ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

დოკუმენტური ფილმები – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

0

ცოტა ხნის წინ, როცა ყველასთვის კარგად ცნობილი PISA-ს ტესტების შედეგები გამოქვეყნდა და ქვეყანა მღელვარებამ მოიცვა, მე ჩემს კოლეგას ვუხსნიდი, რომ პირველ ათეულში მყოფ ქვეყნებს სასკოლო განათლების ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სისტემები აქვთ; და ჩემთვის სკანდინავიური ქვეყნების მიდგმა უფრო მისაღებია, ვიდრე, მაგალითად, სინგაპურის, სადაც ბავშვები უფრო მეტ დროს ანდომებენ დავალებების მომზადებას და სასწავლო პროგრამაც უფრო გადატვირთულია. ჩემი ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ ძირითადად იმ დოკუმენტურ ფილმებს ემყარება, რომლებსაც იუტუბზე ვუყურებ ხოლმე მოცალეობისას ან რუტინული საქმეების შესრულების დროს.

 

დოკუმენტური ფილმები არის ხოლმე პასუხი ჩემი შვილების ინტერესებზეც – ხან ოკეანის ბინადრების სამყაროს ვიკვლევთ, სხვა ჯერზე იაპონურ ხელოვნებაში ვიღრმავებთ ცოდნას ან სულაც ჩვენი საყვარელი მწერლების ან მუსიკოსების სამყაროს უკეთ აღქმას ვცდილობთ მათი ცხოვრებისეული დეტალების გახსენებით. არის საღამოები, როცა უბრალოდ ვუყურებთ ხოლმე, როგორ იბრძვიან შვედეთის პატარა დასახლებებში გადასარჩენად, რაც გამალებული ურბანიზაციის ფონზე უფრო და უფრო რთული ხდება; როგორ აშენებენ თამბაქოსა და ზეთისხილის პლანტაციებს საბერძნეთის ზღვისპირეთში ახალგაზრდა ოჯახები; როგორ იბრძვიან გერმანიის დიდ ქალაქებში ურბანული ბაღჩების გადასარჩენად სამეზობლოები; და ხან იმას, როგორ იმატა ვარშავის გარეუბნებში ასანთის კოლოფებივით პატარა ბინიანი კორპუსების რაოდენობამ – ეს ამბები გვეხმარება სკოლისა და სამსახურების მერე დაღლილებს, როცა აღარც კითხვის და აღარც სეირნობის თავი არ გვაქვს სხვა ხალხის ამბები გავიგოთ, სხვა ადგილები ვნახოთ, სხვების ფანჯრებსა და ცხოვრებაში შევიხედოთ, მსგავსებები და განსხვავებები ვიპოვოთ და ნამდვილი მოგზაურობების გეგმებიც დავაწყოთ. და კიდევ, ეს არის სავარჯიშო სხვადასხვა კულტურის გაცნობისთვის, განსხვავებული ადამიანების მოსმენის კულტურის გამომუშავებისთვის.

 

ამ წერილის დაწერამდე ბევრი ადამიანის მოსაზრებას გავეცანი იმის შესახებ, როგორ შეიძლება იყოს დოკუმენტური ფილმები გამოყენებული სასწავლო პროცესში, როგორც დამატებითი რესურსი ან საგაკვეთილო პროცესის ნაწილი. თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში ყველა თანხმდება იმაზე, რომ მხოლოდ ტექსტური მასალა და ნახატი ილუსტრაციები საკმარისი აღარ არის მოზარდების ყურადღების დასაჭერად – მაღალხარისხიანი, თუნდაც სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები კონცენტრირებულად გვთავაზობენ ვიზუალურ მასალასაც და ვერბალურ ინფორმაციასაც იმ საკითხებზე, რომლებსაც სხვადასხვა საგანში შეიძლება გადიოდეს ბავშვი. მაგალითად, თითქმის არ მეგულება სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც შეუძლია მეორე მსოფლიო ომის ამბები ისე თანმიმდევრულად, დეტალურად და საინტერესოდ გადმოსცეს, როგორც ეს netflix-ის 2019 წელს საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებულ დოკუმენტურ სერიალშია.

 

მე რამდენიმე ამოჩემებული პლატფორმა მაქვს, სადაც დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ ხოლმე: DW Documentary, Arte, National Geographic, Smithsonian Channel იუტუბზე და ნეტფლიქსი. აქ თავმოყრილი ფილმები უფრო სატელევიზიო, მასობრივი პროდუქციაა და მაღალმხატვრულ დოკუმენტურ კინოზე ეგზისტენციალური საკითხებით ვერ გამოირჩევა, თუმცა არც მდარე პროდუქციის კატეგორიაში გადის. მათი ყურება ბევრად უფრო სასიამოვნო და ინფორმაციულია, ვიდრე სტანდარტული სატელევიზიო პროდუქცია ან სოციალური ქსელების უკონტროლო „სქროლვა”.

 

ბავშვებისთვის სანახავი და სასწავლო პროცესში დასაინტეგრირებელი დოკუმენტური ფილმების არაერთი სია არსებობს. ნამუშევრების თემატიკა, რომლებსაც ამ სიებში შეხვდებით ფართოა – ბულინგიდან გარემოს დაცვამდე. ამ სიებს ჩემი დახმარების გარეშეც მარტივად ნახავთ ინტერნეტში.

 

მე ორი რეკომენდაცია მაქვს:

  • თბილისში რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს დოკუმენტური კინო-კლუბი, რომელიც ყოველ ორშაბათს კინოთეატრს „ამირანში“ აჩვენებს სხვადასხვა თემატიკის მაღალხარისხიან დოკუმენტურ ფილმს;
  • ნიუ-იორკ თაიმს აქვს სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს კინო-კლუბსაც. გამოცემა ყოველკვირეულად საკუთარი პროდუქციიდან ერთ ნამუშევარს არჩევს და მას სთავაზობს მოზარდებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.

 

 

 

 

 

მეტყველების ხელოვნება თუ  სანახაობრივი წვეულება

0

მეჯლისია.

ორკესტრი, მოცეკვავე წყვილები, სოლისტი შემსრულებლები, გუნდი, სადღესასწაულო სუფრა, ხელლანგრიანი მიმტანები, სუნამოთა და ნუგბართა სურნელების ჰარმონია, კაშკაშა განათება, ბრწყინვალე ფერები, ღიმილი, ამაოდსიტყვაობა, გრძნობათა გაზიარება, ვნება და ემოცია – მეჯლისია, აბა, რა!

ლექსიკის, სტილის, მორფემების, სინტაგმების, ინტონაციისა და პუნქტუაციის სამეჯლისო ცეკვები სამ დარბაზში.

ლექსიკისა და სტილის წყვილთა მზისფერი დარბაზი, მორფემებისა და სინტაგმების წყვილთა მიწისფერი დარბაზი, ინტონაციისა და პუნქტუაციის წყვილთა წყლისფერი დარბაზი.

სამი დიდებული ორკესტრი – ფონეტიკა, შინაარსი, კომპოზიცია.

ხმა ჰორიზონტამდე აღწევს და ბგერები სივრცეში იფანტება. მსმენელს აჯადოებს და იხმობს.

მზისფერი დარბაზი პირველია.

თითოეული მეტყველების ნაწილი მამაკაცის კოსტიუმში გამოწყობილა. მწკრივად დგანან სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული, ოფიციალურ-საქმიანი სტილის მორთულობით ბრწყინვალე ქალბატონები და მოკრძალებით ელოდებიან საცეკვაო მოედანზე გამწვევთ. ვალსი, ნელი ვალსი, პასადობლი და ნელი ფოქსტროტი – რიტმი, ემოცია, აზრი, მიზანი.

თვალწარმტაცი სანახაობაა, დიდხანს ვრჩები დარბაზში, მხიბლავს არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი და ნაცვალსახელების პლასტიკა, თანდებულის, ნაწილაკისა და კავშირის მოქნილობა, დინჯი ზმნის ტანამართულობა, ზმნიზედის მიხვრა-მოხვრა, შორისდებულის განწყობა. მხატვრული სტილის სინარნარე, ოფიციალურ-საქმიანის მკაფიოობა, სამეცნიეროს – აზარტი, პუბლიცისტურის – მოუსვენრობა.

მოძრაობისა და გრძნობის იდილიაა.

მიწისფერი დარბაზი თავისკენ მეზიდება.

მორფოლოგიისა და სინტაქსის თანაცხოვრების მოდელია ეს დარბაზი. ასეთი შეთანხმებულობა, შესიტყვება, გაფორმება, გადაჯაჭვულობა და სიწრფელე არსად მინახავს.

სისწრაფე, სისხარტე და სიზუსტე – გადანაწილებული მოცეკვავე წყვილებს შორის – იფრქვევა, როგორც ივლისის ალპური მინდვრის სურნელი.

ჯაივი, ჩა-ჩა-ჩა, სწრაფი ფოქსტროტი – მოდი, შეაჩერე თვალი რომელიმე მათგანზე. მზერა ისევე გადადის ერთიდან მეორეზე, როგორც რიტმს ადევნებული ნაბიჯები თვლაზე.

ბრუნება, უღლება, სიტყვათწარმოქმნა, კომპოზიტური სიტყვათა შერწყმა დაწყვილებულა შეთანხმებასთან, მართვასთან, მირთვასა და განკერძოებულ სიტყვა-გამოთქმასთან; ამგვარად შეკრულა ჯადოსნურ ჯაჭვად. აი, ეს მართლაც ხელოვნებაა!

წინადადების მთავარი და არამთავარი წევრების ფერხული საუცხოოა ამ მსოფლიო დასში. მონაწილეები თავად ასრულებენ საცეკვაო მელოდიასაც; თანწყობა-ქვეწყობით აშენებული საგუნდო შინაარსი მარცვალ-მარცვალ ერითმება მღელვარე რიტმს. ფერხული არის ოსტატობა ქართული ზმნა-შემასმენლის. იგია მრავალხმოვანი თავისი მწყობრი მრავალპირიანობის გამოისობით – გვიან ასათვისებელი და ძნელად დასავიწყებელი ეროვნული ცეკვის სახეობაა.

ოვაცია, ოვაცია, ოვაცია!

მესამე წყლისფერი დარბაზიდან გამოჭრილი სინათლისკენ მივიჩქარი. დერეფანი ფართოა, მეც ცეკვის მოძრაობით მივიწევ იქამდე. უკვე დავეუფლე ცალკეულ ილეთს. კარი იღება. ესაა დიდებულება –

აღმავალი ინტონაციისა და მძიმის ტანგო – თავბრუდამხვევი ტრიალი, ბზრიალი, ატაცება.

დამავალი ინტონაციისა და წერტილის რუმბა თავისკენ მახედებს – ცეცხლი, ვნება, თავშეუკავებლობა. აი, ესაა მართებული დაწყვილება.

ნაბიჯი და ღიმილი მერევა. ვერც ტანს ვიმორჩილებ და ვერც ენას, მხოლოდ გაუგებრად ვლუღლუღებ.

სამბას ჰანგი – ბევრი და ბევრზე ბევრი. პაუზის, შეყოვნების, დალოდებისა და გაჩუმების მთრთოლარე სხეულები წერტილ-მძიმის, ორწერტილის, ფრჩხილის, ბრჭყალისა და სამწერტილის მკლავებში ლაზათიანად ირხევიან, ერთმანეთს ენდობიან, ეთანაბრებიან, სიმყარეს აწვდიან.

ორკესტრი არ ჩერდება.

დაუღალავად მოძრაობენ ძახილის, კითხვისა და კითხვით-ძახილის ნიშნები – დაარბენინებენ ლანგრებს. მეჯლისის გამთლიანებისთვის ბახუსი სასათაურე სიოდ დაქრის მოცეკვავეთა შორის.

სინამდვილეში, სხარტი ფიქრითა და ზუსტი სიტყვით დაწერილ ტექსტს ვკითხულობ და მჯერა,  ტექსტის პირველი ფრაზიდანვე იწყება მთავარი – სინტაქსი. მეც მას ვემსახურები.

ასეა, როცა წერა ამიტანს ხოლმე და ვწერ.

აი, ზეპირსიტყვაობა კი სხვაა, სულ სხვა – თუ ზუსტად ვიცი, რისი თქმა მინდა, ენა მორჩილი ხდება. როგორც კი წამოვიწყებ, მყისვე ამყვება ფონეტიკის ორკესტრი – თანხმოვანი, ხმოვანი, ბუნების ბგერა.

მოსწავლეთა წერითი ნამუშევრების ანალიზი და შეცდომებზე უკუკავშირი

0
English Grammar Examination concept. Small characters correct errors in text document on the phone. The teacher checks the electronic examination papers of students. Cartoon flat vector illustration

სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი წერითი დავალებების შეთავაზება. აუცილებელია, მასწავლებელმა თვალი ადევნოს, უმჯობესდება თუ უარესდება მოსწავლეთა შედეგები. გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა გვეხმარება მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციაში. წერით ნამუშევრებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა, გაირკვეს, რა შედეგი გამოიღო გატარებულმა ღონისძიებებმა და რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა არსებულ ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად.

მაგალითისთვის თუ განვიხილავთ სამი შემაჯამებელი დავალების შედეგებს და აღმოჩნდება, რომ კლასის საშუალო ქულა ყოველ მომდევნო წერაში მცირდება, კლასისა და ინდივიდის დონეზე პრობლემის იდენტიფიცირებისთვის ვადგენთ შესაბამის ცხრილს.

შეფასების რუბრიკების მიხედვით, მოსწავლეებმა წერით ნამუშევრებში მეტ-ნაკლებად თავი გაართვეს ტექსტის შესაბამისი სტრუქტურის დაცვას, მიზნის განსაზღვრასა და დამხმარე დეტალების გამოყენებას, თუმცა, სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა გრამატიკის ნაწილში (მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია-პუნქტუაცია). მაშასადამე, მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა თავი ვერ გაართვა მეოთხე კრიტერიუმს – ენობრივი მახასიათებლები.

მიზანშეწონილია, აქცენტი გაკეთდეს სწორედ ამ მეოთხე კრიტერიუმზე, შედგეს ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი, რომელშიც შევა ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებსაც მოსწავლეები წერის დროს ხშირად უშვებენ. ეს საშუალებას მოგვცემს, გრაფიკულად გამოვსახოთ დაშვებული შეცდომები პროცენტულად.

როგორც დიაგრამაზე ჩანს, გრამატიკული შეცდომების დიდი პროცენტი პუნქტუაციასა და ორთოგრაფიაზე მოდის, შემდეგი კი – სინტაქსსა და მორფოლოგიაზე. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ვადგენთ:

ა) ენობრივ შეცდომათა ლექსიკონს და მასში შეგვაქვს ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებსაც მოსწავლეები წერით დავალებებში ხშირად უშვებენ;

ბ) სხვადასხვა სირთულის დეფორმირებულ ტექსტებს რედაქტირებისთვის, რაც ძალიან ეხმარება მოსწავლეებს დაშვებულ შეცდომებზე ორიენტირებაში;

 

გ) სიტყვების ბანკს, რომელშიც ვაგროვებთ სინონიმურ ლექსიკურ ერთეულებს, რაც გვეხმარება ტავტოლოგიების აღმოფხვრაში;

მაგალითად:

ქონა – აქვს

ჰყავს, გააჩნია, აბადია, შეიცავს, მოეპოვება, ფლობს, უჭირავს, უკავია, მის ხელშია, ხელში უჭირავს, მის განკარგულებაშია, მის განმგებლობაშია, ეკუთვნის, მინიჭებული აქვს, უფლებამოსილია.

დ) მოსწავლეები ასწორებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, რასაც ხელშესახები შედეგი აქვს შეცდომებზე აქცენტირების კუთხით;

ე) სისტემატურად ვაწვდით მოსწავლეებს წერილობით განმავითარებელ უკუკავშირს შეცდომების გამოსასწორებლად.

პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ზემოთ აღნიშნული სტრატეგიები მასწავლებელს ეხმარება, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად სწავლის პროცესი გახადოს დინამიკური და საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ყურადღება დაუთმოს მართლწერის საკითხებზე მუშაობას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო რესურსები

0

რესურსები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. რაც უფრო მეტი და საინტერესო რესურსით ვამდიდრებთ გაკვეთილს, მით უფრო იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ენთუზიაზმი.

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ იზრდება რესურსებზე ხელმისაწვდომობაც. წლების წინ რაც მიუწვდომელი იყო, ახლა მარტივი ძებნით შესაძლებელია ჩვენს კლასებში აღმოჩნდეს.

ამჯერად გთავაზობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის  რესურსებს. ვებგვერდზე განთავსებული მასალები მოსწავლეებს ეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორებიცაა – კრიტიკული აზროვნება, კონცენტრირება, კითხვების ფორმულირება, პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსავლის ძიება და ა.შ.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

გლობალური აზროვნების  ხელშემწყობი აქტივობები

3 – რატომ?

ავიღოთ საკითხი კლიმატის ცვლილება და განვიხილოთ შემოთავაზებული რესურსის მიხედვით.  დავსვათ კითხვები:

  • რატომ შეიძლება ეს [თემა, კითხვა] იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი?
  • რატომ შეიძლება იყოს ეს მნიშვნელოვანი ჩემ გარშემო მყოფთათვის [ოჯახი, მეგობრები, ქალაქი, ერი]?
  • რატომ შეიძლება მას მნიშვნელობა ჰქონდეს მსოფლიოსთვის?

ეს კონკრეტული რესურსი მოსწავლეს უბიძგებს, იფიქროს ლოკალურიდან გლობალურისკენ. მოსწავლე ფიქრის პროცესში აღმოაჩენს, რომ პრობლემა, რომელიც მას აწუხებს, თავს იჩენს სხვებთანაც და მათთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია.

მოქმედების წრეები

შემოთავაზებული რესურსი მოსწავლეს ეხმარება, დაფიქრდეს და გადადგას ის ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამდა მარტო თუ თანამოაზრეებთან ერთად, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად.

რა შემიძლია გავაკეთო? წვლილი შევიტანო…

  • ჩემი ახლო წრისთვის (მეგობრები, ოჯახის წევრები, ვისაც ვიცნობ)?
  • ჩემი საზოგადოებისთვის (ჩემი სკოლა, სამეზობლო, თემი)?
  • სამყაროსთვის (ჩემი უშუალო გარემოს მიღმა)?

შემოთავაზებული აქტივობა გონებრივი იერიშის, იდეების თავმოყრის კარგი საშუალებაა. ასევე, რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში განწყობის ჩამოყალიბებასა და მოტივაციის ზრდას – იმოქმედონ პირად, ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.

აქტივობები კითხვების ფორმულირებისთვის, ალტერნატივების, შესაძლებლობებისა და ანალოგიების გენერირებისთვის

3-2-1 – ხიდი

აქტივობა მოსწავლეს ეხმარება წინარე ცოდნის ფაზაზე არსებული ინფორმაციის ორგანიზებასა და შესწავლის შემდეგ მიღებულ ინფორმაციასთან შედარებაში.

მაგალითად, მე-7 კლასში, ცნება ტოლერანტობის დამუშავებამდე, მოსწავლეებს უკვე აქვთ ზოგადი წარმოდგენა ამ ტერმინთან მიმართებით. შესაბამისად, მოსწავლეებს ვთხოვთ, დაწერონ:

  • 3 სიტყვა, წინადადება ან იდეა;
  • 2 კითხვა, რომლებიც აქვთ ცნებასთან მიმართებით;
  • 1 მეტაფორა, მსგავსება ან შედარება.

აღნიშნულს ვიმეორებთ ცნების დამუშავების, ანუ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ.

კარგი კითხვები იწყება…

რა სახის აზროვნებას უწყობს ხელს აღნიშნული აქტივობა?

კითხვის ჩამოყალიბება და დასმა მარტივი პროცესი არ არის. ის დაკავშირებულია კრიტიკულ აზროვნებასთან. მას სჭირდება გაწაფვა და დახელოვნება. შემოთავაზებული აქტივობა მოსწავლეს ეხმარება სწორი კითხვების შემუშავებასა და სწორად ფორმულირებაში.

1.       ჩამოწერე 12 შეკითხვა, რომელიც გაგიჩნდა თემის, საკითხის, ცნების, ნახატის, ვიდეოს ირგვლივ;

2.       განიხილე შენი ჩამონათვალი, შემოხაზე რამდენიმე საინტერესო კითხვა და შეარჩიე ერთი დისკუსიისთვის;

3.       დაფიქრდი რა ახალი იდეები, მოსაზრებები და შეხედულებები ჩამოგიყალიბდა თემის, საკითხის, ცნების, ნახატის, ვიდეოს ირგვლივ, რომელიც აქამდე არ გქონდათ?

კარგი კითხვები იწყება:

რატომ?

როგორ?

რისთვის?

რა მოხდება თუ?

რა არის ამის მიზეზი?

რა დანიშნულება აქვს?

რით განსხვავდება, თუ…?

რა შეიცვლება?

აქტივობის დასაწყისში შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებს ჰკითხოთ, როგორია კარგი შეკითხვები? ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისთვის ნათელი იყოს საკითხი, თემა, ცნება ნახატი თუ სხვა რამ, რომელთა ირგვლივაც მოუწევთ კითხვების ფორმულირება.

სურათების, ვიზუალური ობიექტების შესწავლა

სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავლად გვხდება პოსტერები, ფოტოები და სხვა სახის ვიზუალური საშუალებები. საჭიროა ეფექტური აქტივობები მათი დანიშნულებისა თუ ძირითადი სათქმელის უკეთ გასააზრებლად.

აქტივობა „შეხედე, იფიქრე, დაინტერესდი“ გვეხმარება ფოტოების, ვიზუალური გრაფიკის გააზრებაში. რესურსი უბიძგებს მოსწავლეებს, გააკეთონ დაკვირვებები და შემოგვთავაზონ საკუთარი ინტერპრეტაციები.

მოსწავლეებს ვაჩვენებთ ფოტოს და ვეკითხებით:

  • რას ხედავ?
  • რას ფიქრობ?
  • რა გაინტერესებს/რით დაინტერესდი?

შემოთავაზებული აქტივობა უნდა გამოიყენოთ ისეთ ობიექტთან, როგორიცაა სურათი, პოსტერი, სქემა, ვიდეო და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებული ვიზუალი იძლეოდეს დაკვირვებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

ზემოთ განხილული რესურსები მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის ვებგვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით. რესურსები ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.

ვებგვერდზე, დაინტერესებულ მასწავლებლებს შეუძლიათ გაეცნონ სხვადასხვა კატეგორიას, შეარჩიონ სასურველი აქტივობა და შეიტანონ საკლასო ოთახში.

მშობელთა მოხალისეობა სკოლაში

0

2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე საქართველოში ჩატარებული მშობელთა ჩართულობის პრაქტიკის კვლევა ადასტურებს, რომ ჯერ-ჯერობით სკოლებში მშობელთა მოხალისეობის მდიდარი გამოცდილება არ გვაქვს. კვლევის ფარგლებში გამოკითხული პედაგოგების და სკოლის დირექტორების უმრავლესობას გაუჭირდა მშობელთა ინიციატივისა და მოხალისეობის გამოცდილების აღწერა. გაიხსენეს მხოლოდ ერთეული შემთხვევები, რაც ძირითადად კლასგარეშე აქტივობების/ღონისძიებების ორგანიზებას უკავშირდება. (წყარო: https://bit.ly/3sjm3qi).

განვითარებულ ქვეყნებში მშობელთა მოხალისეობის სისტემის ასაწყობად  სკოლებში საგანგებოდ მუშაობენ. ამ სტატიაში რამდენიმე ქვეყნის მაგალითს გაგიზიარებთ, თუ როგორ ახერხებენ ამერიკის და ევროპის ქვეყნების სკოლებში მოსწავლეთა მშობლების მოხალისეობრივ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში.

მანამდე კი გადავხედოთ ტერმინს მოხალისეობა: მოხალისეობა — არაანაზღაურებადი საქმიანობაა, რომელიც გულისხმობს ნებაყოფლობით დროის დახარჯვას, მომსახურების შესრულებას ან/და დახმარების გაწევას, რომლის მიზანია სოციალური სარგებლის მოტანა. ქართული სკოლის რეალობაში ხშირად ხდება, რომ მშობლები მონაწილეობენ სკოლის დასუფთავების აქციებში. ან აგროვებენ თანხებს ბავშვებისთვის სასარგებლო რესურსების შესაძენად. ჩამოთვლილი და სხვა მსგავსი ინიციატივები მშობელთა მოხალისეობას ასახავს, თუმცა მოხალისეობა გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე სკოლის შენობების დალაგებაში მონაწილებაა.

მოხალისეობის დროს:

          მშობელი აქტიურად ინტერესდება სასკოლო ცხოვრებით

          არის პროცესების მონაწილე და არა დამკვირვებელი

          ავსებს, ამდიდრებს და მეტად საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს

ვინ და რა სარგებელს იღებს სკოლაში მშობელთა მოხალისეობით? ერთობლივი მუშაობითა და მოხალისეობით, სკოლას და მშობლებს შეუძლიათ გადაჭრან საზოგადოებრივი საკითხები, გაზარდონ მონაწილეთა რაოდენობა, მიაღწიონ წარმატებას იქ, სადაც რესურსები შეზღუდულია. შვილის სკოლაში მოხალისეობით, მშობლებს შეუძლიათ დაძლიონ სკოლაში არსებული ზოგიერთი ხარვეზი.

სკოლებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხალისეობა ხელს უწყობს საკუთრებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დემოკრატიზაციის პროცესს. განვითარებულ ქვეყნებში არაერთი სკოლა სწავლობს მშობლების რესურსებს იმისთვის, რომ შემდეგ ეს რესურსები მოსწავლეთა კეთილდღეობისთვის გამოიყენოს. მშობელთა მოხალისეობის სისტემის ასაწყობად სკოლები ქმნიან სტრატეგიებს. გაწერილი სტრატეგიის ფარგლებში, ყოველწლიურად ატარებენ გამოკითხვებს, რათა მოიძიონ ინფორმაცია მოხალისე მშობლების შესახებ. შეისწავლონ მათი ინტერესები, ნიჭი და შესაძლებლობები. გამოკითხვის შედეგად შეგროვებული ინფორმაცია სკოლის მონაცემთა ბაზაში აკუმულირდება და მოხალისეთა აქტივობები ამის მიხედვით იგეგმება. იქმნება არაფორმალური ხასიათის მხარდაჭერის ქსელი. სკოლის შენობაში გამოყოფილია მშობლების ოთახი ან საოჯახო სივრცე მოხალისეობრივი მუშაობისთვის, შეხვედრებისთვის და საოჯახო რესურსებისთვის. რეგულარულად ტარდება მოსწავლეთა წინსვლის, თამაშების, შეკრებების მიმოხილვების შესახებ შეხვედრები, რომლებზე დასასწრებადაც მოსაწვევებს უგზავნიან მშობლებს. ეს მოსაწვევები პერსონალური სახისაა და არა ზოგადი.

ესტონეთის ზოგიერთ სკოლაში გავრცელებული პრაქტიკაა, როცა მშობლები პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად აწყობენ თეატრალურ სანახაობებს, სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებს; სკოლის ეზოში ზამთრის ბაზარს, სადაც ნივთების გაცვლა და ყიდვა-¬გაყიდვა შეუძლიათ. ხშირად მშობლები სკოლებში ვიზიტისას მოსწავლეებს უყვებიან სამოტივაციო ისტორიებს და ესაუბრებიან თავიანთ პროფესიაზე, თუ რა სფერო და რატომ აირჩიეს. მიჰყავთ ბავშვები თავიანთ სამსახურებში. მშობლები ორგანიზებას უწვევენ სასკოლო წვეულებებს. პედაგოგებთან ერთად მშობლები ჩართულები არიან საგანმანათლებლო პროექტებში, ფინანსური სახსრების მოზიდვაში, ექსკურსიებში, პიკნიკების მოწყობაში, სკოლის სამზარეულოში საერთო სადილების მომზადებაში. ესტონეთში მშობელთა ინიციატივების ზრდას ხელს უწყობს დირექტორისა და მასწავლებელთა დაინტერესება, რომ მშობლები ჩართულნი იყვნენ სკოლის მართვის პროცესებში. დირექტორი ნდობას უცხადებს მშობლებს და  თანამშრომლობითი ურთიერთობის გამყარებას ცდილობს. ადგილი აქ აქვს არანაირ ძალდატანებას და წნეხს.

ბერლინის სკოლების დიდ ნაწილში გამოყოფილია „მშობლების ოთახი“, რომელიც მუდმივად ღიაა. ეს არ არის მოსაცდელი ოთახი, სადაც მშობლები გაკვეთილების დასრულებას და ბავშვებს ელიან. ეს სივრცე არის მათი აქტივობებისა და შეხვედრების დასაგეგმად, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია არ ესწრება. წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ეწყობა მშობლების საღამოები. ეს არის შეხვედრა სკოლაში, რა დროსაც მშობლები მასწავლებლებთან ერთად მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გამოკლებით.

ამერიკაში, კერძოდ არიზონას შტატის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ფართოდაა გავრცელებული მშობელთა მოხალისეობრივი აქტივობები. თითოეულ სკოლას თავისი მიდგომა გააჩნია ამ საკითხთან მიმართებით, თუმცა სკოლის მხრიდან მოხალისეობის ხელშეწყობა ყველგან შეინიშნება. მოხალისეობის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია სპორტულ აქტივობებზე დახმარება, სკოლაში მიმდინარე ღონისძიებებზე დახმარება – იქნება ეს რიგების მართვა, ბილეთების გაყიდვა, ექსკურსიებზე დახმარება, საგაკვეთილო პროცესისათვის სხვადასხვა საჭირო ნივთების მომზადება, მაგ. პოსტერების, მაკეტების შექმნა; გაკვეთილზე გამოსაყენებელი საკანცელარიო ნივთების შეძენა მშობლის მიერ, სხვადასხვა კლუბების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და სხვ.

ზოგიერთ სკოლაში სავალდებულოა მშობლების ჩართვა მოხალისეობრივ საქმიანობაში, ეს შეიძლება იყოს ექსკურსიაზე დახმარება, ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ან რაიმე მატერიალური დახმარება, იქნება ეს მოსწავლეებისათვის საჭირო ნივთების შეძენა (სამუშაო ნივთები, წამახალისებელი საშუალებები) და სხვ.

ისეთი ტიპის მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვა, რომლებიც მოითხოვს მოსწავლეებთან კომუნიკაციას, მკაცრად კონტროლდება სკოლის მიერ. სკოლა წინასწარ აწვდის მშობლებს ინფორმაციას მოხალისეობის პრაქტიკების შესახებ და თუ ისინი გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს, სკოლა ამოწმებს ინფორმაციას მათ შესახებ და რწმუნდება, რომ მათი მოსწავლეებთან დაშვება უსაფრთხოა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისთვის და ნებისმიერ მსურველს არ ეძლევა მოსწავლეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. თუმცა, არის ისეთი ტიპის აქტივობები, რომლებშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩართვა. სკოლა, როგორც წესი, მინიმუმ ორი კვირით ადრე აგზავნის ინფორმაციას თუ რა ტიპის მოხალისეობრივი დახმარება ესაჭიროება მშობლების მხრიდან. მშობლები ავსებენ შესაბამის ფორმას ელექტრონულად და აფიქსირებენ საკუთარ მზაობას. ზოგიერთ სკოლაში გავრცელებულია კლასის მშობლის პრაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ კლასს ჰყავს ორი მოხალისე მშობელი, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას. ასევე, გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, წლის დასაწყისში მშობლებს ეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმული პორტალის საშუალებით და ისინი აფიქსირებენ თუ რა ტიპის მოხალისეობრივ აქტივობებში სურთ ჩართვა. ეს შეიძლება იყოს სპორტული, თეატრალური, სახელოვნებო, მუსიკალური, შემეცნებითი და სხვ.

არიზონას შტატში მშობელთა მოხალისეობრივი აქტივობები როგორც ხელისუფლების, ისე თითოეული სკოლის მიერ აღიქმება, როგორც მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ერთ¬-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი. სკოლა, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს მშობლების წინასწარ ინფორმირებას შესაძლო მოხალისეობრივი პროექტების შესახებ, ითვალისწინებს და სწავლობს მათ ინტერესებს და სწორედ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სთავაზობს ამა თუ იმ აქტივობაში ჩართვას. როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა აჩვენებს, სკოლა პატივს სცემს და ითვალისწინებს მშობლების დროის დეფიციტს და მათ მოხალისეობრივი აქტივობების იმდენად მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს, რომ მშობლების დათანხმება და ჩართულობის მიღწევა შესაძლებელი ხდება. ასევე, აღსანიშნავია, მშობლებთან დროული და ეფექტური კომუნიკაციის პოლიტიკა, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ წინასწარ დაგეგმონ თუ რა დოზითა და ფორმით ჩაერთვებიან მსგავს პროექტებში.

მშობელთა მოხალისეობის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის სკოლის თანამშრომლებს დრო და კომპეტენციაც სჭირდებათ. დადგენილია, რომ მოხალისეობის მუხტი ცუდი მენეჯმენტის შემთხვევაში ადვილად ქრება. თუ მოხალისე ფიქრობს, რომ სკოლა მის ნიჭს და გამოყოფილ დროს არასათანადოდ იყენებს ან აფასებს, მას მოტივაცია ეკარგება. ამერიკის ურბანული ინსტიტუტის კვლევამ გამოავლინა მართვის  რამდენიმე წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოხალისეთა აქტიურ ჩართულობას.

          თანამშრომლების გადამზადება, რომლებიც იმუშავებენ მოხალისეებთან.

          სკრინინგის პროცესი შესაფერისი მოხალისეების გამოსავლენად;

          წერილობითი წესები და სამუშაოთა აღწერილობა მოხალისეთა ჩართვისათვის

          რეგულარული კონსულტაციები და კომუნიკაცია მოხალისეებთან

          წახალისება და აღიარება, მაგ. როგორიცაა მოხალისეთა დაჯილდოების ცერემონიალი

          სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მოხალისეებისათვის

          კეთილგანწყობილი კულტურის ჩამოყალიბება და რესურსების გამოყოფა მოხალისეობრივ საქმიანობებზე

 

ცხადია მშობელთა მოხალისეობის ერთი უნივერსალური პროგრამა არ არსებობს. ცალკეული სკოლა თემზე მორგებულ პროგრამას თავად ქმნის, რადგან ერთ სკოლაში აპრობირებული მოდელი, შესაძლოა წარუმატებელი გამოდგეს სხვა სკოლაში. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი წესები ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის სკოლის,  ადმინისტრაციას მოხალისეობის სისტემის აწყობაში დაეხმარება.

მარიამი სად არის?!

0

(ჩანაწერი როსტომ  ჩხეიძის წიგნის „გზანნი შენი უფალო“ კითხვისას)

წამში გაქრა პანდემია, კოვიდიც და გრიპიც…. ჩრდილოურმა სკვითურმა, კიმერიულმა თუ რუსულმა ურდომ უკრაინაში შეჭრით დილის ცვარივით გააქრო პანდემია, ერთ დღეში…

დიახ, სწორედ ასე იფიქრა კაცობრიობამ, ალბათ ჯესუსის გარდა, იმ ჯესუსი არა, ბუნებრივია, მხსნელის და მაცხოვრის,- არამედ  ჯანმოს პრეზიდენტის, გაბრიელის გარდა ალბათ. თითქოს არის ამაში მოჩვენებითი სიმართლე, მაგრამ მხოლოდ მოჩვენებითი.

ქართულმა ელიტამ  ეჭვშეუტანლადვე, უკრაინაში რუსული ოკუპაციის დასაწყისისთანავე გარდააგდო პანდემიაზე ფიქრი… თუმცა რა რაღა პანდემია, უკაცრავად და,  როცა უკრაინაში შეჭრისთანავე ქართულმა  ცრულიბერალურმა წრემ, ეგრევე მკრეხელობად გამოაცხადა აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, რუსთა მიერ მის ოკუპაციაზე ფიქრიც და რაგადიც …  რაღა დროს ეგაა ახლაო. არადა, ღმერთი, რჯული ვინ გვიშლის, უკრაინელებს ისე თანავუგრძნოთ, რომ ჩვენიც გვახსოვდეს? ბუჩას ტრაგედიაც გვახსოვდეს და გაგრის ხოცვა ჟლეტაც? ჰო, ეს სხვა თემაა, ახლა ისევ პანდემიას რომ მივუბრუნდეთ, არსად გამქრალა… უფრო სწორედ ის ტკივილი არ გამქრალა არსად, მილიონობით ადამიანი რომ შეიწირა სამყაროში და ათასობით საქართველოში… ათასობით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ორ-ორივე ომზე მეტი… მეგობარი წამართვა მათ შორის…

არ გადავა ეს პანდემია ლიტერატურაში უკვალოდ, დროებით დაიჩრდილა ომებით, უბრალოდ დროებით… გნებავთ ათწლეულების მერე იფეთქებს ლიტერატურაში, მანამდე კი იმ რამდენიმეთი დავკმაყოფილდეთ, რაც უკვე გვაქვს. და გვაქვს უპირველეს ყოვლისა როსტომ ჩხეიძის  „გზანი შენი უფალო“, როგორც როსტომს  სწამს და სჯერა,- გამანძილების გარეშე, ცოცხლადვე მოაყოლა შიგნიდან განცდილი და გადატანილი ამბავი კალამს.

როსტომის ეს წიგნი სოციალური ქსელიდან ვიცოდი, როცა ნაწყვეტი განათავსა იქ მწერალმა, ვიცოდი, უკვე რომ არსებობდა, გამოცემამდე ვიცოდი, ციხის ეპიზოდიც იქიდანვე მახსოვდა. და მაინტერესებდა წაკითხვა, მაგრამ რაღაცას ვწერდი ამ დროს, როგორც იტყვიან და არ მინდოდა ამ თემაზე რამე წამეკითხა. ამიტომაც  დავილოდინე. ახლა კი აგერ მესამე მაღაზიის  გამყიდველი გოგონას მიერ ძლივს ნაპოვნი მოვიმარჯვე და შევუდექი სასიამოვნო აღმართს.

ცირა ბარბაქაძის შესავალს, რა თქმა უნდა, ვტოვებ და ვიწყებ უშუალოდ ძირითადს. კარგი, განგიმარტავთ ახლავე, ცხადია წავიკითხავ, ცირას წერილს როგორ დავტოვებ წაუკითხავს, უბრალოდ არ მინდა ამ მინირომანზე წინასწარი განწყობა შემექმნას, ამიტომაც, ჯერ ორიგინალი.

როგორც ველოდით საოცრად ინტიმური და სათუთი პირად და საოჯახო გარემოსთან ერთად ქართული ლიტერატურის, ლიტერატურის როგორც პერსონაჟის, სახეები… ელისაბედისკენ რომ შემობრუნდება  პატარა ოთარი და მიყვარხარო, რომ ეტყვის და ელისაბედის  შეშფოთებულ თუ  რა ვიცი, აღუწერავ სახესთან ერთად, ალბათ თითოეული მკითხველი ნათლად რომ წარმოიდგენს განსაცდელის,  პანდემიის  უძირო უფსკრულის პირთან  წონასწორობის დასაცავად  სუნთქვაშეკრულ დგომას… თან კი მოჰყვება და მოჰყვება  ლიტერატურული წერილების ციკლი,  უამრავ ლიტერატურულ პერსონაჟის აღსაწერად, შენთან ახლოს, ძალიან ახლოს მოსაყვანად.

წიგნზე რა ვთქვათ? უაღრესად, უკიდურესად ცას შემწვდარ  ლირიზმს შერეული (ისე რომ ხანდახან  ვერც არკვევ, სად რომელი იწყება ან მთავრდება),  შერთული უნატიფესი იუმორი. იუმორი თანამედროვე მწერლობაში თითქოს თავდასაცავ იარაღადაა ქცეული, ყველას, ვისაც უნდა თანამედროვე მწერლად გამოჩნდეს, თავზეხელაღებული სარკაზმი, ცინიზმი და „ფეხზედ დაკიდებული“  ძალად სტილი აქვს მომარჯვებული, თითქოს  მკითხველთა ნაწილი მისდევს კიდევაც ამ სახის თხზულებებს,  ჰგონიათ, თვითმფრინავით მისდევენ ასტრონავტებს, სინამდვილეში ეს თვითმფრინავიც და ის კოსმოსური ხომალდიც, ორივე ბორანზედ დევს და  მებორნე მიათრევს   ბაგირზე გამობმულს, უფრო- ვერ მიათრევს…

როსტომთან კი უმართლებს მკითხველს, უნატიფესი იუმორი აქვს როსტომს, დახვეწილი, თან ეჭვს ვერ შეიტან ისეთი ცხადი. ცირას აქვს ნახსენები, თითქოს ეს ვერც იქნებოდა სასაცილო  ჩვეულებრივ რეალობაში, მაგრამ როსტომის მიერ „იუმორის ესენცია“ მოსხმული უკვე ხელშესახებად კლასიკური ხდება, ცოცხლდება და თეატრალურ  სცენად თამაშდება შენს თვალწინ, წარმოსახვაში: ექთანი ეკითხება, ექთანი, მაგრამ მას, ავადმყოფს, ბურანში,  ანგელოზი რომ ჰგონია :

„თავს როგორ გრძნობთო?“ და მოდის ავტორის ცნობიერების ნაკადი :

„როგორ გინდა, ანგელოზი მოატყუო: კარგად ვარო, — არადა, ეტყვი: ცუდად ვარო, — და: აბა, მიგაცილებ წმინდა პეტრემდეო.“

ჰო, ერთიოდე აბზაციც წინასიტყვაობაზე: რა გითხრათ, ყოველთვის მინდოდა ასე ლამაზად, არსობრივად და ლაკონიურად შემძლებოდა  წიგნის მოხილვა, რეცენზია, დახასიათება …  რა ვიცი, რაც ჰქვია, ასეა ლამაზად, როგორც ცირა ბარბაქაძეს გამოსდის.

კოვიდი კი დაქროდა, ანაც დალასლასებდა, ანაც ნავლდებოდა მიმქრალი, ოღონდ მაინც არსებული, როგორც ის ვირთხა კამიუს შავი ჭირის ფინალისას რომ გაიელვებს და გაიქნევს ვერასოდეს ვერ გამქრალ და ყოველ წამს თავიდან გამოსაჩენ კუდს.

 

  1. რაგადი- ეს დიდებული სიტყვა, გარდა მეგრულისა გურულშიც აქტიურად იხმარება და არ ღირს დაკარგვა- რაგადი ლაპარაკი.

მასწავლებლების სამაგიდო წიგნი – „სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში“ 

0

„არცერთი ბავშვი განათლების მიღმა“

ჩვენ ყველას გვყოლია ერთი ისეთი კლასელი, რომელთანაც რაღაც ვერ იყო ჩვეულებრივად. ისინი არაჩვეულებრივები იყვნენ და მათ არაჩვეულებრიობას ვერ ვუგებდით, ვერც კლასელები, ვერც მასწავლებლები და ვერც, ზოგადად, სისტემა. ისინი ვერ სხდებოდნენ დადგენილ სტანდარტებში, ვერ ერგებოდნენ პროგრამას, ფორიაქობდნენ, ბრაზობდნენ, ხშირად გარბოდნენ კიდეც. რადგან სხვა გზა და საშუალება არ იყო, ისევ უკან ბრუნდებოდნენ და ეს ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა. ამასობაში კი დრო გადიოდა და სკოლასაც ამთავრებდნენ. სკოლიდან კი ვერ გეტყვით, რა მიჰქონდათ – დამცირება? შიში? სტრესი? სიბრაზე? გულდაწყვეტა? როგორ იწყობდნენ ცხოვრებას და როგორ ალაგებდნენ გეგმებს, ამასაც ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, რადგან ასეთ კლასელებთან არც ისე ახლოს ვიყავი, რადგან ისინი თითქოს არც იყვნენ კლასის ნაწილი. მასწავლებლები ბრაზობდნენ, როდესაც მათ მერხზე ჯდომა ჰბეზრდებოდათ, როდესაც თავში უამრავი კითხვა მოსდიოდათ, როდესაც შუა გაკვეთილიდან წამოხტომა და გარეთ გავარდნა სჭირდებოდათ, როდესაც მოზღვავებულ ენერგიას მდორე გაკვეთილების დროს ვერ ხარჯავდნენ; როდესაც ფეხები თავისით ცეკვავდნენ, ხელები კი იწყებდნენ ფურცლების ჭრასა და რვეულების, წიგნების ყდების გაფორმებებს. ჰოდა, ისინი არღვევდნენ მასწავლებლის ბრძანებას, რომ ბუზის გაფრენის ხმა გაგვეგონა, რომ სიჩუმობანა გვეთამაშა, რომ მასწავლებლის მონოლოგისთვის ყურადღებით მოგვესმინა. არღვევდნენ და იღებდნენ მილიონ საყვედურს, მშობლების დაბარებებს, ისე კარგად მახსოვს მხრებაჩეჩილი, რომ ვერ გაეგოთ, რა გამჩენი ვერ ასვენებდა მათ შვილებს, რატომ არ ჰგავდნენ სხვებს და რატომ იყვნენ ასეთი ცელქები, ასეთი მოუსვენრები.

გავიდა დრო, წლები, სასკოლო საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც სპეციალური საჭიროებები აქვთ და რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებენ. რომ განსაკუთრებულად ცელქ ბიჭუნას ან გოგონას, შესაძლოა ჰიპერაქტიურობის ან ყურადღების დეფიციტის დიაგნოზი ჰქონდეთ. და ეს ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა, რომლის დროსაც მასწავლებლებს უდიდესი როლი აქვს. უამრავ სტატიას ვაწყდებით, ტრენინგებზე უამრავ ინფორმაციას გვიზიარებენ, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, რომლებსაც თავად არ აურჩევიათ საკუთარი მდგომარეობა და ის სირთულეები, რომლებთანაც გამკლავება მათ უწევთ, შესაძლოა სულ მარტოებსაც კი. ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა ჯერ კიდევ ბევრი აღმოჩენის წინაა, ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე სრულყოფილი მიდგომები სპეციალური საჭიროების მოსწავლეებთან, ჯერ კიდევ მასწავლებლებს თავად უწევთ ინფორმაციების მოძიება, კითხვა, გარკვევა, ცდები და ექსპერიმენტები. დამერწმუნებით, ასეთ მოსწავლეებთან მუშაობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ამ დროს მასწავლებელს ბეწვის ხიდზე უწევს სიარული და წარმოიდგინეთ ეს ბეწვის ხიდიც კი სათუოა, ხშირად რისკის წინაშე ვდგავართ და არ ვიცით ჩვენი ქმედებები, ჩვენი მიდგომები როგორ შედეგებს მოიტანს.

ამიტომ, ამ საკითხებზე საუბარი, კომპეტენტური ლიტერატურა, სტატიები, განსაკუთრებით კი ქართულ ენაზე, დიდი შვება, სიხარული და მხარდაჭერაა მასწავლებლისთვის. როდესაც მშრალი ინფორმაციებისა და მითითებების ნაცვლად, პროფესიულ, სიღრმისეულად გაანალიზებულ ლიტერატურას კითხულობ, ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს მასწავლებლებს ასეთ წიგნებზე, გამოცემებზე მიუწვდებოდეთ ხელი. ქარჩხაძის გამომცემლობამ ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა მასწავლებელს და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, ზოგადად განათლების სისტემას, როდესაც უზარმაზარი ნაშრომი: „სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში“ თარგმნა და გამოსცა. ნაშრომის ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები – დაიენ ბრაიანტი და ბრაიან ბრაიანტი, დებორა სმითი არიან. ნაშრომში ძალიან დეტალურად არის მიმოხილული ყველა ის საკითხი, ყველა ის პრობლემა, რომლებიც ინკლუზიური სწავლებისას იჩენს თავს. წიგნი დაეხმარება არამხოლოდ მასწავლებლებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც განათლების სისტემაში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუშაობენ და რომლებიც ამ ეტაპზე ამ კუთხით განათლებას იღებენ.

კრებულში ძალიან საინტერესოდაა მიმოხილული, რა წინაპირობები შეიქმნა ამერიკაში და რა სამართლებრივი შემთხვევები უძღოდა წინ იმას, რომ განათლების შესახებ მტკიცე და მყარი კანონი შექმნილიყო, არცერთი ბავშვი განათლების მიღმა არ დარჩენილიყო და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები არ შეფერხებულიყვნენ, საკუთარი უნარების, ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებისას. სახელმწიფოს ამისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა.

„კანონს ყოველი მოსწავლის წარმატების შესახებ“ პრეზიდენტმა ობამამ ხელი 2015 წელს მოაწერა. კანონმა განმეორებით დაამტკიცა ის აქტი, რომელიც 50 წელზე მეტია, უზრუნველყოფს განათლების ეროვნული კანონმდებლობის დაცვასა და ყოველი მოსწავლისთვის თანაბარ შესაძლებლობებს. ობამადე კი ეს აქტი ჯორჯ ბუშ უმცროსმა დაამტკიცა სახელწოდებით: „არცერთი ბავშვი განათლების მიღმა“. აშშ-ში ამ მიმართულებით კანონებს საინტერესო ისტორია და დეფინიციები აქვს, და რაც პირადად ჩემთვის გასაოცარი იყო, ხშირ შემთხვევებში ასეთ გადაწყვეტილებებს, საფუძვლად ედებოდა ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების საჩივრების საფუძველზე იქმნებოდა. სწორედ ასეთ დროს შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო თავის ყველა მოქალაქეს უსმენს, ითვალისწინებს მათ პრობლემებს, განურჩევლად შესაძლებლობებისა.

წიგნში ასევე დაწვრილებითაა განხილული, რა არის შეზღუდული შესაძლებლობები, როგორ მიეწოდებათ მათ სპეციალური მომსახურება, როგორ ურთიერთობენ აშშ-ს სკოლები ბავშვების ოჯახებთან, როგორ გავუგოთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, რა გამოწვევების წინაშე დგება მასწავლებელი კულტურულად და ენობრივად განსხვავებული მოსწავლეების სწავლებისას და სხვა ძალიან აქტუალური და საჭირო საკითხები. წიგნის ღირსება ისიცაა, რომ თითოეული საკითხი მაგალითებითა და ნამდვილი ისტორიებით არის გაანალიზებული, მოცემულია საინტერესო აქტივობები, შეფასების რუბრიკები, ქცევის მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, კითხვისა და მათემატიკურ სიძნელეებთან გამკლავება, ძალიან გამოსადეგი სტრატეგიები და მეთოდები.

ეს ზღვა მასალა დალაგებულია თავებად, საკითხებად, თითოეულზე მსჯელობას წინ უძღვის კონკრეტული შემთხვევის განხილვა, გამოწვევა. პირადად მე ძალიან დამეხმარა წიგნში მოცემული შეფასებისა და სწავლების ინსტრუმენტი, ე.წ. ადაპტ-სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება სწავლების ინდივიდუალიზაციისთვის, რათა დავაკმაყოფილოთ სწავლების სირთულეების მქონე მოსწავლეები.

ადაპტ-სტრუქტურა

 

აირჩიეთ, თუ რას ითხოვთ მოსწავლისაგან.

 

 

დაადგინეთ, რომელია დავალების შესრულებისთვის საჭირო წინასწარი უნარები.

 ა

 

ანალიზი გაუკეთეთ მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

 პ

 

პრაქტიკაში გაატარეთ ადაპტაციები შემდეგი კატეგორიებიდან:

სასწავლო აქტივობა,

სასწავლო შინაარსი,

სწავლის მიწოდება,

სასწავლო მასალა

 

 

ტესტირება

ჩაატარეთ იმის თაობაზე, დაეხმარა თუ არა ადაპტაციები მოსწავლეს დავალების შესრულებაში.

 

ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებულ არაფერს გვთავაზობს, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით და პრაქტიკაში მის გამოყენებას ვცდით, მივხვდებით, როგორ დაგვეხმარება ის ინფორმაციების დალაგებაში, სამომავლო აქტივობების არამხოლოდ დაგეგმვაში, არამედ შეფასებაშიც. დავუშვათ მოსწავლისგან გვჭირდება, რომ მან გაწაფულად კითხვა შეძლოს, ამისთვის კი მოსწავლეს უნდა შეეძლოს ზოგადად კითხვა, სიტყვების ამოკითხვა. მოსწავლეს ძლიერ მხარედ შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მას აინტერესებს სათავგადასავლო ტექსტები, არის ძალიან ცნობისმოყვარე. ამიტომ სამუშაოდ სწორედ ასეთ ტექსტს შევთავაზებთ. ხოლო სუსტი მხარეა ის, რომ არ შეუძლია სწრაფად კითხვა, მარცვლის სიტყვებს, წინადადების ამოკითხვას საკმაოდ დიდ დროს ანდომებს. ეს სირთულე გამოიკვეთა დიაგნოსტიკური ტესტირების შემდეგ, როდესაც მოსწავლის მიერ ერთ წუთში წაკითხული სიტყვები იმაზე გაცილებით ცოტა იყო, რაც ამ ასაკში ზოგადად მოეთხოვებათ. ამ მოცემულობასა და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს ვარგებთ სასწავლო მასალას, ვგეგმავთ აქტივობებს, ვუსადაგებთ სტრატეგიებს, მაგალითად: ტაიმერის ან ქვიშის საათის გამოყენებით აბზაცების ხმამაღლა კითხვა, ჩანაწერების გაკეთება, როლებში კითხვა და ასე შემდეგ. მოსწავლესთან სამუშაოდ ვიღებთ განსაზღვრულ დროს, მაგალითად, სამ თვეს, ბოლოს კი ვუტარებთ ტესტირებას და მის შედეგს ვადარებთ მუშაობის დასაწყისში მიღებულ შედეგს. ვაანალიზებთ, რამდენად გაამართლა ჩვენმა მუშაობამ და დაგეგმილმა აქტივობებმა, და თუ არ გაამართლა, სად იყო პრობლემა და ასე შემდეგ.

მე თუ მკითხავთ, ეს ის წიგნია, რომელიც ყველა სკოლის ბიბლიოთეკაში უნდა იდოს. მასწავლებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ამ წიგნთან მუშაობის საშუალებაცა და ბედნიერებაც.

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ჩვენთანაც ის დრო, როდესაც არცერთი ბავშვი განათლების მიღმა არ დარჩება და ეს დამოკიდებული კი არ იქნება ერთეული მასწავლებლის სურვილზე, არამედ სახელმწიფოზე და მოქნილ განათლების სისტემაზე, ბავშვზე ორიენტირებულ კანონებზე, და იქნებ, ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაშიც შეუყვარდეთ ბავშვები ისე, როგორც ამას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენი მომავალი, იმსახურებს.

 

მეკობრეების ქალაქი

0
View of Port Royal Jamaica. Richard Paton (1717-91), c.1758. BHC1841

წლების წინ, ზაფხულობით დედასთან ერთად გარკვეული დროით სოფელში ვრჩებოდი. მაშინ ვბუზღუნებდი, ვიღლებოდი იქ ყოფნით. ახლა ვაცნობიერებ, რომ მთელი ის დღეები უმშვიდესი და უბედნიერესი ყოფილა. შაბათ-კვირას რომელიღაც რადიოზე ერთსაათიანი გადაცემა გადიოდა. მსახიობები სხვადასხვა ნაწარმოებს კითხულობდნენ. ჰოდა, ერთ ღამესაც ძლიერი წვიმა მოვიდა, შუქი ჩაქრა და ისე დაემთხვა, რომ რადიოში სწორედ ეს გადაცემა იყო. „კაპიტან ბლადის ოდისეას“ კითხულობდნენ. ბავშვობაში ის წაკითხული მქონდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით მოვუსმინე. არაჩვეულებრივი თავგადასავალია მოთხრობილი.

ეს არის ამბავი ექიმზე, მშვიდობისმოყვარე ადამიანზე, რომელსაც პოლიტიკური პერიპეტიები „ახალ მიწაზე“ გადაისვრიან. იქ მონა ხდება და პლანტაციებში იწყებს მუშაობას. შემდეგ იქიდან გაიქცევა და მეკობრეების გემზე კორსარ მეთაური გახდება. ბოლოს მთელი კარიბის კუნძულების აუზის ტერიტორიაზე გაითქვამს სახელს და იამაიკას გადაარჩენს თავდასხმებისგან. მეფე კი მადლობის ნიშნად ყველა ბრალდებას მოუხსნის და გუბერნატორობას უბოძებს. საბოლოოდ კაპიტანი ბლადი მშვიდ ნავსაყუდელს იამაიკაზე, პორტ როილში, მეკობრეების ქალაქში პოულობს.

დიახ, სწორედ ეს ქალაქი აღგავა მიწისძვრამ მიწის პირისგან…

მე-17 საუკუნეში, სათავეში მოსული ოლივერ კრომველი „ახალ მიწაზე“ ესპანელების შევიწროების გადაწყვეტილებას იღებს. ესპანიოლაზე დიდ ექსპედიციას გზავნის, რათა ესპანელებს ესპანიოლა წაართვას. ესპანიოლას ახლა ჰაიტი ეწოდება, კარიბის ზღვის დიდი კუნძულია. ესპანელებმა ინგლისელების შეტევა მოიგერიეს, კარგად შეაჯანჯღარეს, თან რაღაც იქაური ინფექციაც აიკიდეს, თუმცა კრომველთან დამარცხებულად დაბრუნებას არ ჩქარობდნენ. არ იყო კრომველი ის კაცი, დამარცხება ვინმესთვის იოლად ეპატიებინა. ამიტომ, ინგლისელებმა გადაწყვიტეს უფრო ნაკლებად დაცულ კუნძულს დასხმოდნენ თავს და გეზი იამაიკისკენ აიღეს. 1655 წელს ჩანაფიქრი განახორციელეს. თუმცა, მიხვდნენ, რომ შეთხელებული და გადაღლილი ჯარით აღებულ კუნძულს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ. ესპანელები დაბრუნებას აპირებდნენ. ამიტომ, ძველ ნაცნობ პრაქტიკას მიმართეს და დაქირავებული ჯარისკაცების აყვანა გადაწყვიტეს, რათა ესპანეთის წინააღმდეგ ზღვა-ზღვა ებრძოლათ. ანუ, ფაქტობრივად მეკობრეებს ქირაობდნენ. ეს იყო მანდატგაცემული ხალხი, რომლებსაც სრული უფლება ეძლეოდათ, თავს დასხმოდნენ გემებსა და სანაპირო ქალაქებს, დაეყაჩაღებინათ, გაეძარცვათ იმ სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელმაც მანდატი მისცა, ანუ, ინგლისის სასარგებლოდ. ესპანეთი იმ ხანად ბევრს არ უყვარდა. ჰოდა, ინგლისმაც მოხალისეებს მთელი ევროპიდან მოუხმო, რათა ეყაჩაღ-ეპარპაშათ ესპანელების წინააღმდეგ. იამაიკის მთავარი პორტი პორტ-როილი ამ ყაჩაღ დაქირავებულების ცენტრად იქცა. მათი უმრავლესობა, უკვე თავის სასარგებლოდ ყაჩაღობდა. აბა ინტერნეტი არ იყო, მობილური კავშირი, კამერები და ვინ ვის როგორ გააკონტროლებდა? ჰოდა, იდებდნენ ყველაფერს ჯიბეში.

პორტ როილის ბაზარზე რას აღარ ნახავდით გასაყიდად გამოტანილს. რეგიონში ყველაზე მდიდარი პორტი იყო. იამაიკის იმჟამინდელი ხელმძღვანელობაც ძალიან ლოიალურად უმზერდა მიმდინარე პროცესებს და ნაკლებად ინტერესდებოდა გასაყიდად გამოტანილი ნივთების წარმომავლობით.

პორტ როილი ქვისგან იყო აგებული. ამ ქალაქში ასეთი ფუფუნების უფლება ჰქონდათ, რადგან ყოველდღე დიდი და იოლი ფული შეედინებოდა. ქვა კი ფუფუნების სამშენებლო მასალა გახლდათ. ნიადაგი ფხვიერი იყო და შენობები ერთმანეთთან ძალიან ახლოს შენდებოდა. ამ შენობებს საძირკველი არ ჰქონდა, რადგან გრუნტის წყლები ძალიან მაღლა იდგა და მის დასაშრობადაც მაინცდამაინც არავინ იწუხებდა თავს. კუნძული სულ უფრო მიმზიდველი ხდებოდა ავანტიურისტებისთვის და იოლი ფულის მოყვარულებისთვის. შესაბამისად, ადგილი ახალი ბინებისთვის სულ უფრო მცირდებოდა… ამიტომ, გრუნტის წყლებჩამდგარ ფხვიერ ნიადაგზე მრავალსართულიანი ქვის სახლების შენება დაიწყეს.

პორტ როილი სეისმურად აქტიური ზონა იყო. მიწისძვრებიც ხშირი მოვლენა გახლდათ, ოღონდ შენებისას ეს არავინ გაითვალისწინა. მიჩვეული იყვნენ ბიძგებს. საბედისწერო მიწისძვრა 1692 წელს მოხდა. როდესაც პირველი ბიძგები დაიწყო, დიდად არავის უნაღვლია. დიდი საქმე, ერთ-ერთი მორიგი მიწისძვრააო, იფიქრეს.

მოგვიანებით, გადარჩენილები იხსენებდნენ, რომ გაისმა საშინელი ღმუილისმაგვარი ხმა და თვალის დახამხამებაში ქალაქის ნაწილი წყლის ქვეშ გაუჩინარდა, მეორე ნაწილი კი წყლით დაფარულმა ქვიშამ შთანთქა. რამდენიმე წუთის შემდეგ ცუნამი მოვარდა და რაც ქალაქისგან დარჩა, იმან წაიღო.

წერილში, ზემოთ მოთხრობილის პასუხად ერთი კვლევის ფრაგმენტი მინდა შემოგთავაზოთ. კვლევას მე ვაწარმოებ NATO-ს პროგრამა – მშვიდობისა და თავდაცვისათვის პროექტის ფარგლებში. ამ პროექტის შესახებ სხვა ორ წერილშიც მაქვს საუბარი და უფრო ვრცლად იქ წაიკითხეთ.

„ვენეციური ამბავი“ https://mastsavlebeli.ge/?p=34881

„როგორი ჰაერი არის გარეთ“ https://mastsavlebeli.ge/?p=37357

აქ სწორედ მიწისძვრასთან კავშირი მინდა განვიხილო. პროექტის ფინალურ ეტაპზე ე.წ. CASE STUDY კვლევა დავიწყეთ. 2023 წლის 24 სექტემბერს საქართველოში მოხდა მიწისძვრა, დილის რვა საათზე, თბილისთან ახლოს, 4.6 ბალის სიმძლავრის. ბიძგები მცხეთასთან მდებარე სოფელ ლელუბნიდან მოდიოდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ყველა საუბრობდა ღრიალისმაგვარ ხმაზე, რაც ბიძგებს წინ უსწრებდა. ეს ხმები მეც გავიგონე. მეძინა და სწორედ ამ ღრიალმა და ბიძგებმა გამაღვიძა. მოგვიანებით, როდესაც სენსორების ჩანაწერების გაშიფვრა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ხმაურის სენსორმა ხმაური დიდად ვერ დააფიქსირა. როგორც სეისმური კვლევების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ხმაურის ტალღები შედარებით ქვედა ფენებიდან წამოსულა და შესაძლოა ჩვენმა დეტექტორებმა მთლად კარგად ვერ აღიქვეს. სამაგიეროდ, სხვა რამდენიმე პარამეტრია დაფიქსირებული. დილის რვა საათამდე გაიზარდა ტემპერატურა და შემცირდა ტენიანობა. ოთხივე ლოკაციაზე დამონტაჟებულმა სენსორმა დააფიქსირა PM10 ნაწილაკების მკვეთრი ზრდა. ეს მოხდა ძირითადი ბიძგის წინ. სპეციალურ ლიტერატურაში ამას ე.წ. „ბალიშის ეფექტს“ უწოდებენ. ანუ, ბალიშს, რომ ხელს შემოკრავ და მტვერი ავარდება, მსგავსად ძირითადი ბიძგების წინმსწრები მცირე ბიძგების შედეგად „მტვრის ნაწილაკების“ ზრდა დაფიქსირდა.

სამეცნიერო ლიტერატურის ფართო ნაწილი მხარს უჭერს კავშირს ანომალიებსა და არსებულ ძირითად გარემო პარამეტრებს შორის, როგორებიცაა, ტემპერატურა, ტენიანობა, ხოლო სხვები აღნიშნავენ ატმოსფერულ PM ნაწილაკების ზრდას მიწისძვრის დროს/შემდეგ, მიწის ტალღების გავრცელების შედეგად.

სურათზე ასახული გრაფიკები გადმოსცემს 24 სექტემბრის მიწისძვრისას საათების მიხედვით პარამეტრების ცვლილებას.

გული მიგრძნობს, აქეთ ყველაფერი მშვიდად იქნება. აი, იმდროინდელ პორტ როიალში კი ახალი ქალაქის აშენების მცდელობა იყო, თუმცა ვერ გამოვიდა. ხან ხანძარი მოხდა, ხან წყალდიდობა, ხანაც იამაკის გუბერნატორმა კაპიტანმა ჰენრი მორგანმა (კაპიტან ბლადის პროტოტიპი), ყოფილმა მეკობრემ, მეკობრეობის საწინააღმდეგო კანონი გამოსცა. ამ კანონმა პორტ როილის ეკონომიკა გააცამტვერა. მე-17 საუკუნის ბოლოს კარიბის მეკობრეობის ოქროს ხანაც დასრულდა.

დღეს მეკობრეების ქალაქის ადგილას ერთი პატარა სოფელია, მეთევზეები ცხოვრობენ, კიდევ არქეოლოგები ჩადიან, ვინაიდან ჩაძირული ქალაქის შესწავლა დღემდე გრძელდება.

ტრანსპორტი მცენარეებში – ფიზიკისა და ბიოლოგიის ინტეგრირების მაგალითი

0

ადამიანი სხვადასხვა კუთხით შეიმეცნებს სამყაროს, რომელიც ერთიანია, მთლიანია, არ არის დანაწევრებული საგნებად და სფეროებად, მაშინ, როდესაც ცალკეულ მოვლენას თუ პროცესს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინა დამოუკიდებლად შეისწავლის. მეცნიერებათა სფეროების ერთმანეთთან დაკავშირება – ინტეგრირება ხელს უწყობს სამყაროს ერთიანობის შესახებ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები მოსწავლეს უნდა აძლევდეს სამყაროს ერთ მთლიანობაში აღქმის შესაძლებლობას. ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება, გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ჩემი სპეციალიზაციიდან გამომდინარე ძალიან მიჭირს კი არა, საერთოდ არ გამომდის „არაინტეგრირებული“ გაკვეთილის ჩატარება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი მცენარეებში ნივთიერებების ტრანსპორტს ეხება. ქვემოთ მისი ფრაგმენტებია წარმოდგენილი.

ტრანსპირაცია უწყვეტი გაზთა ცვლაა ფოთლების მონაწილეობით. ფოთლებშივე მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი – ფოტოსინთეზი. მცენარისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, აწარმოოს გაზთა ცვლა წყლის დანაკარგის გარეშე. ყველა მცენარეს აქვს ბაგეები, რომლითაც ხდება წყლის აორთქლება,

ტრანსპირაციის სიჩქარის გაზომვისთვის გამოიყენება ე.წ. პოტომეტრი. სიმულაციაში წარმოდგენილია ხელსაწყოს მუშაობის სქემა და მოსწავლეს შეუძლია მონაცემების შეგროვება.

სურათის მიხედვით უპასუხე შეკითხვებს:

  1. როგორ დაადგენ ტრანსპირაციის სიჩქარეს?
  2. რომელი ბიოტური თუ აბიოტური ფაქტორი უნდა გამოიკვლიო?
  3. როგორ შეამოწმებ ამ ფაქტორის დონეს?
  4. რამდენი პასუხი გჭირდება მონაცემების სანდოობისთვის?

5.როგორ შეინარჩუნებ უცვლელად სხვა ფაქტორებს, რომ გავლენა არ მოახდინონ ტრანსპირაციის სიჩქარეზე?

სიმულაციაში მოსწავლე შეისწავლის, რომ მცენარეს ბაგეები შეიძლება ჰქონდეს ფოთლის ერთ-ერთ, ან ორივე მხარეს.

ქსილემის სტრუქტურა ეხმარება წნევის მუდმივად დაბალ დონეზე შენარჩუნებას. წყლის კოჰეზიური თვისებები და ქსილემის სტრუქტურა უზრუნველყოფს ტრანსპორტის უწყვეტობას. ქსილემის მილები ლიგნინით არის ამოფენილი, რაც ზრდის კედლის მდგრადობას. მათ ხომ წნევის გარკვეულ მნიშვნელობას უნდა გაუძლონ. ქსილემა ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი მკვდარი უჯრედების გრძელი მილებია, წყალი მათში მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს, ფესვებიდან ფოთლებისკენ.

ქსილემაში უფრო დაბალია წნევა, ვიდრე ატმოსფერული წნევაა. ხისტი სტრუქტურა ხელს უშლის ქსილემის დაშლას. წყლის მოლეკულა პოლარულია, ამიტომ დიპოლის ერთი ბოლო იზიდავს წყლის მეორე მოლეკულის დიპოლის საპირისპირო ნიშნით დამუხტულ ბოლოს. ეს ურთიერთქმედება წყლის კოჰეზიურობას უზრუნველყოფს. წყალი ასევე მიიზიდება უჯრედის კედლის ჰიდროფილური ნაწილისკენ, ის მიდრეკილია ადჰეზიურობისკენ. მოლეკულების ურთიერთქმედების შედეგად ქსილემაში წყალი უწყვეტ ნაკადად მიედინება.

ოტო რენერის ექსპერიმენტი: სურათზე გამოსახულია გერმანელი მცენარეთა ფიზიოლოგის, ოტო რენერის 1912 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები. ღეროს გააცალეს კანი და ფოთლებიანად მოათავსეს პოტომეტრში. გაზომეს აორთქლებული წყლის რაოდენობა. ღეროზე იყო მომჭერი, რომელიც ზღუდავდა წყლის გადასვლას ფოთლებში. მოგვიანებით ღეროს წვერზე ყველა ფოთოლი მოაცალეს, დაამაგრეს ვაკუუმ ტუმბო და ახლიდან გაზომეს წყლის აორთქლების მაჩვენებელი.

ა) აღწერე ჩამკეტის გავლენა წყლის შეწოვის სიჩქარეზე;

ბ) ახსენი რა ეფექტი ჰქონდა ზედა ნაწილის მოჭრას წყლის შთანთქმის სიჩქარეზე;

გ) გამოთვალე სხვაობა ტუმბოს გამოყენებისა და ფოთლების არსებობისას აორთქლების სიჩქარეებს შორის;

დ) წყლის წნევა პოტომეტრში ატმოსფერული წნევის ტოლოა, ვაკუუმ ტუმბო გენერირებს 0 ატმ წნევას. განიხილე, რა წნევა წარმოიქმნება ქსილმაში.

როცა ფოთლის უჯრედის კედლის ზედაპირიდან წყალი ორთქლდება, მის ადგილს ადჰეზიურობის გამო მეორე მოლეკულა იკავებს. უახლოესი ხელმისაწვდომი მოლეკულების მარაგი ქსილემაშია. მაშინაც კი, როცა ქსილემაში წნევა უკვე დაბალია, წყალსა და უჯრედის კედლებს შორის საკმაოდ ძლიერია ურთიერთქმედება, რაც განაპირობებს წყლის დამატებითი ულუფის შთანთქმას და წნევა კიდევ უფრო მცირდება. დაბალი წნევა აღძრავს წევის ძალას, რომელიც ქსილემით ფესვებამდე აღწევს. ამ წნევას ტურგორი ეწოდება, ტურგორი უზრუნველყოფს წყლის მოძრაობას სიმძიმის ძალის წინააღმდეგ. ყველაზე მაღალ მცენარეშიც კი ეს პროცესი პასიურია. წყლის ზემოთ მოძრაობა დამოკიდებულია წყლის მოლეკულებს შორის კოჰეზიაზე. ბევრი სითხე ვერ გაუძლებდა დაბალ წნევას და ქსილემაში სვეტი „გატყდებოდა“. წყლის კიდევ ერთი ანომალია ისაა, რომ მისი თხევადობის მიუხედავად, წევის ძალა მასში ისევე გადაეცემა ერთი წერტილიდან მეორეს, როგორც მყარ სხეულში.

მინერალების აქტიური ტრანსპორტი ფესვებში – წყლის ტრანსპორტი ოსმოსის გზით მიმდინარეობს. ფესვის უჯრედებში უფრო მეტია მინერალების კონცენტრაცია, ვიდრე ნიადაგში. ამიტომ წყალი ცდილობს შეამციროს გახსნილი ნივთიერების კონცენტრაცია და მათკენ მიემართება, ზოგჯერ იონების კონცენტრაციები უჯრედსა და ნიადაგს შორის 100-ჯერ განსხვავდება ერთმანეთისგან. იონების ტრანსპორტი ტუმბოებით ხდება. რადგან იონების მოძრაობა ნელი პროცესია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იონები ქიმიურად ,,დაბმული“ არიან ნიადაგის ნაწილაკების ზედაპირებზე, მცენარეებმა სოკოებთან თანაცხოვრება დაიწყეს. სოკოები მცენარის ფესვებზე ან ზოგჯერ ფესვის უჯრედებში ცხოვრობენ. მათ შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა მუტუალიზმის მაგალითია.

დიაგრამაზე გამოსახულია ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგები. ნაძვის ნერგები ექვსი თვის განმავლობაში გაზარდეს სტერილურ ნიადაგში, მხოლოდ სოკოებთან თანაცხოვრება იყო შესაძლებელი. პირველი სვეტი საკონტროლოა, სოკოების გარეშე, დანარჩენი ხუთი სვეტი კი სხვადასხვა სახეობის სოკოსთან მუტუალიზმის შედეგს გამოსახავს.

ა) ახსენი ყლორტისა და ფესვის ზრდაზე სოკოების გავლენა;

ბ) რა მნიშვნელობა აქვს სოკოების არსებობას ნაძვის ფესვებზე?

სურათზე გამოსახულია წყლის მოძრაობა ფესვებიდან ფოთლებისკენ:

 

წყლის მომარაგებასთან შეგუებულობა, ადაპტაცია უდაბნოში და მარილიან ნიადაგში ცხოვრებასთან. ქსეროფიტებში აჩქარებულია წყლის შეწოვა და შენელებულია აორთქლება. ეფემერების სასიცოცხლო ციკლი დამოკლებულია, მომდევნო წვიმამდე ისინი „ძილის“ მსგავს მდგომარეობაში გადადიან.

მცენარის ფლოემაში ნივთიერებების ტრანსპორტი

ორგანული ნივთიერებების მოძრაობას ტრანსლოკაციას უწოდებენ. ფლოემას არ აქვს ტუმბო და სარქვლები ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემისგან განსხვავებით. მათ შორის მსგავსება ისაა, რომ ორივე სისტემაში სითხე მოძრაობს წნევის გრადიენტის მიმართულებით. ენერგია წნევის გენერირებისთვის არის საჭირო. შესაბამისად, ორივე პროცესი აქტიურია.

სურათზე გამოსახულია მცენარის ღეროს ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებული მასალა.

ფლოემაში ნივთიერებების ტრანსპორტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წნევისა და წყლის პოტენციალთა სხვაობებს. საქაროზა ან გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო, ან გარდაიქმნება სახამებლად, შესაბამისად, ხსნარის კონცენტრაცია მცირდება, წყალი გადადის ქსილემაში და ერთვება ტრანსპირაციის პროცესში.

საცრისებრი მილები ცოცხალი უნდა იყოს, რადგან საქაროზას ტრანსპორტი აქტიურია და ენერგია მუდმივად სჭირდება. ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან თანმხლებ უჯრედებს, ორივე ერთი საწყისი უჯრედისგანაა წარმოქმნილი. თანმხლებ უჯრედში უფრო მეტი მიტოქონდრიაა, ორივეს შენარჩუნებული აქვს მეტაბოლიზმის უნარი, გენეტიკური მასალა. მათ შორის არსებული პლაზმოდესმები გაცილებით დიდი დიამეტრისაა, ვიდრე სხვა უჯრედებს შორის.

ბუგრების ორგანიზმში აღმოაჩინეს სპეციალიზებული უჯრედები, ე.წ. ბაქტერიოციტები, რომელშიც ცხოვრობს ბაქტერია Buchnera, რომლებიც ასინთეზებენ ძირითად ამინომჟავებს ასპარტაინის მჟავადან და საქაროზადან. ასპარტინის მჟავა არ მიეკუთვნება ძირითადი ამინომჟავების ჯგუფს. ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ფლოემაში. როცა ბუგრები მრავლდებიან შთამომავლები გადადიან ბაქტერიებით კვებაზე.

ახსენი, როგორ შეიძლება გამოიყენო ანტიბიოტიკი იმის მტკიცებულების მოსაპოვებლად, რომ ბუგრებისთვის ბაქტერია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს?

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. BIOLOGY – IB diploma, 2014 edition.
  2. https://www.olabs.edu.in/

 

 

 

 

 

 

არაფორმალური განათლების როლი და მნიშვნელობა მოსწავლის აკადემიურ მიღწევაში

0

ელბერტ ფრეტველმა კოლუმბიის უნივერიტეტის სასწავლო პროგრამაში შექმნა  არაფორმალური განათლების პროგრამა, როგორც ცალკე დისციპლინა. იგი აღნიშნავდა, რომ ძლიერი არაფორმალური კათედრების არსებობის საჭიროება სკოლის დღის წესრიგში მუდმივად იდგებოდა. მართლაც, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როცა ამერიკას დიდი დეპრესიის ტალღამ გადაუარა (დაიხურა სკოლები, შემცირდა პედაგოგიური პერსონალი, ხელფასები გაიყინა), არაერთი პროგრამის დაფინანსება შემცირდა, თუმცა კლასგარეშე აქტივობების დაფინანსება არ შეწყვეტილა. ამერიკული სკოლების წარმატების საფუძველი დღემდე არაფორმალური განათლებაა. ამერიკელი განათლების მკვლევრები ამბობენ, რომ არაფორმალური განათლების როლი დიდია ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან. სწორედ არაფორმალური განათლების წარმატებული მოდელების არსებობამ განსაზღვრა  მოგვიანებით ჰარვარდის უნივერსიტეტსა და იელსში  მსგავსი ტიპის არაფორმალური კლუბების შექმნა, სადაც სტუდენტებს სწავლასთან ერთად გართობისა და შემოქმედებითი ცხოვრების შესაძლებლობაც ეძლევათ.

არაფორმალური განათლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლის  აკადემიური, თუ ცხოვრებისთვის საჭირო სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. ეხმარება მას გახდეს აქტიური, სოციალური, შემოქმედებითი, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც უმაღლეს დონეზე ფლობს 21-ე  საუკუნის ადამიანისთვის საჭირო უნარებს.  მაღალკონკურენტულ გარემოში ცხოვრება და საქმიანობა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის შეკითხვას: რა  შესაძლებლობები გააჩნიათ მოსწავლეებს მსგავს გარემოში საორიენტაციოდ? არიან თუ არა ისინი მზად არსებულ გამოწვევებთან  გასამკლავებლად?

დღემდე არსებული კვლევები ამტკიცებს, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეებს იმ გამოწვევების დაძლევაში ეხმარებათ, რომელთაც ისინი ჯერ კიდევ სწავლის პროცესში, სკოლაში აწყდებიან. ჩატარებული კვლევების მიზანი სწავლა-სწავლების პროცესში კლასგარეშე აქტივობების მნიშვნელობისა და უპირატესობების წარმოჩენაა.

1987 წელს განათლების ამერიკელმა მკვლევრებმა, ჰოლანდმა და ანდრემ, დაადგინეს უშუალო კავშირი მოსწავლის სპორტულ აქტივობებში ჩართულობასა და მის აკადემიურ უნარებს შორის. კვლევის თანახმად, მოსწავლეების ჩართულობამ სპორტულ აქტივობებში მნიშვნელოვნად იმოქმედა მათი GPA-ს გაუმჯობესებაზე (საშუალო ქულის მაჩვენებელი). მოსწავლეების სპორტულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა დადებით გავლენას ახდენდა მოსწავლეების აკადემიურ მდგრადობაზე, რაც მათ პასიურობის დაძლევაში დაეხმარა. აღნიშნულ კვლევაში გამოვლინდა, რომ მოსწავლის ინტერესებზე მორგებულმა გარემომ განაპირობა მათი მაღალი აკადემიური მოსწრება და ჩართულობა.

1997 წელს სილიკერმა და კვირკმა, 123 სტუდენტზე, ჩაატარეს კვლევა საშუალო სკოლის მოსწავლეების ჩართულობაზე არაფორმალურ განათლებაში. კვლევაში მონაწილეობდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო წლის პირველ კვარტალში სკოლათაშორის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და არ მონაწილეობდნენ. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მეორე კვარტლის განმავლობაში, მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც პირველ კვარტალში დაკავებულები იყვნენ სპორტული ცხოვრებით. განსხვავებით, მეორე კვარტლისგან, როდესაც უფრო მეტი თავისუფალი დრო და ნაკლები ფიზიკური ენერგია ჰქონდათ. მკვლევრებმა მიიჩნიეს, რომ სპორტულ წრეებში ჩართულობა, მოსწავლეებში აუმჯობესებს დროის აღქმას, ზრდის მოტივაციასა და მათ უფრო პროდუქტიულს ხდის.

2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიზანი იყო მოსწავლის აკადემიურ პროდუქტიულობაზე მძლეოსნობის გავლენის კვლევა, აჩვენა, რომ გუნდური მუშაობა, რომელიც მოცემულ სპორტში გადამწყვეტია, მოსწავლეებს გუნდურობისა და თანამშრომლობის მოტივაციას უჩენს და ავითარებს აკადემიურ უნარ-ჩვევებს. შედეგებმა აჩვენა, რომ საუკეთესოდ საკუთარ ფუნქციას ასრულებენ ის სკოლები, რომლებიც ქმნიან სპორტულ გარემოს მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარის გამოსამუშავებლად.

2008 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სკოლებში, სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, მოსწავლეებს კი აქვთ აქტიური ხელშეწყობა არაფორმალური განათლების მისაღებად, მოზარდები გაცილებით უფრო მოტივირებულნი არიან.

განათლების ამერიკელი მკვლევრის რობერტ ფრიმანისთვის, რომელიც მოზარდების კლასგარეშე საქმიანობასა და აკადემიურ მიღწევებს შორის კავშირის დადგენაზე მუშაობდა, მნიშვნელოვანი იყო შემდეგ შეკითხვებზე პასუხი: 1.იყო თუ არა კავშირი კლასგარეშე საქმიანობასა და აკადემიურ მიღწევებს შორის; 2.ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა არასაკლასო მეცადინეობების რაოდენობას მოსწავლის აკადემიურ მიღწევებთან. ფრიმანის კვლევის საფუძვლად იქცა მისი სტუდენტი, რომელიც რამდენიმე სპორტული კლუბის წევრი იყო, ამის პარალელურად, წარმატებით ართმევდა თავს სწავლის პროცესს. თუ აქამდე მოსწავლე სტრესულად რეაგირებდა საკუთარ აკადემიურ შეფასებებზე, რაც მას უფრო მიჯნავდა სასწავლო პროცესისგან, ფრიმანის დახმარებით, მან მოახერხა ფოკუსირება საკუთარ შესაძლებლობებზე და ჩაერთო სამხატვრო შოუში. სამხატვრო შოუში გამარჯვების შემდეგ, როდესაც მას გადასცეს ჯილდო, ის აქტიურად ჩაერთო სასკოლო საქმიანობაში, მოგვიანებით კი გაუმჯობესდა მისი აკადემიური მოსწრებაც.

ფრიმანი 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდა სხვადასხვა ასაკის, სქესის, ინტერესების, ხასიათის მოსწავლეებს და იკვლევდა მათგან რამდენს ჰქონდა წარმატება. კვლევა, რომელიც მან ჩიკაგოს გარეუბანში მდებარე 2 საშუალო კოლეჯში ჩაატარა, მოზარდთა 2 ჯგუფში, დაახლოებით 1145 (575 – მამრობითი სქესი, 570 – მდედრობითი სქესი) მოსწავლეს აერთიანებდა. კვლევაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებიც კლასგარეშე აქტივობებით იყვნენ დაკავებულები და 116 მონაწილე, რომელიც არ მონაწილეობდა კლასგარეშე ღონისძიებებში. ფრიმანმა გააანალიზა პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემები, ე.წ. პენტამაცია. აგრეთვე, დამატებითი მონაცემები, სადაც შედიოდა სტუდენტის საშუალო ქულა ფინალური გამოცდიდან, სემესტრული ქულები, სტუდენტების პირადობის ნომრები, სქესი და ასაკი. კვლევაში დამოუკიდებელი ცვლადი იყო სტუდენტების ACT ქულები და კლასის საშუალო (GPA). კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ: 1.მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ჩაერთნენ არაფორმალურ საგანმანათლებო კლუბებში მათი GPA გაიზარდა 2,58-2,93; 2. 117 მოსწავლის მაჩვენებელი, რომელებიც  ჩართულნი იყვნენ 5 ან მეტ საკლუბო საქმიანობაში, გაიზარდა 3, 17-მდე.

ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს,  რომ განურჩევლად იმისა, სტუდენტი რომელ არაფორმალურ  კლუბში მონაწილეობს,  სქესის,  ასაკის მიუხედავად, მისი აკადემიური მოსწრება უმჯებესდება და ეს მათ შემდგომ წარმატებას განაპირობებს.

ზემოთხსენებული კვლევები უფრო ამყარებს ჩემს მოსაზრებას, რომელიც ეფუძნება ჩემს პირად გამოცდილებას, რომელზე საუბარიც ჩემი მოსწავლეების მაგალითზე შემიძლია, აშკარაა არაფორმალური განათლების ზეგავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და  სასკოლო წარმატებებში. ვფიქრობ, მოსწავლეების წარმატების უკან  არაფორმალური განათლება დგას, რომელმაც დადებითი ზეგავლენა მათ აკადემიურ მოსწრებაზეც მოახდინა.

დაკვირვების შედეგები, რჩევები და რეკომენდაციები

არაფორმალური განათლება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას აძლევს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს:

  1. მეთოდოლოგიური თავისუფლება (რა მეთოდოლოგიურ მიდგომას გამოიყენებენ);
  2. შინაარსობრივი თავისუფლება (რა თემაზე სურთ მუშაობა);
  3. სოციალური თავისუფლება (თავად ადგენენ წესებს, თავად განსაზღვრავენ ღირებულებებს);

ამასთანავე, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სკოლას შეუძლია თავად უპასუხოს გამოწვევებს, რომელიც სხვადასხვა კლასებში დგას. ამ გამოწვევების დანახვა, აღიარება და პრობლემად აღმა არაფორმალური განათლების მეშვეობით სხვადასხვა ფორმით შეიძლება:

  1. სპორტული აქტივობები;
  2. წიგნიერების განვითარება;
  3. კულტურა/ხელოვნება;
  4. ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები;
  5. პროფესიული კლუბები;
  6. შემოქმედებითი კლუბები.

ამის პარალელურად, ის ფსიქო-ემოციური ფონი, რომელიც მოსწავლეებს აქვთ:

  1. არ ეკუთვნის სკოლას;
  2. არის მარტოხელა/არ ჰყავს ბევრი მეგობარი;
  3. უარყოფილია ვიწრო სოციუმში;
  4. თავს გრძნობს მორცხვად;
  5. არ გრძნობს მხარდაჭერას;
  6. იღებს ნაკლებ ინტერესს;
  7. აქვს დაბალი თვითშეფასება;
  8. არ სურს თვითგანვითარება.

მსგავსი განწყობისა და თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს სჭირდებათ განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა და განსაკუთრებულ მხარდაჭერას  საჭიროებენ. არაფორმალური განთლების უპირატესობებია:

  1. მუშაობის პროცესში გართობა, პირადი სიამოვნების მიღება;
  2. ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება;
  3. პირადი და სოციალური საქმიანობის გაფართოება/ახლის მოსინჯვა;
  4. პოპულარობისა და სოციალური სტატუსის მიღწევა;
  5. იმ პროფესიების, საქმიანობების შესწავლა, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი სკოლის პროგრამაში;
  6. სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება, ახალი მეგობრების შეძენა;
  7. ლიდერობის შესაძლებლობების თანაბარი განვითარება;
  8. ჯილდოების, რეკომენდაციებისა და პრიზების მიღების შესაძლებლობა;
  9. სასკოლო ცხოვრების გაძლიერება და გაფართოება;
  10. აქტიური მოქალაქის ფორმირება;
  11. მონაწილეობა სკოლის პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში;
  12. მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრატორებთან თანამშრომლობითი კომუნიკაციის განვითარება.

 

ამერიკული არაფორმალური სკოლის წამყვანი სპეციალისტები გვირჩევენ,  რომ მასწავლებლებმა არაფორმალური განათლების პროცესში თავადაც უნდა დაიცვან გარკვეული წესები:

1.კლასგარეშე აქტივობების განხორციელება, რომლებიც ზრდის ჩართულობასა და კომუნიკაციის ხარისხს;

2.მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მრჩეველის ფუნქცია და არა ავტორიტეტის;

3.ისეთი გარემოს ხელშეწყობა, რომელიც მოსწავლეებს  საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან მხოლოდ კეთილგანწყობილი გარემო ეხმარებათ მათ განავითარონ უნარ-ჩვევები კონტროლისა და არასასურველი იმპულსების გარეშე;

4.კლასგარეშე აქტივობების განხორციელება, რომლებიც განავითარებენ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების უნარებსა და დამოუკიდებლობას. ეს ხელს უწყობს ინდივიდუალური თავისუფლების გრძნობის ჩამოყალიბებას და ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც მოსწავლეებს არა მორჩილების, არამედ თანამშრომლობის განცდა ექნებათ;

5.სასკოლო მომსახურების ისეთი  პროექტის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში, რადგან ეს იძლევა შესაძლებლობას ჯანსაღი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის;

6.მოსწავლე-ლიდერების დანიშვნა, როგორც პოზიტიური მისაბაძი ადამიანების, რომლებიც არ არიან ჩართულნი კლასგარეშე აქტივობებში. მონაწილეებს დაეკისრებათ მათი დამხმარის, მრჩევლის ფუნქცია, რათა უმცროსებს მიაწოდონ ცოდნა და გაუზიარონ გამოცდილება;

7.იმგვარი პროფესიული კულტურის შემუშავება, რომ თავად მასწავლებლისთვისაც სასიამოვნო, შემოქმედებითი და ყოვლისმომცემი იყოს როგორც მოსწაველეებთან, ასევე კოლეგებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან;

8.ყველა სასკოლო რესურსის გამოყენება, დამატებით სხვა რესურსის მოპოვება,  რათა შეიქმნას თანამედროვე, პრინციპებსა და ღირებულებებზე ორიენტირებული სასწავლო გარემო;

9.მოსწავლეების მუდმივი გამოკითხვა, რათა მათ გაარკვიონ საკუთარი საჭიროებები, რამდენად კომფორტულად და მნიშვნელოვნად გრძნობენ თავს სასკოლო გარემოში;

10.თითოეული სტუდენტისთვის ოთხწლიანი გეგმის შედგენა, რომელიც დაეხმარებათ აკადემიური და არააკადემიური უნარების განვითარებაში;

11.მოსწავლეთა იდეების ხელშეწყობა, მხარდაჭერისა და ინტერესის გამოხატვა როგორც   იდეების,  ასევე მათი პიროვნების მიმართ;

12.მოსწავლებისთვის, ძალისა და ნებისყოფის ჩვენება იმისთვის, რომ მათ დაეხმაროთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში;

13.მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტების წარმოჩინება და მატი ხელშეწყობის გავრცელება;

14.კლუბის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელების მხრიდან პრეზენტაციების გაკეთება, ახალი წევრების მოძიება;

15.ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებს ლიდერობა, დაეხმარეთ მომავლის დაგეგმვასა და გეგმების განხორციელებაში.

 

ამრიგად, შეიძლება, ითქვას, რომ არაფორმალურ საგანმანათლებლო საქმიანობას, მის სწორად წარმართვასა და მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებას გარდამტეხი როლი აქვს მოსწავლეების წარმატებაში, იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელსაც 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს უწოდებენ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...