შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩემი მეგობრის ბებია

ქალაქებსა და ადამიანებზე ხშირად ვწერ. მიყვარს, როცა ადამიანებს თავიანთი ქალაქები აქვთ და, პირიქით, ქალაქებს ჰყავთ თავიანთი ადამიანები. მიყვარს, როცა ადამიანებს ქალაქის სუნთქვა ესმით და ქალაქებიც გრძნობენ მათ ნაბიჯებს. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ჰარმონიაა. და კიდევ მგონია, რომ განსაკუთრებით უმართლებთ ქალაქებს, რომლებსაც საკუთარი პოეტები ჰყავთ; სადღაც გადაკარგული და გასახსენებელი კი არა – მუდამ მათ გულისცემას მიყურადებული, საკუთარი, ნამდვილი პოეტები, ისეთები, როგორიც ქუთაისისთვის ლილი ნუცუბიძე იყო.

თეთრ ხიდზე რომ გადახვალთ და პუშკინის ქუჩას აუყვებით, მალევე დაინახავთ ჩემს სკოლას, რომელიც წმინდა ნინოს სახელობისაა და წმინდა ნინოს ქუჩაზე დგას. სკოლის მოპირდაპირე მხარეს, ლამაზეზოიან, ხმაურიან კორპუსში, ჩემი ყველაზე დიდი ხნის მეგობარი, ნინიკო გაიზარდა. 1986 წელს, როცა ჩვენ დავიბადეთ, ეს ქუჩა ჯერ კიდევ 1905 წლის რევოლუციის სახელს ატარებდა, თუმცა ქვეყანა უკვე ახალ გზაზე იდგა და 1989 წელს ქუჩისთვის სახელის შეცვლის საკითხი დაისვა. იმავე წლის 18 ივნისს საზოგადოება „ქუთაისელის” შეკრებაზე ლილი ნუცუბიძის, ნინიკოს ბებიის, ინიციატივით, გადაწყდა, ქუჩას წმინდა ნინოს სახელი დარქმეოდა. სწორედ იმ დღეს ჩემი მეგობარი სამი წლის გახდა. ბებია საყვარელი შვილიშვილის დაბადების დღეზე დაგვიანებით მივიდა და საჩუქრად ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლის ამბავი მიიტანა. ნინიკოს არ ახსოვს თავისი მესამე დაბადების დღე, მაგრამ მან და მისმა მეგობრებმა კარგად ვიცით ამბავი პატარა ქუჩისა, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ქუთაისში ლილი ნუცუბიძეს ყველა იცნობდა. ამბობდნენ, რომ ლილის ყველაფერი შეეძლო, რომ მის სიტყვას ერთნაირად სცემდნენ პატივს რიგითი თანაქალაქელები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. ამბობდნენ, რომ ის განსაკუთრებული ადამიანი იყო – ერთი შეხედვით, მკაცრი, სინამდვილეში კი საოცრად მზრუნველი ყველას მიმართ, ვინც უყვარდა.

ლილი ნუცუბიძე 1927 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა. განათლება ქუთაისში მიიღო, სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ პედაგოგიურ სასწავლებელში, მერე კი პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. მის აღზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემს, რომელიც მაშინ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იყო. მათი მეგობრობა არც შემდეგ შეწყვეტილა.

ლილი ნუცუბიძეს სხვადასხვა დროს ეკავა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის, ქუთაისის ბიბლიოთეკების ქსელისა და დასავლეთ საქართველოს ბიბლიოთეკების ქსელის დირექტორის თანამდებობა. იყო მრავალი საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა ქალთა ორგანიზაციებში.

ლექსებს ადრეული ასაკიდან წერდა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ორმოცამდე პოეტური კრებულია და უამრავი ამღერებული ლექსი. მინდოდა, ბიოგრაფიული შტრიხებისა და მშრალი ფაქტებისთვის გვერდი ამევლო და პოსტი ისე დამეწერა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ზოგჯერ შეხსენება საჭიროა. ვინ იცის, იქნებ თქვენც ბევრჯერ წაგიღიღინიათ „საყვარელო მამულო”, ან „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება” და არ იცით, რომ ამ ლექსების ავტორი სწორედ ლილი ნუცუბიძეა.

აი, მე კი სულ სხვანაირად მახსოვს ის, ჩემი მეგობრის ბებია, ადამიანი, რომელმაც თავის ორ ვაჟთან ერთად მესამე, ბავშვთა სახლიდან წამოყვანილი ბიჭიც საკუთარივით გაზარდა. დამეთანხმეთ, რომ ბევრი ასეთი შემთხვევა არ გეცოდინებათ. მახსოვს, როგორ ურთიერთობდა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, როგორ დადიოდა ქუთაისის ქუჩებში, როგორ ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ, როგორ უყვარდათ.

მახსოვს მთავარი – ექვსი წლის ვიყავი, როცა ჩემი ლექსები წაიკითხა და დედაჩემის შემდეგ პირველმა სწორედ მან დაიჯერა და თქვა, რომ წერა შემიძლია.

რამდენიმე დღის წინ, 21 ოქტომბერს, ლილი ნუცუბიძის დაბადების დღეზე, ნინიკომ მითხრა: „თუ გავითვალისწინებთ, როგორ უყვარდი, შენც მის შვილიშვილად ითვლები”. 

წარმოგიდგენიათ, რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის? ბევრს, ძალიან ბევრს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი