პარასკევი, მაისი 23, 2025
23 მაისი, პარასკევი, 2025

ერთი ავარიის ქიმიური ქრონიკა

0

2023 წლის 3 თებერვალს აღმოსავლეთ პალესტინაში მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. მიზეზი ამ დრომდე ცნობილი არ არის. პერსონალი უკიდურესი საფრთხის ქვეშ მუშაობდა და ფაქტობრივად მათი მოქმედება თავგანწირვის ტოლფასი იყო, რადგან დიდი აფეთქება შეიძლებოდა მომხდარიყო.

შემდეგ დაისვა კითხვა – როგორ მოხდა ავარია? ზოგმა რა თქვა, ზოგმა – რა… არასათანადო მექანიკური გამართვაო, რელსების არასაკმარისი მოვლაო, კადრების უკმარისობაო, დივერსიაო, პოლიტიკური მოტივაციაო…

საქმეში მაშინვე ჟურნალისტები ჩაერთნენ და რელსებიდან გადავარდნილი მატარებლიდან დაღვრილი და დამწვარი ზოგიერთი ქიმიკატის ჩამოთვლას შეუდგნენ. ზოგიერთი მათგანის სახელწოდება იხილეთ ცხრილში:

 

ჰოდა, დღეს ამ ქიმიკატების მოკლე ანოტაციებს გაგიზიარებთ, რათა უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, რა საფრთხეებს შეიცავს მათი გარემოში მოხვედრა.

 

ვინილ ქლორიდი: მისი წვის პროდუქტები განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის, მაგ. ქლორწყალბადმჟავა, ფოსგენი და ნახშირბადის მონოქსიდი. ხანძრის შემთხვევაში მომწამვლელი აირები წარმოიქმნება. პროდუქტის მაღალი კონცენტრაციის შესუნთქვა იწვევს თავბრუსხვევას, მოდუნებასა და ფილტვების გაღიზიანებას. კანთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს მოყინვის შეგრძნება.

 

იზობუტილენი:

აალებადი თვისებები და საფრთხეები: მაღალმა ტემპერატურამ და ხანძრის პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს ნახშირბადის მონოქსიდის (CO), ნახშირორჟანგის (CO2) წარმოქმნა. იზობუტილენს, თუ ის დიდი კონცენტრაციით არის, შეუძლია ჰაერში ჟანგბადის ჩანაცვლება და მისი კონცენტრაციის შემცირება. ასეთ ნივთიერებებს არ აქვს რაიმე ტოქსიკურ ეფექტი, მაგრამ ისინი შეიძლება საშიში იყოს ჩაკეტილ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში, სადაც შეძლება დაგროვდეს და ჰაერი ჩაანაცვლოს. მაღალი კონცენტრაციით ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დაჩქარება, თავბრუსხვევა, დაღლილობა და გულისრევა. მისი ძლიერი ზემოქმედება გულის წასვლასა და სიკვდილს იწვევს.

ბუტილ აკრილატი: მისი დაშლის შედეგად საშიში პროდუქტები ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ნახშირორჟანგი (CO2) წარმოიქმნება. მოწამვლის სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გულისრევა და ღებინება. ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს გამონაყარს, ქავილს, შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, ჩხვლეტის შეგრძნებას ხელებსა და ფეხებში, თავბრუსხვევას, თავბრუსხვევას, გულმკერდის ტკივილს, კუნთების ტკივილს ან სიწითლეს.

 

ბენზოლი: ძლიერ აალებადი სითხეა და მისმა ორთქლმა ჰაერთან ფეთქებადი ნარევი შეიძლება წარმოქმნას. ისეთი მსუბუქი ლითონების თანაობისას, როგორიცაა, ალუმინი, მაგნიუმი, ტიტანი და ბერილიუმი (სიმკვრივე 5 გ/სმ3-ზე ნაკლები), შესაძლებელია ქიმიური პროცესების პროვოცირება; ასევე ეგზოთერმული რეაქციები ჰალოგენებთან და ჰალოგენირებულ ნახშირწყალბადები. არსებობს აფეთქების რისკი ჰალოგენ-ჰალოგენ ნაერთებთან, აზოტმჟავასთან, პეროქსი ნაერთებთან პერქლორატებთან, ძლიერ მჟანგავ აგენტებთან, ქლორთან, ფტორთან და ფთორიდებთან, ურანის ჰექსაფტორიდთან, თხევად ჟანგბადთან შეხებისას.

მისი ორთქლი იწვევს კანისა და თვალის სერიოზულ გაღიზიანებას, შეიძლება გენეტიკური დეფექტების პროვოცირება მოახდინოს, გამოიწვიოს კიბო, ორგანოების დაზიანება ხანგრძლივი ან განმეორებითი ზემოქმედებით.

 

დიეთილენ გლიკოლი: შეუთავსებელია ძლიერ მჟანგავ აგენტებთან, ძლიერ მჟავებთან, ლითონებთან. დაშლის საშიში პროდუქტებია ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ნახშირორჟანგი (CO2). მოწამვლის სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, და გულისრევის შეგრძნება.

ეთილენ გლიკოლის მონობუტილ ეთერი: სახიფათო წვის პროდუქტები: ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ნახშირორჟანგი (CO2). პეროქსიდები უნდა მოარიდოთ

ღია ცეცხლს, ცხელ ზედაპირებსა და აალების წყაროებს, მაღალ ტემპერატურასა და მზის პირდაპირ სხივებს. ჰაერის ან ტენიანობის ზემოქმედებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მასთან შეუთავსებელი პროდუქტებია, ჟანგვის ძლიერი აგენტები.

მოწამვლის სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გულისრევა და ღებინება.

 

პროპილენგლიკოლი: ინტენსიური გაცხელებისას ჰაერთან ფეთქებად ნარევებს წარმოქმნის.

საშიში რეაქციების შესაძლებლობა იზრდება ჟანგვის აგენტებთან, მჟავა ანჰიდრიდებთან, მჟავას ქლორიდებთან. არ არის ნახსენები, როგორც კარცენოგენული აგენტი.

 

კეთილი, ინფორმაცია ინფორმაციად, მაგრამ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მატარებლის რელსიდან გადავარდნის შემდეგ?

1) ავარიის ადგილზე 1A კლასის კარცენოგენების დიდი რაოდენობა დაიღვარა. ამავე დროს, შეიქმნა აფეთქების მაღალი რისკი. გარემოში გაიფრქვა ნივთიერებები, რომლებიც გრძელვადიან ინტოქსიკაციას იწვევს.

2) რელსებიდან გადასვლის ადგილზე იყო რამდენიმე ქიმიური ნაერთი, რომელთა გაცხელება სარისკოა. არადა, მათ ცეცხლი ეკიდა (მაგ. ვინილ ქლორიდი, ბენზოლი, პროპილენგლიკოლი). ეს ქიმიკატები დიდი იყო მოცულობით. მათმა უმრავლესობამ შეიძლება შექმნას ფეთქებადი ნარევები ჰაერთან და გამოიწვიოს დიდი აფეთქება.

3) ზოგიერთი პროდუქი ფოტოაქტიურია და შეიძლება, რეაგირება მოახდინოს მზის ულტრაიისფერი ზემოქმედებისას. მაგ., ეთილენგლიკოლის მონობუტილ ეთერმა მზის ან ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებისას, შეიძლება განიცადოს ფოტოჟანგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოლეკულის დაშლა მცირე და პოტენციურად მავნე ნაერთებად, როგორიცაა, ფორმალდეჰიდი და ჭიანჭველა მჟავა. შეუძლებელია იყო 100%-ით დარწმუნებული, შეიძლებოდა თუ არა, ამ ტიპის რეაქცია მომხდარიყო ავარიის ადგილას, მაგრამ პირობების სრულად აღმოფხვრაც შეუძლებელია.

4) ზოგიერთი ქიმიური ნაერთი (ეთილენ გლიკოლის მონობუტილ ეთერი და დიეთილენგლიკოლი) შეიძლება რეაგირებდეს ლითონებთან, როგორიცაა, ალუმინი და რკინა. მატარებლები და რკინიგზა კი ამ ლითონების გამოყენებით იწარმოება.

5) რელსებზე ქიმიური ნივთიერებების დაღვრის შედეგად შესაძლებელი იყო მთელი რიგი პროცესების განვითარება. მაგალითად:

ა) ვინილის ქლორიდის წვა:

2C2H3Cl + 7O2 → 4CO2 + 2HCl

ბ) ვინილ ქლორიდის წვამ ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს არასრული წვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწილობრივ დაჟანგული ნაერთები, როგორიცაა, ნახშირბადის მონოქსიდი (CO). ნახშირბადის მონოქსიდს შეუძლია, რეაგირება მოადინოს თავდაპირველ მასალასთან და წარმოქმნას სხვა ნაერთები. მაგალითად, ნახშირბადის მონოქსიდს შეუძლია რეაგირება მოახდინოს ვინილ ქლორიდთან და წარმოქმნას ფოსგენის აირი (COCl2)- საბრძოლო აირი.

C2H3Cl + CO → COCl2 + H2

გ) ეთილენგლიკოლის მონობუტილეთერის (C4H9OCH2CH2OH) წვის რეაქციის გამარტივებული განტოლება შეიძლება მოიცავდეს წყალბადის ზეჟანგის (H2O2) წარმოქმნას: C4H9OCH2CH2OH + 3O2 → 4CO2 + 5H2O + H2O2.

დ) ვინილქლორიდი და ბენზოლი ჩვეულებრივ პირობებში ერთმანეთთან არ რეაგირებენ. თუმცა, ამ ნივთიერებების მაღალ ტემპერატურაზე ერთად მოხვედრისას, შეიძლება ეს პროცესი განვითარდეს. უფრო მეტიც, ორივე ნივთიერება ტოქსიკურია და ჯანმრთელობისთვის საშიში.

 

C2H3Cl + C6H6 → C6H4=CH-Cl + H2

 

უკვე წარმოქმნილი პროდუქტებიდან კი შესაძლებელია ე.წ. მეორადი პროდუქტების წარმოქმნა.

ეს ამბავი სოციალური ქსელის ერთი გვერდის მიერ იყო გავრცელებული. რატომღაც წასაკითხად მიმიტყუა და დავინტერესდი. შემდეგ, აი, სხვა ინფორმაციაც მოვიძიე (Isaacs-Thomas, B. (2023, February 16). What we know about the chemicals aboard the train that derailed in Ohio. PBS. Retrieved February 20, 2023, from https://www.pbs.org/newshour/science/what-we-know-about-the-chemicals-aboard-the-train-that-derailed-in-ohio ; McGill, B. (2023, February 17). The toxic chemicals spilled by the Ohio train derailment: A visual breakdown. The Wall Street Journal. Retrieved February 20, 2023, from https://www.wsj.com/articles/the-toxic-chemicals-spilled-by-the-ohio-train-derailment-a-visual-breakdown-65fae1ce) და მათზე დაყრდნობით ეს წერილი თქვენთვის დავწერე.

ჩვენთვის ეს უბრალოდ ქიმიური ქრონიკაა, გარემოსთვის კი ქიმიური დაბინძურება.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა – მადლობა ღმერთს, არავინ დაშავებულა.

 

 

 

 

 

 

 

  რაინდული იდეალების კრიზისი

0

თანამედროვე სამყაროში იდეალების კრიზისის თემა არაერთ მწერალთან გვხვდება. მათ შორისაა იტალო კალვინო, გამორჩეული ავტორი. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება, პოსტმოდერნისტული რომანები, მოთხრობები თარგმნილია ქართულ ენაზე („განახევრებული ვიკონტი“, „ბარონი ხეზე“, „უხილავი ქალაქები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ და სხვ.). როგორ იქცევა ნიღბებად ღირებულებები, რომლებიც სიცარიელეს ფარავენ? სწორედ ამ მრავალმნიშვნელოვან კითხვას უტრიალებს იტალო კალვინო თავის რომანში „არარსებული რაინდი“ და მკითხველს პასუხების უსიერ ტყეში მიუძღვება.

მწერალი ამ რომანში კლასიკურ პარადიგმებს გადაათამაშებს, წარსულის ლანდებს გამოიხმობს და თანამედროვეობის სულიერ პრობლემებს ამ გზით გამოკვეთს. საგულისხმოა მისი ერთგვარი ასოციაციური ინტერტექსტუალური გადაძახილი, უპირველეს ყოვლისა, სერვანტესის „დონ კიხოტთან“. აქაც შუა საუკუნეების რაინდული რომანების პაროდირებით, მსუბუქი იუმორით, რეალობისა და წარმოსახვის დაპირისპირებით წარმოჩენილია ფასეულობათა გაქრობა სამყაროდან. ამ პოსტმოდერნისტულ რომანში ისტორია, შუასაუკუნეების გარემო და მსოფლმხედველობრივი ესთეტიკა ფიქციაა, პირობითობაა, დეკორაციაა, უნივერსალური იდეების გათამაშების ტოპოსია. ამ სცენაზე ფუნდამენტური ადამიანური ვნებები ნიღბებს ირგებენ და თავიანთ როლებს თამაშობენ, ამიტომ გვხვდება გროტესკული სახეები.

აჯილულფო რაინდის იდეალს განასახიერებს, ის არ „იმეორებს“ არც შუა საუკუნეების რაინდის სახეს, არც დონ კიხოტს. ის სწორედ ის პირველსახეა, რომელთან მიმსგავსებასაც ცდილობს მწუხარე სახის რაინდი. იგი არარსებული მხედარია, ცხენზე ზის, თეთრი და ბრწყინვალე აბჯარი აცვია. მას აქვს საბრძოლო გმირული ისტორია და სწორედ ამ თავდადებისთვის შეძენილი ღირსების გამომხატველი ტიტულები, მაგრამ ხორცი არა აქვს, არც სვამს და არც ჭამს, არც რაიმე აღელვებს. მას არ შეუძლია ქალთან სიახლოვე, მაგრამ შეუძლია ქალს, ბრადამანტეს, რომელიც გაუმაძღარია ვნებით, სიყვარულის სამოთხე შეაგრძნობინოს, ფიქრით, წარმოსახვით, სიტყვით განაცდევინოს ნეტარება. ამიტომაც მზეთუნახავი მასზეა შეყვარებული და მხოლოდ იგი მიაჩნია სიყვარულის ღირსად, სხვებთან კი მხოლოდ ვნებას იოკებს.

აჯილულფო, „არარსებული რაინდი“, განასახიერებს რაინდულ კოდექსს, საუკუნეთა განმავლობაში მოფიქრებულ წეს-კანონებს, ტრადიციას, ჩვეულებას. ის არის კოსმოსი და ცდილობს ადამიანურ ურთიერთობათა ქაოსში წესრიგის შემოტანას. მას არ შეუძლია მოლხენა, მაგრამ სუფრაზე ზის და იდეალურად თამაშობს მოქეიფის როლს, მოლხენის რიტუალს ზედმიწევნით აღასრულებს. სანამ ის ახლავს მეფე კარლოსის ჯარს, გამარჯვებას ხელს ვერაფერი შეუშლის. ის ყველგანაა, სადაც დახმარება სჭირდებათ, ამგვარად, იგი ქრისტესა და წმინდა გიორგის პარადიგმული სახეცაა. რომანში ასეთი დიალოგი იმართება მეფესა და აჯილულფოს შორის:

„თქვენ გეუბნებით, ჰეი, პალადინო! – არ ეშვებოდა კარლოს დიდი, – რატომ უმალავთ სახეს თქვენს მეფეს? მუზარადის საყბეურიდან გარკვევით გაისმა ხმა: იმიტომ, რომ არ ვარსებობ, სირ“. მართლაც, „მუზარადი ცარიელი იყო. შვიდფერა ჯიღით დამშვენებული თეთრი საჭურვლის ქვეშ არავინ იყო“. „ოჰ, რას არ ნახავს ადამიანი! – თქვა კარლოს დიდმა, – კი მაგრამ, ჯარში როგორ მსახურობთ, თუკი არ არსებობთ? – ნებისყოფით, – თქვა აჯილულფომ, – და ჩვენი წმინდა საქმისადმი რწმენით. – ჰო, ჰო, კარგი ნათქვამია, მოვალეობა სწორედ ასე სრულდება. იმის კვალობაზე, რომ არ არსებობთ, ყოჩაღი ყოფილხართ!“ (რომანი როზა ოდიშვილმა თარგმნა, გამომცემლობა „აგორა“).

კომიზმით შეფერილი ეს დიალოგი კარგად ამხელს მწერლის ჩანაფიქრს, წარმოაჩინოს თანამედროვე სიმულაკრების სამყარო. ფრანგი კულტუროლოგი, ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი თავის ცნობილ ნაშრომს „სიმულაკრები და სიმულაციები“ წარუმძღვარებს ეპიგრაფს, რომელშიც ვკითხულობთ: „სიმულაკრი არასოდეს არ არის ის, რომელიც ფარავს ჭეშმარიტებას – ჭეშმარიტება არის სწორედ ის, რომელიც ფარავს, რომ იქ არაფერი არ არის“. ამგვარად, იგი თვითონ მიმართავს ერთგვარ სიმულაციას, შენიღბვას, როდესაც ეპიგრაფის წყაროდ ეკლესიასტეს ასახელებს, რომელშიც, რა თქმა უნდა, მსგავსი ფრაზები არ არის. რომანში ბოდრიარისეული ჰიპერრეალობა წარმოჩნდება, „რეალობის უდაბნო“, „უატმოსფერო სივრცე“, რომელშიც მხოლოდ უარსო „ცნებები დაფარფატებენ“.

იტალო კალვინო რაინდული სულისკვეთების გაქრობას სამყაროდან, ნოსტალგიას ამგვარად გამოხატავს. ბოდრიარი ჩვენ მიერ ნახსენებ ნაშრომში „იმიჯის განვითარების“ ოთხ ფაზას გამოყოფს. რომანში სწორედ მეოთხე ფაზაა წარმოჩენილი, რომელიც გულისხმობს, რომ იმიჯი (სახე, ხატი) „არ შეიცავს მიმართებას რაიმე რეალობასთან, იმიტომ, რომ ის არის საკუთარი თავის წმინდა სიმულაკრი“.

კითხვისას შორეული ასოციაცია ჩნდება ძველი აღთქმისაც, რომელშიც ღმერთიც არ აჩვენებს თავის სახეს. „მე ვარ, რომელი ვარ“,- ამბობს ის (გამ. 3, 14), ხოლო სახარებაში ვკითხულობთ: „ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა. (იოანე, 1, 18)

აჯილულფოს საკრალური, მითოსური დრო შემოაქვს ისტორიულ, რეალურ სივრცეში. მწერალი მარადიული დაბრუნების იდეასაც თავისებურად გადაათამაშებს. მირჩა ელიადე წერს: „ყველაზე სრულყოფილი რეალობა საკრალურია: ვინაიდან, მხოლოდ საკრალურს შეუძლია იყოს აბსოლუტური, იმოქმედოს შედეგიანად, შექმნას და ხანგრძლივი არსებობა მიანიჭოს ყველაფერს. კურთხევის უამრავი აქტის შესრულება – სივრცის, ნივთების, ადამიანების საკრალიზაცია და სხვ. რეალობის ძიების დაუძლეველი სურვილის, „პრიმიტიული” ადამიანის ყოფიერებისადმი სწრაფვის ნათელი ნიშანია“. („მარადიული დაბრუნების იდეა“)

რომანის მთავარი გმირი, საგმირო საქმეებით განთქმული რაინდი აჯილულფო დონ კიხოტს კიდეც ჰგავს და არსებითად განსხვავდება კიდევაც. თუ დონ კიხოტი თვითონ გარდაქმნის საკუთარ თავს, სახელს იცვლის, შინიდან გადის, მიჯნურსაც გამოიგონებს, ამ რომანში პირიქით ხდება, ქალი გამოიგონებს რაინდს, აჯილულფოს. ამ გადაძახილს ამძაფრებს სახელთა მსგავსებაც. დონ კიხოტის დულსინეა, ამ შემთხვევაში, ბრადამანტედ გადაიქცევა. რომანისეული თამაშის ნაწილია ის, რომ ეს პერსონაჟი მონაზონიცაა, მეომარიცა და ამბის მთხრობელიც. იგი მწერალია და სწორედ მის მონათხრობ ამბებს ვეცნობით. ბრადამანტე ქალი ამორძალია, რაინდებს რომ არ ჩამოუვარდება ბრძოლაში თავგამეტებითა თუ სასიყვარულო თავგადასავლებით. მას ვხედავთ ბრძოლის ველზეც და მონასტერშიც, სადაც, უპირველესად, ვნებათა მოსანანიებლად განმარტოვდება.

მკითხველი ხედავს, რომ ქალის განდეგილობის მიზეზი უფრო ღრმაა და მნიშვნელოვანი, აქ ის იდეალებისგან დაცარიელებულ მატერიალურ სამყაროსაც განეშორა, თან საკუთარი თავისა და თავშესაფრად გამოგონილი ახალი მხატვრული განზომილების შექმნას შეუდგა. წერა მისი სასჯელია, ეპიტიმიაა, რომელსაც სიტკბო და სიმწარე თანაბრად ახლავს. ბრადამანტე გამოიგონებს რაინდ აჯილულფოს. იგი შენიღბავს საკუთარ თავსაც, როგორც ავტორს. ორმაგი თუ სამმაგი კოდირებები რომანისეულ ინტრიგებს უფრო ამძაფრებს, მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტებს აფართოებს, ცნობისმოყვარეობას ძაბავს.

საინტერესო მხატვრული სახეა მოკლული მამისთვის შურისმაძიებელი ახალგაზრდა პალადინი რამბალდო, რომელიც აჯილულფოს დამოწაფებას ცდილობს. „მამის სიკვდილის გამო შურისძიების აღსრულების სურვილი, მისი ბრძოლის ჟინი, კარლოს დიდის მებრძოლთა რიგებში ჩაწერა, „რიტუალი იყო არარაობისგან თავის დასაღწევად“. არარაობისაგან თავის დაღწევის სურვილი და ამ გზაზე მუდმივი შეჯახება სიცარიელესთან თანამედროვე ადამიანის მოურჩენელი ტკივილია.

ახალგაზრდა შურისმაძიებლისთვისაც აჯილულფო არის მაგალითი, უნდა მას მიბაძოს, მიემსგავსოს, საბოლოოდ, მის ჯავშანსაც ჩაიცვამს, რომელსაც თვითონ რაინდი უსახსოვრებს, მაგრამ მხოლოდ საქმით, რეალობის გარდაქმნით, ბრძოლის გზით შეძლებს საჭურვლის მორგებას, ამგვარად, იდეალისკენ მისწრაფებას კი აღარ გამოხატავს მხოლოდ, არამედ ცდილობს, იყოს ადამიანი, ხორციელი და შინაარსით სავსე. იდეალი სიცარიელეა, ის არ არსებობს მატერიალურად, მაგრამ მისი სულიერი თანაყოფნა აუცილებელია ზოგადადამიანური მორალურ-ზნეობრივი ხერხემლის სიმტკიცისთვის.

ჩვენი აზრით, არარსებული რაინდის სახე შეიძლება გავიაზროთ ფროიდისეული ზე-მედაც, რომელიც ქმნის და იცავს ღირებულებებს, რომლებიც „მეს“ უკარნახებს ქცევის წესებსა და ცხოვრების კანონებს. იგი ეგოისტ „მეს“, თავი სამყაროს ცენტრი რომ ჰგონია, აკონტროლებს, ზედამხედველობს და აჩვევს სურვილ-ვნებათა მოთოკვას, ამგვარად, თან თავისუფლებას უზღუდავს, თანვე სულიერ განვითარებაში ეხმარება.

იტალო კალვინო რომანის სახით ქმნის ლიტერატურულ თამაშს, რომელშიც მკითხველმა უნდა გამოიცნოს, სინამდვილეში ვინ ვინ არის. ამას მოაქვს დეტექტივისთვის დამახასიათებელი შეცბუნება, როცა ვარაუდი არ მართლდება და ახალი ვერსია ჩნდება. მწერალი ამას თხრობაში ჩართული სხვადასხვა ჩახლართული ამბით აღწევს.

სიმულაკრის ფენომენის თვალსაჩინო გამოხატულებაა პერსონაჟი გურდულუ, რომლისთვისაც სიმულაციები, თავის მოჩვენება „სხვად“ არსებობის წესი, ყოფის ბუნებრივი ფორმაა: „უბრალოდ, ადამიანია, რომელიც არის, თუმცა, თვითონ ეს არ იცის“. ამიტომ გადაიქცევა ხან სხვა ადამიანად, ხან კიდევ მცენარედ, ფრინველად თუ ცხოველად. კარლოსი ამბობს მასზე: „ოო, რა კარგია! ეს ქვეშევრდომი არის, მაგრამ თვითონ არ იცის, რომ არის. ის ჩემი პალადინი კი არ არის, მაგრამ თვითონ ჰგონია, რომ არის“. ერთ ეპიზოდში მებაღე ეტყვის მეფეს: „მოიღეთ მოწყალება, თქვენო უდიდებულესობავ, ისევ შეეშალა: მეფეს რომ ელაპარაკებოდა, დაიბნა და აღარ ახსოვს, თვითონაა მეფე თუ ის, ვისაც მიმართავს“. ამიტომაც სწორედ ეს პერსონაჟი გახდება აჯილულფოს საჭურველთმტვირთველი.

რომანში გროტესკულია გრაალის ორდენის ჯგუფი, რომელიც, იდეალებისაგან დაცლილი, ტყეში გახიზნული, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშით სრულყოფს საკუთარ საბრძოლო ხელოვნებას, მაგრამ აღარ იბრძვის ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად რაიმე კეთილშობილური იდეისთვის, ფუნქციადაკარგული, მედიტაციას ეძლევა. პაროდირებული მისი სახე, რა თქმა უნდა, ეს კარგად ჩანს, როცა სოფლისაგან ხარკს ითხოვს, მაგრამ როგორც კი სამართლიან წინააღმდეგობას წააწყდება, უსამართლოდ, სასტიკად არბევს.

რომანისეული სათქმელი ეხმიანება ნიცშეს ამ თვალსაზრისსაც: „ჭეშმარიტება ილუზიებია, რომელთა რაობაც, არის ის, რომ ისინი გაცვეთილ და აზრობრივად უძლურ მეტაფორებად ქცეული, ანდა მონეტებია, რომლებზეც გამოსახულება წაშლილია და ახლა არა მონეტად, არამედ მხოლოდ ლითონად აღიქმება“ (ფრიდრიხ ნიცშე ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით). რომანში სწორედ „გამოსახულება წაშლილი მონეტებია“ მხატვრულ სახეებში დაქარაგმებული.

რომანს ახლავს ის სიმსუბუქე და სისწრაფე, რომელთა ფილოსოფიურ-ესთეტიკურ ასპექტებსაც იტალო კალვინო შესანიშნავად წარმოაჩენს ესეებში: „სიმსუბუქე“ და „სისწრაფე“. მისი აზრით, „ამბების წერის ხელოვნება ხომ სწორედ იმის ცოდნაა, თუ როგორ გამოიტანო გარეთ ყველაფერი იმ არაფრისგან, რაც ცხოვრების შესახებ გაგიგია. მაგრამ, ერთ გვერდს როცა ჩაათავებ, ცხოვრებას უბრუნდები და ხვდები, რომ რაც იცოდი, მართლაც არაფერია“. მის თხრობაში „ნებისმიერი ნივთი ჯადოსნურია“. ამ რომანში „მოვლენები ერითმება ერთმანეთს“ და მკითხველზე ამ გზითაც ახდენს ზემოქმედებას.

იტალო კალვინო, როგორც თვითონვე იტყოდა, „უსაზღვრო არეალის მქონე, უსწრაფესი მედიასაშუალებების ეპოქაში, როცა არის საშიშროება, რომ ყოველგვარი კომუნიკაცია სწორხაზოვანი და ერთფეროვანი გახდეს“ თავისი რომანით, „წერილობითი ენის უნიკალური შესაძლებლობების“ გამოყენებით, ღრმა და საინტერესო დიალოგის გამართვით, მკითხველს კიდევ ერთხელ უბიძგებს თვითშემეცნებისკენ, სიმულაკრების ლაბირინთებიდან თავდაღწევისკენ.

 

 

რა მინდა ვუთხრა მე, ზრდასრულმა აუტისტმა, ჩემს ნაცნობებს

0

20 ფაქტი ჩემ შესახებ

აუტისტი გოგონა აიმან ეკფორდი საკუთარ თავსა და სამყაროს შესახებ თავის შეხედულებებზე საუბრობს, ასევე, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაზე.

„1. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე, მაგრამ არ ვაგებ პასუხს იმაზე, რასაც თქვენ ფიქრობთ.

ეს ფრაზა ხშირად გვხვდება ინტერნეტში. მე სწორედ იმას ვამბობ, რის თქმაც მსურს და მძულს მინიშნებები. უბრალოდ არ მესმის მათი. ძალიან ხშირად აუტისტი ადამიანების სიტყვებში ეძებენ მინიშნებებს, რომლებიც იქ არ არის. სხვა აუტისტებთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ აუტისტები ძალიან იშვიათად იყენებენ მინიშნებებს. მათ უმეტესობას არაერთხელ ჰქონია სიტუაცია, როდესაც არ ესმოდათ სხვისი მინიშნებების. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ აუტისტის სიტყვებში ფარული ქვეტექსტი არსებობს, სჯობს მას ჰკითხოთ, იგულისხმა თუ არა ის, რაც თქვენ იფიქრეთ, სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გამოიტანთ.

  1. ხშირად არ მესმის თქვენი მინიშნებების და ხმის ინტონაციის.

თუ რამე გინდა მითხრათ ან რამეს მთხოვთ, პირდაპირ მითხარით ამის შესახებ. ნუ ელით, რომ თქვენი ხმით ამოვიცნობ, რომ ჩემზე განაწყენდით, ან თქვენი ფრაზიდან – „ეს ჩანთა მძიმეა“ – მივხვდები, რომ დახმარებას ითხოვთ.

  1. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, გამაფრთხილეთ.

თუ საუბრის ხასიათზე არ ხართ, ან თუ ხედავთ, რომ სხვა ადამიანი, ვისთანაც საუბრის დაწყებას ვაპირებ, არ არის ჩემთან საუბრის გუნებაზე და ახლა ცუდი დროა საუბრისთვის, გამაფრთხილეთ ამის შესახებ.

  1. ნამდვილად არ მესმის, როდის ვიწყებ ძალიან ხმამაღალ საუბარს.

ეს შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვხვდები, რამდენად ხმამაღლა ვლაპარაკობ.

  1. როცა გარშემო ხმაურია, შეიძლება თქვენი სიტყვები ვერ გავიგო.

მე მეწყება სენსორული გადატვირთვა და ამიტომ მიჭირს თქვენი ხმის გამიჯვნა ჩემ გარშემო არსებული ხმაურისგან. ნუ გეწყინებათ, თუ დაგაიგნორებთ. უბრალოდ, რის თქმასაც გეგმავთ, ცოტა მოგვიანებით მითხარით.

  1. არ მთხოვოთ ყურსასმენის მოხსნა.

მაღაზიაში, ქუჩაში, სხვადასხვა ღონისძიებაზე ხშირად მთხოვენ ყურსასმენის მოხსნას. მაგრამ რომ მოვიხსნა, სენსორული გადატვირთვა დამეწყება და აზრები ამერევა. ის, რომ ზედმეტად ხმამაღლა ვლაპარაკობ, არ არის კავშირში იმასთან, რომ ყურსასმენი მიკეთია და ამიტომ არ მესმის; არც იმასთან, რომ ყოველთვის ეგრევე არ მესმის, რას მეუბნებით. თუ გეტყვით, რომ მესმის, მაშინ ნამდვილად მესმის თქვენი.

  1. როცა სენსორული გადატვირთვა მეწყება, შეიძლება შევნელდე.
  2. ხანდახან ჩემთვის უფრო ადვილია რაღაცის დაწერა, ვიდრე ამის სიტყვიერად გადმოცემა.

განსაკუთრებით თუ ვღელავ ან პანიკაში ვარ, სენსორული გადატვირთვის დროს ან როცა თავს ცუდად ვგრძნობ. ხმამაღლა ლაპარაკის ნაცვლად იშვიათად ვწერ, მაგრამ თუ ვწერ, მიმაჩნია, რასაც ვწერ ძალიან მნიშვნელოვანია და ე.ი. ძალიან მიჭირს ამის თქმა.

  1. ვერ ვიტან მსუბუქ შეხებას.

ამიტომ, მსუბუქად არ შემეხოთ, ხელი მხარზე არ დამადოთ ან არ ჩამეხუტოთ. თუ რაიმე მიზეზით დაგჭირდებათ ამის გაკეთება (მაგალითად, ფოტოს გადაღებისას), წინასწარ გამაფრთხილეთ ამის შესახებ.

  1. როცა დავრბივარ ან წინ და უკან დავდივარ, ეს არ ნიშნავს, რომ „დაჯდომა და დამშვიდება“ მჭირდება ან რომ ასე რაღაც მიხარია.

როცა ბოლთას ვცემ, ეს მამშვიდებს და ფიქრში მეხმარება. ასევე, ჩემთვის ბევრად უფრო ადვილია ამ დროს მოდუნება და ახალ ინფორმაციაზე ფოკუსირება, თუ საუბრის დროს ხელში რამეს ვატრიალებ, მაგიდაზე თითებს ვაკაკუნებ ან თმას ვისწორებ. ამას თვითმასტიმულირებელი ქცევა ჰქვია. შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ამაში არაფერია მავნე, სამარცხვინო ან უაზრო. მისი სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ზიანი, რადგან მეხმარება თქვენთან ურთიერთობაში!

სერიოზულად, რატომ გგონიათ, რომ მოწევა ნორმალურია, მაგრამ ბოლთის ცემა და ხელების ქნევა უწესობა?!

  1. ის, რომ ჩემს ასაკზე ახალგაზრდად გამოვიყურები, არ ნიშნავს, რომ თანატოლების დარად არ ვფიქრობ.

არ ვიცი, ეს აუტიზმთან არის დაკავშირებული თუ არა, მაგრამ უფრო პატარა ასაკისას ვგავარ. თუმცა ისევე ვაზროვნებ, როგორც ყველა 19 წლის გოგო, ასე რომ, ბავშვივით ნუ მექცევით და მელაპარაკებით!

  1. როცა თქვენ სიახლოვეს ვარ, ნუ ელაპარაკებით სხვა ადამიანებს ჩემზე ისე, თითქოს იქ არ ვიყო.

ვერ ვიტან ამას! განსაკუთრებით მძულს, როცა ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი ჩემი ნათესავის, მეგობრის, ნაცნობის მეშვეობით გადმომცემს რამეს. მე თქვენ გვერდით ვარ, თქვენ მე მხედავთ და შეგიძლიათ პირდაპირ მეკონტაქტოთ! თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობთ და არც გისმენთ. თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისევე, როგორც იმ ადამიანს, რომელსაც ჩემ ნაცვლად მიმართავთ.

  1. ნუ ცდილობთ ჩემი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე იმის გარკვევას, რას ვფიქრობ და ვგრძნობ.

მით უფრო, არ არის საჭირო დაჟინებით იმის მტკიცება, რომ მე ვიგრძენი ის, რაც თქვენ მოგეჩვენათ, და არა ის, რასაც მე თვითონ გეუბნებით. ადამიანებს ბევრჯერ უმტკიცებიათ ჩემთვის ის, რომ მე ვიგრძენი ის, რასაც ნამდვილად არ ვგრძნობდი, რადგან მათ არასწორად გაიაზრეს ჩემს სახეზე გამოსახული ემოცია! შემიძლია ათეულობით მსგავსი შემთხვევა მომაგონდეს.

  1. საუბრისას ნუ მთხოვთ, რომ თვალებში გიყუროთ.

მიჭირს ამის კეთება და ამავდროულად აზრების ჩამოყალიბება. და რაც უფრო მიჭირს ამ მომენტში საუბარი, მით უფრო იშვიათად ვუყურებ თქვენს სახეს.

  1. ის, რომ მე არ შემიძლია ავხსნა ჩემი ემოციები და რომ ეს ემოციები ყოველთვის არ ჩანს ჩემს სახეზე, არ ნიშნავს, რომ მათ არ განვიცდი.
  2. ძალიან ხშირად ისე გამოდის, რომ როცა ამბობ „ყველა ადამიანს“, ეს ეხება ყველა თქვენს ნაცნობს, ჩემ გარდა.

ეს ხშირად ხდებოდა. ამიტომაც ვეღარ ვიტან ამ გამოთქმას.

  1. ნუ მეტყვით „კომპლიმენტს“ – „თითქმის შეუმჩნეველია, რომ აუტისტი ხარ“.

არ ვფიქრობ, რომ აუტიზმი ცუდია, ეს ჩემი პიროვნების ნაწილია. აუტისტი რომ არ ვიყო, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი და არ მინდა სხვა ადამიანი ვიყო.

თუ პირველად მხედავთ, არ უნდა თქვათ: „საერთოდ არ ჰგავხარ აუტისტს. აუტისტები განსხვავებული არიან“. ეს უბრალოდ უხერხულია. უმეტეს შემთხვევაში ძნელია ადამიანის ნევროლოგიური თავისებურებების გაგება სულ რაღაც ხუთ წუთში.

  1. არ იფიქროთ, რომ თუ მე ვარ აუტისტი, აუცილებლად უნდა ვგავდე თქვენს აუტისტ მეგობარს.

და ნუ იფიქრებთ, რომ ყველა აუტისტი ჩემნაირია. აუტისტები არ არიან კლონები. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ის, რასაც ამ ჩამონათალში გიყვებით, არ ვრცელდება ყველა აუტისტზე. თუ რამე მომწონს, სხვა აუტისტ ადამიანს შეიძლება არ მოეწონოს და პირიქით.

  1. როცა უამრავ კითხვას გისვამ და ჩემს თვალსაზრისს გიხსნი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთან რამე პრეტენზია მაქვს.

შეიძლება გვერდიდან ასე ჩანდეს. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ ზედმეტად ემოციურად ვლაპარაკობ, როცა ვინმეს ჩემს თვალსაზრისს ვუხსნი. სანამ ამის შესახებ არ მითხრეს, წარმოდგენა არ მქონდა, რა ინტონაციით ჟღერდა ჩემი ხმა! სინამდვილეში, კითხვების დასმით, მე უბრალოდ ვცდილობ, მივყვე თქვენს ლოგიკას და გავიგო თქვენი აზრი.

  1. „შენ არ ჰგავხარ აუტისტს. მე მეგონა, რომ ყველა აუტისტი ადამიანი მკაცრი ინტროვერტი იყო, შენ კი ჩემთან ურთიერთობ“.

ჯერ ერთი, ყველა აუტისტი ადამიანი არ არის ინტროვერტი. მაგრამ ინტროვერტებსაც კი ზოგჯერ სურთ კომუნიკაცია! ყველა აუტისტ ადამიანს უჭირს სოციალური ნორმების გაგება. ბევრ აუტისტ ადამიანს უჭირს აზრების სიტყვიერად გამოხატვა. ასე რომ, ყველაზე ხშირად პრობლემა სწორედ ეს არის და არა სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილის ნაკლებობა. ზოგჯერ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ აუტისტი ადამიანების კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუტისტები არ არიან დაინტერესებულნი თქვენთან ურთიერთობით“.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

პერმაკულტურა – კულტურული მიწათმოქმედება

0

ტერმინი პერმაკულტურა სიტყვების Permanent (მუდმივი, არაერთჯერადი) და Agriculture-ის (სოფლის მეურნეობა) ერთმანეთთან შეერთებით მიიღება. ტერმინის „პერმაკულტურას“ ავტორები ავსტრალიელი ბილ მოლისონი და დევიდ ჰოლგრენი არიან, და ისინი მის ქვეშ მუდმივ, უწყვეტ სოფლის მეურნეობს მოაიზრებენ. მოლისონი და ჰოლგრენი ეკოლოგიურად მიზანშეწონილი სოფლის მეურნეობის მიმდევრები არიან, რომელიც კულტურების მრავალფეროვნებაზეა დაფუძნებული და მეურნეობაში ხეების, ბუჩქების, ბალახების ინტენსიურ ჩართვას გულისხმობს.
პერმაკულტურას საფუძვლი ბუნებრივი სისტემების დაკვირვებით შესწავლა, ტრადიციული სოფლის მეურნეობა და მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნაა. თავდაპირველად პერმაკულტურა ჯანსაღი საკვების წარმოებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ფილოსოფია გაფართოვდა და ახლა ეკონომიკას და სოციალურ სისტემებს მოიცავს. ის საკმაოდ დინამიური საქმიანოაბაა და კიდევ ვითარდება და მრავალფეროვან მნიშვნელობას იძენს.
დღესდღეობით, პერმაკულტურა დიზაინის სისტემას წარმოადგენს, რომლის მიზანი ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მოდელების საფუძველზე ადამიანის გარემო სივრცის ორგანიზებაა. პერმაკულტურა თანაბრად მოიცავს მემცენარეობას, მეცხოველეობას, მშენებლობას და აგრეთვე ინფრასტრუქტურას – წყალს, ენერგიასა და კომუნიკაციებს. იგი უფრო მეტად ორიენტირებულია ადამიანის ირგვლივ არსებული ბუნების ყველა კომპონენტებს შორის ურთიერთკავშირების შექმნაზე. სწორად გამართული პერმაკულტურა ბუნებასთან იდეალური თანამშრომლობის მაგალითია, როცა თითოეული ელემენტი – მცენარე, ცხოველი, სახლი, ღობე, წყალი, ადამიანი მთელი სისტემის ნაწილია და ერთდროულად რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს.
პერმაკულტურის ამოცანა ისეთი სისტემების შექმნაა, რომლებიც ეკოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარინაი იქნება. ამასთან, ეს სისტემები უნდა უზრუნველყოფდენ თავიანთ თავს, არ ანადგურებდნენ გარემოს და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მდგრადობას. პერმაკულტურული სისტემის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიარსებოთ დედამიწაზე, ვისარგებლოთ იმ კვებითი და ბუნებრივი რესურსებით, რომელიც უხვად მოიპოვება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამით დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბუნებასთან ჰარმონია შესაძლებელია იმ პირობით, თუ უარვყოფთ მასზე ბატონობის იდეას.
პერმაკულტურის მთავარი ინსტრუმენტია სივრცის ფუნქციონალური ორგანიზაცია. გარემოს ყველა ელემენტს შორის კავშირების იდენტიფიცირება და დამყარებაკონკრეტული ნაკვეთის ჰარმონიული მოწყობის გასაღებია. მიწის დიზაინის კომპეტენტური მიდგომა აუმჯობესებს ტერიტორიის მოვლის ეფექტურობას, ამცირებს შრომის ხარჯებს და ზრდის პროდუქტიულობას.
პერმაკულტურაში არ გამოიყენება სინთეზური სასუქები, პესტიციდები, მცენარეების ზრდის რეგულატორები და სტიმულატორები, გენმოდიფიცირებული თესლები, ცხოველების საკვების დანამატები.

პერმაკულტურის ძირითადი პრინციპებია:
 დაკვირვება და ურთიერთქმედება: სისტემის ყველა ელემენტი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან.
 მრავალფუნქციურობა: თითოეული ელემენტი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს და თითოეული ფუნქცია რამდენიმე ელემენტითაა უზრუნველყოფილი.
 ყველა სახის ენერგიის რაციონალური და ეფექტური გამოყენება.
 ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.
 ბუნებრივი მრავალფეროვნების გამოყენება: ერთის დამატება მეორეში და არა გამოყოფა.
 სასარგებლო წარმოება.
 სისტემების ინტენსიური გამოყენება მცირე ფართობზე.
 ბუნებრივი ნაკადებისა და ციკლების გამოყენება და აქტიური მონაწილეობა.
 სასაზღვრო ეფექტების შემუშავება და გამოყენება.
 სივრცის თანდათანობითი განვითარება და გრძელვადიანი შედეგები.
პერმაკულტურის უდავო უპირატესობა მისი მოქნილობაა. ის არ ითვალისწინებს მკაცრ კანონებსა და წესებს, მხოლოდ ბუნებიდან აღებულ გარკვეულ პრინციპებს ეყრდნობა და საქმიანობის ინსტრუმენტებიც თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა. მთავარი პრინციპი კი უცვლელია და ეს ისეთი მდგრადი სისტემების შექმნაა, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საჭიროებებს და მათ ნარჩენებს გადაამუშავებენ.
პერმაკულტურის ნაკლი სისტემაზე მოქმედი ყველა ფაქტორის გათვალისწინების აუცილებლობაა. ერთი ელემენტის გათვალისწინების გარეშე, სისტემა მთლიანობაში შეიძლება „ჩავარდეს“, თუმცა აქაც პერმაკულტურა გვეხმარება, რადგან მისი ერთ-ერთი პრინციპია კრეატიულობა და ცვლილებაზე რეაგირება.
პერმაკულტურა მოიცავს ბუნებრივი მეურნეობის ყველა პრინციპს, მაგრამ ეს უფრო ფართო კონცეფციაა. ეს არ არის მცენარეების ზრდის ინდივიდუალური მეთოდების ნაკრები, არამედ აზროვნების გზა. პერმაკულტურის ეთიკა მორალური მრწამსისა და კონკრეტული საქციელის ერთობლიობაა, რომლის მიზანი დედამიწაზე ჩვენი არსებობის უზრუნველყოფაა. ეს ეთიკა სამ ძირითად მომენტს მოიცავს: ზრუნვას დედამიწაზე, ზრუნვას ადამიანებზე და აგრეთვე საკუთარი თავისუფალი დროის, ფულისა და ენერგიის დათმობას იმისათვის, რომ შეიქმნას შესაძლებლობა, პირველი ორი მიზნის საუკეთესოდ მიღწევისათვის.
პერმაკულტურის დანერგვისა და განვითარების პროცესში დიდი როლი შეასრულა იაპონელმა მასანობუ ფუკუოკამ, რომელიც საკუთარი მეთოდის გამოყენებით წელიწადში რამდენიმე მოსავალს იღებდა, თანაც მინიმალური შრომითა და ნიადაგის დამუშავების გარეშე. მან შესძლო გაუდაბნოებული ნიადაგების აღდგენა ძალიან მცირე დანახარჯებით, მაშინ როცა ამ პროცესზე ტრადიციულად მილიონები იხარჯება. ფუკუოკას მთავარი მიგნება თესლის თიხის ნაჭუჭში მოქცევა და მიწის ნაკვეთზე მობნევაა. მასანობუ ფუკუოკა თავის წიგნში „ერთი ლერწმის რევოლუცია“, რომელიც 1975 წელს გამოქვეყნდა წერს: „პერმაკულტურა ბუნებასთან თანამშრომლობის და არა მასთან ბრძოლის ფილოსოფიაა, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივ და გააზრებულ დაკვირვებას და არა ხანგრძლივ და უაზრო ფიზიკურ შრომას; ესაა ფილოსოფია, რომელიც მოიაზრებს მცენარეებისა და ცხოველებისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციის გათვალისწინების აუცილებლობას.“
ზეპ ხოლცერმა ალპებში, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 5 გრადუსია, ლიმონის ხე გაზარდა და ნაყოფს იღებს. მისი აწეული კვლები ავტომატურ რეჟიმში იძლევა მოსავალს და მეურნეობაში ცხოველებისა და მცენარეების საოცარი სიმბიოზია. ეს ადამიანი არის ლანდშაფტური დიზაინის დიდოსტატი. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულ სემინარებს ატარებს.

ინტეგრირებული ღონისძიება – ადამიანთა სევდა და ქიმიური ელემენტები

0

სასწავლო პროცესი ნაყოფიერი და სახალისო რომ იყოს, აუცილებელია მოსწავლეები ჩავრთოთ კლასგარეშე/სასკოლო ღონისძიებებში, რომლის მიზანი მოსწავლეებში პრეზენტაციის, აუდიტორიასთან კონტაქტის, შემოქმედებითი, როლური თამაშის და სხვა უნარების განვითარებაა.

ღონისძიება  უფრო საინტერესოა, თუ ის  სხვადასხვა პედაგოგების მიერ არის დაგეგმილი და ემსახურება საგანთა შორის ინტეგრაციას.

ამ მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში ქართული ლიტერატურისა და ქიმიის  ინტეგრირებული ღონისძიება ,,ადამიანთა სევდა და ქიმიური ელემენტები“, რომელიც ორიგინალურ ფორმატში იყო წარმოდგენილი.

ქართული ლიტერატურის თემა:  გოდერძი ჩოხელის ,, ადამიანთა სევდა’

ქიმიის თემა : ,, ნივთიერებები და მათი გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში“

ჩატარებული ღონისძიება  თანხვედრაშია  ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ სამიზნე ცნებებთან.

ქიმია- სამიზნე ცნება ,,ნივთიერება“

ქართული ენა და ლიტერატურა – სამიზნე ცნება ,, კომპოზიცია“ ქვეცნებები: პერსონაჟის ქცევა, მოტივაცია, შინაგანი სამყარო, ფასეულობები, დამოკიდებულებები, დიალოგი.

  1. მოსწავლეებმა წაიკითხეს და გააანალიზეს გოდერძი ჩოხელის რომანი ,,ადამიანთა სევდა“;
  2. მოსწავლეებმა ნახეს იგივე რომანზე გადაღებული ფილმი;
  3. ნანახ ფილმზე   გამართეს დისკუსია, იმსჯელეს მოქმედი პერსონაჟების ხასიათზე,  შინაგან სამყაროზე, სურვილებზე, მოქმედი გმირების ურთიერთდამოკიდებულებაზე;
  4. რომანი პიესად გადააკეთეს;
  5. მოსწავლეებმა თვითონ შეარჩიეს და მოირგეს ნაწარმოების პერსონაჟთა როლები.
  6. შეისწავლეს ქიმიური ელემენტები და ნივთიერებები, რომლებიც ნაწარმოების გმირების სევდას და დარდს ,, შეამსუბუქებდნენ“;
  7. მოსწავლეებმა განასახიერეს სხვადასხვა ქიმიურ ელემენტთა და ნივთიერებათა როლები და  ადამიანთა  დარდი, სიხარული, სურვილები, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი აუდიტორიას  ქიმიის კუთხით დაანახვეს.

ახლა კი გთავაზობთ აღწერას, როგორ განახორციელეს  მოსწავლეებმა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები:

  • ერთ-ერთმა მოსწავლემ მოირგო დარდების შემგროვებლის როლი, დადიოდა სოფელში და იწერდა ადამიანების დარდებს. დარდის ელემენტმა ფტორმა  ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას პოზიტიურ და ნეგატიურ როლზე ისაუბრა, თუმცა  ნატრიუმის იონი ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებად მოევლინა, აუხსნა მისი შემცველი  მედიკამენტის როლი , რომელიც სიმშვიდეს ანიჭებს ადამიანს.
  • დარდების შემგროვებელი შეხვდა ადამიანს, რომლის სადარდებელიც იყო სახლის აშენება და გადახურვა. ქიმიური ელემენტი, ალუმინი, დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში, თან გააცნო თავისი უპირატესობა სხვა გადასახურ მასალებთან შედარებით. მოსწავლეებმა , რომლებიც ქიმიურ ელემენტებს: კალციუმს, ნახშირბადს და ჟანგბადს წარმოადგენდნენ, შექმნეს მარმარილოს ფორმულა და მშენებლობაში  მის საუკეთესო როლზე ისაუბრეს.
  • დარდის მატარებელი ადამიანი გუდამაყრის მივარდნილობაზე წუხს. ნივთიერება ჟანგბადი ამშვიდებს და ამ ხეობის ჰაერის ეკოლოგიურ სისუფთავეს უსვამს ხაზს და ხეობის გამოჩენილ ადამიანებს ახსენებს.
  • სიკვდილზე, სიცოცხლესა და სიყვარულზე მოფიქრალი ადამიანი  დარდების შემგროვებელს სულის უკვდავებაზე ესაუბრა . ქიმიური ნივთიერება ადრენალინი კი  დარდიან ადამიანებს შინაგანი ძალების მობილიზებაში დახმარებას დაჰპირდა. ქიმიურმა  ელემენტმა  რკინამ  ადამიანის სულის ჟანგის მოკიდება-სევდა ქიმიური კუთხით ახსნა.
  • დასკვნის სახით მოსწავლეებმა წყლის მოლეკულის სასიცოცხლო როლი წარმოაჩინეს და მოუწოდეს ადამიანებს  ტკივილი, სევდა, დარდი და წუხილი ყველაზე მსუბუქ წყალბადის მოლეკულებს გაატანონ. ( მონაწილეებმა წყალბადით სავსე ბუშტები ჰაერში გაუშვეს).

ღონისძიების ბოლოს მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათ კმაყოფილება გამოთქვეს,  რომ ტექსტის ანალიზი, ფილმის ნახვა, პერსონაჟების განხილვა და დახასიათება, ქიმიაში მიღებული  ცოდნა  დაეხმარათ, უკეთესად მოერგოთ და გაეთავისებინათ პერსონაჟთა და ქიმიურ ნივთიერებათა როლები.

 

 

ტექსტი, როგორც დღესასწაული – ზურაბ ქარუმიძის „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“ ქართულ თარგმანში

0

მარტის თვეში ჩვენ კიდევ ერთხელ დავფიქრდით ჩვენს პოლიტიკურ არჩევანსა და იდენტობაზე: ვინ ვართ ქართველები? როგორები ვართ? სადაა ჩვენი ადგილი?

ამ კითხვებს პასუხი გამაოგნებელი ერთიანობითა და სიმამაცით გავეცით. ეს ერთიანობა კი არ იქნებოდა, რომ არა ახალგაზრდობა – უკვე თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობა.

ახლა ისიც ვთქვათ, რას გვეუბნება ამის შესახებ (მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ) მსოფლიო ლიტერატურა? რა მიმართებაა ხელოვნებასა და პოლიტიკას შორის?

ამ კითხვებს ოსტატური ფორმითა და ხალასი თხრობით სცემს პასუხს ზურაბ ქარუმიძის „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2020).

უჩვეულო ამბავია: ეს წიგნი ქართველმა მწერალმა რამდენიმე წლის წინ ინგლისურად დაწერა, ქართულად მერეღა ითარგმნა. ცნობისათვის, ინგლისურად ის ჯერ ჩვენში გამოიცა, მერე კი – ამერიკაში, „Dalkey Archive Press-ის“ მიერ (ასეთი გამომცემლობაა, მხოლოდ ექსპერიმენტულ და ავანგარდულ წიგნებს ბეჭდავენ და სახელიც ერთი პოსტმოდერნისტი მწერლის, ფლენ ო’ბრაიენის რომანის „The Dalkey Archive“ მიხედვით ჰქვია).

მაინც რაზე მოგვითხრობს „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“?

ალბათ, გსმენიათ დაგნი იუელზე, მრავალი ხელოვანის მუზაზე და მის იდუმალ მკვლელობაზე. დაივიწყეთ. და საერთოდ, ნუ მოელით ბიოგრაფიულ რომანს მასზე – „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“ სულ სხვა რამეზეა. ესაა წიგნი, რომელშიც მოთხრობილია, როგორ და რატომ აჯობა პოლიტიკამ ხელოვნებას. პოლიტიკა და ხელოვნება კი ის ორი საწყისია, რომლებიც კაცობრიობას ამოძრავებს: ლეომემური (პრაგმატული, რაციონალური) და პარდიმემული (შლეგური, მიღმიერი). ამგვარი დაყოფა რაღაცით ნიცშესეულ აპოლონურ და დიონისურ საწყისებს მოგვაგონებდა, მაგრამ ავტორმა მესამეც დაუმატა, ძროხამემური საწყისი – ბოროტება, რომელიც პარდიმემულ ბუნებას ჩემულობს და ამ ბუნებისა კი არ გახლავთ.

და აი, ბოროტების მძლავრობა რომ შეაჩერონ, პარდიმემური საწყისის მქონენი (როგორც მეორენაირად ეწოდებათ ტექსტში, „შამანები“): გურჯიევი, ვაჟა-ფშაველა, დაგნი, ყორანი და ამ დიდებული ჯგუფის ტიბეტელი წინამძღოლი, ღვთაებრივ აღაპს აწყობენ, რათა კოსმოსური ძალების მეოხებით ასკოკინი, ანუ სიყვარულის ენერგია გამოათავისუფლონ. მათი აზრით, ამგვარად დაიწყება ახალი სახელოვნებო ხანა, მოდერნიზმი, და შეჩერდება ბოროტება, რომელიც კაცობრიობას ტოტალიტარული რეჟიმის სახით უნდა მოევლინოს.

ესაა ამბავი, რომლის გარშემოც ტრიალებს რომანი. თავად რომანი კი ნამდვილი სიმფონიაა, ტექსტობრიობის დღესასწაული – აქ ერთმანეთს ხვდებიან: უილიამ ბლეიკი, დერიდა, ბახტინი, ჰუმბოლდტი, ედგარ პო, რუსთაველი, გურჯიევი, ვაჟა, „ქებაჲ და დიდებაჲ“, ბახი, სტალინი, კამო… სიმფონია შემთხვევით არ მიხსენებია – სიყვარულის ენერგია სწორედ ბახის „იოანეს პასიონისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ კომბინაციამ უნდა გამოათავისუფლოს – დადგმამ, რომელიც სინამდვილეში კაცობრიობის გადამრჩენელი რიტუალია. ტიბეტელი წინამძღოლის მეგობარი ყორანი კი, ცხადია, ედგარ პოს ყორანი გახლავთ – ტექსტში პირდაპირ ლექსიდანაა მოხმობილი ციტატები მის დასახასიათებლად. ასევე ციტატებით ილანდებიან: უილიამ ბლეიკი (თავისი ორი ცნობილი ლექსით: „Never Seek to Tell Thy Love“ და „The Tyger“) და დერიდა. ჰუმბოლდტსა და „ქებაჲ და დიდებაჲს“ კი მთელი ახსნა-განმარტება ეძღვნება. აქვე გაიელვებენ ილია და ნიკო მარი თავიანთი ნააზრევებითურთ (ციტატები განზრახ არ მომყავს აქ – თქვენ უნდა იცნოთ, ამგვარი ტექსტების მთელი მუღამი ეგაა).

ერთი სიტყვით, „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“ არის ტექსტი თავად ტექსტების, ხელოვნებისა და იმ ძალის შესახებ, რომლის წყალობითაც ხელოვნება არსებობს. ესაა ორიგინალური რეფლექსია გასული საუკუნის კატასტროფაზე, ტოტალიტარიზმზე, მისი შედეგების ჩვენებით – აკი მთხრობელი გულმტკივნეულად შენიშნავს:

„დღეს ვიღას სჭირდება ის ტექსტები, რომელთა შთაგონების წყაროც არაფერია, ანუ ის, რაც წმინდაწყლის მხატვრული თხრობაა?! დღეს, როცა მთავარი ფრიქციაა, ფიქცია ვის დაეკარგა?! სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ძმებო და დებო: 11 სექტემბრის მერე, როცა ტერორიზმის წინააღმდეგ ფიცხელი ომი გაიმართა და პასუხად წრეგადასული შაჰიდური ქმედებები მივიღეთ, მხატვრულმა თხრობამ აზრი დაკარგა. ამის კიდევ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სამწუხაროდ, უმაღლეს ჯილდოებსა და ოქროს პალმებს ახლა იმ დოკუმენტურ და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებში იძლევიან, სოციალური კრიტიკით რომ არიან გაჯერებული; ბესტსელერების სიის სათავეშიც ველურ ბუნებაზე დაწერილი წიგნები მოექცევიან ხოლმე…“.

11 სექტემბერი შემთხვევით არ უხსენებია მთხრობელს – ამ თარიღს პოსტმოდერნიზმის დასასრულად მიიჩნევენ ანგლო-ამერიკულ ლიტერატურათმცოდნეობაში და ფიქრობენ, რომ ამ თარიღის შემდეგ ხელოვნებაშიც ახალი ხანა დაიწყო – პოსტპოსტმოდერნიზმი. ჩვენ შეგვიძლია, არ დავეთანხმოთ ანგლო-ამერიკულ სკოლას, მაგრამ ის, რაც ზემოთ მოხმობილ ციტატაში ხელოვნებისა და სოციალური კრიტიკის ურთიერთმიმართებაზე ითქვა, აშკარად სიმართლეა. ეგაა, რომ ამგვარ, იდეოლოგიას აყოლილ, ხელოვნებასთან რომანს არაფერი აქვს საერთო – „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“ სწორედ „წმინდა ფიქციაა“, პოსტმოდერნისტული ქმნილებაა. ეს ეკლექტური ტექსტი ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებსაც კი შეიცავს – დედამიწელებს ხომ ასკოკინის გამოთავისუფლებაში კოსმოსური, ზებუნებრივი არსება გორნაჰორ ხარხარკ IV ეხმარება (როგორც მე მივხდი, ის რომანში გურჯიევის რომელიღაცა თხზულებიდან მოხვდა). გორნაჰორ ხარხარკ IV ამისათვის საგანგებო მოწყობილობას, ლინგვოქრონოტოპულ აქსელერატორს აამოქმედებს, რომლის მუშაობის მექანიზმიც რომანში სამეცნიერო სკურპულოზურობითაა ახსნილი.

რაც შეეხება თარგმანს, იგი იშვიათი სტილისტური ოსტატობით შეასრულა თამარ ჯაფარიძემ: გურჯიევი და პოღოსიანი თბილისელი სომხების მეტყველებას იმეორებენ, სტალინი მარქსის ფრაზებს აფრქვევს, ვაჟა კი ფშაურად უქცევს (აქვე შევნიშნავ, რომ დიდი წილი იმისა, რასაც ვაჟა ამბობს, მისივე ეთნოგრაფიული წერილებიდან არის ამოღებული). თარგმანი იმდენად კარგია, რომ გაფიქრებინებს, ეს ტექსტი თავისუფლად შეიძლებოდა, ქართული ენიდანაც ამოზრდილიყოო. მერე კი გიჩნდება კითხვა: როგორია ინგლისური დედანი? როგორ გადაჭრა ავტორმა სტილისტური პრობლემები უცხო ენაზე? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დედანი უნდა ინახოს. ერთი რამ კი თარგმანიდანაც ცხადია: ავტორმა საქართველო ზოგადევროპულ კონტექსტში ჩასვა და მეტიც, ამ კონტექსტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა – სიყვარულის აღაპი ხომ სწორედ აზია-ევროპის გზაშესაყარზე, ტფილისში, უნდა გაიმართოს…

სახალისო სასწავლო მენიუ

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დიდი ყურადღება ეთმობა სკოლაში განმავითარებელი შეფასების გამოყენებას. განმავითარებელი შეფასება  ინფორმაციას მოსწავლის,  წინსვლის, მიღწევებისა და, ამასთან ერთად, არსებული პრობლემების შესახებ. მასწავლებელი ხედავს, რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები და რამდენად კარგად ასწავლის თვითონ.

პედაგოგები, რომლებიც პედაგოგიურ პრაქტიკაში იყენებენ მიმდინარე განმავითარებელ შეფასებას, აგროვებენ ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ. ამის შემდეგ მასწავლებელი ცდილობს, ისე დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. სწორედ ამ დროს მიმართავს მასწავლებელი დიფერენცირებულ სწავლებას.

დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტებია:

  • სასწავლო მიზანი;
  • სასწავლო გაჩერებები;
  • სასწავლო მენიუ;
  • შეარჩიე საკითხავი მასალა;
  • აირჩიე პროექტი;
  • კითხვები ინტერესების მიხედვით;
  • „რაფთ“ წერითი დავალება.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხშირად ვიყენებ.  „სასწავლო გაჩერებებს“ და „სასწავლო მენიუს“. ამჯერად მინდა, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ბიოლოგიის ერთ-ერთ გაკვეთილზე სასწავლო მენიუს გამოყენების შესახებ.

სასწავლო მენიუ ერთგვარ შეთავაზებას უკეთებს უწევს მოსწავლეს.   და შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სწავლის ტემპის (ერთი ან რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში, ან საკლასო/სა­შინაო სამუშაოებთან ერთობლიობაში), ინტერესებისა თუ მზაობის დონის მიხედვით აირჩიონ სასწავლო მენიუში მოცემული აქტივობები. მოსწავლეს შეუძლია, არჩეული აქტივობის შეს­რულება დაიწყოს გაკვეთილზე და დაასრულოს სახლში, როგორც საშინაო დავალება.

სასწავლო მენიუს ფარგლებში მოსწავლეს ეძლევა სამი ტიპის დავალება (მათი სახელწოდება შეიძლება შეარჩიოს მასწავლებელმა მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით):

  1. სავალდებულო ანუ ძირითადი – მისი შესრულება აუცილებელია;
  2. არჩევითი – მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეასრულოს ჩამოთვლილთაგან ერთი, მისთვის სასურველი დავალება მაინც;
  3. არასავალდებულო – მოსწავლეს შეუძლია, შეასრულოს ერთი, ერთზე მეტი დავალება ან ან არ შეასრულოს არცერთი.

საკითხის გაგება-გააზრების გადამოწმების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე სწრაფი, სახალისო  ქვიზი . ქვიზის შედეგების ანალიზმა  მაჩვენა, რომ მოსწავლეთა ნაწილს გაუჭირდა საკითხის გააზრება და ჩემს მიერ შედგენილ თემატურ ერთეულს დავუმატე wordwall.net პლატფორმაზე ჩემს მიერ შექმნილი  სახალისო აქტივობა

https://wordwall.net/ru/resource/55573199/გზა-უჯრედებამდე-8კლასი-ნანა-ქავთარაძე

ეს სახალისო აქტივობა მოსწავლეებმა შეასრულეს წყვილებში და შესრულების შემდეგ მიეცათ გადამოწმების საშუალება.

სასწავლო ერთეულში შემავალი საკითხები საკმაოდ მრავალფეროვანია და თითოეული საკითხის ცოდნა მოსწავლის ჰოლისტურ გააზრებაში დიდ როლს თამშობს. გამომდინარე კლასში მოსწავლეთა მრავალფეროვნებიდან (სწავლის სტილი, სხვადასხვა ცოდნა, სხვადასხვა ინტელექტი დაშ) მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების გამოყენება და ამ თემატურ ერთეულშიც აქტიურად გამოვიყენე სასწავლო მენიუები, რომლის შემდეგაც საშუალება მომეცა ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების განმეხორციელებინა, რაც დაეხმარა მოსწავლეებს მომზადებულიყვნენ შემაჯამებელი კომპლექსური დავალებისთვის.

გთავაზობთ, ერთ-ერთ სასწავლო მენიუს

სასწავლო მენიუ

სავალდებულო დავალებების ბლოკი

1.           რა არის სისხლი?

2.           რა ფუნქცი აქვს სისხლის წითელ უჯრედებს?

3.           რაზეა პასუხისმგებელი ტრომბოციტები?

არჩევითი ბლოკი

ამ ორი დავალებიდან აარჩიე რომელიც გსურს.

1.       აღწერეთ რა პროცესია ამ სურათზე გამოსახული

 

 

 

  1. აღწერეთ გულის ციკლის ფაზები

 

 

 

 

 

 

      

 3.არასავალდებულო დავალება

  1. რატომ არის საჭირო გულის მუშაობის ციკლში საერთო მოდუნების ფაზის არსებობა?
  2. რა მნიშვნელობა აქვს სითხის მიერ წარმოებულ წნევას გულის მუშაობის დროს?

ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ არჩევანის უფლებას  ვაძლევ.  რასაც ყოველთვის ვითვალისწინებ გაკვეთილების დაგეგმვისას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024 წ.წ.
  2. მ. ხუნძაყიშვილი, ს. ბივერი. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება (სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018

ემოციური ინტელექტი

0

  „ადამიანი იმაზე მეტია ვიდრე ჰგონია“ – ასე ასრულებს ოთარ ჭილაძე გენიალურ პოემას „ადამიანი გაზეთის სვეტში“, ეს კი ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე ხაზგასმაა…  ჩვენივე ინტერესები აღძრავენ ინტერესს სხვა სუბიექტის მიმართ, თუმცა, ყველასთვის მომხიბვლელად გამოყურება ტერმინი: „‘ინტელექტუალური’ ადამიანი“…

ინტელექტი – ლათინური სიტყვაა და გაგებას, შემეცნებას ნიშნავს. ის პიროვნების თვისებაა, რომელიც აზროვნების უნარის, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. ინტელექტი– არსებობს ორი სახის ადამიანური და ხელოვნური.

ადამიანური ინტელექტი –  ენის გაგების უნარია. უნარი გადაიტანოს ვერბალური აღწერა მოქმედებაში და იმოქმედოს საკუთარი კულტურის, წესების შესაბამისად.

ხელოვნური ინტელექტი – კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალური სფეროა, რომელიც მიმართულია ადამიანის შემეცნებითი პროცესების მოდელირებისკენ. მან დიდი გავლენა იქონია კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებაზე.

ინტელექტზე საუბრისას, ხშირად ჩვენ არ ვფიქრობთ ადამიანის რაიმე კონკრეტულ უნარზე, არამედ, ზოგადად წარმოვიდგენთ განათლებულ, ნაკითხ ადამიანს, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება. ამიტომ, ბევრმა არ იცის ინტელექტის გამორჩეული სახეობა – ემოციური ინტელექტი და მისი ღირებულება .

ყველა სახის ინტელექტი გულისხმობს რაიმე პრობლემატური საკითხის სწორად მართვას: ეს შეიძლება იყოს მათემატიკური, ტექნიკური, ფინანსური ან სხვა. თუმცა, ადამიანი, რომელზეც ვამბობთ, რომ ჭკვიანია, შესაძლოა იგივე ადამიანი იყოს, რომელსაც პირად ცხოვრებაში აქვს პრობლემები, ან უბრალოდ ბედნიერი არ არის, იმის მიუხედავად, რომ კარიერული თვალსაზრისით წარმატებას მიაღწია. ან კი, აქვს უნარები, შესაძლებლობა და ჭკუა, თუმცა ვერ ახერხებს მათ სწორად ნავიგაციას და პროფესიულად ვერ ვითარდება. შესაბამისად, ამგვარი შემთხვევა გამოწვეულია ემოციური ინტელექტის დეფიციტით. ემოციური ინტელექტი არის საკუთარი ემოციების გარჩევის, გაგებისა და კონტროლის უნარი; ეს უნარი ასევე გვეხმარება სხვების ემოციების გაანალიზებაში და მათი მეშვეობით ზეგავლენის მოხდენაში. ყოველი ჩვენგანი განსხვავებული პიროვნებაა, განსხვავებული ხასიათით, სურვილებითა და საჭიროებებით, ემოციების გამოხატვის განსხვავებული ფორმებით. ალბათ, ყველას გვსმენია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ოსტატები არიან თავიანთი ემოციების მართვაში. ისინი წყობიდან არ გამოდიან და არ ბრაზდებიან სტრესულ სიტუაციებში, ამის ნაცვლად, მათ აქვთ უნარი შეისწავლონ პრობლემა და მშვიდად იპოვონ გამოსავალი. ისინი შესანიშნავნი არიან გადაწყვეტილებების მიღებაში და იციან, როდის შეუძლიათ ენდონ მათ ინტუიციას. თუმცა, მიუხედავად მათი სიძლიერისა, როგორც წესი, მათ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად დანახვა: ისინი კრიტიკას კარგად იღებენ და იციან, როდის გამოიყენონ ის მათი პიროვნული ან კარიერული წინსვლისთვის. სწორედ ასეთ ხალხზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურად ინტელექტუალურნი არიან. ასეთი პიროვნებები არამარტო კარგად იცნობენ თავიანთ თავებს, არამედ ხედავენ სხვების ემოციურ საჭიროებებსაც. დღევანდელ რეალობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია პროფესიულ ცხოვრებაში, როგორც სხვა ტექნიკური უნარი. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ პროფესიული ცხოვრების სწორად მართვაშიც. საბოლოო ჯამში კი, ამ უნარის მეშვეობით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სიმშვიდე და ბედნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა. ესენია: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური

ცნობიერება, ურთიერთობების მართვა.

თვითცნობიერება – უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, იზრდება. თვითცნობიერება მნიშვნელოვანია, რამდენადაც 83% ადამიანებისა, რომელთან მაღალი თვითცნობიერების უნარი აქვთ საქმის საუკეთესოდ შემსრულებლები არიან.

საკუთარი თავის მართვა – უნარი გამოიყენო შენი ცნობიერება საკუთარი ემოციების სამართავად, იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

სოციალური ცნობიერება – უნარი გააცნობიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო, რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად მოსმენა და დაკვირვება, გვეხმარება, დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან.

ურთიერთობების მართვა – უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრისათვის. ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისათვის.

ნდობა არის ემოცია , რომელიც ამერიკელი მეცნიერის, რობერტ პლუჩიკის მოდელში 8 საბაზისო ემოციიდან ერთ-ერთია [ბრაზი, შიში, ნდობა, სიხარული, მოლოდინი, სევდა, გაკვირვება, ზიზღი]. ემოციების ადაპტაციური თეორიის თანახმად, ნებისმიერი ემოციის ფუნქცია არის უბიძგოს ადამიანს ისეთი  ქმედებისკენ, რომელიც მის გადარჩენას და გარემოში უკეთეს ადაპტაციას ემსახურება. ეს ხდება სრულიად გაუცნობიერებლად. მაგალითად, შიში ააქტიურებს ჩვენს თავდაცვით ქცევებს, ბრაზი გვიბიძგებს ბარიერის გადალახვისკენ, ზიზღი გვარიდებს საზიანო ობიექტს და ა.შ. ნდობასაც, როგორც საბაზისო ემოციას, ასევე აქვს თავისი ადაპტაციური დანიშნულება – ეს არის ადამიანებს შორის ღიაობის უზრუნველყოფა. ნდობის ემოციის გარეშე წარმოუდგენელია მეგობრობა, თანამშრომლობა, საზოგადოებრივი ცხოვრება.

პიროვნული განვითარება მუდმივი პროცესია, თუმცა, ცხადია, არამცთუ იწყება ადრეული ასაკიდან, არამედ, ამ მხრივ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ბავშვის გაზრდის პროცესს და გარემო ფაქტორებს ენიჭება. რასაკვირველია, ოჯახში აღზრდასთან ერთად, განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამიტომაც ჩვენ, როგორც ერთი საზოგადოება, მუდმივად ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ უკეთესი განათლება მივცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, სასწავლებლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგი მასწავლებლების არსებობას. ალბათ გაგახსენდებათ ის მასწავლებელი, რომელმაც თქვენი, არამარტო სწავლის პროცესში, არამედ პიროვნული ზრდის პროცესშიც ხელი შეგიწყოთ: ასეთი მასწავლებელია სწორედ ის, რომელიც, არამარტო თავისი საგნის მცოდნეა, არამედ ემოციურად ინტელექტუალურია.

მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად მათ სამომავლო ემოციურ შესაძლებლობებსა და სწორად აზროვნებას განსაზღვრავს ადრეულ ასაკში ემოციების მართვისა და მათ მიხედვით სწორად რეაგირების სწავლა. სწორედ ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში უკვე დაიწყეს ემოციური ინტელექტის, როგორც სასკოლო საგნის სასწავლებლებში შემოღება.

სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები ვერ ახერხებენ ბავშვის ემოციურ მდგომარეობაში შესვლას და არასწორი მიდგომის გამო, შეიძლება ბავშვმა თავი იგრძნოს დაუცველად, დაჩაგრულად. სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევების გამომუშავება – განსაკუთრებით ზრდასრული ადამიანისთვის – საკმაოდ კომპლექსური პროცესია. საბოლოო ჯამში, მასწავლებლები და მშობლებიც უნდა იყვნენ ემოციურად და სოციალურად კომპეტენტურნი იმისათვის, რომ შეძლონ ბავშვებს ასწავლონ ემპათიის, თანაგრძნობის, მადლიერების, ან სხვა სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევის გამომუშავება. ასეთ გარემოში გაზრდა მნიშვნელოვანია მათი სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის, კარიერული წინსვლისთვის, გარემოსთან სოციალური ადაპტაციისთვის და საერთო ჯამში, ბედნიერი მომავლისთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვენს მიღწევებზე. EQ სრულიად განსხვავდება IQ-სგან და მათ საერთო არაფერი აქვთ. ადამიანის IQ მისი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, მაშინ როდესაც EQ-ს განვითარება და გაუმჯობესება შესაძლებელია.  ამგვარად, მაღალი ემოციური ინტელექტის ქონა ყოველი ჩვენგანის ინტერესებში შედის და საბედნიეროდ, მისი განვითარება სავსებით შესაძლებელია სწორი ვარჯიშებითა და ცოტა მოთმინებით.

 

   გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვიკიპედია
  2. Forbes Georgia- website
  3. GROWIN COACHING COMPANY -website

სივრცითი ფიგურების ეფექტური სწავლება დაწყებით საფეხურზე

0

დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა უპირატესობას ანიჭებს აღსაზრდელებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ფორმირებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ სივრცეში რეალიზებას. ჯერ კიდევ კომენიუსის ,,დიდ დიდაქტიკაში“ მეცნიერულობის პრინციპს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რაც გულისხმობდა როგორც საგნობრივი, ასე მეთოდური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას. დღეის მოცემულობით იგივე საკითხი აქტიურ ფაზაშია კომპიუტერიზაციის, მრავალფეროვანი მატერიალური სასწავლო რესურსების ეპოქაში. თუმცა, საჭირო ხდება მათი მართებული სელექცია აღსაზრდელთა სჭიროებების გათვალისწინებით.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად დგას პრობლემა აღსაზრდელთა მიერ სხვადასხვა სივრცითი ფიგურების აღქმის და მათი პრაქტიკული ღირებულების გათავისების შესახებ. აღსაზრდელთა ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისათვის დამახასიათებელია თვალსაჩინო -ხატოვანი აზროვნება, რაც გასათვალისწინებელი ფაქტია. ასევე, ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ესა თუ ის ფაქტი, აღქმული სხვადასხვა შეგრძნების ორგანოთი გრძელვადიან მეხსიერებაში მარტივად და ეფექტურად იმკვიდრებს ადგილს. ერთგვაროვნად აღქმულ საგანს ან მოვლენას სიტუაციური გამოყენების შანსი ნაკლები აქვს, ვიდრე მრავალმხრივად აღქმულ  მოვლენებს. აღნიშნული პრინციპები სამოქმედო დებულებად გამოვიყენე დაწყებით საფეხურზე სივრცითი ფიგურების შესწავლის საქმეში, რაც წარმატებული მიდგომა აღმოჩნდა აღსაზრდელებისათვის. ჩემეული დასკვნები ვალიდურობისათვის ინტერვენციულად გადამოწმდა დაწყებითი კლასების პედაგოგების მიერ.

სივრცითი ფიგურების აღსაზრდელებისათვის გაცნობისა და მიღებული ცოდნის ტრანსფერის მიზნით გამოვიყენე ,,ცოდნის აგების სქემა“:

  • საკითხის აუდიალიზება
  • საკითხის ვიზუალიზება
  • საკითხის კინესთეტური აღქმა
  • ცოდნის პრაქტიკაში გადატანა

წარმოდგენილი სქემის მიხედვით აღსაზრდელი სოლო ტაქსონომიის პრესტრუქტურული დონიდან გადადის უნისტრუქტურულ, მულტისტრუქტურულ და მიმართებით დონეზე სრულიად ლატენტურად. ერთი დონიდან მეორე დონეზე აღსაზრდელი იმდენად მარტივად ინაცვლებს, რომ შეუმჩნეველი ხდება სასწავლო საკითხების შემეცნების სირთულე. აღსაზრდელთა მოტივაცია მზარდია და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხი მაღალი.

საკითხის აუდიალიზებისათვის გამოვიყენე ,,ევრისტიკული მეთოდი“ და აღსაზრდელებს გავაცანი შესასწავლი საკითხის არსი კითხვა-პასუხის რეჟიმით. კერძოდ, თუ როგორ წარმოედგინათ ფიგურების ფორმები და  მათთვის ცნობილ რომელ საგანთან ავლენდნენ ისინი მსგავსებას. აღნიშნულმა მიდგომამ შესასწავლი საგნის მიმართ აღსაზრდელთა ინტერესი გაზარდა, რადგან საკითხი ნაწილობრივ  ნაცნობი იყო და ნაწილობრივ ცოდნის შევსებას საჭიროებდა. ცოდნის შევსების პროცესი კი მათთვის სიახლეთა გაცნობასთან ასოცირდებოდა.

შესასწავლი საკითხის ვიზუალიზების მიზნით აქტიურად გამოვიყენე თვალსაჩინოება, მატერიალური მასალა ხის კუბურების, ცილინდრის, მართკუთხა პარალელეპიპედის და  სფეროს ფორმების სახით, ასევე საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებული ვიდეო რგოლები სივრცითი ფიგურების შესახებ. ფიგურების წახნაგებისა და წიბოების მოძრაობაში ჩვენებამ და პარალელურად მატერიალური სასწავლო მასალის დემონსტრირებამ აღსაზრდელთა ინტერესი გაააქტიურა და მოტივაცია საკითხის მიმართ საგრძნობლად გაზარდა.

კომბინაციაში სივრცითი ფიგურების გაცნობის პროცესში აუდიალური და ვიზუალური სასწავლო კომპონენტების ერთობლიობამ აღსაზრდელებში ბიძგი მისცა ინტერესს, სივრცით ფიგურებს გასცნობოდნენ შეხებით და კინესთეტური თვალსაზრისით შეემეცნებინათ შესასწავლი საკითხის საკვანძო კომპონენტები. ფიგურებთან შეხებამ, შეხების პროცესში ფიგურის შემადგენელი ნაწილების სახელდებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა საფუძვლიანად აღექვათ სივრცითი ფიგურების არსი და ღირებულება.

შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს წარვუდგინე საგნები, რომლებიც ცილინდრთან, მართკუთხა პარალელეპიპედთან, კონუსთან, პირამიდასთან და სფეროსთან ასოცირდებოდა. წარმოდგენილმა საგნებმა და მათი ფორმის დასახელებამ აღსაზრდელებს გაუმარტივა სივრცითი ფიგურების შემეცნების და მათი სახელების დამახსოვრების, ასევე მათი გამოყენების შესაძლებლობა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თეორიული მასალის პრაქტიკულ ფაზაში გადატანა, კერძოდ, საგაკვეთილო პროცესში, აქტივობის განხორციელება, რომლის დროსაც მოსწავლეებს ყუთში ჩაწყობილი საგნებიდან ერთ ერთი თვალდახუჭულს უნდა ამოეღოთ და აღეწერათ მისი ფორმა და ფუნქცია.

აღნიშნული აქტივობა კიდევ გავართულე იმ თვალსაზრისით, რომ აღსაზრდელები ორ ჯგუფად დავყავი და მათ მოვთხოვე ამჟამად სივრცითი ფიგურების დასახელება მოკლე დროში. აღსაზრდელები ხალისით ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და აჩვენეს მიღებული თეორიული ცოდნის ეფექტური ტრანსფერი.

ჩემი, როგორც პედაგოგის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ სასწავლო მიზნების სისრულეში მოყვანა, ასევე ჩემი მოტივი იყო აღსაზრდელთა ინტერესების მობილიზება, სახალისო და მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შექმნა ეფექტური ტრანსფერისათვის.

ჩემეული დასკვნის ვალიდურობის მიზნით ამ მიდგომის ინტერვენცია განვახორციელე წლების ინტერვალით, ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფთან, შედეგებმა აჩვენა დასახელებული მიდგომის ეფექტურობა სივრცითი ფიგურების სწავლების საქმეში.

სოლო ტაქსონომიის მიხედვით აღსაზრდელები დაეუფლნენ ცოდნას საფეხურებრივი სვლით მარტივიდან რთულისაკენ, ნაცნობიდან უცნობისაკენ და თამაშზე ორიენტირებული აქტივობებით შევძელი აღსაზრდელთა დაინტერესება და სასწავლო მიზნის ეფექტურად მიღწევა.

ამდენად, გაკვეთილი, რომელიც დაკომპლექტებულია ისეთი პედაგოგიური მეთოდებითა და მიდგომებით, რომლებიც ორიენტირებულია სასწავლო თვალსაჩინოებებსა თუ ელექტრონულ რესურსებზე, ასეთი გაკვეთილი ყოველთვის იქნება აღსაზრდელთა ინტერესებზე მორგებული და მამოტივირებელი ფაქტორებით დატვირთული, რაც არსებითი ღირებულების მატარებელია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. მითუმეტეს როცა დაწყებით საფეხურზე ბავშვის ქცევას თამაში წარმართავს, პედაგოგის მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა უნდა ითვალისწინებდეს თამაშის კომპონენტს. თამაშის ფსიქოლოგიის მიხედვით აღსაზრდელს ყველა სასწავლო თემატიკა უნდა მიეწოდებოდეს თამაშის გზით, რომ ,,შემეცნების სამყაროში“ შევიდეს სტრესის გარეშე. ეს კიდევ შესაძლებელია სასწავლო თემატიკის ვიზუალიზების, აუდიალიზების, საგნებთან შეხების და მსგავს მოვლენებთან თუ საგნებთან უშუალო კონტაქტის გზით.

 

 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე, განვითარებისა და სწავლების თეორიები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008
  2. ნათელა ვასაძე, პედაგოგიკის ისტორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების აკადემია, თბილისი, 2004
  3. ე.ნ. მედინსკი. პედაგოგიკის ისტორია, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის დაუსწ. პედსექტორის გამ-ბა, თბილისი, 1940
  4. შ. ჩხარტიშვილი აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია, თბ.1974
  5. მ. ბოჭორიშვილი, სოლო ტაქსონომია, 2022 წელი

 

 

კომპლექსური დავალება და საჭირო რესურსები

0

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა კეთებით და გამოცდილებით სწავლების პრინციპს ემყარება.  მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით მოსწავლეები  პრაქტიკულად ასრულებენ მათთვის უკვე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს, რომლის დროსაც მოსწავლეები თვითონ გეგმავენ სასწავლო საქმიანობას და ორგანიზებას უწევენ, ერთ მთლიანობაში აქცევენ სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნას და მიზანმიმართულად იყენებენ მას. არ კმაყოფილდებიან  მიღწეულით და აქვთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარი, რაც განაპირობებს მათ  პიროვნულ და პროფესიულ ზრდას და უზრუნველყოფს ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას.

გთავაზობთ მე-8 კლასში, გეოგრაფიაში ჩატარებულ კომპლექსურ დავალებას

თემა:  ჩრდილოეთ ამერიკა

საკითხი: ჩრდილოეთ ამერიკის პრერიები

სამიზნე  ცნება – მოსახლეობა და მეურნეობა;   მდგრადი განვითარება

ქვეცნებები: ბუნებრივი ზონა(სტეპი-პრერია),ფრონტირი-ველური დასავლეთი),აქტი ჰოუმსტედის შეახებ,რეზერვაცია,სტიქიური მოვლენები(გვალვა,ხანძარი,ტორნადო)

საკვანძო შეკითხვა – რა განაპირობებს პრერიების   ინტენსიურ გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით,რა  შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის გამოყენებას მომავალში და როგორ უმკლავდებიან სტიქიურ პროცესებს ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში.

კომპლექსური დავალების პირობა:

ჩრდილოეთ ამერიკის პრერიები მეტად ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის წევრი ხართ და დაგევალათ შეისწავლოთ  ჩრდილოეთ ამერიკის  პრერიები. მოამზადეთ ელექტრონული  ბუკლეტი,  რომლის საშუალებითაც თანატოლებს პრერიებს, მის სამეურნეო ათვისებას და მომავალში მისი შენარჩუნების საჭიროებას გააცნობთ.

თქვენ მიერ შექმნილ ელექტრონულ  ბუკლეტში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • ცვლილებები, რომლებიც აისახა პრერიების ათვისების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე, სამეურნეო საქმიანობასა და ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
  • საფრთხეები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს პრერიებს სტიქიური პროცესების შედეგად და დაცული ტერიტორიების შექმნა პრერიების ველური ბუნების შესანარჩუნებლად.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: 

(რესურსი-1)

  • ჩამოაყალიბე აზრი ველური დასავლეთის ათვისებაზე , ბიზონების   დახოცვასა და ინდიელების განდევნაზე; იმსჯელე პრერიების მიწების სამეურნეო ათვისებაზე , მოსახლეობის მიგრაციასა და მათი დასაქმების ტიპზე.
  • წაიკითხეთ მასალა(რესურსი-2)

 ამონარიდი სახელმძღვანელოდან  მაქსაკოვსკი მსოფლიო გეოგრაფიული სურათი- „აშშ-ს ,კანადის მექსიკის აგროსამრეწველო კომპლექსები“, დაადგინეთ კავშირი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაწილებასა და მოხმარებას შორის.  სოფლის  მეურნეობის ინტენსიური განვითარების  შედეგად თუ როგორ მოხდა პროდუქციის ზრდა და როგორია  მისი ხვედრითი წილი ექსპორტის მოცულობაში.

  • გაეცანი ინფორმაციას(რესურსი-3) – რომელი სტიქიური პროცესები აყენებს ზიანს პრერიებს და რა სახის პრევენციები უნდა ჩატარდეს ზარალის ასაცილებლად.
  • უყურე ვიდეოს, გამოიტანე დასკვნა, თუ რატომ  არის აუცილებელი  დაცული ტერიტორიების შექმნა და ველური სახეობების შენარჩუნება.
  • წაიკითხე მასალა(რესურსი-4) (მე-9 კლასის სახელმძღვანელო- მ.ბლიაძე, გ.ჭანტურია, დ.კერესელიძე, ზ.სეფერთელაძე). შეადარე ერთმანეთს ამერიკის პრერიები და სტეპები საქართველოში და  დაადგინე მათ შორის  მსგავსება -განსხვავებანი.
  • ელექტრონული ბუკლეტი ინფორმაციული, შემეცნებითი და საინტერესო და მიმზიდველი რომ იყოს, გაითვალისწინეთ რჩევა – „როგორ შევქმნათ ელექტრონული ბუკლეტი“(ელექტრონული ბუკლეტის მომზადება შეგიძლიათ Word-ში. გახსენით Word-ის ფურცელი. შემდეგ შედით file- მენიუში და ჩამონათვალში აირჩიეთ New. იქვე გამოსულ საძიებო სტრიქონში ჩაწერეთ სიტყვა Flyer და ჩამოშლილი ვერსიებიდან თქვენთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიეთ; ბუკლეტში გვერდების ერთმანეთისგან გამოყოფის მისანიშნებლად შეგიძლიათ, წყვეტილი ხაზები გაავლოთ).

კომპლექსური დავალების ეტაპები

ეტაპი 1-კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა:

აქტივობა 1-როგორ შევქმნათ ელექტრონული  ბუკლეტი;

აქტივობა 2-წინარე  ცოდნის გააქტიურება:

1-რა არის ბუნებრივი ზონა?

2-რომელი ბუნებრივი ზონებია გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში?

ეტაპი 2- კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

აქტივობა -1 მოსწავლეების მიერ ველური დასავლეთის  ადგილმდებარეობისა და მკვიდრი მოსახლეობის-ინდიელების ყოფა ცხოვრების გაანალიზება.

ველური დასავლეთის  უკანასკნელი  დღეები https://www.gfsis.org/files/my-world/26/3.pdf?fbclid=IwAR2V4y4Yjakw9BazP96QqN0nggz1JxTqiGQ2zOJNssGDgidsQzvAbiZYQkA

უკანასკნელი ფრონტირი https://www.kvirispalitra.ge/istoriani/36633-ukanaskneli-frontiri.html

(რესურსი-1)

  • როგორი იყო პრერიების ველური ბუნება, რა მიზნით ხდებოდა პრერიების მიტაცება და როგორ ხდებოდა მკვიდრი მოსახლეობის განდევნა?
  • როგორ განახორციელეს ტერიტორიების ათვისების მიზნით რკინიგზის გაყვანა,მოსახლეობის დაინტერესება და სასოფლო სამეურნეო სავარგულების ათვისება?
  • რას ნიშნავს ველური დასავლეთი, ჰოუმსტედის კანონი, ფრონტირის ხაზი და სად გადიოდა ეს ხაზი?
  • რა სახის წინააღმდეგობას წააწყდნენ თეთრკანიანები ინდიელთა მხრიდან ბიზონების დახოცვასა და ტერიტორიების მითვისების შედეგად?
  • რამ შეუწყო ხელი მოსახლეობის თავმოყრას მოცემულ ტერიტორიაზე?

აქტივობა-2  მოსწავლეების მიერ პრერიების სამეურნეო ათვისების შედეგად რძის, ხორბლის, სიმინდის სარტყლების  გავრცელების  არეალების დადგენა და დატანა  კონტურულ რუკაზე .

ამონარიდი სახელმღვანელოდან  მაქსაკოვსკი მსოფლიო„გეოგრაფიული სურათი- „აშშ-ს ,კანადის მექსიკის აგროსამრეწველო კომპლექსები“      (რესურსი-2)

  • სად მდებარეობს, რომელ შტატებს მოიცავს აშშ-ში რძის, ხორბლის, სიმინდის სარტყელი და რომელ ტერიტორიებს მოიცავს კანადასა და მექსიკაში?
  • რაში მდგომარეობს ინტენსიური სოფლის მეურნეობის არსი და მისი როლი სასოფლო პროდუქციის წარმოების ზრდაში?
  • პრერიების ათვისების შედეგად როგორია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წილი ქვეყნების საექსპორტო მაჩვენებელში?

აქტივობა-3 –მოსწავლის მიერ ვიდეოს ანალიზი და დამატებითი ინფორმაციის  მოძიება დაცულ ტერიტორიებზე, სტიქიურ პროცესებზე და საქართველოს სტეპებზე.

https://www.youtube.com/watch?v=Ww3cMgFr2xQ&feature=emb_rel_end&fbclid=IwAR1lwJt91hkxDk9YULUbIFk2-eSENEUJ3l-kehfPFqy6ZHJ4fRYEAyKoLIM       (რესურსი-3)

  • რომელი დაცული ტერიტორიები შეიქმნა პრერიების ველური ბუნების დაცვის მიზნით?
  • რომელმა სტიქიურმა პროცესებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს პრერიებს და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება?

აქტივობა-4 წაკითხულის ანალიზი

წაიკითხე მასალა – საქართველოს სტეპებთან დაკავშირებით  და შეადარეთ ერთმანეთს ამერიკის პრერიები და  სტეპები საქართველოში და  დაადგინე მათ შორის  მსგავსება-განსხვავებანი (9 კლასის სახელმძღვანელო- საქართველოს გეოგრაფია მ.ბლიაძე,გ.ჭანტურია,დ.კერესელიძე,ზ.სეფერთელაძე ).  (რესურსი-4)

რესურსი-1  ამონარიდი  სტატიიდან „ველური დასავლეთი“

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფრონტირის ხაზმა, რომელიც აშშ-ში ერთმანეთისგან გამოყოფდა თეთრკანიანი ახალმოსახლეებისა და ინდიელთა ტერიტორიებს, სულ უფრო სწრაფად გადაინაცვლა დასავლეთისკენ.

1850-1865 წლებში ამერიკელმა ახალმოსახლეებმა მისისიპის დასავლეთით დაიწყეს გადასვლა – შევიდნენ დიდი ვაკეებისა და პრერიების ტერიტორიაზე. 15 წელიწადში ახალმოსახლეებმა დაიკავეს კანზასისა და ნებრასკის ნაყოფიერი მიწები და მდინარე მისურის მიადგნენ. ამდენად, 1865 წლის ანუ უკანასკნელი ფრონტირის დაწყებისთვის ხაზი არ გასცდენია მდინარე მისურის, იგი მიუყვებოდა მისისიპის მომიჯნავე შტატების დასავლეთ საზღვრებს, ასევე შეჭრილი იყო კანზასისა და ნებრასკის შტატების სიღრმეში. ამ  საზღვრის იქით ინდიელთა ტერიტორიები – ”ველური დასავლეთი” იწყებოდა.”ველური დასავლეთის” ეს ტერიტორიები თავის სიდიდესთან ერთად გეოგრაფიული და ბუნებრივი საბადოების თვალსაზრისითაც ძალზე მრავალფეროვანი იყო. აქ მრავალი ტომი სახლობდა: ბლექფუტები, კროუ, სიუ, შაიენები, არაპაჰო, პაუნი, შოშონები, მოდოკი პაიუტები, აპაჩები, კომანჩები.

1-კომანჩები;    2-აპაჩები;    3-შოშონი ინდიელი.

“ველური დასავლეთის” სწრაფი გარდაქმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ამერიკელთა მიერ ბიზონთა ჯოგების თითქმის მთლიანად განადგურება. ეს იყო უდიდესი დარტყმა ინდიელთათვის. განსაკუთრებით ვაკე-პრერიის ზონაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ტომებისათვის, რომლებიც მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ ბიზონებზე. XIX საუკუნის ბოლომდე 50 მლნ სულზე მეტი ბიზონი განადგურდა.

(ბიზონებზე ნადირობა)

1862-1869 წლებში აშშ-ის დასავლეთში გაიყვანეს მსოფლიოში პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზა, რომელმაც გადაკვეთა მთელი “ველური დასავლეთი” და დააკავშირა ქვეყნის წყნარი ოკეანისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროები. რკინიგზამ გააადვილა, დააჩქარა და უსაფრთხო გახადა დასავლეთში გადაადგილება და თან უამრავი ახალმოსახლეც წამოიყოლა. ახალი რკინიგზა ”ორეგონის ბილიკის” საუკეთესო ალტერნატივა გახდა. ამდენად, ტრანსკონტინენტურმა რკინიგზამ კიდევ უფრო დააჩქარა ფრონტირის მოძრაობა და ინდიელთა ტერიტორიების შემცირება. იმავდროულად ხელისუფლებამ აამოქმედა აქტი ჰომსტედების შესახებ (1862 წ.), რომლის ძალითაც ახალმოსახლეებს უფასოდ გადაეცემოდა მიწები დასავლეთში.

ამასთან რკინიგზის ხაზების მიმდებარე მიწები სარკინიგზო ფირმების მაგნატებს გადასცეს. მათ კი, თავის მხრივ, დაიწყეს ამ ტერიტორიების გაყიდვა ემიგრანტებსა და ახალმოსახლეებზე. “ველურ დასავლეთში” ახალმოსახლეთა რიცხვი ძალიან სწრაფად მატულობდა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მთელი “ველური დასავლეთი” “ინდიელთა ომების” ალში გაეხვია. განსაკუთრებით ბევრი ბრძოლა მოხდა მონტანაში, ჩრდილო და სამხრეთ დაკოტაში, კოლორადოში, არიზონასა და ტეხასში. საერთოდაც, ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა ფრონტირის წინსვლას გაუწიეს ვაკე-პრერიის ზონის ინდიელებმა.

1865 წელს დაწყებული უკანასკნელი ფრონტირი დაახლოებით 25 წელიწადს გაგრძელდა. “ინდიელთა დასავლეთი” შტატებად დაიყო; როკის მთიანეთში მაღაროელები მუშაობდნენ და ახალ-ახალ საბადოებს ეძებდნენ, იქვე იქმნებოდა მათი დასახლებები; რკინიგზის ხაზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობამ შორეული დასავლეთის ყველაზე მიუვალ ადგილებამდეც კი მიაღწია; დაიწყო ახალი ხალხმრავალი ქალაქების მშენებლობა, თვალუწვდენელი პრერიები და ვაკეები ამერიკელ ფერმერთა სახნავ-სათესებად იქცა.

რესურსი-2

კანადის ეკონომიკაში წამყვანი როლი ცენტრალურ რაიონს (კვებეკს და ონტარიოს პროვინციები)ეკუთვნის. წყნაროკეანური, ჩრდილოეთი და სტეპური რაიონები კანადის მთელი ისტორიის მანძილზე „მეტროპოლიასთან“-ცენტრალურ რაიონთან მიმართებაში ასრულებდა შიდა კოლონიების აგრარულ-სანედლეულო დანამატის ფუნქციას. 70-იანი წლებიდან სხვაობა „ცენტრსა“ და „პერიფერიას“ შორის თანდათან იშლება, რაც კარგად ჩანს სტეპური  რაიონის მაგალითზე. სტეპურ რაიონში შედის მანიტობას, სასკაჩევანის და ალბერტას პროვინციები. მათი ფართობი 2 მლნ კმ კვ-ია და ქვეყნის ტერიტორიის 1/5 უკავია. აქ ცხოვრობს კანადის მოსახლეობის 1/6. სტეპურ რაიონში სწრაფად ვითარდება სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, რაც მოსახლეობის მატებას განაპირობებს. სტეპის პროვინციებში იზრდება, აგრეთვე, გადამამუშავებელი მრეწველობა. აქ იწარმოება კანადის სამრეწველო პროდუქციის 1/5. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ აქ საკმაოდ სწრაფად ვითარდება მატერიალური და არამატერიალური  წარმოების სხვა დარგებიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კანადის სტეპური რაიონი ქვეყნის  მეორე ეკონომიკურ ბირთვად გადაიქცა, მაგრამ მაინც სტეპური რაიონის  „სახეს“ სოფლის მეურნეობა განსაზღვრავს, რომელიც კანადის სოფლის მეურნეობის 2/3 იძლევა. ამ რაიონში ძალიან კარგად არის განვითარებული მეცხოველეობა. სწორედ აქ იწყება „უზარმაზარი ძროხების“ ქვეყნის ტერიტორია, რომელიც სამხრეთისაკენ ვრცელდება აშშ-ს გავლით ტეხასამდე და მაინც, სტეპური რაიონის სოფლის მეურნეობაში სპეციალიზაციას განსაზღვრავდა და დღესაც განსაზღვრავს მარცვლეულის წარმოება. სტეპური რაიონის, ისევე როგორც მთელი კანადის კოლონიზაციის ადრეულ პერიოდში ახალი ტერიტორიის ათვისების მამოძრავებელი ძალა იყო ე.წ.“ბეწვეულის ციებ-ცხელება“.1670 წელს ინგლისში შექმნილი ჰუძონის ყურის კომპანია დიდი ხნის განმავლობაში მონოპოლიურად  ფლობდა კანადის ბეწვეულ სიმდიდრეებს. მე-18 საუკუნეში სწორედ ძვირფასი ბეწვით ვაჭრობამ განსაზღვრა კანადის როლი მსოფლიო ბაზარზე. რაც შეეხება რაიონის სასოფლო-სამეურნეო ათვისებას, იგი შენელდა კიდეც, რადგან აქ მცხოვრები ინდიელთა მრავალრიცხოვანი ტომები იძულებული გახდნენ ბეწვეული დაემზადებინათ. სტეპურ რაიონში გადმოსახლებული შოტლანდიელების პირველი სასოფლო-სამეურნეო კოლონია მე-19 საუკუნის დასაწყისში წარმოიქმნა, მაგრამ რაიონის ფართო სასოფლო-სამეურნეო კოლონიზაცია დაიწყო მხოლოდ რკინიგზების ინტენსიური მშენებლობის პერიოდში(მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში). განსაკუთრებით 1885 წლიდან, როდესაც გაყვანილ იქნა პირველი ტრანსკანადური  მაგისტრალი. ამ გზის საშუალებით სტეპურ რაიონში შემოვიდა ევროპიდან გადმოსახლებულთა ნაკადი, რომელმაც სწრაფად მიაღწია კლდოვან მთებამდე. რაიონის სწრაფმა ათვისებამ განაპირობა ფედერაციის შემადგენლობაში ჯერ მანიტობას(1870),შემდეგ სასკაჩევანის  და ალბერტას(1905)პროვინციების შესვლა. იმავდროულად, განსაზღვრა კოლონიზებული  სტეპური რაიონის  მთავარი სამეურნეო პროფილიც, რომელსაც ყველაზე უკეთ შეესაბამება გამოთქმა“ხორბლის ეკონომიკა“. სტეპურ რაიონში ეკონომიკის ამ დარგის განვითარებას ხელი შეუწყო ბუნებრივმა და ეკონომიკურმა ფაქტორებმა.და მართლაც,სტეპური რაიონის სამხრეთს გააჩნია განსაკუთრებული ბუნებრივი პირობები მარცვლეული მეურნეობის განვითარებისათვის.აქ ფართო ზოლადაა წარმოგდენილი კანადის სტეპური(პრერიები),რომელიც ვრცელდება სამხრეთით,აშშ-ის  ცენტრალურ და დიდ  ვაკეებზე.თბილი,თუმცა ცოტათი მშრალი ჰავა,ნაყოფიერი ნიადაგები და ვაკე ტერიტორია ხელს უწყობს რაიონის სწრაფ ათვისებას.ევროპიდან გადმოსახლებულებმა,განსაკუთრებით კი უკრაინელებმა აქ აღმოაჩინეს ნამდვილად „მშობლიური ლანდაფტი“.

„ხორბლის ეკონომიკის“ფორმირების ხელშემწყობი ეკონომიკური ფაქტორებია აღსანიშნავია:ძირითადად მომხმარებელთან-კანადის ცენტრალურ რაიონთან და აშშ-ის მიმდებარე რაიონებთან სიახლოვე;მსოფლიო ბაზრზე გასვლის შესაძლებლობა-წყნაროკეანურ ნავსადგურ ვანკუვერის და დიდი ტბების სისტემის საშუალებით.მე-19  საუკუნის 90-იან წლებსი ევროპაში კანადურ ხორბალზე მოთხოვნის გაზრდა.ხორბლის სარტყელი შედგება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებისაგან,რომლებიც განსხვავებულია როგორც აგროკლიმატური ისე კულტურულ-ეთნიკური პირობებით.ჩრდილოეთ ნაწილში(ჩრდ. და სამ.დაკოტა)ყინვიანი და ქარიანი ზამთრის გამო,მოდის მხოლოდ საგაზაფხულო ხორბალი.მოსახლეობა ამ რაიონში მცირეა-ძირითადად ფერმერები,დიდ ქალაქებში პრაქტიკულად არ არის და ხორბალი ითვლება ამ სარტყლის მონოკულტურად.სამხრეთ ნაწილში (ნებრასკა და კანზასი) ზაფხული უფრო ცხელი და მშრალია,მოჰყავთ საშემოდგომო ხორბალი,რომელიც მწიფდება ზაფხულის გვალვების დადგომამდე.ეს საშემოდგომა ხორბლის სარტყელია.კანადაში პრერიების ათვისების შედეგად სტეპური პროვინციები მოკლე დროში გადაიქცა ქვეყნის სოფლის მეურნეობის ძირითად რაიონად .ამჟამად კანადის სტეპის რაიონის მეშვეობით მარცვლეულის წარმოებით 60 მლნ.ტონა წელიწადში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში,ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით (2 ტონაზე )მყარი პირველი ადგილი.მარცვლეულის ექსპორტით კანადა მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ხარისხის ეტალონად ითვლება(მანიტობა 1). ამ კულტურის 4/5 მოდის სტეპურ რაიონზე. მანიტობას პროვინციაში ცხოვრობენ ინგლისიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან  გადმოსახლებულები. სასკაჩევანის პრერიებზე იწარმოება სოფლის მეურნეობის პროდუქციის 1/5 და ამიტომ უწოდებენ მას კანადის პურის კალათას.ალბერტას პრერიებში მოჰყავთ მარცვლეული და ტექნიკური კულტურები(შაქრის ჭარხალი) და იგი იძლევა კანადური  ხორბლის 1/5-ს. სტეპური პროვინციების იერსახე ძალიან წააგავს ერთმანეთს.სოფლები აქ არ არის უზარმაზარ მოხნულ პრერიებზე გაფანტულია ცალკეული ფერმები. აქა იქ შეგხვდებათ პატარა ელევატორები,სადაც ფერმერებს მიაქვთ თავიანთი პროდუქცია გასაყიდად. სტეპურ რაიონს აღმოსავლეთ და დასავლეთ პროვინციებთან აკავშირებს 8000 კილომეტრის სიგრძის ტრანსკანადური მაგისტრალი. ამერიკული აგრობიზნესის სფეროში 3,4 მილიონი კაცია ჩაბმული, რაც ქვეყნის  ეკონომიკაში 2,6%. აშშ სასოფლო სამეურნეო პროდუქციით უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში(15%). სოფლის მეურნეობას პროდუქციის წარმოების დიდი მასშტაბები და მრავალსახეობა ახასიათებს. დარგი შრომის მაღალი ნაყოფიერებით, მატერიალურ ტექნიკური აღჭურვილობით და კონცენტრაციის მაღალი დონით გამოირჩევა. წამყვანია ფერმერული მეურნეობები და მათზე სოფლის მეურნეობის შემოსავლების 80% პროცენტი მოდის. ფერმების საშუალო სიდიდეა 180  ჰა. სახნავი წილი განსაკუთრებით მაღალია პრერიების ოლქში (აიოვას შტატი), სადაც იგი ზოგჯერ 90 % აღწევს.

კვების მრეწველობა,რომელსაც ნედლეულს აწვდის სოფლის მეურნეობა მაღალ განვითარებული აგროსამრეწველო კომპლექსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. კვების მრეწველობის ბევრი საწარმოს ადგილმდებარეობა ძირითადად სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციაზეა დამოკიდებული.

აშშ-ს  პრერიებში რძის სარტყელი ჩამოყალიბდა ტბების პირას, სადაც ვეგეტაციის პერიოდი მოკლეა, სადაც ძირითად ნაწილს საძოვრები და სათიბები ქმნიან, ხოლო მინდვრის კულტურები მწვანე საკვების დასამზადებლად გამოიყენება.რძისა და ყველ-კარაქის წარმოებით პირველ ადგილზეა ვისკონსინის შტატი. ტიპური სარძევე მეცხოველეობა დამახასიათებელია მინესოტას, ვისკონსინის და ილინოისის შტატის ჩრდილო ნაწილისთვის.

ხორბლის სატყელი წელიწადში აშშ-ში იძლევა 20-25 ტონა ხორბალს. ჩრდ. და სამ. დაკოტაში მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი. სიმინდის სარტყელი, რომელიც მდებარეობს მდინარე ოჰაიოსა და მდინარე მისურის ქვედა ნაწილს შორის. სიმინდის სარტყლიდან დასავლეთით, ხორბლის სარტყელი გადაჭიმულია აშშ-ს კანზასის შტატში, ალბერტას, სასკასჩევანისა და მანიტობის კანადური პრერიის პროვინციების გავლით. დიდი ველის ეს ვრცელი ფართობი საშუალებას იძლევა ხორბალი გაშენდეს როგორც ზამთარში, ასევე გაზაფხულზე.სიმინდის სარტყლი მოიცავს: აიოვას, ილინოისის, ინდიანას, სამხრეთ მიჩიგანის, დასავლეთ ოჰაიოს, აღმოსავლეთ ნებრასკას, აღმოსავლეთ კანზასის, სამხრეთ მინესოტას და მისურის ნაწილებს. სიმინდის მწარმოებელია ოთხი საუკეთესო შტატი -აიოვა, ილინოისი, ნებრასკა და მინესოტა.მექსიკა სიმინდის წარმოშობისა და მრავალფეროვნების ცენტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. ბიომრავალფეროვნების ეროვნული კომისიის (Conabio) თანახმად, ქვეყანას ამ მარცვლეულის 50-ზე მეტი ჯიში აქვს.სიმინდი განვითარდა მექსიკური სამზარეულოსთან ერთად, რომელშიც დღეს 600-ზე მეტი კერძებია დამზადებული, რომლებიც სიმინდით მზადდება.თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნამ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ხელი შეუწყო სიმინდის იმპორტს.აშშ – ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზების თანახმად, 28 წლის განმავლობაში.

რესურსი-3

პრერიისთვის  ყველაზე სერიოზული  უარყოფითი შედეგი ჰქონდა  ქარის ეროზიას (დეფლაცია).

1926–1935 წლების ხანგრძლივმა გვალვებმა, მიწის  ხვნამ და პირუტყვისთვის საძოვრების ინტენსიურმა გამოყენებამ გამოიწვია კანზასის, კოლორადოს, ოკლაჰომასა და ტეხასის შტატებში დიდი ტერიტორიების დეგრადაცია.

პრერიებს  ზიანს აყენებდა და მოსავლის დანაკარგი დიდი იყო სტიქიური პროცესების(გვალვა, ხანძარი, ქარები და სხვა) შედეგად. გვალვა შეიძლება გაგრძელდეს 4-5 კვირიდან რამდენიმე თვემდე. გვალვის შედეგები შეიძლება კატასტროფული  იყოს.ხშირია შემთხვევები,როდესაც ტორნადოსა და ძლიერი ქარების შედეგად  ნადგურდება მოსავალი, ტორნადო ანგრევს შენობებს და ელექტროგადამცემ ხაზებს. მას ხშირად ახლავს ძლიერი სეტყვა, ჭექა ქუხილი და  წყალდიდობა.      2019 წელს აშშ-ს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ქარის სიჩქარემ 264 კმ / სთ მიაღწია.

ტორნადოებისგან უდიდესი ზიანი დაფიქსირდა ინდიანას, კოლორადოს, ოჰაიოს, აიოვას, ნებრასკასა და ილინოისის შტატებში, სადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 68 ათასი სახლი.

ხანძრები ანადგურებენ პრერიებში როგორც მცენარეულ, ასევე ცხოველურ საფარს. ხანძარი ხშირად იწვევს ეკოსისტემების დეგრადაციას. ხშირად მაღალი ტემპერატურის და დაუდევრობის  შედეგად შეიძლება გაჩნდეს ხანძრები. ბალახის წვის შედეგად ნიადაგის ნაყოფიერება ეცემა. პრერიებში ხშირად ფრინველებს ბუდეები აქვთ მიწაზე და ხანძრის სწრაფი გავრცელების შედეგად ნადგურდებიან.

ზოგიერთი ცხოველის სახეობა განაპირობებს პრერიის ეკოსისტემის სამეურნეო ღირებულებას. ბიზონი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჩრდილოეთ ამერიკის პრერიის მკვიდრია. ბიზონები ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მსხვილი ძუძუმწოვრებია. ვუდ ბუფალოს ეროვნული პარკი მდებარეობს ალბერტასა და ჩრდილო – დასავლეთის ტერიტორიებს შორის საზღვრის ორივე მხარეს, დაარსდა 1922 წელს ბიზონების გადასარჩენად. მიზანი მიღწეულ იქნა და ახლა თქვენ შეგიძლიათ, აღფრთოვანდეთ ამ ულამაზესი ცხოველებით, სპეციალური “კამეჩის ბილიკის” გავლით. ვუდ ბუფალო ყველაზე დიდი პარკია მთელ  კონტინენტზე და ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. ფართობი 44 807 კმ 2, მოიცავს ტყეებს, მდელოებს.

ნაკრძალის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტყის ბიზონი. მათ შესანარჩუნებლად გაიხსნა პარკი 1922 წელს.

პრერიების ველური ლანდშაფტის დაცვას ემსახურება ბედლენდის ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს კლდოვანი მთების აღმოსავლეთით სამხრეთ დაკოტას შტატში. პრერიების  ყველაზე დიდი   დაცული ტერიტორიაა აშშ-ში . პარკში ცხოვრობს სხვადასხვა, გადაშენების პირას მყოფი ცხოველი – ბიზონი, ირემი, სწრაფი მელა, დიდ რქიანი ცხვარი და სხვა. მრავალი ორგანიზაცია მუშაობს პრერიული ეკოსისტემების შესანარჩუნებლად. პარტნიორები  ეხმარებიან ბადლენდსის ეროვნულ პარკს მისი სათიბ-საძოვრების მოვლასა და მართვაში. Great Great Plains ინვენტარისა და მონიტორინგის ჯგუფმა  1998 წლიდან გამოიკვლია ბადლენდის  საბადოები. ბედლენდის ეროვნულ პარკში სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ   ამერიკული პრერიის მომხიბვლელი სურათებით.დაცული ტერიტორიების არსებობა და პრერიების დაცვა მდგრადი განვითარების პრინციპებს ემსახურება .

რესურსი-4

სტეპის მცენარეული საფარი აღმოსავლეთ  და სამხრეთ საქართველოშია გავრცელებული. მთისწინეთისა და დაბალი მთის სტეპები(ივრის ზეგანი, შიდა და ქვემო ქართლი, ახალციხის ქვაბული,500-დან 700-1000 მ სიმაღლის ფარგლებში) ძირითადად წარმოდგენილია უროთი და ვაციწვერათი. საქართველოს უროიან  სტეპებში აგვისტოშიც კი აქტიური ვეგეტაცია მიმდინარეობს. ვაციწვერიანი სტეპები გარეგნულად, ფლორისტული შემადგენლობით და რიტმიკით უფრო ახლოსაა ზომიერი სარტყლის სტეპურ  მცენარეულ საფართან. ეს სტეპი გავრცელებულია შედარებით უფრო მაღალ ადგილებში, ვიდრე უროიანები, კერძოდ, იქ სადაც შედარებით ცივი და კონტინენტური ჰავაა. მთის მდელო სტეპი და სტეპი ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ საქართველოში, ზ.დ.1400-2300 მ სიმაღლეზე და წარმოადგენს მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების  ხშირ დაჯგუფებებს. საქართველოს სტეპებში  ძირითადად, შავმიწანიადაგია და  მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩევა. საქართველოს სტეპი თითქმის მთლიანად ათვისებულია და განვითარებულია მეცხოველეობა, მემარცვლეობა, მდინარეთა ხეობებში მევენახეობა.  მთის სტეპებში მოჰყავს კარტოფილი და მარცვლეული, პრიორიტეტულია მეცხოველეობა.

მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული ბუკლეტი   უკვე წინასწარ გაწერილი ინსტრუქციის გათვალისწინებით. კომპლექსური დავალების პრეზენტაციის წარმოდგენისას გამოკვეთეს თავიანთი  მოსაზრება ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებზე, ახსნეს მისი სამეურნეო ათვისების წინაპირობები და მოიყვანეს შესაბამისი არგუმენტები.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...