ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მკვდრების ცხოვრება

ალბათ ყველას ყველაფერი გამოგვიცდია, ერთხელ მაინც. დარწმუნებული ვარ, თქვენც გახლართულხართ  ეგზისტენციალურ[1] ფიქრთა  ქსელში და მისგან თავის დასაღწევად კი არა, უფრო მასში ჩასაკარგად, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა-არარსებობის საკითხსაც ჩასჭიდებიხართ.

რა ხდება ხოლმე ამ დროს?

არა, პასუხს თქვენგან არ ველი.

რადგან პასუხი ისედაც ვიცი: ამ დროს, კისა და არას შორის რყევა ყველაზე ლოგიკური თავდაცვაა იმისგან, რომ შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება – ისეც, ვინაიდან ამ ჩვენს  მომდგრადო სამყაროში არაფერია უფრო მდგრადი, ვიდრე სიკვდილი.

არ შეგეშინდეთ, სიკვდილზე არა, სიცოცხლეზე უნდა გიამბოთ, ოღონდ უცნაურ სიცოცხლეზე, რომელსაც მკვდარი სიტყვები შობენ  მარადიულად.

მარადიული არაფერიაო – მეტყვით და მართლებიც იქნებით. მაგრამ ხომ არსებობს შედარებით მარადიული, აი, ისეთი, როგორიც, მაგალითად, კოსმოსია[2]? მე არასდროს მიოცნებია კოსმონავტობაზე[3], ალბათ იმიტომ რომ მე იმ მუსიკის ენა არ ვიცი, რომლითაც კოსმოსი თავის ციაგს ესაუბრება. სამაგიეროდ, ვიცი ის, რომ კოსმოსი ბერძნებმა შექმნეს.

არ დაიბნეთ, სიტყვას ვგულისხმობ. სიტყვას, რომელიც ნიშნავს წესრიგს, ამავდროულად – ნიშნავს სამყაროს, და ვინაიდან ჩვენი სამყაროც რაღაცნაირი წესრიგია, მასში მშვენივრად ახერხებენ არსებობას ჩემნაირი ქაოტური[4] ადამიანებიცა და ისეთი დაეჭვებული არსებებიც, როგორებიც ჩემი სტუდენტები[5] არიან.

ამ წერილსაც მათ გამო ვწერ – სტუდენტებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, ერთი უნივერსალური[6] კითხვა უჩნდებათ ხოლმე ჩემს დანახვაზე. მე კი ამ კითხვას უსამართლო კითხვათა რიგს მივაკუთვნებ, უპირობოდ,  დაუეჭვებლად.

  • რაში გვჭირდება ძველი ბერძნული და ლათინური? – მეკითხებიან სტუდენტები და ამას, როგორც წესი, მოსდევს ხოლმე გულისმომკვლელი არგუმენტი[7] მათი მხრიდან: „ისინი ხომ მკვდარი ენებია“.

ეს სიტყვა, „მკვდარი“ საშინელი სიტყვაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავი ცოცხალი გგონია. ამიტომ ამ შეკითხვას, უფრო მეტად კი – დაეჭვებას დაეჭვებითვე ვპასუხობ ხოლმე: არსებობს კი სიკვდილი ენების სამყაროში? ან რა ვიცით ჩვენ სიტყვათა ცხოვრების შესახებ? – ამას ჩემთვის, გულში ვფიქრობ, ჩემი სტუდენტების ეჭვების გასაქარწყლებლად კი აკადემიურ[8] სივრცესთან დაკავშირებულ საგანთა და არსებათა ამსახველ ტერმინებს[9] მოვიხმობ საიმისოდ, რომ სიტყვა „სიკვდილის“ ამ კონტექსტში[10] გამოყენების უსამართლობაში დავარწმუნო ისინი. მარტივი მაგალითებია, მათთვის ადვილად გასაგები, მათი ყოველდღიურობაც კი – უნივერსიტეტი[11], სტუდენტი, ლექცია[12], ლექტორი[13], აუდიტორია[14], მედიცინა[15], ფილოლოგია[16], ფილოსოფია[17], ფსიქოლოგია[18], სოციოლოგია[19], მათემატიკა[20], ანალიზი[21], მეთოდი,[22] დისკუსია[23] და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. ჰო, პოლიტიკაც და რელიგიაც.

მაგრამ სინამდვილეში, ეს ამბავი იმაზე უფრო ღრმაა, ვიდრე ჩემი მცდელობა, საყოველთაოდ ცნობილი სიტყვები მოვიშველიო იმისათვის, რომ უსარგებლო მასწავლებლობის ტკივილს როგორმე გადავურჩე.

აქ ერთი ფილმი უნდა ვახსენო, „ეშვი“ ჰქვია. ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცია მისი რეჟისორი – იორღოს ლანთიმოსი. სხვა ფილმებიც აქვს, მაგრამ „ეშვი“ განსაკუთრებულია. მასში ერთი მონაკვეთია და ეს მონაკვეთი პირადად მე ყველაზე უფრო შემზარავ ეპიზოდად[24] მახსენდება კინემატოგრაფის[25] მთელი არსებობის ისტორიიდან[26]. ერთი ოჯახის ამბავია ფილმში ასახული. მშობლებს ჰყავთ სამი შვილი: ორი გოგო და ერთი ბიჭი, რომლებსაც ისინი გარესამყაროსთან კავშირს უკრძალავენ, მათი სახლის მიღმა არსებული სამყაროსგან დაცვის მიზნით. ბევრი ცუდი რამ ხდება ამ ფილმში. ბევრი და საშინელი ძალადობები. მაგრამ ამ ძალადობათა შორის ყველაზე ტრაგიკული[27] სიტყვებზე თუ სიტყვებით ძალადობა მგონია: ამ ფილმში მშობლები შვილებს სიტყვებს არასწორი მნიშვნელობებით ასწავლიან. მაგალითად, უსმენენ მათი შვილები რადიოს, რომლიდანაც დიქტორის ხმა ერთს ამბობს, მათ კი სულ სხვა რამ ესმით. ასეა, ხშირად მშობლები სიტყვებისგანაც კი იცავენ ხოლმე საკუთარ შვილებს, რომლებიც მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ამ სიტყვების მნიშვნელობების გაგების სურვილით, სამუდამოდ ტოვებენ მათ, ვისაც მათი რეალობისგან[28] დახსნა სურდა.

რეალობა კი, განსაკუთრებით ჩვენი – ადამიანური რეალობა, ხანდახან მართლაც აუტანლად მძიმეა. ამ სიმძიმეს ზოგჯერ შეამსუბუქებს ხოლმე ილუზია[29] იმისა, რომ სიცოცხლე წარმავალი სულაც არ არის. ეს ძირითადად, მაშინ ხდება, როცა ადამიანის უსუსურობა სხვა ადამიანის უსუსურობაში პოულობს შვებას. ამ განცდას ჩვენს ენაზე სიყვარულს ვეძახით. სიყვარული სასარგებლო რამაა, მაშინაც კი, როცა თავს უსარგებლოდ გაგრძნობინებს. მე არ ვიცი, რატომ ხდება ეს ასე, მაგრამ ვიცი, რომ ის შეგრძნება, რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ, ვერც ერთ სიტყვაში ვერ ეტევა. უბრალო ჭეშმარიტებაა, განა რამე ახალს ვამბობ, დარწმუნებული ვარ, პირველყოფილი ადამიანებიც ამას იტყოდნენ, სიტყვების გამოყენება რომ შესძლებოდათ. და მაინც, ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი სიტყვაღა შემოგვრჩა ამ უცნაურ თანამედროვეობაში მის არსებობაზე მისანიშნებლად. მე, რა თქმა უნდა, არ გიამბობთ, თუ რას ნიშნავს ჩემთვის სიყვარული, ეს ძალიან მოსაწყენი იქნება თქვენთვის, ვინც ამ სიტყვაში ჯერ კიდევ პოულობთ მნიშვნელობებს ისეთი უიმედო სიტყვებისა, როგორებიცაა „იმედი“, „უკვდავება“, „სიხარული“, „ვნება“ და „მარადიულობა“.

