პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მე თუ შენი ქართულის მასწავლებელი ვარ…

ამბობენ, ქვეყნის კეთილდღეობა ორი სფეროს – განათლების და ჯანდაცვის სისტემებში არსებული მდგომარეობით იზომებაო… ქართული განათლების სისტემის კრიზისული ყოფა წლებს ითვლის თუ ეპოქებს, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ყველა პრობლემა, სახელმწიფოებრიობის განვითარების ყველა ხარვეზი რომ ამასთან არის დაკავშირებული, ეს კი ღრმად მწამს… ვერცერთი ხელისუფლება ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, თუ საზოგადოების ერთიანი ძალისხმევა და პრობლემათა სპექტრის იმანენტური საზოგადოებრივი ანალიზი არ დაიწყო. ხშირად ვიწონებთ ხოლმე თავს, რომ ჩვენი საზოგადოების განათლების დონე მაღალია, რომ უცხოეთში ვიწრო სპეციალიზაციით იღებენ განათლებას და ზოგადი განათლება აკლიათ, ხოლო ჩვენ ყველა სფეროში განსწავლული საზოგადოება გვყავს, მაგრამ სწორედ ეს ყოვლისმცოდნე დილეტანტიზმი მგონია დამღუპველი. ყველაფერი ვიცით, მაგრამ არაფერიც არ ვიცით… უნივერსიტეტის ბაკალავრიატს როგორც კი მივახრჩობთ და ბაკალავრის დიპლომს ხელში დავიჭერთ, უკანასკნელ გამოცდაზე რომ დავხურავთ წიგნს, მერე წლობით აღარ ვიღებთ ხელში, მერე მხოლოდ მუშაობა გვსურს, მაღალანაზღაურებადი სამსახური, ყველას საბიუჯეტო ორგანიზაციებში მაღალჩინოსნობა ქცევია ცხოვრების მიზნად… ცხოვრების სიავითა თუ სიკარგით გართულთ მერე კვალიფიკაციის ამაღლება, ჩვენი, როგორც სპეციალისტის, უნარებისა და ცოდნის გაღრმავება და განვითარება აღარ გვჭირდება, თითქოს სამყარო იქ გაჩერდა, სადაც ჩვენ უნივერსიტეტი დავამთავრეთ, თითქოს იმის მერე ჩვენს სფეროში არაფერი შექმნილა…

განათლების სფეროს მუშაკობა არ არის აუცილებელი ქართული განათლების სისტემური კრიზისის გასააზრებლად, მაგრამ ჩემთვის ამ კრიზისის ანატომიაზე ფიქრისას ყველაზე დიდი შოკი რამაც გამოიწვია, ეს იყო მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ნაშრომების გასწორება. ქართულის მასწავლებელთა ნაშრომები… უკანასკნელ წლებში ქართულის მასწავლებლად ვიმუშავე კერძო სკოლაშიც და საჯაროშიც… მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები სატკივრად ქცეულა პედაგოგთა უმრავლესობისთვის. არადა, როცა ჩავაბარე, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ამ გამოცდებმა ბევრი მომცა, ცოდნაც მომცა და ფსიქოლოგიური თავდაჯერებულობაც… მეცადინეობით თავი არ მომიკლავს, მაგრამ სწავლის და სწავლების თეორიები და განათლების კანონმდებლობა წავიკითხე, რამაც თვალები სულ სხვაგვარად ამიხილა. ქართული ენისა და ლიტერატურის ჩასაბარებლად მომზადება ზედმეტად მიმაჩნდა, მაგრამ ამ თეორიების და კანონმდებლობის შესწავლამ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საგრძნობლად გაამდიდრა. მერე ამ თეორიებს სასწავლო პროცესში ვიყენებდი და თვითშეფასებისას სინდისი დამშვიდებული მქონდა.

სასწავლო გარემოში მთავარი აქტორი მოსწავლეა, უდავოდ. ყველაფერს მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე ვგეგმავთ და ვახორციელებთ. მაგრამ, მოდით, დავსვათ კითხვები: ვინ არის მოსწავლისთვის ქართულის მასწავლებელი? რა  გამოწვევებს უნდა უპასუხოს მან? რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ზოგადად მოსწავლის სააზროვნო სისტემების ფორმირების გზაზე?

რასაკვირველია, მასწავლებლები ყოველი კონკრეტული მოსწავლის განვითარებას სისტემატურად ვაკვირდებით. ერთ მოსწავლეს, რომელსაც პირობითად ბექას დავაქმევ და რომელიც მაღალი სააზროვნო უნარებით გამოირჩევა (თუმცა ცოტა საკუთარ კოგნიტურ თვითგანვითარებაზე სტაბილური და სისტემური მუშაობის უნარ-ჩვევები აკლია), შევამჩნიე, რომ უკანასკნელ პერიოდში აღარ ასრულებდა საშინაო დავალებებს და არც საკლასო ინტერაქტიურ პროცესებში მონაწილეობდა ჩვეული ხალისით. როცა ამის თაობაზე რამდენიმე კომენტარი ვუთხარი, შევატყვე, რომ სასწავლო პროცესისა და მასწავლებლისადმი პროტესტის რეჟიმი ჰქონდა გააქტიურებული. ვცადე ცალკე დავლაპარაკებოდი, მაგრამ ის არ იხსნებოდა. როცა მშობელსაც ვესაუბრე და ბექასაც არაერთხელ მივუბრუნდი, ის გამეხსნა და ასეთი რამ მითხრა:

  • ჩემთვის აღარ არის საინტერესო ეს ლიტერატურული ძიებები, რადგან ძალიან ხშირად არ ვიზიარებ იმგვარ წაკითხვებს, რომელთაც თქვენ გვთავაზობთ, ხოლო საკუთარი აზრები რომ გამოვთქვა, არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ მიიღებთო…

ძალიან შევწუხდი, რადგან უკვე ოთხი წელია მისი მასწავლებელი ვარ და თუკი მე ასეთი ნათელი გონების ადამიანი ვერ დავარწმუნე, რომ ჩემთვის განსხვავებული აზრი და ტექსტების ინტერპრეტაციები სხვადასხვა ვარიაციებით არამცთუ მიუღებელი, არამედ, პირიქით, ბევრად საინტერესო და სასურველია, რაღა ფასი აქვს ჩემს მასწავლებლობას? მე და ბექამ დიდხანს ვისაუბრეთ ამაზე და როცა მან ვერ უარყო, რომ ხაზგასმულად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს ყოველთვის ყველას განსხვავებული აზრისადმი, ახლა იმაზე დაიწყო აპელირება, რომ მისი აზრები ტრადიციულისგან განსხვავდება, ნოვატორულია, ხშირად მეინსტრიმს, გავრცელებულ თვალსაზრისებს აცდენილია და როცა ამგვარი აზრები რამდენჯერმე გაახმოვანა, თანაკლასელებმა დასცინეს. ბულინგი და არატოლერანტულობა ხომ ჩვენი სასკოლო გარემოს სერიოზული პრობლემაა?! რაც უნდა ვიმართლო თავი ბექას ან საკუთარი სინდისის წინაშე, რომ მე თავისუფლად მოაზროვნე მასწავლებელი ვარ და არასოდეს ვუშლი ბავშვებს ორიგინალურ თვითგამოხატვას, ფაქტი ფაქტად რჩება: კლასთანაც ჩემი საკეთებელია ის, რომ ბექას განსხვავებული მსოფლაღქმა, სკეპტიკური და კრიტიკული დამოკიდებულება ქართული მწერლობის იდეურ-თემატური პარადიგმების გარშემო სხვა ბავშვებისთვისაც მისაღები იყო, რომ მე უნდა შევქმნა გარემო, სადაც არანაირი, თუნდაც ნაივური და გაუგებარი აზრი, თუნდაც მცდარი აღქმა და ეპატაჟი მიუღებელი არ იყოს. მოზარდობის ასაკი იმისაა, რომ მსოფლაღქმისა და გემოვნების ჩამოყალიბების პროცესში ბევრი რამ სხვადასხვა კუთხით დაანახოს ადამიანს, შეცდეს, არასწორად გაიაზროს, მერე შეაჯეროს სხვათა შეხედულებები და ნელ-ნელა ჩამოაყალიბოს საკუთარი სააზროვნო სისტემები. ჩვენ, მასწავლებელმა და კლასმა, ერთობლივად უნდა შევქმნათ გარემო, სადაც დასაცინი არ იქნება არანაირი შეხედულება და თვალსაზრისი, სადაც ერთმანეთს, კორექტული არგუმენტებით შეიარაღებულნი, კამათის ცივილური ფორმებით განავითარებენ.

მოსწავლემ მიმახვედრა, რომ თავისუფალ აზროვნებას და მრავალფეროვნების პატივისმცემელ გარემოს მე დავაკელი ხელი და ახლა დრო იყო, ამ ხარვეზების გამოსწორებაზე მეზრუნა. მე და ბექამ ერთობლივად დავიწყეთ ფიქრი ამ თემებზე, გავმართეთ საკლასო დისკუსია, კლასის საათზე ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, განვიხილეთ ყველა პრობლემა, რომელიც თან ახლავს ამ პროცესებს, განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ამ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ერთობლივად მივედით იქამდე, რომ ყველაზე საინტერესო და განმავითარებელი სწორედ მეტაკოგნიციის პროცესია, რომ მეტაკოგნიციის სასარგებლო უნარებს სხვათა ნააზრევის გაცნობიერების, საკუთართან შეჯერებისა და დასკვნების გამოტანის პროცესი გვაძლევს.

მასწავლებლისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი და გამაღიზიანებელი, რომ მოსწავლეს თუნდაც მცდარი, საღ განსჯას აცდენილი შეხედულებები და აღმქმელობა ჰქონდეს. მასწავლებელმა კორექტული და არგუმენტირებული კომენტარებით, ლოგიკური მსჯელობითა და მეტყველი მაგალითებით უნდა მიიყვანოს მოსწავლე საღ აზრამდე, ხოლო თუკი მოსწავლის აზრები უბრალოდ განსხვავებული რაკურსით ხედვაა და არ ეწინააღმდეგება საღ აზრს, პატივისცემით უნდა მოეკიდოს მას და ხაზგასმით აუხსნას, რომ მისი შეხედულება მასწავლებლისთვისაც ახლებური და მისაღებია.

ამას წინათ ერთი ძალიან პატივსაცემი კოლეგა ვირტუალურ დებატებში წერდა, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების აღქმა თავისუფალ სივრცეებს უხსნის ყველას, მაგრამ ეს სივრცეები გარკვეულწილად მაინც შემოსაზღვრულია, რადგან თუ ლიტერატურა ხელოვნებაა, თავისუფალი ქმნადობაა და აღქმაც თავისუფალი უნდა იყოს, არსებობს ლიტერატურათმცოდნეობა, როგორც მეცნიერება, რომელიც, რასაკვირველია, ზუსტი მეცნიერება არ არის, მაგრამ მასაც აქვს გარკვეული მეცნიერული სისტემები და წესრიგი, რომლის ჩარჩოებშიც ექცევა ტექსტების კვლევა. ქართულის მასწავლებლის მისიაა, რომ გარდა ტექსტებით მიღებული ემოციებით ტკბობის უნარისა, ამგვარ მეცნიერულ სისტემებში გარკვევის, ტექსტებზე დაკვირვების, დამოუკიდებელი ნავიგაციის, კვლევისა და არგუმენტირების უნარები განუვითაროს ბავშვებს.

გამოუცდელი მასწავლებელი არ ვარ და ვინ იცის, რამდენნაირი გაუგებარი და უსაფუძვლო თვალსაზრისი ან აკვიატებული, პროტესტით ნასაზრდოები შეხედულება მომისმენია მოსწავლეებისგან. ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლეს თავადაც არ სჯერა ამოჩემებული თვალსაზრისისა, მაგრამ მაინც ჯიუტად იმეორებს საკუთარი ორიგინალურობის დასამტკიცებლად. როცა ბექას კლასთან განვიხილავდით განსხვავებული აზრის გადმოცემის კულტურას, გავიხსენეთ ერთი მაგალითი ბავშვების დაკვირვებებიდან. ილიას ერთ-ერთ პოეტურ ტექსტზე მუშაობისას ვსაუბრობდი ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტებსა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიაზე, რომელზეც, ჩემი ღრმა და ურყევი რწმენით, დგას ილია, როგორც განმანათლებელი, ლიდერი, მოაზროვნე, იდეოლოგი. როცა კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ილიას საზოგადოებრივ აქტივობებს (შემოქმედება, პუბლიცისტიკა, საგამომცემლო საქმე, სამართლის ინსტიტუტები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სათავადაზნაურო ბანკი, აგრარული საზოგადოება და ა.შ.), ბექას და მის ერთ მეგობარს, პირობითად, იოანეს, დაებადათ ამგვარი აზრი: რადგან ისტორიული მოცემულობა იყო ასეთი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმა ცარისტულმა იმპერიამ და ქვეყანა ქუთაისის და თბილისის გუბერნიებად დაიყო, ამგვარი საზოგადოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებით ილია არა ქართველთა ეროვნულ თვითშეგნებას, არამედ იმპერიულ პოლიტიკურ მახინას ემსახურებოდა და ასაზრდოებდა. როცა ჩემეული არგუმენტები დავუპირისპირე ამ თითიდან გამოწოვილ თვალსაზრისს, მათ კიდევ უფრო მტკიცედ სცადეს საკუთარი პოზიციების დაცვა. კამათი საკმაო ხანს გაგრძელდა, მაგრამ ბექას და იოანეს არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა კლასისთვისაც და მათაც აღიარეს ინტელექტუალურ რინგზე „დამარცხება“. ახლა აქ ზედმეტად მიმაჩნია მათი თეზისების კონტრარგუმენტების ჩამოთვლა, რადგან ყოველმა საღად მოაზროვნე  და მეტნაკლებად განათლებულმა ქართველმა იცის ილიას დამსახურებები ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის გზაზე.

ამას წინათ იოანეს მამიკო შემომხვდა ქალაქში და როცა აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს, მან მამცნო, რომ იოანეს სახლში ამ დისკუსიის შესახებ ყველაფერი მოუყოლია, თანაც ისე, რომ საკუთარი მცდარი შეხედულებები და წამგებიანი პოზიციები არ დაუმალავს. მამამ კი ასეთი კომენტარი გაუკეთა თურმე: მე და მაკა მასწავლებელი, როგორც საბჭოთა ეპოქაში დაბადებული ადამიანები,  იმ თაობას მივეკუთვნებით, რომლისთვისაც სამშობლო და სახელმწიფო სხვადასხვა მოცემულობები იყო და ვიბრძოდით საიმისოდ, რომ ეს ორი ცნება გამთლიანებულიყო, ხოლო შენ ვინაიდან დაიბადე თავისუფალ ქვეყანაში, სამშობლო და სახელმწიფო შენთვის ერთი მთლიანობაა და ამ მთლიანობისთვის ბრძოლას სხვა რაკურსით უყურებო. იოანემ მიიღო მამის კომენტარიც და იმაშიც დარწმუნდა, რომ უსაფუძვლო შეხედულებების ამოჩემება არც ისე მომგებიანია, თუმცა მიუღებელი და დასაგმობი არ უნდა იყოს. მასწავლებელს, კლასს და ოჯახს რომ იოანესთვის რისხვა დაეტეხათ თავს, ეს რა სისულელეებს აფრქვევო, დაეცინათ და შეურაცხეყოთ თავისი გაუაზრებელი შეხედულებებისთვის, მას ბევრად უფრო გაუჭირდებოდა თვითგამორკვევა. ახლა კი იოანემ იცის, რომ კრიტიკული ხედვა კარგია, მაგრამ თვითმიზნურ ამოჩემებად არ უნდა აქციოს და სხვათა მოსაზრებების მიღება უნდა შეეძლოს.

ის სააზროვნო სისტემები, რომელთაც მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე იღებს მოსწავლე, მას სხვა საგნების შესწავლის პროცესშიც ეხმარება. კერძოდ: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და უცხო ენების შესწავლა და თვითრეალიზაცია წარმოუდგენელია მშობლიურ ენაზე გამართული აზროვნების, მეტყველების, ანალიზის, წერისა და კითხვის უნარების გარეშე.

ქართულის მასწავლებელს რთული მისია აკისრია: გარდა იმისა, რომ მხატვრული ტექსტების სახით უნდა ასწავლოს ხელოვნება და შემოქმედებითი აზროვნება, ასევე უნდა ასწავლოს სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის არამხატვრული ტექსტების წვდომა, ორთოგრაფია და ორთოეპია, აზროვნებისა და წინადადებების კონსტრუირება, სხვადასხვა ტიპის წერილობითი პროდუქტების შექმნა და პრეზენტირება, ვერბალური და წერილობითი ნააზრევის კონსტრუირება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება, აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემებისადმი პოზიციის გამოხატვა, არგუმენტირებული ესეის კონსტრუირება, რაც თავისთავად ცხადია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ყოველივე ამაში უმთავრესი დამხმარე არის თავისუფალი და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობა და განვითარება.

ხშირად მსმენია, რომ კერძოდ მომუშავე რეპეტიტორები წინასწარ გამზადებულ ფრაზებს, სინტაქსურ კონსტრუქციებსა და ლოგიკურ ფორმულებს აზეპირებინებენ ბავშვებს და ასე ასწავლიან თხზულებებისა და ესეების წერას, რაც ყოვლად დაუშვებელი და დამღუპველი მგონია.

მე თუ შენი ქართულის მასწავლებელი ვარ, უნდა გასწავლო ბევრი საიდუმლო, ტექსტების წაკითხვა-გაგება-გააზრებისას მისი კითხვისა და ანალიზის სტრატეგიების შემუშავება, შემდეგ კი ამ ტექსტებზე დაყრდნობით წერილობითი დავალებების შექმნის კულტურა, ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია მასწავლებლის გამოცდილებაც, პრაქტიკული მასტერკლასები, რომლებიც აბსოლუტურად უნიკალური, უნივერსალურია და უფრო კი ერთობლივი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული თვითგანვითარების პროცესები, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ როცა მოსწავლე ტექსტთან, თუნდაც უცხოსთან, მარტო დარჩება, მისთვის დაუძლეველი არ იყოს იმ ამოცანების შესრულება, რომელთაც ეროვნული სასწავლო გეგმის ინდიკატორები და ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები ითვალისწინებს, აუცილებელია ტექსტების გაგებისა და კვლევის მრავალმხრივი უნარების დაუფლება.

– მე თუ შენი ქართულის მასწავლებელი ვარ, – ვეუბნებოდი ბექას, – მე უნდა გასწავლო ხეზე ასვლა, ლოგოსის მაგიის წვდომა, ფერწერული ტილოს წაკითხვაც და მასზე ვერბალური გამოხატვის უნარიც, კინოფილმისა და თეატრალური წარმოდგენის აღქმაც, როგორც ტექსტზე დაფუძნებული ქმნილებებისა…

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მაქვს ამგვარი უნარების სწავლების უამრავი ნოუ ჰაუ, რომელთა შესახებ მსჯელობებსაც ერთი წერილი ვერ დაიტევს და სხვა დროს კიდევ შევეცდები, გაგიზიაროთ გამოცდილება. ასევე არასდროს დავიღლები კოლეგებისგან მსგავსი გამოცდილების მოსმენა-გაზიარებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი