პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ წავაკითხოთ კლასიკური რომანი მოზარდებს – მეორე ნაწილი

 

პირველი ნაწილი

მთავარი სათქმელი

„დავით კოპერფილდის“ შესახებ უამრავი რამ დაწერილა. ვცდილობ, ჩემი სათქმელი ვიპოვო და შენთვის საინტერესოდ გავაჟღერო.

ეს რომანი გვაცნობს კეთილ და ბოროტ ადამიანებს. ვცდილობ, თითოეულ მათგანს დავაკვირდე და მათი საქციელის მოტივი გავიგო. უარყოფითი პერსონაჟების – ური ჰიპის, მორდსოტნებისა და სტირფორდის – სახელები უკვე გავაჟღერე. მათგან ავტორი მხოლოდ სტირფორდს გვაცნობს იმგვარად, რომ მისი ქცევის მიზეზებს შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ. დავითი სტირფორდს სალემის სასწავლებელში გაიცნობს და დაუმეგობრდება. ჯეიმს სტირფორდის მომხიბლავი გარეგნობისა და ბრწყინვალე ნიჭის ფონზე მისი ქცევა იმედგაცრუებულს დაგტოვებს, მაგალითად, ერთხელ უსაყვარლეს მასწავლებელს, მისტერ მელის, სასტიკად მოექცევა. სტირფორდს ძალიან ამაყი და შვილზე თავდავიწყებით (უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ გამოვიყენებთ სიტყვას „ეგოისტურად“) შეყვარებული დედა ჰყავს. ის მხოლოდ დადებით თვისებებს ამჩნევს სტირფორდში და მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, რომ დედა-შვილის ურთიერთობაც მოკლებულია გულწრფელობას. იქნებ ეს არის მიზეზი სტირფორდის არასწორი განვითარებისა?

რას ფიქრობ არასასურველ გავლენებზე? ხარ თუ არა ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაუწიო სხვის ჩაგვრას და დროულად შენიშნო ადამიანის უარყოფითი გავლენა შენზე ან სხვებზე?

„დავით კოპერფილდის“ ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ ამაზეა აგებული – როგორ ვცდილობთ, თავი მოვაწონოთ მას, ვინც ჩვენ მოგვწონს და ამ პროცესში ხშირად საკუთარი თუ სხვისი მცდარი წარმოდგენების მახეში ვებმებით.

ჩარლზ დიკენსი უპირისპირდება სოციალურ უთანასწორობას. უჰ, როგორი რთული სიტყვები გამოვიყენე, ხო? უფრო გასაგებად რომ აგიხსნა, იყო დრო, როცა გვარების მიხედვით ადამიანებს გამოარჩევდნენ – ზოგი ძალიან დაფასებული იყო, ზოგი – ნაკლებად, ზოგი კი მთელი ცხოვრება შეუმჩნეველი რჩებოდა. როგორი უსამართლობაა, არა?! ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სიმდიდრეს. თუ მდიდარი არ იყავი, ადამიანების გარკვეული ნაწილი არაფრად გაგდებდა. შენი აზრით, ახლა როგორ არის ეს ყველაფერი?

დადებითი პერსონაჟები ამ წიგნში ერთ გუნდად იკვრებიან და ბოლოსკენ ერთი ისეთი ძლიერი, ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ეპიზოდია, გგონია, რომ ადრე თუ გვიან, ყველგან და ყოველთვის უსამართლობა დამარცხდება. ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კარგი ადამიანების მეგობრობასა და ერთმანეთზე ზრუნვას მწერალი? შენ თუ ეთანხმები ჩარლზ დიკენსს?

რომანში პერსონაჟები წერილებით ატყობინებენ ერთმანეთს პირად ამბებს, მოვლენებს, უმხელენ სიყვარულს, აფრთხილებენ… ახლა პირადმა მიმოწერამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა, რამაც, ჩემი აზრით, ურთიერთობას ხიბლი დაუკარგა, ზედაპირული გახადა. ალბათ, ამასობაში დროც აჩქარდა.

კიდევ ერთ რამეზე გავამახვილებ შენს ყურადღებას – რომანში ასახული დიალოგების გაგება ზოგჯერ რთულია, რადგან ყველა საზოგადოებას ქცევის თავისებური  ნორმა აქვს.

ადამიანები ერთმანეთს დიდი პატივისცემით ელაპარაკებიან, თუმცა ზოგჯერ ამ უზადოდ ზრდილობიანი საუბრების მიღმა დიდი სიყალბეც იმალება.

პერსონაჟთა გალერეა

რადგან წიგნში ძალიან ბევრი პერსონაჟია, გადავწყვიტე, შენთვის პერსონაჟთა გალერეა დამეხატა. შენ გაიცნობ უსაყვარლეს მისტერ და მისის მიკობერებს, კიდევ შეხვდები დავითის პაპიდას, ბეტსი ტროტვუდს და მასთან ერთად დაუვიწყარ მისტერ დიკს, რომელიც ძალიან მაგონებს ჩემს ძმას, ზურას. ცდუნებას ვერ ვუძლებ და გაგიმხელ, რომ თავდავიწყებით შემიყვარდა მისტერ პეგოტი, მისტერ ბარკისი, ქამი, ტრედელსი და აგნესა; შენს ყურადღებას მიიქცევს ობოლი ემილია, მართა, დორა, მისტერ სტრონგი და მისი ახალგაზრდა ცოლი, ანა…

ჩარლზ დიკენსი პერსონაჟთა შთამბეჭდავ ხასიათებს ქმნის. მთელი ცხოვრება არ გავიწყდებიან. აი, ერთგან, როცა ლონდონიდან დუვრისკენ მირბის დავითი შიმშილის მოსაკლავად საკუთარი ქურთუკის გაყიდვას გადაწყვეტს. ამასობაში გადააწყდება დუქნის მეპატრონეს, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებს შემდეგ ფრაზებს: „გამისკდეს ღვიძლი! დამეგლიჯოს ნაწლავები!“ და თან დავითის მოტყუებას ცდილობს. ბებერ ცბიერ მედუქნესთან გამართული დიალოგი, რომელიც სულ რაღაც ერთ ფურცელს მოიცავს, მგონია, რომ შენც გაგახალისებს და არასდროს დაგავიწყდება.

ერთი ეპიზოდი

ბევრი ეპიზოდი შემიძლია გიამბო, მაგრამ სათქმელი გამეწელა და მეშინია, არ დაგღალო. მისის პეგოტის აწითლებულ ლოყებზე და მღელვარების დროს გულისპირზე დაწყვეტილ ღილებზე უკვე გიამბე; როგორ კოცნიდნენ კარის ჭუჭრუტანას პეგოტი და დავითი ერთმანეთის გასამხნევებლად, ესეც გახსოვს.

ახლა მისტერ ბარკისზე უნდა გიამბო, უფრო ზუსტად, მისის პეგოტისადმი გამოხატულ მის უცნაურ ხერხზე.

მისტერ ბარკისი მეეტლეა. პირველად მაშინ ვეცნობით, როცა დავითი მისის პეგოტის ძმასთან, მისტერ პეგოტთან, იარმაუთში მიჰყავს. მისტერ ბარკისს შეუყვარდება მისის პეგოტი და ერთ-ერთი მგზავრობისას ეტლის კოფოზე ცარცის ნაჭრით „კლარა პეგოტს“ დაწერს. ამ უსაყვარლესი წყვილის შუამავლობას დავითი იკისრებს და კიდევ ერთი დაუვიწყარი წერილი, რომელიც წამიკითხავს, ეს დავითის ხელით მისის პეგოტისადმი გაგზავნილი წერილია. სიყვარულსაც უცნაურად გამოხატავდა გულჩათხრობილი მისტერ ბარკისი, რაც საყვარელი ქალისთვის საჩუქრების შემდეგ ჩამონათვალს გულისხმობს: „ორი წყვილი გოჭის ფეხი, უზარმაზარი ბალიში ქინძისთავებისთვის, ორი თუ სამი ათეული ვაშლი, გიშრის საყურეები, ესპანური ხახვის რამდენიმე თავი, პატარა ყუთი დომინოს სათამაშოთი, იადონით გალიაში და ტახის ლორი“.

შენ რომ გაჩუქოს შეყვარებულმა, როგორც თქვენ უწოდებთ, „ქრაშმა“ გოჭის ფეხები ან იადონი, გაგიხარდებოდა ან რას იფიქრებდი?

უცხო სიტყვები

ტალანი, მილედი, მუშკის კაკალი, პასტორი, ეკვდერი, რევერანსი, კაშხალი, დილიჟანსი, ფლუგერი, სათლი, დორტუარი, კადრილი – კიდევ ბევრი უცნობი, ლამაზი და მივიწყებული სიტყვა შემოგხვდება. გირჩევ კითხვის პარალელურად პატარა ლექსიკონის შექმნას და შემდეგ ერთმანეთი გამოვცადოთ, ვინ უფრო კარგად განმარტავს სიტყვებს.

მე მძივის ფარღული და თუნუქის მაშრაფა შემიყვარდა. ბურნუთის ყუთმა – ჩემი დიდი ბებია, მატრო, გამახსენა. წინსაფრის ქვეშ მუდამ ჰქონდა ბურნუთი (თამბაქოს მტვერი), რომელსაც დროდადრო დიდი მონდომებით ყნოსავდა და ღეჭავდა ხოლმე. მის კაფანდარა სხეულსაც სულ ბურნუთის მძაფრი სუნი ასდიოდა. მახსოვს, ჩემი ძმა, ზაზა, მატრო ბაბოს გასახარებლად თამბაქოს ქარხნიდან ეზიდებოდა ბურნუთს.

სიტყვა „მეჩეჩმა“ კი ჩვენი ზაფხულის ერთ-ერთი დღე გამახსენა, როცა მე, შენ და გაბრიელმა ამ სიტყვის მნიშვნელობა ინტერნეტში მოვიძიეთ.

სასმელები

ვიცი, რომ გაზიანი სასმელების დიდი მოყვარული ხარ. ისიც იცი, რომ ალკოჰოლური სასმელები არსებობს. ამ წიგნში პერსონაჟები მრავალფეროვან სასმელებს სვამენ, მაგალითად, ხერესს, პორტერს, გროგს, ელის, შოტლანდიურ ლუდს, ღვინოს, გლინტვაინსა და პუნშს.

უალკოჰოლო პუნშს დიდებთან ერთად პატარებიც სვამენ, კერძოდ, მისტერ და მისის მიკობერებთან სტუმრობისას დავითი პატარა მიკობერებსაც ახსენებს და ერთად ყოფნას პუნშით აღნიშნავენ.

ჩვენც ხომ არ დავამზადოთ პუნში და სხვებს გავუმასპინძლდეთ?

საჭმელები

არ ვიცი, შენც ასეთივე სიხარბით თუ დაიწყებ იმაზე დაკვირვებას, თუ რას ჭამენ პერსონაჟები. აი, მე და ჩემი თაობის მკითხველებს არ გამოგვეპარებოდა კუპატები, ქონიანი პუდინგი, ლორი, ნუშის ნამცხვარი, ხბოს შემწვარი თირკმელები და ძეხვები. ეს საჭმელები ჩვენი ყოველდღიური მენიუსგან დღესაც განსხვავდება.

ქლიავის პუდინგის გამოცხობის სურვილი გამიჩნდა, დამეხმარები?

ფულის ერთეულები

დავით კოპერფილდი ხშირად ახსენებს სხვადასხვა ფულის ერთეულს – შილინგს, პენსს, კრონას, გინეას, სტერლინგს.

გირჩევ, საგულდაგულოდ დააკვირდე იმ ეპიზოდს, როცა მისის პეგოტი სალემის სასწავლებელში მიმავალ დავითს ტყავის საფულეს გადასცემს. შიგ იდო სამი კრიალა შილინგი და ქაღალდის ნაჭერში შეხვეული დედის ნაჩუქარი ორი კრონა. ქაღალდზე ეწერა: „დევის, ჩემი სიყვარულის ნიშნად“.

შენ ვინ გჩუქნის ფულს?

დავით კოპერფილდის რუკა

გიფიქრია ადგილებზე, სადაც მთავარი პერსონაჟი დადის? სუფოკლის საგრაფოში დავითის მშობლიური სახლია, იარმაუთში მისტერ პეგოტი ცხოვრობს, დუვრში – პაპიდა, ლონდონი ერთ-ერთ პერსონაჟად გვევლინება და მის მონახულებაზე კვლავ ვოცნებობ. ერთ სახალისო გასართობს გასწავლი. Googlemap-ში ლათინური ანბანით ჩაწერე წიგნში ნახსენები ადგილებისა და ქუჩების სახელწოდებები და შენი ოთახიდან თუ მობილურის ეკრანიდან იმოგზაურე. გამოიყენე შესაძლებლობები, რომლებსაც შენი დრო გთავაზობს!

კოვენტგარდენის ბაზარი

მე კი კოვენტგარდენის ბაზარზე უნდა შევჩერდე. ჯეიმს გრინვუდის „პატარა მაწანწალა“ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო. ბოლოს ჩემი მოსწავლეებისთვის რომ წავიკითხე, კოვენტგარდენის ბაზარი Googlemap-ის საშუალებით მოვინახულე და უზომოდ გამიხარდა იმის აღმოჩენა, რომ ის ახლაც არსებობს. „დავით კოპერფილდშიც“ გადავაწყდი და რომანში რამდენჯერმე ჩნდება სხვადასხვა დატვირთვით, მაგალითად, თუკი პატარა დავითი ბაზარში გამოფენილი ფორთოხლების ცქერას სჯერდებოდა, რაღაც დროის შემდეგ კოვენტგარდენზე თავდაჯერებული მიაბიჯებს და სანოვაგეს ყიდულობს ჯეიმს სტირფორდისთვის დაგეგმილი სადილისთვის.

როგორ მოგწონს წიგნებს შორის გაბმული პარალელები?

ჟენევა

რომანის ბოლოს დავითი სამოგზაუროდ მიდის. შვეიცარიის აღწერისას ალბათ შენც რაჭა გაგახსენდება. დავით კოპერფილდი ერთხანს ქალაქ ჟენევაში ცხოვრობს.

ხომ არ გაგახსენდა ანიმაცია „ლუკას“ პერსონაჟის, ჯულიას, დედა სად ცხოვრობს და სად მიაქროლებს ბოლო კადრში ლუკას მატარებელი?

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობა „გზა მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო!“. მთავარი პერსონაჟი ერთი მოხუცი და ავადმყოფი პრეზიდენტია, რომელიც სწორედ რომ ჟენევაში ცხოვრობს. მთელი გულით გირჩევ წაკითხვას. თან პირველად გაიცნობ კოლუმბიელ მწერალს და თან ამბის განვითარება გაგაოცებს.

იდეები

კითხვისას ყოველთვის მებადება იდეები. არც ეს წიგნი აღმოჩნდა გამონაკლისი.

  1. იცი, დავით კოპერფილდმა როგორ მოიპოვა პოპულარობა სალემის სასწავლებელსა თუ სავაჭრო სახლ „მოდრსტონი და გრიბში“? როგორ მოიგო ჯეიმს სტრიდფორდისა თუ მიკ უოკერისა და „კარტოფილას“ გული? როგორ და წაკითხული წიგნებიდან ამბებს ჰყვებოდა. თანატოლები მონუსხული უსმენდნენ. დავითის უნარით შთაგონებულებმა ჩვენც ხომ არ ვუამბოთ ერთმანეთს საინტერესო ეპიზოდები წიგნებიდან? ძირითადად, ჩვენთვის ვკითხულობთ და იშვიათად ვუზიარებთ ერთმანეთს შინაარსს. თან ეს პარაზიტი სიტყვებიც როგორ თან დაგვდევენ: „ისა..“, „რა ჰქვია..“ „ანუ“… როგორ ფიქრობ, დავითს რომ შთამბეჭდავად არ მოეთხრო, მიიზიდავდა მსმენელებს?

 

  1. მისტერ მიკობერი ძალიან საყვარელი კაცია. აუცილებლად გაამახვილე ყურადღება მისი საუბრისა და პირადი წერილების ტონზე. მისტერ მიკობერის მაღალფარდოვანმა საუბარმა ერთი ამბავი გამახსენა ჩემი ბავშვობიდან. მე და შენი ნათლია ქეთი კლასიკური რომანების გავლენით ერთხანს მაღალფარდოვან წერილებს ვწერდით ერთმანეთს. სახელებიც კი დავირქვით. მახსოვს, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს მისის ლუიზიანა ერქვა. აბა, რას იტყვი,  მაღალფარდოვანი სიტყვების გამოყენებით ჩვენც რომ გავაბათ მიმოწერა?

 

  1. დახატე საყვარელი ეპიზოდები. დავითი თავის პირველ  სიყვარულს კაშხალზე მიჰყვება. ემა წინ გარბის, ხელები გაშლილი აქვს და კაშხლის კიდესთან ჩერდება. ეს კადრი სურათივით ჩარჩება და დახატვის სურვილს უჩენს. შენ ხომ არ აუსრულებდი მთავარ პერსონაჟს სურვილს?

 

  1. კიდევ ერთი იდეა ამგვარია – აღწერე შენი სკოლა, კლასელები, მასწავლებლები და გაკვეთილები. პირველ პირში მოჰყევი საინტერესო ამბები.

 

რას კითხულობდა დავით კოპერფილდი?

ბოლოსთვის მოვიტოვე ერთ-ერთი მთავარი საკითხი – წიგნები უნდა გაგაცნო, რომლებსაც დავით კოპერფილდი და რადგანაც რომანი ავტობიოგრაფიულ დეტალებს მრავლად მოიცავს, შესაბამისად, ჩარლზ დიკენსი კითხულობდა.

როდერიკ რენდომი, პერეგრინ პიკლი, ჰომფრი კლინკერი, ტომ ჯონსი, ვიკფილდის მოძღვარი, დონ-კიხოტი, ჟილ ბლაზი, რობინზონ კრუზო, შექსპირის „ჰამლეტი“ და  „მაკბეტი“, „ათას ერთი ღამე“, ბერძნული ქრესტომათია – ამ წიგნებს თავად ახსენებს და წერს, რომ ობლობისას თუ მისტერ მორდსტონის სასტიკი მოპყრობისას კითხვა იყო მისი თავშესაფარი. ერთ-ერთ გვერდზე ჩემი მინაწერიც დაგხვდება – კითხვამ ხომ არ გადაარჩინა დავით კოპერფილდი-მეთქი, გეკითხები.

ალბათ ძალიან გაგიხარდება, დავით კოპერფილდის წიგნებში „რობინზონ კრუზოს“ რომ აღმოაჩენ. რომელიც ამ ზაფხულს წაიკითხე და უკვე რამდენჯერმე გახმიანდა შენს ცხოვრებაში. მე კი ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟის, დონ-კიხოტის, სახელის წაკითხვამ გამინათა გული.

ბოლო აბზაცის მთავარ სათქმელსაც მივადექით – კლასიკურ რომანებს, ძველ წიგნებს, რომლებიც დღესაც სინათლეს ასხივებენ, აქვთ ერთი ჯადოსნური უნარი – ისინი ადამიანების გულებს, განცდებს, გრძნობებს აერთიანებენ. სხვადასხვა ასაკის, ეროვნების მკითხველს უხილავად უკავშირებენ ერთმანეთს. იქნებ შენს ცხოვრებაშიც როგორ როლს თამაშობს ჩალზ დიკენსის „სიკეთის წიგნი“?!

 

რჩევები

 

  1. რადგან ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწორედ ახლა სწავლობ, გირჩევ, აუდიოწიგნებს დაუმეგობრდე. დააწკაპე გალურჯებულ სიტყვაზე და მოუსმინე, როგორ ჟღერს ინგლისურად „დავით კოპერფილდი“.
  2. „დავით კოპერფილდის“ მიხედვით ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული. რომანის წაკითხვის შემდეგ ერთად ვუყუროთ სერიალს.
  3. საინტერესო ანიმაციაც მოვძებნე.
  4. Goodreaders.com-ზე მოძებნე მკითხველის რევიუები და გაეცანი მათ. შეგიძლია, თავადაც დაწერო.
  5. ვირტუალურად მოინახულე ჩარლზ დიკენსის მუზეუმი.
  6. ერთგან დავითი წერს, რომ ლონდონში სტირფორდთან ერთად „ვიყავით მუზეუმში…“. ის გულისხმობს ადამიანის ისტორიისა და კულტურის მუზეუმს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ესტუმრე ოფიციალურ ინტერნეტგვერდს და აუცილებლად მოიხიბლები.

ბოლოს კი გიტოვებ მუსიკალურ ჯგუფს სახელად – HUCK PINN, რომელიც ლიტერატურულმა კვლევა-ძიებისას აღმოვაჩინე. მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ რომ წავიკითხე, მაშინ მომაფიქრდა მთავარი პერსონაჟის მოტივზე შექმნილი სიმღერების პოვნა. წარმოიდგინე, როგორ გამახარებდა მთავარი პერსონაჟის სახელობის ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთ სიმღერას ჩემს საყვარელ მწერალს, ჩარლზ დიკენსს უძღვნიდა.

ჩემო გოგონავ, საინტერესო თავგადასავალს გისურვებ „დავით კოპერფილდთან“ ერთად!

https://www.youtube.com/watch?v=OW2hYMhTsc8

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი