ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბედნიერება, როგორც ფუნდამენტური უფლება

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ეს დღე 2012 წლის ივნისიდან აღინიშნება. ბედნიერებისკენ სწრაფვა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა ერთგვარი სტიმულია სამყაროს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის დაფიქრდნენ იმაზე, რა ანიჭებთ კმაყოფილებასა და სიამოვნებას, რას აკეთებენ საკუთარი ბედნიერებისთვის და რამდენად გვიწყობს ხელს გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ამ დღესთან დაკავშირებით მედია გამოცემები ატარებენ გამოკითხვებს თემაზე, რაა მათთვის ბედნიერება, ჟურნალისტები სტატიებს წერენ, საქველმოქმედო ფონდები კი ცდილობენ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აქციები ამ დღეს დაამთხვიონ.

მაგალითად ერთ-ერთმა გერმანულმა გამოცემამ 15 წლის სტაჟიორს სთხოვა ბედნიერების მიზეზების ჩამოთვლა.

“პატარა ბავშვებს შეუძლიათ კმაყოფილები იყვნენ, თუ ის სათამაშო უყიდეს, რაზეც ოცნებობდნენ, მაგალითად თოჯინა ან პლუშის ცხენი. სამყარო მათთვის სათამაშო მოედანია, რომელსაც უამრავი შესასვლელი აქვს.

მე უკვე 15 წლის ვარ, პატარა ბავშვი აღარ მქვია. სათამაშოებმა თავიანთი ბრწყინვალება დაკარგეს და ახლა საზოგადოებრივი თამაშებით ვერთობი. ბედნიერებას  ის მომენტები მანიჭებს, რომლებსაც შემჩნევა უნდა: მშვენიერი პატარა, ყოველდღიური ჩვეულებები. მაგალითად, როცა ცხელ შოკოლადს ვსვამ და საკუთარ თავს ფილოსოფიურ კითხვებს ვუსვამ: ვინ ვარ? რა აზრი აქვს ცხოვრებას? ბედნიერებას მანიჭებს ჩვილი, დიდთვალება  ცხოველების ფოტოების თვალიერება ან მეგობრებთან ერთად ახალი ფილმის ნახვა, ზამთრის ყინვიან დღეებში მზიანი ამინდი და შაბათ-კვირას სახლში მოტრიალე ახლადგამომცხვარი ვაფლის სურნელი, საღამოობით პოპ-კორნთან ერთად დივანზე მოკალათება, პლედში შეფუთვნა და “Big Bang Theory”-ს ყურება; ბედნიერებაა გაკვეთილზე ახალი თემის გაგება და იმის აღმოჩენაც, რომ საშინაო დავალების შესრულება უფრო მარტივად შეძელი, ვიდრე გეგონა, მომავალზე ფიქრი და  ცხოვრების სავარაუდო განვითარების გზების “წინასწარმეტყველება”, ახალ-ახალი და შენთვის საინტერესო ადგილების აღმოჩენა დედამიწაზე. როცა მაროკოსა და ტაილანდზე ვფიქრობ, ნამდვილად ბედნიერი ვარ. საერთოდაც, ყველა ადამიანს სხვადასხვა რამ ანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ არსებობს პატარა სიხარულები, რომლებიც ერთნაირად მოქმედებს ყველაზე. ბედნიერების დღე სწორედ ამ სიხარულებზე ფიქრის დღეა”.

დიდი არაფერი, ჩვეულებრივი მოზარდის ამბებია, მაგრამ რამდენჯერმე წავიკითხე. ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულს სულ აღარ მახსოვდა გაკვეთილზე ახლადახსნილი თემის გაგების სიხარული და თინეიჯერობისდროინდელი სხვა ვნებები.

მერე ერთი ვიდეო ვნახე, სადაც ქალი მადლობას უხდის მას, ვინც ძროხა აჩუქა და ამბობს, რომ ეს ძროხა, რომელსაც სახელად ინეზა დაარქვა, მისთვის ნამდვილი ბედნიერებაა. რძით შეუძლია თვითონაც იკვებოს და მეზობლებსაც გაუზიაროს, ცოტაოდენი გაყიდოს კიდეც და აღებული ფულით სახლისთვის საჭირო ნივთები იყიდოს. საოცარი ვიდეოა, საოცარი ქალი. ფონდი, რომელმაც მარიას ძროხა გადასცა, ადამიანებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება და შანსს აძლევს, საკუთარი შრომით შეცვალონ რეალობა და დაძლიონ სიღარიბე.

ასეთი ვიდეოები მრავლად არის, მაგალითად გაეროს მიერ გაკეთებულ კომპილაციაში შეხვდებით კაცს, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ბედნიერება კარგი ამინდია, ვინაიდან ეს მის მოსავალს სჭირდება; ქალს, რომელიც ამბობს, რომ მისი ქმარი ნამდვილი განძია და კიდევ სხვას, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებას მუსიკა ამშვენიერებს. ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ ბედნიერება ყველაფერში შეიძლება იპოვოს ადამიანმა, მთავარია მზაობა პოზიტივის მისაღებად, მთავარია ელემენტარული პირობების მოწესრიგების უნარი.

 

ასეთი  რესურსიც არსებობს: ძალიან პოპულარული ბლოგია, რომლის ავტორიც პატარა ბარათებზე წერს სიხარულის გამომწვევ მიზეზებს. სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებსაც ანალოგიური პროექტის გაკეთება, ასწავლეთ პატარაობიდანვე იფიქრონ იმაზე, რა ანიჭებთ კმაყოფილებას და რა გზის გავლაა საჭირო ბედნიერებისკენ.  – https://justlittlethings.net/
პ.ს. 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 156 ქვეყანას შორის 134-ე ადგილს იკავებდა. მკვლევრები ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელს სწავლობდნენ – ეს იყო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე თითოეული მოქალაქის ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობის მოლოდინი, თავისუფალი გარემო და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი