ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გრამატიკა  ლიტერატურისათვის და პირიქით – მარადიული ერთობის შესახებ

ყველანი ვაღიარებთ, რომ ჩვენი მოსწავლეები გრამატიკას გაუუცხოვდნენ. ვეძებთ მიზეზებს, ვგეგმავთ გაკვეთილებს, ვწერთ სახელმძღვანელოებს, მაგრამ  რატომღაც, სასურველ შედეგამდე ჯერ კიდევ შორია.

ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მაინც ისაა, რომ გრამატიკისა და ლიტერატურის ურთიერთგანპირობებულობა, კავშირი ვერ დავანახეთ სათანადოდ, თვალსაჩინოდ, სისტემურად. მოდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ და ჩამოვწეროთ  ამ ურთიერთკავშირის გამომხატველი მნიშვნელოვანი საკითხები:

ლიტერატურისა და ენის კავშირის მთავარი აქცენტები:

  1. ენის ფუნქცია ლიტერატურის „მშენებლობაში“;

 

  • ენა ქმნის ლიტერატურას;
  • ტექსტი არის ენა;
  • ენა განაპირობებს ტექსტის თავისებურებას;
  • ენა ქმნის ჟანრს, ფორმას, მიმართულებას, ლიტერატურულ სახეებს;
  • მწერალი – მისი ენაა;
  • ენა განაპირობებს ლიტერატურულ აზროვნებას.
  1. ლიტერატურის მნიშვნელობა ენისათვის:
  • ლიტერატურა – განაპირობებს ენას,
  • ქმნის ლიტერატურულ ენას,
  • ავსებს, ავითარებს ენას;
  • ქმნის ტექსტურ მასივს, რომელიც ენის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია;
  • ლიტერატურა – ენის შემნახველია;
  • განაპირობებს ენობრივ მიმართულებებს, სტილს, ენობრივ პოლიტიკას.
  1. განვიხილოთ ენის ფუნქცია მის ყველა დონეზე:

ა. ფონეტიკა

  • ტექსტის ფსიქოლოგიური, ემოციური აღქმა; განწყობა, ქვეცნობიერი,

მაგ: როგორ მუშაობს ფონოსემანტიკა, დადგენილია, რომ ყველა ფონემას რომ თავისი განწყობა და შინაარსი აქვს. რატომ და როგორ გამოიყენება ბგერათა რაგვარობა შინაარსისათვის?

( გალაკტიონის ქარი ჰქრის)

  • ფონეტიკური სინესთეზია, როდესაც რომელიმე ბგერა ფერს ან ხმას უკავშირდება და სხვა;
  • (ტაკეტა და მალუმას ექსპერიმენტი, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები და სხვა)
  • ტექსტის ფონეტიკური კეთილხმოვანების გამოყენება ესთეტიკური აღქმისთვის, ბგერწერითი პოეზია, ასონანსი, დისონანსი და სხვა;
  • რითმა, რიტმი.

 

(  სინესთეზიაზე  საუბარი მოსწავლეებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. როგორგ გვესმის ბგერა, რა ფერისაა ესა თუ ის სიტყვა, მრავალი საინტერესო თამაშისა და აქტივობის მოფიქრება შეიძლება.

უფროსკლასელთათვის სინესთეზიის შესანიშნავ ილუსტრაციად გამოგვადგება არტურ რემბოს გენიალური ლექსი „ხმოვნები“ დავით წერედიანის გენიალურივე თარგმანით.

ხმოვნები

არტურ რემბო

 

ა – შავი ფერის, ე – თეთრისა, ი – მეწამულის,

უ – მწვანეა და ო – ლურჯია: ერთხელაც ზუსტად

ავხსნი მათ ყველა საიდუმლოს: ა – მბზინავ ბუზთა

შავი, ბუსუსა კორსეტია, შმორში ნამული,

ზღვის უბე ღამით; ე – კარვები, ცის ნისლი ნაზი,

შროშნების ჟრჟოლა, მყინვარების ცივი მახვილი;

უ – ზღვის ტრიალი მარადისი წრებრუნვის ხატად,

სიმშვიდე მაღალ იალაღთა, ნაოჭთა ღრმათა,

ალქიმიისგან რომ სხდებიან შუბლზე ტვიფრებად;

ო – უზენაეს ბუკთა ხმობა ცათამიერი,

სერაფიმული მდუმარება არ-ამიერი;

ომეგა – თვალთა სანატრელთა შემოცისფრება!

 

ბ. მორფოლოგია

  • სიტყვა, როგორც ლიტერატურული ტექსტის შემადგენელი ნაწილი;
  • მორფემები, ბრუნება, უღლება;
  • მთავარი გმირი, პერსონაჟი – არსებითი სახელი;
  • არსებითი სახელის ტიპების მნიშვნელობა – აბსტრაქტული სახელები, როგორც ნაწარმოების მთავარი კონცეფცია;
  • ზედსართავი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მორფოლოგიური ერთეული, როგორც ლიტერატურული განსაზღვრება და როგორც ტროპი;
  • დრო და სივრცე – გარემოებების როლი მხატვრულ ტექსტში;
  • ზმნა და ზმნური ფორმები – ლიტერატურული ტექსტის, მოქმედების, სიუჟეტის, ამბის განვითარების ძირითადი ხერხემალი.

გ. სინტაქსი

  1. წინადადება განსაზღვრავს ავტორს, ავტორი არის მისი წინადადება:
  2. ტექსტს გამოვარჩევთ იმით, თუ როგორ იყენებს წინადადებას ავტორი
  3. ავტორი არის სტილი, სტილი არის ენა.
  4. აბზაცისა და ტექსტის მთლიანობის მნიშვნელობა;
  5. სწორედ სინტაქსი აქცევს სიტყვათა ჯამს მოწესრიგებულ, აზრის მქონე სისტემად.

მაგ:

  • წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელზედაც ჯვარედინად ეწყო სარკე და სამართებელი“ /ჯოისი/
  • ინსტიტუტმა დაუმატა ფრანგული.

ტოლ-ამხანაგებმა – ცეკვა და მიმოხრა.

და გასათხოვარი ელი პირველად გამოჩნდა ომში დაჭრილთა სასარგებლოდ გამართულ ბალზე.

ნ. ლორთქიფანიძე

 

დ. პუნქტუაცია

  • გრამატიკის სწავლისას სულ მიგვითითებენ, რომ პუნქტუაცია მნიშვნელოვანია, სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება აზრის გამოთქმას ამარტივებს, აზრს ნათელს, გასაგებს, ლოგიკურს ხდის, რომ სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ დავიკარგებით სიტყვათა მოუწესრიგებელ ლაბირინთში.
  • პუნქტუაციას მთლიანად შეუძლია აზრის შეცვლა, აი, წარმოიდგინეთ, ილია ჭავჭავაძის ცნობილ მოთხრობას „კაცია-ადამიანი?!“ კი არა ერქვას, არამედ,“კაცია ადამიანი“ – თხრობითი წინადადება, სადაც ავტორი გადაწყვეტილ, დასრულებულ აზრს გვთავაზობს, სცადეთ,  სახელმძღვანელოში შესული ნებისმიერი მოთხრობის სათაურს კითხვის ნიშანი დაუსვით, როგორ უცებ შეიცვლება ნაწარმოების აზრი და დატვირთვა.
  • პუნქტუაცია შეიძლება გაცილებით მეტი შინაარსის შემცველიც იყოს. ზოგი მწერალი სასვენ ნიშნებს გამიზნულად იყენებს ან არ იყენებს, ამით თავის სათქმელს გამოკვეთს, თავის სტილს ქმნის.

ცნობილი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის „ულისე“ მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს შედევრთა შორისაა, წიგნის მეორე ნაწილში, სულ რამდენიმე სასვენ ნიშანს იპოვით, თავისებური პუნქტუაცია აქვს მარსელ პრუსტის, ბეკეტის, უილიამ ფოლკნერის, ელუარის და სხვა დიდი მწერლების ნაწარმოებებს.

  • განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა პუნქტუაციას პოეზიაში ენიჭება, ის ქმნის ან არღვევს რიტმს, ზოგჯერ სპეციალურ პაუზას, პოეზიის ენაში ხშირად გვხვდება კითხვა-ძახილის ნიშნები, მრავალწერტილი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი