პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სათაურები საკლასო წერის ნაცვლად

თვე, რიცხვი, საკლასო წერა ან საშინაო დავალება – როგორც წესი, რვეულებში ყოველ დღესა და სამუშაო სტილს ამგვარად გამოვყოფთ. სტატიაში მსურს გაგაცნოთ მეთოდი, რომელიც ადრეც გამომიყენებია, თუმცა, ამჯერად მთელი სემესტრი ამ ფორმით ვიმუშავეთ და გამოცდილების გაზიარების დრო დადგა. აღწერილობა ამგვარია: საკლასო წერისა და საშინაო დავალების ნაცვლად სათაურებს ვიგონებთ, რომლებიც დღის განწყობას ან კონკრეტულ ამბავს გვაცნობს. სტატიის დასაწერად ხელი მოვხვიე ორმოცდაათამდე რვეულს და სათითაოდ ამოვწერე სათაურები. საკლასო წერის მაგივრად ორმოცამდე საერთო სათაური დაგვგროვებია, ხოლო საშინაო დავალებისთვის ინდივიდუალურ სათაურებს იგონებდნენ. მათზე დაკვირვება მცირე კვლევაც კი გამომივიდა, კერძოდ, გამოიკვეთა ორი-სამი მოსწავლე, რომლებიც კვლავ საშინაო დავალებით იწყებდნენ ნაშრომს, შესაბამისად, მათთან დავალების გასააზრებლად გარკვეული მუშაობაა საჭირო; ზოგი სექტემბერშივე ხალისით აჰყვა წამოწყებას და ფანტაზიას გასაქანი მისცა, ზოგი კი სათაურების მოფიქრებით მხოლოდ  დეკემბერში დაინტერესდა.

კიდევ უფრო დაწვრილებით რომ გიამბოთ, მაგალითად, 17 სექტემბრის სათაურად დაგვიწერია მზე კაშკაშებს. ზამთრის ცივ დღეებში გულს სიხარულით მივსებს სექტემბრის კაშკაშა, თბილი დღის გახსენება. 18 სექტემბრის ქვეშ ყველა ბავშვის რვეულში სანდროს ცხვირი მხვდება. ცოტა არ იყოს, დამაბნეველი სიტყვებია. სამაგიეროდ, ჩვენ – მე და ჩემმა ოცდაექვსმა მოსწავლემ – მნიშვნელობა ვიცით. ამ დღეს სანდროს გაკვეთილზე ცხვირიდან სისხლი წასკდა და, როგორც ხდება ხოლმე, ყველას ყურადღება მიიქცია. დაფაზე მთავარ მოვლენად საგანგებოდ იმ მიზნით მოხვდა, რომ უხერხული სიტუაცია შესაძლოა ერთგვარ თავგადასავლად იქცეს და კლასის ისტორიაშიც ჩაიწეროს. 26 სექტემბერი – ანასტასიას დაბრუნება. როცა ბავშვი რამდენიმე დღე სკოლაში არ დადის, მისი დაბრუნება ნამდვილად უნდა აღინიშნოს ან ასე ნიკა მოგვენატრა – როდესაც სკოლას აცდენენ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ესეც უნდა შევნიშნოთ. აი ია – 15 ოქტომბერი. პირველკლასელებმა ასო-ბგერების შესწავლა დაიწყეს და ამის შესახებ მესამე კლასელებსაც ვუამბობ. დამეთანხმებით, სადღესასწაულო მოვლენაა. 18 ნოემბერი – მარი მასი მოგვენატრა – კლასი დამრიგებლის გარეშე  უკაპიტნო გემს ემსგავსება.  28 ოქტომბერს კი ბოლო გაკვეთილის განწყობა ამგვარად გამოგვიხატავს – დავიღალეთ. საკლასო ოთახში ბურღი არის – სკოლაში სარემონტო სამუშაოების გამო შეჭრილ ცვლაში მოგვიწია სწავლა. პირველკლასელების საკლასო ოთახში ყოფნისას შუა გაკვეთილზე ბურღით ტანსაცმლის საკიდი მიამაგრეს. აბა, წარმოიდგინეთ, როგორ გამხიარულდებოდნენ. ხშირად, როცა რაღაც სასაცილო ხდება, მასწავლებელი თამაშგარეთ აღმოჩნდება ხოლმე. კლასი თუხთუხებს, სიცილი მძლავრდება და ისეთი განცდა გეუფლება, სადაც არის დაგროვებული ენერგია წაგლეკავს. ამიტომ სიცილის მიზეზის მთავარ მოვლენად გადაქცევა სიტუაციის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა. თან სანამ დაფაზე ვწერ და სანამ ბავშვები რვეულში იწერენ, სიცილიც ნაღვერდალივით მინავლდება ხოლმე. ესეც ასე. ისევ სამუშაო განწყობა ბრუნდება და თან ყოველთვის გვეღიმება 22 ნოემბრის სათაურის წაკითხვისას. „ეზოში უპატრონო, ლაქებიანი ლეკვია“ – განა რამდენი დილა დაიწყება ისე, სკოლის კარში შესულს ფეხებში პატარა ლეკვი რომ გაგეხლართება?! 27 ნოემბერს ვწერ ამ სათაურს და თან ვკითხულობ, კიდევ ვინმემ თუ შენიშნა ლაქებიანი ლეკვი. „ხვალ დასვენებაა“ – ბავშვებზე არანაკლებ მასწავლებლებს გვიყვარს პარასკევი დღე. 8 ნოემბერი შაბათ-კვირის გამო ერთად გვიხაროდა. „ორი ქართული“ – ხუთშაბათს წყვილი გაკვეთილის გამო ველოდებით. 7 ნოემბერი ამგვარად გამოარჩიეს, რადგან „ორი ქართული“ ჯგუფურ სამუშაოსა და საინტერესო დღეს გულისხმობს. მანდარინებით, ვაფლით, ცხიმიანი, ტკბილი თუ მარილიანი ორცხობილებით, საწუწნი კანფეტებით – განსაკუთრებით დაწყებითი მასწავლებლები ვართ განებივრებულები. ერთ მშვენიერ დღეს, საშინაო დავალების შემოწმებისას შოთას მაგიდას რომ მივუახლოვდი, მოულოდნელად მერხის ბადიდან შოკოლადის ფილა ამოაფრიალა. ჰოდა, იმ დღის სათაურიც წამში დაიბადა – „შოკოლადი ამოხტა“. „ზამთარი დადგა და ქარიშხალი ამოვარდა“ – 2 დეკემბერს ასეთი სათაური შევურჩიეთ.

სათაურებისთვის იდეებს თავდაპირველად მე ვთავაზობდი. ახლა უკვე ერთად ვფიქრობთ და მართალი გითხრათ, ცოტა გართულდა საქმე. კლასში რამდენიმე ვერსია ჟღერდება და ცდილობ, გული არავის დასწყდეს. ერთხელ სამი სათაურიც კი დავწერეთ. იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენები გამოკვეთეს, თქვენც ასე მოიქცეოდით: „მასწავლებლის მაგიდაზე შოკოლადია“,  „მუსიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა ვიდეო გადაგვიღო“, „კლასში ნინას დაიკოა“ – პირველი სათაური შოთას ნაჩუქარი შოკოლადის ირგვლივ გვიყვება, რამდენიმე დღე ჩანთით დავატარებდი და 27 ნოემბერს მუსრი გავავლეთ; ამავე დღეს რამდენიმე წუთით ადრე მივედი სკოლაში. მუსიკის გაკვეთილი ჰქონდათ. ფეხზე იდგნენ და მღეროდნენ. კარს სიგრძეზე მინა დაჰყვება და ამ ჭრილიდან ბავშვები ჩანდნენ. ვიდეო გადავუღე. სათაურების წერისას რამდენიმემ სწორედ ეს ფაქტი გამოკვეთა. და მესამე, ვერაფრით დავტოვებდით გულგრილად ნინას დაიკოს ჩვენს გაკვეთილზე სტუმრობას.

ვფიქრობ, მეთოდის ირგვლივ გარკვეული შთაბეჭდილება შეგიქმენით. როგორც მონათხრობიდან გამოიკვეთა, მიზანი მრავალგვარია.

სათაურის შერჩევას ერთი წუთიც არ სჭირდება.  სამაგიეროდ, ამ პატარა დროში რამდენ რამეს სწავლობენ: მთავარ  მოვლენას მეორეულისგან გამოკვეთენ და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს ამჩნევენ; აკვირდებიან გარემოსა და ბუნებას; ეჩვევიან ერთმანეთისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას; რაც მთავარია, გულწრფელ ურთიერთობას ვთავაზობ და იმავეს მიბრუნებენ.

კიდევ უფრო საინტერესოა ინდივიდუალური სათაურები, რომელთა საშუალებით კიდევ უფრო ახლოს გავიცანი თითოეული მოსწავლე: ზოგი მეოცნებეა, ზოგი პოეტური, ზოგი ძალიან გულუბრყვილო, ზოგი გონებამახვილი და ენამოსწრებული. საშინაო დავალების სათაურები გადაიქცა ერთგვარ მესიჯებად, რომლებსაც ბავშვები მიგზავნიან, მაგალითად: ცუდი დღე, ჩემი დეიდა ჩამოვიდა, ბედნიერი ოჯახი, დღეს ჩემთან ნათესავი მოვიდა, სკოლა მომენატრა, დედა ხინკალს აკეთებს, ადვილი დავალება გვაქვს, სასიამოვნო ხედი, სახლში მივედი და ეგრევე ვმეცადინეობ, მე წავიქეცი,  ღამით ვმეცადინეობ, სახლში არავინ არის, დედაჩემი მაგარი მასწავლებელია, მიტინგი, ახალი ბუცები მაქვს, მიყვარს ვარჯიში, გუშინ ცეკვაზე ვიყავი, სახლი მარტომ გავაღე, მარი მასი შეგვხვდა, გუშინ „ლეგენდა“ დამარქვეს, მე  ვიტკინე ტუჩი, ერეკლე ცუდად არის, ჩაის გაკეთება ვისწავლე, გუშინ სამი ლელო დავდე, ბიცოლა მასწავლებელია, პაპაჩემი – სახლის მასწავლებელი, დედის ალერსი, ლიზის კბილი მოსძვრა,  კვირას ახალი ძაღლი შემხვდა, გუშინ სასაცილო დღე იყო – თითოეული დაშიფრულია მრავლისმთქმელი ამბებით, ჩემგანაც მათ ამოკითხვას და დანახვას მოელიან.

ბუნების ბავშვებისეული აღქმა კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს: ქარი შრიალებს, ფოთლები ძირს ყრია, აცივდა, ზამთრის პირველი თვე, მზიანი დღე,  დეკემბერი მობრძანდა, ბედნიერი შემოდგომა, ოქტომბერი გარბის, ცივი ზამთარი, ძალიან აცივდა, მგონი მალე თოვლიც მოვა, ვერ გავიგე, წვიმს თუ თოვს, მატყუარა მზე, ხვალ იმედია მზე გაანათებს, ხვალე თოვლია, ზამთარი გვიახლოვდება, ნოემბერმა შემოიჭყიტა, ისევ ცუდი ამინდია, ღრუბლები – თუ დამღლელი დღე ლექსების კითხვისთვის დროს არ მიტოვებს, ამგვარი ფრაზები სულს მინათებს.

განმავითარებელი კომენტარით – სიტყვიერად თუ წერილობით – ყოველთვის აღვნიშნავ თითოეულის სათაურს. ხშირად სათითაოდ ვაკითხებ. სტატიისთვის სათაურების თავმოყრამ კიდევ ერთი გაკვეთილის იდეა დაბადა: წლის ბოლოს სლაიდშოუდ ავკინძავ საკლასო წერისა თუ საშინაო დავალების ნაცვლად დაგროვებულ ჩვენს ამბებსა და განწყობებს. ამგვარი ქმედება კიდევ უფრო მეტ სურვილს გაუჩენთ, რომ უფრო დაკვირვებით განაგრძონ ცხოვრება.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი