ოთხშაბათი, თებერვალი 1, 2023
1 თებერვალი, ოთხშაბათი, 2023

საზაფხულო  თავგადასავლები დავალებად

წლევანდელი სასწავლო წელი ძალიან მალე მიიწურა. როცა წლის დასასრული მოახლოვდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, მოსწავლეებისთვის საზაფხულოდ რომელი წიგნი, რომელი სავარჯიშოები მერჩია. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი რა დავალება მიმეცა, რომელსაც წუწუნის გარეშე შეასრულებდნენ. ამ ფიქრებით მშობლებს საკომუნიკაციო სივრცეში წერილი მივწერე, რომ უახლოეს დღეებში მშობელთა კრებას ონლაინ ჩავნიშნავდი, სადაც სასწავლო წელს შევაჯამებდი და საზაფხულო დავალებებსაც გავაცნობდი. ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლის მშობლის კომენტარი არამარტო თვალში, არამედ გულზეც მომხვდა. წერდა, რომ ჩემი წერილი ხმამაღლა წაიკითხა, რის შემდეგაც ჩემს წარჩინებულ მოსწავლეს შემდეგი კომენტარი გაუკეთებია: მეგონა, წელს გადავრჩებოდიო. ამ სიტყვებზე ბევრი ვიფიქრე. მივხდი, რომ იმ მოსწავლისთვისაც კი, რომელიც მთელი წელი დავალებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებდა, ჩემი დავალება ტვირთი იქნებოდა. დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა, განსხვავებული შემეთავაზებინა მათთვის? გაგიზიარებთ ჩემს ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზე მყოფ გეგმას, რომელიც შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს თქვენი მოსწავლეებისთვის. მაშ ასე:

საზაფხულო თავგადასავლები. ინსტრუქცია მოსწავლეებს:

  1. აირჩიე ერთი ანიმაციური ფილმი, რომელიც შენთვის საინტერესოა და აუცილებლად მომწერე მეც, რომ მეც ვუყურო.

არჩევნის საშუალებით მოსწავლეებს მეტ ინტერესს ვუჩენთ.

 

  1. აიღე ერთი რვეული (წიგნაკი), რომელსაც გააფორმებ შენი სურვილის მიხედვით. გამოიყენე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგანში მიღებული ცოდნა. გააფორმე ის სხვადასხვა მასალის (საღებავი, პასტელი, ფანქარი, ფლომასტერი და ა.შ ) გამოყენებით. შეგიძლია გააფორმო ორნამენტებით ან შენთვის სასურველი სხვა ფიგურით. რვეული (წიგნაკი) უნდა იყოს შენი მეგობარი, რომელსაც შთაბეჭდილებებს გაუზიარებ.

წიგნაკის გაფორმებით მოსწავლეებს გავუაქტიურებთ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მიღებულ ცოდნას. ისინი გაიხსენებენ შესწავლილ მასალას და პრაქტიკულად განახორციელებენ მას.

 

  1. მოკალათდი კომფორტულად და უყურე ანიმაციურ ფილმს. შეეცადე, ყურადღება მოქმედ გმირებზე, სიუჟეტის მოქმედებაზე, გარემოზე გაამახვილო და იფიქრე ფილმის მთავარ სათქმელზე.

ამ ნაბიჯით მოსწავლეებში გავაღვივებთ დაკვირვების უნარ-ჩვევას. ხელს შევუწყობთ აზროვნების განვითარებას.

 

  1. შენს წიგნაკში დახატე ფილმის გმირები. აალაპარაკე ისინი შენთვის სასურველი ეპიზოდის მიხედვით და გაიხსენე, როგორ იქმნება კომიქსი. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ გმირს დახატავ. შეგიძლია, შექმნა მათი საშუალებით როგორც კომიქსი, ისე პორტრეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხშირად ვიყენებთ კომიქსებს, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. ამ ნაბიჯით მათი დავალების შესრულების პირველი ნაბიჯები სახალისო იქნება და განწყობაც პოზიტიური შეექმნებათ.

 

  1. აღწერე (სიტყვიერად, ილუსტრაციით), წელიწადის რომელი დროა ანიმაციურ ფილმში? საიდან მიხვდი ამას? შენთვის რომელიმე ნაცნობი ბუნებრივი მოვლენა ხომ არ შეგხვდა? ეცადე, ყველაფერი შენს წიგნაკში გადმოიტანო.

ამ დავალებით მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას გავუაქტიურებთ. მოახდენენ ბუნებაზე დაკვირვებას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი.

 

  1. გაიხსენე „მე და საზოგადოებაში“ შესწავლილი თემები. ფილმში მოცემულმა რომელიმე ეპიზოდმა ხომ არ გაგახსენა განვლილი მასალა? თუ – კი, მაშინ აუცილებლად გაანდე შენს წიგნაკს.

აღნიშნული დავალებით მოსწავლეები სიტუაციურ დონეზე გააანალიზებენ „მე და საზოგადოებაში“ შესწავლილ თემებს, გაავლებენ პარალელს მათ შორის.

 

  1. აირჩიე შენთვის სასურველი ეპიზოდი ან მთლიანი ფილმის შინაარსი და შეადგინე ამოცანები, ტოლობები. დახაზე ნაცნობი ფიგურები.

ამ დავალებით მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკის საგანში მიღებული ცოდნის გამოყენებას. სახალისოდ შეადგენენ ამოცანებს, მაგალითებს და თავად გახდნენ მისი ავტორი.

 

  1. ჩაწერე შენთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდის მოკლე შინაარსი. შეგიძლია ის სურვილისამებრ გააფორმო.

მოსწავლეებს უჭირთ მოკლე შინაარსის ან სათქმელის წერილობით გადმოცემა. ამ სავარჯიშოთი კი მათ განუვითარდებათ ტექსტის მოკლე შინაარსის წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევა.

 

  1. ანიმაციურ ფილმში მოქმედი გმირები ალბათ ძალიან ბევრს მოძრაობენ. შეიძლება დაფრინავენ კიდეც. მოიფიქრე თამაში, რომელსაც სკოლაში დაბრუნების შემდეგ შენს თანაკლასელებთან ერთად ითამაშებ თავისუფალ დროს. თამაშის მოფიქრებისას გამოიყენე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები დატვირთულია სხვადასხვა თამაშით. ამ დავალებით კი არაჩვეულებრივი შანსი გვეძლევა მასწავლებლებს, რომ მოსწავლეების მოფიქრებული თამაშები საგაკვეთილო პროცესში ჩავრთოთ.

 

  1. შეგიძლია, სურვილის მიხედვით გამიზიარო შენი ზაფხულის შთაბეჭდილებები, ზემოთ მოცემული დავალებები გამოიყენო საკუთარი ზაფხულის დღეების მიხედვით. მაგალითად, თუ სოფელში შენ და დაიკოს ბებიამ ღვეზელი გამოგიცხოთ და თქვენც გემრიელად შეექეცით, ამაზეც კი შეგიძლია, შეადგინო ამოცანა. შენი სურვილით გადაწყვიტე, მოცემულ დავალებებს ნანახი ანიმაციური ფილმის მიხედვით შეასრულებ, შენი ზაფხულის თავგადასავლების მიხედვით თუ… თუ არ შეასრულებ, ნება შენია.

 

ვფიქრობ, მოცემული დავალება განსხვავებულია რუტინულად მოცემული სავარჯიშოებისაგან. არის ბევრად უფრო სახალისო და შემოქმედებითი.

 

მე კი დაველოდები მოსწავლეების მიერ შერჩეულ ანიმაციურ ფილმებს, რომ მზად ვიყო მათი საზაფხულო თავგადასავლების წასაკითხად, რომლებსაც ფარულად „საზაფხულო დავალებები“ ჰქვია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი