პარასკევი, ივნისი 20, 2025
20 ივნისი, პარასკევი, 2025

ერთი მხრივ, მინდა, შევიმეცნო, თუმცა…

0

იცნობთ ადამიანებს, რომლებიც სულმოუთქმელად მიისწრაფვიან შედეგისკენ? ან მათ, ვინც ხშირად ცდილობს ადგილმონაცვლეობას? მათ, ვისი მოფუსფუსე, მოუსვენარი მოძრაობები გაფიქრებინებთ, რომ მათი სხეული ცდილობს, რაღაცას დაუსხლტეს?

უსაფრთხოების განცდა მდგომარეობაა, რომლის სიუხვით ან ნაკლებობით, პირველ რიგში, ჩვენი სხეულია გაჟღენთილი. სხეული გასცემს როგორც მის არსებობას, ასევე – მის არარსებობას ან ნაკლებობას. უსაფრთხოების განცდა წარმოადგენს არა საფრთხეების არსებობის უგულებელყოფისგან ან მათთან დაკავშირებული, სავარაუდო ან წარმოსახული ზიანის გაზვიადებისგან გამომდინარე მდგომარეობას, არამედ, იმის სხეულებრივ რწმენას, რომ „საფრთხეებთან გამკლავება შემიძლია“ და ამ სიმტკიცისგან გამომდინარე მჭიდრო კავშირს სინამდვილესთან.

დაჰკვირვებიხართ, როგორ სხვადასხვანაირად შეისწავლიან ადამიანები უცხო გარემოს? ზოგიერთი მათგანი გაბედულად იკვლევს ახალ სივრცეებს, საკუთარ თავს ხეტიალის, დაკარგვის ფუფუნებას აძლევს, ზოგიერთი კი მფრთხალად მიიწევს წინ, თითქოს, წონასწორობის დაცვის სირთულით, რაც, სინამდვილეში, ახალთან მიახლოება – განრიდების დაპირისპირებითაა გამოწვეული: „ერთი მხრივ, მინდა, შევიმეცნო, თუმცა, მეორე მხრივ, მეშინია სიახლეებს მივუახლოვდე.“ ამიტომ, ყველა ჩემი ნაბიჯი მერყევია, ფეხქვეშ მიწა – მყიფე, სხეული – საფრთხის მოლოდინით გაჯერებული. ამიტომ, სიახლეებს თავს ვარიდებ.

თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც, პირიქით: სიახლეებისკენ ლტოლვა შფოთვისგან თავდაცვის გზაა.

„სიახლეები მიყვარს. ყველაფერი სწრაფად მბეზრდება.“

იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ხშირად იცვლიან საქმიანობას და ცნობისმოყვარეობის სამიზნეებს?

როგორც წესი, ასეთ ადამიანებს ირგვლივმყოფები ცნობისმოყვარე ადამიანებად აფასებენ და ისინიც ამ დადებითი იარლიყის ქვეშ ჩქმალავენ უსაფრთხოების განცდის დანაკლისისგან გამომდინარე, ზოგჯერ გაუცნობიერებელ შფოთვას. სიახლეების ძიებაც, ხშირად, შფოთვასთან გამკლავებისა და მისგან გათავისუფლების გზაა.

იმისათვის, რომ განსაზღვრულ საქმიანობაში დავხელოვნდე, მარცხის განცდისადმი მედეგობა მჭირდება. თუმცა, რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე დავყოვნდები ერთი და იმავე საქმიანობის წიაღში, თუ შედეგიანად შევძლებ გამოწვევების დაძლევას, ჩემს დაოსტატებასთან ერთად, უნარიანობის განცდაცა და შესატყვისი ჯილდოც – კმაყოფილების განცდაც – გაიზრდება.

მარცხის განცდის დატევისათვის, ყოველ ჯერზე, როდესაც დავმარცხდები, მჭირდება საკუთარ თავშივე მეგულებოდეს საკუთარი თავი, რომელსაც მივაკითხავ თანაგრძნობა – თანაგანცდისთვის, ნუგეშისცემისთვის და დაფიქრებისთვის: „რა გჭირდება იმისათვის, რომ ის, რაც ამჯერად ვერ შეძელი, მომავალში შეძლო? რით შემიძლია შენი მხარდაჭერა?“

რომ შევაჯამოთ, მჭირდება საკუთარი თავის მიყურადების უნარი: საკუთარ თავს მოვუსმინო, ვანუგეშო და მარცხის განცდის მიუხედავად, იმასთან დაბრუნება შევძლო, რამაც თავი დამარცხებულად მაგრძნობინა.

ხშირად, ადამიანები ვერ ამთლიანებენ საკუთარი საქმიანობის იმედგამაცრუებელ და დამაჯილდოებელ მხარეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ საქმიანობასთან მხოლოდ დამაჯილდოებელი ურთიერთობისკენ მიილტვიან და უჭირთ საქმიანობასთან ურთიერთობაში იმედგამაცრუებელი გამოცდილებების მართვა. მაგალითად, შესაძლოა, მე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანების ნაწილი მარტივად და დაუბრკოლებლად გამომდიოდეს, თუმცა, მათგან ნაწილი ჩემგან მეტ ძალისხმევას, ზოგჯერ დაძაბულობას, მეტ ყურადღებას მოითხოვდეს და, გარდა ამისა, არსებობდეს ამოცანები, რომელთაც ჯერ – ჯერობით დამაკმაყოფილებლად ვერ ვასრულებ. რამდენად დავხელოვნდები განსაზღვრულ საქმიანობაში, ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გავიშინაგნე ჩემი საქმიანობა, როგორც დიდწილად, დამაჯილდოებელი ურთიერთობა და, როდესაც მარცხს, იმედგაცრუებას ან უსუსურობას განვიცდი, მახსოვს თუ არა ჩემი საქმიანობა როგორც მთლიანი: როგორც ისეთი, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს დადებითი განცდების აღმძვრელი გამღიზიანებლების ერთობლიობას, მეორე მხრივ – უსიამოვნო განცდების აღძვრის შესაძლებლობას.

ზოგიერთი ადამიანი საკუთარ საქმიანობას ახასიათებს ან როგორც მხოლოდ დამაჯილდოებელ, დადებითი განცდების აღმძვრელ ურთიერთობას, ან როგორც მხოლოდ უსიამოვნო, იმედგამაცრუებელი განცდების აღმძვრელ კავშირს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის საქმიანობას განიცდის როგორც დანაწევრებულს და არა – როგორც მთლიანს.

ამიტომ, როდესაც საქმიანობაში მარცხის განცდის აღმძვრელ ნაწილს გადაეყრებიან, მყისიერად ებადებათ მისგან განშორების ძლიერი ლტოლვა, რადგან არ შეუძლიათ, თავი ანუგეშონ და ნუგეშცემული დაბრუნდნენ შედეგის გაუმჯობესებისთვის.

შესაბამისად, სიახლისკენ ილტვიან, როგორც ისეთისკენ, რომელსაც აკისრებენ უსიამოვნო ემოციებისგან გათავისუფლების პასუხისმგებლობას; მორიგი სიახლისკენ მიისწრაფვიან, რადგან მისგან ელიან, რომ სწორედ ის შეძლებს უსაფრთხოების განცდის უზრუნველყოფას.

„რადგან შენ მეგულები, როგორც მოსიყვარულე…“

დამოუკიდებლად მოძრაობისა და გადაადგილების უნარის განვითარებასთან ერთად, ჩემი, როგორც ცოცხალი არსების მოთხოვნილება, „დავაგემოვნო“ გარესამყარო, შევიმეცნო საკუთარი და სხვისი სხეული და შინაგანი სამყარო, იზრდება და ფართოვდება. მშობლებისგან განცალკევებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ცხოვრების საწყის საფეხურზე ბევრი რამ მაკლია: მათ შორის, საფრთხეების შესატყვისად შეფასების უნარი და ასევე, საკუთარი ყოვლისშემძლეობის ფესვგადგმული განცდაც ჯერ – ჯერობით არ „შეუკვეცავს“ გარემოსგან დაწესებულ შეზღუდვებს: ჩემგან არ გამოუწვრთნია საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების მცოდნე ადამიანი. მაგალითად, ჯერ კარგად არ ვიცი, რომ ზოგიერთი ქცევა ნამდვილად საფრთხეს შეიცავს ჩემი სიცოცხლისთვის ან დამაზიანებელია, მაგრამ არც ის ვიცი, რომ ზოგიერთი ქცევა საკუთარი მოთხოვნილებების უსაფრთხოდ დაკმაყოფილების საშუალებას მაძლევს და, როგორც ჩემთვის, ასევე, სხვისთვის უვნებელი და უსაფრთხოა; ზოგიერთი რამ შესაძლებელია, ზოგიერთი – არა.

ერთ – ერთი, რაც ისევე როგორც საკუთარ თავში, ასევე გარემოში ხეტიალის, ჩაკარგვის და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებას მაძლევს დაუგეგმავი, წინასწარ განსაზღვრული წესების არმქონე თამაშია[1]: ანუ, თამაში, რომლის დროსაც, არ ვიცი, რა მოჰყვება ჩემს ქმედებებს, მაგრამ უსაფრთხო გარემოში, თავად შემიძლია, ნივთებს, ჩემივე წარმოსახვით მივანიჭო სხვადასხვა დატვირთვა, საკუთარ თავს მოვუთხრო სხვადასხვა რამ როგორც ჩემზე, ასევე იმაზე, რაც გამოვიგონე, ანუ „შევქმენი,“ შემიძლია, ვიხეტიალო და მივენდო აღმოჩენებს.

თამაში შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ახლოს, შემდგომში კი გაშინაგნებული განცდის სახით მეგულები შენ – ჩემზე მზრუნველი პირი − მისაწვდომი როგორც ჩემი მარცხისა და ჩემი მიღწევის, ასევე – ჩემი მიგნებების, ჩემი შემოქმედების გაზიარებისთვის. თამაშში ჩაკარგვის საშუალებას სწორედ შენი, როგორც მისაწვდომი მზრუნველი პირის არსებობა მაძლევს. მისაწვდომობა კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც დავმარცხდები და შენთან მოვალ ნუგეშისცემისთვის, თანაუგრძნობ ჩემს ტანჯვას, ოღონდ, ამით არ შემოიფარგლები და მეტყვი: „მოდი, ერთად ვცადოთ, გავიგოთ, რა გჭირდება იმისთვის, რომ ეს სირთულე დაძლიო ან შესაძლებელია თუ არა ამ სირთულის დაძლევა,“ რადგან შენ ისიც გესმის, რომ მე აუცილებლად მჭირდება დავბრუნდე და ვცადო იმ სირთულეებთან გამკლავება, რომელიც შემხვდა. ამ მიდგომით მასწავლი, რომ, ერთი მხრივ, როცა ვმარცხდები, ვიღებ თანაგრძნობა – თანაგანცდას და ეს იმას ნიშნავს, რომ მარცხი მისაღებია და ზოგჯერ გარდაუვალი. მეორე მხრივ, მასწავლი, რომ შემიძლია, ვცადო სირთულეების დაძლევა. შენი სიმშვიდე ჩემთვის გადამდები იქნება. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ როგორც მშობელი ყოველთვის შეიძლება ვერ შეხვდე ჩემს მარცხს ერთნაირი მოთმინებით და ესეც ადამიანურია. ამ შემთხვევაში, რაც დამეხმარება, ესაა: „მაპატიე, რომ მოთმინება დავკარგე და გეუხეშე [გიყვირე, ხმას ავუწიე და ა. შ.]. მოდი, ერთად ვცადოთ [თავსატეხის გადაწყვეტა].“

არანაკლებ მნიშვნელოვანია, შენ, როგორც ჩემს მზრუნველ პირს, შეგეძლოს, ჩემი სიხარულის გაზიარება, რომელსაც ჩემი მიგნებები აღძრავს ჩემში.

„მოვიწყინე… ახლა რა ვქნა?“

სიმშვიდეს მიუჩვეველი ადამიანები, ხშირად, მას მოწყენილობასა და საფრთხესთან აიგივებენ. მაშინ, როდესაც თვალის ცეცებით ვეძებ ჩემს მზრუნველ პირს ან მუდმივად დაძაბული ვარ, ჩემი სხეულის წინაშე გადაუჭრელი ამოცანა დგას: რადაც არ უნდა დამიჯდეს, შევინარჩუნო ჩემი მზრუნველი პირის კეთილგანწყობა იმისათვის, რომ არ მიმატოვონ[2]. თუმცა, როდესაც მეგულები და ჩემი სხეული სასიცოცხლო ძალას არ ხარჯავს შენთან კავშირის უწყვეტობისა და გულისხმიერების შენარჩუნებისათვის, ან არ ევალება შენი შინაგანი მდგომარეობების მართვა – მეთვალყურეობა, ის დუნდება, მშვიდდება და თავისუფალი სასიცოცხლო ძალა იწყებს სიახლეების ძალდაუტანებლად ძებნას. იმისათვის, რომ შემოქმედებითობა შევძლო და ახალი უნარის განვითარებაზე გადავინაცვლო, რაღაც ნამდვილად უნდა მომყირჭდეს, მომბეზრდეს და სიახლე ძალდაუტანებლად დაიბადოს ჩემი მოწყენილობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიახლეებით გატაცებაც ძალდატანებული და იძულებითია. სადღაც, ყრუდ კი, მუდმივად მახსენებს თავს უუნარობის განცდა, რადგან საკუთარ უნარიანობაში დაურწმუნებელმა, სიახლეებისკენ გზაზე, ვერ შევძელი კმაყოფილება განმეცადა, რომელსაც მხოლოდ თავდადებისა და თავის მიძღვნის პასუხად გასცემს საკუთარი თავი საკუთარი თავისთვის და დაუსრულებლობისა და დაუკმაყოფილებლობის განცდით ნატანჯი საკუთარი უუნარობის განცდას სიახლეების სიყვარულს ვაფარებ.

და თუ სიახლეებისკენ ლტოლვით დღემდე ვცდილობ შენი სიყვარულის დაცვას?

[1] დაუგეგმავი თამაში, ფართო გაგებით, მოიაზრებს ნებისმიერ ქმედებას; ზოგადად, განწყობას, რომელიც მოიცავს დაუგეგმავობას და ეყრდნობა უსაფრთხოების განცდას: მე შემიძლია, ვითამაშო, რადგან შემიძლია, გავუმკლავდე გაუთვალისწინებელს, რადგან საკმაოდ მშვიდად ვგრძნობ თავს ამისთვის.

[2] ხშირ შემთხვევაში, მიტოვება წარმოსახული, თუმცა, ადამიანის სხეულისთვის უკიდურესად მტკივნეული და უკიდურესად ნამდვილი შედეგი და გამოცდილებაა.

აღმოაჩინე და შეცვალე შენი ალგორითმები

0

ჩვენი ტვინი არის ჰარდი (Hard Disc Drive) და ზედ ნებისმიერი სოფტის (Software) ჩაწერაა შესაძლებელი.

ბეიტსონი

 

ახალი ტექნოლოგიებიდან ჩვენ ბევრ რამეს ვიგებთ საკუთარი თავის  შესახებ; ზოგჯერ იმდენად ჰგავს ჩვენი თავის ტვინის მუშაობას სოცქსელები, რომ ხშირად  კომპიუტერს ტვინის მეტაფორად აღვიქვამთ ხოლმე.

აი, მაგალითად, რას უნდა ნიშნავდეს: „ჩვენი ტვინი არის ჰარდი (Hard Disc Drive) და ზედ ნებისმიერი სოფტის (Software) ჩაწერაა შესაძლებელი“? რომ ჩვენ შეგვიძლია ძველი და უსარგებლო „პროგრამების“ წაშლა და ახლის ჩაწერა…? ან როგორ ხდება ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ასე შემდეგ…

ამ სტატიაში მინდა  ტრანსფორმაციის  ერთ ძალიან საინტერესო ტექნიკაზე გესაუბროთ, მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყებ.

ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სტერეოტიპებზე, როგორც მყარ შთაბეჭდილებებზე, მათ შორის ფსიქოლოგიურ სტერეოტიპებზე, რომლებიც ზოგჯერ – გვიადვილებენ და ზოგჯერ კი გვირთულებენ ცხოვრებას. ამ მხრივ კი, საინტერესოდ გვეჩვენება ნეიროფსიქოლოგიის მოშველიებაც.

ნეიროფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიის დარგი. ის სწავლობს, თუ როგორ არის დაკავშირებული ადამიანის შემეცნება და ქცევა ტვინთან და ნერვულ სისტემასთან. მაგალითად, რა არის ტრიგერი?

ტრიგერი მოქმედებს როგორც გარე სტიმული. სწორედ მას შეუძლია გააღვიძოს გარკვეული შთაბეჭდილებები ადამიანში და წარმოქმნას „დასწავლილი“ ქცევა და მოქმედებები.

მაგალითად, თუ მოსწავლე მასწავლებელს ეტყვის: რომ მისი საგანი უინტერესოა და ამის გამო არ ისწავლის, – ამან შეიძლება გამოიწვიოს მასწავლებლის გაღიზიანება, რასაც მოჰყვება შესაბამისი ქცევა და მოსწავლის გაკვეთილებიდან გაძევება. როცა მასწავლებელი ერთსა და იმავე იმპულსზე მსგავს ქცევებს გაიმეორებს, მოქმედება გახდება შაბლონური და იგი სხვა დროს მსგავს სიტუაციებში ზუსტად მსგავსად მოიქცევა. ამის გამო მოსწავლეები ხშირად აქეთ სწავლობენ მასწავლებლებს და ზუსტად იციან: ამა თუ იმ სიტუაციაში რომელი მასწავლებელი როგორ მოიქცევა/არ მოიქცევა და წინასწარ იმუშავებენ სტრატეგიებს. (ეს შემთხვევა მხოლოდ მაგალითია და არ ეხება მასწავლებელს).

ჩვენი ამოცანაა, გავაცნობიეროთ ტექნიკის დახმარებით როგორ წავშალოთ მსგავსი ნეგატიური პროგრამები ტვინიდან და ჩავანაცვლოთ ახალი და სასარგებლო პროგრამებით, ანუ მოვიქცეთ პოზიტიურად, რესურსულად, ახლებურად.

ტექნოლოგიების ენაზე, ეს არის ალგორითმების შეცვლა. რაღაც, რაც გვინდა, რომ შევცვალოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, როგორ წარმოიქმნება იგი, როგორ თავსდება ჩვენს ნეირონულ ქსელებში და როგორ ქმნის მყარ სტრუქტურებს; შემდეგში კი  ერთხელ გამყარებულ ალგორითმებს ავტომატურ რეჟიმში როგორ იმეორებს, რადგან ვერ ხედავს მისი შეცვლის ან განსხვავებულად მოქმედების საჭიროებას;

ტრიგერი არის გარე გამღიზიანებელზე ჩვენი ფსიქიკის პასუხი (რომელიც, თავის მხრივ, განპირობებულია მსოფლმხედველობით, ღირებულებებით და ასე შემდეგ…).

როგორ მოქმედებს ტრიგერი? – დომინოს პრინციპით… ფსიქოლოგები მას ჩამრთველსაც ადარებენ. იმპულსი – რეაქცია მაშინვე წარმოიქმნება, როგორც კი გარე გამღიზიანებელი გამოჩნდება. ჩვენ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მასწავლებელს ეუბნება, რომ მისი საგანი არ აინტერესებს! ეს უკვე იმპულსია! მსგავსი შემთხვევებისთვის ხშირად გამოიყენება მეტაფორა: „მასწავლებელს აენთო“. ანუ ჩაირთო და გაეშვა ალგორითმი: დასწავლილი ქცევა. თითოეულმა ჩვენგანმაც კარგად ვიცით, ვის რაზე „გვენთება“. ჰოდა, რაზეც გვენთება, აღმოჩნდება, რომ იმისგან ვართ მართულები. ჩვენ კი აღარ ვმართავთ სიტუაციას, არამედ – ჩვენი ალგორითმი!

 

როცა ამას აღმოვაჩენთ და აღარ მოგვწონს,  თავს ვეღარ ვაღწევთ  „ძალადობას“, რადგან არც ისე იოლია ტვინის გახედნა.

ალგორითმების გარემოცვაში კი ადამიანი გამუდმებულად ცხოვრობს წარსულში და დაკარგული აქვს აწმყო, რადგან ალგორითმები მოქმედებენ ავტომატურად. ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ წარმოქმნილი ემოცია მოდის წარსულიდან, რომელიც ავსებს მის აწმყოს….

მაგალითად: მასწავლებლისთვის სხვადასხვა მოსწავლისგან და სხვადასხვა დროს ნათქვამი: შენი საგანი არ მაინტერესებს! – არ არის ყოველთვის ერთი და იგივე. საერთოდ, არასდროს არ არის ერთი და იგივე სიტყვები ერთი და იგივე, რადგან ისინი განსხვავებულ კონტექსტებში მოქმედებენ. ასე და ამრიგად,  აწმყოში ვიკვებებით წარსულის ემოციებით და დაკარგული გვაქვს აწმყო – აქ და ახლა – მდგომარეობა.

თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ტრიგერი ასრულებს ავტომატური მექანიზმის როლს, რომელიც გაიძულებთ,  შეასრულოთ გარკვეული მოქმედებები ქვეცნობიერის დონეზე.

ცვლილებები იწყება მაშინ, როდესაც გავაცნობიერებთ ნეგატიური პროგრამების მავნებლობას და დავიწყებთ თვითშესწავლას, რასაც შედეგად მოჰყვება ცნობიერების ტრანსფორმაცია და ახალი რეალობის მოდელირება. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ცხოვრების შექმნას და მართვას. ეს უკვე საინტერესო მენტალური (და არა მხოლოდ) თავგადასავალია.

როგორ იცვლება ალგორითმი?

როდესაც ნაცნობ იმპულსზე ძველებურად აღარ „აგენთება“ და მოძებნი ახალ საპასუხო რეაქციას, რომელიც იქნება შენთვის, შენი ცხოვრებისთვის სასარგებლო და რესურსული გამოსავალი, ძველი ალგორითმი დაიწყებს წაშლას… 2-3 ჯერ თუ ახალ მოქმედებებს გაიმეორებ, შენს ტვინში ახალი ნეირონული კავშირები გამყარდება და მომავალში მოგემსახურება „გამოძახებისთანავე“, ზუსტად ისე, როგორც ზღაპრული ჯინი, მოვა და გეტყვის: გისმენ და გემორჩილები!

ან „ბუმბული დაწვი და შენთან გავჩნდები“!

გახსოვთ ხომ, კინოფილმი „რეკორდი“ და ის ცნობილი ფრაზა: „შემაგინე და გესვრი“! და რომ შეგინების გარეშე რეაქცია (რეკორდის დამყარება) ვერ გამოვიდა. იმდენად ძლიერი იყო ემოციური ტრიგერი (შეგინება) და იმდენად ძლიერი ნეირონული კავშირი შექმნა, რომ სხვამ ვერაფერმა ჩაანაცვლა… არ არის იმპულსი – არ არის რეაქცია! ჰოდა, დარჩა ჯოტია ცაავა გაწბილებული.

მართალია, ამ შემთხვევაში, ყველაფერი პირიქით იყო… რეაქცია/მოქმედება იგივე უნდა დარჩენილიყო, აი, ტრიგერის ჩანაცვლება კი ვერ ხერხდებოდა.

ბოლოს, მაინც მოხდა და თუ არ გახსოვთ, აუცილებლად უყურეთ „რეკორდის“ ფინალს… რამ ჩაანაცვლა შეგინების ტრიგერი…?

შემდეგ სტატიაში კი ნეიროგრაფიკის ტექნიკაზე გესაუბრებით…

 

 

დაკარგული წიგნები

0

„დედის საათი დამეკარგა, ნახე, თუ გნებავს –

ძვირფასი სახლის დაკარგვაც რა მშვიდად შევძელი!

უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება“.

ელიზაბეთ ბიშოპი, „ერთი ხელოვნება“[1]

 

ეს ზაფხული ჯოზეფ კონრადის იყო – ყველაფერი გადავიკითხე, რაც ხელში მომხვდა. ბოლოს „ლორდი ჯიმის“ ძებნას შევუდექი, წიგნების სვეტებს მრავალჯერ ავაყოლ-ჩავყოლე თვალი, მაგრამ მხოლოდ რუსულ თარგმანს მივაგენი, წლების წინ ბუკინისტთან ნაყიდსა და შეყვითლებულს. არადა, მინდოდა, ინგლისურად წამეკითხა, მწერლის ენას კიდევ ერთხელ დავკვირვებოდი – იქნებ რაღაც უფრო მეტი მომეხელთებინა, ჯადოქრის საიდუმლოს უფრო მეტად მივახლოებოდი.

მქონდა. კარგად მახსოვს, რომ „ლორდი ჯიმი“ იმ ენაზეც მქონდა, რომელზეც დაიწერა და რომლის შესაძლებლობების უბადლო ნიმუშადაც იქცა.

ვისთვის უნდა მეთხოვებინა? ვის ვნახავდი, ვისაც ამ წიგნისკენ თვალი გაექცეოდა და დასაწყისიდანვე ისე შეიყვარებდა მთავარ გმირს, როგორც მე მიყვარდა?

გული დავიმშვიდე – ისიც ჩვენია, რაც აღარ ჩანს და რის მოსაძებნადაც, უბრალოდ, ძალა აღარ გვყოფნის-მეთქი. ერთ დღესაც შეიძლება მოულოდნელად წავაწყდეთ და სიხარულითაც შევკივლოთ-მეთქი.

 

*

ეს წიგნი მაშინ დავკარგე, მესამე კლასში რომ გადავდიოდი. ბაკურიანის ბიბლიოთეკისა იყო და წაუკითხავად დავაბრუნე იმავე ბიბლიოთეკაში. ტყის სიახლოვით მონუსხულმა, ახალ გასართობებს გადაყოლილმა კითხვას გული ვერ დავუდე. შეიძლება რთულად მომეჩვენა, დასაწყისმა გამაწვალა… არადა, რა მღელვარებით გამოვართვი ბიბლიოთეკარს, როგორ მომეწონა ყდაზე დახატული მეზღვაური და შტურვალი, მარტივი ილუსტრაციებით გაფორმებული გვერდები. ტალღები. ანძები. იალქნები.

რატომღაც მგონია, რომ ვიღაც თოკის კიბეზეც ადიოდა და ქუდის ლენტებს ქარი უფრიალებდა.

რა ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება სანანებლად მექნებოდა ეს გადადებული მოგზაურობა. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ ვერც მწერალი დავიმახსოვრე და ვერც წიგნის სათაური. ნათარგმნი იყო – რუსულიდან? პოლონურიდან? იქნებ სულაც შვედურიდან?

იმ დროში დაბრუნება მინდა და შტურვალს ჩაფრენილი მეზღვაურის შესახებ ყველა წვრილმანის შეტყობა… წიგნიდან თავს არ ავიღებდი, ოკეანის სიღრმეში ჩავიკარგებოდი, განსაცდელს გავუძლებდი, გადასატანს გადავიტანდი და თუ ყველაფერი ლხინით დამთავრდებოდა, ბოლოს რაღაცას მეც წავიმღერებდი.

ბუკინისტებთან მოვძებნო? რა მოვძებნო?

 

*

ექვსასზე ცოტა მეტი იყო, უმთავრესად მამაჩემის ნაყიდი – სამოცდაათიანებში, ოთხმოციანებში, რაც ავირჩიე და ცალკე დავაწყვე – თვალის გასახარებლად. ჩემი წიგნებია-მეთქი, ვამბობდი და სიცოცხლის მათთან ერთად გატარებას ვაპირებდი. ოდესმე თაროებიც მექნებოდა და კედელიც, რომელსაც მთელ ამ სიმდიდრეს ვანდობდი. საოჯახო ბიბლიოთეკაში ქართული პროზისა და კლასიკოსების ტომები ეწყო, საჯაროდ ნაქები ნაშრომები, სახელმძღვანელოები, თვითმასწავლებლები… ჩემს წიგნებში კი სერვანტესსა და შექსპირს, გოგოლსა და ტოლსტოის, დიკენსსა და მელვილს ნახავდი და კიდევ სხვებს, რომლებსაც აუღელვებლად ვერასდროს გავიხსენებ. პოეტური კრებულები. სადღაც შორს გამოცემული ალბომები.

წლების წინ სახლის დაცლა მოგვიხდა და მუყაოს ყუთებში განაწილებულმა წიგნებმაც მეზობლის სარდაფში დაიდეს ბინა. გამოთხოვება ვერ მოვახერხე, ყველაზე საყვარელ ყდებსაც კი ვერ გადავუსვი ხელი. ყველაფერი უჩემოდ მოხდა. სიჩქარეში.

იქნებ არც არის დაკარგული და არც ის სარდაფია მეტისმეტად ნესტიანი, თაგვებმრავალი? იქნებ ისევ გვიწერია შეხვედრა?

დაკარგვის ხელოვნება. როცა წარმოიდგენ და მერე სხვა მხარეს იხედები.

 

[1] ლელა სამნიაშვილის თარგმანი

პირველკლასელთა პირველი დღეები სკოლაში

0

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ემოციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა  როგორც ბავშვებისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, ასევე მშობლებისთვისაც. თუმცა, ეს პერიოდი, სკოლასთან და პედაგოგებთან შეხვედრა, სასწავლო პროცესში ჩართვა, სასკოლო სწავლების დაწყება პირველკლასელისთვის მაინც განსაკუთრებით შთამბეჭდავია. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მოვლენის მიმართ ყველა პირველკლასელის დამოკიდებულება ერთგვაროვანი ნამდვილად არ არის. ბავშვების უმრავლესობა, როგორც წესი, სიხარულით ელის სკოლაში წასვლას. მოსწავლის სტატუსის მიღება მისთვის ძალიან მიმზიდველია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ პირველ დღეს სკოლაში სიხარულით წასული ბავშვი მეორე დღეს უარს აცხადებდეს იქ დაბრუნებაზე და სერიოზულ პროტესტს გამოხატავდეს საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა პირველ დღეს ბავშვი ტირილით მიჰყავთ სკოლაში, დედის გარეშე არ ჩერდება გაკვეთილზე, მეორე დღეს კი სიხარულით გარბის სკოლაში და მშობლის გარეშე ესწრება გაკვეთილებს. პირველკლასელებს შორის არცთუ ისე მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მოუთმენლად, სიხარულით ელიან სასკოლო სწავლების დაწყებას და ყოველგვარი პრობლემის, გართულების გარეშე ირგებენ მოსწავლის სტატუსს.

რა ფაქტორები განაპირობებს ბავშვის სკოლასთან და სასწავლო პროცესთან დამოკიდებულების ხასიათს სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში:

  • ბავშვის „დაშინება“ სკოლით და სწავლით. არის შემთხვევები, როცა ოჯახში ყველა დაკავებულია თავისი საქმით, 5-6 წლის პატარა კი აქეთ-იქით დარბის, ყველას ეხვეწება, რომ მასთან ერთად ითამაშონ, ამ დროს ოჯახის რომელიმე წევრის მიერ ნათქვამმა ერთმა ფრაზამ – „აი, წახვალ სკოლაში და ვნახოთ, მაშინაც თუ მოახერხებ ასე თავისუფლად სირბილს და თამაშს, იქ იმდენ დავალებას მოგცემენ, რომ თავს ვერ აიღებ წიგნებიდან და ჩვენც მოვისვენებთ“, – შეიძლება სამუდამოდ შეაძულოს ბავშვს სკოლაც და სწავლაც. რატომ უნდა მოსწონდეს მას ის ადგილი, ის საქმიანობა, რაც მის თავისუფლებას შეზღუდავს და იმის კეთების საშუალებას არ მისცემს, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს – ვეღარ ითამაშებს, მულტფილმებს ვერ უყურებს და საერთოდ, ვერ „დატკბება“ თავისუფლებით;
  • სკოლამდელ პერიოდში თანატოლებთან სოციალური ურთიერთობის დეფიციტი. თუ ბავშვი საბავშვო ბაღში არ დადის, ამასთან, დედისერთაა და მოკლებულია თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დიდი ალბათობით მას  სერიოზული სირთულეები ექნება თანაკლასელებთან ურთიერთობაში, რაც სკოლას და სასწავლო პროცესს ნამდვილად დაუკარგავს მომხიბვლელობას;
  • სკოლისათვის მზაობის არასათანადო დონე. თუ ბავშვი სათანადოდ არ არის მომზადებული სკოლისათვის როგორც ინტელექტუალურად, ასევე ფიზიკურად და სოციალურად, მას გაუჭირდება იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც სკოლა წაუყენებს, ხშირად დაიმსახურებს შენიშვნებს და საყვედურებს. ეს ყოველივე კი სკოლას მიმზიდველად და საყვარელ ადგილად ნამდვილად არ აქცევს;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ბავშვი ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების მატარებელია და არ ხდება ამის გათვალისწინება სასკოლო გარემოში, რაც პატარას სერიოზულ სირთულეებს უქმნის, სკოლა ნამდვილად ვერ იქცევა ისეთ ადგილად, სადაც ის სიხარულით გაეშურება;
  • არასწორი ოჯახური აღზრდა, ჰიპერმზრუნველობა. თუ სკოლამდელ პერიოდში ბავშვი  ოჯახის წევრების მხრიდან საყოველთაო ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა, კვარცხლბეკზე ჰყავდათ შემოსმული და მის ყველა სურვილს სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებდნენ, ნაკლებია  იმის ალბათობა, რომ სკოლა, სადაც ის ერთ-ერთი რიგითი მოსწავლე იქნება და საყოველთაო ყურადღების ცენტრში ვერ აღმოჩნდება,   მიმზიდველი და მოსაწონი ადგილი აღმოჩნდეს მისთვის;
  • წერა-კითხვის წინასწარ სწავლება. ბევრი მშობლის სურვილია, რომ მისმა შვილმა სკოლაში შესვლამდე შეისწავლოს წერა-კითხვა, თვლა, უმარტივესი, თუმცა სკოლამდელისათვის შეუსაბამო და არასაჭირო მათემატიკური ოპერაციების შესრულება; ამისათვის, მან შეიძლება მასწავლებელიც კი დაიქირაოს ბავშვისთვის გაკვეთილების ჩასატარებლად. ძნელი წარმოსადგენია, რომ პირველკლასელისთვის საინტერესო იყოს იმ გაკვეთილზე ჯდომა, სადაც მასწავლებელი პატარებს თითო-თითო ასოს ცნობას და ამოკითხვას ასწავლის, მას კი უკვე საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტების კითხვა შეუძლია. ამასთან ერთად, თუ წერა-კითხვის სწავლება სკოლამდელ პერიოდში ძალდატანებით ხასიათს ატარებს და ნაცვლად თამაშისა და გართობისა ბავშვს „გაკვეთილზე უწევს ჯდომა“, დიდი ალბათობით მას სკოლა და სწავლა ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე შეიძლება შესძულდეს. სკოლამდელ პერიოდში ხომ თამაშია ქცევის წამყვანი ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ბავშვი სწორედ თამაშის პროცესში ვითარდება;  და თუ ამ დროს ჩვენ თამაშს სწავლით ჩავანაცვლებთ, შეიძლება მომავალში ეს ბავშვის განვითარებაში სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზიც კი გახდეს;
  • ზედმეტი დატვირთვა და მკვეთრი ცვლილებები ბავშვის ცხოვრებაში- თუ აქამდე სულ თამაშობდა, ახლა სულ უნდა ისწავლოს. ნებისმიერი ასაკის ადამიანის და, მით უმეტეს, ბავშვის ფსიქიკას უჭირს ასეთი ნახტომის გაკეთება.

რეკომენდაციები – რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვს სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებიდან დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს სკოლის, მასწავლებლის და სასწავლო პროცესის მიმართ:

  • უპირველეს ყოვლისა, სასურველია, გავითვალისწინოთ, რომ მართალია, ბავშვი სკოლაში მოვიყვანეთ, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მოსწავლე და გარკვეული დრო დასჭირდება მოსწავლის როლის უმტკივნეულოდ მისაღებად. ამდენად, არ იქნება გამართლებული მას ისეთივე მოთხოვნები წავუყენოთ და სასკოლო წესების ისეთივე დაცვა მოვთხოვოთ, როგორც თუნდაც მეორეკლასელ მოსწავლეს მოვთხოვდით;
  • მოვერიდოთ ბავშვის „შეშინებას“ სკოლით და სწავლით. შევეცადოთ, სკოლა საინტერესო და მიმზიდველ ადგილად „დავუხატოთ“ – ვუთხრათ, რომ სკოლაში ის ბევრ რამეს ისწავლის, ახალს და საინტერესოს გაიგებს, თუმცა, თამაშის დროც ექნება და არ მოუწევს მხოლოდ სწავლით დაკავება;
  • შევეცადოთ, შევისწავლოთ ბავშვის მოლოდინები სკოლის მიმართ და ეს მოლოდინები, შეძლებისდაგვარად, რეალობასთან დავაახლოოთ იმედგაცრუების და სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად;
  • მოვერიდოთ ბავშვის გადატვირთვას მეცადინეობით, დამატებით წრეებზე სიარულით. შევეცადოთ, დღის რეჟიმი ისე შევუდგინოთ, რომ თამაშის და დასვენების დროც დარჩეს;
  • შევუქმნათ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობის, მათთან თამაშის პირობები. ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, თუ ის საბავშვო ბაღში არ დადიოდა;
  • კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვით ჰიპერმზრუნველობაზე და ბავშვს გარკვეულ სიტუაციებში (ტანსაცმლის ჩაცმა, გახდა, ჭამა, სათამაშოების დალაგება, სასკოლო ნივთების ჩალაგება ჩანთაში) დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას მივცემთ. ეს მხოლოდ სასიკეთოდ იმოქმედებს მის განვითარებაზე და სასკოლო გარემოსთან  უმტკივნეულოდ ადაპტაციასაც შეუწყობს ხელს;
  • მოვერიდოთ ბავშვისთვის წერა-კითხვის წინასწარ სწავლებას; რა თქმა უნდა, თუ ის განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს და თავად არ ცდილობს ასოების ამოკითხვას. ასეთ შემთხვევაში შევეცადოთ ასოების ამოცნობის სწავლებას თამაშის სახე მივცეთ და ეს პროცესი სახალისოდ ვაქციოთ მისთვის. სკოლაში კი პირველივე დღეებიდან საჭირო იქნება დამატებითი აქტივობების გამოყენება ასეთ ბავშვთან სწავლისადმი ინტერესის შესანარჩუნებლად;
  • დროულად ვიზრუნოთ ბავშვში სასწავლო და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ეს მას დიდ დახმარებას გაუწევს სკოლისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და მოსწავლის როლის უმტკივნეულოდ, სირთულეების გარეშე მიღებაში.

ვფიქრობ, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება უფრო მიმზიდველად და საინტერესოდ აქცევს სკოლას და სასწავლო პროცესს ბავშვისთვის, უფროსებს კი უამრავ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.

 

T დიაგრამა მათემატიკის გაკვეთილებზე

0

T დიაგრამა არის მოსახერხებელი გრაფიკული „ორგანიზატორი“, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა თემის სწავლებისას მათემატიკაში. იგი ეხმარება მოსწავლეებს მარტივ ფორმაში ვიზუალურად წარმოიდგინონ, შეადარონ, ერთმანეთს შეუსაბამონ ორი სხვადასხვა სახის მონაცემი, სიდიდე, მოვლენა თუ იდეა. იპოვონ მათ შორის მსგავსება-განსხვავება. T დიაგრამაში მონაცემების ნათლად განლაგება, დაორგანიზება მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ლოგიკური მსჯელობის განვითარებასა და დასმულ პრობლემის მარტივად გადაჭრას.

წარმოგიდგენთ, ჩემს მიერ მე-5 კლასში T დიაგრამის გამოყენებით, თემატური ერთეულის შესაბამისობის სწავლებისას განხორციელებულ რამდენიმე აქტივობას.

თემა: შესაბამისობა

სამიზნე ცნება /ქვეცნება:

მათემატიკური მოდელი – ცხრილი; T დიაგრამა

კანონზომიერება – შესაბამისობა

ლოგიკა – მსჯელობა, დასაბუთება

საკვანძო შეკითხვა:

  • როგორ ვიყენებთ რიცხვით მიმდევრობებს კანონზომიერების აღსაწერად? რა კანონზომიერების დანახვა შეიძლება რიცხვების ბიჯით თვლისას?
  • შეგიმჩნევიათ თუ არა რაიმე კანონზომიერებები ჩვენ ირგვლივ, ყოფა-ცხოვრებაში? და რა ტიპის?
  • როგორ გვეხმარება სიდიდეებს შორის დამოკიდებულება მოვლენების აღწერაში, პროგნოზირებაში, პრობლემის გადაჭრაში?

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. სიდიდეებს შორის შესაბამისობის/დამოკიდებულების დადგენა და წარმოდგენა;
  2. რეალური მოვლენის განხილვის დროს რაიმე სიდიდის თანაბარი ცვლილების აღწერა, რომელიც მიიღება მუდმივი სიდიდის მიმატებით/გამოკლებით;
  3. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება სიდიდეებს შორის. მოცემული დამოკიდებულებისათვის თვისობრივად აღწერა იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა ატრიბუტებზე;
  4. საგნებს შორის, რაოდენობებს შორის, საგანსა და მის ატრიბუტებს შორის შესაბამისობის დამყარება და წარმოდგენა ცხრილის ან დიაგრამის მეშვეობით.

აქტივობა 1. „შესასვლელი ბარათები“ – შეავსე ცხრილი. წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობა სრულდება ინდივიდუალურად. თითოეული მოსწავლისთვის ვამზადებ ბარათს, სადაც T სქემაში წარმოდგენილია ცხრილი. ვურიგებ და ვთხოვ, შეავსონ გამოტოვებული გრაფები. მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ ცვლადისა და ასოითი გამოსახულების, დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადების ცნებები და შეავსონ ცხრილი.

მოსწავლეებმა 3-4 წუთში შეავსეს ცხრილები. ავკრიბე ნაშრომები, იქვე გადავხედე მათ, რაც დამეხმარა იმის გარკვევაში, რამდენად მზად იყვნენ მოსწავლეები.

აქტივობა 2. ვიპოვოთ კანონზომიერება

აქტივობა სრულდება მთელი კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დაფაზე წარვადგინე T დიაგრამაში დაორგანიზებული ცხრილები. მოსწავლეებს ვთხოვე, ეპოვათ დამოკიდებულება, წესი/ფორმულა, რომლითაც T დიაგრამის პირველ სვეტში ჩაწერილ რიცხვს შეესაბამება მის მარჯვნივ სვეტში ჩაწერილი რიცხვი.

მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს, რომლებიც დახმარებას გაუწევს მათ სქემაში სიდიდეებს შორის შესაბამისობის დადგენაში, ფორმულის ჩაწერაში.

– რა არის წარმოდგენილი სქემაში?

– როგორია რიცხვთა მიმდევრობა პირველ სვეტში?

– როგორია რიცხვთა მიმდევრობა მეორე სვეტში?

– რა კანონზომიერებას ამჩნევ პირველ სვეტში წარმოდგენილი რიცხვებისათვის?

– რა კანონზომიერებას ამჩნევ მეორე სვეტში წარმოდგენილი რიცხვებისათვის?

– იპოვე 5 ის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა მეორე სვეტში?

– შეიძლება თუ არა მარჯვენა სვეტში შეგვხვდეს რიცხვი 28? 40? 42? ახსენი რატომ?

– მერამდენე სტრიქონში იქნება რიცხვი 20? და რომელი ნომერი შეესაბამება მას პირველი სვეტიდან?

განვიხილოთ მეორე დიაგრამა, ის წარმოადგენს ალგებრულ T დიაგრამას. სადაც a დამოუკიდებელი ცვლადია.

ჩავწეროთ ფორმულა, რომელიც აღწერს დამოკიდებულებას სიდიდეებს შორის.

ჯერ განიხილე რიცხვთა პირველი ჰორიზონტალური წყვილი – რა მიმართებებშია ისინი ერთმანეთთან: სრულდება თუ არა იგივე წესი სხვა წყვილებისათვის. გამოსახე დამოკიდებულება ასოითი გამოსახულებით/ფორმულით.

მოსწავლეებს კითხვები დაეხმარათ მსჯელობის განვითარებაში. მათ შეძლეს სიდიდეებს შორის დამოკიდებულების დადგენა და აღწერა, დაამყარეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სიდიდეებს შორის, აღმოაჩინეს წესი, დაწერეს შესაბამისი ფორმულა მოცემული დამოკიდებულებისათვის; თვისობრივად აღწერეს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე.

აქტივობა 3. „დამოკიდებულებები“ ყოფა-ცხოვრებაში

T დიაგრამა ეხმარება მოსწავლეებს არა მარტო მონაცემთა დაორგანიზებაში, არამედ პროგნოზირებაშიც და ცხოვრებისეული მარტივი პრობლემების გადაჭრაში.

5-5 მოსწავლისაგან შედგენილ ჯგუფებს დავურიგე ნაცნობი კონტექსტის ამოცანები. რომელთა გადასაჭრელად შევთავაზე, გამოეყენებინათ T დიაგრამა. მასში დაეორგანიზებინათ მონაცემები, რათა მარტივად ეპოვათ დასმულ კითხვაზე პასუხი. მოსწავლეთა ჯგუფებს ვთხოვე, რომ პრეზენტაციისას წარმოედგინათ ამოცანის გადაწყვეტის სხვა გზაც და ემსჯელათ T დიაგრამის უპირატესობაზე. (პირველი ორი აქტივობა დამეხმარა მოსწავლეთა მზაობის დადგენაში. შესაბამისად, გავითვალისწინე მათი შესაძლებლობები, უნარები, საჭიროებები).

ჯგუფი 1. (დაბალი მზაობის მოსწავლეთა ჯგუფისთვის)

ნიკომ გადაწყვიტა დილაობით ფიზიკური ვარჯიში. ყოველდღიურად 3 კმ. სიგრძის ბილიკის გარბენა. პირველ დღეს მან ამ მანძილის გარბენას 1 სთ. მოანდომა, ხოლო ყოველ მომდევნო დღეს სიჩქარეს ზრდიდა და შედეგად დროს 5-5 წუთით ამცირებდა.

შეავსეთ T დიაგრამა. იპოვეთ რომელ დღეს შეძლებს ნიკო ამ მანძილის დაფარვას 40 წუთში?

წარმოადგინეთ პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზაც, იმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის რომელი გზა სჯობს და რატომ?

 

ჯგუფი 2. (საშუალო მზაობის მოსწავლეთათვის)

გიომ შეამჩნია, რომ ბებოს მიერ დათესილი მზესუმზირა სწრაფად იზრდებოდა. ის დაინტერესდა რამდენ კვირაში მიაღწევდა მზესუმზირა 3მ.-ს. დაიწყო მასზე დაკვირვება. თავდაპირველად გაზომა მზესუმზირას სიმაღლე, ის 1მ. იყო. ბებომ გიოს უთხრა, რომ მზესუმზირა კვირაში დაახლოებით 60სმ.-ით იზრდება. გიომ შექმნა T დიაგრამის ფორმის ცხრილი და დაიწყო მასში ჩანაწერის გაკეთება, როცა მზესუმზირა უკვე 1მ. სიმაღლის იყო. დაეხმარე გიოს T დიაგრამაში მონაცემები დააორგანიზოს და გაარკვიოს, რამდენი კვირის შემდეგ მიაღწევს მზესუმზირას სიმაღლე 3 მ-ს.

წარმოადგინეთ პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზაც, იმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის რომელი გზა სჯობს და რატომ?

 

ჯგუფი 3. (საშუალო მზაობის მოსწავლეთათვის)

დათოს საკუთარი სასტუმრო აქვს. მას უნდა სასტუმროდან 5კმ. სიგრძის გზის გასწვრივ სასტუმროს მიმანიშნებელი აბრების განთავსება, ყოველ 800 მეტრში. დათომ სარეკლამო კომპანიას უნდა შეუკვეთოს აბრები. რამდენი აბრა დასჭირდება მას? სასტუმროდან უახლოესი აბრა რამდენი მეტრით იქნება დაშორებული, თუ უშორესი აბრა სასტუმროდან 5 კილომეტრი მანძილითაა დაშორებული?

დაეხმარეთ დათოს T დიაგრამის გამოყენებით იპოვოს შესაკვეთი აბრების რაოდენობა.

წარმოადგინეთ პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზაც, იმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის რომელი გზა სჯობს და რატომ?

 

 

 

ჯგუფი 4. (მაღალი მზაობის მოსწავლეთა ჯგუფისთვის)

 

თეო რესტორანში მეგობრებისთვის წვეულებას აწყობს. მან თავის საყვარელ რესტორანში ფართი 80 ლარად დაჯავშნა, ხოლო თითო სტუმარს გამასპინძლებისათვის 20,5 ლარი ესაჭიროება. თეოს 350 ლარი აქვს. დაეხმარეთ თეოს, გამოთვალოს რამდენი სტუმრის მოწვევას შეძლებს? რჩევა: შექმენით გამოსახულება/ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ T დიაგრამაში შესაბამისი მონაცემების შესატანად და პრობლემის გადასაჭრელად. x არის სტუმრების რაოდენობა.

წარმოადგინეთ პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზაც, იმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის რომელი გზა სჯობს და რატომ?

 

 

მოსწავლეთა ჯგუფებმა წარმოადგინეს დავალებები, პრეზენტაციისას იმსჯელეს, რომ T დიაგრამაში მონაცემთა განლაგებას აქვს უპირატესობა, რადგან ნათლად ჩანს კანონზომიერება, დამოკიდებულებები სიდიდეებს შორის, რაც დასმული პრობლემის ადვილად აღქმასა და გადაწყვეტაში დაეხმარა მათ.

აქტივობა 4: გასასვლელი ბარათები

მოსწავლეებისაგან გაკვეთილის შედეგების შესახებ უკუკავშირის მიღების მიზნით, თითოეულისათვის ინდივიდუალურად მოვამზადე გასასვლელი ბილეთები,

„?“ ნიშნების ნაცვლად ჩასვი შესაბამისი რიცხვი.
 

რომლებიც მოსწავლეებმა შეავსეს და გაკვეთილის შემდეგ დამიტოვეს. მის შესაფასებლად T დიაგრამაში, მარცხენა მხარეს დავდე კონკრეტული მოსწავლის „შესასვლელი ბარათი“, მარცხნივ კი „გასასვლელი ბარათი“ , სადაც თვალნათლივ გამოჩნდა პროგრესი; ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად წარმატებით მიაღწიეს მოსწავლეებმა გაკვეთილის შედეგებს და დამეხმარა გამერკვია კონკრეტული ხარვეზები საკითხის გაგებაში, რომლებიც შემდეგ გაკვეთილზე შეიძლება გამოსწორდეს.

 

მოსწავლეებმა შეძლეს ორი სიდიდის ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე დაკვირვება, აღწერა, ალგებრული გარდაქმნებით კავშირების ჩაწერა, სიდიდეებს შორის კავშირების დემონსტრირება ცხრილით/სქემით​​; მიმდევრობებში კანონზომიერებების დანახვა და გაგრძელება რამდენიმე წევრით​; სიდიდეებს შორის დამოკიდებულების დაკავშირება ყოფითი ცხოვრებისეული მოვლენების აღსაწერად და პრობლემის გადასაჭრელად.

გამოყენებული ლიტ-რა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-5 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/mekhute-klasi/.

 

 

 

ლიტერატურული პერსონაჟი სოციალურ ქსელში

0

სოციალურ ქსელში, მასწავლებელთა ჯგუფებში, ხშირად სვამენ ასეთ კითხვებს: „სასწავლო წლის პირველ დღეს როგორ ხვდებით მოსწავლეებს?“, „დამწყები ვარ და რამეს ხომ არ მირჩევდით მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისთვის?“, „ახალ სადამრიგებლო კლასში შევდივარ და მოსწავლეების უკეთ გასაცნობად ვის რა გაგიკეთებიათ, ხომ არ გამიზიარებდით?“. ასეთ დროს მეც დიდი მოლოდინით ჩამოვშლი ხოლმე კომენტარებს და გულისყურით ვათვალიერებ. ნაწილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ცოტათი შაბლონურიცაა, თუმცა უმრავლესობა მართლაც ძალიან საინტერესო აქტივობას აღწერს. არადა, რომ წარმოვიდგენ, რამდენ დროს, ფიქრსა და ენერგიას მოითხოვს თითოეული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება მასწავლებლისგან, მაშინვე ტაშის დაკვრის სურვილი მიჩნდება. ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია, მათი თვალთახედვით, გაცილებით მარტივი და ჩვეულებრივი ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ საკმარისია, თვალები დახუჭო, შეძვრე მასწავლებლის იმჟამინდელ ფიქრში, დაესწრო რესურსებზე რუდუნებით მუშაობის პროცესს, უცებ აღმოჩნდე საკლასო ოთახში, დაინახო ბავშვების ბედნიერი თვალები და მასწავლებლის კმაყოფილი სახე, რომ მიხვდები, რად ღირდა ეს ყველაფერი. და უცებ – „ეეე, რა კარგია, მოდი, აბა, მეც ვცდი!“

ჰოდა, ასეთი თვალიერების დროს შემომეფეთა ჩემი მეგობრის მიერ დამუშავებული ძალიან კარგი რესურსი სათაურით „პოსტი ინსტაგრამზე“ და ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებზე დავფიქრდი – შეძლებდნენ თუ ვერა მასზე მუშაობას. ინფორმაციის დაცულობისა და მედიაწიგნიერების კუთხით არასასიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ მოკვლევის შედეგად დავადგინე, რომ მათ უმრავლესობას აქვს facebook-პროფილი და მეტ-ნაკლებად აქტიური მომხმარებელიც არის. ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რაგვარია ამ ქსელის სპეციფიკა და რა სახის ინფორმაციას ითხოვს რეგისტრირებული პირისგან. მოსწავლეებსა და მშობლებთან წლის სამუშაო თემაც გამოჩნდა, თუმცა ჯერჯერობით მოსწავლეების ამ სახის გამოცდილების საკლასო სივრცეში გადმოტანა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რომ სასწავლო წლის პირველი გაკვეთილის სამუშაო აქტივობად ცუდი არ იქნებოდა მათთვის უკვე კარგად ნაცნობი თემებისა თუ საკითხების ფურცელზე გადატანა. გარდა ამისა, ეს მე როგორც დამრიგებელს საშუალებას მომცემდა, მოსწავლეებს უკეთ გავცნობოდი. მსგავსი აქტივობა ადრეც მინახავს და გადავწყვიტე, მაშინვე მომეძებნა pinterest.com-ის საშუალებით facebook-პროფილის სამუშაო ვერსიები. ბევრი ვეძებე, მაგრამ ქართულად ვერაფერი ვიპოვე. აღმოვაჩინე ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, იოლად დასამუშავებელი გამოდგა. ფორმა ვუცვალე, მოვარგე ჩემი მოსწავლეებისთვის საჭირო თემებს და ისე შევიტანე საკლასო ოთახში.

გთავაზობთ დამუშავებულ, ამოსაბეჭდ ვერსიას, რომელიც მოიცავს რამდენიმე საინტერესო საკითხს როგორც დამრიგებლებისთვის, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის:

  1. პროფილის ფოტო – აქ მოსწავლეს შეუძლია, ნახატის სახით წარმოადგინოს ავტოპორტრეტი;
  2. გარეკანის ფოტო – აქ ბავშვს შეუძლია, ასახოს გარკვეული მოვლენა ან ფაქტი, რომელიც მის იმჟამინდელ ფიქრებთან ყველაზე ახლოსაა;
  3. სახელი და გვარი – შეიძლება როგორც ნამდვილი სახელისა და გვარის, ისე ფსევდონიმის ან იმ თიკუნის მითითება, რომლითაც მას მიმართავენ და თავადაც მოსწონს;
  4. სამუშაო, განათლება – მოგეხსენებათ, მოსწავლეები არ არიან დასაქმებულები, მაგრამ თუ ისინი სწავლას საკუთარ მოვალეობად აღიქვამენ, ვფიქრობ, გაცილებით მეტად ექნებათ სკოლასთან მიკუთვნებულობის განცდა;
  5. საცხოვრებელი ადგილი – თუ მოსწავლე დაწყებით კლასებშია, ეს პუნქტი მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სახლის მისამართი უკეთ დაისწავლოს;
  6. ოჯახის წევრები – ეს მასწავლებელს მისცემს საშუალებას, შეკრიბოს მონაცემები იმის შესახებ, რამდენსულიან ოჯახში და ვისთან ერთად ცხოვრობს ბავშვი;
  7. ეროვნება – ამის დეფინიცია და განმარტება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეროვნება ხშირად ერევათ კუთხურ წარმომავლობაში. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვან: ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ა.შ., – ხშირად ამბობენ: გურული, კახელი, იმერელი და ა.შ.
  8. ხასიათი – აქ მოსწავლე ფიქრობს საკუთარ თავზე და უმეტესად ცდილობს, გამოკვეთოს ხასიათის ისეთი მხარეები, რომლებიც საკუთარ თავში მოსწონს;
  9. ჰობი/ინტერესი – ეს ჩემი საყვარელი პუნქტია, რადგან მეხმარება, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმო მთელი სასწავლო წელი;
  10. ჩემ შესახებ – ეს თავისუფალი ველია, რადგან აქ მოსწავლე წერს იმ თემებზე, რომლებზეც ორგანაიზერში აქცენტირება არ ხდება, მაგრამ სათქმელი დარჩა და სურს, გაგვიზიაროს;
  11. მეგობრები – ეს პუნქტი მოიცავს მეგობრების პორტრეტს და, სურვილისამებრ, დახასიათებას.
  12. გამორჩეული, რომელიც აერთიანებს ისეთ საკითხებს, რომლებიც მოსწავლის გემოვნების უკეთ გაცნობაში ეხმარება მასწავლებელს. გარდა ამისა, მას შეუძლია, ეს ველები საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ ცვალოს. მაგალითად:
  • მუსიკა ან ფილმი – რას უსმენს, რას უყურებს;
  • წიგნი – რას კითხულობს;
  • საჭმელი ან დესერტი – რას მიირთმევს სიამოვნებით. შეიძლება აქვე რეცეპტის წერაც კი ვასწავლოთ;
  • მოდა – რას ფიქრობს ჩაცმულობაზე, როგორი სტილი მოსწონს ან რომელ აქსესუარებს ხმარობს უმეტესად;
  • სიტყვა/ფრაზა/წინადადება – რომელ სიტყვას, ფრაზას ან წინადადებას იყენებს ყველაზე ხშირად და რატომ;
  • აქტივობა – რა არის მისი ყოველდღიური აქტივობა, თამაში ან გართობა, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს;
  • აბრაზებს – რა არ მოსწონს და აბრაზებს ყველაზე მეტად;
  • ახარებს – რა მოსწონს, რა იწვევს მის ბედნიერ ღიმილს და ა. შ.
  1. პოსტი – ამ ველში მოსწავლემ უნდა აღწეროს იმჟამინდელი მოვლენა, განწყობა, ფიქრი ან შეხედულება. აქ შეუძლია გამოიყენოს ნახატი, მოვლენის სიტყვიერი აღწერა, ემოციური ფონი და ა.შ.

დასასრულ, ძალიან მნიშვნელოვანია (სურვილის შემთხვევაში) ნამუშევრების პრეზენტაცია. ეს თავად მოსწავლეებსაც დაეხმარება, უკეთ გაიგონ კლასელების სურვილები, განწყობები და ფიქრები, მით უმეტეს, ერთმანეთი სამი თვეა არ უნახავთ და წესით, მცირე გაუცხოება ექნებათ. ამგვარი საუბრები მათ ერთმანეთს თავიდან აღმოაჩენინებს, საერთო ინტერესებს აპოვნინებს და საკლასო ატმოსფერო მათთვის გაცილებით ფერადი და ახლობელი გახდება.

აქვე უნდა ითქვას, რომ რესურსის მიზანი მხოლოდ ერთმანეთის გაცნობა და დაახლოება არ არის. პედაგოგებმა ის შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტისა თუ წიგნის დამუშავების დასკვნით ეტაპზე, პერსონაჟის ღრმად შესწავლის მიზნით. განმეორებით გამოყენებისას მასწავლებელს დიდ დახმარებას გაუწევს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს გრაფიკული ორგანაიზერის შევსების გამოცდილება უკვე აქვთ. არ არის გამორიცხული, ფორმალური და მიზნობრივი დამუშავებით რესურსი კომპლექსური დავალების პროდუქტადაც ვაქციოთ. ყველაფერი მასწავლებელზე, მის ხედვასა და მოსწავლეთა საჭიროებებზეა დამოკიდებული.

 

 

 წერილები წარსულიდან

0

ვინ იცის, რამდენი გულისთქმა დაკარგულა უკვალოდ, ისე, რომ არ ქცეულა სიტყვად, ფერად თუ ბგერად. ტკივილის, სიხარულის, მონატრების გაზიარების წყურვილი მოჩანს პირად წერილებში, რომლებშიც ადამიანები დროებით იხსნიან ათასგვარ ნიღაბს, გარემოებათა მიზეზით მორგებულს და თავიანთ ნამდვილ სახეს გამოავლენენ. ამიტომაც თან სდევს ამგვარ წერილებს ის გულწრფელობა, ასე რომ იზიდავს მკითხველს. განსაკუთრებით საინტერესოა იმ შემოქმედთა პირადი წერილები, რომელთა ნაწარმოებებიც ჩვენი ფიქრის ნაწილადაა ქცეული. პირად წერილებს მათი შემოქმედების კონტექსტში ვაქცევთ და განვიხილავთ. ასეა, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, რობაქიძისა თუ ცისფერყანწელთა მიმოწერები, შემოქმედის მრავალფეროვანი მატერიალურ-სულიერი ცხოვრებისკენ მიგვაკვლევინებენ გზას ჯოისის, ჰესეს და სხვა გამორჩეულ შემოქმედთა პირადი ბარათები. მნიშვნელოვანია ქართველ ემიგრანტთა პირადი მიმოწერების მოძიება, არქივებიდან ამოღება და გამოცემა, ამ შემთხვევაში, ხელთ გიორგი გამყრელიძის პირადი წერილების წიგნი გვაქვს („წერილები არქივიდან“), რომელიც ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა. წიგნს ემიგრანტული ლიტერატურის შესანიშნავი მკვლევრის, რუსუდან ნიშნიანიძის წინათქმა უძღვის, რომლის საშუალებითაც მკითხველის თვალწინ ცოცხლდება გიორგი გამყრელიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი დეტალები, უცხოეთში ცხოვრების დაბრკოლებებით სავსე გზის ცოცხალი სურათები. გიორგი გამყრელიძე 1923 წელს წავიდა გერმანიაში სასწავლებლად, 1941 წლიდან კი ამერიკაში ცხოვრობდა. გამოსცა ლექსების კრებულები (ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას ორი კრებული დაბეჭდა: „შემოდგომის ჭიანურები“ (1920 წ.) და „დალურსმული ხელები. ეს კრებული ზოდელის ფსევდონიმით გამოსცა. მშობლიური სოფლის, ზოდის, სიყვარულის ნიშნად. მნიშვნელოვანი იყო მისი მეგობრობა ცისფერყანწელებთან, ჟურნ. „მეოცნებე ნიამორებშიც“ დაბეჭდა რამდენიმე ლექსი. 1932 წ. პარიზში გამოსცა კრებული „ლურჯი მინოკლი“, 1960 წელს კი „გვიანი რთველი“ (სანტიაგოში), 1966 წელს – ლექსებისა და თარგმანების წიგნი „ლექსები, მოთხრობები და ნარკვევები ფრინველებზე“).

 

არც მას და არც სხვებს ეს წერილები სხვათა წასაკითხავად არ დაუწერიათ. ამიტომ მათში გამხელილია ის დარდიც, რომელსაც სხვაგან არსად იტყოდნენ, როგორც გალაკტიონი წერს: „რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული“. თუმცა, ხანდახან ისეც ხდება, რომ ავტორი პირად წერილს წინასწარვე სხვებისთვის გასაზიარებელი განზრახვით წერს. ამის მაგალითია გიორგი გამყრელიძისთვის მიწერილი წერილი გრიგოლ რობაქიძისა, რომელიც დიდად აფასებდა გიორგი გამყრელიძის შემოქმედებას. მის კრებულს „გვიანი რთველი“ (1960 წელს გამოიცა სანტიაგოში) გამოეხმაურა კიდევაც ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ მნიშვნელოვანი შეფასებებით და გამორჩეულ ლექსებს შორის დაასახელა ლექსი „პაოლო იაშვილის ხსოვნას“, რომელშიც ვკითხულობთ: „შენ მოგეწყინა შექსპირი და ყვითელი დანტე, /მაგრამ რუსთველის გწვავდა ცეცხლი და ხვაშიადი,/ ფარშევანგებით შემორკალე მუქი წყვდიადი,/ ახალ შაირის ჩირაღდანი როცა აანთე“. ამ ლექსში არის ალუზიები პაოლოს სამი ლექსისა („ავტოპორტრეტი“, „ფარშევანგები“ და „პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე“).

 

გრიგოლ რობაქიძემ 1962 წელს მისწერა წერილი, რომელშიც მწერალი თავისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, ამიტომ წერს: „ეს ბარათი ისტორიისათვის არის განზრახული – საჭიროა ამომწურავი გამოვიდეს“ (წერილი დაბეჭდილია კრებულში „ჩემთვის სიმართლე ყველაფერია“, 1996 წ.). სამწუხაროა, რომ არ გვაქვს გიორგი გამყრელიძის ის წერილი, რომელსაც რობაქიძემ ასე ვრცლად უპასუხა. ამ ბარათში ვხვდებით ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს, მათ შორის, ისეთს, როგორიცაა შვედური ჟურნალის გამოკითხვა 30-იან წლებში. ევროპის ცნობილმა მწერლებმა თანადროული მსოფლიო ლიტერატურის სამი გამორჩეული ავტორი და ნაწარმოები დაასახელეს, ამ სამ შორის იყო რობაქიძის „ჩაკლული სული“. ეს კი ქართველი მწერლის იმ დიდ საერთაშორისო აღიარებას ადასტურებდა, რომელიც რობაქიძემ მოიპოვა უცხოეთში.

გიორგი გამყრელიძის წერილებში (რომლებიც გამოგზავნილია, ძირითადად, პარიზიდან და ვაშინგტონიდან) შეიგრძნობა ეპოქის სული, თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალური კრიზისი, ნოსტალგია. აქ კარგად მოჩანს შემოქმედის სატკივარი, მისი შეხედულებები ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე, სოციალურსა თუ კულტურულ თემებზე. უცხოეთში წასული გიორგი გამყრელიძე საქართველოში მომხდარი პოლიტიკური მოვლენების გამო ვეღარ დაბრუნდა. მის წერილებში წარმოჩნდება ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი და აღწერილი „კულტურული შოკის“ ფენომენის ყველა ასპექტი. ამ წერილებში მოჩანს თავდაპირველი ცნობისმოყვარეობა, გაეცნოს უცხო კულტურის ფასეულობებს, ქცევის მოდელებს. ის წერს იმაზე, რაც მოსწონს, გამოხატავს დაბნეულობასაც, რადგან გადაულახავი ნოსტალგია ტანჯავს, ენატრება თავისი ქვეყანა. წერილებში მოჩანს იმედგაცრუებაცა და ერთგვარი და დათრგუნვილობაც, მაგრამ რადგან საქართველოში დაბრუნების იმედი გადაეწურა, შეეგუა ახალ ვითარებას. სამშობლო მისი ფიქრის განუყოფელი ნაწილი გახდა. 1961 წელს დას წერილში ლექსიც ჩაუწერა („ჩემი ფრინველები შემოდგომით“), რომელსაც მონატრების მძაფრი განცდა მსჭვალავს:

 

„ორბი ამაყი, შემომჯდარა სისხამ დილისას

კლდე-ფრიალოზე, განიერი მკერდის ფიცარით,

და ნატრობს იმ დროს, აწ გარდასულს… ავთანდილისას,

როცა ორბებზე ნადირობდენ მხოლოდ ისარით“.

 

1961 წელს ვაშინგტონიდან წერს დას, მერიკოს: „ამერიკაში ყოფნის და დიდხანს ცხოვრების შემდეგ ევროპა მთლიანად საკუთარ სამშობლოდ გეჩვენება – ყოველგვარი საზღვრების და ხალხების განურჩევლად. ახლა კი ევროპა ჩემთვის დაცალიერდა“. მეგობარი მწერლის, ლადო ბელიაშვილის, სამუშაოს შესრულებისას გარდაცვალების ფაქტს ფილოსოფიურად აზოგადებს და წერს: „პატიოსანი კაცი იღუპება პატიოსნად თავისი შრომის ასრულებისას. გახსოვს, ნიცშე ზარატუსტრაში როგორ დიდ ხოტბას ასხამს გაბმულ ბაწარზე მოცეკვავეს, როცა ის იქიდან ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ნიცშემ მას შეასხა ხოტბა, რომ თავისი მოვალეობის ასრულების დროს დაიღუპა. ნიცშე დიდი მოაზრე იყო და ფსიხოლოგიის სიღრმით მას მხოლოდ დოსტოევსკი თუ შეედარება“.

 

1966 მანანა ბელიაშვილისთვის, თავისი დისშვილისთვის, მიწერილ წერილში მწერალი ირონიულად მსჯელობს თანამედროვე ხელოვნების გაუფასურებაზე: „30-35 წლის წინად ბერლინიდან დრეზდენში წავედი (დავაგირავე „ლომბარდში“ ყველაფერი, რაც კი მქონდა), რომ მენახა შესანიშნავი მსახიობი გრიუნდგენსი ჰამლეტის როლში და დიდად ბედნიერი ვიყავი. ეხლა კიდევაც რომ წახვიდე სანახავად, ისეთ რამე ნახავ, რომ სამუდამოდ წაგიბილწავენ გემოვნებას. განსაკუთრებით აუტანელია ახლებური აქაური მუსიკა. ველურ და ბარბაროსულ ბგერებს „მოდერნულ მუსიკას“ ეძახიან. წაველ და ვნახე, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვუსმინე. იმას აღარ სჯერდებიან, რომ თავიანთ „კაკაფონიებს სთხზავენ“. ამ ბოლო დროს დაუწყეს გენიოსებს: ბახს, ბეთჰოვენს და სხვებს ახლებურად დაკვრა… საშინელებაა და გამახსენდა პოეტ ვილჰელმ ბუშის ერთი სტროფი: „შთაგონებაა მუსიკა ტკბილი, თუ მას ხმაურთან არ აქვს კავშირი“. მხატვრობასა და მოქანდაკეობაში ეს ახალი მიმართულება, თუ მათი ავტორები მართლა ნიჭიერები არიან და მართლა გამოსავალს ეძიებენ ჩიხიდან, კიდევ ასატანია (თუმცა ამ დარგში მრავალი უნიჭო მატყუარა მუშაობს და როცა ჰკითხავ, თუ რას წარმოადგენს მათი ნაწარმი, დაიწყებენ ბლუკუნს გაუნათლებელი სოფლელი მღვდელივით – „ეს საიდუმლოებააო“). პოეზიაშიდაც ეს ახალი დარგი კიდევ ასე თუ ისე ასატანია, თუ ავტორი მეტად ნიჭიერია, მაგრამ მუსიკაში… აუტანელი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ისევ მალე გაქრება როგორც სწრაფად მოვიდა“.

 

1960 წელს ვაშინგტონიდან წერს ძმას, ლადოს, და საქართველოში დარჩენას ურჩევს: „თუ შენ გინდა, გამოგიგზავნი ვიზას და აქ ჩამოხვალ, იცხოვრებ ჩვენთან, რა თქმა უნდა, როგორც ძმა და არაფერს არ დაგამადლებთ, პირიქით, უფრო მხიარულად და ბედნიერად ვიქნებით, ისწავლი ენას და რამე იოლ სამუშაოს გიშოვნით, მერე ცოლსაც შეგრთავთ და იქნები დასახლებული კაცი. მაგრამ ეს ყველაფერი შეგიძლია გააკეთო უფრო უკეთ საქართველოში“. 1966 წელს მანანა ბელიაშვილს წერს, თუ როგორ ახარებს წერილები საქართველოდან: „ხანდახან ვშიშობ – ავად არ იყვეთ, ან სხვა რამ არ მოხდა და ხანაც იმასაც, რომ ალბად უკვე თავი მოგაბეზრეთ ამდენი ცარიელი მიწერ-მოწერით და იქნებ თქვენც მოგეწყინათ…. მაგრამ „სისხლი მაინც სხვაგვარი სითხეაო“, – ამბობს გოეთე და მერე ასე ახლო ნათესაური, როგორ უნდა დავივიწყოთ ერთმანეთი?!“.

 

1964 წელს მანანა ბელიაშვილისთვის მიწერილ წერილში საინტერესო და საგულისხმო თვალსაზრისებს გამოთქვამს თარგმანის ხელოვნებასთან დაკავშირებით: „ზოგიერთი ლექსის თარგმნა შეიძლება ტექსტთან სიტყვასიტყვით თარგმნით და თუ მას სამკაულიდან არ გაძარცვავ, ესე იგი, არ გამოსჭამ გულს ავტორის მრავალმნიშვნელოვან და ღრმა სიტყვებს და თუ მის ანალოგიებს, ალიტერაციებს და სხვა სამკაულს არ წაართმევ, მაშინ ლექსი მაინც კარგი გამოვა და ღირსეული. მაგალითად, ჩემს წიგნში რომ იტყვიან – „დედანთან სწორიაო“. ასე ნათარგმნია „ხეები“ ჯ. კილმერის, იქ მხოლოდ ჩიტს, რომელსაც აქ „რობინს” ეძახიან ან კიდევ “კარდინალს”, წითელ ბეღურაზე მოზრდილი ჩიტია. მე მას თარგმანში „ქოჩორა ჩიტს“ ვეძახი, იმიტომ რომ აქვს მართლაც მოზრდილი და ლამაზი ქოჩორი. „რობინი“ ან “კარდინალი” არაფერს ჩვენ მკითხველს არ ეტყოდა“.

 

ამავე წერილში დასაბუთებულად აკრიტიკებს ბერიძის მიერ ნათარგმნ ედგარ პოს „ყორანს“, “იწუნებს ჩეხ იედლიჩკას თარგმანს: „იქნებ კაი კაცია, საქართველოც უყვარს, ჩვენგანაც პატივისცემის ღირსი იყო, მაგრამ იმის თარგმანი პოემა არის სირცხვილი და თავის მოჭრა. არასოდეს ნიჭიერი სხვა ჩეხი მისი წიგნის წაკითხვის შემდეგ რუსთაველს ხელში აღარ აიღებს“. მას მოსწონს ჰუგო ჰუპერტის მიერ გერმანულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“: „მადლობა ღმერთს, რომ ჰუგო ჰუპერტმა გერმანულად თარგმნა დიდებულად. აი, ერთ დიდ დასავლეთის ენაზე უკვე გვაქვს წესიერი თარგმანი. აწი შეუძლიათ ფრანგებმაც და ინგლისელებმაც გერმანულის გამოყენებით თარგმნონ წესიერად, თორემ ფრანგული თარგმანები თავის მოჭრაა. მარჯორის ინგლისურ თარგმანში რუსთაველი ჩანს არა ბარდად, არამედ აშუღადაც არ გამოდგება, სუსტია სუსტი მეტად…. მუსიკალურად ყველას ბალმონტი სჯობია… ზაბოლოცკი კი ტექსტის და მუსიკის გადმოცემაში მოისუსტებს, მაგრამ მაინც წესიერი თარგმანია“.

 

„მნათობში“ წაუკითხავს ამერიკელი პოეტის, რობერტ ფროსტის, ზვიად გამსახურდიასეული თარგმანები და ძალიან მოსწონებია, ამიტომ 1963 წ. მანანა ბელიაშვილს წერს: „უთხარი, რომ კარგად უთარგმნია. ფროსტი მეტად ძნელი სათარგმნია, რათგან ორიოდ სიტყვაში ბევრ რამეს გულისხმობს „ამირან გულში მღეროდა, მოყვარე ბანი მითხარო“.

 

იგი საუბრობს, თუ როგორი სიფრთხილით თარგმნის რილკეს, გოეთესა და შრალ ბოდლერის ლექსებს. მისი აზრით, ფრანგი პოეტების სუსტ რითმებს ენის მუსიკალურობა „ანაზღაურებს“, ქართულ ენაზე კი ამით ფონს ვერ გახვალ, ამიტომაც დიდი ოსტატობაა საჭირო, რომ თან დედანს არ გასცდე და ლექსსაც აზრის სიღრმე და მომხიბვლელობა შეუნარჩუნო.

 

მას უთარგმნია ჰერმან ჰესეს, გოეთეს, შილერის, ჰაინრიჰ ჰაინეს, ფონ ჰოფმანსტალის, შარლ ბოდლერის, არტურ რემბოს, პოლ ვერლენის, რობერტ ფროსტის, ემილი დიკინსონისა და სხვა ცნობილ და აღიარებულ ავტორთა ნაწარმოებები. კარგი იქნება, თუ ლიტერატურის მუზეუმი ამ საქმესაც ითავებს და მის თარგმანებს ცალკე წიგნად გამოსცემს, თუ გავითვალისწინებთ გიორგი გამყრელიძის პოეტიკასა და ესთეტიკას, სიტყვის მიმართ მის დამოკიდებულებას, ქართველი მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპული და ამერიკული ლიტერატურისა მისეული თარგმანების წაკითხვა.

 

საინტერესოა მისეული კრიტიკა აკაკის ლექსების ზაბოლოცკისეული თარგმანებისა. მისი აზრით, მის „კონგენიალობაზე“ ლაპარაკიც არ შეიძლება… ძნელია ისეთი მშვენიერი ადგილების სხვა ენაზე თარგმნა სისრულით, როგორიც არის განთიადში: „წინ მომეგებენ ღიმილით/ შენი მზე, შენი მთვარეო,/ გუნდი და გუნდი ვარსკვლავთა/ მოკაშკაშ-მოელვარეო./ გულში იფეთქა სიამემ,/ სევდები უკუ ვყარეო, / ია და ვარდი დამჭკნარი, /ხელახლა გამიხარეო“, ანდა – „დადუმებულა მთაწმინდა/ ისმენს დუდუნსა მტკვრისასა /მდინარე ნანას უმღერის/ რაინდსა ურჩსა მტრისასა“ – ასე ლამაზად, ასე მომხიბვლელად ასხმულ სიტყვების კრიალოსანს, რუსთაველის გარდა, ვერსად მთელ ქართულ ლიტერატურაში ვერ იპოვის კაცი. აკაკი ლექსის უდიდესი ოსტატია, მაგრამ არა რითმების მშვენიერებით ან წყობით. არა, მისი სიტყვების უმშვენიერესი და უდიდესი მარაგით და მათი ასე კარგი შეწყობა-ჰარმონიით. ასეთი რამის თარგმნა კი ძალიან-ძალიან ძნელია და ზაბოლოცკი ამ მხრივ მადლობის ღირსია და არა საყვედურისა“. იგი ასეთ პარადოქსზეც ამახვილებს ყურადღებას: „თარგმანში ხშირად ტექსტის სუსტი ადგილები ან მთლიანი სუსტი ლექსი უკეთესი გამოდის, ვიდრე ორიგინალი. კარგი და ძლიერი ლექსები კი მუდამ ნაკლოვანნი“ (1964 წ. მანანა ბელიაშვილისთვის მიწერილი წერილიდან).

 

გიორგი გამყრელიძემ სხვა ემიგრანტებივით შესანიშნავად იცოდა, რომ თავისუფლება ძვირი დაუჯდა, ამისთვის მსხვერპლად გაიღო ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ეს არასოდეს უნანია. ერთ ლექსში „ლამანჩელი რაინდი და როსინანტი“ კარგად შეიგრძნობა ეს:

 

„შვრიით ავსილი თოფრაკის ნაცვლად

თქვენ აირჩიეთ მშიერის ჯამი,

რათგან ცხოვრება ფეტვის ერთ მარცვლად

არ ღირს, თუ ასდეს პირში ლაგამი“.

 

წიგნზე ეს მცირე გამოხმაურება უოლტ უიტმენის ცნობილი ლექსით „მეგობარო, ეს არ არის წიგნი (თამაზ ჩხენკელის თარგმანი) გვინდა დავასრულოთ, რომელიც კარგად გამოხატავს შემოქმედის მკითხველთან ურთიერთობის წყურვილს:

„მეგობარო, ეს არ არის წიგნი,

ხელი ახლე და კაცს შეეხები“.

 

ამ წიგნში წარმოდგენილი წერილების კითხვისას ასე შევიგრძნობთ თანამედროვე მკითხველები გიორგი გამყრელიძეს, როგორც ცოცხალ ადამიანს და მასთან დიალოგს ვმართავთ, ვფიქრობთ წარმავალსა თუ მარადიულ პრობლემებზე.

 

მკითხველთან ხიდის გასადებად მნიშვნელოვანია კრებულში ჩართული ფოტოები, რომლებშიც ის სხვადასხვა გარემოში, მეგობრებსა და ახლობლებთან მოჩანს. ეს მეტ ინტიმს ქმნის. მასაც შეეძლო გალაკტიონივით ეთქვა („მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ/ და არ მახსოვდა, მქონდა იგი, თუ მომაგონდა“ (გალაკტიონი, „გემი „დალანდი“), მაგრამ ამ წიგნით გიორგი გამყრელიძე ბრუნდება საქართველოში, რომლისკენაც ცოცხალმა ვერ გამოიგნო გზა და უფრო ახლობელი ხდება ქართველი მკითხველისთვის.

 

 

შემაჯამებელი დავალება ბიოლოგიაში: „ჩვენი საყრდენი“

0

კომპლექსური დავალების მნიშვნელობაზე ძალიან ბევრია ნათქვამიც და დაწერილიც. მას აფასებენ მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები. კარგსა და ცუდ მხარეზე ყველას საკუთარი არგუმენტი აქვს. ის მასწავლებლის ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. კარგი დავალების შედგენა, დამუშავება ბევრ წვრილმანზეა დამოკიდებული. ამას მოჰყვება მისი განხორციელება, გადასინჯვა და გაუმჯობესება. ზოგჯერ ძალიან ბევრიც მიფიქრია, ჩამითვლია, რომ კარგი დავალება შევქმენი, მაგრამ მოსწავლეებში ისეთი ინტერესი არ გამოუწვევია, როგორის მოლოდინიც მქონდა. ამიტომ ვთვლი, რომ დავალების იდეაც მოსწავლისგან უნდა მოდიოდეს. ბავშვები სხვა განზომილებებში ხედავენ სამყაროს, უფროსები სხვაში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩემი და მათი ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვეს. მერვე კლასში ტანადობის დარღვევაზე ვმუშაობდით და მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. ჩვენი დავალება ხერხემლის გამრუდებას და ბრტყელტერფიანობას ეხებოდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის საფრთხეებზე გააკეთა პრეზენტაცია და აღნიშნა: „კი ვიცი, რომ თემას ავცდი, მაგრამ ჩემი დის ბანკეტის პერიოდი იყო და ვიდეოში გოგოებს რომ ვუყურებდი, რა საცოდავად დადიოდნენ მაღალქუსლიანებით, სულ დამავიწყდა ბრტყელი ტერფი და კიფოზი“. კლასელებსაც ძალიან მოეწონათ. დიდი გამოხმაურება ჰქონდა, აღნიშნეს, რომ იდეა საინტერესოა და სიამოვნებით იმუშავებდნენ მასზე. ამიტომ შევქმენი ახალი დავალება, რომელიც მინდა, გაგიზიაროთ. აქ მხოლოდ კონტექსტ-მაგალითი, მატრიცის მთავარი მონაკვეთი, რესურსები და სავარჯიშოებია წარმოდგენილი. კონტექსტ-მაგალითის გმირის სახელი პირობითია. იმედი მაქვს, თქვენს მოსწავლეებთანაც კარგად იმუშავებს.

კონტექსტ მაგალითი/ქეისი : ტკივილი ტერფებში

ამაიასი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის წვეულებებზე. მან კარგად იცის, რომ ასეთი სამოსი არაპრაქტიკულია, მაგრამ იზიარებს გამოთქმის შინაარსს: „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”. მოსწონს როგორც გამოიყურება მაღალ ქუსლებზე „შემდგარი“.

ბოლო დროს განსაკუთრებით სტკივა წინა ტერფის პირველი ძვალი, ზოგჯერ მთლიანად ფეხის გულები, მაშინაც კი, როცა კომფორტული კედები აცვია. სიარულისა და სირბილის დროს კი თაღის ქვედა ნაწილის საშინელი ტკივილი აწუხებს.

საიდან უნდა მოდიოდეს ეს ტკივილი? პასუხს ინტერნეტსივრცეში დიდხანს ეძებდა. იპოვა კიდეც საკმაოდ კარგი რეპუტაციის სამედიცინო გვერდი ტერფის ტკივილის შესახებ. ვებგვერდზე დარგის ექსპერტები საუბრობენ ტერფის აგებულების, პათოლოგიისა და სხვადასხვა დაავადების პრევენციის შესახებ. როგორც ამაიამ წაიკითხა, მისი დაავადება ჰგავს მეტატარსალგიას, რომელსაც იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც თავად ტანჯავს.

 

გაიგო, რომ მეტატარსალგიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებაა. ასეთი ფორმის ფეხსაცმელი ტერფს აყენებს უჩვეულო პოზიციაში, რის შედეგადაც ზედმეტი დატვირთვა მოდის წინა ტერფის ძვლებზე. სურათის მიხედვით შეგვიძლია წარმოიდგინოთ, რომ ქალის მთელი მასა აწვება წინა ტერფის პირველ, მასიურ ძვალს, რომლის წინა ნაწილი ბურთის ფორმისაა. სხვა ფეხსაცმლის შემთხვევაში ადამიანის წონა თითქმის თანაბრად გადანაწილდებოდა.

 

რაც უფრო მეტს კითხულობს ამაიასი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ, უფრო ნერვიულობს. მან გაიგო, რომ ასეთი ფორმის ფეხსაცმელს შეუძლია ტერფის დეფორმაციის, ბუნიონების, სტრესული მოტეხილობების გამოწვევა. ადრეულ ასაკში მუხლის სახსრის ანთების (ოსტეოართრიტი) გამოწვევაც კი.

 

მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუძლია განავითაროს მთლიანი საყრდენი სისტემის დეფორმაცია, დაზიანება. საყრდენი სისტემა მოიცავს ძვლებს, შემაერთებელ ქსოვილოვან სხვა წარმონაქმნებს, სახსრებს, იოგებს. საყრდენი სისტემა იჭერს სხეულს და იცავს შინაგან ორგანოებს. ის სხვა მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ფუნქციებსაც ასრულებს.

გამოიკვლიე:

  • რატომ უქმნის მაღალი ქუსლები საფრთხეს ადამიანის საყრდენ სისტემას;
  • რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამაიამ პრობლემის გამოსასწორებლად;
  • როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი სწორად.

რესურსი მასწავლებლისთვის:

  1. რას გაეცნობა მოსწავლე;
  2. ქეისის დასკვნები;
  3. თავის მიმოხილვა;
  4. სავარჯიშოები დავალების სხვადასხვა ეტაპზე სამუშაოდ;
  5. კომპლექსური დავალების ბარათი;
  6. მატრიცის მონაკვეთი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გზამკვლევი ბიოლოგიაში;
  2. მოსწავლის წიგნი – ზაალიშვილი ნანა, გამომცემლობა „ტრიასი“ – ბიოლოგია 8 კლასი;
  3. მასწავლებლის წიგნი – ზაალიშვილი ნანა, ზარდიაშვილი თინათინი, გამომცემლობა „ტრიასი“ – გვ. 23-31.

სადაც ნახეს მამაჩემი

0

ნამდვილი ამბავი

 

აკისერუ უსერეთ,

ცა გიორე ონგარ დღას,

ქარ იგანს დო ფურცელეფს

ევრე-ავრე ოფართხანს…*

მურთაზ ჩახავა (მეუფე იონა)

 

მესამე დღემაც ასე ჩაიარა. დიდები თამაშობდნენ – იწყებდნენ და ბოლო არ უჩანდა. მზე რომ გადაიხრებოდა, იმ დროისთვის იკრიბებოდნენ სტადიონზე და დაღამებამდე არ იშლებოდნენ, არ ბეზრდებოდათ წინ და უკან სირბილი, ბურთაობა, კარგებისა და კეთილების შემოძახილი.

იმათ ლოდინს რომ საშველი არ დაადგა, ნაწყენმა და გაბრაზებულმა თოკომ თქვა:

– შანსი არაა, არ გვათამაშებენ ეგენი!

– დილით რომ გამოვიდეთ? – მოაფიქრდა ლევიკოს, მერე დაეჭვდა ცოტათი, – მარა დილით ცხელა, საქონელი ვერ ჩერდება სტადიონზე საბალახოდ, გიჟები ხო არა ვართ?.. ესენი რომ მორჩებიან, პროჟეკტორები ავანთოთ და ღამეც შეიძლება!

– არ გამოვა!

– რატო, ღამე კასანდრა და ხუანიტო იწყება და ვერ გამოტოვებ, ხო?..

– შენ აგერ ცხოვრობ, მე კიდე კილომეტრი უნდა ვიარო სტადიონამდე. ამოდი, ითამაშე, ჩადი… ყურუმ სიბნელეში რა მატარებს!

– სიბნელის გეშინია, ბიჭო? – დაიღრიჯა ლევიკო, სასაცილოდ მოპრუწა ტუჩები, – მოჩვენებები, თეთრი ხალათი რომ აცვიათ და მკვდრის სულები, ძაფს რომ გამოყვნენ საავადმყოფოდან სახლამდი… – წამით სახეზე მოისვა ხელი, თვალები მოისრისა, – ტყუილია ეგ ყველაფერი და ბევრი არ უნდა იკითხო, თორე გამოგასულელებს წიგნები!

თოკო დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო. ყოველთვის უჭირდა ასეთ ტიპებთან გამკლავება, მათი ენა არ ესმოდა, უფრო სწორად, მათნაირად ვერ იძახდა სიტყვებს, ისეთივე დამაჯერებლობით, და თვითონაც ეხამუშებოდა მერე, უთქმელი ბგერა ყელში გაეჩხირებოდა ხოლმე. ერჩივნა, საერთოდ არ ეთქვა და ჩუმად გამდგარიყო გვერდზე, მაგრამ დაჩაგვრისაც ეშინოდა; შეპასუხებასაც უფრთხოდა, ბუნებით ხათრიანი იყო, ამიტომ თვითონაც თანხმდებოდა, რასაც სხვები მოიწონებდნენ.

– სიბნელის ეშინია ბიჭს, – თქვა ლევიკომ და თავისივე ნათქვამში დასარწმუნებლად თოკოს თვალებზე ხელი ააფარა, – ახლა რას ხედავ?

– არაფერს.

– ხოდა, არაფრის როგორ გეშინია?

ცალყბად გაიცინეს ბიჭებმა, იქვე, ღობესთან რომ ატუზულიყვნენ და სიგარეტს აფუილებდნენ ჩუმჩუმად.

– მე ვიცი, მაგას რისიც ეშინია! – თქვა ერთმა, ჩამქრალი ნამწვი ბალახზე ჩაჭყლიტა და შუათითით მოისროლა განზე.

– მაგას მეც მივხვდი, – იხტიბარი არ გაიტეხა ლევიკომ, – სასაფლაოზე რომ უნდა გაიაროს… მკვდრების ეშინია!

– არა. მკვდრების არა.

– აბა ვისი?

– მკვლელის.

– მერე მკვლელს სად ხედავ, ქლიავო?! – გაბრაზდა ლევიკო, თავზე წამოადგა ჩაცუცქულ ძმაკაცს, მხარზე ხელი ჩაავლო და წამოაყენა.

– მკვლელს ვერა, მაგრამ მკვლელის სახლს ვხედავ!

– მაგ სახლს დღეში ასი კაცი ჩაუვლის, დამწვარია, დანახშირებული, დაშლილი და ჩამონგრეული, ვინ უნდა შეაშინოს, თუ ძმა ხარ?

– შენ ვერ გაიგებ!

– რას ვერ გავიგებ, კუკა? ის როჟა პაბეგშია, ეშმაკმა იცის სად, სახლი დაუწვეს, აგურ-აგურ დაუნგრიეს…

– ღამე გინახავს ეგ სახლი?

– როგორ, ღამე?

– ჰო, ღამე… ღამე ჩაგივლია იმ სახლთან?

– არა.

– მკვლელები ღამე ბრუნდებიან, ძმაო, თავიანთ სახლს რომ დახედონ, მოათვალიერონ, უბანში გაიარონ უცხოსავით. მეზობლების ეზო-კარში შეიჭვრიტონ, ეგებ, ვინ იცის, რომელიმემ იმ სახლიდან წაღებული აგურით კედელი ამოიშენა, ვიღაცამ კი ჩუქურთმიანი ჭიშკარი წაათრია და ლაფაროში უდევს სიგრძეზე გაწვენილი და ვინ იცის, რისთვის.

– ზღაპრებს ყვები.

– ხოდა, ზღაპრების რომ სჯერა, მაგ სახლისაც იმიტო ეშინია თოკოს!

– მართლა გეშინია? – მიუბრუნდა დაბნეულ თოკოს ლევიკო, მხარზე ხელი გადახვია და გვერდზე გაიყვანა, – იცი, რა ვქნათ?..

 

 

***

ჩრდილქვეშ, ეზოს გადაღმა შეკრებილან. მუხის ლარივით სწორი და ლამაზად გათლილი ძელები მოუტანიათ. იქვე – ხერხი, ცული, ჩაქუჩი და ლურსმნებით სავსე ყუთი აწყვია.

– არღვლიანი იყოს აქ, – ამბობს ლევიკო, – ხელებს დაგვამტვრევდა ყველას!

– აქ ყოფნა რომ ნდომოდა, ხალხს არ ჩახოცავდა თავის ეზოში!

– ისე მაგარი მოვლილი ჰქონდა აქაურობა, გაკრიალებული. მახსოვს, ბებიაჩემთან ერთად ვიყავი, უკანა მხრიდან ჩავუარეთ ეზოს. ამ ხის ქვეშ იჯდა, ნაჯახი ეჭირა და ბარჯგებს თლიდა. სალამიო, – გამოგვძახა, გამჭოლი და დაჟინებული მზერა გამოგვაყოლა, – ეგ თქვენი საქირსო ღორი რომ გყავთ, დაამწყვდიეთ ან უღელი დაადგით მაგ საცოდავს, თორე ცუდ დღეს მოიწევსო. ბებიაჩემი გაფითრდა, ხმა არ გაუცია.

– მკისრებელი იყო. ბებუთი დაჰქონდა თურმე უშველებელი, ყელზე თოკით ჩამოკიდული, არ უჩანდა, მარა დააძრობდა, სადაც საჭირო იყო. ის კაცებიც მაგ ბებუთით მოუკლავს. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამესაც გადაუწვდინა თურმე, მაგრამ გაექცა.

თოკოს თუნუქის ქილა მოაქვს, კირით სავსე. იღლიისქვეშ საღებავი ფუნჯი ამოუჩრია. `კარებს რომ დააყენებთ, უნდა დავხაზო სტადიონი~ – ამბობს და იღიმება, – `გაზომილი მაქვს თავიდან ბოლომდე. იქ უნდა იყოს მარჯვენა აუტის ხაზი, აქეთკენ, ღობიდან ერთ მეტრში მარცხენა. ცენტრიც ვიანგარიშე, სადაც მოუწევს. ნაღდი სტადიონი გვექნება~.

…გახსნის მატჩზე მთელი უბანი დაპატიჟეს: ბავშვები, მოცლილი მოხუცები და კოხტად გამოპრანჭული გოგოები. მინდორი მართლაც მშვენიერი გამოდგა. ბურთი დააგორეს, თამაშით გული იჯერეს და არც უფროსებისთვის დასჭირვებიათ შეხვეწნა, – თქვენ რომ მორჩებით, ჩვენც გვათამაშეთო.

 

 

***

–   ილო, რავა ხარ?

–   კარგად. შენ როგორ ხარ, ლევიკო?

–   ნიჩივო. სად დაიკარგე? გუშინწინ ახალი სტადიონი გავხსენით, დიდი ამბები იყო, მეგონა მოხვიდოდი.

–   ვა, რა მაგარია! სად?

–   აი მანდ, არღვლიანის ეზოში.

–   იქ რა მინდა! – ძუნწად თქვა ილომ, ქვის სკამს დახედა, ზედ დაყრილ სიგარეტის ნაწვს სული შეუბერა და ჩამოჯდა.

–   იცი, ძველი ფუტბალისტები იყვნენ, ბაბუაჩემის თაობა, კაი გოგოებიც, ერთიც შენი მოწონებული. მოკლედ, სხვა დროს ფიქრში გქონდეს…

 

 

***

–   ლევიკო, ვიღაც არის ჭიშკართან, შენი ნახვა უნდა, – ამბობს ბებია და დივანზე გაწოლილი ბიჭი გაიზმორება:

–   ვინ უნდა იყოს?

სპორტულებს ჩაიცვამს, ბოტასებში გაყოფს ფეხს.

– ვა, ილო, შენ ხარ?

– ჰო. გვიან გაწუხებ. ცოტა ხნით გცალია?

მიდიან, ლევიკო მიჰყვება. აღმართს ჩაივლიან, ლევიკოს უკვირს, რომ სიბნელეში ფეხი არ ერევა. კენჭი და ღორღი ჩხრიალებს, სადღაც შორიდან ჭრიჭინის გაბმული ხმა მოისმის, ქარიც წამოუბერავს. მიდიან, ლევიკო მიჰყვება. უცებ გაჩერდებიან. ფეხქვეშ შეგრძნება – თითქოს დამწვარი საბურავი და სველი ქვიშა.

– სად ვართ? – უკვირს ლევიკოს, შიში გაკრავს გულში, – `რას მოვყვებოდი!~

ილო შემობრუნდება. დგას დოინჯშემოყრილი სიბნელეში.

– სად ვართ? – იმეორებს ლევიკო.

– აი იქ, მარჯვნივ, დამწვარი მანქანა დგას. ეს დრო იყო, ბნელოდა, როცა იმ მანქანასთან ნახეს მამაჩემი, გულში დაჭრილი და თბილი ჯერ კიდევ, ჩამქრალი თვალებით. გულაღმა იწვა, ხელები გადმოეყარა და მუხლში მოკეცილი ცალი ფეხი მანქანის კართან გაქვავებოდა.

– სად ვართ? – ცახცახებს ლევიკო.

– სტადიონზე.

 

 

* `ჩამოღამდა დაღამების გარეშე,

ცადაქმნილი მტირალა დღე ადგას,

ქარბორიო დაუბერავს ფოთლებს და

აქეთიქით მიმობნეულს ფანტავს

კონსტანტინე . გამსახურდიას თარგმანი

კომპლექსური დავალება – ზამთრისა და ზაფხულის შედარება

0

 ანბანის შემდგომი პერიოდი განსაკუთრებულია პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რადგან მათ უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად წერაკითხვა და შესაბამისად, კომპლექსური დავალებების შესრულება კიდევ უფრო სახალისო და საინტერესოა.

გთავაზობთ ანბანის შემდგომი პერიოდისთვის შექმნილი კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს, რომელშიც მასწავლებელს შეუძლია, სურვილისამებრ შეცვალოს რესურსები და აქტივობები, მაგრამ აუცილებელი პირობაა, ყველა რესურსი და აქტივობა მიემართებოდეს გრძელვადიან სამიზნე ცნებას.

 

ძირითადი რესურსი I კლასის სახელმძღვანელო – მშობლიური ენის კვალზე (ავტორები: ნ.გორდელაძე, გ.ჩხენკელი)

თემა – ბუნების მრავალფეროვნება

გრძელვადიანი მიზანისამიზნე ცნება – სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე) (შედეგები: (I). 4, 5, 6)

ქვეცნება – შედარება.

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

  1. სათქმელის გამოსაკვეთად მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების, ტექსტის ერთეულების (მაგ., სათაურის) შერჩევა.
  2. შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე/მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია დეტალების წარმოჩენა, მრავალფეროვანი სიტყვების გამოყენება.
  3. იმისთვის, რომ მკითხველს/მსმენელს გავაგებინოთ სათქმელი, მისი აგებულება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.

საკითხი – ზამთრისა და ზაფხულის სურათების დახატვა და სქემის მიხედვით შედარება.

ქვესაკითხები – წელიწადის დროები. ზეპირი შედარება – მსგავსებისა და განსხვავების აღმნიშვნელი სიტყვები და წინადადებები.

საკვანძო შეკითხვა – როგორ შევადარო წელიწადის ორი დრო? როგორ დავაჯგუფო სეზონების მიხედვით ამინდის, ფერების, გართობისა და ტანსაცმლის აღმნიშვნელი სიტყვები?

 

კომპლექსური დავალებაზამთრისა და ზაფხულის სურათების დახატვა და სქემის მიხედვით შედარება.

ჩახატე ზამთრის და ზაფხულის სურათები და შეადარე სქემის მიხედვით.

 

შეფასების კრიტერიუმები:

შედარებისას წარმოაჩინე:

  • რა მსგავსება და განსხვავებაა ზამთარსა და ზაფხულს შორის (ს.1,2.);
  • რის მიხედვით შეადარე ეს ორი დრო ერთმანეთს (ს.3);
  • მსგავსებისა და განსხვავების აღმნიშვნელი რომელი სიტყვები და წინადადებები გამოიყენე (ს.1).

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება? როგორ უნდა შეადაროთ ერთმანეთს წელიწადის ორი დრო – ზამთარი და ზაფხული?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რის შესწავლა დაგჭირდებათ?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. რა მსგავსება და განსხვავებაა ზამთარსა და ზაფხულს შორის (ს.1,2.); რის მიხედვით შეადარე ეს ორი დრო ერთმანეთს (ს.3); მსგავსებისა და განსხვავების აღმნიშვნელი რომელი სიტყვები და წინადადებები გამოიყენე (ს.1).

ქვესაკითხები: წელიწადის დროები. მსგავსებისა და განსხვავების აღმნიშვნელი სიტყვები და წინადადებები.

რესურსები და აქტივობები

რესურსი 1. მოსწავლის წიგნი ( გვ.132).

აქტივობა 1. სურათის აღწერა.

  • როდის ვიწყებთ სწავლას? წელიწადის რომელი დროა? მერამდენე სურათია? როგორი ფერებია? რას ხედავთ სურათზე? რა ფერის ფოთლები აქვს ხეს? რას აკეთებს გოგონა, რას კრეფს?
  • როდის დგება ახალი წელი? რა ჰქვია წელიწადის ამ დროს? როგორი ფერებია ზამთარში? რომელ სურათზეა დახატული ზამთარი? რას აკეთებს ბიჭუნა?
  • როდის ბრუნდებიან სამშობლოში ჩიტები? რა ჰქვია წელიწადის ამ დროს? რომელ სურათზეა დახატული ზაფხული? რა ფერებია? რას აკეთებს გოგონა?
  • როდის აქვთ მოსწავლეებს დიდი არდადეგები? რა ჰქვია წელიწადის ამ დროს? როგორია ამინდი? რატომ უყვარს ყველას ზაფხული? მერამდენე ნახატია სურათზე? რას აკეთებს გოგონა? სად ისვენებს? თქვენ გიყვართ ზღვა და მზე

რესურსი 2. მოსწავლის რვეული – გვ. 128

აქტივობა 2. შემოხაზე სწორი პასუხი.

რესურსი 3. მოსწავლის რვეული – გვ.128 – ზამთრისა და ზაფხულის სქემა.

აქტივობა 3. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ავსებენ ზამთრისა და ზაფხულის სქემებს.

აქტივობა 4. წინადადებების ზეპირად შედგენა

აქტივობა 5. როლური თამაში – მოსწავლეები ირჩევენ ზამთრისა და ზაფხულის როლებს.

  1. მე ზამთარი ვარ. თეთრი თოვლი მომყავს. ბავშვებს ვახარებ! გუნდაობენ, ციგაობენ, თოვლის

პაპას აკეთებენ და ა.შ.

  1. მე ზაფხული ვარ! მზიანი და ლამაზი! დიდი არდადეგები მომყავს, თამაშის, გართობის დრო!

ზღვის წყალს ვათბობ!

რესურსი 4. დაფა/ფორმატის/ფლიპჩარტის ქაღალდი – ზამთრისა და ზაფხულის მახასიათებლების ცხრილი – დაჯგუფებულია კატეგორიების მიხედვით. (მაგ. ამინდი, ფერები, გართობა, ტანსაცმელი).

აქტივობა 6. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ქმნის ზამთრისა და ზაფხულის მახასიათებლების ცხრილს და ერთობლივად ავსებენ მას.

 

წელიწადის დრო ამინდი ფერები გართობა ტანსაცმელი

 

ზამთარი  

 

ზაფხული  

 

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • ზამთრის რომელი სამი მახასიათებელი გახსენდებათ?
  • რით ხასიათდება კიდევ ზამთარი? რა გახსენდებათ, როცა ზამთარზე ფიქრობთ? კიდევ?
  • როგორ დავაჯგუფოთ თქვენ მიერ დასახელებული მახასიათებლები? რა შეიძლება
  • დავაჯგუფოთ ერთად?
  • რომელი კატეგორიები (ჯგუფები) გამოიკვეთა? რამდენია?
  • კიდევ რომელი მახასიათებელი შეგვიძლია დავამატოთ? მაგალითად, გართობა,
  • დღესასწაულები.
  • როგორ/რით ერთობით ზამთარში? გაზაფხულზე?
  • რა დღესასწაულები გვაქვს ზამთარში? გაზაფხულზე?

რესურსი 5. მოსწავლის რვეული – გვ. 129 ზამთრისა და ზაფხულის შედარების სქემა

აქტივობა 7. მოსწავლეები რვეულში ხატავენ ზამთრისა და ზაფხულის სურათებს,

დამოუკიდებლად ავსებენ შედარების სქემას.

 

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორი ამინდი იცის წელიწადის ამ დროს? (ზამთარი, ზაფხული) როგორია დღე-ღამის ხანგრძლივობა? როგორი ტემპერატურაა?
  • რომელი ფერები ჭარბობს?
  • რა საქმიანობენ წელიწადის ამ დროს სოფლად?
  • რომელია თქვენი საყვარელი გასართობი წელიწადის ამ დროს?
  • რომელი გასართობებია საერთო წელიწადის სხვა დროისთვის? რომელია განსხვავებული?
  • კიდევ რაიმე კატეგორია ხომ არ უნდა დავამატოთ? (მაგ. დღესასწაული)
  • რას ვდღესასწაულობთ ზამთარში? ზაფხულში?

აქტივობა 8. დავალების წარდგენა – მოსწავლეები სქემის დახმარებით წარადგენენ დავალებას, შეადარებენ ზამთარს და ზაფხულს, ისაუბრებენ მათ საერთო და განმასხვავებელ მახასიათებლებზე.

რესურსი მსმენელის დღიური:

მსმენელები ყურადღებით უსმენენ წარმდგენებს და იმახსოვრებენ, რომელი მსგავსება ან განსხვავება დაასახელა ისეთი, რომლისთვისაც მას ყურადღება არ მიუქცევია.

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარისა ხელშესაწყობად

 

ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნაშრომი ნამდვილად შედარებაა?
  • რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • რა დაგეხმარა შედარებაში, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება.

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში.

  • რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით? რომელი მსგავსება ან განსხვავება დაასახელა ისეთი, რომლისთვისაც მე ყურადღება არ მიმიქცევია?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...