სამშაბათი, ივლისი 29, 2025
29 ივლისი, სამშაბათი, 2025

მათემატიკური საიდუმლოებები

0

ალგებრა ხშირად ერთულება მოსწავლეებს, მაგრამ მისი საფუძვლები – ცვლადები და ასოითი გამოსახულებები – შეიძლება იყოს სახალისო და ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენებით სავსე თავგადასავლად იქცეს.

ამ გაკვეთილის მიზანია, VI კლასელებს საინტერესო „ხრიკების“ დახმარებით ალგებრისადმი ინტერესი გაუღვივოს, ხალისიანად შესწავლაში დაეხმაროს და გააცნობიერებინოს მათემატიკური მოდელირების, კანონზომიერებისა და ლოგიკური მსჯელობის ძირითადი პრინციპები.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას, რომელიც ძალიან საინტერესოდ განხორციელდა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ „საიდუმლოებების“ ამოხსნაში.

თემატური ბლოკი: ალგებრა

თემა: ასოითი გამოსახულება (V კლასი)

საკითხები: ასოითი გამოსახულება

მათემატიკური მოდელი: ცვლადი; ასოითი გამოსახულება

კანონზომიერება: შეკრებისა და გამრავლების კომუტატიურობის, ასოციაციურობისა და შეკრების მიმართ გამრავლების დისტრიბუციულობის თვისებები

ლოგიკა: მსჯელობა, დასაბუთება

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სტანდარტის მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამისი ასოითი გამოსახულების შედგენა და პრობლემის გადაჭრა (მათ. მოდ., ლოგ.);
  2. შეკრებისა და გამრავლების კომუტატიურობის, ასოციაციურობისა და შეკრების მიმართ გამრავლების დისტრიბუციულობის თვისებების გამოყენება (ერთი ცვლადის შემცველი) ასოითი გამოსახულებების გასამარტივებლად; (კანონზ., ლოგ.).

გაკვეთილის მიზნები:

მოსწავლეები შეძლებენ ცვლადის ცნების გააზრებასა და მის გამოყენებას ასოით გამოსახულებაში. მარტივი ასოითი გამოსახულებების შედგენასა და მათემატიკური თვისებების (კომუტატიურობა, ასოციაციურობა, დისტრიბუციულობა) გამოყენებით ასოითი გამოსახულებების გამარტივებას. ლოგიკური მსჯელობის, პრობლემის გადაჭრისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

საკვანძო შეკითხვა

როგორ გვეხმარება მათემატიკური სიმბოლოები, რომლებსაც უცნობი რიცხვების აღწერისა და პრობლემების გამარტივებისთვის ამ სახალისოხრიკებისადასაიდუმლოებებისამოხსნისას ვიყენებთ?

სასწავლო რესურსები:

  • სამუშაო ფურცლები „რიცხვების გამოცნობის ხრიკისთვის“ (შესაძლოა, ცარიელი ადგილებით ალგებრული ჩანაწერებისთვის);
  • სამუშაო ფურცლები „დაბადების თარიღის გამოცნობის ხრიკისთვის“;
  • სამუშაო ფურცლები „უხილავი კარტის საიდუმლოს ხრიკისთვის“;
  • კარტის დასტა (1-დან 10-მდე ნუმერაციის ყველა კარტი).

გაკვეთილის მიმდინარეობა:

აქტივობა I. ორგანიზაციული მომენტი (2 წუთი)

გაკვეთილს ვიწყებ მოსწავლეებთან მისალმებით, მოსწავლეების მოტივაციის გაზრდის მიზნით – თემის წარდგენას „მათემატიკური საიდუმლოებების ამოხსნა“, და მათი მზაობის შემოწმებას. ამის შემდეგ ხდება მოსწავლეების დაჯგუფება მზაობის შესაბამისად: დაბალი, საშუალო და მაღალი.

აქტივობა II. პრობლემის დასმა და მოსწავლეთა მოტივაცია (10 წუთი)

მოსწავლეებს, რომლებიც დავყავი სამ ჯგუფად ვეუბნები, რომ დღეს მათემატიკურ საიდუმლოებებს ამოვხსნით! თითოეულ ჯგუფს გადავეცი სავარჯიშო ფურცელი ინსტრუქციით და ვუთხარი სცადეთ ამ საიდუმლოს ამოხსნა თქვენს მეგობრებთან ერთად.

1 ჯგუფი (დაბალი მზაობის მოსწავლეები)

 

ჩაიფიქრე რიცხვი, მე კი გეტყვი პასუხს!

 

ინსტრუქცია მოსწავლეებს: „თითოეულმა თქვენგანმა ჩაიფიქრეთ ნებისმიერი მთელი რიცხვი, მაგრამ არ თქვათ ხმამაღლა. მიჰყევით ინსტრუქციებს ეტაპობრივად და დააკვირდით საბოლოო შედეგს. თქვენი მიზანია, გაარკვიოთ, რატომ არის საბოლოო პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე“.

 

შეეცადეთ, თქვენს ჯგუფში ერთად გაშიფროთ ამ ხრიკის საიდუმლო. რა ცვლადს გამოიყენებთ უცნობი რიცხვის აღსანიშნავად? როგორ გაამარტივებთ მიღებულ გამოსახულებას, რომ საბოლოო საიდუმლო ამოხსნათ?

 

2 ჯგუფი (საშუალო მზაობის მოსწავლეები)

 

უხილავი კარტის საიდუმლო

ბავშვებს ბარათთან ერთად გადაეცემათ 1-დან 10-მდე ნუმერაციის ყველა კარტი (40 ცალი).

წამყვანი კითხვები ინსტრუქციების ეტაპობრივი შესრულებისას:

„ყურადღებით მიჰყევით თითოეულ ნაბიჯს. რა ხდება თითოეულ საფეხურზე?

როგორ იცვლება რიცხვი“? (გეხმარებათ პროცესის გააზრებაში)

„თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ (სხვისთვის) უცნობი კარტი დაიჭიროთ ხელში?“ (მიანიშნებს ცვლადის არსებობას)

შეეცადეთ, თქვენს ჯგუფში ერთად გაშიფროთ ამ ხრიკის საიდუმლო. რა ცვლადებს გამოიყენებთ უცნობი კარტის დასახელებისა და ნომრის აღსანიშნად? როგორ გაამარტივებთ მიღებულ გამოსახულებას, რომ ამოხსნათ საიდუმლო?

 

3 ჯგუფი (მაღალი მზაობის მოსწავლეები)

 

“დაბადების თარიღის გამოცნობა
ინსტრუქცია მოსწავლეებს: თანმიმდევრულად შეასრულე მოქმედებები. მიღებულ პასუხს გამოაკელი 165. მიღებული რიცხვი იქნება შენი დაბადების თარიღი: პირველი 1 ან 2 ციფრი იქნება თვე, დანარჩენი კი – დღე.

 

შეეცადეთ, თქვენს ჯგუფში ერთად გაშიფროთ ამ ხრიკის საიდუმლო. რა რიცხვებს გამოიყენებთ უცნობი თვისა და დღის აღსანიშნად? როგორ გაამარტივებთ მიღებულ გამოსახულებას, რომ საბოლოოდ ამოხსნათ საიდუმლო?

 

 

აქტივობა III. ცნებების გაცნობა და გამოკვლევა (15 წუთი)

1 ჯგუფი: ჩაიფიქრე რიცხვი, მე კი გეტყვი პასუხს!

 

1 ჯგუფი: უხილავი კარტის საიდუმლო 1 ჯგუფი: ს. დაბადების თარიღის გამოცნობა
„ფოკუსის“ შედეგის მიღების შემდეგ (როდესაც მოსწავლეები ხედავენ, რომ ის „მუშაობს“) მოსწავლეებს ვაჯამებინებ შედეგებს დამხმარე კითხვების დასმით, მაგრამ არ ვაძლევ მზა პასუხებს. მოსწავლეები თავად მიაგნებენ ლოგიკურ კავშირებს.
– როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი შედეგი?

– რას ფიქრობთ, რა ალგორითმით მუშაობს ეს „ხრიკი“? გაგვიზიარეთ თქვენი ვარაუდები!

– როგორ წარმოვაჩინოთ ის რიცხვი, რომელიც არ ვიცით? რა მათემატიკური აღნიშვნა შეგვიძლია გამოვიყენოთ?

რატომ „ქრება“ X ცვლადი გამოსახულებიდან? რა კანონზომიერებას ვხედავთ აქ?

– გაგიკვირდათ საბოლოო შედეგი? – როგორ ფიქრობთ, რა არის ამის საიდუმლო?

– თუ ვიღაცამ სხვა კარტი აირჩია, შედეგი იგივე იქნებოდა?

– როგორ შეგვიძლია, ეს „საიდუმლო“ მათემატიკის ენაზე ჩავწეროთ?

– კარტის დასახელებებისთვის (ყვავი, ჯვარი, გული, აგური) რიცხვითი მნიშვნელობები რომ მივანიჭოთ, როგორ მივუდგეთ ამას? რა პრინციპით?”

– რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეულ სიმბოლოს განსხვავებული და უნიკალური რიცხვი შეესაბამებოდეს?”

– ნამდვილად მოულოდნელი შედეგია, არა? – რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თქვენი აზრით?

– როგორ წარმოადგინთ დაბადების თვესა და დღეს ცვლადებით?

– როგორ შეგვიძლია, ეს „საიდუმლო“ ალგებრული გამოსახულებით ჩავწეროთ?

– როგორ გაამარტივეთ გამოსახულება, რა თვისებები გამოიყენეთ და რატომ?

– რა მიიღეთ ალგებრული მოქმედებების შედეგად?

 

–         რა დასკვნა გამოიტანეთ ამ „ხრიკის“ შესახებ?

 

აქტივობა IV პრეზენტაცია (12-15 წთ)

თითოეულ ჯგუფს ვთხოვ, ჩაუტაროს კლასს ეს სახალისო „ფოკუსები“ შემდეგ კი თავისი აღმოჩენები დაფაზე დაწეროს.

კლასის დისკუსიის წარმართვისას, ერთობლივად შევაჯამეთ დასკვნები. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ „ხრიკების“ ამოსაცნობად მათემატიკური თვისებების (შეკრებისა და გამრავლების ასოციაციურობა, კომუტატიურობა, დისტრიბუციულობა) გამოყენება დაეხმარა გამოსახულების გამარტივებაში. ასევე, ხაზი გაუსვეს ლოგიკური მსჯელობისა და დასაბუთების მნიშვნელობას.

 

აქტივობაV. შეჯამება და უკუკავშირი (3 წთ)

  • კითხვები მოსწავლეებს:
    • რა ვისწავლეთ დღეს ცვლადის შესახებ? სად შეგვიძლია მათი გამოყენება?”
    • „რა განსხვავებაა რიცხვით და ასოით გამოსახულებებს შორის?“ (განამტკიცებს გაგებას)
    • რატომ არის ასოითი გამოსახულებები მნიშვნელოვანი?
    • როგორ გვეხმარება მათემატიკური თვისებები გამოსახულებების გამარტივებაში?
    •  „როგორ უკავშირდება ეს „ხრიკები/ფოკუსები“ რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების მათემატიკურ მოდელირებას?“ (თეორიას აკავშირებს პრაქტიკასთან)
    • რა იყო ყველაზე რთული ან ყველაზე საინტერესო დღევანდელ გაკვეთილში?
  • მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებ გაკვეთილის მთავარ კონცეფციებს, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ცვლადისა და ასოითი გამოსახულების როლს მათემატიკურ მოდელირებაში.

აქტივობა VI. საშინაო დავალება (1წთ)

  • შემოქმედებითი დავალება: სცადეთ, მოიგონოთ საკუთარი „რიცხვების გამოცნობის ხრიკი“ და ეცადეთ, მისი საიდუმლო ასოითი გამოსახულების გამოყენებით ახსნათ.

ეს გაკვეთილი გვიჩვენებს, რომ მათემატიკა, განსაკუთრებით კი ალგებრა, არ არის მხოლოდ ცვლადები და ფორმულები. ის შეიძლება იყოს სახალისო, ინტერაქციული და აღმოჩენებით სავსე. „ხრიკების“ გამოყენებით მოსწავლეები არა მხოლოდ სწავლობენ ასოითი გამოსახულებების გამარტივებას, არამედ ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკური მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მათემატიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტია მათი აკადემიური წარმატებისთვის.

სამომავლო ტენდენციები განათლებაში

0

განათლების სისტემების ფორმას და შინაარსს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ტექნოლოგიური პროგრესი, სოციალური ქსოვილების ცვლილება და მოთხოვნები შრომით ბაზარზე – როგორიც არ უნდა იყოს მომავლის ტენდენციები, მიზანი უცვლელია: განათლება საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ გაგებასა და მოწყობაში გვეხმარება. შესაძლოა, ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სოციალური ასიმეტრიის დაძლევაში, უფრო თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზოს სხვადასხვა საწყის წერტილზე მყოფ ბავშვებს, უწყვეტი განათლების პრინციპმა და ე.წ. მეორე შანსის პროფესიებმა უფრო საინტერესო გახადოს სწავლაც, ცხოვრებაც და მუშაობაც. ისიც შესაძლოა, ეს მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდეს, მაგრამ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს და სასურველია, ეს გააზრებულად გავაკეთოთ, რათა მეტი სარგებელი და ნაკლები ზიანი მივიღოთ არსებული სისტემებისა და მიდგომების განახლების გზაზე.

აი, რამდენიმე რამ, რაც უნდა ვიცოდეთ განათლების სისტემაში სამომავლო ტენდენციების შესახებ:

 

1) ხელოვნური ინტელექტის როლის ზრდა და პერსონალიზებული სწავლება

ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე არაერთი მიმართულებით გამოიყენება, იქნება ეს მასწავლებლების დახმარება მოსწავლეების შეფასებაში, მოსწავლეებისთვის მეტად პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების შექმნა, ხარისხიანი კონტენტის წარმოება ნაკლები რესურსით თუ ჩეტბოტები, რომლებიც რესურსების მოძიებაში, სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და პრობლემების იდენტიფიცირებაში ეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მაგალითად, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Khan Academy ან Duolingo, იყენებენ AI-ს, რათა სწავლების გზა და სიჩქარე პერსონალურად მოარგონ თითოეული სტუდენტის შესაძლებლობებს. ხმოვანი ასისტენტები და აუდიოწიგნების გენერატორები არაჩვეულებრივი დამხმარე ინსტრუმენტებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ტექსტური რედაქტორები უკეთ წერაში გვეხმარება, ავტომატური მთარგმნელები გვიადვილებს უცხო ენებზე ინფორმაციის მიღებას.

ხელოვნური ინტელექტი აადვილებს დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზს, შესაბამისად, მისი დახმარებით უფრო ადვილად შეიძლება იმ საკითხების გამოკვეთა, რომელთა დაძლევაც უჭირთ მოსწავლეებს და სადაც მასწავლებლებს დამატებითი ძალისხმევის გაწევა სჭირდებათ.

მომავალში მოსალოდნელია, რომ არსებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები “მეტად ემოციურები” და “უფრო გულისხმიერები” იქნებიან და უფრო უკეთესად შეძლებენ ცალკეული მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებების, ხასიათის, ინტერესებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, რაც სწავლა-სწავლების პროცესს უფრო პერსონალიზებულს, შესაბამისად, უფრო ეფექტურს და სასიამოვნოს გახდის.

 

2) მეტი აქცენტი უნარებსა და პასუხისმგებლობაზე

ტექნიკური და აკადემიური ცოდნა საკმარისი აღარ არის – ამგვარ ინფორმაციას რობოტები ჩვენზე სწრაფად და უხარვეზოდ იმახსოვრებენ. ადამიანობის ხიბლი მის ადამიანურ თვისებებში, კრიტიკულ აზროვნებაში, კარგად განვითარებულ ემოციურ ინტელექტში, გუნდური მუშაობის უნარებსა და უნიკალურ ხედვებშია. როგორ ჭრი პრობლემებს, როგორ თანამშრომლობ სხვებთან, რამდენად შეგიძლია ახალ გამოწვევებთან, გარემოსთან, ადამიანებთან ადაპტირება, ხედავ თუ არა ფართო სურათს და გრძნობ კონტექსტს, გაქვს თუ არა საკმარისი მოთმინება წვრილმან დეტალებზე კონცენტრაციისთვის, აღიქვამ თუ არა სამყაროს მრავალფეროვნებას და სხვადასხვა სოციუმის, ვითარებისა თუ ამბის სპეციფიკურ მახასიათებლებს, გამოწვევებს, ხიბლს, შეგიძლია თუ არა სათქმელის მკაფიოდ და ეთიკურად ჩამოყალიბება და მიზნის მისაღწევად ეთიკურად და პრინციპულად სვლა, ემოციების კონტროლი და სხვისი გრძნობების, შეხედულებების, თავისუფლების პატივისცემა – ამ კითხვებზე პასუხი დიდწილად განსაზღვრავს იმას, როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე, როგორი იქნება მისი შანსი შრომით ბაზარზე.

სკოლებში უნარების განსავითარებლად და დასახვეწად დილემებით სწავლება, დებატების პრაქტიკა, როლური თამაშები, გუნდურ პროექტებზე მუშაობა გამოიყენება – სასწავლო პროგრამებსა და პროცესში უნარების განვითარებისთვის მეტი დრო, ხელსაწყო და აქცენტია საჭირო, რადგან კლასიკურ სისტემებში მოსწავლეების შეფასების მთავარი კრიტერიუმი კვლავ აკადემიური მოსწრებაა.

 

3) უწყვეტი განათლება და ე.წ. მეორე შანსი პროფესიული ცვლილებებისთვის

 

ოდესღაც აღებული დიპლომი ერთ დისციპლინაში, დიდი ხანია, საკმარისი აღარ არის – ცვალებად სამყაროში განათლების უწყვეტობის პრინციპი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტექნოლოგიური განვითარება გვეხმარება, ხანმოკლე კურსების საშუალებით ახალ სფეროებში მოვსინჯოთ ჩვენი თავი, ონლაინსწავლების პლატფორმებზე ჩვენზე მორგებული გრაფიკით, გეოგრაფიული ფაქტორის მიუხედავად, მივიღოთ ახალი ცოდნა და მუდმივად განვავითაროთ უნარები შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

რაც მეტად იცვლება დასაქმების სივრცე და რაც უფრო მეტი ახალი პროფესია თუ ვიწრო სპეციალიზაცია ჩნდება, მით მეტ ადამიანს ეძლევა შანსი, შეიცვალოს უკვე მობეზრებული პროფესია ან საკუთარი თავი ახალ სფეროში მოსინჯოს. მომავალში, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მეტი აქცენტი დაისმება ზრდასრულებისთვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე.

 

4) თვითსწავლება

ტექნოლოგიებითა და რესურსებით შეირაღებული ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად ავტონომიურები იყვნენ და სასწავლო პროცესი საკუთარ ინტერესებს მოარგონ და არა ყველასთვის შედგენილ სტანდარტებს. ეს გზა გამოწვევაა ზოგადი განათლების სისტემისთვის: ერთი მხრივ, უნდა არსებობდეს საყოველთაოდ აღიარებული წესები, რომლებსაც ყველა ემორჩილება, მეორე მხრივ კი გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საჭიროებები და მისწრაფებები.

მომავლის განათლებაში მასწავლებელს უფრო მეტად უნარების აღმომჩენის, ცნობისმოყვარეობის გამღვიძებლის, სწორი მიმართულების მიმცემი მენტორის როლი ექნება, ვიდრე მანდატორის. ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეების, დამოუკიდებლად გაიკვალონ გზა ინფორმაციის უსასრულო ნაკადში და მუდმივად ტურბულენტურ გარემოში მარტივად ორიენტირება შეძლონ.

 

5) გლობალური თანამშრომლობა

ონლაინსწავლების პლატფორმები, გაცვლითი პროგრამები და განათლების სისტემების ინტერნაციონალიზაცია უკვე იძლევა საშუალებას, ჩვენი ცოდნა და მისი გამდიდრების გზები კონკრეტული გეოგრაფიული არეალით ან ფორმატით არ შემოვსაზღვროთ. საზღვრების გახსნა და ტექნოლოგიური ინტეგრაცია სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, მზად იყოს სამუშაო გამოცდილებისა და ახალი კულტურული გამოცდილების მისაღებად, მოიპოვოს სტიპენდია უცხოეთში სწავლისთვის ან ჩაერთოს ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში.

 

მომავლის განათლების სისტემებს უნდა შეეძლოთ, აღზარდონ ადამიანები არა კონკრეტულ დროსა და სივრცეში საჭირო ცოდნით, არამედ ღია და გახსნილი საზოგადოების წევრებად, რომლებიც მზად იქნებიან, მიიღონ საერთაშორისო პროგრამების სიკეთეები.

ამ წერილის ბონუსად სწორედ რამდენიმე ისეთ ორგანიზაციას გაგაცნობთ, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო პროგრამებში ჩართვას, მოხალისეობას და სასწავლო კურსებს სთავაზობენ:

 

სივრცითი წარმოდგენები, როგორც ფსიქიკური განვითარების საფუძველი

0

ვფიქრობ, საყურადღებო ფაქტია, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს სივრცით მიმართებებში გარკვევა წარმოადგენს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სასკოლო ასაკის ბავშვს ერევა მარჯვენა-მარცხენა, ზევით-ქვევით-შუაში. მშობელი გაოცებას ვერ მალავს, თუ რატომ შეიძლება ეს პრობლემად აღვიქვათ. ერთ-ერთი ექვსი წლის ბიჭუნას დედამ თავისი მოსაზრება ასეთნაირად „დაასაბუთა“ – „რა მოხდა მერე, ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ამჟამად მერვე კლასშია, დღესაც ვერ არჩევს მარჯვენა-მარცხენას. ადრე თუ გვიან ხომ ისწავლის!“. ალბათ, ასეთი მსჯელობა არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადეკვატური სივრცითი წარმოდგენები. ასეთი შეკითხვა ხშირად უცნაურადაც კი ჟღერს. თითოეული ჩვენგანისთვის სივრცეში ორიენტაცია თითქოს რაღაც თავისთავადს წარმოადგენს. ყველა მოზრდილი ადამიანი კარგად ერკვევა ისეთ ცნებებში, როგორიცაა: ზემოთ – ქვემოთ, წინ – უკან, უფრო შორს – უფრო ახლოს. მართალია, ზოგიერთი ადამიანი ხანდახან ურევს მარჯვენა-მარცხენას, მაგრამ ეს ბევრისთვის „დასაშვებად“ ითვლება და მხოლოდ ღიმილს იწვევს.

ზოგადად სივრცის შესახებ ჩვენი წარმოდგენები სრულიად ბუნებრივად, თითქმის თანდაყოლილად გვეჩვენება და ეს არის სწორედ დიდი შეცდომა. ეს წარმოდგენები არავითარ შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი. ისინი ადამიანში დაბადების მომენტში კი არ ჩნდება, არამედ ყალიბდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 7-8 წლამდე გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი სწავლობს სივრცის, ამ სივრცეში სხვადასხვა საგნის მდებარეობის და მათი გადაადგილების სწორად აღქმას ერთმანეთთან და საკუთარ სხეულთან მიმართებაში. ის ეუფლება შედარების უნარს, ასევე სივრცის პარალელურად შეიმეცნებს ისეთ კატეგორიას, როგორიცაა დრო. ამგვარად ათვისებული ყველა ინფორმაცია საფუძვლად ედება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგებას, რაც ადამიანს ლოგიკური აზროვნების საშუალებას აძლევს. ერთი სიტყვით, სივრცითი წარმოდგენები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ყალიბდება, ფსიქიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს, რასაც შემდეგ დაეფუძნება დანარჩენი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები. ნებისმიერი დარღვევა ამ პროცესებში პრობლემებს იწვევს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, განუვითარებელი სივრცითი ორიენტაციის მქონე ბავშვები განიცდიან სირთულეებს ფურცლიდან ტექსტის გადმოწერისას, რადგანაც შეიძლება გამოსახულებას სარკისებურად აღიქვამდნენ. შესაბამისად, სირთულეები აქვთ ისეთი სასკოლო უნარების დაუფლებაში, როგორიცაა კითხვა, წერა, დათვლა. მათ სირთულეები აქვთ ასევე ლოგიკური და წარმოსახვითი აზროვნების უნარების გამომუშავებაში. ამიტომ, ბავშვებში სივრცითი წარმოდგენების დროული და სწორი ფორმირება ნორმალური ფსიქიკური და გონებრივი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეისთვის ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად ნამდვილად არ გვაქვს. საქმე ის გახლავთ, რომ სივრცის ნორმალური გაცნობისთვის, იმ წესების ათვისებისთვის, რომლითაც სამგანზომილებიანი სივრცეა მოწყობილი, აუცილებელია ბავშვის მუდმივი და აქტიური ურთიერთქმედება ამ სივრცესთან. არცთუ შორეულ წარსულში ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობდა – თითოეული ბავშვი მუდმივად იმყოფებოდა სამგანზომილებიან სივრცეში, არსებობდა ამ სივრცეში, აკვირდებოდა მას, მოქმედებდა, თამაშობდა, მოძრაობდა. მაგრამ დღეს სამგანზომილებიან სივრცეს გაუჩნდა უძლიერესი კონკურენტი და შეიძლება ითქვას მტერიც კი – ელექტრონული მოწყობილობის ბრტყელი, ორგანზომილებიანი ეკრანი. ის ქმნის სივრცის ილუზიას, რომელიც პრინციპულად განსხვავდება რეალურისაგან. თუმცა, შეიძლება ის უფრო საინტერესო, მიმზიდველი ჩანდეს და მოთხოვნადიც გახდეს. ხანგრძლივი და სისტემატური ყოფნა ვირტუალურ სივრცეში საშუალებას აძლევს ბავშვს, სწრაფად გამოიმუშაოს ამ სივრცეში ქცევის უნარ-ჩვევები. უფროსები ხშირად ვერ ვმალავთ გაოცებას და აღფრთოვანებას იმის გამო, რომ ჩვენი პატარები სწრაფად და მარტივად ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს. ბუნებრივია, ეს მათი მომავალი წარმატებების გასაღებია ახალი ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ვირტუალურ სივრცეში ამ წარმატებებს ხშირად თან ახლავს დამახინჯებული წარმოდგენები რეალურ სივრცეზე, მის კანონზომიერებზე, დროსთან მის კავშირზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ვირტუალურობა არ იწვევს სივრცეში ორიენტაციის უნარის სრულ დაკარგვას. ჯერჯერობით, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა საკმაოდ კარგად ერკვევა ისეთ სივრცით წარმოდგენებში, როგორიცაა: ზემოთ – ქვემოთ, მარჯვნივ – მარცხნივ, წინ – უკან და ა.შ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ შემდგომ, ყველაზე ელემენტარული სივრცითი წარმოდგენები, რომელსაც ტვინი ითვისებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბავშვი ბრტყელი ეკრანის წინ აღმოჩნდება, რთულად ვითარდება. ამიტომ, სულ უფრო ხშირად გვხვდება დისლექსიის, დისგრაფიის, დისკალკულიის შემთხვევები, ასევე პრობლემები იჩენს თავს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში.

იმისათვის, რომ დროულად შევამჩნიოთ და მივხვდეთ, რომ ბავშვს სერიოზული პრობლემები აქვს სივრცითი წარმოდგენების განვითარებაში, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ადეკვატური სივრცითი წარმოდგენების ფორმირების ეტაპებს:

ეტაპი 1 (ადრეული ასაკი) – სივრცის აღქმას პატარა დაბადებიდან უკვე 4 – 5 კვირაში ახერხებს. ამ ასაკის ბავშვს შეუძლია სივრცეში ობიექტების გამოყოფა, მათი გარჩევა. 2-4 თვის ასაკში ბავშვს შეუძლია ობიექტების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება. ერთი წლის ბავშვი თავდაჯერებულად განასხვავებს სივრცეში ობიექტებს და მანძილს მათ შორის. 1-2 წლის ბავშვს შეუძლია ორიენტირება საკუთარ თავზე, განასხვავებს საკუთარი სხეულის ნაწილებს, გარდა სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარისა. სამ წლამდე ბავშვი აღიქვამს ობიექტებს ერთმანეთთან სივრცითი კავშირების გარეშე. მაგ. ის ვერ ხედავს განსხვავებას სურათებს შორის, სადაც ერთი და იგივე საგნები სხვადასხვანაირად არის განლაგებული სივრცეში.

ეტაპი 2 (3-4 წელი) – ყველაზე უფრო ადრე ბავშვი გამოყოფს ზედა მიმართულებას. შემდეგ მის საპირისპიროს – ქვედას. ამის შემდეგ პატარები აცნობიერებენ მიმართულებებს – „წინ“ – „უკან“ და ბოლოს „მარჯვნივ“ – „მარცხნივ“. ამასთან, სივრცითი მიმართულებების აღმნიშვნელ თითოეულ წყვილში ბავშვი გამოყოფს ჯერ ერთს, შემდეგ კი, მასთან შედარების საფუძველზე, საპირისპიროს ამოიცნობს. სივრცით მიმართულებებს ბავშვი საკუთარი სხეულის ნაწილებთან აკავშირებს. მაგ. უკან არის იქ, სადაც ზურგია.

თავდაპირველად ბავშვი საგნის სივრცით მდებარეობას განსაზღვრავს მასთან შეხებით, რადგანაც თვლის, რომ მაგ. მარჯვნივ არის ის საგნები, რომლებიც უშუალოდ მარჯვენა ხელის გვერდით მდებარეობს. ცოტა მოგვიანებით ბავშვისთვის საკმარისია ობიექტის მდებარეობის მხოლოდ ვიზუალურად შეფასება. ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ცხადად საგნებს შორის მანძილს. მაგ. საგნების რიგში დალაგებისას ის მათ ძალიან ახლოს ათავსებს. ცნება „გვერდით“ მისთვის წარმოადგენს სინონიმს ისეთი ცნებისა, როგორიცაა „შეხება“.

ეტაპი 3 (4-5 წელი) – სამყარო, სადაც ბავშვს სივრცეში ორიენტაციის შესაძლებლობა ეძლევა, თანდათან ფართოვდება. პატარას უკვე შეუძლია სხეულის შემობრუნებით და ხელის მიმანიშნებელი მოძრაობით სივრცეში ორიენტირება.

ეტაპი 4 (5-6 წელი) – ბავშვს შეუძლია საგნების პოზიციის განსაზღვრა საკუთარ თავთან მიმართებაში ნებისმიერ დიდ მანძილზე. ის უკვე კარგად ფლობს სივრცითი მიმართებების სიტყვიერ აღნიშვნებს. შეუძლია სხვადასხვა ობიექტებიდან ორიენტირება. თავდაპირველად ის იკავებს იმ ობიექტის ადგილს, საიდანაც ორიენტირდება. შემდეგ კი აზრობრივად დგება მოპირდაპირე მხარეს მდგომი ადამიანის პოზიციაში, ანუ 180 – გრადუსით შემობრუნდება.

ეტაპი 5 (6-7 წელი) – ბავშვს შეუძლია ორი სივრცითი ზონის გამოყოფა, რომელთაგან თითოეულში ორი ნაწილია, მაგ.„წინ მარცხნივ“, „წინ მარჯვნივ“. ზონების საზღვრები ბავშვისთვის პირობითი და მოძრავი, მობილურია. სივრცით ორიენტირებას ბავშვები საკუთარი სხეულის ნაწილებთან აკავშირებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი წარმოდგენების განვითარების თითოეულ ეტაპზე ბავშვი კარგად დაეუფლოს ასაკის შესაბამის ყველა ფუნქციას. თუ შევამჩნევთ, რომ რაღაც კარგად ვერ არის – ბავშვი ვერ ახერხებს იმის გაკეთებას, რასაც მისი ასაკის ბავშვი უნდა აკეთებდეს, ვერ ახერხებს დროსა და სივრცეში ორიენტირებას, თუ პრობლემები გაუჩნდა ტექსტის აღქმაში, ზეპირმეტყველებაში, თვლაში, აუცილებლად დავუკავშირდეთ სპეციალისტს – ბავშვთა ნეიროფსიქოლოგს. ამ სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება.

გვახსოვდეს – ის, რაც ადრეულ ასაკში საკმარისად არ იქნა დაუფლებული, ათვისებული, საჭიროებს აუცილებელ და სწრაფ კორექციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში პრობლემები გაიზრდება და შესაძლოა, ბავშვს ხელი შეუშალოს ეფექტიან სწავლაში და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

 

მანე, მარიამი და ძველი ქვეყანა

0

ივნისში, ვანაძორში, ჩემს ბავშვობაში ლენინაკანი რომ ერქვა, ათამდე მოსწავლეს მოკლე დრამატული ტექსტების წერას ვასწავლიდი. მთელ თვეს დავრჩებოდი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო – მოსწონდათ, რასაც ვაკეთებდით, ხალისით მომყვებოდნენ. რას აღარ ვყვებოდით, რას აღარ ვწერდით. ბოლო დღეს კი იმ სომეხი მწერლების სიაც შემიდგინეს, დაუყოვნებლივ რომ უნდა მომეძებნა და წამეკითხა.

სია მანე პოღოსიანმა ჩამიწერა სამუშაო რვეულში. წინასწარმეტყველებას ვერ დავიწყებ, სურვილი კი ძალიან დიდი მაქვს, რომ წერა ცხოვრების მთავარ საქმედ გაიხადოს, უღრან ტყეებში ხეტიალის არ შეეშინდეს.

ერთ-ერთ დავალებად ჰქონდათ, წინა დღეს შექმნილი პერსონაჟის პირით სიყვარულის რაობა განემარტათ. მარტივად, რამდენიმე სიტყვით. სისულელე და დროის კარგვააო, წაიკითხა იმ ხვეულთმიანმა, შავთვალა ბიჭმა, აშოტი რომ ერქვა. ღმერთო, გვარი გამახსენე.

მანე პოღოსიანს კი, როცა რიგი მოუწია, გაეღიმა.

სიყვარული ყველა შენი შიშისთვის თვალის გასწორებააო, – მისი მონოლოგის მთავარი გმირი გვეუბნებოდა, გვარწმუნებდა.

შემოქმედებითი წერის გაკვეთილები ერევანსა და გორისში გაგრძელდა, ირანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში, ზღაპრულად ლამაზი სახლებით. აქ სულ გოგოები იყვნენ, კარგი მკითხველები და კარგი მსახიობები. შუა ოთახში, წარმოსახვით სცენაზე წაიკითხეს თავიანთი ნაწერი, იმ წუთებში კი ალბათ რაღაც ისეთიც ირწმუნეს, სხვა დროს და სხვაგვარ გარემოში რომ გაუძნელდებოდათ.

სწორედ აქ ვნახე მარიამ ჰაირაპეტიანი, რომლის მონოლოგიც ასე იწყება:

„ღამის სამი საათია. რატომ მღვიძავს?

ისეთი სიჩუმეა, თითქოს სამყარო გაჩერდა, თითქოს შემთხვევით შევიხედე ცხოვრების ფარდის მიღმა, როცა არავინ მიყურებდა.

რა უცნაურია… როგორი სხვანაირია ღამით ყველაფერი. ჩემი ოთახი – ეს ოთხი კედელი, ყოველდღე რომ ვხედავ – მოულოდნელად უფრო ნაზი და უფრო მშვიდი გამხდარა, თითქოს სურვილი გასჩენია, ყური დამიგდოს.

ჩემივე გულისცემა მესმის. დღისით ასე არ ხდება ხოლმე. ფიქრები ახლა აღარ ყვირიან. ჩურჩულებენ…“.

სახელდახელოდ ვთარგმნე ინგლისურიდან. მხოლოდ დასაწყისი. მარიამი კი ალბათ არაერთხელ გადასწევს იმ ფარდას, ცხოვრებისას. და დაწერს იმაზეც, რასაც თვალი ვერ წაატანა, რაც მაცდურ წინათგრძნობად დაურჩა.

სასწრაფოდ წასაკითხი სომეხი მწერლების სიაში, რა თქმა უნდა, უილიამ საროიანიც მოხვდა, რომელსაც სხვებზე უკეთესად ვიცნობ. ჩვენს წიგნის მაღაზიებში ქართულად ნათარგმნსაც ნახავთ და თუ ეს მოთხრობების კრებული „მე მქვია არამი“ იქნება, დაუყოვნებლივ იყიდეთ. საზაფხულო საკითხავად უკეთესს ვერაფერს მოუძებნით მოზარდებს, თავგადასავლებიც რომ იზიდავთ და წიგნის გმირთან თავის გაიგივებაც რომ უყვართ.

ერთ მოთხრობაში, „ულამაზესი თეთრი ცხენის ზაფხულში“ ასეთ მოგონებას გადააწყდებით: „ცხენზე ამხედრებული მივქროდით. ჩემი ბიძაშვილი მურადი მღეროდა. თითქმის ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ძველი ქვეყნიდან ვიყავით, ძველი ქვეყნის შთამომავლები ვიყავით და, როგორც ზოგიერთი ჩვენი მეზობელი ამბობდა, ახლაც იმ ძველ ქვეყანაში ვცხოვრობდით“. ეს ამბავიც, სხვა ამბებიც სომხეთიდან ძალიან შორს ხდება, მაგრამ ახალი სამშობლოს მიწაც წინაპართა აჩრდილებითაა მოფენილი, წარსულის სიტკბო-სიმწარითაა გაჯერებული.

სიას ჩავყურებ და ვხვდები, რომ რჩევა ყურად უნდა ვიღო და ამ მწერლების წიგნები მოვძებნო. რაც შეიძლება მალე. სომხეთში დასაბრუნებელი მოკლე გზაც იქნება და ის თეთრ-ყვითელი ყვავილებიც, გზისპირებზე მომაჯადოებლად რომ ყვაოდა ივნისის თვეში.

ზაფხულის პროლოგის ჩანაწერები #1

0

ჩემი წინაპრები წარსულზე მეოცნებეები იყვნენ. არის ასეთი ხალხიც. ზეგინდელზე კი არა, გუშინწინდელზე ფიქრობენ – ასე რომ მომხდარიყო ან არ. დასხდებოდნენ ბებია და ბაბუა, მზერას ჩაიბრუნებდნენ ზურგისკენ და იქ ტიროდნენ და იცინოდნენ. იქ, რა დროსაც დიდი ხანია გამოცდნენ და ვერ შეცვლიდნენ. მეც ვიმემკვიდრევე ეს თვისება და სულ წარსულზე ვდარდობ. განა არ ვიცი – წარსული შორეული ვარსკვლავივითაა – აქედან რაც უნდა სული უბერო, ვერც გააღვივებ და ვერც ჩააქრობ. ვიცი, მაგრამ მაინც იქ ვარ. აი, მაგალითად; საავადმყოფოს მისაღებში ვზივარ. მამაჩემის ამბავი გავიგე. გავიგე და მაშინვე რომ თურქეთზე მეფიქრა… ჩავყვები, ჩავყვები ფსკერამდე – ფიქრის ფილტვები მეგლიჯება. იქ, მხოლოდ უჰაერობაა, რადგან აწმყომ იცის წარსული და ვერ ცვლის. დიდი ტანჯვაა, უსარგებლო და უთავბოლო. მაგრამ ვართ ასეთი ხალხიც. ვართ და ვერაფერს იზამ. წარსულზე მეოცნებენი.

////

ჩემი სახლიდან შორს, გადაღმა, მოჩანს სახლი.

ეს სახლი, ქალაქის წესისამებრ, მრავალსართულიანია და მრავალი სართულის წესისამებრ, ამ სახლს ბევრი ფანჯარა აქვს.

ყველა ერთნაირი.

შორიდან ეს არის.ასე მოჩანს. მხოლოდ ეს გრძელი, მოსაწყენი და ნაცნობი წინადადება.

მაგრამ ახლოდან, ერთი ფანჯრიდან მოჩანს ლოცვა მომაკვდავ შვილზე და მეორედან მოჩანს სიმღერა. ოღონდ სიმღერა ფრთხილად მოჩანს ამ ფანჯრიდან და ფეხაკრეფით.

სხვა ფანჯრიდან რომ სიმღერა მოჩანს, ის სიმღერა ხმამაღალია და კაცმა, რომ თქვას, ამიტომაც აღარ მოჩანს ბავშვის ტირილი მეზობელი ფანჯრებიდან. არც ძაღლის ყეფა. არც ჩურჩული აღარ მოჩანს შეყვარებულის. მე რომ მკითხოთ, ის სიმღერა, რომლის გამოც სხვა ფანჯრებიდან არც ცრემლი მოჩანს, არც ყეფა და არც სიყვარული – მეტისმეტად ხმამაღალია.

მაგრამ ამ სახლის შემოქმედი მე არაფერს არ მეკითხება.

ზოგიდან მოჩანს ბანკის ვალი ანაც მეზობლის. ზოგიდან თვითონ მეზობელი ანაც ბანკირი.

ზოგიდან მოჩანს შური და ზოგიდან შური არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ცრემლი და ზოგიდან არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ღიმილი და ზოგიდან არ მოჩანს. უბრალოდ არ მოჩანს, რადგან არ არის.

ზოგი ფანჯრიდან მოჩანს საუზმე და სადილი. ზოგჯერ ვახშამიც. მხოლოდ ეს მოჩანს. ეს მდუმარე რიტუალი და ერთი ჩრდილი.

ზოგიდან ბევრი ჩრდილი მოჩანს. ამ ჩრდილების ხმაური მოჩანს. ყურისწამღები.

ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ აღარავინაა. ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ არიან.

კი, არის ორი ასეთი არაფერიც. ორი ფანჯარა.

ზოგი ფანჯრიდან მოჩანს სურვილი რომ გამოაღონ და ჰაერი ჩაისუნთქონ. ზოგიდან მოჩანს სურვილი, რომ გამოაღონ და აღარასდროს ჩაისუნთქონ ეს ჰაერი.

ანუ გადმოხტნენ.

ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც უარი და ეს სიზმარი საშინელია. ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც თანხმობა და ეს სიზმარი ცრუა.

ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ანთია. ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ჩამქრალია.

ბევრია ფანჯარა და შორიდან ყველა ერთნაირი. შეიძლება სჯობდეს შორიდან უყურებდე და არასდროს მიხვიდე ახლოს. ან საერთოდ არ უყურებდე.

უბრალოდ ადგე და საკუთარი ფანჯარა გამოიხურო.

 

 

ZeeMap – ის ინტერაქტიური პლატფორმა მოსწავლეთა მოტივაციისა და დიფერენცირებული მუშაობისათვის

0

თანამედროვე მოსწავლის ინტერესის და მოტივაციის მართვა მარტივი არ არის.  ამ მიზეზის გამო  მასწავლებლები ძირითადად ორიენტირებული არიან  თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს ფორმირებაზე.  ისინი ცდილობენ გეიმიფიკაციის პრინციპების გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის  და სწავლების პროცესის გამარტივებისთვის.

თამაშის ელემენტებით გამდიდრებული   გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცე რეალურად არის მოსწავლის აკადემიური წინსვლის მხარდამჭერი, თუმცა არსებობს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე დამყარებული მიდგომებიც,    რომელიც ცოდნის აგების მეტ საშუალებას აძლევს მოსწავლეს.

ზოგადად,  თამაშის ტექნოლოგია თავისი ხასიათით, ყველა   ინტერაქტიურია, მაგრამ ყველა ინტერაქტიული მიდგომა არ არის თამაში. ინტერაქტიული მიდგომა უფრო ფართო ცნებაა,  თამაშის ტექნოლოგია  კი  უფრო მისი  სპეციფიკური, სტრუქტურირებული  ტიპია.

სათამაშო ტექნოლოოგიის მიზანი  მოსწავლის მოტივაციის ამაღლება, ჩართულობის გაძლიერება და სწავლის  სახალისო პროცესად გადაქცევაა. თამაშის  ტექნოლოგიის (Game-based learning, Gamification) გამოყენების დროს აქცენტი კეთდება:

  • თამაშის ელემენტებზე (მაგალითად, ქულებზე, სხვადასხვა დონის დაძლევაზე, ბეიჯებზე და ა.შ. მაგალითად, ასეთად შეიძლება განვიხილოთ ონლაინ თამაში, სადაც მოსწავლე ასრულებს დავალებებს და აგროვებს ქულებს);
  • თამაშის სტრუქტურაზე (აქვს კონკრეტული სიუჟეტი, თამაშის მიზანი და,  რაც მთავარია,  თამაშის წესები);
  • ის შეიძლება შეიცავდეს როგორც კომპიუტერულ, ისე    რეალურ, ფიზიკურ  თამაშებსაც (მაგალითად, რომლური თამაშები).

ინტერაქტიული მიდგომები (Interactive learning methods)  სათამაშო ტექნოლოგიებისგან განსხვავებით:

  • უფრო მჭიდრო ურთიერთობას და კომუნიკაციას გულისხმობს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის:
  • ამ დრო უფრო ფართო ადგილი აქვს აქტიურ, შემოქმედებით და თანამშრომლობით სწავლებას და გაცილებით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები გვხდება, როგორიცაა დისკუსია-დებატები, ინტერაქტიულ რუკაზე მუშაობა, ჯგუფური სამუშაო, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ა.შ.

ინტერაქტიური მიდგომების  მიზანი  შემეცნებითი ჩართულობის გაძლიერება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და ცოდნის ტრანსფერია. ასეთ დავალებას წარმოადგენს, მაგალითად, როდესაც  მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობენ და ინტერაქტიულ რუკაზე აღნიშნავენ ისტორიულ ძეგლებს, მოვლენათა ადგილებს, თან აკავშირებენ ფოტოებს, ვიდეო და აუდიო მასალას და  უკეთებენ აღწერას.

კომპონენტი თამაშის ტექნოლოგია ინტერაქტიური მიდგომა
მთავარი მიზანი მოტივაცია თამაშის გზით აქტიური სწავლის ხელშეწყობა
ფორმა თამაში ან თამაშის ელემენტების გამოყენება სწავლებაში თანამშრომლობითი, დიალოგური, აქტიური აქტივობების წარმართვა
ტექნოლოგიური მოთხოვნები ხშირად იყენებს სპეციალურ აპლიკაციებს შეიძლება იყოს თუნდაც მარტივი დაფა და სტიკერები
დინამიკა ქულები, გამოწვევები, დონეების დადაგენა კითხვა-პასუხი, კვლევა, პრეზენტაცია

 

რა აირჩიოს მასწავლებელმა – თამაშის ტექნოლოგიაზე გააკეთოს აქცენტი, თუ ინტერაქტიულ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს თამაშის ელემენტებსაც?

საკუთარ პრაქტიკაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილებზე,  მსგავს  შემთხვევებში,     აქტიურად გამოიყენება ZeeMap.  მიუხედავად იმისა, რომ ZeeMap არ მიეკუთვნება უშუალოდ თამაშის ტექნოლოგიებს (მაგ., გეიმიფიკაციას ან საგანმანათლებლო თამაშებს), შესაძლებელია მისი დაპროექტება  თამაშის ელემენტებით:

  • რუკაში  „ჩავაშენოთ“ დავალებები,   მაგალითად, „მონიშნე რუკაზე კონკრეტული  ეკლესია-მონასტერი, ან ისტორიული ძეგლი“;
  • ან მოსწავლეებს ქრონოლოგიური  ნიშნით მოვანიშნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
  • ან რუკაზე შესასრულებელ დავალებას მივცემთ გუნდური მუშაობის ხასიათი და ა.შ.

მსგავს შემთხვევებში ZeeMap რეალურად შეიძლება განვიხილოთ თამაშის ტექნოლოგიის   მხარდამჭერი ელემენტი. ამ კუთხით, რამდენადაც ZeeMap  შეიცავს სათამაშო ტექნოლოგიის ელემენტებს, ის  ხელს უწყობს სწავლების ინკლუზიურობას და  მოსახერხებელია დიფერენცირებული დავალებების შესრულებითვისაც.

ნიმუში: ინტეგრირებული სწავლების მაგალითი (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)      ZeeMap-ის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს ინკლუზიურ და დიფერენცირებულ დავალებებს:

საგანი: “ჩვენი საქართველო“

კლასი – V-VI

თემა: „ჩვენი საქართველოს“ რეგიონები, მათთვის დამახასიათებელი ბუნება და ცნობილი ადამიანები.

საგნობრივი ამოცანა:

  • ისტორიული  რეგიონის  კულტურული მემკვიდრეობის ამოცნობა (ისტორიის მიმართულებით);
  •  ბუნებრივი პირობებისა და მდებარეობის შეფასება (გეოგრაფიის მიმართულებით) და
  • მოქალაქეობა (რომელიც გულისხმობს  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებასა  და გარემოზე ზრუნვას).

დავალებები ინტერაქტიურ რუკაზე მოსწავლის ცოდნისა და უნარების დონის მიხედვით:

ცოდნისა და უნარების  დონე დავალება აქტივობის მახასიათებელი
დაბალი მონიშნე რუკაზე შენი რეგიონის მთავარი ქალაქი და დაამატე ერთი ფოტო ან სიმბოლო, რომლითაც გამოარჩევ მას სხვა ცენტრებიდან ესაა მინიმალური ტექსტის და   მინიმალური  ვიზუალური აღქმის  მქონე მოსწავლე
საშუალო დაასახელე რეგიონის 2 ისტორიული ძეგლი და ბუნებრივი თავისებურება.  მონიშნე ის რუკაზე, შეგიძლია გამოიყენო სიმბოლოებიც. მცირე ტექსტზე ორიენტირებული დავალება, რომელიც წერითაც მცირე დავალების შესრულებას მოითხოვს მოსწავლისგან
მაღალი შექმენი რეგიონის პრეზენტაცია ZeeMap-ის გამოყენებით – მოამზადე  რუკა, მონიშნე, დაიტანე ზედ მინიმუმ 3 ელემენტი: ისტორიული, გეოგრაფიული და სამოქალაქო განათლების კუთხით. ძირითადად ესაა პროექტზე დაფუძნებული სწავლა, რომელიც  მოსწავლეთა  კვლევითი  უნარების გააქტიურებაზეა  ორიენტირებული

  დავალებების  დიფერენცირებული ხასიათი:

  • მოსწავლე, რომელსაც აქვს წერის სირთულე (უჭირს წერა), შეავსებს რუკას მხოლოდ ფოტოებით და  ხმოვანი აღწერით;
  • მოსწავლე, რომელსაც არ უჭირს    სივრცობრივი აზროვნება ან ეს მისი ძლიერი მხარეა, რუკაზე მონიშნავს გზებს, მდინარეებს ან მარშრუტებს;
  • ხოლო იმ მოსწავლეს,  რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, შესაძლებელია ჯგუფური დავალება შევთავაზოთ და მას დაეხმარება მეწყვილე, ან გუნდის  წევრები;
  • ან  მიიღებს მოკლე ინსტრუქციას,  გრაფიკული სახით შეასრულოს დავალება (პიქტოგრამები, ფერები).

მაგრამ  ZeeMap, თავისთავად,  არ წარმოადგენს თამაშს ან თამაშის ტექნოლოგიას,  ის უფრო   გეოინფორმაციული-საგანმანათლებლო ციფრული ინსტრუმენტია, რომელიც მოსახერხებელია პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის, საგნობრივი კვლევისთვის და ვიზუალური პრეზენტაციებისთვის. ამგვარი მიდგომის დროს „ჩვენი საქართველოს“ სწავლება   პროექტული სწავლების  ფორმით მიმდინარეობს.

მაგალითი 1 – პროექტი „როგორ იცნობ შენს რეგიონს?“ ZeeMap-ის გამოყენებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

მუშაობის ეტაპები:

  1. მოსწავლეები ირჩევენ ერთ რეგიონს (მაგ: თბილისი)
  2. მასზე აკეთებენ ჩანაწერს (მონიშვნას) ZeeMap-ზე:
    • გეოგრაფიული მახასიათებელი: მდინარე, რელიეფი
    • ისტორიული ძეგლი: ნარიყალას ციხე
    • მოქალაქეობრივი გამოწვევა: ნარჩენების პრობლემა  ქალაქში
  3. პრეზენტაცია – ჯგუფურად ან ინდივიდუალურად  (სიტყვიერად ან ვიზუალურად).

ZeeMap-ის  ეფექტურობა მოცემულ შემთხვევაში:

  • ყველა მოსწავლე მუშაობს ერთ რუკაზე, თუმცა დავალების შესრულების ინდივიდუალურ  გზას ირჩევს: ტექსტით, ფოტოთი ან  ხმოვანი გზავნილით (აუდიოგიდით);
  • მოსწავლე გაიაზრებს თავისი რეგიონის კულტურულ, გეოგრაფიულ და საზოგადოებრივ მახასიათებლებს;
  • აქტიურდება  საგნობრივი ინტეგრაცია და ციფრული წიგნიერების უნარები.

მაგალითი 2 – პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურისთვის:  “ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები  ZeeMap-ის გამოყენებით”

მუშაობის ეტაპები:

  1. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს  ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში;
  2. მოსწავლეები იკვლევენ და შეისწავლიან ინფორმაციას კონკრეტულ ძეგლებზე (მაგალითად, ოშკი, იშხანი, პარხალი, ხანძთა, ბანა, შატბერდი და სხვ.);
  3. შექმნიან ვიზუალურ რუკა-ს  ZeeMap-ზე, სადაც აღნიშნავენ ამ მხარის (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) ეკლესია -მონასტრებს, ციხეებსა და ისტორიულ ადგილებს. ამისთვის:
  • მოსწავლეები რუკაზე ამატებენ თითოეულ ძეგლს როგორც პუნქტს (marker) – შესაბამისი გეოგრაფიული კოორდინატების გამოყენებით;
  • თითოეულ წერტილს ურთავენ ფოტო/ილუსტრაციას, მოკლე აღწერას (ისტორია, არქიტექტურა), საინტერესო ფაქტს ან ნებისმიერ ტექსტურ ინფორმაციას, თუნდაც შეკითხვას;
    1. მოსწავლეები წარადგენენ რუკას – გააკეთებენ პრეზენტაციას კლასში, ან სკოლის მასშტაბით  (პროექტის გეგმის შესაბამისად),    წარადგენენ თავიანთ რუკას, გააზიარებენ ბმულით  და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.

მაგალითი:  მოცემული  პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ შექმნილი  რუკა https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14

ინტერაქტიურ რუკა  ZeeMap  -ზე  მუშაობის შედეგები:

  • ისტორიული აზროვნების განვითარება: მოსწავლე იკვლევს და აანალიზებს კონკრეტულ მოვლენას, მოქმედებს დროსა და სივრცეში;
  • გეოგრაფიული კომპეტენცია: მოსწავლე ორიენტირებს სივრცეში, ახდენს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ლოკალიზაციას;
  • ვითარდება ღირებულებითი განათლების მიმართულებით: იაზრებს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა არ მთავრდება ქვეყნის ფიზიკური საზღვრებით;
  • ციფრული უნარების განვითარება: სწავლობს ციფრულ რესურსზე მუშაობას, ციფრულ რედაქტირებას, ინფორმაციის გადმოცემას ვირტუალურად
  • დიფერენცირებული სწავლების მიმართულებით: მოსწავლე ირჩევს მასზე მორგებულ აქტივობას: ტექსტურს, ვიზუალური, ხმოვანი /აუდიო ფორმით;
  • მუშაობს ინდივიდუალურად, ან წყვილში, ან გუნდურად.

მაგალითი  –   „ოშკის ტაძარი“

  • მოვნიშნოთ ოშკის ტაძრის წერტილი (კოორდინტი) ZeeMap-ზე: ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთი, ართვინის პროვინციაში;
  • დავამატოთ ტაძრის ფოტო – ახლანდელი მდგომარეობა;
  • დავურთოთ ისტორია: აშენდა X საუკუნეში დავით III -ის, ტაოელი ბაგრატიონის მიერ და ა.შ.
  • დავამატოთ ვიდეო-მასალა ან აუდიო/გიდი
  • და ა.შ.

პროექტის შეფასების რუბრიკა მოიცავს პრეზენტაციის, კვლევის, თანამშრომლობისა და ციფრული კომპეტენციის უნარებს.

შეფასების კრიტერიუმი 3 ქულა (უმაღლესი დონე) 2 ქულა (საშუალო დონე) 1 ქულა (საწყისი დონე)
სწორად მონიშნული გეოგრაფიული ობიექტები 5-ზე მეტი ლოკაცია სწორადაა განსაზღვრული და წარმოდგენილი რუკაზე 3-5 ლოკაციაა წარმოდგენილი ძირითადად სწორად 1-2 ლოკაციაა წარმოდგენილი ან გაურკვეველი მდებარეობით
ინფორმაციის სიზუსტე და სიღრმე ტექსტები ინფორმატიულია, მოიცავს ისტორიულ ფაქტებს, თარიღებსა და მახასიათებლებს ტექსტი ზოგადია, მაგრამ ისტორიული შინაარსი ჩანს ტექსტი ზედაპირულია ან შეცდომებით
ვიზუალური და მულტიმედიური ელემენტები გამოყენებულია ფოტოები, ბმულები ან ვიდეოები, რაც აუმჯობესებს პრეზენტაციას გამოყენებულია მხოლოდ ფოტოები ან ლინკები ვიზუალური მასალა საერთოდ არ არის გამოყენებული
მონაწილეობა და თანამშრომლობა ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს; პასუხისმგებლობები გადანაწილებულია მონაწილეებმა იმუშავეს ერთად, მაგრამ უთანასწორო ჩართულობა შეიმჩნევა მუშაობა ძირითადად ინდივიდუალურია ან ჯგუფში იყო პრობლემები
პრეზენტაციის ხარისხი (წარდგენა) გამართული მეტყველება, ლოგიკური სტრუქტურა, კითხვებზე პასუხები წარმოდგენა ზოგადია, პასუხები მოთხოვნის მიხედვით არ იყო მკაფიო, შინაარსი გაუგებარი ან პასუხები არაეფექტური
ციფრული უნარები (ZeeMap-ის გამოყენება) სრულად და ეფექტურად გამოყენებულია ZeeMap-ის ყველა ფუნქცია (მონიშვნა, ტექსტი, ბმული და ფოტო) გამოყენებულია ძირითადი ფუნქციები, ნაწილობრივ – ტექსტი და მონიშვნა გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფუნქცია ან რუკა ძალიან შეზღუდულია

 

ინტერაქტიურ რუკაზე მუშაობით მოსწავლემ  გამოიყენა არატრადიციული მიდგომა,  გაუქტიურდა კრეატიულობა, გახდა უფრო მოტოვორებული, რეფლექსიური  (აღწერს, რა გააკეთა, რატომ, რა ისწავლა პროექტის ფარგლებში) და უფრო წარმატებული სასწავლო პროცესში.

 

 

 

ინგლისური ენა – ენათა კოქტეილი

0

დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ენაა ინგლისური. ის რიგით მეორეა ჩინური მანდარინის ენის შემდეგ. ინგლისური არის სახელმწიფო ენა გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ის მეორე სახელმწიფო ენაა კანადასა და ირლანდიაში. ინგლისური ასევე დიდი ბრიტანეთის ისტორიული კოლონიების – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი და ჰონკონგი – ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური ენაა.

ქვეყანათა უმეტესობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ფლობენ ინგლისურ ენას. ინგლისური ენა დიდი ხანია, კომერციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ენაა.

ინგლისური ენა მიეკუთვნება ინდო-ევროპული ენების ოჯახს. ამიტომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ენათა უმეტესობასთან, რომლებიც გვხვდება ისლანდიიდან დაწყებული, ევროპის ქვეყნებისა და ინდოეთის ჩათვლით. თანამედროვე ინგლისური ენა ყველაზე მეტად ჰგავს ფრიზიულს, რომელზეც  ჰოლანდიის პროვინცია ფრიზიაში საუბრობენ. ისლანდიური ნაკლებად შეიცვალა ათასი წლის განმავლობაში. ეს არის ჯერ კიდევ ცოცხალი ენა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ძველ ინგლისურ ენას.

გერმანული, ლათინური, რუსული, ბერძნული და ფრანგული ის ენებია, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში განიცადეს გრამატიკული, ლექსიკური და ფონეტიკური ცვლილებები.

რაც შეეხება ინგლისურს, ის შედარებით უცვლელი დარჩა. მეტყველების ნაწილები – ზმნიზედა, ზედსართავი სახელი, წინდებული, კავშირი უცვლელია. ისინი ყოველთვის ერთნაირად იწერება, განურჩევლად იმისა, როგორ გამოვიყენებთ მათ სხვადასხვა კონტექსტში. თუმცა, არსებითი სახელი, ნაცვალსახელი და ზმნა ზოგჯერ იცვლის ფორმას. არსებითი სახელების უმეტესობა ინგლისურ ენაში მრავლობით რიცხვს აწარმოებს დაბოლოება -s, -es-ს მეშვეობით. მაგ. Cows, girls, tables, boxes, classes, etc. თუმცა ზოგიერთი არსებითი სახელის შემთხვევაში შეიცვალა მრავლობითი რიცხვის წარმოების გზა. მაგ. Woman-women, man-men, goose-geese, Mouse-mice, tooth- teeth, foot-feet, louse-lice. არსებითი სახელების მცირე ჯგუფი ინგლისურ ენაში მრავლობით რიცხვს აწარმოებს -en დაბოლოების დართვით. ზოგიერთი არსებითი სახელი კი მრავლობით რიცხვში არ იცვლის ფორმას. მაგ. Ox-oxen. Deer, sheep, moose and grouse.

შვიდიდან ხუთ პირის ნაცვალსახელს აქვს განსხვავებული ფორმები როდესაც მათ წინადადებაში ვხვდებით სუბიექტისა და ობიექტის ფუნქციით. ესენია I, me; he, him; she, her; we, us; and they, them. ასევე გვაქვს განსხვავებული ფორმის კუთვნილებითი ნაცვალსახელები – mine, his, hers, ours, theirs.

რაც შეეხება ზმნებს, ცვლილებების მიუხედავად, მათ არ აქვთ ისეთი რთული პარადიგმა, როგორც ლათინურ, ბერძნულ და გერმანულ ენებში. ერთი ზმნა, რომელსაც ინგლისურ ენაში ყველაზე მეტი ფორმა აქვს, გახლავთ to be (be, am, is, are, was, were, been, and being). სუსტ, ანუ წესიერ ზმნებს აქვთ მხოლოდ ოთხი ფორმა. მაგ. talk, talks, talked, and talking. ძლიერ ანუ არაწესიერ ზმნებს – ხუთი; მაგ. sing, sings, sang, sung, and singing. რამდენიმე ზმნას, რომლებიც ბოლოვდება t ან d ასოებზე, აქვთ მხოლოდ სამი ფორმა; მაგ. cut, cuts, cutting. ზმნის პარადიგმის ეს ცვლილებები მკვეთრად განსხვავდება ძველი ინგლისური ენისგან, სადაც ridan, ანუ „ride“-ს ცამეტი ფორმა ჰქონდა, და გერმანული ენისგან, სადაც ზმნას reiten აქვს თექვსმეტი ფორმა.

ინგლისურ ენაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აფიქსაციას, რამაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალა ენა. აფიქსაციის შედეგად წარმოიშვა ახალი სიტყვები. პრეფიქსი სიტყვას დაერთვის თავში. მაგ: way-subway; do-overdo. ზოგიერთი პრეფიქსი უცხოური წარმოშობისაა, მაგ. პრეფიქსი macro or micro: macroeconomics, microbiology. ეს პრეფიქსები ბერძნული წარმოშობისაა.

ყველაზე მეტად გავრცელებული სუფიქსი გახლავთ –er. ეს უკანასკნელი მიუთითებს მოქმედების შემსრულებელზე. მაგ. singer, player, seeker, writer.

ძალიან პოპულარულია ორი სიტყვის შედეგად მიღებული სიტყვებიც, მაგ. cloverleaf, gentleman, dateline.

ინგლისურ ენაში დაახლოებით 750 000 სიტყვაა. აქედან ნახევარი წარმოშობით გერმანიკულია, ხოლო ნახევარი – რომანული (ლათინური წარმოშობის ენები – ფრანგული, ესპანური, იტალიური და თავად ლათინური).

გერმანიკული წარმოშობისაა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – father, mother, brother, man, wife, ground, land, tree, grass, summer, and winter, bring, come, get, hear, meet, see, sit, stand, and think.

ფრანგული წარმოშობისაა სიტყვები: constitution, president, parliament, congress, and representative. ფრანგული ენიდანა ნასესხებია სიტყვები: city, place, village, court, palace, manor, mansion, residence, domicile, cuisine, diner, café, liberty, veracity, carpenter, draper, haberdasher, mason, painter, plumber, and tailor. ბევრი სიტყვა და ფრაზა, რომლებიც ინგლისურ ენაში უკავშირდება მეღვინეობას, ბალეტს, პოლიტიკას, ლიტერატურას, თეატრს და კულინარიას, მომდინარეობს ფრანგული ენიდან.

ზოგიერთი სიტყვა წარმოშობით ესპანურია. მაგ: cigar, armada, guerrilla, matador, mosquito, and tornado. რამდენიმე სიტყვა ამერიკაში ლათინური ამერიკიდან შევიდა, მაგ: canyon, lasso, mustang, pueblo, and rodeo.

ლათინური ენიდან შესული სიტყვები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია. ბევრი სიტყვა შექმნილია ორი სიტყვისგან. მაგ: malnutrition, transfer, circumference, supernatural, submarine, suburb, substantial, contemporary, multilingual, conjunction, compassion, და სხვა მრავალი.

ბერძნული ენიდან ნასესხები სიტყვები დაკავშირებულია მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან; მაგ: ბერძნული წარმოშობის ყველაზე უფრო პოპულარული სიტყვებია: alphabet, geometry, geology, photography, psychology, psychiatry, pathology, biology, philosophy, telephone, logistics, და metamorphosis.

არაბული წარმოშობის სიტყვები ინგლისურ ენაში სხვა ევროპული ენის გზით, უმეტესწილად ესპანურის გავლენით დამკვიდრდა. არაბული ენა ესპანეთში გამოიყენებოდა ისლამური პერიოდის დროს. არაბული წარმოშობისაა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – alcohol, alchemy, algebra, alkali, almanac, arsenal, assassin, cipher, elixir, mosque, naphtha, sugar, syrup, zenith, and zero.

ჩვენამდე მოღწეული, დღევანდელი სალიტერატურო ინგლისური ენა შედეგია ბევრი ლინგვისტური ტრადიციისა, რამაც, ცხადია, საუკუნეების განმავლობაში თავისი კვალი დაატყო ენას.

უძველესი ბრიტანელების ენა გახლდათ კელტური, რომელიც დღევანდელი უელსური ენის სახითაა შემორჩენილი. ამ ენაზე საუბრობს დღეს უელსის მოსახლეობა. როდესაც რომაელებმა დაიპყრეს ინგლისი, გაბატონდა ლათინური ენა. მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც რომაელების ბატონობა შეწყდა, ლათინურმა ენამაც დაკარგა თავისი დომინანტობა და მხოლოდ VI-VII საუკუნეში კუნძულებზე ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ხელახლა დამკვიდრდა ქვეყანაში.

ინგლისური ენის განვითარებას სამ ეტაპად ყოფენ. ეს არის ძველი ინგლისური ენა (ანგლო-საქსური), საშუალო ინგლისური ენა და თანამედროვე ინგლისური ენა. ძველი ინგლისური ენა გამოიყენებოდა ახალი წელთაღრიცხვის 449-1100 წლებში. 449 წელს გერმანული ტომების შემოჭრის შედეგად ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სხვადასხვა ტომმა ენაში თავიანთი ენობრივი თავისებურებები დაამკვიდრეს და შედეგად ჩამოყალიბდა ძველი ინგლისური ენის ოთხი დიალექტი: ნორთუმბრიული, მერსიანული, დასავლეთ საქსონური და კენტური.

1066 წელს ნორმანების შემოჭრის შედეგად გაბატონდა ნორმანების ფრანგული ენა და საბოლოოდ გათანაბრდა ოთხი დიალექტური ინგლისური. კულტურულმა ცენტრმა ნელ-ნელა ლონდონისკენ გადაინაცვლა და ინგლისური ენის გამოყენებაც უფრო გახშირდა. ლათინურმა ენამ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა სტატუსი, როგორც საეკლესიო და სწავლების ენამ.

საშუალო ინგლისური ენა 1100 წლიდან 1450 წლამდე არსებობდა. მას არ განუცდია ისეთი ცვლილებები, როგორიც მისმა წინამორბედმა ენამ განიცადა. სწორედ ამ პერიოდში 1362 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ინგლისური ენა გახდა პარლამენტისა და სასამართლოს ოფიციალური ენა.

მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულ დაიწყო თანამედროვე ინგლისური პროზის განვითარება. ზოგიერთი ლიტერატურული ნაწარმოების დაბეჭდვამ ხელი შეუწყო ენის სტანდარტიზაციას. 1525 წელს დაიბეჭდა უილიამ ტინდელის ახალი აღთქმა. მომდენო 90 წელი გახლდათ აღორძინების პერიოდი ინგლისურ ლიტერატურაში, რამაც კულმინაციას მიაღწია უილიამ შექსპირის ნაწარმოებებში და 1611 წლის ბიბლიის კინგ ჯეიმსისეულ ბეჭდურ ვერსიაში.

ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა, ენის სტანდარტიზაციას ხელი ლექსიკონის შექმნამაც შეუწყო. პირველი მნიშვნელოვანი ლექსიკონი შეადგინა და გამოსცა 1755 წელს სამუელ ჯონსონმა. ენის სტანდარტიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ლინდლი მიურეის მიერ შედგენილმა წიგნებმა English Grammar (1795) and English Spelling Book (1804).

 

საინტერესო ფაქტები ინგლისური ენის შესახებ:

  1. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა (დაახლოებით 1,5 მილიარდი მოლაპარაკე), 350 მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური და უცხოური ენა, რომელსაც დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი შემსწავლელი ჰყავს;
  2. ყოველწლიურად მისი ლექსიკური მარაგი დაახლოებით 4000-მდე სიტყვით მდიდრდება;
  3. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვები ინგლისურ ენაში არის I და you;
  4. ამბობენ, რომ ინგლისური ენა ყველაზე უფრო ბედნიერი ენააო. სიტყვა happy 3-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვა „ sad”;
  5. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ინგლისურ ენაზე საუბრობს;
  6. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ზედსართავი სახელი არის „good”, ხოლო არსებითი სახელი – „time”;
  7. სიტყვას „set” აქვს ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა;
  8. ინტერნეტსივრცეში დაცული ინფორმაციის დაახლოებით 80% ინგლისურ ენაზეა.
  9. ინგლისური არის 67 ქვეყნის ოფიციალური ენა;
  10. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ინგლისური ენის დაახლოებით 24 დიალექტი;
  11. ე.წ. „ბრიტანული აქცენტი“ ლონდონში და მის გარეთ ამერიკის რევოლუციის დროს გავრცელდა;
  12. შექსპირმა გამოიგონა ბევრი სიტყვა ინგლისურ ენაში. მათ შორის: birthplace, blushing, undress, torture და ბევრი სხვა;
  13. პირველი ინგლისური ლექსიკონი 1755 წელს შეიქმნა;
  14. უძველესი ინგლისური სიტყვა, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება გახლავთ „town“.
  15. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული ასო ინგლისურ ენაში გახლავთ „e“;
  16. ასოთ შეთანხმება „ough” შეიძლება წაკითხულ იქნას 10 განსხვავებული ჟღერადობით;
  17. დაახლოებით 30% სიტყვებისა ინგლისურ ენაში მომდინარეობს სხვა ენებიდან;
  18. სიტყვა „run” ინგლისურ ენაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 600-მდე განსხვავებულ კონტექსტში განსხვავებული მნიშვნელობით;
  19. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანმა საშუალოდ 20 000-დან 35 000 სიტყვა იცის;
  20. „Go” ყველაზე პატარა სრული წინადადებაა ინგლისურ ენაში.

ამრიგად, ინგლისური ენა ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ენაა დედამიწაზე. მისი წარმოშობის ისტორია სავსეა პარადოქსებით, დაუჯერებელი ისტორიებით. ის ახლაც განაგრძობს სიცოცხლეს, განვითარებას, მუდმივად ივსება საინტერესო, სხვადასხვა ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულით. ამდენად, თუ გვსურს, ვისაუბროთ ცოცხალ, თანამედროვე ინგლისურ ენაზე, კვალდაკვალ უნდა მივდიოთ მის განვითარებას, გავეცნოთ ენაში დამკვიდრებულ სიახლეებს და გამოვიყენოთ ის პირად პრაქტიკაში.

 

მაია თურქიაშვილი

 

ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“ რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად

0

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში

პრობლემის გადაჭრა გულისხმობს პრობლემის იდენტიფიცირებასა და ანალიზს, პოტენციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და საუკეთესო არჩევანს. გადაწყვეტილებების მიღება, მეორე მხრივ, მოიცავს სხვადასხვა ვარიანტს შორის საუკეთესოს არჩევას.

პრობლემის გადაჭრასა და გადაწყვეტილებების მიღებას შორის ბევრი მსგავსება და მცირე განსხვავებაა. ორივე მოითხოვს ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ პრობლემის გადაჭრა არის პროცესი, ხოლო გადაწყვეტილების მიღება – მოქმედება. პროცესი, როგორც წესი, მოიცავს საკითხის იდენტიფიცირებას, ფაქტებისა და ინფორმაციის შეგროვებას, ძირეული მიზეზების მოძიებას, კითხვების დასმასა და პოტენციური გადაწყვეტილებების შესწავლას. სისტემური მიდგომის მეშვეობით, პრობლემის გადაჭრა, ლოგიკური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, რომელსაც წარმატებულ შედეგებამდე მივყავართ.

რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს პრობლემის გადაჭრის ფაზაში წარმოქმნილ მრავალ გამოსავალს შორის ერთის არჩევას, ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორებიცაა – განსჯა, სიტუაციური კონტექსტი, ცოდნა და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. პრობლემის მკაფიო გაგება რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტის ფაზას ნაკლებად სტრესულსა და მართვადს ხდის.

რაციონალური მეთოდი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომაა, რომელიც მოითხოვს პრობლემის განსაზღვრას, გადაწყვეტილებათა კრიტერიუმების განსაზღვრას, სხვადასხვა ალტერნატივის ჩამონათვალს, თითოეული ალტერნატივის შეფასებას. ასეთი თანმიმდევრული მიდგომა, გადაწყვეტილების მიმღებს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

საბოლოო ჯამში, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას, დამოკიდებულია მათ კულტურაზე, კონვენციებზე, გამოცდილებაზე, განათლებასა და სხვა ფაქტორებზე.

პრობლემის გადაჭრის ეფექტური და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი, აუცილებელია ცხოვრებისეული რთული სიტუაციების დასაძლევად.

ყოველი პრობლემის გადაჭრა უფრო დიდი წარმატებით არის შესაძლებელი, თუ ადამიანს განვითარებული აქვს ლოგიკური და ანალიტიკური უნარები, კრიტიკული აზროვნება.

კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ფაქტების ანალიზის, იდეების ორგანიზების, შეხედულებების დაცვის, შედარების გაკეთების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემის გადაჭრის უნარს. კრიტიკული აზროვნების დროს შესაძლებელია პრობლემის გადაჭრის რამდენიმე სწორი გზის პოვნა და გადაწყვეტილების მიღება. ხოლო ორიგინალური, მანამდე არარსებული პასუხების მიგნება შემოქმედებითი მიდგომით არის შესაძლებელი. პრობლემის გადაჭრის დროს მნიშვნელოვანია ორივე ტიპის აზროვნება. პირველად უნდა მოხდეს პრობლემის გაანალიზება, შემდეგ ვაყალიბებთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტებს, ბოლოს უნდა ვარჩევთ  პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას, ვმოქმედებთ მის შესაბამისად და ვაფასებთ მის ეფექტურობას.

პრობლემის გადაჭრა უკავშირდება აზროვნების განვითარებას. მათემატიკა აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში სწავლობდნენ მათემატიკასა და ფილოსოფიას აზროვნების გავარჯიშების მიზნით.

მათემატიკური აზროვნება არ გულისხმობს მხოლოდ ამოცანების ამოხსნას, განტოლებების გამოყენებისა და გამოცდების ჩაბარების უნარს. მათემატიკური აზროვნება ბევრად მეტია, ვიდრე არითმეტიკული ტესტების, გეომეტრიისა და ტრიგონომეტრიის, თუ ალგებრის ცოდნა. ის გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, სწორად შეაფასოს ცხოვრებისეული გამოწვევები და ნაკლები შეცდომები დაუშვას გადაწყვეტილებების მიღების დროს. მათემატიკური აზროვნება აფართოებს ფიქრის არეალს, წარმოსახვის უნარს და აყალიბებს პიროვნებას, რომელიც მზად არის ჰიპერკონკურენტულ გარემოში მუშაობისთვის.

XI კლასი

ინტეგრირებული გაკვეთილი

თემა – რაციონალური გადაწყვეტილება

მათემატიკა: გამოიყენეთ სხვადასხვა ხერხი და დაასაბუთეთ, რომ ტრაპეციის ფერდების შემცველი წრფეების გადაკვეთის წერტილი და ფუძეების შუა წერტილი ერთ წრფეს ეკუთვნის (https://9bklasi52.blogspot.com).

რამდენიმე ხერხით დებულების დასაბუთება მოსწავლეებმა წინა კლასებიდან იციან. თუმცა, ამჯერად თემის – „ვექტორების გამოყენება გეომეტრიულ ამოცანებში“ – შესწავლის დროს, კიდევ ერთხელ გადავწყვიტე მისი ყველა მეთოდით, მათ შორის ვექტორების გამოყენებით დამტკიცება. ბოლოს დავსვი კითხვა – რომელია, თქვენი აზრით, რაციონალური გზა პრობლემის გადასაწყვეტად?

გაიმართა დისკუსია. იყო სხვადასხვა არგუმენტირებული მოსაზრება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მათ მიერ პრობლემის მოგვარების გზების შეფასება და მათ შორის არჩევანის გაკეთება, მისი უპირატესობის დასაბუთებით.

სამოქალაქო განათლება (სიტუაციური ამოცანა):

გოგა თქვენი თანატოლია. ის მე-11 კლასის მოსწავლეა. აქტიური, მეგობრული ახალგაზრდაა. ჩართულია სკოლის აქტივობებში. ხშირად ესწრება ტრენინგებს და საჯარო გამოსვლებს. აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება.

გოგას ძალიან უყვარს ხეზე კვეთა და სადურგლო სამუშაოები. ფიქრობს, რომ სიამოვნებას მიიღებს, თუ გახდება ავეჯის ან ინტერიერის დიზაინერი.

მის წინაშე გადაწყვეტილების მიღების რთული პროცესია.

მისი მეგობრების უმრავლესობა პროგრამისტობას აპირებს, მაღალი ანაზღაურებისა და შრომით ბაზარზე მოთხოვნის გათვალისწინებით. მისი მშობლები ექიმები არიან და ძალიან სურთ, გოგაც მათ გზას გაჰყვეს. სადაც მეტს გადამიხდიან, იმ პროფესიაში წავალ! – ამბობს გოგა.

განიხილეთ გოგას დილემა ექვსი სხვადასხვა მომართულებით, გააანალიზეთ და დაეხმარეთ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში.

პრობლემა – გოგა სოციუმის გავლენის ქვეშაა. ადამიანებს არ უხდიან ხელფასს მათი დიპლომის ან პროფესიის მიხედვით, უხდიან მათი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მიხედვით. პროგრამისტი, რომელსაც არ უყვარს თავისი საქმე, არ სწავლობს, არ ეძებს პრობლემის მოგვარების გზებს, არც დამსაქმებლებს აინტერესებთ.

ლურჯი ქუდი – შეხვედრის ხელმძღვანელი.

ლურჯი ქუდის წარმომადგენელმა, მოკლედ გააცნო ჯგუფს ქუდების კონცეფცია და ძირითადი პრობლემის მონახაზი; ამ ქუდის მფლობელი აკვირდებოდა მთლიან პროცესს, აგროვებდა ინფორმაციას და იღებდა გადაწყვეტილებას.

 

თეთრი ქუდი – გოგას მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ყველა საგანს კარგად სწავლობს. არის ნიჭიერი და შრომისმოყვარეც. იზრდება ექიმების ოჯახში. შესაძლებელია, გააგრძელოს ტრადიცია. არის ხელოვანი, შემოქმედი ადამიანი. ძალიან უყვარს მეგობრები, რადგან მათ აზრს პატივს სცემს. თუმცა, არ ჩანს მისი სხვა პიროვნული თვისებები და ინტერესები (თეთრი ფერის ქუდი მიუკერძოებელი და ობიექტურია. ის ცივი გონებით ცდილობს ინფორმაციის მოწოდებას).

შავი ქუდი – გოგა არასწორ არჩევანს აკეთებს. გარშემომყოფების გავლენის ქვეშაა. ასრულებს სოციუმის დაკვეთას. არის მოდას აყოლილი. მისი ინტერესების სფეროა ხელოვნება. მას მოსწონს ხეზე კვეთა, ოცნებობს დიზაინერობაზე. გარკვეული დროის მერე, აუცილებლად მიხვდება საკუთარ შეცდომას და ძალიან ინანებს. მას მიზნის განხორციელებაში გარშემომყოფების შეხედულებები უშლის ხელს, რომელთაგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს (ეს ქუდი მიგვითითებს რისკებზე, გამოხატავს წუხილს, შეშფოთებას, კრიტიკას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნეგატიურ განწყობას).

ყვითელი ქუდი – კარგს იზამს, თუ გახდება პროგრამისტი. ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა შრომით ბაზარზე. შესაძლებელია რომელიმე დიდი საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს მისი შესაძლებლობებით, ანაზღაურება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა პროფესიებში. გოგა დიდ წარმატებას მიაღწევს და დაავიწყდება ბავშვობის დროინდელი ოცნება (ყვითელი ქუდის მატარებელი ოპტიმისტია. ეს ქუდი ოპონირებას უწევს შავ ქუდს).

 

მწვანე ქუდი პროგრამისტიც რომ გახდეს, მას ეს ხელს არ უშლის, შეისწავლოს ავეჯის ან ინტერიერის დიზაინი. პირიქით, პროგრამისტობა დაეხმარება, რომ ვირტუალურ სივრცეში, ჯერ ნებისმიერი პროექტის ან ჩანაფიქრის სიმულაცია შექმნას, ასე შეიძლება შედევრებიც კი მიიღოს (არავითარი კრიტიკა, რაც შეიძლება მეტი ახალი იდეა, განხორციელებადი თუ განუხორციელებელიც კი).

 

წითელი ქუდი ძალიან მეცოდება გოგა. საკუთარი თავი წარმოვიდგინე. მეც დავიბნეოდი, შეიძლება დროთა განმავლობაში გაერკვეს სიტუაციაში და გაბრაზდეს მეგობრებზე, მშობლებზე. ახლა მას სწორი რჩევა და თანადგომა სჭირდება (ეს ქუდი არაფერს ასაბუთებს, ემოციურ მხარეზე აკეთებს აქცენტს).

 

ჯგუფებმა უარი განაცხადეს ქუდების შეცვლაზე, რომელიც მოდერატორმა შესთავაზა. მისი დამსახურებით, საბოლოოდ ჯგუფები მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ გოგამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებისა და უნარების შესაბამისად. გაიაროს კონსულტაცია კვალიფიციურ ადამიანებთან, პროფესიულ კონსულტანტებთან.

 

„აზროვნების ექვსი ქუდი“ სიძნელეების გადალახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდია. პრინციპი არის პარალელური აზროვნება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა მონაწილე, ერთდროულად ერთსა და იმავე თემაზე არის ორიენტირებული, რაც მონაწილეებს, პრობლემის მოგვარებისა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს, ამავე დროს ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას.

ხშირად ადამიანები მიიჩნევენ, რომ პრობლემა თავისით გაქრება ან დიდი გადაწყვეტილება სხვისი პასუხისმგებლობაა. გადაწყვეტილებებს შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი  შედეგები. ამიტომ მისი მიღების უნარი აუცილებელია პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ს.გორგოძე, მ.ბოჭორიშვილი, ნ.ჭიაბრიშვილი, ქ.ჭიაბრიშვილი, გ.გახელაძე „ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2010 წელი;
  2. თეიმურაზ ორმოცაძე, „მათემატიკური აზროვნების განვითარების მეთოდიკა“;
  3. https://mastsavlebeli.ge/?p=13491;
  4. https://www.youtube.com/playlist?list=PLtIX-OhzWn3Fa9-ddRyT9IaCfi3jCH73F;
  5. https://vet.ge/api/files/educational_resources/6425359517beaa001cf4ee07.

 

 

პირველი სქელტანიანი წიგნი

0

ჩემმა 6 წლის გოგომ წერა-კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. მის ცნობისმოყვარეობასა და ძალისხმევაზე დაკვირვება ძალიან მსიამოვნებს. მასწავლებლის შვილების ყოველდღიური გარემო სავსეა წიგნებით, კალმებით, დღიურებით, ფერადი ფანქრებით, ერთი სიტყვით, მრავალგვარი საწერი საშუალებებითა და ფურცლებით. ლილეს წერა-კითხვისადმი ინტერესის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი მისი გარემოა, თუმცა არა – ერთადერთი. ხმამაღალი კითხვის ყოველდღიურ რუტინად ქცევა, წვრილი მოტორიკის განსავითარებლად ხატვა, ძერწვა, ცომთან ურთიერთობა, წიგნიერი გარემო – ყოველივე ეს ეხმარება ბავშვს, რომ წერისა და კითხვის საწყისი ეტაპი სასიამოვნო და აღმოჩენებით სავსე იყოს.

ძალიან საჭიროდ მიმაჩნია პროფესიული თუ მშობლური გამოცდილების გაზიარება, რათა ბევრ მშობელს მიაწვდინოთ ხმა და დავარწმუნოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დროის ნაყოფიერად გატარება მათი შემდგომი აკადემიური წარმატებისთვის. ამ სტატიაში კი გიზიარებთ ერთ საინტერესო აქტივობას –  ბავშვისთვის პირველი სქელტანიანი წიგნის  შერჩევისა და კითხვის სტრატეგიების შესახებ.

პირველ რიგში დავიწყებ იმაზე ყურადღების გამახვილებით, რომ სკოლამდე საგანგებოდ წერა-კითხვის სწავლება არ მგონია გამართლებული. არსებობს საფრთხე, რომ შეიძლება, ბავშვმა ინტერესი დაკარგოს სკოლაში ანბანის შესწავლისას.  თუკი ნაადრევი ასაკიდან ვიდრე სკოლის ასაკამდე (და შემდეგაც) სწორად წარვმართავთ ბავშვის განვითარებას, წერა-კითხვისადმი ინტერესი თავად გაუღვივდებათ. პროცესში თანამონაწილეობა – ამგვარი ჩართულობა დაუვიწყარი იქნება ბავშვისთვისაც და აღმზრდელისთვისაც.

ახლა ზაფხულია. ლილე სექტემბერში პირველ კლასში მიდის. როგორც უკვე აღვნიშნე, მან დამოუკიდებლად ისწავლა წერა-კითხვა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაწაფულად კითხულობს და გამართულად წერს. საბავშვო ლექსების კრებულები, ხალხური ზღაპრები, მოთხრობები 6 წლამდე ლილეს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. როგორც კი დავინახე, თუ როგორ სურდა ანბანის სწავლა და დამოუკიდებლად კითხვასაც შეეჭიდა, მაშინვე გადავწყვიტე, მისთვის პირველი სქელტანიანი წიგნი შემერჩია და ხმამაღლა წამეკითხა.

ერთმა 12 წლის მოსწავლემ მითხრა, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ ჩემი პირველი წიგნია და ისე მომეწონა, რომ დასრულება არ მინდოდაო. ნიკას გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩემი გოგოსთვისაც ასტრიდ ლინდგრენის რომანი შევარჩიე. 4 წლის ლოტას სახალისო ამბები, ოჯახში სამი დედმამიშვილი, პატარა გოგოს სიჯიუტე – საინტერესო აღმოჩნდა ლილესთვისაც.

წიგნი საჩუქრად ლილეს მეგობარს დაბადების დღის საჩუქრად შევუძინე და წიგნის მაღაზიაში მომაფქრდა, რომ მისთვისაც მეყიდა. ამ ფაქტმა, რომ მეგობარსაც იგივე წიგნი ექნებოდა, წაკითხვის სურვილი გაუღვიძა.

კითხვის დაწყებამდე ვთხოვე, დაკვირვებოდა ყდას და ვარაუდი გამოეთქვა, რის შესახებ შეიძლება ყოფილიყო წიგნი. ასე დავიწყეთ პირველი სქელტანიანი საბვშვო წიგნის კითხვა.

მოიმარჯვეთ ფერადი კალამი ან ფანქარი

მარკირებული კითხვა გულისხმობს კითხვისას ფოკუსირებას მნიშვნელოვან დეტალებზე, ახალ სიტყვებზე. სწორედ ამიტომ ჩვევად ქცეული ფანქართან ერთად კითხვა ბავშვს ასწავლის მთავრი და არამთავარი საკითხების გარჩევას, პირადი დამოკიდებულების გამოხატვას, დაეხმარება ყურადღების კონცეტრაციის განვითარებასა და ლექსიკური მარაგის დაგროვებაში.

კითხვის რუტინა

ჩვენ დღეში ერთ თავს ვკითხულობთ. როგორც კი დროს ვიხელთებთ, ვსხდებით მყუდროდ და ხმამაღლა ვუკითხავ. დროდარო ვჩერდები და გამოვხატავ ჩემს ემოციებს (მაგალითად, რა სასაცილო ეპიზოდია ან როგორი ლამაზი სიტყვაა და ა.შ.). ამგვარად ბავშვს ვუბიძგებ, რომ კითხვისას მანაც შეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება. ვცდილობ, კითხვისას თავადაც გავიხარო. ზოგჯერ როცა დაღლილი ვარ, თავად მატყობს და კითხვას ვწყვეტ. ხმამაღლა კითხვას დიდი ენერგია და ხალისიანი განწყობა სჭირდება. როცა თავად გსიამოვნებს ხმამაღალი კითხვა, ამას ბავშვივ გრძნობს და კითხვისადმი დადებითი განწყობა ეუფლება.

ხაზგასმული სიტყვები

თავდაპირველად მე ვარჩევდი სიტყებს გასახაზად. შემდეგ თავადაც ამყვა და იმდენად გაიტაცა ამ პროცესმა, კითხვის ხშირი შეწყვეტაც კი მიწევდა მისი შერჩეული სიტყვების გასახაზად. უდიდესი სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან ურთიერთობისას. საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ ხშირად გაჩერება მომაბეზრებელი იყო ჩემთვის. ერთხელ ვუთხარი კიდეც, რომ ბოლოს გავხაზოთ ყველა მოწონებული სიტყვა-მეთქი. ჩემი დაკვირვებით, ბავშვს ბოლომდე უნდა აჰყვე თამაშში, ურთიერთობის სიხარული რომ არ გაფერმკრთალდეს და მუხტი რომ არ განელდეს. ამიტომ ახლა მეტი მოთმინებით ვჩერდები და ველოდები თავად როდის გახაზავს მოწონებულ სიტყვას, წინადადებას და ზოგჯერ მთელ აბზაცსაც კი.

ცივა-ცხელა

როგორც წესი, კითხვა შემოქმედებითი იდეების მთავარი წყაროა. ხაზგასმული სიტყვების მიხედვით „ცივა-ცხელას“ თამაშის იდეაც კითხვისას დამებადა. ერთი თავის წაკითხვის შემდეგ თაბახის პატარა ფურცლებზე ფერადი ფლომასტერებით ვწერ სიტყვებს, შემდეგ კი სასეირნოდ წასულები რიგრიგობით ვმალავთ ბარათს და მინიშნებებით ვეძებთ. თან გვყავს წლისა და სამი თვის ბიჭიც. თან მას ვაქცევთ ყურადღებას, თან ვთამაშობთ და დროს ძალიან სასიამოვნოდ ვატარებთ. სიტყვებს ვმალავთ ხეებზე, ბუჩქებში, ტოტებისა და ქვების ქვეშ – სკვერში, ტყეში, სახლში. იმდენად გატააცებით ვთამაშობთ, ხშირად ოჯახის წევრებიც აგვიყოლიებია.

დახატული სიტყვები

ბარათებზე დაწერილი სიტყვების მიხედვით ლილეს შევთავაზე ცალკე ბარათებზე ნატახების დახატვა. მან კი ინსტრუქცია შეცვალა: თაბახის ფურცელი ბარათების მიხედვით დაყო და თითოეულ გრაფაში ჩახატა თითო სიტყვა, შემდეგ კი კითხულობდა ბარათზე დაწერილ სიტყვას, მაგალითად, გემი, თავის ნახატებში ეძებდა დახატულ გემს და სიტყვიან ბარათს ზედ ადებდა. ეზოშიც ჰქონდა ჩატანილი ნახატები და მეგობრებთან ერთად თამაშობდა.

ამგვარად, ხმამაღალი კითხვა იქცა ერთად ყოფნის საშუალებად, დროს ნაყოფიერად ვატარებთ, ვიცინით, ვაკვირდებით ილუსტრაციებს, ვხაზავთ სიტყვებს, რომლებსაც შემდეგ თამაშად ვაქცევთ და პირველ სქელტანიან წიგნთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს ვაგროვებთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ კითხვისას მოულოდნელად თავად გამოხატა დამოუკიდებლად წაკითხვის სურვილი და რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი წინადადება წაიკითხა. იქვე, არშიაზე, მივაწერე, რომ ეს წინადადება ლილემ დამოუკიდებლად წაიკითხა-მეთქი.

შვილთან ერთად ხმამაღალი კითხვისას მრავალი იდეა მაფიქრდება:

  • ჩრდილების თეატრისა და თოჯინების თეატრის გამართვა;
  • ახალი სიტყვების მიხედვით სახალისო წინადადებების მოფიქრება;
  • პერსონაჟების მიბაძვით, პიკნიკის მოწყობა;
  • საკუთარ და-ძმაზე ამბების მოყოლა (წიგნში მთხრობელი ლოტას და, მია-მაიაა);
  • სოფელში ლიტერატურულ კაფეს ვმართავთ ხოლმე და შეიძლება „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ აღმოჩნდეს ლილეს პირველი წიგნი, რომლის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებს.

ვფიქრობ, თამაშ-თამაშით წიგნის წაკითხვა ზაფხულის არდადეგებზე საუკეთესო საჩუქარია სკოლაში შემსვლელი ბავშვებისთვის. ამ სტატიის წერისას ვფიქრობ მომავალ მკითხველებზე – ნეტავ, რას უკითხავენ ბავშვებს ან რომელ წიგნს შეარჩევენ-მეთქი. ბავშვებთან ერთად გახაზული სიტყვებიც ძალიან მაინტერესებს.

 

გრავიტაცია და ,,მერანი“ – ფიზიკა პოეზიაში

0

,,იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“

ახალი აღთქმა

მათეს სახარება  5.48

ტრანსდისციპლინური სწავლება გულისხმობს საგნობრივი ცოდნისა და სხვადასხვა დისციპლინის კონცეპტუალური ხედვების შერწყმას. უზრუნველყოფს ადამიანის ინტეგრალურ განათლებას. ხელს უწყობს კრიტიკულად მოაზროვნე და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებადი პიროვნების ჩამოყალიბებას. ასეთი მიდგომა ინდივიდს ამზადებს  რეალური სამყაროს რთული გამოწვევებისთვის.

ტრანსდისციპლინური სწავლება შეიძლება აერთიანებდეს ლიტერატურას, ხელოვნებას, საბუნებისმეტყველო, სოციალურ მეცნიერებებს და ამ საგნებს მიღმა არსებულ რეალობას. მისი მიზანია, ისეთი სასწავლო პრობლემების იდენტიფიცირება და გაანალიზება, რომლებიც სცდება ერთ დისციპლინას. გულისხმობს  კონკრეტული საკითხის აბსტრაქტულ აზროვნებასთან ინტეგრირებას და მისი  ახალი ფორმის ცოდნად გარდაქმნის მცდელობას.

ტრანსდისციპლინური მიდგომა ხელს უწყობს  კომპლექსური ცოდნის მიღებას  და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. სწავლებისას ინტეგრირდება როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული ასპექტები. სხვადასხვა საგნობრივი გამოცდილება განიცდის სინთეზს და იღებს ახალ, ინოვაციურ ფორმას. ტრადიციული საგნობრივი საზღვრების რღვევით, მოსწავლეები იძენენ ინტეგრირებული ხედვის უნარებს. ტრანსდისციპლინური სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ საგანთა პარალელური დასწავლით, არამედ ქმნის ახალ ინტელექტუალურ ჩარჩოებს.

 ტრანსდისციპლინური სწავლება ეფუძნება ჰოლისტურ განათლებას. ამ ტიპის სწავლება გულისხმობს სასწავლო-სამეცნიერო მეთოდების დაუფლებას, კრიტიკულ აზროვნებას და სანდო წყაროების ამოცნობას. წარმოადგენს  გზას საგნობრივ ცოდნასა და პიროვნულ უნარებს შორის; განაპირობებს ღიაობას, მოქნილობას და შემოქმედებითობას;  ეხმარება ინდივიდს მრავალფეროვანი პროფესიული უნარების შეძენაში; ხელს უწყობს ახალგაზრდის  საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებას. საგანმანათლებლო პროცესი სცდება მხოლოდ მზა ინფორმაციის მიღების ფორმებს და ემყარება ცხოვრებისეულ, ღირებულებით განპირობებულ სწავლებას.

ფიზიკისა და ლიტერატურის, განსაკუთრებით კი ლირიკის  ტრანსდისციპლინური სწავლება შესაძლებელს გახდის, მოზარდმა სამყარო აღიქვას რეალურად და ამასათანავე ემოციური, ინტელექტუალური მთლიანობით. ფიზიკა შეისწავლის მატერიას,  ენერგიას და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ლირიკა კი  მატერიალური სამყაროს სიღრმეებს მგრძნობიარე და სიმბოლური თვალით ხედავს – ისინი თითქოს ერთი და იმავე რეალობის ორი პოლუსს წარმოადგენენ.

ტრანსდისციპლინური მიდგომით  სწავლება მოზარდში  ხელს შეუწყობს კრიტიკული და კრეატიული აზროვნების  ჩამოყალიბებას, ზუსტი მეცნიერებების, ლიტერატურის და  ხელოვნების საზღვრების რღვევას, რაც უპირობოდ აუცილებელია 21-ე საუკუნის განათლებისთვის. ფიზიკასა და ლირიკას შორის ხიდის გადება გააუმჯობესებს მეტაკოგნიტურ უნარებს, გააძლიერებს თემატურ შინაარსს და ჩამოაყალიბებს მრავალწახნაგოვან ცოდნას, რომელიც მოსწავლეებს მომავლის გაურკვეველ გამოწვევებთან გამკლავების უნარს შესძენს.

მრავალი ადამიანის წარმოდგენით, ფიზიკა მშრალი საგანია და  მხოლოდ  ფორმულების მექანიკურ დამახსოვრებასა და ამოცანების ამოხსნას  უკავშირდება. ამგვარი შეხედულება ზღუდავს ამ დისციპლინის რეალურ ღირებულებას. ფიზიკა გაცილებით მეტია, ვიდრე მოვლენების მათემატიკური ფორმულებით დაზუსტება – ის კვლევებისა და აღმოჩენების მეცნიერებაა, რომელიც სამყაროს არსზე პასუხების პოვნაში  გვეხმარება.  ფიზიკური კანონზომიერებების   ფორმულებით ჩაწერა   საშუალებაა, მათემატიკური სიზუსტით ჩამოვაყალიბოთ და გავიაზროთ ბუნების ის პროცესები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას მართავენ. ბუნებისმეტყველების სწავლება არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებზე, არამედ იმაზეც უნდა იყოს ორიენტირებული, თუ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, როგორ ურთიერთქმედებს ყველაფერი ერთმანეთთან და რა პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში   ჰომო საპიენსს- ადამიანს. ასეთი მიდგომებით უნდა გაამთლიანოს მოსწავლემ მეცნიერულად დასაბუთებული თეორიები და რეალობა, რაც ცოდნას   ცოცხალ გამოცდილებად  გადააქცევს.

სამყაროში არსებული ყველა ობიექტი, იქნება ეს ადამიანი, პლანეტა თუ ვარსკვლავი,  შედგება მატერიისგან. მატერია განიმარტება როგორც ნებისმიერი სუბსტანცია, რომელსაც გააჩნია მასა და იკავებს სივრცეს.  ფიზიკოსთა დაკვირვებით, სამყაროში არსებობს ისეთი იდუმალი ფორმები, როგორიცაა ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, რომელთა ზუსტ ბუნებაზე მეცნიერება ჯერ კიდევ მუშაობს.

 ფიზიკაში მატერიის გაგება ხდება ორი  ფორმით –  ნივთიერება და  ველი. ნივთიერება წარმოადგენს ლოკალიზებულ ობიექტებს, მაგალითად, ატომებსა და მოლეკულებს, ხოლო  ველები, როგორიცაა გრავიტაციული ან ელექტრომაგნიტური, აღწერენ ურთიერთქმედებებს მათ შორის. გრავიტაცია სწორედ ასეთი ველია – მას არ გააჩნია ფიზიკური ფორმა, თუმცა მისი მოქმედება საგნების ადგილმდებარეობის ცვლილებაზე აშკარაა და  შესამჩნევი.

ნივთიერება არის არსებული „საგანი“, ხოლო ველი არის ამ საგნებს შორის „ურთიერთქმედების“ შესაძლებლობა. მარტივი ანალოგიაა ბურთის (ნივთიერების) და მის მიერ დედამიწის მხრიდან ,,განცდილი“ გრავიტაციული ველის (ველის) ურთიერთქმედება. ბურთი არსებობს და გრავიტაცია, თუმცა ფიზიკური ობიექტი არ არის, გავლენას ახდენს ბურთის  მოძრაობაზე.

გრავიტაციული ურთიერთქმედებით ობიექტები ერთმანეთს იზიდავენ. გრავიტაცია განაპირობებს, რომ ადამიანები მიწაზე ვდგავართ, პლანეტები კი ორბიტებზე მოძრაობენ. რაც მეტია ობიექტის მასა, მით ძლიერია მისი გრავიტაციული ზემოქმედება. გრავიტაცია მოქმედებს არა მხოლოდ მასის მქონე სხეულებზე, არამედ სინათლეზეც, რაც დასაბუთდა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით                    (გრავიტაციული ლინზირება). თუ ფანარს ზემოთ მიმართავთ, გრავიტაციის  გავლენით სინათლე უფრო წითელი გახდება, რაც ადასტურებს სინათლის სწორხაზოვნებიდან გადახრას. ეს ცვლილება თვალისთვის უხილავია, მაგრამ მეცნიერებს შეუძლიათ მისი გაზომვა. შავი ხვრელები ამ ძალის უკიდურეს გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს – მათი გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

გრავიტაცია აკავშირებს სამყაროს მთლიან სტრუქტურას. ის განსაზღვრავს პლანეტების მოძრაობას,  სიცოცხლის პირობებს დედამიწაზე, ოკეანეების  მიქცევასა და მოქცევას. ნივთიერ ობიექტთა შორის  გრავიტაციული ურთიერთქმედება ადასტურებს არამატერიალური ფიზიკური ველის რეალურობას.

გრავიტაცია სიმბოლურად  შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანების ერთმანეთთან დამაკავშირებელ  ,,ძალად“. ის მსგავსია სიყვარულისა და ემოციური მიჯაჭვულობის,  იმ შინაგანი მიზიდულობის,  რაც იწვევს ადამიანებში ურთიერთგაგებისა და სიღრმისეული კავშირის  განცდას. ,,სიყვარულის გრავიტაცია“ უხილავია, მაგრამ მოქმედებს ისეთივე შეუქცევად და მძლავრად, როგორც  მატერიალური სამყაროს  გრავიტაციული ველი. ამგვარი მეტაფორა საშუალებას გვაძლევს, ფიზიკური და სულიერი გამოცდილებები  განვიხილოთ ერთიან სემიოტიკურ კონტექსტში.

გრავიტაცია, ასევე, შეიძლება აღქმულ იქნას როგორც ის შინაგანი იმპულსი, რომელიც ადამიანებს მიმართავს მიუწვდომელისკენ, უღვივებს სრულყოფილებისკენ სწრაფვის სურვილს. ასეთ მიზიდულობას ადამიანი მატერიალურობაზე მაღლა აჰყავს და სულიერ სამყაროსთან აახლოებს. ზეციურისკენ სწრაფვა კი გულისხმობს არა მარტო სურვილს, არამედ შიგნიდან მომდინარე ლტოლვას, იმ ჰარმონიისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას, რომელსაც ყოველი სულიერი  შინაგანად ეძებს.

 ადამიანის სიცოცხლე ორი ზეგავლენით წარიმართება –  ფიზიკური და სულიერი  მიზიდულობით. ბიოლოგიური ყოფიერების საფუძველია გრავიტაცია, დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომელიც სხეულს აკავებს მატერიალურ სამყაროში.  პარალელურად, ადამიანის თანდაყოლილი  კავშირი ზეცასთან- სულიერი მიზიდულობა, რომლისკენაც  ისწრაფვის მისი გონება, განცდა და ემოციები. ეს მიზიდულობა წარმოადგენს ამოუცნობის შეცნობის სურვილს, ჭეშმარიტების ძიებას,  ანუ იმ ღირებულებებისკენ სწრაფვას, რაც სცილდება სხეულს და მიწიერ აზროვნებას, აბსტრაქტულ ფიქრებს და რწმენას უკავშირდება. ალბათ ყველას განუცდია ვარსკვლავებით  მოჭედილი ცის ცქერით მიღებული ტკბობა…  ამოუცნობისკენ ლტოლვა… თითქოს ,,მოკავშირეებს“ იქ, სადღაც ზეცაში ვეძებთ…

ადამიანის ბუნება ორგვარიამიწიერი და ზეციური.  ფიზიკა იკვლევს ობიექტის  კანონზომიერებებს,  ლიტერატურა კი  აღწერს, აანალიზებს გონების სულიერ მდგომარეობას და აზროვნების ტრანსფორმაციას. ერთიან ჭრილში, ტრანსდისციპლინური ხედვით მათი სწავლება დაეხმარება ინდივიდს, სრულად აღიქვას სამყაროში თავისი როლი და ადგილი. სწავლების მსგავსი ფორმატი შესაძლებელს  გახდის მოზარდისთვის სამყაროს როგორც ფიზიკური, ისე  სულიერი ბუნების ინტეგრირებულად გააზრებას.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ტრანსდისციპლინური მიდგომის  საინტერესო  ილუსტრაციას-  ფიზიკა  პოეზიაში,  კერძოდ,  გრავიტაცია და  „მერანი“. ვფიქრობ, ფიზიკასთან კავშირში,  ამგვარი ტექსტების ანალიზი, ხელს შეუწყობს  ცოდნის კომპლექსურ და სიღრმისეულ გააზრებას და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკაში ინოვაციური მეცნიერულ-ფილოსოფიური თვალსაზრისის ჩამოყალიბებას.

გრავიტაცია პოეზიაში შეიძლება განვიხილოთ მეტაფორად, შინაგანი დაბრკოლებებისა და ადამიანური ,,სიმძიმის“ სიმბოლოდ. „მერანში“ გრავიტაცია გვესახება ძალად, რომელსაც პოეტის გმირი  უსასრულობისკენ სულიერი სწრაფვით ეწინააღმდეგება. ეს სტატია სწორედ ამ კავშირის ძიებაა – როგორ შეიძლება ფიზიკა გახდეს პოეზიის ნაწილი და პირიქით.

  გრავიტაცია წარმოადგენს სამყაროს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ურთიეთქმედებას, რომელიც განაპიროებს ობიექტის სტრუქტურას, ინარჩუნებს პლანეტებს ორბიტებზე და იძლევა სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. ამ ფიზიკური ახსნის მიღმა,   ფილოსოფიური თვალთახედვით, გრავიტაციის აღქმა შესაძლებელია მეტაფორულად და სემიოტიკურ სიმბოლოდ, როგორც ადამიანის სულის, უზენაესისკენ მისწრაფებების გამოხატულება.

  პოეზიაში გრავიტაცია  სემიოტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს სიმბოლურ კოდს.  მისი „მიზიდულობა“ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც შინაგანი, ფსიქოლოგიური ძალა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მიერ არსებული რეალობიდან გაქცევის სურვილს, სულიერი თავისუფლებასა და ზეციური სრულყოფილებისკენ სწრაფვას.

ფილოსოფიურ ჭრილში გრავიტაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც  სამყაროს მთლიანობის პრინციპი, რომელიც არა მხოლოდ მატერიალურ სხეულებს აკავშირებს სივრცეში, არამედ მოიცავს სრულყოფილებას,  სადაც მიწიერი და ზეციური, ფიზიკური და სულიერი არ არის განცალკევებული.  სწორედ  აქ  ჩნდება  ,,უზენაესის“  იდეა,  რომელიც აღემატება ფიზიკის კანონებს და წარმოადგენს კაცობრიობის ღრმა სულიერი ძიების საგანს.   ამ კონცეფციით,  უზენაესი არის სამყაროს ცენტრი, საწყისი და საბოლოო მიზანი –  „ანი“ და „ჰოე“, რომელსაც ემსახურება სხეულის და სულის ყოველი იმპულსი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი“, ასახავს ადამიანის ზეციური მისწრაფებების, ამოუცნობის შეცნობისა და პიროვნული თავისუფლების იდეას. „მერანი“  თავისი სულიერი ენერგიითა და ფილოსოფიური სიმაღლით გადასცდა სიტყვიერ მხატვრულობას და უახლოვდება იმ შემეცნებას, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ჯერ მხოლოდ შეეხო:  სადაც ებმის სხეული და სული, მიწიერი და ზეციური, რა არის ადამიანი სივრცესა და დროს შორის, მატერიასა და აზრს შორის.

  რა  არის  მერანი და რატომ ან საით  მიაფრენს მის მხედარსუგზოუკვლოდ“?  ყველა ადამიანშია   მერნის სიმბოლური სახე და  მსგავსი სწრაფვა,  ეს ზეციური, მაგრამ უმისამართო სწრაფვა  არც დასრულდება, სანამ სულიერი მთავარ ჭეშმარიტებას არ შეიტყობს.  სამყაროს  შემქმნელი  მუდმივად  ,,იხმობს“  მის შექმნილს და მოუწოდებს თავისკენ.  ეს არის სწორედ  სიცოცხლის  მიზანი.  ამ დროს უზენაესის და კაცის თავისუფალი ნება ერთდება და ყალიბდება მისტიკური ჰარმონია. სამყაროს სწრაფვა მისი შემქმნელისკენ არის ჭეშმარიტების და სრულყოფილების გზა.

  „მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ…“ – ადამიანის გზა არც მხოლოდ დროა და არც  მხოლოდ სივრცე. ის დრო-სივრცეა, რომელში სრბოლისას კაცმა უნდა დაძლიოს თავისი შემოსაზღვრულობა დროით  და სივრცით.  მომდევნო წამისკენ  სწრაფვა გულისხმობს სრულყოფილების ძიების დაუოკებელ სურვილს.  ის, ვინც ადამიანს მერანს უგზავნის სულში, ყოველთვის უჩვენებს მართებულ გზას, ოღონდ უტოვებს არჩევნის  თავისუფლებას.

მერნის ჭენებას „არ აქვს სამძღვარი“ – ამ გზაზე არ არსებობს სხვა არჩევანი – ის ერთადერთი გზაა და მასთან შედარებით ყველა  ,,სხვა“ არარაობაა. ყველაფერს ეკარგება აზრი,  სამშობლოს, სატრფოს, მშობელს და ყველა ამქვეყნიურ კავშირებს.

,,უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!“ … ადამიანში არის მერანიც და  ყორანიც, რომელიც ეშმიური დაბრკოლებაა ადამის მოდგმის  განვითარებისა და ჭეშმარიტების გზაზე.  ორივე  ბუნებაა თითიოეულ პიროვნებაში…  და ორი გზა…ზესკნელის და ქვესკნელის…  უზენაესის გზიდან გადახვევა ადამიანს კოსმიურ არარაობად  აქცევს. ადამიანის განღმრთობის იდეა ასეთ შემთხვევაში მიუღწეველი და განუხორციელებელი დარჩება.

„მერანი“  გამორჩეულია თავისი მეტაფიზიკური დატვირთვით, წარმოადგენს  ორმაგი ბუნების – ფიზიკური (მიწიერი) და სულიერი (ზეციური) – დაძაბულობის და ჰარმონიულობის ერთობლიობას.  „მერანი“  არა მხოლოდ პოეტური ტექსტია, არამედ სემიოტიკური სივრცე, სადაც გრავიტაცია გვევლინება  მეტაფორულ სიმბოლოდ, რომელიც გამოხატავს როგორც ადამიანის ყოფით შეზღუდვებს, ისე მის დაუღალავ სწრაფვას თავისუფლების, სრულყოფილების და ზეციური, კოსმიური ლოგიკისკენ.

გრავიტაციაც   არ  ,,გვიკრძალავს“ ფრენას, მაგრამ  ამავდროულად ,,გვიცავს“ ,  არ გვაძლევს საშუალებას ავფრინდეთ უკონტროლოდ, არ დავკარგოთ კავშირი არსებულთან.  მერანი, თავისი  უსასრულობისკენ სწრაფვით და ამავდროულად ტრაგიკული შეჭიდებით მიწასთან, არის სწორედ ის მდგომარეობა, სადაც  ხორციელი და სულიერი, ადამიანური და ზეციური, ერთდროულად თანაარსებობს.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ,  დედამიწამ  ბრუნვა რომ შეწყვიტოს  საკუთარი ღერძის და მზის გარშემო იმ კანონზომიერებით, რასაც გრავიტავია განაპირობებს. რა რეალობა დადგებოდა?  ეს ცვლილება ჩვენს სამყაროს რადიკალურად შეცვლიდა:  დღე და ღამე, როგორც ცვლადი რიტმები, აღარ იარსებებდა; ერთი მხარე მუდამ მზიანი იქნებოდა, მეორე კი ბნელ, გაციებულ სივრცეში მყოფი. ასეთ გარემოში სიცოცხლის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდებოდა. გრავიტაციის კანონზომიერების დარღვევის შემთხვევაში, დედამიწის სტრუქტურა, ატმოსფერო და თავად სიცოცხლის ფორმებიც ვერ იარსებებდნენ ისე, როგორც დღეს. ნიადაგი, წყალი და ჰაერიც კი ვერ შენარჩუნდებოდა პლანეტის ზედაპირზე. სხეულები დაიწყებდნენ  სივრცეში ,,უწონო“ მოძრაობას. ადამიანური ცივილიზაცია, რომელიც დროის რითმზეა აგებული, დღე-ღამე, წელიწადის დროები, სიმძიმე, წონასწორობა- ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. გრავიტაცია არა მხოლოდ მატერიის, არამედ სიცოცხლისა და ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. იმავე ლოგიკით, „სულიერი გრავიტაცია“, როგორც შინაგანი მიზიდულობის ძალა, აუცილებელია ჩვენი ემოციური მდგრადობისთვის, ღირებულებითი ორიენტაციისთვის და იმ მისწრაფებებისთვის, რომლებიც ადამიანის გონებასა და სულს უზენაესისკენ მიმართავს.

გრავიტაცია ფიზიკაში მატერიის ერთ-ერთი ძირითადი ურთიერთქმედებაა, რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს  სტაბილურობას და სიცოცხლეს დედამიწაზე.  ამავდროულად, ის ემოციური და სიმბოლური მნიშვნელობებითაც იტვირთება, ადამიანისთვის „მიზიდულობა“ შეიძლება ასოცირდებოდეს ბორკილთან, დაბრკოლებასთან, სულიერ ტვირთთან, რომლისგანაც გაქცევაა  სწორედ სურვილი,  ამიტომ გვესახება გრავიტაცია  „მერანში“ მეტაფორად. ადამიანი, როგორც  მერნის მხედარი, მუდამ იმპულსს ეძებს, რომელიც მას ამ მიზიდულობისგან გაათავისუფლებს- ეს თავისუფლების, სულიერი ,,ფრენის“, აზროვნების სივრცეში გახსნის სურვილია.

გრავიტაცია ობიექტის ადგილმდებარეობას მაშინ ცვლის, როცა ურთიერთქმედი სხეულებიდან ერთს მაინც აქვს მნიშვნელოვნად დიდი მასა –  სწორედ ის ქმნის მძლავრ მიზიდულობას. ანალოგიურად, „სულიერი გრავიტაციაც“ მაშინ ვლინდება მძაფრად, როცა ადამიანს ღრმა შინაგანი სამყარო, აზრის სიღრმე და ემოციური სიმტკიცე აქვს. ეს მიზიდულობა თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ისევე მოქმედებს ადამიანებზე, როგორც გრავიტაცია სივრცეში,  უხილავად, თუმცა გარდაუვლად.

მერნის დაუოკებელი სწრაფვა მიუწვდომელი სივრცეებისკენ, მისი თავგანწირული ლტოლვა ჭეშმარიტებისკენ, შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ადამიანის გონების ფუნდამენტური თვისების სიმბოლო. ადამიანები ხშირად ,,იხლართებიან“ ამქვეყნიურ საზრუნავში, მაგრამ უალრტერნატივოა მათი დაუოკებელი  ლტოლვა იმ საბოლოო ჭეშმარიტების ძიებაში, რომელიც ცხოვრებას  აზრს ანიჭებს და  ეძიებს სიმართლის კავშირებს.  ღრმა ფილოსოფიური უეჭველობაა ის, რომ  ყოველი ინდივიდი,  მისი ცხოვრებისეული გზის მიუხედავად, საბოლოოდ მისწრაფვის იმ ,,უზენაესისკენ“, რომელიც წარმოადგენს სამყაროს ჰარმონიის სათავეს. სულიერი გრავიტაციაშეიძლება განიმარტოს როგორც მორალური სრულყოფილებისკენ სწრაფვა ან ტრანსცენდენტური ძიების წყურვილი

ადამიანის არსში, მიუხედავად მისი წარმომავლობისა და მრწამსისა, დევს უხილავი, მაგრამ ძლიერი მიზიდულობა უმაღლესი საწყისისკენ.  შეგნებულად თუ შეუგნელად, ყველა მიილტვის აბსოლუტური  ჭეშმარიტებასა და სილამაზისკენ,  ფიზიკურად იმ შორეულ  უზენაესისკენ, რომელიც ასე ახლოსაა  ჩვენს სულიერთან. ეს მიზიდულობა შეიძლება იყოს ფარული, ლატენტური, მაგრამ ყოველთვის წარმართავს ყველა ქმედებას, არჩევანსა და საბოლოო მიზანს. იქნება ეს რელიგიური რიტუალები, ეთიკური პრინციპების დაცვა, შემოქმედებითი ძიება თუ უბრალოდ ბედნიერებისკენ ლტოლვა, მაინც  ყველაფერი ერთი დიდი სწრაფვის გამოძახილია – მივაღწიოთ იმ უმაღლეს წერტილს, სადაც სრულყოფილება და მარადიული ჰარმონია სუფევს.

შეიძლება დავსვათ კითხვა: საკმარისია თუ არა მხოლოდ ფიზიკური კანონებით შევისწავლოთ სამყარო? მაგალითად, გრავიტაცია, როგორც მატერიის ურთიერთმიზიდულობის  ფუნდამენტური ძალა, უდავოდ საფუძველს უყრის სამყაროს სტრუქტურულ ორგანიზებას, მაგრამ არის ეს საკმარისი ყოველივეს გასააზრებლად? როდესაც აღვიქვამთ  არა მხოლოდ მატერიას, არამედ განვიცდით  ადამიანურ გრძნობებს – სიყვარულს, თავისუფლების ძიების წყურვილს, ზეცისადმი სწრაფვას –  ჩნდება განცდა, რომ სამყარო ფლობს უფრო ღრმა, სულიერ განზომილებას. ამ ჭრილში გრავიტაციის ცნება შეიძლება მეტაფორულად გადავიტანოთ სულიერ მიზიდულობაზე, იმ შინაგან იმპულსზე, რომელიც ადამიანს უბიძგებს იპოვოს უზენაესი აზრი და მთლიანობა.  ამგვარად, ფიზიკური და სულიერი არ გამორიცხავენ ერთმანეთს, არამედ ავსებენ  და შესაძლოა, სწორედ მათი შერწყმით მივუახლოვდეთ სამყაროს საბოლოო ბუნების ამოცნობას.

სტატიაში განხილული მოსაზრება დაგვაფიქრებს, რომ  ფიზიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, პოეზიის და ფილოსოფიის ინტეგრაცია ქმნის ტრანსდისციპლინური სწავლების პოტენციალს, ამთლიანებს მეცნიერულ და სულიერ აზროვნებას, გვაძლევს მიმართულებას, სამყარო შევიმეცნოთ არა მხოლოდ როგორც  სხვადასხვა ობიექტები და მათი ურთიერთქმედება, არამედ როგორც სიცოცხლის არსის, მისწრაფებებისა და ჭეშმარიტების მუდმივი ძიების შესაძლებლობა.

გრავიტაციული მიზიდულობა და სამყაროს სრუყოფილების, როგორც შეუცნობელის შეცნობის  წყურვილი,  წარმოადგენს ერთი მთლიანის ორ სხვადასხვა პოლუსს. ამ საზრისის ერთიან ჭრილში ხედვით გრავიტაცია იღებს  მეტაფორულ დატვირთვას. პოეზიისა და ფილოსოფიის ენაზე გამოხატავს ადამიანის  მისწრაფების სურვილს  ჰარმონიისა და ჭეშმარიტებისკენ.

 სემიოტიკურფილოსოფიურ ხედვით გრავიტაცია არ არის მხოლოდ სამყაროს აღწერის ფუნდამენტური ფიზიკური კანონი, არამედ წარმოადგენს ინტელექტუალურ და ემოციურ ხიდს მატერიალურ სამყაროსა და სულიერ საწყისს შორის. ამ რთული ურთიერთდამოკიდებულების გააზრება, ჩამოაყალიბებს ტრანსდისციპლინური სწავლების უნიკალურ პერსპექტივას, სადაც მეცნიერება და ფილოსოფია ერთიან, სინერგიულ სისტემას შექმნიან  და დადებით გავლენას მოახდენენ საგანმანათლებლო პროცესზე.

 

 გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ge –  გია მურღულია: ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანის“ გენიალური განმარტება

https://rb.gy/190saj

 

  1. NASA – What Is Gravity?

https://rb.gy/cd4m36

  1. Utrecht University – Transdisciplinary Field Guide

 

https://rb.gy/ag76oq

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...