ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პრობლემური სიტუაციები სწავლებაში

მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბების ერთ-ერთი გზა პრობლემური მიდგომის გამოყენებაა გეოგრაფიის გაკვეთილზე.

პრობლემური სიტუაცია – საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სირთულე, რათა მოსწავლეებს ვაჩვენოთ ცოდნის საჭიროება და ამით გავაძლიეროთ მათი საქმიანობა საკლასო ოთახში, დავაინტერესოთ შესასწავლი მასალით.

გთავაზობთ პრობლემურ სიტუაციებს:

  1. პრაქტიკული – როდესაც ხდება ცოდნის გამოყენება ახალ ვითარებაში (ტრანსფერი);
  2. სამეცნიერო – როდესაც უცნობია კანონი (პრინციპი, კონცეფცია) (საჭიროა ახალი ცოდნა);
  3. მხატვრული – როდესაც უცნობია ემოციურ-გამომსახველობითი ფორმები და მოქმედების მეთოდები.

პრობლემური სიტუაციების ახსნა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით:

  1. პირველი მეთოდი – მოიცავს ისეთი პრობლემების გადაჭრის შემთხვევებს, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებს არ აქვს გამოცდილება;
  2. მეორე მეთოდი – უკავშირდება ისეთ სიტუაციებს, როდესაც მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება;
  3. მესამე მეთოდი – მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება, მაგრამ იგი არ არის საკმარისი ამ პრობლემის მოგვარებისთვის. აქ გამოსავალი ის არის, რომ დავალების პირობის ანალიზის საფუძველზე ამ სიტუაციისთვის სპეციალურად იქმნება სრულიად ახალი სამოქმედო გეგმა.

გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითებს.

პრობლემური კითხვები და დავალებები მე-7 კლასისთვის

თემა „გეგმა და რუკა”

დავალება: „თქვენ ხართ ფერმერი და შემოგთავაზეს გეგმაზე გამოსახული მიწის დიდი ნაკვეთის ათვისება-დამუშავება. თქვენ გადაწყვიტეთ, პირველ რიგში, გაეცნოთ ამ ნაკვეთს გეგმის მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ შეთავაზება. მაშ ასე, არის კი ეს ადგილი შესაფერისი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის?

შეეცადეთ გეგმის მიხედვით უპასუხოთ კითხვებს:

  1. გეგმის შესწავლით, მიხვედით დასკვნამდე, რომ ეს ადგილი აშკარად აუთვისებელია. მოიყვანეთ მტკიცებულებები, რომლებიც ამ დასკვნის გაკეთებას დაამტკიცებს.
  2. არის თუ არა რელიეფის ფორმები მოსავლის მოყვანისთვის ვარგისი, ნიადაგის ჩამოყალიბებისა და საძოვრებისთვის? ზოგიერთ ადგილებში ფერდობები ძალიან ციცაბოა? როგორ შეიძლება მათი გამოყენება სოფლის მეურნეობაში?
  3. რა ადგილებია შესაფერისი სათიბად? სად დაიწყებდით მიწის მოხვნას სხვადასხვა კულტურის დასათესად?
  4. შეარჩიეთ ყველაზე მოსახერხებელი ადგილი ფერმის ასაშენებლად.
  5. დაგეგმეთ თქვენს ფერმამდე მისასვლელი გზა და იპოვეთ სასმელი წყლის წყარო. იქნებ ჭის გათხრა უკეთესია?”

თემა „ლითოსფერო”

როგორ ავხსნათ რელიეფის მრავალფეროვნება?

ეს კითხვა შეიძლება იყოს მთავარი შემეცნებითი ამოცანა რელიეფის შესწავლისას.

პრობლემის გადაჭრისთვის კითხვები: არის თუ არა დედამიწის რელიეფი მრავალფეროვანი? რელიეფის მრავალფეროვნების მთავარი მიზეზი შინაგანი და გარეგანი პროცესების ურთიერთქმედებაა? განსხვავდებიან თუ არა სიმაღლით მრავალფეროვანი მთები და დაბლობები?

თემა „ჰიდროსფერო”

მოგზაურობის რა გზა შეეძლო გაევლო წყლის წვეთს, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა?

მოსწავლეები იღებენ დავალებას სახლში – აღწერილობა: „წყლის წვეთების მოგზაურობა დიდ წრებრუნვაში”.

არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი პიროვნების ძალზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია პრობლემური სიტუაციების გამოყენება, რომელიც ინფორმაციული  საუბრებისგან განსხვავდება სწორედ მსჯელობის უნარის განვითარებით.

მაგალითად, როდესაც ვსწავლობთ თემას „მყინვარები”,  დავსვათ შემდეგი შეკითხვა: „რომელი მყინვარები (ზეწრული თუ მთის) აყენებს უფრო მეტ ზიანს ადამიანებს?”. ამ შეკითხვაზე უამრავ პასუხს მივიღებთ, რადგან ბავშვები ბევრს კითხულობენ (თუნდაც ინტერნეტში), ინტერესდებიან სხვადასხვა საკითხით.

ზოგი დაასახელებს ზეწრულ მყინვარებს, მათ შორის აისბერგებს. აქ აუცილებლად ტიტანიკსაც გაიხსენებენ.  დაასახელებენ ათასობით ადამიანის დაღუპვის ფაქტს აისბერგებთან შეჯახებისას. იტყვიან, რომ მთის მყინვარები ყველაზე მეტი ზიანის მომტანნი არიან, რადგან როდესაც მცოცავი ხდება, მყინვარი და ზვავი ანადგურებს გზებს, ქალაქებსა და სოფლებს…

გაკვეთილებზე უფრო და უფრო ხშირად გავიგებთ სიტყვებს: „მაგრამ მე ვფიქრობ …”, „მე მგონია …”, „ეს ყველაფერი დადასტურებულია ჩემი პირადი მოსაზრებით“, „ჩემი აზრით“… დაე, ისინი არ იყვნენ ყოველთვის მართლები, მაგრამ ეს არის მათი პირადი აზრი. რაც მთავარია, ისინი ცდილობენ დაამტკიცონ და ეს უკვე ძალიან კარგია.

აქტიურად გამოვიყენოთ პრობლემური სიტუაციები. ისინი სხვადასხვა თვალსაზრისს, თვალთახედვას გვთავაზობენ.

ტრადიციული ლექციის ნაცვლად ვიპოვოთ ალტერნატიული გამოსავალი.

რატომ შეიქმნა დიდი ბარიერული რიფი ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში?

რატომ არ არის მსგავსი ფორმირება ანტარქტიდის სანაპიროზე?

რატომ აღმოაჩინეს ავსტრალია მოგვიანებით, ვიდრე სხვა კონტინენტები, რა არის ამის მიზეზი?

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლეებს შეიძლება შეექმნათ წარმოდგენა, რომ სწავლობენ უფრო ნაკლებს, ვიდრე სხვები, თუმცა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლე იძენს იმ უნარებს, რომლებიც საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

გეოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანია სასკოლო სასწავლო პროგრამაში. სწავლების ეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია, თუ საგანმანათლებლო პროცესი მიზნად დაისახავს მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას, მათი შემეცნებითი დამოუკიდებლობის ფორმირებას, მათ შორის პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლებას. გეოგრაფიის გაკვეთილზე პრობლემური სწავლების შესაძლებლობები ძალიან ფართოა. ბუნებრივი ობიექტების, ფენომენებისა და პროცესების გეოგრაფიის სირთულის გათვალისწინებით.  თითოეული მათგანის განხილვა შეიძლება იყოს პრობლემური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი