პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„რთული“ მოზარდების ქცევითი თავისებურებები

რატომ და როგორ ხდებიან ბავშვები „რთულები“ ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რისი ბრალია, რომ ბავშვის ქცევა ასაკთან ერთად „რთულდება“?

ეს წერილი, ჩემი ღრმა რწმენით, დააინტერესებთ „რთულ ასაკში“ მყოფ მოზარდებთან მომუშავე მასწავლებლებს და ოდნავ მაინც დაეხმარება მათ აღსაზრდელთა პრობლემების იდენტიფიცირებაში.

გარდატეხის ასაკის პრობლემების შესახებ ყველამ იცის. ყველას გაუგონია, რომ ამ დროს მოზარდს ქცევა ეცვლება. ის ხდება უფრო ჯიუტი, ხშირად – აგრესიული (განსაკუთრებით – უფროსების მიმართ), ზოგჯერ საკუთარ თავში იკეტება, ეცვლება ხასიათი და ინტერესთა სფერო, უჩნდება სწავლისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება, რასაც განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ მასწავლებლები. აქვე მინდა დავამატო, რომ „რთული ასაკისთვის“ დამახასიათებელი თავისებურებები თავს იჩენს არა მხოლოდ იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც სწავლა უჭირთ. ამ ცვლილებებს განსაკუთრებით განიცდიან ბავშვების მშობლები, სოციუმი და, რაღა თქმა უნდა, პედაგოგები.

„რთული ასაკი“ – „რთული ქცევა“

სიტყვათშეთანხმება „რთული მოზარდი“ ერთ–ერთი ყველაზე განუსაზღვრელი ტერმინია ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგიაში. თავად მოზარდობის ასაკი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს პიროვნების განვითარების კრიზისულ სტადიად, ანუ ნებისმიერი მოზარდი „რთულია“ და ეს „სირთულე“ გამოიხატება საკუთარ თავსა და სხვებთან მიმართებით.

ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ ბუნებას განსაზღვრული კანონზომიერებები ახასიათებს. ასაკობრივი ცვლილებებიც პიროვნების განვითარების თანმხლები მოვლენაა. რაკი რთულ ასაკზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც მოზარდი ცდილობს მოიკრიბოს ძალა საკუთარი, ზრდასრული, მშობლებისა და მასწავლებლებისგან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი ისიც, რომ ამ დროს მოზარდის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ძვრები მიმდინარეობს და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს განცდების გამოხატვის ინტენსივობაზე.

 

მაინც რა ხდება ამ დროს?

„რთულ ასაკში“ მყოფ არასრულწლოვნებს მშობლები და მასწავლებლები ხშირად თავხედებად და უტიფრებად მიიჩნევენ. ამ პერიოდში ისინი მართლაც გამომწვევად იქცევიან, არად დაგიდევენ უფროსებს, იზრდება მათი ეგოცენტრულობა და, განვითარების განსაზღვრულ დონეს მიღწეულებს, მიაჩნიათ, რომ აღარ სჭირდებათ გადაჭარბებული მეურვეობა უფროსების მხრივ.

ასეთი ქცევის შინაგანი, ქვეცნობიერი მოტივი ის არის, რომ მოზარდები ამ პერიოდში გაცილებით მგრძნობიარეები ხდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. ისინი ხომ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან – ბავშვობას კარგავენ. ბავშვობა კი, როგორც ცნობილია, უსაფრთხოება, კომფორტი და უფროსების უპირობო სიყვარულია.

მშობლები და ხშირად მასწავლებლებიც ბავშვისთვის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე „ჯადოქრები“ არიან, რომლებსაც შეუძლიათ მისი ყველა სურვილის შესრულება, მისთვის სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტიის მიცემა. ბავშვის ფსიქიკისთვის ეს აუცილებელია, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი შემდგომი პიროვნული ზრდა-განვითარება.

ამ ე.წ. რთულ ასაკს ფსიქოლოგები მოზარდის მიერ ღირებულებათა გადაფასების პერიოდს უწოდებენ.

მაინც რა ხდება ამ დროს?

  • იწყება იმედგაცრუება, რომელიც წყენასა და გაუცხოებაში გადაიზრდება ხოლმე. რეალობა ის არის, რომ ბავშვის ცხოვრებაში ყოველთვის ხდება ისეთი რამ, რაც მას უფროსების მიმართ უპირობო ნდობასა და პატივისცემას აკარგვინებს.
  • მე-ს ჩამოყალიბების ამ ერთ–ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ბავშვი მუდამ ეძებს დამნაშავეებს და ისინი ყოველთვის მის გარშემო მყოფი უფროსები არიან, რომელთაც აუცილებლად შეეშლებათ რაღაც და „ჩასაფრებულ“ მოზარდს უჩნდება განცდა, რომ ის მოატყუეს, ამიტომ სამყაროს უსამართლობასა და არასრულყოფილებაზე იწყებს ფიქრს.
  • მოზარდს ეჩვენება, რომ მარტო დარჩა მშობლების, მასწავლებლების და სხვა უფროსების ჭკუისდამრიგებლური, „არაფრის მომცემი“ რიტორიკის პირისპირ.
  • ბავშვი იწყებს ფიქრს, როგორ გაართვას თავი ამ პრობლემებს. ასეთ ფიქრებთან მარტო დარჩენილ მოზარდს ეშინია, რადგან ქვეცნობიერად მაინც აეჭვებს საკუთარი შესაძლებლობები.

ამ დროს არასრულწლოვნები ყველასა და ყველაფერს კრიტიკის თვალით უყურებენ. შესაძლოა, სასოწარკვეთილებაც კი დაეუფლოთ. ამ პერიოდში ხომ მოზარდებს ყველაზე მეტად სხვებზე „დომინირება“ სურთ, უნდათ, მათი „ძლიერება“ ყველამ დაინახოს და სათანადოდ დააფასოს.

საკითხის მცოდნე სპეციალისტების, მზრუნველი მშობლებისა და ყურადღებიანი მასწავლებლებისთვის ცნობილია, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდების „რთულ ქცევას“ ხშირად თავდაცვითი მექანიზმი უდევს საფუძვლად. მაგალითად, ბავშვები გამომწვევი ქცევით უპირისპირდებიან მასწავლებლის მიერ მათ მიმართ საჯაროდ გამოთქმულ შენიშვნას და წყენას, რომელსაც განიცდიან, როდესაც პედაგოგები ყურადღებას არ აქცევენ მათ „მიღწევებს“; სამაგიეროდ, უხვად არიგებენ შენიშვნებს, საყვედურებს, გაფრთხილებებს. ყველა ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მოზარდი შეურაცხყოფად აღიქვამს ამას და უმძაფრდება განცდა, რომ ის ყველაზე უარესი, უმაქნისი და უუნაროა.

გარდატეხის ასაკი ის პერიოდია, როდესაც მოზარდს ყველაზე მეტად სჭირდება გაგება და მისთვის მნიშვნელოვანი ადამინების მხარდაჭერა. მას აღარ სურს, პატარად აღიქვამდნენ, ცდილობს, მოიპოვოს გარშემო მყოფთა პატივისცემა და დაარწმუნოს ისინი, რომ უკვე შესწევს უნარი, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს.

მოზარდებს უნდათ, მხარი აუბან სოციუმის მოთხოვნებს და, იმავდროულად, საკუთარი მოთხოვნილებებიც დაიკმაყოფილონ, მაგრამ ეს ორი რამ ყოველთვის ვერ თანხვდება ერთმანეთს, ამიტომ მოზარდებს ჰგონიათ, რომ თავად არიან „ცუდები და არასრულყოფილები“.

ყველაზე ხაზგასასმელი კი სწორედ ეს წინააღმდეგობრივი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი განცდებია, რომლებიც მოზარდის ფსიქიკაში დუღს. უფროსები აუცილებლად უნდა ესაუბრონ მას ამ განცდებსა და ემოციებზე. ეს ასე თუ ისე დაამშვიდდებს აფორიაქებულ მოზარდს, მიახვედრებს, რომ უფროსებისთვის მნიშვნელოვანია მისი როგორც სერიოზული გადაწყვეტილებები, ისე ემოციური და პიროვნული მომენტებიც.

რამდენიმე რეკომენდაცია

მიღებულია, რომ ფსიქოლოგები არ უნდა იძლეოდნენ პირდაპირ, იმპერატიულ რჩევებს; ისინი მხოლოდ ერთგვარი რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან. მასწავლებლებმაც საქართველოში ბოლო ხანს მრავალი სავალდებულო და ნებაყოფლობითი ტრენინგი გაიარეს. ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანი იყო, მოიცავდა სწავლებისა და განვითარების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ თეორიებს, კლასის მართვის თანამედროვე სტრატეგიებს და სხვა. ამიტომ:

  • გამოიყენეთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას საკუთარი მრავალწლოვანი პედაგოგიური ცოდნა-გამოცდილება; თქვენ ხომ იცით, რომ თანმიმდევრულები უნდა იყოთ აღსაზრდელებთან და კარგად გესმოდეთ, რას ითხოვთ მათგან, რათა მოსწავლესთან უსარგებლო ომში არ აღმოჩნდეთ ჩაბმული და არ დამარცხდეთ.
  • გაიხსენეთ, რომ შესანიშნავად იცით, მაგალითად, ის გარემოება, რომ მოზარდს რთულ ასაკში ახასიათებს ერთგვარი ემანსიპაციის რეაქცია ანუ ქცევის ტიპი, რომლის მეშვეობითაც უფროსების (განსაკუთრებით – მასწავლებლების) გადაჭარბებული მზრუნველობისგან თავის დაღწევას ცდილობს. მოზარდები ანგრევენ სტერეოტიპებს, ეჭვქვეშ აყენებენ „მამების იდეალებს“, ძველი ავტორიტეტების დისკრედიტაციას ახდენენ. სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში გმართებთ თანაგრძნობა, მოთმინება, გაგება და საკუთარი პროფესიონალიზმის მაქსიმალურად გამოყენება.
  • გამოიყენეთ ტრენინგებზე მიღებული უნარ-ჩვევები. გაიხსენეთ დამხმარე ლიტერატურა, რომელსაც უხვად გაეცანით და რომლის დახმარებითაც გაცილებით ადვილად გაუმკლავდებით ცოტა ხნის წინ დამჯერი მოწაფეების „სამწუხარო“, მაგრამ დროებით ცვლილებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი