ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სახალისო აქტივობების როლი სწავლებაში

ინტერაქტიური მეთოდიკით სწავლება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ხალისი და დაინტერესება შეიტანოს გაკვეთილებზე, დაანახოს მოსწავლეებს შესასწავლი საკითხის  აქტუალობა.  არსებობს გარკვეული სტერეოტიპები მათემატიკის სწავლა-სწავლების  სირთულესთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებით საშიშია  სწავლების პირველ საფეხურზე, რათა მოსწავლეს არ ჩამოუყალიბდეს ამ საგნის მიმართ ისეთი განწყობა, რომ მათემატიკის სწავლას უნდა „ნიჭი“ და ყველას არ შეუძლია.   ბოლო რამდენიმე წელია, მათემატიკას ვასწავლი პირველ საფეხურზე. მინდა, გაგიზიაროთ ის  სახალისო აქტივობები, რომლებსაც ინტენსიურად ვიყენებ ჩემი გაკვეთილების გასამრავალფეროვნებლად.

 

გამრავლების ტაბულის შესწავლა დიდ რუტინასთან არის დაკავშირებული. მე ხშირად ვიყენებ ისეთი ტიპის სქემებს, რომლებიც მოსწავლეს ეხმარება, თავი გაართვას ნახევრად ამოხსნილ „მაგალითებს“ და თან ივარჯიშოს გამრავლების ტაბულის  გააზრებულ დასწავლაში.

ასეულების შესწავლისას სავარჯიშოს დიზაინში თამაშის ელემენტის შეტანა  მოსწავლეს ბიძგს აძლევს  ხალისით ჩაერთოს აქტივობაში.

გთავაზობთ სავარჯიშოს – „აღმოაჩინე დაფარული რიცხვები“, რომელიც  ზრდის მოსწავლის მათემატიკურ წიგნიერებას და  უვითარებს  მას სემიოტიკურ უნარებს.

სავარჯიშოს ინსტრუქცია – გამოიცანი, რა რიცხვს ფარავს თითოეული ხილი და ქვემოთ აღნიშნე მითითებულ უჯრებში, შემდეგ კი გააფერადე.

 

მოსწავლეებს ხშირად უჭირთ  რაოდენობრივ ანალიზთან დაკავშირებულ ამოცანებზე და მაგალითებზე მუშაობა. ამიტომ  ვცდილობ,   სწავლების პირველ საფეხურზე  ხშირად გამოვიყენო  სახალისო  აქტივობები, რომლებიც  დაწყებითი კლასის მოსწავლეებს  ინფორმაციის ტრანსფორმირების  და სტატისტიკური უნარის  განვითარებაში ეხმარება.  მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი  „მხიარული სქემა“, რომელსაც მარტივი ინსტრუქცია ახლავს – დათვალე  თითოეული  ობიექტი. მონაცემები შეიტანე  ცხრილში, ანუ  გაამუქე რაოდენობის აღმნიშვნელი უჯრა.

 

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი ოსტატურად ახერხებდეს სხვადასხვა ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების სასწავლო მასალაში ინტეგრირებას, რათა თანაბრად უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის სწავლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, მასწავლებელმა დაგეგმოს გაკვეთილი, დაამუშაოს მასალა ისე, რომ მოარგოს სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა  ჯგუფს. ამისთვის ის გამუდმებით უნდა იკვლევდეს თავის სამიზნე აუდიტორიას და პოულობდეს პასუხს კითხვაზე, როგორ და რა გზით დააკმაყოფილოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნები და სწავლის განსხვავებული სტილი.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა მათემატიკაში 2018-2024
  2. გზამკვლევი, მათემატიკა 1-6 კლ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი