ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მე მქვია არფა (II ნაწილი)

– არფა, ნათესავები თუ გყავს?
არფამ გადაშალა თავისი დიდი საოჯახო ალბომი მუსიკალური საკრავების პორტრეტებით, რომელთა საერთო საგვარეულო ნიშანი სიმი იყო.

– აი, ჩემი ბავშვობის მეგობარი. ძველი ბერძნები მას ლირას უწოდებდნენ.

– სასიამოვნოა. არფა, ახლა სად მუშაობ?

– სიმფონიურ ორკესტრში. ეს ჩემი ძირითადი სამუშაოა. არ დაგიმალავ, მიყვარს დიდ კოლექტივში თავის მოწონება, მაგრამ არც საკონცერტო ესტრადაზე მარტო გამოსვლაზე ვამბობ უარს. როდესაც ვინმეს აკომპანემენტი სჭირდება, ანსამბლში დაკვრაზეც დიდი სიამოვნებით ვთანხმდები.
ოქრო-ვერცხლით, სადაფით, მოზაიკითა და სპილოს ძვლით მორთული უმშვენიერესი არფა VIII საუკუნეში აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვაჭრებსა და ზღვაოსნებთან ერთად დასავლეთისკენ დაიძრა. დიახ, დადგა ამ საკრავის ევროპაში აჟღერების დრო. ევროპელებს ძალიან მოეწონათ მისი ნაზი ხმა, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის უძველეს მკვიდრებს – კელტებს. არფა უსაყვარლეს საკრავად იქცა უელსში, შოტლანდიასა და ირლანდიაში მცხოვრები ბარდებისთვის (მგოსნებისთვის), ასევე – სკანდინავიელი ბარდებისთვის – სკალდებისთვის. ეს სახალხო მომღერლები ლექსებს თხზავდნენ და არფაზე, სიმღერითა და დეკლამაციით ასრულებდნენ. ლაშქრობისას თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, დაფნის გვირგვინებითა და პატარა არფებით „შეიარაღებული” ბარდები წინ მიუძღოდნენ მხედრიონს და პატრიოტული სიმღერებით გმირობისა და გამარჯვებისკენ მოუწოდებდნენ.

დღესასწაულებზე ბარდს საპატიო ადგილს უთმობდნენ. ის წმინდა პერსონად ითვლებოდა და მის წყენინებას ვერავინ ბედავდა. იმ დროში ბარდებს მეფეებზე მეტ პატივსაც კი მიაგებდნენ. მათი ეშინოდათ კიდეც. დიდ მონაპოვრად მიიჩნეოდა, თუ ბარდი ქორწილში დაუკრავდა. ყოველ ტაძარს ჰყავდა საკუთარი ბარდი. ის არფაზე დაკვრით და სიმღერით ხოტბას ასხამდა ღმერთს. ინგლისის კანონით, არფაზე დამკვრელის ხელის დასახიჩრებისთვის დამნაშავეს 4-ჯერ მეტი საზღაური უნდა გადაეხადა, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავის დასახიჩრებისთვის. საპატიმროში „შემთხვევით” მოხვედრილ არფისტს კი უფლება ჰქონდა, სევდის გასაქარვებლად თან „ჰყოლოდა”არფაც.

დროთა განმავლობაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბარდების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, ვინაიდან არფაზე დაკვრას ეროვნული ჰიმნებისა და სიმღერების შესრულება ახლდა თან. საქმე იქამდე მივიდა, რომ მე-17 საუკუნიდან მოხეტიალე მგოსნების საყოველთაო დევნა დაიწყო. საკრავებს წვავდნენ, ბარდებს სახრჩობელაზე აგზავნიდნენ. ბრიტანეთის ხელისუფლება ამგვარად ცდილობდა ირლანდიელი ხალხის ეროვნული სულით გაჟღენთილი განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობას. მიუხედავად ამისა, არფა ქვეყნის საამაყო სიმბოლოდ – თავისუფლებისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ რჩებოდა. დღეს არფა ირლანდიის სახელმწიფო გერბზე იწონებს თავს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მუსიკალური საკრავი სახელმწიფოს სიმბოლოა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ მეფეთა, ბაგრატიონთა დინასტიას გერბზე სხვა სიმბოლოებთან ერთად არფის მონათესავე საკრავი – ქნარი ჰქონდა გამოსახული. ასევე დიდი სიყვარულით სარგებლობდა ჩვენში არფის მეორე სახესხვაობა – ჩანგი. მისი ერთ-ერთი სახეობა, გუსლი, რუსეთშიც იყო გავრცელებული.
***
არფაზე დაკვრის ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. ის დიდხანს რჩებოდა დიატონური წყობის საკრავად. ქრომატული ბგერების დამატების პირველი მცდელობები პრიმიტიული აღმოჩნდა. ქრომატული ამაღლებისთვის სიმებს ყელთან თითების დაჭერით ამოკლებდნენ. შემდგომ სიმების რაოდენობა გაიზარდა. მალე აღარც თითების დაჭერა იყო საჭირო – არფას დაამატეს მოქლონები, რომლებსაც ხელით ამოძრავებდნენ.

ასეთ არფებზე დაკვრა ძალიან რთული და მოუხერხებელი იყო. ეს ნაკლი პედალის გამოგონებამ გამოასწორა. 1720 წელს ბავარიელმა ოსტატმა იაკობ ჰოხბრუკერმა არფას ჯერ ხუთი, მერე კი შვიდი პედალი დაამატა. პედალი ნატურალური ბგერათა რიგის ნახევარი ტონით მოძრაობის საშუალებას იძლეოდა (არფა ორატორიაში პირველად ჰენდელმა გამოიყენა, ხოლო ოპერაში – გლუკმა. მათი თაოსნობით საკრავი საორკესტრო პრაქტიკაში დამკვიდრდა). ამგვარი არფა შემდგომ ძალზე პოპულარული გახდა და დიდი სისწრაფითაც გავრცელდა ევროპის ქვეყნებში.

მე-19 საუკუნის დასაწყისში არფა ფრანგმა ოსტატმა სებასტიან ერარმა სრულყო – ორმაგი გამოყენების პედალის მექანიზმით შესაძლებელი გახადა ტონალობათა სწრაფი ცვლა. თითოეულ პედალს შეეძლო, ბგერა სამგვარად – დიეზად, ბემოლად და ბეკარად – შეეცვალა.

ამჟამად არფა წარმოადგენს ხის დიდ სამკუთხა ჩარჩოს – სარეზონანსო კორპუსს, რომლის შიგნით გაჭიმულია სხვადასხვა სიგრძისა და სისქის 46 სიმი (სქელი და მაღალი სიმები ბანებს განეკუთვნება, ხოლო წვრილი და მოკლე – დისკანტს). დიატონური წყობის არფაზე სიმებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი იგივეა, რაც თეთრი კლავიშები ფორტეპიანოს კლავიატურაზე. დაკვრისას სწრაფი ორიენტაციისთვის არფაზე გაჭიმულია სხვადასხვა ფერის სიმები – წითელი, ლურჯი და თეთრი. საკრავის ბგერათა დიაპაზონია 6, 2/3 ოქტავა – კონტროქტავის რე ბემოლიდან – მე-4 ოქტავის სოლ დიეზამდე. არფისთვის დამახასიათებელია არპეჯირებული მოძრავი მუსიკალური ქარგა. საკმარისია სიმებზე თითების ერთი გასმა და არფის მთელი დიაპაზონი ამ „დაშლილი” აკორდით გაიჟღერებს. როდესაც აკორდის ბგერებს რიგრიგობით, ერთმანეთის მიყოლებით ვიღებთ ანუ, ფაქტობრივად, აკორდს ვშლით, ვიღებთ არპეჯიოს (Arpeggio – „როგორც არფაზე”).
  

შესაძლოა ვერც გაიხსენოთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ მოგისმენიათ არფაზე არპეჯიოს ტალღოვანი შესრულება. მუსიკალურ სკოლებში პიანისტები სავალდებულო გამებთან ერთად ტექნიკას არპეჯიოებითაც ივითარებენ. სანოტო დამწერლობაში არპეჯიო, როგორც წესი, აკორდის წინ აღინიშნება ტალღოვანი ვერტიკალური ხაზით. არფაზე შესანიშნავად სრულდება Glissando-ც.

როგორც ეფექტური სოლოს შემსრულებელი, ისე თანმხლები არფა ფართოდ აქვთ გამოყენებული ბერლიოზს, სენ-სანსს, ჩაიკოვსკის, ვაგნერს, ბიზეს, რიმსკი-კორსაკოვს, დებიუსის, რაველს, რესპიგის, ვერდის, ჩიმაკაძეს.

არფას ნაზი ტემბრი აქვს. სიმფონიურ ორკესტრში მისი შესვლა ფანტასტიკური განწყობის სურათებს ხატავს. არფაზე ბგერების გადარჩევა მეტისმეტად მიმზიდველი და პოეტურია. მისი მხატვრული სახე შეიძლება მარაოს გახსნას შევადაროთ. 

მცირე რეკომენდაცია: დაკვრისას დამწყებ არფისტის კორპუსი გამართული უნდა ჰქონდეს და არა დაძაბული, სკამი მუდამ ერთი და იმავე სიმაღლისა უნდა იყოს, ხანგრძლივი მეცადინეობის დროს კი ყურადღება უნდა მიექცეს მხრების თავისუფალ, ჩამოშვებულ პოზიციას.

თუ უფროსებს ესმით ვარჯიშის აუცილებლობა საშემსრულებლო პროცესის სრულყოფისთვის და ამიტომ უკრავენ, ბავშვებს ეს არ ესმით, ამიტომ სავარჯიშოდ უნდა მივაწოდოთ პატარ-პატარა პიესები ხატოვანი სათაურებით, რომ ბავშვმა იგრძნოს – მისი დავალება არ არის მხოლოდ ტექნიკური. ბავშვი მას შეიყვარებს და მრავალჯერ გაიმეორებს. ხატოვანი აზროვნების წარმოსახვის განვითარება კი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მომავალი მუსიკოსისთვის და, საერთოდ, ადამიანისთვის, რომელიც შეისწავლის სამყაროს აღქმას მუსიკის საშუალებით.

რატომ ვერ ინტერესდებიან ბავშვები მეცადინეობით? ყველაფერი მარტივია: ბავშვებს არ შეუძლიათ ერთ საქმეზე დიდხანს კონცენტრირება, ამიტომ მასწავლებელმა გაკვეთილი ისე უნდა ააგოს, რომ ერთ დავალებას 5-15 წუთზე მეტი არ დასჭირდეს. თუ გვსურს ერთი მასალით შედეგის მიღწევა, გამუდმებით უნდა ვცვალოთ მიდგომა. ასე ბავშვი უკეთაც აითვისებს და არც მეცადინეობა მობეზრდება. 

ყოველი მეცადინეობის საფუძველი უნდა იყოს მოთმინება და ბავშვის მიმართ კეთილგანწყობა. მეცადინეობისას მასწავლებლის ყურადღება მთლიანად უნდა ეთმობოდეს პატარა მოსწავლის როგორც პიროვნების განვითარებაზე ზრუნვას. როცა მასწავლებელი დროდადრო მობილურში იხედება და, შესაბამისად, ბავშვებთან ერთად მთლიანად არ არის შთანთქმული საგნით, ამას მოსწავლეზე უკეთ ვერავინ გრძნობს. მას ყურადღება ეფანტება, ინტერესს კარგავს და გულგრილი ხდება. როდესაც მასწავლებელი შედის ბავშვის სამყაროში, ცდილობს გაუგოს მის სურვილებსა და მიდრეკილებებს, როდესაც გონივრულად უხამებს ერთმანეთს თამაშს და მუშაობას, ბავშვს მასწავლებელი უყვარდება და მისი სჯერა.
*** 
ადამიანზე მუსიკის გავლენა მეცნიერებისთვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი. მუსიკას ასრულებდნენ ძველ ბერძნულ სამკურნალო-სამლოცველო ტაძრებში – ასკლეპიონებში. ისტორიული და არქეტიპული მნიშვნელობა არფას განსაზღვრავს როგორც სულის მკურნალს. არფით კურნებაზე უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს. მას როგორც ბგერის სისუფთავის სიმბოლოს სხვადასხვა კულტურა სულის სიმშვიდისა და ჰარმონიზაციისთვის იყენებდა.

ყველა დროის ყველაზე საკვირველი საკრავის ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც დაკვრის შედეგად აღიძვრება, სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე – ტყის ნაკადულივით მორაკრაკე არფა ამშვიდებს და ძილს ჰგვრის. ეგვიპტეში ექიმები პაციენტზე ხელს თუ ჩაიქნევდნენ, მუსიკით მკურნალობას მიმართავდნენ – არფისტი მოჰყავდათ. 

ბგერის ვიბრაციები ყველგან აღწევს და ვინაიდან ჩვენი სხეულის დიდი ნაწილი წყალია, ხოლო წყალი კარგი გამტარია, ბგერა ტალღისებურად გაიბნევა მთელ სხეულში. სხეული ვიბრაციებისა და ტალღების ცოცხალი ორგანიზმია. ჯანმრთელი ორგანიზმი კარგად არის აწყობილი, ე.ი. ის საკუთარ სიხშირეზე ვიბრირებს. თუ ორგანიზმი ჯანმრთელი არ არის, რხევის სიხშირე დარღვეულია. საკონცერტო არფას რხევის ძალზე ფართო დიაპაზონი აქვს. ის ვიბრაციით ადამიანის მთელ სხეულზე მოქმედებს, ხოლო უმაღლეს ეფექტს უნიკალური ჰარმონიული გლისანდოს გამოყენებით აღწევს. 

არფის სახე ხელოვნების თითქმის ყველა დარგში გვხვდება. მისი როლი სხვადასხვაგვარადაა აღქმული და ილუსტრირებული. მაგალითად, ალეგორიების დიდოსტატმა, ფერმწერმა იერონიმუს ბოსხმა, თავის მისტიკურ ტრიპტიქში „მიწიერი განცხრომის ბაღი” მუსიკალურ საკრავებს ჯოჯოხეთი (პანო) არგუნა. არფას მათ შორის ყველაზე მძიმე ხვედრი – სიმებზე ჯვარცმული ფიგურა ერგო.

ორფეოსს კი არფაზე დაკვრითა და სიმღერით სინათლისკენ მოჰყავს ძვირფასი ევრიდიკე „აჩრდილების სამფლობელოდან”. დიახ, მუსიკა სიკვდილზე ძლიერია. მას ძალუძს სიცოცხლისკენ შემობრუნება.
 

ნაზი ჟღერადობით აღფრთოვანებული პოეტები არფას „ჯადოსნურ საკრავს” უწოდებდნენ. მისი სახე როგორც ლირიკის სიმბოლო რუსულ პოეზიაშიც შეიჭრა – პუშკინმა არფა ღმერთს უბოძა ასაჟღერებლად, ტოლსტოიმ – რომანის ყველაზე პოეტურ გმირს ნატაშა როსტოვას, ცვეტაევას პოეზიაში არფა სამოთხესთან ასოცირდება. ამ ჯადოსნურ საკრავს ასევე ვხვდებით ლერმონტოვის, ბლოკის, მაიაკოვსკის, სხვათა და სხვათა შემოქმედებაში.
საქართველოში საუკუნო ქნარის მფლობელი გალაკტიონია. 

არფის ჟღერადობის ახსნას ცდილობს ტრუმენ კეპოტიც. ბიოგრაფიულ ლირიკულ რომანში „მინდვრის ქნარი” ავტორი ბალახის ხმებით მოგვითხრობს ქალაქის მცხოვრებთა შესახებ. მათ შესახებ, ვინც არის და ვინც აღარაა.

მუსიკის არამოყვარულისთვის, მით უფრო – სმენადაქვეითებულისთვის ამ ღვთაებრივი საკრავის ჟღერადობის ახსნა ისევე რთული იქნება, როგორც უსინათლოსთვის – ფერის აღწერა, რასაც ორჰან ფამუქი ჯიუტად ცდილობს თავის „წითელში”: „თითებით თუ შევეხებოდით, იქნებოდა რკინის ან სპილენძის შეგრძნება; მუჭში თუ მოვიქცევდით, დაგვწვავდა; გემოს გავუსინჯავდით და დამარილებული ხორცივით იქნებოდა; პირში ჩავიდებდით და – პირს გაგვივსებდა; ვუყნოსავდით და ცხენის სუნი ექნებოდა; თუ ისე ვუყნოსავდით როგორც ყვავილს, გვირილის სუნი ექნებოდა და არა წითელი ვარდისა”. 

P.S. მუსიკას ძალუძს, ადამიანს ცნობიერ და არაცნობიერ დონეზე ესაუბროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი