ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

საზაფხულო დავალებების ნუსხა

0

გასულ წელს სასწავლო წლის დასრულებისას, 15 ივნისს, ჩემი ოთხი კლასისთვის სკოლის სტადიონზე კარნავალი გავმართე. ერთ-ერთ აქტივობად მოვიფიქრე საზაფხულო დავალებები, რომლებიც თითოეული კლასის ხასიათის გათვალისწინებით ავკინძე, ფურცელზე გადავიტანე და შინ გამომცხვარ მაფინებში მოვათავსე. დავალებები იყო შემეცნებითი და სახალისო ხასიათის. წერა, კითხვა, კვლევა-ძიება, ფიზიკური აქტივობები ერთმანეთს ცვლიდა.  მუსიკა, წიგნები, ანიმეები, მითები, ჰერბარიუმი, პოეზია, მუზეუმში სტუმრობა – დროის ნაყოფიერად გასატარებლად მრავალფეროვანი იდეები არ ილეოდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაფინების გამოცხობაში ჩემი სამი მოსწავლე მეხმარებოდა. სწორედ იმ დროს ვწერდი დავალებების ნუსხას და მათაც გაუჩნდათ რამდენიმე აქტივობის  მოფიქრების სურვილი.

100-მდე მოსწავლისთვის გამომცხვარ მაფინში მოვათავსე ერთი დავალება და როდესაც საკუთარ პერსონაჟს აცნობდნენ აუდიტორიას, საუბრის დასრულების შემდეგ დავალებიან მაფინს იღებდნენ.

გიზიარებთ მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ აქტივობების ნუსხას. შეგიძლიათ, საკუთარი კლასის საჭიროებებისა და ცოდნის გათვალისწინებით, დავალებები შეცვალოთ. ჩემ მიერ შედგენილი აქტივობები მთელი წლის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესში დაგროვებულ ცოდნასა და გამომუშავებულ უნარებზე დაყრდნობით ავაგე.

თავისუფალი არჩევანი, სასურველი აქტივობის შერჩევა მოსწავლეებს ქმედებისკენ განაწყობს. სასწავლო წლის დასაწყისის პირველი შეხვედრაც შეიძლება საზაფხულო დავალების პრეზენტაციას დავუთმოთ.

 

  1. დღიური – ეს სიტყვა გეცნობა? ზაფხული მშვენიერი დროა დღიურის შესაქმნელად. აიღე რვეული, გააფორმე ყდა და დაწერე ყოველდღიური ამბები: როგორ გაატარე დღე? ვინ შეგხვდა? ვის ესაუბრე? ვისთან ითამაშე? რას უყურე? რა მოისმინე? რა დაინახე? როგორი ამინდი იყო? რა წაიკითხე? როგორ ხასიათზე იყავი?
  2. უყურე ჰაიაო მიაძაკის ანიმეებს: „ჩემი მეზობელი ტოტორო“, „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“, „არიეტე“, „პრინცესა მონონოკე“, „გულის ჩურჩული“.

 

ანიმეს ყურების შემდეგ:

  • ერთი აბზაცით დაწერე შენი შთაბეჭდილებები;
  • დახატე ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა;
  • მისწერე პირადი წერილი შენს საყვარელ პერსონაჟს.
  1. მოიძიე ქართული ხალხური მითები და გაეცანი მითურ გმირებს: ამირანს, კოპალას, დალის, წყარიშდიდას, პირქუშს, დალის…
  • საყვარელი მითური გმირების მიხედვით შექმენი კომიქსი.
  1. მისწერე პირადი წერილები შენს თითოეულ კლასელს. უამბე შენი ყოველდღიურობის შესახებ. წერილები გააფორმე ნახატებითა და გამხმარი ყვავილებით.
  2. ზაფხულის ფოტოებიდან შეარჩიე 10 მნიშვნელოვანი ფოტო:

 

  • დაწერე პატარა ამბავი თითოეული ფოტოს შესახებ: სად გადაიღე? რატომ გაგიჩნდა გადაღების სურვილი? რას გახსენებს ახლა? როგორ ემოციებს აღძრავს?
  1. იკითხე „ვეფხისტყაოსანი“ ხმამაღლა.
  2. მოაგროვე ჰერბარიუმი – დაკრიფე ყვავილები, გაახმე და ერთ სახატავ რვეულში მოუყარე თავი (ჩააკარი). თითოეულ ყვავილს ქვეშ მიუწერე სად იპოვე, რა ჰქვია (თუ სახელი არ იცი, შენ დაარქვი).
  3. მოინახულე რომელიმე მუზეუმი შენი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. ჩაიხატე რამდენიმე ექსპონატი. შინ დაბრუნებულმა შექმენი მუზეუმის დღიური. დაწერე შთაბეჭდილებები.
  4. უყურე ქართულ მულტფილმებს. დაწერე რომელი პერსონაჟი ან ეპიზოდი მოგეწონა ყველაზე მეტად.
  5. შექმენი პოეზიის რვეული და ჩაწერე 10 ლექსი. ლექსების მოსაგროვებლად ჩაატარე პატარა კვლევა – ჰკითხე შენს საყვარელ ადამიანებს, მასწავლებლებს საყვარელი ლექსების შესახებ, მოიძიე მათი შერჩეული ლექსები და ჩაწერე შენს დღიურში.
  6. შენს მობილურ ტელეფონში მოძებნე აპლიკაცია Note და ყოველდღიურად ჩაწერე დღის ჩანაწერი.
  7. რამდენიმე ბებოსთან ან ბაბუასთან ჩაწერე ინტერვიუ. შეადგინე 10 კითხვა, დაითანხმე ინტერვიუზე და მობილური ტელეფონის ხმისჩამწერით ჩაიწერე თქვენი საუბარი, შემდეგ ფურცელზე გადაიტანე თქვენი საუბარი და ინტერვიუსთვის მოიფიქრე შესავალი აბზაცი, რომელშიც გამოთქვამ შენს მოსაზრებას ინტერვიუს შესახებ.
  8. ესტუმრე უბნის ან სოფლის ბიბლიოთეკას. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი მოძებნე და ამოწერე 33 სიტყვა. მიუწერე განმარტებები.
  9. დაწერე ერთი დღის გეგმა და დღის ბოლოს გააკეთე ჩანაწერი, რა შეასრულე და რისი გაკეთება ვერ მოასწარი.
  10. ერთი კვირის განმავლობაში უყურე მზის ამოსვლას და ჩაინიშნე დრო, როდის ამოდის მზე.
  11. გადაუღე ვიდეო შენი ოჯახის წევრებს, შეარჩიე მუსიკა და ააწყე რილსი.
  12. მოძებნე ინტერნეტში ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“. წაიკითხე ხმამაღლა.
  13. მოაწყვე პერსონაჟის დღე
  14. ითამაშე სამაგიდო თამაშები, მაგალითად, „დურაკა“ და წაგებული გამურეთ.
  15. „სალამურას თავგადასავლის“ მიხედვით მოიფიქრე სამაგიდო თამაში შენი მეგობრებისთვის.
  16. მოაწყვეთ მკითხველთა თეატრი.
  17. ჩრდილების თეატრში გააცოცხლე შენი საყვარელი წიგნის პერსონაჟები.
  18. წადი წიგნის მაღაზიაში და შეარჩიე ერთი წიგნი შენი საყვარელი მეგობრისთვის. ყდაზე დაწერე დღის ჩანაწერი და აჩუქე მეგობარს.
  19. მოძებნე ბებიის ან დედის რეცეპტების წიგნი ან რვეული და უფროსების დახმარებით გამოაცხვე რომელიმე ნამცხვარი.
  20. იკითხე ქართული ხალხური ლექსები.
  21. ისწავლე ქართული ხალხური ანდაზები.
  22. ცარიელი კვერცხის კოლოფში ჩაასხი წყალი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, ჩაყავი საწრუპი, ჩაბერე და გაბერე ბუშტები.

VI კლასი

  1. აიღე ერთი რვეული ჩანაწერებისთვის. შენ ამჯერად ნივთები უნდა აალაპარაკო. მე გთავაზობ ჩამონათვალს, შენ სურვილისამებრ შეარჩიე:
  • შენი კედები;
  • შენი სავარცხელი;
  • შენი სახლის სარეცხი მანქანა;
  • შენი სახლის მაცივარი;
  • სახლის რომელიმე დიდი სარკე.
  1. დაგეგმე ტური ძველ თბილისში.

დაიწყე მეტრო რუსთაველიდან, ფეხით დაუყევი ქუჩას, მოძებნე ოპერის შენობა, ცისფერი გალერეა, ქაშვეთის ტაძარი, 9 აპრილის ბაღი, ეროვნული მუზეუმი, პირველი კლასიკური გიმნაზია, მოსწავლეთა სასახლე, გადადი ლესელიძის ქუჩაზე, ინახულე სიონის ტაძარი, იქვე მოიკითხე სომხური ეკლესია, სინაგოგა და შემდეგ მოძებნე ჭრელი აბანოები. იქიდან ერთი ქუჩა ადის ბოტანიკური ბაღისკენ. გზად შეგხვდება მეჩეთი და მოინახულე. მეჩეთში შესვლისას ფეხზე გახდა არ დაგავიწყდეს.

ბოტანიკურ ბაღამდე ნარიყალას ციხეს ესტუმრე. ბოტანიკურ ბაღში დააკვირდი ხეებსა და ბუჩქებზე მიკრულ პაწია განმარტებებს.

შინ დაბრუნებულმა დაწერე 10 რამ, რაც მოგეწონა.

  1. მოუსმინე Nick cave-ის სიმღერას „O’children. სიმღერის მოსმენისას დაწერე თავისუფალი თემა სახელად – ბავშვები.
  2. წადი ეროვნულ გალერეაში, მოძებნე ფიროსმანის ნახატები და აალაპარაკე მითი ნახატების პერსონაჟები.
  3. იკითხე მურმან ლებანიძის ლექსები. ლექსიდან შეარჩიეთ ერთი სტრიქონი და დახატე.
  4. იკითხეთ შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
  5. წაიკითხე მირზა გელოვანის პირადი წერილები
  6. იწუწავეთ შენ და შენმა მეგობრებმა.
  7. აალაპარაკე საპნის ბუშტი/ბუშტები.
  8. აალაპარაკე შენი საყვარელი ნაყინის ქაღალდი.
  9. წაიკითხე „ცნობილი ხუთეულის“ რომელიმე ნაწილი და გააცანი შენს მეგობრებს.
  10. წაიკითხე თეა თოფურიას „უჩინარი სახლი“ და წაკითხვის შემდეგ დაწერე შენი შთაბეჭდილებები.
  11. გამოაცხვე რომელიმე ნამცხვარი შენს მეგობრებთან ერთად, გადაუღე ფოტო და გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  12. აალაპარაკე მაცივრის მაგნიტი.
  13. ჩაიცვი ბებია-ბაბუის ან მშობლების ტანსაცმელი, გადაიღე ფოტო და გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  14. შექმენი განძის რუკაა, დამალე და აპოვნინე შენს მეგობარს.
  15. დაუწერე ლელა მასწავლებელს წერილი (არ დააწერო სახელი), დაუტოვე კართან, დააკაკუნე და გაიქეცი.
  16. კანფეტის ქაღალდში გაახვიე: ანდაზები, წიგნის ციტატები, ფრაზები, ლექსები…. და დაურიგე ბავშვებს.
  17. აალაპარაკე შენი სახლის კედელი.
  18. მოუსმინე Сheers Elephant-ის სიმღერას „people“.
  19. აალაპარაკე შენი სახლის რომელიმე საყვარელი კუთხე.
  20. აალაპარაკე შენი სახლის რომელიმე ჭაღი.
  21. ჩაყარე ბუშტში კანფეტები და საყვარელი წიგნის ციტატები, გაბერე და შენ მეგობარს გაუხეთქე თავზე.
  22. დაწერე შენი საყვარელი წიგნის სათაურები, ჩაყარე ბუშტში, გაბერე და აჩუქე მეგობარს. ამოარჩიოს და წაიკითხოს.
  23. შენ და შენმა მეგობრებმა მოიგონეთ სამაგიდო თამაში და ითამაშეთ.

 

VIII კლასი

  1. მიიღე შხაპი ჩაცმულმა.
  2. ეზოდან მოწყვიტე ყვავილები, ჩაყარე წყალში და დატოვე ცოტა ხნით. ამის შემდეგ კი წაისვი სახეზე, დაელოდე ცოტა ხანი. შენი კანი სურნელოვანი გახდება.
  3. მოკრიფე ყვავილები, გაახმე და შემდეგ ჩააკარი რვეულში, დღიურში. მიუწერე დღის რომელიმე ამბავი.
  4. მოიფიქრე სამაგიდო თამაში და დატესტე მეგობრებთან.
  5. შენ და შენმა მეგობრებმა აავსეთ წყლით ბუშტები, დაახატეთ მარკერით რამე და შემდეგ ძირს გახეთქეთ.
  6. წყლით აავსეთ ბუშტები, დაახტით და გახეთქეთ. თან გაგრილდებით და თან იმხიარულებთ.
  7. გააფორმე შენი ოთახი მრავალფეროვნად.
  8. შექმენი პოსტერი. დაახატე/დააწერე შენთვის სასურველი პერსონაჟები ან ციტატები საყვარელი წიგნიდან.
  9. დაწერე შენი რომელიმე დღიდან სამი მნიშვნელოვანი ამბავი.
  10. დაწერე მოთხრობა(ები) თემებზე:
  • ბულინგი;
  • კიბერბულინგი;
  • გამოცდები…
  1. თიხისგან შექმენი რაიმე ნივთი/სუვენირი და გამოიყენე ან გააჩუქე.
  2. ამოარჩიე რომელიმე შენი საყვარელი ადამიანი ( წიგნიდან, მსახიობი, სპორტსმენი, მუსიკოსი…) და მოამზადე პატარა პრეზენტაცია. გააცანი შენს მეგობრებს.
  3. დაწერე წიგნი შენთვის სასურველ თემაზე. წიგნი შეგიძლია დაწერო რვეულში, დღიურში, კომპიუტერში ან ტელეფონში.
  4. იწუწავე მარტომ ან მეგობრებთან ერთად უცნაური ნივთებით ( კოვზით, სათლით, ჭიქით…).
  5. მოიფიქრე რამდენიმე სახალისო გამოცანა და დაუსვი შენს მეგობრებს.
  6. თუ სოფელში ხარ, დაათვალიერე გარემო, ისეირნე და დაწერე შთაბეჭდილებები, ხოლო თუ თბილისში ხარ, წადი თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველის პროსპექტზე (უსაფრთხოების მიზნით მშობელი ან მეგობარი გაიყოლე), მიირთვით ფერადი ნაყინები. ამ სეირნობისას რაიმე თავგადასავალი გადაგხდებათ თავს და სახლში მოსულმა დაწერე შთაბეჭდილებები.
  7. გააკეთეთ შენ და შენმა მეგობარმა ერთად ნამცხვარი. გადაუღეთ ფოტო და გადმოუგზავნეთ ლელა მასწავლებელს.
  8. მოუსმინე ჯგუფ Gorillaz-ს.
  9. წაიკითხე ლილე იროელის გაგრძელება – „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“.
  10. წაიკითხე მოირა ფაული-დოილის „უბედური შემთხვევების სეზონი“.
  11. დაუწერე შენს მეგობრებს ან მეგობარს ანონიმური წერილი და დაუტოვე სახლის კართან.
  12. მოძებნე com-ზე, კლასის მიერ წაკითხული რომელიმე წიგნი: „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, „ საშლელები“, „ ჩუმად უნდა იჯდე“, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, „ ლილე იროელი“, „ ორდროშობანა“ და დაწერე review. ბმული გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  13. სკოლის ბლოგისთვის დაწერე რომელიმე წიგნზე თავისუფალი ესე, გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს და სთხოვე, რომ ბლოგზე გამოაქვეყნოს.

სკოლის სტადიონზე გამართულმა კარნავალმა ფანტასტიკურად ჩაიარა. ხშირად ვათვალიერებდი იმ დღეს გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალას და გული სიხარულით მევსებოდა. ბავშვებიც მეკითხებოდნენ, კიდევ როდის გავმართავდით კარნავალს.

მეექვსეკლასელების საზაფხულო დავალებების ნუსხაში ასეთი დავალებაა: „დაუწერე ლელა მასწავლებელს წერილი (არ დააწერო სახელი), დაუტოვე კართან, დააკაკუნე და გაიქეცი.“

კარნავალის გამართვიდან 12 დღის შემდეგ, 27 ივნისს, ჩემს ოთახში ვიყავი წამოწოლილი და ვტიროდი. რთული სასწავლო წლის შემდეგ არდადეგების დასაწყისი ჩემთვის ყოველთვის ემოციურია. ამ დროს იჩენს ხოლმე თავს ავადობები. თითქოს მთელი წელი ცუდად გახდომის უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს და როგორც კი საგაკვეთილო რუტინას ვშორდები, დაგროვებული სტრესი, რაც მასწავლებლის ყოველდღიურობას თან ახლავს, თავს იჩენს. სწორედ ასეთ დროს გაისმა კარზე კაკუნი. კარი ჩემმა შვილმა გააღო და ცოტა ხანში ოთახში შემომიტანა ულამაზესი ანონიმური წერილი. ადრესანტის ვინაობა რამდენიმე თვის შემდეგ შევიტყვე. სევგის წერილმა სულზე მომისწრო, მანუგეშა, სევდა და ტკივილი გამიქრო. სამყარომ მეათასეჯერ გამომიგზავნა მინიშნება, რომ ბავშვებისთვის შრომას თუკი უფროსები ვერ იგებენ და გულს გტკენენ, შენ არ უნდა გაჩერდე, რადგან ბავშვების სიყვარული გიცავს. წარწერა „მიყვარხართ მას ძალიან!“ ჩემი ფარია, რომელიც ბავშვების გახარების მიზნით შერჩეულ გზაზე სიარულისას ყველა უარყოფით ენერგიას აისხლეტს.

 

 

 

 

 

როგორ ვიპოვოთ „სულის კოდი“ ბავშვობიდან?

0

რას გვირჩევს ჯეიმს ჰილმანი

ადამიანთა ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი თეორიები მასზე. ადრე თუ გვიან რაღაც მოგვიხმობს უხილავი მოგზაურობისკენ. შეიძლება თქვენ გახსოვთ ეს „რაღაც“, როგორც თქვენი ბავშვობის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საიდანღაც მოსული აუცილებლობა, მოვლენათა განსაკუთრებულობა გვევლინება ერთგვარ მოწოდებად: „ეს ის არის, რაც მე უნდა გავაკეთო, ეს ის არის, რაც მე მჭირდება, ეს ის არის,

რაც თავად მე ვარ“.

ჯეიმს ჰილმანი, „სულის კოდი“

სტატიის ანოტაცია:  მასწავლებლებისა და მშობლებისათვის მნიშვნელოვანია ჰილმანის თეორია: მოუსმინეთ ბავშვებს, გამოიკვლიეთ მათი სურვილები და მისწრაფებები და დაეხმარეთ მათთვის საინტერესოს აღმოჩენაში. განათლება არსებობს სწორედ იმისთვის, რომ დაანახოს ბავშვებს საკუთარი გზა და არა იმისთვის, რომ თავს მოახვიოს სხვათა ინტერესები. მნიშვნელოვანია ის, რაც ბავშვობაში გიზიდავდათ, რადგან ის შესაძლოა იყოს თქვენი „სულის კოდი“.

თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური ხასიათი და მოწოდება, რომელიც მოითხოვს რეალიზაციას. გენეტიკური სტრუქტურა, გარემო ფაქტორები და მშობლების გავლენა ვერ თრგუნავს ჩვენს ღრმა სურვილებს გავხდეთ ის, ვინც უნდა ვიყოთ – ასეთია ჯეიმს ჰილმანის წიგნის „სულის კოდის“ მთავარი გზავნილი მკითხველებისთვის.

შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევით ხდება: შემთხვევით ვირჩევთ პროფესიას, ადამიანებს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ვაღიარებთ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მას ინდივიდუალური ცხოვრებისა და განვითარების გზა აქვს, „შემთხვევითობების“ საფუძველიც შეიძლება მოვძებნოთ და ეს შეიძლება იყოს: გარკვეული ნიჭი, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც გარკვეულ არჩევანს განაპირობებენ.

ცხოვრებაში ჩვენი ქცევები და  მოქმედებები ყოველთვის არ არის ცნობიერი, ხანდახან თითქოს რაღაც ძალას მივყავართ კონკრეტული გადაწყვეტილებისკენ და მოგვიანებით ვხვდებით: რატომ მოხდა ის, რაც შემთხვევით მოხდა. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა სტივ ჯობსის სიტყვა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისადმი. თავის სიტყვაში ის საუბრობს „წერტილების შეერთების“ შესახებ. რაც გულისხმობს შემდეგს: როცა აკეთებ რაღაცას დიდი სურვილით, მაგრამ არ იცი, რაში გჭირდება. სტივ ჯობსი ჰყვება: წარმოდგენა არ მქონდა, რა მინდოდა ცხოვრებაში და უნივერსიტეტიც ვერ მეხმარებოდა ამის დანახვაში. ამიტომ მე მივატოვე უნივერსიტეტი და დავიწყე კალიგრაფიის კურსის შესწავლა. პატარა იმედიც კი არ არსებობდა იმისა, რომ მე ეს როდისმე ცხოვრებაში გამომადგებოდა… მაგრამ 10 წლის შემდეგ შეიქმნა მაკინტოშის კომპიუტერი და მივხვდი, ეს ყველაფერი რატომ მოხდა.

სწორედ ამას ეძახის ჯობსი „წერტილების შეერთებას“ ანუ აწმყოს პერსპექტივიდან წარსულში მომხდარი მოვლენები ცხადი ხდებიან და იძენენ სულ სხვა მნიშვნელობას. შესაძლოა, ამას ინტუიციაც ვუწოდოთ: „უსმინეთ თქვენს გულს, მან საიდანღაც იცის, რა არის თქვენთვის საჭირო“ (სტივ ჯობსი).

ამ შესავლის შემდეგ მინდა გესაუბროთ ამერიკელი ფსიქოლოგის, ჯეიმს ჰილმანის (1926-2011) ერთ-ერთ საუკეთესო და ცნობილ წიგნზე: „სულის კოდი“, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენს მოსწავლეებს და შვილებს დაეხმაროთ საკუთარი გზის პოვნაში.

“The  Soul’s  Code“  გამოვიდა  1996 წელს. ამ წიგნში ავტორი განიხილავს სულისა და ბუნების ურთიერთკავშირის იდეას, რომ ყოველ ადამიანს აქვს უნიკალური “სულის კოდი” ან დანიშნულება, რომელიც ვლინდება გარესამყაროში და ფორმირებულია დაბადებამდე და განსაზღვრავს მის გზას ცხოვრებაში.

ჰილმანი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცხოვრება წარმოადგენს “სულის კოდის” გამოხატვის მცდელობას, ხოლო ცხოვრებისეული მეტაფორები და სიმბოლოები გვეხმარება ამ უნიკალური დანიშნულების გააზრებასა და რეალიზაციაში.

რას ნიშნავს ცხოვრებისეული მეტაფორები  და როგორ გამოხატავენ ისინი ჩვენს უნიკალურ მისიას ამ ცხოვრებაში?

ჯეიმს ჰილმანის თეორიის მიხედვით, “სულის კოდად” შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ცხოვრებისეული მოვლენები და გამოცდილებები, რომლებიც გვეხმარება გავიაზროთ ჩვენი უნიკალური დანიშნულება და შინაგანი მისწრაფებები. კერძოდ:

  1. განსაკუთრებული ინტერესები და მიდრეკილებები – ის, რაც გვიზიდავს ყველაზე მეტად და რისკენაც გვაქვს განსაკუთრებული მიდრეკილება ბავშვობიდანვე;
  2. განმეორებადი სიზმრები და ხილვები – სიზმრები და ფანტაზიები, რომლებიც მუდმივად მეორდება და გვიძლიერებს გარკვეულ გრძნობებს;
  3. მნიშვნელოვანი შეხვედრები – ადამიანები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენი გზის არჩევაზე;
  4. სინათლის მომენტები – უნიკალური გამოცდილებები, როდესაც ვგრძნობთ სიცხადეს და ჰარმონიას;
  5. მიზნის გრძნობა – რომელიმე საქმიანობა ან მოვლენა, როდესაც გრძნობთ განსაკუთრებულ მიზანმიმართულებას და ცხოვრების აზრს;
  6. გამოწვევები და გარდატეხები – რთული პერიოდები ცხოვრებაში, რომლებმაც იძულებული გაგვხადეს შეგვეცვალა კურსი;
  7. განმეორებადი სიმბოლოები და მეტაფორები – განსაკუთრებული სიმბოლოები და სურათები, რომლებიც მუდმივად გვხვდება.

ჰილმანის თანახმად, ამგვარი მოვლენები და გამოცდილებები გვაძლევს მინიშნებებს ჩვენი სულიერი დანიშნულების შესახებ და უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება, რათა გავიაზროთ და გამოვხატოთ “სულის კოდი”.

ჯეიმს ჰილმანი თავის წიგნში „სულის კოდი“ წერს იმის შესახებ, თუ როგორ სურდა იეჰუდი მენუჰინს (Yehudi Menuhin- ამერიკელი მევიოლინე), რომელიც ჯერ კიდევ ოთხი წლის არ იყო, ვიოლინო. როდესაც მას სათამაშო ვიოლინო აჩუქეს,  ცრემლები წამოუვიდა… მენუჰინი გაიზარდა და გახდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინე ამერიკაში. მან გასტროლები 11 წლის ასაკიდან დაიწყო.

ჰილმანს ათეულობით მსგავსი მაგალითი მოჰყავს. თითოეულ მათგანში ბავშვის გონებაში მოქმედებს ერთგვარი მექანიზმი ან გრძნობა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მან მომავალში.

ეს გრძნობა შეიძლება შევადაროთ ფანარს, რომელიც ბავშვის შთაბეჭდილებების ქაოსს ანათებს და სიბნელიდან ამჟღავნებს ზუსტად იმ მონახაზებს, რომლებიც გახდება ამ ადამიანის მომავალი: ვიოლინო, თეატრის სცენა, ხარები არენაზე და სხვა. ეს „რაღაც“ ყველას შეუძლია ამოიცნოს მანამდე, სანამ ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდებიან ადამიანისთვის. თითქოს „რაღაცამ“ წინასწარ იცოდა, როგორი ცხოვრებით იცხოვრებს მისი მფლობელი, ან რა კარიერას აირჩევს. ამის ნიმუშია ზემოთ მოყვანილი სტივ ჯობსის ცხოვრების ფრაგმენტები.

ჯეიმს ჰილმანი ადამიანს იაზრებს, როგორც ერთიან სურათ-ხატს. როგორც კედელზე დაკიდებულ სურათს მაყურებელი აღიქვამს ერთიანად და განუყოფლად, რომელშიც ყველაფერი იმთავითვე მოცემულია, ყველა დრო ერთადაა, – სწორედ ასეა ადამიანიც.

რა თქმა უნდა, ადამიანის ცხოვრება ვითარდება დღიდან დღემდე,- დასძენს ჰილმანი, –  ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიკვლიოთ გარკვეული უნარების განვითარება. ამავე დროს, თქვენი ცხოვრების ბუნებრივი ხატი/სახე შეიცავს ყველა ნიშანს, რომელიც მონაწილეობს წარსულში, აწმყოში და მომავალში. თქვენი პიროვნება არ არის პროცესი ან განვითარება. თქვენ ხართ ერთიანი სახე-ხატი, რომელიც ვითარდება, თუ საერთოდ ვითარდება. როგორც პიკასო იტყოდა: „მე არ ვვითარდები, მე ვარსებობ!“ ასეთია ყველა სახე-ხატის ბუნება: მასში ყველაფერი ერთდროულად და ერთადაა მოცემული. ასეთ უნიკალურ არსებად იბადება ადამიანი: თავისი მოცემულობით, რომელიც არსებობს მანამდე, ვიდრე მას „იცხოვრებს“ კონკრეტული ადამიანი. ჰილმანის აზრით, სწორედ ეს უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა და მიჰყვეს მისთვის უნიკალურ გზას. ეს არის მისი მისია.

„Neither Nature nor Nurture – Something Else – არც ბუნება და არც აღზრდა, – არამედ რაღაც სხვა“ – ასე ჰქვია ჰილმანის წიგნის ერთ თავს. ავტორი აჩვენებს, რომ არც ბუნებას და არც აღზრდას არა აქვს კავშირი სულის ლოგოსთან;

ამ გზაზე ადამიანს თან ახლავს მინიშნებები, რომლებსაც ჰილმანი პლატონის დემონებს ადარებს, ისინი არიან ერთგვარი შუამავლები, მხარზე ასხედან ადამიანს და თუ მოსმენას ისწავლით, ყოველთვის „გისმენენ და გემსახურებიან“.

„- ბოლოს და ბოლოს, რა არის იგი, დიოტიმა? – დიდი დემონია იგი, სოკრატე, ხოლო ყოველივე „დემონიურს“ ხომ საშუალო ადგილი უჭირავს ღმერთსა და კაცს შორის. – რას ემსახურება-მეთქი დემონი? – დემონი ღმერთებს ამცნობს და გადასცემს კაცთა ლოცვა-ვედრებას და შესაწირავებს, ხოლო ღმერთთა ნება-სურვილსა და წყალობას – ადამიანებს. საშუალო ადგილი რომ უჭირავს კაცთა და ღმერთთა შუა, ის მთელს სივრცეს ავსებს მათ შორის და, ამრიგად, შინაგანი კავშირით აერთებს ყველას და ყველაფერს.“ (პლატონი, „ნადიმი“).

და ბოლოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სინერგია და ურთიერთქმედება. „სულის შექმნა კი არა მხოლოდ და არა იმდენად ინდივიდუალური პროცესია, რამდენადაც სხვებში და საკუთარ თავში უხილავის გამოვლენა სხვებთან ურთიერთობით“. ამ პროცესს ჰილმანი „უხილავთან დაბრუნებასაც“ უწოდებს…

 

 

 

Q & A ინტერაქციული მეთოდი ბიოლოგიის გაკვეთილისთვის     

0

   მეცნიერება ბოლო წლებში ისე სწრაფად ვითარდება, როგორც არასდროს. უკანასკნელ დღეებში ფინეთში გაიხსნა საწარმო, რომელიც აწარმოებს ცილა სოლეინს. პროტეინს უდიდესი პოტენციალი გააჩნია დედამიწა გაათავისუფლოს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის მრავალი ტონა დამაბინძურებლისგან. ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლეების დაინტერესება, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღითი დღე რთულდება. ამიტომ მე, მასწავლებელს, მსოფლიოს პულსზე უნდა მედოს ხელი და ვაგრძნობინო რომ ვვითარდები, ვსწავლობ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მენდობა, მისთვის არაფერ სარგებელს არ მოვიტან. ამიტომ სულ რაღაცას ვეძებ, ყველაფერს ქეისად ვაყალიბებ, სიტუაციას ვუხამებ და შედეგიც ნორმალურია. დღევანდელი წერილი ინტერაქციული მეთოდის ბიოლოგიის გაკვეთილზე გამოყენების პრაქტიკის გაზიარებაა. ქვემოთ წარმოდგენილია სოლეინის შესახებ სტატია და შეკითხვები.

საკითხავი მასალა:

ფოტოზე ნაყინია გამოსახული . . .

არც მცენარეულია, არც ცხოველური . . .

მასში არსებული ცილა საუკეთესოა საკვებისთვის . . .

ის იქმნება აირისგან, რომელსაც ამოვისუნთქავთ . . .

საუბარია ცილა სოლეინზე, რომელიც ბუნებრივია, საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულებით,  მდგრადი და ნამდვილია.

2024 წლის 17 აპრილს ჯონათან სეიდმენმა გამოაქვეყნა სტატია საკვებზე, რომელიც ჰაერიდან მიიღება. ფინურმა კომპანიამ ქარხანაში შექმნა ცილა სოლეინი, რომელიც შემდეგ საკვები პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება. ცილა სოლეინს ბუნებრივად აწარმოებს ბაქტერია ჟანგვა-აღდგენითი პროცესის საფუძველზე. სოლეინი ყვითელი ფხვნილია, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს საკვებში ხორცისა და რძის ცილები. სოლეინისგან ნაყინი ჯერ კიდევ 2022 წელს დაამზადეს სინგაპურში. ფინეთის ბიორეაქტორში დღეში იმდენი ცილა მზადდება, რა რაოდენობის ცილასაც შეიცავს სამასი ძროხის რძე. სოლეინის მიღება და შემდეგ საკვებში გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მესაქონლეობის მავნე გავლენით გამოწვეულ საფრთხეებს. სოლეინს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი პლანეტა გაათავისუფლოს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობისგან.

სოლეინი მდგრადი პროტეინია და არ არღვევს საკვების გემოს. მას უმამის არომატი აქვს. სინგაპურის რესტორნების ჯგუფმა The Lo & Behold Group დაიწყო სოლეინის საკვებში დატესტვა. მათმა შეფმა, ოლივერ ტრუსდეილ ჯუტრასიმ, რომელიც მიშელინის ვარსკვლავის მფლობელია, გუნდისგან სრული თავისუფლება მიიღო შეექმნა სოლეინის საფუძველზე დამზადებული დესერტების მენიუ. შეფი ყოველთვის ცდილობს შეიტანოს სიახლეები საკუთარ საკვებში და მომხმარებელიც კმაყოფილი ჰყავს. მან ივარაუდა, რომ სოლეინი ყოველდღიური საკვების დასამზადებლადაც გამოდგებოდა და ადგილობრივ ინგრედიენტებთან ერთად დაამზადა წვნიანი და მშრალი კერძები. აღმოჩნდა, რომ რესტორნებში გაიზარდა მომხმარებლის რაოდენობა, განსაკუთრებით იმატა ვეგეტარიანელების რიცხვმა.

ბაქტერიის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესი:

ბაქტერია ფაკულტატიური ავტოტროფია. ელექტრონების დონორად იყენებს მოლეკულურ წყალბადს, რომელიც სამყაროში ყველაზე გავრცელებულია. მოლეკულური წყალბადი ჰაერში ძალიან მცირე რაოდენობითაა. ამ ბაქტერიებს შორის არსებობენ აერობებიც და ანაერობებიც. ბაქტერია ცხოვრობს ყველგან, მტკნარ წყალში, დანალექებში, ტალახში, ნიადაგში, ცხელ გეოთერმულ წყლებში, მჟავე წყლებში. მას ფერმენტ ჰიდროგენაზას საშუალებით შეუძლია ცილები დაასინთეზოს. აერობული ბაქტერია ფაკულტატიური ავტოტროფი, მიქსოტროფი ან სრულად ჰეტეროტროფია. ისინი ორგანულ სუბსტრატზე ცხოვრობენ.

ჰაერიდან ბაქტერიები წელიწადში 70 ტონა წყალბადსა და ნახშირორჟანგს შთანთქავენ და მონაწილეობენ ჰაერის შემადგენლობის ჰომეოსტაზში. ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოყვეს ფერმენტი, ჰიდროგენაზა.წყალბადს, როგორც ელექტრონების დონორს, შეუძლია დაასინთეზოს ორგანული ნივთიერებები ნახშირორჟანგთან ურთიერთქმედების შედეგად.

6H2 + 2O2 + CO2  = 5H2O + CH2O

ბიოლოგიური პროცესი, რომელიც ბაქტერიის უჯრედში მიმდინარეობს, უჯრედული სუნთქვისა და ფოტოსინთეზის მსგავსია, თუმცა ანალოგიური არ არის.

ბაქტერიის მემბრანაში ჩაშენებულია ინტეგრალური ცილები ჰიდროგენაზა და ატფ-სინტაზა. ამ დროს ელექტრონების დონორია წყალბადის მოლეკულა. ის იჟანგება და გასცემს ორ ელექტრონს. ელექტრონების აქცეპტორია ჟანგბადის მოლეკულა. უჯრედში ციტოპლაზმაში არის კიდევ მეორე ჰიდროგენაზა.

უჯრედული სუნთქვის მსგავსად იქმნება ელექტრული და კონცენტრაციული გრადიენტი, ელექტრონები გადაეცემა ცილებს, რათა ერთბაშად არ მოხდეს ენერგიის გამოთავისუფლება. ბოლოს აქტიურდება ატფ-სინტაზა და წარმოიქმნება ატფ. ფოტოსინთეზისგან განსხვავებით ბაქტერიის უჯრედში მიიღება ცილა სოლეინი.

უდაბნოში ბაქტერია მნიშვნელოვანია, რადგან იქ მცხოვრებ ორგანიზმებს უზრუნველყოფს საკვებით. წყალი ააქტიურებს მის ცხოველქმედებას. წვიმის დროს უდაბნოს ორგანიზმებში იზრდება ფოტოსინთეზის ინტენსივობა და ასევე ძლიერდება წყალბადის ჟანგვის პროცესიც. მეცნიერები იკვლევენ, რა გზით ახდენს წყალი პროცესის გააქტიურებას, ასევე შეისწავლიან ბაქტერიის ცხოველქმედებაზე ტემპერატურის გავლენას.

მიმდინარეობა:

  • მოსწავლეები ეცნობიან ყველა კატეგორიის შეკითხვას;
  • წაიკითხავენ ტექსტს (მეთოდს მასწავლებელი შეარჩევს);
  • მასწავლებელი კიდევ ერთხელ გააცნობს ინსტრუქციას;
  • მოსწავლეები უპასუხებენ შეკითხვებს წერილობით;
  • შეკითხვებს დაყოფენ ორ კატეგორიად: პირველი, რომელიც ახლო კავშირშია ტექსტთან და მეორე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მოსწავლის გამოცდილებას;
  • მოსწავლეები წარადგენენ პასუხებს.

 

შეკითხვების ოთხი ტიპი:

  1. იქვე ტექსტში;
  • ვინ დაამზადა პირველად სოლეინის შემცველი ნაყინი?
  • სად ცხოვრობენ წყალბადის მჟანგავი ბაქტერიები?
  • როდის მოხდა პირველად ფინეთის ქარხანაში სოლეინის სინთეზი?
  • როგორ ხდება ბაქტერიის უჯრედში ატფ-ის მიღება?
  1. იფიქრე და მოიძიე;
  • შეაჯამე მიკროორგანიზმების როლი ადამიანის ცხოვრებაში;
  • გააანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს სოლეინის მიღებას გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად?
  • რამ გამოიწვია სოლეინის მიღების ინტერესი მეცნიერებსა და ტექნოლოგებში?
  • შეადარე ერთმანეთს ფოტოსინთეზი, უჯრედული სუნთქვა და წყალბადის ჟანგვა ბაქტერიის უჯრედში;
  • ეადარე ერთმანეთს ბაქტერიისა და საფუარი სოკოს უჯრედებში მიმდინარე პროცესები;
  • მოიყვანე მაგალითები ბაქტერიის გამოყენების შესახებ;
  1. ავტორი და შენ;
  • ივარაუდე, რა მოხდებოდა, თუ არ მოძებნიან მეცხოველეობის გარემოზე გავლენის შესამცირებლად?
  • რა არის წერილის მთავარი იდეა?
  • რას გულისხმობს ავტორი, როცა საუბრობს ბაქტერიების მნიშვნელობის შესახებ?
  • შენ როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას ადამიანის ცხოვრებაში?
  1. მე თვითონ . . .
  • რას ფიქრობ სოლეინის საკვებ პროდუქტებში გამოყენების შესახებ?
  • როგორია შენი დამოკიდებულება ასეთ საკვებთან მიმართებით?
  • სოლეინის წარმოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით მოიყვანე არგუმენტები და კონტრარგუმენტები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ინტერაქციული მეთოდით – კოლოიდები ქიმიაში https://mastsavlebeli.ge/?p=37623
  2. Future alternative – მომავლის საკვები, 2024 წლის 17 აპრილი;
  3. როგორ მუშაობს ბაქტერიის ორგანიზმში ფერმენტი ჰიდროგენაზე – ვიდეო;
  4. Bacteria in desert soil – ვიდეო;
  5. Structurale basis for bacterial energy extraction from atmospheric hydrogen – Nature 08.03.
  6. Asia Pacific Food Industry  2023, May 26;
  7. Ice cream made from Solar Foods Solein launches in Singapore – Fiona Holland;
  8. Hydrogen-Oxidizing bacteia – Wikipedia;
  9. ბაქტერიების საშუალებით მეცნიერებმა ჰაერისგან ელექტროენერგია მიიღეს, 2023 წლის 15.03;
  10. ფინურმა კომპანიამ ჰაერისგან საკვები შექმნა 21 მაისი, 2023 წელი;

ირმას ერთი მოთხრობა

0

წერილი ეძღვნება ცნობილი ჟურნალისტის, მწერლის, მკვლევრისა და საზოგადო მოღვაწის, ირმა კახურაშვილის ნათელ ხსოვნას                                                                      

რამდენჯერაც დავიწყე ირმაზე წერა, ყელში ბურთი მომებჯინა და შევჩერდი, სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, საიდან და როგორ დამეწყო. გუშინწინ მისი მოთხრობის კითხვა ჩემს მეოთხეკლასელ შვილთან ხმამაღლა წამოვიწყე, ძალიან დაინტერესდა ოთო, იოლად გაიგო და მოიწონა ირმას ფრაზა, სიტყვა, შინაარსი. ჰოდა კვლავ იმ მოთხრობას მივადექი, ირმას საავტორო ფოტოს ჩავჩერებივარ და მისი წყლიანი თვალები თითქოს ღიმილით მანიშნებენ, რომ აქ, ერთ პატარა მოთხრობაში შეუხვია თავისი დარდი და  საფიქრალი ყველა დიდ თუ პატარა მოქალაქეს, განსაკუთრებით კი, მასწავლებელს. ყველა ასაკისთვის საინტერესოა ირმას სათქმელი, ხშირად გასამეორებელი და ძალდაუტანებლად დასასწავლი.

„რატომ არ მოვკალი მიშო“, ალბათ, ირმას ბოლო მოთხრობაა, რომელიც ჟურნალი „მასწავლებლის“ 2022 წლის, სპეციალურ  ნომერში  გამოქვეყნდა. მაშინდელია. ჟურნალის საზეიმო პრეზენტაციამდე საკუთარი ნეირონული ჩარჩოს უკვე განსხვავებულ მდგომარეოაბზე მელაპარაკა დიდხანს. მერე კი მალე წავიდა, თუმცა მის სხვა, ძალიან საინტერესო ტექსტებთან ერთად, მღელვარე ხმად ეს მოთხრობა დაგვიტოვა.

ტექსტის კითხვას იწყებ და გეგონება, ირმა ისევ აქ იყო და წინა კვირების მოვლენებით დაიწყო წერა. მეოთხეკლასელ ოთოსაც არ უჭირს გაგება, ყოველ დღე, სკოლიდან „თავისუფლებამდე“[1] და იქიდან სახლის გზაზე,  ასევე — პირიქით, სახლიდან „თავისუფლებამდე“ და იქიდან სკოლამდე — თითქმის ყოველდღე — აქციებს, მოპროტესტეებს და მათ დასაშლელად მომართულ პოლიციელთა ჯგუფებს ხედავს. „მოთხოვნა“, „პროტესტი“, მომავალი ახალგაზრდობამ რომ უნდა შეცვალოს, სხვა სამოქალაქო პასუხისმგებლობები და სოციალურია თუ სამართლებრივი ვალდებულებაც არაა უცხო პროტაგონისტზე თითქმის 4 წლით უმცროსი ბიჭისთვის. — რა გულწრფელია! შენი მეგობარი, ალბათ, ძალიან მაგარი მასწია, — მეუბნება ოთო. — არაა მასწი, უბრალოდ, მწერალია, ასე  დაწერა, — ვუხსნი მე, თუმცა არ ვიცი, რამდენად კარგად და ვფიქრობ, რამდენად „მაგარი“ მწერალია ირმა. ერთ პატარა მოთხრობაში მთელი ქვეყანა ჩაატია — რამდენი თემა, საზოგადოების ტკივილები და სენი, „ჩინოვნიკების“ და იმათი შვილების ხალხისადმი დამოკიდებულება, მოკლედ,  შედეგები, რომელსაც ყოველდღე ვიმკით,  ტელევიზიითაც ხშირად ისმის, მე კი, ეს რამდენიმე თვეა, სასამარლო განჩინებებად მეჩეხება და მაცამტვერებს. მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენი პატარა გოგო-ბიჭის გაუპატიურების ან მისი მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი „წილხვდომილ“ საქართველოში, მით უფრო, ოჯახის წევრების ან ახლობლების მხრიდან.

ძალიან მტკივნეული თემებია, მაგრამ ოთო ყურადღებით მისმენს, დროდადრო ჩამეკითხება ხოლმე, მეც ვპასუხობ, ღიად და — როგორც შემიძლია. არ შეიძლება ასეთი თემების წაყრუება ან მიფუჩეჩება, ყველა მშობელმა ან მასწავლებელმა უნდა გამონახოს დრო ბავშვებთან მათზე სასაუბროდ, თუნდაც 8-9 წლის ასაკის ბავშვებთან, რადგან 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს ზოგჯერ ნორმა ჰგონიათ, რასაც იმათგან გარყვნილი ზრდასრულები ითხოვენ  ან მუქარის შემდეგ შინდებიან, ჩუმდებიან და მერე, ამის გამო, სამუდამოდ იტანჯებიან. დამნაშავენი კი ციხიდან რამდენიმე წელში ბრუნდებიან დაშვებით, რომ მათ მსხვერპლთან კვლავ მოუწიოთ შეხვედრა და — ერთ სივრცეში თანაარსებობაც.

წარმოგიდგენიათ რამოდენა პრობლემას შეეხო ირმა? როგორი გაბედულებით, თან რა მარტივად ჩაატია მთელი დრამა სამიოდ გვერდში? ოსტატურად, ეპისტოლარულად, მეორე პირში?  სხვათა შორის, გამოსახვის ამ მეთოდს ტიუიზმი (ლათინური სიტყვიდან — tu[2] ჰქვია, ილეიზმის[3] მსგავსი რამაა, ოღონდაც ობიექტივირდება მეორე პირი.

აუცილებლად წააკითხეთ მოსწავლეებს ირმას ეს მოთხრობა, აპოვნინეთ  თითოეული ფასეულობა, როგორც თეზა და ის, რაც იმათ საპირწონედ კონტრასტს ქმნის.  აპოვნინეთ საგასაღებო სიტყვები და ზედაპირზე მოტივტივე ყველა შეკითხვა. თუნდაც ერთ მათგანზე პასუხის გაცემა დიდი, წინგადაგდებული საქმე იქნება. ასეთი საქმეებისთვის იცხოვრა ირმამ და ახლა ჩვენგან ელის სამაგიეროს.

 

 

 

[1] მეტროსადგურ „თავისუფლებამდე“, ცხადია.

[2] https://en.wiktionary.org/wiki/tuism

[3] ილეიზმის შესახებ ჩემი წერილი შეგიძლიათ, იხილოთ  ბმულზე: https://mastsavlebeli.ge/?p=1625

სამოქალაქო წიგნიერება ბავშვებში

0

 

ერთ დღესაც ჩემმა 12 წლის შვილმა ასეთი რამ მითხრა:“მათემატიკას უკეთესად ვისწავლიდი, ჩვენს მასწავლებელს უნარი რომ ჰქონდეს, ყველა ბავშვს ღირსეულად მოექცეს. ზოგიერთ ბავშვს უფრო მეტი პატივისცემით ექცევა“.

საკუთარი ღირსების გააზრება ადამიანის  ის უნივერსალური უნარი და მოთხოვნილებაა, რომელზეც დაშენებულია მისი პიროვნება. საკუთარი ღირსების გააზრებით ადამიანები ქმნიან თავიანთ მომავალს, აღწევენ მიზნებს, წარმატებებს და ცხოვრობენ უკეთესი ცხოვრებით. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და მოთხოვნილება გარშემომყოფებისგან იგრძნოს  პატივისცემა, იქნას აღიარებული, დანახული და არ შეილახოს მისი ღირსება არცერთი წამით. ღირსების შეგრძნება და ამ თვისების ჩამოყალიბება ბავშვებში ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლითაც შეიძლება დავასაჩუქროთ პატარა ადამიანი და გავუჩინოთ სამყაროს მიმართ ნდობა; გავხადოთ უფრო თვითკმარი, ძლიერი და მიზანზე ორიენტირებული. ისევე როგორც ოჯახი, მასთან ერთად  სკოლაც ეხმარება და გამოუმუშავებს მოზარდს სამოქალაქო წიგნიერების უნარებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მასწავლებელმა, თითოეულმა მშობელმა და ბავშვთან დაკავშირებულმა პირმა, გაიაზროს მისი როლი და მოვალეობა მათთან ურთიერთობისას. კრიტიკული აზროვნება კი ასეთ დროს ის დამხმარე ინსტრუმენტია, რომლითაც შეგვიძლია აღვჭურვოთ მოზარდები.

რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, ეცვლებათ შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გარემოზე, მოვლენებზე და ურთიერთობებზე. უფრო ხშირად სვამენ კრიტიკულ კითხვებს, უფრო მძაფრად აღიქვამენ გარემოდან წამოსულ იმპულსებს; ითხოვენ პატივისცემით მოპყრობას. უფრო ხშირად აინტერესებთ სხვადასხვა ქცევის მოტივაცია  და უფრო ხშირად აფასებენ მოვლენებს, როგორც  პირუთვნელი შემფასებლები.

თანამედროვე მოზარდი მრავალი ინფორმაციის გამტარია, ეს ინფორმაციები რიგ შემთხვევებში ეხმარება მათ  უფრო კრიტიკულად გაიაზროს საკუთარი პიროვნება და მოვალეობები, საკუთარ დამოკიდებულება გარემოსამყაროსთან და მეგობრებთან.  ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე გავაძლიეროთ მათში ის უნარები, რომელიც მათ დაეხმარება  სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევების დროს თამამად გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს და სხვასაც დაეხმარონ რთულ სიტუაციებში.

სამოქალაქო წიგნიერების ერთ-ერთი კომპონენტი თანაარსებობის უნარ-ჩვევებია.  კარგი სოციალური უნარები ყველა ასაკის ადამიანისთვის, იქნება ის მოზარდი თუ ზრდასრული უმნიშვნელოვანესია. სოციალიზაციის კარგი უნარები ბავშვს ეხმარება მოიქცეს უფრო ბუნებრივად, გაბედულად და თავისუფლად უცხო გარემოში. როდესაც ბავშვი აღჭურვილია კარგი საკომუნიკაციო ჩვევებით, მას არ გაუჭირდება საკუთარი თავის წარდგენა, საუბრის წამოწყება,  ახალი ურთიერთობების გაბმა და დამეგობრება თანატოლებთანდ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია. სტადიონზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ. ამ დროს იქაურობას პატარა ბიჭი უახლოვდება, რომელსაც თამაში ძალიან სურს, მაგრამ მოთამაშე ბიჭებს არ იცნობს, რის გამოც ვერ ბედავს მივიდეს მათთან და შესთავაზოს ხომ არ დაიმატებდნენ კიდევ ერთ წევრს. ბიჭები ფეხბურთის თამაშს განაგრძობენ, უცნობი ბიჭი მათ ყურებას, სამწუხაროდ, მათ შორის კომუნიკაცია ვერ დგება. ასეთი სცენას ხშირად შევსწრებივარ – ხან ჩემი შვილი არის უცნობი ბიჭის როლში, ხან კიდევ სტადიონზეა თამაშში გართული და ვერ ამჩნევს, რომ იქვე მის გვერდით, ფეხბურთის თამაში შეიძლება უცნობ ბიჭსაც ძალიან უნდოდეს, რომელიც ინტერესით  ადევნებს მათ თვალს და გულაჩქარებული ელოდება იქნებ შეამჩნიონ და სათამაშოდ მიიწვიონ. წინასწარ განჭვრეტა რა შეიძლება სურდეს სტადიონზე მდგარ უცნობ ბიჭს და რისი დანახვა უნდა შეძლონ სტადიონზე მოთამაშე ბიჭებმა  ემპათიის, კარგი ემოციური ინტელექტის და  კარგი სოციო-კომუნიკაციური  გამოცდილების შედეგია. როდესაც ამაზე ყურადღებას გავამახვილებთ ბავშვებთან, ვასწავლით და ვაჩვენებთ, როგორ უნდა შემოვიერთოთ ახალი მეგობრები, როგორ არ გავრიყოთ ისეთი ბავშვი, რომელიც შესაძლოა ვერ ახერხებდეს ურთიერთობის სწრაფად გაბმას, ამის შემდეგ ის უფრო მეტ გამბედაობსაც გამოიჩენს მსგავს სიტუაციებში და სხვებსაც დაეხმარება თავი აგრძნობინოს შინაურად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – პასუხისმგებლობის აღებაა. ჩვენს პიროვნებაზე დადებითად მეტყველებს ის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ კონკრეტულ შემთხვევებში. ორგანიზებულობა კი გვეხმარება უკეთესად დავგეგმოთ საქმიანობები და არ დავრჩეთ იმედგაცრუებული საკუთარი თავით. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს ამ უნარის განვითარებაშიც. ეს მაგალითი ყველა მშობლისთვის იქნება ნაცნობი: მშობელი შვილს სთხოვს საღამოს ჩაალაგოს სპორტული წრისთვის ჩანთა, მაგრამ ის მრავალი თხოვნის მიუხედავად ამ საქმეს დილისთვის გადადებს. დილით კი, ადრიანად ის ვერ ასწრებს საჭირო ნივთების ჩაწყობას, რადგან  სკოლის წიგნებიც აქვს ჩასალაგებელი – უნდა ჩაიცვას, მოასწროს საუზმე და სკოლაში წავიდეს. აღმოჩნდება , რომ მნიშვნელოვანი სპორტული ნივთი იმ დღეს სახლში რჩება, რადგან დილით სიჩქარეში არც გახსენებია. იმ დღეს სპორტული აქტივობა ცდება, რის გამოც ბიჭი იმედგაცრუებულია. ბიჭი ამის შემდეგ , ყოველ საღამოს წინასწარ თავად ალაგებს ჩანთას და დედაც ხვდება, რომ ამაზე ფიქრი და დაგეგმვა  ბიჭის მოვალეობაა და მეტჯერ აღარ უნდა შეახსენოს. საკუთარ მოვალეობებზე პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევაა, რომელიც მომავალში მას აუცილებლად დაეხმარება.

ჩვენს პიროვნებაზე ასევე დადებითად მეტყველებს, რამდენად გვაქვს უნარი, შევეწინააღმდეგოთ მავნე გავლენებს და დავრჩეთ მყარად ჩვენს პოზიციაზე. გავლენების მიმართ მოწყვლადობა მოზარდობის  ასაკს ახასიათებს, როდესაც მოზარდის წინაშე მრავალი გამოწვევა იჩენს თავს, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. იზრდება თანატოლთა ავტორიტეტიც  და მოზარდი უფრო მეტად მეგობრების აზრით და მათი შეფასებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი ხშირად ექცევიან მავნე ზეგავლენის ქვეშ, რაც გულისხმობს თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელის მოხმარებას. ასეთი ანტისოციალური ქცევები საკმაოდ  გავრცელებულია მოზარდებში და მისთვის რთულ გამოწვევას წარმოადგენს შეეწინააღმდეგოს ასეთ გავლენებს  და დარჩეს მყარად საკუთარ გადაწყვეტილებაში.

დაფიქრებულხართ საკუთარ თვისებებზე? გვაქვს თუ არა კრიტიკული ფილტრი, რითაც საკუთარ ქცევებს განვსჯით? რას გამოვასწორებდით პირველ ყოვლისა ამის შესაძლებლობა რომ გვქონდეს? – ხომ არ ვაგვიანებთ შეხვედრებზე? ვახერხებთ თუ არა ვიყოთ ორგანიზებული? ხომ არ ვივიწყებთ დაპირებებს? შეგვიძლია  თუ არა მრავალი საქმიდან უფრო მნიშვნელოვანი გამოვარჩიოთ და ჯერ ის შევასრულოთ? როგორ ვმართავთ ემოციებს, როდესაც ჩვენთვის სასურველ და არც ისე მისაღებ წინადადებებს ვისმენთ? რამდენად შეგვიძლია ემოციური რეგულაცია? გვაქვს თუ არა ემპათიის განცდა და რამდენად ხშირად ვიყენებთ ამ უნარს, იმის დასანახად რას ვიგრძნობდით სხვის ადგილზე? როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ნაჩქარევად და იმპულსურად, თუ დაფიქრებულად და დინჯად? როგორ ვუმკლავდებით ფინანსურ ვალდებულებებს და რამდენად სწორად ვმართავთ საოჯახო ბიუჯეტს? რას ვფიქრობთ მომავალზე ? როგორ ვუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას და ვზრუნავთ თუ არა მასზე? ვივიწყებთ თუ არა მავნე ჩვევებს და ვცდილობთ თუ არა დავნერგოთ ჯანსაღი ჩვევები – ვარჯიში, სეირნობა, სპორტული აქტივობები.  შეგვიძლია თუ არა მეგობრების მოსმენა, ყურადღებით ვისმენთ თუ გაფანტულად? შეგვიძლია გარდაუვალი კონფლიქტი არ გავამწვავოთ თუ პირიქით, ჩავებათ ომში და ბოლომდე ვამტკიცოთ საკუთარი აზრი? ვართ თუ არა საკუთარი თავით კმაყოფილი? შეგვიძლია თუ არა საკუთარი შემოქმედებითი ძალების გააქტიურება და მუდმივი განვითარება?  შეგვიძლია თუ არა კრიტიკულად შევხედოთ საკუთარ თვისებებს და გვაქვს თუ არა მზაობა, მათ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ?

ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ის უნარ-ჩვევებია, რომელიც აუცილებლად გვჭირდება ყოველდღიურობაში. სჭირდებათ  ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებს. მისი ჩამოყალიბება მცირე ასაკიდან იწყება, თუმცა ამ უნარების განვითარებაზე მუშაობა დაგვიანებული არასდროს არ არის.

 

როგორ გამოვუმუშავოთ ბავშვებს საძიებო უნარები საყვარელი არტისტების დახმარებით 

0

დღეს ბავშვების ცხოვრება ბევრად მარტივია – თუ ჩვენს ბავშვობაში ფავორიტი მსახიობის, მუსიკოსის, მწერლის ან მხატვრის მხოლოდ პოსტერი შეიძლება გქონოდა სიყვარულის ნიშნად კედელზე გამოკრული და მისი ცხოვრების შესახებ ამბები ყვითელ ჟურნალებში გეკენკა, ახლა ყველა ცოცხალ ავტორს და შემსრულებელს შეგიძლია სოციალურ ქსელებში “აეკიდო”, მასთან და მის აგენტებთან მიმოწერა გააჩაღო, ფოტოზე კომენტარი დაუტოვო, კითხვა დაუსვა. ინტერნეტმა სხვა ბევრ რამესთან ერთად ვარსკვლავებიც უფრო ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ ხაფანგიც დააგო: ზღვა ინფორმაციაში მართალის და ტყუილის, მნიშვნელოვნის და უმნიშვნელოს, სანდოს და არასანდოს გარჩევა უნდა ვიცოდეთ. ეს უნარები თანამედროვე სამყაროში გადარჩენისთვის ალბათ ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც გამოქვაბულში მცხოვრები ქვით შეიარაღებული ადამიანისთვის ცეცხლის დაცვა იყო.

ჩემი შვილებისთვის საინფორმაციო ნაკადებში მშვიდად და უსაფრთხოდ ცურვის სასწავლებლად ხშირად “ვემეგობრები” ხოლმე მათ საყვარელ არტისტებს, იქნებიან ესენი მუსიკოსები, რეჟისორიები, მწერლები თუ მხატვრები. უფრო მარტივია საჭირო უნარები სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით განვითარება, ვიდრე მოსაწყენი თეორიების კითხვით და აბეზარი დავალებების გაკეთებით. ცნობისმოყვარე ტვინი მეტად ღიაა ახალი ცოდნისა და პერსპექტივების მისაღებად და მეტ კითხვასაც სვამს. იდეალურია, თუკი ბავშვისთვის ინფორმაციებში გზის გაკვლევა თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავლე მოგზაურობას დაემსგავსება.

ძიების უნარების განსავითარებლად მარტივი პრინციპები ასეთია:

  • განსაზღვრე ამოცანა, კონკრეტულად რას ეძებ.
  • გადაამოწმე რამდენიმე წყაროში ცნობები. შეაფასე მათი ხარისხი და სანდოობა.
  • გამოყავი მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.
  • თუკი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, გაეცანი სხვადასხვა მხარის პოზიციებს.
  • ყურადღება მიაქციე დროს – კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას კონკრეტული დრო სჭირდება და ეს პროცესი უსასრულოდ არ უნდა გაიწელოს.
  • აღწერე ძიების ინსტრუმენტები
  • გააკეთე ჩანაწერები მოძიებული ინფორმაციის მიხედვით
  • გახსოვდეს რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ამბებს მნიშვნელობას მისი ინტერესებისა და გამოცდილებების მიხედვითაც ანიჭებს – საინტერესოა იმის დანახვაც, ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა ადამიანი რას მიიჩნევს საყურადღებოდ.
  • შეაჯამე შენი სიტყვებით – ინფორმაციის გადამუშავება და საკუთარ პერსპექტივაში გატარება არანაკლებ მნიშვნელვოანია.
  • გაუზიარე შენი აღმოჩენები მეგობრებს და გარშემომყოფებს.

როგორ გადმოვიტანოთ ეს პრინციპები პრაქტიკაში მარტივად?

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჩემი შვილების საყვარელი შემსრულებლის, ამერიკელი მომღერლის, ბილი აილიშის ახალი ალბომი. ალბომის მოსმენის შემდეგ შეგვიძლია გადავავლოთ თვალი მის წინა ალბომებს, ვნახოთ როგორ იცვლებოდა მისი მუსიკა და სიმღერების თემატიკა, რა რჩებოდა მუდმივად, გადავხედოთ ალბომების გაფორმების ვიზუალურ მხარეს და ვიდეოების ესთეტიკას და თუკი დრო გვაქვს, არც თავად შემსრულებლის ინტერვიუების მოსმენა იქნებოდა ურიგო – დავიჭიროთ რა აქვს საერთო მის მუსიკას მის ცხოვრებასთან, მის ღირებულებებთან, როგორ ირეკლავს შემოქმედება ავტორს. ეს კონკრეტული მომღერალი ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 22 წლის და ბავშვებისთვის შეიძლება სარკეში ჩახედვა ან მომავლის განჭვრეტაც კი იყოს მასზე დაკვირვება – როგორ იცვლება პატარა გოგოს სხეული, მისი გარეგნობა, ლექსიკა, ჩაცმის სტილი, როგორ ეძებს საკუთარ თავს, როგორ პოულობს გზებს თვითგამოხატვისას. და ბარემ ისიც ვნახოთ, რისგან შედგება ბიოგრაფია – ვინ არიან მისი მშობლები, თამაშობენ თუ არა მისი ოჯახის წევრები რაიმე როლს მის მუსიკალურ ცხოვრებაში, სად გამოჩნდა მისი პირველი სიმღერა, რამდენკაციანი გუნდი დგას მისი მუსიკალური წარმოების  უკან, სად ჰქონია კონცერტი და სად გეგმავს, რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტად პოპულარული და რა ჯილდოები მიუღია გამოჩენიდან ამ დრომდე – ამ კითხვებზე პასუხები ერთდროულად გაზრდის ცოდნას გეოგრაფიის, ისტორიის, შემოქმედებითი ინდუსტრიების მუშაობის მექანიზმების შესახებ.

ან ავიღოთ იაპონელი ანიმატორი, რეჟისორი, ჰაიაო მიაძაკი – მის ფილმებზე უკვე თაობებია გაზრდილი, ის არის ხიდი იაპონიასა და დანარჩენ სამყაროს შორის ბავშვებისთვის, პირველი გზამკვლევი ამ უცხო კულტურაში. თუკი ბავშვებს ვთხოვთ მოძებნონ მისი ფილმების სცენარების ავტორები ან დაინტერესდნენ მის ანიმაციებში გამოყენებული მითოლოგიური ამბების წარმომავლობით, თვალსაწიერსაც გაიფართოვებენ და ახალ სახელებს, მანამდე უცნობ ამბებსაც აღმოაჩენენ. ბავშვებს შეიძლება იმის კვლევაც ვთხოვოთ, რა განასხვავებთ მიაძაკის გოგო  და ქალ პერსონაჟებს მაგალითად დისნეის გოგოებისა და ქალი პერსონაჟებისგან. შეგვიძლია მიაძაკის შესახებ დოკუმენტური ფილმის ყურება ვთხოვოთ და მასში მოყვანილი ისეთი ფაქტების ჩანიშვნა დავავალოთ, რაც მანამდე არ იცოდნენ საყვარელი რეჟისორის შესახებ, მოკლედ ყველაფერი ჩვენს ფანტაზიასა და ბავშვების ინტერესებზეა დამოკიდებული.

შეგვიძლია კვლვის უნარების გამოსამუშევებლად უფრო მარტივი გზაც ავირჩიოთ – არსებობს ასეთი გადასარევი არხი იუტუბზე – Great Art Explained, სადაც სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მხატვრებზე ყვებიან; შეგვიძლია კვირის დასაწყისში ბავშვებს ამ ვიდეოებიდან ერთი სერია ვაჩვენოთ და ვთხოვოთ ამ არტისტზე პარასკევამდე მეტი ინფორმაცია მოიპოვონ, გაიგონ მეტი მისი ბიოგრაფიის შესახებ, შეისწავლონ ნამუშევრები, მათგან 5 ფავორიტი გამოყონ და შეეცადონ ახსნან, რამ მოხიბლა. შეიძლება მხატვრების სამეგობროს სქემის აწყობაც და იმ ადგილების რუკის შედგენაც, სადაც ისინი მუშაობდნენ, გამოიფინებოდნენ, რასაც ხატავდნენ.

 

როგორ  ვასწავლოთ პოეზია?

0

დამეთანხმებით, რომ პოეზიის სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში განსხვავებული უნდა იყოს სხვა სილაბუსებისგან; პოეზიის სწავლება არ გულისხმობს ლექსის ზეპირად დასწავლას და მის განხილვას სახელმძღვანელოების მიხედვით. პოეზიის სწავლება საერთოდ არ არის სწავლება კლასიკური გაგებით. ეს უფრო შემეცნება, რეფლექსია და ემოციური გამოცდილებების მიღებაა ტექსტისგან.

პოეზიის სწავლება პოეზიით თავდავიწყებაა! ეს ნიშნავს, რომ ისე ღრმად შეხვიდე ენის სიღრმეებში, რომ დროის შეგრძნება დაგეკარგოს და ენერგიის მორევში თავისუფალ ცურვაში აღმოჩნდე.

პოეტური თავდავიწყება არის ხელოვნების/პოეზიის გზით საკუთარი ინდივიდუალური მე-ს, ეგოს გადალახვა, როცა მინებებული ხარ ენის პოეტურ მაგიას და იძირები პოეტურ სახეებში, ემოციებში, განცდებში, სიღრმესა და უნივერსალურობაში.

ეს პროცესი რაღაცით ჰგავს კიდეც მედიტაციას და, ამავე დროს, განსხვავებულიცაა; რადგან პოეზიით ბუნებრივად ხდება შენი საზღვრების გაბუნდოვანება და პოეტურ ენერგიასთან თანაზიარობა.

ამ მდგომარეობაში ადამიანი ნაკლებად ზრუნავს პიროვნულ იდენტობაზე, რადგან პოეზიის მეშვეობით თავად ენისა და პიროვნულობის საზღვრები ირღვევა და გადადიხარ ყოფიერების უთქმელ საიდუმლოებებში, სადაც სიტყვები აღარ არსებობენ.

პოეტური თავდავიწყება არის პოეზიის მაგიასა და უნივერსალურობაში საკუთარი თავის დაკარგვის ტრანსფორმაციული გამოცდილება; ინდივიდუალური მე-ს საზღვრების გადალახვა, რათა დაუკავშირდე საკუთარ თავზე უფრო დიდს.

მაგრამ, ბუნებრივია, სულ ამ მდგომარეობაში არ რჩები… ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ სიტყვები, საგნები, ემოციები, მთელი სამყარო – უფრო კაშკაშა ხდება. უფრო მძაფრად განიცდი ენის/სიტყვის გავლენას, უფრო მეტად იწყებ ენის/სიტყვის გამოკვლევას, მოგზაურობ განსხვავებულ ავტორებში, განსხვავებულ სტილებში, კულტურებში და ემოციური გამოცდილებით მდიდრდები პიროვნულადაც…

მაგრამ როგორ მივაღწიოთ პოეზიით თავდავიწყებას?

ამ დროს მასწავლებლის ხმაც კი განსაკუთრებული ხდება… ტვინის სიხშირეები იცვლება და ბეტა სიხშირიდან ალფაზე ბუნებრივად გადადის. ხმა ამ შემთხვევაში არის უნივერსალური აგენტი, გადამრთველი, რომელიც მაგიურად მოქმედებს მსმენელზე. ამისთვის წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ და თავად წაუკითხოთ ლექსი ან შეარჩიოთ მასალა და მოასმენინოთ აუდიტორიას.

მაგალითისთვის ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „უსიყვარულოდ“, რომელსაც კითხულობს მსახიობი ზვიად დოლიძე.

ცნობილმა ნეირომეცნიერმა, რიჩარდ დევიდსონმა გამოიკვლია ტვინზე პოეტური თავდავიწყების/მედიტაციის  გავლენა. დევიდსონის შრომებმა აჩვენა, თუ როგორ იცვლება ტვინის აქტივობა პოეტური შთაგონებისა და მედიტაციის დროს.[1]

ტვინს ახასიათებს ელექტრული აქტივობა, რომლის გაზომვა შესაძლებელია ელექტროენცეფალოგრაფიით (EEG). ეს აქტივობა იყოფა სხვადასხვა სიხშირეებად, თითოეული სიხშირე დაკავშირებულია გონებრივი აქტივობის სხვადასხვა მდგომარეობასთან.

ტვინის ტალღების პირველადი სიხშირეებია:

ბეტა (14-30 ჰც): ასოცირდება სიფხიზლესთან და აქტიურ აზროვნებასთან.

ალფა (8-13 ჰც): ასოცირდება შემოქმედებით, მშვიდი გონების მდგომარეობასთან;

ტეტა (4-7 ჰც): ასოცირდება ღრმა რელაქსაციასთან, მედიტაციასთან;

დელტა (0,5-3 ჰც): ასოცირებულია ღრმა ძილთან, უგონო მდგომარეობასთან და რეგენერაციასთან.

ტვინი ნეიროპლასტიურია, რაც ნიშნავს, რომ მას  აქვს   უნარი შეიცვალოს და ადაპტირდეს ცოდნის, გამოცდილების საპასუხოდ;  ტვინის ალფა სიხშირე ხელს უწყობს ყურადღების გაუმჯობესებას, არეგულირებს ემოციებს, ამცირებს სტრესის ჰორმონებს სწორედ ეს არის პოეზიის სიხშირე! სწორედ ამიტომ პოეზიის სწავლება  ავითარებს ინტელექტუალურ, ემოციურ და შემოქმედებით  უნარებს;

უფრო დაწვრილებით კი უმჯობესდება:

ენისა და წიგნიერების უნარები: პოეზია აცნობს სტუდენტებს მდიდარ და მრავალფეროვან ენას, მათ შორის ლექსიკას, სინტაქსს და ფიგურალურ ენას, როგორიცაა, მეტაფორები, ფრაზეოლოგიზმები და სხვა. პოეზიის ანალიზი ეხმარება მოსწავლეებს/სტუდენტებს განივითარონ წაკითხულის გააზრების უნარები, გააუმჯობესონ ინტერპრეტაციის შესაძლებლობები და გაიფართოონ ლექსიკა. გარდა ამისა, პოეზია სტიმულს აძლევს სტუდენტებს, ჩაატარონ ექსპერიმენტები  და დახვეწონ კომუნიკაციის უნარი.

კრიტიკული აზროვნება და ანალიზი: პოეზიის სწავლებისას მსმენელები ბუნებრივად არიან ჩართული კრიტიკულ ანალიზშიც, როცა მუშაობენ სიტყვების მეტაფორულ მნიშვნელობებზე და ავლენენ ლექსის სიმბოლურ და სხვა შინაარსებს სხვადასხვა ეპოქის და კულტურისა ლექსების შესწავლით; ისინი ავითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს – აფასებენ ინტერპრეტაციებს,  პოეტური ტექსტების ანალიზი აძლიერებს მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნების და ტექსტურ ელემენტებს შორის კავშირების დამყარების უნარს.

ემოციური ინტელექტი და თანაგრძნობა/ემპათია: პოეზია იწვევს მრავალფეროვან  ემოციას. პოეზიის კითხვის/სწავლების საშუალებით მოსწავლეები იკვლევენ რთულ ემოციებს, ხდებიან განსხვავებული ემოციის თანამგრძნობნი და ავითარებენ ემოციურ ინტელექტს. პოეზია საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაფიქრდნენ საკუთარ გამოცდილებაზე და გაიგონ სხვების გამოცდილებაც, განივითარონ თანაგრძნობის უნარი.

კრეატიულობა და თვითგამოხატვა: სტუდენტებს/მოსწავლეებს პოეზიის მეშვეობით შეუძლიათ თვითგამოხატვა: წაიკითხონ ლექსები სხვადასხვა პლატფორმაზე, შექმნან ვიდეო, ანიმაციური პოეზია სხვების ტექსტებზე ან საკუთარ ტექსტებზე;

კულტურული და ისტორიული კონტექსტი: სხვადასხვა დროისა და კულტურული ტრადიციის პოეზიის ტექსტების შესწავლა ხელს უწყობს კულტურულ შეფასებას,  ინკლუზიურობას და აფართოებს სტუდენტების მსოფლმხედველობას.

ესთეტიკა და პიროვნული ზრდა: პოეზია არის ხელოვნების ფორმა, რომელიც ეფუძნება ენის სილამაზესა და სიტყვის ძალას. პოეზიის სწავლება მოსწავლეებს აცნობს ლიტერატურის ესთეტიკურ განზომილებებს. პოეზიის კითხვასა და განხილვას შეუძლია გაამდიდროს სტუდენტების ცხოვრება ემოციებით: შიშის, აღფრთოვანების, სიყვარულის, და სხვა ადამიანურ გამოცდილებას ისინი უფრო ღრმად ეცნობიან და ამით იზრდებიან პიროვნულადაც.

მოკლედ, პოეზიის სწავლება  არა მხოლოდ აძლიერებს ენისა და წიგნიერების უნარებს, არამედ ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, კრეატიულობას, კულტურათა გაგებას და პიროვნულ ზრდასა და გამდიდრებას.

პოეზიაში ჩართვით და თანაზიარობით მოსწავლეები/სტუდენტები უფრო ღრმად აფასებენ ენის/სიტყვის ძალას და მისი მეშვეობით სამყაროს შეცნობის პერსპექტივას.

 

[1] Richard Davidson,  The Neuroscience of Happiness;

https://centerhealthyminds.org/assets/files-publications/Davidson-Neuroscience-of-happiness.pdf

 

მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები

0

შეფასების სხვადასხვა ფორმის გამოყენება მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მაინც ,,აქილევსის ქუსლს’’ წარმოადგენს ამ ტიპის დოკუმენტების წარმოება.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მინდა, გაგიზიაროთ დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი მიმართულებისთვის შექმნილი მარტივი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს მოსწავლეთა მიღწევებს  სამი დავალების შესრულების პროცესში.

დიაგნოსტირების ინსტრუმენტი ეფუძნება შედეგების მიღწევის ინდიკატორებს სამიზნე ცნებების მიხედვით:

ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;
  • ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა;
  • ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და

ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.

    სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4, 5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების)

განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;

  • მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;
  • სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა.

     გრამატიკა (პრაქტიკული) (შედეგები: (I).5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის

ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;

  • გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას;

სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად

გამოყენება;

  • მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

შენიშნვნა:  ჩარჩო დოკუმენტი გაიწერება მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად.

შედეგების მიღწევების კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად, სასურველია,  განვსაზღვროთ თითოეული სამიზნე ცნების წარმატებით დაძლევის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი.

დიაგნოსტირების ინსტრუმენტში მკაფიოდ ჩანს, რომ მოსწავლეთა 87%-მა წარმატებით დაძლია სამიზნე ცნება ტექსტი, 74%-მა სამიზნე ცნება – სიტყვიდან ტექსტამდე და 70%-მა  – სამიზნე ცნება – გრამატიკა (პრაქტიკული).

სასწავლო წლის ბოლოს, ორივე სემესტრის შედეგების მიღწევის შედარების საფუძველზე, შეგვიძლია კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახოთ ჩვენი მოსწავლეების წარმატება, როგორ დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიანი მიზნები:

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მარტივია მომავალი სასწავლო წლის სწავლის პროცესის დაგეგმვა მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.

გთავაზობთ დიაგნოსტირების ინსტრუმენტების ჩარჩო დოკუმენტებს (ჩამოსატვირთი ვერსია).

მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების ინსტრუმენტები

მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებელს (შესაბამისი სამიზნე ცნებებისა და სტანდარტის შედეგების ინდიკატორების  გათვალისწინებით).

 

მარო და სხვა გაკვეთილები

0

საქართველოს ეროვნული გმირი, მამაცი, ლამაზი და სათნო მარო მაყაშვილი  ძალიან უყვართ მოსწავლეებს, ალბათ იმიტომ, რომ თითქმის მათი კბილა, გულწრფელი, ემოციური, მათნაირად მოფიქრალია, მერე რა, რომ ერთი საუკუნე აშორებთ, მარო მათი თანატოლია.

მარო მაყაშვილის სახელი თანამედროვე ქართული სკოლის კურიკულუმში ხშირად გვხვდება, როგორიც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე ისტორიისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე, სახელმძღვანელოებსა თუ დამატებით მასალებში.

მაროს ბიოგრაფიას აღარ მოგიყვებით, ამისთვის ნინია სადღობელაშვილის წერილს გადაავლეთ თვალი, აი, ბმულიც ინებეთ:   მარო მაყაშვილი 

ხშირად, როდესაც საქართველოს ისტორიის დიდებულ ეპიზოდებს,  ომებისა და გამარჯვებების დიდებულ ამბებს ვიხსენებთ, დროში მოგზაურობა გვინდება, ამ ამბების ისეთი დეტალების გაცნობა, რასაც ისტორიკოსთა თუ ჟამთააღმწერელთა კალმის მიღმა რჩება, ასეთ დროს, განსაკუთრებით ძვირფასია დოკუმენტები, ჩანაწერები, მინაწერები თუ დღიურები, რომელთაც დამატებით მასალად ვიყენებთ ამა თუ იმ მოვლენის შესასწავლად.

1921 წლის, საქართველოს ოკუპაციის და თბილისის მისადგომებთან ახალგაზრდების გმირულ ბრძოლას ჟამთააღმწერლად სწორედ მარო მოევლინა, კოტე მაყაშვილის ასული, სტუდენტი, მეოცნებე გოგონა, რომელიც იმ სისხლიანი დღეების სიმბოლოდ იქცა. მისი დღიურები, რომელიც წელს შევსებული სახით კიდევ ერთხელ გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა, თითქოს კინოფირია, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის ცხოვრებასა და ბრძოლას ვადევნებთ თვალს.  რატომ არ შეიძლება ამ დღეებს არა ერთი გაკვეთილი, არამედ გაკვეთილების მთელი ციკლი დავუთმოთ? სულაც პროექტად ვაქციოთ,  რომელიც კვლევითი ნაწილით დაიწყება და ლიტერატურული სპექტაკლით დასრულდება? ვფიქრობ, რამდენიმე კლასი, სხვადასხვა მასწავლებელი და მშობლებიც ჩავრთოთ ამ საინტერესო პროცესში.

 

ეპოქის გაცოცხლება:

დამოუკიდებლობის სამი წლის შესახებ ინტერნეტში ბევრი მასალაა, სტატიები, მიმოხილვები, ფოტოები და ვიდეოკადრებიც კი. მასალებს გაციფრებულ პრესაშიც მოიძიებთ, განა საინტერესო არაა, ჩვენთვის ნაცნობი ადამიანები როგორ ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორი ტრანსპორტით მგზავრობდნენ, როგორ მაღაზიებში ყიდულობდნენ საკვებს, როგორი კაფეები იყო, რა გადიოდა თეატრში, როგორი ამინდი იყო, როგორი პოეზიის საღამოები ტარდებოდა. ინფორმაციის მოძიების შემდეგ შეგიძლიათ რეტროსპექტივაც მოაწყოთ, დროის მანქანა გამოიგონოთ, რომლის როლსაც ძველებური პროექტორი შეასრულებს. იქნება სულაც ამბების მიმდევრობა ფოტომოთხრობის საშუალებით წარმოადგინოთ.

მაროს დღიური

უკვე გითხარით, რომ მარო მაყაშვილის დღიურის ახალი გამოცემა გვაქვს, სადაც დამატებით მაროს წერილები, ფოტოები და დოკუმენტური მასალაა შესული. აქ კიდევ სხვანაირ მაროს ვეცნობით – მარო-შვილს, მარი-შვილიშვილს, მარო-მეოცნებეს. სიცხიან გოგონას, რომელსაც პარიზი ესიზმრება, დღიურში საოცნებო კაბებს ჩაიხატავს, საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებობს:„თანდათან რაღაც მეპარება მე გულში. რაღაცა ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ-ხოლმე,  გული ძგერას იწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას, არ ვიცი მისი სახელი, გვარი, ნეტავ ვინ არის?“

„თავისუფალი ქალი თავისუფალ საქართველოში… ოქროს სიტყვებია“!

„თუ ფული მქონოდა, სულ მოგზაურობაზე დავხარჯავდი“!

„დღიურო, რამდენ უბედურებას იღებ შენ მკერდში, იწერ, იწერ, ახლა მკითხე მე. განა მე მეადვილება? შენ სდუმხარ, ითმენ, ნეტავ, როდემდის?!“

თეატრალური დადგმა

ისეთი პიესები, რომელთა დადგმა და განხორციელება სასკოლო თეატრებსაც შეუძლიათ, არც ისე ბევრია ქართულ ლიტერატურაში, ამ მხრივ სალომე ბენიძის ახალი პიესა „მარო“ ნამდვილი აღმოჩენაა.  ამ მცირე ფორმატის, ლამაზი და პოეტური პიესის პირველი ვერსია  შეიქმნა ლიბრეტოდ  მონოდრამისთვის, დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალთან თანამშრომლობით.  პიესა მაროსთვის მიძღვნილი კვირეულის დასკვნით ნაწილად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან პოეტური და პროზაული ქსოვილის შერწყმით, მოსწავლეებისათვის გასაგებ და ახლობელ ენაზე ცოცხლდება მაროს ცხოვრება, ოჯახი, პოლიტიკური კონტექსტი, ომისა და მშვიდობის ამბები.

მოსწავლეებს მოეწონებათ ისიც, რომ მონოდრამაში მოქმედება ორ დროში ხდება, თანამედროვე გოგონები ჰყვებიან და განიხილავენ მაროს ცხოვრებას, რა ამბები ხდებოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თებერვლის ტრაგიკული მოვლენები რომ არა. პიესაში ფოტოგრაფიული სიზუსტითაა მოცემული ფაქტები, თითქოს მაროს საოჯახო ალბომს ათვალიერებ და ნაბიჯ-ნაბიჯ, გვერდ-გვერდ, ფრაზა-ფრაზა შენ წინაშე იშლება ეს ტრაგიკული და, ამავე დროს, აღმაფრთოვანებელი ამბავი.

მხოლოდ ფაქტები კი არა, პიესაში შეკრული და გამოცემულია თებერვლის მოვლენების მთელი კონტექსტი, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს დროსთან, როდესაც ერთი პატარა გოგო თავის თანატოლებთან ერთად სამშობლოს თავისუფლებისათვის იბრძოდა.

წიგნი თათია ნადარეიშვილის ულამაზესი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც კიდევ უფრო ახლობელს ხდის მაროს ისტორიას.

ნეტავ, არიადნეს გორგალი გვაპოვნინა…

0

იდიომი ბერძნული მითებიდან

ქართულის გაკვეთილი, შევდივარ ბავშვებთან, ხელში ჩვეულებრივი ძაფის გორგალი მიჭირავს და ბავშვებს ვეუბნები, როგორც იქნა არიადნეს გორგალს მივაგენი, რა ბედნიერებაა!

ბავშვებს უკვირთ და კითხულობენ: რას ნიშნავს არიადნეს გორგალი? ვთხოვ საკუთარი ვერსიები ჩამოწერონ პატარა, ფერად ბარათებზე, რომლებსაც ვაბამ ძაფს და ზედ პატარა ხის სარჭებით ვამაგრებ.

ვკითხულობ ბავშვების მოსაზრებებს, ამის შემდეგ კი ვიწყებთ:

თუკი ძალიან, ძალიან ჩახლართული, რთული საქმიდან თავს დააღწევთ, მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვით, თამამად შეგიძლიათ განაცხადოთ: მე არიადნეს გორგალი ვიპოვე და ახლა ეს ძაფი ამ რთულ სიტუაციას დამაძლევინებსო.

არიადნე – შუქმოციმციმეს ნიშნავს და ის კუნძულ კრეტას მეფე მინოსის ულამაზესი ასული იყო.

ათენის მეფე ეგეოსი და კრეტის მეფე მინოსი ემტერებოდნენ ერთმანეთს. ამ მტრობას თავისი მიზეზები და ისტორიაც აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა მხოლოდ არიადნე და მისი ძაფის გორგალი გვაინტერესებს.

ათენიდან ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ, შავიალქნიანი გემი მიემართებოდა შვიდი ჭაბუკითა და შვიდი ულამაზესი ასულით კუნძულ კრეტაზე. კრეტის მეფე მინოსი კი მათ ცნობილ, ლეგენდარულ ხუროთმოძღვარი დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში გამომწყვდეულ კაციჭამია მინოტავრს საჩუქრად უძღვნიდა, მსხვერპლად სწირავდა.

ერთხელაც ამ შვიდ ჭაბუკში ათენის მეფის ვაჟი თესევსიც აღმოჩნდა. თესევსი რომ მშვენიერმა არიადნემ დაინახა მაშინვე შეუყვარდა და გადაწყვიტა ვაჟი გადაერჩინა, დახმარებოდა მინოტავრის მოკვლაში. ოღონდ მანამდე ლაბირინთი უნდა გაევლო და ეპოვა გზა – მინოტავრამდე, რათა შემდეგ მოეკლა.

არიადნეს დედალოსის მიერ ძაფის გორგალი ჰქონდა ჩაბარებული, როგორც ლაბირინთის გასაღებ. მან სწორედ ეს ძაფის გორგალი და ბასრი მახვილი მისცა თესევსს. თან დაარიგა: გორგლის თავისუფალი ბოლო ლაბირინთის კარისთვის უნდა გამოება. ამის შემდეგ გორგალი საქმეს თავად გააკეთებდა, გაგორდებოდა და უგრძესი, დაუსრულებელი დერეფნების გავლით იქ მიგორდებოდა, სადაც კაციჭამია მინოტავრი იმყოფებოდა. არიადნემ პირობაც წაუყენა, როდესაც თესევსი მინოტავრს მოკლავდა, კრეტას მეფის ასული ცოლად უნდა შეერთო და ათენში წაეყვანა. ხოლო ლაბირინთგავლილ გმირს უკან გამობრუნებისას, დაშლილი ძაფი ისევ გორგლად უნდა აეხვია.

რაღა თქმა უნდა, როგორც მითებს სჩვევია, თესევსმა მოკლა მინოტავრი და არიადნეც წაიყვანა ათენში. მათი ამბავი როგორ განვითარდა, ეს უკვე სხვა მითია.

ჩვენ კი, თანამედროვე ეპოქის ადამიანები, გასაჭირში ჩავარდნილები, როდესაც რთული დღეები გვაქვს, იმედიანად ვეძებთ ხოლმე არიადნეს გორგალს, რომ ჩვენი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვაგვარებინოს, ისე როგორც ოდესღაც ათენელმა გმირმა დაამარცხა კრეტას მონსტრი.

 ლექსიკონი

იალქანი – ნავის, ხომალდის ანძაზე მიმაგრებული მკვრივი ტილო

ხუროთმოძღვარი – არქიტექტორი; ის, ვინც ქმნის და აპროექტებს ნაგებობებს.

ლაბირინთი – აქ: მრავალი დახლართული შესასვლელისა და გამოსასვლელის, აუარებელი ოთახის შემცველი ძნელად გასაგნები შენობა.

დახატე შუქმოციმციმე არიადნე ან თესევსი, რომელიც მინოტავრს ებრძვის.

 

ტექსტის წაკითხვის შემდეგ უპასუხე კითხვებს

მოდი, შეცვალე მთხრობელი და ამბავი მოჰყევი არიადნეს, თესევსის ან მინოტავრის ხედვის კუთხიდან. შეგიძლია მოვლენები შეცვალო, ასევე წარმოიდგინე ამ პერსონაჟების ფიქრები, განცდები – აღწერე შენს ტექსტში. დაასათაურე და გაუკეთე ილუსტრაციაც.

დაეხმარე თესევსს, ლაბირინთში გზა გაიგნოს, იპოვოს მინოტავრი, მოკლას და უკან დაბრუნდეს.

ყურადღებით წაიკითხე კრეტას შესახებ პატარა ტექსტი, მოცემული სიტყვები დააბრუნე და ჩასვი იქ, სადაც მათი ადგილია.

იალქანი, ხუროთმოძღვარი, ლაბირინთი, განთიადი, მინოტავრი, სხივები, სიო.

ქალაქი კრეტა განსაკუთრებით მშვენიერი ——- იყო, როდესაც ამომავალი მზის ————– ოქროსფრად იფარებოდა ლეგენდარული ——— დედალოსის მიერ აგებული შენობები. ამ დროს კუნძულს გემი მოადგებოდა, რომლის —————– ნელი ——–წამოქროლებაზე ლურჯად ლივლივებდა. კრეტას მეფე მინოსი ამაყობდა საოცარი ————————, რომლის სიღრმეებშიც საშიში —————- მიმალულიყო.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...