პარასკევი, ივნისი 6, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

საით მოტრიალდება ბერკეტი? – კვლევითი სამუშაო ფიზიკაში

0

მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება: რა მეთოდი გამოვიყენე, რა დამეხმარა იმაში, რომ მოსწავლეებს სიღმისეულად შეესწავლათ ბერკეტის წონასწორობის პირობა და ძალის მომენტი, რა სახის კვლევითი სამუშაო დავგეგმე და განვახორციელე საგაკვეთილო პროცესში და რა შედეგი მივიღე.

დავალების მიზანი იმის გარკვევაა, რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა შესწავლილი მასალა, შეძლებენ თუ არა დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას და შემდგომ მსგავსი კვლვის დამოუკიდებლად შესრულებას.

ეს დავალება შეგვიძლია ჩავრთოთ კომპლექსური დავალების პირობაში, რადგან მოიცავს მსჯელობას, ცოდნის საფუძველზე ვარაუდის გამოთქმას, აზრობრივი ექსპერიმენტის ჩატარებას, ამ ექსპერიმენტის შედეგების ორგანიზებას (ცხრილის სახით გადმოცემას) და საბოლოო დასკვნების გამოტანას.

მოცემული საკითხის სწავლებისას მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ვირტუალური ლაბორატორია და მოსაწვლეებს აცვლევინოს და განათავსებონის სხვადასხვა მასის სხეულები (საგნები) – https://phet.colorado.edu/sims/html/balancing-act/latest/balancing-act_en.html. ასევე შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესში ck.1-ის სიმულაციის ჩართვა – https://bit.ly/337LrFa

 

სამუშაოს დაწყებამდე სასურველია ჩავატაროთ ზეპირი გამოკითხვა:

  • რა პირობებში იწვევს სხეულზე მოქმედი ძალა მის მობრუნებას ღერძის გარშემო?
  • დამოკიდებულია თუ არა ძალის მაბრუნებელი მოქმედება ძალის მოდულზე/მიმართულებაზე?
  • რას ნიშნავს „სხეული წონასწორობაშია“?

და ა.შ.

ეტაპი 1. ნახაზის მიხედვით ამოხსენით ამოცანა

მოცემულია ბერკეტი, რომელზეც მოქმედებს 4 ძალა – F1, F2, F3, F4. გვაინტერესებს, საით მოტრიალდება ბერკეტი – საათის ისრის მიმართულებით თუ საპირისპიროდ, თუ სულაც წონასწორობაში დარჩება. საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოდებული F1 და F2 ძალების მხრები, შესაბამისად, არის d1 და d2, ხოლო F3 და F4 ძალებისა – d3 და d4. (ნახ1)

მოსწავლეებმა იციან, რომ ძალის მაბრუნებელი მოქმედება დამოკიდებულია ძალის მოდულზე, ძალის მოდების წერტილსა და მიმართულებაზე, ასევე იციან ძალის მაბრუნებელი მომენტი ბრუნვის ღერძის მიმართ. იციან, რომ ორი ძალის მოქმედებისას ბერკეტი გაწონასწორებულია, როდესაც ეს ძალები ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებით მობრუნებას და ძალების მოდულების შეფარდება მათი მხრების შებრუნებული შეფარდების ტოლია. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ბერკეტზე მოქმედებს არა ორი, არამედ რამდენიმე ძალა, საით მოტრიალდება ბერკეტი? დარჩება თუ არა წონასწორობაში?

შემდეგ სიმარტივისთვის ვიღებთ მცირე მასებს და მოსწავლეებს ვთხოვთ, შეავსონ შემდეგი ცხრილები საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის:

და საათის ისრის მიმართულებით მოძრაობისთვის:

ამ ცხრილების შევსების შემდეგ მოსწავლე დაინახავს, რომ M1=10 ნმ და M2=20 ნმ, ე.ი. საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით მომენტი M*=30 ნმ, ხოლო საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით M3=20 ნმ და M2=20ნმ და M**=40 ნმ.

მოსწავლეს გამოაქვს შემდეგი დასკვნა: M**> M*, ამიტომ ბერკეტი საათის ისრის მიმართულებით მოტრიალდება.

განმტკიცებისთვის ამ ტიპის ამოცანას ვიმეორებთ რამდენჯერმე (ნახ.1). შეგვიძლია შევცვალოთ ძალების რაოდენობა და მიმართულება. შევასრულოთ შესაბამისი ნახაზები და მოსწავლეებს ვთხოვოთ, დამოუკიდებლად სცადონ ამოხსნა.

ეტაპი 2. ნახაზის მიხედვით შეადგინეთ მსგავსი ამოცანა

მოსწავლეებს ვთხოვთ, იმავე ნახაზის მიხედვით შეადგინონ მსგავსი ამოცანა და შეავსონ შესაბამისი ცხრილები:

ეტაპი 3. დამოუკიდებელი სამუშაო

მოსწავლეს მოეთხოვება, შეარჩიოს ისეთი რიცხვები, რომ ბერკეტი წონასწორობაში აღმოჩნდეს. ამ ეტაპის შესრულება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის.

 

ვფიქრობ, აღნიშნული საკითხის ასეთი სახით წარმოდგენა სწავლებას გაგიადვილებთ და სიამოვნებით გამოიყენებთ ჩემს გამოცდილებას საგაკვეთილო პროცესში.

მამო (მამაჩემზე, რომელიც 19 ივნისს დაიბადა)

0

მამო, ჩქარა, ჭერს ხელი აკარი! – შემომძახა მამაჩემმა და მართლა ჭერამდე ამისროლა. მე 4 წლის ვიქნებოდი, ის 35-ის.

მართალია, ჭერამდე ასროლა იღლიებს მტკენდა, მაგრამ ფრენა უფრო საინტერესო იყო. ზემოდან ჩვენი ღარიბული ავეჯიც სხვანაირი ჩანდა, ქერა დედაჩემიც, ტაშს რომ შემოჰკრავდა. ფრენისგან, ცოტა შიშისგან და ცოტა აღფრთოვანებისგან გულიც შემიტოკდებოდა ხოლმე. არსებობდა კაცი, რომელიც, თუ საჭირო გახდებოდა, ცამდე ამაფრენდა. ამ კაცს ღონიერი ხელები და კარგად შეკრული სხეული ჰქონდა. ყოველ დილით რძეში არეულ ხაჭოს მიირთმევდა, სხვა მამებივით სიგარეტს არ ეწეოდა, სამსახურიდან მოსვლას არასდროს აგვიანებდა, ფეხბურთს ხმამაღალი შეძახილებით უცქერდა და ფოტოგრაფიით იყო გატაცებული.

თუ მამო კარგ ხასიათზე იყო, მე და დედაჩემს სამხედრო ზურგჩანთებს აგვკიდებდა და ხან მთა-ბარში სასეირნოდ, ხანაც სოკოზე წაგვიყვანდა. ზოგჯერ მის ნათესავებსაც ვსტუმრობდით, მეზობელ ქუჩაზე, იშვიათად – ისინიც.

ჩვენ სამნი – მამო, მე და დედა ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, მე ზამთრების – ახალი წლის, თოვლისა და ჩემი დაბადების დღის ნატვრით, მშობლები – ზაფხულის შვებულების მოლოდინში. შვებულებების დროს არავინ არაფერზე ჩხუბობდა და ოჯახში იდილია იყო.

თავიდან ჭერამდე ასროლების გამო მამო მიყვარდა, მაგრამ მამა-შვილური გაგება მაშინ დასრულდა, როდესაც ამ ღონიერი და თითქოს საიმედო ხელების, უფრო სწორად მუშტად შეკრული ხელების, სიმძიმე საკუთარ თავზე ვიწვნიე. მიუხედავად იმისა, რომ გალეული და ხშირად მოავადე ბავშვი ვიყავი, მამოს ეს არ აჩერებდა. თუ სკოლის ფორმა კარადის გარეთ დამრჩებოდა, მის რისხვას ვეღარაფერი გადამარჩენდა. მამოს სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა. უფრო სწორად, ისე გამირჩევდა საქმეს, როგორც თანატოლ კაცს. ვოცნებობდი, სხვა ურჩი ბავშვებივით მეც კუთხეში დავეყენებინე ან იმით დავესაჯე, რომ ეზოში სათამაშოდ არ გავეშვი. მაგრამ, არა. ყურს თუ მიწევდა, ლამის ახევამდე ამიწევდა და თუ სილა მომხვდებოდა, ისეთი იყო, რამდენიმე წამით სამყაროს ვეთიშებოდი.

ფანქარს ცუდად თუ გავთლიდი, ჭურჭელს უნაკლოდ თუ არ გავრეცხავდი ან მაგიდაზე გადაშლილი სახელმძღვანელოები დამრჩებოდა, იქ ამბავი დატრიალდებოდა – მტრისას და ავისას. ტირილიც კი ხმადაბლა ვისწავლე, რომ არავის გაეგო.

თუმცა, როგორც კი ბრაზის ქარიშხალი ჩადგებოდა, საბანს თავზე წავიფარებდი, რომ რაც შეიძლება მალე დამვიწყნოდა დღევანდელი დღე. მამო ლოგინთან ჩამომიჯდებოდა და მშვიდად განმიმარტავდა „რატომაც მომხვდა“. ეს განმარტებები აღარ მაინტერესებდა. უსამართლობად მიმაჩნდა, რომ ჩემზე ღონიერი კაცი მერეოდა, მერე რა, რომ მამო იყო. შურისძიების წყურვილი მკლავდა.

სათამაშოების უჯრაში ყოველთვის ვინახავდი ჩანთას, სადაც სახლიდან გასაქცევი ნივთები მედო. წესით, დედაჩემთან ერთად უნდა გავქცეულიყავი, შესაძლოა ძალიან შორს, დედას სამშობლოში – უკრაინაში, სადაც ჩემი კეთილი ბებია-ბაბუა დამხვდებოდა. მაგრამ დედა გაქცევას არსად აპირებდა. თუ ჩემსა და მამოს სკანდალს შეესწრებოდა, თავგანწირვით მიცავდა. ეგ იყო და ეგ.

ვიზრდებოდი და სახლიდან გასაქცევ საგზალს ვაახლებდი, მაგრამ მოზარდობაში მივხვდი, რომ მეც ვერსად გავიქცეოდი და ბედს დავნებდი. მამოც უფრო ლმობიერი გახდა. თუმცა, კვლავ მიაჩნდა, რომ მოზარდის სწორად აღზრდის მეთოდები უმკაცრესი უნდა ყოფილიყო. ურჩი მოზარდი ცხოველივითაა, ორჯერ რომ ეტყვი და ვერ გაიგებს, უნდა დააშინოო, იტყოდა ხოლმე და ფეხიფეხგადადებული გაზეთის კითხვას გააგრძელებდა. ქვეყნის გაზეთებს და ჟურნალებს იწერდა. ისიც მოსწონდა, მე რომ ბევრს ვკითხულობდი. მე კი სულ ვკითხულობდი და ვკითხულობდი. წიგნით, როგორც ფარით, მამოს მძიმე ხელიც მომიგერიებია.

ცოტა შორს დაიჭირე წიგნი კითხვის დროსო, მეტყოდა, მხედველობა ყველაზე მთავარიაო. მხედველობის დაკარგვის შიში მამომ ისე ჩამისახლა, ახლაც სიმსივნეზე მეტად მეშინია. ეზოში ჩასვლის წინ, მამო საჩვენებელი თითით მომიხმობდა ხოლმე და მურაბიდან ერთ კაკალს ამოიღებდა, შემაჭმევდა და იტყოდა, კაკლის მურაბა თვალებისთვის კარგიაო.

ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ორი მამო მყავდა. ერთი დაუნდობელი და სულელურ წვრილმანებს გამოკიდებული, მეორე კი დემოკრატიული და მხიარული. მამო არასდროს მიმოწმებდა დღიურს, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ჭკვიანი მოსწავლე ვიყავი და ჩემი გაკონტროლება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. თუ დახმარება დამჭირდებოდა, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში, სიამოვნებით მიზიარებდა თავის მრავალმხრივ ცოდნას. მერე საუბარიც გაგვიგრძელდებოდა და ჩემს ამბებს ვუყვებოდი. ყურადღებით მისმენდა და ბოლოს მეტყოდა, კი იცი შენ ადამიანის დაინტრიგებაო.

მამო არც ღობეებსა და ხეებზე ძრომიალს მიშლიდა, არც ქუჩის ცხოველების მოშინაურებას. ოღონდაც რამის მიმართ ინტერესი გამომეჩინა და გიჟივით მქომაგობდა. ორკვირიან საზაფხულო ბანაკში გადახიზნულს კი დიდი ხნის უნახავი ძმაკაცივით მხვდებოდა და მეკითხებოდა – ჰა, ხომ არავინ გჩაგრავს. მე არც არავინ მჩაგრავდა, მამოს გარდა. სულ მინდოდა ეს მისთვის მეთქვა და ვერ ვეუბნებოდი.

მამოს სადამსჯელო პოლიტიკამ მაიძულა ჩემი სამყარო შემექმნა, სადაც მოწყენილობის ჟამს გავიხიზნებოდი, ყველა უფროსს უჩინარ კარს მივუკეტავდი და საკუთარი თავის რეანიმირებას სწრაფად შევძლებდი. ამ სამყაროში უამრავი ფირფიტა და წიგნი მქონდა. ეზოშიც, მგონი, ყველაზე მარდი ბავშვი ვიყავი, თან ყველა დაჩაგრულს გულში ვიხუტებდი. სულ ვფიქრობდი, რომ სხვა ბავშვებსაც მემუშტიკრივე მამოები ჰყავდათ და თქმას ვერ ბედავდნენ…

მახსოვს, რომ ყველაზე კარგ ხასიათზე მამო ფოტოების გამჟღავნების დროს იყო. წითელი განათებით ლაბორატორია სააბაზანოში მოიწყო, უქმეებზე იქ საათობით იჯდა და თავის ფირებს უკირკიტებდა. მე და დედაჩემსაც გვიხაროდა, ჩვენთან სკანდალისთვის აღარ ეცალა.

მამოს ბალეტის ყურებაც უყვარდა, ტელევიზორითაც და ისეც. მაშინ ტელეპროგრამები გაზეთებთან ერთად იბეჭდებოდა. ერთი კვირით ადრე მამო კალმით მონიშნავდა სანახავ სპექტაკლებს და ზოგჯერ ყურებისას ცრემლიც კი სდიოდა. მამოს ასეთი გარდასახვა ძალიან მეუცნაურებოდა და მეც ვცდილობდი, ჩავღრმავებოდი ბალეტს, იქნებ იქ მენახა მამოს გულის მოლბობის უცნობი გასაღები.

რა თქმა უნდა, მამო ბალეტს მე და დედასაც გვაზიარებდა. 80-იანი წლების აბსოლუტურად ყველა სპექტაკლი გვქონდა ნანახი. ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩემთვის სახლივით იყო. მამოს თეატრში ერთგულ მაყურებლად იცნობდნენ. ზოგჯერ ჩემთან ერთად კულისებში შესვლასაც ახერხებდა, რომ იქიდან მეყურებინა სპექტაკლისთვის, სხვა რაკურსით. მეც ფარდის ნაოჭებში გავეხვეოდი, არავისთვის ხელი რომ არ შემეშალა და სუნთქვაშეკრული ვაკვირდებოდი მოცეკვავეებს. ზოგი თავის პუანტებსაც მჩუქნიდა.

მაგრამ ყველაზე მეტად საორკესტრო ორმო მომწონდა, ხავერდის რბილი მოაჯირებით. მამოც მიყვებოდა, როგორ იწერება მუსიკა, რომ ყველა ინსტრუმენტს თავისი ჟღერადობა აქვს და რომ არა დირიჟორი, მუსიკა თავის კალაპოტს ვერ მონახავდა.

ბოლოს, ბალეტზეც შემიყვანეს. მამო ჩემ მიმართ კიდევ უფრო მეტად ლმობიერი გახდა. ბალეტზეც თვითონ დავყავდი. მოსაცდელშიც მელოდა. სახლში რომ ვბრუნდებოდით, გზად თონის ცხელ პურს იყიდდა და ხრაშუნა მხარეს მომიტეხდა, რომ არ გავსუქებულიყავი. გავსუქდი კი არა, ბალეტმა ისე გამახდუნა, ფეხზე ძლივს ვიდექი. მამოსაც ეგ უთხრეს, ძალიან სუსტიაო, მეტი ვარჯიში დასჭირდებაო. მე კი მეტი აღარ შემეძლო.

მამოს იმედი გავუცრუე და ეს ძალიან მაშინებდა. მაგრამ, საბედნიეროდ, აქ მეორე, ლმობიერმა მამომ „გაიღვიძა“ და თქვა, ბავშვს რაც მოსწონს და გამოსდის, ის უნდა აკეთოსო. ასე აღმოვჩნდი პიონერთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში, სადაც სკოლის დამთავრებამდე დიდი ენთუზიაზმით ვიარე. ესეც მამოს დამსახურება იყო, რომელმაც ბაკურიანში ჩემი ჩანაწერების რვეული იპოვა, სადაც ტესტები ნახატებით გამეფორმებინა.

მამოზე ისტორიებს შორს რომ არ შევყვე, ხმამაღლა არასდროს გამიმხელია და ახლა მინდა ვთქვა – ის ჩვეულებრივი სახლის ტირანი იყო, შესაძლოა, ბიპოლარული აშლილობითაც და ბავშვური ტრავმებით, რასაც მისი ახლახან ნაპოვნი დღიური მოწმობს. მამოს დედა, ბებიაჩემი, რომელიც არასდროს მენახა, ბაღის მასწავლებელი იყო. ის ერთადერთ შვილს სიმკაცრეში ზრდიდა. სამსახურში წასული ხშირად სახლში ჩაკეტილსაც ტოვებდა, რომ ბავშვი არ გაქცეულიყო და ტრამვაის არ ემსხვერპლა. ბაბუა, ბებიაჩემის ქმარი, მეორე სამამულო ომიდან არ დაბრუნებულა. მამოს ის არასდროს ენახა, ამბობენ, ფიზიკა კარგად ესმოდა და გიტარაზე უკრავდაო.

ამ ყველაფრის გასაჯაროება ალბათ მამოს გულს დაწყვეტდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მაგრამ ოთხი წლის წინ თბილისის ზღვის სასაფლაოს მივაბარე.

თუმცა, არ ვიცი… იქნებ ამ დროს მეორე – დემოკრატიულ მამოს „გაღვიძებოდა“, რომელიც იტყოდა „რას იზამ, სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს ის, უნდა ითქვას. ბოდიში, შვილო“.

 

 

ინტერვიუ ნანა დიხამინჯიასთან განათლების პოლიტიკის საკითხებზე

0

ის, რომ სასკოლო განათლების სისტემაში კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების სერიოზული დეფიციტია, არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ის რესურსი, რომელიც გვაქვს, ვფიქრობ, სათანადოდ გამოყენებული არ არის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არაერთი განათლების მკვლევარი თუ სპეციალისტია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული და სხვადასხვა ქვეყნისა თუ სისტემის განვითარებაზე მუშაობს, მაგრამ საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში მათი როლი, მონაწილეობა და მით უმეტეს გავლენა – მინიმალურია.

გარდა ამისა, ძალიან იშვიათად თუ იწერება სისტემის განვითარების ალტერნატიული მოსაზრებების შესახებ. შესაბამისად, გადავწყვიტე მომდევნო რამდენიმე სტატიაში შემოგთავაზოთ იმ ადამიანებთან ინტერვიუები, რომელთა მოსაზრებებიც მასწავლებლებისა და სასკოლო თემისათვის საინტერესო უნდა იყოს და ვისი გამოცდილებაც ნამდვილად გასათვალისწინებელია.

პირველი ინტერვიუ იქნება ნანა დიხამინჯიასთან, რომელიც mastsavlebeli.ge-ის მკითხველისათვის უცხო ნამდვილად არ არის, რადგან ბევრი წლის წინ ისიც წერდა სტატიებს ინტერნეტგაზეთისათვის.

 

ნანა, გთხოვთ, რომ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, საინტერესო იქნება აფხაზეთის ომის გამოცდილებებიც:

14 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო… მახსოვს, 1992 წლის სექტემბრის შეთანხმების დროს, დედაჩემმა, რომელიც თან მასწავლებელი იყო და თან სასწავლო ნაწილის გამგე, ყველა ჩემს კლასელს ჩამოურეკა და სკოლის დასალაგებლად შეგვკრიბა, რადგან ჭურვებს მინები ჩაემსხვრია და სკოლის წინ ნამსხვრევები ეყარა.

19-ში უკვე შეუძლებელი იყო იქ გაჩერება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სახლი ძალიან ახლოს იყო ქალაქის შესასვლელთან. გამოვიქეცით. მახსოვს, ჯერ სატვირთო მანქანაზე, მერე – რაღაც ამწეზე ვისხედით, პურის მანქანაზე და ა.შ.

28 თენდებოდა, როცა სვანეთით წამოვედით. შემდეგ, აბაშაში ჩავედით დეიდაჩემთან და ვფიქრობდით, რომ იქ უნდა გვეცხოვრა. თუმცა, მალე სოხუმის უნივერსიტეტი გაიხსნა თბილისში, სადაც მამაჩემი პროფესორი იყო და დედაჩემის ბიძაშვილის დაჟინებული მოთხოვნით თბილისში წამოვედით. სწორედ მან შეგვიფარა ერთი წლით მთელი ოჯახი. დღემდე ძალიან ვემადლიერები, რადგან ვერ მივიღებდი იმ გამოცდილებას და შესაძლებლობებს, რაც მივიღე…

დავამთავრე სოხუმის უნივერსიტეტი, გამოთვლითი მათემატიკის მიმართულებით და მერე დავიწყე გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობა. ჩემი ქმარიც იქ გავიცანი. ინსტიტუტში სულ ერთი კომპიუტერი იდგა და, რომ შევედი, გვითხრეს, აი, ეს არის კომპიუტერი და შენ და მიშამ უნდა გაიყოთო. ჰოდა, კარგად გავიყავით, ასე გამოვიდა.

2004-2012 წლებში ვმუშაობდი გეოგრაფიკში. ჩემმა მეუღლემ 2003 წელს დაიწყო და მე 2004-ში შევუერთდი. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, რადგან მაშინ ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ტექნოლოგიები. მაგალითად, მე ვიყავი ჩართული ისეთ პროექტებში, სადაც ქალაქების ციფრულ გენგეგმებს აკეთებდნენ – თბილისის, ბათუმის, აბასთუმნის, ფოთის. ბევრი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისთვის ვქმნიდით და ვნერგავდით ციფრულ სისტემებს. ამიტომ ბევრი სფეროს შესწავლა მომიწია და ამისათვის გეოგრაფიკს ძალიან ვემადლიერები. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაშიც, რომ საჯარო რეესტრი ფურცლიდან სისტემაზე გადავიდა და ესეც ძალიან საინტერესო პროცესი იყო.

სამწუხაროდ, მიუხედავად მაშინდელი წინსვლისა, სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის კუთხით კვლავ უამრავი გამოწვევა გვაქვს. ეს რომ განათლების სისტემას დავუკავშიროთ, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია კონკრეტულად სკოლების სივრცითი ანალიზის გაკეთება. განვითარებულ ქვეყნებში ეს არის ის, რაც 20 წელია გამოიყენება, ანუ 20 წლით ვართ ჩამორჩენილი. ამ დროს, 2012 წელს სულ სხვა გეგმები ჰქონდა ქვეყანას.

პროფესიას რომ შევეხო, ტექნოლოგიების მიმართულებით ვმუშაობ მრავალი წელია. თუმცა, გარკვეული დროის წინ მივხვდი, რომ პროფესიით disruptor, ანუ შემარყეველი ვყოფილვარ. ეს არის ადამიანი, რომელიც ორგანიზაციაში უყურებს, რომელი პროცესია გაუმართავი, რომელი არ მუშაობს და რა არის შესაცვლელი. ამბობენ, რომ ეს მიმართულება თუ ამ ტიპის ადამიანები, ახლო მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იქნება, რადგან ესაა ციფრული ტრანსფორმაციის საფუძველი.

 

გადავიდეთ განათლების პოლიტიკის საკითხებზე. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვთ, რაც ალბათ გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი პერსპექტივიდან შეაფასოთ განათლების სისტემა. ამ შემთხვევაში, სასკოლო განათლების სისტემაზე ვკონცენტრირდეთ. რას პრობლემებს გამოყოფდით არსებულ სისტემაში?

დაგეთანხმები, რომ საქართველოში არსებობს გამოცდილი ადამიანების რესურსი, რომელსაც სისტემა არ იყენებს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში სისტემა დახურულია. ჭკვიანი ადამიანების რესურსების გამოყენებისათვის სისტემა გახსნილი უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, აკეთო პატარა საქმე, ისეთი, რასაც ხელშესახები შედეგი ექნება და თან შენს თავთანაც მართალი იქნები და რეპუტაციულ ღირსებასაც შეინარჩუნებ.

სამწუხაროდ, მშობელთა განათლების კუთხითაც მინიმალური ინიციატივები თუ გვაქვს. არადა, რეალურად, მშობლების დიდი ნაწილი არ იცნობს თანამედროვე განათლებას და ისევ ორიენტირებულია ძველ მეთოდებზე. სხვათა შორის, ამ მხრივ, მედიას შეიძლებოდა ძალიან დიდი როლი ეკისრა, მაგრამ ძალიან ცოტას აკეთებს ამ მიმართულებით.

მშობლების მხრიდან ნაკლებია როგორც მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში, ასევე მოთხოვნა გამოსწორებისათვის. მე პირადად ვერ წარმომიდგენია სკოლებში ისეთი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა იყოს, როგორიც არის და მშობლები არ ითხოვდნენ მის გამოსწორებას. არადა, აქ ხომ ბავშვის საბაზისო უფლებაზეა ლაპარაკი. უამრავ სკოლაში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა უბრალოდ ადამიანის ღირსების შემლახავია. ელემენტარულ ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებზეა საუბარი.

ისევ მშობლებზე რომ გავაგრძელოთ, მათი ნაკლები ჩართულობის პრობლემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოხალისეობის კულტურის არარსებობასთან. მახსოვს, ამერიკაში შემხვდა ასეთი პოსტერი – “before you complain, did you volunteer?“. ანუ სანამ რაიმეზე იწუწუნებ, დაფიქრდი, მოხალისედ თუ იმუშავე. სწორედ მოხალისეების დახმარებით იყო, რომ ჩემს შვილს უამრავ წრეზე ვატარებდით, რაც ფინანსურად თითქმის არაფერი მიჯდებოდა. მათი შემყურე მეც ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული მოხალისეობრივი საქმიანობით.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ პოლიტიკას არ ვაწარმოებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებით. ფაქტობრივად, არაფერს ვზომავთ. ავიღოთ განათლების სტრატეგიის სულ ბოლო დოკუმენტი (სამუშაო ვერსია). დოკუმენტს რომ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ არანაირი სტრატეგია ეს არ არის. ეს უფრო სურვილების ნუსხაა.

 

გამოსავალზეც რომ ვისაუბროთ, ამ და სხვა გამოწვევების ფონზე, თქვენ როგორ ფიქრობთ – რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სისტემა?

სკოლის განვითარება თუ გვინდა, პირველ რიგში, უნდა  გადასახედი დირექტორების საკითხი. როგორც ვთქვი, დღევანდელი სისტემა არის ცენტრალიზებული და პოლიტიზებული. შესაბამისად, კარგი დირექტორებიც კი ამგვარ სისტემაში იმდენს ვერ აკეთებენ, რამდენიც შეუძლიათ.

ზოგადად, სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, რომ ფული ოდესმე საკმარისი იყოს, რადგან სულ ახალ-ახალი რაღაცები შეიძლება გააკეთო. მიუხედავად ამისა, წარმოიდგინეთ, საქართველოში არიან სკოლები რომლებიც ფულს ვერ ხარჯავენ და ბალანსზე რჩებათ. ეს უკვე მანიშნებელია, რომ რაღაც სწორად არ მუშაობს.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ, თუ გვინდა საქართველოში რაიმე შეიცვალოს, პირველ რიგში, დირექტორების შერჩევის, მართვისა და განვითარების სისტემაა შესაცვლელი. ამასთან, მათი საქმიანობა უნდა იყოს კარგად ანაზღაურებადი, უნდა ჰქონდეთ თავიანთი რესურსის განკარგვის საშუალება და ავტონომია.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია მასწავლებელი. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ხელფასების ზრდა ხარისხზე გავლენას არ იქონიებს, საბაზო ხელფასი აუცილებლად უნდა გაიზარდოს და მთელი რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი „ბენეფიტები“ უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს. სხვა შემთხვევაში, ახალი კადრები არ შევლენ პროფესიაში. ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და ვიცით, რომ ყველა წარმატებულ ქვეყანაში მასწავლებლობა ღირსეული პროფესიაა. გვაქვს ფინეთის გამოცდილება, სადაც მასწავლებლობისათვის მოითხოვეს მაგისტრატურა, გაზარდეს ხელფასები, დანიშნეს ძალიან მკაცრი გამოცდები და მისცეს მასწავლებლებს ავტონომია, რითაც, საბოლოო ჯამში პროფესია პრესტიჟული გახდა.

ნახევარი დღე მუშაობენო, მასწავლებლებზე როცა ამბობენ, უხერხულია. ჩვენ მათ, ყველაზე მნიშვნელოვანს, ბავშვების განათლებას ვანდობთ. ორ საათზე სახლში რომ მოდის, რამდენი მოსწავლის ნაშრომი უნდა გაასწოროს, მომდევნო დღის გაკვეთილებისთვის ხომ უნდა მოემზადოს?! ჩვენს შემთხვევაში, მასწავლებლები უამრავ საათს ატარებენ, ზოგჯერ რამდენიმე სკოლაში ასწავლიან და ასეთ პირობებში ძალიან რთულია პროფესიულ ხარისხზე იფიქრო. შესაბამისად, შრომითი პირობები აუცილებლად შესაცვლელია, რაც მხოლოდ ანაზღაურებას ნამდვილად არ გულისხმობს.

ამის შემდგომ უკვე უნდა ვიფიქროთ, როგორ ვამზადებთ მასწავლებლებს. მე პირადად საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხით ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. ამ მიმართულებითაც საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ანალოგიური სიტუაციაა გადამზადების კუთხითაც. რეალურად, მასწავლებლის ტრენინგები ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს და  უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა მასწავლებელთა კომპეტენციებზე და მოსწავლეთა მოსწრებაზე.

ამ ყველაფრისათვის, რაც ჩამოვთვალე, საკმაოდ მნიშვნელოვანია არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება. კი, ღარიბები ვართ და ცოტას ვხარჯავთ განათლებაში, მაგრამ რასაც ვხარჯავთ – სწორად უნდა დავხარჯოთ.  ამასთან, საკმაოდ დიდი თანხები გაედინება ქვეყნიდან და მიემართება საერთაშორისო ექსპერტებზე. ანალოგიური ექსპერტიზა ქვეყნის შიგნითაც არსებობს, მაგრამ ნდობის ნაკლებობის გამო მთელი ეს რესურსი სხვაგან მიდის. მაგალითისათვის შეგვიძლია ჩემი მიმართულება, ტექნოლოგიები ავიღოთ. გამოცხადდება კონკურსი, გაიმარჯვებს რომელიმე საერთაშორისო კომპანია, ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერტები, შეგვხვდებიან ადგილობრივ ექსპერტებს და შემდგომ, ჩვენ რასაც ვეტყვით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმავეს მოგვიყვებიან პრეზენტაციის სახით. ანალოგიური სჭირთ სხვა ღარიბ ქვეყნებსაც და ეს მიდგომა ნამდვილად შესაცვლელია.

გარდა ამისა, მე ძალიან მჯერა ქვემოდან ზემოთ წამოსული სათემო ინიციატივების. ამ ქაოსურ სისტემაშიც კი მგონია, რომ ამ ტიპის ინიციატივების მხარდაჭერით რეალური ცვლილებები შეიძლება გვქონდეს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ემპირიული გამოცდილებაა? შესაბამისად, კიდევ ერთხელ, სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია სისტემების დეცენტრალიზება, კვლევების წახალისება და წარმოება.

ფოტო: https://womenofgeorgia.ge/

ცოცხალი რესურსი გაკვეთილისთვის

0

მასწავლებლის პროფესიას სხვა ხიბლთან ერთად ის უპირატესობა აქვს, რომ ,  მოსწავლეები ხშირად ისევ ბავშვობასთან გაბრუნებენ – სხვანაირად ვერ ასწავლი… ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება განსაკუთრებული  პასუხისმგებლობაა. დადიხარ და ფიქრებში დაგყვებიან შენი ლიტერატურული პერსონაჟები: ხან ვასიკო კეჟერაძე გახსენებს თავს თავისი ინტელექტუალური იუმორით; ხან ავთანდილის სიბრძნე: „ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს…“; ხან ქარჩხაძის იგი ხარ; ხან კი ტკივილამდე განიცდი ხევისბერის ტრაგედიას და… ხანაც „ადამიანთა სევდას“ დაატარებ გოდერძი ჩოხელთან ერთად.

მასწავლებელმა თითოეული გაკვეთილი  ზეიმად რომ აქციოს და მოსწავლეების გულებში შეაღწიოს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინტერესო რესურსი. რესურსი შეიძლება იყოს ციფრული, შემოქმედებითი, მასწავლებლის ხელით შექმნილი, სახალისო, ვიზუალური. თუ გიფიქრიათ, რომელია ყველაზე ცოცხალი რესურსი? – ეს ადამიანური რესურსია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანი გულით მზეს დაატარებს.

გაკვეთილი ერთი დიდი საიდუმლოა და შენ მოსწავლეები ამ შინაგან სიღრმეს უნდა აზიარო. რთულია, „ხევისბერი გოჩას“ სწავლება, რადგან ძალიან ფსიქოლოგიური და ღრმა ნაწარმოებია.

გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ლიტერატურული /იმიტირებული/ სასამართლო. ასეთი გაკვეთილი სახალისოსთან ერთად საინტერესოცაა. მოსწავლეები ამ მეთოდით ტექსტს სიღრმისეულად იაზრებენ, როლური თამაშით კი პერსონაჟს ითავისებენ და მერე გულწრფელი ემოციაც ეუფლებათ. უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის, არგუმენტაციისა და პრეზენტაციის უნარები.

სანამ როლებს გაინაწილებდნენ, ჯერ შეისწავლეს ალ. ყაზბეგის ცხოვრება, სიღრმისეულად გაიაზრეს ტექსტი, გააკეთეს ხევისბერი გოჩას „ფსიქოლოგიური პორტრეტი“. ცდილობდნენ, გაეგოთ ონისესათვის, ისე ახლოს იყო მათ ასაკთან ონისეს განცდები. ამ გაკვეთილისათვის მათ დაეხმარა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნაც. შემდეგ დაწერეს სცენარი, სასამართლო პროცესის წარმართვისათვის. გაინაწილეს როლები, აირჩიეს პროკურორი, მოსამართლე, ბრალდებულის ადვოკატი, სხდომის მდივანი, ბრალმდებელი, ნაფიცი მსაჯულები. გაიხსენეს აგრეთვე ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მუხლები. ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეები ვირტუალურად ხევისბერის სამყაროში გადამესახლებინა.

ამისათვის გადავწყვიტე მათთვის ცოცხალი რესურსი, შუაფხოს მკვიდრი, ლეგენდარული ხევისბერის – ბიჭურ ბადრიშვილის ქალიშვილი – თეკლა ბებო გამეცნო, რომელიც ახლა 93 წლისაა. მინდოდა, ამ თბილი რესურსის გამოყენებით საინტერესო და ემოციური გაკვეთილი ჩამეტარებინა. როცა პროგრამით „ასწავლე საქართველოსთვის“ შუაფხოს საჯარო სკოლაში ვმუშაობდი, თეკლა ბადრიშვილთან ვცხოვრობდი. ეს იყო საინტერესო ეპიზოდი ჩემი ცხოვრებისა. მე ვიცხოვრე საოცარ ადამიანთან… ხევისბერის სახლში…

იბადებიან გამორჩეული ადამიანები, რომელთაც  დაჰყვებათ ხოლმე საოცარი მადლი – ასეთია თეკლა ბებო, ხევისბერის ასული კოპალას, იახსარისა და დევების საუფლოდან. ძალიან გონიერი და ინტელექტუალური ადამიანი. მიყვებოდა მამის – ბიჭურ ბადრიშვილის შესახებ და სურვილი გამიჩნდა, ბავშვებსაც ეს თვითონ თეკლა ბებოსაგან მოესმინათ… თურმე, მის მამას განსაკუთრებული ანგელოზი ჰპატრონობდა. სამი დღისა რომ ყოფილა, სვეტი წამოსულა ზეციდან და გულზე დასდგომია. თვითონ ჰქონია უცნაური ხილვა, რომ ხევისბერი უნდა ყოფილიყო. ყველაფერს ანგელოზი ასწავლიდა. გუგულის ხმა ჰყვარებია და რომ დაღუპულა, მთელი წელი მჯდარა გუგული იფანზე, უსტვენდა და მღეროდა თურმე. გრძნეული კაცი ყოფილა – გრძნეული! ნამუსიანი! – ასე იცოდა თურმე თქმა: ,,დედამიწამ ნამუსს უთხრა: ჩემზე მძიმე შენა ხარო…“.

თეკლა ბებო  არის ცოცხალი მატიანე. მონუსხული ვიყავი მისი გონიერებით. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის გამეზიარებინა, ძალიან დამეხმარა ვირტუალური სამყარო. გაკვეთილის დასაწყისში დავურეკეთ თეკლა ბებოს და მანაც მოგვიყვა ხევისბერი მამისა და ხატობის რიტუალის შესახებ. მთის ხალხს აქვთ რაღაც საერთო, მოხევეებსაც და ფშაველებსაც. უყვებოდა ბავშვებს, როგორ ტარდებოდა ხატობა, როგორ ანთებდა ხევისბერი სანთელს და ადიდებდა მლოცველ ხალხს, როგორ იმართებოდა „საყეენო“, იდგმებოდა ლუდი. როგორ იღებდა ხევისბერი დროშას. „ფერხისა“ ერქვა სიმღერას – ლაშარის ჯვარზე, თამარ მეფეზე… ორი კაცი წამოიწყებდა, დანარჩენები ბანს აძლევდნენ, მერე შემოუვლიდნენ დროშით სამჯერ, წამოიღებდა ხევისბერი დროშას, გამოჰყვებოდა ხალხი. ეს დროშა უნდა აეტანა ხევისბერს მაღლა მთაზე, რომელსაც ერქვა ,,კარატე’’. და თუ საღამოს ვერ მიაღწევდნენ იმ ადგილს, „ხატის საბრძანისს“ ეძახდნენ, იქ ათენებდნენ ღამეს. დილით აიტანდნენ დროშას, იკვლებოდა საკლავი, ადიდებდნენ ღმერთს, ხატს, მერე აიკეცებოდა დროშა და ხატობაც მთავრდებოდა.

ამ ნახევრად მითურმა ამბავმა ბავშვები მონუსხა. გასუსული უსმენდნენ, საოცარი ემოცია ჰქონდათ – ბავშვური: „მასწავლებელო, ჩვენ ჩვეულებრივი ბებო გვეგონა და ეს რა გონიერი და განათლებული ყოფილაო!“. ახლა თითქოს უფრო ახლოს მივიდა მათთან მთის ხალხის სულიერი სამყარო.

სასამართლოს დასაწყისი ძალიან ეფექტური გამოვიდა: – „გთხოვთ, ფეხზე ადგეთ, მოსამართლე მობრძანდება! შემოდის მოსამართლე – თავდაჯერებული, ღირსების შეგრძნებით: „თქვენო ღირსებავ, ნაფიცო მსაჯულებო… დღეს განვიხილავთ ხევისბერი გოჩას საქმეს… კარგი გაკვეთილი გამოვიდა: ისაუბრა ონისემაც, კითხვები დაუსვეს გუგუასაც. მოსამართლემ დამსწრე საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მუხლებიც შეახსენა. ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელეს, სიღრმისეულად გაიაზრეს ტექსტი, წარმოაჩინეს გოჩას პიროვნება და გამოიტანეს ვერდიქტი, რომელიც გადასცეს მოსამართლეს. მათი განაჩენი იყო ძალიან ადამიანური – შეიწყალეს გოჩა, რადგან ჩათვალეს, რომ მას სულიერი ტანჯვაც ეყოფოდა.

ბოლოს გააკეთეს თვითშეფასება: იმსჯელეს შესრულებულ როლებზე. გაკვეთილი ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა. ბავშვები ძალიან ბუნებრივები, გულწრფელები და საყვარლები იყვნენ…

შინაგანად დაღლილი საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი…

…და ვიწყებ ახალი დღისთვის მზადებას – ახალი ენერგიით, ახალი შემართებით. ასე იქცევა მასწავლებელი, რომელიც ცდილობს ბავშვების გულებამდე ჩააღწიოს და საინტერესო სამყარო შექმნას.

 

ცისანა ლონდარიძე – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ასპინძის მუნიციპალიტეტი, ნაქალაქევის საჯარო სკოლა

ფოტო: მთის ამბები https://mtisambebi.ge/

 

დაკარგულები

0

– გიო, მოდი, აქ შევუხვიოთ ცოტა ხნით. ბებოს თვალს დავავლებ, მოვასწრებთ უკანა ფშავში მზის ჩასვლამდე ასვლას.

– შევუაროთ, შევუაროთ.

– მთაში პირველად ამოსულის კვალობაზე კარგად დადიხარ. ისე ავივლით არაგვის ხეობას, შესვენებაც კი არ დაგვჭირდება.

– შენ რა, დაგავიწყდა, სვანეთის უბნიდან ვაკის ბოლოში ყოველდღე თერთმეტი ნომრით რომ დავდივარ?

– მახსოვს, მაგრამ მთა მაინც სხვაა… მაგარი მუხლი გქონია.

– აბა, რომელი სახლია, შორსაა?

– არა, აი, ის, ფერდობზე პირველივე. მზიანი დღეა და გარეთ იჯდება. ასაკში მზე უფრო გიყვარდება, ვიდრე  ყუდრო. სახლში შესვლაც არ მოგვიწევს…

მართლა გარეთ დაგვხვდა. იჯდა საბძელთან დაგდებულ მორზე, სკამად რომ ვიყენებდით დიდ-პატარა, თავი ჩაექინდრა და ხელით ნაქსოვი შალის წინდებიდან ბალახის ნარჩენებს იძრობდა.

– აბა, რარიგადა ხარ, მარიამ ბებო?  – ძაღლის შიშით შორიდანვე ვესალმები.

გამოგვხედა და ისე დაგვაკვირდა, მივხვდი, ვერ გვიცნო. სათვალე გაისწორა,  რომელსაც ცალი მინა მთლიანად დაბზარვოდა. საყურის ადგილას თეთრი რეზინი მოება და იმით იმაგრებდა თავზე. ამასობაში რამდენიმე ნაბიჯზე მივუახლოვდით და სანამ კითხვას გავუმეორებდი, სახე  გაებადრა:

– ეეე,  მამიხვედითა მშვიდობითა?  რა ყროლ რამ ყოფილა ეს სიბერე. აღარც მუხლი მერჩის, თვალშიაც დამაკლდა სინათლე, ყურშიაც აღარ მამდის ხმა. ადრე სალიბიათხევაზე რო ვინმე გადმოჩნდებიდა, იქავა ვცნობდი. ახლა ეზო-კარში შემოსულის გარჩევა მიჭირს.

– კი, მოვედით მშვიდობით. აქაც ხომ გაქვთ მშვიდობა?

– ეჰ, აბა ეს რაღა მშვიდობაა. გამოვყრუვდით ძალიან. სანამ ხატობები არ ჩამოვა, კაცს ვერ დაინახავ ამვლელ-ჩამვლელს.  წინათ ბევრ ხალხი იყო, მაცხოვრებელიცა, მიმსვლელიცა და მომსვლელიც. ბალღების ჟრიამულ აყრუებდა არემარეს.  ეხლა ორ-სამ ბებერიღა დავხანხალებთ ე ჭალაზე.

– …

– ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ომს თუ კიდევ მოვესწრებოდი, მაგას კი ვიფიქრებდი აღარა. ის მზედალეული პუტინი შავარდნილა ქერჩშია. დაუნგრევია ყველაფერი, ქალები და ბალღები დაუხოცია. ჩემ ყმაწვილქალობაშია გერმანია რომ შამოგვესია, მაშინაც ბევრი წაიყვანეს აქედან სალდათში. სულ რჩეული ბიჭები. თითო-ოროლაღა დაწირეს აქა ცხვარში სამუშაოდ. ჩვენი ხეობიდან ბევრი დაიღუპა ქერჩში. ჩემ ძმა ანდრიაც იქ დაიკარგა.

– ჰო, ეგ დიდი ტრაგედია იყო, 1942-ში. ას ოცი ათასზე მეტი ქართველი ემსხვერპლა მაგ ბრძოლას. მთლიანად ალყაში მოექცა ჩვენი ჯარი. ეტყობა, თქვენი ძმაც მაშინ დაიღუპა.- საუბარში ჩაერთო გიო.

– ვინა? ანდრიაი? ანდრია დაიკარგა…

– გიო, მთაში მაგ ხალხს შინმოუსვლელებს არ ეძახიან.

– აბა?

– დაკარგულებს. რადგან ეგ „დაიკარგა“ ის იმედია, რომელიც ბოლოს კი არა, შენ შემდეგ კვდება.

ერთხელ, როცა თექვსმეტ ასო-ბგერას შევხვდით…

0

ეს სცენარი გამოგადგებათ მაშინ, თუ ანბანის დასასრულ რაიმე ღონისძიების მომზადებას დაგეგმავთ. შეგიძლიათ, ის უბრალოდ წაუკითხოთ ბავშვებს და ქართული ანბანის ჯადოსნურობაზე დააფიქროთ.

სცენაზე (ჩამოშვებული ფარდის წინ) გოგონა და ბიჭუნაა. ისინი მუსიკის ფონზე გამორბიან, სცენის ორი მხრიდან. ტრიალდებიან, პატარა საცეკვაო მოძრაობას აკეთებენ და იწყებენ:

გოგონა იწყებს:

უჰ, დადგა დრო, რომ ერთი ძალიან უცნაური,

 

ბიჭი:

ძალიან საინტერესო,

გოგონა:

ამაღელვებელი,

ბიჭი:

და საერთოდაც, ცოტა ჯადოსნური

ამბავი მოგიყვეთ.

გოგონა:

ჰოდა, მოგესალმებით და

ბიჭი:

ვიწყებთ!

გოგონა:

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული ანბანის შესწავლა გადავწყვიტეთ.

ბიჭუნა:

მაშინ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ქართული ანბანის სამყარო ასეთი გასაოცარი და თავგადასავლებით სავსე იქნებოდა.

გოგონა:

ერთხელ, როდესაც თექვსმეტი ასო-ბგერა უკვე შესწავლილი გვქონდა, რაღაც ძალიან უცნაური მოხდა.

ბიჭუნა:

დაუჯერებელი! სახლში ვბრუნდებოდით ავტობუსით, საღამო იყო და ცივი ქარი ქროდა…

გოგონა:

უცებ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა, თვალები დავხუჭეთ…

ბიჭუნა:

და რომ გავახილეთ… ჯობია თავად ნახოთ.

ფარდა იწევა და ჩნდება შიდა სცენა.

სცენის შუაგულში კოცონის იმიტაციაა. ის ანათებს. კოცონის გარშემო 16 ასო-ბგერა სხედან. ეკრანზე, პროექტორით უღრანი ტყე მოჩანს, სადაც 16 პაწაწინა სახლია (სოკო სახლები). ამ სახლებს 16 ასო აწერია.

ასო-ბგერებთან გოგონა და ბიჭუნა მიდიან ფრთხილად. აკვირდებიან, გარშემო უვლიან, მხრებს იჩეჩავენ. გაკვირვებული არიან, ბოლოს ბიჭუნა იწყებს:

გამარჯობათ, უკაცრავად, მაგრამ ხომ ვერ მეტყვით, სად ვართ?

ასო-ბგერა – ა:

თქვენ ანბანის სამყაროში მოხვდით. თან შესანიშნავ დროს.

ასო-ბგერა – ი:

ჩვენი ამბებისა და ისტორიების მოყოლას ახლახან ვიწყებდით…

ასო-ბგერა ჰ:

ჰოდა, რაღას უცდით შემოგვიერთდით.

გოგონა გაოცებას ვერ მალავს, ამბობს:

ვაიმე, მგონი სიზმარში ვარ (თვალებს იფშვნეტს).

ბავშვები სხდებიან ასო-ბგერებთან. ამბის მოყოლას

ასო-ბგერა ა იწყებს:

(ასოების გამოსვლისას ეკრანზე გადის შესაბამისი ილუსტრაციები/ანიმაციები)

დღეს აქ 16 ასო-ბგერა შევიკრიბეთ, ჩვენი 17 და და ძმა, დიდი მოგზაურობიდან ჯერ არ დაბრუნებულან. უამრავი საქმე აქვთ: წერილები უნდა შექმნან, და ადამიანებს სიხარული დაუბრუნონ. ჰოდა, მე, რადგან სულ პირველი გავჩნდი, ჩემი ისტორიით დავიწყებ. ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ასო-ბგერები ამქვეყნად არ არსებობდნენ, და არავის არ შეეძლო ერთმანეთისთვის წერილის მიწერა, სიხარულის ჩუქება, მთვარემ იფიქრა, რომ მისი ერთი, ყველაზე ციმციმა სხივი დედამიწაზე გამოეგზავნა. დიახ, მგონი მიხვდით, ეს სხივი მე ვიყავი. მთვარეს ძალიან ვგავარ და თან სულ ვბრჭყვიალებ. თუმცა მარტომ მოვიწყინე, თან სიტყვების შექმნისთვის მეგობრები მჭირდებოდა, სწორედ ამიტომ….

აგრძელებს ი:

გავჩნდი მე, და პირველი სიტყვა სწორედ მე და ა-მ შევქმენით. ია.
მთვარეს ერთი ულამაზესი მეგობარი ჰყავდა, ჯადოსნური რაში, თეთრი და ცეცხლოვანი, ვერცხლის ძაფების ფაფარი და ოქროს ნალები ჰქონდა. როდესაც ის ცაზე გადაიფრენს დედამიწაზე ცისარტყელა ჩნდება. ერთხელ, მოესმა ა-ს წუხილი, მარტო რომ იყო და სიტყვებს ვერ ქმნიდა, შეეცოდა, წინა ფეხზე თავის საყვარელი ოქროს ნალი მოიძრო და დედამიწაზე გამოაგზავნა, კი, ეს ნალი მე ვარ! აქ ი გავხდი და ა-ს დავუმეგობრდი, ჩვენ მიერ შექმნილი პირველი სიტყვა – ია კი ისეთი ნაზი, ლამაზი ყვავილია, თან გაზაფხულზე პირველი ამოდის და საოცარი სურნელება აქვს.

ბიჭუნა:

ახლა გასაგებია, საიდან მოდის იის მშვენიერება – მთვარის სხივისგან და ჯადოსნური რაშის ნალისგან… რა საოცარია.

 

მ აგრძელებს:

მე მზის შვილი ვარ, ჩემი მუცელი მზის დისკოა, ხოლო ზედა რკალი კი ოქროსფერი სხივი. სწორედ ამიტომ იწყება, ყველაზე ნათელი სიტყვა – „მზე“ – ჩემით. მზემ იფიქრა, მთვარის სხივთან მზის შვილიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო, და მე გავჩნდი დედამიწაზე, უფრო სწორად საქართველოში – ქართული ანბანის სამკაულად.

მზე – დედაა ჩემი,
მთვარე – მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი.

 

ზ- აგრძელებს:

მე ცხოველების სამყაროდან მოვხვდი ქართულ ანბანში. ანბანი რომ იქმნებოდა, ერთმა კეთილმა, გონიერმა და გულისხმიერმა ზებრამ, თავისი ერთი ზოლი აჩუქა ანბანს და გავჩნდი მე – ზ. ზოლი თან ისეთი მოქნილი იყო, დაიგრიხა, ჯერ ერთ რგოლად იქცა, შემდეგ ხაზად ჩამოიხაზა და მეორე რგოლად შეიკრა. ზ ასოზე იწყება ულამაზესი ყვავილის სახელი: „ზიზილა“.როგორც კი მზე ამოდის, ზიზილა იშლება, მასზე იმდენი ლეგენდა არსებობს, მარიამის ყვავილსაც კი ეძახიან…

ე ასო-ბგერა:

ოდესღაც ერთ პაწაწინა, ბაღის ფერიას, ძაფის დართვა უსწავლია, ისე მოსწონებია ეს საქმე, რომ სულ ართავდა და ქსოვდა, ართავდა და ქსოვდა. ოქროს ძაფით ქსოვდა ულამაზეს ყვავილებს, რომლის მსგავსი მანამდე არვის ენახა. ეს ყვავილები მთვარის შუქზე ცოცხლდებოდნენ და დედამიწას ამშვენებდნენ. ასო ა-ს უნდა ახსოვდეს, როდესაც ის ჯერ კიდევ მთვარის სხივი იყო, როგორ ჩამოდიოდა დედამიწაზე და ფერიის მიერ შექმნილ ყვავილებს ეალერსებოდა. ყვავილს ფერიამ ენძელა უწოდა. გაზაფხული გახდა მისი დაბადების დრო, ხოლო მე, ასო-ბგერა -ე, ენძელას პირველი ასო, მორჩენილი ოქროს ძაფისგან გავჩნდი.

 

ღ – ასო-ბგერა:

მაშინ ზღვა ისე ღელავდა, უზარმაზარ გემებს ტალღები ათამაშებდნენ როგორც პაწაწინა სათამაშოებს. ერთ გემზე, პატარა გოგონას ძალიან შეშინებია, და უნატრია, ნეტავ ზღვამ ღელვა შეწყვიტოსო. მისი ნატვრა პაწაწინა ტალღას გაუგონია, გოგონა შესცოდებია, მისულა ზღვის დედასთან და უთხოვია, ზღვა დაამშვიდეო! ზღვის დედას შეუსრულებია კეთილი ტალღის სათხოვარი, თუმცა სანაცვლოდ ტალღა ასო-ბგერა ღ-დ უქცევია და ქართულ ანბანთან გაუგზავნია. ტალღას ტალღობა და ზღვა ძალიან უყვარდა, და მონატრებისთვის რომ გაეძლო, თავად მიუღია ტალღის ფორმა, ის თავის თავში მუდმივ ღელვასა და ზღვას ატარებს. აბა დამაკვირდით.

ასო-ბგერა ვ:

ვარდების ბაღში დავიბადე, ყველაზე წითელი და ხასხასა, ყველაზე მაღალი და ძლიერი ვარდის გულში. ჩემი ვარდი ძალიან გულადი და კეთილი იყო. როცა შეიტყო ქართული ანბანი იქმნებაო, გადაწყვიტა, თავისი ერთი ფურცელი გაეგზავნა ანბანისთვის. ის ერთი ფურცელი მე აღმოვჩნდი, პირდაპირ მის გულში დაბადებული, ყველაზე სურნელოვანი და ყველაზე წითელი. ანბანში ვარდის ფერი და მშვენიერება მოვიტანე, თუ კარგად დამაკვირდებით, იმ ჩემს ვარდს აუცილებლად დაინახავთ.

თ – ასო-ბგერა:

იყო ერთი პაწია თაგუნია, სხვა თაგვებისგან განსხვავებით გრძელი და ძალიან ლამაზი კუდი ჰქონდა, რომ დადიოდა კუდი ათასგვარად ერხეოდა და სხვადასხვა ფორებს იღებდა, ხან მზის, ხან, ვარსკვლავის, ხან გულის, ხან ყვავილის, ზოგჯერ გეომეტრიულ ფიგურებადაც იქცეოდა ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი უცნაური ფორმის მიღება მოსწონდა. ვერც ერთი თაგვი ვერ ხვდებოდა, რის ფორმა იყო. ყველას აოცებდა ეს ამოუცნობი მოხაზულობა. ჰოდა, როცა ამ თაგუნასთან მოვიდა ამბავი, ქართული ანბანი იქმნებაო, ბევრი არც უფიქრია, სწორედ ეს საოცარი ფიგურა გააგზავნა ანბანის მერვე ასოდ, დიახ ეს ასო-ბგერაა თ.

ო – ასო-ბგერა:

წყნარი ოკეანის სიღრმეში, ძალიან ლამაზფეხებიანი რვაფეხა ცხოვრობდა. რვაფეხას რვავე ფეხი ისეთი მშვენიერი ჰქონდა, ოკეანის მკვიდრები მის სანახავად ყოველ საღამოს მიდიოდნენ. უყურებდნენ და მოხიბლულები იძახდნენ, რა ლამაზია! რა მშვენიერია! როგორი ლაქები აქვს! როგორი ხვეულები! როცა ამბავი გავრცელდა, ქართული ანბანი იქმნებაო, ოკეანის მცხოვრებლებსაც მოუნდათ ერთი ასო-ბგერა მათაც გაეგზავნათ. რა თქმა უნდა რვაფეხა გაახსენდათ და მასთან მივიდნენ თხოვნით. რვაფეხამ დიდსულოვნად ერთი ფეხი გაიმეტა, ყველაზე მშვენიერი და ყველაზე უნაკლო. მის ნაცვლად ოკეანის მეფისგან ახალი ფეხი მიიღო, ხოლო თქვენს წინაშეა ო, წყნარი ოკეანის სიამაყე.

 

ლ – ასო-ბგერა:

ერთმა ლმობიერმა ღრუბელმა ლამაზი ლოტუსისგან შეიტყო, ქართულ ანბანს ასოები აკლიაო, განსაკუთრებით ისეთი ასო-ბგერები სიტყვებს სინაზესა და სირბილეს რომ მისცემსო. ჰოდა, ადგა ჩვენი ლმობიერი ღრუბელი და ყველაზე საყვარელი და ძვირფასი რაც ჰქონდა, ის მისცა ქართულ ანბანს. აბა დაფიქრდით, რა შეიძლება ღრუბლისთვის ძალიან, ძალიან ძვირფასი იყოს? რა და ყველაზე ფუმფულა, ყველაზე ფაფუკი, ქათქათა და ბზინვარე ნაწნავი. ღრუბლის ნაწნავი, ისეთი კარგი იყო, ისეთი მშვენიერი, ანბანში მეთერთმეტე ადგილი შესთავაზეს. დიახ, მე ასო-ბგერა ლ ვარ, ოდესღაც ლამაზი ღრუბლის მშვენიერი ნაწნავი.

ხ – ასო-ბგერა:

დიდი მინდვრის მუხის ხე, ისეთი მოწყენილი ყოფილა, მთელი ფოთლები ძირს ჩამოეყარა. რკოები შეშფოთებულან, რა ექნათ, როგორ გაემხიარულებინათ ლამის სამასი წლის მუხა? რა გაახარებდა ახლა მას ყველაზე მეტად? ამ ფიქრებში რომ იყვნენ, ერთმა ხაკისფერმა ხოჭომ, საოცარი ამბავი მოიტანა! ქართული ანბანი იქმნებაო, და ასოები სჭირდებათო. ხოჭო ძალიან შორიდან მოსულიყო და ძლივს საუბრობდა. ჰოდა მუხამ და რკოებმა ზუსტად ერთდროულად გაიფიქრეს, ერთი რკო უნდა წავიდეს ანბანშიო, აარჩიეს ყველაზე მამაცი, ყველაზე გულადი, ვეებერთელა რკო და იქცა ხ-დ. მუხას აღარასოდეს მოუწყენია, მას ხომ თავის წარმომადგენელი ჰყავდა ანბანში.

ასო-ბგერა წ:

ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვები მშობლებთან ჯერ კიდევ წეროებს რომ მიჰყავდათ, ერთმა წერომ ყური მოჰკრა ქართული ანბანის შექმნის ამბავს. ეს წერო ძალიან მეოცნებე წერო იყო. სულ ოცნებობდა რაიმე საინტერესო თავგადასავალი გადახდენოდა. ჰოდა იფიქრა, აი მოვიდა ჩემი დროო, მოიხსნა ცალი ფეხიდან წითელი აბრეშუმის ლენტი, და იმ დროს ჩაქროლებულ ქარს გაატანა ქართულ ანბანში მისაღებად. ქარმა ატარა, ატარა და ამასობაში წითელმა ლენტმა წეროს ფორმა მიიღო, ასე გავჩნდი მე – წ, წეროს ფეხზე შებმული წითელი ლენტისგან.

ს – ასო-ბგერა:

ერთხელ ერთმა სპილომ სიზმარი ნახა. თითქოს ხორთუმი დაკარგა და შეშინებული დაეძებდა აქეთ-იქით. რომ გაიღვიძა, მაშინვე ბრძენ და ჭკვიან სისინა გველს მიმართა. გველმა კარგად მოუსმინა და სისინით უთხრა: მართლა რომ არ დაკარგო შენი ძვირფასი ხორთუმი, და მუდამ შენთან იყოს, მოდი, ჯადოსნური ფანქრით დავხატოთ და ანბანში ასო-ბგერად გავუშვათო. მართლაც აიღეს სიფრიფანა ფურცელი და სპილოს ხორთუმი დახატეს, შემდეგ სისინა გველმა ეს სიფრიფანა ფურცელი ფერად სკვინჩას გაატანა და აი ასე წარმოვადგენ ანბანში სპილოს ხორთუმს, ასო-ბგერა ს, აბა დამაკვირდით, ხომ ხედავთ მსგავსებას?

რ – ასო-ბგერა:

ციფრთა სამყაროსაც მოუნდა ანბანის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა. ციფრი რვა, ყველაზე უფროსი იყო, და როგორც ხმები დადიოდა უკვდავიც. ის მარადიულად იარსებებდა და არასდროს არ დასრულდებოდა. ჰოდა, რა თქმა უნდა, მან ითავა ანბანში ასო-ბგერის გაგზავნა. უძველესი სკივრი გახსნა, იქიდან ორმა ვერცხლის რკალმა ამოანათა, რკალები ერთმანეთს შეაწება და ასო-ბგერა რ-ს ძირი მიიღო, ხოლო სურნელოვანი რეჰანისგან რ-ს ულამაზესი თავი. ისეთი მშვენიერი გამოვიდა რ, რომ ანბანის ყველა წარმომადგენელი გაოგნდა, მას საპატიო ადგილი შეხვდა. ეს მშვენიერი რ სწორედ რომ მე ვარ, ვერცხლის რკალებისა და რეჰანის ჰარმონია.

ც ასო-ბგერა:

ამბობენ, რომ დღეს ციცინათელები აღარ ციმციმებენო, ქალაქის დიდმა განათებებმა ძალიან შეაშინეს და ადამიანებს აღარ ეჩვენებიანო. მაშინ კი ასე არ იყო, როგორც კი ღამე მოვიდოდა, ათასობით ციმციმა ნაპერწკალი ერთად აბრჭყვიალდებოდა. ისეთი ლამაზი იყო, თითქოს ცის ყველა ვარსკვლავი დედამიწაზე ჩამოსულაო. ციცინათელებს, თავად ანბანის ასოებმა სთხოვეს წარმომადგენლის გაგზავნა. უნდოდათ, ანბანიც ასევე აციმციმებულიყო. რა თქმა უნდა, ციცინათელებს ძალიან გაუხარდათ. რამდენიმე ციცინათელა გადაება ერთმანეთს და ჩვენს ანბანსაც გასაოცარი ც შეემატა. აი, ახლაც ვბრჭყვიალებ და ვციმციმებ.

ჰ – ასო-ბგერა:

იმისთვის, რომ ანბანი ჯადოსნური გამხდარიყო, საუკუნეებისთვის გაეძლო, ასოებს ეფრინათ და ეფარფატათ, სჭირდებოდათ ერთ-ერთი სტიქია, რომელიც მათ ფრთებს გამოასხამდა და ფრენას ასწავლიდა. ასეთი სტიქია კი, ზუსტად ისაა, რაც გაიფიქრეთ: ჰაერი. ჰაერთან სათხოვნელად თითქმის ყველა ასო-ბგერა მივიდა, 32-ივე. ჰაერმა მოუსმინა ასო-ბგერებს. შემდეგ ერთი დაიქროლა, დაიზუზუნა, ჯერ ცაში აიჭრა, შემდეგ დედამიწაზე ჩამოიქროლა, დაბზრიალდა, დატრიალდა, ნამდვილი ტორნადო მოაწყო, ოღონდ არავინ დაშავებულა და ასე შექმნა ჩვენი ანბანის ყველაზე ბოლო, 33-ე ასო-ბგერა ჰ. ასე შემქმნა მე, თუ წარმოთქვამთ ჩემს სახელს – ჰ-ს, შეიგრძნობთ, როგორ ქრის ქარი და როგორი ამოდის ჰაერის ნაკადი ქვევიდან ზევით.

 

ბიჭი:

ეს რა საინტერესო ამბები მოგვიყევით, ძალიან დიდი მადლობა!

გოგონა:

აი ამიტომაა ჩვენი ანბანი ასეთი ჯადოსნური, შიგ მთელი სამყაროა ჩაქსოვილი! ნეტა სიტყვებს როგორ ქმნით?

ირთვება მუსიკა, რაიმე ცეცხლოვანი, მხიარული და ასოები იწყებენ სიტყვების შექმნას. ბავშვებს მაისურზე დაპრინტული აქვთ შესაბამისი ასო-ბგერები, ქმნიან სიტყვებს, თან ხმამაღლა ამბობენ:

ზღვა, თოლია, ია, მერცხალი, ვაზი, წვიმა, ნავი, სახლი, მთვარე.

 

 

 

 

 

 

 

ყველაზე კარგი ჩინური ჩაი -ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

0

მეორე ნაწილი

ჩინეთის ერთ იმპერატორს ჩაის შეფასებისას უთქვამს: „ფოთოლი რკინასავით მძიმე აქვს, ხოლო გემო – გუან-იინივით* მსუბუქიო“.

დაპირებისამებრ, გთავაზობთ ლეგენდას ლონგ-ჯინის გასაოცარ ჩაიზე. როგორც ყველა ჩინურ ლეგენდაში, აქაც შეხვდებით იმპერატორს, მთებს, დრაკონს, ჩაისა და გრძელ გზას…

ერთ მშვენიერ დღეს იმპერატორი ციანგ-ლონგი (Qianlong), რომელიც ჩინეთის დიდი და გამორჩეული მმართველი გახლდათ ცინის მანჯურიული დინასტიიდან, სამოგზაუროდ იყო დასავლეთის ტბის მიდამოებში, შანხაის სამხრეთით მდებარე ჰანგჟოუს პროვინციაში.

შენიშვნა: ციანგ-ლონგი უბრალო იმპერატორი არ გეგონოთ – მან ყველაზე მეტხანს იმეფა, ჩინეთის იმპერატორებს შორის ყველაზე ხანდაზმული გარდაიცვალა და XVIII საუკუნეში მისი მმართველობა ჩინეთის იმპერიის განვითარებასა და კეთილდღეობას უკავშირდება.

ეს ის ციანგ-ლონგია, რომელიც დღესაც ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს მმართველად ითვლება და რომელმაც 1755-1760 წლებში ჩინეთს თავიდან ააცილა თურქულ-მონღოლური ტომების მძლავრი შემოსევა და საბოლოოდ შეუერთა ჩინეთს დღევანდელი სინძიანის პროვინცია (Xinjiang), ჩინეთის უკიდურესი ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი და უდიდესი რეგიონი. სინძიან-უიღურთა ავტონომიური რეგიონი; ესაზღვრება დასავლეთით ავღანეთსა და ქაშმირს (ინდოეთ-პაკისტანის სადავო ტერიტორია), ჩრდილო-დასავლეთით – ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, ჩრდილოეთით – ყაზახეთსა და რუსეთს და აღმოსავლეთით – მონღოლეთს.

დავუბრუნდეთ ლეგენდას: დასავლეთის ტბის სანაპიროზე მდებარე ლომის მწვერვალის (ში-ფენგ-შანი) ჩრდილში მდებარე ჰუ გონგის მონასტრის მონახულების შემდეგ იმპერატორმა, ტბის გარშემო, მთის ზურმუხტოვან ფერდობებზე მომუშავე ხალხი დაინახა. ის ისე მოიხიბლა ახალგაზრდა ქალების გრაციოზული მოძრაობებითა და სილამაზით, რომ თვითონაც მოინდომა ჩაის მწვანე ყლორტების შეგროვება. ჩაის კრეფისას იმპერატორთან მოულოდნელად მისი პირადი საჭურისი მიიჭრა და შეატყობინა, რომ იმპერატორის დედა, ქვრივი დედოფალი, ავად გამხდარიყო. იმპერატორმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა თავისი ვიზიტი და პეკინში გაემგზავრა,

ქვრივი დედოფალი საგრძნობლად გამოკეთებული დახვდა. შვილთან მისალმებისას მან  უცნაური და საამო არომატი იგრძნო და იმპერატორს ჰკითხა: „ეს რა სურნელი მოიტანე? რა სასიამოვნო სუნია!“ იმპერატორს ახლაღა გაახსენდა დასავლეთის ტბის სანაპიროზე მოკრეფილი ჩაის ყლორტები, რომლებიც მან სიჩქარეში სახელოში ჩაიყარა. ათასკილომეტრიანი მოგზაურობის დროს ჩაის ფოთლები გამოშრა და თავისი განუმეორებელი, მოტკბო სუნელით აავსო დედა-დედოფლის ოთახი. დედოფალმა სასწრაფოდ მოამზადებინა ფოთლების ნაყენი. ჩაის საოცარი გემო და კიდევ უფრო გასაკვირი ეფექტი აღმოაჩნდა  – დედოფალმა ერთი ფინჯნის დალევისთანავე იგრძნო უკეთესობა. გახარებულმა იმპერატორმა, სასწარაფოდ გასცა განკარგულება, ლონგ-ჯინის ჩაისთვის საიმპერატორო ტიტული – „გონგ ჩა“ – ებოძებინათ, ხოლო ტბის პირას, მის სახელზე, ჩაის საიმპერატორო ბაღი გაეშენებინათ. ასე დაიწყო ლონგჯინის ჩაის ზეობის ხანა.

დასავლეთ ტბაზე, დღევანდელ ჰანგჟოუში, სოფელ ლონგ-ჯინში, ეს ბაღი დღესაც არსებობს. ამ ბაღის ჩაი ყოველწლიურად იყიდება აუქციონზე და მისი ერთი გრამი ოქროზე ძვირი ღირს.

ლონგ-ჯინის ჩაის ფოთლებს ხარისხის მიხედვით ექვს კატეგორიად ყოფენ: უმაღლესი ხარისხისა, რომელსაც მინგციან ჩა-ს ეძახიან (რადგან მინციანის დღესასწაულამდე, 7-8 აპრილამდე იკრიფება). ეს ყველაზე ძვირფასი და ნარჩევი ჩაი გახლავთ. მოკრეფის შემდეგ ჩაის ნაზი ყლორტები, რამდენიმე წუთით სპეციალურ ღუმელებში ან ტაფებზე ცხელდება ორას გრადუსამდე ფერმენტაციისა და დაჟანგვის პროცესების შესაჩერებლად და შემდეგ რამდენიმე დღე სიბნელეში ინახება საბოლოო გამოშრობისთვის და სწორი ტენიანობის მისაღებად. ჩაის პირველიდან მეხუთე ხარისხამდე გრადაცია ვიზუალურად ხდება და გადარჩევისას უპირატესობა ნაზ და არომატულ ყლორტებს ენიჭება.

 

ჩაის სმა ჩინურად

2007 წლის ნოემბერში, ცნობილი თბილისური საპროტესტო გამოსვლების დღეებში, სიჩუანში გახლდით ტელებაზრობაზე (მაშინ „ტელეიმედში“ ვმუშაობდი).

სიჩუანი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი პროვინციაა და ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ვისაც რუკაზე მისი წარმოდგენა გაგიჭირდათ, სხვაგვარად გეტყვით – სიჩუანი დასავლეთით ტიბეტს ესაზღვრება.

სიჩუანის დედაქალაქია მრავალმილიონიანი ჩენგდუ – მწვანე, თბილი, ხასხასა და წვიმიანი ქალაქი. მშვიდი და ხალისიანი ცხოვრების სტილის გამო ჩენგდუელებს ხშირად სიჩუანურ პანდებს ადარებენ (სწორედ სიჩუანში მდებარეობს ჩინური გიგანტური პანდების ნაკრძალი). ჩენგდუში მუდამ თან დაგდევს დაფნისა და მაგნოლიების სურნელთა ტკბილი ნაზავი, აი, ბათუმის ბულვარში რომ დგას ხოლმე დილაობით.

ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე ჩინური ჩაის სმაც მომიწია. ბატონმა ჟოუმ, რომელიც ტიპური ჩრდილოელი გახლდათ (საშუალოზე მაღალი, ძვალმსხვილი და თეთრსახა), ქალბატონ დირექტორთან (ასე ეძახდა თავის უფროსს) შეხვედრაზე დამპატიჟა კალიფორნია სტარ ჰოუტელში (ამ ტიპურ ჩინურ სასტუმროს რატომღაც ასე ერქვა – ალბათ „კალიფორნიის“, როგორც მოდური სახელის გამო), სადაც ერთი ერთობლივი ქართულ-ჩინური სერიალის პროექტს განვიხილავდით. ქალბატონი დირექტორი მხოლოდ ჩინურად საუბრობდა და ჩაის სვამდა.

ჩინური ჩაისთვის მაღალი, გამჭვირვალე ჭიქები მოგვიტანეს (ნახევარლიტრიანი ლუდის ჭიქების მსგავსი). შემდეგ ჩამოიარა ოფიციანტმა და თითოეულს ჭიქაში მწვანე ჩაის ხმელი ფურცლები და გამხმარი ჟასმინი ჩაგვიყარა. ამის შემდეგ კვლავ გამოჩნდა დიდი, გრძელცხვირიანი ჩაიდნით ხელში და ოსტატურად ჩაგვისხა გამჭვირვალე ჭიქებში ქაფქაფა წყალი. ეს ჩაი მომეწონა, სურნელოვანი და ცოტა მწარეც იყო. წყალში გაშლილი გრძელი, ხასხასა მწვანე ფოთლები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა – ჩინურ ფერწერას ჰგავდა.

ეს ჩაი რომ მივირთვით, ჭიქებში ცხელი წყალი დაგვიმატეს და ჩინელები გულმოდგინედ შეუდგნენ ე.წ. „ვტარიაკის“ (მეორედ გამოყენებულის) სმას. მეც ავყევი და ჰოი, საოცრებავ! ამ ჩაის პირველზე უკეთესი გემო აღმოაჩნდა: ნაზი, დამჯდარი არომატით და სიმწარის გარეშე. ესეც შენი ვტარიაკი – ეს ყოფილა ნამდვილი ჩაის გემო…

მეორე ჭიქაც რომ გამოვცალეთ, ოფიციანტმა კვლავ ჩამოიარა და კიდევ ჩამოგვისხა ქაფქაფა წყალი. „ტრეტიაკს“ (მესამედ გამოყენებულს) ჩაის გემო უკვე აღარ ჰქონდა, არომატიზებული წყალივით იყო, თუმცა მაინც ძალიან სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა სიჩუანის ნესტიან და ცხელ კლიმატში… ჩინელებთან ნამდვილი საუბარიც სწორედ მესამე ჭიქა ჩაის შემდეგ დაიწყო. მანამდე ბევრი არ გვისაუბრია საქმეზე, პირველი შეხვედრის უხერხულობა სიტყვიერ რევერანსებსა და სიჩუანის ამინდზე საუბარში გავატარეთ.

 

————

* გუან-იინი – ჩინურ ტრადიციულ რელიგიაში: მოწყალების, სიკეთისა და თანაგრძნობის უმთავრესი ქალღმერთი; ბუდისტური ტრადიცია გუან-იინს უთანაბრებს ავალოკიტეშვარა ბოდჰისატვას, ანუ წმინდა ქმნილებას, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა ბუდას თანაგრძნობას.

 

კომპლექსური დავალება – წერილი პერსონაჟს

0

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გრძელვადიანი მიზნები ჩამოყალიბებულია საგნობრივი სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების სახით.

 

გრძელვადიან მიზნებს (შედეგებსა და სამიზნე ცნებებს) აზუსტებს და უფრო მკაფიოს ხდის ცნებასთან დაკავშირებული ქვეცნებები, მკვიდრი წარმოდგენები და საფეხურის საკვანძო კითხვები.

 

ქვეცნებები გამომდინარეობს სამიზნე ცნებიდან. მათი საშუალებით განისაზღვრება კონკრეტული საკითხები და ქვესაკითხები.

 

მკვიდრი წარმოდგენები შემოფარგლავს ცნების მოცულობას და განსაზღვრავს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს.

 

საფეხურის საკვანძო კითხვების საშუალებით გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე ორიენტირებითაც უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

 

შუალედური მიზანი (კომპლექსური დავალება), რომელიც თემის ფარგლებში გამოიყოფა, გულისხმობს სამ აუცილებელ კომპონენტს:

  • პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე (მაგ., ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეიძლება შეიქმნას შემდეგი პროდუქტები: პოსტერი, კომიქსი, მცირე ზომის ტექსტი, პერსონაჟის დახასიათება და ა.შ.);
  • ძირითადი საკითხი, რომელსაც შეეხება კომპლექსური დავალება;
  • შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მიემართება სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს.

 

მინდა, გაგიზიაროთ იაკობ გოგებაშვილის „ჭკვიანი ძაღლების“ მიხედვით შექმნილი ორიგინალური კომპლექსური დავალება „წერილი პერსონაჟს“ (ავტორი – ხათუნა ფირცხალაშვილი, ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, დაწყებითი განათლების ექსპერტ-კონსულტანტი).

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

ძირითადი რესურსი/ტექსტი/: იაკობ გოგებაშვილის „ჭკვიანი ძაღლები“

თემა: ერთგულება

შესაძლო დამატებითი თემატიკა: სიკეთე

კლასი: III

 

გრძელვადიანი მიზნები – ტექსტი (ჟანრები) – შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები:

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

ქვეცნებები:

არამხატვრული ჟანრი (წერილი); საკომუნიკაციო სიტუაცია; მიზანი, თემა, ადრესატი (რა მიზნითაა დაწერილი? რის შესახებაა დაწერილი? ვის სწერენ?); წერის სტრატეგიები

შუალედური სასწავლო მიზანი

საკითხი: იაკობ გოგებაშვილის „ჭკვიანი ძაღლების“ პერსონაჟის, გადარჩენილი ბიჭის სახელით წერილის მიწერა ბერებისთვის

ქვესაკითხები:

მოთხრობა „ჭკვიანი ძაღლების“ მიხედვით პერსონაჟის წერილის (სტრუქტურა, თემა, მიზანი, ადრესატი, ენა; წერის სტრატეგიები, კრიტერიუმების ბადის შექმნა, იდეების გენერირება) პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება

 

საკვანძო კითხვები: როგორ/რა სტრატეგიები გამოვიყენო წერის დაწყებამდე, წერის დროს და წერის შემდეგ? როგორ წარმოვაჩინო წერილში ჩემი მიზანი? როგორ შევარჩიო ენობრივი საშუალებები მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით?

 

წერილი პერსონაჟს

წარმოიდგინე, რომ ბიჭი, რომელიც ბერებმა გადაარჩინეს შვეიცარიის მთებში, გაიზარდა და მშობლებმა უამბეს მას მთებში მომხდარი ამბის შესახებ. წარმოიდგინე თავი ბიჭის ადგილას და მისწერე წერილი შვეიცარიაში მცხოვრებ ბერებს. რას ეტყოდი მათ?

ნამუშევარში:

  • ადრესატს გაახსენე შენი თავი;
  • გამოკვეთე, რატომ, რა მიზნით გადაწყვიტე წერილის მიწერა;
  • დაიცავი წერილის აგებულება (მისალმება, ძირითადი ნაწილი, დამშვიდობება, ხელმოწერა);
  • შეარჩიე სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც, შენი აზრით, შთაბეჭდილებას მოახდენს ბერებზე.

 

დავალების შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რატომ მიგაჩნია, რომ შენი ნამუშევარი წერილია (ტ. 3);
  • რატომ მიგაჩნია, რომ ბიჭი ასეთ წერილს მისწერდა ბერებს – მოთხრობაში მოცემულ რომელ მინიშნებებს დაეყრდენი (ტ.1, 2).

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები)

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

რესურსები/აქტივობები

რესურსი 1. სხვადასხვა ჟანრის ტექსტის, მათ შორის წერილის ნიმუშები

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება;

აქტივობა 2. ნასწავლის შეხსენება, ყველა წერილისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშან-თვისებების პოვნა მაგალითებსა და კონტრმაგალითებზე (კი/არა მაგალითებზე) დაკვირვებით;

აქტივობა 3. დავალების პირობის საკუთარი სიტყვებით ჩამოყალიბება.

ეზის მიმცემი შეკითხვები

  • მიგიწერია თუ არა ვინმესთვის წერილი? (აქტ. 1)
  • როგორ ფიქრობ, რატომ წერენ ადამიანები წერილებს?
  • რა მიზნით მიგიწერია წერილი? ვისთვის?
  • როგორ ფიქრობ, რომელია წერილის ნიმუში? (კი/არა მაგალითები) (აქტ. 2)
  • რატომ მიგაჩნია ასე? დაასაბუთე შენი მოსაზრება.
  • რით განსხვავდება ერთმანეთისგან? რა ახასიათებს წერილს ისეთი, რითაც ის სხვა ტექსტებისგან/ჟანრებისგან განსხვავდება?
  • როგორი ფორმატით არის წარმოდგენილი წერილი?
  • რას მოითხოვს შენგან დავალება? (აქტ. 3)

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, დავალების წარდგენა

ნაბიჯი 1. რატომ მიგაჩნია, რომ შენი ნამუშევარი წერილია? (ტ. 3)

რესურსი 1. წერილის ნაწილები

აქტივობა 1. წერილის ნაწილების ურთიერთდაკავშირება, დაკვირვება წერილის შინაარსობრივ და სტრუქტურულ მახასიათებლებზე.

ეზის მიმცემი შეკითხვები

  • რა მიზნითაა დაწერილი პირველი წერილი? მეორე?
  • რა ჰქვია ადამიანს, რომელსაც ეგზავნება წერილი?
  • ვინ არის პირველი წერილის ადრესატი? მეორის? რატომ მიგაჩნია ასე? რომელ მინიშნებებს დაეყრდენი – ენობრივს? შინაარსობრივს?
  • ვინ არის პირველი წერილის ავტორი? მეორის? რატომ მიგაჩნია ასე? რომელ მინიშნებებს დაეყრდენი – ენობრივს? შინაარსობრივს?
  • სად ჩანს წერილში მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება?
  • როგორ დაუკავშირებდი ერთმანეთს წერილის ნაწილებს?
  • დაასაბუთე არჩევანი – რის საფუძველზე შეარჩიე მიმართვა და დასასრული – რომელ მინიშნებებს დაეყრდენი – ენობრივს? შინაარსობრივს?
  • შეესაბამება თუ არა წერილის შინაარსი მიზანს? რატომ მიგაჩნია ასე ?

 

ნაბიჯი 2. რომელი სტრატეგიები გამოიყენე წერის დაწყებამდე, წერის დროს და წერის შემდეგ? (ტ.3) რატომ მიგაჩნია, რომ ბიჭი ამგვარ წერილს მისწერდა ბერებს – მოთხრობაში მოცემულ რომელ მინიშნებებს დაეყრდენი? (ტ.1, 2)

რესურსები/აქტივობები

რესურსი 1. წერილის ჩარჩო

რესურსი 2. კრიტერიუმების ბადის ნიმუში

 

აქტივობა 1. მეტაკოგნიტიური პაუზა

რეკომენდაცია: მეტაკოგნიტიური პაუზა გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებას იმ მიზნით, რომ გააანალიზო/გააცნობიერო, როგორ წარმართავ მას ან როგორ მიმდინარეობდა იგი. მეტაკოგნიტიური პაუზა შეიძლება წინ უძღოდეს ან მოსდევდეს აქტივობას.

მოცემულ შემთხვევაში მოსწავლეებს ვამსჯელებთ იმის შესახებ, რა ნაბიჯებს გადადგამენ წერითი დავალების შესასრულებლად, რა სტრატეგიებს გამოიყენებენ. შეიძლება, გუნდებმა საკუთარი ვერსიები შეიმუშაონ და შემდეგ ამ ვარიანტების ერთობლივი განხილვა მოხდეს. მასწავლებელი გეზის მიმცემი შეკითხვებით დაეხმარება (გზამკვლევში მოცემულია წერის სტრატეგიების ჩამონათვალი).

 

აქტივობა 2. იდეების გენერირება წერილის დასაწერად

ეზის მიმცემი შეკითხვები

  • რა ნაბიჯებს გადადგამ წერილის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ? (აქტ. 1)
  • რომელი სტრატეგიები დაგვეხმარება ნამუშევრის გაუმჯობესებაში?
  • რა ასაკში გაიგებდა ბიჭი თავისი გადარჩენის ამბავს?
  • რა იქნებოდა მისი საყვარელი საქმიანობა? (აქტ. 2)
  • რას იფიქრებდა, როგორ მოიქცეოდა, როცა თავისი გადარჩენის ამბავს გაიგებდა?
  • რატომ მოუნდებოდა წერილის დაწერა, რა მიზნით?
  • როგორ მიმართავდა ბერებს?
  • როგორ დამეხმარება წერილის ჩარჩო წერილის წერისას?

 

აქტივობა 3. წერილის პირველადი ვარიანტის წერა (დამოუკიდებელი სამუშაო)

აქტივობა 4. პირველი ვარიანტის გაუმჯობესება, გადაწერა, გაფორმება

ეზის მიმცემი შეკითხვები

  • როგორ უნდა მოიქცე პირველადი ვარიანტის შექმნის შემდეგ? (აქტ. 3)
  • როგორ გამოხატავდა ბიჭი მადლიერებას?
  • როგორ აუხსნიდა ბერებს, რა ზეგავლენა მოახდინა მასზე თავისი გადარჩენის ამბის გაგებამ?
  • როგორ დაასრულებდა წერილს?
  • რომელი კრიტერიუმების მიხედვით დააკვირდები შენ მიერ დაწერილ წერილს გასაუმჯობესებლად? (აქტ. 4)
  • რომელ დეტალებს შეცვლი, ჩაამატებ? რას შეუცვლი ადგილს?

 

აქტივობა 5. წერილის პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება, დასრულება და გაფორმება

მსმენელები გამოიყენებენ „მსმენელის დღიურს“.

კითხვები:

  • რა მოგეწონა ყველაზე მეტად თანაკლასელის წერილში?
  • ჰქონდა თუ არა წერილს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული?
  • რით ჰგავდა შენსას? რით განსხვავდებოდა?

 

კომპლექსური დავალების წარდგენისას მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები (შეირჩევა საჭიროებისამებრ):

  • რატომ მიგაჩნია, რომ შენ მიერ შექმნილი ტექსტი ნამდვილად წერილია?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით.
  • რით და როგორ გააუმჯობესე პირველადი ვერსია?
  • დავალებაზე მუშაობის პროცესში რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი ფორმის (მაგ., წერილის) ან შინაარსის (მაგ., მადლიერებაზე) დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?

 

გამოყენებული რესურსები:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა – დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) გზამკვლევი – მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი)

https://www.mes.gov.ge/uploads/files/gzamkvlevi/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-1-4.pdf

  1. იაკობ გოგებაშვილი, „ჭკვიანი ძაღლები“

ტექსტის გააზრების აქტივობები

0

კითხვის სწავლების საბოლოო მიზანს წაკითხულის გააზრება წარმოადგენს. გააზრება გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის პროცესში მის სამივე ეტაპზე:  კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროს, კითხვის დასრულების შემდგომ.

კითხვის დაწყებამდე ეტაპი მნიშვნელოვანია  და თუ  მოსწავლე განაწყობს საკუთარ თავს ტექსტის წასაკითხად, გაააქტიურებს წინარე ცოდნასა და გამოცდილებას ტექსტის თემის ირგვლივ,  ჩამოაყალიბებს წინასწარ  ვარაუდებს მის შინაარსზე და გამოკვეთს მისთვის საინტერესო საკითხებს – შეიძლება ჩაითვალოს, რომ კითხვის შემდეგი ეტაპი წარმატებით წარიმართება.

კითხვის ეტაპი საკვანძოა ეტაპია,  როდესაც მკითხველმა, ერთი მხრივ, ავტომატურად უნდა გაშიფროს და გაიგოს ტექსტი და, ამავდროულად, უშუალო ურთიერთობა დაამყაროს მასთან;

კითხვის დასრულების შემდგომი ეტაპი ერთ-ერთი  საინტერესო ეტაპია, როდესაც მკითხველი აანალიზებს და აფასებს ტექსტს, ამჟღავნებს თვითგამოხატვის სურვილს და, ამასთანავე, შეუძლია წაკითხულის ინტეგრირება არსებულ ცოდნასა და პირად გამოცდილებასთან.

    სწავლების დაწყებითი საფეხური კითხვის პროცესის ამ სამივე აუცილებელ საფეხურს მოიცავს. კითხვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები ვითარდება და ყალიბდება დროთა განმავლობაში, ინტენსიური და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად  და სასკოლო პრაქტიკაში გამოიყენება კითხვის სხვადასხვა მოდელი, რომელთაგან რამდენიმე განსაკუთრებით აქტუალურია დაწყებითი საფეხურისთვის.

მინდა გაგიზიაროთ  ტექსტის გააზრებაზე ორიენტირებული აქტივობები, რომლებიც დაეხმარა ჩემს მოსწავლეებს  ნაწარმოების წაკითხვის   შემდგომ ეტაპზე   ტექსტის გააზრებაში  და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვაში.

კლასი – მეორე

ტექსტი –  მოთხრობა ლუკა და ლეკვი ( ავტორი გიორგი ჭაუჭიძე) ტექსტი იხილეთ აღნიშნულ ბმულზე

https://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/done/luka_da_lekvi.pdf

პირველი აქტივობა – გავიხსენოთ მოთხრობის ეპიზოდები თანმიმდევრულად

მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლები  ტექსტის შინაარსის შესაბამისი ილუსტრაციებით  (დანართი 1);  თითოეულ მათგანს უნდა მიუწერონ  შინაარსის მიხედვით განვითარებული მოქმედებების შესაბამისი რიგითი ნომერი.

მეორე აქტივობა – ილუსტრაციების გასიტყვება

მაგნიტურ დაფაზე  გამოფენილ ანალოგიურ ილუსტრაციებს ბავშვები ალაგებენ თანმიმდევრობით და ასიტყვებენ შესაბამისი წინადადებებით. ხდება როგორც საკუთარი ნამუშევრების თვითშეფასება მოსწავლეთა მიერ, ასევე მასწავლებლის შეფასება და უკუკავშირი.

მესამე  აქტივობა – დიახ/არა ბარათები

ეკრანზე ჩნდება წინადადებები:

ლუკამ  ლეკვი  სკოლის ეზოში ხის ძირას იპოვა.

ლეკვს რძე ძალიან    მოეწონა.  

ლეკვს  დაბანა  ძალიან   უყვარდა.

დედა  ზრუნავდა ლეკვზე.

 მოსწავლეები  კითხულობენ (ჩუმი კითხვით), გაიაზრებენ და დიახ-არა ბარათის აწევით ადასტურებენ მის სისწორეს ან  პირიქით;  იმართება დისკუსია  მსჯელობითა და ტექსტის შესაბამისი ადგილებიდან არგუმენტების  მოშველიებით .

აქტივობა მეოთხე – კომიქსი    ილუსტრაციების  მიხედვით

დანართი 1-ის ილუსტრაციებიდან მოსწავლეები ირჩევენ  ერთ-ერთ   ილუსტრაციას  და ქმნიან შესაბამის  კომიქსს    –  რას ფიქრობს ლეკვი?  კომიქსების გამოყენება  ბავშვებისთვის სახალისოა. კვლევები ადასტურებს, რომ კომიქსებით მიწოდებულ ინფორმაციას ჩვენი ტვინი 10-ჯერ სწრაფად ამუშავებს. კომიქსები  მოსწავლეებს აყვარებს კითხვას და  უვითარებს წერით უნარებს.

შექმნილი  კომიქსის პრეზენტაციისას  გამოიკვეთა, რომ  კომიქსების შექმნამ კლასში გაზარდა კითხვის მოტივაცია, შთაბეჭდილებებისა და აზრების სხვებისთვის გაზიარება-განხილვის სურვილი.

სარეკომენდაციო საშინაო დავალება – დანართი 1-ის  ილუსტრაციებიდან მოსწავლეები შეარჩევენ  მათთვის სასურველს და შექმნიან ანალოგიურ კომიქსებს.

წერა სწავლებისა და კომუნიკაციის მძლავრ იარაღს წარმოადგენს. მოსწავლეები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიაზრებენ სრულყოფილად წერის პროცესს, თუკი ისინი წერენ ხშირად და სხვადასხვა მიზნით. კომიქსის ტექსტების  შედგენა ჩემი მოსწავლეების საყვარელი აქტივობაა და ტექსტის გააზრების ეტაპზე  ხშირად ვიყენებ სხვადასხვა კონტექსტში.

 

ბავშვები, ქალაქები და ბავშვებისთვის გასაგები ამბები

0

ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, აი ამ ადგილას კაი ფოტოს გადაიღებთ გასასთორად – მიყვება ნუცა, ჩემი მეგობარი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გიდი, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრივარ. ნუცას ჩემსავით ორი შვილი ჰყავს და ცოტა ხნის წინ საბავშვო ტურების ორგანიზება დაიწყო: თბილისის ქუჩებში დაატარებს ბავშვებს და ათას საინტერესო ამბავს უყვება, რაც მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე. ზოგ ადგილს ახალ სახელს არქმევენ – მაგალითად, ძველ თბილისში ქუჩას, სადაც ბევრი კატა ცხოვრობს, კატლანდია ჰქვია, ზოგან რაინდი ხვდებათ, ზოგან ბითბოქსერი და რომელიმე პარკში შეიძლება ლექსიც კი დაწერონ ქალაქზე, რომელიც არცერთ იმ ლექსს არ ჰგავს, რომლებიც მანამდე თბილისზე დაწერილა. ბავშვები პირდაპირ, ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე წერენ იმაზე, რომ ამ ქალაქში ბევრი მახინჯი კორპუსი და ასევე ბევრი ძველი, თითქმის დანგრეული სახლია; ჰაერი არც ისე სუფთაა და ვერც ბევრ პარკს იპოვი ისეთს, ბალახი ისე ბიბინებდეს, რომ ერთი სული გქონდეს, როდის წამოკოტრიალდები. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ მისი ესმით და შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს – მერე ყველაფერი ადვილდება. ალბათ ეგაა მთავარი წესი, რაც უნდა დავიცვათ ჩვენ, ვისაც ბავშვებთან გვაქვს ურთიერთობა.

 

ქალაქებისა და ბავშვების ურთიერთობაზე ფიქრი იმ დროიდან ამეკვიატა, როცა მივხვდი, რომ ეტლით ბავშვს ძალიან ცოტა ქუჩაზე გავასეირნებდი მშვიდად, რომ ტროტუარები ჩვენ არ გვეკუთვნოდა. პირველად „ცუდი სიტყვებიც” ჩემგან გაიგო ჩემმა უფროსმა შვილმა – ზებრა გადასასვლელზე მანქანები არ აჩერებდნენ და მე გაცეცხლებულს, არანორმატიული ლექსიკის გარდა, არაფერი მადგებოდა ენაზე. ბავშვები იზრდებიან და მათ საინტერესო ამბები, უსაფრთხო ადგილები და მათთვის გასაგებ ენაზე მოყოლილი ისტორიები სჭირდებათ. ჯერ კიდევ არისტოტელე ასწავლიდა მოსწავლეებს სიბრძნეს სეირნობის დროს და რა შეიძლება იყოს იმაზე მარტივი, თან ბავშვები გაასეირნო და თან მნიშვნელოვანი ამბები მოუყვე – მათთან ერთად არქიტექტურაზე, მრავალფეროვნებაზე, რელიგიებზე, კულტურაზე იმსჯელო.

 

წინა კვირაში ჩემი მეორეკლასელი შვილი თავის კლასთან ერთად ძველ თბილისში ექსკურსიაზე იყო, სადაც არსებობდა მარტივი დათქმა – საფეხმავლო ტურზე გიდები ბავშვები იყვნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ წინასწარ მომზადებულ ამბავს კონკრეტულ ადგილზე. ჩემი შვილი ლეღვთახევის გიდი იყო და სხვების მოყოლილი ამბებიდან ყველაზე საინტერესოდ ის მიიჩნია, რომ ადრე ქალები აბანოებში დაჰყავდათ იმის შესამოწმებლად, ხომ არ იყვნენ „გონჯები“. ქალაქის აღქმის ეს პრინციპი ძალიან მომეწონა – ქალაქიც ხომ უამრავი ფრაგმენტისგან შედგება და ამ ფრაგმენტული ამბებიდან ხომ ყველაზე მეტს ვიგებთ აქ მცხოვრებლების შიშებზე, სიყვარულებზე, ახირებებზე, ცხოვრების წესზე.

 

ერთხელ ბავშვებთან ერთად ერთ ძველ სასაფლაოზე შევიარე – ყველაფერზე ვილაპარაკეთ. პანდემია იყო, სიკვდილისა და ავადმყოფობის შიში გვტანჯავდა და აი, ვნახეთ პატარა ბავშვების საფლავები ლამაზი ფოტოებით; მოხუცი კაცების საფლავები გვერდზე მიხატული ცოლების ფოტოებით, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, მაგრამ პრაგმატული მიზნებით წინასწარ მოუზომეს ადგილები სასაფლაოზე და მხოლოდ გარდაცვალების თარიღის მიწერაღა სჭირდებოდათ ამ სამყაროსთან გამოსათხოვრად; ოთახებივით მოწყობილი საფლავები იმ ახალგაზრდების, ვინც ცხოვრებაში ვერ მოახერხა სიცოცხლით ტკბობა.

რთულ თემებზე სალაპარაკოდ ქალაქებში სეირნობა მარტივი გზაა – ყველაფერი თვითონ მოდის შენთან, ყველაფერი ილუსტრირებულია. მთავარია, ქალაქების ხმა გესმოდეს, მისი ამბების წაკითხვა და მერე შესაბამისი ინტერპრეტაცია შეგეძლოს.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...