მანძილების და t დროის განსაზღვრა.

 

ექსპერიმენტისთვის საჭირო რესურსები:

 

  • უჭიმავი ძაფით გადაბმული ორი ტოლი მასის ტვირთი;
  • შტატივი მასზე მიმაგრებული მბრუნავი ბორბლით, რომელზეც შეძლებს ბრუნვას უჭიმავ ძაფზე დაკიდებული ტვირთების სისტემა;
  • შტატივზე ჰორიზონტალურად მიმაგრებული რგოლი (აჩქარებული მოძრაობისას ამ რგოლზე უნდა დარჩეს ლითონის დისკო და ამის შემდეგ სხეულთა სისტემა მოძრაობას განაგრძობს მუდმივი სიჩქარით);
  • მცირე მასის ლითონის დისკოები ( ≈ 2-8 გრ);
  • დროის გასაზომად წამმზომი ან ტელეფონი;
  • სასწორი – სხეულთა მასების გასაგებად;
  • სახაზავი.

 

ექსპერიმენტის მსვლელობა:

 

  1. ხელსაწყოზე მონიშნეთ S1 და S2 მანძილები ( S2 მანძილი უნდა იყოს პირობების შესაბამისად რაც შეიძლება, დიდი ≈ 90- 130 სმ), ეს გააიოლებს თანაბარი მოძრაობის უბანზე შესაბამისი დროის წამმზომით ათვლას;
  2. აწონეთ ტვირთები და ლითონის რგოლები;
  3. მარჯვენა ტვირთი ასწიეთ ისე, რომ მისი ქვედა ნაპირი გაუსწორდეს წინასწარ მონიშნულ S1 მანძილის დასაწყისს;
  4. მარჯვენა ტვირთზე ფრთხილად მოათავსეთ m მასის ლითონის დისკო;
  5. სისტემა დაიწყებს აჩქარებულ მოძრაობას S1 მანძილის გავლამდე; S1 მანძილის დასრულების მომენტში სისტემას მოშორდება ლითონის დისკო და ამის შემდეგ გადაბმული სხეულები მოძრაობას გააგრძელებენ მუდმივი სიჩქარით;
  6. გაზომეთ S2 მანძილის გასავლელი t დრო;
  7. მონაცემები შეიტანეთ ცხრილში – დიდი ტვირთის მასა M, ლითონის დისკოს მასა m, S1 და S2 მანძილები, t დრო;
  8. ექსპერიმენტი გაიმეორეთ 3-4-ჯერ განსხვავებული მასის ლითონის დისკოებისა და სხვადასხვა S1 და S2 მანძილებისთვის;
  9. გამოთვალეთ აბსოლუტური და ფარდობითი ცდომილება.

ამავე ექსპერიმენტის ჩატარებით, შესაძლებელია უცნობი მასის სხეულის განსაზღვრაც. ამისთვის დაგვჭირდება მიღებული სამუშაო ფორმულიდან m სიდიდის გამოთვლა და შესაბამისი ცხრილის შედგენა. ამ შემთხვევაში g ითვლება ცნობილ სიდიდედ.

 

  1. სხვადასხვა ლითონის რგოლისთვის გამოთვალეთ სისტემის აჩქარება;
  2. g ჩათვალეთ ცნობილ სიდიდედ (9,8 მ/წმ2);
  3. აბსცისათა ღერძზე გადაზომეთ ლითონის რგოლის m მასა, ხოლო ორდინატთა ღერძზე კი სისტემის a აჩქარება;
  4. შეავსეთ შემდეგი ცხრილი და შესაბამისი მონაცემებით ააგეთ გრაფიკი:

 

N g(/წმ2) M(კგ) m (კგ) a (/წმ2)

 

1.  

9,8

 

 

 

 

   
2.    
3.    
4.    
5.    

 

წარმოგიდგენთ ცხრილს და შესაბამის გრაფიკს კონკრეტული მონაცემების შემთხვევაში.

მაგ. M= 100გ, m= 2,4,6,8,10 გრამები; g=9,8 მ/წმ2

 

 

N g(/წმ2) M(კგ) m (კგ) a (/წმ2)

 

1.  

 9,8

 

 

 

0,1

0,002 0.097
2. 0,004 0,192
3. 0,006 0,285
4. 0,008 0,377
5. 0,010 0,466

 

შემაჯამებელი კითხვები:

 

  • რაში მდგომარეობს ნიუტონის მეორე კანონი?
  • რას წარმოადგენს ატვუდის მანქანა?
  • რა ძალები მოქმედებენ გამოყენებულ ტვირთებზე?
  • როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ატვუდის მანქანის აჩქარება?
  • განსხვავებულია თუ არა დაჭიმულობა თოკის ორივე მხარეს? რატომ ფიქრობთ ასე?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი რამდენიმე გაზომვის ჩატარება და საშუალო მნიშვნელობის გამოთვლა?
  • აღწერე, რა სიდიდეები გამოიანგარიშე ატვუდის მანქანით და რა კანონზომიერებაზე მოახდინე დაკვირვება;
  • დაფიქრდი, როგორ გამოიყენებ ატვუდის მანქანას ენერგიის მუდმივობის კანონისა და იმპულსის მუდმივობის კანონის შესასწავლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

rb.gy/b2iyh2

rb.gy/0wrn50

ქუთაისი ტექნიკური უნივერსიტეტი –

ზ. ლომთაძე, ნ. ახვლედიანი, ჯ. მეტრეველი

„ლაბორატორიული პრაქტიკუმი ფიზიკაში – მექანიკა“

 

 

საშობაო-საახალწლო სცენარი პირველკლასელებისთვის – „ჩემი სურვილების ჯადოსნური ხე“

0

შობა-ახალი წელი ჯადოსნური პერიოდია ბავშვებისთვის და მგონი, უფროსებისთვისაც, რაღაც ახლისა და მნიშვნელოვნის, ბედნიერების დასაწყისი და სათავეა. ამიტომ კარგი იქნება, ბავშვებს ისეთი ღონისძიება შევთავაზოთ, სადაც კიდევ უფრო გავუმძაფრებთ ამ შეგრძნებას, დავაფიქრებთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ვაჩუქებთ ძალიან ლამაზ, სამახსოვრო დღეს. სცენარი ჩემი მოსწავლეებისთვის დავწერე და თქვენც გიზიარებთ. სცენარის წერისას გავითვალისწინე ბავშვების ასაკი, ამიტომ სიტყვების ზომა და რაოდენობა შესაბამისი უნდა იყოს.

სასურველია, სცენაზე ნაძვის ხე იდგეს, ხოლო სურვილების წარმოთქმის შემდეგ ბავშვებმა თითო სურვილის ბურთი, ჩამოკიდონ ხეს (სასურველია, ბურთი იყოს გამჭვირვალე. იყიდება ისეთი საახალწლო ბურთები, რომლებიც იხსნება, ასეთ ბურთებში შეგვიძლია ჩავდოთ სიმბოლურად წერილი, ბრჭყვიალები, განათებები – რაც ძალიან ეფექტური და ლამაზი სანახავი იქნება).

ამბავი კი ასე იწყება:

მოსწ. 1. ოჰ, რა საოცარი დღეა! ჩვენი სურვილები აუცილებლად ახდება! ამ ჯადოსნურ ბურთებში ჩვენი ოცნებებია.

მოსწ. 2 – მთავარია, სურვილები გულით ჩავიფიქროთ, ისინი აუცილებლად გაცოცხლდებიან!

მოსწ. 3 – სურვილების ბურთები ნაძვის ხეზე უნდა დავკიდოთ და სასწაულს დაველოდოთ…

მოსწ. 4 – თვალები დავხუჭოთ და ვინატროთ… ვინატროთ ისე, როგორც არასდროს…

მოსწ. 5 – „მინდა მოგიყვეთ ზღაპარი,

ამბავი სიყვარულისა”.

მოსწ. 5 – იყო პატარა გოგონა,

ფიქრობდა დიდი გულითა.

მოსწ. 6 – თოვლის ბაბუას წერილი

ალბათ პირველმა მისწერა.

მოსწ. 7 – ახლოვდებოდა შობა და

გოგონა ცოტას დარდობდა.

მოსწ. 8 – არავინ იცის წერილში

რა დაუწერა ბაბუას,

მოსწ. 9 – მაგრამ პატარა გოგონა

რაღაც საოცარს ნატრობდა.

მოსწ.10 – ერთხელაც, რომ დაიძინა,

შობის ღამე დაესიზმრა:

მოსწ.11 – ანგელოზები მოფრინდნენ

თეთრი, ლამაზი ფრთებითა.

მოსწ. 12 – ჰკითხეს: რას ნატრობ პატარავ?

გაგვანდე გულის ნადები.

მოსწ.13 – გოგონამ უთხრა:

მინდა, რომ არ იყოს ქვეყნად დარდები.

მოსწ. 14 – მინდა სიყვარულს ვთესავდეთ

მეგობრები და და-ძმები.

მოსწ.15 – ანგელოზები დაჰპირდნენ

აუსრულებდნენ ოცნებას,

მოსწ.16 – გაფრინდნენ უმალ ზეცაში

ხელში წერილი ეჭირათ.

მოსწ.17 – გამოეღვიძა გოგონას

ბედნიერების ღიმილით,

მოსწ. 18 – ელოდა შობა ახალ-წელს

იმ საოცარი სურვილით. (ნონა ბეჟანიშვილი – ლექსის ავტორი)

 

(აქ სიმღერა სურვილების ასრულებაზე )

ამის შემდეგ იწყება უკვე სურვილების ჩაფიქრება.

მოსწ. 1 – მე —- ვარ და მინდა, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თბილი სახლი და დედიკოს ეხუტებოდეს.

მოსწ. 1: – შენ შეგიძლია ვიღაცისთვის თბილი სახლი გახდე, როცა გაუღიმებ, ჩაეხუტები ან გაუზიარებ ნივთებს მას, ვისაც ეს სჭირდება. შენი სიყვარული და სითბო მისთვის ნამდვილი თბილი სახლი გახდება.

(ბავშვი ამის შემდეგ მიდის და ბურთულას კიდებს ნაძვის ხეზე, პარალელურად შესაძლოა ნაძვის ხეზე აენთოს ერთი სანთელი – ელემენტებზე რომაა ხოლმე, ასე გაგრძელება 18-ივე ბავშვის შემთხვევაში)

მოსწ. 2 – მე ვარ — და ძალიან, ძალიან მინდა თოვლის ბაბუამ ყველა ბავშვი დაასაჩუქროს.

მოსწ. 2:  ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ თოვლის ბაბუები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შესაძლოა საჩუქრების გარეშე დარჩნენ. კეთილი გულით დახატული ლამაზი სურათი, უკვე დიდებული საჩუქარია!

მოსწ. 3: მე ვარ — და მინდა, რომ ქუჩის ცხოველებს არ შიოდეთ, მათ ეფერებოდნენ და ბედნიერები იყვნენ.

მოსწ. 3: დააპურე ქუჩის ძაღლები, კატები და ჩიტები! შეგიძლია, თან ატარო სპეციალური საკვები კონტეინერით. ძალიან უხარიათ, როდესაც მათზე ზრუნავენ.

მოსწ.4: მე ვარ —. მინდა, რომ ყველა ბავშვმა იპოვოს საკუთარი ვარსკვლავი ცაზე.

მოსწ.4: დაეხმარე მეგობარს, იპოვოს ის, რაც კარგად გამოსდის, შეაქე ხშირად და შენი მეგობარი თავის ვარსკვლავს აუცილებლად იპოვოს.

მოსწ. 5: მე ვარ —. მინდა, რომ სევდა გადაიქცეს ფიფქად და შორს გაფრინდეს.

მოსწ. 5: როცა ძალიან დარდობ ან რაიმე გწყინს, მოყევი მეგობრებს, მშობლებს ან დახატე და ასე სევდა მართლაც გადაიქცევა ფიფქად.

(აქ სიმღერა ფიფქებზე და თან ცეკვა „ფიფქური“ )

მოსწ. 6: მე ვარ—. მინდა, რომ ყველას გულში სიკეთის სანთელი აინთოს.

მოსწ. 6: ეს სანთელი შენ ხარ, ჩამოჯექი მის გვერდით და ანუგეშე ის, ვისაც დახმარება სჭირდება.

მოსწ. 7: მე ვარ —. მინდა, რომ ცრემლები ქარმა წაიღოს, მხოლოდ სიცილი დარჩეს!

მოსწ. 7: როდესაც ვინმე ტირის, გვერდი არ აუარო, ჩამოჯექი მის გვერდით და უბრალოდ მოუსმინე. ცრემლები ნელ-ნელა გაქრება.

მოსწ. 8: მე ვარ —. და მინდა, რომ მეგობრობა თოვლივით არ დნებოდეს!

მოსწ. 8: ეთამაშე მეგობარს და გაუზიარე შენი სათამაშოები, შენი ნივთები – გაზიარება არის მეგობრობის ჯადოსნური ელექსირი.

მოსწ.9: მე ვარ —. და მინდა, რომ ჩვენი დედამიწა კარგად იყოს! ბუნება არ განადგურდეს.

მოსწ. 9: არ გადააგდო პოლიეთილენისა და პლასტმასის ნივთები ქუჩაში და წყალში! არ დაყარო ნარჩენები გარეთ! დედამიწა ჩვენი ყველას სახლია!.

მოსწ. 10. მე ვარ —-. და მინდა, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იღვიძებდეს დილით!

მოსწ. 10: თქვი დილა მშვიდობისა, როგორც კი გაიღვიძებ და ჩაეხუტე შენს მშობლებს და ოჯახის წევრებს. ბედნიერება ასე იწყება.

(აქ შეიძლება რაიმე სიმღერა ან ცეკვა – ბედნიერებაზე, სიხარულზე)

მოსწ. 11. მე ვარ —. და მინდა, რომ ყველა მოხუცებულს თბილად ექცეოდნენ.

მოსწ. 11: როდესაც ქუჩაში მარტოდ მჯდომ ბებიას ან ბაბუას დაინახავ, მიესალმე! ერთი გამარჯობა მათთვის მთელ დღეს უდრის.

მოსწ. 12: მე ვარ —-. და მინდა, რომ ყველას ჰქონდეს სუფთა წყალი და ყველა ხედავდეს მწვანე ხეებს.

მოსწ. 12: დარგე შენის სკოლის ან სახლის ეზოში პატარა ხე, მოუარე და გაზარდე! მორწყე ყვავილები მათთვის ერთი წვეთი წყალი პატარა სასწაულია.

მოსწ. 13: მე ვარ —. და ძალიან მინდა, არცერთ ბავშვს არ შიოდეს!

მოსწ.13: შენ შეგიძლია ატარო შოკოლადის ფილა ან ხილი, მათთვის, ვისაც ტკბილეული არ აქვს, შეგიძლია გამოაცხო ორცხობილები და ბავშვებს გაუმასპინძლდე.

მოსწ.14: მე ვარ —. მინდა, რომ სკოლა იყოს ყველასთვის უსაფრთხო ადგილი!

მოსწ. 14: თუ ვინმეს ჩაგრავენ ნუ გაჩუმდები, უთხარი მასწავლებელს და დაეხმარე მეგობარს, თუ მოვინდომებთ სამყაროს შევცვლით!

მოსწ. 15: მე ვარ —-. მინდა, რომ ყოველი დღე მშვიდი და ბედნიერი იყოს, ყოველ დღეს სიხარული მოჰქონდეს.

მოსწ. 15: ყოველ დღეს, როდესაც გაიღვიძებ თქვი, რომ: დღეს კარგი დღე მექნება! სკოლაში მისვლისას კი შენს კლასელებს, მასწავლებლებს კარგი დღე უსურვე, სიტყვებს ჯადოსნური ძალა აქვთ.

მოსწ. 16: მე ვარ —-. მინდა, რომ ღამით ცის ვარსკვლავები ჩემთან ჩამოვიდნენ სათამაშოდ.

მოსწ. 16: ვარსკვლავები მაშინ გაბრწყინდება და მათი სხივები შენთან ჩამოვლენ – როცა შენ ბრწყინავ: კეთილი გულით, ღიმილითა და სიყვარულით.

მოსწ. 17: მე ვარ —-. მინდა, რომ ყველა ბავშვმა, ყოველდღე პატარა სასწაული აღმოაჩინოს.

მოსწ. 17: თუ დაუკვირდები, ძალიან ჩვეულებრივი რაღაცები სასწაულად იქცევა: ფიფქები ფანჯარასთან, ჩიტის ჭიკჭიკი, მეგობრების ღიმილი, დედიკოსთან ჩახუტება, მამიკოსთან თამაში…

მოსწ. 18: მე ვარ —. უჰ, როგორ მინდა ახალმა წელმა ყველა ბავშვთან და ყველა ოჯახში შეაღწიოს…

მოსწ. 18: დაამზადე ხელნაკეთი სათამაშოები, ბარათები და აჩუქე მეზობლებს, მეგობრებს – ახალი წელი და შობა ხომ გაზიარების სიხარულია!

ამ დროს, კარგი იქნება, რომ ნაძვის ხის ზემოთ ანგელოზი ან ვარსკვლავი აინთოს. ყველა ერთად: „ჩვენი ოცნებები აუცილებლად ახდება. ახალი წელი და შობა სურვილების ახდენის ჯადოსნური დროა“.

რაიმე ჯადოსნური სიმღერით დასრულდება, საახალწლო, საშობაო სიმღერით.

ჩანაწერებიდან 2

0

*

ჩემი ბოლო პოეტური კრებული – „კანალიზაციის ანგელოზები“ – ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის მაღალი კლასების პროგრამაშია ჩართული. ამას წინათ მასწავლებელმა გამომიგზავნა მეთერთმეტეკლასელების ესეისტური ოპუსები ჩემს კრებულში შესულ სხვადასხვა ლექსზე. გაკვირვებული დავრჩი ამ ბავშვების ანალიტიკური და ჰერმენევტიკული აზროვნების უნარით. ეს ოპუსები სასკოლო-რუტინული პრეზენტაციისთვის დაიწერა და მათ ავტორებს ლიტერატურის კრიტიკოსობაზე სულაც არა აქვთ პრეტენზია. სამაგიეროდ, ამ ბავშვების ამ ოპუსებს არაფრით აღემატება ის ოპუსები, რომლებსაც „კრიტიკოსისა“ და „ლიტერატორის“ მანტიამოსხმული პატივცემული გვამები (უმეტესობა ასეთია) „რეცენზიად“ და „კრიტიკულ წერილად“ გვასაღებენ. ლექსის (ზოგადად – მხატვრული ტექსტის) სოლიფსისტური ანალიტიკური ინტერპრეტაცია ნებისმიერ საშუალოზე ოდნავ განათლებულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ, როცა პოეზიაზე წერ, პოეტიკის ელემენტარულ საკითხებში მაინც უნდა ერკვეოდე, რომ შენს სიტყვას რამე ფასი ჰქონდეს. წერილის ერთი აბზაცის წაკითხვა სრულიად საკმარისია ჩემთვის, მივხვდე, ერკვევა თუ არა მისი ავტორი პოეტიკაში, ანუ იცის თუ არა პოეზია.

პოეზიაზე როცა წერ, მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდე, რამდენი ტერფია ქართულ ლექსში. ეს ისეთივეა, კრიტიკოსი წერდეს მხატვრობაზე და არ იცოდეს, რამდენი ფერი არსებობს, წერდეს მუსიკაზე და არ იცოდეს, რამდენი ნოტი არსებობს… სულ ცალ ხელზე ჩამოითვლება უფროსი თაობის ის ლიტერატორები, რომლებიც პოეტიკაში ღრმად ერკვევიან, საშუალო და ახალი თაობის ლიტერატორებში კი ამ მხრივ სრულიად დრამატული მდგომარეობაა (არ ვიცი, იქნებ არის სადმე პოეტიკაში ღრმად განსწავლული ახალგაზრდა კრიტიკოსი და მე გამომრჩა. ეს მხოლოდ გამაბედნიერებს). არადა, როგორ უნდა მოხდეს ვერსიფიკაციული რეფორმაციებისა და ნოვაციების თეორიული ფიქსაცია, თუ ამის დამნახავი ადამიანები არ არიან იმ წრეში, რომელშიც ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ?! უბრალო მკითხველისთვის, როგორც წესი, რთულია, ახალი საზომებით (რომლებსაც მისი რეტინალური და სმენითი აპარატი არაა შეჩვეული) დაწერილი ლექსების ჯეროვანი რეცეფცია, მაგრამ ტრაგიკული ისაა, რომ ვერც იმ ხალხის უმეტესობა ამჩნევს, ვისაც „ლიტერატორად“ მოაქვს თავი… ქრონოსულ პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ხოლმე რამდენიმე პროფესიონალი, რომელიც კონკრეტული პოეტის პოეტურ ნოვაციებს აკადემიურ ფონს უქმნის, იკვლევს, ხსნის, ითვლის… და მერე სწორედ ამ ერთეულების ნაშრომებით იქმნება ლიტერატურული პარადიგმები, რომლებსაც ვითომ კრიტიკოსები (და მკითხველებიც) თუთიყუშებივით იმეორებენ. ეს მუდამ ასე იყო და ასე იქნება, უბრალოდ, დღეს, ვფიქრობ, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა.

ჩანაწერებიდან

0

*

გუშინ გალაკტიონის დაბადების დღე იყო. ფეისბუქზე არ შემიხედავს (იშვიათად შევდივარ), მაგრამ დარწმუნებული ვარ, გადაიჭედებოდა ფეისბუქი მისი ლექსებით. უბრალო თუ ბრალიან მკითხველთა აბსოლუტურ უმეტესობას ყურმოკვრით თუ გაუგია, რომ გალაკტიონი ლექსის რეფორმატორია და ა. შ., სიღრმისეულად კი თითზე ჩამოსათვლელმა პროფესიონალებმა თუ იციან, რას ნიშნავს ეს. ქართული პოეზია სულ ოთხ პოეტურ რეფორმას იცნობს:

  1. რუსთაველისეული რეფორმა. რუსთაველმა პანტორითმებით დახუნძლულ-შებოჭილი შავთელური და ჩახრუხაული ლექსი მთლიანად უარყო, უარყო ასევე საერო პოეზიისთვის ნიშანდობლივი არქაული და მძიმე პოეტური მეტყველება, აიღო მანამდე, ცხადია, არსებული დაბალი და მაღალი შაირი და მათი შემთხვევითი მოდულაციებით გენიალური ბინარული სიმფონია შემოგვთავაზა, პარალელურად განახორციელა ენობრივი რეფორმა – მოახდინა პოეტური მეტყველების მაქსიმალური დემოკრატიზაცია. დიაქრონიული ლოგიკით შემდგომი საუკუნეების პოეტების შემოქმედება გაცილებით მარტივად გასაგები უნდა იყოს, მაგრამ პირიქითაა – მაგალითად, კლასიცისტი პოეტების (თუნდაც – ანტონ კათალიკოსის სკოლის) არქაული ენა სულისშემხუთველია, ხუთასი და ექვსასი წლით უფრო ადრინდელი რუსთველური ენა და სინტაქსი კი – გაცილებით უფრო გასაგები;
  2. გურამიშვილის რეფორმა. გურამიშვილმა ბოლო მოუღო რამდენიმესაუკუნოვან განუკითხავ დომინაციას რუსთაველისას, თვით რუსთველური შაირი შიდა რიტმული ვარიაციებით გაამდიდრა და თავისი ინტონაცია შესძინა, და მთავარი: თავისი უფროსი თანამოკალმეების (მამუკა ბარათაშვილის, ვახტანგ მეექვსის… ) ვერსიფიკაციული გამოცდილებით აღჭურვილმა, უამრავი ახალი საზომი შემოიტანა ქართულ პოეზიაში;
  3. ბარათაშვილის რეფორმა. ნიკოლოზ ბარათაშვილმა მანამდე უცხო (ჩვენში) ლირიკული ინტროსპექციის ფორმობრივი პროექცია-რეალიზაციისთვის რამდენიმე რეფორმატორული შტრიხი შეიტანა ქართულ ლექსში: რკალური რითმები, ანჟამბემანი და სტროფული ჰეტერომეტრია;
  4. გალაკტიონის რეფორმა. გალაკტიონი მიუბრუნდა კლასიცისტურ და, პირველ რიგში – გურამიშვილის, ვერსიფიკაციულ გამოცდილებას (იდეალურად იცნობდა კლასიცისტების პოეზიას), აითვისა და ათეულობით საკუთარი საზომით გადაახალისა გაუვალ ვერსიფიკაციულ ჩიხში შესული ქართული პოეზია.

    *

    ლექსმცოდნეობაში მიღებული შეხედულების თანახმად, დიდი პოეტები ორ ჯგუფად იყოფიან: რეფორმატორებად და ნოვატორებად. რეფორმატორი ის პოეტია, რომელიც ლექსწყობის რეფორმას ახორციელებს, რეფორმატორმა პოეტმა აპრიორი რაღაც სიახლე უნდა შესძინოს ლექსის მეტრულ-მატერიალურ მხარეს, სხვანაირად მისი რეფორმატორობა ნონსენსია. ხოლო, ნოვატორი პოეტი არის ის დიდი პოეტი, რომელიც ძველი, სხვების შემოტანილი მეტრული ინვენტარითა და ხერხებით ოპერირებს, თუმცა ეს საზომები საკუთარი ინტონაციური აკუსტიკით აქვს გამდიდრებული. ერთ თავის მონუმენტურ მონოგრაფიაში აკაკი ხინთიბიძეს რეფორმატორი და დიდი პოეტების მაგალითებად გურამიშვილი და ვაჟა მოჰყავს.

    *

    როგორც ვხედავთ, საქართველოს სულ ოთხი რეფორმატორი პოეტი ჰყავდა, ნოვატორი კი – არაერთი, ზოგი მათგანი დღესაც ცოცხალია. დიდი პოეტი თავისთავად ნიშნავს ნოვატორს, მაგრამ არა – რეფორმატორს. ეს დეტალიზაცია იმის სათქმელად დამჭირდა, რომ, რაღაცნაირად, უხერხულად მხვდება ხოლმე თვალში, როცა გალაკტიონს სხვა დიდი (ნოვატორი) პოეტების სიაში გარევენ ისე, ვითომდა არაფერი. მაგალითად, ტერენტი გრანელს, ჭეშმარიტად დიდ ნოვატორ პოეტს, ჩემზე დიდი მოყვარული (გალაკტიონზე ხშირადაც ვკითხულობ) მეეჭვება, ჰყავდეს, თუმცა გრანელის და გალაკტიონის შედარება, უბრალოდ (რბილად რომ ვთქვათ), არარელევანტურია. გალაკტიონის დამსახურება სერიოზულ რევიზირება-რედუცირებას მოითხოვს (ყალბი პარადიგმებით გაბრუებულნი ბევრ ისეთ რამეს მიაწერენ, რაშიც მას არანაირი „ბრალი“ არ მიუძღვის, და ეს რევიზირება ახალი თაობის ლექსმცოდნეების საქმეა), თუმცა რეალური, არაუტრირებული მასშტაბითაც, ცხადია, მეოცე საუკუნის სხვა ნებისმიერი პოეტის მასთან გათანაბრება, უბრალოდ, მკრეხელობაა.

*
საშუალო დონის ან, უბრალოდ, კარგმა ცალკეულმა პოეტმა შეიძლება, შემთხვევით ან გააზრებულად, რამდენიმე ახალი ფორმაც შემოიტანოს, მაგრამ პოეტურ რეფორმას სისტემურობა სჭირდება. ხშირად მსმენია: „ლექსი მარტო ფორმა ხომ არაა“. ან – „მე ფორმა სულ არ მაინტერესებს“ და ა. შ. (ამას ის ავტორები ამბობენ ხოლმე, რომელთა ფორმობრივი ლაბორატორია ინტონაციურ ინდივიდუალიზმს მოკლებული ერთიოდე ყბადაღებული მეტრით ან რიტმული სქემით შემოიფარგლება). არა, ლექსი მარტო ფორმა არაა, მაგრამ ლექსი პირველ რიგში ლექსწყობაა (ისევე, როგორც პროზაა – პროზაული წყობა, კინოა – გამოსახულება და ა. შ.), თორემ პოეზია შეიძლება, პროზაშიც იყოს და ზიდანის მიერ მკერდით ჩამოღებულ ბურთშიც. ლექსის რეფორმა პირველ რიგში ფორმობრივი რეფორმაა, რომელიც თავისთავად თემატურ რეფორმასაც (და ძველი და მარადახალი თემების ახლებურ გადამუშავებებს) გულისხმობს. არ არსებობს პრეცედენტი მსოფლიო პოეზიაში, რომ დიდმა პოეტმა ვერსიფიკაციული რეფორმა განახორციელა და ეს, აპრიორი, სააზროვნო-თემატურ რეფორმასაც არ გულისხმობდა, ორივე სრულიად გააზრებული, სიმულტანური პროცესია.

AI აპლიკაციები – დიალოგი ცოდნასთან: ინტერაქციის ახალი პარადიგმა

0

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ინფორმაცია აღარ არის პრივილეგია – ის უკვე მოცემულობაა. ციფრული ოკეანე სავსეა მონაცემებით, ფაქტებითა და არქივებით. ღილაკზე ერთი თითის დაჭერა და „გამოვიძახებთ“ სასურველ ინფორმაციას. ამ ციფრულ აურზაურში ჩემი დაკვირვებით, იკვეთება ახალი, ფუნდამენტური ჭეშმარიტება: ციფრულ სამყაროში ინფორმაცია ყველასთვის მისაწვდომია, ახლა გვჭირდება იდეები, რომ ცოდნა ვაქციოთ გამოცდილებად.

ხშირად ვამბობ, რომ AI სწყალობს იმას, ვისაც იდეები არ ასვენებს. ის აჯილდოებს ცნობისმოყვარეებს, მეოცნებეებსა და მათ, ვისაც აქვს ხედვა, მაგრამ სჭირდება ტექნოლოგია, ამ ხედვის მატერიალიზებისთვის.

 

მონოლოგიდან დიალოგამდე

ტრადიციული განათლება საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა მონოლოგს: წიგნი „ესაუბრებოდა“ სტუდენტს, ლექტორი – აუდიტორიას. მსმენელი იყო პასიური მიმღები. არადა, ჩვენი ცნობიერება თავისი ბუნებით ხომ დიალოგურია. და აი, გამოჩნდნენ „მოსაუბრე აპლიკაციები“. AI აპლიკაციების შემოსვლამ სასწავლო პროცესში მონოლოგური მოდელი თავდაყირა დააყენა.

პირველი აპლიკაცია, რომელიც შევქმენი ჩემი სტუდენტებისთვის იყო „AI სოკრატე“. მოგვიანებით მივხვდი, რომ სოკრატე შემთხვევით არ ამირჩევია და რომ ამაში უფრო ღრმა აზრი იდო. სასწავლო აპლიკაციები მართლაც ძალიან ჰგავს სოკრატეს მეთოდს.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ გადავდივართ „სოკრატესეულ ციფრულ დიალოგზე. AI-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აპლიკაციები არ გვთავაზობენ მხოლოდ მშრალ პასუხებს; რაც უმნიშვნელოვანესია, ისინი გვიწვევენ ინტერაქციაში. ეს არის ცოდნასთან ერთგვარი ცეკვა, როცა შენს კითხვაზე პასუხი ბადებს ახალ კითხვას, ახალ პერსპექტივას და კრიტიკული აზროვნების აუცილებლობას.

„AI სოკრატეს“ აპლიკაცია ასე მუშაობს: ირჩევ თემას, ირჩევ დონეს და სოკრატე იწყებს კითხვების დასმას (მაიევტიკური მეთოდით, რა თქმა უნდა). 3 კითხვაზე პასუხის შემდეგ ის გიწერს შენი პასუხების ანალიზს და გირჩევს, რას მიაქციო ყურადღება. დიალოგი გამოდის ყველა ჯერზე უაღრესად საინტერესო. ერთ სტუდენტს ასეთი რამ დაუწერა: „რად გინდა ცოდნა, თუ ის არ შეცვლის შენს ფიქრს, შენს აზროვნებასა და მოქმედებას და არ გადმოვა ცხოვრებაში?“.

Claude Artifacts ამკვიდრებს სრულიად ახალ მიდგომას: „ახალი გაკვეთილი – ახალი აპლიკაცია“. მასწავლებელს აღარ სჭირდება, მოერგოს მხოლოდ არსებულ, სტანდარტულ პროგრამებს. მას შეუძლია დამატებით შექმნას ზუსტად ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც მის კლასს, მის მოსწავლეებს და კონკრეტულად იმდღევანდელ თემას სჭირდება.

ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია შექმნას მარტივი სიმულატორი ან ქვიზი Claude-ის დახმარებით, კოდის ცოდნის გარეშე.

 

AI აპლიკაციის სცენარები

 

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს AI-ს: „შემიქმენი ინტერაქტიური თამაში HTML-ში, სადაც მოსწავლემ უნდა გადაანაწილოს ბიუჯეტი ქალაქის ასაშენებლად და დაინახოს ეკონომიკური შედეგები“.
  • შედეგი: წამებში იქმნება პატარა აპლიკაცია (Artifact), რომელიც „ჯადოსნურ წრეს“ ქმნის. მოსწავლე თამაშობს ეკონომიკით, უშვებს შეცდომებს, ბანკროტდება და თავიდან იწყებს და ამ პროცესში სწავლობს ეკონომიკის ფუნდამენტურ კანონებს უშუალო გამოცდილებით.

 

ქვიზები

  • სცენარი: შექმენი ‘Drag and Drop’ (გადათრევა) თამაში ინგლისური სიტყვებისთვის. მარცხენა მხარეს იყოს სიტყვები, მარჯვნივ – სინონიმები. სწორი შეთავსებისას გამწვანდეს, არასწორი შეთავსებისას – გაწითლდეს და გამოსცეს ხმა“.
  • შედეგი (Artifact): მარტივი, მაგრამ ეფექტური აპლიკაცია, რომელიც რუტინულ დაზეპირებას აზარტულ თამაშად აქცევს.

 

ბიოლოგია: „ცოცხალი“ დიაგრამები

  • სცენარი: „შექმენი ადამიანის უჯრედის ინტერაქტიური სქემა. როცა მაუსს მივიტან რომელიმე ორგანელასთან (მაგ. მიტოქონდრია), ის უნდა განათდეს და გამოჩნდეს პატარა ფანჯარა ფუნქციის აღწერით“.
  • შედეგი (Artifact): მოსწავლე იკვლევს უჯრედს, როგორც ინტერაქტიურ რუკას. ეს ზრდის ვიზუალურ მეხსიერებასა და ჩართულობას.

 

ფიზიკა და მათემატიკა: ვირტუალური ლაბორატორია

 მოსწავლეს უჭირს, გაიგოს გრავიტაცია ან პარაბოლა მხოლოდ დაფაზე დაწერილი ფორმულით?

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს Claude-ს: „შემიქმენი ინტერაქტიური სიმულაცია, სადაც იქნება ზარბაზანი. მომეცი საშუალება, სლაიდერით ვცვალო გასროლის კუთხე და საწყისი სიჩქარე, ხოლო ეკრანზე ვიზუალურად გამოჩნდეს ჭურვის ტრაექტორია და დაცემის ადგილი“.
  • შედეგი (Artifact): ეკრანზე ჩნდება მოქმედი თამაში/სიმულატორი. მოსწავლე „ეთამაშება“ ფიზიკის კანონებს. ის ხედავს კავშირს რიცხვებსა და მოძრაობას შორის.

ისტორია და გეოგრაფია: დროის მანქანა

რუკები და თარიღები ხშირად სტატიკური და მოსაწყენია. Artifacts-ს შეუძლია ისინი გააცოცხლოს.

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს Claude-ს: „შექმენი ინტერაქტიური რუკა საქართველოს ისტორიაზე. ქვემოთ იყოს დროის სლაიდერი (Time Slider). როცა სლაიდერს გადავაადგილებ საუკუნეების მიხედვით, რუკაზე იცვლებოდეს საზღვრები და ჩნდებოდეს ინფორმაცია იმდროინდელ მეფეებზე“.
  • შედეგი (Artifact): იქმნება დინამიკური რუკა, სადაც ისტორია ვიზუალური პროცესია და არა მხოლოდ ტექსტი.

 

Homo Ludens 2.0: თამაში, როგორც შემეცნების უმაღლესი ფორმა

კიდევ ერთი მეტაფორა, რომელიც შეიძლება გაგახსენდეთ ცოდნის ინტერაქტიურ ფორმასთან დაკავშირებით, ეს არის თამაში. იოჰან ჰეიზინგა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში Homo Ludens (მოთამაშე ადამიანი) ამტკიცებდა, რომ კულტურა იბადება თამაშში და თამაშის სახით. თამაში არ არის გართობა; თამაში არის წესრიგის შექმნა ქაოსში. AI აპლიკაციები განათლებაში აბრუნებენ თამაშს პირვანდელი, საკრალური მნიშვნელობით:

 ჰეიზინგას ტერმინით, თამაში ქმნის დროებით სამყაროს საკუთარი წესებით. AI სიმულაციები ქმნიან სწორედ ასეთ „ჯადოსნურ გარემოს“ – უსაფრთხო სივრცეებს, სადაც მოსწავლეს შეუძლია, მართოს ვირტუალური ლაბორატორია, იყოს ისტორიული მოვლენის მონაწილე ან მართოს ეკონომიკური მოდელები. რეალურ ცხოვრებაში შეცდომა ხშირად ისჯება. თამაშში კი შეცდომა არის უკუკავშირი (Feedback). AI აპლიკაციებში “Game Over” არ ნიშნავს დასასრულს, ეს ნიშნავს: სცადე სხვა სტრატეგიით. ამით იხსნება სწავლაში შიშის ბარიერი.

თამაშს ახასიათებს სრული ჩართულობა. AI ტექნოლოგიები (განსაკუთრებით AR/VR ელემენტებით) აქრობენ ზღვარს სუბიექტსა (მოსწავლე) და ობიექტს (შესასწავლი მასალა) შორის. შენ არ სწავლობ ბიოლოგიას გარედან, შენ „მოგზაურობ“ უჯრედში.

 

ახალი რეალობის არქიტექტურა

დიახ, ახლა იქმნება ახალი რეალობის არქიტექტურა – სულ სხვა მეთოდებით და გეომეტრიით. AI აპლიკაციებს ცოდნა აბსტრაქციიდან გამოცდილებაში გადაჰყავს. ცოდნის მიღებას თან ახლავს ემოცია. ახალი პარადიგმა – დიალოგი და თამაში – აყალიბებს უბრალოდ ინფორმირებულ ინდივიდს კი არა, არამედ მოაზროვნეს, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების და იცის, რომ ჭეშმარიტება ფინიშის ხაზი არ არის, არამედ თავად პროცესია.

ჩვენ აღარ ვსწავლობთ სამყაროს შესახებ, ჩვენ ვქმნით სამყაროს მოდელებს და ვტესტავთ მათ რეალურ დროში.

ამ ახალ რეალობაში ადამიანის მთავარი კაპიტალი არის წარმოსახვა. ტექნოლოგია კი არის ის ჯადოსნური ინსტრუმენტი, რომელიც „იდეების მოუსვენრობას“ გამოცდილებებად გარდაქმნის.

 

როსლერ-რიხტერის პრეცედენტი

0

ბევრ ჩემს ნაცნობს ჰგონია, რომ დასავლეთ ევროპის შედარებითი პოლიტიკისა და უახლესი ისტორიის სწავლის ან სწავლების დროს მოწყენილობით ვკვდები. ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი საყვარელი საგანი მხოლოდ ზედმეტად სერიოზული საკითხების შესახებ მოგვითხრობს. შორიდან დაკვირვების შემთხვევაში ადამიანები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დეტექტივებისთვის დამახასიათებელ აზარტს, საიდუმლოებათა გამჟღავნებით გამოწვეულ გაოცებას ვერ ამჩნევენ. თუმცა, დაინტერესებულ პირებს ათობით ამბის მოყოლა შეგვიძლია, რომლებიც ნებისმიერ ადამიანში აღძრავს ცნობისმოყვარეობას, დაფარულის გაცხადების ჟინს, აღმოჩენით განპირობებულ გაკვირვებას.

დავბრუნდეთ 80 წლის წინანდელ ევროპაში – კონტინენტი ომის ნანგრევებშია და ორ მტრულ ბანაკად არის გახლეჩილი. ქვეყნებს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ, ყოველ წამს შეიძლება ხელახლა იფეთქოს სამხედრო შეიარაღებულმა დაპირისპირებამ. ნაციზმის უღლისგან გათავისუფლებულ მიწებზე ახალი მთავრობები დამნაშავეებზე ნადირობენ. ყველა დაწესებულებასა და ინსტიტუტში ეძებენ თანამდებობის პირებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ენით აღუწერელ სისასტიკესა და სისხლისღვრას. წარსულში „სვასტიკიანი“ სამკლავურებით მომუშავე პირები იმალებიან ან სამხრეთ ამერიკაში ეძიებენ თავშესაფარს. ყველას არ აქვს თავი ჩაქინდრული, ყველა არ არის მზად სინანულისთვის. ზოგიერთები თავიანთი ცოდვების მიჩქმალვასაც ახერხებენ და კვლავ ბრუნდებიან ქვეყნის მართვის სადავეებთან.

მეოცე საუკუნის 40-50-იანი წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა გერმანიისთვის. გერმანია მხოლოდ დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა არ გახლდათ, ის მხოლოდ ბრძოლის ველიდან შინარდაბრუნებულ ჯარისკაცებს არ გლოვობდა. გერმანია ომში დამარცხებული, შერცხვენილი, უზარმაზარ დანაშაულში მხილებული სახელმწიფო იყო, რომელიც სამად დააქუცმაცეს. ძველი გერმანიის ადგილზე ორი რესპუბლიკა და სამუდამოდ დაკარგული, მეზობლებისთვის სამუდამოდ გადაბარებული ტერიტორიები წარმოიქმნა.

მიუხედავად გახლეჩისა, დანაშაულის შეგრძნებისა, ნანგრევებისა, გერმანელთა ერთმა ნაწილმა მაინც დაიწყო დემოკრატიის მშენებლობა. 1949 წელს ბუნდესტაგის პირველი სხდომა გაიმართა. ვის არ აღმოაჩენდით პირველი პარლამენტის 400-ზე მეტ წევრს შორის, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ კომუნისტები და ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალები და სოციალ-დემოკრატები, ანტინაცისტური წინააღმდეგობის ლიდერები და ჰიტლერის მმართველობის დროს შეშინებული, დადუმებული კონფორმისტები.

1949 წლის ბუნდესტაგში მანდატი რამდენიმე ულტრამემარჯვენემაც მოიპოვა. მათ შორის გახლდათ დოქტორი ფრანც რიხტერი. ის თავს სუდეტელი გერმანელების წარმომადგენლად მიიჩნევდა. ამბობდა, რომ 1911 წელს იზმირში დაიბადა, სადაც მამამისი სამსახურებრივი მივლინებით იყო წარგზავნილი. მის მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტები იუწყებოდნენ, რომ დეპუტატი უამრავი სუდეტელი გერმანელის მსგავსად პრაღის უნივერსიტეტში სწავლობდა. დოქტორი რიხტერი ნაცისტური პარტიის წევრობას უარყოფდა, ბუნდესტაგის წევრის სპეციალურ ანკეტაში პოლიტიკოსმა მხოლოდ ის მიუთითა, რომ ომის დროს ჩვეულებრივი, უპარტიო ჯარისკაცი იყო.