„მარადიულობა და ერთი დღე“ – თეო ანგელოპულოსის ფილმის სახელია.  და არ მეგულება სამყაროში იმაზე უფრო სევდიანი პოეზია, ვიდრე ამ ფილმის რეჟისორის სურათებია. თეო ანგელოპულოსი დიდი კაცი იყო. მერე რა, რომ არც თუ ისე ბევრი იცნობს მის კინოპოეზიას[30]. და ვინც იცნობს, მათთვისაც ხშირად გაუგებარია ის ენა, რომლითაც ეს კაცი ესაუბრებოდა სამყაროს. მისი ენა ბერძნული იყო, მაგრამ აქ სხვა ენაზე ვსაუბრობ, სულის ან რაღაც მსგავსად ამაღლებულის ენაზე. მის ფილმში „მარადიულობა და ერთი დღე“ ფილმის პროტაგონისტი[31] – ცნობილი მწერალი, სახელად ალექსანდრე[32], რომელმაც იცის, რომ ერთადერთი დღე აქვს დარჩენილი საავადმყოფომდე, ანუ სიკვდილის კარიბჭემდე მისასვლელად, გადაწყვეტს ეს ერთი დღე დაუსრულებელ საქმეთა დასასრულებლად გამოიყენოს. ამ დაუსრულებელ საქმეთა შორის დიონისიოს სოლომოსის პოეტური[33] ტექსტის[34] დასრულებაც იგულისხმება, რომელიც თავის დროზე ავტორმა იმიტომ ვერ დაასრულა, რომ „სიტყვები არ ეყო“. და ამ უკანასკნელ დღეს ალექსანდრე ხვდება პატარა ალბანელ ბიჭს, უპატრონო ბიჭს, რომელიც მისი ცხოვრების მარადიულობის საწყისად იქცევა. ამ ბიჭს უამბობს სოლომოსის ამბავს – თუ როგორ მოგზაურობდა იგი საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში და სიტყვებს ყიდულობდა, იმ სიტყვებს, რომელთა არსებობის შესახებ თვითონ აქამდე არაფერი უწყოდა. ასე შეიქმნა საბერძნეთის ჰიმნის ტექსტი, ნაყიდი სიტყვებით. ალექსანდრეც ყიდულობს სიტყვებს პატარა ბიჭისგან, რადგან დარწმუნებულია, რომ „სიტყვას, როგორც ცხოვრების გამოხატვისა და ურთიერთობის საშუალებას, თავისი ფასი აქვს და ეს ფასი არის ტკივილი“. პატარა ბიჭი სამ სიტყვას ასწავლის ცნობილ მწერალს, რომელიც ამ სამ სიტყვაში აღმოაჩენს მისი ცხოვრების მთავარ შეცდომასაც და ღირსებასაც: „სიყვარული“, „უცხო“ და „გვიან“ – ოღონდ ბერძნულად, და ეს ბერძნული, თუმცა უცხო სიტყვები, იქცევა ალექსანდრესთვის მისი ცხოვრების ყველაზე უფრო ბედნიერი ერთი დღის მარადიულობად გარდაქმნის შესაძლებლობად – თუმცა გვიან, მისი სიყვარულისთვის უკვე ძალიან გვიან.

დიახ, სიტყვებს შეუძლიათ ერთი დღე მარადისობად აქციონ. თქვენ ისევ მეტყვით, რომ მარადიული არაფერია ამ სამყაროში და მე ისევ მოვიხმობ რომელიმე ბერძნულ სიტყვას, რომელიც ისე ჟღერს, როგორც მაგალითად, სიტყვა „თეოს“[35] ან როგორც სიტყვა „არხე“[36] ან სულაც როგორც სიტყვა „ლოგოს“[37], და თუ თქვენც გჯერათ, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა და ღმერთიც სწორედ ეს სიტყვა იყო, შეიძლება ისიც დაიჯეროთ, რომ სიკვდილი არ არსებობს, სიტყვათა სამყაროში მაინც სიკვდილი სხვა არაფერია თუ არა სხვა სიცოცხლე. ამ სხვა სიცოცხლის შესაცნობად კი ძველი ბერძნული და ლათინური ენები საუკეთესო ინსტრუმენტია[38].

რატომ უნდა ისწავლოთ ძველი ბერძნული და ლათინური – „მკვდარი ენები“, მაშინ როდესაც აგერ, ჩვენ გარშემო, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ისე ცხოვრობენ, ისე ილხენენ და ისე დარბაზობენ, რომ ვერც ერთ ენაზე ვერ ახერხებენ საუბარს, მით უმეტეს ე.წ. მკვდარ ენებზე. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მათ მიბაძოთ, შეგიძლიათ მილიარდებიც კი მოიხვეჭოთ ისე, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობებს ერთხელაც არ დაუკვირდეთ. რა თქმა უნდა, ცხოვრება მკვდარი ენების ცოდნის გარეშეც არსებობს, ოღონდ, ის, სხვათა ცხოვრება.

ჩვენს ცხოვრებაში კი დგება ხოლმე გადამწყვეტი მომენტი[39], როდესაც ზუსტი მნიშვნელობით წარმოთქმულმა ერთმა სიტყვამ შეიძლება გადაგვარჩინოს და თუ ამ დროს გვერდით გვყავს ვინმე ისეთი, ვინც ამ სიტყვის ეგ ზუსტი მნიშვნელობა არ იცის, ყოველგვარი მცდელობა ამაო ხდება. არაფერია სამყაროში უფრო მტკივნეული, ვიდრე ვერ გაგება. ჩვენი მთავარი უბედურებებიც ერთმანეთის სიტყვების ვერ გაგებისა თუ არასწორი ინტერპრეტაციების[40] გამო ხდება.

მე ვერ გეტყვით, რომ ძველი ბერძნული და ლათინური ენების ცოდნა თქვენ უფრო ბედნიერ და ლაღ ადამიანებად გაქცევთ, მაგრამ სიტყვების ფასს აუცილებლად გასწავლით და იმასაც შეგაძლებინებთ, რომ ამ სიტყვებით ახალი სამყაროები შექმნათ.

შექმნათ და არა – გაანადგუროთ.

 

P.S. მე ძალიან ვეცადე ამ ტექსტში უცხო სიტყვები არ გამომეყენებინა. მაგრამ ვერ შევძელი. ამ ძველ ბერძნულსა და ლათინურს, რომელთა საჭიროებასაც ხშირად ეჭვქვეშ ვაყენებთ, ვერსად გავექეცი.

და ვინაიდან ძალიან მინდა, ბოლომდე გამიგოთ, ეს „მკვდარი“ სიტყვების მცირე ლექსიკონია, თქვენთვის – ცოცხლებისთვის:

[1] ეგზისტენციალური (ლათ.) – სიტყვიდან existentia (არსებობა).

[2] კოსმოსი (ბერძნ.) – სიტყვიდან κόσμος (სამყარო, წესრიგი).

[3] კოსმონავტი (ბერძნ.) – სიტყვებიდან κόσμος (სამყარო) და ναύτης (მეზღვაური, საზღვაო ხომალდის ეკიპაჟის წევრი).

[4] ქაოტური (ბერძნ.) – სიტყვიდან χάος (ქაოსი, უწესრიგობა).

[5] სტუდენტი (ლათ.) – სიტყვიდან studio (ვსწავლობ).

[6] უნივერსალური (ლათ.) – სიტყვიდან universum (ყოველივეს ერთიანობა, სამყარო).

[7] არგუმენტი (ლათ.) – სიტყვიდან arguo (ნათელყოფა, დამტკიცება, დარწმუნება, გაცხადება)

[8] აკადემიური (ბერძნ.) – სიტყვიდან ἀκαδήμεια (მომდინარეობს პლატონის ფილოსოფიური სკოლის ადგილის სახელწოდებიდან, რომელიც ათენში, აკადემოსის ჭალაში დაარსდა ძვ. წ. მე-4 საუკუნეში).

[9] ტერმინი (ლათ. / ბერძნ.) – სიტყვებიდან terminus (ზღვარი, განსაზღვრული) და τέρμα (საზღვარი, ზღვარი).

[10] კონტექსტი (ლათ.) – სიტყვიდან contextus (კავშირი, თანმიმდევრობა).

[11] უნივერსიტეტი (ლათ.) – სიტყვიდან universitas (ყოველივეს ერთობლიობა, ერთობა).

[12] ლექცია (ლათ.) – სიტყვიდან lectio < lego (ამორჩევა, წაკითხვა).

[13] ლექტორი (ლათ.) – სიტყვიდან lector (წამკითხველი, ის ვინც კითხულობს).

[14] აუდიტორია (ლათ.) – სიტყვიდან audio (მოსმენა).

[15] მედიცინა (ლათ.) – სიტყვიდან medicina  < medicus (ექიმი).

[16] ფილოლოგია (ბერძნ.) – სიტყვებიდან φίλος (მოყვარული) და λόγος (სიტყვა).

[17] ფილოსოფია (ბერძნ.) – სიტყვებიდან φίλος (მოყვარული) და σοφία (სიბრძნე).

[18] ფსიქოლოგია (ბერძნ.) – სიტყვებიდან ψυχή (სული) და λογία (მოძღვრება).

[19] სოციოლოგია (ლათ.; ბერძნ.) – სიტყვებიდან socium (საზოგადოება) და λογία (მოძღვრება).

[20] მათემატიკა (ბერძნ.) – μάθημα < μανθάνειν (სწავლა).

[21] ანალიზი (ბერძნ.) – განხილვა. სიტყვიდან ἀνάλυσις (გამოხსნა, გახსნა).

[22] მედოთი (ბერძნ.) – სიტყვებიდან μεθ’ (μετά) (მიყოლებით, შემდეგ, თან…) და ὁδός (გზა).

[23] დისკუსია (ლათ.) – მსჯელობა. სიტყვიდან discutere (მსჯელობა, განხილვა).

[24] ეპიზოდი (ბერძნ.) –  სიტყვიდან ἐπεισόδιον (ეპიზოდიონი – ძველი ბერძნული ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც დრამატული მოქმედება ვითარდება. სიტყვებიდან ἐπί – თან, εἰς – კენ, ὁδός – გზა).

[25] კინემატოგრაფი (ბერძნ.) – სიტყვებიდან κίνημα (მოძრაობა), γράφειν (აღწერა).

[26] ისტორია  (ბერძნ.) – სიტყვიდან ἱστορεύειν (თხრობა, მოყოლა).

[27] ტრაგიკული (ბერძნ.) – სიტყვიდან τραγωδία (ტრაგედია – ძველი ბერძნული დრამატული პოეზიის ჟანრი. ფორმიდან τράγος ᾠδή – „თხის სიმღერა“).

[28] რეალობა (ლათ.) – სიტყვიდან realis (ნამდვილი).

[29] ილუზია (ლათ.) – სიტყვიდან illudere (in – ში, ludere – თამაში, ხრიკის ჩადენა).

[30] კინოპოეზია (ბერძნ.) – სიტყვებიდან κινέω (ვამოძრავებ) და ποίησις (პოეზია) < ποιεῖν (ვქმნი).

[31] პროტაგონისტი (ბერძნ.) – სიტყვებიდან πρῶτος (პირველი) და ἀγωνιστής (მსახიობი, მოქმედი პირი).

[32] ალექსანდრე (ბერძნ.) – საკუთარი სახელი, მომდინარეობს სიტყვებიდან ἀλέξειν (დაცვა) და ἀνήρ (კაცი); „კაცთა მცველი“.

[33] პოეტური (ბერძნ.) – სიტყვიდან ποιεῖν (ვქმნი).

[34] ტექსტი (ლათ.) – სიტყვიდან texo (ვაერთებ, ვაკავშირებ, ვქსოვ).

[35] თეოს (ბერძნ.) – θεός (ღმერთი).

[36] არხე (ბერძნ.) – ἀρχή (დასაწყისი, დასაბამი).

[37] ლოგოსი (ბერძნ.) – λόγος (სიტყვა).

[38] ინსტრუმენტი (ლათ.) – instrumentum (იარაღი, საშუალება), სიტყვიდან  instruo (ვაგებ, ვაშენებ).

[39] მომენტი (ლათ.) – momentum (დროის მოკლე მონაკვეთი), სიტყვიდან moveo (ავამოძრავებ, აღვძრავ)

[40] ინტერპრეტაცია (ლათ.) – სიტყვიდან inerpretor (ავხსნი, გადავთარგმნი, განვმარტავ).

 

P.P.S. ეს წერილი მანამ დაიწერა, სანამ ამ ქვეყნის მძიმე, ძალიან მძიმე რეალობას კიდევ ერთხელ დავეჯახებოდით. რეალობას, რომელშიც ერთი ბიჭი სიტყვების გამო სისტემის მსხვერპლად იქცა. ჰო, სისტემაც ბერძნული სიტყვაა და მე ძალიან მინდა, ჩემმა სტუდენტებმა ზუსტად გაიგონ ამ სიტყვის ყველა ნეგატიური ვერსია და თუ ჩვენ ვერ შევძელით ამის გაკეთება, მათ მაინც დაამსხვრიონ ეს მნიშვნელობები.

ამ ბოლო დღეებმა აზრი შემაცვლევინა. მე არ მინდა, ჩემმა სტუდენტებმა იცოდნენ მაინცდამაინც ძველი ბერძნული თუ ლათინური, თუ მორზეს ანბანი. ამ ცოდნის გარეშე არაფერი დაშავდება. მაგრამ არსებობს ერთი ბერძნული სიტყვა, რომელიც მინდა სულ ახსოვდეთ. ეს სიტყვაა „ემპათია“ და იგი თანაგრძნობას, სხვისი უბედურების გაზიარების ღვთაებრივ უნარს ნიშნავს, რაც ასე აკლია ჩვენს ქვეყანას.

თუ მათ ეს სიტყვა ემახსოვრებათ, თუ ეს სიტყვა სულ ემახსოვრებათ – თავისი ყველაზე ნამდვილი მნიშვნელობით, ეს ნიშნავს, რომ მათ ექნებათ ცოდნა და შეგრძნება იმ უნივერსალური ენისა, რომელსაც სიტყვები სულ არ სჭირდება და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავრჩით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი