პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ავარჩიოთ ლიტერატურის სახელმძღვანელო

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტუალური ხდება სახელმძღვანელოების ნუსხა, რომელსაც სკოლები თუ ცალკეული საგნების მასწავლებლები მოსწავლეებს სთავაზობენ.

ამ წერილის დაწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ მასწავლებლად მუშაობის დროს თავადაც არაერთხელ შევჯახებივარ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემას – ზოგიერთ მშობელს არ მოსწონდა შეთავაზებული წიგნი, თუმცა დამაჯერებელი არგუმენტი, რასაკვირველია, არ ჰქონდა. ვერც ალტერნატივას გვთავაზობდა, მაგრამ მასწავლებლის არჩევანით აშკარად უკმაყოფილო იყო.

სამწუხაროდ, ეს პრობლემა ბევრ მასწავლებელს დღესაც აწუხებს, განსაკუთრებით კი კერძო სკოლებში, სადაც მშობელთა უფლებები განუსაზღვრელად დიდია. ყველაზე მეტ კიცხვასა და უკმაყოფილებას მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები იმსახურებს. აქვე უნდა ითქვას, რომ მასალას წიგნის ავტორები და რეცენზენტები ყოველწლიურად ცვლიან და ხელახლა ამუშავებენ; ცდილობენ, უფრო უკეთ დაგეგმილი, მოსწავლეთა ასაკსა და შესაძლებლობებს მორგებული დავალებები და ტექსტები შემოგვთავაზონ, რომლებიც მოზარდებს ლიტერატურის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აუცილებელ პროგრამას გვერდს ვერავინ აუვლის. მაგრამ იქაც კი, სადაც საქმე განათლებას, წიგნსა და საგანმანათლებლო რესურსებს ეხება, გვგონია, სხვაზე არანაკლები ვიცით, გვაქვს ჩარევის უფლება და საკუთარი აზრის გატანას ვცდილობთ. ყველა ქართველს მიაჩნია, რომ რაკი ქართული მისი მშობლიური ენაა, ამ საგნის სწავლების თაობაზე მის მიერ გამოთქმული ყოველგვარი შენიშვნა და პრეტენზია მართებულია.

რასაკვირველია, ასე არ არის.
წლების წინ მართლაც ჭირდა მოსწავლეებისთვის კარგი სახელმძღვანელოს შეთავაზება, რადგან არჩევანი არ იყო. მოძველებული და არასწორი მეთოდები არ გვაძლევდა საშუალებას, სწავლის პროცესი მრავალფეროვანი და უფრო მოქნილი გაგვეხადა. პედაგოგებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდათ, რათა ლიტერატურის გაკვეთილები საინტერესო ყოფილიყო, ბავშვებს ხალისითა და მონდომებით ესწავლათ.

განათლების თანამედროვე სისტემა თითოეულ საჯარო და კერძო სკოლას საშუალებას აძლევს, კათედრებსა და პედაგოგებთან შეთანხმებით თვითონვე აირჩიოს სახელმძღვანელო, იმის მიხედვით, რა მიზანი აქვს, როგორი შედეგის მიღება სურს. სკოლების უმეტესობა, წესისამებრ, ერთი და იმავე რესურსებით ხელმძღვანელობს, ყველა პედაგოგი მოტივირებულია, საუკეთესო აარჩიოს, რადგან წიგნი მასწავლებლის ყველაზე საიმედო იარაღია. ირჩევა სახელმძღვანელოები, რომლებსაც კომპეტენტური პირები უწევენ რეკომენდაციას. გარდა ამისა, დიდი ყურადღება ექცევა წიგნების გაფორმებას, რაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის ფაქიზ და ნაზ ბუნებას მოსწონს ყველაფერი, რაც ლამაზია.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ავტორმა, რომელმაც დიდი რუდუნებით იმუშავა ლიტერატურის სახელმძღვანელოზე, მართლაც საინტერესო და სახალისო სავარჯიშოები, თავსატეხები და, რაც მთავარია, საჭირო ტექსტები შეიტანა მასში, – იფიქრა, რომ თუ წიგნი შავ-თეთრი იქნებოდა და მოსწავლეებს მიეცემოდათ მისი გაფერადების, მოხატვის საშუალება, ისინი უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ და მეტი ხალისით შეისწავლიდნენ საგანს. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მშობლებმა უარი თქვეს უფერულ სახელძღვანელოებზე, და მეორე – ერთი შეხედვით სახალისო დავალებები მოზარდებისთვის არცთუ საინტერესო აღმოჩნდა. ამრიგად, თამამად შეძლება ითქვას, რომ წიგნის ხარისხსა და გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
წინათ სასწავლო პროგრამა დატვირთული იყო ქართველი მწერლების ბიოგრაფიული მონაცემებით. მოსწავლეებს უხდებოდათ ბიოგრაფიული წყაროების თითქმის ზეპირად სწავლა. სასწავლო მასალა მოიცავდა მხოლოდ ტექსტებს, პროგრამა არ ითვალისწინებდა მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად შესასრულებელ სავარჯიშოებს, სასწავლო მასალას არ ერთვოდა სააზროვნო კითხვები, ლექსიკა, გრამატიკული დავალებები, რასაც დღეს ასეთი მნიშვნელობა ენიჭება.

გარდა ამისა, წინათ სასწავლო მასალა სახელმძღვანელოში ქრონოლოგიურად იყო დალაგებული და არა თემატურად, რაც ჩემი აზრით, არასწორია. დღეს ლიტერატურის წიგნები თემატურად არის შედგენილი და არამარტო ქართულ ლიტერატურას მოიცავს; მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ უცხოელ მწერლებს, მათ ნააზრევს, წაიკითხონ კრიტიკული წერილები და ესეები. თანამედროვეობის ყველაზე დიდი მოთხოვნა ხომ ის არის, გამუდმებით ვადევნოთ თვალი ჩვენი კულტურის მიღმა მიმდინარე პროცესებს და მათ ნაწილად ვიქცეთ, ამიტომ უცხოური ლიტერატურის სწავლა, ცნობიერების გაფართოება, უცხო სახელების გაცნობა მეტად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის.

მოსაწონია, რომ ლიტერატურის სახელმძღვანელოში ძალიან ფრთხილად არის შემოპარებული მართლწერისა და სწორმეტყველების საკითხები, რომლებიც გამყარებულია სასწავლო მასალიდან მოყვანილი მაგალითებით. ლიტერატურულ ტექსტთან ერთად მოსწავლე გრამატიკასაც სწავლობს, თანაც არა მშრალი წესებით, არამედ მაგალითებით, რაც სწავლების უფრო ეფექტური მეთოდია.

მისასალმებელია, რომ დღეს ლიტერატურის სახელმძღვანელოები დატვირთულია სააზროვნო სავარჯიშოებითაც. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ჯგუფურად ან დამოუკიდებლად შეასრულონ მოცემული დავალებები, შეაჯერონ მოსაზრებები. ვფიქრობ, მკითხველი დამეთანხმება, რომ ლიტერატურის ძირითადი პრინციპი პარალელების გავლება, შედარება და სინთეზია, რაც მოსწავლეს თვალსაწიერის გაფართოებაში, ანალიტიკურ აზროვნებასა და მსჯელობაში ეხმარება. გარდა ამისა, სასწავლო წიგნებში ხშირად შეტანილია თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედება, ზოგჯერ სრულიად უცნობი ავტორის თხზულება ან ლექსი, რომელიც თანამედროვეობის გამოძახილია. ახალ თაობას ძალიან აინტერესებს ახალგაზრდა და საინტერესო ავტორების გაცნობა; კარგია, როდესაც სასწავლო მასალა ამის საშუალებას გვაძლევს.

არის შემთხვევები, როდესაც მასალა თავად მასწავლებელსაც არ მოსწონს – მიაჩნია, რომ საკითხი ნაკლებმნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, არ შეესაბამება მოთხოვნებს ან, უბრალოდ, არცთუ აქტუალურია. ამ შემთხვევაში პედაგოგს უფლება აქვს, სურვილისამებრ შეცვალოს ავტორი, დამატებით წაუკითხოს რაიმე ბავშვებს, ჩააწერინოს, განავრცოს საკითხი, გამოიყენოს სხვადასხვა სასწავლო რესურსი, დამხმარე კლასგარეშე ლიტერატურის წიგნი, რომელშიც ძალიან საინტერესო და მოზარდებისთვის საყურადღებო მასალაა შეტანილი, და გაკვეთილი უფრო ეფექტურად წარმართოს, მაგრამ ეს გამონაკლისია, რადგან სასწავლო გეგმასა და პროგრამას ვერავინ გადაუხვევს, პედაგოგის ამოცანა კონკრეტული მასალის სწავლებაა. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია მოზარდთა შესაძლებლობები და მათი მონაცემებიც, რადგან კლასში ყველა ბავშვი ერთნაირად როდი ახერხებს გაკვეთილის აღქმას, გაგებასა და ათვისებას. ამრიგად, დამატებითი მასალა მორგებული უნდა იყოს თითოეულ ბავშვს. სახელმძღვანელოში შეტანილი ტექსტები კი სწორედ მოსწავლეთა ასაკს არის მორგებული, ამიტომ სასწავლო პროგრამის შეცვლა მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებშია მისაღები.
სასწავლო მასალა ყოველწლიურად იხვეწება, იცვლება, მუშავდება; ავტორები ცდილობენ, მარტივი და საინტერესო ტექსტები, დავალებები შესთავაზონ მოსწავლეებს, რათა სწავლის პროცესი არა დამღლელი და მტანჯველი, არამედ სასიამოვნო იყოს.

სახელმძღვანელოს არჩევა ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. მიმაჩნია, რომ გასათვალისწინებელია, რამდენად შეესაბამება წიგნი იმ ასაკობრივ დონეს, რომლისთვისაც არის იგი განკუთვნილი, სწორად და საინტერესოდ არის თუ არა დაგეგმილი თითოეული თემა და საკითხი. ტექსტები უნდა იყოს მარტივი და ბავშვის გონებისთვის შესაფერისი ლექსიკით მოწოდებული, ლექსები – რითმულად გაწყობილი, აზრობრივად და მხატვრული სახეებით დატვირთული. თითოეული ტექსტი უნდა აძლევდეს მოსწავლეს ზნეობისა და სიკეთის მაგალითს. აუცილებელია ლექსიკური მარაგის გამდიდრება, რათა მოზარდს გონება განუვითარდეს, თხრობისა და წერის კულტურა გამოუმუშავდეს. ვფიქრობ, პედაგოგს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, საიდან, რომელი ნაწარმოებიდან თუ თემიდან დაიწყოს სწავლება და გაკვეთილების თანამიმდევრობა რამდენადმე შეცვალოს, თუ მიიჩნევს, რომ ასე სწავლა უფრო საინტერესო იქნება. მთავარია, მიზანს მიაღწიოს და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა წლის ბოლომდე ამომწურავად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი