ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025
4 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

აუტიზმი და თავგადასავალი – ირმა მალაციძის „ზუზუნები და ღუტუნები“

0

აუტიზმზე  ბევრი გვისაუბრია, მათ შორის, ამ ელექტრონული გაზეთის გვერდიდან, რომელსაც ახლა კითხულობთ. ბევრი გვითქვამს თერაპიაზე, სწავლაზე, რესურსებზე, განათლების აუცილებლობაზე. ამ პერიოდში, სანამ აუტიზმის სხვადასხვა ფაზლის ამოხსნას ვცდილობ, როგორც აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი, ბევრი რამე შეიცვალა, დაიხვეწა თერაპია, შეიქმნა ახალ-ახალი პროგრამები, მედიცინის განვითარებაც ახალ იმედებს იძლევა, შეიცვალა შეფასების ინსტრუმენტები, სტატისტიკა,  მაგრამ არ შეცვლილა ერთი რამ –  ჩვენ, მიუხედავად აუტიზმის შესახებ წაკითხული სპეციალური ლიტერატურის სიმრავლისა, მიუხედავად უამრავი ტრენინგისა, რომელსაც ვესწრებით, მაინც არაფერი ვიცით აუტიზმის შესახებ, ის ისევ გამოცანაა, ჩვენთვის ისევ რთულია, სამყაროს აუტიზმის მქონე ადამიანის თვალით ვუყუროთ.

აი, აქ უკვე ყველაზე ხელმისაწვდომ და სწრაფ გამოსავლად ხელოვნება გვესახება, კონკრეტულად კი, გამოხატვის ის საშუალებები, რომელთაც ეს სხვადასხვანაირად ნიჭიერი ადამიანები იყენებენ. ერთ-ერთი საშუალება, გნებავთ პრიზმა, რომელიც ამაში დაგვეხმარება, მხატვრობაა, „ზუზუნების და ღუტუნების“ თანაავტორი ერთი ბიჭი, მათე გახელაძეა, ის, ვინც თავისი ნახატების საშუალებით ბევრს გვიამბობს თავის თავზე.  ამბის მოყოლაში კი დედა ეხმარება, ავტორი და თანაავტორი- ირმა მალაციძე, საბავშვო მწერალი, რომელმაც, როგორც მშობელმა, კიდევ უფრო მეტი რამ იცის მათეს ფიქრებისა და განცდების შესახებ.

შეგინიშნავთ ოდესმე თქვენთვის უჩვეულო, „უცნაური“ მოქმედებები სხვა ადამიანისთვის? გიფიქრიათ მიზეზებზე? მოგიძებნიათ პასუხები? გადაშალეთ „ზუზუნები და ღუტუნები“ და გაცილებით მეტი გეცოდინებათ.

საერთოდ, სამყაროში ყველაზე რთული პროცესი თუ მოვლენა სახელდებაა, სახელის დარქმევა, სახელის მოფიქრება.

როდესაც ენის წარმოშობის ურთულეს საკითხებზე ვფიქრობთ, სულ გვიკვირს, მაინც რატომ ჰქვია ამა თუ იმ საგანს ესა თუ ის სიტყვა.ზოგი სიტყვა ისეთი ზუსტია, ისე სწორად მოძებნილი, რომ გაოცებული ხარ, როგორ მიაგნო ადამიანის გონებამ მას. სწორედ ასეთი სიზუსტითაა ნაპოვნი ამ წიგნის სათაური და მთავარი პერსონაჟის მთავარი მტრების, სენსორული გამღიზიანებლების სახელები – ზუზუნები და ღუტუნები, ხმები და შეხებები, ის, რას მოსვენებას არ აძლევს აუტიზმის მქონე ადამიანს და ცხოვრებას ურთულებს.

გადაშლით წიგნს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით პერსონაჟის ისტორიას, ილუსტრაციების ნაწილი მათე გახელაძეს ეკუთვნის, ნაწილი – თავად ავტორს, ირმა მალაციძეს, რომლის შესანიშნავად შესრულებული ილუსტრაციები სხვა პროექტებშიც, მაგალითად, საბავშვო ლიტერატურულ პერიოდიკაში გვინახავს, მაგრამ ასეთი სრულყოფილი და მასშტაბური ილუსტრირება ახალი საფეხურია.

მიჰყვებით მათეს ცხოვრების თაიმლაინს, ოჯახური ალბომი, დაბადება, ბაღი, თერაპია და, ნაბიჯ-ნაბიჯ, ინფორმაცია უფრო საჭირო და სპეციფიკური ხდება. მკითხველი  თავად ვერ გრძნობს, როგორ იგებს ჯერ სიტყვა „ტანტრუმის“ შესახებ, გაიცნობს წარმოსახვით მეგობრებს, მათეს სამყაროს, ილუსტრირებულ სიტყვებს, რომელიც მათეს წარმოსახვისა და აზროვნების სპეციფიკას გვაცნობს, იმ ერთი შეხედვით მარტივ და სინამდვილეში რთულ ინსტრუქციებს, რომლებსაც ბავშვებისგან ვითხოვთ: „თვალებში შემომხედე, ჩამეხუტე, მელაპარაკე“ და სხვა.

პერსონაჟის გაცნობასთან ერთად იმ ნიშნებსაც ვიგებთ, რომლითაც აუტიზმზე ვსაუბრობთ, თამაშის, ნივთების მოწესრიგების, ქცევის თავისებურებაზე, სენსორულ შეგრძნებებზე და  ვსწავლობთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. თერაპიის ფორმებს, სენსორულ სათამაშოებს ვეცნობით-ბურთს, ბატუტს, ხორბლითა და სხვა მარცვლოვნებით თამაშს, ქაფს, წყლის პროცედურებს, ტაშის დაკვრასა და ფეხშიშველა სიარულს, ავტობუსში მგზავრობის სირთულეებს, ძილისა და კვების სპეციფიკას.

მოკლედ, შეგიძლიათ დიდტანიანი სამეცნიერო სახელმძღვანელოები წაიკითხოთ აუტიზმზე, ან ცნობილ ჟურნალებში დაბეჭდილი აკადემიური წერილები, თუმცა მე უფრო მარტივ გამოსავალს მოგაფიქრებინებთ: ირმა მალაციძის „ზუზუნებისა და ღუტუნების“ წყალობით, თქვენც მეტს გაიგებთ და ბავშვებსაც გააგებინებთ, მაინც რა არის აუტიზმი.

ეს მრავალმხრივად საინტერესო, ზუსტი, კონცეპტუალური, ძალიან საჭირო და გონებამახვილური წიგნი საუკეთესო რესურსია, როგორც ბავშვთან ერთად კითხვისთვის, ასევე ინკლუზიური განათლებისათვის. ბავშვის ენაზე ბავშვის მიერ მოყოლილი ამბავი ყველაზე მეტად გასაგებია ბავშვი მკითხველებისათვის. რაც მთავარია, ეს კარგი წიგნი დიდი შენაძენია ქართული საბავშვო ლიტერატურისათვის.

„იდეა, დამეწერა წიგნი პატარა, უცნაურ ბიჭზე, მე  მგონი, იმ დღიდან გამიჩნდა, როცა ჩემს მათეს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი დაუსვეს. ცხადია, ის სრულიად განსხვავებული იყო ჩემი უფროსი შვილებისგან და ყოველდღე „აღმოჩენებს“ ვაკეთებდი. ძალიან საინტერესო იყო ამაზე დაკვირვება. მათე სრულიად განსხვავებულად აღიქვამდა გარემოს და მეც თითქმის მისი თვალით დავიწყე ხედვა. თუმცა ეს აღმოჩენები არ დასრულებულა და რაც დრო გადის, მით უფრო საინტერესო ხდება. წიგნის  იდეის ხორცშესხმა რამდენიმე წლის დაგვიანებით შევძელი. ვერ გადამეწყვიტა, რა ფორმა მიმეცა მისთვის. ერთი რამ ცხადი იყო, ის უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის, რომელთაც უჭირთ, გაიგონ, რას ნიშნავს „აუტიზმი“. მათთვის ტერმინებით ახსნა რთული და უშედეგოა. ამიტომ ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუ  პრობლემას ერთგვარად „გაზღაპრებული“ პერსონაჟები გადმოსცემდნენ. ასე აღმოჩნდნენ „ჩვენს წიგნში“ ზუზუნები და ღუტუნები, რომელიც აბეზარი და საძაგელი არსებები არიან და ბავშვებს ფეხისგულებზე უღუტუნებენ, ყურებში უზუზუნებენ და ძალიან აწუხებენ.

წიგნი ერთგვარი სიმპტომების კრებულია და ვფიქრობ, არა მხოლოდ პატარებს, არამედ მათ მშობლებსაც გამოადგებათ, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ შეკითხვაზე მიიღონ პასუხი. მაგალითად, რატომ იქცევა ზოგიერთი ბავშვი თანატოლებისგან განსხვავებულად.

„ზუზუნები და ღუტუნები“ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გამიკეთებია, ვინაიდან ის სრულიად ჩვენია, ჩვენი ოჯახისაა. მათეს ნახატებია გამოყენებული და ილუსტრაციებიც, რომელიც მე დავხატე, ზუსტად აღწერს ჩვენს გარემოს, ჩვენს სახლს, ეზოს, მათეს საყვარელ ნივთებს, ტანსაცმელს. მთლიანად ჩვენია“. – გვიამბობს  წიგნის ავტორი.

„ზუზუნები და ღუტუნები“ ქართული საბავშვო ლიტერატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან რთულ საკითხებზე სასაუბროდ არ არსებობს კარგად მოყოლილ და დასურათებულ საბავშვო წიგნზე საჭირო საშუალება.

 

 

გარემოსდაცვითი განათლება მუსიკის გაკვეთილზე

0

საზოგადოების განვითარებასთან ერთად ეკოლოგიამ სულ უფრო მეტად შეიძინა სოციალური მნიშვნელობა, გახდა საზოგადოების დაინტერესების სფერო და ჩვენს საუკუნეში გასცდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. XX  საუკუნის შუა ხანებში ეკოლოგია გახდა მეცნიერება, რომელიც ზრუნავს ადამიანების გადარჩენაზე. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ეს საკმაოდ გვიან გააცნობიერა, როდესაც ადამიანების ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულების უარყოფითი შედეგები თვალსაჩინო გახდა, როდესაც პლანეტაზე პრაქტიკულად არ დარჩა  ბუნების ხელუხლებელი ადგილები.

„მდგრადი განვითარების“ პრობლემა მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსახლეობის ეკოლოგიურ განათლებასთან, რომლის მთავარი იდეა და მიზანია მომავალში კაცობრიობისა და გარემოს შენარჩუნება.

კულტურის ისტორიაში ბუნება ხშირად იყო აღტაცების, ასახვის, აღწერის, შთაგონების ძლიერი წყარო.  ადამიანი ცდილობს ხელოვნებაში გამოხატოს  ბუნებისადმი განწყობა და დამოკიდებულება.   მასწავლებლის ამოცანაა დაეხმაროს მოსწავლეს ბუნების სილამაზის და მისი მნიშვნელობის დანახვაში, რათა გააცნობიერონ ,როგორი აუცილებელია გაფრთხილება და ზრუნვა ეკოლოგიაზე, გარემოზე.

გარემოსდაცვითი განათლება უზრუნველყოფს პიროვნების სულიერი და მორალური ფასეულობების ჩამოყალიბებას.   ცნობილია, რომ მუსიკა გავლენას ახდენს საზოგადოების  სულიერი კულტურის განვითარებაზე, ადამიანის ცნობიერებაზე. ეს არის მისი დროის სულიერი და სოციალურ-ფსიქოლოგიური ტენდენციების სიმბოლური გამოხატულება. გარემოსდაცვითი კულტურის წარმატებული ფორმირებისთვის აუცილებელია მუსიკის მდიდარი მორალურ – ესთეტიკური საგანმანათლებლო პოტენციალის ამ მიმართულებით გამოყენება.

მუსიკალური ხელოვნება როგორც ძლიერი ზემოქმედების საშუალება დიდ ადგილს იკავებს ადამიანის  ზოგად კულტურულ განვითარებაში. ბევრმა მწერალმა, კომპოზიტორმა, მუსიკათმცოდნემ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუსიკალურ – ესთეტიკურ განათლებაზე მუშაობა სისტემატურად უნდა ხორციელდებოდეს,  ეს უნდა იყოს იმ საქმიანობის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც მასწავლებლები ატარებენ ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის აღზრდის მიზნით.

დაწყებით საფეხურზე მუსიკის საგნის სწავლების ამოცანებია:

  • მუსიკისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება, მისი სილამაზის დაფასების, მუსიკალური ნაწარმოებების აღქმის, ემოციური უნარის განვითარება;
  • მუსიკალურ-წარმოსახვითი აზროვნების განვითარება, ხელოვნების კანონების გააზრება, მუსიკის აღქმა, ნასწავლის დაკავშირება ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და  ხელოვნების სხვა დარგებთან;
  • შემოქმედებით-მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მუსიკის მოსმენის და შედგენის პროცესში (იმპროვიზაცია);
  • მუსიკალურ-ესთეტიკური გემოვნების განვითარება და მუსიკალურ  შედევრებთან ურთიერთობის აუცილებლობა ;

სასკოლო ასაკი მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ეკოლოგიური კულტურის განვითარებისთვის. ამ პერიოდში ყალიბდება პიროვნება, მისი  პოზიტიური დამოკიდებულება ბუნების, სამყაროს მიმართ. ამ დროს ბავშვს უყალიბდება ემოციური და ჰოლისტიკური დამოკიდებულება გარემოს მიმართ. მუსიკა ახლოს არის ბავშვის ემოციურ ბუნებასთან. მუსიკის გავლენით ვითარდება მისი მხატვრული აღქმა, მდიდრდება გამოცდილება. ყველა მასწავლებელი ცდილობს, საფუძველი ჩაუყაროს გარემოსდაცვით წიგნიერებას. ამ პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება მუსიკალური და გარემოსდაცვითი განათლების სხვადასხვა ფორმა. სწორედ მუსიკის გაკვეთილზე უყალიბდებათ ბავშვებს წარმოდგენები ეკოლოგიურ კულტურაზე, მორალურ პრინციპებზე, სილამაზის ესთეტიკურ აღქმაზე (ხელოვნების ქმნილებებით  – ფერწერა, მუსიკა, პოეზია).  მუსიკა ყოველთვის იყო სიკეთის, სილამაზის, ადამიანობის  ყველაზე მხატვრული და დახვეწილი საშუალება.

მუსიკის გაკვეთილი ხელს უწყობს შემდეგი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას:

  • ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას;
  • ბუნებრივ რესურსებთან შეგნებულად ყურადღებიანი დამოკიდებულების განვითარებას;
  • გარემოს სილამაზის აღქმის განვითარებას და ემოციური რეაგირებას;
  • მოსწავლეების წარმოდგენების გამდიდრებას ბუნების მრავალფეროვნებაზე.

კლოდ დებიუსი წერდა, რომ ,, მუსიკა არის ზუსტად ის ხელოვნება, რომელიც ბუნებასთან ყველაზე ახლოსაა… მხოლოდ მუსიკოსებს აქვთ უპირატესობა აღბეჭდონ ღამის და დღის, დედამიწისა და ცის მთელი პოეზია, ხელახლა შექმნან მათი ატმოსფერო და რიტმულად გადმოსცენ მათი უზარმაზარი პულსაცია“. იმპრესიონისტი მხატვრები (კ. მონე , კ. პისარო, ე. მანე) ცდილობდნენ თავიანთ ნახატებში გადმოეცათ შთაბეჭდილებები ბუნებაზე, აკვირდებოდნენ დღის მანძილზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში განათების, ჩრდილის, სინათლის   ცვალებადობას და ცდილობდნენ, ეპოვათ ფერწერის ექსპრესიულობის ახალი საშუალებები.

ბუნების თემამ გამოხატვა პოვა  სხვადასხვა კომპოზიტორების შემოქმედებაში: ვივალდის   (პროგრამული  კონცერტები ,,ღამე“, ,,ქარიშხალი ზღვაზე“, ,,წელიწადის დრონი“),  ჰაიდნის (სიმფონია  ,, დილა“, ,,შუადღე“, ,,საღამო“, კვარტეტი ,, ტოროლა“, ,,მზის ამოსვლა“), რიმსკი-კორსაკოვის ( ზღვის სურათები ,,სადკოსა“ და ,,შეჰერეზადში“, გაზაფხულის სურათი ,,თოვლის ქალში“)ბეთჰოვენის,   რაველის,  გრიგის,  ვაგნერის მუსიკალურ ნაწარმოებებში. ამ ტიპის ნაწარმოებებში მნიშვნელოვანია ბგერით-გამომსახველი ელემენტები. ამის მაგალითია:  რიმსკი-კორსაკოვის ,,თოვლის ქალი“ და ,,სადკო“. მკვლევრები ,,თოვლის ქალს“  ,,ფრინველის ოპერას“ უწოდებენ, რადგან ფრინველების გალობა მთელ ოპერას გასდევს  ერთგვარ ლაიტმოტივად. ,,სადკოს“ უწოდებენ ,,ზღვის ოპერას“, რადგან ოპერის ძირითადი სურათები გარკვეულწილად უკავშირდება ზღვას .  ბეთჰოვენის მუსიკაში ბუნება ვლინდება ძლიერი სულიერი ქარტეხილებით, სიცოცხლესა და სიკვდილზე ფიქრებით.

ქარიშხალი ან ჭექა-ქუხილი შეიძლება დავაპირისპიროთ წყნარ და მშვიდ დილას ან გარიჟრაჟს, რომელიც, პირველ რიგში,  ბუნების ემოციურ აღქმას უკავშირდება. (მაგალითად, ჭექა-ქუხილი  ვივალდის კონცერტიდან ,,წელიწადის დრონი“ და გრიგის ,,დილა“). ვივალდიმ ,,წელიწადის დროში“ მოახერხა, ზუსტად გადმოეცა ის ემოცია და განწყობა, რაც ადამიანს ეუფლება ბუნებრივ მოვლენებზე „მიყურადებისას“( ზაფხულის ჭექა-ქუხილი, წვიმა, ქარი, თოვლი, ნიავი). ჩაიკოვსკის ბუნების აღქმა ღრმად ინდივიდუალურია. მის მუსიკაში მთავარი ადგილი უკავია ემოციებს, აზრებს, მოგონებებს, რომლებიც ბუნებამ გააღვიძა მასში. დებიუსი წერდა: „მზის ჩასვლაზე უფრო მუსიკალური არაფერია! მათთვის, ვისაც შეუძლია  მზერა  მღელვარებით – ეს არის მასალის განვითარების  ყველაზე ლამაზი გაკვეთილი, მუსიკოსების მიერ კარგად შესწავლილ წიგნში დაწერილი გაკვეთილი – მე   ბუნების წიგნს ვგულისხმობ“.

კ. დებიუსის  ეკუთვნის  ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომლის სათაურებიც ბუნების კონკრეტულ მოვლენას ეხმიანება: ,,ბაღები წვიმაში“ , ,,მთვარის შუქი“, სიუიტა ,,ზღვა “ და მრავალი სხვა. საინტერესოა მ. გლინკას რომანსი  ,, ბულბული“, რომლის მოსმენისას, თითქოს ჩიტის გულისცემა გესმის.  პ. ჩაიკოვსკის  „საბავშვო ალბომშიც“ არის „ტოროლას სიმღერა“. მუსიკას შეუძლია განასახიეროს მუსიკალური ნაწარმოების ემოციური შინაარსი, ადამიანის შინაგანი სამყარო. მუსიკა ასწავლის, აღვიძებს ადამიანში ეკოლოგიურ ცნობიერებას, აზროვნებას, კულტურას, ეკოლოგიურად გამართლებულ ურთიერთობას ბუნებასთან. (პ. ჩაიკოვსკი ,,რა მწვანეა ჩემი ბაღი“, ,,გუგული“, ,,ენძელა“  ციკლიდან “წელიწადის დრონი“, ,,შემოდგომა“ იმავე ციკლიდან).

ბუნება მოქმედებს  კომპოზიტორის გრძნობებზე, ემოციებისა და განწყობაზე . ამ განწყობებით ქმნიან მუსიკას და ცდილობენ გადმოიტანონ ბუნების ხმები თავიანთ ნაწარმოებებში (ჩიტების ჭიკჭიკი, ზღვის ხმა, ტყე, ჭექა-ქუხილი).  აინტერესებთ ემოციური ასოციაციები, რომლებიც დაკავშირებულია რაიმე ბუნებრივ მოვლენასთან. მაგალითად, ზღვაზე ქარიშხლის გამოსახულებამ შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სახის პირქუში ემოციები, რომელიც ასოცირდება მრისხანებასთან, ხოლო მდინარე, პირიქით, უფრო მეტად ასოცირდება სიმშვიდესთან.

„მუსიკალურ პეიზაჟს“ განვითარების დიდი ისტორია აქვს. მისი ფესვები რენესანსს უკავშირდება, კერძოდ მე-16 საუკუნეს – ფრანგული პოლიფონიური სიმღერის აყვავების ხანას და კლემან ჟანეკინის შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდს. სწორედ მის შემოქმედებაში გამოჩნდა პირველად საერო პოლიფონიური სიმღერების ნიმუშები, რომლებიც წარმოადგენდნენ საგუნდო „პროგრამულ“ სურათებს.  ჟანეკენის ერთ-ერთი სიმღერაა „ჩიტების სიმღერა“. სიმღერაში ჩიტების გალობის დამახასიათებელი ბგერების გაჟღერებით ჟანეკენი ფრინველებს ანიჭებს ადამიანურ თვისებებს .

ბუნებისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოებების დიდი რაოდენობა ადასტურებს, რომ ბუნება და მუსიკა მჭიდრო კავშირშია.

მუსიკის გაკვეთილებზე მასწავლებელს, სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდა თაობის, მთელი მოსახლეობის გარემოსდაცვით აღზრდასა და განათლებაში.

მუსიკის გაკვეთილზე განხორციელებული  აქტივობები:

  • I კლასში თემაზე ,, შემოდგომის მუსიკა“ გაკვეთილზე ბავშვები  ისმენენ ჩაიკოვსკის პიესას ,,ოქტომბერი“-ციკლიდან ,,წელიწადის დრონი“, მიღებულ შთაბეჭდილებას გადმოსცემენ ნახატში.
  • მოსწავლეებს ვასმენინებ ხალხურ სიმღერას ,,მზე შინას“, შემდეგ  შეისწავლიან სიმღერას და ასრულებენ დიდი სიყვარულით. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს : ბედნიერებაა, როცა მზე ანათებს და დედა უმღერის თავის პატარას ასეთ ლამაზ იავნანას .
  • II კლასში თანდათან  სწავლობენ როგორც  დაკვირვებას, ასევე ბუნების სილამაზის აღქმას, მოსმენას და  შეგრძნებას.

მოსწავლეები  ისმენენ :

  • კლემან ჟანეკენის საგუნდო ნაწარმოებებს: „ჩიტების გალობა“, „ნადირობა“, „ბულბული“.
  • კამილ სენ-სანსის საორკესტრო სიუიტას ,,ცხოველთა კარნავალს“.
  • ოლივიე მესიანის ,,ეგზოტიკური ფრინველებს“.
  • კლოდ დაკენის „გუგულს“ .
  • III კლასში მოსწავლეები უსმენენ ფრანც იოზეფ ჰაიდნის ,,საბავშვო სიმფონიას“ , სადაც აკვირდებიან ტყეში ბგერების ჟღერადობას.
  • IV კლასში მოსწავლეები უსმენენ პეტრე ჩაიკოვსკის „აპრილს“ საფორტეპიანო ციკლიდან „წელიწადის დრონი“. კითხვაზე, თუ როგორ ჟღერდა ეს ნაწარმოები, რა გრძნობების გადმოცემა სურდა კომპოზიტორს თავისი მუსიკით? მოსწავლეები მსჯელობენ: მუსიკა ძალიან ნაზად, მსუბუქად ჟღერდა. თითქოს ყვავილი მართლაც მზისკენ მიიწევს და თანდათან იშლება მისი ფურცლები. შუა ნაწილი ამაღელვებლად ჟღერს, ისმის  ნაკადულის   ხმა.

სიმღერა ბუნების თემაზე სასარგებლო გავლენას ახდენს ცოცხალი სამყაროს მიმართ მოსწავლეთა  დამოკიდებულებაზე, მნიშვნელოვანია საუბრები ეკოლოგიაზე, ცოცხალი სამყაროს დაცვაზე, ფლორისა და ფაუნაზე, ბუნებაზე ზრუნვის და გაფრთხილების აუცილებლობაზე.

  • სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში,, World Peace Song”.

ტექსტის ავტორი და გუნდის ხელმძღვანელი: დალი დოლიძე  ვიდეოს ბმული ,  სიმღერა განთავსებულია  მსოფლიოს ელექტრონულ რუკაზე.

  • სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლის პროექტი : ,,დავიცვათ დედამიწა ჩვენი ხელებით”, III- IV კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს ჰიმნი.

ტექსტის ავტორები არიან  მე-12 /1 კლასის მოსწავლეები: მარიამ კოკოზაშვილი და ელენე   ტყეშელიაძე;  კომპოზიტორი: მაია ჩხეიძე ;  ქორმაისტერი: დალი დოლიძე ;

კულტურული და გარემოსდაცვითი აღზრდა-განათლება, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, ფოკუსირება ნამდვილ ფასეულობებზე  უნდა დაიწყოს ცხოვრების პირველივე წლებიდან და გაიაროს სკოლამდელი, სასკოლო და სკოლის შემდგომი განათლების ყველა საფეხური.

ამრიგად,  სკოლის სასწავლო პროცესში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში  ეკოლოგიური კულტურის ფორმირების ეფექტური საშუალებაა მუსიკის გაკვეთილი, რომელიც სავსეა  მუსიკალური ხმოვანებით, მომხიბვლელი, გამომსახველი  ლექსებით, ფერწერული ტილოებით, მდიდარი ესთეტიკური საგანმანათლებლო პოტენციალით, რაც ხელს უწყობს რაციონალური აზროვნების განვითარებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

  1. დვალიშვილი ლ.,  გარემოს  დაცვის  ეკოლოგიური  პრობლემები. ინსტიტუტის  75  და  ჟურნალ  „ეკონომისტის“  10  წლისთავისადმი  მიძღვნილი  საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენციის  მასალების  კრებული,  „მწვანე  ეკონომიკის“ფორმირების  თანამედროვე პრობლემები, თბილისი, 2019.
  2. დვალიშვილი ლ.,  ატმოსფეროს  დაცვა  –  მდგრადი  განვითარების  ერთ-ერთი აუცილებელი პირობა.  აკადემიკოს  ავთანდილ  გუნიას  დაბადებიდან  105-ე  წლისთავისადმი  მიძღვნილი  საერთაშორისო  სამეცნიერო  ინტერნეტ-კონფერენციის  მასალების  კრებული,  მდგრადი  განვითარების  თანამედროვე  ეკონომიკური  ტენდენციები, თბილისი, 2017.
  3. სეფერთელაძე ზ.,  დავითაია  ე.,მარგველანი  გ.,  ბუნებათსარგებლობის  გეოგრაფია, თსუ გამომცემლობა, 2011.
  4. ციცქიშვილი მ.ს., ჩხარტიშვილი ა., ქარჩავა გ., ციცქიშვილი მ.მ. ეკოლოგიის უახლესი პრობლემები. // დამხმარე სახელმძღვანელო. ISBN 978-9941-9532-2-4, Tbilisi, 2018
  5. ციცქიშვილი მ.ს., ციცქიშვილი მ.მ., ქარჩავა გ., ჩხარტიშვილი ა., ესებუა ე., პეტრიაშვილი ე. ზოგადი ეკოლოგიის საფუძვლები.
  6. დეივიდ ატენბორო: ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე;
  7. Tyler Miller, Jr. and Scott E. Spoolman, 2009, 2007. Living in the environment: principles, connections and solutions, 16e, Brooks/Cole, Cengage Learning.
  8. https://wwfint.awsassets.panda.org/downloads/living_forests_chapter_3_2.pdf
  9. https://weg.ge/sites/default/files/climate_change_and_sustainable_development.pdf

 

ლიტერატურული პარალელები – ედგარ ალან პოს „უილიამ უილსონი“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“

0

მსოფლიო ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა რომანტიზმმა – მრავალწახნაგოვანი ნოვატორობით, გულწრფელი ემოციებით, უკურნებელი სევდითა და ადამიანური ტკივილით გაჯერებული ტექსტებით. მან გააერთიანა ლამის მთელი პლანეტის ხელოვანები. ქართული ლიტერატურის ისტორიის სწავლებისას ჩვენი რომანტიკული ლიტერატურული სკოლა მოსწავლეთა დიდ მოწონებას იმსახურებს. ახალ თაობებს იზიდავს გამოსახვის ის ხერხები და თემები, რომლებიც მახლობელი, აქტუალური და ნათლად აღსაქმელია თანამედროვე ადამიანისთვისაც. მეთერთმეტე კლასი სწავლების ის საფეხურია, როცა მოსწავლე მზადაა ღრმად გაიაზროს მწერლობის იდეური აქცენტები, რომანტიკოსი პოეტების ფაქიზი სულიერი სამყარო, ჩასწვდეს მათ ესთეტიზმსა და ფილოსოფიურ მსოფლაღქმას. ბავშვები სვამენ კითხვებს, იკვლევენ ალეგორიებსა და მეტაფორებს და ხშირია აღმოჩენის სიხარული, ნაწარმოებების ნაირგვარი ინტერპრეტაციები. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მეოცნებე ნატურებზე.

ტექსტების სინთეზირება და ლიტერატურული პარალელები, მოგეხსენებათ, ცოდნის მაღალი საფეხურია, ხოლო რომანტიზმის იდეურ-მხატვრული მახასიათებლებისა და თემატური მოტივების გააზრების პროცესში უამრავი პარალელის თანხვედრა ხდება, რადგან რომანტიკოსი მწერლების შემოქმედება პოპულარულია და მათ არასდროს აკლია მკითხველის ყურადღება. ყოველ წელს, როცა მეთერთმეტე კლასში ქართული რომანტიზმის სწავლებას ვიწყებ, სანამ მე ვიტყოდე ჩვენი რომანტიკოსების რჩეულ ჟანრებზე რამეს, მოსწავლეები დამასწრებენ ხოლმე და მეკითხებიან: მასწავლებელო, ევროპელი და ამერიკელი რომანტიკოსები ხომ პროზის ჟანრებსაც მიმართავდნენ, ბევრი რომანიც შექმნეს, რატომ არ დაიწერა ქართული რომანტიკული მოთხრობა ან რომანი? ამ ლეგიტიმურ კითხვაზე ცალსახად ამომწურავი პასუხის გაცემა, რასაკვირველია, შეუძლებელია, მაგრამ ჩემი პასუხი ის არის, რომ ლირიკის ენა უფრო მშობლიური, უფრო მისადაგებული აღმოჩნდა ჩვენი პოეტების ტრაგიკულ განცდებთან, ხოლო რომანს რაც შეეხება, მეცხრამეტე საუკუნის ქართულმა მწერლობამ ის საერთოდაც ვერ შვა, რადგან, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, დაპყრობილ, პროვინციად, კოლონიად ქცეულ პატარა ქვეყანაში არ იყო ფართოპლანიანი ნაწარმოების სიუჟეტისთვის საჭირო ასპარეზი, დრამატული ამბები და თავგადასავლები ვერ იქნებოდა იმ მასშტაბის, რომ რომანის ფერადი სამყარო დაბადებულიყო…

მეთერთმეტე კლასში ჩვენი გაკვეთილის თემაა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“, რომლის სიღრმეებში წვდომას ბავშვები იოლად ახერხებენ. 1836 წელს 19 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილი ცხოვრების გზის ძიებაში საკვირველ სულიერ ტკივილზე საუბრობს. ლექსი ლირიკული აღსარებაა და გვიზიარებს პოეტის ძიებებს, ტკივილიან განცდებს. იდუმალი ხმა ასდევნებია ჭაბუკ ლირიკულ გმირს და დაუკარგავს მისთვის მოსვენება, ახალგაზრდა, ვნებებით სავსე გული ნაღვლით დაუსნეულებია. პოეტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც წუთისოფელი შეიცნო, ეს ხმა მოუცილებლად თან სდევს და „სულ ერთ რამეს უწვრთნის მას გულისა ჭირად“… „ეძიე, ყრმაო, შენ მხვედრი შენი, ვინძლო იპოვო შენი საშვენი“… ლირიკული გმირი გულწრფელად აღიარებს, რომ საკუთარ ხვედრს ეძიებს, მაგრამ ვერ პოვებს და ამის გამო კაეშანს ვერ იშორებს…

ლექსის ბოლო სტროფები სულიერად განადგურებული და აღშფოთებული ლირიკული გმირის ფილოსოფიურ კითხვებს ახმოვანებს:

„ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა შეუწყალისა სინიდისისა?
მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა, მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა.
ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი, ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?
ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ, სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?“.

ბარათაშვილის ეს ლექსი მრავლისდამტევია ზოგადად ეპოქის სულის ამოსაცნობად… როცა ბავშვები სვამენ კითხვებს, თუ რატომ იკითხება ქართველი პოეტების ტექსტებში ესოდენ ღრმა სულიერი ტკივილი, ჩვენი პასუხი არის ის, რომ „მსოფლიო სევდის“ გამოხატვა მხოლოდ ლოკალური ლიტერატურული მოვლენა როდია. ზოგადად მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ადამიანის გონება და სული იყო ასე „მოწყობილი“, უსამანო ტკივილის განმცდელი, სენტიმენტალური, მეოცნებე, ფაქიზი, მოწყვლადი… საგაკვეთილო პროცესი მეტყველ, ადეკვატურ, გამომსახველ ლიტერატურულ პარალელს ითხოვს და აი, ისიც: ედგარ ალან პოს მოთხრობა „უილიამ უილსონი“.   ბიოგრაფიებშიც სიახლოვე იკვეთება: პო 1809 წელს დაიბადა, 8 წლის შემდეგ – ნიკოლოზ ბარათაშვილი… ორივე რომანტიკული სკოლის ვარსკვლავია თავის სამშობლოში… ტატო 1845 წელს გაშორდება თავის დამტანჯველ წუთისოფელს, ხოლო ედგარი 4 წლის შემდეგ წავა ისევე მისტიკურად, როგორიც მისი სული და შემოქმედება იყო. ამ ნაწარმოებთა შექმნის თარიღებიც ახლო-ახლოსაა. ბარათაშვილის ლექსი 1836 წელს დაიწერა, ხოლო პოს მოთხრობა – 1839-ში. ბარათაშვილის „ხმა იდუმალისა“ და პოს „უილიამ უილსონის“ შესადარებლად ყველაზე მორგებული ცნობილი კოგნიტური სქემა – ვენური დიაგრამა აღმოჩნდა. მართალია, მეთერთმეტე კლასში ეს სქემა თითქოს უკვე ფუნქციადაკარგული და მოძველებულია, მაგრამ აქ ნამდვილად მაღალ დონეზე ასრულებს თავის ფუნქციას.

რა აქვთ განმასხვავებელი მოცემულ ტექსტებს?

„ხმა იდუმალი“:

  1. ბარათაშვილის ლირიკული გმირი ეძიებს საკუთარ ბედისწერას და აცხადებს, რომ სინდისი სუფთა აქვს: „ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა შეუწყალისა სინიდისისა? მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა, მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა”…
  2. ლირიკული გმირი გაორებულია, თუმცა საკუთარი ძალების რწმენა მასში ერთგვარად მაინც იგრძნობა და იდუმალი ხმა, სავარაუდოდ, არის არა მისი ალტერ ეგო, არამედ დაუნდობელი წუთისოფელი, ბედისწერა;
  3. ლექსის ბოლო ტაეპებით ირკვევა, რომ მთავარი ლირიკული გმირი მაინც ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია… ანუ სადღაც იმედი მაინც იკითხება… ჯერ ყველაფერი არ დამთავრებული…

„უილიამ უილსონი“:

  1. პოს გმირი თავის ყველა მონოლოგში აღიარებს, რომ მისი სინდისი დამძიმებულია ცოდვით, უსიყვარულობით, ადამიანთა დაუნდობლობით, თაღლითობის, პარვის, სიცრუის, მრუშობის, ანგარების, ბილწი ადამიანური ვნებების ტვირთით…
  2. უილიამ უილსონი გაორებულია, მისი ბიოგრაფია და დაბადების თარიღიც კი ემთხვევა ავტორისას და ის აღმოაჩენს, რომ მისი მსგავსი არსება, რომელიც მას დევნის და მოუწოდებს ცოდვათა დაძლევისკენ, მისი მეორე „მეა“…
  3. უილიამი მოთხრობის ფინალში კლავს თავის მეორე „მეს“, ანუ თვითმკვლელად იქცევა… მისი აღმოჩენა სარკესთან შემზარავია: „მეტოქე – უილსონი იდგა ჩემ წინ, სულთმობრძავი, სახემორღვეული… მისი განუმეორებელი სახის ყოველი ნაკვთი სრულიად დამთხვეოდა ჩემსას! გათავდა, მორჩა, შენ გაიმარჯვე, მაგრამ აწ მკვდარი ხარ, მკვდარი ამ სოფლისთვის, სასოებისთვის, მაღლა ცისთვის! ჩემში იყო შენი არსებობა და ჩემშია შენი სიკვდილიც, საკუთარი სახე გამცნობს, ვით მოიკვეთე სამარადისოდ!“.

„ხმა იდუმალი“ – „უილიამ უილსონი“ – რა აქვს საერთო ამ ორ ნაწარმოებს?

  1. ახალგაზრდა რომანტიკოსი მწერლების სულიერი ძიებანი, გარდასახული მათ მიერ გაცოცხლებული მხატვრული სახეების (ლექსის ლირიკული გმირი/მოთხრობის პერსონაჟი) განსაცდელში…
  2. „მსოფლიო სევდის“ უკიდეგანო ოკეანე, რომელიც გმირის დემორალიზაციას იწვევს…
  3. სულიერი გაორება, საკუთარი თავის მისტიკურ, ილუზორულ, ირეალურ სამყაროში წარმოჩენა…

ტექსტების განხილვის პროცესი უაღრესად საინტერესო, ცოცხალი და შთამაგონებელია და გაკვეთილზევე იბადება ლიტერატურული ესეის შექმნის იდეა. ესეის ვასათაურებთ ასე: „ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“ და ედგარ ალან პოს „უილიამ უილსონი“ – მგლოვიარე სულების გადაძახილი ოკეანის გაღმა-გამოღმა…“. ბავშვები ამბობენ, რომ ესეის შექმნის პროცესი არ იქნება დამღლელი და უსიამოვნო, ეს ტექსტები მათ დაეხმარა ერთმანეთის სათქმელის ამოცნობაში, სინთეზის პროცესი იყო დამაინტრიგებელი, შემეცნებითი, დამაფიქრებელი. გაკვეთილზევე ვქმნით ესეის შეფასების კრიტერიუმებს, სადაც ადეკვატური გაგება, ნაშრომის აგება, ორიგინალური და არაშაბლონური აზროვნება, ზოგადი განათლება/წიგნიერება და ანალიტიკური უნარები  ხდება გადამწყვეტი. მეც იმედი მაქვს და ჩემს მოსწავლეებსაც, რომ გაკვეთილი ნაყოფიერი იქნება, მიზნამდე მიგვიყვანს და მსოფლიო მწერლობის უდიდესი ლიტერატურული მიმართულების ქვეტექსტების ამოცნობას ასწავლის ბავშვებს.

 

კომპლექსური დავალება ,,დაეხმარე მეგობარს წიგნების განაწილებაში“

0

განათლების რეფორმა მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და ორიენტირებულია მოსწავლეებში საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბებაზე. კომპლექსური დავალება კი ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი გზაა.

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ნაკლებად აქვთ გამომუშავებული. ამიტომ ხშირად კომპლექსური დავალების შესრულება მათ უწევთ სახლში. ვიფიქრე, რა გზა უნდა გამომენახა იმისთვის, რომ პირველკლასელ მოსწავლეს კომპლექსური დავალება არა შინ, არამედ საკლასო ოთახში, დამოუკიდებლად შეესრულებინა.

აღმოჩნდა, რომ თურმე ეს არც ისე რთული ყოფილა. სტატიაში გაგიზიარებთ გამოცდილებას, როგორ და რა გზით მოახერხეს პირველკლასელმა მოსწავლეებმა მათემატიკის კომპლექსური დავალების საკლასო ოთახში დამოუკიდებლად შესრულება, რა სირთულემ იჩინა თავი და როგორ დავძლიეთ ის.

მიმართულება: რიცხვები

სასწავლო თემა: რიცხვები 16-დან 20-ის ჩათვლით

სამიზნე ცნება: რიცხვები და თანრიგები

საკითხები: რიცხვები 16-დან 20-ის ჩათვლით

  • თექვსმეტი
  • ჩვიდმეტი
  • თვრამეტი
  • ცხრამეტი
  • ოცი
  • რიცხვის დაშლა ორ შესაკრებად

საკვანძო კითხვები:

  • როგორ შევუსაბამო საგანთა კონკრეტულ რაოდენობას კონკრეტული რიცხვი?
  • როგორ დავადგინო ორი რიცხვიდან რომელია მეტი (20-ის ფარგალში)?

კლასი: I

გაანაწილე წიგნები

ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც წიგნები, ჟურნალ-გაზეთებია განთავსებული. ადრე მას წიგნსაცავს უწოდებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ შენც გაქვს პატარა საოჯახო ბიბლიოთეკა, სადაც შენი საყვარელი წიგნებია შენახული – ზღაპრების წიგნები, ანბანის წიგნი, სათავგადასავლო და საბავშვო ენციკლოპედიები, გასაფერადებელი და გამოცანების წიგნებიც ლამაზად გექნება დალაგებული თაროებზე.

ახლა კი უნდა დაეხმარო შენს მეგობარს წიგნების განთავსებაში. მისი წიგნების კარადას 5 თარო აქვს. თითოეულ თაროზე ეტევა 20 წიგნი, მაგრამ დევს 10 წიგნი. დანარჩენი წიგნები კი ყუთშია ჩალაგებული. წიგნები ისე უნდა გაანაწილო ამ თაროებზე, რომ ერთ თაროზე აღმოჩნდეს 16 წიგნი, მეორეზე, 17, მესამეზე 18 , მეოთხეზე 19, მეხუთეზე 20. მიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა.

დავალება შეგიძლია ნახატით წარმოადგინო ან გამოიყენო აპლიკაცია.

პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა რიცხვები/სიმბოლოები გამოიყენეთ კონკრეტული რაოდენობების აღნიშვნისთვის და რა კავშირი არსებობს რაოდენობის აღმნიშვნელ რიცხვებს შორის? (მ.წ.1.2)
  • რა სიმბოლო შეუსაბამეთ/აღწერეთ რაოდენობას? (მ.წ.2)
  • როგორ ხდება რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის აღწერა მათემატიკური სიმბოლოების მეშვეობით? (მ.წ.3)

I ეტაპი:

კომპლექსური დავალების პირობის წარდგენა

 

უპასუხე შეკითხვებს:

  • როგორ გაანაწილე წიგნები თაროებზე, რატომ?
  • რა არის უცვლელი და რის შეცვლა შეიძლება?
  • რამდენი წიგნია საჭირო თითოეული თაროს შესავსებად?
  • რამდენით მეტი/ნაკლები წიგნია მეორეზე მეოთხესთან შედარებით? როგორ ახსნი?
  • შეგისრულებია წინათ მსგავსი დავალება?
  • რამდენი წიგნია თითოეულ თაროზე;
  • რამდენი ცარიელი ადგილია თითოეულ თაროზე;

II ეტაპი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება კომპლექსური დავალების შესასრულებლად, საჭირო საკითხების გახსენება

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

რას აღნიშნავს ციფრი 1 და ციფრი 5 ჩანაწერში 15?
კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

როგორ ჩაიწერება რიცხვები 1დან 9-მდე?

10 დან 20-მდე?

ხაზგასმით განვიხილოთ ერთ-ერთი საკლასო აქტივობა:

მოვამზადე სავარჯიშო მოცემული ვებგვერდ https://www.liveworksheets.comის

გამოყენებით, რომელსაც ვუწოდებთ „ცოცხალ ფურცლებს“.

მოცემული სავარჯიშო მოსწავლეებმა შეასრულეს კომპიუტერში.

  • აღნიშნული ბმული მივაწოდე მოსწავლეს;
  • ის მას ასრულებს და უგზავნის მასწავლებელს;
  • მასწავლებელი ამ გვერდზე ხედავს, ვინ როგორ შეასრულა მოცემული დავალება.

III ეტაპი: ნასწავლის განმტკიცება, დავალებაზე მუშაობა

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

  • რამდენი ათეულია 16-ში? (17,18,19,20)
  • რომელი ციფრი გვიჩვენებს ათეულების რაოდენობას, რომელი ერთეულის რაოდენობას?
  • ანბანში რომელია მე-16 ასო, მე -17, მერამდენე ასოა „რ“?
კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

როგორ უნდა გავარკვიო

რიცხვი ერთ ათეულთან უფრო ახლოს მდებარეობს თუ ორ ათეულთან?

 

რომელი რიცხვია მეტი – 1 ათეულზე 7-ით მეტი თუ რიცხვი, რომელსაც 2 ათეულამდე აკლია 1?

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

რომელი მათემატიკური მოქმედებითაა შესაძლებელი თაროზე არსებული წიგნების წიგნების რაოდენობის აღწერა? მოიყვანეთ ნიმუში.
რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას: ორი სხვადასხვა რიცხვიდან ერთ-ერთი აუცილებლად მეტია მეორეზე. (მ.წ.3)

 

 

IV ეტაპი: დავალების წარდგენა, შეფასება

  • მოსწავლემ უნდა შეძლოს:
    საგანთა კონკრეტულ რაოდენობას შეუსაბამოს კონკრეტული რიცხვი;
    რიცხვების გამოსახვა სხვადასხვა სახით, მათ შორის ციფრებით, ასო-ნიშნებით;
    დააკავშიროს რიცხვები შესაბამის სახელებთან და აღნიშვნებთან.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • რა საკითხები შეისწავლე და როგორ გამოიყენე ახალი ცოდნა დავალების შესასრულებლად?
  • სად შეიძლება გამოგადგეს მიღებული ცოდნა?

საინტერესო იყო კომპლექსური დავალების შესრულების პროცესი.

  • დავალება შესრულდა საკლასო ოთახში;
  • მოსწავლეები დასხდნენ ჯგუფურად, თუმცა კლასის მოწყობის ჯგუფური ფორმა მხოლოდ იმისთვის იყო გამიზნული, რომ საჭირო ინვენტარი (მაკრატელი, წებო და ა.შ) ერთმანეთისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო;
  • დავალების შესრულების პროცედურის გასაიოლებლად მათ დავურიგე სამუშაო ფურცლები და დასაჭრელად მომზადებული აპლიკაცია – „ფერადი წიგნები“;
  • მოსწავლეებმა დაჭრეს და დააწებეს გამზადებულ სამუშაო ფურცლებზე;
  • გამოყენებული რესურსი

კომპლექსური დავალების შესრულების პროცესი:

 

 

მოსწავლის ნაშრომი უკუკავშირით:

უკუკავშირი:

შენ სწორად დააკავშირე წიგნების კონკრეტული რაოდენობა შესაბამის რიცხვთან და სწორად გაანაწილე თაროებზე წიგნების რაოდენობა.

ნაშრომში ჩანს, რომ შენ გააზრებული გაქვს, რა მნიშვნელობა აქვს რიცხვის რაოდენობის ცოდნას. გარდა ამისა, სუფთად გაქვს ნამუშევარი შესრულებული, წიგნები თანაბრად და ლამაზად გაქვს თაროებზე განლაგებული.

აღმოჩნდა, რომ ყველა მოსწავლემ სამუშაო სწორად შეასრულა. მუშაობის პროცესი აღმოჩნდა სახალისო და საინტერესო. გარდა ამისა, მასწავლებელს საშუალება აქვს, თვალი ადევნოს მუშაობის პროცესს, შეაფასოს და დააფასოს მოსწავლის მიერ შესრულებული ნაშრომი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.საგნობრივი გზამკვლევი „მათემატიკა დაწყებით საფეხურზე“

2.ეროვნული სასწავლო გეგმა

 

 

 

 

გენმოდიფიცირებული საკვები vs. შიმშილი

0

1800 წელი – ირლანდიაში ,,კარტოფილის შიმშილი“;

2002 წელი – ზამბიის, მოზამბიკისა და ზიმბაბვეს მოსახლეობის შიმშილი.

სტატიის დასაწყისში შიმშილობით ადამიანის პოპულაციის შემცირების მხოლოდ ორი შემთხვევაა დასახელებული, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი მაგალითის დასახელება შეიძლება. შიმშილობას შეიძლება დავუპირისპიროთ გენური ინჟინერიის გზით მიღებული საკვები. სტატიაში განხილულია ზამბიის შემთხვევა. აქტივობების ფარგლებში მოსწავლე გაეცნობა გენური ინჟინერიის ტექნიკას ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით Learnings GIZMOS. საკითხის განხილვა შესაძლებელია როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში. 2011-16 წლის ესგ XI კლასში ითვალისწინებს ბიოტექნოლოგიის განხილვას.

პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაეცნობიან ქვემოთ მოყვანილ ტექსტს.

„ზამბიის პრეზიდენტმა, მვანავასამ უარი თქვა საერთაშორისო სასურსათო დახმარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს შიმშილთ სიკვდილი ემუქრებოდა. ზამბია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს. ორი წლის განმავლობაში ძლიერი გვალვის გამო მოსავლიანობა მკვეთრად შემცირდა, და მოსახლეობა შიმშილის ზღვრამდე მივიდა. მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ გენმოდიფიცირებული სიმინდის მიღებაზე უარს ამბობენ. ამ დროს კი 2.9 მლნ ადამიანს საკვები სჭირდება. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ-ერთი, შიმშილის აღმოფხვრას ეხება, ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ მოსახლეობის დახმარებას, თუმცა ადგილობრივები თვლიან, რომ გენმოდიფიცირებული სიმინდი ,,შხამია“ და საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. საკითხთან დაკავშირებით 2002 წლის 29 აგვისტოს რადიო თავისუფლების რეპორტიორმა ოქროპირ რუხაძემ გამოაქვეყნა სტატია ,,მშივრების დილემა“ . ზამბიაში გენმოდიფიცირებულ სიმინდს გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. ისინი თვლიდნენ, რომ ტექნოლოგია არ არის გამოცდილი და უცნობია მისი გრძელვადიანი ეფექტი. ასევე შიშობენ, რომ ასეთი სიმინდი საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ ჯიშებს და მოგვიანებით ეს ახალ პრობლემებს გამოიწვევს. გენმოდიფიცირებული საკვების დამზადებასა და მოხმარებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს ევროპაში. იმ დროისთვის ასეთი პროდუქტების გარკვეული ნაწილი აკრძალული იყო, ნაწილი კი სპეციალურ ეტიკეტირებას საჭიროებდა. ამიტომ ზამბიის მთავრობა თვლიდა – თუ გენმოდიფიცირებულ სიმინდზე თანხმობას იტყოდა, საფრთხე შეექმნებოდა ზამბიიდან პროდუქტების ექსპორტს ევროპაში. 2002 წლის ნოემბერში ევროკავშირმა განაცხადა, რომ მეცნიერებმა ვერ მოიპოვეს GMO-ს საკვებად გამოყენების შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი უარყოფითი გავლენის მტკიცებულებები. ასევე განაცხადეს, რომ თუ ზამბია მიიღებს დახმარებას, მის ურთიერთობას ევროპასთან საფრთხე არ შეექმნება. მეორე მხარეს იდგა მოსახლეობა, რომელიც ყველაფერს მიიღებდა, ოღონდ შიმშილით არ მომკვდარიყო, თუმცა მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ძალა და გავლენა მმართველობაზე. ადამიანების კიდევ ერთი ჯგუფი არსებობდა, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ქალებში ასეთი საკვების მიღება უშვილობას გამოიწვევდა, ასევე დაინფიცირდებოდნენ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით. ამავე რეგიონის სხვა ქვეყნებიც გვალვის გამო შიმშილის ზღვარზე იყო. ისინი მარცვლეულს არ იღებდნენ, თუმცა სიმინდის ფქვილის სახით დახმარების მიღებაზე უარს არ ამბობდნენ. ამიტომ, ზამბიაში მცხოვრებ ლტოლვილებს კონგოდან, მოზამბიკიდან და ანგოლიდან, სიმინდის ფქვილის მიღება შესთავაზეს“.

მეორე ეტაპზე მოსწავლეები იმუშავებენ სამ სხვადასხვა სამუშაო ფურცელზე. აქტივობა სასურველია, ჩატარდეს კომპიუტერულ კლასში.

სამუშაო ფურცელი 1; სამუშაო ფურცელი 2; სამუშაო ფურცელი 3; სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია.

მესამე ეტაპზე მოსწავლეები შეავსებენ ქვემოთ მოცემულ ცხრილს ინდივიდუალურად.

საკვლევი შეკითხვა:

შენი აზრით, გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენება მოსახლეობის გადარჩენის შანსია, თუ საფრთხეს უქმნის ადამიანის პოპულაციას?

შენი ვარაუდი:

 

 

შენი მტკიცებულებები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენი მტკიცებულებების დასაბუთება:

მეოთხე ეტაპზე მოსწავლეები დაიყოფიან მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და შეავსებენ ცხრილს.

ჩაინიშნე სხვა გუნდების არგუმენტები და შეიმუშავეთ კონტრარგუმენტები. ჩაწერეთ უარყოფის სვეტში

მე მხარს ვუჭერ გენმოდიფიცირებული სიმინდის გამოყენებას მე წინააღმდეგი ვარ გენმოდიფიცირებული სიმინდის გამოყენების
არგუმენტი #1 უარყოფა

 

 

 

უარყოფა არგუმენტი #1

 

 

 

არგუმენტი #2 უარყოფა

 

 

 

უარყოფა არგუმენტი #2

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://bit.ly/3LBB8JW პოპულაციის ზრდის შემზღუდველი ფაქტორები;

https://gizmos.explorelearning.com/index.cfm?method=cResource.dspView&ResourceID=1072 – სიმულაცია.

დისლექსია, ორტონ-გილინგემის[1] და სხვა მიდგომები

0

 ორტონ-გილინგჰემის მიდგომა (Orton-Gillinghem Approach) მიიჩნევა წერა-კითხვის სწავლების პირდაპირ, მკაფიო, მგრძნობიარე, სტრუქტურირებულ, თანმიმდევრულ, დიაგნოსტიკურ და დანიშნულებისამებრ კითხვად, როდესაც კითხვა, წერა და მართლწერა დისლექსიის მქონე ადამინებისთვის ადვილი არ არის. ეს არ არის მეთოდი, პროგრამა ან სისტემა, ეს არის მიდგომა თუ განსაკუთრებული მოქნილობისა და სიმძლავრის ინსტრუმენტი, რომელიც წარმატებით მუშაობს კარგად გაწვრთნილი და გამოცდილი ინსტრუქტორის ხელში.

ორტონ-გილინგემის მიდგომას ახასიათებს აუცილებელი სასწავლო შინაარსი და სასწავლო პრაქტიკა. მიდგომას აქტიურად იყენებენ ინკლუზიური განათლების დარგში მომუშავე ჩვენი უცხოელი კოლეგები, ენდობიან რა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილ პრაქტიკას, რომელიც ბოლო 80 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და იხვეწებოდა. ამავდროულად, არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებებიც აღნიშნული მიდგომით წერისა და კითხვის სწავლა-სწავლების შესახებ, როცა დგინდება დისლექსიის დროს წერა-კითხვის ცოდნის მიღების გართულებული პროცესი და ის, თუ რომელი სასწავლო პრაქტიკაა საუკეთესო ამგვარი კითხვისა და წერის შესასწავლად.

მიდგომას ასე ეწოდა სამუელ ტ. ორტონისა და ანა გილინგჰემის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი წვლილის გამო. ნეიროფსიქიატრი და პათოლოგი, სამუელ ტორი ორტონი (1879-1948) გახლდათ პიონერი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა კითხვის „დეფიციტზე“ და ენობრივი გამოხატვის თანმდევ სირთულეებზე. მან თავი მოუყარა ნეირომეცნიერულ ინფორმაციას და რემედიაციის პრინციპებს. ჯერ კიდევ 1925 წელს მან დაადგინა დისლექსიის სინდრომი, როგორც საგანმანათლებლო პრობლემა.

ანა გილინგემი (1878-1963) იყო ნიჭიერი პედაგოგი და ფსიქოლოგი. დოქტორ ორტონის შთაგონებით მან შეადგინა და გამოაქვეყნა სასწავლო მასალები ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იან წლებში. ისინი საფუძვლად დაედო მოსწავლეთა სწავლებას და მასწავლებელთა წვრთვნას. ამ ყველაფერს კი ორტონ-გილინგემის მიდგომა უწოდეს.

 

ორტონ-გილინგჰემის მიდგომა ყველაზე ხშირად ასოცირდება მასწავლებლისა და სტუდენტის ერთი-ერთზე სწავლების მეთოდთან. თუმცა მისი გამოყენება მცირე ჯგუფებშიც არ არის იშვიათი. მიდგომის წარმატებულმა ადაპტაციამ აჩვენა მისი მნიშვნელობა კლასის სწავლებისთვის. კითხვის, მართლწერისა და წერის სირთულეები მიდგომის დომინანტი ფოკუსია, თუმცა ის წარმატებით იქნა ადაპტირებული იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ მათემატიკის ათვისება.

ორტონ-გილინგჰემის მიდგომა ყოველთვის ორიენტირებულია ცალკეული მოსწავლის სასწავლო საჭიროებებზე. ეს პრაქტიკა (OG) გვთავაზობს გაკვეთილებსა და მასალებს მოსწავლეებთან სამუშაოდ. ინდივიდუალური სიძლიერისა ახალი მასალების დანერგვით დისლექსიის მქონე სტუდენტებს და ასევე, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ცდილობს, გახდეს კომპეტენტური მკითხველი და მწერალი, საშუალება ეძლევათ, დაეუფლონ საბაზისო ცოდნას ენისა და მისი ურთიერთობის შესახებ ჩვენს წერის სისტემასთან. დისლექსიის გამო მათ ხომ მეტი დახმარება სჭირდებათ აზროვნებისა და ენის ნედლეულის დალაგებაში, ამოცნობასა და ორგანიზებაში, ვიდრე ადამიანების უმეტესობას. ენის ელემენტები, რომლებსაც ადვილად იძენენ დისლექსიის არმქონე შემსწავლელები, უნდა ისწავლებოდეს მარტივად, იოლად აღსაქმელად და სისტემურად. ამდენად, „ორტონ – გილინგჰემი“ იყო სწავლების პირველი მიდგომა, რომელიც სპეციალურად შემუშავდა მკითხველების დასახმარებლად ასოებისა და ბგერების კავშირების მკაფიოდ სწავლების გზით. მიდგომისას ინსტრუქტორები იყენებენ მხედველობას, მოსმენას, შეხებას და მოძრაობას, რათა დაეხმარონ სტუდენტებს, ასოებითა და სიტყვებით ენა ენობრივ მნიშვნელობებთან დააკავშირონ. უფრო მეტი მკაფიოობისთვის იხ. ვიდეოები: https://www.youtube.com/watch?v=DEvNh71ivy8

https://pridereadingprogram.com/shop/second-edition/pride-sound-cards/

გარდა ორტონ-გილინგჰემის მიდგომისა, რომელიც ორიენტირებულია სასწავლო სტრატეგიებსა და ფონეტიკურ დამუშავებაზე, არსებობს Lindamood-Bell პროგრამებიც. ისინი ასტიმულირებს კოგნიტიურ უნარს თავისუფლად კითხვისა და ენის გასააზრებლად. პროგრამის მიზანია პირის ღრუს მამოძრავებელი, ვიზუალური და აუდიტორული უკუკავშირის სისტემის შემუშავება, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს, დაასაბუთოს ფონემათა იდენტურობა, რიცხვი და თანმიმდევრობა სიმბოლოებსა და სიტყვებში. ეს უფრო საბაზისო და უფრო ფართოა, ვიდრე ტრადიციული ფონეტიკური პროგრამები.

სავარჯიშო:

განათავსეთ ბარათები სამ რიგად აუდიტორული მდგომარეობის მიხედვით (დასაწყისი / შუა / დასასრული). მოწაფე თითით ეხება თითოეულ ბარათს და წარმოთქვამს ბგერას, რომელსაც ასო წარმოადგენს მარცხნიდან მარჯვნივ. მოწაფე თითებს ატარებს ბარათების ქვეშ, ხოლო ბგერებს ერთმანეთში ურევს და უაზრო სიტყვას ქმნის. მასწავლებელი ბარათებს იღებს და აქვეყნებს ასოებსბგერების სხვადასხვა კომბინაციის შერწყმისთვის.

 

30 წლის განმავლობაში Lindamood-Bell აუმჯობესებს სტუდენტების ცხოვრებას. მისი კვლევით დამოწმებული პროგრამები ავითარებს კითხვისა და გაგებისთვის აუცილებელ უნარებს. „ყველა სტუდენტს შეუძლია, შეიცნოს და გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი – მათ შორის, ვისაც ადრე ჰქონდა დიაგნოზირებული დისლექსია, ADHD ან აუტიზმის სპექტრის აშლილობა.

[1] https://www.ortonacademy.org/resources/what-is-the-orton-gillingham-approach/

 

მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისთვის ჯანსაღ ცხოვრებაზე

0

ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ადამიანი ჯანმრთელობაზე მხოლოდ მაშინ იწყებს ზრუნვას, როცა მას ამ მხრივ სერიოზული პრობლემები ექმნება. ჯანსაღი ცხოვრების წესი უზრუნველყოფს ფიზიკურ, სულიერ, სოციალურ კეთილდღეობასა და აქტიურ ხანგრძლივობას. ცხოვრების წესი განაპირობებს ჩვენს მომავალს. ჯანსაღ ცხოვრებაზე ყურადღების გადატანას შეუძლია, შეცვალოს მომავალი. რამდენად პროდუქტიული იქნებიან ისინი, რამდენად ექნებათ სტიმული ჯანსაღ ცხოვრებას მისდიონ. მთელი რიგი საკითხები იშლება ამასთან დაკავშირებით. მოზარდობის პერიოდში იწყება ალკოჰოლისადმი, თამბაქოსადმი, ნარკოტიკებისადმი დაინტერესება. რა ბერკეტი შეგვიძლია დავახვედროთ ჩვენ? როგორ შევუწყოთ ხელი ცნობიერების ამაღლებას? ამისათვის სკოლას უდიდესი ადგილი უჭირავს. ასევე მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა და მათი სკოლასთან თანამშრომლობა. სწორედ ამ თემას დაუთმო დრო ჩემმა სკოლამ სასწავლო წლის განმავლობაში. რადგანაც პროექტი მოიცავს მთლიანად სკოლას, შესაბამისად, ყველა ასაკისა და კატეგორიის ბავშვი მონაწილეობს, რაც გვაძლევს იმედს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მათი ცნობიერება ამაღლდება, იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და პროპაგანდას გაუწევენ მას.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

  • მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ჯანსაღ ცხოვრებაზე;
  • პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის ტრანსფერი.

სამიზნე ჯგუფები (ვისი პრობლემის მოგვარებას ცდილობთ და ვინ შეიძლება მიიღოს კიდევ სარგებელი):

პროექტში მონაწილეობას იღებენ როგორც დაწყებითი, ასევე საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. ასევე მშობლები და პედაგოგები. ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველას ეხება, გადავწყვიტეთ, რომ პროექტში ყველა ასაკის ადამიანი ჩაგვერთო.

 

პროექტს წლის განმავლობაში თავისი რისკები ახლდა. ეს იყო ჰიბრიდული სწავლების ტიპი, რომელიც პანდემიის გამო ხშირად ონლაინრეჟიმში გადადიოდა, ასევე – ნაკლები ინტერესი მოსწავლეების მხრიდან.

უპირველეს ყოვლისა შევიკრიბეთ სამუშაო გუნდი და შევიმუშავეთ პროექტის გეგმა. გავწერეთ შესასრულებელი ვადები და მოვიფიქრეთ განსახორციელებელი აქტივობები. სასკოლო თემის ჩართულობისათვის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარდა, აქტივობები დაიგეგმა მშობლებთანაც. ჩვენი გაწერილი გეგმით დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. წერილში გთავაზობთ ყველა საფეხურზე განხორციელებულ აქტივობებს თავისი მოკლე აღწერით, რაც, ვფიქრობ, დაგვეხმარა ჩვენი პროექტის მიზნის მიღწევაში.

  1. #ჯანსაღიცხოვრებისწესი

X კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ხასიათის ვიდეო-რგოლი და მოუწოდეს თანატოლებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ვიდეო-რგოლის შექმნისათვის დამრიგებელმა მოსწავლეები წაიყვანა ლისის ტბაზე. ფიზიკური აქტივობისა და საინფორმაციო შეხვედრის შედეგად, განხორციელდა პროექტის ერთ-ერთი გეგმის ნაწილი, რომელიც, ვფიქრობ, არაჩვეულებრივი გამოვიდა.

  1. მათემატიკა ჯანსაღი ცხოვრების
    წესის მომხრეა

მეხუთე კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე 5 ჯგუფად გადანაწილდნენ. მათ მიეცათ სხვადასხვა თემა – ,,ჯანსაღი კვება“, ,,ჩვენი ორგანიზმი“, ,,საარსებო გარემო’’ ,,მავნე ჩვევები“ და ,,სამკურნალო მცენარეები“. ამ თემების მიხედვით მათ ჰქონდათ რეალური სიტუაციების ამოცანა, რომელიც უნდა ამოეხსნათ. ამოცანების ამოხსნის შემდეგ მოსწავლეებმა გაიაზრეს ინფორმაცია, თვითონ გამოთვალეს ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის აუცილებელი საკვების ნორმა, სუფთა საარსებო გარემოსთვის საჭირო პირობები და ა. შ

  1. ,,მშრალი თვალის სინდრომი”

მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე „მშრალი თვალის სინდრომი” რომელზეც მოწვეულნი იყვნენ სკოლის ექიმი, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი. მათ მოსწავლეებს უპასუხეს კითხვებზე და მისცეს სასარგებლო რჩევები.

  1. კოვიდ 19-ის სტატისტიკური გამოკითხვა

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის გაკვეთილისთვის მოიძიეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კოვიდ 19-ის სტატისტიკური ანალიზი, რამდენი დაავადდა, მათ შორის რამდენი იყო კოვიდ 19-ით ვაქცინირებული. რამდენი იყო გარდაცვლილთა რაოდენობა. გააკეთეს ამ მონაცემთა ანალიზი. გამართეს მსჯელობა – რა გზები არსებობს კოვიდ 19-ის პრევენციისთვის. პირველ რიგში ჰიგიენის დაცვა და ვაქცინაციის ჩატარება, ასევე ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლებსაც ექიმები გვთავაზობენ.

  1. სასარგებლო რჩევები

სასკოლო პროექტის ფარგლებში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ჩაწერეს საინფორმაციო ტიპის ვიდეოები, სადაც ყურადღება გაამახვილეს ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელ რამდენიმე ასპექტზე. ერთ-ერთ ვიდეოში მოსწავლემ ისაუბრა გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებაზე. რამდენი დრო სჭირდება ამა თუ იმ ნარჩენს მიწაში დასაშლელად.

  1. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ტექსტური და ფოტომასალები ანტიკური ოლიმპიური თამაშების შესახებ. მოამზადეს ვიდეოპრეზენტაციები ბერძნული ხელოვნების ნიმუშების: ბადროს მტყორცნელის და ბერძნული მხატვრობის შესახებ. დაამზადეს ოლიმპიური არენის მაკეტი და შექმნეს ზევსის, მოჭიდავეების, ბადროს მტყორცნელისა და მეეტლის მინიატიურული ქანდაკებები. ასევე დაამზადეს პოსტერები ციფრული ტექნოლოგიისა და ფერადი გრაფიკის გამოყენებით.

  1. ვიტამინები – ჩვენი უხილავი მეგობრები

მეორე კლასის მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ბაქტერიების შესახებ. შეიტყვეს, სად ბინადრობენ ისინი და რა სარგებელი მოაქვთ ადამიანისთვის. შეადგინეს მოთხრობა „უხილავ მეგობრებზე“. მათ აირჩიეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ბოსტნეული და ხილი, და დაამზადეს სალათები. მომზადების პროცესი გადაიღეს ვიდეოზე, სადაც საუბრობენ შერჩეულ სალათაში შემავალ ინგრედიენტებზე და მათ სასარგებლო თვისებებზე.

 

  1. მხიარული სტარტები

გაიმართა დისტანციური საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან, თემაზე – რა დატვირთვა აქვს ფიზიკურ განვითარებაში ამა თუ იმ საკვებს. დაიგეგმა ფიზიკურ გარემოში შეხვედრა მშობლებთან. წინასწარ დაგეგმილი თამაშების მიხედვით მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფიზიკურ აქტივობებში.

  1. გაცოცხლებული თამაშები

მესამე კლასის მოსწავლეებმა ოჯახის წევრების დახმარებით, გააცოცხლეს ძველი თამაშები. უფროსებმა აუხსნეს თამაშის წესები და მათთან ერთად ითამაშეს. ეს ყველაფერი ვიდეოს სახით გადაიღეს და კლასში ვიდეოპრეზენტაცია მოაწყვეს.

 

  1. ჯანსაღი კვება თუ სასუსნავები?

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა თემის ირგვლივ მოამზადეს პრეზენტაციები. ვიდეორგოლები და პლაკატები. ასევე რამდენიმე მოსწავლემ შექმნა ანიმაციური ვიდეო, სადაც მიღებული ინფორმაცია ანიმაციის სახით გადმოსცა.

  1. მუსიკა – მკურნალი

მუსიკის მასწავლებელი მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს მუსიკისა და ადამიანის ფსიქო-ემოციური თუ ფიზიოლოგიური ჯანმრთელობის ურთიერთკავშირზე ესაუბრა. ამის შემდეგ დაავალა შესაბამისი მკურნალობის მეთოდების მოძიება და გარკვევა იმისა, რამდენად რეალური და ეფექტურია მუსიკით მკურნალობა, განსაკუთრებით რომელ დაავადებაზე მოქმედებს დადებითად მუსიკა და ბოლოს, დაევალათ ვიზიტი მუსიკათერაპიის ერთ-ერთ ცენტრში, სადაც უფრო დაწვრილებით გაეცნობოდნენ მკურნალობის მეთოდებს. მოსწავლეებმა ზემოაღნიშნულ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი; ესტუმრნენ მუსთერაპიის ცენტრს „ბეკარს”, გაესაუბრნენ ცენტრის დამფუძნებელს და საკუთარ თავზეც გამოცადეს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი.

ეს სასკოლო პროექტის მცირე ჩამონათვალი გახლავთ, რომელმაც ვფიქრობ, ნამდვილად შეუწყო ხელი მის განხორციელებას. პროექტის მდგრადობა გახლავთ მოსწავლეთა საინფორმაციო კლუბის ჩამოყალიბება. ასევე, რამდენიმე მოსწავლემ ისაუბრა, რომ მათ მშობლებთან ერთად დილა-საღამოს ვარჯიში ტრადიციად დაამკვიდრეს.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლაში აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, რისთვისაც პერიოდულად დაგეგმავს სხვადასხვა აქტივობას – სკოლის მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ ტურნირს სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ჭადრაკი, შაში, ნარდი და სხვა) .

ასევე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში გაიზარდა ემპათიის, თანაგანცდის უნარები, შეიქმნა პატივისცემაზე დაფუძნებული, თანამშრომლობითი, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო კულტურის გაძლიერებას.

 

 

„დევები“ უბანში

0

ჩემს ბავშვობაში თბილისი მწვანე ქალაქი იყო. მე ასე მახსოვს. ჰაერიც ნორმალური გვქონდა. ესეც მახსოვს. აგვისტოშიც კი ბუღის გარეშე ვსუნთქავდით. რა შეიცვალა?

ახლა უნებურად იკითხავ:

„… ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა…“,

ოღონდ, ვერ გააგრძელებ:

„…აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება…“.

ჰო, ასე ვერ გააგრძელებ, რადგან არც თაღებია, არც სვეტთა შეკონება, ერთნაირი ფორმის ცემენტის ნაგებობებით გადაივსო ქალაქი და ეგ არის. შესაძლოა, ვინმე შემეკამათოს კიდეც, ლამაზიაო – მითხრას. ყველას თავისი აზრი აქვს, მე კი ერთფეროვან „დევებს“ უფრო მაგონებს, ვიდრე სილამაზეს. თუმცა, წერილი ამაზე არ არის, რადგან მე არც დიზაინერი გახლავართ და არც მხატვარი. აქ საუბარი უბრალოდ, ჩვენთვის-თქვენთვის და ჩემთვის, აუცილებელი ჟანგბადის არსებობაზეა.

 

არადა, ჩამოცხა და უკვე ჭირს სუნთქვა, ვერ გრძნობთ?

 

სხვა ქალაქებში უარესიაო, მეტყვის ვინმე.

ერთ-ერთი მწვანე ქალაქი, რაც ამ წუთს მახსენდება მოლდოვას დედაქალაქი ჩიშინაუა. ორჯერ ვარ ნამყოფი და ისეთ სიმწვანეშია ჩაფლული, შუა აგვისტოშიც კი ქალაქის ცენტრში სუფთა ჟანგბადი გცემს სახეში და გაოცებას ვერ მალავ. ჰოდა, რაღა დელის, პეკინს, ლოს-ანჯელესს და „გარემოს ქიმიის“ სახელმძღვანელოებში განხილულ სხვა სამოდელო (დაბინძურების მხრივ) ქალაქებს მივბაძოთ. ხომ შეიძლება ჩიშინაუსავით ბევრი მწვანე ადგილი გვქონდეს.

საქართველოდან NATO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის თანადირექტორი ვარ. პროექტში კიდევ ორი პარტნიორია, ერთი ვენეციის უნივერსიტეტი, მეორე კი ამერიკის, პერდუს უნივერსიტეტი გახლავთ. პროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის, განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურების შემთხვევაში. თუმცა, ე.წ. ჩვეულებრივი დამაბინძურებლებიც გაკონტროლდება.

სწორედ ამაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ რომში (https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/natos-programis-mecniereba-mshvidobisa-da-usafrtxoebis-farglebshi-iliauni-partnior-instituciebtan-ertad-atmosferuli-haeris-qimiuri-dabindzurebis-monitoringisa-da-shetyobinebis-sistemebs-qmnis.page?fbclid=IwAR3NHpxeK81Oh2dbAjwd4rUPUQmM7GpzaTnPzhMD1WrxhrnsR6WLMthCYu4#prettyPhoto) და ჩემს პრეზენტაციაში სოციალურ ქსელში, ე.წ. საჯაროდ გავრცელებული ვიდეოს ფრაგმენტიც წარმოვადგინე. ვიდეოს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და პრესტიჟულ უბანში მცხოვრები მოქალაქე იღებს. ამავე უბანში წლებია რამდენიმე „დევის“ მსგავსი ნაგებობა შენდება. ჯერ ხომ იერ-სახეს ამახინჯებს და გარდა ამისა, ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ფხეკენ რაღაც აპარატით გარეთა კედლებს. არ ვიცი, რას აკეთებენ. ჩემი აზრით, ფხეკენ ან კედლის ზედაპირს ასწორებენ, თუმცა აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი. ჰაერში წვრილი ნაწილაკების მთელი კასკადი ეშვება. აი, ასე თავისუფლად ჩვენი სასუნთქი ჰაერი PM ნაწილაკებით ივსება. ჰოდა, აქ მცხოვრებმა ადამიანმა, ვისაც გული შესტკიოდა, ეს ამბავი თავისი აივნიდან გადაიღო და ხალხს გაუზიარა. მეც ავდექი და რომში გავაზიარე პრეზენტაციაზე. შემდეგ კიდევ არაერთხელ სტუდენტებსაც ვაჩვენე, რადგან ქალაქის დაუდევრობით დაბინძურების კლასიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ჰოდა, მთავარ სათქმელსაც მივადექი. დღეს ატმოსფერული ჰაერის აეროზოლებით და იქ შეტივტივებული PM ნაწილაკებით დაბინძურებაზე დავწერ.

EPA -https://www.epa.gov/pm-pollution/particulate-matter-pm-basics გვერდის განმარტებით: PM (Particular Matter) უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკებია, რომლის მთავარი კომპონენტი მტვერია. წარმოქმნის აეროზოლს, ანუ ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების ნარევს უმცირესი ზომის წვეთებთან. ზოგიერთი ნაწილაკი, მაგ. ჭუჭყი, კვამლი, მტვერი საკმაოდ დიდი ზომისაა და შეუიარაღებელი თვალით დანახვაც შეიძლება. ზოგიერთი კი მცირეა და მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპით აღმოაჩენთ. თუმცა, არსებობენ და ზიანსაც გვარიანს გვაყენებენ.

რას იწვევენ?

თვალების გაღიზიანებას, მუდმივ ცრემლდენას და ქავილს; ასთმას, ბრონქიტს, ფილტვის დაზიანებას, სიმსივნეს; აზიანებენ გულსისხლძარღვთა სისტემას; იწვევენ მძიმე ლითონებით მოწამვლას. ისინი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.

ნაწილაკები არსებობს PM2.5 და PM10 ზომის.

PM10 – ჩასუნთქვადი (ინჰალაციური) ნაწილაკებია, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი. შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს. მათ ფილტვის ქსოვილში ღრმად შეღწევა და იქ ჩარჩენა შეუძლიათ. საქართველოს რეგულაციებით ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50მკგ/მ3-ია.

PM2.5 უფრო მცირე ზომისაა და უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. მას შეუძლია გასცდეს ფილტვის ბარიერს და სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღმოჩნდეს. დასაშვები ნორმა 25 მკგ/მ3-ია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან სპეციალურად მოვიძიე სწორედ ზემოთ ნახსენებ უბანში ამ ნაწილაკების რაოდენობა დღეისათვის. ასევე, მაქვს შესაძლებლობა გაჩვენოთ, რა ხდება ამ მხრივ, მაგ. პალიასტომის ტბაზე (სადაც ერთ-ერთი პროექტის სენსორი დგას). მოდით, შევადაროთ.

  PM2.5 PM10.
თბილისის ცენტრალური უბანი (იქ, სადაც „დევები“ დგანან) 24.73 48.09
პალიასტომის ტბა 0 0

 

ერთი შეხედვით, მონაცემები ნორმის ფარგლებშია, ოღონდ, ე.წ. ზედა ზღვართან. ამ ნაწილაკების მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება, მერყეობს. შემდეგ ხდება მათი დაჯამება და საშუალო მონაცემის გამოყვანა. მე უშუალოდ წერილის წერის დროს ჩავხედე და რაც დამხვდა, ის შევიტანე ცხრილში. უბრალოდ, თვალსაჩინოებისთვის.

შესაძლოა, თბილისის „დევების უბნისა“ და პალიასტომის ტბის ერთმანეთთან შედარება მთლად მართებული არ იყოს. უბრალოდ, რადგან სენსორის მონაცემთან ხელი მიმიწვდებოდა, ჩავხედე მაინც. თქვენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან შეგიძლიათ თბილისი – რუსთავს, ან ქუთაისს, ან იმავე თბილისის სხვა უბანს შეადაროთ. გაკვეთილზე გააკეთეთ – ბავშვებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იქნება.

შემოდგომიდან ქალაქს NATO-ს პროექტის სენსორებიც დაემატება და სურათი კიდევ უფრო გამოიკვეთება.

ატმოსფეროსკენ მიმავალი მომწამლავი ნარჩენები ან პირველადია ან მეორეული წარმოშობისაა. მეორეული ნიშნავს, რომ ატმოსფეროში მოხვედრილმა პირველადმა ნარჩენმა ქიმიური გარდაქმნის შედეგად მეორეული დამაბინძურებელი წარმოქმნა. შესაძლოა, მესამეულიც იყოს. მაგ. მეორეულის რეაქციის დროს წარმოქმნილი პროდუქტი პირველად აეროზოლს, იგივე PM ნაწილაკებს დაუკავშირდეს. ზოგიერთი ორგანული ნარჩენი მეორად დამაბინძურებლებთან ერთად ფოტოქიმიური სმოგის წარმოქმნას უწყობს ხელს.

 

მარკო პოლოს თავის სათავგადასავლო წიგნში ჩინეთის ამბები აქვს აღწერილი. ეს ცოტა საკამათო საქმეა, რადგან მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მარკო ჩინეთში სულაც არ ყოფილა და მხოლოდ კონსტანტინოპოლამდე ჩავიდა. იქ კი ჩინეთში მართლა ნამყოფი ვაჭრების მოყოლილი მოისმინა და დაიბრალა, თავად ვნახეო. ზოგიერთი იმასაც ეჭვობს, წიგნი მარკომ კი არ დაწერა, მას ეს ამბები თავის საკანში მჯდომმა რუსტიკელომ გადასცა, მარკომ უბრალოდ მოგვითხრო.

ეს ისტორიის მკვლევრებმა გაარკვიონ. მთავარია, რომ წიგნში წერია ქალაქ იან ჯოუში ჩინეთის ხანზე, რომელმაც ბრძანება გამოსცა. ქალაქი სავაჭრო ყოფილა, ამიტომ გზაზე სულ ცხენებისა და სამგზავრო ფაეტონების მიდი-მოდი იყო. ჰოდა, ხანს უთქვამს, ჰაერი მტვერიანდებაო და გზის გასწვრივ ყოველი ოთხი ნაბიჯის დაშორებით დამატებით ხეების დარგვა უბრძანებია.

გესმით? მეცამეტე საუკუნეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ჩინეთის ხანმა დამატებით ხეების დარგვა ბრძანა!…

ჩვენთან კი ხეების ხარჯზე „დევი“ კორპუსების უბნები იქმნება და ვინ მოთვლის რამდენი PM ნაწილაკი იფრქვევა გარემოში.

შემდეგ ჩვენ ვსუნთქავთ და ავად ვხდებით!

 

 

 

 

 

 

მეგობრებთან სტუმრობა – როგორც სასწავლო გამოცდილება

0

„ნეტა, კირინის კუნძულზე ვცხოვრობდეთ, ჩვენი მეგობრები ჩვენს სახლში ატარებდნენ ზაფხულს, ათას თავგადასავლებში ვეხვეოდეთ და შენ ყოველ დილით მურაბიან ბლინებს გვიცხობდე”, – ინატრეს ჩემმა შვილებმა, როდესაც ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეულის” ერთ-ერთი წიგნი დაამთავრეს.

წიგნები ნამდვილად განგვაწყობს საოცნებოდ და თუ ვინმეს თავგადასავლები, მეგობრებთან ყოფნა და ამ მოცემულობით ტკბობა უყვარს, პირველ რიგში ბავშვები არიან, რომელთაც ჯერ არ დაუკარგავთ თამაშის, ახალი შთაბეჭდილებებისა და სამყაროს შემეცნების ხალისი. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ხშირად დაუნდობელ სიურპრიზებს გვიწყობს, მოულოდნელ თავგადასავლებში გვხვევს, ბავშვებს, საბედნიეროდ, მაინც აქვთ ხალისი იოცნებონ, საკუთარ ოცნებებს ფრთები შეასხან და ახალი გამოცდილების მისაღებად საინტერესო თავგადასავლები წამოიწყონ. ასე მგონია, თუ ბავშვს ეს შესაძლებლობა ბავშვობაში ხშირად ეძლევა, ეს მისთვის უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად და ბედნიერებად გარდაიქმნება, რომელიც მომავალში, სხვადასხვა რთულ გამოწვევასთან გამკლავებაში დაეხმარება მას.

მეც არ ვიტყოდი უარს, კირინის კუნძულზე მეცხოვრა, საღამოს, ზღვისპირას ლაჟვარდისფერი ცისთვის მეცქირა და უბრალოდ დავმტკბარიყავი ცხოვრებით, მაგრამ, რადგან ჩვენი ცხოვრება აქ და ახლა, ცხოვრების აჩქარებულ რიტმში, ყოველდღიური საზრუნავით დახუნძლულ დღეებში მიედინება, ჩემს შვილებთან ერთად ვცდილობ, შევქმნა ისეთი წუთები, სადაც ისინი ბედნიერი, კმაყოფილი და უფრო ლაღი იქნებიან.

იმისთვის, რომ ბავშვები გავაბედნიეროთ, ამ ყველაფრის უზრუნველყოფას არ სჭირდება დიდი ფინანსები, ჩვენგან – მშობლებისგან სჭირდება მონდომება, ენერგიის გაღება, მათი ინტერესების დანახვა და იმის ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია მართლაც ძალიან შემჭიდროებული რეჟიმიდან გამოვყოთ დრო მათთვის, მათი ინტერესებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად. შეგვიძლია გამოვყოთ თვეში ერთი ან ორი დღე, როდესაც მათ მეგობრებს მოვიწვევთ სტუმრად (დარჩენით!) და არეულ სახლზეც არ ვინაღვლებთ დიდად, პირიქით, ვისიამოვნებთ იმით, რომ ჩვენი ბავშვები კარგად არიან, ბედნიერი არიან და რაღაც ახალს სწავლობენ ერთად ყოფნით და ერთად თამაშით. შეგვიძლია გამოვყოთ დრო და შვილებთან და ჩვენი შვილების მეგობრებთან ერთად წავიდეთ მუზეუმში, ან ლაშქრობაზე, ან პიკნიკზე, კინოში, ქალაქგარეთ სადმე, ანდა უბრალოდ გავისეირნოთ ქალაქის ქუჩებში, ვილაპარაკოთ ბევრი და ნაყინი ვჭამოთ ერთად, ესეც უნიკალური გამოცდილება იქნება ყველასთვის; ანდაც, როცა გვესტუმრებიან ბლინები გამოვაცხოთ, როგორც მაშინ დიდთოვლობისას, მოვადუღოთ ცხელი შოკოლადი და ბლინებიც მოვრთოთ ფერადი მოსართავებით. ყველა ასეთი შემთხვევის დროს ხელის გულზე გვყავს ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, კიდევ უფრო კარგად ვხედავთ მათ პიროვნებას, მათ ურთიერთობებს. ვხედავთ, როგორ იუმჯობესებენ სოციალურ უნარებს და სამომავლო მეგობრულ კავშირებსაც განამტკიცებენ.

პანდემიამ ცუდ ამბებთან და ავადმყოფობის შიშებთან ერთად, ემოციურადაც ძალიან დაგვაზიანა. უფროსებს ამაზე ლაპარაკი და ამის იდენტიფიცირება თავისუფლად შეგვიძლია, ბავშვებს კი შეიძლება გაუჭირდეთ იმის ახსნა, როგორ არიან, რას გრძნობენ და რის შედეგად გრძნობენ თავს არც ისე კარგად. პანდემიური ჩაკეტილობის პერიოდში, ბავშვებს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ხორცშესხმის საშუალება შეეზღუდათ, როგორიც არის კომუნიკაცია თანატოლებთან, გართობისა და დროის ეფექტურად გატარების საშუალება, სწავლა სკოლაში და ა.შ. ამას თან დაერთო ეკრანების გადაჭარბებული მოხმარება ყველა ასაკში, რამაც განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ბავშვების ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სხვადასხვა პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. ბავშვებისთვის პანდემიისგან მიყენებულ ზიანს ალბათ დიდხანს ვერ დავითვლით, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს ყველაფერი და დავეხმაროთ მათ სოციალიზაციაში, დროის ეფექტურად და ხალისიანად გატარებაში და ახალი მეგობრების შეძენაში.

როდესაც ბავშვის აკადემიურ განვითარებაზე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს მათი სოციალური განვითარება და ამ მხრივ ხელშეწყობა. სოციალურ განვითარებას კი ბავშვი ყველაზე კარგად თავის თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად ახერხებს და დიდ გამოცდილებასაც იღებს ასეთ დროს.

შეიძლება კირინის კუნძულზე ზაფხულობით მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ჩვენს შვილებს უფრო ნაკლებად ფათერაკიან თავგადასავალში გახვევის უფლება მივცეთ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ყოფნა და მათთან ურთიერთობა ნამდვილად მისცემს მათ კმაყოფილების საფუძველს.

 

 

 

 

საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლებისთვის

0

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გარემო

სტატიაში წარმოდგენილია გარემოზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავლენის შესწავლის მიზნით დაგეგმილი სამუშაოს მიმდინარეობის ეტაპები. საკუთარი კლასის საჭიროებების გათვალისწინებით მასწავლებელმა სამუშაოს შესაძლოა, მისცეს პროექტის სახე ან გაკვეთილის ფორმა. ასევე შესაძლებელია, გამოიყენოს საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლება.

მიზანი: მოსწავლემ უნდა:

  • აღწეროს ექსპერიმენტი, რომელშიც გამოიყენება გენური ინჟინერია სიმინდის მოსავლიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად;
  • დააკვირდეს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და აღწეროს მისი კონტროლის მეთოდი;
  • შეადგინოს გარემოზე GMO-ს დადებითი და უარყოფითი ეფექტი;
  • განსაზღვროს გზები, რომლითაც გაიზრდება მოსავლიანობა ისე, რომ გარემო ნაკლებად დაზიანდეს;
  • მოსწავლე შეაფასებს გენმოდიფიცირებული სიმინდის მოყვანის დადებით და უარყოფით ეფექტს;
  • შეცვლის პესტიციდების რაოდენობას.

სიმულაცია მიზნად ისახავს ფერმაში მიღებული გადაწყვეტილების მოდელირებას და არ ადასტურებს გენმოდიფიცირებული კულტურების გამოყენებას. (ინსტრუქცია)

აქტივობა 1: მოსწავლე ერთმანეთს ადარებს არაგენმოდიფიცირებული და გენმოდიფიცირებული სიმინდის ზრდას, ერთი წლის განმავლობაში; სამუშაო ფურცელი 1;

აქტივობა 2: მოსწავლე აკვირდება მცენარის გამრავლებას 30 წლის განმავლობაში, განმარტავს რეზისტენტობის ჩამოყალიბების პროცესს; სამუშაო ფურცელი 2;

აქტივობა 3: მოსწავლე შეისწავლის ქიმიური ნაერთების გრძელვადიან გავლენას გარემოსა და სიმინდის მოსავლიანობაზე; სამუშაო ფურცელი 3.

სამუშაოს სავარაუდო მიმდინარეობა:

წინარე სამუშაო: 15-30 წთ.

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაასრულონ გენეტიკური ინჟინერიის შესაბამისი სიმულაცია, სადაც ისწავლეს გენური ინჟინერიის ტექნიკის გამოყენება GMO-ს ჩამოყალიბებაში. ეს ორგანიზმები რეზისტენტულია მავნე მწერების მიმართ და ტოლერანტულია ჰერბიციდების მიმართ. შემდეგ გამართეთ დისკუსია GMO-ს შესაძლო სასარგებლო და უარყოფით გვერდით ეფექტებზე, როგორც ფერმერისთვის, ასევე გარემოსთვის.

Gizmos გამოყენებამდე: 10-15 წთ.

კომპიუტერთან მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცელი N1 და სთხოვეთ, უპასუხონ წინარე ცოდნის გასააქტიურებელ ორ შეკითხვას. დროის ამოწურვის შემდეგ განიხილეთ პასუხები, თუმცა არ გამოკვეთოთ სწორი პასუხი. ამის შემდეგ პროექტორის გამოყენებით აჩვენეთ, როგორ უნდა იმუშაონ სიმულაციაში, როგორ გააკეთონ სქრინი და ჩასვან ის სამუშაო ფურცელში.

Gizmos-ს აქტივობები: 15-20 წთ. თითოეულ აქტივობაზე

აქტივობები სრულდება კომპიუტერულ კლასში ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში. ასევე შესაძლებელია, ჩატარდეს მთელ კლასთან მასწავლებლის ხელმძღვანელობით, რომელიც გამოიყენებს პროექტორს.

სადისკუსიო შეკითხვები: 15-30 წუთი.

  1. რატომ არის საჭირო სიმინდის მოსავლიანობის გაზრდის გზების ძიება?

(მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნილება საკვებზე. თუ ფერმერი მიიღებს დიდი რაოდენობით მარცვლეულს, ეს შეამცირებს გასაყიდ ფასს, ასევე ხელს შეუწყობს ველური ჰაბიტატების შენარჩუნებას).

  1. რა შეიძლება იყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შტამების გამოყენების ზოგიერთი ნაკლი?

(ჰერბიციდებისადმი მდგრადი რეზისტენტული სიმინდი ფერმერს უბიძგებს, უფრო მეტი ჰერბიციდი გამოიყენოს, რაც ზიანს აყენებს ნიადაგისა და წყლის ეკოსისტემებს. მწერებისადმი რეზისტენტულმა სიმინდმა შესაძლოა, გამოიწვიოს მათი პოპულაციის ცვლილება. სიმინდის მიერ გამომუშავებული ტოქსინები შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ადამიანისა და ცხოველისთვის, ამ სიმინდის საკვებად გამოყენების დროს).

  1. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გენმოდიფიცირებული სიმინდის გამო ადაპტირებული მწერების გამრავლების პრობლემა?

(დარწმუნდი, რომ გარემოში არის ინსექტიციდებისადმი არარეზისტენტული მწერები, რომლებსაც შეუძლიათ შეწყვილდნენ ინსექტიციდებისადმი რეზისტენტულ მწერებთან. ეს შესაძლოა, გაკეთდეს ჩაკეტილი მინდვრების გამოყენებით).

  1. რატომ არის მნიშვნელოვანი გენმოდიფიცირებული კულტურების ახალ-ახალი შტამების მუდმივი გამოყვანა?

(რაც არ უნდა კარგად იყოს გააზრებული დაცული ველების გამოყენების სტრატეგია, მწერი შეეგუება რეზისტენტულ სიმინდთან ცხოვრებას და სიმინდის ტოქსინი გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ იმოქმედებს მწერებზე. ასევე შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს სარეველებისადმი რეზისტენტული სიმინდი და ამან გამოიწვიოს ჰერბიციდების გამოყენების საჭიროება, რაც დადებითად იმოქმედებს გარემოზე.

შემაჯამებელი აქტივობა: 10 წთ.

სთხოვეთ მოსწავლეებს, შეაჯამონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, და შეაფასონ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების დადებითი და უარყოფითი ასპექტები.

დამატებითი ინფორმაცია:

სიმინდის მოსავლიანობაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: 1. მავნე მწერები აზიანებენ სიმინდს და 2. სარეველები კონკურენციას უწევენ მარცვლეულს. ფერმერს შეუძლია გამოიყენოს ქიმიური ჰერბიციდები და ინსექტიციდები სარეველებთან და მწერებთან საბრძოლველად. ჰერბიციდებმა შესაძლოა, დააზიანოს მგრძნობიარე სიმინდი. ორივე სახის ქიმიური ნივთიერებები გავლენას ახდენენ გარემოზე. ამ საკითხების მოგვარების ერთი გზაა გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენება. შემუშავებულია მწერების მიმართ რეზისტენტული და ჰერბიციდების მიმართ ტოლერანტული გენმოდიფიცირებული სიმინდი. გენური ინჟინერია არის ორგანიზმის გენომზე ჩატარებული მანიპულაცია ბიოტექნოლოგიის გამოყენებით. ეს მიდგომა აღწერილია სიმულაციაში Genetic Engineering Gizmos-ში. მასში მოსწავლეები გამოიყვანენ არამოდიფიცირებულ, მწერებისადმი რეზისტენტულ, ჰერბიციდებისადმი ტოლერანტულ და ორივესადმი გამძლე სიმინდის შტამებს.

მოსავლიანობის გაზრდის მიზნით დიდი სარგებელი აქვს მწერების მიმართ რეზისტენტული სიმინდის შტამების გამოყვანას, რადგან ის ამცირებს ან ელიმინაციას უკეთებს ქიმიური ინსექტიციდების რაოდენობას. ასევე ამცირებს ფერმერის გადასახადებს და გარემოს დაზიანებას.

მწერების მკვლელი სიმინდის გამოყენებისას  პოტენციური უარყოფითი შედეგია ის, რომ ჩამოყალიბდნენ ისეთი მწერები, რომლებიც რეზისტენტულები იქნებიან სიმინდის მიერ გამოყოფილი ტოქსინების მიმართ. იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად შესაძლოა, ე.წ. „თავშესაფრების“ გამოყენება, სადაც ზრდიან ისეთ სიმინდს, რომელიც არ გამოიმუშავებს ტოქსინებს. ასევე მას არ უყრიან ინსექტიციდებს. „თავშესაფარი“ მწერს აძლევს საშუალებას, იყოს დაცული და გამრავლდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან დამოუკიდებლად, მათი ზეწოლის გარეშე. არამუტანტი მწერები, თავშესაფრიდან, შესაძლოა შეწყვილდნენ გენმოდიფიცირებულ ტოქსინებისადმი რეზისტენტულ მწერებთან. ეს კი იწვევს ტოქსინებისადმი მდგრადი სიმინდის რაოდენობას პოპულაციაში. ჰერბიციდ-რეზისტენტული სიმინდის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ჰერბიციდების მოხმარება. ქიმიურ ჰერბიციდებსა და ინსექტიციდებს შეუძლია, გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ინსექტიციდებმა შესაძლოა, გაანადგურონ უხერხემლოები. ეს სახეობები კი სასარგებლოა ეკოსისტემის მდგრადობისთვის. მაგალითად, ობობები, რომლებიც არეგულირებენ მწერების პოპულაციებს. თუ პესტიციდები ნაკადულში და შემდეგ მდინარეში ჩაჟონავს, დაიხოცებიან მწერები, რომლითაც წყლის უხერხემლოები იკვებებიან. შესაძლოა, ასევე საფრთხე შეექმნას წყლის მცენარეებს, რომლებიც ჟანგბადით ამარაგებენ წყლის ორგანიზმებს.

მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა საკვების რაოდენობის შეუცვლელად.

ჯერ კიდევ 1930 წელს საფუძველი ჩაეყარა ინიციატივას „მწვანე რევოლუცია“, რომლის მიზანი იყო საკვების რაოდენობის გლობალური ზრდა. ინიციატივა მოიცავდა მცენარეთა ჰიბრიდული ჯიშების გამრავლებას, მინდვრების დამუშავებას პესტიციდებითა და წყლის უხვი რაოდენობით. გამოიყვანეს სიმინდის, ხორბლისა და ბრინჯის უხვმოსავლიანი ჯიშები. ამან განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზარდა მოსავლის რაოდენობა. მოგვიანებით კიდევ უფრო უხვმოსავლიანი ჯიშები გამოიყვანეს, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზარდა საკვების მარაგი. თუმცა ისინი მეტ წყალსა და პესტიციდებს საჭიროებენ. 1960 წელს მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა. კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გახდა საჭირო მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გენურ ინჟინერიას შეუძლია გაზარდოს მოსავლის რაოდენობა და შეამციროს ქიმიური ნაერთების გამოყენება. გენმოდიფიცირებული შტამები რეზისტენტული ხდება მწერებისა და დაავადების სხვა გამომწვევის მიმართ.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...