ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კადრიდან ამოჭრილი მავთულხლართები

 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ 2019 წლის

6 სექტემბერია  – მზე დროდადრო გამოტეხავს ხოლმე ღრუბლის ნაჭუჭებს და დღის ტყავს მშვიდ ზოლებად ყოფს. ჰაერი უცნაურადაა დამუხტული  –  კაკლის ხეების საშემოდგომო ალმურს ტაძრის ღია კარიდან გამოდენილი დილის წირვის მუხტი ერთვის. გული ყველას ამოვარდნას აქვს. ყველას, ვინც იცის, რა მიწაზე დგას და სულ ოდნავ, რამდენიმე ეზოს იქით რომ გადაიხედოს, რას დაინახავს…

ეს ნიქოზია. ქართლის შუაგული, რამდენიმე ასეული მეტრის შორიახლოს კი ცხინვალი მოჩანს, ახლა უკვე საგულდაგულოდ გამიჯნული და „დაკარგული.“ ნიქოზის ტაძრის და მეუფე ისაიას რეზიდენციის ეზო ხალხითაა სავსე. შემოდგომა ნიქოზში სულ ასე, ხალხმრავლობით იწყება _ უკვე მეცხრე წელია, აქ, ამ ნატანჯ ადგილას ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.

ფესტივალის იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ეკუთვნის. საქართველოში მგონი ყველამ იცის მეუფე ისაიას სახელი და საქმე. ვინც არ იცის კიდევ, მოკლედ ვეტყვით _ ეს ის სასულიერო პირია, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის და შემდგომ პერიოდში წამითაც არ დაუტოვებია ნიქოზი და ახალგორი, ვინც საკუთარი ნებით არჩია მძევლობა ახალგორში, რათა იქაურ მრევლს  – ქართველებსაც და ოსებსაც, გვერდიდან არ მოშორებოდა, გაემხნევებინა, სამეურნეო საქმეშიც დახმარებოდა, სულის საზრდო მიეცა; ვინც წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებისთვის ნაჩუქარი და მთელი ქვეყნის მიერ ყბადაღებული „ჯიპი“ ჩუქებისთანავე გაყიდა და სოფელს ავტობუსი უყიდა, დღესაც ემსახურება ის ავტობუსი ნიქოზს. ასეთი მოღვაწეა მეუფე ისაია –  ჩვენი დიდი წინაპრების ღირსეული შთამომავალი, თავად პროფესიით ანიმატორი, ხელოვნების დიდი მოყვარული და სულით და გულით შემოქმედი.

„რომელიმე სხვა სოფლის მსგავსად იქნებ ვინმემ სოფელ ნიქოზსაც უწოდოს ქვეყნის დასალიერი, მაგრამ მადლობას გეტყვით, რომ თქვენი წვლილი შეგაქვთ ასეთი კულტურული სივრცის არსებობაში და კიდევ უფრო გვიღრმავებთ რწმენას, რომ სოფელი ნიქოზი ქვეყნად ჩვეულებრივი სოფელი კი არაა, არამედ სწორედ იგი არის სამყაროს ცენტრი…“

– ესაც მეუფე ისაიას  სიტყვებია, რომლითაც ის წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს მიესალმა.

ფესტივალი 1-6 სექტემბერს გაიმართა და როგორც წინა წლებში, ახლაც მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე. შთამბეჭდავი იყო როგორც მოწვეული სტუმრების, ასევე ქართული პროგრამა _ ანიმაცია, სახვითი ხელოვნება, მუსიკა.

წელს ფესტივალს ათამდე ქვეყნიდან ესტუმრნენ ცნობილი ანიმატორები. ფესტივალის სამხატვრო დირექტორი ფერნანდო გალრიტო გახლდათ _ პორტუგალიელი ანიმატორი, რომელმაც პორტუგალიური ანიმაციის რეტროსპექტივა შესთავაზა ფესტივალის მონაწილეებს და მაყურებლებს. საფრანგეთი, პოლონეთი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, ჩეხეთი  –  ასეთი მასშტაბური რუკით წარდგა წლევანდელი ფესტივალი და ამ რუკაზე, უკვე მერამდენე წელია, მონიშნულია საქართველოც, ქართველი არტისტები, რომლებიც ძალიან საინტერესო  და შთამბეჭდავ ანიმაციურ ფილმებს ქმნიან.

მეუფე ისაიას ინიციატივით, ნიქოზის ხელოვნების სკოლაში რამდენიმე წელია ისწავლება ანიმაცია. წელს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, ქართველმა მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები  –  მხიარული, ბედნიერებით გამსჭვალული პაწაწინა ანიმაციები წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებამ ერთი სიახლის შესახებაც შეიტყო: ნიქოზში იგეგმება „ხელოვნების სახლის“ მშენებლობა, რომელიც ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად იქნება განკუთვნილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს, სადიპლომო ნამუშევრებისთვის, მიეცათ დავალება შეესრულებინათ „ნიქოზის ხელოვნების სახლის“ და „ნიქოზის ხელოვნების სკოლის განვითარების“ პროექტები. სწორედ ეს პროექტები იყო წარმოდგენილი ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე.

ფესტივალის ბოლო დღეს ნიდერლანდების  ცნობილი ჰოლანდიელი (მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში) ანიმატორის, მაიკლ დუდოკ დე ვიტის ფილმების ჩვენება და მასტერ-კლასი გაიმართა. მაიკლ დუდოკის ფილმებმა „ბერი და თევზი“, „მამა და პატარა გოგონა“ უამრავი პრიზი მოიპოვა. მისი შემოქმედება გამოირჩევა სულიერებით, მშვენიერების სამყაროს მიმართ სწრაფვით, სევდისა და სიხარულის გულწრფელობით. ჩვენების შემდეგ დუდოკმა ნიქოზში გატარებულ დღეებზეც ისაუბრა, როგორც სამომავლო გამოცდილებაზე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მოუხიბლავს ქართულ მუსიკას, არქიტექტურას და დამწერლობას. ვფიქრობ, ეს შთაბეჭდილება ჩემს ანიმაციებშიც იჩენს თავსო, _ გამოუტყდა მაყურებელს.

გორის ქალთა კაპელას სულისშემძვრელი კონცერტის შემდეგ კი, მეუფე ისაიამ სტუმრები რეზიდენციის აივანზე დაპატიჟა. ამ აივნიდან ხელისგაწვდენაზე მოჩანს ცხინვალი. ცხადია, ყველა სტუმარმა იცოდა, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში მოდიოდა, იმ სოფელში მოდიოდა, სადაც ოკუპაციის ჭრილობა ყველაზე მტკივნეულია. ამ დღეების განმავლობაში უამრავჯერ ახსენეს სიტყვები: „ომი“, „ოკუპაცია“, „მავთულხლართები“…

„მავთულხლართები და თხრილები, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ნიქოზიდან სულ რამდენიმე მეტრში იქნა გავლებული, ჩვენი ღრმა რწმენით  –  დაიძლევა! მას შეეწევა ისეთი საქმიანობა, როცა ურთიერთობები გახსნილია, როცა შესაძლებელია დიალოგი, თანამშრომლობა, ერთანეთის პატივისცემა, დახმარება, მეგობრობა და სიყვარული“  –  ესეც მეუფე ისაიას სიტყვებია, რომლებითაც მან სტუმრებს მიმართა. ზოგადად, ფესტივალის მრწამსიც ესაა, უფრო ზოგადად  –  ხელოვნების, შემოქმედების მთავარი აზრია!

ნიქოზშიც ეს განწყობა ტრიალებს, ფესტივალის დროსაც და ისედაც, როცა არ უნდა მოხვდეთ იქ. ცოტათი ზღაპრული, მხატვრული, შემოქმედებითი, თითქოს ადამიანებმა ძალიან მოინდომეს და საკუთარი ძალისხმევა მხოლოდ იმას დაახარჯეს, რომ გარემო გაეფერადებინათ. ნაომარი, მოწყენილი, სამშობლოდაკარგული გარემო. და, გამოუვიდათ. ყველას ერთად  –  დიდებსაც და ბავშვებსაც.

მათ მთავარი ანიმაციიდან  –  ცხოვრებიდან, მავთულხლართების კადრები ამოჭრეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი