შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საპნის ბუშტები თუ ,,საპნის ბუშტები?’’

ვიზუალური სქემების გამოყენება გაკვეთილზე მოსწავლეთა დიდ დაინტერესებას იწვევს და ხალისიან განწყობას უქმნის მათ. ამავდროულად, გრაფიკული ორგანიზატორები ინფორმაციის სტრუქტურირების საუკეთესო საშუალებაა და  ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარის განვითარებას. ამ პროცესში ისინი ფიქრობენ, კითხულობენ, წერენ, აკვირდებიან მოვლენებს,  ამყარებენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, აკეთებენ ტექსტის ძირითადი კომპონენტების იდენტიფიცირებას, მის გრაფიკულად განლაგებასა და დაჯგუფებას.

როგორ მივაჩვიოთ მოსწავლეები, თვითონ შექმნან ვიზუალური სქემები?

დავიწყოთ მარტივი ინსტრუქციის შედგენით. მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ აქტივობა უნდა იყოს ძალიან სახალისო და საინტერესო.

ბავშვებს ძალიან უყვართ საპნის ბუშტების გაშვება, რომელიც ასოცირდება ბედნიერებასთან, სიხარულთან და თავისუფლებასთან.  მოსწავლეებს რამდენიმე დღით ადრე ვეუბნებით, რომ  დასჭირდებათ ჩვეულებრივი საპნის ბუშტების გასაშვები სითხე, (რა თქმა უნდა, მასწავლებელსაც უნდა ჰქონდეს) რადგან ძალიან მხიარული და საინტერესო გაკვეთილი ელოდებათ…

საპნის ბუშტები თუ ,,საპნის ბუშტები?’’

გაკვეთილზე, რამდენიმე დღის შემდეგ…

– ბავშვებო, გთხოვთ, მოამზადოთ საპნის ბუშტების ქილები.

  1. ჩაიფიქრეთ სურვილი და ბუშტი გაბერეთ.
  2. დაფიქრდით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს სურვილი ასრულდეს და

ბუშტი გაბერეთ.

  1. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ თქვენი სურვილი ასრულდება და ბუშტი

გაბერეთ.

  1. მეწყვილეს გაუზიარეთ, რა ბედნიერი ხართ, რომ სურვილი აგისრულდათ და

ბუშტი გაბერეთ.

  1. წყვილებმა ერთმანეთს უსურვეთ კეთილი სურვილები და ბუშტი

გაბერეთ.

შენიშვნა:  ყოველივე ზემოთქმულს მასწავლებელიც აკეთებს.

საერთო მხიარულების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობთ,  შეადგინონ ინსტრუქცია საპნის ბუშტების დახმარებით. ამისთვის გამოვიყენებთ გრაფიკულ მაორგანიზებელ „საპნის ბუშტებს“.

სქემა ივსება მარცხნიდან მარჯვნივ. მარცხენა კიდეში მოთავსებულ „ბუშტში“ იწერება 1-ლი ნაბიჯის აღმნიშვნელი ცალკეული სიტყვა/სიტყვები, მომდევნო „ბუშტში“ –

მეორე ნაბიჯის აღმნიშვნელი სიტყვა/სიტყვები და ა.შ. „საპნის ბუშტებზე“ ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები დაწერენ მარტივ ინსტრუქციას.

მაგალითად, როდესაც დაწყებით საფეხურზე ვასწავლით, როგორ გავარკვიოთ მოცემული სახელის ფუძე ბოლოხმოვნიანია, თუ ბოლოთანხმოვნიანი, შეიძლება მოსწავლეებს გავაკეთებინოთ ,,საპნის ბუშტების’’ ამგვარი ვიზუალური სქემა:

 

 შენიშვნა: მოსწავლეები სახატავი რვეულის ფურცლებზე ფერადი ფანქრებით ხატავენ სიმბოლურ საპნის  ბუშტებს და მასწავლებლის მინიშნებებით ავსებენ.

გრაფიკულ მაორგანიზებელ „საპნის ბუშტებზე“ მკაფიოდ ჩანს ყველა ის ნაბიჯი, რომელთა თანმიმდევრობით შესრულების  შემდეგ მოსწავლეებს უკვე აღარ გაუჭირდებათ ინსტრუქციის შედგენა. მისი საბოლოო სახე ასეთია:

 

 

შენიშვნა: მნიშვნელოვანია, ინსტრუქციას ყოველთვის ახლდეს პრაქტიკული მაგალითი.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ საკუთარი ხელით შექმნილი ინსტრუქცია და დიდი სიხარულით განათავსებენ  საკლასო ოთახის კედელზე, „წესების გალერეაში“. ისინი სასიამოვნოს და სასარგებლოს შერწყმით ეჩვევიან დამოუკიდებლად მუშაობას, ინდივიდუალურად ავლენენ კომპლექსურ უნარებს და  დროთა განმავლობაში შეძლებენ კიდევ უფრო რთული ინსტრუქციების შექმნას, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.

მართალია, საპნის ბუშტების გაშვება განსაკუთრებულად უყვართ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, მაგრამ გრაფიკული მაორგანიზებელი „საპნის ბუშტები“ შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი საფეხურისა და საგნის სწავლების პროცესში,  რადგან  საპნის ბუშტების გაშვებით განცდილ სიხარულს და ბედნიერებას ასაკი არა აქვს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი