ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მედიკო

ერთ ბებიაზე ბევრი დავწერე, ახლა მეორეზე დავწერ.

ნატანები უცნაური სოფელია, ბევრი ხალხით და ალაგ-ალაგ – ურბანული მოტივებით: დიდი სკოლით, სპორტდარბაზით და საბავშვო ბაღით. იმაზე უფრო დიდით, ვიდრე თუნდაც პატარა ქალაქებშია. ბებიაჩემი მედიკო, მეორე ბებია, იქ ცხოვრობს. დიდი ხნის ქვრივი. მისი ქმარი, ბიჭიკო, მე არ მახსოვს. ბარემ ძნელად ნახავთ კაცს, რომ ახსოვდეს – ახალგაზრდა მოკვდა. ხვდებით – მეორე ბებიაზე გელაპარაკებით. ის ცხოვრობდა სოფელ შემოქმედში და ნატანებში გათხოვდა. შემოქმედი ძალიან ლამაზია – მთაზე შეფენილი, ძველი მონასტრით და ტყეში დატანილი დიდი ასოებით, ჰოლივუდის ცნობილ წარწერასავით. ხოლო ნატანებში არის ბევრი ციტრუსი და ჩაი.

ბებიაჩემმა გაზარდა სამი შვილი. სამი ობოლი. ლამაზი ქალია და ეყოლებოდა მთხოვნელები, მარა „არ ქნა”. ამ მხრივ უკიდურესად პრინციპული ეთქმოდა.

ნატანები სურებთან შედარებით ოზურგეთთან ახლოს არის და მეც ლამის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავი, რომ არაფერი ვთქვათ საშემოდგომო არდადეგებზე და ოთხმოცდაათიანებში მოგონილ ბევრ სხვა მსგავს დასასვენებელ კვირეულზე. მივყვებოდი ხან ავტობუსს, ხან ტრაქტორს, ხან სუფსა-ტერმინალის მომმარაგებელ სატვირთოებს და უკან, როგორც წესი, ბათუმ-ოზურგეთის მატარებელს, სახელად ელექტრიჩკას მოვყვებოდი. ეს ელექტრიჩკა ცალკე საგა იყო. ხან ძაბვა ვარდებოდა და სადღაც ჩერდებოდა. ერთხელ ნატანებში ძველი ველოსიპედი მაჩუქეს და ოზურგეთში მომქონდა. ერთი სული მქონდა შინ მისვლამდე და შუაღამემდე კი ველოდეთ ამ ელექტრიჩკას. იქ მომუშავე კაცი უიმედოდ ამბობდა: „ოჩხამურშია გაჭედილი, ოჩხამურშიო”. რაღაც საბედისწერო ქოროს სიტყვებად მახსოვს ეს „ოჩხამურშია გაჭედილი”.

ბებიაჩემი მარტო ცხოვრობდა უკვე. უვლიდა ბევრ ქათამს, ორ ძროხას, ღორებს და გოჭებს – საღორეში შემახედებდა და მათვლევინებდა. დიდი აზარტი და სიხარული იყო.

სოფლის შემთხვევათა გამგე იცით? ეს არის ქორწილის და ქელეხის სუფრების მენეჯერი. ზოგან თავიკაცს ეძახიან. საარაკო დეტალების მცოდნე კადრი. ადამიანი, ვინც ზუსტად იცის, ერთი ბურვაკი რამდენ კაცს ეყოფა, ამ კაცთა კუჭის ზომა და იმ მაგიდის კვადრატები, სადაც ეს ხალხი განეფინება. იცის, რამდენ თეფშ ლობიოს შემუსრავენ სიცხეში, სიგრილესა თუ სიცივეში. სადაც ჩრდილი ადგება, რამდენს სვამენ და სადაც სეფიდან ქარი უქრის – რამდენს. რამდენი ხაჭაპური მორჩება „მეორე დღიზა”. ფლავს რომ ოთხ კაცში ერთი შეჭამს და ღომი ყოველ მეორეს უნდა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე ითვლიან ციფრებს და ვარაუდობენ სტატისტიკას, ფინანსურ ბირჟათა გაწვრთნილ სპეციალისტებს შეშურდებათ. კრიშნასავით არიან – არჯუნას რომ ეუბნება კურუკშეტრას ველზე, გადი, იომე, ჩემგან ეგენი უკვე დახოცილები გახლავანო. სწორედ ასე გადახედავენ საქეიფოდ მოსულ ხალხს – მიდით, დასხედით, მე ეგ სუფრა უკვე ალაგებული მაქვსო.

ნატანები იმითაც არის უცნაური, რომ აქ მთავარი სასმელი ყავაა, ნალექიანი. „კოფე გაქ დალეული?” – ისე გკითხავენ, რომ აუცილებლობას გულისხმობს. თუ ვინმემ უპასუხა: „ცა, დღეს მეოთხე ჩაშკა დავლიე”, – პასუხი სტანდარტულია: „არ მოგკლავს მეხუთე”. ან: „დედა, დღეს რაცხა გლახათ ვარ, კოფე არ დამილევია” – „ა, გაგიხაზირებ, მოგიდუღებ ელანძე”. ამ ბოლოს ლამის ეგრე ყოფილა, რომ მიცვალებულის სახელზე, გარდაცვალებიდან მესამე დღეს სვამენ ყველაზე ხარისხიანს. მოკლედ, დიდი ფეტიშია ამ ამბის. ჰოდა, სოფლის ქალების უმეტესობა მედიკო ბებიასთან დადის ყავის სასმელად. ისედაც დადიან. აი, რვა მარტს, მაგალითად – არის ნატანებში, კერძოდ, უბან ლეკურაში, ერთგვარი ტრადიცია წვეულების. შეკრების ადგილი მედიკოს სახლია, რადგან, როგორც პირველადვე ვსთქუ, მარტოხელა ქალი გახლავთ და ზედმეტი შემწუხებელი არავინ ეგულებოდათ. მამაკაცთაგან ერთადერთი მე გახლდით სუფრაზე, ისიც – სკოლის მოსწავლე. შესაბამისად, არ მერიდებოდნენ. ჰოდა, ასე განსაჯეთ, სექსზეც კი საუბრობდნენ მეხუთე ჭიქის მერე და მეზობელი ვაჟიას საყვარელზე და იმ საყვარლის ლოგინში ვერმარჯვე ქმარზე და პირველ ღამეებზე და ბოლო ღამეებზე. სევდით და ოცნებებით სავსე ღამეებზე.

ბებიაჩემი ერთადერთია, ვინც ცოცხალი დარჩა უფროსებზე უფროსთაგან, როგორც ბავშვობაში ვეძახდი. და ის ამ წიგნს წაიკითხავს.

ნატანები იმითაც არის უცნაური, რომ იქ არათუ წიგნები, ყველაზე უფრო არარეიტინგული ჟურნალიც კი ჩადის რაღაც მანქანებით და დიდი ინტერესით კითხულობენ. ბებიაჩემიც კითხულობს.

რეალურად მეც იქ ვისწავლე კითხვა. ბაღშიც პირველად იქ წავედი. ბაგა-ბაღში. ბუნდოვნად, ფრაგმენტულად მაგონდება. სექტემბერი ხომ ამგვარი წასვლების თვეა. ცხოვრებასთან საჭიდაოდ წასვლების.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი