ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ოთარაანთ ქვრივი და თავისუფლების კანონი

ნაკლებად ცნობილ ლინგვისტთან წამიკითხავს, სიტყვა „ქვრივი“ არსებითთა სამწევრა პარადიგმაში (ცოლი-ქვრივი-საცოლე) ერთ-ერთია, რომელსაც დროის გრამატიკული კატეგორია აქვსო. არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა იმ ლინგვისტის მტკიცება, რომ ,,ქვრივი“ მაინცდამაინც წარსული დროის სემანტიკის მატარებელ სახელად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ის ვიცი, რომ ილიასეული „ქვრივი“ გრამატიკული დროის წარსულს და მომავალ კატეგორიებთან ერთად ლიტერატურულ კანონში ახლანდელ დროსაც მშვენივრად შეითავსებს. მასზე, ისევე, როგორც სხვა ლიტერატურულ მარგინალებზე, მუდამ „ახლა“ წავიკითხავთ, „ახლა“ დავფიქრდებით და „ახლა“ აღვადგენთ კავშირს თავისუფლების ურყევ კანონთან.

ამ წერილში 1887 წლის 7 იანვარს დაწერილი „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტიდან მხოლოდ ერთ გახმაურებულ პასაჟს შევეხებით, ამბავს, თუ როგორ წაერთმია გზირს მარტოხელა დედისთვის ერთხელ ერთი ქათამი – დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთო. ოთარაანთ ქვრივი ერთ „ვაი-ვაგლახს“ დააწევს, „გუბერნატორამდე თავის ფეხით ივლის და ერთ ქათამს შვიდჯერ ძვირს „დაუსვამს“ მოურიდებელ გზირს, იმის მიუხედავად, რომ თავადაც ათიოდ მანეთი ეხარჯება მისვლა-მოსვლაში“. „ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, — ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?!“, აცხადებს ქალი, რომელსაც ამ ქცევით ილიამ მისი გარშემომყოფი საზოგადოებისთვის საკუთარი პრინციპი დააკანონებინა.

ჯერ კიდევ 1849 წელს, საფრანგეთის მესამე რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ, მარქსისთვის მიუღებელი ფრანგი მოაზროვნე, კლოდ ფრედერიკ ბასტია წერდა: „თითოეულ ადამიანს საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვის ბუნებითი უფლება აქვს; სახელმწიფოს ადამიანები თავდაცვის ერთობლივი ორგანიზების მიზნით ქმნიან და მისი არსებობა გამართლებულია მხოლოდ მანამ, სანამ ის ამ ფუნქციას ასრულებს; კანონი ბუნებრივი წესრიგის მანიფესტაცია უნდა იყოს: ის სამართლიანია, თუკი ყოველი ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებასა და საკუთრებას თანაბრად იცავს, ხოლო უსამართლოა, როდესაც ადამიანების ერთ ჯგუფს სხვების ხარჯზე პროტექციას უწევს; ყველას აქვს უფლება საკუთარი რისკით და ხარჯით იცხოვროს, მაგრამ არავის აქვს უფლება საკუთარი შეხედეულებები და მათი განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები სხვებს ძალით მოახვიოს თავს; ძარცვის დაკანონება ცივილიზაციას კრახს უქადის“[1].

ამავე ნაშრომში ავტორი წუხს იმის გამო, რომ კანონმა არათუ დაკარგა ჭეშმარიტი არსი, არამედ სრულიად საწინააღმდეგო მიზანს ემსახურება, რადგან გაუკუღმართდა და სიხარბის იარაღად გადაიქცა, რომ დანაშაულის შებოჭვის ნაცვლად თავად გახდა იმ ბოროტების წყარო, რომელიც უნდა აღმოეფხვრა, ამასობაში კი სახელმწიფო წესრიგიც შეირყვნა. და რადგან ადამიანს თვითმყოფადობა („სიცოცხლე, როგორც ღვთის საჩუქარი), თავისუფლება და საკუთრება ქმნის, მიუხედავად „პოლიტიკური ლიდერების მოხერხებული ეშმაკობისა“, ღვთისგან ბოძებული ეს სამი საჩუქარი საზოგადოებაში მიღებულ ნებისმიერ კანონმდებლობას უსწრებს და მასზე მაღლა დგას. თავისუფლება და საკუთრება იმიტომ კი არ არსებობს, რომ ადამიანებმა კანონები შექმნეს, არამედ პირიქით, სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების არსებობამ განაპირობა ადამიანების მიერ კანონების წინ წამოწევა.

ახლა ისევ ილია ჭავჭავაძეს დავუბრუნდეთ. ილია იმავე, 1887, წლის 25 ივნისს აქვეყნებს ცნობილ პუბლიცისტურ ესეის ­– „რა არის თავისუფლება?“, რომელშიც ადამიანური არსებობის მოდუს-ვივენდი – თავისუფლება – სწორედ კანონთან მიმართებითაა განხილული. „თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, – ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, – საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფლებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენი… და ახლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგანო[2]. ილიას აზრით, იქ არის მხოლოდ „ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა“, სადაც „გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს“ ხოლო იქ, სადაც ეს ქვაკუთხედი არ არსებობს, საზოგადოებრივი ცხოვრება მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯაო, – აცხადებს ილია, რომელსაც ამავე პუბლიცისტურ წერილში ბრესლაველი სოვდაგრის მაგალითიც სწორედ უსამართლობის „საგერ ფარად“ შემოაქვს და, ოთარაანთ ქვრივის არ იყოს, ერთი მანათისა და შაურის დავიდარაბასაც უსამართლოდ ამოწვდენილი კანონის ხმლის წინააღმდეგ მიამართვინებს: „მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ – მისის თავისუფლების ციხე-სიმაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღვწის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია… კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზაგახსნილია სიკეთისათვის“.

ბრძოლა სამართლიანობის ღირებულებაზე დაფუძნებული კანონებისთვის სწორედ პიროვნული თავისუფლების გზაზე გადის. ამიტომაც აცხადებს ილია: „თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი“.

წესს, რომლითაც შემოსაზღვრულია ინდივიდის ყოფისა და მოქმედების დაცული და თავისუფალი სფერო, კანონი ეწოდებაო, მოგვიანებით იტყვის ფრიდრიხ ჰაიეკი პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის კოლექტიური ორგანიზების იმგვარი ფორმის შესახებ, რომელიც ინდივიდთა საზოგადოებაში თანაცხოვრების შესაძლებლობას იძლევა, კულტურათა განსხვავებული წესების, ნორმების თუ ტაბუების მიუხედავად. სწორედ მათგან დასაცავად გვზღუდავს კანონი ჩვენივე თავისუფლების უზრუნველსაყოფად მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონი ღირებულია, თუ დროს უძლებს და ათასწლეულიც ვერ გადააფასებს; ხოლო თუ ფასეულობათა სკალას ოდნავადაც ასცდა, ალუდას მუცალისათვის ხელის მოკვეთა დაავალა, მუცალს – სტუმრის ღალატი, აღაზას და ძიძიას – თვითმკვლელობა… მაშინ ირღვევა კანონის პარადოქსულობა, იგი მხოლოდ გვზღუდავს, თუმცა ჩვენს თავისუფლებას ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ ვრჩებით კანონის მიერ დაწესებულ საზღვრებში, სხვა პირის ნებაზე დამოკიდებულნი, ვინმეს ავტორიტეტის ქვეშ მოქცეულნი, უფლება და ღირსებააყრილნი. ამ შემთხვევაში ვკარგავთ პიროვნულ თავისუფლებას, რომელსაც ეროვნულ თავისუფლებასთანაც აუცილებლად ექნება ზიარობის ვრცელი შრე თუ დონე.

ოთარაანთ ქვრივი ეროვნული თავისუფლებისაგან დაქვრივებული პერსონაჟი მგონია, რომელმაც კი შვა ღვთის ნიშნით აღბეჭდილი ძე, თუმცა, ვინ იცის, განგებამ მისი სახელი კვლავ ბაზალეთის თუ სხვა რომელი ტბის ძირას ჩაიტანა.

[1]https://lashachochua.yolasite.com/resources/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%20_%20%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90.pdf

[2] https://www.europeangeorgia.ge/blogs/ilia-chavchavadze-ra-aris-tavisufleba

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი