სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

მამის როლი ბავშვის აღზრდასა და პიროვნების ფორმირებაში

0

დღეს არავინ კამათობს იმაზე, რომ ოჯახური აღზრდა შეუცვლელია, რომ მას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. როგორი ტიპის, როგორი სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაც არ უნდა შევარჩიოთ ბავშვისთვის, თუ მას ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვს, ჯანსაღი ფსიქიკის, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების ამოცანა შეიძლება სერიოზული სირთულეების წინაშე დადგეს. რაც შეეხება ოჯახურ აღზრდას, მის წარმატებულობას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დედისა და მამის თანაბარი მონაწილეობა, ჩართულობა პროცესში და მათ შორის ფუნქციების სწორად გადანაწილება.

ისტორიულად ბავშვის აღზრდა, მის სწავლა-განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვა დედის ფუნქციებში შედიოდა. მამა, როგორც წესი, ძირითადად ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფით იყო დაკავებული და ბავშვის აღზრდაში მისი მონაწილეობა ძირითადად „სადამსჯელო“ფუნქციით განისაზღვრებოდა. დღესაც შეიძლება გავხდეთ ისეთი სცენის მოწმე, როდესაც შვილის საქციელით გაღიზიანებული დედა ბავშვს ემუქრება: „აი, მამაშენს რომ ვეტყვი ყველაფერს, მერე ნახე, რაც მოგივა“; „დღეს უკვე ყველაფერს ვეტყვი მამას, ამის მოთმენა და დამალვა აღარ შეიძლება“.

უნდა ითქვას, რომ მამის როლი ბავშვის აღზრდაში დედის როლზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და ნამდვილად არ იქნება გამართლებული ამ როლის უბრალოდ სადამსჯელო ფუნქციასთან გაიგივება. კარგი მამის გარეშე ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება და აღზრდა სრულფასოვანი ვერ იქნება. მამობრივი სიყვარული, ისევე, როგორც დედობრივი, წარმოადგენს აუცილებელ პირობას ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ყურადღების ნაკლებობამ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს აღქმის დამახინჯება და ბავშვის ქცევის დარღვევა. ის, თუ როგორ წარიმართება ბავშვის აღზრდა და განვითარება, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება მოზარდი, დამოკიდებულია ორივე მშობელზე. არსებობს მოძველებული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც დედა-შვილის კავშირი უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის და ამ კავშირში არავინ უნდა ჩაერიოს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მამასთან ურთიერთობა არანაკლებ მნიშვნელოვანია პიროვნების სრულფასოვანი ფორმირებისთვის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მამების შვილებთან ურთიერთობის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, თუნდაც მათი მუცლადყოფნის პერიოდში დაწყება, სერიოზულ დადებით გავლენას ახდენს მამა-შვილის მომავალ ურთიერთობაზე. ცნობილია, რომ ჩვილები, რომელთა მამებიც ჯერ კიდევ დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში ელაპარაკებოდნენ მათ, სხვებზე ადრე იწყებენ მამის გამოყოფას გარშემომყოფებისაგან, უფრო ხშირად აჩერებენ მათზე მზერას, ცნობენ მათ ხმას, უღიმიან და გამოხატავენ მასთან ყოფნის სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ მამას იმის მიცემა შეუძლია შვილისთვის, რის მიცემასაც ამ სამყაროში სხვა ვერავინ შეძლებს.

 ბავშვის განვითარებისა და აღზრდის ძირითადი მიმართულებები, რომელშიც მამის მონაწილეობა განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა:

  • ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვის ფიზიკურ განვითარებასა და ძირითადი მოტორული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. როგორც წესი, მამები ბავშვებს დედებისგან განსხვავებულ თამაშებს ეთამაშებიან. ისინი უფრო აქტიური ფიზიკური თამაშებისკენ არიან მიდრეკილი. მათ არ ეშინიათ პატარას ჰაერში „ასროლა“ და შემდეგ დაჭერა, ხშირად მხრებზე შემოსმულს ატარებენ, ასწავლიან კოტრიალს. ეს ყოველივე ბავშვის ფიზიკური აქტივობისთვის სერიოზული მასტიმულირებელი და მისი ფიზიკური განვითარების ხელშემწყობი ხდება;
  • მამა შეიძლება გახდეს შეუცვლელი დამხმარე ბავშვში ცალკეული ფსიქიკური პროცესების, განსაკუთრებით კი აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვის. ცნობილია, რომ მამები ბავშვს ლაპარაკს უფრო სწრაფად და უფრო სწორად ასწავლიან, ვიდრე დედები და ბებიები. ეს იმიტომ, რომ მათგან განსხვავებით მამები პატარებს ენის მოჩლექით, „ბავშვური ენით“ არასოდეს ელაპარაკებიან, არ ამახინჯებენ სიტყვებს მათთან საუბრისას. როგორც წესი, მამაკაცები უკეთესად ასწავლიან ბავშვებს საგნებით, განსაკუთრებით კონსტრუქტორებით და თავსატეხებით მანიპულირებას. ურთიერთობა მამასთან აფართოებს პატარის თვალსაწიერს, ხელს უწყობს მასში ფართო ინტერესების ჩამოყალიბებას;
  • მამის ფიგურა მნიშვნელოვანია დედა-შვილს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად. ოჯახში, სადაც ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულებებია მეუღლეებს შორის, ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ჩვეულებრივ დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, მამა ეხმარება პატარას მაქსიმალურად უმტკივნეულოდ „გამოეყოს“ დედას, განთავისუფლდეს დედასთან მიჯაჭვულობისაგან და მოხერხდეს მათ შორის ოპტიმალური დისტანციის დაცვა. კარგია, თუ მამა საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას ბავშვის სოციალიზაციის ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა პატარას „გადასახლება“ საკუთარ საწოლში, ცოტა მოგვიანებით საბავშვო ბაღის „გაცნობა“ და ა.შ. სწორედ მამა წარმოადგენს ბავშვისთვის თავისებურ „მეგზურს“ გარე სამყაროში და მისი წყალობით შეუძლია მას უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი;
  • მამის საშუალებით ბავშვი სწავლობს სოციალური იერარქიის ადეკვატურად აღქმას. ის აგებინებს მას, რას ნიშნავს ავტორიტეტი. აცნობს ისეთ სოციალურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მოწონება და გაკიცხვა. ეს იმიტომ ხდება, რომ დედისაგან განსხვავებით, რომელსაც უყვარს ბავშვი უბრალოდ იმიტომ, რომ ის „არსებობს“, მამა პატარას ჩვეულებრივ უყენებს გარკვეულ მოთხოვნებს, რომელსაც ის უნდა იცავდეს. აღმზრდელობითი თვალსაზრისით მამა ბავშვისთვის დისციპლინის, მოთხოვნების, ნორმების განსახიერებაა;
  • მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვის აღზრდის ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მისი გენდერული თვითიდენტიფიკაცია. უკვირდებიან რა მამას, მის ქცევას, ბიჭებს უყალიბდებათ ქცევის გარკვეული მოდელი, რომელსაც მოგვიანებით ურთიერთობებში იყენებენ. გოგონებს კი მამასთან ურთიერთობა ეხმარება საკუთარი თავის ქალთა სქესთან იდენტიფიცირებაში;

ბიჭს ესაჭიროება მუდმივი კონტაქტი მამასთან. მამის ქცევაზე დაკვირვებისა და მასთან ურთიერთობის პროცესში ვაჟი აკოპირებს მის ქცევას, ჟესტებს, მოძრაობებს, მანერებს, სიტყვებს. ისეთი თვისებები, როგორიცაა მამაკაცური ღირსება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ქალის მიმართ დამოკიდებულება და ბევრი სხვა თვისება ბიჭს უყალიბდება მამასთან ურთიერთობის პროცესში. ემოციური კეთილდღეობის თვალსაზრისით ყველაზე დაუცველები არიან ბიჭები მარტოხელა ოჯახებიდან. მათთან ხშირად ფიქსირდება სირთულეები ურთიერთობაში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ჩაკეტილობა, ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება ახლობელ ადამიანებთან. გოგონების სრულფასოვანი აღზრდისა და ქალური ხასიათის ფორმირებისათვის ასევე აუცილებელია მუდმივი ურთიერთობა მამასთან. გოგონა ჩვეულებრივ არ ჰბაძავს მამას, მაგრამ მისი მხრიდან მოწონება მას საკუთარ თავში დარწმუნებულობას ანიჭებს. გოგონასათვის მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ მამა აფასებს მის აზრს, ინტერესდება მისი საქმეებით, გარკვეულ საკითხებს უთანხმებს, კონსულტაციებს უწევს, აქებს, იწონებს მის ჩაცმულობას. მამობრივი მიმღებლობა გოგონას თავდაჯერებულობასა და ქალურ ღირსებას უნერგავს. სწორედ ოჯახში, მამისა და დედის როლებზე დაკვირვებით ბავშვები იქმნიან წარმოდგენას ქალისა და მამაკაცის სრულფასოვან ურთიერთობაზე, მშობლის როლებსა და პასუხისმგებლობებზე, ოჯახურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

სასურველია მშობლები ითვალისწინებდნენ, რომ მათი ურთიერთობა მაგალითია ბავშვისთვის, რომლის რეალიზებასაც შემდეგ ის თავის მომავალ ოჯახურ ცხოვრებაში მოახდენს.

ხშირად, დაკავებული მამა, რომელიც ვერ იცლის ბავშვისთვის თავის სიყვარულს შვილის მიმართ ძვირადღირებული სათამაშოს ყიდვით გამოხატავს. მაგრამ, მომხიბვლელ და ძვირადღირებულ სათამაშოზე მეტად მამისაგან ბავშვს სჭირდება მისი ყურადღება, გაგება, მეგობრობა, მასთან ერთად თამაში და გართობა. მამა-შვილის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობის, კომუნიკაციის სურვილი. ასეთ დროს მანძილი და დროის უქონლობაც კი ვერ იქნება შემაფერხებელი. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ მამას უყვარს ის, მას აინტერესებს შვილის ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა და, რაც მთავარია, მამა ყოველთვის დაეხმარება რჩევებითა და საქმით.

 

 

 

ქართული მღვიმეების საიდუმლო კოდი

0

დერეფანი საშინლად დავიწროვდა, მაგრამ არქეოლოგები უკან დახევას არ აპირებდნენ. მათი მთავარი სამიზნე კარსტული ჭა იყო, რომლის შავი ხვრელი მაგნიტივით იზიდავდათ. ჭის სიღრმის დასადგენად არქეოლოგებმა ჯერ ქვები ჩაყარეს და რაკი სუსტი ექო გაისმა, ამირან ჯამრიშვილმა და ვალერი ბარბაქაძემ თოკები მოიბეს და უკუნეთ სიბნელეში გადაეშვნენ…

ჭიათურიდან 12 კილომეტრზე, სოფელ ვაჭევის ტერიტორიაზე, მღვიმე, სახელად უნდო, რიონ-ყვირილის აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ ნიკა თუშაბრამიშვილის ჯგუფმა დაზვერვითი სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოაჩინა.

ზემო იმერეთში საერთაშორისო მნიშვნელობის იმდენი მღვიმეა, რომ მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. ორთვალაში, ძუძუანაში, ბონდში, უნდოში, ჯრუჭულაში, სამგლეში, სამერცხლეში და მრავალ სხვა ადგილას სიცოცხლე პალეოლითის ეპოქიდან ფიქსირდება. ეს სხვადასხვა ტიპის დასახლებებით – სამონადირეო თუ მუდმივი მღვიმეებით, გამოქვაბულებით, სეზონური თუ ღია სადგომებით დასტურდება. ნიკას სამეცნიერო ჯგუფის მთავარი მიზანი სწორედ ადამიანისა და პალეოგარემოს, ადამიანთა და ცხოველთა სამყაროს გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციების კვლევაა – პალეოლითის ეპოქიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით. ეს კი საუკეთესოდ აისახება დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში, რომელთა გეოლოგიური ფენები თითქმის ხელუხლებლადაა გადარჩენილი.

მღვიმეები ინფორმაციის დიდი რესურსის შემცველია როგორც არქეოლოგებისთვის, ისე სპელეოლოგებისთვის, ანთროპოლოგებისთვის, პალეონტოლოგებისთვის, არქეოზოოლოგებისთვის, პალეობოტანიკოსებისა და სხვა დარგის სპეციალისტებისთვის.

ნიკა დარწმუნებულია, რომ ჭიათურის რეგიონში თავმოყრილი მღვიმეები უამრავ აქტუალურ კითხვას პასუხობენ: როდის და როგორ გამოჩნდნენ და გავრცელდნენ ნეანდერტალელები კავკასიაში და, საზოგადოდ, ევროპის ტერიტორიაზე? როგორი იყო მათი დემოგრაფიისა და ევოლუციის ისტორია? რატომ წარმოადგენდა ეს ტერიტორია გეოგრაფიულ ჩიხს, სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტურა იძულებით კონტაქტობდა?

უკვე დადგენილია და ცნობილია, რომ ეს ტერიტორია ნეანდერტალელებმა დაახლოებით 35 000-34 000 წლებში აითვისეს (შესაძლოა, უფრო გვიანდელ პერიოდამდეც), რაც, თავის მხრივ, განაპირობებდა იმას, რომ ამ მცირე და ჩაკეტილ სივრცეში Homo sapiens sapiens-ს, რომელიც ამ რეგიონში 35 000 წლის წინათ გამოჩნდა, ძალაუნებურად მოუწევდა ნეანდერტალელებთან ურთიერთობა.

 

რას გვიამბობს უნდო

…უნდოს 50-მეტრიანი სიღრმის კარსტული ჭიდან ამირან ჯამრიშვილი და ვალერი ბარბაქაძე ორი ტომრით დაბრუნდნენ და სასწრაფოდ, იქვე გადმოაპირქვავეს. მოულოდნელობისგან ნიკაც კი შეცბა – სველ ტალახში ცხოველების ძვლებთან ერთად ადამიანების ძვლებიც ეყარა.

არქეოლოგებმა უნდოს მღვიმის შესასვლელი გათხარეს და შუა პალეოლითურ ფენაში (300-40 000 წ.წ.) უამრავ სამონადირეო წვეტანას წააწყდნენ. იქნებ ეს მონადირეების დროებითი სადგომი იყო? – ივარაუდეს არქეოლოგებმა. – კარსტული ჭა კი ქვის ხანის ადამიანისთვის ნაგავსაყრელის როლს ასრულებდა? ან იქნებ ამ ადგილას რაიმე რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც მასში ცხოველები და ადამიანები იყრებოდნენ? ან ჭა აქ მცხოვრებთა უსაფრთხოების გარანტი იყო, რადგან ადამიანების გარეთ დამარხვას ან გადაყრას მტაცებელი ცხოველების მოზიდვა შეეძლო?.. თუმცა უკვე ეჭვგარეშე გახლდათ, რომ ეს უნიკალური სადგომი, რომელიც ვარხმელის ხევის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ციცაბო კლდეზე მდებარეობდა, უამრავ საიდუმლოს ინახავდა.

ნიკას ინიციატივით, უჩვეულო მღვიმის შესწავლაში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები ჩაერთნენ. უნდოს კლდე სპეციალური აპარატურით, ტოტალ სთეიშენით, ვინჩესტერის უნივერსიტეტის თანამშრომელმა კის ვილკინსონმა აზომა, ესპანელმა სპეციალისტებმა მადრიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტიდან ხავიერ ბაენამ, ფელიპე კვარტერომ, დიეგო მარტინ პუიგიმ, სერხიო ბარეზმა, მარტა როკამ კი მღვიმის შესასვლელიდან 15 მ-ის სიღრმეზე, უცხო თვალისგან მოშორებით, კედელზე ამოკაწრული ხელებაღმართული კაცუნას გამოსახულება იპოვეს.

პალეონტოლოგიური მასალის შემადგენლობამ დაადასტურა მოსაზრება, რომ ჭაში სპეციალურად ხდებოდა ნაშთების ჩაყრა. მღვიმეში ლოდებში ჩაყოლილი მღვიმური დათვის რამდენიმე ინდივიდის ძვლებიც ნახეს. შესაძლოა, ისინი ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლეს, მაგრამ მღვიმეში ირმისა და შვლის ძვლებიც იყო. კარსტულ ჭამდე მისასვლელი დერეფანი ვიწროა, ეს ცხოველები იქ ნამდვილად ვერ გაეტეოდნენ. მაშ, როგორ მოხვდნენ ჭაში?

ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა რუვენ იეშერუნ და გაი ბარ-ოზიმ დაადგინეს, რომ ერთი ადამიანი და ცხოველების ნაშთების ნაწილი ჭაში სიკვდილის ან მათი მოკვდინების შემდეგ იყო ჩაყრილი. ამ და სხვა უნივერსიტეტების თანამშრომლებთან ნიკა თუშაბრამიშვილს 1993 წლიდან აკავშირებდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლას და, ბუნებრივია, ნეანდერტალელების თანამედროვე ადამიანით ჩანაცვლებასაც ეხებოდა.

ნიკა თუშაბრამიშვილის მოსაზრება გამყარდა – უნდოს კლდე პირველყოფილ ადამიანთა სარიტუალო ადგილი ან მონადირეთა სადგომი იყო.

უნდოს უფსკრული ქართველ სპელეოლოგებთან ერთად საფრანგეთის სპელეოლოგიური ფედერაციის წარმომადგენლებმაც შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ის არ არის ერთადერთი კარსტული ჭა. ეს მთელი სისტემაა, რომელიც შედგება დერეფნებისგან, ჭებისგან, უფსკრულებისგან, სადაც მრავლადაა ანთროპოლოგიური და ფაუნისტური ნაშთები. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ შუა და ზედა პალეოლითური ფენები ერთმანეთთან კონტაქტში აღმოჩნდა.

რადგან ზედა პალეოლითი თანამედროვე ადამიანების ცხოვრების ეპოქად განიხილება, შუა კი ნეანდერტალელების, ამან ქართველ არქეოლოგებს ახალი კვლევისკენ უბიძგა: როგორ ჩაანაცვლეს ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანებმა კავკასიის ტერიტორიაზე? თანაარსებობდნენ თუ არა ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში? თუ თანამედროვე ადამიანები ნეანდერტალელების გადაშენებიდან გარკვეული ხნის შემდეგ გამოჩდნენ?

ეს კითხვები პასუხს ითხოვდა, მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარე ახალი აღმოჩენების ფონზე რამის დაბეჯითებით მტკიცება სარისკო იყო. ამ მიმართულებით საერთაშორისო კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს. მათში ჩართული არიან სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის – საფრანგეთის ბუნების მუზეუმის ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები: მარი-ელენ მონსელი, დავიდ პლოღდო, პიერ ვუანშე.

ზემო იმერეთის ტერიტორია, სადაც უნდოს კლდე მდებარეობს, მღვიმეების ნაირსახეობებით და მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობის კარსტულ ინტერიერში ჩაფენილი „შავი“ ქალაქით, ჭიათურითაა განთქმული. თითქმის ორი საუკუნეა, ქალაქი მანგანუმის მადნის მოპოვებით სულდგმულობს. კლდეებზე შეფენილი ვიწრო ქუჩები საბჭოთა კავშირის დროინდელი საბაგირო გზებითაა დაქსაქსული.

მზის ჩასვლისას აქაური კანიონები და ნახევრად დაშლილი მონსტრი ქარხნები თეატრის სევდიან დეკორაციას ემსგავსება. სამაგიეროდ, დიდთოვლობაში ცენტრალური საავტომობილო გზიდან მკაფიოდ ჩანს დაღარული ფერდობებიდან ამაყად მომზირალი გამოქვაბულები და მღვიმეები.

სენსაციური აღმოჩენები ზემო იმერეთში წლიდან წლამდე ხდება. ჭიათურა-საჩხერის ტერიტორია სავსეა პალეოლითის ძეგლებითა და იმდროინდელ ადამიანთა დისლოკაციის ადგილებით. რიონ-ყვირილას აუზის მღვიმეების იდუმალება მეცნიერთა ცნობისმოყვარეობას XIX ს-ის 70-იანი წლებიდან აღვივებს. ამასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი კვლევები პოლონელ მეცნიერს სტეფან კრუკოვსკის ეკუთვნის. 1916-1917 წლებში მას აღუწერია ჭიათურის რაიონის სოფელ რგანთან არსებული მღვიმეები: გვარჯილას კლდე, ბნელ კლდე, საქაჯი კლდე, საძროხია, ჩელტი.

არცთუ დიდი ხნის წინ კი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ნამდვილი შოკი განიცადა – ჭიათურასთან, ბონდში, საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ადრეული – დაახლოებით 35 000-იანი წლების – სელის ბოჭკო აღმოაჩინეს. ამან კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ზედა პალეოლითში ადამიანები უკვე ქსოვდნენ და ეს კლიმატის ცვლილებითაც იყო განპირობებული.

სოფელ მღვიმევთან, ძუძუანას მღვიმეში, რომელიც მუდმივად იპყრობდა ჰარვარდისა და ებრაული უნივერსიტეტების სპეციალისტთა ყურადღებას, ერთი წლის შემდეგ, 2008 წელს, ქართველმა არქეოლოგებმა კიდევ ერთი ასეთივე ტექსტილის ნაშთი, ლერწმისგან დამზადებული 34 000 წლის გრეხილი ძაფის ნაკეთობა იპოვეს.

ძუძუანას უნიკალურ მღვიმეს, სადაც ძაფთან ერთად ორნამენტირებული ძვლის, ამულეტების, ავგაროზების ასამდე ნიმუშიც აღმოჩნდა, მრავალი წლის განმავლობაში ნიკა თუშაბრამიშვილის მამა, ცნობილი ქართველი არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი იკვლევდა. მისი ხელმძღვანელობით ჭიათურა-საჩხერის რაიონში 1957-1992 წლებში ყვირილას აუზში 70-ზე მეტი პრეისტორიული, პალეოლითური პერიოდის მღვიმური ძეგლი გამოვლინდა.

„მამამ ექსპედიციაში პირველად ოთხი წლისა წამიყვანა“, – იხსენებს ნიკა. ახლა ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, პალეოგარემოს რეკონსტრუქციის, ბიომრავლფეროვნებისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ჯგუფი ზემო იმერეთში 1993 წლიდან მუშაობს. ამავე წლიდან, საქართველოში მიმდინარე ომების მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს ძეგლების შესწავლის პროექტებში ჩართულნი იყვნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ოფერ ბარ-იოზეფი, დანიელ ადლერი და ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი ანა ბელფერ-კოჰენი.

მღიმეების ისტორიული სიმდიდრე

ადამიანის მიერ მღვიმეების ათვისება საქართველოში 700 000 წლის წინ იწყება და კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. პრეისტორიულ ხანაში მღვიმე ადამიანისთვის სიცივისა და ცხოველთა თავდასხმისგან დამცავი ხელსაყრელი და სასურველი თავშესაფარია. ისტორიულ ხანაში კი, უკვე მწარმოებლური მეურნეობის არსებობისას, უპირატესობა სხვა ტიპის საცხოვრებელ გარემოს ენიჭება და მღვიმეების ათვისებაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს უკავშირდება. მაგალითად, სოფელ რგანში აღმოჩენილ ორ უსახელო მღვიმეში, რომლებიც გამოყენებული იყო როგორც სახიზარი და სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, შუა საუკუნეების მასალა იპოვეს. ამას კედელზე ამოკვეთილი ჯვარიც ადასტურება. ერთ-ერთში პალეოლითის ფენებიც ნახეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს მღვიმეებში ჩაშენებული დინამიტების საწყობის გამო ისინი დარღვეული აღმოჩნდა. ცოტა ხანში კი, მანგანუმის საბადოს გახსნისას, ორივე მღვიმე მიწის ქვეშ ისე ჩაიმარხა, რომ მათი ბოლომდე შესწავლა ვერც მოასწრეს.

ზემო იმერეთის პლატოს სივრცეში, სოფელ ნავარძეთთან, კაჟის მოშიშვლებული საბადოები ახლაც შესანიშნავად ჩანს. კაჟის ძარღვები ფიქსირდება სალიეთში, კაცხსა და ჭილოვანში. ასეთ ადგილებზე ადამიანი მილიონი წლის წინ, შესაძლოა, უფრო ადრეც სახლობდა და მისთვის ეს კომფორტული საცხოვრებელი იყო – მდინარიდან წყალი ჰქონდა, იარაღს აქვე, კაჟისგან ამზადებდა. გარეთ ცხოვრებაში თბილი კლიმატიც ხელს უწყობდა. საქართველოს დღევანდელი ტერიტორია, ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, შავი ზღვიდან წამოსული თბილი ჰავისა და ჩრდილოეთიდან ცივი მასების შემაკავებელი დიდი კავკასიონის ქედის გამო, როგორც ერთი დიდი სახლი, მართლაც სამოთხე იქნებოდა! ამიტომ გამყინვარების 7000-წლოვან პერიოდსაც (25 000 წლიდან 18 000 წლამდე) იოლად გადაურჩა.

გოდერძი სამხარაძემ ყოფილმა მთამსვლელმა და ჭიათურის რაიონში არქეოლოგიური ექსპედიციების შეუცვლელმა წევრმა, რამდენიმე ხნის წინ მიამბო, რომ რაც უფრო დაბლაა მდინარის ხეობიდან მღვიმე, მით უფრო გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება, რადგან ასეთი ხეობების კირქვულ რეგიონებში მღვიმეები წყლისა და მდინარეების ნაკადების მიერ არის შექმნილი. დროთა განმავლობაში, ხეობის გარღმავებასთან ერთად, ადამიანიც მდინარიდან სულ უფრო ზემოთ ადიოდა.

ნეანდერტალელი და თანამედროვე ადამიანი საცხოვრებლად ყოველთვის მშრალ ადგილს, თუმცა კი მაინც წყლის სიახლოვეს ირჩევდა. სწორედ ასეთია ამ რეგიონში ყველაზე ძველი, 300 000 წლის ჯრუჭულას მღვიმე. მისი თარიღი დადგენილია ბორდოს უნივერსიტეტის არქიომეტრიული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარ ნორბერ მერსიეს, კლიმატისა და პალეოგარემოს მეცნიერებათა ლაბორატორიის თანამშრომელ ელენ ვალადასის და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ჯგუფის წარმომადგენელ ჟან-ლუი ჟორონის მიერ.

ამ რეგიონში მუდმივად ცხოვრობდა ადამიანი. ადრეულ ეტაპზე ჯრუჭულაში, სადაც ხელუხლებელი გეოლოგიური ფენებია შემორჩენილი, ნაპოვნია როგორც კაჟისგან, ისე არგილიტისგან, ანდეზიტისა და ბაზალტის ვულკანური ქანებისგან დამზადებული იარაღი. როგორც ჩანს, ამ ნედლეულს ადამიანები მდინარის კალაპოტში პოულობდნენ, მდინარეს კი ის კავკასიონის კალთებიდან ჩამოჰქონდა.

„რაც თავი მახსოვს, ჭიათურის მთებში დავდივარ და ვრწმუნდები, რომ ამ მიწაში ჩამარხული ისტორიული სიმდიდრე ჩვენი წარმოდგენის ფარგლებს სცდება“, – ამბობდა ენთუზიასტი არქეოლოგი გოდერი სამხარაძე. ზემო იმერეთის მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ნაპოვნ უნიკალური მასალას ის ჭიათურაში, საკუთარი სახლის პირველ სართულზე ინახავდა. მას შემდეგ, რაც „შავი“ ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მის მიერ მოწყობილი არქეოლოგიური მუზეუმი გაქურდეს, ძვირფასი არქეოლოგიური მონაპოვარის მნიშვნელოვანი ნაწილი ჭითურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, ნაკლებად ღირებული ნივთებისგან კი შინ მოკრძალებული სამუზეუმო ექსპოზიცია შექმნა. მის პირად კოლექციაში სხვადასხვა პერიოდის ქვის იარაღი ჭარბობს, ასევე, არის შემკვრივებული ზღვის ვარსკვლავი და ქვაში ჩაკირული უზარმაზარი ნიჟარა, იმდროინდელი, როდესაც ზემო იმერეთის კანიონები ჯერ კიდევ წყლით იყო დაფარული, ჩვ. წ. IV-V საუკუნეების ნატიფი სამშვენისები, ჯიხვის რქები, ყალიონი, სათითეები, რვალიტრიანი ღვინის სასმისი, გიგანტური დათვის კბილები.

„რატომ უწოდებთ ამ რეგიონს გეოგრაფიულ ჩიხს?“ – ვეკითხებით ნიკას, რომლის ორხიდიანი ჯიპიც ბონდის მღვიმისკენ მოყინულ გზას ხტუნვა-ხტუნვით მიუყვება.

„როდესაც კასპიისა და შავი ზღვების ტრანსგრესიისა და გამყინვარების შედეგად კავკასიონის მთები ყინულით დაიფარა, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ადამიანის მიგრაცია გართულდა. ამის გამო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა რეფუგიული ზონები, სადაც ფაუნისტური და მცენარეული სახეობები გაცილებით მეტხანს, ზოგი კი დღემდე შემორჩა. ასეთია ძელქვა, პანტა, უთხოვარი, ლაფანი. მათი შესწავლისას ადგენ, რა კლიმატში ცხოვრობდა ადამიანი. კლიმატის კარგი მაჩვენებლები არიან მღრღნელებიც. მაგალითად, ევროპაში 1 200 000 წლის წინ გადაშენებულმა Allophaimys Pliovaenicus-მა და Lagurodon arankae-მ ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 300 000 წლით მეტხანს იარსება“, – მპასუხობს ნიკა.

გეოგრაფიულ ჩიხად მონათლულ რეგიონში სხვადასხვა კულტურა იძულებით კონტაქტობდა. ეს ტერიტორია ნეანდერტალელებმა დაახლოებით 35 000-34 000 წლებში აითვისეს. მსოფლიოსთვის საინტერესო უნდა იყოს ქართველ მეცნიერეთა მიერ წარმოებული ის გენეტიკური და მულტიდისციპლინური კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ მცირე და ჩაკეტილ სივრცეში ნეანდერტალელებს იძულებით მოუწიათ თანაარსებობა Homo sapiens-ებთან, რომლებიც რეგიონში დაახლოებით 35 000 წლის წინ გამოჩნდნენ. თანაარსებობის დამადასტურებელ ინფორმაციას დღეს ბონდისა და ორთვალას მღვიმეები ინახავს.

საქმე ის არის, რომ გამყინვარების პერიოდში, როდესაც კავკასიონის ქედის გადალახვა შეუძლებელი იყო, სამხრეთ კავკასიაში კი ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდა, სხვადასხვა ტერიტორიიდან მიგრირებულ ადამიანთა ჯგუფები ამ არეალში თავს იყრიდნენ და თავიანთი კულტურა მოჰქონდათ.

მღვიმე როგორც მდიდარი მემატიანე

ბონდის მღვიმე ჭიათურიდან ექვს კილომეტრზე, სოფელ წირქვალთანაა. მასში შეკიდული ხიდის გავლით უნდა მოხვდეთ. ხიდი ქანაობს და მოყინულ საძელეებზე უკეთ მოსაჭიდებლად ხელთათმანებს ვიხდით. ქვემოთ ჩაკარგული მდინარის ხმა სიმაღლის გამო ჩვენამდე ვერ აღწევს. მერე საცალფეხო ბილიკით გადავდივართ. ბონდის მღვიმეში თბილა. ის მუდმივად 16-18 გრადუსს ინარჩუნებს. აქ რომ ცეცხლი ინთებოდა, ამის დამადასტურებელი ნაკერალი ფენებია აღმოჩენილი. თუ ზამთრობით ადამიანი მღვიმის შესასვლელს ტოტებით დახურავდა, მღვიმეში უფრო დათბებოდა.

ბონდის მღვიმის ფართობი 121 არასრული კვადრატული მეტრია, სიღრმე – 11 მეტრი, სიგანე – 7 მეტრი. ეს იდეალური საცხოვრებელია თაბაგრების ღელესა და კაჟის საბადოებთან ახლოს, ირემსა და დომბაზე მონადირე ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის. სხვადასხვა სფეროს მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ასეთ ჯგუფებში, საარსებო არეალიდან და იქიდან გამომდინარე, რამდენს ადამიანს შეეძლო ეცხოვრა მღვიმეში, 15-20 კაცი იყრიდა თავს.

 

2007 წელს ნიკამ და მისმა სამეცნიერო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მარი-ელენ მონსელი, დავით პლოვდო, გოდერძი სამხარაძე, ალპინისტი და მხატვარი ლაშა ორჯონიკიძე, ადგილობრივი მოყვარული არქეოლოგი ავთო ყიფშიძე და ნიკას სტუდენტები, ბონდის გათხრების შედეგად პატარა ბავშვის მოუცვეთელი კბილი იპოვეს. ეს ფაქტი და დიდი რაოდენობით წარმოების გადანაყარი აჩვენებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანისთვის მონადირეთა ბანაკი კი არა, არამედ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ან დროებითი საცხოვრისი იყო.

მღვიმეში სიმშვიდეა. მისი კედლები „ავთო+ქეთისნაირი“ თანამედროვე წარწერებითაა შელახული. „მართალია, მხატვრობის ეს „ნიმუშები“ სამხრეთ საფრანგეთის გამოქვაბულების პეტროგლიფებისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე ათასი წლის შემდეგ იქნებ კვლევის საგანიც გახდეს, – ხუმრობს ნიკა. – თუმცა კონკრეტულად ეს მღვიმე ისტორიაში სხვა მიზეზთა გამოა შესული“. ბონდის მღვიმეში საქართველოს ტერიტორიაზე პირველად დგინდება პალეომიწისძვრა. ზუსტი თარიღები 29 462 წელი და 17 500 წელია. მღვიმეში ერთ ზოლზე დაფიქსირებული ჩამოქცევები ბუნებრივი კატასტროფის უტყუარი ნიშანია. მღვიმის ზედა მხარეს ღრმა ნაპრალი კარგად ჩანს და ისეთივე შიშის განცდას იწვევს, როგორც თანამედროვე ბინების ჭერზე მიწისძვრის ძლიერი ბიძგებისგან გაჩენილი ბზარები.

თუმცა მიწისძვრა როდი იყო მღვიმეში მცხოვრები ადამიანების ერთადერთი განსაცდელი – 2010 წელს, RESET (RESonse of humans abrupt Environmental Transitions) პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევისა და ბონდის მღვიმის გათხრების დროს ლითოლოგიურად განსხვავებულ ფენებში ვულკანური ფერფლი აღმოაჩდა. მასალის სიმცირის გამო ფერფლის წარმოშობის დადგენა ვერ მოხერხდა. ამ პროექტზე ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა იმუშავეს, კერძოდ, ბრიტანეთის ბუნების მუზეუმის ცნობილი ანთროპოლოგის კრის სტრინგერის ჯგუფმა დასტინ უაიტის ხელმძღვანელობით. მიწისძვრის დროს იყო ვულკანიზმიც, ამის ნიშნები ერთსა და იმავე ფენაშია ნაპოვნი. ფერფლი ადგილობრივი ვულკანისა აღმოჩნდა, მაგრამ კვლევები უნდა გაგრძელდეს.

ბონდის მღვიმის შესწავლისას გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, პირველყოფილ ადამიანთა ჯგუფების თანაცხოვრება სხვადასხვა ხეობასა და მღვიმეში გარემოსთან მათ ადაპტაციასთან, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებისა და არეალების გადანაწილებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. საინტერესოა, რომ ერთ, იდენტურ ლანდშაფტში ადამიანი სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ეწეოდა. ბონდის პარარალელურ ხეობაში, სულ რაღაც ორ კილომეტრზე, ორთვალა მღვიმეში აღმოჩენილი მასალა ადასტურებს, რომ იქაურები უმეტესად ჯიხვზე ნადირობდნენ, ბონდში კი – დომბაზე. რატომ? ხომ არ იყო ეს მღვიმეები მათთვის სეზონური სადგომები, ან ხომ არ არსებობდა სხვადასხვა ცხოველებზე სპეციალიზებული ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ტერიტორიები ჰქონდათ გადანაწილებული? ამის შესახებ ქართველ სპეციალისტებს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეუძლიათ.

დენიელ ადლერს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და გაი ბარ-ოზის ჰაიფას უნივერსიტეტიდან ჰქონდათ მოსაზრება, რომ, მაგალითად, ორთვალა კლდე (მასზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ) სეზონურად იყო ათვისებული. მკვლევართა ეს მოსაზრება მონადირებული ზრდასრული ჯიხვების ასაკს ეფუძნებოდა. თუმცა ნიკა ამ ვარაუდს უარყოფს. მისი აზრით, ჯიხვზე ნადირობის ტრადიცია აქ ნეანდერტალელების დროიდან იწყება და ზედა პალეოლითშიც გრძელდება.

ნიკას აზრით, იმის გამო, რომ ვერტიკალური ზონები 1000 მეტრით იყო დაწეული, ჯიხვები საკვების მოსაპოვებლად ყოველდღიურად ორ კილომეტრს გადიოდნენ (ნაქერალას კლდე ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ მღვიმეების გარშემო მუდმივად ცხოვრობდნენ და ადამიანს ნებისმიერ სეზონზე შეეძლო მათი მონადირება.

გეზს სოფელ პერევისკენ ვიღებთ. მის მიდამოებში მრავალი კარსტული მღვიმეა: კლდეკარის გამოქვაბული, ორთვალა კლდე, ცაცას გერამი. გადმოცემით, ცაცას გერამში იოსებ სტალინი იმალებოდა, რაშიც ცაცა წერეთელი ეხმარებოდა.

ორთვალა კლდე მდინარიდან 40 მეტრ სიმაღლეზეა. დიდთოვლობის გამო ბილიკი არ ჩანს. ნიკა ყოფილი ალპინისტია. მთამსვლელობის დროს არაერთ მწვერვალი დაუპყრია. წინ სიფრთხილით მიიწევს. ორთვალას ორდარბაზიან მღვიმეში, საქართველოში იარაღების შესწავლის საფუძველზე, უკანასკნელი ნეანდერტალელის არსებობა ერთ-ერთი ბოლო, შუაპალეოლითური ფენის თარიღით – 35 000 წლით დადასტურდა. ასევე ნაპოვნია 39 000-37 000 ათასი წლებით დათარიღებული მამაკაცის მეორე საღეჭი. ის მაქს პლანკის ინსტიტუტის სვანტე პააბოს ჯგუფის წარმომადგენელმა და საფრანგეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომელმა ტონი შევალიემ შეისწავლა.

ორთვალაში ნიკამ არაერთ უცხოურ უნივერსიტეტთან ერთად იმუშავა, მაგრამ პასუხგაუცემელი დარჩა შუა და ზედა პალეოლითის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული რამდენიმე კითხვა. ამჟამად გათხრილია მცირე დარბაზის ნაწილი. დიდი დარბაზი გაუთხრელია. აქ ფენები გაცილებით ღრმად მიდის. ამიტომ შესაძლოა, ეს ადგილი იქ მდიდარი ინფორმაციის მატარებელი იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ორთვალას ორი მღვიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და რისთვის გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, დიდი დარბაზი საცხოვრისი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი შემოსასვლელის დახურვა ტოტებით ადვილად შეიძლებოდა.

ორთვალას დიდი დარბაზიდან მოპირდაპირე კლდის შთამბეჭდავი პანორამა იშლება. ნიკა ფოტებს თავისი მინიატურული წყალგაუმტარი აპარატით იღებს და ხსნის, რომ მღვიმის ქვედა შეუვსებელი, „სტერილური“ ფენა გვიჩვენებს – ადამიანი ამ პერიოდში აქ არ ცხოვრობდა, აციების გამო მან ის დროებით დატოვა და შემდეგ ისევ დაუბრუნდა.

…ჭიათურის საავტომობილო ტრასაზე გასულები, გზის პირას, ბალასტისგან გამოსასუფთავებელ ერთ-ერთ მოზრდილ მღვიმეშიც შევდივართ. არქეოლოგიური მასალა აქ არ აღმოჩნდა, მაგრამ საჩხერის მუნიციპალიტეტთან არსებული საქველმოქმედო ფონდისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, სამუზეუმო სივრცე და პალეოლითური ექსპოზიცია მოეწყობა. იქვე, კიდევ ერთ მღვიმეში, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი უნდა გაკეთდეს.

დაახლოებით ას მეტრზე, მაგრამ უკვე დიდ სიმაღლეზე, სამი მღვიმეც მოჩანს. ნიკას ჯგუფმა ანა დულარეს, ლაშა კვეკვესკირის, ილია ბერულავას შემადგენლობით აქ ალპინისტური მეთოდების გამოყენებით შეაღწია. ერთ-ერთ ციხე-ქვაბში (დაახლოებითი თარიღი – მე-6-7 ს.ს.-დან), რომელიც ორნავიანი ეკლესიის ნაწილი იყო, განდეგილები ცხოვრობდნენ. შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდში აქაურ ხეობებში გამოკვეთილი გამოქვაბულთა სისტემები, განურჩევლად იმისა, თავდაცვითი მნიშვნელობისა იყო თუ სამონასტრო სტრუქტურების შემადგენელი ქვაბოვანი საგანდეგილოები, თითქმის ყოველთვის იმის გათვალისწინებით იქმნებოდა, რომ ურთიერთშორის ვიზუალური კომუნიკაცია ჰქონოდათ. ეს მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გასცავლელად იყო საჭირო (ჟურნალი „სემიოტიკა“, №12, სტატია „ზემო იმერეთი – გზები, კლდის ძეგლები და კომუნიკაციის საკითხები“, ავტორები: ნ. თუშაბრამიშვილი, ნ. ბახტაძე, ლ. სუხიშვილი).

საქართველოს მღვიმეებს იმის გამოც აქვს მსოფლიო მნიშვნელობა, რომ ამ ძეგლთა კვლევის შედეგები ძველი ქვის ხანის მეცნიერთა წინაშე დასმულ არაერთ კითხვას პასუხობს: როგორ ხდებოდა ადამიანების გავრცელება? როგორი იყო მათი ცხოვრების წესი? როგორ მოხდა ერთი პერიოდის მეორით ჩანაცვლება? რა სახეობის ადამიანები ცხოვრობდნენ და როგორ ხდებოდა გარემოსთან მათი ადაპტაცია? ამით ინტერესდებიან დიდი საერთაშორისო ინსტიტუციები. საქართველოში არსებული ძეგლები მოხსენიებულია არა მხოლოდ სპეციალურ უცხოურ ლიტერატურაში, არამედ ქვის ხანის ძეგლების გზამკვლევებში, მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულში.

„უნდოს მღვიმეში არაერთხელ რომ დავბრუნდები, ნამდვილად ვიცი. ბოლომდე გასარკვევია იმ კარსტული ჭის ფუნქცია, სადაც ადამიანისა და ცხოველების ძვლები ვიპოვეთ. ისიც გვაინტერესებს, იყო თუ არა დაკავშირებული კედლის გამოსახულება რაიმე რიტუალთან, ან ხომ არ იყო ეს ადგილი მონადირეთა ბანაკი, სად იყო ამ მონადირეების საცხოვრისი. უნდო ერთ-ერთი პატარა საიდუმლოა, თორემ მკვლევრებისთვის დასავლეთი საქართველოს კლდოვანი ტერიტორია ერთი დიდი თავსატეხია“, – ამბობს ნიკა.

„უნა-უნსო“

0

ჭუბერი-საკენის გზაზე, რომელიც რუსებმა გოლგოთის გზად გვიქციეს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი აღიმართა. ამ ღონისძიებას უკრაინის გასამხედროებული ორგანიზაცია „უნა-უნსოს” უფროსი მეთაური, იური შუხევიჩი ესწრებოდა. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა „უნა-უნსოს” მებრძოლების საქართველოში გადმოყვანას, სადაც ისინი აფხაზეთში ქართული არმიის მხარეს იბრძოდნენ.

უკრაინული ნაციონალ-პოლიტიკური ორგანიზაცია „უნა-უნსო“ ათას ცხრაას ოთხმოცდაათ წელს მწერალმა და დისიდენტმა, იური შუხევიჩმა დააარსა. უკრაინელი ნაციონალისტები დღემდე ამბობენ, რომ მათი მიზანია, რუსეთის სახელმწიფოს საზღვარმა მოსკოვიდან 70 კილომეტრში გაიაროს.

საერთო ჯამში აფხაზეთში იბრძოდა 300-მდე უკრაინელი მოხალისე, მათ მეთაურობდა მაიორი ოლეგ ბობროვიჩი, რომელიც ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერია.

თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალურ კედელზე რამდენიმე უკრაინელი მოხალისის გვარიც არის ამოტვიფრული. რაც შეეხება ცოცხლად დარჩენილებს, არქივებში მხოლოდ იმ უკრაინელი მებრძოლების გვარები აღმოჩნდა, რომლებიც 1994-96 წლებში საქართველოს იმჟამინდელმა სახელმწიფო მეთაურმა სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტმა მოძებნა მათი გვარები და შარშან ივნისში მათთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გადაცემა გადაწყვიტა, მაგრამ „უნა-უნსოს” მებრძოლებმა, როგორც გაირკვა, ჯილდოებზე უარი თქვეს.

ომის დროს უკრაინელმა მოხალისემ, „ობუხ“ ტკაჩუკმა ჟურნალისტთან ინტერვიუში თქვა: „ახლა ამ ომში, თუ გაუძლებს საქართველო, გაუძლებს უკრაინაც“.

ახლა 2022 წლის აპრილია და იმედით შევყურებთ უკრაინას, რადგან ვიცით, რომ თუ გაუძლებს უკრაინა, გავუძლებთ ჩვენც.

ტაქსონომია თანამედროვე გაკვეთილზე

0

XX საუკუნის შუა ხანებში, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სწრაფად მზარდი მოთხოვნების ფონზე, მსოფლიოში განათლების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. გაჩნდა უამრავი ახალი მიდგომა, თეორია და სტრატეგია, რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას. ასე გაჩნდა ბენჯამინ ბლუმის ტაქსონომიაც.

ტაქსონომია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის კლასიფიკაციის პრინციპებს, მეთოდებსა და მიზნებს და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნების კლასიფიკაციისთვის – სასწავლო პროგრამით გასათვალისწინებელი მიზნების უფრო ეფექტურად შესამუშავებლად და შესაფასებლად. იმ დროს ბლუმის ტაქსონომია სასწავლო მიზნების შემუშავების ამოსავალ წერტილად ჩაითვალა, რადგან სწავლის მიზნები კლასიფიცირებული იყო შესაბამისი განზომილების მიხედვით:

  • შემეცნებითი დომენი: გამოყოფილია 6 დონე – ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება (ცოდნა – რაღაცის გახსენების შესაძლებლობა; გაგება – რაღაცის დამუშავების /საკუთარი სიტყვებით ამბის გადმოცემის შესაძლებლობა; გამოყენება – ცნებების, წესების, თეორიების კონკრეტულ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა; ანალიზი – ინფორმაციის ელემენტების/ნაწილების შედარება-შეპირისპირების შესაძლებლობა; სინთეზი – ელემენტებისგან/ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენის შესაძლებლობა; შეფასება – გადაწყვეტილებების მიღების უნარი და საკუთარი პოზიციის წარდგენა);
  • აფექტური დომენი: გათვალისწინებულია მიღების, რეაგირების, შეფასების, ორგანიზებულობისა და დახასიათების დონეები;
  • ფსიქომოტორული დომენი: დადგენილია აღქმის, განწყობის, მექანიზმის, კომპლექსური რეაგირების, ადაპტაციისა და შექმნის დონეები.

ბლუმმა ტაქსონომიის შემოტანით იმ პერიოდის განათლების სისტემის ქაოსში ერთგვარი წესრიგის დამყარება სცადა და გარკვეულწილად გამოუვიდა კიდეც – ტაქსონომიის შემოღებამ გააფართოვა სწავლის მნიშვნელობა უბრალო დამახსოვრებიდან მოვლენის ანალიზამდე და შეფასებამდე, რაც იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

თუმცა თანამედროვე განათლების მეცნიერებაში არსებობს თვალსაზრისი, რომ ბლუმის ტაქსონომია არ იძლევა მოსწავლის აზროვნების შეფასების საშუალებას (Hattie, 2016). ის აქცენტს სვამს კოგნიტიური უნარების მხოლოდ ნაწილზე და არ ასახავს მეტაკოგნიტიურ პროცესებს. გვიჩვენებს, რა იცის მოსწავლემ, მაგრამ ვერ პასუხობს კითხვას, რა და როგორ ისწავლა მან. მასში, როგორც თეორიაში, არ იკვეთება სწავლის შინაარსის დაძლევისა და მიზნების მიღწევის გზები (ასეთი დამოკიდებულების საფუძველი გახდა აზროვნების პირველ დონეზე – ცოდნაზე (დამახსოვრებაზე) აქცენტირება, რადგან ყველა დანარჩენი ოპერაციის საფუძვლად სწორად ის განიხილება). ამავე დროს, როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, აზროვნების დონეების კლასიფიცირებამ სასწავლო პროგრამების ფრაგმენტულობა გამოიწვია (Broudy, 1970; Curzon, Tummons, 2003). თანამედროვე ფსიქოლოგებისა და ნევროპათოლოგების აზრით კი, ამგვარი მიდგომა შორსაა სწავლის ნატურალიზაციისგან.

თავად ბენჯამინ ბლუმმა არაერთხელ შენიშნა, რომ „ის სწორად ვერ გაიგეს და რომ მისი სასწავლო მიზნების კლასიფიკაცია არ მიუთითებს კონკრეტულ მეთოდებზე და არ გულისხმობს მიზნების დეტალიზებას, ანუ ცალკეული მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი მეთოდის გამოყენებას (Bloom, 1994). ბლუმი ხაზს უსვამდა მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების აუცილებლობას, იმას, რომ ტაქსონომიისთვის კონკრეტული სასწავლო მიზნების შემთხვევაში უნდა მიემართათ და რომ მასწავლებელს მეთოდების ფართო სპექტრიდან თავისთვის საჭირო უნდა ამოერჩია და არა ცალსახად მზა (Bloom, 1994, p. 7).

მაგრამ ფაქტია, რომ ტაქსონომია ხელს უწყობს აზროვნების დაბადებას, რომლის საფუძველზეც შესასწავლი მასალის გაგებაც უნდა მოხდეს და გარკვეული სიცხადეც უნდა გამოჩნდეს სასწავლო პროგრამების, მეთოდებისა და შეფასების სისტემის რთულ ურთიერთკავშირში. ამიტომ არის, რომ ის დღემდე წარმატებით გამოიყენება პრაქტიკაში ცნებების საერთო გაგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბლუმისა და მისი კოლეგების მიერ სასწავლო მიზნების პირველი ტაქსონომიის გამოქვეყნებიდან (1956 წ.) დღემდე 30-ზე მეტი მსგავსი სისტემა შეიქმნა, რაც ამ მოდელების აქტუალობასა და შედეგიანობაზე მიუთითებს. ამ მოდელებს შორის პოპულარობით გამოირჩევა:

  • ანდერსონის ვერსია (ბლუმის ტაქსონომიის გადამუშავებული ვერსია) (Anderson et.al. 2001);
  • კლოპფერის მოდელი (Klopfer, 1971);
  • SOLO-ტაქსონომია (Struqture of the Observed Lerning Ourcome (SOLO) taxonomy), (Biggs, 1995);
  • მარზანოს „ახალი ტაქსონომია“ (New Taxonomy) Marzano and Kendall, 2007);
  • ფინკის ტაქსონომია (Fink, 2003) და სხვა.

დღეს ყველაზე ხშირად მიმართავენ ჯონ ბიგსის ე.წ. SOLO (Structure of Observed Learning Outcone) ტაქსონომიას (სწავლების შედეგზე დაკვირვების სტრუქტურა), რომელიც მოსწავლეს სწავლის პროცესის შესწავლაში ეხმარება (Biggs & Collis, 1982; Biggs, 1992). ბლუმისგან განსხვავებით, ბიგსმა აქცენტი ხუთ დონეზე დასვა:

. პრესტრუქტურული დონე – მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს საკითხს, იყენებს შეუსაბამო ინფორმაციას (მოსწავლეს არ აქვს იდეა);

. უნისტრუქტურული დონემოსწავლეს შეუძლია მხოლოდ მარტივი, ზედაპირული კავშირების დამყარება, იყენებს ტერმინოლოგიას, შეუძლია ტერმინის გახსენება, მარტივი ინსტრუქციის / ალგორითმის შესრულება; თავისი სიტყვებით გადმოცემა; დასახელება, ჩამოთვლა, იდენტიფიცირება (მოსწავლეს აქვს ერთი იდეა);

. მულტისტრუქტურული დონე – მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, ამ დროს მათ შორის მიმართებებს ვერ ამყარებს, შეუძლია აღწერა, ჩამოთვლა, კლასიფიკაცია, პროცედურების შესრულება (მოსწავლეს აქვს ბევრი იდეა, თუმცა ერთმანეთთან ვერ აკავშირებს);

. მიმართებითი დონე  – მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რა მიმართებებია რამდენიმე ასპექტს შორის, ნაწილებისგან ქმნის მთლიანს; შეუძლია შედარება და მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება (მოსწავლე ამყარებს კავშირს რამდენიმე იდეას შორის);

. გაფართოებული აბსტრაქტული დონე – მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურის წარმოდგენა აბსტრაქტულად, მისი აღქმა და სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა, იდეების ტრანსფერი სხვა სიტუაციაში, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, არგუმენტის მოყვანა (მოსწავლეს შეუძლია იდეების ინტეგრირება).

ამგვარი კლასიფიცირებით ერთგვარად დაიძლია ის სწორხაზოვნება, რითაც გამოირჩეოდა ბლუმის მოდელი: SOLO უფრო კოგნიტიური პროცესების გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე მისაღწევ მიზნებზე და ამ მოდელით მასწავლებელს მეტი შანსი აქვს, გააანალიზოს მოსწავლის პასუხები და გაიგოს, რა სახის სირთულე დაძლია მან, როგორია მისი აზროვნების ხარისხი. უფრო ადვილი ხდება მოსწავლის დონის განსაზღვრა, სასწავლო პროცესის წარმართვა და ამ პროცესში მოსწავლის დახმარება.

თუმცა ტაქსონომიის თითქმის ყველა მოდელს ჰყავს კრიტიკოსები, მათ შორის – SOLO მოდელსაც, რომლიც ასევე ბადებს კითხვებს, მაგალითად, ასეთს:

  • რამდენად საკმარისია ასეთი სტრუქტურირება იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამების კოგნიტიური მოთხოვნები გავაანალიზოთ? (Brabrand and Dahl, 2009)

განათლების სპეციალისტების წინაშე კვლავ დადგა საკითხი:

  • როგორ მოვიქცეთ, გამოვიყენოთ თუ არა ტაქსონომიის მოდელები სწავლებაში?

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, მასში შესული ცვლილებების საფუძველზე, საშუალებას გვაძლევს, სწავლებაში ჩავრთოთ მრავალფეროვანი მიდგომები და სტრატეგიები, მეთოდები და მოდელები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნების ფონზე საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სწავლებაში წარმატებას მიაღწიოს. ამგვარი მიდგომით ტაქსონომია კვლავ განიხილება ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთ საინტერესო გზად. ეს ბუნებრივიცაა, რადგან განათლება განვითარებადი დარგია და აქ, როგორც იტყვიან, ქაოსი, გამოწვევათა ფართო სპექტრი, მიზნის მიღწევის გზა უფროა, ვიდრე უკან გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც არის, რომ ტაქსონომიას (თავისი მრავალი სისტემით) როგორც სასწავლო პროცესში ქაოსის დაძლევის ერთ-ერთ საინტერესო მოდელს დღემდე აქტიურად იყენებენ სწავლებაში (სხვა ქვეყნებთან ერთად  – აშშ-შიც, როგორც დაწყებით, ისე საშუალო საფეხურზე) (Anderson, 2001; Schneider, 2014).

ტაქსონომიის სხვადასხვა მოდელი „გვაიძულებს“, დავფიქრდეთ დავალებების სიღრმეზე და შეგვახსენებს, რომ ტაქსონომია არ არის მზა რეცეპტი. ის შეიძლება გამოვიყენოთ ერთგვარ „ბიძგად“ აზროვნების გასააქტიურებლად, მიზნის შესაბამისი მეთოდებისა და შეფასებების მოსაძებნად, ცოდნის ზოგადი გაგების დონისა და უნარების შესამოწმებლად. შესაბამისად, შეგვიძლია მისი მოდელები წარმატებით გამოვიყენოთ გაკვეთილებზე.

განვიხილოთ კონკრეტული დავალებები ტრადიციული ბლუმის ტაქსონომიისა და SOLO ტაქსონომიის მიხედვით.

კლასი – VII, თემა – „პრეისტორიული ხანა“ (ისტ. საბ. 1; 2;4; 5; 6; 8)

მკვიდრი წარმოდგენები: ქვის ხანაში ძირითადად ქვის იარაღებს იყენებდნენ; ქვის ხანაში ადამიანები გვაროვნული თემის პირობებში ცხოვრობდნენ; ქვის ხანაში ადამიანები მონადირეობასა და შემგროვებლობას მისდევდნენ, მოგვიანებით კი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ისწავლეს; ქვის ხანის შესახებ არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემები მოგვითხრობს.

I – ნიმუში ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით:

დავალება 1. დონე – ცოდნა

  • იპოვე და ამოიწერე ტექსტიდან (& 2; 3; 4; გვ. 8-17) პრეისტორიულ ეპოქაში ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი არანაკლებ 3 ცვლილება;
  • გამოიყენე სახელმძღვანელოს ტექსტი (& 2; 3; 4; გვ. 8-17) და ჩასვი გამოტოვებული სიტყვები და თარიღები:

„პირველყოფილი ადამიანების ცხოვრებაში ….. ძირითადად ….. ათასწლეულებში ….. მოხდა. ცნობილმა მეცნიერმა გორდონ ჩაილდმა ამ გარდატეხას ….. უწოდა. წარმოიშვა ….. – ბინადარი და მესაქონლე – საზოგადოებები“.

ძვ.წ. VIII-VII; გარდაქმნები; ახალი ქვის ხანა; ნეოლითური რევოლუცია; მიწათმოქმედი; მომთაბარე…

 

დავალება 2. დონე – გაგება

  • ქვის ხანაში ადამიანთა ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები (& 2; 3; 4; გვ. 8-17) წარმოადგინე „ფიშბოუნის“ (ან სხვა ტიპის) კოგნიტიური სქემის სახით.

  • იპოვე შესაბამისობა:

 

საზოგადო საკუთრება ა. მამაკაცების საქმიანობა
კერძო საკუთრება ბ. ქალების საქმიანობა
ნადირობა გ. ცეცხლი; ნემსი; ქოხი; ირმის რქა
შემგროვებლობა დ. ნაჯახი; შუბი; მშვილდ-ისარი
მიწათმოქმედება ე. მინდორი; ტყე

 

დავალება 3. დონე – გამოყენება

  • სახელმძღვანელოს ტექსტის საფუძველზე იპოვე მიზეზშედეგობრივი კავშირი იმ ცვლილებებს შორის, რომლებიც პრეისტორიულ ეპოქაში მოხდა უძველესი ადამიანების ცხოვრებაში:

დავალება 4. დონე – ანალიზი

  • გააანალიზე უძველესი ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები („+“, „-“) და გამოიტანე დასკვნა, მოახდინა თუ არა გავლენა ამ ცვლილებებმა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე:
„+“ „-“
—————————– —————————–

 

 

  • დასკვნა: „ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა…“

 

დავალება 5. დონე – სინთეზი

  • გამოთქვი მოსაზრება, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო უძველესი ადამიანის ცხოვრება ქვის ხანის შემდგომ ეპოქაში – ბრინჯაოს ხანაში?

დავალება 6. დონე – შეფასება

  • შეაფასე, რა გავლენა მოახდინა ქვის ხანაში მომხდარმა ცვლილებებმა ადამიანსა და იმდროინდელ საზოგადოებაზე.

 

II – ნიმუში SOLO ტაქსონომიის მიხედვით (ცხრილში მოცემულია მოსწავლის პასუხები და ქმედებები ორ განსხვავებულ სიტუაციაში, რომელთაგან მეორე კომპლექსური ტიპის დავალების ელემენტებს შეიცავს):

 

საკითხის მიმართება დონეებთან რატომ გადავიდა ადამიანი შემგროვებლობიდან და ნადირობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე? ააწყვე უძველესი სოფელი ფაზლის გამოყენებით.
პრესტრუქტურული დონე

 

შეიცვალა კლიმატური პირობები.

 

ვერც ერთ დეტალს ვერ იყენებს.
უნისტრუქტურული დონე გარემო ვეღარ უზრუნველყოფდა ადამიანს საკვებით. ფაზლის ასაწყობად იყენებს დეტალებს ერთი ნიშნის (ფერის ან ფორმის) მიხედვით
მულტისტრუქტურული დონე დაიწყო დიდი გამყინვარება და ადამიანი იძულებული გახდა, ჩამოსულიყო ბარში და მიწათმოქმედებაზე გადასულიყო.

 

მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დეტალს (სახნისი და გუთანი; სახლი და ცეცხლი; ცხვარი და ძროხა).
მიმართებითი დონე

 

ეკოლოგიურმა კატასტროფამ ადამიანი აიძულა, მიწათმოქმედებასა და ბინადარ ცხოვრებაზე გადასულიყო. მოსწავლე აწყობს სახლს.
გაფართოებული აბსტრაქტული დონე ადამიანი იძულებული გახდა, ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული ცვლილებები დაეძლია, ამიტომ მთა და გამოქვაბული მიატოვა და ბარში, მიწათმოქმედებასა და მწარმოებლურ მეურნეობაზე გადავიდა. მოსწავლე აწყობს ნეოლითური ხანის სოფელს.

 

როგორც ვხედავთ, SOLO-ს გამოყენების დროს უკეთესად ჩანს, როგორ ესმის მოსწავლეს იმის შინაარსი, რასაც სწავლობს და ის, თუ რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს სწავლის პროცესში.

ტაქსონომიების მოდელების შესახებ მსჯელობისას სპეციალისტები ხშირად მიუთითებენ, რომ ეს მოდელები ვერ ასახავს იმ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებსაც მოსწავლები შეიძენენ სწავლის პროცესში. მაგრამ მასწავლებელს შეუძლია განმავითარებელი ინსტრუმენტების სწორად შერჩევა/გამოყენება და მიზნის შესაბამისად იმ აქტივობების განხორციელება, რომლებიც დასახულ მიზანთან დააახლოებს. მაგალითად, მას შეუძლია, თემის შესწავლის დასასრულს შესთავაზოს მოსწავლეებს „გასასვლელი ბარათის“ შევსება (სურ. 1).

სურ.1

 

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს დააწერინოს შემაჯამებელი კომპლექსური ტიპის დავალებაც: „შექმენი / დაწერე / აღწერე / შენი / სხვისი / გვარის / ერთი თემის… ისტორია“ (სურ. 2).

სურ.2

 

ამგვარი დავალებებით მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლის მიერ ტაქსონომიების მოდელზე მუშაობისას დაგროვილი ცოდნა და უნარები ანუ ცნებების ზოგადი გაგების დონე გამოიყენოს როგორც საფუძველი ცნებების სიღრმისეული დამუშავებისთვის და მომდევნო ეტაპზე, შესაფერისი დავალებებისა და განმავითარებელი ინსტრუმენტების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს მოსწავლეს სწავლის მიზნების მიღწევასა და მეტაკოგნიციაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bloom’s Taxonomy: Improving Assessment and Teaching-Learning Process

https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ1161460.pdf

  1. https://www.uky.edu/~rsand1/china2018/texts/Bloom%20et%20al%20-Taxonomy%20of%20Educational%20Objectives.pdf
  2. TAXONOMY OF EDUCATIONAL OBJECTIVES The C.lassiiication of Educational Goals., Benjamin S. Bloom.-1956.
  3. A new method for non-parametric multivariate analysis of variance. Marti J. Anderson. https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/j.1442-9993.2001.01070.pp.x ლინკი მოცემულ დროზე: 28.06.2008
  4. Using the Solo Taxonomy to Analyze Competence Progression of University Science Curricula , https://www.jstor.org/stable/40269200 ლინკი მოცემულ დროზე: 202.2009
  5. ცოდნა და ღირებულებითი განათლება. შესავალი., ეკატერინე შავერდაშვილი და თამარ მოსიაშვილი, – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი 2018., გვ. 12-13. https://cure.erasmus-plus.org.il/pluginfile.php/3656/mod_resource/content/2/VaKE%20Value%20and%20Knowledge%20Education%20%282%29.pdf
  6. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის., მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. -2018, გვ.47-52
  7. სოლო ტაქსონომია – სწავლებაზე დაკვირვების შესაძლებლობა. მანანა სეხნიაშვილი., ლინკი მოცემულ დროზე: 24. 07.202. https://mastsavlebeli.ge/?p=26826
  8. ბლუმის ტაქსონომიიდან სოლო ტაქსონომიამდე. თინათინ ზარდიაშვილი. ლინკი მოცემულ დროზე: 13.12.2019. https://mastsavlebeli.ge/?p=24159

 

 

„სახლში მინდა, სამსახურში მინდა“

0

ტიკ-ტოკში ომი დაიწყო, მითხრა ჩემმა ათი წლის შვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე დღეს.  ტელევიზორში ვნახე, დამირეკა შეძრწუნებულმა მამაჩემმა. მას შემდეგ ყოველი დილა ჩემთვის ფეისბუქზე უკრაინის ამბების გაცნობით იწყება. ჩვენ სამი სხვადასხვა თაობის, განსხვავებული სოციალური სივრცეების ადამიანები ვართ, თუმცა ერთ ნავში ვსხედვართ და  მტერი ერთი გვყავს.

მატასის უამრავი შეკითხვა უტრიალებს თავში: თუ ომობენ, როდისღა ჭამენ, ძილი შეიძლება თუ არა ამ დროს, ან იქნებ ახლა მაინც დავრთოთ ნება, ყველა ცუდი სიტყვა თქვას, რაც კი იცის – მერე ზოგს ინგლისურად იტყვის, ზოგს – ქართულად. მამაჩემს მხოლოდ პასუხები აქვს, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაცემული. ერთი-ორ სიტყვას რუსულადაც გაურევს, ოდესღაც პროექტებით ხელში მოსკოვიდან ირკუტსკამდე მოგზაურობისას აკვიატებულს. ჩემი ფეისბუქის ნიუსფიდში კი ინფორმაციის სხვადასხვა ნაკადი ერთ მორევში იყრის თავს, ამბებიც განსხვავებულია – ახალი და ძველი, გულის გამგმირავი და გამამხნევებელი, გადამოწმებული და დაუზუსტებელი, ცხადი და ბუნდოვანი, გადამხდარი და მოსახდენი… ამ თბილი და ცივი საინფორმაციო დინებების ენაც განსხვავებულია, სიტყვათა წყობაც და აკუსტიკაც. ზოგი რაღაცას ხმამაღლა გაჰყვირის, ერთი სასვენი ნიშანი არ ჰყოფნის წინადადების ბოლოს და ამ პოსტპუნქტუაციურ აპოკალიფსში რამდენიმე ძახილის ნიშანს ხიშტებიანი მესერივით აღმართავს. ზოგი კი ჩუმად, გულსაკლავად იტყვის ორიოდე სიტყვას, აცრემლებული მარიუპოლელი ქალივით – „სახლში მინდა, სამსახურში მინდა“, და ეს უფრო მქუხარე და შემზარავი აღმოჩნდება.

ადამიანი, როგორც მოწმე და მსხვერპლი, ხშირად ომის ევფემიზმებში იკარგება. ყველა მისი განცდა, სურვილი და მოთხოვნილება ბუნდოვან სიტყვებად – პოლიტიკურ ენად გარდაიქმნება, რომელიც ბომბებისგან სარდაფში თავშეფარებულს მხოლოდ ერთ რამეს მიანიშნებს: სიცოცხლის გადასარჩენად სამყარო მკვდარ ენაზე ლაპარაკობს. დამზოგველი, შეზღუდული და გამოფიტული ლექსიკა თითქოს საგანგებოდ იმისათვის შეიქმნა, რომ სამიტებზე, ბრიფინგებსა თუ პრესკონფერენციებზე  შესვენებისას ყავა ისე მიირთვა, რომ სისხლის სუნი არ იგრძნო, მომაკვდავის კვნესა არ ჩაგესმას ან აფეთქებული სამშობიარო სახლი არ წარმოისახო, თუმცა ძველებმა იციან – ბოლომდე ვერც ამას აირიდებ. მანამდე კი, სანამ ომის ბურუსი გადაიწმინდება და ტოპონიმები ადამიანების სახელებით ჩანაცვლდება, ჩვენ გამუდმებით ერთი და იმავე სიტყვების მოსმენა მოგვიწევს.

სამხედროები იტყვიან: დასახლებულ პუნქტში შესვლა, სტრატეგიული დაბომბვა, ცოცხალი ძალის დაზიანება, საარტილერიო დამუშავება, საომარ მოქმედებათა თეატრი.

საერთაშორისო ორგანიზაციები შეუცდომლად ილაპარაკებენ: მხარდაჭერის პაკეტი, სამხედრო დახმარება, შემაკავებელი ზომები, დიპლომატიური ძალისხმევა, დეზინფორმაციის დაძლევა.

პოლიტიკოსები სიტყვებით ითამაშებენ: მოქნილი მიდგომა, ფრთხილი ოპტიმიზმი,  მკაცრი რეაგირება, უსაფრთხოების ზომები, კოლექტიური დანაშაული.

აგრესორი არ გადათქვამს: სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ეგზისტენციალური საფრთხე, ბირთვული იარაღი.

მედია არაერთხელ გაიმეორებს: თავდასხმის დეტალები, მოტივირებული მოწინააღმდეგე, კონტროლირებადი ტერიტორია, სრულმასშტაბიანი თავდასხმა, ჰუმანიტარული კატასტროფა.

ამის მიღმა კი უნდა ვიგულისხმოთ: შიში, ძრწოლა, უსუსურობა, წყურვილი, შიმშილი, ტკივილი, ტყვია, ნაღმი, აფეთქება, სიკვდილი, უიმედობა, ნგრევა, უსახლკარობა, ბავშვი, მოხუცი, ექიმი, ჯარისკაცი, გზა, უგზოობა, მტერი, მოყვარე, თავგანწირვა, გმირობა, თანაგრძნობა, გამარჯვება, სიცოცხლე, თავისუფლება, მშვიდობა…

სემანტიკურად გახლეჩილ სამყაროში მსხვერპლი, მოძალადე, ამბის მომტანი, დამკვირვებელი და გულშემატკივარი არათუ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, არამედ მათ ლექსიკურ არსენალში ერთსა და იმავე სიტყვებსაც კი სხვადასხვა გრძნობითი ელფერი დაჰკრავს. ამიტომაც, ეს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ სიტყვების ომიცაა, ან იქნებ ომზე უარესიც, როგორც გლობალურ, ისტორიულ და კულტურულ განხეთქილებას უწოდა ზელენსკიმ. და თუ ახლა სხვა შესატყვისების პოვნა გაგვიჭირდება, ყველამ ერთად ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ მსხვერპლის ხმა არ გადავფაროთ. ამ საშინელი დღეების ამბავი სწორედ ისე უნდა ვიცოდეთ, როგორც ამას ვალენტინა, ალექსანდრე, ნადეჟდა, სერჰი და ლიუბა ხედავენ…

ერთი რამ, რაც ახლა ნამდვილად ვიცი, ისაა, რომ მამაჩემი, მატასი და მე უნდა დავსხდეთ და ომზე ვილაპარაკოთ.  საერთო ენა ჩვენც უნდა გამოვნახოთ – მსხვერპლის ენა, რომელიც საომარ მოქმედებათა თეატრში ყოველთვის ყველაზე ზუსტი, ცოცხალი და მართალია.

დათრეიდება – იტყვის ჩემი შვილი.

პერეგავორები – იმედიანად შემომხედავს მამაჩემი.

ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ – ვეტყვი მე და გამოვუტყდები:

4  მარტის ღამეს, გაზაფხულის პირველი ჭექა-ქუხილის დროს, ბავშვური აკვიატებით, სანუკვარი სურვილის ჩაფიქრების ნაცვლად, შიშისგან შევკრთი. მეგონა, ომი გაცოცხლდა.

სწავლების ახალი ტექნოლოგია: მეტაფორის მეთოდი

0

ქანქარის მეტაფორა – გულისა და გონების სინქრონიზაცია

მეტაფორა ალბათ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შესაძლებლობაა. მისი ეფექტურობა მაგიის ზღვარზეა და, როგორც ჩანს, ის არის შემოქმედებითი ინსტრუმენტი, რომელიც ღმერთმა ჩადო თავის ქმნილებაში.

ხოსე ორტეგა-ი-გასეტი

მომავლის (აწმყოს) ადამიანი ჰარმონიული განვითარების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. რას ნიშნავს ჰარმონიული განვითარება? მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების (მეცნიერების და ხელოვნების) უნარების თანაბარ და სინქრონულ ფუნქციონირებას.

ამ უნარებს ადამიანები ცალ-ცალკე ავითარებენ; იშვიათია მეთოდი, ორივე ნახევარსფეროს ერთდროულად რომ ავითარებდეს და მათ სინქრონიზაციას იწვევდეს.

მარცხენა და მარჯვენა ნახევარფეროთა სინერგია თქვენს ცხოვრებას, თქვენს შესაძლებლობებს და სამყაროს სრულიად ახალი რაკურსით წარმოაჩენს.

გული და გონება, სული და სხეული, ლოგიკურ-ანალიტიკური და შემოქმედებითი ერთდროულად იწყებს მუშაობას, რაც წარმოქმნის უნიკალურ ენერგიას, ხსნის სამყაროში ახალი განზომილების სარკმელს.

და ეს ყველაფერი – მეტაფორული/აბდუქციური აღქმა/აზროვნების განვითარებით.

მეტაფორული მეთოდის ყველა სავარჯიშო იმდენად სახალისო და საინტერესოა, საკუთარ თავში მოულოდნელად ახალ შესაძლებლობებს და ნიჭებს აღმოაჩენთ!

ისღა დაგრჩენიათ, გახსნათ თქვენში აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური არხები და შემოუშვათ სამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით!

მეტაფორული სავარჯიშოები ტვინს აიძულებს, ეძებოს ახალი ნეირონული კავშირები. წარმოქმნილი ქსელი ნებისმიერ სიტუაციას და პრობლემას ახალი შესაძლებლობების კონტექსტში ამუშავებს.

მეტაფორების მეთოდით:

  • ჩვენი გონება ხდება ერთსა და იმავე დროს უფრო შემოქმედებითი და ლოგიკურ-ანალიტიკური;
  • ვითარდება სისტემური აზროვნება;
  • წერითი და ზეპირი მეტყველება ხდება უფრო ღრმა და შთამბეჭდავი;
  • ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური არხები იღებს ახალ ინფორმაციას;
  • ვითარდება შემოქმედებითობა და კრეატიულობა.

 

იგრძენი, რასაც ამბობ,

იგრძენი, რასაც ფიქრობ!

შეიძლება ითქვას, საშიში სლოგანია. წარმოიდგინეთ, ყველაფრის შეგრძნება რომ დაიწყოთ, რასაც გამოთქვამთ ან ხედავთ. ერთხელ სადღაც წასვლა არ მინდოდა და მოვიტყუე, სიცხე მაქვს-მეთქი. როგორც ჩანს, ეს ისე გულწრფელად და მთელი ემოციებით ვთქვი, რომ ცოტა ხანში სიცხემ მართლა ამიწია 39 გრადუსამდე. ამიტომ ვამბობ, „საშიშია“ ყველაფრის შეგრძნება, განსაკუთრებით – როცა ცრუობ.

მაგრამ სწორედ ეს პროცესი შეგვიძლია გამოვიყენოთ პოზიტიურადაც. იდეები ძალას მხოლოდ მაშინ იკრებენ, როდესაც ლოგიკურობასთან ერთად ემოციებით და შეგრძნებეით აღიწერებიან. სწორედ მაშინ ცოცხლდებიან ისინი.

ახლა კი გთავაზობთ მეტაფორებების მეთოდს. კერძოდ, ერთ მეტაფორას, რომელიც გულისა და გონების ენერგიების სინქრონიზაციაში დაგეხმარებათ.

წარმოიდგინეთ ორი მანათობელი ბურთულა – გულისა და გონების ენერგია, ხოლო მათ შორის – ქანაქარა, ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული:

 

ახლა კი გაუშვით ქანქარა ისე, რომ მან დაიწყოს ძლიერი რხევა მარჯვნივ-მარცხნივ; ისეთი ძლიერი, რომ ეს ორი ენერგია გააერთიანოს და გააქროს ყველა წინააღმდეგობა, რომელიც ამას ხელს უშლიდა. ეს სიმბოლური წარმოდგენა დაგეხმარებათ თქვენც, დაძლიოთ სირთულეები, რომლებიც გულისა და გონების ენერგიების გაერთიანებას უშლიდა ხელს. გააგრძელეთ და გააძლიერეთ ქანქარას მოძრაობა, ცოტა ხანში „დაინახავთ“, როგორ გაერთიანდება ორი ენერგია ერთ დიდ ენერგიად. ეს კადრი კარგად წარმოიდგინეთ და დაიმახსოვრეთ!

ახლა – როგორ მოქმედებს ეს მეთოდი კონკრეტულ შემთხვევებში. მაგალითად, რაიმე პრობლემა გაქვთ გადასაწყვეტი. სანამ დაიწყებთ ფიქრს და გამოსავლის ძიებას და ვიდრე გული და გონება ცალ-ცაკლე განსხვავებულ „პასუხებს“ მოგაწვდით, მანამდე ისევ წარმოიდგინეთ ქანქარა, რომელიც გულისა და გონების ენერგიებს აერთიანებს და ერთ მბრწყინავ ბურთად აქცევს.

ახლა კი შეგიძლიათ, იფიქროთ თქვენს პრობლემაზე და პარალელურად გაუშვათ ქანქარა. ცოტა ხანში თქვენ მიიღებთ პასუხს „სულის სიღრმიდან“ და გული და გონება ცალ-ცალკე მოქმედებას შეწყვეტს. მოხდება ამ ორი ენერგიის სინქრონიზაცია, გაერთიანებული ენერგიით პრობლემის გადაწყვეტა კი ყველაზე პირდაპირი, ძლიერი და ეფექტური გზაა.

მეტაფორების მეთოდის გამოყენებისას ჩვენ უბრალოდ მოდელირებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ისეთ სიმბოლურ მოდელირებასთან, რომელიც იწვევს ტრანსფორმაციას, წარმოქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს და განაპირობებს ადამიანის ახალ არჩევანს.

სიმბოლური/მეტაფორული მოდელირება – ეს არის მეთოდი, რომელიც ინდივიდს უადვილებს ცხოვრებისეული გამოცდილებების სიმბოლური ნაწილის შეცნობას. ადამიანი იწყებს დაკვირვებას სამყაროს მეტაფორულ აღქმაზე, მერე კი ახდენს აღმოჩენილი მოდელის რეორგანიზაციას, რაც ცვლის მის ჩვევებს, გრძნობებს, ქცევებს.

ერთსა და იმავე გამოცდილებას ადამიანები სხვადასხვანაირად გამოხატავენ. მაგალითად:

  1. როდესაც ის თვალებში და სასიამოვნო ხმით მეჩურჩულება, ჩემი სხეული ემსგავსება თბილ დინებას.
  2. მე მაბედნიერებს მისი დამოკიდებულება.
  3. ეს ურთიერთობა იმას ჰგავს, თითქოს მე ნათურა ვიყო, მას კი ჩამრთველის პულტი ეჭიროს ხელში.

პირველი მტკიცებულება აღწერს ენის მომხმარებლის კინესთეტიკურ გამოცდილებას, – იმას, რაც შეიძლება დავინახოთ, გავიგონოთ ან შევიგრძნოთ. მეორე შემთხვევაში იგივე გამოცდილება აღწერილია აბსტრაქტული კონცეფციით, ხოლო მესამე მტკიცებულება მეტაფორული და სიმბოლური ხასიათისაა.

ჩვენც სწორედ მესამე აღწერასთან გვაქვს საქმე.

„სიმბოლური ენის კითხვის შესწავლა პოზიტიურ გავლენას ახდენს საკუთარ თავსა და ჩვენს ენერგიაზე; არ არის საჭირო, ელოდოთ კრიზისს, რათა საგნები სიმბოლურად აღიქვათ. ეს შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ, სადაც არ უნდა იყოთ!

ქეროლაინ მისი, „იდუმალი კავშირები“

ჰოდა, რაღას ელოდებით? დაიწყეთ ქანაქრის მეტაფორით.

მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს

0

ახალბედა დამრიგებლის ხვედრი ასეთია – მუდამ კლასში ეჩქარება და ასეც უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა მისი მოსწავლეები ჯერ კიდევ პატარები არიან და სულ ახლახან დაასრულეს ის ეტაპი, რომელსაც დაწყებითი საფეხური ჰქვია. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები პირველი კლასიდან ერთ მასწავლებელთან არიან, მასთან განშორება კი შეიძლება საკმაოდ სტრესული აღმოჩნდეს. მეოთხეკლასელობას ბევრი სხვა ფაქტორიც ახლავს თან. ამ ასაკიდან ბავშვები ხშირად იწყებენ ვალდებულებების უგულებელყოფას, თუმცა იმავდროულად მათთვის მნიშვნელოვანი ხდება, გარშემო მყოფებმა სრულფასოვან და სრულუფლებიან პიროვნებებად აღიარონ. თავს ხშირად უღრმავდებიან, თავიანთ ბუნებაზე, შესაძლებლობებსა და უნარებზე ფიქრობენ. უფრო ხშირად უჩნდებათ პროტესტის განცდაც. ყველა ამ შინაგან ფაქტორს კი ის გარეფაქტორიც ემატება, რომ მათ ახალი დამრიგებელი ჰყავთ და ამიერიდან ყველა საგანს სხვადასხვა და მათთვის ჯერ კიდევ უცხო მასწავლებელი უნდა გაუძღვეს. დამეთანხმებით, ამდენი სიახლე ათი წლის ბავშვისთვის ნამდვილად დამქანცველია. ამ ასაკის მოსწავლეს ერთი კარგი თვისება აქვს – დაუფარავად შეუძლია ესაუბროს უფროსებს იმაზე, რას გრძნობს, რას ფიქრობს, რას განიცდის და რა უნდა. მაგრამ ვინაიდან ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად შეიძლება დადგეს მომენტი, როცა მეოთხეკლასელი ბავშვიც ვერ იტყვის ყველაფერს გულწრფელად და დაუფარავად.

უკვე მეოთხე თვეა, რაც ახალბედა დამრიგებელი ვარ. ყველა ეტაპი წარმატებით გადავლახეთ, თუმცა ვერაფერი მოვუხერხე საკუთარ შიშს. მეშინია, რომ რაღაც გამომეპარება, რომ ვერ შევამჩნევ ბულინგს, კამათს, გაუგებრობას, აგრესიას, ჯგუფებად დაყოფას, გარიყვას, რადგან ვიცი, რა კარგად შეუძლიათ ბავშვებს დიდებისგან ყველაფრის დამალვა. მახსოვს, როგორ ვახერხებდი ამას მეც ბავშვობაში. ამიტომ ასი თვალი და ასი ყური მაქვს გამობმული, ვუსმენ ყველა სიტყვას, ვაკვირდები ყველა მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ სიცელქის, უწყინარი თამაშისა და სიყვარულის მეტი ამ დრომდე არაფერი მინახავს. ასეა, სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და მეგობრული კლასის დამრიგებლობა მომიწია. იღბლიანი აღმოვჩნდი და ამის გამო ბედნიერი ვარ.

თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საშინელება რომც არ ხდებოდეს, კიდევ არის რაღაც, რაც შეიძლება მხედველობის მიღმა დარჩეს: ის, თუ როგორ გრძნობენ თავს ბავშვები, ის, თუ რა ხდება მათი ღიმილის უკან, რა სწყინთ და რას მოელიან, რას ვერ ვამჩნევთ ჩვენ, მასწავლებლები, და როგორ აგრძნობინებთ ეს მათ თავს. უმეტესობამ შეიძლება ამაზე ილაპარაკოს, თუმცა არა ყველამ. ამაზე ფიქრმა ბევრ ადგილას წამიყვანა. ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ქაღალდის ბურთით თამაში იყო. იდეა ასეთია: ბავშვები წრეში დგებიან; მე ხელში მიჭირავს ბურთი და ვყვები, როგორ გავატარე, მაგალითად, შაბათ-კვირა და როგორ ვგრძნობ ახლა თავს; შემდეგი ის არის, ვისაც ბურთს გადავაწოდებ და ასე ბოლომდე. ბავშვებს ეს თამაში ძალიან მოსწონთ, თუმცა რაკი ამდენი ყური ერთდროულად უსმენთ, ხშირად მხოლოდ იმას ჰყვებიან, რაც კარგი იყო და ბოლოს აუცილებლად ამატებენ, რომ თავს კარგად გრძნობენ. საბოლოოდ, მათი სიმართლის შესამოწმებლად ჩემს მაგიდაზე ყუთი დავდგი, რომლის თავიც ყულაბასავითაა გაჭრილი, ისე, რომ მასში პატარა ფურცელი ჩაეტიოს. ეს იდეა პინტერესტმა (https://www.pinterest.com/) მომაწოდა, რომელიც, ვფიქრობ, ყველა მასწავლებლის საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს. თავად ყუთი კი იმ ყვავილებისგან შემომრჩა, ბავშვებმა სწავლის პირველ დღეს რომ მომიტანეს. ამ ყუთს დიდი ასოებით დავაწერე: „მინდა, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს“. ბავშვები გავაფრთხილე, რომ ყოველთვის შეეძლოთ, ჩემთვის მოეწერათ წერილი, რომლისთვისაც სახელის მიწერა საჭირო არ იყო, ანონიმურობა დაცული იქნებოდა.

ყუთის დადგმის დღიდან არ წყდება წერილები, სადაც წერია, რა საყვარელი ვარ და როგორ ვუყვარვარ ბავშვებს, თუმცა გულებით სავსე ამ წერილებს შორის არცთუ იშვიათად ჩნდება ისეთებიც, რომლებიც მასევდიანებს და ზოგჯერ მაიძულებს კიდეც, ჩემს საქციელს კარგად დავუფიქრდე. გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ; თითოეულის მიღმა მთელი ისტორიაა.

  1. 99%-ით ვიცი, ეს წერილი ვისი დაწერილიცაა და მის დაწერამდე რამდენიმე დასვენებით ადრე წერილის ავტორი მკაცრად გავაფრთხილე, რომ პირბადე გაესწორებინა. ის განსაკუთრებით დაუდევრად ეპყრობოდა ამ საკითხს და იმ მომენტში მეგონა, რომ სხვა გზა არ დამიტოვა. დღის ბოლოს ყუთში ეს წერილი ვნახე, ძალიან შემრცხვა და დავფიქრდი იმაზე, რა ძნელია პატარა ყურებისა და სახისთვის მთელი დღე პირბადით ყოფნა, როცა ამას ზოგჯერ მეც კი ვერ ვუძლებ. ამის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, თავი ვაკონტროლო და ბავშვებს ავუხსნა, რომ მესმის, რა ძნელია, მაგრამ პირბადის სწორად ტარება აუცილებელია.

2. ასეა! მთელი კლასი „ნარუტოს“ ფანები ვართ. საკლასო ოთახში მისი პერსონაჟების მცირე გამოფენაც კი გვაქვს და როგორც ჩანს, ამდენ ფანატიკოსში ერთ-ერთს შერცხვა იმის თქმა, რომ არცერთი სერია არ უნახავს. ან იქნებ უბრალოდ თავი მოვაბეზრეთ?!

  1. ეს მარადიული პრობლემის გამოძახილია. ბავშვები ხომ სულ ცდილობენ, დიდები იყვნენ! სკოლაში პირველი სართული კი მუდამ პატარებისაა. როგორც ჩანს, ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე შეაწუხა იმაზე ფიქრმა, რომ დაწყებითი საფეხური დახურა, მაგრამ მაინც პირველ სართულზე დარჩა. ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. მე პირველი სართული უფრო მომწონს, კიბეზე ბავშვების სირბილი მუდამ მაშინებს.

  1. ამ ერთსიტყვიან წერილზე დიდხანს ვტიროდი მას მერე, რაც მის მიღმა არსებული ამბავი გავიგე. ერთ დილით კლასში შესულს ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა. როგორც კი მიზეზი ვკითხე, გულამოსკვნილი ატირდა და მიპასუხა, რომ მიზეზს ვერ მეტყოდა. დღის ბოლოს ყუთში ანონიმური წერილი დამხვდა და ცოტა ხანში გავიგე, რომ მისი მამა მოულოდნელად ძალიან ავად გამხდარა. ახლაც მეტირება, რომ წარმოვიდგენ, რა შეშინებულმა და შეწუხებულმა გაატარა ის დღე სკოლაში. საბედნიეროდ, ახლა მისი მამა კარგადაა, შვილი კი ისევ ისეთი მხიარულია, როგორიც მანამდე.

  1. ეს წერილი გადატვირთული გრაფიკის მქონე დამრიგებლისთვის მიწერილ პასიურ აგრესიულ მესიჯს ხომ ჰგავს?! ეს კითხვა პირადადაც ბევრჯერ დამისვეს, მაგრამ რაკი პასუხი ვერ მიიღეს, ბოლოს ყუთშიც დამხვდა. აბა, როგორია, ფილმის დასასრული გაინტერესებდეს და დღეები გაცდევინონ?! ამ წერილის შემდეგ ყურება გააგრძელეს და ბევრი სხვა ანიმეც ნახეს კლასში ერთად. პასიურმა აგრესიამ გაჭრა.

  1. უკომენტაროდ! (ნუთუ ეს სიტყვა ამ კონტექსტში მე წამომცდა?!)

თქვენც კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ და ორშაბათს კლასში მსგავსი ყუთების დადგმაც არ დაგავიწყდეთ! მენდეთ, ბევრ რამეს ხელახლა აღმოაჩენთ.

ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის

0

მჯერა, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მთელი ხალხისთვის ღირსების შენარჩუნება. უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე არაერთი ერი აღმოჩენილა პროპაგანდისა და ანტიჰუმანური იდეების ზემოქმედების მსხვერპლი, მაგრამ მათ შორის ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ირგვლივ გამეფებული სიბნელისა და განუკითხაობის მიუხედავად, დამკვირვებლებს კონკრეტული საზოგადოებისადმი რწმენას უღვივებდნენ. საბჭოთა დისიდენტები თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მოქალაქეებად, რომლებიც საქმით ამტკიცებდნენ სინდისისა და თავისუფლების უპირატესობას ძალმომრეობაზე.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე იმპერიალისტური, აგრესიული ომის წამოწყების შემდეგ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რომელთაც ღიად დაუჭირეს მხარი მშვიდობასა და ოფიციალური კიევის სუვერენიტეტს. ბუნებრივია, პუტინის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა პროტესტის მონაწილეებს. უსამართლობამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თავდადებამ ანტისაბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საყურადღებო ეპიზოდი გამახსენა.

უკრაინის დაპყრობის მცდელობა რიგი ასპექტებით უპირობოდ ჰგავს 1968 წლის „პრაღის გაზაფხულს“. ნახევარი საუკუნის წინაც იგივე ლოზუნგები ისმოდა კრემლიდან. მაშინდელ პრესაში აუცილებლად წაიკითხავდით გოდებას იმის შესახებ, რომ „მოძმე ჩეხოსლოვაკიას“ ფაშიზმის საფრთხე ემუქრებოდა. ბრეჟნევის პოლიტბიურო ფაშიზმად მოიხსენიებდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ლიდერის – ალექსანდრ დუბჩეკის იდეას „ადამიანური სოციალიზმის“ შესახებ. დუბჩეკს სურდა, რომ ჩეხოსლოვაკია ნაკლებად დამოკიდებული ყოფილიყო საბჭოთა კავშირზე, მოქალაქეებს ჰქონოდათ სიტყვის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მემარცხენე მსოფლმხედველობის ერთგული დუბჩეკი არ ეწინააღმდეგებოდა მრავალპარტიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პერსპექტივას. მოსკოვმა სოციალიზმისთვის დემოკრატიული კომპონენტების დამატება ღალატად მიიჩნია და ჯარი შეიყვანა პრაღაში, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხადია, რეფორმისტები ხელისუფლებიდან გააძევეს და სამაგალითოდ დასაჯეს.

„პრაღის გაზაფხულის“ თაობაზე ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ ახსოვს, რა მოხდა სისხლიანი მოვლენების პარალელურად იმპერიის ცენტრში.

1968  წლის 25 აგვისტოს რვა ანტისაბჭოთა დისიდენტი წითელ მოედანზე შეიკრიბა. მათ ხელთ ეპყრათ ჩეხოსლოვაკიის თვითნაკეთი დროშა და საპროტესტო ტრანსპარანტები. დედაქალაქში, კრემლის წინ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის ორგანიზების გამოცდილება სსრკ-ში საერთოდ არ არსებობდა. რვა ადამიანის პროტესტი გახლდათ შოკისმომგვრელი მოულოდნელობა როგორც პარტიისა და მილიციისთვის, ასევე რიგითი გამვლელებისთვის. დისიდენტებმა მთავარ პლაკატს რუსი ფილოსოფოსისა და რევოლუციონერის – ალექსანდრ გერცენის სიტყვები დააწერეს: „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“. გერცენი აქტიურად უჭერდა მხარს პოლონელთა აჯანყებას რუსეთის წინააღმდეგ და მიაჩნდა, რომ ჩაგრული ხალხი თავისი გამარჯვებით რუსი ხალხის ბორკილებისგან გათავისუფლებაშიც მიიღებდა მონაწილეობას. როგორც ჩანს, 1968 წელს ქუჩაში გამოსული აქტივისტებიც ფიქრობდნენ, რომ ჩეხოსლოვაკიის თავისუფლებას დიდი ძვრების გამოწვევა შეეძლო მთელ „სოციალისტურ ბანაკში“. ცხადია, ისინი არ ცდებოდნენ და ზუსტად შეიგრძნობდნენ დუბჩეკის რეფორმების მნიშვნელობას სამყაროსათვის.

ხელისუფლებას, რომელმაც უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქე ტანკებით დაარბია, ბუნებრივია, არ გაუჭირდებოდა წითელ მოედანზე შეკრებილი რვა მარგინალის დაკავება და დასჯა. გაუგონარი და გამაოგნებელი მოვლენის ყველა მონაწილე დააპატიმრეს. არ მოერიდნენ მიტინგზე საკუთარ ჩვილთან ერთად მისული მეძუძური დედის, ნატაშა გორბანევსკაიას იზოლატორში გადაყვანასაც, მამაკაცები კი კარგად სცემეს და კბილებიც ჩამოუღეს. მიტინგი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დისიდენტებს სოლიდარობის რამდენიმე წუთი მთელი ცხოვრების ტანჯვად დაუჯდათ.

საბჭოთა ხელისუფლება ოპოზიციონერთა დასაშოშმინებლად მარტივ მეთოდებს არ იყენებდა. მომიტინგეთა ცემა, დაპატიმრება, სამი-ოთხი წლით ციხეში გამოკეტვა ძალიან ადვილი გახლდათ და პრობლემის გადაწყვეტის უბრალო გზას წარმოადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პატიმრების შესახებ დაუსრულებლად ისაუბრებდნენ დასავლური მედიის წარმომადგენლები და მათ გმირებად წარმოაჩენდნენ. უშიშროების სამსახურის აგენტები შესანიშნავად ხვდებოდნენ, რომ სატუსაღოდან გათავისუფლების შემდეგ დაუმორჩილებელი მოქალაქეები ორმაგი ენერგიითა და ცეცხლოვანი ენთუზიაზმით გააგრძელებდნენ თავიანთ ტრადიციულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, რაღაც უფრო სასტიკისა და გრძელვადიანის მოგონება იყო საჭირო, ოპოზიციონერები დიდი ხნით ან სამუდამოდ უნდა გაეყუჩებინათ.

10-წუთიანი პროტესტის მონაწილეთა ნაწილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს. ვიქტორ ფაინბერგი და ნატალია გორბანევსკაია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს. მკურნალობას კოდექსით განსაზღვრული ვადები არ აქვს, შეგიძლია მთავრობისთვის არასასურველი პირი სამუდამოდ გამოამწყვდიო დახურულ დაწესებულებაში. ფსიქიატრიულ კლინიკებში უშიშროების წარმომადგენლებს იმის საშუალებაც ჰქონდათ, რომ შეშლილებად შერაცხილი დემოკრატებისთვის მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის მავნებელი მედიკამენტები მიეცათ. საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ჩამოცილებული გორბანევსკაია წერდა: „მუდამ მტანჯავდა ფიქრი: რამდენ ხანს დავრჩები აქ? პატიმრობას მკაფიოდ გამოკვეთილი დასასრული აქვს, მკურნალობის ბოლო კი ბუნდოვანია. და როდესაც გამოვალ, როგორი ვიქნები? რა მდგომარეობამდე მივალ წამლების წყალობით? თავისუფლებაზე მყოფი მივხვდები, რომ გამათავისუფლეს?“. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი თვითგამოცემის (სამიზდატის) – „მიმდინარე მოვლენების ქრონიკის“ რედაქტორმა ქალმა ფსიქიატრიულ კლინიკაში წამებას გაუძლო და 1975 წელს იგი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

ვიქტორ ფაინბერგი კი სიყვარულმა იხსნა, საავადმყოფოში მასზე განსაკუთრებით ზრუნავდა ექიმი მარია ვაიხანსკაია, ცდილობდა წამებისგან გადაერჩინა უმიზეზოდ გამომწყვდეული და პროტესტის ნიშნად მოშიმშილე დისიდენტი. ექიმი საიდუმლოდ სხვა ოპოზიციონერებსაც აწვდიდა ცნობებს ფაინბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საბოლოოდ „მფარველი ანგელოზის“ მიერ დახურული დაწესებულებიდან გამოტანილი ამბები „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ რეპორტაჟებში შუქდებოდა. საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით ფაინბერგმაც მოახერხა ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა და უცხოეთში გაქცევა, ბოლოს კი საკუთარ ექიმზეც იქორწინა.

21-ე საუკუნეში წამების, შევიწროების, ღირსების შელახვისა და დამცირების მეთოდები უფრო მეტად გამრავალფეროვნდა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეთა ნაწილს დისიდენტთა ბედის გაზიარება მოუწევთ, ბევრი მათზე უარეს დღეში ჩაცვივდება. მათი ღვაწლი და გამბედაობა დაფასებას იმსახურებს, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ამგვარი გმირობების შესახებ მსჯელობამ შეიძლება მრავალი მოსწავლე დააფიქროს დემოკრატიული წინააღმდეგობის ფასსა და მნიშვნელობაზე.

თანამედროვე ქართული დისტოპია

0

თანამედროვე ქართული რომანი გამოირჩევა თემატური თუ ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ძიებებით. სოციალურ, ფილოსოფიურ, პოლიტიკურ პრობლემებს ავტორები ანტიუტოპიით, და მისი უფრო გამძაფრებული ფორმით, დისტოპიითაც გამოხატავენ, მაგალითად, ლაშა ასათიანის „ხვალის ქრონიკები“, ჯაბა ზარქუას „მკითხველი უნდა მოკვდეს“ და სხვ. ამ ტიპის რომანებს შორისაა დიმიტრი უჩანეიშვილის „კოშკი“, რომლის გამოგონილ სულიერ-მატერიალური სივრცეებში მოგზაურობისას მკითხველი კიდევ ერთხელ დაფიქრდება ადამიანური არსებობის აზრსა და მიზანზე. `ვეკითხები საკუთარ თავს, _ მაინც რა არის შენი რელიგია? _ და თავადვე ვუპასუხებ _ ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა _ ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ. ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან~, _ წერს მიგელ დე Uუნამუნო.

ჭეშმარიტების ძიება ბევრმა აქცია სიცოცხლის საზრისად და რა არის ჭეშმარიტება? რა არის სიმართლე? დრო-სივრცეში ისარივით გასროლილი ეს შეკითხვები დიდი ხანია ადამიანის სულს, გულსა და გონებას ბზარავენ და აღძრავენ ძიებისათვის. რა არის ჭეშმარიტება? _ იოანეს სახარებაში პილატემ ჰკითხა იესოს და პასუხი ვერ მიიღო. პილატე პარადიგმაა დაეჭვებული ადამიანისა, რომელსაც, ორ სიმართლეში გახლართულს, გზა ვერ უპოვია. ერთ სიმართლეს იესო უკარნახებს, მეორეს _ საზოგადოება. პილატემდე კი თომამ იგივე ჰკითხა იესოს და პასუხი მიიღო: `სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე~ (იოანე 14, 4-6).

ორი სიმართლის გზაჯვარედინზე მდგომი ტრაგიკული პიროვნება უხვად არის დახატული მსოფლიო ლიტერატურაში. უპირველესად, ჰამლეტი გვახსენდება, ყოფნა-არყოფნის მტანჯველი დაეჭვებულობით. ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაური და ჯოყოლა ალხასტაიძე ორი სიმართლის საზღვარს დაუეჭვებლად გადალახავენ, თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად.

ჭეშმარიტების ძიების სულით არის გამსჭვალული დიმიტრი უჩანეიშვილის ანტიუტოპიური მხატვრული ტექსტი `კოშკი~. ეს არის ფილოსოფიურ-იგავური ნაწარმოები, რომელშიც მწერალი რელიგიურ, ფილოსოფიურ და, ზოგადად, კულტურის სიმბოლოებსა და პარადიგმებს იყენებს თავისი სათქმელის მკითხველამდე მისატანად. ეს სათქმელი კი მარად აქტუალურია: როგორ დავაღწიოთ თავი იმ მტანჯველ გაორებას, რომელსაც სულიერსა და ხორციელს, მატერიალურსა და წარმოსახულს, რეალურსა და იდეალურს, წარმავალსა და მარადიულს, ხრწნადსა და უკვდავს შორის გაჩენილი უფსკრული ბადებს.

როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი? ამ კითხვაზე საპასუხოდ აღძრულ უამრავ მრავალმნიშვნელოვან პასუხს შორის ერთი ამგვარიც შეიძლება იყოს: ადამიანმა უნდა შექმნას ისეთი საზოგადოება, რომელშიც შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას, იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ამ ოცნებამ იდეალურ სახელმწიფოზე, რომელიც დაეფუძნება ზნეობას, სიკეთეს, სამართლიანობას, კეთილდღეობას, დაბადა კლასიკური უტოპიური ნაწარმოებები: პლატონის `სახელმწიფო~ იქნება ეს თუ თომას მორის `უტოპია~.

ისტორიამ დაამოწმა უტოპიის რეალობაში განხორციელების შეუძლებლობა და შეიქმნა ანტიუტოპიური რომანები, (მათ შორის, ოლდოს ჰაქსლის `საოცარი ახალი სამყარო~, ჯორჯ ორეულის `1984~, `ცხოველთა ფერმა~, რეი ბრედბერის `450 ფარენჰაიტით, ფილიპ დიკის „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ და სხვ), რომლებიც წარმოაჩენენ ადამიანთა გადაულახავ სულიერ-ზნეობრივ წინააღმდეგობებს, მათ შორის, მათ ბედს ტოტალიტარულ სახელმწიფოში. სამწუხაროდ, ტექნიკური ცივილიზაციის მიღწევები ჰომო საპიენსმა გამოიყენა არა ადამიანის საკეთილდღეოდ, არამედ ძალადობისა და სისასტიკის ახალი ფორმების დასამკვიდრებლად. ეს კარგად წარმოჩნდება, მაგალითად, თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის ბესტსელერად ქცეულ ანტიუტოპიურ ტრილოგიაში `შიმშილის თამაშები~.

რა მოელის კაცობრიობას? ბიბლიური წინასწარმეტყველებები სამყაროს ნგრევასა და განახლებას ჰპირდებიან. აქტუალურია ტექნოლოგიური `აპოკალიფსიც~, რომელიც, აგრეთვე, ადამიანური სამყაროს კატასტროფასა და სრულ გარდაქმნას მოასწავებს.

XXI საუკუნეში ადამიანთა მომავალზე წარმოდგენა ხელოვნებაშიც სულ უფრო უცხო და რადიკალურ ფორმებში ვლინდება. დიმიტრი უჩანეიშვილის ეს რომანი დისტოპიაა, რადგან მასში დახატულია ზნეობრივად დეგრადირებული მომავლის საზოგადოება, რომელსაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბედნიერების ნაცვლად უბედურება მოუტანა.

საგულისხმოა, რომ ავტორი ხედავს გლობალიზაციის დამღუპველ შედეგებს და ხატავს რეალობას, როდესაც მთელ დედამიწაზე (რომანის მიხედვით, დედამიწისქვეშეთში) ერთი სახელმწიფო, ერთი ენა და ერთი იდეოლოგიაა.

რომანში კაცობრიობის დაღუპვისა და გადარჩენის იდეები ერთმანეთს გადაეწვნება. ერთი მხრივ, არის ზნედაცემული სამყარო, მეორე მხრივ, მხსნელი, რომელიც იბადება იმისთვის, რომ თავისუფალი სიცოცხლის იდეა გადაარჩინოს.

ავტორს მკითხველი გადაჰყავს 2350 ¬წელში. ადამიანთა რაოდენობამ არნახულ რაოდენობას მიაღწია, დაიწყო თავისუფალი მიწის ძიება, წაიშალა საზღვრები, `ერთმანეთში აირია, აითქვიფა და აიზილა მთელი ერები“. რომანში მოთხრობილია, როგორ აქცია სასიცოცხლო რესურსების ძიებამ ადამიანები მგლებად. გამოსავლის ძიებამ დაბადა ახალი იდეა დედამიწის გადარჩენისა: ხალხი მიწისქვეშეთში გადაასახლეს. 2350 წლისთვის დედამიწა დაცარიელდა: `ადამიანი აღარ იყო არც ხმელეთსა და არც წყალზე, თუმცა არსებობდა ლეგენდა, რომ სადღაც, კავკასიონის მთებში, ხუთასამდე ადამიანი განაგრძობდა ცხოვრებას და ტყესა და გამოქვაბულებს აფარებდა თავს“. ადამიანები შთანთქა ქვესკნელმა. ლეგენდა ხუთას კავკასიელზე ირეკლავს საქართველოს, როგორც მხსნელის, პარადიგმას, რომელიც სასულიერო ტექსტებიდან იღებს სათავეს, უპირველესად კი, იოანე ზოსიმეს `ქება და დიდება ქართულისა ენისაი~ გვახსენდება. ზვიად გამსახურდიას ცნობილი ნაშრომი `საქართველოს სულიერი მისია~ ამ იდეითაა გამსჭვალული. მისი აზრით, კავკასიასთანაა დაკავშირებული ძველბერნული მითები პრომეთესა და არგონავტების შესახებ. პრომეთემ ცეცხლი მოსტაცა ღმერთებს და კავკასიონზე მიაჯაჭვეს. `პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნებისა“ (ზვიად გამსახურდია, `საქართველოს სულიერი მისია~).

რომანში დახატულია როგორ ცხოვრობს ახალი, მიწისქვეშეთის ადამიანი, შეცვლილ რეალობაში. მან შექმნა „მიწისზედას ანალოგური ქალაქები ქუჩებით, ტრანსპორტით, სკოლებით, ბანკებით და ა.შ. …ერთადერთი რამ იყო განსხვავებული: ამ ქალაქებში მზე არასოდეს ამოდიოდა“. ყველაზე ტრაგიკული სწორედ მზის ამოუსვლელობაა. მზე ხომ სინათლის, სიკეთის, სულიერების, ღვთიურის განსახიერებაა. ასე რომ, რომანში ვხედავთ ხთონურ, ბნელეთის სამყაროს, რომელშიც სულიერებისაგან მთლიანად განძარცული ადამიანები ცხოვრობენ. მათ აღარ სჭირდებათ ღმერთი, რადგან აღარ აქვთ კავშირი ზეციურთან, ნათელთან, ღვთაებრივთან, მარადიულთან.

რომანის მთავარი გმირი ადამ ზეცუბო (კოდირებული გვარ-სახელით) ამ ქვესკნელის სამყაროს მეგაპოლისში – ჰელიქსში ცხოვრობს. ჰელიქსი პირდაპირ მიანიშნებს ჯოჯოხეთზე (ინგლისური სიტყვიდან: Hell). ქალაქი 7-დონიანია და რაც უფრო სიღრმეში ჩადიხარ, მით მეტი განცდაა ჯოჯოხეთისა _ სიღატაკე, შიმშილი, პროსტიტუცია, კრიმინალი _ ტემპერატურის ზრდასთან ერთად მატულობს. რა თქმა უნდა, გადაძახილია დანტეს `ღვთაებრივი კომედიის~ ჯოჯოხეთთანაც.

მწერალს აინტერესებს, როგორ წარიმართება ადამიანის ბედი განვითარებული ტექნოლოგიების ხანაში. მისი წარმოდგენა მომავალზე აპოკალიფსურია. მიწისქვეშეთში გადასახლებულნი უსახო, ურასო, უსულო, უღმერთო ადამიანები არიან, რომელთაც მითად და ლეგენდად ახსოვთ დედამიწაზე, `ზემოთ~ ცხოვრება. ზღაპარივით ჰყვებიან, რომ დედამიწაზე ორი მზე ანათებს, რომ ადამიანს ფრენა შეეძლო და სუფთა წყლისა და ჯანსაღი ჰაერის წყალობით დიდხანს ცოცხლობდა. ავტორი წერს, რომ `მომდევნო თაობებსაც, რომლებმაც მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ ცის ქვეშ არსებობის ამბები, ოცნება ისევე სისხლხორცეულად ჰქონდათ შეთვისებული, როგორც წინაპრებს, როგორც ერთ დროს ებრაელ ერს, რომელმაც ოცდაექვსი საუკუნე ატარა ოცნება აღთქმულ მიწაზე დაბრუნების შესახებ~.

რომანში წარმოჩენილია ერთი პერსონაჟის სიმბოლურ-ალეგორიული თავგადასავალი. ნაწარმოების სხვადასხვა თავში იხატება გმირში გაღვიძებული ზეცნობიერის განვითარების ეტაპები. ამას შეესაბამება ნაწარმოების ყოველი თავის სიმბოლური სახელწოდებაც: აისი, დღე. ეს გმირი ადამ ზეცუბოა. როგორც აღვნიშნეთ, მის სახელსა და გვარში კოდირებულია მისი მისია _ გადაარჩინოს თავისუფლების იდეა. ის ადამია, ღვთის ხატად და მსგავსებად შექმნილი, ე.ი. თავისუფლებით დასაჩუქრებული. `ზე“ _ ადამიანში ღვთაებრივზე, სულზე მიანიშნებს. ადამ ზეცუბო 22 წლის განმავლობაში პირველად დაფიქრდა საკუთარი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, როცა სამსახურში სამი დღე ავადმყოფობის გამო ვერ წავიდა. სამი დღე ავადობა, სიმბოლურად, მიანიშნებს თვითჩაღრმავებასა (ბიბლიურ იონას სამი DდღეE ვეშაპის მუცელში ყოფნა, იესოს სამდღიანი დაფვლა) და განახლებაზე, ერთგვარ ხელახლა დაბადებაზე.

კოშკი მისი სხეულია, გარემოა, საზოგადოებაა, რომელშიც დატყვევებულია მისი სული. ვინ იხსნის? ხსნის გზის ძიებას ბიძგს აძლევს სიზმარი (იგივე, ხილვა). მას ესიზმრება დედამიწის ის ადგილები, სადაც, გადმოცემით, მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. მერე დრიმქორდერით (სიზმრის ჩამწერით) იწერს, რათა რეალურად ნანახს შეადაროს.

მწერალი მთავარ პერსონაჟს გვიხატავს, როგორც ბავშვობიდან გამორჩეულს იმით, რომ მუდამ სვამს კითხვას: რატომ? Cogito ergo sum_ ვფიქრობ, მაშასადამე, ვარსებობ (დეკარტი). ადამ ზეცუბო ბანკის მოხელეა. მისი ცხოვრების ყოველი წუთი აწყობილ-გაანგარიშებულია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რაღაც მოხდა. ისევ წამოუტივტივდა საყვარელი მივიწყებული კითხვა: რატომ? რატომ გახდა ბანკირი? ეს მისი რეალური არჩევანი იყო თუ მოჩვენებითი? პროფესიის არჩევანმა თვით საბანკო საქმის ღირებულებაზე დააფიქრა და ინტერნეტში პასუხის პოვნას შეეცადა. მალე აღმოაჩინა წიგნის, `პლანეტის უდიდესი ფალსიფიკაცია”, ავტორი ფრიდმენ ფულტონი, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას თავდაყირა აყენებდა: `საბანკო საქმე ვიღაცების მიერ იყო მოგონილი კონკრეტული ფენისა თუ ჯგუფის გასამდიდრებლად და არანაირი სარგებლობა არ მოჰქონდა~. ძიება განაგრძო და ისეთ რამეს მიაგნო, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი წარმოდგენა ყველაფერზე: `ფრიდმენ ფულტონი, საბანკო სისტემის მოსისხლე მტერი, იმავდროულად, მის აპოლოგეტად გვევლინებოდა~.

ამგვარი დეტექტიური ფანდებით ავტორი მკითხველის ცნობისმოყვარეობას ძაბავს და მოლოდინით მუხტავს. ზეცუბოს ვერ აეხსნა ადამიანის მსოფლმხედველობის ამგვარი რადიკალური ცვლილება. როგორ შეეძლო ადამიანს ორი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისის მტკიცება. ზეცუბოს აწუხებდა კითხვა: სინამდვილეში ვინ იყო ქოენი და როდის ამბობდა სიმართლეს? ადრე თუ ახლა? ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიღებულმა დასკვნამ ზეცუბო შოკში ჩააგდო: ორივე თვალსაზრისი (ურთიერთგამომრიცხავი) მართალი იყო. საბანკო საქმის შესახებ ორმა სიმართლემ ზეცუბო სხვა აღიარებულ ჭეშმარიტებებზეც დააფიქრა და მიხვდა: სრული ქაოსი და აბსურდი გამეფებულიყო დედამიწელთა ცნობიერებაში. იგი `ახალ რეალობაში აღმოჩნდა~. ამან მის სულში ამბოხი დაბადა. ადამ ზეცუბო პირველად დაეჭვდა საკუთარ ცხოვრებაში: სწორ გზას ადგა თუ არა, უნდა ეკეთებინა თუ არა ის საქმე, რომელსაც პროფესია ავალდებულებდა. ეს იყო მისი თავისუფალი არჩევანი თუ ვიღაცის ძალადობის შედეგი? იყო თუ არა თავისუფალი?

რომანში წარმოჩენილია თვითშემეცნების საფეხურები. ადამ ზეცუბო ყველაფერს გაყიდის და ამოვა დედამიწაზე, რათა იხილოს ჭეშმარიტი სინათლე. საგულისხმოა, რომ ნაწარმოებში ზეცუბოს შთაბეჭდილებების გადმოსაცემად მწერალი იყენებს დღიურის ფორმას. გმირის ჩანაწერების სტილი სრულიად განსხვავდება მთხრობლის სტილისაგან, უფრო ლაღი, ექსპრესიული, ხატოვანია. მზის სხივებით განათებული სამყარო ცვლის მის აღქმას და გამოხატვის ფორმასაც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზეცუბო ყოფილი საქართველოს ტერიტორიაზე ამოდის და ხედავს საოცარ ბუნებას, აქ ის პირველად იხილავს ვენახებს და იგემებს ყურძენს, სიმბოლურად, ყურძნის წვენი ღვთაებრივ სიბრძნესთან ზიარებას გამოხატავს. ეს ერთგვარი ინიციაციაა. მასში, როგორც ჭურჭელში, ჩაიღვრება ახალი ცოდნა, რომელიც მიწისქვეშეთში ჩასულმა სხვებს უნდა გადასცეს.

აქ ის ხვდება თავის მომავალ მეგობარს, ვინსთონს, რომელიც, მასავით, მზეხილულია. იგი ყოფილი ისტორიკოსია და ახლა დედამიწის ნათესების მცველად მუშაობს: `ერთ დღეს მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც კი წამიკითხავს და დამიწერია, ტყუილი იყო. არსებობდა თუ არა იულიუს კეისარი? მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის საერთოდ არსებობდა, ხოლო თუ არსებობდა, მაღალი ალბათობით შემიძლია განვაცხადო, რომ ისეთი არ იყო, როგორც ეს პლუტარქესა და სვეტონიუსს აქვთ წარმოდგენილი …მე არ მსურდა გამეგრძელებინა და უნებურად ამ გლობალური გაყალბების მონაწილე გავმხდარიყავი. ამიტომ სამყაროს გავერიდე~.

დედამიწაზე ყოფნის ეპიზოდები დატვირთულია სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით. მუხა, ხიდი, ხილი, წყალი და სხვ. მიანიშნებენ ზეცუბოს სულიერ განვითარებაზე, მის ქვეცნობიერში აღმოჩენილ კავშირებზე წინაპრებთან, ღვთაებრივ სამყაროსთან. შვიდი დღე დაყო მან დედამიწაზე და ესეც მიანიშნებს ახალი ცოდნის მიღების სრულყოფაზე. ამ ეპიზოდის კულმინაციაა შუაღამის მზის, იგივე ღვთის, ხილვა: `იგი ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ უკუნი ღამე იყო, ზეცუბომ იხილა მზის ამოსვლა, იხილა გარიჟრაჟი და მიხვდა, რომ ახლა, ამ წუთს იწყებოდა ყველაფერი. ხელები გაშალა, მუშტებად შეკრა და ხმამაღლა თქვა: „მე უნდა შევცვალო წესრიგი”. ისევ ქვესკნელში ჩაბრუნებული ზეცუბო ახალი ადამიანია, რომელიც იწყებს სხვების გამოღვიძებას: `ისე მოურიდებლად ფიქრობდა სამყაროული წესრიგის შეცვლის შესახებ, თითქოს ამ მისიით ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო აღჭურვილი~.

ქვესკნელის გლობალური სახელმწიფო, ორმაგ სიმართლეზე დაყრდნობილი, ხალხის `პროფესიონალიზაციისა~ და, ამის კვალდაკვალ, `დებილიზაციის~ გზით სრულად აკონტროლებს ყველას ცხოვრებას. სწორედ ამ სისტემის დანგრევას განიზრახავს ზეცუბო. `ამ ფსევდოსიმართლეთა ლაბირინთში გზის გაკვლევა ჩვეულებრივი ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ~. `მუდამ… ფიქცია… ფიქცია… … ფიქცია… … ფიქცია… … ფიქცია… … ფიქცია… … ფიქ-ცია… … ფ-ი-ქ-ც-ი-ა… … ფ-ი-ქ-ც-ი-ა… … უეცრად თავად სიტყვების შესახებ დაფიქრდა~.

სიტყვებიც იცვლებიან რეჟიმების შესაბამისად, ისინი ახალ მნიშვნელობებს იძენენ. სხვათა შორის, ამ თემაზე შესანიშნავად წერს თანამედროვე ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ესეიში: `ყველა ენა საკუთარი თვალით იყურება~: `ნებისმიერი დიქტატურა, მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე, ათეისტური თუ რელიგიური, ენას თავის მსახურად იხდის~. მწერლის აზრით, ენის საშუალებით დიქტატურის გამყარებაცაა შესაძლებელი და მისი დემონტაჟიც. მწერლის აზრით, ენა არცერთ დროებაში არ ყოფილა პოლიტიკური ნაკრძალი, რადგან მას ვერ გამოაცალკევებ იმ პოლიტიკური ქმედებებისაგან, ერთი ადამიანი მეორის მიმართ რომ სჩადის.

რომანში მოთხრობილია, რა დიდი ძალისხმევის შედეგად ჩამოაყალიბებს ადამ ზეცუბო კონგრესს, როგორ ცდილობს ხალხის გათავისუფლებას ორმაგი მორალის ტყვეობიდან, როგორ მოიპოვებს მხარდაჭერას და მთელ მიწისქვეშეთს ჩაუნერგავს `ზემოთ~ ამოსვლისა და ჭეშმარიტი მზის ხილვის წყურვილს. ზეცუბო უპირისპირდება ხელისუფლებას, რომელიც მის დასამარცხებლად აყალბებს აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც. ჰელიქსის ცხოვრება, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ ირეკლავს საბჭოური, ტოტალიტარული რეჟიმის სინამდვილესაც. ხალხის გამარჯვება არჩევნებში ტყვეობიდან თავდაღწევაა, თუმცა `ზემოთ~ ამოსვლის იდეა კვლავ იდეად რჩება.

მწერალი გვიხატავს ზეცუბოს აღზევებასა და კრახს. გათავისუფლებულმა ადამიანებმა კვლავ მოინატრეს ორმაგი მორალი, რომელიც ცხოვრებას უადვილებდა. ცნობიერებიდან ვერ ამოიშალა წარსულის კვალი. `რატომ მოქმედებდა მრავალსიმართლის, რეალურად კი სიყალბის, მოდელი ასე უზადოდ?~. ზეცუბოს აქვს იმგვარი განცდა, რაც დამახასიათებელია ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ხალხის ხსნას დაისახავენ მიზნად: `იხილა საკუთარი თავი. ის მარტო იყო, მარტო – გამგეობის წინააღმდეგ, მარტო – ხელისუფლებასთან ბრძოლაში, მარტო – სიტყვების, მარტო – საკუთარი თავის წინააღმდეგ, მარტო ამქვეყნად~.

ზეცუბო ისევე მოულოდნელად ქრება ცხოვრების ასპარეზიდან, როგორც გამოჩნდა. ვინსთონი აქვეყნებს მის შესახებ წიგნს: `ადამიანის ჭეშმარიტი სახე~, ზეცუბოს წინასიტყვაობით, რომელშიც ვკითხულობთ: `თავდაპირველად ადამიანი იყო მართალი… იგი ამბობდა, რომ მკვლელი იყო მკვლელი… შემდეგი ადამიანი სიმართლის თქმისთვის დასაჯეს. მას სიმართლის შიში გაუჩნდა… იგი არ ამბობდა, რომ მკვლელი იყო მკვლელი, თუმცა არც საწინააღმდეგოს ამბობდა და ჩუმად იყო. მას შემგუებელი, კონფორმისტი შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი შემდგომი ადამიანი უკვე პირქუშ აცხადებდა, რომ მკვლელი არ იყო მკვლელი. მას ცრუობა და ცილისწამება შეეძლო, შეეძლო დანაშაულისთვის ხელის დაფარება. ის იყო ცრუ. ასეთმა ადამიანმა ყველაზე დიდხანს იბატონა დედამიწაზე, თუმცა მისი ზეობაც დასრულდა, რადგან შეიქმნა თანამედროვე ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მკვლელი არის მკვლელი, მაგრამ იმავდროულად ამბობს, რომ იგი მკვლელი არ არის. ის არ ტყუის. მას ორივე სიმართლის სჯერა. ეს სრულყოფილი ადამიანია”. რა თქმა უნდა, მწერლისთვის ეს არის უკუნი (სწორედ ასე ჰქვია ბოლო, მეოთხე თავს), ერთგვარი ჩიხი, საიდანაც გზა არსაით არ მიემართება.

ამ ეპიზოდებში ირეკლება ჩვენი დრო, რომელიც კვლავაც დაღდასმულია წარსულის მოურჩენელი სულიერი ტრავმებით. მწერლის აზრით, უნდა არსებითად გარდაიქმნას ადამიანი, რომელსაც ამისათვის დრო, ნებისყოფა და რწმენა სჭირდება. როგორც ცნობილია, დაცემა უფრო იოლია, ვიდრე წამოდგომა. ადამიანის ზნეობრივი გაკეთილშობილების სიძნელეს ხედავს მწერალი და საკმაოდ მუქ ფერებში ხატავს კაცობრიობის მომავალს, თუმცა მკითხველს მაინც რჩება განცდა იმისა, რომ ადამიანი, როგორც რობაქიძე წერს `ჩაკლულ სულში~, მოინატრებს ღმერთს, დაადგება გზას მის საპოვნელად და, ორმაგ მორალს თავდაღწეული, აღიარებს ერთადერთ სიმართლეს.

 

ორფეოსს რომ უკან არ მიეხედა…

0

დაჩა მარაინის ,,გოგონა და მესიზმრე კაცი”

ბავშვის ერთი ცრემლიც არღვევს სამყაროს ჰარმონიასო, დოსტოევსკიმ. ამ სამყაროში კი ბავშვთა ტრეფიკინგის ცნება არსებობს. ბავშვებით ვაჭრობა ადრეც ძალიან ხშირი იყო და ახლაც აქტუალური თემაა. „ყოველწლიურად მსოფლიოში  ათობით ათასი ბავშვი იკარგება… ვარაუდობენ, რომ ეს ხდება ორგანოებით ვაჭრობის მიზნით ანდა ადამიანის სხეულით მოვაჭრეებს უვარდებიან ხელში”, – წერს დაჩა მარაინი. ადამიანებით, მათ შორის, ბავშვებით ვაჭრობა მონათმფლობელობის უძველესი ეპოქიდან დაიწყო, როცა ადამიანებს, როგორც ნივთებს, ისე ეპყრობოდნენ. ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, როცა ბავშვებით ვაჭრობა სახელმწიფო დონეზე იყო დაკანონებული.

რომის იმპერიის ძლიერების ხანაში მამას უფლება ჰქონდა საკუთარი შვილი მონად გაეყიდა, გაყიდულ ბავშვებს პროსტიტუციასა და მათხოვრობას აიძულებდნენ. ბავშვთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ძირითადად, ოჯახის მხრიდან ყურადღებას, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები არიან, რომლებიც პრობლემებით სავსე ოჯახებიდან ალალბედზე ქალაქში მიდიან და ტრეფიკიორთა ხელში ხვდებიან. ხშირად კი ბავშვებს, როგორც ზემოთაც ვთქვით, თვითონ მშობლები ყიდიან მერკანტილური მიზნით. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა უმწვავესია მთლიანად მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, სამწუხაროდ.

ბავშვთა ტრეფიკინგი გავრცელების მასშტაბით, საშიშროების ხარისხითა და არალეგალური სახსრების ოდენობით, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ, მესამე ადგილზეა. საქართველოში ამას ღრმა ფესვები აქვს – ვაჟებს მეომარ მამლუქებად, გოგონებს კი ჰარამხანებისათვის ზრდიდნენ და ამ სასტიკ საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი არა მარტო უცხო ჯურისები, არამედ თვითონ ქართველებიც. ძველი ტექნოლოგიების მხოლოდ მოდერნიზება მოხდა, ბავშვებით ვაჭრობის გზით მიღებულმა უზარმაზარმა შემოსავლებმა კი უსასტიკესი წესები დანერგა – მსხვერპლი ბოლომდე გამოიყენება, შემდეგ კი მას, უბრალოდ, როგორც უსარგებლო ნივთს, სანაგვეზე მოისვრიან ხოლმე.

ბავშვი დაუცველი არსებაა და ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია მის სიცოცხლესა და ბედზე. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ტრეფიკინგი არაა. ამიტომ აუცილებელია, ადამიანები ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, თუ რა არის ამ მოვლენის არსი და როგორ უნდა დაიცვან მისგან თავი.

თუნდაც ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას უამრავი რამ უდევს საფუძვლად. მათ შორისაა: სექსუალურ მომსახურებათა მოხმარების გაზრდა; გართობის ინდუსტრიის ჩამოყალიბება; სოციალურ-ეკონომიური პრობლემები; გენდერული უთანასწორობის პრობლემები და ა.შ.

სწორედ ამ უმძიმეს, ერთგვარად ტაბუდადებულ პრობლემაზე საოცარი დელიკატურობით ჰყვება სახელგანთქმული იტალიელი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, პოეტი, დაჩა მარაინი, რომლის შემოქმედება მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. მწერალს მოპოვებული აქვს არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 2014 წელს კი ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი. სამწერლო მოღვაწეობასთან ერთად, დაჩა მარაინი სამოქალაქო აქტივისტიცაა, ქალების, ლტოლვილთა და უმცირესობათა უფლებების დამცველიც, რასიზმისა და ისლამის დემონიზაციის წინააღმდეგ ამხედრებული. მის წიგნში „გოგონა და მესიზმრე კაცი” სწორედ ზემოთქმული პრობლემებია წამოჭრილი და თუ მასზე ადამიანები, ჩვეულებრივ, საუბარს ერიდებიან, დაჩა მარაინი უშიშრად გვიყვება მსოფლიოს ამ დიდი ჭირის პერიპეტიებზე და მხატვრულ ქსოვილში გადააქვს მძიმე რეალობის ამსახველი ნიუანსები.

ამ წიგნს დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე აქვს, მაგრამ ბოლოს მკითხველი ხვდება, რომ ეს მწერლის ლიტერატურული ოსტატობაა. „დემოკრატია ნიშნავს, გჯეროდეს ქვეყნისა, რომელიც მოქალაქეებისგან შედგება და არა _ ხელქვეითებისგან”, სწორედ ასეთი მოქალაქეა ნაწარმოების მთავარი გმირი, მასწავლებელი ნანი საპიენცა. ბავშვებსაც შთააგონებს, რომ იმ მოცემულობას, რომ დიდს შეუძლია პატარა გასრისოს, არასდროს შეეგუონ.

როგორც მწერალი წერს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არსად ასწავლიან, თვით ეკლესიაშიც კი და მისი აღმოჩენა ყოველი ჩვენგანის პრეროგატივაა. სწორედ ამას ასწავლის იგი ბავშვებს, რომლებიც, აღიარებულია, რომ ხშირად გვეხმარებიან ამ ჭეშმარიტების აღმოჩენაში, რადგან მასთან ჩვენზე ახლოს არიან ალღოთი თუ შეურყვნელი სულიერი მდგომარეობით. ბავშვები მართლა უცოდველნი არიან, როგორც რუსოსა თუ ავტორს მიაჩნიათ, თუ სრულყოფილი არაფერია ჩვენს წუთისოფელში? მაგალითად, რიჩარდ ჰაუზი თავის წიგნში „ციკლონი იამაიკაში” გვიხსნის, რომ „ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ატარებენ ყველა ადამიანურ ნაკლს და მათი უმანკოება მდგომარეობს მხოლოდ გასაოცარ სიმყიფეში, რომლის დასაცავადაც იმთავითვე ეუფლებიან დაფარვის, თავის მოჩვენების, თამაშის იშვიათ ხელოვნებას და ოსტატურად მალავენ საკუთარ სისუსტეს”. ასეა თუ ისე, მასწავლებლის დანიშნულებაა, გეზი მისცეს მათ სულიერ თუ შეგნების ზრდას და ეს პროცესი შებრუნებულ სახესაც იღებს – როცა პატარა იქით გამოდის ჩვენთვის ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელი.

„სამართლიანობა არც დანით მიიღწევა, არც ხმლით”, თუმცა მას ჩვენი დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდება. ამ განცდის გარეშე სრულყოფილი ვერაა ჩვენი ადამიანურობა და ბოროტ მითს „რაც მე არ მეხება, რა ჩემი საქმეა” სწორედ სამართლიანობის შეგრძნება ამსხვრევს. სწორედ ამას აღვივებს თავის მოსწავლეებში მასწავლებელი საპიენცა, რადგან ბავშვებმა ზოგჯერ „დიდებივით” უნდა იაზროვნონ და მათ ეს ძალიანაც მოსწონთ.

წიგნში ვეცნობით აღმოსავლეთის საროსკიპოში გაყიდულ პატარა ფატიმას, რომლის სიცოცხლის ფეთქვასა და გადარჩენას იმედად გვიტოვებს მწერალი და ბნელი, დახშული სარდაფის ოთახში გამოკეტელ, მოტაცებულ რვა წლის ლუჩიას, რომელიც ყველას გარდაცვლილი ჰგონია, გარდა ნანი საპიენცასი. მას პატარა გოგონა წინასწარმეტყველურ სიზმრებში ესიზმრება, როგორც მისივე ტოლი ლეიკემიით გარდაცვლილი შვილის მეორე „მე”. მასწავლებელიც არ კარგავს იმედს, რომ ლუჩია ცოცხლია და მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებლად იძიებს სამართალდამცველების მიერ უკვე შეწყვეტილ საქმეს. გოგონა მის სიზმრებში იდუმალია და მისტიკური: „ვფიქრობ, რომ იგივე იერი ჰქონდა ღვთისმშობელს, როცა ლურდის პატარა მწყემს გოგონას გამოეცხადა, თვითონაც ძალიან ახალგაზრდა, დედა-ბავშვს ჰგავდა, ნაზი და მორიდებული, თავზე დახვეული ნაწნავებით, მწყობრი, მიმზიდველი, ფერმკრთალი სახით, შავი, კრიალა, ცნობისმოყვარე თვალებითა და მუხლამდე ცისფერი კაბით. გარგრის ღვთისმშობელი” (228).

საპიენცას დირექტორის არ იყოს, მეც შევფიქრიანდი, როცა რეზო ინანიშვილის ერთ-ერთი მოთხრობის ახსნისას ერთმა ჩემმა მოსწავლემ იუკადრისა – სიკვდილზე სახლში არ მელაპარაკებიანო. „რატომ იწყება ყველა ზღაპარი უწყვეტელ დროში: იყო და არა იყო რა?”, სვამს კითხვას მასწავლებელი ნანი საპიენცა. ჩვენც ვუპასუხოთ, რადგან, მგონია, ეს კითხვა მის მკითხველებსაც გვეხება. ზღაპარში, მართლაც, სიმბოლურ დროში შევდივართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ რეალობას გავექცეთ და როგორც ბუდას ცხოვრებაშია, თვალუწვდენელ კოშკში გამოვკეტოთ პატარები, რომ მათ არ იცოდნენ, რა არის ავადმყოფობა, სიბერე, სიკვდილი. ეს სირაქლემას პოზაა, თავის გაბითურება – განა, ერთ დროს მათთან არ მივა სამივე?! უბრალოდ, ზღაპარმაც და წუთისოფელმაც მათ ტკივილზე გამარჯვება უნდა ასწავლოს, სიკეთის მარადი ძლიერების რწმენა ჩაუნერგოს. ისე დამარცხდებიან. მათ უნდა იცოდნენ თუნდაც „პითაგორული” მორალიც: „შენ თავისუფალი ხარ, თუ გსურს, რომ შემწვარი ქათამი ჭამო და მე თავისუფალი ვარ იმ აზრის გამოთქმაში, რომ საქონლის ხორცის ასეთი გამალებული მოშენება დიდად არ განსხვავდება ნაცისტთა მასობრივი მოსპობის ბანაკებისგან და ცხოველებს მაშინაც, როცა ხოცავენ და ანაწევრებენ ჩვენს სუფრაზე მოსატანად, უფლება აქვთ სიცოცხლეში ხანმოკლე ბედნიერება და თავისუფლება მივანიჭოთ, გალიებში არ გამოვკეტოთ, სწრაფი წესით არ დავასუქოთ და წამლებით არ გავჭყიპოთ, რადგან ხშირად ტუბერკულოზით ავადდებიან… ისე, ალბათ, საჭიროა, ყველამ უყუროს, რა ხდება სასაკლაოზე, რათა გაიზიაროს ცხოველების ტანჯვა, როგორ გულცივად კლავენ მათ ადამიანები, შვილებს დედების წინ, მამებს შვილების წინ“ (313).

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სულიერი მოწამეობაც არსებობს, როგორც ამბობს ნაწარმოების ერთი პერსონაჟი, მღვდელი დონ ანტონიო. მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს „გარდაცვლილი ადამიანების ფუსფუსა და უაღრესად ჰუმანური საუფლო”, თითქოს სწორედ ეკლესიის, ცისკენ თვალებაპყრობილ, ფერმკრთალ წმინდა ლუჩიას ხელში პატარა ლანგარზე დადებული, მრგვალი, ცისფერი თვალებით („რომელთა გუგები ისე იყურებიან, თითქოს ხედავდნენ და ესმოდეთ კიდეც, თავისგან დამოუკიდებლად” 234), რომლებიც ჩვენ შიგნით იმზირებიან, როგორც ზნეობრივი ორიენტირები; რომ ხანდახან ბრძოლაცაა საჭირო, რომ „ჭირი იქ იყოს და ლხინი – აქ”.

ბავშვებთანაც, ერთობლივად, ჩვენ ისეთი სამყარო უნდა ავაშენოთ, რომელშიც ყველა გოგონა და ბიჭი შეძლებს საკუთარი ბავშვობით – თამაშითა თუ აღმოჩენებით ტკბობას; რომელშიც ისინი ეყვარებათ, პატივს სცემენ, მათ უფლებებს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას დაიცავენ, რომელშიც მათ ექნებათ ღირსება და მომავლის რწმენა.

დაბოლოს, რატომ იხედება ორფეოსი უკან? იმიტომ, რომ ნდობა, სიყვარული შეინარჩუნოს.

ზოგადად, განვლილია გასავლელის სიმყარე…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...