ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„ვეფხისტყაოსნის“ ადაპტირებული ვერსიები და პოემის „ოქროს ძაფები“

„საქართველო სავსე არის ჩემი წიგნი ყველგან გაჰქუხს,

ვის ლხინი აქვს, მას უბნობენ, აუ გული ვისცა უწუხს.“

არჩილი
„სულმნათო, მადლი, შენს გამჩენს!
დიდება ერსა, შენს მშობელს!
აკაკი წერეთელი

„ვეფხისტყაოსნის“ სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით არაერთგავროვანი დამოკიდებულებაა. უმეტსობა პოემის სწავლებას მხოლოდ დასწავლას და რუტინას უკავშირებს, ზოგი ექსპერტის აზრით, სკოლა მოსწავლეებს აძულებს „ვეფხისტყაოსანს“, სხვათა აზრით კი – სკოლაში საერთოდ არ უნდა ისწავლებოდეს შოთა რუსთაველი.
ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს პოემა ქართველი ერის საგანძურია, ამიტომაც ის იქცა ერთგვარ კერპად, ლიტერატურულ ბიბლიად და სამზითვო წიგნად; მიუხედავად ამ აღიარებისა, პოემის ტექსტი ბევრი ქართველის მიერ არის გაუცნობიერებელი, ძალიან ზედაპირულად გააზრებული ან სულაც წაუკითხველი.
როგორ უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა?
როგორ უნდა მივიდეს მკითხველი სიამოვნებით ტექსტთან?
როგორ უნდა იქცეს „ვეფხისტყაოსანი“ ყოველდღიურ სამაგიდო წიგნად? იმ წიგნად, რომელთან კავშირიც გამუდმებულად გაგვახსენებს, რომ „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა?“
ბოლო წლებში იმატა „ვეფხისტყაოსნის“ ადაპტირებულმა ვერსიებმა, შეიქმნა სამაგიდო თამაშებიც, საბავშვო ტექტსები, დაიწყეს ფილმების გადაღება და ასე შემდეგ;
თბილისის წიგნის დღეებზე (2019) ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ბავშვებისათვის გამოცემული „ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი“ დიდი სიამოვნებით წარვადგინე, რამაც გამახსენა ჩემი სტუდენტობის ოცნება და აქვე მოგიყვებით.
უნივერსიტეტში გერმანულს მასწავლიდა ფილოსოფიური ტექსტების მთარგმნელი და არაჩვეულებრივი გერმანისტი, შალვა პაპუაშვილი. ერთ დღეს ბატონმა შალვამ რაღაც გერმანული გამოცემა მომიტანა და მითხრა, ლექციების შემდეგ ვისაუბროთო. მოკლედ, საბავშვო ლიტერატურის კათედრის გამგეს, პროფესორ ზურაბ ბოცვაძეს, გერმანიიდან ჩამოუტანია 1982 წელს ბერლინის „საბავშვო წიგნების გამომცემლობის“ მიერ გამოცემული პროზაული „ვეფხისტყაოსანი“ ბავშვებისთვის. გერმანული ტექსტის ავტორი იყო ვიქტორია-რუიკა-ფრანცი და წიგნი რობერტ პოლის მიერ იყო ილუსტრაციებით გაფორმებული.
რაკი ამ გამოცემაზე საქართველოში არავიტარი ინფორმაცია არ მოიძებნებოდა, ბატონმა შალვამ დავალება მომცა: უნდა მეთარგმნა გერმანული ვერსია, შემედარებინა დედნისთვის, ყურადღება მიმექცია, როგორ იყო გადმოტანილი აფორიზმები და ასე შემდეგ. თარგმანის შესავალი გვაცნობდა: „პოეტური პროზით უამბობს ვიქტორია-რუიკა-ფრანცი ჩვენს ახალგაზრდა მკითხველებს ვეფხისტყაოსანი რაინდის თავგადასავალს იმ ეპოსის მიხდვით, რომელიც ქართველმა მგოსანმა რუსთაველმა დაწერა მე-12 საუკუნეში“. შენიშვნებში კი ავტორი აღნიშნავს: „წიგნები ნამდვილად დროის მანქანები არიან, ისინი წარსულ საუკუნეებშიც გვახედებენ და მომავალშიც იჭრებიან.. ფანტაზია და მკვლევრის მისწრფება არის მამოძრავებელი მასალა, ხოლო პოეტები კონსტრუქტორები არიან“.
პოემის დასასრულს კი ვკითხულობთ: „თქვენ მხარში ედექით მამაცი რაინდის ამაღელვებელ თავგადასავალს და მკაცრ განსაცდელებს, მასთან ერთად გაიზიარეთ ჭირი და ლხინი…. ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმ პოეტის შესახებ, რომელმაც ეს პოემა გვიძღვნა…“
რუსთაველის აფორიზმებს ვიქტორია „ოქროს ძაფებს“ უწოდებს, რომლებიც მთელს პოემას გასდევენ. შემდეგ ახალგაზრდებს ესაუბრება იმაზე, თუ ავტორის მსგავსად პოემის გმირები როგორ ისწრაფვიან სამართლიანობისა და ბედნიერებისაკენ. ისინი ებრძვიან ამქვეყნიურ ყოველგვარ ბოროტებას და მთელს თავის ნიჭსა და უნარს ავისა და ბოროტის დასათრგუნად წარმართავენ. პოემის გმირების მეგობრული კავშირის ფოლადის ჯავშანზე იმსხვრევა და სისხლით იღებება ყაჩაღები, მეკობრეები და მტრები… ჩვენ ვიბრძვით დროის დემონებთან, ომის, სოციალური უსამართლობის, რასისტთა სიძულვილის წინააღმდეგ. ყველა ხალხი ერთსულოვნად, თანხმობითა და თანასწორი უფლებით უნდა ცხოვრობდეს, ყოველი ადამიანი თავის გვერდით მყოფ ადამიანებს პატივს უნდა სცემდეს – აი, ამ იდეებს უნერგავს ვიქტორია-რუიკა-ფრანცი რუსთაველის პოემის მონათხრობით პატარებს.
ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო კვლევა გამოგვივიდა და ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა სტუდენტობაში მეცნიერების გზაზე. ამიტომ კიდევ უფრო მძაფრად მახსოვს, როგორ ვიმუშავე ამ საკითხებზე. და კიდევ იმის გამო, რომ მალევე ჩემი მასწავლებელი, შალვა პაპუაშვილი, გარდაიცვალა… ერთ დღესაც, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გამოწერილი წიგნებით რომ ველოდებოდი და დაიგვიანა, რაც მისთვის დამახასიათებელი არ იყო, კათედრაზე მოვიკითხე და შემზარავი ამბავიც გავიგე. მოკლედ, ბევრი მიზეზი მაქვს, რომ კარგად შემენახა ცნობიერებაში ეს დრო და გერმაულ ენაზე ახალგაზრდებისთვის გამოცემულ „ვეფხისტყაოსანზე“ ფიქრი.
ნაშრომის ბოლოში ვწერდი, რომ რა კარგი იქნებოდა, ასეთი საჩუქარი ქართველი ბავშვებისთვისაც რომ არსებობდეს მეთქი, მაშინ ხომ მოსწავლეებს დაძალება აღარ დასჭირდებოდათ, პოემის ორიგინალიც წაეკითხათ… 3 ათეულზე მეტი წლის შემდეგ კი მე მომიწია მესაუბრა ბავშვებისთვის გამოცემულ „ჩემს პირველ „ვეფხისტყაოსანზე“, რითაც ერთგვარად წრე შეიკრა სურვილსა და მის ასრულებას შორის.
ყველა დრო გამონახავს ახალ ფორმებს და ტექნოლოგიებს, რომ ეს ტექსტი ახლოს მიიტანოს მკითხველამდე – ეს იქნება, ზღაპრები, მითები, ამბები „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით… ფილმები, ანიმაციები, კომიქსები, თამაშები… ოკულუს-ტექნოლოგია და სხვა და სხვა.
მთავარი ამ ეტაპზე ის არის, რომ „ნავსი გატყდა“, დაიძლია ტექსტის „ხელშეუხებლობა“… მთავარია, ინტერპრეტაციები ტექსტს მიჰყვებოდეს და მთავარი იდეები არ დაიკარგოს. „ვეფხისტყაოსნის“ იდეები კი არასდროს დაძველდება – მეგობრობა, სიყვარული, თანადგომა, სინათლისა და სიბნელის ბრძოლა – ქვეყნის გაჩენიდან მის აღსასრულამდე არსებობდა და იარსებებს!
„ვეფხისტყაოსანი“ – ეს არის, ამავე დროს, ჩვენს შინაგან სამყაროში მოგზაურობა, ერთი სრულყოფილი მარშრუტი საკუთარ თავთან შესახვედრად და ამ გზაზე საკუთარი სიბნელეების გასანეიტრალებლად, რათა საბოლოოდ შეიმუსროს ბოროტების სიმბოლო „ქაჯეთის ციხე“ და აღსრულდეს მთავარი აქტი:
„ნახის, მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთავრე – გველსა!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი