პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცნებათა ფორმირების ზოგიერთი ასპექტი გაკვეთილზე

ისტორიის გაკვეთილზე ცნებების ფორმირება და ათვისება აქტუალური საკითხია. საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება მაჩვენებს, რომ სწავლის როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურებზე მოსწავლეთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ახერხებს, სრულად აითვისოს ისტორიული ცნებები, დანარჩენებს კი უჭირთ მათი განსაზღვრა და კონტექსტუალურ ცოდნას სჯერდებიან. არადა ნებისმიერი მეცნიერების საფუძვლების ცოდნა უწინარესად მისი ცნებითი აპარატის ათვისებას ნიშნავს, რადგან სამეცნიერო ცნებები გამოყოფენ და განამტკიცებენ საგნობრივი დისციპლინის ფუნქციურ თავისებურებებს. როცა მიზნობრივად ვამახვილებთ ყურადღებას აღნიშნულ პრობლემაზე, შედეგი ყოველთვის უკეთესია.

ისტორიული ცნება განზოგადების უმაღლესი დონეა, ისტორიული აზროვნების ფორმაა. მასში აისახება მთელი არსი მოვლენებისა და პროცესებისა, რომლებსაც თავიანთი შინაარსი და მოცულობა აქვთ. მოსწავლის მიერ ისტორიული ცნების ათვისება გამოიხატება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების სპეციფიკური ნიშნების გამოყოფით, რომლებსაც ობიექტური და სუბიექტური კავშირები აქვთ. ეს ცნებები ისტორიული განვითარების კანონზომიერებასაც ასახავენ და ცნებების შესწავლასთან ერთად ამ კანონზომიერებასაც ეცნობა და ითვისებს მოსწავლე.

ცნების ასათვისებლად მოსწავლეს სჭირდება ცნების შინაარსის დადგენა, რაც ცნებისთვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების განსაზღვრას გულისხმობს. ეს ლოგიკური აზროვნების პროცესია, როდესაც მოსწავლეს შეუძლია, გამოყოს საგნებისა და მოვლენების საერთო და სპეციფიკური ნიშნები. ცნების შინაარსის წვდომა ცნების იმ არსებითი ნიშნების გაგებას გულისხმობს, რომლებიც განსაზღვრულ ცნებაში/სიტყვაში აისახება, ცნების მოცულობა კი იმ საგნების ერთობლიობაა, რომლებთან დაკავშირებითაც იყენებენ მოცემულ ცნებას.

ცნების ფორმირების ეტაპები სქემატურად შემდეგნაირად გამოიყურება:

საგანი            აღქმა              ცნება              სიტყვა

ცნების ფორმირება – ეს არის სხვადასხვაგვარი ობიექტების თვისებათა ანალიზისა და სინთეზის ეტაპი, რომელთა განმტკიცებას მოსწავლე ახდენს აბსტრაგირებისა და განზოგადების გზით. შესაბამისად, ცნების შესწავლისას ძირითადად გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

  • განსაზღვრული კლასის საგნებისა და მოვლენების შესახებ წარმოდგენების ფორმირება;
  • ამ საგნებსა და მოვლენებზე დაკვირვება, მათი სხვადასხვა მხარის, თვისებების, სტრუქტურის, კავშირების, მოქმედების წესის გამოყოფა;
  • მიღებული შედეგების გაანალიზება, საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა და ჯგუფებად დაყოფა;
  • აბსტრაგირება – მიღებული ცოდნის განმტკიცება ტერმინების სწორად გამოყენების გზით;
  • ცნების განზოგადება ტერმინების გამოყენებისას სხვადასხვა ობიექტთან მიმართებით.

 

ცნების ფორმირების ძირითადი ეტაპები მოიცავს:

  • მოსწავლის მიერ განსაზღვრული კლასის მოვლენათა და საგანთა შესახებ წარმოდგენების განზოგადებას;
  • არსებითი, დამახასიათებელი ნიშნების გამოყოფას;
  • ცნების დაკავშირებას ობიექტებისა და მოვლენების მაქსიმალურად დიდ მოცულობასთან და მისი გაგების გაღრმავებას და განზოგადებას.

ცნების შესწავლას სჭირდება სპეციალურად ორგანიზებული სასწავლო პროცესი, რომელიც ჩვენგან, მასწავლებლებისგან, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ტექნოლოგიურად ეს უმეტესად ხდება განმავითარებელი სწავლების დროს, როდესაც სასწავლო მასალა ცნების სისტემურ შესწავლაზეა ორიენტირებული.

განმავითარებელი სწავლებისას ყურადღებას ვამახვილებთ:

  • ინფორმაციის განსაზღვრაზე (ისტორიული წარმოდგენები და პროცესები მოსწავლეს მიეწოდება ურთირთკავშირშიც და წინააღმდეგობრივადაც);
  • ცნება აუცილებლად უნდა დამუშავდეს თეორიული მასალის ქვეშ, მისი გაგება უნდა მოხდეს სასწავლო კურსის დასაწყისშივე და უნდა განმტკიცდეს დავალებებისა და სავარჯიშოების შესრულების პროცესში;
  • გარკვეულწილად უნდა მივაღწიოთ ისტორიის ინტეგრირებულ სწავლებასაც;
  • რაც შეეხება მოტივაციურ, შემეცნებით საქმიანობას და ტექნიკურ საშუალებებს – ეს ის ელემენტებია, რომლებსაც ჩავრთავთ სამუშაო პროცესში.

 

ცნების ფორმირების რომელი მეთოდები და საშუალებებია ყველაზე შედეგიანი?

საზოგადოდ, ცნებებზე მუშაობისას გამოიყენება ინდუქციისა და დედუქციის მეთოდი – კომპლექსური გზა, რომლის დროსაც უპირატესი მნიშვნელობა არცერთს არ ენიჭება (გამოიყენება სხვა მეთოდებიც: ასოციაციური და ინვენციური).

ცნების ფორმირების ინდუქციური მეთოდის მიხედვით, ამოსავალი ობიექტები შეიძლება იყოს არა მხოლოდ კონკრეტული საგნები და წარმოდგენები, არამედ აბსტრაქტული ცნებებიც, რაც მოსწავლის აზროვნებას მიმართავს შედარებისა და განზოგადებისკენ.

ცნებებზე მუშაობის ინდუქციური მეთოდი გულისხმობს მოსწავლის მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას:

  • განსაზღვრული კლასის სხვადასხვა ობიექტის გაცნობას;
  • ამ ობიექტების შესწავლას, მათი ძირითადი თვისებების, სტრუქტურის, კავშირების, ქმედებების გამოყოფას;
  • მიღებული თვისებების ერთმანეთთან შეადარებას და გაერთიანებას ან განასხვავებას ჯგუფების მიხედვით;
  • იმის გააზრებას, რომ ეს თვისებები განსხვავდება ობიექტებისგან და აღინიშნება სპეციალური ტერმინებით, რომლებსაც ცნებებს უწოდებენ.

ძნელი არ არის იმ ოპერაციების გამოყოფა, რომლებიც ამ დროს მოსწავლის გონებაში მიმდინარეობს. ესენია:

  • დაკვირვება;
  • ანალიზი;
  • შედარება, სინთეზი, კლასიფიკაცია;
  • აბსტრაგირება;
  • განზოგადება.

მთავარია, გვახსოვდეს, რომ ცნების ფორმირება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

ცნების ფორმირების დედუქციური მეთოდის მიხედვით, სწავლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს ვეხმარებით ცოდნის სისტემატიზაციაში (მათ ამ დროს არა მხოლოდ აქვთ გარკვეული საზოგადოებრივ-ისტორიული ცოდნა, არამედ შეუძლიათ, ელემენტარულ დონეზე აითვისონ ისეთი ცნებები, როგორიცაა, მაგალითად, „ქვეყანა“, „ბიზნესი“, „მეურნეობა“, „წარმოება“, „პოლიტიკა“, „აჯანყება“), მომდევნო საფეხურზე კი – კერძო და კონკრეტული ფაქტების/მოვლენების/ნიშნების გამოყოფასა და რეალიზებაში. სწავლის საბაზო საფეხურზე გრძელდება მუშაობა ცნებების ჩამოთვლაზე: ვუბიძგებთ მოსწავლეს, ყურადღება მიაქციოს ვიზუალურ არსებით ნიშნებს, დაიმახსოვროს ისინი, მათ შორის კავშირები აღმოაჩინოს. სასკოლო კურსის დასასრულს მოსწავლეები უკვე ადვილად ახერხებენ ცნებათა განზოგადებას და მათ ზუსტ შინაარსში გარკვევას.

ცნებების უმეტესობას კონკრეტულ-ისტორიული ხასიათი აქვს. მის კონტექსტში მოსწავლეს შეუძლია, საკმაოდ ფართო სოციოლოგიურ ცნებებს გაეცნოს და შინაარსს ჩასწვდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლის ზედა საფეხურზე, როდესაც ფართოვდება ცნებათა წრე და ისტორიაში დიდ ადგილს იკავებს ზოგადისტორიული ცნებები. მაგრამ ამისთვის აუცილებელია აქტიური სააზროვნო სიტუაცია, რომლის შექმნაც გაკვეთილზე სხვადასხვა მიდგომით შეგვიძლია. მაგალითად:

  • დიალოგური მუშაობით, როდესაც განვლილი მასალის გაანალიზება და გაგება ხდება პრობლემური სწავლების კონტექსტში.
  • ტექსტთან მუშაობით, რომელი უნარ-ჩვევის გამომუშავებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის.
  • გაცილებით დიდი შედეგი მიიღწევა საგნობრივი ინტეგრაციით. მაგალითად, ისტორიის სასკოლო კურსში ძირითად ცნებებს შორისაა „სახელმწიფო“, „საზოგადოება“. ერთიანი წარმოდგენის ფორმირება ამ ცნებებზე ერთი საგნის ჩარჩოში წარმოუდგენელია, მაგრამ სხვადასხვა საგანში (სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ენა და ლიტერატურა) მიზანმიმართული მუშაობით შესაძლებელია კარგი შედეგის მიღება.
  • მასალის ვიზუალიზაციით, რადგან თვალსაჩინოების საშუალებით მოსწავლეები ადვილად იმახსოვრებენ იმ ცნებებს, რომლებიც მათში ემოციებს აღძრავს. მაგალითად, სურათი „ინგლისის მანუფაქტურა XVI საუკუნეში“: ა) ეხმარება მოსწავლეს ცნება „მანუფაქტურის“ შესწავლაში; ბ) ის ადვილად წარმოიდგენს საზოგადოების ცხოვრებაში ტექნიკური მიღწევების როლს; ) იღებს კონტექსტუალურ ცოდნას იმის შესახებ, თუ რამ მიიყვანა საზოგადოება ინდუსტრიულ რევოლუციამდე; დ) ვიზუალურ მასალასთან მუშაობის პარალელურად დაფაზე ჩამოიწერება მანუფაქტურის დამახასიათებელი ნიშნებიც და მოსწავლე თვალსაჩინოდ დაინახავს გზას მანუფაქტურიდან თანამედროვე საწარმომდე.

 

ცნებათა ფორმირების ტექნოლოგია შეიძლება განვიხილოთ როგორც პედაგოგიური სისტემის პროექტიც, როდესაც ისტორიული ცნებების ფორმირებისთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის ტექნოლოგიების სწორად გამოყენებას.

საზოგადოდ, სასკოლო პრაქტიკაში ტექნოლოგიების გამოყენება ასოცირდება სასწავლო პროცესის ეფექტიანობის ზრდასთან, მაგრამ ვერ დავამცრობთ ისტორიის სწავლების მეთოდიკის როლს, როგორც სწავლების თეორიისა, რომელიც საფუძვლად უდევს შესაბამის ტექნოლოგიებს. ეს გასაგებია, რადგან სწავლების მეთოდიკასა და ტექნოლოგიას შორის პრინციპული განსხვავებაა:

  • მეთოდიკა – ეს არის სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების ერთობლიობა;
  • პედაგოგიური ტექნოლოგია კი იმ პროცედურების ერთობლიობაა, რომლებსაც შეუძლია, კონკრეტულ მიზანთან მიგვიყვანოს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: ა) საბოლოო შედეგის გარანტირება; ბ) სასწავლო პროცესის პროექტირება/დიაგნოსტიკა (მიზნების მიღწევის პროცედურების გათვალისწინებით).

ერთ-ერთი ეფექტური თეორია ცნებების ფორმირებისთვის არის პედაგოგიური ტექნოლოგია, რომელიც სწავლების პროგრამირებას ეფუძნება. ისიც განმავითარებელ სწავლებას უკავშირდება და ეხმარება მოსწავლეს:

  • რეპროდუქციული და პრობლემური სწავლის მეთოდების გაერთიანებაში;
  • ცოდნის, უნარებისა და ჩვევების ფორმირებაში;
  • ისტორიული ცნებების შინაარსის ათვისებაში;
  • ისტორიული ცოდნის სისტემატიზაციასა და გაღრმავებაში.

მოცემული ტექნოლოგია ხელს უწყობს ისტორიული წარმოდგენების თეორიულ ცოდნად ჩამოყალიბებას. თეორიული აზროვნება კი თეორიული ცნების საფუძველია, აგებული სააზროვნო მოდელებზე, ჰიპოთეზებზე. ამით ის განსხვავდება ემპირიული ცნების გაგებისგან, რაც მხოლოდ გარეგნულ ნიშნებზეა აქცენტირებული და ძირითადად ვიზუალურ წარმოდგენებს ეყრდნობა. ასეთი მიდგომით მოსწავლეს უყალიბდება მწყობრი სამეცნიერო წარმოდგენები, უვარჯიშდება გონებრივი უნარები და შედეგად სწავლებაც უფრო შედეგიანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი