პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ასკეტობა და იდეალები

წლების წინანდელი ამბავია. ერთმა მსახიობმა გაიხსენა, თუ როგორ უთხრა ქართველ პოლიტიკოსთა ჯგუფს პირად შეხვედრაზე, – ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი ცდუნებაა და ეცადეთ ორი რამ შეინარჩუნოთ – ასკეტობა და იდეალებიო.

რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი რომ არა, ეს ბევრს დაუმტკიცებია, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. ოღონდ ეგაა, ჩვენში რატომღაც ერთი დღის საქმე ჰგონიათ პოლიტიკოსობა და უმეტესობა იმას ცდილობს, დღეს მიითალოს თავისი ულუფა და დროულად დაითრიოს მოზრდილი ნაჭერი. მათი მორალი: „მაინც არავინ არაფერს არ დაგიფასებს და დასაკლები არ უნდა დაიკლო“; „ხალხის მოსაწონს მაინც ვერ იზავ და პაეზდკებში გაშრიალება მაინც შეგრჩეს ამ პახაობიდან“; „ხვალ-ზეგ, ვინ იცის, სად იქნები და ახლობელ-ნათესავებში კი უნდა გამოგეყოფოდეს თავი“.

– ამ ქვეყანას ვერ გაასწორებ, შვილო, – მითხრა ერთმა ტაქსისტმა, გვიანი საღამო იყო, ჭავჭავაძიდან ბაგებისკენ ავუყევით, – ზვიადა რომ იყო შეგნებული და პატიოსანი, რა მოიგო მაგითა?! – ხელი აიქნია და გამომცდელად გადმომხედა. ოთარ გვიჩიანის მიერ მოყოლილი ამბავი გამახსენდა: დილარ ხაბულიანს უთქვამს მისთვის (შინაგან საქმეთა მინისტრს 1990-1991 წლებში), შენ კი იცი, კარგი ჩაცმა მიყვარს, მაგრამ პრეზიდენტთან შესახვედრად რომ მივდიოდი, მეორე, უფრო ნახმარ პიჯაკს შემოვიცვამდი, ზვიადს რომ შენიშვნა არ მოეცა და საყვედური არ ეთქვაო.

როცა ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები შედიან ღრმა კომფორტის ზონაში, მათი ეს მდგომარეობა სახელმწიფოს ძვირი უჯდება ხოლმე. სხვათა შორის, ფინანსურზე მეტად – იდეებისა და იდეალების თვალსაზრისით.

ბექა ქურხულმა მითხრა ამასწინათ, – ადრე ისე სწირავდნენ სიცოცხლეს, თითქოს მეორედაც მოვიდოდნენ ამ ქვეყანაზე, ახლა კი ისე უღირსად ებღაუჭებიან, გეგონება სამუდამოდ ცას გამოეკერებიან ეგ ჩემისებიო.

– ერთ ქვეყანას რომ ააშენებდა, იმდენი გაუხარჯავი ენერგია ჩაიდო მიწაში სავეტსკი საიუზის გაფართხალებიდან დღემდე, – ამბობდა ჩემი მეგობარი ტუსკია, რომელიც ქურხულს ვერა და ვერ გავაცანი, – ყველაფერს ეყოფოდა. ახლაც, ხომ თითქმის განახევრებული და მოცელილები ვართ, ამ ჭკუაზე და იმ ძალით თუ გავიწევით, ეგებ ცოტათი სული მოვითქვათ. ფუჭი რაღაცებით ვცდებით და ერთმანეთის შურით ვიბრმავებთ თვალს.

დაბერებულხარ-მეთქი, – ვუთხარი. ფეხზე წამოდგა და მანქანებით გაზიმზიმებულ გზატკეცილს გახედა.

– რაზე შემატყვე?

– ადრე მკვეთრად სოციალურს აწვებოდი, ბევრჯერ გითქვამს, კონტემპორარი ახალგაზრდის თემა ეგაა, ადრეც ამას რომ მივყოლოდით, ასეთ ნეხვში არ ვიქნებოდითო.

– სწორე მითქვამს, უბრალოდ ნათქვამს შესრულება უნდა და ეგ მე კი არა, ეიბ ლინკოლნს არ დასცალდა ბოლომდე.

– ბლოგს ვწერ, „ასკეტობა და იდეალები“ ჰქვია. ადრეც გვილაპარაკია. ხალხი ზევით რომ აცოცდება და გასაღებს კარგავს, მადა ეხსნება და ჯამიდან თავის ამოყოფა არ უნდა.

– მერმე?

– ფინალი ვერ მოვიფიქრე.

– რად გინდა ფინალი?

– სჭირდება. გული მიგრძნობს, სჭირდება.

– ტაააქს… ჩემს ბავშვობაში, – ტუსკია ისევ ჩამოჯდა, – ერთ ნათესავ კაცს შვილიშვილი მოჰყავდა ჩვენთან. შუა სუფრის დროს სკამზე დააყენებდა და შესძახებდა: „ლენინს ქაგორი!“ ჰოდა, ის ბავშვი რომ მიუშვებდა გინების კორიანტელს ლენინის სულის საოხად, გაჩერება უჭირდათ. სულ მშურდა იმ ბიჭის – ისეთ რამეს აკეთებდა, სხვასაც რომ უსწორდებოდა და თვითონაც ისწორებდა. „ლენინს ქაგორი!“ ეტყოდნენ და მიუშვებდა ავტომატის ჯერივით, დედ-მამის სულს ამოუტრიალებდა. ჯერ კიდევ სესერეკას ხანა იდგა, და ალბათ ამიტომაც საბჭოთა პროლეტარიატის ბელადის ამგვარმა კრიტიკამ ისე იმოქმედა ჩემზე, დღემდე მინდება, ლენინის ყველა წინაპარს და შთამომავალს, ვინც ამ მიწაზე იარაღით მოვიდა, იმ პატარა ბიჭივით სული მოვუხსენიო… ჰა, როგორია, გამოგადგება?

სუნთქვაშეკრული ვუსმენდი. ტუსკიას ნათქვამმა მისი ცალხაზიანი რვეული გამახსენა, ფეხბურთელების „ნაკლეიკებითა“ და გაზეთიდან ამოჭრილი ფიგურებით რომ გამოევსო. „ქართველები ცოტანი ვართ და ვინც მაგარია, ყველა უნდა ჩავაწებო“, – ასე ჰქონდა დაქადნებული და მეც უცებ მომინდა, მის დაუკითხავად ჩამეწერა თუ ჩამეწებებინა ის პატარა ბიჭი, ლენინის და მისი მემკვიდრეების გინებით რომ დაამახსოვრა ტუსკიას თავი; იმ ბიჭების სახელები, 90-იანებში და მერეც, ისე დაუნანებლად რომ კვდებოდნენ, გეგონება მეორედაც გამოახელენ თვალს მარტის მზიან დილითო; და ტაქსის მძღოლის მიერ ნახსენები პრეზიდენტი, რომელთანაც მისი მინისტრი ნახმარი პიჯაკით მიდიოდა შეხვედრაზე, ახალს და გაპრიალებულს კი მანქანაში გამოჰკიდებდა, ემანდ რამე უკადრისი არ მითხრასო; ის ნიჰილისტი ტიპებიც, ყველაფრის აბუჩად აგდება და გამასხრება რომ უყვართ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველაზე კრიზისულ მომენტში ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილივით ყველა ენა გაუქრებათ გონებიდან, მშობლიურის გარდა.

– ჰა, როგორია? – მიმეორებს ტუსკია და კედელზე გაკრულ უზარმაზარ რუკას გასცქერის, – ასკეტობა და იდეალები. ისტ ენდ ვესტ. ისტ ორ ვესტ?.. ორ ნორს?. ასკეტობა და იდეალები. ასკეტ…

ხმას ვერ ვიღებ მიწანაჭამი ფორვარდივით, მცველს რომ დაასწრო და ვარდნაში გადახურა მხოლოდ მისთვის გამიზნული პასი, ოღონდ ჯერ რომ არ იცის, ბურთი ბადეშია თუ სხვაგან…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი