შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გაკვეთილები  ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსების დახმარებით

ბოლო წლებია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნსაცავთან ერთად  მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების, მულტიმედია მასალების, სხვადასხვა თემატური მუზეუმებისა და კაბინეტების, განათლებისა და ინტერაქციის ცოცხალ სივრცედ იქცა.

რასაკვირველია, საქართველოში უამრავი ბიბლიოთეკაა და ყველა მათგანის გამოყენება შეიძლება გაკვეთილების დასაგეგმად, მასალების მოსაძიებლად თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკა იყო და არის ერთგვარი ცენტრი, სადაც ერთიანდება ქართული წიგნის გამოცდილება, შესაბამისად, მოსწავლეების აქ სტუმრობა კურიკულუმის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილად მიმაჩნია, როგორც, ვთქვათ, ეროვნული მუზეუმის მდიდარი კოლექციების დათვალიერება.

გაგანდობთ რამდენიმე გაკვეთილისა თუ პროექტის იდეას, რომელთა განხორციელება ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავის, კაბინეტებისა და მუზეუმების თუ ელექტრონული რესურსების დახმარებით შეგიძლიათ.

დავიწყოთ ელექტრონულით, ეს უფრო მარტივია, თქვენივე კლასიდან თუ სამუშაო სივრციდან შეგიძლიათ იშვიათ, უმდიდრეს წყაროებსა და მასალებთან წვდომა.

  1. მოგზაურობა დროში, რა ხდებოდა საუკუნის წინ ან კიდევ უფრო ადრე?

ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებში ყველაზე ფასდაუდებელი ალბათ პრესის არქივია, რომელიც გაკვეთილების იმდენნაირ იდეასა და შთაგონებას იძლევა, რომ არ იცი, საიდან დაიწყო.

აბა, წარმოიდგინეთ,  გაკვეთილზე თერგდალეულთა ამბებს ხსნით და საშუალება გაქვთ,  ვირტუალური  პირდაპირი რეპორტაჟები გადმოსცეთ მათი საპროგრამო პერიოდული გამოცემების საშუალებით.  ან მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ესაუბრებით და უცებ, შეგიძლიათ ერთი საუკუნის წინ გამოცემული გაზეთიდან წაუკითხოთ მაშინდელი ტექნოლოგიური სიახლეები, ვთქვათ, ისეთი კალმის გამოგონება, რომელსაც ცალკე მელანში ჩაწობა არ სჭირდება, ან პირველი ავტომანქანა, ან გრამოფონი, ან სულაც ამბავი მიხეილ გედევანიშვილის რენტგენის კაბინეტის  შესახებ… მოკლედ, რაც გინდათ, სულო და გულო!

მსოფლიო ისტორიას ან გეოგრაფიას სწავლობთ? ისევ საუკუნის წინანდელ პრესაში ჩაიხედეთ და ისეთ სახალისო სტატიებს წააწყდებით მაშინდელი მსოფლიოს სიახლეების შესახებ.

უფრო სერიოზულად? იქნებ პირველი რესპუბლიკის, მარო მაყაშვილისა და კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკრების გარდაცვალების ამბავი პირდაპირ 1921 წლის პრესიდან ამოიკითხოთ? ან  სწორედ იქ მოძებნოთ, როგორ „სდუმდა სიონი და სდუმდა ხალხი“.

მოკლედ, უამრავი თემაა, რაშიც პრესის ეს უმდიდრესი არქივი დაგეხმარებათ, ამ მასალის გაციფრება ნამდვილად დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა.

  1. ისევ დროში მოგზაურობა- ადამიანები წარსულიდან

ელექტრონული ბიბლიოთეკის ფოტოარქივი ჩემი უსაყვარლესი ვირტუალური სივრცეა. რას არ იპოვი აქ, რამდენი იდეა არ დაგებადება!

“ივერიელის” ფოტოფონდში დაცულია დავით გურამიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, ბაადურ ქობლიანიძის კოლექციები, ასევე კოლექცია სახელწოდებით “ეროვნული ფოტომატიანე”, სადაც სხვადასხვა ოჯახებში დაცული უნიკალური ფოტოები და მრავალი ცნობილი პიროვნების პირადი არქივია შესული.

ჯერ ხომ ყველა იმ ადამიანის ფოტოს მოძებნა შეგიძლიათ, რომელთა მოღვაწეობას და შემოქმედებას ვასწავლით მოსწავლეებს,  მერე აქ ისტორიული ფოტოების უმდიდრესი საგანძურია – როგორი იყო თბილისი საუკუნის წინ, როგორ იცვამდნენ ადამიანები, როგორი იყო ყოფითი კულტურა, როგორი სპექტაკლები იდგმებოდა, როგორ სახლებში ცხოვრობდნენ…

გაკვეთილების დაგეგმვაში ფოტოგანყოფილებები დაგეხმარებათ, მაგალითად, ეროვნული სამოსის კოლექცია ქართული ყოფისა და ეთნოგრაფიის სამყაროში გამოგზაურებთ, ულამაზეს პორტრეტებს ნახავთ,  საინტერესო დეტალებს გააცოცხლებთ საქართველოს წარსულის შესახებ…

შეგიძლიათ ცნობილი ქართული ფილმების გადაღებებზე იმოგზაუროთ და ლეგენდარული მსახიობები მუშაობის პროცესში ნახოთ, იქნებ სპორტის ისტორია უფრო გაინტერესებთ, არქეოლოგიური გათხრების  ან სულაც ემიგრაციის ამბები. მოკლედ, აქ ყველაფერია, მთავარია, გაკვეთილის იდეა მოგივიდეთ და მასალას მრავლად იპოვით.

  1. გაკვეთილები ემიგრაციის მუზეუმში

ყველას, ვისაც პირველი რესპუბლიკის ამბები წაუკითხავს, ვისაც იმ განსაკუთრებული სამი წლით უამაყია,  ალბათ  ერთხელ მაინც უფიქრია – რა მოხდებოდა, 1921 წლის წითელი თებერვალი რომ არ ყოფილიყო.

როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას თოთო რესპუბლიკა, რომლის შექმნას თავისი სიცოცხლე ქვეყნის ინტელექტის საუკეთესო ნაწილმა უწილადა.  სადღაც, წარმოსახვით ალტერნატიულ ისტორიაში დამოუკიდებელი საქართველო 70 წლიანი ბოლშევიკური ბატონობის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას, განვითარებას.

სად არის ეს ალტერნატიული ისტორია? – წიგნებში? ფოტოებში?  ალბათ ყველაზე მეტად ქართული ემიგრაციის წარმოსახვაში და არა მხოლოდ წარმოსახვაში, მათ პოლიტიკურ, სამეცნიერო თუ ლიტერატურულ მოღვაწეობაში, მათ მიერ შენახულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში, ეპისტოლარულ მემკვიდრეობასა და, რაც მთავარია,  დაბრუნებაზე ოცნებაში.   ქართული კულტურული და პოლიტიკური ემიგრაციის ყოველდღიურობაში, რომლის შესახებ დიდხანს არაფერი ვიცოდით, რადგან რკინის ფარდა და სისტემის შიში ცნობისმოყვარეობის უფლებასაც კი არ გვიტოვებდა.

საბედნიეროდ, ახლა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ, რომლის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ქართული ემიგრაციის მუზეუმმა დაიდო ბინა, რომელმაც ემიგრაციის კვლევის ორი მნიშვნელოვანი ცენტრი გააერთიანა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ემიგრაციის მუზეუმი და ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზი, რომელიც ბოლო დროს უმდიდრესი მასალებითა და არქივებით შეივსო.  ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუზეუმის საბოლოო განთავსება თავად გურამ შარაძეს ჰქონდა გადაწყვეტილი,  მამის სურვილი გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ შეასრულა. მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტების გარდა, აქ ბინა დაიდო გურამ შარაძის კაბინეტმა, მემორიალური ნივთებითა და ბიბლიოთეკით.

მუზეუმი მოიცავს ვრცელ სამყაროს – თემატურად თუ გეოგრაფიულად: პერიოდიკა, მეცნიერება, ლიტერატურა, პოეზია, თარგმანი, ეპისტოლური ჟანრი, ფოტომატიანე, ყველაფერი, რაც კვლევას და აღმოჩენას მოითხოვს, აქ იგეგმება გამოფენები, კონფერენციები, შეხვედრები, ექსკურსიები, კარი ღიაა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის და, რაც მთავარია, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

ამ შესანიშნავ სივრცეში შეგვიძლია ქართული ემიგრაციის  ცხოვრების ერთგვარ რეტროსპექტივას გავადევნოთ თვალი, დიდი მოღვაწეების ფოტოებს, მნიშვნელოვანი ქართული ნაწარმოებების თარგმანებსა და უცხოურ გამოცემებს, მიმოწერას მსოფლიო პოლიტიკურ ელიტასთან, საზოგადოებრივ, ლიტერატურულ, სამეცნიერო და პოლიტიკურ პერიოდიკას, გამოხმაურებებს,  ემიგრანტთა პოეზიასა და პროზას, ისტორიულ დოკუმენტებს, ხელნაწერებს  და, საქართველოს ალტერნატიულ ისტორიას, რომლის მოქმედი გმირები არიან ვიკტორ ნოზაძე, კალისტრატე სალია, მიხაკო წერეთელი, კიტა ჩხენკელი,  სიმონ ბერეჟიანი, სამსონ ფირცხალავა, გიორგი ყიფიანი, ვარლამ ჩერქეზიშვილი და სხვანი და სხვანი, ქართული საზოგადოებისთვის გვიან დაბრუნებული დიდი სახელები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი