ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გამოსაშვები ღონისძიება დაწყებით კლასში

სასწავლო წლის ბოლოს ბევრი მასწავლებელი იწყებს იმაზე ფიქრს, რა ღონისძიება ჩაატაროს. სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით, წლის ბოლოს ჩატარებულ ღონისძიებას თავისი დატვირთვა აქვს. ის შესაძლოა, იყოს გამოსაშვები (მაგალითად, მეოთხე კლასის), ან უბრალოდ წლის შემაჯამებელი. ღონისძიება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ემოციური კავშირის დამყარების ერთ-ერთი ფორმაც მგონია, ვინაიდან ამ დროს უკეთ წარმოჩინდება მოსწავლეების შესაძლებლობები.

ჩემი აზრით, ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური, მაინც გამოსაშვები ღონისძიებაა, ვინაიდან სრულდება ერთი ეტაპი და იწყება ახალი. ეს დღე ცრემლების გარეშე არასდროს სრულდება. სწორედ გამოსაშვები ღონისძიების მოსამზადებლად საჭირო რჩევებით დავიწყებ ჩემს წერილს, რომელიც მეოთხე კლასს შეეხება.

ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ფიქრი ზაფხულშივე დავიწყე. ჩამოწერილი მქონდა იდეები, რომლებსაც ნელ-ნელა ვავსებდი. ჩემთვის პირველი სადამრიგებლო კლასი იყო, მათთვის კი პირველი მასწავლებელი ვიყავი. ამიტომ მინდოდა, ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო. ვინაიდან მაშინ კერძო სკოლაში ვასწავლიდი, გადავწყვიტე ღონისძიების ფორმატი სკოლისთვისაც მომერგო. მოგეხსენებათ, რომ კერძო და საჯარო სკოლას განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ყველა მშობელს აინტერესებს – რას აკეთებს თავისი შვილი სკოლაში, რას სწავლობს, რა უნარ-ჩვევებს ეუფლება. ღონისძიება კი ამ კითხვებზე პასუხს თვალსაჩინოდ იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იდეების ნუსხა გამზადებული მქონდა, მოსწავლეებმაც ყველაფერში მიიღეს მონაწილეობა. 9-10 წლის მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, მოგაწოდონ იდეები, რომ ერთად მოიფიქროთ საინტერესო სცენები. ამიტომაც ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და მოსწავლეებთან ერთად წლის დასაწყისშივე შევუდექი მზადებას.

სცენების მიხედვით შესაბამისი კოსტიუმები გვქონდა მომზადებული. ყველა მოსწავლეს ეცვა მაისური, სადაც საერთო ფოტო იყო დატანილი. მაისური „ბოლო ზარის“ შესაბამისი შევარჩიეთ, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს სასურველი ფრაზები წაუწერეს. კოსტიუმებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ისევე როგორც სცენის დეკორაციას. ამიტომ ამაზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

ღონისძიება დაყოფილი მქონდა ფასეულობების მიხედვით. გამოვყავი მნიშვნელოვანი საკითხები – სიყვარულის თემა, მშობლის როლი, მეგობრობა, ადამიანი და ა.შ. მოსწავლეებს გადანაწილებული ჰქონდათ სიტყვები და თემატიკის მიხედვით საუბრობდნენ. გამოყენებული იყო როგორც ჩემ მიერ დაწერილი, ასევე რამდენიმე მწერლის ციტატები.

ყველა კლასში გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც სხვადასხვა ჰობი აქვთ. ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის, ხატავს და ა.შ. ამიტომაც მინდოდა, ეს ყველაფერი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. შესაბამისად, მოსწავლეებმა თავიანთი ინტერესები მაყურებელს გაუზიარეს. (იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა კერძოა და სხვადასხვა სპორტისა თუ ხელოვნების წრეს მოიცავს, ყველა მონაწილეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად თუ არა, სკოლის წრეზე მიღებული გამოცდილება წარმოეჩინა).

ღონისძიების მიმდინარეობა:

  1. ,,ფლეშ მობი“

დარბაზი სავსე იყო მაყურებლებით. მოსწავლეები მიმოფანტულნი იყვნენ მათ შორის. ჩაირთო მუსიკა. მოსწავლეები ნელ-ნელა იკავებდნენ სცენას, სადაც ღონისძიება ჩვენი ერთობლივად მოფიქრებული ცეკვით გახსნეს. ამის შემდეგ იყო ჩემი მისალოცი სიტყვა და ღონისძიების გეგმის გაცნობა. ვინაიდან ღონისძიება საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა, მნიშვნელოვანი იყო მაყურებლებს სცოდნოდათ, რას მოიცავდა ის.

  1. ფოტო-კოლაჟი

მომზადებული მქონდა ფოტო-კოლაჟი ოთხი წლის განმავლობაში გადაღებული მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი და ერთობლივი ფოტოებით. ვიდეო პროექტორის საშუალებით გადიოდა. ყველა მაყურებელს შეეძლო, თვალი ედევნებინა მისთვის.

  1. მოსწავლეების მისალმება

მოსწავლეები იკავებდნენ სცენას და საუბრობდნენ დღის მნიშვნელობაზე. იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს ოთხი წელი მათთვის, როგორი იყო სკოლაში გატარებული დღეები, რას აკეთებდნენ სკოლაში, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მასწავლებლებთან და ერთმანეთთან. (შეგიძლიათ თქვენი სკოლის სპეციფიკას მოარგოთ მოსწავლეების სიტყვები და შესაბამისად შეადგინოთ).

  1. ფასეულობები

სიყვარული – მოსწავლეებმა ისაუბრეს სიყვარულზე, რომელიც აქვთ მშობლის, მეგობრის, სამშობლოს მიმართ.

მშობელი – მოსწავლეებმა აღნიშნეს, რაოდენ მნიშნელოვანია მათთვის მშობლები. ამის შემდეგ კი გოგონებმა იცეკვეს ვალსი მამებთან. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი. განსაკუთრებულად ლამაზი სანახაობა. ამისათვის ბევრი ვიშრომეთ და მამებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, თავის პრინცესებთან რომ ეცეკვათ. დედაზე საუბრის დროს მოსწავლეები ნოდარ დუმბაძეს დაესესხნენ.

მასწავლებლის მიმართ დამოკიდებულება – ვიდეოში მოსწავლეები საუბრობდნენ, რას ნიშნავს მათთვის მასწავლებლები, სკოლა. რას ნიშნავდა ეს ოთხი წელი. ამაღელვებელი და ემოციური იყო მათი საუბარი.

მეგობრობა – მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს მეგობარზე და მეგობრობაზე. ისაუბრეს და საკუთარი დამოკიდებულება მაყურებელს გაუზიარეს. ამ თემაზე საუბრის ბოლოს კი კლასის ორმა საუკეთესო მეგობარმა მეგობრობაზე უცხოენოვანი სიმღერა შეასრულა.

სამშობლო – მოსწავლეებმა ისაუბრეს სამშობლოს მნიშვნელობაზე, მათ დამოკიდებულებაზე, ბოლოს კი შეასრულეს რამდენიმე ქართული ცეკვა.

ერთობლივი ცეკვა ვალსი – მოსწავლეებმა შეასრულეს ვალსი, სადაც მონაწილეობა მეც მივიღე. ჩემი მეწყვილე მოსწავლე იყო. მასწავლებლებო, არ მოგერიდოთ, მოსწავლეებთან ერთად ცეკვა, სიმღერა. მათთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი ჩართულობა არამარტო ღონისძიების დაგეგმვაში, არამედ უშუალოდ მისი განხორციელების დროს.

გოგონები და ბიჭები – მოსწავლეებმა დადგეს ცეკვა, სადაც ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. თანამედროვე სიმღერითა და ილეთებით, არაჩვეულებრივი დადგმა გამოვიდა. გოგოები და ბიჭები ცეკვითა და ჟესტიკულაციით ცდილობდნენ, გაეცვალათ აზრები ერთმანეთის შესახებ. ეს არ იყო მხოლოდ ცეკვა, არამედ შეტყობინებების გაგზავნა სხეულის ენით.

ნომინაციები – ამის შემდეგ დადგა სახალისო ნომინაციების ჯერი. მოსწავლეებმა მასწავლებლებს გადასცეს სიგელები სხვადასხვა ნომინაციაში: „წლის დახვეწილობა“, „ყველაზე მოდური“, „ყველაზე მეგობრული“, „ყველაზე აქტიური მასწავლებელი“ და ა.შ. ასევე, მოსწავლეებმა ერთმანეთსაც შეურჩიეს ნომინაციები: „ყველაზე ზრდილობიანი“, ,,მისტერ ღიმილი“, ,,ყველაზე მოწესრიგებული“ და ა.შ.

მადლობა – მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს მასწავლებლების, სკოლის პერსონალის მიმართ. მადლიერების განცდის გაღვივება მოსწავლეებში და მისი გამოხატვა – ძალიან მნიშვნელოვანია,

სიურპრიზი – ღონისძიების დასრულება საფინალო სიმღერის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ჩვენც გვქონდა სიმღერა სკოლაზე, რომელიც ერთად უნდა გვემღერა, მაგრამ აქ იყო ერთი „მაგრამ“… მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ეგონათ, რომ უნდა შეგვესრულებინა სიმღერა, ჩემი სიურპრიზი გავუმხილე. მოსწავლეებისთვის დავწერე სიმღერის ტექსტი, რომელიც ერთ-ერთ მუსიკას მოვარგე და ასე მოულოდნელად ვუმღერე. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩემთვისაც და მათთვისაც. რა თქმა უნდა, არც ამას ჩაუვლია უცრემლოდ. არ არის აუცილებელი სიმღერის ჩამწერ სტუდიაში წასვლა ან რომელიმე კომპოზიტორთან სიმღერის ტექსტის დაკვეთა. მარტივად შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ ტექსტი და მინუს ფონოგრამაზე იმღეროთ, როგორც მე გავაკეთე.

ღონისძიების დასასრულ სკოლის ეზოში ვაფრინეთ ფერადი ბუშტები ჩაფიქრებული სურვილებით და ერთმანეთს ფერად კვამლში გახვეულ სივრცეში დავემშვიდობეთ.

გიტოვებთ ღონისძიების ვიდეოს ბმულს

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი