შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

შუაზამთრის ჩანაწერებიდან

მამაჩემის გარდაცვალების დღეა. ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში.

და უცნაური რამ მინდა მოგითხროთ:
თუ რამეზე შეიძლება არ დავიწუწუნო, ეს ხალხის სიყვარულია. მეტიც, სრულიად გაუგებრად და დაუმსახურებლად – ზედმეტად ჭარბია ეს მომართება ჩემდამი – უცხო ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მეხუტებიან. ყოველდღე ასობით შექების წერილი მომდის. ვიბნევი და მრცხვენია, მაგრამ ცხადია, თანაც მიხარია.
მიხარია, თუმცა არასდროს მგონებია, რომ ამხელა სიყვარული შეიძლება უცებ დიდ სიძულვილში არ გადახურდავდეს და არც ამით სარგებლის სურვილი გამჩენია. ამიტომ, სულ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. კრემლზე და რუსულ კულტურის ცენტრზეც იგივე ვთქვი და ვიმეორებ. აქაც ვერ დავიჩივლებ მცირე მხარდაჭერით, მაგრამ იმ დღიდან ამ გვერდს აეკიდა ხუთამდე ტროლ-ბოტი, რომელიც მამაჩემის მოსაგონარ უკიდურესად სევდიან წერილებზეც კი საშინელ შეურაცხყოფებს აქვეყნებდა კომენტარად. და მერე სოფელში ამ კომენტარებს უკითხავდნენ დედაჩემსაც. ეს გვერდები ამასწინ გაქრნენ, მაგრამ ცხადია, ადამიანები, ვინც მათ მართავდნენ, ისევ ხილულები არიან და თვალყურს მადევნებენ. და მინდა მივმართო მათ: ამ დღეს, მამაჩემის გარდაცვალების დღეს, მე მათ ვპატიობ ყველა ამაზრზენ კომენტარს და არც ბოდიშს ველი მათგან. ერთადერთი – იმედი მაქვს, ცოტა ხანი მარტო დარჩებიან საკუთარ თავთან და ათი წუთის ფიქრით მეტი იქნებიან, ვიდრე იყვნენ. ეგებ ამ ფიქრმა რომელიმე გადაარჩინოს.

 

2015 წლის მიწურული – 2016 წლის დასაწყისი საკმარისზე მეტად მძიმე აღმოჩნდა: ჯერ მამა ოზურგეთში, რამდენიმე დღის შემდეგ კი მედიკო, ბებიაჩემი დავკრძალეთ, სოფელ ნატანებში. სამძიმრის მიღებისას, ცხადია, ნათესავები მცირე ხნით ყოვნდებოდნენ ჩემთან. ერთხელაც, ერთი მოვიდა და მკითხა: ,,კი, მარა, ბოლო-ბოლო, ყველამ დააყენა საშველი და შენ როის აპირებ?’’ შეცბუნებულმა შევხედე. წამის შემდეგ მივხვდი, ცოლის მოყვანაზე მეკითხებოდა, მაგრამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არა გურული დაშიფრული ლაპარაკის პროფესიული ცოდნა, წესით, სხვა რამე უნდა მგონებოდა. გამეღიმა კიდეც და ვუთხარი: ,,მალე, 33 წლის რომ გავხდები’’ ,,არ გადააცილო იცოდეო’’ გამომცდელი მზერით მიპასუხა და კმაყოფილი წავიდა. რა სათქმელია: ეს იყო პირველი ღიმილი ბოლო კვირანახევრის მანძილზე. და მივხვდი, რომ არსებობს გადაკვეთის წერტილები, რომლებსაც სიტყვები უნებურად ქმნიან, სადაც სიკვდილი და ქორწინება, სიცოცხლე და დაკრძალვა თანაბრდება. ეს არის კიდეც ადამიანად ყოფნის ერთერთი ნიშანი.

 

 

დღეს ბედობაა და დღეს დილით – აუცილებლად უნდა ავდგეთ ადრე, ვისაც ღმერთი სწამს – უნდა ვილოცოთ, ვისაც არა – რამე კარგი ჩავიფიქროთ. ფუი, ეშმაკს და ვივარჯიშოთ ან ვისეირნოთ მაინც, სეირნობისას აუცილებლად შევხედოთ ვინმეს ქუჩაში, ერთი შეხედვით, ძალიან არამსგავსს და თავს დავაძალოთ, გაჭირდება, მაგრამ დავაძალოთ და გავიფიქროთ: მასაც, როგორც მე, უნდა რომ იყოს კარგად, მასაც, როგორც მე, აწუხებს რაღაც დიდი და რაღაც მცირე, ისიც, როგორც მე, ოდესმე გაქრება ამ ქვეყნიდან და მოდი, დღეს თავს ნუ დავესხმები. მერე, სიზარმაცეს კვანტი დავუდოთ და წავიშრომოთ, ორჯერ ფუი ეშმაკს და ცოტა წიგნიც წავიკითხოთ, თუ სხვას ვერაფერს მივაგენით, კვანტურ ფიზიკაზე მაინც – თუნდაც ვერაფერი გავიგოთ, მაინც წავიკითხოთ. ცოტა რამე შევიძინოთ და ვინც ვერ შეიძინა, მასაც ვუწილადოთ – ნუ დავიჯერებთ, რომ ამ დღეს გაცემა არ შეიძლება, დავიჯეროთ იმის, რაც რუსთაველმა გვითხრა: ,,რასაც გასცემ” და კიდევ ისიც, რაც მანვე გვითხრა: ,, რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”. ეს დღე ამ აფროზიმის იყოს.
ხვალ? ხვალაც აუცილებლად ავდგეთ დილით ადრე, ზეგაც, ზეგაც დილით ადრე ავდგეთ, მაზეგაც, ორი კვირის მერეც, სამი თვის მერეც და თორმეტი თვის მერეც დილით ადრე ავდგეთ, ავდგეთ და დანარჩენი, როგორც ტექტსშია.
და სოფელიც აშენდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი