პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბერტას მეორე სიცოცხლე

საქართველოში ძალიან ბევრ გამოჩენილ, მსოფლიო მნიშვნელობის უცხოელს უცხოვრია. მთაწმინდის მოსახლეობისათვის ადვილი შესამჩნევია დანგრეული სახლი, სადაც პეტრე ჩაიკოვსკიმ თავისი სიცოცხლის რამდენიმე მნიშვნელოვანი თვე გაატარა. ათონელის ქუჩაზე ყველას ჩაგივლიათ სასტუმროსთან, სადაც თბილისში ყოფნისას დროს კლავდა დიდი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი. ნაძალადევის თვითმმართველ კომუნაში პლანეტის ყველაზე ძლევამოსილი რევოლუციონერების ნახევარს მაინც აქვს ღამე გათენებული. ფაქტობრივად შეუძლებელია ყველა ცნობილი ადამიანის ქართულ კვალს გამოვედევნოთ. თუმცა, ზოგიერთები მაინც იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.

სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცნობილი ავსტრიელი მწერალი, მშვიდობის მკვლევარი და პაციფისტური მოძრაობის ლიდერი ბერტა ფონ ზუტნერი ცხოვრობდა. იგი ჩვენს ქვეყანაში ეკატერინე ჭავჭავაძის მოწვევით ჩამოვიდა, რათა თავი დაეხსნა გაცეცხლებული დედამთილის რისხვისგან. დედამთილი უკმაყოფილო იყო, რადგან ბერტაზე შვიდი წლით უმცროსი არტური სახლში მოწვეულ მასწავლებელზე აპირებდა დაქორწინებას. ზუტნერები სამეგრელოში დასახლდნენ, ხელი მიჰყვეს საკარმიდამო მეურნეობის მოწესრიგებას, ბერტა დადიანების არისტოკრატული ოჯახის შვილებს ევროპულ ენებს ასწავლიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრიელთა ოჯახი დასავლეთის პრესას აქტიურად ამარაგებდა პუბლიცისტური წერილებით. ცოლ-ქმარი რუსეთი-თურქეთის ომის, კავკასიელი ხალხების ცხოვრებისა და მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ წერდნენ. საქართველოში ცხოვრების წლებში დაიწყო ბერტამ თავის პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მუშაობა. ბერტას გულითადი მეგობრობა აკავშირებდა იონა მეუნარგიასთან, რომელთან ერთადაც „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული და გერმანული თარგმანის მომზადებისთვის შრომობდა. ხელმომჭირნეობის მიუხედავად, ბერტა ზუტნერი ბედნიერად იხსენებს სამეგრელოსა და თბილისში გატარებულ წლებს. თბილისის ყოფილ გერმანულ დასახლება „ნოიტიფლისში“, დღევანდელი უზნაძის ქუჩაზე ზუტნერების სახლს ამჟამადაც ამშვენებს მემორიალური დაფა.

სამეგრელოსა და თბილისში მცხოვრებ ბერტას მსოფლიოში ბევრი არავინ იცნობდა. იგი საერთაშორისო გავლენის მქონე ქალად ევროპაში დაბრუნების შემდეგ ჩამოყალიბდა. მისი წარმატება რომანმა „ძირს იარაღი“ გამოიწვია. პაციფისტური შინაარსის წიგნით ავტორი მკითხველს ომის სისასტიკეების შესახებ მოუთხრობდა. ამასთანავე, დაწვრილებით აღწერდა მშვიდობის დამყარების რეალურ შანსებს, რომელთა გამოყენებაზეც შეგნებულად ამბობდნენ უარს იმპერიალისტები. „ძირს იარაღი“ მილიონობით პაციფისტისა და ომის მოწინააღმდეგის მობილიზების წინაპირობა გახდა. ლევ ტოლსტოი ამტკიცებდა, რომ ზუტნერის ნაშრომს ისეთივე ეფექტი ჰქონდა საზოგადოებაზე, როგორიც ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს „ბიძია თომას ქოხს“.

„ძირს იარაღის“ შემდეგ დაიწყო მრავალრიცხოვანი პაციფისტური კონგრესები, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამოსვლები, ფემინისტური აქციები, რომელთა მთავარი ორგანიზატორი ბერტა ფონ ზუტნერი გახლდათ. იგი ანტიიმპერიალისტური, საერთო ევროპული ოპოზიციის სახედ და ერთ-ერთ თვალსაჩინო ხელმძღვანელად ჩამოყალიბდა. ცხადია, სამეგრელოში ნაცხოვრები ავსტრიელის საქმიანობა უყურადღებოდ არ დარჩენიათ ნობელის კომიტეტის წევრებს. 1905 წელს ნობელის ყოფილი პირადი მდივანი კომიტეტმა მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა. დადიანების მასწავლებელი პირველი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა.

რამდენიმე წლის წინ თბილისში დაარსდა ორგანიზაცია „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისათვის“ (PIP). ინსტიტუტი მშვიდობის მშენებლობის სფეროში ერთ-ერთ მოწინავე დაწესებულებად ჩამოყალიბდა. მათ მშვიდობის ადგილობრივი, ქართული პრემიის დაწესება გადაწყვიტეს, მიზნის მისაღწევად კი ხელახალი სიცოცხლე შთაბერეს ავსტრიელი პაციფისტი ქალის არსებობას ქართულ სააზროვნო სივრცეში. უკვე მეორე წელია ბერტა ფონ ზუტნერისთვის კარგად ნაცნობ, აფხაზეთთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდ ქართულ ქალაქში – ზუგდიდში ნობელიანტი ქალის სახელობის პრიზი გაიცემა, რომლითაც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ დიალოგსა და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში ჩართული, რეგიონის ხალხთა შერიგებაზე მომუშავე პირები ჯილდოვდებიან. მაშასადამე, PIP-ის ხელმძღვანელები ზრუნავენ იმ ადამიანთა შრომის დაფასებაზე, რომელთა საქმესაც ცოტანი ამჩნევენ; რომლებიც უდიდესი და კრიტიკული მნიშვნელობისა ამოცანებს გაუხმაურებლად წყვეტენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პრიზის დაწესების პარალელურად ქართულად ითარგმნა მსოფლიოს პაციფისტური ლიტერატურის კლასიკა „ძირს იარაღი!“ და ბერტა ფონ ზუტნერის მემუარების საქართველოსთან დაკავშირებული წერილები.

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრიზი, რომელსაც ენგურის ხიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გასცემენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საჭირო და აუცილებელი გზავნილია აფხაზი ხალხისადმი. საქართველოში ბევრნი ვართ ზუტნერის იდეების მიმდევრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი