პარასკევი, სექტემბერი 12, 2025
12 სექტემბერი, პარასკევი, 2025
მთავარი წაკითხვა

ლიტერატურული კონკურსი – “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

რაზე ფიქრობენ ზვიგენებთან მოცურავე მოზარდები…

0

და სიყმაწვილე, თუ სხვა არ მტრობს, თავის თავს ებრძვის“…

„ჰამლეტი“, ივანე მაჩაბლის თარგმანი

 „რატომ სჩადიან მოზარდები ამდენ სულელურ, სიცოცხლისთვის სახიფათო და გონიერი არსებისთვის აშკარად შეუსაბამო საქციელს? უყურებენ სალ კლდეს და ხედავენ შესანიშნავ კადრებს ვიდეოს გადასაღებად. ჩვენც ვუყურებთ იმავე კლდეს, ოღონდ შფოთვა და სიფრთხილის განცდა გვეუფლება.

და ეს ყველაფერი არაა… ისინი ხშირად არიან საძაგელ ხასიათზე, არიან აუტანლები და სრულიად შეურაცხადები. ფეთქდებიან სულ ციცქნა საყვედურებზე და იმისთანა ემოციურ ქარაშოტს ატრიალებენ, მოგვრილი ბიძგები რიხტერის სკალით შეგვიძლია შევაფასოთ. განუზომელი რაოდენობით ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს ეტანებიან, ისეთ მუსიკას უსმენენ და ისე იმოსებიან, მშობლებს საღი აზროვნების უნარს აკარგვინებენ…“.

ამ კითხვებსა და დასკვნებს გვიზიარებს ნაიჯელ ლატა წიგნში „სანამ თქვენი მოზარდები ჭკუიდან გადაგიყვანენ“.

მოზარდობა განსაკუთრებული ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. გარდატეხის ასაკის თანმდევი ფიზიოლოგიური, ანატომიური, ბიოლოგიური ცვლილებები, ძვრები განსაზღვრავს ქცევას, სოციალურ ურთიერთობებს, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და… უფროსების დამოკიდებულებებსაც მათ მიმართ (ან წინააღმდეგ).

მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია იმის ცოდნა, რა ემართებათ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, რა განაპირობებს მათ ქცევას, განწყობებს, მიმართებებს.

რით განსხვავდება მოზარდების ტვინი ამავე „მოწყობილობის ზრდასრული ვერსიისგან“ – ანუ რა თავისებურებებით ხასიათდება მოზარდის „მართვის სისტემა“.

რამდენიმე ფაქტი:

ადამიანის თავის ტვინის განვითარება 20 წლის ასაკამდე გრძელდება. თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი 19-20 წლის ასაკშია მხოლოდ საბოლოოდ ჩამოყალიბებული. პრეფრონტალური ქერქი „პასუხისმგებელია“ შეგნებული გადაწყვეტილების მიღებაზე, გააზრებული, რაციონალური მოტივების შემუშავებასა და ქცევაში ასახვაზე, დაგეგმვასა და დაგეგმილი ქმედებების შედეგების გააზრებაზე, პრობლემების გადაჭრასა და იმპულსების გაკონტროლებაზე. „მოდი, შევყოვნდეთ და დავუფიქრდეთ, გვინდა თუ არა ამის გაკეთება. სანამ აქედან ისკუპებ, აბა, დაუკვირდი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას!“ – ჩვენს გონებაში მაფრთხილებელი ხმა რომ ისმოდეს და ყოველი სარისკო ქმედების ჩადენის წინ იმაღლებდეს ტონალობას, ეს ხმა სწორედ პრეფრონტალურ ქერქში იქნებოდა ჩასახლებული, სწორედ ისაა გონიერი გადაწყვეტილებების სამყოფელი. მისი წყალობით დავისწავლით სწორ ქცევას, წესებს, შეგვიძლია ვარიანტების გათვლა, მომავლის პროგნოზირება.

ნაიჯელ ლატა წერს:

„სქესობრივი მომწიფების ხანაში თავის ტვინი აყვავებულ ბაღნარს ემსგავსება. უეცრად ყველაფერი იწყებს გაფურჩქნას, აყვავებას, ზრდას. როგორც ყველა ბაღში, სხვლისა და ზედმეტის ჩამოჭრა-ამოძირკვის დროც დგება. იგივე ხდება მოზარდის ტვინშიც – არასაჭირო ნეირონული კავშირები უქმდება, საჭირო და მნიშვნელოვანი კავშირები იკვრება და მტკიცდება. ახლა, როცა ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად იცით (თავის ტვინზე ოპერაციის ჩატარებას ამ ცოდნით ვერ შეძლებთ, მაგრამ მთავარი აზრი ხომ ჩაიჭირეთ…), ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამ საყოველთაო „ქსელში“ ყველაზე ბოლოს პრეფრონტალური ქერქი ერთვება და მეტიც, სქესობრივი მომწიფების საწყის ხანაში ის საერთოდაც, ზომაში იკლებს. ეს ნიშნავს, რომ „გონიერი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიმღები პუნქტი“ სქესობრივი მომწიფებისას ნახევარი სიმძლავრით მუშაობს და მიერთებულიც კი არაა „სხვა მნიშვნელოვან უბნებთან“. ჯანდაბა! შესძახებთ თქვენ და მართლაც! მაგრამ აქ მთავარია, გახსოვდეთ, რომ მოზარდებს ხშირად უბრალოდ არ აქვთ სათანადო მოწყობილობა ამუშავებული სრული დატვირთვით. კერძოდ, ის მოწყობილობა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებადაა აუცილებელი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მოზარდებთან სხვა რამეებიც ვერაა რიგზე…“.

მოზარდებს არ აქვთ მუხრუჭები

ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი – მოზარდებსა და უფროსებს კომპიუტერულ სიმულატორზე მანქანის მართვა დაავალეს. ისინი იღებდნენ ქულებს, თუ ყვითელ შუქნიშანზე ასწრებდნენ გზის გადაკვეთას და კედელთან დროულად დამუხრუჭებას. რასაკვირველია, მოზარდები რისკავდნენ უფრო ხშირად, ვიდრე უფროსები, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო არის ის, რომ მოზარდები რისკავდნენ აუცილებლად, თუ ექსპერიმენტს ესწრებოდნენ მათი თანატოლები.

ერთი-ერთზე, მშვიდ სიტუაციაში, ნებისმიერი მოზარდი კეთილგონივრულად გიპასუხებთ – რა თქმა უნდა, არ ჩავუჯდები მანქანაში მეგობარს, თუ ის ნასვამი იქნება. რეალურ სიტუაციაში ნასვამი მეგობრებისთვის უარის თქმას გაბედავენ ერთეულები.

ნახსენებ წიგნში აღწერილია ასეთი ექსპერიმენტებიც: უფროსებსა და მოზარდებს აჩვენებდნენ ადამიანების გამოსახულებებს. ფოტოებზე შეშინებული სახეები იყო გამოსახული. მოზარდების ტვინის უბნების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ პრეფრონტალურ ქერქში აქტივობა ნაკლები იყო, სამაგიეროდ აქტიურდებოდა ამიგდალა, იგივე ნუშისებრი სხეული, ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც თავის ტვინში ღრმადაა მოთავსებული. ამიგდალა პასუხისმგებელია ემოციების ფორმირებაზე, ემოციური მეხსიერების კონტროლზე, ემოციების ამოცნობაზე. ამასთან, მოზარდები ხშირად სცდებოდნენ და შიშის ნაცვლად ბრაზთან, დაბნეულობასთან, მოწყენილობასთან აიგივებდნენ გამოსახულებებს. ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა გარკვეულ ასაკამდე მოზარდებისთვის რთულია, ამოცნობისას ისინი ემოციური ცენტრით ხელმძღვანელობენ და არა რაციონალურით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმპულსური, „დაუფიქრებელი“, ხისტი ქმედებები მათგან გასაკვირი აღარ უნდა იყოს.

კიდევ ექსპერიმენტი: მოზარდებსა და უფროსებს აწვდიდნენ სხვადასხვა შინაარსის შემცველ წინადადებებს. „ზვიგენებთან ერთად ცურვა“ – ერთ-ერთი ასეთი წინადადებათაგანი იყო. საცდელ პირებს უნდა გადაეწყვიტათ, წინადადება „კარგი იდეაა“ თუ „ცუდი“ და შესაბამის ღილაკზე უნდა დაეჭირათ. „კარგ წინადადებებზე“ უფროსები და მოზარდები ერთნაირად რეაგირებდნენ, „ცუდი იდეების“ ამოსაცნობად და რეაგირებისთვის კი მოზადებს მეტი დრო სჭირდებოდათ. რასაკვირველია, ზვიგენებთან ერთად ცურვა არც მოზარდებს მოსჩვენებიათ მომხიბვლელ იდეად, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მათ მეტი დრო დასჭირდათ! ამასთან, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მეშვეობით მკვლევრები აკვირდებოდნენ პროცესებს, რომლებიც ტვინში მიმდინარეობდა გადაწყვეტილებების მიღებისას. უფროსებში აქტიურდებოდა უბნები, რომლებიც ქმედების თანმდევ შედეგებზეა პასუხისმგებელი და ისინი მიზეზშედეგობრივ კავშირებს სწრაფად ამყარებდნენ, მოზარდები კი იყენებდნენ იმ უბნებს, რომლებიც მსჯელობისა და აწონ-დაწონისას გვიაქტიურდება. გამოდის, უფროსები მყისიერად „ხედავენ“, რა შეიძლება მოჰყვეს ზვიგენებთან ერთად ჭყუმპალაობას, მოზარდებს კი სჭირდებოდათ ამ „ღონისძიების“ მარტივ მამრავლებად დაშლა, აწონ-დაწონა, მსჯელობა და გადაწყვეტილების ამის შედეგად მიღება. ანუ, უფროსები მომენტალურად ხედავდნენ დაახლოებით ისეთივე კადრებს, რომლებიც ყბადაღებულ ფილმ „ყბებშია“, მოზარდების ტვინი კი აუჩქარებლად მიუყვებოდა საფიქრალს“ ჰმ, ზვიგენებთან ერთად ცურვა. დაიცა, მოვიფიქრო…იქნებ…“.

ლაბორატორიულ პირობებშიც კი მოზარდები ასე იქცევიან. ახლა დააყენეთ ნებისმიერი მოზარდი მისივე თანატოლების გარემოცვაში და წარმოიდგინეთ მისი ქცევა, ქმედება, ფიქრები ამ ვითარებაში.

რა უნდა ვუყოთ ამ ცნობებს, ამ გარდაუვალ მოცემულობას, ამ ფაქტებს?

რა ავკრძალოთ, რა გავამკაცროთ, სად მოვუჭიროთ თავისუფლების სადავეებს?

როგორ მივუდგეთ ამ ცოდნას?

ერთადერთი სწორი და უტყუარი დასკვნა, რომელიც უნდა გავაკეთოთ, ესაა – მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები სტიქიასავითაა – ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ გადავასხვაფერებთ იმას, რაც მოცემულია. აკრძალვას, მარწუხებს, მოკლე საბელსა ან კალთაზე გამობმას ვერ შევძლებთ. ჩვენი ერთადერთი სამარჯვი შეიძლება იყოს მოთმინება და მხარდაჭერა. უპირობო მხარდაჭერა როგორც სისულელეების ჩადენამდე, ისე (და განსაკუთრებით!) მათი ჩადენის შემდეგ.

სამყაროს შესწავლის, შეცნობის, კვლევის ეს ეტაპი ყველაზე წარმტაცი და მრავლისმომცემი ეტაპი შეიძლება გახდეს. უფროსის მეგზურობა ამ გზაზე ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მოზარდს აქვს ჩვენი ნდობა, რომ მას ჩვენთან მოესვლება ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც არ უნდა ჩავარდეს.

დანარჩენს – მოევლება.

ყველაფერს მოევლება, მთავარია, ვიქცეთ ისეთ უფროსებად, რომლებსაც ენდობიან, ვისთანაც მიდიან, ვისგანაც განსჯას, სასჯელს, განჩინებას, ვერდიქტს კი არა, უპირობო დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებენ.

 

 

როგორ დავგეგმოთ ავტორთან შეხვედრა

0

მასწავლებლები ყოველთვის ვცდილობთ მოსწავლის წიგნთან მიყვანის სხვადასხვა გზების პოვნას. ერთ-ერთი ნაცადი და ეფექტური მეთოდია მოსწავლის დაინტერესება წიგნის წაკითხვით, რომელსაც შემდეგ მოსდევს ამ წიგნის ავტორთან შეხვედრა. ხშირად, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, გაოცებას იწვევს ეს ფაქტი, ინტერესს აღძრავს და ბავშვები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით იწყებენ წიგნის კითხვას. რა ეტაპები უნდა გავითვალისწინოთ მასწავლებლებმა, როდესაც გადავწყვეტთ, რომ წიგნის ავტორი უნდა მოვიწვიოთ?

პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა გაეცნოს წიგნის ავტორის ბიოგრაფიას. მოიძიოს მის შესახებ ინფორმაცია – აქვს თუ არა სურვილი აუდიტორიასთან შეხვედრის, აქვს თუ არა ამის მზაობა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი თავად გადაამუშავებს ავტორზე ინფორმაციას, უნდა წარუდგინოს მოსწავლეებს, რათა შეუქმნას მათ ერთგვარი წარმოდგენა ავტორზე. პრეზენტაციის დროს სთხოვოს მოსწავლეებს, ჩამოწერონ რამდენიმე შეკითხვა ავტორთან ან ავტორის შესახებ და შეინახონ.

წიგნის არჩევა და გაცნობა

თუ ავტორს რამდენიმე წიგნი აქვს, მასწავლებელს შეუძლია, გააცნოს მოსწავლეებს და ერთობლივად გადაწყვიტონ, რომელ წიგნს წაიკითხავენ, ან თავად აარჩიოს მოსწავლეების მზაობის მიხედვით. წიგნის არჩევის შემდეგ მასწავლებელმა აუცილებლად კლასს უნდა გააცნოს ის. მისი ყდა, დიზაინი, ავტორი, გამომცემლობა. ზოგადად წიგნის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია – რისგან შედგება ის, რა გზას გადის შექმნამდე.

ვიზიტი სტამბაში

სასურველია მასწავლებელმა დაგეგმოს ვიზიტი სტამბაში, სადაც მოსწავლეები რეალურად აღიქვამენ, როგორ ხდება დაწერილი ტექსტიდან ხელშესახებ წიგნამდე გარდაქმნა. სტამბაში ვიზიტი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და საინტერესო იქნება, ვინაიდან ნახავენ, როგორ იბეჭდება გვერდები და იქმნება წიგნი.

კითხვის პროცესი

წიგნის კითხვის პროცესს აუცილებლად დაუსახეთ მიზნად ვადა. მოსწავლეებს დაუწესეთ, რა დროში უნდა დაასრულონ წიგნი. აიღეთ რამდენიმე დღე, რომლის გარკვეულ დროსაც წიგნის განხილვას მოაწყობთ. სთხოვეთ მოსწავლეებს ამოიწერონ პარალელურად ახალი სიტყვები, საინტერესო ფრაზები, ან უბრალოდ მარკირების მეთოდით ამუშავეთ. განხილვის პროცესი მასწავლებელს დაეხმარება, მოსწავლეებს უკეთ გააანალიზებინოს წაკითხული, დაეხმაროს მათ კითხვის პროცესში და მონიტორინგი გაუწიოს, როგორ მიმდინარეობს კითხვის პროცესი.

ნამუშევრების შექმნა

წიგნის კითხვა არ უნდა დარჩეს მხოლოდ წაკითხულ ეტაპად. სასურველი იქნება, თუ პროდუქტს მოსწავლეები თავად შექმნიან. ამისთვის მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს რამდენიმე აქტივობა:

  • სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან გმირის თოჯინები (თოჯინების თეატრისთვის), რომლებსაც შემდეგ როლებში გაითამაშებენ;
  • მოსწავლეებს ეპიზოდების მიხედვით დაავალეთ დიორამების შექმნა;
  • მისწერეთ წერილი გმირებს;
  • შექმენით კითხვების კოლექტიური ყუთი, სადაც წიგნის წაკითხვამდე და მისი დასრულების შეკითხვებს ერთად მოაგროვებთ – ამას გამოიყენებთ ავტორთან შეხვედრის დროს;
  • დადგით მინი-სპექტაკლი – მოსწავლეებმა გაითამაშონ როლებში რომელიმე ეპიზოდი;
  • შექმენით მოსწავლეებთან ერთად ხელნაკეთი წიგნები, ელექტრონული ხმოვანი წიგნები;
  • გადაიღეთ მცირე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, გამოიყენონ უკვე გათამაშებული როლები;
  • მოსწავლეებთან ერთად შექმენით ეპიზოდების კომიქსი.

აქტივობები შეგიძლიათ გადაანაწილოთ უშუალოდ წიგნის კითხვის პროცესის დროს, რათა იყოს უფრო საინტერესო და ინტერაქციული.

როდესაც წიგნის კითხვა დასასრულს მიუახლოვდება, დაგეგმეთ ავტორთან შეხვედრა, რომლისგანაც მზაობა შეხვედრისთვის უკვე გაქვთ. რა მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გაითვალისწინოთ ავტორთან შეხვედრის დაგეგმვის დროს?

  • შეუთანხმდით ავტორს მისთვის სასურველ თარიღზე და შეხვედრის ხანგრძლივობაზე;
  • შეათანხმეთ, ხომ არ სჭირდება ტრანსპორტირება, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყავით ის;
  • გააცანით ავტორს დღის წესრიგი, რას გეგმავთ, რა ფორმატში უნდა წარიმართოს შეხვედრა (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მონაკვეთის კითხვა და განხილვა თუ სხვა);
  • აიღეთ ნებართვა ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ;

ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ავტორის მიმართ გამოვხატავთ რაიმე ფორმით მადლიერებას გაწეული შრომისთვის და არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მადლობის გადახდით.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით ორგანიზებული და ნაყოფიერი შეხვედრა წარიმართება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წიგნის ავტორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენსავით მრავალი საზრუნავი აქვთ, დრო ძალიან ძვირფასია და შეხვედრისთვის ისინი ყოველთვის ხარჯავენ როგორც ადამიანურ რესურსს, ისე მატერიალურს. შესაბამისად, მაქსიმალურად შეეცადეთ კომფორტული გარემო და პირობები შესთავაზოთ, რადგან ისინი თავის მხრივ იხარჯებიან თქვენი მოსწავლეების განვითარებისთვის.

ვინ გამოიგონა ველოსიპედი?

0

მაისში ერთ ჩემს მეგობარს მანქანაზე მუხრუჭებმა და კიდევ რაღაცებმა უმტყუნეს. ეს ყველაფერი გაშლილ ტრასაზე მოხდა, მაგრამ გაუმართლა და მანქანა მაინც დაიმორჩილა. მერე ევაკუატორებით აქეთ-იქეთ ატარა და აღმოაჩინა, რომ თბილისში ბევრი თვითმარქვია ოსტატი ყოფილა. მერე ერთ ცენტრში მიყვანა ურჩიეს. ამ ცენტრში მხოლოდ ასეთ მანქანებს აკეთებდნენ და უცხოეთის მთავარი ოფისის წარმომადგენლობა იყო. ჯერ ხომ ერთი კვირა იმათ მენეჯერს ურეკა და ათასჯერ მოუყვა პრობლემის შესახებ, მერე როგორც იქნა შეხვედრა და დიაგნოსტიკა ჩაინიშნა, მიიყვანა ეს საბრალო მანქანა „ობობათი“, ცენტრმა კი ჰოპ… და არ მიიღო. მენეჯერი გადამალეს, ლობიოს საჭმელად გავიდაო… მერე ძალიან ფერხორციანი (სავარაუდოდ, უკვე წლების ლობიონაჭამი) დირექტორი გამობრძანებულა და ცინიკურად უთქვამს, აქ რას მოდიოდით ბაზრობაზე ნაყიდი მეორადი მანქანითო… მესმის, ჩვენი შოურუმინდან გეყიდათო. ეს ჩემი მეგობარიც აკადემიური წრის წარმომადგენელია და უთქვამს, არ გვაქვს, ბატონო, პროფესორებს შოურუმიდან მანქანის საყიდელი ფულიო და… ჰოდა, ფეხით იარეთ ან ველოსიპედითო, უთქვამს დიდ დირექტორს.

 

ჰმ… რას ერჩი, კაცმა ლობიო ჭამა და ცხოვრება აიწყო და შენ თუ მოკრძალებულხელფასიანი პროფესორი ხარ, რა მანქანები და შეკეთებები აგიტყდა, ვაჰ!

 

და ის ღლაპი მენეჯერი რაღას ეპატიჟებოდა? ბავშვია, შეცდა, რა მოხდა მერე!

 

რომელი ცენტრი იყო?

 

9;8;44;66;53 – ეს ელემენტების რიგობრივი ნომრებისგან შედგენილი შიფრია, ლათინური სიმბოლიკით წარმოიდგინეთ და თვალის ჩაპაჭუნების კაცუნაც არ დაივიწყოთ.

 

რა თქვა, იმ კარგმა კაცმა? ჯერ ველოსიპედით იარეთო?

 

 

1974 წელს იტალიელმა ისტორიკოსმა აუგუსტო მარინიონიმ ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერის „ატლანტიკუსის კოდექსის“ რესტავრაციაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ ორ ერთმანეთზე მიწებებულ ფურცელს შორის აღმოაჩინა ნახატი, რომელზეც ველოსიპედი იყო გამოსახული. ჰო, უნდა ითქვას, ძალიან ჰგავდა.

სურათი აღებულია გვერდიდან https://portolanero.neocities.org/bicycle

ამ განცხადებამ სენსაცია გამოიწვია. გამოდის, რომ და ვინჩიმ დროს 300 წლით გაუსწრო და ველოსიპედი გამოიგონა? 1997 წელს ექსპერტებმა თქვეს, არაო, სურათი ნამდვილი არ არისო… ისე, ჩემი აზრით, ლეონარდო უფრო კარგადაც ხატავდა და უფრო ზუსტადაც, ვიდრე ამ სურათზეა. მთელი ოცი წელი კი კამათი და კვლევა მიდიოდა. განსაკუთრებით, იტალიელ მეცნიერებს სურდათ, რომ სურათი ნამდვილი ყოფილიყო.

 

როდესაც ამ სტატიის თემას ჩავუჯექი, აღმოჩნდა, რომ საკითხზე, თუ ვინ გამოიგონა ველოსიპედი, სერიოზული კვლევა-კამათი ყოფილა. ნამდვილი ველოსიპედის გამოგონებამდე, ჯერ კიდევ 100 წლით ადრე ადამიანები ცდილობდნენ, შეექმნათ ტრანსპორტი, რომელსაც ადამიანი ცხენის გარეშე აამოძრავებდა და სწრაფიც იქნებოდა.

 

როდესაც საბოლოო მოდელი შეიქმნა, იმდენად სრულყოფილი გამოდგა, რომ გაჩნდა განცდა, ამის შექმნას რა უნდოდაო. აქედან იღებს სათავეს გამოთქმა: „ველოსიპედის გამოგონება“.

 

თუმცა, სანამ საბოლოო სრულყოფილი მოდელი შეიქმნებოდა, 1696 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა ჟაკ ოზანამ თავის წიგნში „მათემატიკისა და ფიზიკის თავსატეხები“ დაწერა, რომ ვინმე მუსიე რიშარის ცნობის თანახმად, პარიზში უკვე რამდენიმე წელია არსებობს სავარძელი, რომელიც ბორბლებზე მოძრაობს და აქვს პედალის მსგავსი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მსახურს შეუძლია მგზავრი გადააადგილოს. არავინ იცის, ეს მუსიე რიშარი არსებობდა თუ არა, თუმცა, ოზანამ ეს ე.წ. სავარძელი ისე აღწერა, რომ ბოლოს მართლაც შექმნეს მსგავსი რამ. თუმცა, მათ მოძრაობაში მოსაყვანად ღონიერი მსახურები იყო საჭირო. თან ისე ნელა დადიოდა, რომ ყოჩაღი კაცი ფეხით იოლად გაასწრებდა. რიქშები ამ გამოგონებაზე უფრო ადრეც იყვნენ და უფრო ყოჩაღადაც გარბოდნენო, წერენ.

 

1817 წელს გერმანელმა გამომგონებელმა კარლ დრეზმა ტრანსპორტის სფეროში რევოლუცია მოახდინა და „მორბენალი“ მანქანა შექმნა. ეს იყო ორბორბლიანი ტრანსპორტი, რომელიც ფეხის მიწაზე გაკვრით მიქროდა. მოუხერხებელი კი გახლდათ, მაგრამ იმ დროს ფერმერებს ქერის მოსავალი ვერ მოეწიათ და ცხენის შენახვა ძვირი ჯდებოდა. ასე რომ, ხალხმა არჩია, სჯობს ველოსიპედით ვირბინოთ, ვიდრე ცხენითო..

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან

ამ სატრანსპორტო საშუალებას „დრეზინები“ შეარქვეს. სწორედ ამ პერიოდში დამკვიდრდა ტერმინი Velocipede – ლათინურად ჩქარი ფეხები. „დრეზინზე“ ფულის გამომუშავებას ვინმე ინგლისელი ბიზნესმენი დენის ჯონსონი ცდილობდა. დრეზმა თავისი სატრანსპორტო საშუალების დაპატენტება ინგლისში ვერ მოახერხა. ამით ისარგებლა ჯონსონმა და 1818 წელს ველოსიპედის თავისი ვერსია შესთავაზა ხალხს. ანუ, ისარგებლა „დრეზინის“ დიზაინით და რაღაცები დაამატა. ხალხმა მის გამოგონებას “Hobby Horse” – სათამაშო ცხენი შეარქვა. ჯონსონმა თავისი გამოგონების ტარების კურსებიც გახსნა და საფასურად 1 შილინგი დააწესა. “Hobby Horse” რკინისგან და ხისგან იყო დამზადებული და 25 კგ-ს იწონიდა. ცნობისთვის, თანამედროვე ველოსიპედი ორჯერ ნაკლებს, ხოლო ულტრა მსუბუქი სპორტული კი, ოთხჯერ ნაკლებს იწონის. ჰოდა, მძიმე იყო, მუხრუჭიც არ ჰქონდა და მტრისას, თუ დაღმართზე ჩახვიდოდი და ფეხებით სიჩქარეს აკრეფდი, სერიოზული ტრავმის მიღება წუთების საქმე იყო. ამიტომ, ექიმებმა ველოსიპედი სახიფათო ტრანსპორტად გამოაცხადეს, ხოლო ჟურნალისტებმა გაზეთებში მისი და მომხმარებლების (ვინც მაინც აგრძელებდა ჯირით-სირბილს) კარიკატურების ბეჭდვით შეიქციეს თავი. ის კი არა, გასართობ შეჯიბრებებსაც აწყობდნენ. მაგ. ნიუ-იორკში მოეწყო შეჯიბრება ვირსა და “Hobby Horse”-ს შორის, სადაც ვირმა გაიმარჯვა, რადგან ველოსიპედი შუა გზაზე გატყდა.

 

ამერიკის დიდ ქალაქებში, ქუჩებში ველოსიპედები აკრძალეს, რადგან ყველას ფეხებში ედებოდა და ეჯახებოდა. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენს ქუჩებში მოტოციკლები.

 

1821 ლუის ჰომპერცმა საზოგადოებას ხელის მუხრუჭის დამატება შესთავაზა.

 

1867 წელს კი ფრანგმა მჭედელმა პიერ მიშომ დაახლოებით თანამედროვე ველოსიპედის მსგავსი მოდელი შექმნა. ესეც არ იყო მარტივი მოდელი. ჯერ უნდა გარბენით გაჰყოლოდი, მერე შეხტომოდი, უკვე ამოძრავებული პედალი ფეხებით დაგეჭირა და ტრიალი დაგეწყო. სამაგიეროდ, ჩქარი იყო. პრესაში იმასაც წერდნენ, ორმა ველოსიპედისტმა ელისეს მინდვრებზე, როგორ დაიჭირა ქურდი, რომელსაც პოლიცია ვერ ეწეოდა.

სურათი აღებულია შემდეგი გვერდიდან https://encycloduvelo.fr/2518-2/

აქ უკვე აღარ ჩავუღრმავდები, იმ კამათსა და დავიდარაბას, რითაც ველოსიპედის ამბები გაგრძელდა. ვინ აღარ დაიბრალა, ეს ერთი შეხედვით უბრალო მოდელი პირველად მე მოვიფიქრე, პრაქტიკული განხორციელება დამასწრესო. მათ რიგებში იყო პიერ ლალმანი, ძმები ოლივიები და ა.შ. აქედან, ლალმანმა ამერიკაში გაითქვა სახელი. დღეისთვის საქმე ასეა – ფიქრობენ, რომ ლალმანმა გამოიგონა, მაგრამ ამერიკაში წასვლამდე საფრანგეთში შექმნა ვერ განახორციელა. მაშინ როცა, ძმებმა ოლივიებმა ისარგებლეს და ლალმანიდან მოპარულ იდეას მიშოს ხელით შეასხეს ფრთები.

 

1870 წელს ქუჩებში ე.წ. „პენი ფარტინგები“ გამოჩნდნენ. ცოტა მოუხერხებელი იყო, მაგრამ პირველი სერიოზული მუხრუჭები ჰქონდათ. უფრო მეტიც – იყო სამუხრუჭე სითხის შექმნის მცდელობაც.

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან: https://en.wikipedia.org/wiki/Penny-farthing

დაბოლოს, 1880 წელს უკვე ის ველოსიპედი გამოჩნდა, რომელსაც დღემდე ვიცნობთ და ვიყენებთ.

 

დღეს უმუხრუჭო არაფერი ვარგა. იმ ჩემს მეგობარსაც ჯერ სამუხრუჭე სითხემ და მერე სხვა დეტალებმა უმტყუნა.

 

სამუხრუჭე სითხის (brake fluid) მთავარი კომპონენტი პოლიგლიკოლები მაღალი სიბლანტით ხასიათდებიან, ამიტომ განზავებისთვის ურევენ შედარებით დაბალი სიბლანტის პოლიეთილენგლიკოლის ეთერებ და ესტერებს. ეს არის ორგანული ნაერთები, რომლებიც გახსნიან პოლიგლიკოლებს და სხვა არსებულ კომპონენტებს, რათა მიღებულ იქნას ერთფაზიანი სითხე, რომელიც გამძლე და კარგი საპოხი მასალაა, როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურაზე. მისი სიბლანტე კი შენარჩუნებული იქნება.

 

დამატებით კომპონენტებად გვხვდება:

 

სტაბილიზატორები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში სითხის სტაბილურობას განაპირობებენ;

 

ანტიკოროზიული დანამატები, რომლებიც ჟანგვისგან იცავენ მილისა და ცილინდრის მეტალურ ნაწილებს;

 

საპოხი ნივთიერებები, ამცირებენ ხახუნს და რეზინის დეტალების გამოშრობას უშლიან ხელს;

 

ასევე გვხვდება, ე.წ. წყლის მშთანმთქმელი ნივთიერებები, რომელთა მეშვეობით ტენის გაკონტროლებაა შესაძლებელი.

 

სითხის შეცვლა სტანდარტულად რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ. თუმცა, ალბათ მოხმარების, გზის ხარისხსა და ტარების სიხშირეს გააჩნია და შესაძლოა ყოველ წელსაც დასჭირდეს.

 

ველოსიპედებს რაც შეეხება, ბოლო თაობის მოდელები ჰიდრავლიკური მუხრუჭებით არის აღჭურვილი და შესაბამისად, სამუხრუჭე სითხეც აუცილებელია. ზოგიერთი მწარმოებელი უპირატესობას მინერალური ზეთის გამოყენებას ანიჭებს. ეს უკანასკნელი ნაკლებად შთანთქავს წყალს და უფრო სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ ზეთი და სითხე ერთმანეთის შემცვლელი არ არის, უბრალოდ, ტრანსპორტის სისტემას უთავსდება ან ერთი ან მეორე.

 

მახასიათებელი მინერალური ზეთი (Shimano, Meguro და სხვ.) DOT სითხე (SRAM, Hope, Avid და სხვ.)
ქიმიური საფუძველი გადამუშავებული მინერალური ზეთი + დანამატები პოლიგლიკოლები და ესტერები (სინთეზური ნაერთები)
ჰიგროსკოპურობა (ტენიანობის შთანთქმა) არ შთანთქავს წყალს შთანთქავს წყალს
 ხანგრძლივობა უფრო გრძელვადიანია, შედარებით იშვიათად სჭირდება გამოცვლა საჭიროებს გამოცვლას საშუალოდ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
თერმული გამძლეობა დუღილის წერტილი შედარებით დაბალია, მაგრამ სტაბილურია დუღილის მაღალი წერტილი (DOT 4, DOT 5.1) → უკეთესია ინტენსიური დამუხრუჭებისთვის
ზემოქმედება რეზინზე რბილი მოქმედება აქვს და ნაკლებად აზიანებს უფრო აგრესიულია, შეიძლება დროთა განმავლობაში დააზიანოს რეზინის ნაწილები
შერევა/თავსებადობა მხოლოდ იმავე ბრენდის/ტიპის მინერალური ზეთი DOT სითხეები (3, 4, 5.1) ზოგადად ერთმანეთთან თავსებადია, მაგრამ არასოდეს უნდა შეერიოს მინერალურ ზეთს.
მოვლა  მარტივად ინახება ტენს იწოვს, ამიტომ გახსნილი ჭურჭლით დიდხანს ვერ ინახება
გამოყენება სამოყვარულო ველოსიპედები სპორტული და მაღალი დატვირთვის სისტემები

 

 

აქვე უნდა დაიწეროს, ე.წ. DOT სითხეზე. DOT (Department of Transportation) ამერიკული სტანდარტია, რომელიც სამუხრუჭე სითხის თვისებებს ადგენს და შესაბამისად, რამდენიმე სახის არსებობს.

 

ტიპი ქიმიური კომპონენტი დუღილის წერტილი (მშრალ პირობებში) დუღილის წერტილი (ტენის დროს) ტენიანობის შთანთქმა გამოყენება
DOT 3 გლიკოლი ~205°C ~140°C მაღალი ძველი მანქანები, მსუბუქი დატვირთვა
DOT 4 გლიკოლი + ესტერები ~230°C ~155°C მაღალი თანამედროვე ავტომობილები, ველოსიპედები.
DOT 5 სილიკონი ~260°C არ იწოვს წყალს პრაქტიკულად 0% სამხედრო/სპეცტექნიკა, იშვიათად სამოქალაქო ტრანსპორტში
DOT 5.1 გლიკოლი ~260°C ~180°C მაღალი სპორტული მანქანები, downhill MTB და სხვა მაღალი დატვირთვის მუხრუჭები

 

სანამ ველოსიპედებს ქმნიდნენ, სამყაროში ერთი სიმბოლური დამთხვევა მოხდა.

 

დრეზი 1851 წელს სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა. კარლ დრეზის გარდაცვალებისას, მისი სახლიდან ერთი დამუხრუჭების მანძილზე საცხოვრებლად ახალი ოჯახი გადმოვიდა, სადაც 7 წლის ბიჭუნა იზრდებოდა და ის…

 

კარლ ბენცი გახლდათ – ბენზინის ძრავის მქონე მანქანის გამომგონებელი!

 

 

ბუნება – ჩვენი შვილების მკურნალი

0

მიეცით ბავშვებს თავისუფლება, გაამხნევეთ ისინი; დართეთ ნება, ირბინონ წვიმაში და შეტოპონ გუბეში; მიეცით თავისუფლება, ფეხშიშველმა ირბინონ ცვრიან ბალახზე; ნუ დაუშლით, მშვიდად ჩაძინებას ხის გრილ ჩრდილში და იცინონ და იყვირონ დილაობით, როდესაც მათ მზის პირველი სხივები გააღვიძებენ“.

მარია მონტესორი (Maria Montessori, 1870–1952),

იტალიელი ექიმი, პედაგოგი და განათლების რეფორმატორი

 

საქართველოში ჩვენებური ზაფხული, აგვისტოს ცხელი დღეები დგას და შვებულებების პერიოდიც დაიწყო! ბევრი ჩვენგანი, თბილისური ხვატისგან თავის დასაღწევად, დედაქალაქის გარშემო მდებარე მთებს აფარებს თავს, ბევრი კი უფრო შორეულ მარშრუტებს ირჩევს და შვებულებას ტაბაწყურის, ბაკურიანის, ბორჯომისა თუ რაჭის გრილი საღამოების გარემოცვაში ატარებს, ახლობლების წრეში.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიურ-ემოციური ჯანმრთელობისა და რეკრეაციისთვის. არდადეგებიც სწორედ ამისთვის „გაჩნდა“ ადამიანის ცხოვრებაში: როგორც მოგეხსენებათ, ძველ რომში, ივლისისა და აგვისტოს ყველაზე ცხელ დღეებს, ლათინურ სიტყვას „კანიკულას“ უწოდებდნენ, რაც „პატარა ძაღლს“ ნიშნავს. ამის მიზეზი გახლავთ ბუნებრივი მოვლენა, უფრო სწორად, ასტრონომიული კანონზომიერება – ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე, მზის ამოსვლასთან ერთად ადამიანები ცაზე ხედავდნენ მცირე ძაღლის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავს, სირიუს-კანიკულას. სწორედ ამიტომ, ძველმა რომაელებმა, წლის ყველაზე ცხელ პერიოდს „კანიკულა“ უწოდეს და ამ დროს იმპერიაში საგრძნობლად მცირდებოდა საქმიანობა და აქტივობები. შესაბამისად, ეს საზაფხულო „პაუზა“ რომის იმპერიისა და მის ფარგლებს გარეთაც ცნობილი გახდა და ადამიანებმა (დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ლ.ა.) „ძაღლის დღეები“ (ლათ. Dies caniculares), არაფორმალურად, უქმ, არასადაგ დღეებად დაადგინეს.

დღეს, ისევე როგორც ადრე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი შვილების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას და იმ გარემოს, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან. XXI საუკუნემ და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, მშობლები (და ჩვენი შვილები) სრულიად ახალი და მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დააყენა. უეცრად, სულ რამდენიმე წელიწადში, ადამიანები სმარტ-ტელეფონების, პლანშეტებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების (ე.წ. „გაჯეტების“) გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ბევრი გამოკვლევა ტარდება და ბევრი იწერება სმარტფონებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების მავნე გავლენაზე, ბავშვების მიერ ონლაინ გატარებულ დროზე, მოზარდებში (და მოზრდილებშიც) ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტზე, სხვა დარღვევებზე, რომელთა მიზეზადაც ვირტუალური სამყარო და ბავშვების იქ „ყოფნის“ ხანგრძლივობა სახელდება.

„ჩვენ ძალიან ვღელავთ ყურადღების უნარების შემცირებაზე და იმაზე, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი დეგრადაცია. ამავე დროს, პარალელურად, იზრდება ყურადღება გარესასკოლო აქტივობების და საგანმანათლებლო აპლიკაციების მიმართ, რომლებიც უკავშირდება ბავშვების აქტივობებს სკოლის კედლებს გარეთ, ეზოსა თუ ბუნებაში. სულ უფრო მზარდი სამეცნიერო მტკიცებულებები გვიდასტურებს, რომ შედარებით მარტივი, ეფექტური და ადვილად დასანერგი გამოსავალია ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მძლავრი დადებითი ზემოქმედების „დავიწყებული“ საშუალება: ბუნებასთან კონტაქტი“, – წერს ამერიკელი ფსიქოლოგი, დოქტორი ალიზა პრესმანი.

გთავაზობთ ამონარიდს დოქტორი ალიზა პრესმანის პოდკასტიდან, Raising Good Humans („როგორ აღვზარდოთ კეთილი ადამიანი“), რომელშიც ბავშვების განვითარებაზე გვესაუბრება ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მარკ ბერმანი. ის გარემოსდაცვითი ნეირომეცნიერების სფეროს პიონერი და ახალი წიგნის Nature and the Mind: The Science of How Nature Improves Cognitive, Physical, and Social Well-Being (ბუნება და გონება: როგორ შეუძლია ბუნებას გააუმჯობესოს კოგნიტური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა) ავტორიცაა. გვიყვება, როგორ შეუძლია ბუნების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის ყურადღება, მეხსიერება და ზოგადი კეთილდღეობა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

გარემოსდაცვითი ნეირომეცნიერება აერთიანებს რამდენიმე კომპლექსურ სფეროს, რომელიც ადამიანისა და მის გარშემო არსებული გარემოს კვლევას შეეხება. გარემოს ფსიქოლოგია და კოგნიტიური ნეირომეცნიერება, იკვლევს ჩვენს ტვინსა და ქცევაზე ფიზიკური გარემოს ზემოქმედებას და ჩვენი ტვინისა და სხეულის რეაქციებს ამ ზემოქმედებაზე. დოქტორ ბერმანის კვლევის თანახმად, უბრალოდ ბუნებაში დროის გატარება ადამიანის ყურადღებას 20%-ით უმჯობესდება. ის ამბობს – ეს მხოლოდ კარგი განწყობა არ არის. ეს არის ტვინის ფუნქციის ობიექტურად გაზომვადი გაუმჯობესება.

ბუნებაში ყოფნის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური სიკეთე და „სარგებელი“ მხოლოდ ეროვნულ პარკებში ექსკურსიებსა და მთებში ხანგრძლივ ლაშქრობებს არ უკავშირდება. არ არის აუცილებელი მთელი ოჯახი დავრაზმოთ, აღვჭურვოთ და საკმაოდ ძვირადღირებულ „სამთო ლაშქრობაში“ წავიდეთ. მით უმეტეს ჩვენთვის უცნობ ადგილებში… ბუნებაში გატარებული თუნდაც 15-20-წუთიანი სეირნობა მნიშვნელოვან დადებით შედეგს იძლევა. ძალიან საინტერესო და მოულოდნელია ისიც, რომ ბუნების ფოტოების ყურებაც კი, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, იძლევა მსგავს (თუმცა შედარებით ნაკლებად გამოხატულ) ემოციურ სიკეთეს. „მთავარი კი ის არის“, – ამბობს დოქტორი ბერმანი – „რომ ხშირად ესტუმროთ ადგილობრივ პარკებსა თუ მწვანე სივრცეებს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, და გონებას მოდუნების საშუალებას მისცემთ“.

მიიღეთ და აღიქვით ბუნებრივი ფორმები – დოქტორი ბერმანი და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ბუნების ფრაქტალურობა (ინგლ. Fractalness), ანუ მისი ფორმების განმეორებითობა, რომლებიც ბუნებაში ყველგან გვხვდება, მაგალითად, ხის ტოტების განშტოება, ფიფქის სტრუქტურა, მდინარის დინება თუ ტბის ზედაპირი — ადამიანისთვის განსაკუთრებით ადვილად აღსაქმელია. ტბების, ტყეების, ოკეანეების, უდაბნოებისა და მთების ხედები, თუნდაც იქ არ იმყოფებოდეთ, იმეორებს ამ მნიშვნელოვან ფრაქტალურ დიზაინს.

იქონიეთ მცენარეები სახლში. თუ გარეთ გასვლა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაშინ შემოიტანეთ ბუნება სახლში! მცენარეების განთავსება ინტერიერში და თქვენს ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში, თუნდაც ხელოვნურის, ბუნების ფორმებს იმეორებენ და დადებით გავლენას ახდენენ თქვენს გონებასა და შეგრძნებებზე, რადგან ისინი თქვენთვის ნაცნობი და აღქმადი ბუნებრივი ფორმებია! ავეჯისა და ხალიჩების შერჩევისას გაითვალისწინეთ დიზაინები, რომლებიც ამ ფრაქტალურ სტრუქტურებს მოიცავს. ზედმეტად ნუ გადააჭარბებთ (ბუნებრივი ფორმებისთვის საცხოვრებელი სივრცის 15–20% გამოიყენეთ), მაგრამ ყვავილები და მწვანე მცენარეები ჩართეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.

ხშირად იყურეთ ფანჯრიდან. გაიხედეთ გარეთ და დააკვირდით, როგორი ხედია თქვენი ფანჯრიდან. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ბუნების მოკრძალებულ ხედებს უყურებდნენ, ერთი დღით ადრე გამოჯანმრთელდნენ და ნაკლები ტკივილგამაყუჩებელი დასჭირდათ, ვიდრე მათ, ვინც აგურის კედელს უყურებდნენ. ასევე, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კომპლექსებში მცხოვრებმა ბავშვებმა, რომლებსაც ფანჯრიდან ბუნების ხედები ჰქონდათ, კვლევების შედეგად მეტი ყურადღება და თვითკონტროლის უნარები გამოავლინეს; იგივე შედეგი იყო მოზრდილებშიც — მათ ნაკლები აგრესია და დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ! ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ბუნებასთან თუნდაც პასიური შეხება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის პირობებში ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ეცადეთ, თქვენი ფანჯრიდან ხედები ბუნებას უყურებდნენ.

დაანებეთ თავი რადიოს ან პოდკასტების მოსმენას! ირონიულია, მაგრამ გეტყვით, თუ ბუნებაში ხართ, პოდკასტებისა და მუსიკის მოსმენა დროებით უნდა შეწყვიტოთ — ბუნების ხმებს და მათ მოსმენას დიდი აღდგენითი (რეკრეაციული) ეფექტი აქვთ. სეირნობისას მოიხსენით ყურსასმენები და უბრალოდ მოუსმინეთ გარემოს. თუ ეს რეალური ბუნების ხმები არ არის, სახლში ოჯახის წევრებთან ერთად სცადეთ ბუნების ხმების ჩანაწერის მოსმენა.

ჩაანაცვლეთ დღის მეორე ნახევრის გაღიზიანება სეირნობით – დოქტორი ბერმანი ამბობს, რომ ბუნებაში დასვენება ყველაზე ეფექტურია. შუადღის ის პერიოდი, როცა ყურადღება ქვეითდება და გაღიზიანება მატულობს, იდეალური დროა ბუნებაში გასასვლელად; შეწყვიტეთ „დროის გატარება“ ტელე-სმარტფონ-ეკრანების „სქროლინგში“, ან სოციალურ ქსელების უსასრულოდ ფურცვლაში! ეს კიდევ უფრო ფიტავს თქვენს გონებას და მეტად გაღიზიანებთ. თუ თქვენს შვილებს ყურადღების დეფიციტის ან გაღიზიანების ნიშნებს შეატყობთ, ბუნებაში მცირე გასეირნება შეიძლება, სწორედ ის წამალი იყოს, რომელიც მათ სჭირდებათ. გახსოვდეთ, მცირე გასეირნებაც კი გამოსავალია — ადგილობრივი პარკი, ეზო ან თუნდაც ყვავილების სურნელზე გაჩერება. ეს ყველაფერი სიკეთეს მოიტანს!

„ბავშვებს უყვართ ბუნება“ – უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული მცდარი შეხედულებაა. კვლევები აჩვენებენ, რომ ოთხი-ხუთი წლის ასაკის ბავშვებს ურბანული გარემოსა და ბუნებისადმი დამოკიდებულება და პრეფერენციები ასაკთან ერთად უყალიბდებათ. თუმცა ეს არ აკნინებს იმ დადებით ეფექტს, რომელსაც ბუნება ახდენს ადამიანზე. ბუნებაში დროის გატარების წახალისება, ან ბუნების სახლში შემოტანა სასიკეთოა ჩვენი შვილებისთვის.

„ალგორითმული ლევიათანი“ ანუ როცა ალგორითმი გაკონტროლებს

0

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, სადაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ პლატფორმებზე მიმდინარეობს, სულ უფრო ხშირად ვაწყდებით  უხილავ, მაგრამ ყოვლისშემძლე ძალას – ალგორითმს. რა ხდება, როდესაც ეს ავტომატიზებული სისტემა, კონტექსტის გააზრების გარეშე, ჩვენს მსაჯულად, ცენზორად და ზოგჯერ დამსჯელადაც გვევლინება? და საერთოდ, საით მივყავართ ალგორითმების ასეთ „ქცევას“?

ალგორითმების „შავი ყუთი“

ალბათ ყველას გქონიათ გამოცდილება, როდესაც რომელიმე პლატფორმა „გსჯით“ იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაგიდენიათ და მიგანიშნებთ რაღაცა ტიპის დარღვევაზე, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვთ. მაგალითად, მახსოვს ერთხელ რაღაც ტესტი დავდე ფეისბუკზე, სურათზე გამოსახული იყო: ძროხა, ქათამი და ბალახი და მომხმარებლებს ვთხოვდი, დაეჯგუფებინათ. ვინც კი სიტყვა „ქათამი“ დაწერა კომენტარში, ფეისბუკის ალგორითმმა ყველას კომენტარი წაშალა და გაფრთხილება მისცა, მათ შორის, მეც. ვერაფრით ვერ მივხვდი და დავიწყე გამოკვლევა, რა მოხდა და რატომ დავისაჯეთ. აღმოჩნდა, რომ სიტყვა „ქათამი“ რაღაც კოდური სიტყვაა, რომელიც ფეისბუკის „შავ სიაშია“ შეტანილი. „შავი სია“ ნიშნავს იმ აკრძალულ სიტყვებს, რომელთა გამოყენებაზეც მომხმარებლებს ბანი ედებათ. ჩვენ არ ვიცით ყველა სიტყვა, რომლის გამოყენებაც „ისჯება“ და ზოგს მაშინ ვიგებთ, როცა შეტყობინება მოგვდის.

ცოტა ხნის წინ კი Open AI – ის ალგორითმმა მოულოდნელად მთელი 2 წლის ანგარიში წამიშალა (თავისი ჩატებით, თასქებით, ჯიპიტებით, ასობით ჩატით, სტატიით, სამუშაო საქაღალდეებით და ასე შემდეგ). მეილზე მომწერა, რომ ჩემს კონტენტში აღმოაჩინეს ძალადობის შემცველი სიტყვები. რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და პასუხად მივიღე, რომ განიხილეს და ძალაში ტოვებენ გადაწყვეტილებას ანგარიშის წაშლის შესახებ და რომ აპელაცია აღარ განიხილება.  მხოლოდ ამ მოკლე აბსტრაქტული განცხადებით შემოიფარგლნენ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (განვიხილე ეს თემა სხვა ჩატბოტებთან), იმ დასკვნამდე მივედი, რომ ChatGPT -ის ალგორითმმა დამსაჯა საბავშვო წიგნისთვის ილუსტრაციების შექმნის გამო; კერძოდ, პრომპტში გამოყენებული ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა: ბავშვი ნაძვის ხეს ჩაეხუტა, გოგონა დაწვა საწოლში და ბებომ ზღაპარი წაუკითხა, ლეკვმა ბიჭუნა ალოკა…  რაც არ უნდა ვიმეორო, რომ ალგორითმი უსამართლოდ მომექცა, არაფერს არ ცვლის ეს აღშფოთება. ალგორითმისთვის არ არსებობს სამართლიანი/უსამართლო ქცევა, მისთვის არსებობს აკრძალული ლექსიკის „შავი ყუთი“, რომლის შესახებაც მომხმარებელს უმეტესად წარმოდგენა არა აქვს. ამ დიდი „კაპიტალის“ დაკარგვის შემდეგ (2 წლის ჩატები), გადავწყვიტე, უფრო დეტალურად შემესწავლა ეს თემები და საზოგადოებისთვისაც ინფორმაცია მიმეწოდებინა, რადგან სხვაგვარად თავდაცვა უბრალოდ არ არსებობს. ალგორითმს არ აინტერესებს შენი ქცევები, ის რეაგირებს შენს ლექსიკაზე, რომლის კონტექსტში აღქმაც კი არ შეუძლია, თორემ ნახავდა, რომ როცა ვწერდი პრომპტში: „ბავშვი თამაშობს“, მართლა ბავშვის თამაში მქონდა მხედველობაში. ეს რომ ერთეული და მხოლოდ ჩემი შემთხვევა ყოფილიყო, განხილვად არ ეღირებოდა, მაგრამ ასე ხდება მასიურად.

ალგორითმული მმართველობა

ამ საკითხის კვლევისას მივადექი  ახალ თემას: ეს არის ალგორითმული მმართველობა. ალგორითმი გაიძულებს, გაითვალისწინო მისი შეზღუდვები, ის გიწესებს სოციალურ პლატფორმაზე თავისი თამაშის წესებს და თან ისე, რომ ბოლომდე და ღიად ამის შესახებ ინფორმაციას არ გაწვდის.

ეს ყველაფერი უფრო შორსაც მიდის, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს უკვე „ალგორითმული პოლიცია“, რომელიც სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს დანაშაულის ჩადენამდე.

პრობლემას ამძიმებს ის, რომ ციფრული ინდექსები ხშირად ცდომილებითაა სავსე. სტატისტიკურად, ალგორითმული ფილტრები მნიშვნელოვანი რაოდენობით ცრუ დადებით სიგნალებს (false positives) გამოიმუშავებენ. მაგალითად,  predictive policing-ის სისტემაში 94,000-დან მხოლოდ 277 შემთხვევა დადასტურდა სწორ პროგნოზად.[1]

ზემოთ განხილული პრევენციული და სემიოტიკური მექანიზმების შერწყმით წარმოიშობა პარადოქსული რეალობა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „ლინგვისტური დანაშაული“. ეს არის სიტუაცია, როდესაც საწყისი „დანაშაული“ მხოლოდ ენაში/ლექსიკაში არსებობს: მომხმარებლის მიერ დაწერილ სიტყვებში, ან ალგორითმის მიერ მათთვის მინიჭებულ ინტერპრეტაციაში  და არა ობიექტურ რეალობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენობრივი გამოხატულება იქცევა „დანაშაულად“, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ უკანონობას ადგილი არ ჰქონია.

ეს ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და თავად სამართლიანობის პრინციპებს ციფრულ სივრცეში. როცა ალგორითმი ხდება მოსამართლე, ჩნდება ე.წ. „ალგორითმული ლევიათანი“, რომელიც უსამართლოდ უზღუდავს მომხმარებლებს უფლებებს. კვლევები ადასტურებენ (Algorithmic Arbitrariness in Content Moderation Juan Felipe Gomez , Caio Vieira Machado, Lucas Monteiro Paes, Flavio P. Calmon)[2] რომ მასშტაბური ავტომატური მოდერაცია ქმნის ისეთი გარემოს, სადაც ალგორითმი დომინანტურად აკონტროლებს ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის თავისუფალ კომუნიკაციას. მაგალითად, დიდ პლატფორმებზე არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ავტომატურმა ფილტრმა უაპელაციოდ დაბლოკა ლეგიტიმური კონტენტი ან განარიდა დისკუსიიდან მომხმარებელი პროცედურული გამჭვირვალობის გარეშე. ასეთი შემთხვევა განმარტებულია, როგორც „ალგორითმული თვითნებობა“, სადაც კოდით დაწესებული ენა/ალგორითმი სჯის ცოცხალ ადამიანს სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობის გარეშე.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, კარენ იეუნგი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც  ტერმინი „ალგორითმული ლევიათანი“ აკადემიურ დისკურსში დაამკვიდრა (Karen Yeung – “‘Hypernudge’ and the ‘Algorithmic Leviathan’”). ნაშრომში ის აანალიზებს, თუ როგორ იყენებენ ალგორითმული სისტემები „ჰიპერ-ბიძგის“ (Hypernudge) ტექნიკას ადამიანების ქცევის სამართავად ფაქტობრივად უხილავად და ავტომატიზებულად. ის პირდაპირ უკავშირებს ამ ახალ მარეგულირებელ ძალას ჰობსის ლევიათანის განახლებულ, უფრო ყოვლისმომცველ და ნაკლებად ანგარიშვალდებულ ფორმას.

„ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიმღები სისტემები, რომლებიც დიდ  სექტორზე უნიფიცირებულ შეფასებებს აკეთებენ  და რომლებსაც მოკლედ შეგვიძლია ვუწოდოთ „ალგორითმული ლევიათანები“ – მორალურად შემაშფოთებელი გზებით ზღუდავენ ადამიანების შესაძლებლობებს.“[3]

„შესაძლებლობების მონოპოლია“ არის ძალიან მძლავრი მეტაფორა, რომელსაც იყენებს Karen Yeung და  რომელიც აღწერს სისტემას, სადაც ინდივიდს აღარ აქვს ალტერნატივა და მისი ცხოვრების ტრაექტორია ერთიანი, უხილავი ძალაუფლების მიერ კონტროლდება.

Antoinette Rouvroy & Thomas Berns – “Algorithmic Governmentality and the End of the World”  ავტორები ამ ნაშრომში ფუკოს „მმართველობის“ (Governmentality) იდეას ავითარებენ და თანამედროვე ციფრულ სამყაროს არგებენ. ისინი აღწერენ „ალგორითმულ მმართველობას“, როგორც მართვის ახალ რეჟიმს, რომელიც უგულებელყოფს სოციალურ ნორმებს, კანონებსა და რეფლექსიას და მათ ნაცვლად ეყრდნობა მონაცემთა კორელაციებსა და ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს. [4]

რუვრუა და ბერნსი აანალიზებენ მმართველობის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას, რომელიც ფუკოს მიერ აღწერილ დისციპლინარულ და ბიოპოლიტიკურ საზოგადოებებს ცვლის. მათი მთავარი არგუმენტებია:

გადასვლა ნორმებიდან სიგნალებზე: ტრადიციული მმართველობა ეფუძნებოდა კანონებს, წესებსა და ნორმებს (ანუ იმას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი). „ალგორითმული მმართველობა“ კი ამას გვერდს უვლის და პირდაპირ მონაცემთა უწყვეტ ნაკადზე – „სიგნალებზე“ – ოპერირებს. ის არ გეუბნება, რა არის სწორი, არამედ პროგნოზირებს, თუ რას გააკეთებ სავარაუდოდ მომავალში.

არანორმატიული კონტროლი: ეს მმართველობა არ არის მორალური ან იდეოლოგიური. მისი მიზანი არ არის ინდივიდის გამოსწორება ან დასჯა, არამედ სისტემის ოპტიმიზაცია და პოტენციური რისკების წინასწარ მართვა. ის არ კრძალავს, არამედ „პროფილაქტიკურად“ ზღუდავს არასასურველ ქცევას, სანამ ის მოხდება.

კრიტიკისა და სუბიექტის დასასრული: რადგან ეს სისტემა არ ეფუძნება გასაგებ წესებს (არამედ გაუგებარ კორელაციებს „შავ ყუთში“), ინდივიდს არა აქვს კრიტიკის შესაძლებლობა. შენ ვერ შეეწინააღმდეგები იმას, რისი ლოგიკაც არ გესმის. ეს იწვევს ტრადიციული, რაციონალური სუბიექტის გაქრობას. სწორედ ეს არის სათაურში ნახსენები „სამყაროს დასასრული“ –  იმ სამყაროსი, რომელიც საერთო მნიშვნელობებსა და კრიტიკულ აზროვნებაზე იდგა.

ალგორითმული ლევიათანის ონტოლოგია

ალგორითმული ლევიათანი  უბრალოდ ხელისუფლების ახალი ფორმა კი არ არის, არამედ რადიკალურად განსხვავებული ონტოლოგიური ფენომენია, რომელსაც რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი აქვს:

  • უსხეულობა (Incorporeality): ალგორითმულ ლევიათანს არ გააჩნია მატერიალური სხეული, ფიზიკური ფორმა. ეს მის წინააღმდეგ წინააღმდეგობას უკიდურესად ართულებს – როგორ ვებრძოლოთ იმას, რასაც სხეული არ გააჩნია?
  • ყველგანმყოფობა (Omnipresence): ის ყველგანაა, სადაც კი ციფრული ტექნოლოგია არსებობს. ის არ მოძრაობს სივრცეში; ის თავად არის სივრცე – ციფრული სივრცე.
  • კვაზი-ყოვლისმცოდნეობა (Quasi-omniscience): მისი „ცოდნა“ მონაცემთა მასივების ანალიზს ემყარება. ის მომხმარებლის ქცევას ხშირად თავად მომხმარებელზე უკეთ „იცნობს“. 

ძალაუფლების ახალი არქიტექტურა

ალგორითმული ლევიათანი ძალაუფლების სრულიად ახალ არქიტექტურას ქმნის: ის არ აყალიბებს ძალაუფლების კლასიკურ ვერტიკალს. მის ნაცვლად, ის ქმნის ქსელურ, რიზომულ (rhizomatic) სტრუქტურას, სადაც კონტროლი ყველგანაა და, ამავდროულად, არსად. მიშელ ფუკოს ტერმინოლოგიით, ალგორითმული ლევიათანი მიკრო-ძალაუფლების ლოგიკით მოქმედებს: იგი არა მხოლოდ კრძალავს, არამედ აწარმოებს და მიმართულებას აძლევს სურვილებსა და ქცევებს. ეს არის პანოპტიკონი 2.0: – ბენთამის პანოპტიკონის იდეის ციფრული ევოლუცია, სადაც მეთვალყურეობის მექანიზმი დეცენტრალიზებული და ინტერნალიზებულია — სუბიექტი თავად ხდება საკუთარი თავის მაკონტროლებელი.

დასკვნის მაგიერ:

აი, ასეთ მოცემულობაში ვართ ციფრული ეპოქის კონტექსტში, სადაც უხილავი კოდი ჩვენი სოციალური ქსოვილის არბიტრად იქცევა. კრიტიკული აზროვნება და სიფხიზლე აუცილებელია, რათა ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე ტექნოლოგიურმა გიგანტმა წყალში არ ჩაგვიყაროს წლების ნაშრომი და ჩვენს ციფრულ იდენტობას არ დაეწეროს ERROR.

ამ მოცემულობიდან შეგვიძლია დავასკვნათ:

  1. ტექნიკური იმპერატივი: ციფრული ავტონომია. ყველაზე პირდაპირი და პრაგმატული გაკვეთილი მონაცემთა სუვერენიტეტის აუცილებლობაა. ყოველთვის ჩამოტვირთეთ, დააარქივეთ და შეინახეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ლოკალურ ან პირად ღრუბლოვან საცავში. ინსტრუმენტებზე დამოკიდებულება სტრატეგიული სისუსტეა. ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება არ უნდა იყოს ერთი კომპანიის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
  2.  დაკარგული კონტექსტის კრიზისი. „ალგორითმული ლევიათანი“ ქმნის სემანტიკურ ვაკუუმს, სადაც სიტყვები მოწყვეტილია თავის კონტექსტს, განზრახვასა და კულტურულ ნიუანსებს. ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ მნიშვნელობის შენარჩუნებისთვის. ეს ნიშნავს ახალი „ციფრული წიგნიერების“ სტანდარტების შემუშავებას, რომელიც მომხმარებელსაც და დეველოპერსაც კონტექსტის კრიტიკულ მნიშვნელობას ასწავლის.
  3. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნა. ჩვენ, როგორც მომხმარებლებმა და ციფრულმა მოქალაქეებმა, უნდა მოვითხოვოთ ალგორითმული პროცესების გამჭვირვალობა. „შავი ყუთი“ უნდა გაიხსნას. აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები და ადამიანური ჩართულობით მოქმედი სააპელაციო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მანქანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს საბოლოო და უპირობო განაჩენი.
  4. ცნობიერების ბრძოლა ავტომატიზაციის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა სცილდება ტექნოლოგიურ და სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს არის ბრძოლა ადამიანური ნების, კრიტიკული აზრისა და ცნობიერი გადაწყვეტილების დასაცავად მზარდი ავტომატიზაციის საპირისპიროდ. „ალგორითმული ლევიათანი“ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს მონაცემებს, არამედ ჩვენს უნარს, ვიყოთ რაციონალური, მორალური და თავისუფალი სუბიექტები. ამიტომ, ამ უხილავ ძალასთან დაპირისპირება ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეგზისტენციალური ამოცანაა.

  პირველი ნაწილის დასასრული…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1] https://algorithmwatch.org/en/algorithmic-policing-explained/#:~:text=Some%20findings%20on%20the%20rate,3%20per%20cent

[2]https://ar5iv.labs.arxiv.org/html/2402.16979v1#:~:text=model%20multiplicity%20compares%20to%20unambiguous,discussed%20and%20passed%20in%20many

[3] Karen Yeung – “‘Hypernudge’ and the ‘Algorithmic Leviathan’” – https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3786377

[4] https://shs.cairn.info/revue-reseaux-2013-1-page-163?lang=fr

აკაკის სიზმრად მოვლენილი ნათლის სვეტი

0

გაღმერთებული სამშობლო

აკაკი წერეთელთანაც, როგორც ილიასთან, მამულის ცნება, სამშობლოს სიყვარულის გრძნობა საკრალიზებულია.

აკაკი წერეთლის შემოქმედებაში უამრავ ისეთ სახე-სიმბოლოს მოუყრია თავი, რომელთა არქეტიპები თუ ფესვები უძველეს ქრისტიანულ კულტურასა და მწერლობაშია საძიებელი, თუმცა ეპოქისა და მწერლის ინდივიდუალური ხედვის შესაბამისად ტრანსფორმირებულები. ამასთან ქრისტიანულმა სიმბოლიკამ აკაკისთან მხატვრული ფუნქციაც კარგად შეითვისა და განსხვავებული სახით წარმოჩნდა. მაგრამ ძირითადი დანიშნულება და ქრისტიანული შინაარსი შეინარჩუნა, უფრო მეტიც, მათ ქრისტიანულ, სარწმუნოებრივ შინაარსს ეროვნული შინაარსიც დაუკავშირა, რაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეპოქის მწერლობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანია.

აკაკი წერეთლის პროზასა თუ პოეზიაში სიზმარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც დამაკავშირებელ რგოლს ამქვეყნიურობასა და ზეციურს შორის. მხატვრული თვალსაზრისით, ლიტერატურაში სიზმარს ხშირად იყენებენ, თუმცა აკაკი წერეთლის „სიზმრები“ არ არის მხოლოდ მხატვრული ხერხი, ის ხიდის, ლიმინალური ზღურბლის ფუნქციასაც ასრულებს. თავის თავში აქცევს აწმყოს წარსულს და მომავალს, რითაც მარადიულობის ილუზიას ქმნის, დროის ერთიანი, დაუნაწევრებელი მსვლელობა კი ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია.

აკაკი წერეთლის მიერ საკუთარ შემოქმედებაში სიზმრების მოხმობა და ხშირ შემთხვევაში სათაურად მათი გამოტანა (ლექსი: „სიზმარი“, მოთხრობა: „ორი სიზმარი“ და სხვ.) იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ავტორი შეგნებულად და გააზრებულად მიმართავს სიზმრებს, რაც არა მხოლოდ მხატვრული სამკაულია, არამედ ეპოქის მიერ ნაკარნახები საჭიროებაც. კ. იუნგი არქეტიპებზე მსჯელობისას აღნიშნავს: „… მრავალი ასეთი არქეტიპული ხატი არსებობს, მაგრამ ისინი არ წარმოაჩენენ თავს სიზმარსა თუ ხელოვნების ნაწარმოებში, თუკი საერთო გზიდან გადახვევა არ აამოქმედებს მათ. როცა შეგნებული ცხოვრება ცალმხრივი ხდება ან მცდარი გზით მიემართება, ეს ხატები „ინსტინქტურად“ ამოდიან ზედაპირზე სიზმრებსა და ხელოვანის ან ნათელმხილველის ფანტაზიებში, რათა აღადგინონ როგორც ინდივიდის, ასევე ეპოქის ფსიქიკური ბალანსი“. აკაკიმ იგრძნო საფრთხე, რომ მისი სამშობლო, მისი „ხატი“ ტრადიციული გზიდან უხვევდა, გარეგან თავისუფლებაწართმეული შინაგან თავისუფლებასაც კარგავდა, ქრისტეს მცნებებს ივიწყებდა, მცდარი გზით მიდიოდა, „გარუსება“ დღითიდღე უფრო საშიში ხდებოდა, ქართველთა გულებში რაღაც უხილავი ძალა სამშობლოს ჩანაცვლებას ცდილობდა. სწორედ ამ საკითხების გაცნობიერების კვალდაკვალ მწერლის შემოქმედებაში ამოტივტივდა უძველესი ქრისტიანული არქეტიპი – ნათლის სვეტი. აღსანიშნავია, რომ ნათლის სვეტი აკაკისთან სიზმრებში ვლინდება. ქრისტიანული თვალთახედვით, რაც სიზმრად ეძლევა ადამიანს, ერთი ოცნებაა, მეორე ჩვენება და სხვა გამოცხადება. „გამოცხადება წმინდა და ნათლითმოსილი სულის ზემგრძნობიარე ჭვრეტაა, რომელიც ამა თუ იმ საკვირველ ღვთიურ საქმეებსა და დაფარულ საღმრთო საიდუმლოებებს წარმოაჩენს“. მიგვაჩნია, რომ აკაკის „სიზმრები“, სადაც წარმოჩნდა ნათლის სვეტი, გამოცხადებაა, იგი უფრო მეტია, ვიდრე სიზმარი. ძველი აღთქმის წიგნებში სიზმრები ღვთის ნების გაცხადების ერთ-ერთი საშუალებაა.

„ბაში-აჩუკის“ დასაწყისშივე აღწერილია მოძღვრის სიზმარი, რომელიც ერთგვარი შინაარსია, წინასწარმეტყველებაა ნაწარმოებისა, იგი პირველი წერტილია აქ მოთხრობილი ამბის განვითარებისა. სიმბოლური სახეებითაა წარმოდგენილი საქართველო, მტერი და სამი ჭაბუკი. ეს სიმბოლური სახეები ისეთი სახეებია, რომლებიც ადვილად ასახსნელია. ნაწარმოების მსვლელობის დროს კი ამ სიმბოლურ სახეებს ნელ-ნელა ფარდა ეხდება, ნელ-ნელა კარგავენ თავის სიმბოლურობას და რეალურ სახეებად ყალიბდებიან. ეს რეალური სახეები კი ზედმეტად რეალურნიც კი არიან, ისტორიულად არსებულნი. ზღაპრული სახეებიდან (გველეშაპი, თეთრი მხედარი და სხვ.) ისტორიამდე – აი გზა, რომელსაც „ბაში-აჩუკის“ მკითხველი გადის. ამ შემთხვევაში ნაწარმოებში მოხმობილ სიზმარს, გარდა მხატვრული ფუნქციისა, გარდა კვანძის შეკვრის დანიშნულებისა, უფრო არსებითი როლიც აკისრია. ეს არის ირეალურისა და რეალურის შეკავშირება, ერთგვარი მედიუმობა, შუამავლობა. სწორედ ამ ლიმინალურ ზღვარზე, რომელიც „არც იქითაა“ და „არც აქეთ“, გვევლინება ნათლის სვეტი, სამშობლოს მტრის (გველეშაპის) დამმარცხებელი სამი მეომრის ცხედარზე გადმოსული. „შიგ რომ შევედით, საყდარი ცარიელი იყო, მხოლოდ აღსავლის კარებთან ის სამი მეომარი ესვენა: ამ სოფლით გასულიყვნენ… თავზე ნათლის სვეტი ადგათ და მაღლით გალობა გუნდთა ისმოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“ და სხვანი“. აქაც, როგორც ჰაგიოგრაფიაში, ნათლის სვეტი მსხვერპლშეწირვის ჟამს ვლინდება, როგორც ნიშანი ღვთისა, ან ღვთისჩენა, მოწამის წმინდანად შერაცხვის მაუწყებელი. თუმცა ჰაგიოგრაფიაში რწმენას, უფალს ეწირებიან მსხვერპლად, აკაკისთან კი, როგორც ილიასთან, მსხვერპლშეწირვის საგანი სამშობლოა. ამ ორ მწერალთან მამულის იდეა ღმერთამდეა აყვანილი. „ბაში-აჩუკში“ ეს კარგად ჩანს, როდესაც ავტორმა საქართველო ცხოვრების ხედ, სვეტი ცხოვლის უძველეს პარადიგმად, ბიბლიურ ცხოვრების ხედ წარმოსახა: „საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დარჩენილი და ზედ ქრისტეს რჯული დამყნილი… ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამებრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად!..“.

მამულისთვის, სამშობლოს თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი, მოწამეობა ნათლის სვეტით მტკიცდება, მოწმდება მათი მსხვერპლშეწირვა – „უფალი სამშობლოსთვის“. ეს ნათლის სვეტი კი ის ნათლის სვეტია, ქართული ჰაგიოგრაფიის გმირებს რომ ადგებოდათ ღვთიურ შარავანდედად, მათ ნაწამებ სხეულებს რომ გადმოადგებოდა, ღვთის ჩენას და სასწაულს რომ მოასწავებს. ეს ნათლის სვეტი არ არის ილიასეული განდეგილის სარკმელში შემოჭრილი მზის სხივი, ხანდახან სვეტადაც გარდაქმნილი, იგი მაშინ ჩნდება, როცა მოწამეობა უკვე აღსრულებულია. სიზმარში იხილვება იგი, რაც იმაზეც მიანიშნებს, რომ აკაკის დროინდელ გაუცხოებულ საზოგადოებაში სვეტმა რეალობიდან სიზმარში გადმოინაცვლა, რადგან ქართველობამ რწმენა დაკარგა, ის რწმენა, რომელსაც ნათლის სვეტის გამოვლენა აძლიერებდა და კვებავდა ხოლმე.

მოთხრობაში „ორი სიზმარი“ ისევ სიზმრისეულ ჩვენებად გვევლინება სვეტი ნათლისა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოთხრობას მინაწერი აქვს – მოხუცის მოგონება, რაც იმის მაუწყებელია, რომ თხზულებაში განვითარებული მოვლენები წარსულის კუთვნილებაა. „ბაში-აჩუკიც“ ასევე წარსულს გამოხატავს, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აკაკი ნათლის სვეტს წარსულს მიაკუთვნებს, ისიც წარსულ სიზმარს. მწერალს თანამედროვე ეპოქაში არ ეგულება ან აღარ არსებობს ნათლის სვეტი, რადგან „ორ სიზმარში“ ასახულ გარუსებისა და ეროვნულობის განადგურების პოლიტიკას შედეგი გამოუღია. ეროვნულობის ჩაკვლასთან ერთად ნათლის სვეტიც მიჩქმალულა, გამქრალა.

მოთხრობაში „ორი სიზმარი“ ასახულია ქართველი გიმნაზიელი ყმაწვილის გრძნობა-განცდები. ყმაწვილის თვალით დანახული და აღქმულია მწარე რეალობა, როდესაც უცხო ძალა, აქამდის მისთვის უცნობი და გაუგებარი, ცდილობს ყველაფერი ის ჩაუკლას და შეურაცხყოს, რაც მისთვის აქამდე უძვირფასესი და სანუკვარი იყო. გრძნობა-ემოცია ერთმანეთს ცვლის, თუ თავდაპირველად რუსებიც მას დიდებულ და წმინდა ერად ესახება, შემდეგ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ აცნობიერებს ამ ერის სიმუხთლეს და ვერაგობას. ამის გაცნობიერებაში კი ისევ რუსი მასწავლებელი ეხმარება: ქართული სახარების კედელზე შეხეთქებით. აქ სიმბოლურ-ალეგორიულად არის გააზრებული იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა, ის ფაქტი, რომ რუსეთი არა მარტო ეროვნული სულის ჩაკვლას ცდილობდა, არამედ ქართველთა რწმენასაც უდიერად ექცეოდა. ყველაფერი ეს კი პატარა ბიჭის სიზმრებში ვლინდება: როგორც ყველაზე თავისუფალ ადგილას, სადაც რუსები ვერ შეაღწევენ. „ბიჭოს!… აკი ესენი გუშინ ქრისტიანები იყვნენ?! დღეს სამოსელი გადაუგდიათ და კერპთთაყვანისმცემლობას აღიარებენ! „შევწიროთ მსხვერპლი მამონასაო!“ – იძახიან. სისხლიანი დანით ხელში მიარბენინებენ სამსხვერპლოდ გაწირულ ახალგაზრდებს ვიღაც გამხეცებულები!…. ცეცხლი მეკიდება, აგერ სადაც არის გული შემიწუხდება! მაგრამ დაილოცოს ღვთის სამართალი… დაიელვა, ყოველი გაანათლა; დაიქუხა და გავარდა მეხი, მოხვდა ანტიქრისტეს და ისიც თავის თანამოზიარეებით ჩავარდა ქვესკნელში.

შორით გამოჩნდება ნათლის სვეტი და თან მოჰყვება ქრისტე, ცოდვილთა და მართალთა განსასჯელად“.

ასე მთავრდება მოთხრობა. აქ ნათლის სვეტი ისეა წარმოდგენილი, როგორც ნიკოლოზ გულაბერისძის საკითხავის ერთ-ერთ სასწაულში, როდესაც ნათლის სვეტი ჯოჯოხეთში ჩადის იესო ქრისტესთან ერთად მართალი სულის გამოსახსნელად. ამ შემთხვევაში ნათლის სვეტი მამა ღმერთის სახეა, ისევე, როგორც გულაბერისძესთან. „ორ სიზმარში“ ნათლის სვეტი ასევე უფლის ნიშანია, რაც მოასწავებს მომავალ აღდგომას და ქვეყნის მტარვალთაგან განთავისუფლებას.

საინტერესოა ლექსი „სიზმარი“. აქაც სიზმარში ვლინდება ნათლის სვეტი:

ეს რომ ბრძანა, ნათლის სვეტად

გადმოეშვა ცისარტყელა…

აიტაცა შუქთა შუქი

და მას გაჰყვა თანვე ყველა!…

[ა. წერეთელი 1990: 54].

რეალობას უპირისპირდება სიზმარი, ილუზია, ავტორის სულის სიღრმეებში არსებული ოცნებები და სურვილები სიზმარში ისხამს ფრთებს.

ნათლის სვეტის ცისარტყელად გარდასახვა პოეტისთვის დამახასიათებელია. პოემა „თორნიკე ერისთავშიც“ ცისარტყელა ითავსებს ნათლის სვეტის „დანიშნულებას “.

აკაკი წერეთლის შემოქმედებაში ნათლის სვეტი თუ ცისარტყელა ვლინდება როგორც ღვთის ნიშანი, როგორც რწმენისა და მომავალი იმედის სიმბოლო, როგორც ღმერთი, როგორც სამშობლოსთვის მსხვერპლად შეწირულ მოწამეთა წმინდანობის მანიშნებელი.

ჩემი ფინური გამოცდილება

0

ძალიან ბევრს საუბრობენ ფინეთის განათლების სისტემაზე. მეც ბევრი მქონდა წაკითხული, მოსმენილი და შორეულ ოცნებად მესახებოდა მისი პირადად გაცნობა. ეს ყველაფერი ერთ დღეს რეალობად იქცა და საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრის შემდეგ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აღმოვჩნდი.

ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალაქის სიმშვიდემ, რომელიც მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე გამყვა. სუფთა ქუჩები, მოწესრიგებული ადგილები – ეს არის მთავარი ნიშნები, რომლებიც ჰელსინკის ახასიათებს.

პირველი ადგილი, რომელსაც ვესტუმრე, იყო ჰელსინკის საქალაქო ბიბლიოთეკა, რომელიც ფინეთის ეროვნული ბიბლიოთეკური ქსელის ნაწილია. შენობა აგებულია ხის, ფოლადისა და მინის კომბინაციით. როგორც გავიგე, შენობა ენერგოეფექტურია და ბუნებრივ განათებასა და ვენტილაციას იყენებს.

ბიბლიოთეკა შედგება სამი სართულისგან. პირველ სართულზე ჩემი ყურადღება მიიქცია წიგნების გატანის ადგილმა, რომელიც გათვლილი იყო არა მარტო ზრდასრული ადამიანისთვის, არამედ ბავშვისთვისაც. ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უქმნიან გარემოსა და პირობებს, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ბიბლიოთეკის სერვისით სარგებლობა. პირველ სართულზე განთავსებული სივრცეები ძირითადად გამოფენისა და საკონფერენციო დარბაზებისთვის არის დათმობილი.

მეორე სართული ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. აქ იყო ბევრი სივრცე სხვადასხვა დანიშნულების: სამუშაო ოთახები, სტუდიები. გავიგე, რომ ამ სივრცეების გამოყენება შეუძლია არა მარტო სტუდენტებსა და მოსწავლეებს, არამედ მშობლებსაც, თუ მათ არ აქვთ სახლში სამეცადინო სივრცე. ბავშვებს შეუძლიათ ჯგუფურად ერთად იმუშაონ. ბიბლიოთეკაში მოსასვენებელი სივრცეებიც არის, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ კომპიუტერული თამაშებით ითამაშონ. ასევე ძალიან შთამბეჭდავი იყო მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ხმის ჩამწერი სტუდიები. მეორე სართულზე ყველა მასწავლებლისთვის სასურველი ტექნიკა იყო განთავსებული. მათ აქ შეუძლიათ დაბეჭდონ დიდი ზომის ბანერი, გაზეთი, სასურველი რამ მაისურზე ან ჩანთაზე. ასევე იყო საკერავი მანქანები, სადაც ბავშვები ისხდნენ და ქმნიდნენ ნამუშევრებს.

მესამე სართული ბიბლიოთეკაში ყოფნას ყველაზე მეტად გაგრძნობინებდა, სადაც წიგნების უზარმაზარი კოლექცია იყო. წიგნები თეთრ თაროებზე იყო განთავსებული ანბანის მიხედვით. აქვე იყო კომფორტული კუთხე კითხვისთვის, სადაც შეგიძლია მყუდროდ დაისვენო და წაიკითხო სასურველი წიგნი. ჩემი ყურადღება მიიპყრო ბავშვთა ზონამ, რომელიც ხის მასალისგან სრულიად უსაფრთხოდ იყო აგებული. ბავშვების განმავითარებელი სათამაშო ზონა და სენსორული ოთახი, რომელიც სპეციალური განათებითაა მოწყობილი. ოთახში მშვიდი მუსიკა ისმის. კედელზე ხელს თუ მოუსვამ, ხელის მოძრაობას იმეორებს და გაქვს შეგრძნება, რომ თითქოს ხატავ. ოთახში განთავსებული რბილი სავარძელი კი იმის საშუალებას იძლევა, რომ შვილს დააკვირდე და ყურადღება მიაქციო. ეს ოთახი ინკლუზიური სივრცეა, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის.

ბიბლიოთეკიდან პანორამული ხედია და ქალაქის გარკვეული ნაწილი ძალიან ლამაზად იშლება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აქ არავინ გზღუდავს, არავინ გაკონტროლებს და არ გაჩქარებს. ის სიმშვიდე და თავისუფლება, რომელიც ქალაქის პირველივე წუთიდან დამეუფლა, ყველა კუთხეში ვგრძნობდი, ვინაიდან, როგორც ამიხსნეს, ფინეთში ყველაფერი ნდობაზეა დაფუძნებული. ფინელი ხალხისთვის ნდობასა და სიმართლეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ყველა ცდილობს, თავისი საქმე პატიოსნად შეასრულოს.

ბიბლიოთეკის სივრცეშივე დავესწარი კონფერენციას, სადაც ქართველმა მასწავლებელმა, გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება, რომელიც უკვე მრავალი წელია ფინეთში ცხოვრობს და მასწავლებლად მუშაობს. კონფერენციიდან გამომდინარე უკეთ შევძელი გამეგო, როგორ მუშაობს ფინეთში განათლების სისტემა.

 

ჩემი მომდევნო ვიზიტი იყო ფინეთის სამეცნიერო ცენტრში „Heureka”. ცენტრის მთავარი იდეა სახალისო მეცნიერებაა. აქ შეგხვდებათ პლანეტარიუმი, ინტერაქციული ექსპონატები, გიგანტური ცხოველების გამოსახულებები და კიდევ სხვა საინტერესო და სახალისო სივრცეები. ინტერაქციული მეცნიერებისა და ფიზიკის ზონაში საშუალება მომეცა კოსმოსში მემოგზაურა. სპეციალური ტრენაჟორი საშუალებას იძლეოდა მეგრძნო, თითქოს რეალურად დავდიოდი მთვარის ზედაპირზე, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო.

ბიოლოგიისა და ბუნების თემატიკის სივრცე, სადაც გიგანტური ცხოველების ფიტულები იყო განთავსებული, რეალობასთან მაახლოებდა. თავი ჯუნგლებში მეგონა, რადგან ხმები, გარემო ამის საშუალებას იძლეოდა. ცხოველები მოძრაობდნენ და შესაბამის ხმებს გამოსცემდნენ. ძალიან საინტერესო იყო ასევე პირველყოფილი ადამიანების სამყოფლის ნახვა – გამოქვაბულის, რომელზეც საშუალება მქონდა თავად შემექმნა იმიტირებული ნახატი ან წარწერა კედელზე.

საშუალება მქონდა ინტერაქციულ ექსპერიმენტებში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც ეხებოდა მოძრაობას, სიმძიმეს, ბალანსს. საერთო ჯამში ძალიან საჭირო, სახალისო, შემეცნებითი გამოცდილება მივიღე „Heureka“-ის ცენტრში.

ჰელსინკის ინფრასტრუქტურა დიდად გამორჩეული არ იყო ჩემთვის. მოწესრიგებულმა გარემომ სასიამოვნო განცდა დამიტოვა. თუმცა აღსანიშნავია მუზეუმები, რომლებიც საინტერესოა, ვინაიდან სხვადასხვა ექსპონატი ესთეტიკური სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა.

ჰელსინკიში ყოფნის ყველაზე ძვირფასი გამოცდილება ფინურ სკოლაში ვიზიტს შეეხება, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. სკოლაში წასასვლელად ეროვნული სამოსი მოვირგე, საქართველოს დროშა მოვიხვიე და თავგადასავალიც დაიწყო.

ფინეთის ერთ-ერთი უძველეს დაწყებითი კლასების სკოლას ვესტუმრე, რომელიც 1921 წელს აშენდა. სკოლაში ბავშვები ორგანიზებულად შედიოდნენ. ზოგიერთი ფეხით, ველოსიპედით ან მშობლის ავტომობილით მოდიოდა. სკოლას ერთი ღობით ყოფდა საბავშვო ბაღი. გვითხრეს, რომ ბაღის ბავშვები ადაპტაციის გასამარტივებლად სწავლას გვერდით არსებულ სკოლაში აგრძელებდნენ. ასევე, პერიოდულად ისინი ექსკურსიაზეც დადიან. სკოლის შენობა ასაკიდან გამომდინარე ძველი აშენებული იყო, თუმცა კარგად მოვლილი და სუფთა. სკოლის დირექტორმა და ქართველმა მასწავლებელმა, რომელმაც პრეზენტაცია ჩაგვიტარა ფინურ განათლების სისტემაზე, გიდობა შეითავსეს და დეტალურად დაგვათვალიერებინეს სკოლა.

პირველი გაჩერება – დირექტორის მოკრძალებული ოთახი და სამასწავლებლო, სადაც ნივთები განვათავსეთ. სამასწავლებლო სამი პატარა ოთახისგან შედგებოდა.

  • პირველი ოთახი იყო მოსასვენებელი, სადაც განთავსებული იყო მაგიდა, დივანი, სავარძელი.
  • მეორე ოთახი სამუშაო – რომელიც აღჭურვილი იყო ტექნიკით: პრინტერი, ქსეროქსის აპარატი და სხვა.
  • მესამე – მომცრო ზომის სამზარეულო, რომელიც ასევე ყველანაირი ტექნიკით, მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანით იყო აღჭურვილი.

საკლასო ოთახები – სკოლას ჰქონდა როგორც ერთ, ისე ოროთახიანი საკლასო ოთახები. ოროთახიან საკლასო ოთახებში სივრცე ასე ნაწილდებოდა: ძირითადი ნაწილი სადაც დაფა, მერხები და საჭირო ინვენტარი იყო და მეორე, მომცრო ზომის ოთახი, სადაც მასწავლებელს საშუალება აქვს, მოსწავლეს ცალკე აუხსნას დავალება, ჩაიბაროს გაკვეთილი, როცა კლასი სხვა სამუშაოს ასრულებს, ან ჯგუფი გავიდეს და მარტო იმუშაოს, კლასს რომ ხელი არ შეუშალონ. რამდენიმე საკლასო ოთახში ასევე იყო ე.წ. კუნძულები, ამაღლებული ადგილები, რომლებიც ყოფდა თავისი სიმაღლით კლასის სივრცეს. ყველა საკლასო ოთახში იყო მოსწავლეებისთვის ლეპტოპები, პროექტორი, პროექტორის დაფა, ორი მწვანე დაფა, რომლებიც სხვადასხვა კედელზე იყო განთავსებული (რათა მოსწავლეებმა კომფორტულად დაინახონ ყველა მხრიდან), მოსახერხებელი მერხი და სკამები, საკანცელარიო ნივთები. ჩემი ინტერესი გამოიწვია შემდეგმა მოწყობილობამ, რომლის შინაარსიც ასეთი იყო: მასწავლებელი თავის სამუშაო მაგიდაზე რასაც აკეთებს, მოსწავლეები ეკრანზე ხედავენ. ეს ძირითადად გამოიყენება ახალი მასალის ახსნის დროს, მაგალითად, თუ უნდა, აჩვენოს, როგორ ჩაწეროს მოსწავლემ სწორად რვეულში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან კომფორტულია მსგავსი მოწყობილობა. სკოლის დერეფანში ასევე აწყვია პუფები, არის პრინტერი და ქსეროქსის აპარატი, თაბახის ფურცლების შეკვრა, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეეძლოთ საჭიროებისამებრ მისი გამოყენება. ცალკე ოთახი აქვთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. დერეფანში და ამავე ოთახში შევნიშნე მაღალი, რბილი ქსოვილით შექმნილი „კედელი“, რომელიც გორგოლაჭებზე იყო დამაგრებული და მისი გადაადგილებაც შეიძლებოდა. როგორც აგვიხსნეს, ეს გათვლილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ადვილად ეფანტებათ გონება და კონკრეტულ დროს განმარტოება სჭირდებათ. მსგავსი „კედლის“ შექმნით მას კლასში განმარტოების საშუალებას ვაძლევთ.

სკოლის დერეფანში შევხვდით ქართველ მოსწავლეს, რომელიც წლებია, ფინეთში ცხოვრობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფინელები ზრუნავენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე და სპეციალურად ასეთი ბავშვებისთვის მშობლიური ენის შესწავლას ცდილობენ, რათა არ დაავიწყდეთ და ამისთვის მასწავლებელს იწვევენ. დერეფანში განლაგებულია სათავსოები, რომლებზეც მოსწავლეების ფეხსაცმელები აწყვია. მათ შეუძლიათ იარონ ფეხსაცმლის გარეშე ან ოთახის ჩუსტებით. მოსწავლეთა უმრავლესობა წინდებით დადიოდა.

მუსიკის ოთახი – მე ვიტყოდი უფრო საკონცერტო დარბაზი, რომელიც თავისი ამფითეატრით არის აწყობილი და ალბათ ყველა მუსიკალური საკრავია რაც კი შეიძლება სკოლაში იყოს. უკულელეთი დაწყებული საქსოფონით დასრულებული.

სპორტული ოთახი და დარბაზები – სპორტული დარბაზი სკოლას ორი ჰქონდა. ერთი სადაც ძირითადად ღონისძიებებს ატარებენ და სცენა აქვთ. და მეორე, რომელიც გათვლილი იყო სპორტული თამაშებისთვის, იქნება ეს კედელზე ცოცვა, თოკზე ცოცვა თუ სხვა. სპორტულ ოთახებში გამორჩეული იყო ინვენტარით სავსე კარადა.

შრომის ოთახი – სამუშაო ოთახი რამდენიმე ნაწილად შემიძლია დავყო. სამკერვალო ოთახი, სადაც ყველანაირი პირობებია იმისთვის, რომ ბავშვმა კერვა, ქსოვა ისწავლოს. კარადებში ფერების მიხედვით იყო გადანაწილებული საქსოვი ძაფები, საკერავი ძაფები, მანქანა და ა.შ.

ხეზე და მეტალზე სამუშაო ოთახი, რომელიც ასევე აღჭურვილია ყველა დანადგარით, ყველა ხელსაწყოთი, ლამაზად ჩაწიკწიკებული, რომელიც ხეზე და მეტალზე მუშაობის სწავლას მოგანდომებთ.

სასადილო ოთხი – სკოლაში მოსწავლეებს უფასო კვება აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სასკოლო ცხოვრებაში. ცხადია, საკვები მოსწავლეთა ასაკზეა გათვლილი და ჯანსაღია. სასადილოში უფროსი კლასის მოსწავლეები მორიგეობენ, რომლებიც ეხმარებიან მასზე პატარა ასაკის ბავშვებს. წმენდენ მაგიდებს, ეხმარებიან საკვების გადმოღებაში და ა.შ.

დასვენებაზე ყველა მოსწავლე ეზოში გადის და სუფთა ჰაერზე ატარებს თავისუფალ დროს. სკოლის ეზო მოწყობილია ბავშვთა გასართობი ინვენტარით. როგორც აგვიხსნეს, იშვიათად ხდება ისე, რომ მოსწავლეები დასვენებაზე ეზოში არ გადიოდნენ.

მასწავლებლების სასკოლო ცხოვრებით დავინტერესდით და დავსვით შეკითხვა, რამდენად დატვირთული არიან ისინი სკოლის შემდეგ, რაზეც დირექტორმა გვიპასუხა, რომ როდესაც მასწავლებელი ასრულებს თავის სამუშაოს და გადის სკოლიდან, მას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და, შესაბამისად, სკოლიდან დამატებით დირექტივებსა და დავალებებს აღარ იღებს. სკოლის დირექტორი მასწავლებლებს არ ამოწმებს. მათ სრული თავისუფლება აქვთ, პროგრამა თავიანთი შეხედულებით ასწავლონ. მთავარი ისაა, რომ მიზანზე გავიდნენ. გაოცებული ქართველი მასწავლებლების კითხვა იყო: „ნუთუ შეიძლება ასე?”. რაზეც გვიპასუხეს, რომ ფინეთში ყველა უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებია ის, რაც საუკეთესო შედეგებს იძლევა. ფინელი მოქალაქე პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და თუ ასე არ არის, ის აუცილებლად გამოვლინდება კონტროლის გარეშეც.

ფინური სკოლის ჩემი გამოცდილება ერთად შევკარი და ვიდეოს სახით მოვამზადე, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ.

სკოლიდან საერთო ჯამში აღფრთოვანებული და ცოტა სევდიანი წამოვედი, რადგან გონებაში უნებურად ქართულ სკოლებთან პარალელის გავლება დავიწყე.

 

 

 

ლიტერატურის გაკვეთილები საზაფხულო არდადეგების შემდეგ

0

ახალ რეალობასთან ლაღი დაბრუნებისთვის

ზაფხულის არდადეგები ნელ-ნელა უკან რჩება და სკოლაში დაბრუნების დრო ახლოვდება. ამ პერიოდში პედაგოგის მთავარი ამოცანა მხოლოდ სწავლების პროცესის აღდგენა კი არ არის, არამედ — მოტივაციის გაღვივება, ემოციური ჩართულობის გაძლიერება და სასწავლო წლისადმი პოზიტიური განწყობის შექმნა. ზუსტად აქ იკვეთება ჩვენი, მასწავლებლების, როლი, განსაკუთრებით კი იმ საგნებში, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნის, არამედ გრძნობების, ემოციების გადმოცემასაც გულისხმობს.

გავიხსენოთ, როგორ გვიჭირს ჩვენც გარემოსა თუ ყოველდღიურობის შეცვლა, მით უმეტეს, თუ საქმე მუშაობას ეხება. პირველი კვირა გარდამავალი პერიოდია. მოსწავლეებს სჭირდებათ დრო და სივრცე, რათა დასვენების რეჟიმიდან აქტიურ სასწავლო პროცესს შეეგუონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაბრუნება არ დაემსგავსოს სარბენ ბილიკზე უცაბედად შეხტომას, არამედ უფრო ჰგავდეს მოგზაურობის გაგრძელებას — სადაც ახალ გამოცდილებებს ძველზე ავაგებთ.

შეგვიძლია, სწორედ აქედან დავიწყოთ: მოგზაურობიდან. პირველივე გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთხოვოთ, გაიხსენონ ზაფხულის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი და მოგვითხრონ ისე, თითქოს ეს თავგადასავალი ლიტერატურული ამბის ნაწილი იყოს. მათი ნაამბობი შემდგომ შეიძლება გადავაქციოთ ჩანახატად, მოთხრობად ან თუნდაც ლექსად. სამი სხვადასხვა ფორმით გადმოცემული ერთი და იგივე ამბავი — შესანიშნავი სტარტია შემოქმედებითი აზროვნებისთვის. ამავდროულად, ბავშვები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, ემოციური კავშირებიც განახლდება და გაკვეთილი უფრო პირადული გახდება.

ყველამ კარგად ვიცით, რამდენად სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს უცბად თავს მოხვეული ბევრი დავალება. სჯობს, პირველი კვირა იყოს უფრო ინტერაქციული, ნაკლებად დატვირთული წერითი და რთული დავალებებით. შევთავაზოთ ბავშვებს თამაშები და გუნდური აქტივობები, შევაფასოთ ქულების გარეშე და დავეხმაროთ მოსწავლეებს პირველი ნაბიჯის გადადგმაში.

მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურა სამყაროს არსებობის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, მისი ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ვუკავშირებთ მას ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სემესტრის გეგმა მოსწავლეებთან ერთად შევადგინოთ. ერთი ასეთი აქტივობა იქნება ერთგვარი რუკის შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე დაისახავს მიზანს — რას ისურვებს, რომ ამ სემესტრში შეისწავლოს; რას სურს, მიაღწიოს; რომელი თემა დაამუშაოს? რაც მთავარია, დავალებები ნელ-ნელა გავართულოთ და ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ დაამყარონ სტაბილური, მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობები თანაკლასელებთან.

ლიტერატურა ბუნებრივად უკავშირდება ემოციებს, გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ ისტორიებს. ამიტომ, როდესაც სასწავლო პროცესს დავუბრუნდებით, სასურველია, გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები. რამდენიმე მათგანს აქვე შემოგთავაზებთ:

ჩემი ზაფხული ლიტერატურული თვალით: მოსწავლეები ჰყვებიან ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენის შესახებ; შემდეგ ვთხოვთ, ამბავი სამი სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრით გადმოსცენ: ჩანახატი, მოთხრობა (დეტალებითა და გმირების ხასიათით) და პოეტური ჟანრი (მოკლე ლექსი ან ჰაიკუ). ბოლოს, ისინი თავიანთი ზაფხულის ისტორიას წარმოადგენენ კლასის წინაშე.

ზაფხულის წიგნების გალერეა: მოსწავლეები საუბრობენ ზაფხულში წაკითხულ წიგნზე და ქმნიან „წიგნის რეკლამას“ – პოსტერს, 60 წამში. აქტივობის მიზანია, ყველა მათგანმა წარმოადგინოს ძირითადი პერსონაჟები და ახსნას, რატომ უნდა წაიკითხონ სხვებმა ეს წიგნი.

გმირის პროფილი: ბავშვები სოციალურ ქსელში ქმნიან პერსონაჟის პროფილს, აძლევენ ვიზუალურ გამოსახულებას, ადგენენ ბიოგრაფიას და წერენ 5 პოსტს გმირის სახელით. მიიღებენ კომენტარებს სხვა პერსონაჟებისგან, შემდეგ კი შეუძლიათ, გმირის სახელით ე.წ. „სთორიც“ შექმნან.

გმირი ჩემს ქალაქში: მოსწავლეები ქმნიან მოკლე თხზულებას, რომელშიც აღწერენ, რა როლს თამაშობს მათი ქალაქი ლიტერატურული გმირის ცხოვრებაში. ისინი მოიფიქრებენ დიალოგებს, შეკითხვებსა და სავარაუდო პასუხებს, რათა კიდევ უფრო განავითარონ პერსონაჟი.

ლიტერატურული დეტექტივი: შეგვიძლია, მოსწავლეებს წავუკითხოთ ნაწყვეტები უცნობი ტექსტებიდან, მათ კი უნდა გამოიცნონ, რომელ ეპოქაშია დაწერილი, ვინ არის ავტორი და რამდენი წლისაა მთავარი გმირი. ეს აქტივობა დაეხმარება მათ ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

პრესკონფერენცია“ (ან, გნებავთ, ცხელი სკამი“): მოსწავლეები შეიძლება იქცნენ „ჟურნალისტებად“ და „ლიტერატურულ გმირებად“.

ლიტერატურული ქუდები: ჯგუფები მიიღებენ სხვადასხვა „როლს“ (გმირი, ანალიტიკოსი, კრიტიკოსი და სხვა) და დაიწყებენ წიგნის ან ნაწარმოების განხილვას. ამ როლების დახმარებით ბავშვები უკეთ დაინახავენ პერსონაჟის მოქმედებებს, მათ მოტივაციასა და ხასიათს. მსგავსი აქტივობა შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაცნობ, თუნდაც წინა წელს შესწავლილ ნაწარმოებებთან დაკავშირებითაც.

წერის ჯადო დროის წინააღმდეგ: მოსწავლეებმა 5 წუთში უნდა დაწერონ თავიანთი შთაბეჭდილებები ან აზრები ზაფხულის ან სხვა მნიშვნელოვან თემაზე. სწრაფი წერა პროცესს ხდის უფრო თავისუფალსა და ნაკლებად სტრესულს.

ჩამოთვლილი აქტივობებიდან ყველას, ცხადია, ვერ გამოვიყენებთ სასწავლო წლის პირველივე დღეებში. შეგვიძლია, ვცვალოთ ისინი, საჭირეობისამებრ შევარჩიოთ, მოვარგოთ ჩვენს სასწავლო გარემოს ან გამოვიყენოთ სხვა, უფრო შესაფერის დროს.

ლიტერატურის გაკვეთილები არ უნდა იყოს მხოლოდ ტექსტების წაკითხვა, არამედ პროცესი, რომელშიც ბავშვები შეძლებენ პროცესის გააზრებას, იკვლევენ და საკუთარ ამბავს ქმნიან. ზაფხულის შემდეგ სწორედ ამ ტიპის გაკვეთილებმა შეიძლება აქციოს საკლასო ოთახი იმ სივრცედ, რომელშიც სურს ყოფნა თუნდაც ძალიან მზიანი, თავისუფლებით სავსე არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეს.

 

პროექტი როგორც დიდაქტიკური თამაში

0

თანამედროვე პედაგოგიკაში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მიდგომა, რომელიც განათლებას არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის, არამედ შემოქმედებით, თამაშზე დაფუძნებულ პროცესად აღიქვამს. თამაშზე ორიენტირება პროექტული სწავლების ყველაზე ემოციური ფორმაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ პროექტული სწავლება არა მხოლოდ კვლევისა და პროდუქტის შექმნის პროცესია, არამედ შეიძლება, დიდაქტიკურ თამაშადაც წარმოვიდგინოთ. ის აერთიანებს:

  • მოტივაციას;
  • წარმოსახვას;
  • კვლევითობას;
  • სტრატეგიულ აზროვნებას;
  • კოოპერაციასა და თანამშრომლობას.

პროექტი როგორც დიდაქტიკური თამაში გულისხმობს სასწავლო მიზნის მიღწევას ისეთი ფორმით, რომელიც თამაშის ელემენტებით (როლები, მიზანი, წესები, სცენარი, იმიტაცია, კონკურენცია ან თანამშრომლობა) არის გაჯერებული. ასეთი სამუშაოს დროს მოსწავლეები თამაშის სტრუქტურაში არიან ჩართული, მაგრამ რეალურად ისინი სწავლობენ, იკვლევენ, ქმნიან და აზროვნებენ, მით უმეტეს – სწავლის ზედა საფეხურზე. აქ გვხვდება მრავალკომპონენტიანი თამაშები, რომლებშიც ჭარბობს გონებრივი თამაშის მოქმედებები: დაკვირვების დემონსტრირება, შედარება, ადრე შესწავლილი ინფორმაციის გახსენება, ობიექტებისა და ფენომენების კლასიფიკაცია განსაზღვრული მახასიათებლების მიხედვით და ა.შ.

პროექტის როგორც დიდაქტიკური თამაშის ძირითადი ნიშნებია:

კომპონენტი მისი ადგილი/გამოხატულებს პროექტში
 მიზანი პრობლემის გადაჭრა ან პროდუქტის შექმნა
 როლები მკვლევარი, დიზაინერი, რეპორტიორი, არქივარიუსი
 ინსტრუმენტები რუკა, ფოტო, ინტერნეტი, არქივები, წარსული მოვლენები
 სცენარი წინასწარ განსაზღვრული მოქმედების გეგმა
 იმიტაცია ისტორიულ პერსონაჟში შეღწევა, სიტუაციის გამეორება
 კომუნიკაცია გუნდური მუშაობა, დისკუსია
შემოქმედება ვიზუალური და ტექსტური პროდუქტების შექმნა

მაგალითად, როდესაც შეისწავლება თემა „გრიგოლ ხანძთელი და მისი ეპოქა“, მასწავლებელმა ის შეიძლება წარადგინოს სხვა ფორმითაც – როგორც დიდაქტიკური თამაში „ისტორიული მისია“. ამ დროს მოსწავლეები მრავალფეროვან სამუშაოში არიან ჩართული:

. იყოფიან გუნდებად. ზოგი მათგანი „მონასტრის მცველია“, ზოგი – „გმირი ტაო-კლარჯეთიდან“, ზოგი – „წიგნის მინიატურისტი“, ზოგიც – „მომავლიდან მოსული“.

. მომდევნო ეტაპზე თითოეულ ჯგუფს ენიჭება მისია:

  • სცენაზე გააცოცხლოს ეპოქა;
  • მოიძიოს რუკაზე ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ცენტრები;
  • შექმნას მანუსკრიპტის იმიტაცია;
  • მოამზადოს ვიდეომიმართვა მომავალი თაობისთვის

და ა.შ.

საბოლოო პროდუქტად შეგვიძლია მივიღოთ საერთო გამოფენა ან სცენარიზებული წარმოდგენა, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებას, ტექნოლოგიას და აუცილებლად – გუნდურობას.

როგორ უწყობს ხელს ეს მიდგომა სწავლას?

  • მცირებს მოსწავლეთა სტრესს, შიშს შეცდომის წინაშე, რადგან თამაში ქმნის უსაფრთხო სივრცეს ექსპერიმენტისთვის;
  • ამაღლებს მოტივაციას – მოსწავლეები თავად ხდებიან პროცესის შემოქმედნი;
  • ხელს უწყობს ინტეგრირებულ აზროვნებას – სხვადასხვა საგანობრივი ცოდნა და უნარები ბუნებრივად ერთიანდება მიზნის მისაღწევად;
  • ხელს უწყობს ღირებულებათა ფორმირებას – თამაშში ჩართულ მოსწავლეებს უყალიბდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, თანამშრომლობის უნარი, კულტურული მგრძნობელობა, ეპოქის თანაგანცდა.

პროექტი როგორც დიდაქტიკური თამაში სასწავლო პროცესის ჰუმანიზებული და შემოქმედებითად გამდიდრებული ფორმაა. ის:

  • აკავშირებს თამაშს და სწავლას;
  • აძლევს ბავშვს თვითგამოხატვის საშუალებას;
  • ქმნის ინტელექტუალური სიამოვნების განცდას;
  • ასწავლის მოქმედებით, პრაქტიკით და მონაწილეობით.

მოსწავლე კი არ „იღებს“ ცოდნას, არამედ პროდუქტის შექმნის პროცესში შეიმეცნებს მას. სწორედ ასეთია ეფექტური და ღირებულებით დატვირთული სწავლება. ამ უპირატესობის გამო ის თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლის სამივე საფეხურზე.

განვიხილოთ სასწავლო პროექტი დიდაქტიკური თამაშის ფორმატით დაწყებითი საფეხურის კურსიდან – „ჩვენი საქართველო“. პროექტის სახელწოდებაა ექსპედიცია საქართველოში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა ინტეგრირებულად შეისწავლონ საქართველოს რეგიონული მემკვიდრეობა, იმუშაონ გუნდურად, გამოავლინონ კვლევითი და შემოქმედებითი უნარები, შეიტანონ საკუთარი წვლილი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში.

აღნიშნული პროექტის ეტაპებია:

  1. გუნდების ჩამოყალიბება და რეგიონების განაწილებათითოეული გუნდი წარმოადგენს ერთ ისტორიულ-კულტურულ რეგიონს:
  • იმერეთს;
  • რაჭას;
  • ლეჩხუმს;
  • კახეთს;
  • აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთს;
  • სამცხე-ჯავახეთს;
  • ტაო-კლარჯეთს;
  • ქართლს;
  • აჭარას;
  • აფხაზეთს.
  1. როლების განაწილება გუნდში:
  • ისტორიკოსი;
  • გეოგრაფი;
  • დიზაინერი (მაკეტი, სიმბოლო, დროშა);
  • პრეზენტატორი;
  • ტექსტის დამმუშავებელი (ქართული ენა);
  • IT მხარდამჭერი (ვიდეო/ციფრული პრეზენტაცია);
  • კულტურის წარმომადგენელი (ტრადიციები, კულინარია).
  1. ვლევის ეტაპი (სამუშაო ინსტრუქცია)

თითოეული გუნდი ვალდებულია:

  • მოიძიოს ისტორიული ცნობები რეგიონის შესახებ;
  • შეადგინოს მარშრუტი რუკაზე;
  • მოიძიოს ლეგენდები, ხალხური თქმულებები;
  • შექმნას ვიზუალური მასალა;
  • მოამზადოს კედლის გაზეთი ან ელექტრონული პრეზენტაცია;
  • გადაიღოს ვიდეოგიდი ან გააკეთოს 3D მაკეტი;
  • წარმოადგინოს ტრადიციული კერძი ან სხვა ეთნოგრაფიული ელემენტი.
  1. შემოქმედებითი პრეზენტაცია ექსპედიციების მუზეუმი
  • კლასის/სკოლის სივრცეში ეწყობა ინტერაქციული პრეზენტაცია;
  • მოსწავლეები იცავენ თავიანთი გუნდის ნამუშევარს;
  • ჟიური წარმოდგენილ მასალას აფასებს შემდეგ კრიტერიუმებით:
    • შინაარსობრივი სიზუსტე;
    • მრავალფეროვნება;
    • შემოქმედებითობა;
    • გუნდური მუშაობა;
    • რეგიონზე ზრუნვა/შესაბამისი მინიშნებები.

პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთება ინტეგრირებული საგნები და უნარები:

საგანი ინტეგრაცია
ისტორია რეგიონული მემკვიდრეობის კვლევა
გეოგრაფია რუკების შედგენა, მარშრუტების დაგეგმვა
ქართული ენა და ლიტერატურა ლეგენდების დამუშავება, ტექსტის წარდგენა
ხელოვნება დიზაინი, მაკეტი, სიმბოლო
ინფორმაციული ტექნოლოგიები პრეზენტაცია, ვიდეო, ფოტო
სამოქალაქო განათლება მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობა

დასასრულს მოხდება შეფასება და უკუკავშირი. შესაძლებელია თვითშეფასების ფორმების გამოყენებაც:

  • რა ისწავლეს?
  • რა იყო ყველაზე საინტერესო?
  • როგორ იმუშავა ჯგუფმა?
  • როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას?

სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ პროექტის გაგრძელება ფართო ფორმატით – სასკოლო კვირეულის ან კონკურსის სახით, ან ონლაინ პლატფორმაზე გაზიარებით.

პროექტული სწავლება დიდაქტიკური თამაშით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში.

გეოგრაფიული აზროვნების კონცეფციები

0

გლობალური საკითხების გააზრება მოითხოვს გეოგრაფიულ აზროვნებასა და ქმედებას. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფაქტების ცოდნას, არამედ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებასაც, რაც ჩვენი რთული სამყაროს სრულფასოვან აღქმაში გვეხმარება.

გეოგრაფიული აზროვნების ოთხი კონცეფცია – სივრცითი მნიშვნელობა, კანონზომიერებები და ტენდენციები, ურთიერთკავშირები და გეოგრაფიული პერსპექტივა – წარმოადგენს საფუძველს, რომელსაც გლობალური საკითხების გასაგებად ვიყენებთ.

 

სივრცითი მნიშვნელობა (Spatial Significance)

გეოგრაფები სივრცითი მნიშვნელობის კონცეფციას იყენებენ ადგილის ან რეგიონის მნიშვნელობის დასადგენად.

ამ კონცეფციის მეშვეობით ვიკვლევთ კავშირს გეოგრაფიულ მდებარეობასა და ადგილის ფიზიკურ მახასიათებლებს შორის. ვაანალიზებთ ურთიერთობებს, რომლებიც ადამიანსა და ბუნებრივ გარემოს შორის არსებობს; ვადგენთ, რომ ერთსა და იმავე ტერიტორიას ადამიანებისთვის, ცხოველებისა და მცენარეებისთვის შესაძლოა სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს.

ამ კონცეფციის გამოყენებისას ვსვამთ კითხვებს:

. რას გვიჩვენებს მოსახლეობის განსახლების რუკა?

. როგორ შეიძლება, საკუთარმა უნიკალურობამ ადგილი ზოგისთვის მიმზიდველად, ზოგისთვის კი ნაკლებად მიმზიდველად აქციოს?

შეგვიძლია დედამიწის ზედაპირზე ადგილების მდებარეობის დადგენა ბუნებრივი და/ან ადამიანური მახასიათებლების საფუძველზე (რა/სად არის?), ტერიტორიის უნიკალური მახასიათებლების დადგენა (რატომ არის იქ?), ადამიანების, მცენარეების, ცხოველების, რესურსებისა და დედამიწის ფიზიკური პროცესების სივრცითი განაწილების მნიშვნელობის ანალიზი (რატომ მაინტერესებს?).

მაგალითები:

  1. თბილისი – საქართველოს დედაქალაქი – მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, სადაც გადიოდა აბრეშუმის გზა. მისი მდებარეობა ხელს უწყობს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს კავკასიის რეგიონში.
  2. ამაზონის ტყე უნიკალური ადგილია მილიონობით სახეობისთვის, აფერხებს კლიმატის ცვლილებას ნახშირბადის შთანთქმით და სიცოცხლის წყაროა ადგილობრივი ტომებისთვის. მის გეოგრაფიულ მდებარეობასა და ბუნებრივ მახასიათებლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პლანეტის ეკოლოგიური სტაბილურობისთვის.

 

კანონზომიერებები და ტენდენციები (Patterns and Trends)

გეოგრაფები იყენებენ კანონზომიერებებისა და ტენდენციების კონცეფციას იმ მახასიათებლების ამოსაცნობად, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს და განმეორებადია ბუნებრივ ან ადამიანურ გარემოში (კანონზომიერებები) ან რომლებიც დროთა განმავლობაში ერთი და იმავე მიმართულებით ვითარდება (ტენდენციები).

ეს მახასიათებლები შეიძლება იყოს სივრცითი, სოციალური, ეკონომიკური, ფიზიკური ან ეკოლოგიური. ჩვენ ვადგენთ კავშირებს მახასიათებლებს შორის კანონზომიერებათა აღმოსაჩენად, ვაანალიზებთ დროთა განმავლობაში ამ მახასიათებლების ცვალებადობას ტენდენციების გამოსავლენად.

ამ კონცეფციის გამოყენებისას ვსვამთ კითხვებს:

. რომელმა ფაქტორებმა გამოიწვია მოსახლეობის გადაადგილება რეგიონში?

. რომელმა ადგილებმა მიიზიდა ტურისტები? რატომ?

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონცეფციის გამოყენებით:

. ამოვიცნოთ მსგავსი და განმეორებადი მახასიათებლები ადგილებსა და რეგიონებს შორის (სად რა არის?)

. განვსაზღვროთ, მეორდება თუ არა ეს მახასიათებლები დროთა განმავლობაში (რა არის სად?)

. გავაანალიზოთ, რატომ ჰგავს ან მეორდება ეს მახასიათებლები (რატომ იქ?)

. განვსაზღვროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მსგავსება ან განმეორება (რატომ გვაინტერესებს?)

მაგალითები:

  1. საქართველოში ურბანიზაციის ტენდენცია – ბოლო ათწლეულებში მოსახლეობა უფრო მეტად გადადის ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში. ეს ქმნის ურბანულ ზრდას, საცხოვრებელი ფართების დეფიციტს და ტრანსპორტის გადატვირთვას.
  2. ქალაქებში მიგრაციის ზრდა – ბოლო ათწლეულებში გაჩნდა ტენდენცია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის სოფლებიდან ქალაქებში. ამ მიგრაციას თან ახლავს ურბანიზაცია, საცხოვრებლის დეფიციტი, ტრანსპორტის პრობლემები და სამსახურის ძიების ტენდენციები.

 

ურთიერთკავშირები (Interrelationships)

გეოგრაფები ურთიერთდაკავშირებულობის (Interrelationships) კონცეფციას იყენებენ იმისთვის, რომ შეისწავლონ კავშირები ბუნებრივ და ადამიანურ გარემოებებს შორის და მათ შიგნით. გარემოს ურთიერთდაკავშირებული ნაწილები ერთად მუშაობენ და ქმნიან ერთიან სისტემას. აუცილებელია, გავიგოთ ის ურთიერთობები, რომლებიც სისტემის შიგნით არსებობს, მერე კი კრიტიკულად განვიხილოთ სისტემებს შორის კავშირები, რათა დავადგინოთ, როგორ მოქმედებენ ისინი ერთმანეთზე.

ურთიერთკავშირების კონცეფციის გამოყენებისას ვსვამთ შემდეგ კითხვებს:

. როგორ უწყობს ხელს მიმდებარე სოფლის მეურნეობის მიწა ადგილობრივ საზოგადოებას და რა ზეწოლა შეიძლება მოახდინოს ამავე საზოგადოებამ ამ მიწაზე?

. რატომ არის აუცილებელი დედამიწის ფიზიკური პროცესების ცოდნა, რათა შევძლოთ პოტენციური საფრთხეების წინასწარ განჭვრეტა?

შეგვიძლია განვსაზღვროთ, სად ურთიერთქმედებენ ან უკავშირდებიან ერთმანეთს ადამიანური და/ან ბუნებრივი მახასიათებლები და პროცესები (რა არის სად?); განვსაზღვროთ, რა პროცესები განაპირობებს სისტემის შექმნას (რატომ იქ?); გავაანალიზოთ მოვლენის, პროცესის ან განვითარების გავლენა ბუნებრივ მახასიათებლებზე, ბუნებრივ პროცესებსა და სისტემის მეშვეობით მიმდინარე ადამიანის საქმიანობაზე (რატომ მაინტერესებს?).

ჩვენ უნდა გავიგოთ, რა კავშირები არსებობს სისტემის შიგნით და შემდეგ კრიტიკულად გავაანალიზოთ კავშირები სისტემებს შორის, რათა დავადგინოთ, როგორ მოქმედებენ ისინი ერთმანეთზე.

მაგალითები:

  1. ბორჯომის ტყის ხანძრები – კლიმატური ცვლილებები (მშრალი ზაფხული) და ადამიანური ფაქტორები (დაუდევრობა ან განზრახი ქმედება) იწვევს ტყის ხანძრებს, რაც, თავის მხრივ, აზიანებს ეკოსისტემას, ტურიზმს და ადგილობრივ ეკონომიკას.
  2. სტიქიური მოვლენები და ადამიანის საქმიანობა – მთებში ტყის ჭრა იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, რაც ზრდის მეწყრებისა და წყალმოვარდნების რისკს. ამ შემთხვევაში ადამიანის საქმიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბუნებრივ პროცესებზე და ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულ სისტემას ქმნიან.

 

გეოგრაფიული პერსპექტივა (Geographic Perspectives)

გეოგრაფიული პერსპექტივის კონცეფცია საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ გეოგრაფიული საკითხები, მოვლენები და პროცესები ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და/ან სოციალური თვალსაზრისით.

იმისათვის, რომ ეფექტურად გადავჭრათ პრობლემები, მივიღოთ გადაწყვეტილებები ან შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა, საჭიროა, ვისწავლოთ საკითხების მრავალმხრივი ანალიზი.

ამ კონცეფციის გამოყენებისას ვსვამთ შემდეგ კითხვებს:

. როგორ შეიძლება, კულტურულმა მრავალფეროვნებამ გაამდიდროს საზოგადოების ცხოვრება?

. ამართლებს თუ არა ბუნებრივი რესურსების მოპოვებით მიღებული ფინანსური სარგებელი მასთან დაკავშირებულ სოციალურ და/ან ეკოლოგიურ ზემოქმედებას?

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონცეფციის გამოყენებით:

. მოვახდინოთ გეოგრაფიული საკითხის, მოვლენისა და პროცესის (სად/რა არის?) ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და/ან სოციალური კონტექსტის იდენტიფიცირება.

. განვსაზღვროთ შესაძლო დაინტერესებული მხარეები და მათი შეხედულებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ანალიზისას (რა არის სად?).

. გავაანალიზოთ სხვადასხვა შეხედულება გეოგრაფიულ საკითხზე ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და/ან სოციალური თვალსაზრისით (რატომ იქ? რატომ გვაინტერესებს?).

მაგალითები:

  1. ანაკლიის პორტის პროექტი

ეკონომიკური პერსპექტივა: ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

ეკოლოგიური პერსპექტივა: შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას შავი ზღვის სანაპირო ეკოსისტემას.

პოლიტიკური პერსპექტივა: პროექტს აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან აძლიერებს საქართველოს დამოუკიდებლობას რეგიონულ ტრანზიტში.

  1. ამაზონის ტყის გაჩეხვა

ეკონომიკური პერსპექტივა: ანადგურებს ბუნებას და აჩქარებს კლიმატის ცვლილებას.

ეკოლოგიური პერსპექტივა: იძლევა მიწას ფერმებისთვის და შემოსავალს.

სოციალური პერსპექტივა: ადგილობრივი ტომები კარგავენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

პოლიტიკური პერსპექტივა: მთავრობები და ქვეყნები ვერ თანხმდებიან, როგორ დაიცვან ტყე.

გეოგრაფიული აზროვნების ოთხი კონცეფცია – სივრცითი მნიშვნელობა, კანონზომიერებები და ტენდენციები, ურთიერთკავშირები და გეოგრაფიული პერსპექტივა – გეოგრაფიის სწავლებისა და გაგების ყველა დონეზე გადამწყვეტია. ისინი გეოგრაფიის ნებისმიერი სასწავლო გეგმის უმთავრეს საფუძველს უნდა წარმოადგენდნენ.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.arcgis.com/home/item.html?id=19daf0d08b294e2fb38de3980613e03e

chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://media.nationalgeographic.org/assets/file/Framework_correlation_Jan_2019.pdf

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...