დეპუტატი რიხტერი წარსულში ნაციზმთან კავშირს კი უარყოფდა, მაგრამ აწმყოში ურყევად უჭერდა მხარს ნაციონალ-სოციალისტთა მემკვიდრეობის შენარჩუნებას, „მესამე რაიხის“ მსახურთა რეაბილიტაციას. თავისი გამოსვლების დროს „რაიხსპარტიის“ ტრიბუნად ქცეული პარლამენტარი არ ერიდებოდა ანტისემიტურ ტირადებს. იგი არ ზოგავდა ძალას, რომ ჰიტლერის დანაშაულთა მნიშვნელობა გაეუფასურებინა, ზიზღი ეფრქვია ევროპელი დემოკრატებისადმი. ხმაურიანმა გამოსვლებმა რიხტერს ზოგიერთ წრეში პოპულარობა მოუტანა, მაგრამ ამავდროულად მისი ფიგურით უსაფრთხოების სამსახურებიც დაინტერესდნენ.

სპეცსამსახურების ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ 1911 წლის არქივი, რომელიც იზმირის გერმანულ კოლონიაში ბავშვების დაბადების აქტებს აწარმოებდა, თურქეთ-საბერძნეთის ომის დროს სრულად განადგურებულა. რიხტერის დაბადების მოწმობის ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელი აღმოჩნდა. სუდეტელების მხარის გერმანული მმართველობის დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გამქრალა. უსაფრთხოების მუშაკებმა ვერც დეპუტატის აკადემიური სტატუსის ნამდვილობა დაადგინეს და ვერც სამხედრო ცენზის დამადასტურებელი მოწმობების. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უამრავი მასალა დაიწვა და განადგურდა. განსაკუთრებით უჩვეულო არაფერი გახლდათ იმაში, რომ ორი ჯერარნახული ომის შემდეგ ზოგიერთი არქივი გადამწვარიყო

ბუნდესტაგის ულტრამემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი არხეინად განაგრძობდა პოლიტიკურ ცხოვრებას. მისი პარტიაც ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობდა. „რაიხსპარტიის“ ყრილობებზე მღეროდნენ ნაცისტურ სიმღერებს, მათ შეკრებებს იცავდნენ ხაკისფერ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანები. ულტრამემარჯვენე ძალა რესპუბლიკის ნაცვლად რაიხის აღდგენას ითხოვდა, აღვივებდნენ შუღლს არაგერმანული ეთნოსების მიმართ, ორგანიზაციის წევრები ჰიტლერის მმართველობას მოიხსენიებდნენ „ევროპის რევოლუციური განვითარების უმაღლეს წერტილად“, გაზის კამერებს უწოდებდნენ „რევოლუციური ეპოქის მეთოდურ გამოვლინებას“. die Sozialistische Reichspartei (SRP)-ისთვის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები „სამშობლოს შხამის ღირს მოღალატეებს“ წარმოადგენდნენ. ამ პოლიტიკური გაერთიანების ქოლგის ქვეშ მოქმედებდა პარამილიტარული დაჯგუფება „რაიხსფრონტი“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ანტინაცისტურ დემონსტრაციებზე გამოსულ სტუდენტებს აწიოკებდა.

ოფიცრებს ალღო კარნახობდა, რომ რიხტერის მიღმა რაღაც საიდუმლო იმალებოდა, მაგრამ უკვე ყველანაირი იმედი ჰქონდათ გადაწურული, რომ ამ აგრესიული კაცის უცნაური დოკუმენტების გამოცანას აღმოაჩენდნენ. გამომძიებლებმა არიადნას ძაფს ხელი რიხტერის ქორწინებაზე დაკვირვების დროს ჩაავლეს. 1946 წელს, ომიდან ახლად დაბრუნებული მომავალი პარლამენტარი მოულოდნელად, დაუფიქრებლად, ხანგრძლივი რომანის გარეშე დაქორწინებულა დაქვრივებულ ქალზე და უპირობოდ აუყვანია შვილად მისი გერები. ყველას აოცებდა ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ჯარისკაცის ეს საქციელი. სუდეტელები რუთის ახალ, მოულოდნელად გამოჩენილ მეუღლეს ძალიან ამსგავსებდნენ ქალის ომში დაკარგულ ყოფილ თანამეცხედრეს – ფრიც როსლერს, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის აქტივისტს, პროპაგანდისტს, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს.

სპეცსამსახურებმა ფრიც როსლერის დოკუმენტების შესწავლა დაიწყეს, მოიპოვეს მისი ფოტოები, ანკეტები და დაადგინეს, რომ დოქტორი ფრანც რიხტერი და ფრიც როსლერი ერთი და იგივე პიროვნება იყვნენ.

ნაცისტმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, საყვარელი მეუღლე დააქვრივა და ხელმეორედ მოიყვანა ცოლად, ღვიძლი შვილები გერებად გამოაცხადა და იშვილა, საკუთარი წარსულის ყველა დეტალი ხელახლა გადაწერა, სახელი, გვარი და პროფესია გამოიცვალა, რათა პოლიტიკურ ასპარეზს დაჰბრუნებოდა და ნაცისტური იდეების მხარდაჭერა ახლა უკვე დემოკრატიული პარლამენტიდან გაეგრძელებინა.

ბედად, კრიმინალურმა პოლიციამ ფრიც როსლერი ალიას დოქტორი ფრანც რიხტერი ბუნდესტაგის შენობაშივე დააპატიმრა, იმუნიტეტის გაუქმების შემდეგ, პარლამენტარი დააპატიმრეს და დეპუტატის სტატუსი მოუხსნეს.

საკუთარი ფაშისტური წარსული ბევრს შეულამაზებია და გადაუკეთებია, მაგრამ ასე თავხედურად, ყველას თვალწინ ამდენი ცნობის გაყალბება და პარლამენტის წევრად დაწინაურება ბევრს არ გამოსვლია. როსლერ-რიხტერი სამაგალითოდ რომ არ დასჯილიყო, შეიძლება სახეშეცვლილ ნაცისტებს გაცილებით დიდი ძალაუფლება ჰქონოდათ.

მოსწავლეთა ურთიერთობები

0

ერთი ჩვეულებრივი სკოლის ერთი ჩვეულებრივი კლასი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საგაკვეთილო სივრცე — ეს არის სოციალური გარემო, სადაც ბავშვები ყოველდღიურ ურთიერთობებში სწავლობენ კომუნიკაციას, სირთულეებთან გამკლავებას, საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა თუ თავის პოვნას ჯგუფში. ასაკის მატებასთან ერთად კლასის დინამიკა იცვლება, თუმცა საერთო რჩება ერთი: ურთიერთობები პირდაპირ ახდენს გავლენას ბავშვების ემოციურ სიმყარესა და სწავლის პროცესზე.

დავალებებსა და პროექტებზე ერთობლივი მუშაობა ეხმარება მოზარდებს, ერთმანეთისგან პრაქტიკულად ისწავლონ პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, განსხვავებული აზრის მიღება. კონკურენცია კი, რომელიც თითქმის ყველა კლასში ჩნდება, ზოგჯერ მოტივაციას აძლიერებს, ზოგჯერ კი მცირე დაძაბულობას იწვევს.

ხმაურიანი ამბების ფონზე მასწავლებლის როლი ხშირად ჩუმი, მაგრამ გადამწყვეტია. სწორედ ის ქმნის იმ ჩარჩოს, რომელშიც ურთიერთობები ვითარდება; ის ამჩნევს, სად გაჩნდა დისტანცია, ვინ განცალკევდა ჯგუფისგან, ვინ ცდილობს ლიდერობას და ვინ — ჩრდილში დარჩენას.

ხშირად მასწავლებელი არა მხოლოდ საკუთარ კლასში, არამედ უფრო ფართო წრეშიც ქმნის ურთიერთობების განვითარების პირობებს. ასეთ ინიციატივებს ხშირად მიმდინარე პროცესებზე უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს — განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლეებს ეშინიათ ახალი კონტაქტების, უცხო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის ან საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის.

ამ პროცესში ჩვენი, მასწავლებლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვებს ბუნებრივად შეუძლიათ ურთიერთობა — ვხედავთ, ვინ ერიდება ჯგუფს, ვინ ჩუმად რჩება, ვინ ცდილობს ლიდერობას, და საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს ვეხმარებით პროცესის წარმართვაში ისე, რომ ურთიერთობები ბუნებრივად განვითარდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს პარალელურ კლასებთან მუშაობაც შევთავაზოთ: ისინი ამზადებენ პრეზენტაციებს სხვადასხვა თემაზე და შემდეგ ერთმანეთს აცნობენ შედეგებს. ჩემს შემთხვევაში ამ სტრატეგიამ ნამდვილად გაამართლა: ამ პროცესმა მოსწავლეებს ბევრი სხვადასხვაგვარი შიში თუ კომპლექსი გადაალახვინა: ისინი აღარ ერიდებიან გამოსვლას დიდ აუდიტორიასთან, უფრო თავდაჯერებული ხდებიან და საჯარო გამოსვლის უნარსაც თავისუფლად ივითარებენ. გარდა ამისა, ასეთ პრეზენტაციებში ჩართვა ხშირად ბავშვებს აძლიერებს კონკურსებში მონაწილეობისას — ისინი ნაკლებად განიცდიან, თამამად ავლენენ საკუთარ ცოდნას და სწორად აფასებენ სხვების აზრს.

ჩემი დაკვირვებით, ბავშვების თვითშეფასება და ემოციური სტაბილურობა პირდაპირ აისახება მათ სოციალურ ურთიერთობებზე. ზოგი ბავშვი თავიდან ხშირად ერიდება ჯგუფურ აქტივობებს, ზოგს კი სჭირდება მეტი დრო, რათა თავისუფლად გამოხატოს აზრი. სწორედ ასეთი აქტივობები — შეხვედრა სხვა კლასებთან, საერთო პრეზენტაციები, გუნდური დავალებები — ხშირად ყველაზე ეფექტური გზაა სოციალური მოქნილობისა და თავდაჯერებულობის განვითარებისთვის.

ეს გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ საკლასო ურთიერთობები მხოლოდ განათლების პროცესი კი არა, ბავშვების მომავლისთვის საჭირო სოციალური უნარების დამცველი სივრცეა. როდესაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევ, სხვადასხვა კონტექსტში შეძლონ ურთიერთობა, ისინი სწავლობენ კომუნიკაციას, გუნდურ მუშაობას, პასუხისმგებლობას, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ბევრად თავისუფლად ერთვებიან.

კლასის თუ კლასებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ არის მხოლოდ მაღალი აკადემიური შედეგების საწინდარი — ის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველდღიური, პრაქტიკული გაკვეთილია. და მასწავლებლის როლი მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, ამ ურთიერთობების მიმართულების შექმნა, ბავშვების მხარდაჭერა და შესაძლებლობების კარის გაღებაა.

კლასში თუ კლასის გარეთ ურთიერთობებს უზარმაზარი გავლენა აქვს განათლების შედეგებზე. განსხვავებულ სოციალურ-კულტურულ გარემოში მყოფი მოსწავლეების კეთილდღეობა პირდაპირ უკავშირდება მათ ურთიერთობებს კლასში. თანამშრომლობის გამოცდილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განათლება და ურთიერთობები ქმნის მტკიცე საფუძველს ბავშვების სოციალიზაციისთვის, რაც შემდეგ გავლენას ახდენს მათი შრომისა თუ თანამშრომლობის უნარზე, ეფექტურ გუნდურ მუშაობასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. თუ საკლასო ურთიერთობები მკაფიოდ პოზიტიური და კეთილგანწყობილი იქნება, მოსწავლეები უფრო წარმატებული გახდებიან როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ დონეზე.

სწორედ ჯანსაღი კომუნიკაციის უნარი განსაზღვრავს მათ თავდაჯერებულობას, სოციალურ მოქნილობასა და მომავალში თანამშრომლობის უნარს. მასწავლებლის როლი აქ უმნიშვნელოვანესია: ჩვენი ინიციატივა, დაკვირვება და საშუალებების ძიება არა მხოლოდ აყალიბებს გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ, არამედ ემოციურ და სოციალურ უნარებსაც ავითარებს, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.

 

 

 

 

სწორედ ამის მაგალითია პრაქტიკა, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს პარალელურ კლასებთან თანამშრომლობას სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი არის საერთო პრეზენტაციების მომზადება სხვადასხვა თემაზე — პროცესი, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს, ცოდნა არა მხოლოდ საკუთარ ჯგუფში, არამედ სხვებთანაც გააზიარონ. ეს გამოცდილება ბევრ დაბრკოლებას ამსხვრევს: მოსწავლეები კარგავენ უცხოსთან ურთიერთობის შიშს, უფრო თავდაჯერებული ხდებიან და საჯარო გამოსვლის უნარსაც ივითარებენ. გარდა ამისა, ისინი ხედავენ, რომ სხვადასხვა კლასიდან მოსული თანატოლებიც იმავე სირთულეებს, ინტერესებსა და ემოციებს იზიარებენ, რასაც ისინი — და სწორედ ეს ახერხებს მათ შორის ბუნებრივი კავშირის ფორმირებას.

ასეთი ინიციატივებით ბავშვები სწავლობენ, რომ სკოლის საზოგადოება ერთი კლასის ფარგლებს ბევრად სცდება; რომ კომუნიკაცია მხოლოდ მათ „უბანში“ არ ჩერდება. ეს აღქმა მნიშვნელოვნად აძლიერებს მათი სოციალური მოქნილობის უნარს და ამცირებს შიშს, რომელიც ხშირად ახლავს ახალ გარემოებას.

ფსიქოლოგიური ფაქტორები — თვითშეფასება, ემოციური სტაბილურობა, შიში ან თავდაჯერებულობის დეფიციტი — განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება მაშინ, როცა მოსწავლეები ახალ ჯგუფებთან კონტაქტში შედიან. სწორედ ამიტომ მსგავს პრაქტიკას ხშირად აქვს გაცილებით მეტი გავლენა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უკვე არსებული კონფლიქტებიც კი ხშირად უფრო მარტივად იხსნება, როდესაც ბავშვები ხვდებიან, რომ სკოლაში ურთიერთობები უფრო ფართოა და მხოლოდ „თავისი კლასით“ არ იწყება და არ მთავრდება.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება მასწავლებლის, როგორც საკლასო კომუნიკაციის არქიტექტორის როლი. მისი ინიციატივები, ტონი, დაკვირვება და სწორ დროს ჩარევის უნარი ხშირად განსაზღვრავს, როგორი იქნება საკლასო ატმოსფერო, როგორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება და რა გამოცდილებას წაიღებს თითოეული მოსწავლე.

საბოლოოდ, საკლასო ურთიერთობები ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლების ხარისხისთვის, როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო პროგრამა. სკოლა იქცევა სივრცედ, სადაც მენტალური მოქნილობა, ურთიერთპატივისცემა და სოციალური გახსნილობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური წარმატება — და ამ პროცესის ცენტრში მასწავლებელი დგას, როგორც ადამიანი, რომელიც ამ ურთიერთობებს მიმართულებას აძლევს.

ჰიპალაგა

0

მომწონს ან არ მომწონს, მაგრამ რატომ?

მხატვრულ ტექსტებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მხატვრული საშუალებები.

მათზე დაკვირვება მარგებელი ინტელექტუალური გარჯაა. მკითხველს გემოვნება უყალიბდება და უვითარდება, ტექსტის სიღრმისეული ანალიზის უნარში იწაფება, ენობრივი და სტილისტური თავისებურებებისა და ავტორის სტილის შესახებ მკაფიო წარმოდგენა ექმნება და პასუხი კითხვაზე – რატომ მომწონს ან არ მომწონს ესა თუ ის ნაწარმოები – უფრო უმარტივდება.

 განწირულთა „დამუშავება“

ლიტერატურის თეორია მოსაწყენი ინსტრუმენტების ნაკრები სულაც არაა. სკოლებში შესასწავლი ნაწარმოებები ხშირად „განწირული“ არიან იმისთვის, რომ მოსწავლეებმა რაც შეიძლება სწრაფად „დაამუშაონ“, შინაარსობრივად დაიმახსოვრონ, გამოცდისთვის საჭირო ასპექტები ამოიწერონ და მომდევნო პროგრამულ მასალაზე გადავიდნენ. პროგრამული მასალა, საპროგრამო ტექსტი – ამ სიტყვათშეთანხმების თანმდევი კონოტაციური შლეიფიც როგორი უსიამოვნოა…

 ტკბობის ხიბლი

არადა, მხატვრული ტექსტები შემეცნებისგან მოგვრილი სიამოვნების ნამდვილი საბადოა, საგანძური.

ერთი, რომ ახალ სამყაროში აბიჯებ, გასაოცარი მოგზაურობა გელის, ხილვა არარსებული და (თუ კარგი მწერალია) ამავდროულად, საოცრად რეალური ადგილებისა, და მეორე – კითხვისას მოგვრილ სიამოვნებას ცოტა რამ თუ შეედრება. შევუპირისპიროთ ზევით ჩამოთვლილ უამურ სიტყვათშეთანხმებებს პრუსტის მადლენებივით „გემრიელი“ სიტყვათა წყვილი – „ესთეტიკური ტკბობა“ და ვაღიაროთ, რომ კითხვისას ესთეტიკური ტკბობა იმ ეფექტთაგანია, რომელსაც ასე ველით, ვეწაფებით.

 აღქმის სამსახოვნება

მხატვრული ტექსტის აღქმა შეუდარებელი და ინტიმური აქტია. მკითხველი თავის ინდივიდუალურ, განუმეორებელ „პრიზმაში გაატარებს“ წაკითხულს, საკუთარი მეხსიერების, ემოციების, გამოცდილების კვალდაკვალ გარდაქმნის მას.

გოეთე მხატვრული ტექსტისადმი მკითხველის მიმართების სამ სახეს გამოყოფდა:

  1. ტკბობა განსჯა-ანალიზის გარეშე;
  2. განსჯა-ანალიზი ტკბობის გარეშე
  3. განსჯა ტკბობით და ტკბობა განსჯისა და მიმოხილვისგან მოგვრილი სიამოვნებით[1].

 კირკიტის ბლაგვი ეკლები

როცა ვკითხულობთ, ძალაუნებურად იმ მოცემულობაში, იმ რეალობაში აღმოვჩნდებით, რომელიც ავტორმა შექმნა. იქ ავტორს თავისი წესრიგი აქვს, თავისი წესები. მკითხველი, მართალია, საპატიო სტუმარია ამ სამყაროში, რადგან ავტორმა ის პირადად მოიწვია, მისთვის შექმნა ეს სამყარო, მაგრამ ხომ არსებობს დაუწერელი ეთიკური ქცევის ნორმები. ჩემთვის ასეთია „კირკიტი“. კერძოდ, ბლაგვი ეკალივით უსიამოვნო და უადგილო კითხვა – „ხომ შეეძლო სხვანაირადაც დაეწერა“… ან „რატომ ასე (როგორც ტექსტშია) და არა ისე (როგორც მკითხველს წარმოუდგენია)“…

რას მტრობენ ტექსტის მტრები?

ამ მხრივ განსაკუთრებით არ სწყალობენ ხოლმე „ტექსტის მტრები“[2] ორიგინალურ გამომსახველობით ხერხებს, სიუჟეტურ ქარგას, კომპოზიციურ ელემენტებსა და მხატვრულ საშუალებებს, ტროპებს.

ჰიპალაგა ერთ-ერთია იმ მხატვრულ საშუალებათაგან, რომელსაც ყველაზე ხშირად ამოიღებენ ხოლმე სამიზნეში.

გაუწაფავი ყურისთვის, ჩაკეტილი თვალსაწიერისა და ვიწრო აღქმითი დიაპაზონისთვის უჩვეულო და მიუღებელია საგნებისა და ემოციების ტანდემი, ერთ მენტალურ კონტექსტში[3] ორი ისეთი ობიექტის გაერთიანება, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო. მაგალითად, პრუსტის „ლაჟვარდოვანი ზედაპირი“, „ულმობელი კიბე“ , „მკაცრი, ღვთისმოსავი ნაოჭები“, „ერთგული სურნელი“ და „ზანზალაკების ოვალური ჟღარუნი“ ბევრისთვის გაუგებარი ტროპია. არადა, ასეთი მძლავრი და გამორჩეული გამომსახველობითი საშუალებისთვის ლიტერატურის თეორიაში სპეციალური ტერმინი არსებობს – ჰიპალაგა.

გახსოვთ გიორგი მერჩულის ბრწყინვალე ჰაგიოგრაფიული თხზულება რაოდენ მდიდარია მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით? მერჩულე ხშირად მიმართავს ჰიპალაგასაც. მაგალითად, „მყუდრო ქცევა“ და „მოხუცებულობა გონებისა“ სწორედ ჰიპალაგაა.

დავაკვირდეთ: სიტყვათა ამ წყვილში გვაქვს შეგრძნების, მახასიათებლის ან ემოციისა და იმ საგნის ტანდემი, რომლისთვისაც ეს შეგრძნება/მახასიათებელი ვერ/არ ექნება.

სხვა ნიმუშებიც ვნახოთ:

„მხიარული ნათება“, „მდუმარე ველები“, „მიმკვდარუნებული შარაგზა“. „მკვდარი სიჩუმე“, „უმანკო თეთრი“, „მწუხარე სხივი“, „თავნება ქარი“, „შეზარხოშებული ჰაერი“, „ზარმაცი მზე“, „სევდიანი ფანჯრები“…

ყველა დასახელებულ წყვილში სმენითი, აღქმითი, ემოციური მახასიათებლები მიეწერება სხვადასხვა ობიექტს, საგანს, აღსაწერს იმ მიზნით, რომ ერთიან კონტექსტში აღვიქვათ, უფრო მკაფიო წარმოდგენა შევიქმნათ და, რაც მთავარია, სწორი ემოციური მიმართება ჩამოვიყალიბოთ.

ეს მხატვრულ ტექსტებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ჰიპალაგა ცნობილია ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან. სიტყვა ბერძნულია და ჩანაცვლებას, რაიმეს ნაცვლად გამოყენებას ნიშნავს. ეს „ლექსიკური ანომალია“, ერთგვარი ენობრივი ალოგიზმი, მეტაფორული აზროვნების უკიდურესად სუბიექტური გამოვლინებაა. მსგავს მხატვრულ საშუალებებზე დაკვირვება არ მიემართება დოგმატურ და კანონიკურ ანალიტიკურ კითხვას – „რის თქმა სურდა ავტორს?“.

 „ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“

ტროპის სახეების, კონკრეტულად კი ჰიპალაგის, მშვენიერება სწორედ ისაა, რომ გრძნობისმიერს განეკუთვნება და არა რაციონალურ-ვერბალიზებულს. დაზუსტებით იმის გაშიფვრა, თუ რას ნიშნავს „ულმობელი კიბე“ და „ჩაღრმავებული ანალიზი“ იმის თაობაზე, რომ კიბე, სინამდვილეში, ვერ იქნება „ულმობელი“ „შეზღუდული თვალსაწიერის რაციონალისტის“ მცდელობაა, ამოხსნას „განტოლება“, რომლის ყველა წევრი ამოუცნობია. თუ ამ „ულმობელი კიბის“ საიდუმლოს გაგება გვსურს, პატარა მარსელის საძინებელ ოთახში დატრიალებული მთელი დრამის ერთ მთლიანობად წარმოდგენა დაგვჭირდება. კონკრეტულ აბზაცშიც კი, სადაც პრუსტი ამ ჰიპალაგას იყენებს, შეუძლებელია მისი „ამოხსნა“, თუ რამდენიმე ფურცლით უკან არ დავბრუნდებით და პატარა მარსელს, მამამისსა და საყვარელ დედიკოს კიბის უჯრედზე შეყოვნებულებს არ დავინახავთ. აი, სწორედ აქედან იწყება ამ ულმობელი კიბის კალეიდოსკოპი. პატარა მარსელი მამის ანარეკლს ხედავს, მაღლა-მაღლა მცოცავს (მამა კიბეზე ადის). უკვე გაზრდილი მარსელი დანანებით გვიზიარებს, ეგ კიბე კარგა ხანია, აღარ არსებობს, ისევე დაინგრა, როგორც ჩემში, შიგნით, ბევრი რამ, რაც მარადიული მეგონაო. ათიოდე გვერდის შემდეგ კი მწერალი აღწერს, როგორ უნდა მოხვდე „ულმობელი კიბის“ პირველ საფეხურზე. შესაბამისად, ეს ჰიპალაგა ერთგვარი საწვრთნელი ინსტრუმენტია – მკითხველის ყურადღებას წვრთნის და აწრთობს. მისი დამსახურებით კითხვის აქტი მეტად კონცენტრირებული, მედიტაციურია. ტკბობას ინტელექტუალური შრომისგან მოგვრილი კმაყოფილებაც ემატება. სიტყვების უჩვეულო შეხამება მწერლისთვის საჭირო, მნიშვნელოვან ემოციურ ეფექტად აისახა მკითხველზე.

 

კითხვა ყოვლისმომცველ, მარგებელ და შეუცვლელ საქმიანობად შეგვიძლია ვაქციოთ, დაუვიწყარ მოგზაურობად. ლიტერატურის თეორია კი სამარჯვებისა და სალაშქრო აღჭურვილობების საბადოდ, რომელიც საჭირო დროს საჭირო იარაღს გვთავაზობს სირთულეებისა და დაბრკოლებების გადასალახავად.

[1] ი. ბორევი, „ესთეტიკა“, გვ.437

[2] როლან ბარტის ციტატიდან: „ტექსტის მეგობართა საზოგადოებას არაფერი ექნება საერთო, მტრების გარდა. ესენი არიან აბეზარი მუდოები, რომლებიც ტექსტებს ხელშეუხებლობის ბეჭედს ასვამენ და მისგან სიამოვნების მიღებას კრძალავენ. ამას ტექსტის მტრები სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ – კულტურული კონფორმიზმი, შეზღუდული თვალსაწიერის რაციონალიზმი, პოლიტიკური მორალისტობა, ბლაგვი პრაგმატიზმი, სხვადასხვა ჯურის „კეთილგონივრულობა“.

[3] თამარ ლომიძე, „მეტონიმია ჟენეტთან“, სჯანი 2006.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...