პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პროექტ-გაკვეთილის მნიშვნელობა ბუნების გაკვეთილზე

პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან.

რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?

  • იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
  • იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარები;
  • მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს უბიძგებს პრობლემების სათავის მოძიებისკენ, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
  • მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.

მინდა, გაგიზიაროთ გამოცდილება, როგორ მოვამზადე და ჩავატარეთ პროექტ-გაკვეთილი თემაზე „დავიცვათ გარემო“. ჩვენი პროექტის მთავარი ამოცანა იყო, მოსწავლეებს     გამოემუშავებინათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.

სამიზნე ჯგუფი გახლდათ მეორე კლასი. ვგეგმავდი რა, პროექტის განხორციელების გზებს, იმთავითვე გამოკვეთილი მქონდა მიზნები. მოსწავლეებმა:

  • დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
  • განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
  • დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება.

 

ინტეგრირებული საგნები, ბუნება, ხელოვნება, ისტი

 

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები თანამიმდევრულად განხორციელდა:

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჯგუფებად ემუშავათ და ცალკეულ ჯგუფს ერთად წარმოედგინათ პრეზენტაცია. დაიგეგმა, რომ პროექტი განხორციელდებოდა 4 კვირის ფარგლებში.     ჯგუფებმა აირჩიეს ლიდერები, რეგულარულ შეხვედრებზე ერთმანეთს აცნობდნენ მოძიებულ ინფორმაციას, მართავდნენ დისკუსიას, ხდებოდა აზრთა გაცვლა, სხვისი აზრის პატივისცემა, ეჩვეოდნენ და სწავლობდნენ თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს, მსჯელობდნენ. მე ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი  მითითებებს.

მოსწავლეთა კატეგორიამ, რომლებიც შედარებით კარგად ფლობდა კომპიუტერით მუშაობის ჩვევებს, აიღო ვალდებულება, მოემზადებინა პრეზენტაცია New Microsoft PowerPoint Presentation-ში; რომელთაც ჰქონდათ ხატვის უნარი, მოამზადეს კედლის გაზეთი.

მოსწავლეებს გამოუმუშავდათ პრეზენტაციის  სხვადასხვა ფორმით მომზადების ამ შემთხვევაში Power Point-ში და კედლის გაზეთზე მუშაობის ჩვევები. მომზადებული იქნა პრეზენტაციები.

ჯგუფებმა პროექტის განხორციელება პროექტით გაწერილ დროში შეძლეს. საჭირო გახდა სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირება. მასწავლებლების მითითებით და კონსულტაციებით ისინი ახერხებდნენ აზრის ლოგიკურად, თანამიმდევრულად, შემოქმედებითად გადმოცემას და სლაიდებზე ესთეტიკურად განთავსებას. რაც სხვა საგანში შეძენილი ცოდნის ტრანსფერის უნარად ჩამოყალიბდა.

პრეზენტაციის დღეს ჩატარდა გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ დაწყებითი კლასის კათედრის წევრები, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, შეფასების ჯგუფის წევრები და სხვა დაინტერესებული პედაგოგებიც. ყველა პრეზენტატორისა და წევრების საქმიანობა შეფასდა წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

მაქსიმალურად გამოვიყენეთ რესურსები. (ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი)

პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობა არის ის, რომ მოსწავლეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, ინფორმაციის მოძიებას,  შედარებას, ახერხებენ დროის გონივრულად განაწილებას და გამოყენებას, საქმიანობის დაგეგმვას,  თანდათან აგებენ ცოდნას. ანუ ეს მეთოდი კონსტრუქტივისტულია.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილები, სადაც გამოყენებულია კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო- და ვიდეომასალები და უფრო მეტად მოსწონთ, თუ თვითონ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ინფორმაციისა და საჭირო ვიზუალური მასალის მოძიებაში.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ ბავშვებს აღარ გაუჭირდებათ, უპასუხონ კითხვებზე – რა მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანისათვის? როგორ ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას? რის გაკეთება შეუძლიათ მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად? როგორ უნდა მოიქცნენ ამისათვის?

ვფიქრობ, რომ მიზანი მიღწეულ იქნა. შემიძლია შედეგებზეც ვისაუბრო: მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, ერთმანეთის აზრის პატივისცემის უნარი, პროექტზე მუშაობის პერიოდი – იყო ძიების, შემოქმედებითი აქტივობის, ახალი უნარების შეძენის პერიოდი. ისწავლეს Power Point-ში პრეზენტაციის დამოუკიდებლად მომზადება, თუ როგორ უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია. მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები, რაც უფრო მეტად სრულყოფს გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას, ისწავლეს როგორ მოიძიონ საჭირო ინფორმაციები იტერნეტში, როგორ დაახარისხონ მოძიებული მასალა.

ერთმანეთს დაუკავშირეს სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნა და მოახერხეს ცოდნის ტრანსფერი.

პროექტ-გაკვეთილის გეგმა ატვირთულია

ბლოგზე: https://marinatakidzeintel1982.blogspot.com/

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=2565
  2. https://elearningindustry.com/project-based-learning-better-traditional-classroom
  3. ესგ 2018-2024წ საგნობრივი პროგრამა 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი