სასექტემბრო აქტივობები დაწყებითი საფეხურისთვის

მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის აღძვრა არის გასაღები, რომლითაც  სწავლა-სწავლების  წარმატებული პროცესი იწყება. ეს ზოგჯერ ცნობილი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით მიიღწევა, ზოგჯერ ექსპრომტად შექმნილი ან მოდიფიცირებული ხერხებითა და აქტივობებით.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ხშირად მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პირველ შეხვედრას, ანუ გაცნობას უკავშირდება. დაწყებით საფეხურზე ამ აქტივობის განხორციელება სხვადასხვა სახალისო ფორმით შეიძლება. ფორმის მიცემამდე კითხვების შერჩევა  მოგვიწევს, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ უნდა მოამზადოს თვითწარდგენა ან მეწყვილის წარდგენა.

აქტივობა 1. ,,ეს მე ვარ“

ვიყენებთ ტრადიციულ კითხვებს, რომლებსაც ჩვენი მიზნების (საგანთან მიმართებაში) შესაბამისი შინაარსიც შეიძლება შევძინოთ:

  • სახელი, რატომ დაარქვეს ეს სახელი და რა იცის თავისი სახელის შესახებ.
  • რა სურს გვითხრას თავის ოჯახზე?
  • რა უყვარს (მცენარე, ცხოველი, ამინდი, საჭმელი, ფერი…) და რატომ?
  • რა აინტერესებს და რას აკეთებს თავისუფალ დროს?
  • როგორ იქცევა, როცა უხარია, როცა სწყინს? როგორ სურს იქცეოდეს?
  • საინტერესო ამბავი, რომელიც ამ ზაფხულს გადახდა…
  • კიდევ რა სურს იცოდნენ მეგობრებმა მასზე?
  • როგორია მისი ოცნების სკოლა?

მასწავლებელი ამ კითხვებს აკრავს თვალსაჩინოდ და კითხულობს ხმამაღლა. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს  ეს ინფორმაცია ასახონ ნახატზე, რომელზეც საკუთარ თავს კაცუნას სახით წარმოადგენენ და კითხვებზე პასუხებს ასახავენ ნახატების და მცირე ტექსტების სახით.

 

განვმარტავთ, რომ მათ აქვთ რომელიმე კითხვაზე პასუხის გამოტოვების, ან ნაწილობრივი პასუხის უფლება.

სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი გამოფენენ  ნამუშევრებს და ისაუბრებენ მასზე.

აქტივობა 2. ,, ჩემი გულის რუკა“

სასწავლო წლის დასაწყისში, ჩვეულებრივ, მოსწავლეებს ზაფხულის შთაბეჭდილებებზე ვასაუბრებთ ხოლმე, განცდილისა და ნანახის გასახსენებლად და ზეპირი ან წერითი კომუნიკაციის უნარების გასააქტიურებლად. პარალელურად ვცდილობთ, ნაამბობიდან სადისკუსიოდ ,,წამოვიღოთ“ თემები, რომელიც მათ ღირებულებებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დაეხმარება. ამ აქტივობისთვის ცოტა განსხვავებულ ფორმას შევთავაზებთ:

ვთხოვთ თაბახის ფურცელზე ან რვეულში შემოხაზონ გულის დიდი კონტური, რომელიც რუკად უნდა წარმოიდგინონ ზაფხულის შთაბეჭდილებების მიხედვით და ,,გულში“ გამოყონ პატარ-პატარა სახელმწიფოები, რომელსაც შეუძლიათ დაარქვან სახელები, ან შეურჩიონ ნახატი სიმბოლოები. განწყობების მიხედვით  ამ ,,სახელწიფოებს“ მისცენ  შესაბამისი ფერი, გააკეთონ წარწერები.  შემდეგ გვიამბონ ერთ ან ორ ,,სახელმწიფოზე“, როგორ შეიქმნა ის, რა განცდებს უკავშირდებოდა, რატომ ჰქონდა ეს ფერი და ასე შემდეგ.

ეს აქტივობა რამდენიმე  მიმართულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. მსგავსი აქტივობა სასწავლო პროცესთან მიმართებაშიც შეიძლება გამოვიყენოთ, რაც მასწავლებელს საჭირო მინიშნებებს მისცემს სწავლებაში ცვლილებების შეტანის, ან პირიქით – რომელიმე მიდგომის გააქტიურების შესახებ.

 

აქტივობა 3.  ,,რა იყო? როგორ მინდა შევცვალო?“

მოსწავლეებს ვთხოვთ შემოხაზონ თაბახის ფურცელზე თავისი ხელები გაშლილი თითებით (მარჯვენა და მარცხენა);

მარცხენა ხელზე ასახონ, როგორ იქცეოდნენ ისინი წინა სასწავლო წელს ოჯახში, კლასში/გაკვეთილზე, სკოლაში/დასვენებებზე, სამეგობროში და საზოგადოებაში (ეს სათაურები კეთდება თითებზე, მათ გასწვრივ კი – პასუხის ამსახველი ნახატები და წარწერები);  მარჯვენა ხელის  თითებზე, წინას შესაბამისად, დაიტანონ სათაურები, დაფიქრდნენ, შეაფასონ მარცხენა ხელზე დატანილი ინფორმაცია და ნახატით, სიტყვებით მარჯვენა ხელზე ასახონ, რის შეცვლა სურთ ან გეგმავენ თავიანთ ქცევაში.

ნამუშევრის წარმოდგენისას სასურველია ისაუბრონ იმაზეც, რა იქნება საჭირო ამ ცვლილებებისთვის. ნამუშევრები შეიძლება მოათავსონ თავიანთ პორტფოლიოში. მასწავლებელმა  შეიძლება წელიწადში ორ-სამჯერ გამოყოს დრო შუალედური თვითშეფასებისთვის გეგმების და მათი მიმდინარეობის, ან ხელშემშლელი მიზეზების შესახებ სასაუბროდ.

აქტივობა 4. ,,მეგობრობის „სახელოსნო“

ამ აქტივობის შესასრულებლადაც ხელების კონტურები გამოგვადგება. მოსწავლეები  მარცხენა ხელისგულზე დაწერენ „ჩემი მეგობარი მინდა იყოს“ და თითებში ჩაწერენ იმ 5 მთავარ თვისებას, რომელიც, მათი აზრით, უნდა ჰქონდეს  კარგ მეგობარს.

წარმოდგენისას  ისაუბრებენ, რატომ ფიქრობენ, რომ ეს თვისებები აუცილებელია მეგობრისთვის.

მარჯვენა კონტურის შუაში კი წერენ „მე ვარ/ვიქნები ასეთი მეგობარი“: და თითებში წერენ საკუთარ თვისებებს;

წარმოდგენისას კი ასახელებენ ამ თვისების დამადასტურებელ თითო მაგალითს, ან მსჯელობენ, რას გააკეთებენ ამ თვისების დასადასტურებლად.

ეს სავარჯიშო შეიძლება მესამე კლასში „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე თემაზე „სკოლა, მეგობრები, თანატოლების“ მუშაობის დროს სამიზნე ცნება „საზოგადოების“  გასააზრებლადაც გამოვიყენოთ. ის გამოადგებათ კლასის დამრიგებლებს საკლასო წესების შესამუშავებლად, კლასში კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე  მუშაობისას.

ამ დავალებების წარმოდგენის დროს მასწავლებელი დაფაზე ინიშნავს ჩამოთვლილთაგან კარგი მეგობრის იმ თვისებებს, რომლებიც უფრო ხშირად მეორდება. თითოეულს ანიჭებს ნომერს და  ჯგუფებში უნაწილებს ამ თვისებებს. შემდეგ ჯგუფებს სთხოვს  დასახელებულ თვისებებთან დაკავშირებით პასუხი გასცენ  შემდეგ კითხვებს:

  • რატომ არის ეს თვისება მნიშვნელოვანი მეგობრობისთვის?
  • რა რჩევას მისცემდით თანაკლასელს, რომელსაც ეს თვისება არ აქვს?
  • ვპატიობთ თუ არა მეგობარს შეცდომას?
  • საჭიროა თუ არა მეგობრისთვის ბოდიშის მოხდა, თუ შეგვეშალა?

დასასრულ, ჯგუფები წარმოადგენენ პასუხებს და ხდება აქტივობის შეჯამება.

ამ აქტივობებისთვის ხელმისაწვდომი რესურსები: ქაღალდი და ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები. ისინი ხელს შეუწყობს ისეთი გამჭოლი უნარების განვითარებასაც, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა.

 

კომენტარები

comments