შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

უბნის ბიჭობის უპირატესობანი

ერთი ვაჟიკა იყო, ჩემი კლასელი. იყო რა, არის კიდეც. ჩემს უბანში ცხოვრობდა. მე ორი წლის წინ შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი, ის, ალბათ, ახლაც ჩემს ძველ უბანში ცხოვრობს. ჰოდა, ერთხელ მასწავლებელმა სახალისო გამოკითხვა ჩაგვიტარა მთელ კლასს. ყველა ვამბობდით, ვის რა გვინდოდა გამოვსულიყავით. უჰ, რა ვერსიებს აღარ მოისმენდით, სახელოვნებო სფეროთი დაწყებული, არარსებული პროფესიებით დამთავრებული; ზოგს მსახიობობა გვინდოდა, ზოგს – პოლიციელობა, ზოგს – კარატისტობა და ზოგსაც – უცხოპლანეტელობა. ჰო, იყო ასეთიც, ჩემი ერთი გვარსარდავასახელებ კლასელი, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, უცხოპლანეტელობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მასწავლებელი ჩაეკითხა, კოსმონავტობას ხომ არ გულისხმობო და ამან, არაო, სახელდობრ (სინამდვილეში მან გამოიყენა რუსული სიტყვა „იმენა”, – ავტ. შენ.) უცხოპლანეტელობა მინდაო. არ ვიცი, რა გეგმა ჰქონდა ამ მიზნამდე მისაღწევად, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მისწრაფება ბევრად უფრო საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო, ვიდრე ვაჟიკას სურვილი. ვაჟა ადგა და გამოაცხადა, უბნის ბიჭი მინდა ვიყოო. რას ნიშნავს ეს უბნის ბიჭიო, შეშფოთდა მასწავლებელი, ქურდობას გულისხმობო? არაო, ვაჟიკამ, არც ქურდობა მინდა და არც კაიბიჭობა, თუმცაღა პატივს ვცემ ზემორე ჩამოთვლილ სუბიექტებსო (როგორც ხვდებით, არც ვაჟიკას უსაუბრია მსგავსი ლექსიკით, – ავტ. შენ.), მაგრამ მაგხელა პრეტენზიები არ მაქვს, უბრალოდ უბნის ბიჭობა მინდაო, აი, მინდა ჩემს უბანში ვიყო, ვიტრიალო, ძმაკაცებთან ერთად ვიქეიფო, სამეზობლოს პატივი ვცე და სამეზობლოც პატივს მცემდესო და უბრალოდ, უბნის ბიჭობა მინდაო. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ კლასიდან ყველაზე ადრე ვაჟიკამ მიაღწია საწადელს (თუმცა არაფერი ვიცი ჩემი მეორე კლასელის გაუცხოპლანეტელების შესახებ – შესაძლოა, მანაც მიაღწია და გვიმალავს, მაგრამ ჩვენ ვაჟიკას დავუბრუნდეთ, – ავტ. შენ.), დიახ, სანამ ჩვენ ვაბიტურიენტობდით, საზეპიროებს ვიზუთხავდით, სხვადასხვა სპეციალობაში გამოცდებს ვაბარებდით და ა.შ., ვაჟიკა უბნის ბიჭი გახდა. აი, ასე, დილა რომ თენდება, იღვიძებს ვაჟიკა და უბანში გამოდის. აღსანიშნავია, რომ სხვა „ვაჟიკებიც” არსებობენ, რომლებიც ასევე უბნის ბიჭები გახდნენ. ჰოდა, იკრიბება ეს ნარჩევი საზოგადოება, ხან ქეიფობს, ხან ის, ხან ეს, ხან კი უბრალოდ „აბირჟავებს” და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. თუმცაღა ამ სტატუსის მქონე სუბიექტებისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: „ცხოვრებამ მოიტანა”, „რას იზავ, ძმაო, კაი კაცებს არ აფასებენ ამ ქვეყანაში”, „აბა, მე აქ უნდა ვიდგე ეხლა?!” – მაგრამ მთლიანობაში მაინც კმაყოფილები არიან და ეს კმაყოფილება მათ ყოველდღიურობაში მჟღავნდება. იცნობენ თითქმის ყველა მეზობელს და თუ უბანში ახალი მაცხოვრებელი გამოჩნდა, ცდილობენ მის გაცნობასაც, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ან მას რომ გაუჭირდეს რამე, ან ბიჭებს დასჭირდეთ მისი დახმარება… ეს უბნის ბიჭები არიან უბნის სული და გული, ხან ღამის სამ-ოთხ საათზე ტკბილად (და უნდა ითქვას, რომ ხშირად უსმენოდ) მომღერლები, ხან მეგობრულად მაგინებლები, ხან მოაყალმაყალეები, ხან კი მშვიდები და უწყინრები. რაც მთავარია, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ცხოვრებამ დააკისრა: დაიცვან საკუთარი უბანი, ზურგი გაუმაგრონ სამეზობლოს და მოაწესრიგონ ყოველგვარი გაურკვევლობა, რაც კი მათ უბანში წარმოიშობა, ანუ, უფრო ლიტერატურულად რომ ვთქვათ, „დააყენონ პალაჟენია”. ეს კარგი, მაგრამ ჩემს კლასელ ვაჟიკას, ჩემს მესამე კლასელ ვაჟიკას, ჩემს მეგობარ რვა წლის ვაჟიკას რა ხიბლავდა ასეთ ცხოვრებაში? აი, ეს კითხვა მაწუხებს იმ დღის შემდეგ და ვფიქრობ, ერთგვარი გასაღები ვუპოვე კიდეც საიდუმლოს, რომელიც აშკარა სპილოა ოთახში და რომელსაც ხშირად არცთუ დიდ ყურადღებას აქცევენ მშობლები და მასწავლებლები. მე დღემდე მგონია, რომ სასწავლო პროცესზე, განათლება-შემეცნებაზე და, საზოგადოდ, ინდივიდად ჩამოყალიბებაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს საკლასო ოთახს მიღმა, გაკვეთილებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ მიმდინარე მოვლენები, ვიდრე თავად შიდა პროცესი. რა თქმა უნდა, არ ვცდილობ გაკვეთილების მნიშვნელობის დაკნინებას, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ე.წ. „სწორი გზიდან გადახვევა” ხშირად სწორედ სკოლის მიღმა ხდება და შემდეგ ძალიან რთულია „ვაჟიკების” სწორ გზაზე დაბრუნება, მათი სასწავლო პროცესისკენ მოქცევა. არა, მორჩა, ის უკვე იქითა მხარეს ფიქრობს, უბნის ბიჭობაზე ოცნებობს, იმ მშვიდ და პასუხისმგებლობისგან თავისუფალ ცხოვრებაზე, რომელიც ამ ამპლუას ახლავს თან. ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს და ვაჟიკებიც შედგნენ ინდივიდებად, უფრო მეტად უნდა მივაპყროთ ყურადღება მათ ფიქრებს, სკოლისმიღმა ინტერესებსა და იმ გარემოებებს, რომლებშიც ისინი ერთგვარ რომანტიკას ხედავენ.

მოდი, გამოვყოთ ვაჟიკას ოცნებისეული რომანტიკის მთავარი შტრიხები, ანუ უბნის ბიჭობის უპირატესობანი:

1. უბნის ბიჭს, როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის არ გააჩნია პასუხისმგებლობა, თუმცაღა, რა თქმა უნდა, აქვს ოჯახი, ხშირად ჰყავს ცოლ-შვილიც. უბნის ბიჭი როგორღაც ცხოვრობს, ხან ძმაკაცების, ხან ტოტალიზატორის და სხვა ტიპის სათამაშო ობიექტების, ხან ნათესავების, უფრო ხშირად კი ცოლისა და მშობლების ხარჯზე.

2. უბნის ბიჭს არ უწევს დილით ადრე გაღვიძება, ის იღვიძებს მაშინ, როცა თავად სურს. თუნდაც ერთი დღე გამოტოვოს, ეს საპატიოა, თუ წინა დღეს ძმაკაცებთან ერთად იქეიფა და დაღლილია. ჰო, დაღლილი. განა არ მოგისმენიათ, როგორ ამშვიდებენ მთვრალ, მოაყალმაყალე უბნის ბიჭებს მათი ახლობლები: „კარგი, კარგი, მორჩი ახლა სმას, დაიძინე, დაისვენე, დაისვენე”. უბნის ბიჭიც იფერებს ამ საკაცობრიო დაღლილობას და დიდი გაწევ-გამოწევისა და გინების მერე წვება და ისვენებს, თანაც ისე, რომ სინდისიც არ ქენჯნის – ის ხომ დაღლილია.

 

3. უბნის ბიჭის საცხოვრებელი ადგილი უფრო ვრცელია, ვიდრე თითოეული ჩვენგანისა. ის სცდება ბინის, კორპუსისა და ქუჩის ფარგლებს. ის სრული სიამოვნებით შეიგრძნობს უბანს, ის ამ უბნის შვილია, ერთსა და იმავე დროს მისი მეფეც და ჯარისკაციც. აი, ამ პასუხისმგებლობას ის კარგად გრძნობს, რაც ხშირად გამოიხატება იმით, რომ შეუძლია ჩაერიოს ნებისმიერ სამეზობლო კონფლიქტში ან უბანში მომხდარ სიახლეებში, ახალი მაღაზიის გახსნა იქნება ეს, გზის დაგება, გამწვანება თუ რამე სხვა. აქედან გამომდინარე, უბნის ბიჭი ყველაზე უსაფრთხოდ საკუთარ უბანში გრძნობს თავს. მას სიამოვნებს ამ ქუჩებში გავლა-გამოვლა, თუნდაც დღეში ჩვიდმეტჯერ; სიამოვნებს სამსახურში მიმავალი და სამსახურიდან მომავალი მეზობლებისთვის თვალის გაყოლება; სიამოვნებს ბირჟაზე დგომა და სივრცეში უმიზნოდ ყურებაც, რამეთუ ეს მისი სამფლობელოა, აქ ის მშვიდადაა, აქ მას არ ემუქრება სასტიკი სიტყვა: პასუხისმგებლობა.

4. უბნის ბიჭობის კიდევ ერთი საოცარი უპირატესობა საკუთარი თავის პატივისცემაა. რა წამს გასცდება უბნის ბიჭი უბნის ფარგლებს, ის არაფერია, არაფერს წარმოადგენს, დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში. თუ გაუმართლა და ცნობილ ადამიანებში მოხვდა, აიწურება, უკბილოდ იხუმრებს ან უადგილო კომენტარს გააკეთებს. აქ ის დაუცველია და უსუსური, რამეთუ საკუთარ უბანს კილომეტრებითაა დაშორებული. მაგრამ უბანში… უბანში ის ყველა ცნობილ ადამიანზე მაღლა დგას, უბანში ტოლ-სწორად ელაპარაკება მეზობელ პროფესორსაც და დილაობით მოფარფატე მემაწვნესაც, უბანში ის არის ყურადღების ცენტრში, მოჩხუბარ ბავშვებს არიგებს და უფრო მოზრდილებს დახმარებას ჰპირდება, თუ ვინმემ აწყენინათ. კაცმა რომ თქვას, ვის რას უშავებს უბნის ბიჭი, კაი კაცია, ჯიგარი… ხშირად იტყვიან მასზე, თავის თავის უბედურიაო, მაგრამ უბნის ბიჭს ეს არ ადარდებს, – „ცხოვრებამ მოიტანა”.

უპირატესობათა ჩამოთვლამ შესაძლოა მეტისმეტად შორს წამიყვანოს და ისიც შესაძლოა, იმ უცნაურ დღეს, უბნის ბიჭობა რომ ინატრა, ვაჟიკას გონებაში სულ სხვა არგუმენტები უტრიალებდა, – აბა, ვინ იცის, რა ხდება უბნის ბიჭის გონებაში, თავად მის გარდა, – მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სტატუსი ერთგვარ რომანტიკას მართლაც გულისხმობს, ერთგვარ აუხსნელ სიმშვიდეს, გაუგებარ სტაბილურობას, გარანტირებულ კაი კაცის სახელს და პასუხისმგებლობათა თითქმის არქონას.

ვაჟიკა დღემდე უბნის ბიჭია, როცა ჩემს ძველ უბანში ვბრუნდები, ხშირად მხვდება – იქვე, მინიმარკეტთან, ბირჟაზე დგას სხვა ვაჟიკებთან ერთად. გადავეხვევი, გადამეხვევა, მივიკითხ-მოვიკითხავთ ერთმანეთს, ოჯახებს, პირად ცხოვრებას და ერთი-ორი თბილი სიტყვითაც შევამკობთ ხოლმე ერთმანეთს. ის აღნიშნავს, რომ ტელევიზორში მიყურებს, მე ღიმილით ვპასუხობ… აბა, რა ვუთხრა, სულ ბირჟაზე გხედავ და აღარ მოგწყინდა ამ ერთი და იმავე სახეებისა და ადგილების ყურება-მეთქი? არა, ეგ როგორ ვუთხრა… არადა, რომ ვკითხო, „აეხლა, დღე-დღეზე ველოდები რაღაცას და ცოტა საქმეს მოვეკიდები, რაღაცა იქნებაო”, მიპასუხებს. სულ ელოდება, სულ დღე-დღეზე და სულ – რაღაცას. რა ვიცი, რა გითხრათ, რაღაცა იქნება ალბათ, ცხოვრება მოიტანს, დღეს ან ხვალ… ან არასოდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი