პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სიის ამოკითხვა, როგორც სასარგებლო აქტივობა

სიის ამოკითხვა გაკვეთილის სცენარის აუცილებელ ნაწილს შეადგენს, თუმცა ხშირად დროის დაკარგვად, მოსაბეზრებელ რუტინად გვეჩვენება, მით უფრო მოსწავლეებს. თუმცა ცხადია, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა აუცილებელია. როგორ ვაქციოთ გაკვეთილის ეს ნაწილი უფრო საინტერესო, მხიარულ, განსხვავებულ აქტივობად? რამდენიმე ვერსიას ამ სტატიაში შემოგთავაზებთ :

1. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წებოვან ფურცლებს, მოსწავლეები წერენ თავიანთ სახელებსა და გვარებს და მასწავლებელი აკრავს წინასწარ მომზადებულ ფორმატზე ან ამაგრებს მაგნიტების საშუალებით;

2. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფერადი ფურცლის ზოლებს, რომელზეც მოსწავლეები წერენ თავიანთ სახელებსა და გვარებს, მერე ყველანი ერთად, ქაღალდის წებოს დახმარებით ამზადებენ ქაღალდის გირლანდა/ჯაჭვს.

3. დანიელ პენაკის მეთოდი: „ერთხელ სიის ამოკითხვა თამაშსაც დაემსგავსა. მასწავლებელი ყოველი ბავშვის „ვარ“-ს იმავე ინტონაციით ჰბაძავდა და ხმადაბლა იმეორებდა ექოსავით. ზოგის ხმა თავშეკავებული იყო, ზოგისა – ხმამაღალი და კამკამა, ზოგისა – როხროხა. ზოგი ცდილობდა, მასწავლებლისთვის გზა-კვალი აებნია და რაც შეიძლება გაურკვევლად ეპასუხა, ზოგი მის დასაბნევად ინტონაციას იცვლიდა, ზოგი საერთოდ განსხვავებულად უპასუხებდა, უბრალოდ, „ვარ“-ს კი არ ამბობდა, არამედ: „დიახ, აქ ვარ, მასწ“, „ეს მე ვარ ნამდვილად“. მასწავლებელი ამაზე გაკვირვებას არ გამოხატავდა, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას პასუხთა ამ ვარიაციებს: „ეს იყო თანამონაწილეობისა და ერთსულოვნების საოცარი მომენტი, მისალმება გუნდისა, რომელსაც დილიდანვე ერთად მუშაობა გადაეწყვიტა“”

4. პირველი შეხვედრის სტატისტიკური მეთოდი – მოსწავლეებთან ერთად ვატარებთ მცირე სტატისტიკურ კვლევას, რომელი სახელია ყველაზე ხშირი და პოპულარული ჩვენს კლასში, რომელია ყველაზე იშვიათი სახელი და ა.შ.

5. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათებს მოსწავლეების სახელებითა და გვარებით, ამ ბარათებს კეცავს და ყრის ფერად ტომსიკაში, საიდანაც მერე ამოიღებს, ამოიკითხავს არა სიის, არამედ შემთხვევითობის პრინციპით. ამ აქტივობის მეორე ნაწილი სახელებისა და გვარების ანბანის მიხედვით დალაგება იქნება.

6. თამაში: გაცვალე სახელი: კლასი იყოფა წყვილებად, ყოველი წყვილიდან ერთი ასახელებს მეორეს სახელს, ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. შესაძლებელია, აქტივობა გავაფართოოთ და სახელისა და გვარის დასახელებასთან ერთად ერთი თვისება, შთაბეჭდილება, ემოცია დავასახელოთ.

7. მასწავლებელი მოსწავლეებთან მიდის ჟურნალით ხელში და თითო მოსწავლეს თითო სახელისა და გვარის ამოკითხვას სთხოვს, დაწყებით კლასში ბევრი მეთოდით შეიძლება ჟურნალი და სიის ამოკითხვა კითხვის განმავითარებელ აქტივობად ვაქციოთ.

8. მასწავლებელი მოსწავლეებთან მიდის და სთხოვს, თავიანთი სახელი და გვარი მოძებნონ ჟურნალში, შემდეგ მოსწავლე ასახელებს რიგით მერამდენეა სიაში, რომელი მოსწავლეა მის წინ, რომელი მოსწავლის სახელი და გვარია მის შემდეგ.

9. მასწავლებელი სახელებსა და გვარებს კითხულობს შეცდომით და ბავშვები უსწორებენ.

10. უკუღმა კითხვის თამაში – მასწავლებელი მოსწავლეების სახელებსა და გვარებს უკუღმა, მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობს, ხოლო მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, ვისი სახელი და გვარი ამოიკითხა მასწავლებელმა.

11. ასოციაციური თამაში – სახელებისა და გვარების მიხედვით გავიხსენოთ მწერლები, ისტორიული პირები, ლიტერატურული პერსონაჟები, რომელთაც ისეთივე სახელები და გვარები ჰქონდათ, როგორიც მოსწავლეებს.

12. ვითამაშოთ ქალაქობანა, სახელისა და გვარის ამოკითხვისას მოსწავლეს ევალება იმ ასოზე თქვას ქალაქი, სოფელი, ცხოველი, ფრინველი და ა.შ.

13. გამოვყოთ ყველაზე მეტი ასოსგან შედგენილი სახელები და გვარები, ასევე ყველაზე მოკლე სახელები და გვარები.

14. შეგვიძლია საინტერესო აქტივობა მოვიფიქროთ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნის, „რა გქვია შენ“ მიხედვით, ვისაუბროთ სახელების წარმოშობასა და შინაარსზე. აქტივობების ჩამონათვალს თქვენი ვერსიები მიუმატეთ და გახადეთ სიის ამოკითხვა უფრო საინტერესო, ფუნქციური და შინაარსიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი