პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მშობლები, სკოლა და COVID უსაფრთხოების დაცვა

კოვიდპანდემიის პირობებში სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა ერთი-ორად გაიზარდა. საგაკვეთილო პროცესის მუდმივ რეჟიმში გადაწყობა და შეზღუდული რესურსებით სკოლაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაზე ზრუნვა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. ამ პირობებში კიდევ მშობლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და მათი ნდობის მოპოვებაზე ზრუნვა, შეიძლება ვინმეს არაადეკვატურად მოეჩვენოს, მაგრამ სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ გაგრძელებისა და სკოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, ზუსტადაც რომ მნიშვნელოვანია, სკოლებსა და მშობლებს შორის არსებობდეს, ერთი მხრივ, ნდობა, მეორე მხრივ კი – ურთიერთკონტროლის ქმედითი მექანიზმები.

მაგალითად, რა ბერკეტი აქვს დღეს მშობელს, გაიგოს, როგორ იცავს სკოლა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულ რეგულაციებს? ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო ბავშვია, ან ცალკეული მასწავლებელი, რომელსაც მშობლებთან კომუნიკაცია აწყობილი აქვს და რეგულარულად აცნობს მშობლებს მდგომარეობას. თუმცა ასეთი პედაგოგების რაოდენობა არც ისე ბევრია.

მშობელს, რომელიც ყველა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, სკოლის წესდებით თუ შინაგანაწესით, სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორია, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო შენობაში შესვლა არ შეუძლია. მშობლების უდიდესი უმრავლესობა არ იცნობს სკოლის დასუფთავების სტანდარტს, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი.

ერთადერთი ორგანო, რომელიც სკოლებში რეგულაციების დაცვას ამოწმებს განათლების სამინისტრო და მისი ქვედანაყოფებია. თეორიულადაც შეუძლებელია, ერთმა უწყებამ შეამოწმოს – სწორად ატარებს თუ არა პირბადეს 2300 სკოლის 60 ათასზე მეტი მასწავლებელი და ნახევარი მილიონი მოსწავლე. შედეგად ვიღებთ იმას, რომ სკოლაში წესებს ისე ვიცავთ, როგორც შეგვიძლია, მოგვინდება ან გამოგვდის, და არა ისე, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო მოგვიწოდებს.

რა უნდა გააკეთოს სკოლის ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ დაიცვას ბავშვები და თანამშრომლები კოვიდინფიცირებისგან და ამავე დროს, გაზარდოს უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამჭვირვალობა, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის ნდობას სკოლასა და მოსწავლის ოჯახს შორის, ნაკლები ბავშვის მშობელი აირჩევს Online-სწავლას და მეტ ბავშვს ექნება შესაძლებლობა ისწავლოს და განვითარდეს მისთვის ბუნებრივ გარემოში.

როგორ უნდა გააკეთოს სკოლამ ეს?

იმის ნაცვლად, რომ მშობელი შენობაში არ შეუშვას, დირექციამ უნდა აჩვენოს მშობლებს, როგორ ახერხებს სკოლაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას. უპასუხოს შეკითხვებს და შეამციროს მოარული ხმები იმის შესახებ, რომ იქ სადაც ბევრი ბავშვია, წესების დაცვა შეუძლებელია. ამისთვის კი საუკეთესო საშუალება იქნებოდა, მონიტორინგის მექანიზმის შექმნა მშობლების მონაწილეობით და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში მოსწავლეთა ოჯახისთვის პასუხისმგებლობის განაწილება.

ცხადია, სკოლაში მშობლების შესვლამ ქაოსი არ უნდა გამოიწვიოს, COVID-ის რისკები კიდევ უფრო არ უნდა გაზარდოს, სასწავლო პროცესი არ უნდა შეაფერხოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას სკოლაში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემებს.

ამისთვის, აუცილებელია წესების შემუშავება, რომლებიც ყველა სკოლამ თავისი სპეციფიკიდან (თემის მახასიათებლები, მოსწავლეთა და პედაგოგთა რაოდენობა, შენობის ფართობი, საგაკვეთილო პროცესის გეგმა და ა.შ.) თავად უნდა შექმნას. უნივერსალურ წესთა ერთობლიობა არ არსებობს, თუმცა იმისათვის, რომ მკაფიო წარმოდგენა შეექმნას მკითხველს, დეტალურად აღვწერ წესების ერთ-ერთ ვარიანტს.

წესები სკოლებში მშობლების ვიზიტისთვის:

ყველა სკოლაში, კერძო იქნება თუ საჯარო, მშობლების მცირე ჯგუფს ფიქსირებული რაოდენობით, დღის გარკვეულ მონაკვეთში უნდა ჰქონდეს სკოლაში შესვლის უფლება. ამ ჯგუფში უნდა ხდებოდეს მშობლების მონაცვლეობა, ყველა კატეგორიის მშობელს უნდა შეეძლოს, მისთვის განკუთვნილ დღეს სკოლაში შესვლა პირბადით, ხელთათმანით, ბახილებით, შესაძლოა ერთჯერადი სამედიცინო ხალათითაც კი, ცხადია, თერმოსკრინინგის შემდეგ.

სკოლაში შესვლამდე მშობელს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს შენობაში. მშობელი ინსტრუქციას სკოლაში მისვლამდე უნდა იცნობდეს, რათა მისმა ვიზიტმა არ გამოიწვიოს უწესრიგობა.

ინსტრუქცია აუცილებლად უნდა იყოს მოკლე და ყველასათვის გასაგები ენით დაწერილი. მაგალითად ასეთი შინაარსის:

სკოლის შენობაში დაუშვებელია:

  • გაკვეთილის მიმდინარეობის შეფერხება.
  • ფოტო-ვიდეო გადაღება შენობის ყველა იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვანი პირები იმყოფებიან.
  • გადაადგილება სკოლის სველ წერტილებში სკოლის თანამშრომლის გარეშე და ა.შ.

სკოლის შენობაში დაშვებულია:

  • დაკვირვება თერმოსკრინინგის პროცესზე.
  • დაკვირვება, რამდენად დაცულია სკოლაში პირბადის ტარების წესი.
  • რამდენად დაცულია სკოლაში ბავშვებს შორის და ზრდასრულებს შორის ფიზიკური დისტანცია საგაკვეთილო და დასვენების საათებში.
  • რამდენად ახერხებს სკოლა ნაკადის მართვას.
  • რამდენად ახერხებს სკოლა შენობის დასუფთავებას, მათ შორის, რა სიხშირით სუფთავდება სველი წერტილები, მოაჯირები, სახელურები
  • რამდენი დამლაგებელი იცავს სისუფთავეს და აქვს თუ არა სკოლას დასუფთავების სტანდარტი.
  • რამდენად შესაძლებელია, სმენებს შორის ოთახების განიავება და დასუფთავება.
  • აღჭურვილია თუ არა სკოლა დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარით.
  • მომარაგებულია თუ არა სველი წერტილები წყლით, საპნითა და ქაღალდით.
  • გამოყოფილია თუ არა იზოლირებული ოთახი იმ პირთათვის, ვისაც სკოლის ტერიტორიაზე დაუფიქსირდება ტემპერატურა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი და ა.შ.

სკოლაში ვიზიტის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია სკოლამ მშობლებს ისე უნდა მიაწოდოს, რომ არ შეუქმნას უხერხულობა. ვერბალურად თუ არავერბალურად არ აგრძნობინოს, რომ მისი მოსვლა, ე.წ. არასასურველი კონტროლია, რომელიც დისკომფორტს უქმნის სკოლის თანამშრომლებს. მეტიც, მშობლის სკოლაში ვიზიტი აღქმული უნდა იყოს როგორც სკოლის მართვის გამჭვირვალობის ნიმუში, როგორც სასკოლო დემოკრატიის გამოვლინება, როგორც მშობელსა და სკოლას შორის პასუხისმგებლობის განაწილების ინსტრუმენტი.

ვიზიტის შემდეგ სასურველია, სკოლამ მშობელს შეავსებინოს კითხვარი, რომლითაც მიიღებს ინფორმაციას მშობლის შთაბეჭდილებების შესახებ. ამით ის 1. ოპერატიულად მიიღებს ინფორმაციას მისი შთაბეჭდილებების შესახებ; 2. საკუთარ სივრცეში გაუხსნის ველს შესაძლო კრიტიკას.

სკოლამ მშობელს უნდა შეუქმნას ჯანსაღი გარემო განსხვავებული აზრის გამოსახატად და, რაც მთავარია, რეაგირება მოახდინოს მშობლის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე და აცნობოს მშობელს ამის შესახებ.

ვინ იქნება მშობლების ვიზიტებზე პასუხისმგებელი პირი? ცხადია, საგაკვეთილო პროცესში სკოლის შენობაში მშობლების მოძრაობა პასუხისმგებელი პირის თანხლებით უნდა მოხდეს. თუკი სკოლას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჰყავს, მშობლებს სკოლის დათვალიერებაში ის დაეხმარება. თუ ასეთი კადრი არ ჰყავს, მაშინ დირექტორს, მოადგილეს ან მოხალისე მასწავლებელს მონაცვლეობით შეუძლიათ ამ საქმის შესრულება.

ასეთი ვიზიტის დროს, სკოლის თანამშრომელი მშობლებს იმ მოთხოვნებსაც დეტალურად გააცნობს, რომლებსაც სახელმწიფო ბავშვის ოჯახის წევრებსა და კანონიერ წარმომადგენლებს ავალდებულებს. სასურველია, ეს წესები პუნქტებად იყოს ჩამოწერილი, რათა უფრო ადვილად გასაგები გახდეს ყველა მშობლისთვის. მაგალითად ასე:

  • ასწავლეთ მოსწავლეს ჰიგიენური ნორმების დაცვის მნიშვნელობა;
  • უზრუნველყავით მოსწავლე პირბადით და ჰიგიენური ნორმების დასაცავად საჭირო რესურსებით;
  • აკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა: დაუშვებელია მოსწავლის გამოშვება სკოლაში, თუკი მას აღენიშნება ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი ან ვირუსის დამახასიათებელი ნებისმიერი სხვა სიმპტომი;
  • დაუშვებელია მოსწავლის გამოშვება სკოლაში, თუკი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება ვირუსის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი;
  • აუცილებლად აცნობეთ კლასის აღმზრდელ-პედაგოგს, თუკი ოჯახის რომელიმე წევრს დაუდასტურდა COVID-19 ვირუსი და ამ შემთხვევაში არ გამოუშვათ მოსწავლე სკოლაში და ა.შ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სკოლა უნდა იყოს მშობლების წამახალისებელი, რომ მათ საკუთარი თვალით ნანახის შესახებ ინფორმაცია გაუზიარონ სხვა მშობლებს.

ასეთი სახის თანამშრომლობა უსაფრთხოების დაცვის საკითხის ირგვლივ გააერთიანებს მთელ სასკოლო საზოგადოებას. დაეხმარება მშობელს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება ბავშვის სკოლაში გაშვებასთან დაკავშირებით. დაეხმარება სკოლის ადმინისტრაციას, დამოუკიდებელი ბერკეტებით აკონტროლოს სკოლაში რეგულაციების დაცვის ხარისხი და გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლი, სკოლაში წესრიგის დაცვას, რაც პანდემიის პირობებში უპირველესი ამოცანაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი