ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ავტორიტეტული აზრი და მასწავლებელი

თუ რომელიმე პედაგოგს ჰკითხავთ, ვისი აზრია მისთვის მნიშვნელოვანი სწავლების ამა თუ იმ საკითხზე, ის აუცილებლად დაგისახელებთ საზოგადოებისა თუ პედაგოგიკური მეცნიერებისთვის ცნობილ  და მნიშვნელოვან  სახელებს, თუმცა ამ პასუხებში უცნობებმაც შეიძლება ამოყვინთონ. ერთისთვის  ავტორიტეტულია  დიმიტრი უზნაძის, მეორისთვის ჯონ დიუის, მესამისთვის მარია მონტესორის პედაგოგიკური კონცეფციები და სხვ. საგანმანათლებლო სისტემებისა თუ ფორმების შესახებ შეხედულებები იცვლება, ტრანსფორმირდება და კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული კონტექსტების სივრცეში მოიაზრება.  ავტორიტეტთა შორის იშვიათად, მაგრამ შეიძლება მოხვდნენ  კოლეგებიც. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, აქაც მოქმედებს ბიბლიური პრინციპი: „არ არის წინასწარმეტყველი თავის ქვეყანაში“.

რა თქმა უნდა, ყველაზე და, მათ შორის, მასწავლებელზეც გავლენას ახდენს, ერთგვარი, თანამედროვე ტერმინებს თუ გამოვიყენებთ, ტრენდული და მეინსტრიმული შეხედულებები. მაგალითად, წელს პანდემიამ მთელ მსოფლიოში გააქტიურა ონლაინსწავლების თემა.  ამ ერთგვარად იძულებითი  საყოველთაო ელექტრონული სწავლების ფორმამ მთელ მსოფლიოში მსგავსი და ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში სპეციფიკური პრობლემები გამოკვეთა.  დიდი ხანია, დისტანციური სწავლება ისედაც არსებობდა, რომელსაც თავისი სტრუქტურა თუ სისტემური მახასიათებლები აქვს, მაგრამ ჩვეულებრივი სასწავლო ცოცხალი პროცესის ერთი სივრციდან მეორეში უდანაკარგოდ გადატანა, რა თქმა უნდა, იოლი არ აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებსა  თუ ელექტრონულ გამოცემებში  უხვად იბეჭდება თვალსაზრისები, წერილები, რომლებიც სწავლების ამ ფორმის ნაკლსა თუ  უპირატესობებს გამოკვეთენ.  ნაკლოვანებათა შორის, ძირითადად, ტექნიკურ ხარვეზებს ასახელებენ, რომლის დანახვა, რა თქმა უნდა,  განსაკუთრებით საქართველოსა და მისნაირი სუსტი ეკონომიკური შეძლების  ქვეყნების მაგალითზე კარგად გამოჩნდა.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ამ თემაზე ავტორიტეტული აზრის მოსმენა.  ციფრული სწავლების კრიტიკოსთა შორისაა ნუჩო ორდინე, რომელიც ამგვარი რადიკალიზმით ეხმიანება ამ საკითხს: „დისტანციური სწავლებისთვის აღვლენილი ქებათა ქება მაშინებსო“.  ის არის კალაბრიის უნივერსიტეტის იტალიური ლიტერატურის პროფესორი, რენესანსის მკვლევარი,  არაერთ უნივერსიტეტში (აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი) მიწვეული პროფესორი, მწერალი, ფილოსოფოსი, ავტორი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. მისი აზრით, ვირტუალური სწავლებისა და დისტანციური განათლების თემა უფრო მეტ პრობლემას შეიცავს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. იგი ფიქრობს, რომ დისტანციური  განათლება ტროას ცხენია, რომელიც, სარგებლობს რა პანდემიით, ცდილობს  დაანგრიოს ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და განათლების  უკანასკნელი ბასტიონები. რა თქმა უნდა, ის არ გულისხმობს ერთგვარ ექსტრემალურსა თუ ფორსმაჟორულ ვითარებებსა და გარემოებებს.

მთელი სამყარო შეეცადა მორგებოდა ვირტუალურ სწავლებას, უპირველესად, იმისთვის, რომ სასწავლო წელი გადაერჩინა. პროფესორს აღელვებენ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ   კორონავირუსის პანდემიამ შესაძლებლებელი  გახადა,  გაკეთებულიყო დიდი ხნის ნანატრი ნახტომი წინ. ისინი ასაბუთებენ, რომ  ჩვენ უკვე ვეღარ შევძლებთ დავუბრუნდეთ ტრადიციულ განათლებას და ერთადერთი, რის იმედიც შეიძლება გვქონდეს _ ეს არის  ჰიბრიდული სწავლება: გაკვეთილთა, ლექციათა თუ ტრენინგთა გარკვეული ნაწილი იქნება ცოცხალი შეხვედრებით ორგანიზებული, ხოლო ზოგი _ დისტანციური.  პროფესორი ნუჩო ორდინე დარწმუნებულია, რომ  მოსწავლეებთან ურთიერთობა, ცოცხალი, უშუალო კონტაქტი აუდიტორიასთან _ ეს არის ერთადერთი, რომელიც  არა მხოლოდ  განათლებას სძენს ჭეშმარიტ აზრს, არამედ მასწავლებლის ცხოვრებასაც.  იგი თავის თვალსაზრისებს დამაჯერებელად, ხატოვნად და მახვილგონიერი მეტაფორულობით გამოხატავს. მისი აზრით,  საკმაოდ საეჭვოა მომავლის დიდაქტიკის მომხრეთა  ამგვარ ენთუზიაზმი, რომელიც  ტალღებივით  წინ მიისწრაფვის და ამ მდინარებაში კრიტიკულ აზრს ნთქავს. იგი  ვერ ეგუება ცხოვრებას იმგვარ სამყაროში, რომელსაც ვეღარ სცნობს, რადგან ბევრი გაურკვევლობაა მოზღვავებული. ამიტომ იგი მხოლოდ ერთ რამეშია დარწმუნებული: აუდიტორიაში მოსწავლეებთან კონტაქტი _ ეს არის ერთადერთი, რომელიც  განუმეორებელ და განსაკუთრებულ  აზრს ანიჭებს სწავლების პროცესს.

ის 30 წელზე მეტია ასწავლის და წარმოუდგენლად მიაჩნია სხვადასხვა სასწავლო აქტივობის, გამოცდისა თუ საკონტროლო, შემაჯამებელი სამუშაოების  ჩატარება ცივი ეკრანის საშუალებით. ამიტომ ძალიან აღელვებს ის ამბავი, რომ არდადეგების შემდეგ, თუ კიდევ გაგრძელდა  ამგვარი აგრესიული ვირუსული ინფექციები, სასწავლო კურსის  განახლება მოუწევს ციფრული განათლების მეშვეობით.  წლების განმავლობაში ხომ ყალიბდება გარკვეული სასწავლო რიტუალები, რომლებიც სიხალისეს სძენენ პედაგოგისა თუ მოსწავლეთა ცხოვრებას. მას აეჭვებს, როგორ შეძლებს კლასიკური ტექსტების ისე წაკითხვას, თუ არ შეხედავს მოსწავლეებს თვალებში, თუ არ დაინახავს მათ რეაქციას, თანაგრძნობასა თუ გაოცებას. მისი აზრით, მასწავლებლებლებისა და მოსწავლეების გარეშე  სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა სასწავლო დაწესებულებები  გადაიქცევიან სივრცეებად,  რომლებიც სასიცოცხლო სუნთქვას იქნებიან მოკლებულნი.  ვერანაირი  ციფრული პლატფორმა ვერ შეცვლის სტუდენტის, მოსწავლის ცხოვრებას. ეს მხოლოდ კარგ მასწავლებელს შეუძლია ცოცხალი და უშუალო  ურთიერთობისას.

საგულისხმო და დასაფიქრებელია მისი ის დაკვირვებაც, რომ ციფრული  სწავლებისას  იკარგება უმნიშვნელოვანესი რამ, ის, რომ განათლება აღარ არის დაკავშირებული ადამიანის შინაგანი სამყაროს სრულყოფასთან, სულიერ განვითარებასთან.  ცოდნის შეძენა თითქოს აღარ არის იმისთვის,  რომ ადამიანი გახდეს უკეთესი, განათლება აღარ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ცოდნა იქცეს თავისუფლების მოპოვების ინსტრუმენტად, კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გასააზრებლად.

თანამედროვე ახალგაზრდობა სულ უფრო მეტად ორიენტირებულია სარგებელზე.  მისი მიზანია მიიღოს სპეციალობა და პრაგმატული, მომხმარებლური სურვილები დაიკმაყოფილოს. ნუჩო ორდინე ფიქრობს, რომ დაიკარგა სკოლისა და უნივერსიტეტის იდეა, როგორც საზოგადოებისა, რომელიც მომავალ მოქალაქეს აყალიბებს, მოქალაქეს, რომელსაც ექნება არა მხოლოდ სპეციალობა, რომ თავისი პროფესიით იმუშავოს, არამედ მყარი ეთიკური პრინციპები და ადამიანური სოლიდარობის ღრმა განცდა, იზრუნოს  საზოგადო კეთილდღეობისათვის.   მოსწავლისა და მასწავლებლის ცოცხალ ურთიერთობებს კი ვერანაირი ციფრული კონტაქტი უდანაკარგოდ ვერ ჩაანაცვლებს.

მისი აზრით, ეს უფრო ამძაფრებს ისედაც არსებულ გაუცხოების კრიზისს, მარტოსულობის განცდას. გამუდმებული ონლაინ კომუნიკაციები  მოსწავლეებს თითქოს აქცევენ  უზარმაზარ რეზერვუარებად, რომლებიც ცოდნით უნდა ამოავსო. არადა, სტუდენტებს სჭირდებათ დიალოგი, ურთიერთობა. საყოველთაო კარანტინმა აჩვენა, რომ ცოცხალი და არა ვირტუალური ურთიერთობები თითქოს ფუფუნების ნაწილად იქცა.  იგი იმოწმებს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ფრაზას: „ჩემთვის ცობილი ერთადერთი ფუფუნება_ ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის ფუფუნება“.  თანდათან გამოჩნდა ღრმა განსხვავება საგანგებო და ნორმალურ ვითარებას შორის. ეპიდემიის დროს გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის ვიდეო თუ აუდიო ზარი და  ეს ინსტრუმენტი იქცა სახლებში ჩაკეტილი ადამიანების  ურთიერთობის ერთადერთ ფორმად. არის საშიშროება, რომ ვითარების ნორმალიზებისას ეს ინსტრუმენტები დარჩებიან და მიგვიყვანენ დიდ იმედგაცრუებამდე.  სმარტფონები და სხვა ტიპის ტექნოლოგიები (რომელთა გარეშე, ცხადია წარმოუდგენელია თანამედროვე ყოფა) სასარგებლოა მანამ, სანამ მის მონებად არ გადავიქცევით.  პროფესორი კიდევ ერთ უდიდეს სოციალურ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მას მოჰყავს მაგალითი:  გაზეთ New York Times-ში გამოქვეყნდა წერილების სერია, რომლებშიც წარმოჩენილია ამერიკის მდიდარი ოჯახების მისწრაფება, ბავშვებმა ისწავლონ ისეთ კოლეჯებში, რომლებშიც მასწავლებლები  მოსწავლეებს  ცოცხლად ეკონტაქტებიან. საშუალო და ღარიბ ფენებში კი იზრდება ონლაინ-სწავლებაზე დამოკიდებულება. გამოდის, რომ ღარიბი მოსახლეობა განწირულია უხარისხო განათლებისთვის. პროფესორო ნუჩო ორდინე კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ ადამიანს თანაბრად სჭირდება სულიერ-ხორციელი განვითარება (https://izbrannoe.com). სახარებისეული სწავლება რომ გავიხსენოთ: „არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი“  (მათე, 4, 4).

მთელ მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა, გაიხსნა სუპერ-მარკეტები, მაგრამ არა _ ბიბლიოთეკები.  1931 წელს, ფედერიკო გარსია  ლორკამ, ფრანკისტების ხელით დახვრეტამდე ცოტა ხნით ადრე,  თავის მშობლიურ სოფელში, ფუენტო-ვაკეროში, ბიბლიოთეკა გახსნა, რადგან დარწმუნებული იყო კულტურას რა დიდი როლი ეკისრებოდა ადამიანის სულიერ აღზრდაში, მორალურ-ზნეობრივი სახის ჩამოყალიბებაში.

რა თქმა უნდა, არის გარემოებები, რომელთა წინაშე ადამიანი უძლურია. ამან შეარყია ცივილიზაციის, პროგრესის ყოვლისშემძლეობის რწმენა. ვაჟასეული  მსოფლმხედველობის ჭეშმარიტება, რომ „ბუნება მბრძანებელია“, კიდევ ერთხელ დადასტურდა. „დედამიწის ავადმყოფობაც“  უფრო სერიოზული რომაა, ვიდრე  ამას კაცობრიობა გაიაზრებდა, ესეც თვალნათლივ წარმოჩნდა.  მსოფლიო პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის, განათლების ტრადიციული ფორმები. ნუჩო ორდინეს თვალსაზრისებმა მასწავლებელსაც კრიტიკული აზროვნებისკენ უნდა უბიძგოს და სამომავლოდ  იმაზე დააფიქროს,   როგორ გადაილახოს წინააღმდეგობები ისე, რომ ცოცხალი სასწავლო ურთიერთობები შენარჩუნდეს. შეიძლება მომავლის  რობოტმა-მასწავლებელმა ყველა ინფორმაცია  იდეალურად  გადასცეს მოსწავლეს, მაგრამ   სიყვარული, სულიერება ციფრულ ენაზე არ გადაითარგმნება, რადგან მატერიალური და სულიერი სამყაროს საზღვრები გადაულახავია.

1998 წელს ოფთალმოლოგთა ამერიკული ასოციაციის ინიციატივით გამოჩნდა ტერმინი „კომპიუტერის სინდრომი“, რომელიც იმ დაავადებებს აღნიშნავდა, რომლებიც უშუალოდ კომპიუტერთან მუშაობისას ჩნდებოდა. მართალია, მას შემდეგ ტექნოლოგიები იხვეწება, პერსონალური კომპიუტერები, ტელეფონები, პლანშეტები და სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც სწავლებისას გამოიყენება, დამცავი ფილტრებითაა აღჭურვილი, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობა კვლავ ხიფათის შემცველია. ექიმთა რჩევაა, რომ  მონიტორებთან კონტაქტის  უწყვეტი რეჟიმი 40 წთ.-ს არ სცილდებოდეს.

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის პატრიარქი, მარიო ვარგას ლიოსა, ერთ წერილში ამ თემასაც გამოეხმაურა. მან გაიხსენა ბილ გეიტსის შეხვედრა ესპანეთში, მადრიდში,  ესპანური ენის სამეფო აკადემიაში: „ბილ გეიტსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიკვდილამდე აისრულებდა თავის ყველაზე სანუკვარ სურვილს. იცით, რა სურვილს? მოესპო ქაღალდი და, მაშასადამე, წიგნებიც – ანუ ის საქონელი, რომელიც, მისი აზრით, ამჟამად მობეზრებულ ანაქრონიზმად აღიქმება. ბატონმა გეიტსმა აუხსნა შეკრებილთ, რომ კომპიუტერის ეკრანებს ძალუძთ წარმატებით ჩაენაცვლონ ქაღალდს ყველა სფეროში, სადაც ის აქამდე აუცილებელი იყო. ვირტუალური „ახალი ამბები“ და ვირტუალური ლიტერატურა არა მარტო ნაკლებ ადგილს იკავებს და არაფრით ამძიმებს თავის მკითხველებს, არამედ – ეკოლოგიური უპირატესობითაც გამოირჩევა, რადგან ხელს შეუწყობს ტყეების გაჩეხას – უბედურებას, რომელიც, როგორც ჩანს, მთლიანად ქაღალდის მრეწველობის სინდისზეა. პლანეტის მოსახლეობა კვლავაც გააგრძელებს კითხვას, განაცხადა მან, რა თქმა უნდა, გააგრძელებს, მაგრამ – კომპიუტერების ეკრანების მეშვეობით, დედამიწაზე კი ამ დროისათვის მეტი რაოდენობის ქლოროფილი იქნება“.

ლიოსა ამ პრესკონფერენციას არ დასწრებია და ყველაფერი გაზეთებიდან შეიტყო.  იგი წერს: „იქ რომ ვყოფილიყავი, ბატონ ბილ გეიტსს დავუსტვენდი, რადგან თავხედობა ეყო, საჯაროდ განეცხადებინა: სურს, უმუშევრად დაგვტოვოს მეც და ჩემი მრავალი კოლეგაც – მწერლები. შეიძლება თუ არა, რომ ეკრანი მთლიანად ჩაენაცვლოს წიგნს, როგორც მაიკროსოფტის დამფუძნებელი ამტკიცებს? დარწმუნებული არა ვარ. არა იმიტომ, რომ უარვყოფ გრანდიოზულ რევოლუციურ ნაბიჯს, რომელიც კომუნიკაციათა სფეროში გადაიდგა ახალი ტექნოლოგიების – მაგალითად, ინტერნეტის – მეშვეობით (ის ყოველდღიურად ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს მუშაობაში), არამედ იმის მტკიცების გამო, რომ ეკრანი ქაღალდის ტოლფასია. როდესაც საუბარია ლიტერატურის შესახებ, არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავაბიჯებ. უბრალოდ, ვერ შევურიგდები აზრს, რომ პრაგმატულ ღირებულებასა და ფუნქციურ სარგებლიანობას მოკლებულ ტექსტს ისეთს, რომელიც არ უკავშირდება ინფორმაციის ძიებასა და დაუყოვნებელ საუბრებს – შეიძლება თავისი ადგილი მიეჩინოს ვირტუალურ სივრცეში; რომ ამ სივრცეში შეიძლება ჩაფიქრდე, სულიერად განმარტოვდე, ისევე დატკბე და ისეთივე კმაყოფილება განიცადო, როგორც – წიგნის კითხვისას. შესაძლოა ეს ჩემი პირადი ნაკლია პრაქტიკის ნაკლებობისა და, უმეტესწილად, ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტების კითხვის შედეგი, მაგრამ (თუმცა დიდი სიამოვნებით ვმოგზაურობ ინტერნეტში ახალი ამბების ძიებისას) აზრადაც არ მომსვლია ამ ქსელის გამოყენება გონგორას ლექსების, ონეტის ან კალვინოს რომანების, ან კიდევ – ოქტავიო პასის ესეების წასაკითხად. რადგან მშვენივრად ვიცი, რომ ამგვარი კითხვის ეფექტი არასოდეს იქნება ისეთი, როგორსაც მიჩვეული ვარ. იმის წარმოდგენაც კი არ ძალმიძს, რაოდენ საზარელი და, შესაძლოა, მომაკვდინებელიც კი შეიძლება იყოს ლიტერატურისთვის წიგნების გაუქმება („სამყარო რომანების გარეშე“).

პროგრესი მატერიალური ცხოვრების თანმდევია, ამიტომ საგანმანათლებლო სისტემები თუ პედაგოგები, დღეს და ხვალაც კიდევ არაერთი  გამოწვევის წინაშე დადგებიან.  მთავარია,  ყველა ხელმისაწვდომი გზისა თუ ფორმების მოსინჯვა, გაბედულება და კრიტიკული აზროვნება, რათა არცერთი ავტორიტეტული აზრი არ იქცეს დამოუკიდებელი და თავისუფალი შემოქმედებითი თვალთახედვის დამაბრკოლებლად.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი