სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
26 აგვისტო, სამშაბათი, 2025

კომპლექსური დავალება  –  ,,ვის ეკუთვნის წიგნი?’’- სიუჟეტის გაგრძელება

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მრავალგზის გამოიკვეთა კომპლექსური დავალებების უპირატესობა.

დაწყებითი განათლების ექსპერტის, სსიპ. ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებელი,  ნინო მახარაშვილი  აღნიშნავს, რომ  ცხოვრებისეული თემების სწავლების პროცესში სწორად შერჩეული კომპლექსური დავალებები დროსა და ენერგიას უზოგავს მასწავლებლებს. ამავდროულად, მათ უტოვებს თავისუფალ არჩევანს, სურვილის შემთხვევაში, თავად შეარჩიონ საბოლოო პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ყველა რესურსი და აქტივობა, ერთი აუცილებელი პირობის დაცვით: ყველაფერი უნდა მიემართებოდეს გრძელვადიან სამიზნე ცნებას.

წარმოგიდგენთ ქ-ნი ნინოს მიერ შექმნილ საინტერესო და სახალისო კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს.

საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი – III

სამიზნე ცნება  ტექსტი (ჟანრები) (შედეგები:  (I).1, 2, 3, 4, 5)

ქვეცნებები:  ტექსტის  შინაარსობრივი მხარე; პერსონაჟები.

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება

 

საკითხი – გოგებაშვილის მოთხრობის – ,,ვის ეკუთვნის წიგნი?“ – გაგრძელება მინიშნებებზე დაყრდნობით.

ქვესაკითხები – გოგებაშვილის მოთხრობის ,,ვის ეკუთვნის წიგნი?“ თემა, მთავარი იდეა/დედააზრი, პერსონაჟების,  ძმების, ხედვის  კუთხე – მათი ქცევა, მოტივაცია.

საკვანძო შეკითხვები:

  • რა ხერხები/სტრატეგიები გამოვიყენო ტექსტის გასაგებად?
  • როგორ გამოვიყენო ტექსტის მინიშნებები ი. გოგებაშვილის მოთხრობის, ,,ვის ეკუთვნის წიგნი“ გაგრძელების მოსაფიქრებლად?
  • რა ხერხების/სტრატეგიების გამოყენებით დავწერო მოთხრობის გაგრძელება?

 

კომპლექსური  დავალების  პირობა

გააგრძელე ი. გოგებაშვილის მოთხრობა ,,ვის ეკუთვნის წიგნი?’’. წარმოიდგინე, როგორ მოუყვება ერთ-ერთი ძმა თავის შვილებს ამ ამბავს. ნაწერი შეგიძლია გააფორმო შესაბამისი ილუსტრაციით, ფერადი ფანქრების ან ციფრული რესურსის – ,,ვსწავლობთ თამაშით“ -გამოყენებით. შეგიძლია შემოიყვანო ახალი პერსონაჟი;

შეფასების კრიტერიუმები –  (კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე მისადაგებული)

ნაშრომში წარმოაჩინეთ:

  • პერსონაჟების თვისებები, ქცევები,  ქცევის მიზეზები (ტ.1. 2)
  • ძმის გრძნობები და დამოკიდებულება მომხდართან დაკავშირდებით – მოსწონს თუ არ მოსწონს თავისი მაშინდელი საქციელი და რატომ (ტ. 1, 2, 3);
  • კონკრეტული დეტალები, მაგ., რა რჩევებს მისცემს თავის შვილებს (ტ.1, 2, 3)

 

შენიშვნა: კომპლექსური დავალების პირობაში, შეფასების კრიტერიუმებთან, ფრჩხილებში, შემოკლებით არის მითითებული სამიზნე ცნება: ,,ტექსტი’’ ანუ ,,ტ’’, და მისი მკვიდრი წარმოდგენები.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარე ცოდნის გააქტიურება

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

 

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

  • თუ გახსენდებათ ისეთი  ზღაპარი, მოთხრობა,  საბავშვო ფილმი ან  ანიმაციური ფილმი, რომლის  დასასრულის შემდეგ გიფიქრია, თუ  როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო   პერსონაჟების ქცევა, ცხოვრება?
  • თუ გაქვთ საყვარელი წიგნი? რომელია შენი საყვარელი წიგნი?
  • რა მოგწონთ ამ წიგნში?
  • როგორ უფრთხილდებით საყვარელ წიგნს?

 

აქტივობა 2. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რის შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1.  რა ხერხები/სტრატეგიები გამოვიყენო ტექსტის გასაგებად?

ქვესაკითხი: თემა, მთავარი იდეა/დედააზრი,

შესაძლო რესურსები და  აქტივობები: 

რესურსი 1. ტექსტის ილუსტრაცია და სათაური

რესურსი 2. ტექსტი (სახელმძღვანელო) „ვის ეკუთვნის წიგნი?“ გვ.9

რესურსი 3. სიტყვის  პირამიდა;

აქტივობა 1. დაკვირვება ტექსტის თვალსაჩინო მინიშნებებზე – სათაურსა და ილუსტრაციებზე. ვარაუდების გამოთქმა მათი გათვალისწინებით.

აქტივობა 2. კითხვა პაუზებით

აქტივობა 3. კითხვა-პასუხი

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • რა სათაური აქვს? რას მეუბნება ეს სათაური? ეს ილუსტრაცია?) (აქტ. 1)
  • რით უკავშირდება სათაური და ილუსტრაცია შენს ცოდნა-გამოცდილებას?
  • რა ვარაუდების გამოთქმა შეგიძლია მათზე დაყრდნობით ტექსტის შინაარსის შესახებ?
  • რა იცით „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ? ვინ არის მისი ავტორი?

 

  • გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდები? (აქტ.2)
  • რა მინიშნებები გამოიკვეთა ვარაუდების გადამოწმებისას ტექსტში?
  • რა აღმოაჩინეთ ისეთი, რაც არ გივარაუდიათ?

 

  • ვინ არიან ნაწარმოების პერსონაჟები? (აქტ.3)
  • რა დაუტოვა მოხუცმა კაცმა ძმებს?
  • რაზე წაკამათდნენ ძმები??
  • რა ჰკითხა მეზობელმა ძმებს? ამოიკითხე ტექსტიდან.რა უპასუხეს მათ?
  • რატომ დახარეს ძმებმა თავი?
  • რის შერცხვათ? რომ ჩხუბობდნენ თუ წიგნებს რომ არ კითხულობდნენ?
  • ვის/რას შეადარა მეზობელმა ძმები?  ამოიკითხე ტექსტიდან
  • ეთანხმებით მეზობლის მოსაზრებას? რატომ?
  • რაზე დაგაფიქრა ამ ნაწარმოებმა?
  • შენ თუ გიყვარს წიგნების წაკითხვა?
  • რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?
  • რა მოგეწონა? რატომ?
  • რატომ არის წიგნის კითხვა აუცილებელი?

 

რესურსი 4. სიტყვის  პირამიდა

 

  1. ს ი ტ ყ ვ ა
  2. სიტყვის განმარტება.
  3. რამდენი ხმოვანი და თანხმოვანია ამ სიტყვაში.
  4. წინადადება ტექსტიდან, რომელშიც ეს სიტყვაა.
  5. შენ მიერ მოფიქრებული წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით.

რესურსი 5. გაწაფული  კითხვის  შეფასების კრიტერიუმები

აქტივობა 4. სიტყვის პირამიდის შევსება ახალნასწავლი სიტყვების გამოყენებით.

აქტივობა 5. ვარჯიში გამომსახველობითად წაკითხვაში,  კითხვის გაუმჯობესება დამკვირვებლის (კლასელის, მასწავლებლის, უფროსის) დახმარებითა  და შეფასების სქემის გამოყენებით.

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორ შევავსოთ სიტყვის პირამიდა? (აქტ.1)
  • რაში გვეხმარება გაწაფული კითხვის შეფასების კრიტერიუმები? (აქტ.2)
  • რატომ არის საჭირო, რომ წავიკითხოთ სწორად, უშეცდომოდ?
  • რაში ეხმარება ჩვენ მიერ სათანადო სიჩქარით წაკითხული ტექსტი ჩვენს თანაკლასელებს?
  • როგორ დავიცვათ პაუზები, შევარჩიოთ ინტონაცია, რომ მსმენელმა შინაარსი უკეთ აღიქვას?

 

ნაბიჯი 2. რა მოხდა მანამ, სანამ  მეზობელი შეარცხვენდა, რა მოხდა შემდეგ (ტ. 2, 3) ძმის გრძნობები და დამოკიდებულება მომხდართან დაკავშირდებით – მოსწონს თუ  არ მოსწონს თავისი მაშინდელი საქციელი და რატომ (ტ. 1, 2, 3);  კონკრეტული დეტალები, მაგ., რა რჩევებს მისცემს თავის შვილებს (ტ.1, 2, 3)

ქვესაკითხი: პერსონაჟების, ძმების, ხედვის  კუთხე – მათი ქცევა, მოტივაცია

აქტივობა 6.  იდეების გენერირება გეზისმიმცემ შეკითხვებზე დაყრდნობით

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორები არიან პერსონაჟები? როგორ ადამიანებად წარმოიდგინე? რა მინიშნებებს ეყრდნობი?
  • დააფიქრებდა თუ არა ძმებს მეზობლის სიტყვები?
  • რატომ მოიყვანა მაგალითად სავარცხლისთვის მოჩხუბარი ორი კაცი? რატომ შეადარა   მათი ქცევა ერთმანეთს?
  • ეთანხმებით მის მოსაზრებას? რატომ?
  • რის თქმა უნდა  ავტორს?
  • ეთანხმებით ავტორის სათქმელს? რატომ?
  • უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ნაწარმოების გაგრძელებისას  მწერლის მთავარი სათქმელი?
  • რა არის იმისთვის საჭირო, რომ პერსონაჟი იყოს მთხრობელი? (პირველ პირში უნდა ისაუბროს; მაგ. ერთხელ მე და ჩემს ძმას ჩხუბი მოგვივიდა. . . . . .)
  • რა მოხდებოდა მთხრობელი ძმის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მეზობელმა შეარცხვინა?
  • რა ექნებოდა მას, პერსონაჟს, სათქმელი თავისი შვილებისთვის წლების შემდეგ?

 

ნაბიჯი 3. რა ხერხების/სტრატეგიების გამოყენებით დავწერო  მოთხრობის გაგრძელება?

რესურსი 6. წერის სტრატეგიები

 

შეფასების კრიტერიუმები

 

არის არ არის გასაუმჯობესებელია
1.პერსონაჟი გადმოსცემს,   როგორ იჩხუბეს ძმებმა წიგნის გამო, როგორ შეარცხვინა მეზობელმა ისინი.      
2. პერსონაჟი გადმოსცემს თავის გრძნობებს და დამოკიდებულებას მომხდარის მიმართ;      
3. პერსონაჟი ჰყვება,  რა მოხდა ამის შემდეგ;      
4. წინადადებების ბოლოს სასვენი ნიშნები სწორად არის დასმული.      

 

აქტივობა 7. გაგრძელების  პირველადი ვარიანტის დაწერა შევსებულ ჩარჩოზე დაყრდნობით  (დამოუკიდებელი სამუშაო)

აქტივობა 8. შეფასება შეთავაზებული კრიტერიუმების  საფუძველზე.

აქტივობა 9. პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება, გადაწერა, გაფორმება.

 

კომპლექსური დავალების წარდგენა

  • კრიტერიუმების ჩამოყალიბება, მათზე დაყრდნობით ნამუშევრის გაუმჯობესება;
  • მკითხველის თვალით წაკითხვა;

 

გეზისმიმცემი შეკითხვები

  • რით და როგორ გააუმჯობესე პირველადი ვარიანტი?
  • დასვი თუ არა  სასვენი ნიშნები წინადადებების ბოლოს?

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად,  თითოეული მათგანის  წინსვლისა და რეფლექსიის უნარის  ხელშესაწყობად.

ხსენი,  რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი მოთხრობის გაგრძელებაა?
  • რა არის მწერლის მთავარი სათქმელი? რით და როგორ უკავშირდება შენი გაგრძელება მწერლის მთავარ სათქმელს?
  • რაზე დაგაფიქრა, რა გაგახსენა ნაწარმოებმა? დააფიქრებდა თუ არა ძმებს მეზობლის სიტყვები?
  • როგორები არიან პერსონაჟები? როგორ ადამიანებად წარმოიდგინე? რა მინიშნებები გამოიყენე სიუჟეტის გასაგრძელებლად?
  • წერის რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულებისას?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • შენი თანაკლასელების ნამუშევრებიდან რომელი მოგეწონა განსაკუთრებით? რამ მიიქცია შენი ყურადღება?

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და  რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

 

 „ბავშვების მთავარი მიზანი მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნაა“

0

აღზრდის 10 წესი ფსიქოლოგ ნაიჯელ ლატასგან

ნაიჯელ ლატა არის ახალზელანდიელი ფსიქოლოგი და ავტორი პოპულარული წიგნისა – „სანამ შენი შვილი გაგიჟებს“, რომელიც ფსიქოლოგიას შეეხება. ლატა არ ჰყვება იმაზე, როგორ უნდა გახდე იდეალური მშობელი (ყველამ ისედაც ვიცით, რომ ასეთები არ არსებობენ). ის საუბრობს იმაზე, როგორ უნდა ვიყოთ არცთუ ისე ცუდი მშობლები და შევინარჩუნოთ საღი აზრი ბავშვის აღზრდისას.

წესი პირველი – ნუ ეცდებით ქაოსზე გამარჯვებას!

ბევრი ამბობს, რომ ბავშვებთან ჩვეული საქმეების კეთება ძალიან მარტივია – თქვენ უბრალოდ უნდა შეადგინოთ გრაფიკი და მკაცრად დაიცვათ ის. მაგრამ ასე არ გამოვა. ბავშვები არ ცხოვრობენ გრაფიკით. არასოდეს. თუკი ქაოსთან ბრძოლას განაგრძობთ – მოემზადეთ მუდმივი დანაშაულის გრძნობისთვის. ამიტომ, უბრალოდ მიიღეთ აზრი, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის იარსებებს არეულობა და ეცადეთ, მაგრად დაუდგეთ!

„ბავშვების დაბადებასთან ერთად ქაოსის იჭრება თქვენს ცხოვრებაში. ამავდროულად, თქვენს საქმეებში რაიმე სახის გრაფიკზე დაყრდნობა წააგავს ქარიშხალში გზის გაკვალვას. როცა ძლიერი ქარი დაუბერავს, ყველას მიავიწყდება მარშრუტები. ეს უნდა გავიგოთ და მივიღოთ ის, რაც გარდაუვალია. თუ თქვენ ამას არ მიიღებთ, მაშინ დაიწყებთ ქაოსთან ბრძოლას. თქვენ ყველაფერს დააბრალებთ წარუმატებლობას, საკუთარ თავსა და სხვებს. გარდაუვალის გამოსწორების დროს თქვენ დარჩებით იმედგაცრუებული. ამიტომ მოექეცით მას ჭეშმარიტი ძენ ბუდისტის სიმშვიდით“.

წესი მეორე – ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ცუდ ქცევაზე!

მუდმივი შენიშვნები კარგს არაფერს მოიტანს, სამაგიეროდ – ბავშვს ქებით არაფერს აწყენთ. ამიტომ ყურადღება უნდა გაამახვილოთ კარგ ქცევასა და წარმატებებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ შეიძლება რაიმე შენიშვნა მივცეთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია. თუმცა ნაკლები. თუ ბავშვმა წარმატებას მიაღწია, არ გადადოთ, დაუყოვნებლივ შეაქეთ, და კარგად აუხსენით, რისთვის აქებთ.

„თუ მცენარეს მორწყავ, ის გაიზრდება. თუ არ მორწყავ, თანდათან ჩაქრება. ეს მარტივი პრინციპია, მაგრამ უმეტესობას, ვისაც შვილებთან კომუნიკაცია უჭირს, უგულებელყოფს ამას ან არასდროს უფიქრია იმაზე, რა სახის ქცევას მიესალმება სინამდვილეში“.

წესი მესამე – არასოდესთხრათ ბავშვს უარი ყურადღებაზე!

ბავშვისთვის ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის მას ნებისმიერ ფასად სჭირდება. ხშირად ბავშვები არც კი უფიქრდებიან თავიანთი ქმედებების შედეგებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა აქტიური ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას აკეთებენ ისინი და არა უბრალოდ უყურონ მათ. იმისათვის, რომ ყველა ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობდეს, ბავშვებს საკმარისი დრო უნდა დავუთმოთ.

„ნამდვილი პირანიების მსგავსად, რომლებსაც ძროხის შეჭმა წუთებში შეუძლიათ, ბავშვებიც მზად არიან ნებისმიერი რამით მიიპყრონ ყურადღება, რომელიც მათთვის ბევრი არასოდეს არის. ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი შეამჩნიონ, თუნდაც ეს ზიანს აყენებდეს მათ ან სხვებს. პირანიებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ყველაფრის შეჭმაა, რაც გზად შეხვდებათ. ბავშვების ცხოვრების მთავარი მიზანია, მუდმივად მიიპყრონ სხვების ყურადღება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს“.

წესი მეოთხე – შექმენით ბავშვს საზღვრები!

ლატა გამოყოფს ადამიანთა ოთხ კატეგორიას, რომლებიც არ ადგენენ საზღვრებს და შემდეგ აღმოჩნდებიან ხოლმე ფსიქოლოგის კაბინეტში შეკითხვით – „რატომ იქცევა ჩემი შვილი ასე ამაზრზენად?“. ესენი არიან ჰიპები, მოუსვენარი დედები, დოყლაპიები და ზარმაცები. პირველები თვლიან, რომ ბავშვებმა თავისუფლად უნდა იმოძრაონ მთელ მსოფლიოში. მეორე კატეგორიას ბავშვის თვითშეფასება აწუხებს. მესამეს მიაჩნია, რომ ბავშვის თვითონ მეგობარი უნდა იყო და არა მშობელი. მეოთხე კი ფიქრობს, რომ უფრო ადვილია არაფრის კეთება და ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

თუმცა ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები. სწორედ მათში გრძნობენ თავს მშვიდად და დაცულად.

„ბავშვის ბუნებაა წინსვლა, სანამ რაიმე სახის დაბრკოლებას არ გადაეყრება. ზოგიერთმა ბავშვმა უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ არსებობს დაბრკოლება, ზოგმა რამდენჯერმე მთელი ძალით უნდა დაიმტვრიოს თავი, მაგრამ საზღვრები ყველას სჭირდება. საზღვრების გარეშე პატარა ადამიანისთვის სამყარო ძალიან სახიფათო და შემაშინებელია“.

წესი მეხუთე – იყავით თანმიმდევრული!

არ ინერვიულოთ, თუ ეს ყოველთვის არ გამოგივათ. ეს ნორმალურია. დიახ, თქვენ მშობლები გახდით და ახლა გადაწყვეტილებების უმეტესობას იღებთ მშვიდად. თქვენ ყოველთვის არ მოქმედებთ ლოგიკურად. ესეც არაუშავს.

„ჩემთვის თანმიმდევრულობა იმაში გამოიხატება, რომ მე მუდმივად თავს ვარიდებ სურვილს მოვისროლო ჩემი შვილები ფანჯრიდან, თანაც მაშინ, როდესაც შედარებით კარგ ხასიათზე ვარ. სხვა დანარჩენი შედარებითია. თუნდაც თანმიმდევრულობა – განსაკუთრებით თანმიმდევრულობა“.

წესი მეექვსე – სერიოზულად მოეკიდეთ კაპრიზებს!

ცუდი საქციელიც კი აზრის გამოთქმის საშუალებაა. ბავშვებს ჯერ არ აქვთ საკმარისი ლექსიკა, რომ ახსნან ყველაფერი, რასაც გრძნობენ. ამიტომ მათთვის მოქმედებებიც სიტყვებია. ძალიან ხშირად ცუდი ქცევა არის ყურადღების მოთხოვნა, დახმარების თხოვნა, დაღლილობის გამოხატულება. მშობლების მოვალეობაა, გაარკვიონ რის თქმა სურდა ბავშვს თავისი საქციელით.

„ქცევა მხოლოდ ურთიერთობის ფორმაა. ღამით ფანჯრიდან გადაძრომა და სახლიდან გაქცევა ერთგვარი სათქმელია. ბავშვები ქცევით უფრო კარგად გამოხატავენ თავიანთ აზრებსა და გრძნობებს. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჯერ სიტყვების მარაგიც არ აქვთ. მათ ბევრი გრძნობა აქვთ, მაგრამ არ იციან, როგორ აირჩიონ სწორი სიტყვები და გამოთქმები ამ გრძნობების გამოსახატად“.

წესი მეშვიდე – ნება მიეცით თქვენს შვილს გეკამათოს!

ბავშვს უნდა შეეძლოს კამათი. და ოჯახური კამათი ნორმალურია. ფაქტობრივად, კამათის უნარი გამოადგება ბავშვს, როცა საბოლოოდ გაიზრდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ კამათში უნდა არსებობდეს ზღვარი საკუთარი აზრის დაცვასა და უხეშობას შორის. პირველი შესაძლებელია, მეორე კატეგორიულად დაუშვებელი.

„ამავდროულად, არ არის საჭირო, იყოთ დიქტატორი, რომელიც თრგუნავს უთანხმოების მცირედ ნიშანს. უთანხმოება და კამათი ბუნებრივია, უპატივცემულობა კი სხვა საქმეა. კამათი ადასტურებს, რომ თქვენ, როგორც მშობელი, აკეთებთ თქვენს საქმეს. კამათი მოწმობს, რომ ბავშვები იზრდებიან და ყველაფერზე საკუთარი აზრი უჩნდებათ“.

წესი მერვე – იმოქმედეთ გააზრებულად!

ამისათვის დაგჭირდებათ აღზრდის გარკვეული გეგმა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გეგმა მკაფიოდ ჩაიწერება რომელიმე სქელ რვეულში, სადაც ჩამოაწიკწიკებთ ანგარიშებს მიღწევებისა და წარუმატებლობის შესახებ. არა, უბრალოდ უნდა გესმოდეთ, როგორ მოიქცევით გარკვეულ სიტუაციებში და უნდა იაზრებდეთ, რატომ არის სწორი ქცევა სწორედ ეს.

„ერთადერთი, რაც მოულოდნელად ხდება, მოულოდნელობებია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შვილების აღზრდაში შემთხვევითობის იმედი გქონდეთ. მინახავს, როგორ ეყრდნობოდნენ მშობლები შემთხვევითობას – სჯობს, ეს არ გაიმეოროთ. გაცილებით უკეთესია აღზრდას მიზანმიმართულად მივუდგეთ, ვიქონიოთ გარკვეული სამოქმედო გეგმა“.

წესი მეცხრე – ისწავლეთ ბავშვის მოსმენა (ეს აუცილებელია)!

„ჯერ პატარა ხარ, არაფერი გესმის“. ეს ფრაზა ერთხელ მაინც ნებისმიერს სმენია და ეს ცუდია. ბავშვი არ არის უაზრო არსება. მას, როგორც ნებისმიერ ზრდასრულს, სჭირდება სრულყოფილი კომუნიკაცია და პატივისცემა. მას სჭირდება მოსმენა. ამიტომ ბავშვთან ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული, თქვენ კი ყოველთვის მზად უნდა იყოთ ბავშვის მოსასმენად, რის თქმაც არ სურდეს მას თქვენთვის.

„ურთიერთობა ან მისი ნაკლებობა ოჯახურ კონფლიქტთა უმეტესობის საფუძველია. ჩემს კაბინეტში მინახავს ბევრი ადამიანი, რომელიც საათობით უყვირის ერთმანეთს, თუმცა არცერთ მათგანი არ ცდილობს რაიმეს მოსმენას, საკუთარი ხმის გარდა. თუ თქვენ ვერ ახერხებთ შვილებთან სათანადო კომუნიკაციას, მაშინ იცოდეთ, რომ ოჯახში უბედურებაც არ დააყოვნებს“.

მეათე წესი შექმენით ოჯახში თამაშის ატმოსფერო!

ბავშვმა უნდა იგრძნოს მშობლების გულწრფელობა. ლატა საუბრობს არა მშობლის სიყვარულზე, არამედ ერთმანეთის მიმართ სიმპათიასა და ინტერესზე, ოჯახის თითოეული წევრის ცხოვრებაში. ასეთი სიმპათია მაშინ ჩნდება, როცა თანამოსაუბრეს გულწრფელად აინტერესებს თქვენი მოსმენა და მის გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ. ოჯახში ატმოსფერო უნდა იყოს მშვიდი, რადგან ბავშვები კარგად გრძნობენ დაძაბულობასა და ფარულ აგრესიას. და ეს მათთვის ყოველთვის სტრესის ფაქტორი ხდება.

„სიმპათიაზე, ისევე როგორც ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის ზოგად ტონზე, შეიძლება ვიმსჯელოთ სახლში არსებული „თამაშის“ სულისკვეთებითა და ხალისით. სიმარტივე და ერთმანეთთან „შეხუმრება“, „შეთამაშება“ არის ოჯახური ცხოვრების ერთგვარი ზეთი, რომლის გარეშეც მისი ბორბლები და გადაცემათა კოლოფი ვერ იმუშავებს. როცა ვხედავ, რომ ოჯახის წევრებს შორის მკაცრი, დაძაბული ურთიერთობაა, მაშინვე ვიწყებ ნერვიულობას“.

 

 სასწავლო პროცესის მოდელირება კომპლექსურ  დავალებებსა და პროექტულ სწავლებაში

0

სასწავლო პროცესის დირიჟორი მასწავლებელია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საგნის მასწავლებელი დგას ორკესტრის პირისპირ. მნიშვნელოვანია ის, რამდენად მზადაა მასწავლებელი წარდგეს ორკესტრის წინაშე, დეტალურად იცნობდეს პარტიტურას და თითოეული შემსრულებლის/მონაწილის შესაძლებლობებს, ზუსტად გრძნობდეს ამოცანის სირთულეს და ნაპოვნი ჰქონდეს დილემებიდან ალტერნატიული გამოსვლის გზა. თუ ორკესტრი თანამედროვე პოსტმოდერნისტულ თუ პოსტმინიმალისტურ ნაწარმოებს ასრულებს, დირიჟორს/მასწავლებელს გათვლილი უნდა ჰქონდეს შემსრულებლებში იმპროვიზაციის/თავისუფლების ხარისხისა და უნარების მასშტაბი.

ჩვენ, პედაგოგები – ყველანი სადირიჟორო პულტთან ვდგავართ. ეს შედარება შემთხვევით არ გამიკეთებია – ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა. თუ თანამედროვე გამოწვევებს ვპასუხობთ, ვიკვლევთ, მაშინ თანამედროვე სწავლა-სწავლების ფორმებს, სტრატეგიებს, პრობლემის გადაჭრის უნარებსაც უნდა ვფლობდეთ და ადაპტირებული სახით ვთავაზობდეთ მოსწავლეს ისე, რომ მუდამ კეთილ მრჩევლად ვრჩებოდეთ მისთვის.

თანამედროვე სასწავლო პროცესის პულტზე ხან კომპლექსური დავალების, ხანაც პროექტული სწავლების პარტიტურა დევს. ჯერ ჩვენ ვემზადებით პარტიტურის მართლწერის შესაცნობად, ვუღრმავდებით მის დრამატურგიას, ვსწავლობთ დეტალურად, ვითვალისწინებთ საორკესტრო შემადგენლობას/კლასს და გამოვკვეთთ საკვანძო კითხვას: რა როგორ შეუძლია მოსწავლეს? შემდეგ კი ვიწყებთ მუშაობას სამიზნე ცნებებზე როგორც კომპლექსურ დავალებაში, ასევე პროექტულ სწავლებაში.

თითქოს ყველამ ვიცით სამიზნე ცნების შესახებ, მაგრამ მაინც ჩავუღრმავდეთ მას. რომ არა სამიზნე ცნება, შეძლებდა კი მოსწავლე მყარი ცოდნის მიღებას? მყარ ცოდნას მოსწავლე იღებს მაშინ, როცა უღრმავდება ეპოქას, სტილს, მიმდინარეობას. მაგალითად, როდესაც მასწავლებელი მუშაობს ელექტრონულ მუსიკაზე, მან უპირობოდ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი აქტივობები ბგერის ფენომენის გასააზრებლად:

  • აამაღლოს მოსწავლეებში კონკრეტული ეპოქის მოვლენების ცოდნის დონე;
  • გააცნოს მოსწავლეებს XX საუკუნის გარდამტეხი პერიოდები, რომლებიც გავლენას ახდენს ელექტრონული მუსიკის ენის შეცვლაზე და ეფუძნება შინაარსს, რომელსაც სჭირდება ახალი ფონემური, ლინგვისტური და სონორისტული ,,თხრობითი’’ ტექნიკა;
  • სონორისტული ტექნიკა თხრობის, იმპროვიზაციის ის ხერხია, რომელიც მთლიანად შემსრულებლის ოსტატობაზე, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

როგორც ვხედავთ, ამ კონკრეტული პერიოდის შესასწავლად უამრავი აქტივობაა ჩასატარებელი, რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლემდე საინტერესო რესურსების შერჩევის გზით უნდა მივიდეს. ამ კონკრეტული მიმართულების კომპლექსურ დავალებაში პედაგოგი მიჰყვება ბგერის ტრანსფორმაციის ფორმებს. ბგერის გარდასახვა, ბგერათა პატერნების ხარჯზე ჟღერადობის გახანგრძლივება და შემცირება – Reproduction of sound & Abbreviation of sound, სონორისტული თხრობის ტექნიკური საშუალებაა, რომლის საფუძველზე ვიღებთ მითოლოგიის, კატაკლიზმების, კატასტროფების აუდიო/სივრცით ილუსტრაციებს.

ასეთ დროს ცხადი ხდება საგანთაშორისი კავშირები. ხმოვანების გაზრდა/გაფართოება/შემცირება უშუალო კავშირშია ფიზიკასთან, კერძოდ, ბგერის სპექტრულობის შესწავლასთან. თუ ბგერის სპექტრულობას არ განვიხილავთ ფიზიკასთან კავშირში, ჩვენ ვერ შევძლებთ, დავეხმაროთ მოსწავლეს XX-XXI საუკუნის მუსიკაში დოდეკაფონიისა და სონორისტიკის სტილურ თავისებურებების გააზრებაში. შესაბამისად, თუ არ დავამუშავებთ აკუსტიკური და სინთეზური ბგერის თვისებებს, მეხსიერებაში ვერ დარჩება მყარი ცოდნა კონკრეტული მიმართულების ირგვლივ. ამიტომაც, სამიზნე ცნება/ცნებები წარმოადგენს კომპასს მკვიდრი წარმოდგენებისაკენ, მყარი ცოდნისაკენ. მაშასადამე, ვიკვლევთ კონკრეტულ საგანს, რომელიც ეფუძნება სამიზნე ცნებებს, რათა მოსწავლემ შეძლოს ნაწარმოების მხატვრული შინაარსის ამოკითხვა, მისი გათავისება და საბოლოო პროდუქტის სახით პრეზენტირება.

სწორედ საკვლევი თემის საფუძველზე მოდელირდება დავალების სტრუქტურა, რომელიც თავისთავად აგებულია მიზანსა და ამოცანებზე. მიზნისკენ მიმავალ კვლევებს შეგვიძლია ვუწოდოთ დაკვირვება, სამიზნე ცნებებზე ,,შეჩერება’’, რომელსაც ლოგიკურად მივყავართ პირობისეულ ცოდნასთან. ეს ცოდნა კი იძლევა ინტერპრეტაციის, ვარიაციის მრავალფეროვან შესაძლებლობებს.

სასწავლო პროცესის მოდელირება, როგორც ზევით აღვნიშნე, ეფუძნება სამიზნე ცნებებს, საკვანძო კითხვებსა და მკვიდრ წარმოდგენებს. ის გახლავთ სწავლა-სწავლების ერთგვარი კომპასი. იმისათვის, რომ ვმართოთ რთული ქცევები, საგაკვეთილო პროცესში, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მოდელი, განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე. საგაკვეთილო პროცესის სწორი მენეჯმენტი კი ნებისმიერი სირთულის დაძლევის გარანტიაა. მაშ ასე:

  1. მოსწავლეს ვაცნობთ ახალ თემას;
  2. კოგნიტური მაორგანიზებლის დახმარებით ვაკეთებთ წინარე ცოდნის ანალიზს;
  3. ახალი თემისთვის წინარე ცოდნიდან ვიღებთ იმ საკვანძო საკითხს, რომელიც ახალ მასალაში იმპლემენტირდება;
  4. რესურსი ზუსტად უნდა მოვარგოთ ახალი თემის იდეას, რომლის დახმარებით შევძლებთ შინაარსის განზოგადებას;
  5. მაგალითისათვის, თუ ვსაუბრობთ Underground-ის ფენომენზე პროექტულ სწავლებაში, მიზანშეწონილია, კლასს ვაჩვენოთ ვიდეო ვიეტნამის ომის ან კარიბის ზღვის აუზის კრიზისზე, 60-იანი წლების სოციო-კულტურულ მოძრაობებზე, პაციფისტურ და ფემინისტურ დეკლარაციებზე.
  6. ამ ყოველივეს გათვალისწინებით შევძლებთ მოსწავლეთა დაინტერესებას ასაკობრივი კონტექსტით განპირობებული საკითხებით, რომელთა ინტეგრირება შეგვიძლია სამოქალაქო განათლებასთან, ისტორიასთან, ლიტერატურასთან, უცხო ენებთან…

 

მასწავლებელი, როგორც დირიჟორი აყალიბებს დამოკიდებულებებს თანამედროვე სწავლების ახლებური მიდგომების მიმართ. მას ხელეწიფება სტანდარტული, ყავლგასული სასწავლო პროცესის გაჯანსაღება, გაცოცხლება და ახალი ინსტრუმენტების – კომპლექსური დავალებისა და პროექტული სწავლების დანერგვა, მოდელირება საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე.

მეთოდოლოგიასა და პრაქტიკაში ცვლილებების შეტანა, სტრატეგიების გრადაცია, მათი მორგება მოსწავლეების შესაძლებლობაზე, მიზნობრივი უკუკავშირი და მეგობრის როლი – თანამედროვე ჯანსაღი საკლასო სივრცის ნაწილია.

ზოგადად, მოდელირება სოციალური დასწავლის თეორიაში მხოლოდ მიბაძვას არ გულისხმობს. სოციალური დასწავლის გზა არის მიღწეულ შედეგთა ერთობლიობის გათვალისწინება, რომელიც პროცესის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, უფრო მეტიც, დასწავლის თეორიაში მოდელირება მოსწავლეს ეხმარება სოციალიზაციაში, ცხოვრებისეული მოთხოვნების, სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში. მოდელირება კომპლექსური ფენომენია და ეხება როგორც საკლასო სივრცეს, ასევე სასკოლო კულტურის განვითარებას, მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, რაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული მახასიათებლის – დემოკრატიული კულტურის განვითარების ძირითადი ნაწილია.

როგორც ვიცით, სოციალური სწავლების თეორია – ,,ვიკარი სწავლა’’ – ამტკიცებს, რომ შემეცნებითი პროცესები, რომლებიც ყალიბდება ახალი ცოდნის ან უნარის შეძენისას, უნდა იქნას გაგებული იმ კონტექსტის საფუძველზე, რომელშიც ისინი ადაპტირდებიან.

სოციალური სწავლების თეორიაში კომპლექსური დავალება და პროექტული სწავლება ითვალისწინებს თითოეულ მოსწავლეში ახალი წარმოდგენის, ახალი ცოდნის ჩამოყალიბებას ისე, რომ არ დაიკარგოს მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები. მაგალითად, მუსიკათერაპიაში სოციალური დასწავლა თავისთავად იქცევა თერაპიული სწავლების ფორმად. მოსწავლის დონის გათვალისწინებით ვაკეთებთ მისთვის მორგებულ, მოდელირებულ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეგვიწყობს დავუახლოვდეთ მოსწავლეს და გავიგოთ მისი პრობლემების სირთულის ხარისხი. ჩვენ უნდა მოვერგოთ მის შესაძლებლობებს, რათა მოსწავლემ შეძლოს სოციალიზაცია თანამედროვე სამყაროში. მუსიკათერაპია ხომ პრობლემისადმი მეცნიერული მიდგომაა, სადაც მუსიკა გამოყენებულია პიროვნების ბუნებრივი განწყობის ასამაღლებლად, ეხმარება ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ეს არის მიზანზე ორიენტირებული ჩარევა, რომელიც თავისთავად შემოქმედებითი პროცესია მუსიკათერაპევტსა და მიმღებს შორის.

დასკვნის სახით, მინდა მოვიყვანო ამონარიდი დიმიტრი უზნაძის მოხსენებიდან ,,სკოლის მართვა’’, რომელიც ზუსტად პასუხობს დღევანდელ კონტექსტურ და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს:
,,სკოლამ ფართოდ უნდა გააღოს ცხოვრების, მრავალმხრივი საქმიანობის კარი; სკოლაში უნდა ინერგებოდეს არა პასიური მოსმენისა და მომწიფების პროცესი, არამედ აქტიური შემოქმედება და შრომა, მაგრამ არა შემთხვევითი შრომა, არამედ ისეთი, რომელიც გამსჭვალულია და წარმართული მეცნიერული ცოდნის საფუძვლებით’’.

დიმიტრი უზნაძე,
ლადო გუდიაშვილი.1945ლადო გუდიაშვილი, 19

 

როგორი დროულია ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის მიერ 1917 წელს დაწერილი ეს მოსაზრება, რამდენი რამ უნდა ვისწავლოთ და გავითვალისწინოთ მისი ,,სინათლის’’ სკოლის პრაქტიკული გამოცდილებიდან. დიდი მეცნიერის მოსაზრებები სასკოლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, უაღრესად თანამედროვე და აქტუალურია დღესაც. უმაღლესი განათლებისაკენ მიმავალი გზა სწორედ სასკოლო პროცესში მოდელირებულ კომპლექსურ დავალებებსა და პროექტულ სწავლებაზე გადის. კვლევითი სამუშაოს ეს ორივე ფორმა კი პედაგოგის მუშაობის ახალი ინსტრუმენტებია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამბებით თერაპია – სიტყვებით ჯადოსნობის შესახებ

0

ამბების სიყვარული და მისით ტკბობა ბებიამ მასწავლა, როდესაც აღტაცებით და ინტერესით ვუსმენდი მის საუბრებს, შელოცვებს თუ ფანდურზე დამღერებულ შაირებს – ჩვენი სახლის წინკარში, ჭიშკართან ხის ძელსკამზე, ბუხრის პირას თუ საძინებელ ოთახში, სადაც მის საწოლს მეც ვინაწილებდი. ამბების გახსენებით მოგვრილ სიხარულს და რაღაცნაირი მადლიანი კმაყოფილების განცდასაც ბებიას ვუმადლი. ამ განცდების შესაგრძნობად ისევ ვისურვებდი ბავშვობაში დაბრუნებას, მის გვერდით ჩამოჯდომას, რომ მისთვის მომესმინა.

 

ბებიას თხრობის გასაოცარი ნიჭი ჰქონდა და სიამოვნებით გვიყვებოდა უამრავ ამბავს. აქედან ზოგი რეალური იყო, ზოგიც არარეალური. წლების შემდეგ მივხვდი, რომ მას შეეძლო, ყველაფერი საკუთარ გამოცდილებასთან დაეკავშირებინა, ჩვენთვის საინტერესო გაეხადა მონათხრობი და დაგვემახსოვრებინა ხალასი იუმორით შეზავებული თუ უკიდურესად ნაღვლიანი ამბები.

 

როდესაც ბუხარში ნაკვერჩხლები მიინავლებოდა, ჭრაქის ლამფაც ისე კარგად ვეღარ ანათებდა და გარეთ ძილისწინა სიჩუმე ისადგურებდა, ვტოვებდით ბუხრის ოთახს და ბებიას ოთახში გადავინაცვლებდით. ეს ის დრო იყო, როდესაც ელექტროენერგია იშვიათად ან საერთოდ არ მოგვეწოდებოდა. იმ სიჩუმის გახსენება, რომელიც სოფელში ძილის წინ ჩამოდგება, ახლაც კი სიმშვიდეს მგვრის.

 

„- ღმერთო, დალოცე, ჩემი შვილები, შვილიშვილები. შვიდობიანი დღე გაგვითენე – დაილოცებოდა ბებია და უბრალო, შინაურული სიტყვებით დაელაპარაკებოდა ღმერთს ყვავილებიან ჩითის პერანგში დასაძინებლად გამზადებული. მას არასოდეს მოუყოლია ტრადიციული ზღაპრები შვილიშვილებისთვის, სადაც პროტაგონისტი მიდის სახლიდან და თავგადასავლებში ეხვევა; ისეთი ზღაპრები, როგორსაც სხვა ბებიები უყვებიან შვილიშვილებს. მისი ამბების მთავარი პერსონაჟი თავად იყო და ამბებიც გაჯერებული იყო ყოველდღიურობის, ცხოვრებისეული გამოცდილების, გადატანილი სიძნელეების, დამარცხებების და გამარჯვებების გაზიარების სურვილით. ბავშვობის დროინდელ რთულ ყოფაზე, ომში წასულ მამაზე, ყოჩაღ დედაზე და თავის 6 და-ძმაზე, შემდეგ სახლის დატოვების და ჩემს ბაბუასთან ახალი ცხოვრების დაწყებაზე როდესაც გვიყვებოდა, ეს ამბები, ყველა იმ ზღაპარს მერჩივნა, რომლებსაც ვკითხულობდი. ბებიას რთულ დროს მოუწია ცხოვრება, სიდუხჭირემ მის ცხოვრებას დაღი დაასვა, საკუთარი ოცნებების ახდენის საშუალება არ მისცა, განათლების მიღება ვერ შეძლო და ამას ძალიან განიცდიდა. 50 კაპიკი არ მქონდა, სკოლაში, რომ მიმეტანა. დედაჩემს ვერ ვუთხარი. საიდან ექნებოდა. ემრცხვა და მეორე დღეს აღარ წავედი სკოლაში, გვიამბობდა ბებია. როდესაც დაქორწინებას, ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს იხსენებდა, სიამაყით ამბობდა:გაკერილი თეფში დამხვდა, როცა ბაბუაშენს გავყევი ცოლად და ეს ყველაფერი (სახლი, კარმიდამო) დიდი შრომით მოვიანეთ აქამდეო. ბებია მართლაც ძალიან ბევრს შრომობდა, სულ გვეუბნებოდა ადამიანმა მზის ამოსვლას უნდა დაასწროს ადგომაო და ყოველთვის ასე იქცეოდა. ჩვენს გაღვიძებამდე დილის საქმე უკვე მოთავებული ჰქონდა – ძროხა მოწველილი, ყველი ამოყვანილი, ჭურჭელი დარეცხილი და საუზმე მომზადებული.

 

დღეს ყველაზე რთულ მომენტებში, ზუსტად ვიცი, რა მიშველის – გარინდება და იმ დროში გადანაცვლება, როდესაც ყველაფერს სიმსუბუქის განცდა დაჰკრავდა, დაცულობის, უპირობო ნდობისა და სიყვარულის ატმოსფეროში.

 

ამბის ჯადოსნურობისა და მაკურნებელი თვისების რწმენაც ღრმა ბავშვობიდან მომყვება და დღესაც გულწრფელად მჯერა, როდესაც ბუხრის პირას მჯდარი ბებია კალთაში ჩამისვამდა, „შიშზე” და „ნათვალევზე” შემილოცავდა, „იყო და არა იყო რა”-სავით ჯადოსნურ სიტყვებს „ალისასა, მალისასა” წარმოთქვამდა, ვიცოდი, რომ სიტყვის მაგია ამოქმედებას იწყებდა. ავი თვალი მშორდებოდა, საშიშროება ჩავლილი იყო და ვერავინ ვერაფერს დამაკლებდა, როდესაც ბებიას შეეძლო სიტყვებით ეჯადოსნა.

 

 

 

 

ირაკლი ჭინჭარაული – „ფიქრი ნაომარი“

0
man-walking-wallpapers-top-free-man-walking-backgrounds-wallpaperaccess.jpg

ადამიანის საცნობად ერთი შეხვედრა სრულიად საკმარისია ჩემთვის. ან მომეწონება, ან არ მომეწონება, ან გავაგრძელებ მასთან ურთიერთობას, ან – არა. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც ასე, პირველივე შეხვედრისას დავუმეგობრდი და არანაირი „ერთი ფუთი მარილი“ ერთად არ გვიჭამია. ირაკლი ჭინჭარაულიც ასე იყო. სანამ შევხვდებოდი, ვიცნობდი შორიდან (თვითონაც მიცნობდა), მერე აქ, თბილისში, საერთო ძმაკაცმა გაგვაცნო ერთმანეთი, სადღაც პარკში ლუდი დავლიეთ და იქვე გავხდით ძმაკაცები. მერე რამდენჯერმე ტელეფონით ვილაპარაკეთ, შეხვედრაც დავთქვით, მაგრამ მეორედ, მესამედ, მეასედ და მეათასედ შეხვედრა არ დაგვცალდა – მოხდა ის საბედისწერო ავტოავარია… მერე იყო ხანგრძლივი ბრძოლა სიკვდილთან კლინიკაში, მერე კი დასასრული…

აი, ხომ არიან უდროოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტები, რომლებიც რაღაც რომანტიკული შარავანდედით არიან მოსილნი, შეიძლება, ვიღაცას მათი ლექსებიც არ ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ სახელის გაგონებისთანავე სენტიმენტებს და რაღაც შურის მაგვარსაც კი (მათ ხომ ასეთი სიკვდილი შეძლეს) გრძნობენ ხოლმე. სწორედ ასეთი რომანტიკული შარავანდედით მოსილი, მარად ჭაბუკი პოეტია ირაკლი ჭინჭარაული. როცა მის სახელს გავიგებ ან მის ფოტოს მოვკრავ თვალს, სითბო მეღვრება გულში და ვგრძნობ, რომ სიკვდილამდე გამყვება ეს დამოკიდებულება.

ირაკლის ერთადერთი პოეტური კრებული, რომელსაც „ფიქრი ნაომარი“ ჰქვია, მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა. ამ ასგვერდიანი წიგნის ფურცლებზე სრულად და მკაფიოდაა პროეცირებული ირაკლის ფიქრები და განცდები. მისი ცალკეული ლექსები, რა თქმა უნდა, წაკითხული მქონდა, მაგრამ ასე, ერთიანად თავმოყრილმა, მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ირაკლი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ჩვენგან წავიდა და გასაკვირია აზროვნებისა და მისწრაფებების ის მრავალშრიანობა, რომელსაც ამ ლექსებში ვხედავთ. უპირველესი, რაც თვალში მოგვხვდება კრებულის კითხვისას, ესაა პროსოდიულ-ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება, თან ჩანს, რომ ეს არაა თვითმიზანი, ავტორს, უბრალოდ, სულ ერთ ხმაზე წერა არ შეუძლია, ეს მისი შინაგანი მოთხოვნილებაა. თანამედროვე და, მით უმეტეს, ახალგაზრდა ქართველი პოეტების უმთავრესი მინუსი სწორედ რომ მონოფონურობაა, ყბადაღებული ბესიკური თოთხმეტმარცვლიანით ნაწერი ლექსებით შედგენილი კრებულები იშვიათად, რომ მოსაწყენი არ იყოს. ირაკლი კი შესაშურად მრავალფეროვანია, ამ კრებულში ბესიკურ თოთხმეტმარცვლიანსაც (5/4/5) შეხვდება მკითხველი, ლოგაედურ ათმარცვლიანსაც (5/5), დაბალ შაირსაც (5/3), ხმით ნატირლების ცხრამარცვლიანსაც (5/4), ათმარცვლიანის ისეთ მუსიკალურ ვარიაციებსაც, როგორებიცაა 2/4/4/ და 4/4/2, მეორე პეონურ ტრიმეტრსაც (4/4/4), დაქტილურ საზომებსაც (დაქტილურ ტრიმეტრს – 3/3/3, დაქტილურ ტეტრამეტრს – 3/3/3/3, დაქტილურ პენტამეტრს – 3/3/3/3/3 და დაქტილურ ჰეგზამეტრსაც კი – 3/3/3/3/3/3), საფერხულო თოთხმეტმარცვლედსაც (4/3/4/3) და ასე შემდეგ… ირაკლი ასევე მიმართავს ჰეტერომეტრიას, ხშირია თითო ლექსში რამდენიმე პოეტური საზომის მოდულაციები. მოკლედ, ამ წიგნის კითხვისას მკითხველი არ მოიწყენს.

ლექსებს თარიღები არ აწერია, ამიტომ რთულია თქმა, დაცულია თუ არა ქრონოლოგია (სავარაუდოდ – არა). ამიტომ მკითხველს ვარაუდით უწევს, მიადევნოს თვალი ავტორის ფილიაციას – შემოქმედებით ზრდას. ეს კრებული, ისევე, როგორც ზოგადად ყველა კრებული, მხატვრულად, ცხადია, ტრავერსულია, ყველა ლექსი არაა თანაბარი სიძლიერის, ამ ყველაფერს ტექნიკურ ნიუანსებსაც თუ დავუმატებთ, არაა ძნელი მისახვედრი, რომელია ადრინდელი და რომელია გვიანდელი ლექსები, და ამ შესამჩნევი პროგრესირების ფონზე მით უფრო გულსაკლავია ირაკლის ასე უდროოდ გარდაცვალება, მას ხომ შეეძლო, უფრო მაღალი მწვერვალები დაეპყრო…

საოცარი ის არის, რომ იმ მრავალფეროვანი, უკვე ათვისებული პროსოდიული არსენალის მიუხედავად, ამ წიგნში არსად ისმის რელიქტური ექოები, ანუ არსად „ისმის“ სხვა რომელიმე პოეტი, ეს მთლიანად ირაკლის ინტონაციურ-აკუსტიკური სივრცეა, ამის მიღწევას კი დიდი პოეტური გამოცდილება სჭირდება (ზოგი ამას სიბერეშიც ვერ აღწევს), მან კი ეს პატარა ასაკში შეძლო.

რაც შეეხება კრებულის კონცეპტუალურ მხარეს: ესაა ახალგაზრდა კაცის ონტოლოგიური რეფლექსიები (ზოგჯერ ნაივური და ინფანტილური), ოცნებები, სატკივრები (ზოგჯერ სკაბრეზულ-ფრივოლურად ამოხეთქილი)… ავტორი ერთი წამითაც კი არ წყდება თავის კუთხეს – მთას. მის ფიქრებში ურბანული თემატიკისთვის აღარაა ადგილი (ამხელა წიგნში მხოლოდ ერთადერთხელაა ნახსენები თბილისი), მისთვის პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ ლექსის წერის მომენტში შეიძლება, მთაში არ იყოს, მისი სტერეოსკოპული რაკურსი, რომელიც მთლიან საქართველოზე იშლება, სწორედ მთას უკავშირდება. ირაკლი ჭინჭარაული „მთის პოეტის“ მოდერნიზებული, თანამედროვე (ცხადია, საუკეთესო გაგებით) ნიმუშია. კრებულის ქვაკუთხედური ტროპული ერთეულია დედის ხატება, რომელიც რამდენიმე ლექსში გვხვდება, და ეს მით უფრო მოსახვედრია გულზე, როცა იცი, რომ ის დედისერთა იყო („მე ხომ განგებამ და-ძმებით არ გამათამამა“)…

ბოლოს კი ირაკლის ლექსი, რომელიც მეგობრებს ეძღვნებათ:

***

თქვენი ძმა ისე მოკვდება,
ხარს ჰგვანდეს
წიფლისფერასა,
ქავზეით გადაჩეხილი,
ეჭიდებოდეს ვერასა,
მიჰქონდეს, მიაჟამკრებდეს
სიცოცხლის უღელს ძნელასა.

მარტის ამბებიდან 

0

ფანჯარა გამოვაღე და უცებ, უცნაური და მოულოდნელი აწყვეტით შემოვარდა გაზაფხულის სუნი – განა ფეხაკრეფით, როგორც სხვა ახლო გაზაფხულებისას სჩვეოდა ხოლმე. ასეთი დაძგერება უხსოვარ დროში მახსოვს ხოლმე, მარტის პროლოგისას აივანზე როცა გავდიოდი, ჯერაც ზამთრის განცდით ნაკარნახევი ტანსაცმლით და უცებ რაღაც დაგაბზრიალებდა – ვწევარ ახლა და თვალდახუჭული საკუთარ ბავშვობას ვსუნთქავ.

ერთმა საყვარელმა გოგონამ, მარტის მიტინგზე გამოსვლისას, უფრო ღელვის გამო, ასე მოგვმართა: ,,მე ვარ ქართველი, ამასადამე, მე ვარ ევროპელიო!” და მე ეს გოგონა მილიონჯერ მირჩევნია იმ ადამიანებს, რომლებიც გამართულად ამბობენ ,,მაშასადამე” და მერე სიტყვები კრემლისკენ ეპარებათ. ეპარებათ მტრისგან სატყუარად შემოგდებული წყობით: არც ევროპა გვინდა და არც რუსეთი! ეს ფორმულა გულზე მჯიღის საცემადაა მოგონილი შესაბამის ლაბორატორიებში და სინამდვილეში ისეთ საქართველოს ნიშნავს, მტერს რომ უნდა. არ არსებობს სამყარო კავშირის გარეშე და ამ კავშირებს კულტურების და ღირებულების თანხვედრა განაპირობებს. თაობას, რომელიც 2007 წელს ოთხი წლისა იყო, ვერაფერს წამოაძახებ. ამ თაობას გვერდით უნდა დაუდგე და არა პლაკატებზე ორთოგრაფია უსწორო. მე მათთან ვარ. დიახ, მე ვარ ქართველი და ამასადამე, მე ვარ ევროპელი.

პასუხი საკუთარ თავს უნდა მოვთხოვთ – ყველგან და ყოველთვის.

იმაზე წუწუნი რომ ხალხი ბნელია და ბლა-ბლა-ბლა, როგორც ბებიაჩემი იტყოდა – გრამოფონშია. უკანასკნელ ოც წელიწადში, ჩვენ, ვინც ვფიქრობთ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი ევროპაა და ევროპული ღირებულებები, ბევრი რამ დავაკელით. შევწყვიტეთ ან შევასუსტეთ ორი უმთავრესი რამ, რაც განმანათლებლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

1) მისიონერობა ანუ განსხვავებულთან ლაპარაკი 2) კითხვის დასმა საკუთარ თავთან ან სხვისი შენიშვნის მიღება – განვითარების აუცილებელი პირობა. და დაიბადნენ სტერილური მოლიბერალო პროლეკულტელები, კლასიკური სასარგებლო იდიოტების მომცრო კასტა, რომლებიც გაზეპირებული ფრაზებით დარბიან სოციალური ქსელის კედლიდან კედელზე და ხან თავისიანს და ხან სხვისიანს რაღაც დოგმებით ამუნათებენ.

ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: ძვირფასო და ყოვლადშესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ რომ აი, გუშინ რომ სოფელში ვიყავი, მაგალითად – გიორგეთში ან ხვალ რომ წავალ – მაგალითადვე – საკურცე – მცხოვრები ადამიანები, ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ვინმეს დაჩაგვრას მიესწრაფვიან – არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც – ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და ღიღინი. გადარჩენის და იმედის საქმე.

მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალელური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც – თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის ,,სურვილი” დაიბადა.

ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება – ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ, ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, საათიან ტრენინგს – ,,არა ძალადობას” და ,,დიდება თანასწორობას” ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით. მერე ხელს არ იბანთ ,,იქაური” საპნით, ძროხისსუნიანის დანაბანიაო (გგონიათ, ვიტყუები? – ვინც შეძლებთ, ცხადია, პიროვნების დასახელების გარეშე – ჩადით ხულოში და რომელიმე სოფლის მცხოვრები მოგიყვებათ) და იკითხავთ: ,,სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური სასტუმრო არ არის, რომ დაძინება შევძლო?”

ამ ქვეყანას ერთმანეთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა, ადამიანის ძებნა და განვითარება. გრძელი ამბავია? ,,მაი, როის იქნება?” იქნება. თუ ოდესმე ავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ.

აქტიური მოქალაქეობის სწავლება პეტიციის შემუშავებით

0

…დავიწყოთ დილემით:

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში?

***

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. აღნიშნულის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული გარკვეული პროცესებისა და საკითხების არსებითი გაუმჯობესებისათვის.

 

დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე ცნობილია, რომ თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულია ბევრი ადამიანი და გათვალისწინებულია მათი აზრი, ეს ერთი მხრივ, ზრდის კონტროლის ხარისხს საქმიანობაზე, მეორე მხრივ კი –ლეგიტიმურობას მატებს თვითმმართველი ორგანოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობა გადაწყვეტილების პროცესში უშუალოდ ჩართული მოქალაქეების მიერ განხორციელებული კონტროლით საგრძნობლად უმჯობესდება.

 

დავსვათ შეკითხვა: რა არის საჭირო აქტიური მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად? – ხარისხიანი განათლება? კარგი პროგრამები და სახელმძღვანელოები? თუ უფრო მეტი?

 

აქტიურ მოქალაქედ მხოლოდ თეორიული ცოდნით ვერ ჩამოვყალიბდებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის გამოვცადოთ პრაქტიკაში. სასკოლო სივრცე და გარემო სწორედ ის ადგილია, სადაც ახალგაზრდამ უნდა შეიძინოს აქტიური მოქალაქისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები.

 

საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვა, ურბანული პრობლემების მოგვარება, გარემოსდაცვითი აქტივობები, ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, თემის ინფორმირება ის არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ახალგაზრდები სკოლიდანვე იწყებენ ფიქრს და ცდილობენ გადაწყვეტის გზების ძიებას.

 

თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივი მექანიზმები მოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. კოდექსის 85-ე მუხლი მეოთხე პუნქტის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

  • დასახლების საერთო კრება;
  • პეტიცია;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;
  • მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

 

მოქალაქეობის/სამოქალაქო განათლების სასწავლო დისციპლინა თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვის საშუალებასაც იძლევა. ამ დროს მოსწავლე ამჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი უფლება და მისი პრაქტიკაში რეალიზება შესაძლებელია.

პეტიცია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა

 

უცხო სიტყვათა ლექსიკონში პეტიცია განმარტებულია, როგორც წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი, მთავრობის მეთაურისადმი; კოლექტიური შუამდგომლობა. დღეს იგი გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისადმი კოლექტიური განცხადებების სახით. მოსწავლეებმა სკოლაში შეიძლება პეტიციით მიმართონ დირექტორს, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიურ საბჭოს.

 

მოქალაქეობის/სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში ისწავლება ადვოკატირების ინსტრუმენტები. პეტიციის შედგენა და შესაბამის ორგანოში წარდგენა არის ის, რისი სწავლება სკოლიდანვე შესაძლებელია.

 

პეტიციაზე მუშაობის პროცესი პირობითად შეიძლება დავყოთ ეტაპებად:

  1. საკითხის დასმა/პრობლემის იდენტიფიცირება;
  2. საკითხის/პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრა;
  3. პეტიციის ტექსტის შემუშავება;
  4. ხელმოწერების შეგროვება;
  5. პეტიციის წარდგენა უფლებამოსილ ორგანოსა და განხილვებში მონაწილეობა.

 

ქალაქ მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, კვლევის შედეგად მუნიციპალიტეტში „სოციალური კარადის“ განთავსების საჭიროება დაინახეს. შემდეგ შეადგინეს პეტიციის ტექსტი, შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს. ამ ეტაპზე განცხადება განხილვის ეტაპზეა.

 

სად და როგორ შევქმნათ პეტიცია?

 

საქართველოში, მუნიციპალიტეტების უმრავლესობა საკუთარ ვებგვერდზე პეტიციის ელექტრონული სახით დამატებისა და გაგზავნის პლატფორმას გვთავაზობს. გარდა აღნიშნულისა, არსებობს რამდენიმე ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია პეტიციის განთავსება და ხელმოწერების შეგროვება. მაგალითისათვის:

 

www.manifest.ge

www.ichange.gov.ge

www.change.org (საერთაშორისო)

გარდა ელექტრონული პეტიციებისა, შესაძლებელია ტრადიციული წესით ხელმოწერების შეგროვება და წარდგენა შესაბამის ორგანოში.

 

საქართველოში, საბჭოთა წარსულის გათვალისწინებით, მოქალაქეთა ჩართულობის საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში განცხადებების წერით შემოიფარგლებოდა. დღეს საზოგადოება ნელ-ნელა იაზრებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება. რაც უფრო მეტია მოქალაქეთა ჩართულობა, მით მეტია ანგარიშვალდებულება ადგილობრივი ხელისუფლებისა მოსახლეობის წინაშე.

„თაობათა თეორია“ ანუ „მამათა და შვილთა ბრძოლა“ ჩვენებურად

0

ცხოვრება სავსეა დაყოფებით, გაყოფებით, შემდეგ ამ დაყოფებთან იდენტობებით, შემდეგ დაყოფილთა დაპირისპირებებით, კონფლიქტებით, თავისებურებებით, განსხვავებულობებით და ასე შემდეგ.

თითქოს ყველას ერთი პლანეტა გვაერთიანებს, მაგრამ რამდენადაც გვაერთიანებს, იმდენად გვყოფს კიდეც. ყველა სხვა დაყოფებს შორის თაობებიც დაიყო. ერთი შეხედვით, ეს ბუნებრივი პროცესია, რომ განსხვავებულ დროში, განსხვავებულ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტებში თაობა იძენს თავის მახასიათებლებს და მათი გათვალისწინება სასარგებლოა იმისათვის, რომ მეორე ადამიანს, სხვა თაობას, უკეთ გაუგო და გესმოდეს მისი. კონსტრუქციული საზოგადოება ასეც მოიქცევა, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ურთიერთმიუღებლობა ზღვარს აღწევს და კონფლიქტებში გადადის. არადა, ყველა თაობას თავისი უნიკალურობის გამო შეუძლია გამოცდილებებით გამდიდრება.

„თაობათა თეორია“ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 7-8 მარტის აქციებზე აქტიურობით Gen.Z თაობა გახდა გამორჩეული. ზოგ შემთხვევაში, ზედმეტადაც გვიყვარს ხოლმე უტრირება, მაგრამ არც ურთიერთმიუღებლობაა ჩვენთვის ახალი ხილი. ჰოდა, ასე მოხდა ამჯერადაც.

ჯერ მოდი, გავარკვიოთ, მაინც რას გვეუბნება „თაობათა თეორია“? მოდი, განმარტებებიდან დავიწყოთ:

თაობა სოციალურ-ასაკობრივი კატეგორია, ნომინალური ჯგუფია. ეს ტერმინი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. დემოგრაფიული თვალსაზრისით, თაობა არის ასაკობრივი ჯგუფი, დროის დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანების ერთობლიობა (მაგ., 1940 წ. დაბადებულთა თაობა, 1940-1945 წლებში დაბადებულთა თაობა და ა.შ.). თაობად მიჩნეულია დროის შუალედი, დაახლოებით 20-30 წელი, რომელიც თითოეულ ბუნებრივ თაობას აშორებს შემდგომისაგან, ე.ი. პერიოდი, გარკვეული ასაკობრივი ერთობლიობის დაბადებასა და მათი შვილების დაბადებას შორის.

გენეალოგიური თვალსაზრისით თაობა აღნიშნავს საერთო წინაპრისაგან წარმოშობილ კოჰორტას. მიუხედავად კონცეპტუალური სიძნელეებისა, მოცემული ცნება დიდ როლს ასრულებს სოციოლოგიაში. სოციოლოგიური მნიშვნელობით თაობა ნიშნავს საზოგადოების იმ წევრთა ასაკობრივ ჯგუფს, რომლებიც არა მარტო დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიბადნენ, არამედ საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება, ინტერესები, შეხედულებები, აღქმის უნარი და იდენტური თვითცნობიერება (თვითშეგნება) აქვთ. ისინი განიხილებიან, როგორც გარკვეული კოლექტიური ერთობა (მაგ., XX ს–ის ოთხმოციანელთა თაობა, II მსოფლიო ომის თაობა, ე.წ. „დაკარგული თაობა“, აფხაზეთის კონფლიქტის თაობა და ა.შ.). კარლ მანჰაიმი (Karl Mannheim, The problem of generations, 1952)[1]

„თაობათა თეორია“ არის უილიამ შტრაუსისა და ნილ ჰოუს მიერ შემუშავებული თეორია. 1991 გამოქვეყნდა მათი ერთობლივი წიგნი, „თაობები“, («Generations»)[2]. ამ ნაშრომით თაობათა კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

ჩუმი თაობა (1928-45),

ბუმერები (1946-64),

თაობა იქსი (1965-80),

მილენიუმის თაობა (მილენიალები 1981-96),

თაობა ზეტი (1997-2012 ზუმერებად) და

თაობა ალფა (2010-20).

რა არის ახალი თაობათა დაპირისპირებაში…? აგერ გავიხსენოთ „მამათა და შვილთა ბრძოლა“. არც ისინი ზომავდნენ ერთმანეთისათვის ნასროლ სიტყვებს.

„მოვიდენ… და რა?

სულ ჩაგვამწარა…

ვაი ჩვენს იმედს…

ვაი თქვენს მოსვლას!..“ (გრიგოლ ორბელიანი)

ილია ჭავჭავაძეც არ ინდობს მამების თაობას შვილების თაობის სახელით:

„ჩვენ მოკუნტულნი,

თქვენ გაბღენძილნი,

ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია….“.

ჩვენ შეგვიძლია, უამრავი პარალელი დავძებნოთ თანამედროვეობაში თაობათა მსგავსი სულისკვეთებისა.

რა მოიტანა ამ შეუთავსებლობამ…? ილიას მკვლელობა… იდეების განადგურება.

ყოველი თაობა ისევ თავიდან იწყებს. პირველაღმომჩენის ენთუზიაზმით „მამები და შვილები“ კვლავ და კვლავ იმეორებენ ერთსა და იმავეს: სხვადასხვა სიტყვებით, პროზაულად და არა პოეზიით, მაგრამ არსით მსგავსი ბრძოლაა თაობების ბრძოლა. ცოტა ხნის წინ რომელიღაც არხზე, თაობა იქსის წარმომადგენელი ამბობდა: „ჩვენ გავიარეთ 90-იანები, 9 აპრილი, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი… რევოლუცია… ჯერ ახალგაზრდებს ეს არ ესმით, რაც ჩვენ ვიცით, დრო მოვა და გაიგებენ…“. როცა ეს ფრაზა გავიგონე: „დრო მოვა და გაიგებენ“ – ჩემთვის ფიქრი გავაგრძელე… ამ ქალბატონის წინა თაობა იმავეს ამბობდა, სხვა მოვლენებზე, რომელიც მისმა თაობამ ვერ გაიგო, მერე დრო მოვიდა და გაიგო და ახლა ამბობს, რომ დრო მოვა და ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ხდება… შემდეგ, დიდი ალბათობით, როცა ეს ახალგაზრდები მამების თაობაში გადაინაცვლებენ და „დრო რომ მოვა, გაიგებენ“, აუცილებლად იმავეს ეტყვიან თავიანთ შვილებს… ის შვილები – თავის შვილებს… და ამ ფიქრში მივხვდი, რომ ერთადერთი, რისთვისაც ვცხოვრობთ ისაა, რომ: „დრო მოვა და გავიგებთ“, სხვა არაფერი იცვლება, ან იცვლება უმნიშვნელოდ. ყოველ შემთხვევაში, ტრანსფორმირებულ ცნობიერებას და საზოგადოებას ვერ ვხედავთ. ჰოდა, მორბენალი სტრიქონივით დაგვდევს ფრაზა: „ჩვენმა შვილებმა მაინც იცხოვრონ თავისუფალ საქართველოში“, რომ „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი – ჩვენია!“. და რადგან სულ აწმყოა და მომავალი არასდროს დგება, დავდივართ ჩაკეტილ წრეზე…

მე კი მინდა, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები და მეც – ყველა ბედნიერები ვიყოთ! როგორ…? – არ ვიცი, მაგრამ აუცილებელია, პარადიგმა გამოვცვალოთ!

 

P.S. „თაობათა დაყოფა“ ასტროლოგიას მაგონებს: სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულებს რომ თავისი მახასიათებლები აქვთ… რომ პლანეტები გვმართავენ, რომ უნდა ვიცოდეთ, მთვარის ფაზები და პლანეტათა განლაგება, რომ ფეხი უნდა ავუწყოთ ჰოროსკოპებს და ასე შემდეგ… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მართლაც არსებობს და მოქმედებს ადამიანებზეც, მაგრამ ისიც ნათქვამია: „ბრძენები მართავენ ვარსკვლავებს, ბრიყვები – იმართებიან ვარსკვლავების მიერ“.

 

[1] https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=4319

 

[2] Howe, Neil; Strauss, William. (1991). Generations: The History of America’s Future, 1584 to 2069. New York:

 

ქვის ქვეყანა: სომხეთის მოკლე ისტორია

0

ილიას უნივერსიტეტის ახალ გამოცემებს ყოველთვის ყურადღებით ვათვალიერებ ხოლმე – აუცილებლად წასაკითხი, წიგნების სვეტებს მისამატებელი რომ არაფერი გამომეპაროს. გურამ მაისურაძის „სომხეთის ისტორიის“ ყიდვაც დანახვისთანავე გადავწყვიტე. მერე რა, რომ ამ ქვეყნის წარსულითა თუ აწმყოთი განსაკუთრებულად დაინტერესებული არასდროს ვყოფილვარ. მივხვდი, რომ სამარცხვინოდ ცოტა ვიცოდი იმ გზაზე, რომელიც მეზობელმა ხალხმა გამოიარა და ეს წიგნი სასწრაფოდ უნდა წამეკითხა.

ავტორს შესავალშივე მოჰყავს ივანე ჯავახიშვილის სიტყვები: „შეუძლებელია, ქართველი ერის ისტორიას სწერდე და ამასთან არ იცნობდე და არ აფასებდე სომეხთა ძველ და მდიდარ ისტორიას. მარტო გეოგრაფიული მეზობლობა როდი აკავშირებდა ქართველსა და სომეხს. ამ მოძმე ერთა კავშირურთიერთობა არა მარტო ათეულ საუკუნეებს ითვლის, არამედ სიხარულისა და ჭირის თითქმის განუყოფლობას ითვალისწინებს“. ისევ ივანე ჯავახიშვილის შეფასებით, მათ ყოველთვის ერთი მტერი ჰყავდათ, თავსაც ერთად იცავდნენ, საერთო კი უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე განმასხვავებელი.

წიგნი „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიითაა გამოცემული და სომხეთის ისტორიას მოკლედ გვიყვება. შესანიშნავი ენით დაწერილი, სათავგადასავლო რომანივით იკითხება – რაც უფრო მეტს იგებ მთავარ გმირზე, მით უფრო გიყვარდება; ხვდები, როგორ ჰგავს მისი ამბები სახელმძღვანელოებში შენი ქვეყნის შესახებ მოთხრობილს, სკოლის წლებში დამახსოვრებულს. ზოგჯერ ეს სულაც ერთი ისტორიაა, ერთი ბრძოლაა გადარჩენისთვის.

ავტორი დასაწყისშივე შენიშავს, რომ „ჰაიასტანის“ სინონიმად „ქარასტანსაც“ ხმარობენ, რაც ქვის ქვეყანას ნიშნავს. მიზეზი „რელიეფში ქვიანი ტერიტორიის სიჭარბე“ უნდა იყოს. ასწლეულების მანძილზე მეტად ბევრი რამ განსაზღვრა სომეხთა ცნობიერებაში დარჩენილმა ამ სურათმა, ამ ქვებმა, რომელთა შორისაც მცენარის ღერო უნდა ამოეყვანათ. გაუთავებელმა ომებმა და უბედურებამ, გაუსაძლისთან გამკლავების აუცილებლობამ თითქოს ისინიც ქვად აქცია, ვისაც გამოსავლისთვის უნდა მიეგნო, ახალი თაობისთვის სიცოცხლის უფლება უნდა მოეპოვებინა.

კილიკიის სომხური სახელმწიფო, დიდი სურღუნი, ისრაელ ორი, ლორეს ნეიტრალური ზონა… რაღაცის შესახებ წამეკითხა, რაღაც მხოლოდ ყურმოკვრით ვიცოდი. ამ პატარა გზამკვლევმა ბევრი ისეთი რამეც აღმომაჩენინა, რაზეც მცირე წარმოდგენაც არ მქონდა, არადა, სურათის მკაფიოდ დანახვას მის გარეშე ვერაფრით მოვახერხებდი. კავკასიის საქრისტიანოს ერთიანობის იდეაც უფრო სუსტი და უფრო გვიანდელი მეგონა, ოცნებაში გაჩენილი და იქვე დასამარებული. ის კი არცთუ ცოტა სომეხსა და ქართველს უჩქარებდა გულისცემას, ხელის გამოსაღებადაც აქეზებდა…

„გვიანი შუა საუკუნეების მთელ მანძილზე ქართული სამეფო-სამთავროები, ანუ როგორც ისტორიული წყაროები მათ უწოდებდნენ – „საქართველოები“, ერთადერთი იყო სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც რეალური პოლიტიკური ძალა გააჩნდა და ამდენად, მხოლოდ მას შეეძლო ქრისტიანულ კავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელობა და გარე სამყაროსთან პოლიტიკური ურთიერთობის სახელმწიფოებრივ დონეზე გაბმაც. ასე რომ, სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის კავშირი ქართულ სახელმწიფოსთან სავსებით კანონზომიერ მოვლენას წარმოადგენდა“, – ვკითხულობთ წიგნში.

„საქართველოების“ ხსენებამ გამაშეშა. არ მახსენდება, სხვაგან მენახოს ეს მრავლობითი ფორმა, წარმოსახვის გამაღიზიანებელი და შორეულ სივრცეებში გამტყუებელი.

ხომ ვთქვი, სათავგადასავლო რომანივით იკითხება-მეთქი. გულის ამაჩუყებელი იმდენად ბევრია, შეიძლება ბოლოს საკუთარი მგრძნობელობისაც კი შეგრცხვეს… 1795 წელს აღა მაჰმად ხანი ქართლ-კახეთში შემოიჭრება და კრწანისის ბრძოლის შემდეგ თბილისის აღებასაც მოახერხებს. ამ შემზარავი ამბის შეტყობისას რუსეთის სომეხთა სულიერი წინამძღოლი იოსებ არღუთიანი ერეკლე მეორეს სწერს: „თბილისის აოხრებას განიცდიან მთელ მსოფლიოში გაფანტული სომხები, რომელთაც მხოლოდ თქვენი ქვეყნისა და სამეფოს იმედი ჰქონდათ“. იმედი დიდი ხნით ქრება. წინ სასოწარკვეთის ათწლეულებია.

სხვა მაგალითებს აღარ მოვიყვან. გურამ მაისურაძის წიგნის მკითხველად კი პირველ რიგში ისტორიის მასწავლებლებს წარმოვიდგენ, გაკვეთილზე გასამეორებელ ფრაზებს რომ მონიშნავენ, ძველ შეკითხვებს ახალს რომ მიამატებენ.

რა მოჩანს ჩემი ფანჯრიდან

0
windows-8-official-wallpapers-top-free-windows-8-official-backgrounds--wallpaperaccess.jpg

კომპლექსური დავალება – აღწერა, რა მოჩანს ჩემი ფანჯრიდან

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით შუალედური მიზანი, რომელიც თემის ფარგლებში გამოიყოფა, გულისხმობს სამ აუცილებელ კომპონენტს:

  • პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე (მაგ. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეიძლება შეიქმნას შემდეგი პროდუქტები: პოსტერი, კომიქსი, მცირე ზომის თხრობითი ტექსტი, ანალიტიკური ნამუშევარი (მაგ., პერსონაჟის დახასიათება და ა.შ.).
  • ძირითადი საკითხი, რომელსაც შეეხება კომპლექსური დავალება;
  • შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მიემართება სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს.

წარმოგიდგენთ მეოთხე კლასის მოსწავლეთათვის შექმნილ ორიგინალური კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს – აღწერა, რა მოჩანს ჩემი ფანჯრიდან (ავტორი – დაწყებითი განათლების ექსპერტი, შპს „წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის“ მასწავლებელი, მაკა ინაშვილი)

დავალება საიტერესო გახლავთ იმ კუთხითაც, რომ თემის ფარგლებში მუშავდება დაწყვილებული ორი სამიზნე ცნება.

სამიზნე ცნება:  სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები:  (I). 4, 5, 6)

ქვეცნება – აღწერა

მკვიდრი წარმოდგენები

  1. სათქმელის გამოსაკვეთად მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების, ტექსტის ერთეულების (მაგ., სათაურის) შერჩევა.
  2. შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე/მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია დეტალების წარმოჩენა, მრავალფეროვანი სიტყვების გამოყენება.
  3. იმისთვის, რომ მკითხველს/მსმენელს გავაგებინოთ სათქმელი, მისი აგებულება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.

სამიზნე ცნება  – გრამატიკა (პრაქტიკული) (შედეგები: (II).  1, 3, 4, 6)

ქვეცნება –  კომპოზიტები

მკვიდრი წარმოდგენები

  1. სიტყვები იცვლიან/არ იცვლიან ფორმასა და მნიშვნელობას, ერთიანდებიან წინადადებებად გრამატიკის ნორმების/წესების შესაბამისად.

საკითხი: ზეპირი აღწერა რა მოჩანს ჩემი ფანჯრიდან ან აივნიდან

ქვესაკითხები:

აღწერა, მდებარეობის, სივრცეში ლოკალიზების აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები   (მაგ., ზევით, შუა, ახლოს, ირგვლივ, ქვემოთ, გადაღმა, გვერდით, მარჯვნივ, ხიდთან, ეზოში, ხეზე, წინა პლანზე, უკანა პლანზე); ნიშან-თვისებების  (მაგ., ზომის, ფორმის, ფერის,  ტემპერატურის, რაოდენობის, გამომეტყველების) აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები

რთული სიტყვები;

სტრატეგიაპირველადი ნამუშევრის გაუმჯობესება კრიტერიუმების გამოყენებით;

საკვანძო შეკითხვა – როგორ აღვწერო კომპოზიტების გამოყენებით, რა მოჩანს ჩემი ფანჯრიდან/აივნიდან?  რა სტრატეგიები გამოვიყენო აღწერისთვის  სხვადასხვა ეტაპზე?

 

კომპლექსური დავალების  პირობა:

ზეპირად აღწერე, რა მოჩანს შენი ფანჯრიდან ან აივნიდან. გამოიყენე საინტერესო და მრაალფეროვანი სიტყვები; აღწერისას  შერჩეული მიმართულების შესაბამისად, თანმიმდევრულად აღწერე ყველაფერი (ცოცხალი და არაცოცხალი),  რასაც ხედავ. გამოიყენე უკვე ნაცნობი ან შენი შექმნილი კომპოზიტები.

 

შეფასების კრიტერიუმები:

ნაშრომის წარდგენისას  წარმოაჩინეთ:

  • მიმართულება, რომლის მიხედვითც აღწერ ხედს (ს.3)
  • ნიშანთვისებების, დანიშნულების, მდებარეობის აღმნიშვნელი  რომელი  სიტყვები გამოიყენე (ს.1. 2)
  • შენ მიერ გამოყენებული რომელი სიტყვები მოგწონს? (ს.2)
  • რომელი რთული სიტყვების გამოიყენე? რატომ ფიქრობ, რომ ეს სიტყვები რთულია? (გრ.1)

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარე ცოდნის გაქტიურება

 დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • რას მოითხოვს თქვენგან ეს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ მის შესაქმნელად?
  • რისი შესწავლა დაგვჭირდება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. ქვესაკითხები  – რთული სიტყვები

რესურსი 1. „ბედნიერება“, . ინანიშვილი

რესურსი 2. ცხრილი

აქტივობა 1. მოცემული რთული სიტყვების (კომპოზიტების)   ორ სიტყვად დაშლა და ცალ-ცალკე დაწერა –  ცისარტყელა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, იისფერი, თავგზააბნეული, დიდგულა, ცისკარი, ხელმწიფე.

აქტივობა 2. ნიშანთვისების გამომხატველი რთული სიტყვების შედგენა ცხრილზე დაყრდნობით;

 

აქტივობა 3. მოთხრობიდან „ბედნიერება“ ნიშან-თვისების გამომხატველი სიტყვების ამოწერა და მათი დაჯგუფება მარტივ და რთულ სიტყვებად (კომპოზიტებად)

პასუხი:

  • მარტივი სიტყვები: დანაღვლიანებული, გაწუწული, ჩაბუნტებული, დაშტერებული;
  • რთული სიტყვები: ფეხებმოკეცილი, ნისლჩადედებული, თავდაღუნული, ქეჩოაჯაგრული, ცხვირგამოყოფილი, ტოტებდამძიმებული;

აქტივობა 4. ტექსტიდან ამოკრებილი კომპოზიტების დაშლა და დაჯგუფება „რა“ და „როგორი“ კითხვების მიხედვით,  შემდეგ კი  მათგან ახალი რთული სიტყვების შექმნა.

შესაძლო ვარიანტები:

  • რა? ნისლი, ფეხები, თავი, ქეჩო, ცხვირი, ტოტები
  • როგორი? მოკეცილი, ჩადედებული, დაღუნული, აჯაგრული, გამოყოფილი, დამძიმებული

შესაძლო ვარიანტები: ნისლმოხვეული, ფეხმოტეხილი, ფეხმორთხმული, ფეხმარდი, ფეხმალი, თავგადაპარსული, თავდადებული, ქეჩოაშლილი, ცხვირაწეული, ცხვირჩამოშვებული, ცხვირაბზეკილი, ტოტებგაშლილი, ტოტებშემხმარი, ტოტებაწვდილი; თავგამოყოფილი; გულდამძიმებული;

აქტივობა 5. სახალისო წინადადების შედგენა, რომელშიც გამოყენებული იქნება სამი რთული სიტყვა მაინც.

აქტივობა 6. ამოსავალი სამსიტყვიანი აღწერითი წინადადების განვრცობა მარტივი და რთული სიტყვების გამოყენებით: სახლთან ხე დგას. (იხ. დანართი)

შეკითხვები წინადადების განსავრცობად შესაძლო პასუხები
სახლი

როგორი შეიძლება იყოს   სახლი?

ორსართულიანი / ახალაშენებული /  კოხტააივნიანი/ ფართოფანჯრებიანი/

ფანჯრებჩამსხვრეული/კედლებმონგრეული…

 

როგორია  ხე? ტოტებდამძიმებული/ტანდაკოჟრილი/ფოთლებგაცვენილი / ტანაყრილი/ ტანმსხვილი, ფესვგამდგარი
როგორ დგას ხე? ეულად / ამაყად /  მხნედ/იმედიანად/ …
სად დგას ხე? ახლოს, შორს, მოედნის წინ, სახლის უკან, სკამის გვერდით, შორიახლოს…
საწყისი წინადადების გავრცობის  ერთერთი  შესაძლო ვარიანტი:

კოხტააივნიან, ფართოფანჯრებიან  სახლთან ახლოს ეულად დგას ტოტებდამძიმებული, ტანდაკოჟრილი, ფესვგამდგარი  ხე.

 

ნაბიჯი 2.      აღწერა, მდებარეობის, სივრცეში ლოკალიზების აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები   (მაგ., ზევით, შუა, ახლოს, ირგვლივ, ქვემოთ, გადაღმა, გვერდით, მარჯვნივ, ხიდთან, ეზოში, ხეზე, წინა პანზე, უკანა პლანზე); ნიშან-თვისებების  (მაგ., ზომის, ფორმის, ფერის,  ტემპერატურის, რაოდენობის, გამომეტყველების) აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები

რესურსი 1. მოთხრობაში  „ბედნიერება“ მოცემულ აღწერებზე დაკვირვების კრიტერიუმები

 

დაკვირვების კრიტერიუმები დაკვირვების შედეგები ჩემი კომენტარი (რა  აღმოვაჩინე ახალი აღწერასთან დაკავშირებით, რამ გამაკვირვა, რა მომეწონა . . )
რას აღწერს ეს ტექსტი?    
მდებარეობის გამომხატველი სიტყვები    
ნიშანთვისებების გამომხატველი სიტყვები    
სიტყვები, შესიტყვებები, რომლებიც ყველაზე მეტად მომეწონა;    
 

 

აქტივობა 1. მოთხრობაზე დაყრდნობით ცხრილის შევსება (რესურსი 1) და შედეგების წარმოდგენა.

რესურსი . მესამე სურათის მოკლე აღწერა

ტექსტი 3. ფანჯრიდან ჩვენი შიდა ეზო ჩანს.  მარჯვნივ მეზობლის  ოთახია. მარცხნივ მაღალი  ხეა. როგორც ჩანს, ქარიანი ამინდია.  პირდაპირ ფანჯრებიანი კორპუსია, რომლის სახურავზე ორი საკვამურია.  ფანჯრებს მზის  სხივები დასთამაშებს.

 

ქტივობა 2.  მესამე სურათზე დაყრდნობით მესამე ტექსტის განვრცობა მოცემული  რთული სიტყვების გამოყენებით: შუქრდილები, ვიწროფანჯრიანიოთხსართულიანი, ფოთლებმოშრიალე; ტექსტში მდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვების ხაზგასმა.

რესურსი 1. პირველი ილუსტრაციის მოკლე და ვრცელი აღწერა

 

ტექსტი 1.ა  მოკლე აღწერა – წინა პლანზე მაგიდა და სკამებია. მაგიდაზე ჭიქები და ქოთნის მცენარეა. ფანჯრიდან ჩანს  ბაღი, რომელშიც   ხეები, ბუჩქები და  ყვავილებია.  ბაღის უკან მინდორია, მინდვრის ბოლოს სახლია. შორს ცა ჩანს.

ტექსტი 1.ბ. ტექსტის გავრცობილი ვარიანტი: წინა პლანზე ოთხკუთხა ხისფერი  მაგიდა და სკამებია. მაგიდაზე ცარიელი ჭიქებია და ქოთნის ღეროებდაგრეხილი მცენარეა. ფანჯრიდან ჩანს პატარა  ბაღი, რომელშიც   ჯერ შეუფოთლავი ხეები, მწვანე ბუჩქები და ყვითელი ყვავილებია.  ბაღის უკან მზის შუქით განათებული ვრცელი მინდორია, მინდვრის ბოლოს ნაცრისფერმანსარდიანი  ლამაზი სახლია. შორს უღრუბლო ცა ჩანს. ალბათ გაზაფხულია.

აქტივობა 3. პირველი ტექსტის მოკლე და გავრცობილი ვარიანტების შედარება (რესურსი 2) და გაანალიზება ილუსტრაციის ნახვის გარეშე.

  • აღწერის რომელი ვარიანტი უფრო მოგწონს? რატომ? რომელმა შეგიწყო ხელი, რომ უფრო ცხადად, უფრო ცოცხლად წარმოგედგინა აღწერილი ხედი ?(აქტივობა)
  • იგრძნობა თუ არა განვრცობილ ტექსტში რაიმე განწყობა? რომელი სიტყვები ქმნის ამ განწყობას?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული დეტალების, ნიშან-თვისებების გამოკვეთა აღწერის დროს?

 

რესურსი 2. მეორე სურათის მოკლე აღწერა

ტექსტი 2. მოკლე ვერსია – ფანჯრის წინ სკვერია. პირდაპირ სახლი დგას. მარჯვნივ ქუჩა მოჩანს. ქუჩის მარჯვენა ტროტუართან მანქანების რიგია.  ქუჩის გადაღმა პარკია. შორს პარკის იქით სახლებია, სახლების უკან  – ცა მოჩანს. ცის ფონზე ამწეა აღმართული.

ტექსტი 2- გავრცობილი ვერსია: ფანჯრის წინ პატარა არაფრით გამორჩეული სკვერია. პირდაპირ მრავალსართულიანი, ცისფერაივნებიანი ნაცრისფერი სახლი დგას. მარჯვნივ ვიწრო ქუჩა მოჩანს. ქუჩის მარჯვენა ტროტუართან შავი და ნაცრისფერი მანქანების რიგია.  ქუჩის გადაღმა პარკია. პარკის ბოლოს   ტოტებაწვდილი მწვანეფოთლებიანი  ხეების რიგი ჩანს. ხის ტოტები არ იძვრის, მშვიდი ამინდია. შორს,  პარკის იქით სამკუთხედსახურავიანი სახლებია.  სახლების უკან  –  თეთრღრუბლებიანი ცისფერი ცა მოჩანს. ცის ფონზე აღმართული რკინის მოწითალო  ამწე გარემოს აუშნოებს.

აქტივობა 4. მე-2 ილუსტრაციაზე დაყრდნობით ნიშან-თვისებათა გამომხატველი სიტყვების „მომარაგება“ და მეორე ტექსტის  მოკლე ვერსიის (რესურსი 3) განვრცობა,  რაც შეიძლება მეტი მარტივი და რთული სიტყვების გამოყენებით.

  • როგორ განავრცობ მეორე სურათის აღმწერ ტექსტს? (აქტ. 4).
  • როგორია სურათზე: სკვერი, სახლი, ქუჩა, მანქანები, ხეები, სახელები, ცა, ამწე?
  • რომელი მარტივი და რთული სიტყვებით შეიძლება გამოკვეთო მათი ნიშანთვისებები და შექმნა გარკვეული განწყობა?

რით ჰგავს, რით განსხვავდება შენი და შენი თანაკლასელების მიერ გავრცობილი ვერსიები? რას მიაქციე ყურადღება ისეთს, რაც სხვისთვის შეუმჩნეველი დარჩა? და პირიქით – სხვამ რა შეამჩნია ისეთი, რომელსაც შენ არ მიაქციე ყურადღება? შეგიძლიათ საერთო ძალებით შექმნათ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ვარიანტი?

აქტივობა 5. საკუთარი ნამუშევრების შედარება მეორე ტექსტის აქ მოცემულ ვრცელ ვერსიასთან (რესურსი 6). ტექსტში მდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვების ხაზგასმა.

რესურსი 4. მეოთხე სურათის მოკლე აღწერა.

ტექსტი 4. ფანჯრის რაფაზე ქოთანია. ფანჯრიდან ეზო მოჩანს. მარჯვნივ ხეა. მარცხნივ  თეთრი შენობაა.  მარჯვენა მხარეს  სახლია. სახლებს შორის  სანაპიროა. მოშორებით  ზღვა იშლება. შორს ნახევარკუნძულიც ჩანს. სანაპიროდან  მეთევზეთა ნავები ზღვის სიღრმისკენ მიცურავენ.  ვინ იცის, როგორი   სამუშაო დღე ელით. როგორც ჩანს, ფანჯრიდან მებადურების უბანს ვხედავთ.

ტექსტი 4 – ის გავრცობილი ვერსია: ფანჯრის რაფაზე უყვავილო ეულად მდგომი თიხის ქოთანია. ფართო ფანჯრიდან მოუწესრიგებელი ეზო მოჩანს. მარჯვნივ ტოტებშემხმარი ხეა. მარცხნივ საკვამურებიანი, ვიწროფანჯრიანი  თეთრი შენობაა.  მარჯვენა მხარეს ნაცრისფერი სევდიანი სახლია. სახლებს შორის მზით განათებული ქვიშის სანაპიროა. მოშორებით აქოჩრილტალღებიანი ზღვა იშლება. შორს ზღვაში შემოჭრილი ნახევარკუნძულიც ჩანს. სანაპიროდან გულადი მეთევზეების მრავალნაცადი ნავები ზღვის სიღრმისკენ მიცურავენ.  ვინ იცის, როგორი  დამღლელი სამუშაო დღე ელით. როგორც ჩანს, ფანჯრიდან მებადურების უბანს ვხედავთ.

რესურსი 5. ზღვის ხედი

აქტივობა 6. მე-4 ილუსტრაციაზე დაყრდნობით  აღწერისთვის ობობისებრი სქემის შევსება დიდ ფორმატზე/დაფაზე, სქემაზე ობიექტთა ნიშან-თვისებათა გამომხატველი სიტყვების მომარაგება -დაჯგუფება მიმართულებების მიხედვით; დახმარე ინსტრუმენტზე დაყრდნობით  მეოთხე ტექსტის განვრცობა (რესურსი 5) რაც შეიძლება მეტი მარტივი და რთული სიტყვების გამოყენებით.

 

  • დააკვირდი სურათზე გამოსახულ ქოთანს, რა განცდას, რა ემოციას იწვევს შენში? შეგიძლია ეს ემოცია სიტყვებით გამოხატო? როგორ განავრცობ მეორე სურათის აღმწერ ტექსტს?
  • როგორია სურათზე: ქოთანი, ფანჯარა, ეზო, ხე, თეთრი შენობა, სახლი, სანაპირო, ზღვა, ნახევარკუნძული, სამუშაო დღე;
  • რომელი მარტივი და რთული სიტყვებით შეიძლება გამოკვეთო მათი ნიშან-თვისებები და შექმნა გარკვეული განწყობა?
  • რით ჰგავს, რით განსხვავდება შენი და შენი თანაკლასელების მიერ გავრცობილი ვერსიები? რას მიაქციე ყურადღება ისეთს, რაც სხვისთვის შეუმჩნეველი დარჩა? და პირიქით – სხვამ რა შეამჩნია ისეთი, რასაც შენ არ მიაქციე ყურადღება?

აქტივობა 7. საკუთარი ნამუშევრების შედარება მეოთხე ტექსტის აქ მოცემულ ვრცელ ვერსიასთან (რესურსი 7);  ტექსტში მდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვების ხაზგასმა.

ნაბიჯი 2. რა სტრატეგიები გამოიყენე/რა  ნაბიჯები გადადგი დავალების შესრულებისას; შენ მიერ გამოყენებული რომელი სიტყვები მოგწონს? (ს.2)

რესურსები / აქტივობები

რესურსი 1. გრაფიკული მაორგანიზებელი“ ობობას ქსელი“

 

 

 

რესურსი 2. შეფასების შესაძლო კრიტერიუმები

თვითშეფასების რუბრიკა დამკვირვებლის (მასწავლებლის, ოჯახის უფროსი წევრის, თანაკლასელის) კომენტარი
აღწერა არის თანმიმდევრული-   მიმართულების შესაბამისი  
გამოყენებულია ნიშან-თვისებების,   მდებარეობის  აღმნიშვნელი მრავალფეროვანი მარტივი და რთული სიტყვები.  

 

აქტივობა 1.  ობობას ქსელის  დახმარებით ფანჯრის ხედის  „ცნების რუკის“  შედგენა, ნიშან-თვისების აღმნიშვნელი მარტივი და რთული  სიტყვების მომარაგება და „ცნების რუკაზე“ აღნიშვნა;

აქტივობა 2. შეფასების კრიტერიუმების შექმნა

აქტივობა 3. რუკაზე დაყრდნობით ხედის წერილობით აღწერა;

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

ü  რომელი ფანჯრის ხედს აირჩევ?

ü  რა ჩანს ფაჯრის წინ, მარჯვნივ, მარცხნივ, პირდაპირ, შორს, უკანა პლანზე?

ü  როგორ გამოიყენებ ამ სქემას იდეების, სიტყვების მოსამარაგებლად და ორგანიზებისთვის?

ü  როგორია, რა  ნიშანთვისებები აქვს აღსაწერ ობიექტებს? რომელ მარტივ და რთულ სიტყვებს გამოიყენებ მათ აღსაწერად?

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად,  თითოეული მათგანის  წინსვლისა და რეფლექსიის უნარის  ხელშესაწყობად.

 

ხსენირა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით:

  • რა დაგეხმარა აღერაში?
  • რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • რას დაამატებდი შენს აღწერას, რით გააუმჯობესებდი/

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წაააწყდი და  რა დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;

  • რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?
  • გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების გამოყენება.

 

 

გამოყენებული რესურსები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა- დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების)

გზამკვლევი -მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი)

https://www.mes.gov.ge/uploads/files/gzamkvlevi/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-1-4.pdf

  • კომპლექსური დავალებების ბანკი – ანბანისშემდგომი პერიოდი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...